11. ძმამ ჰკითხა კიდევ: მრავალ ამაო ოცნებებს ვხედავ მე ძილის დროს. ბერმა უთხრა მას: ნუ იზარმაცებ და ნუ სულმოკლე იქნები, არამედ ჩაძინების წინ ბევრი ილოცე შენს გულში და წინ აღუდექი აზრებს, რომლებიც ბოროტისაგან მოდის და შეგიტკბობს შენ უფალი. რამდენიც შეგიძლია შეეცადე ჩაიძინო ფსალმუნებითა და გონივრულ სწავლებაზე ფიქრით და არ დართო ნება შენს გონებას მიიღოს უცხო აზრები, არამედ როგორი აზრებითაც ლოცულობდი, მათი გახსენებით და გამოძიებით შეეცადე ჩაიძინო, რათა ძილის დროს იმყოფებოდნენ შენში და როცა გაიღვიძებ გაგესაუბრონ შენ. იმეორე ასევე მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო ძილის წინ, რამეთუ მართლად მეტყველება ღმერთზე არის ყოველი სიკეთის დაცვის წყარო.
12. კიდევ ჰკითხა მას ძმამ: ჰქმენ სიყვარული მამაო, მითხარი როგორი მოქმედება აქვს შენს გონებას? მასწავლე რათა ვცხონდე. უთხრა მას: რატომ გაინტერესებს შენ ეს? ის დავარდა მუხლებზე და ევედრებოდა წმინდანს რათა განუმარტოს. ბერმა საკმაო მდუმარების შემდეგ უთხრა: არ შეგიძლია შენ იმის ზიდვა, მისცე თვითეულ გრძნობას სასარგებლო საქმე, ძლიერისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც მიჩვეულია იტრიალოს სიმართლის მადლში, შეუძლებელია ამ მადლის მიმთხვევა მისთვის, ვინც მთლიანად არ განიწმინდა ამ ქვეყნის ამაო აზრებისაგან. ამიტომ თუკი ნამდვილად გინდა ეს შენ, დაიჭირე საიდუმლო სწავლება სუფთა გულში. თუ შენში უწყვეტი ლოცვა გაჩნდება და მასთან ერთად წმ. წერილში განისწავლები, მაშინ აგეხილება სულიერი თვალები და იქნება მასში დიდი სიხარული და რაღაც გამოუთქმელი გრძნობა მხურვალე სულიერი სითბოსაგან და სხეულისაგან ისე, რომ ადამიანი მთლიანად სულიერი გახდება. ასე ღამით თუ დღისით, მოგმადლის შენ ღმერთი გაუფანტავ ლოცვას სუფთა გონებით, მიატოვე შენი ლოცვითი წესები და რამდენადაც შეგიძლია, შეეცადე მიენდო ღმერთს და ის გაგინათლებს გულს სულიერი საქმიანობით, რომელსაც შენ მისდევ. ამას მან დაუმატა: ოდესმე მოვიდა ჩემთან ერთი ბერი და როცა შევეკითხე მას მისი გონების განწყობაზე მითხრა: მე ორი წლის განმავლობაში ვევედრებოდი ღმერთს მთელი გულით, რათა მოემადლა შეუჩერებლად და გაუფანტავად ლოცვა ჩემს გულში, როგორც თავის მოწაფეებს მიჰმადლა და მრავალმონყალე ღმერთმა, რომელმაც იხილა ჩემი შრომა და მოთმინება, მომცა მე რასაც ვთხოვდი.
აი კიდევ რას ეუბნებოდა ის მას: ამაო აზრებს, რომლებიც სულში იმყოფებიან, მიჰყავთ ის განცხრომისა და უდარდელობისაკენ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ მთელი ძალით დავიცვათ გონება, როგორც ამას გვასწავლის წმიდა წერილი, ვიგალობოთ აზრის გაუფანტავად და ვილოცოთ სუფთა გონებით. ასე რომ, ძმაო, ღმერთს უნდა, რათა ჩვენ გამოვიჩინოთ მისდამი გულმოდგინება პირველ რიგში საქმიანობით (მოღვაწეობითა და სიკეთის კეთებით), შემდეგ სიყვარულითა და მოუკლებული ლოცვით, და ის გვიჩვენებს ცხონების გზას. ცხადია, რომ სხვა გზა არ არსებობს ცაში აღმავალი, სრული განშორების გარდა ყოველგვარი ბოროტისაგან, ყოველგვარი სიკეთის მოხვეჭით, სრული ღვთის სიყვარულითა და მოუკლებელი ლოცვით. ასე რომ, თუკი ვინმეს ეს ყველაფერი ექნება, იგი მალე ამაღლდება ზეცად. მაგრამ ზეცად აღსვლის მსურველმა აუცილებლად უნდა მოაკვდინოს ვნებები, რამეთუ როცა ჩვენი სული ტკბება სიკეთის ჭვრეტით, მაშინ აღარ დაუბრუნდება არც ერთ ვნებას ცოდვისათვის გაღვიძებულს, არამედ ყოველგვარი სხეულებრივი სიტკბოებისაგან შექცეული სუფთად და შეუბღალავი გონებით მიიღებს ღვთის გამოცხადებებს. ასე რომ ჩვენ მოგვეთხოვება დიდი თავდაცვა, ბევრი ფიზიკური შრომა, სულის განწმენდა და შემოსახლდება ღმერთი ჩვენს გულში, რათა შემდეგ შეუცვლელად შევასრულოთ მისი მცნებები. შრომითა და მარხვით უნდა განვიწმიდოთ მსგავსება ჩვენი, როგორაც შექმნილი ვიყავით, გონიერნი და შემძლებელნი ყოველგვარი განსჯისა. ვატაროთ გრძნობა ყოველგვარი სიბილწისაგან დაცული, ღმერთმა ადამიანი შექმნა ყოველი სიკეთის თანაარსად, შემძლებელი გონებრივად ჭვრიტოს დიდების ანგელოზები, უფლებანი, ძალნი, საყდარნი, ხელმწიფებანი, მიუწვდომელი სინათლე, უნათლესი დიდება, მაგრამ როცა მოიპოვებ, რომელიმე სათნოებას, უყურე, რათა არ ამაღლდეს შენი გონება შენს ძმაზე, იმიტომ, რომ ნაკლი შენ უკვე გამოასწორე, მან კი არა, რადგან ეს არის სიამაყის დასაწყისი. როცა რაიმე ვნებას ებრძვი, უყურე, რათა სულმოკლე არ იქმნა, თუ ბრძოლა გაძნელდა, არამედ აღდეგ, დააგდე შენი თავი ღვთის წინაშე და მთელი გულით თქვი წინასწარმეტყველთან ერთად: „უსაჯე უფალო მავნებელთა მათ ჩემთა“, რამეთუ მე არ ძალმიძს მათი ძლევა და ის, შენი სიმდაბლის მხილველი, მალე შეგეწევა. როდესაც მიდიხარ ვინმესთან ერთად გზაში, არ შეექცე ამაო საუბარს, არამედ მიეცი გონებას სულიერი საქმე, ეცადე რათა მუდამ იმყოფებოდეს ამ კეთილ ჩვეულებაში და დაივიწყოს ამქვეყნიური სიტკბოებანი და არ გამოვიდეს ის უვნებლობის ჩარჩოებიდან. ასეთი და მსგაგსი სიტყვებით გაისტუმრა ბერმა ძმა.
13. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა და ჰკითხა: რა ვქნა მამაო, მსახურებისას ძილი მამძიმებს და არ მაძლევს საშუალებას ფხიზლად ლოცვისა და მე მინდება ხელსაქმის დაწყება, როცა ვგალობ. ამაზე ბერმა უთხრა: როცა შეგიძლია ფხიზლად ილოცო, საქმეს ხელი არ ახლო, ხოლო როცა თვლემას დაიწყებ, მაშინ მოსულ აზრზე შეწინააღმდეგებით საქმეს შეუდექ. მან ისევ ჰკითხა: თვით შენ, მამაო, არ მძიმდები მსახურების დროს? ბერმა უთხრა: არც ისე ადვილად, მაგრამ თუკი თვლემა დამეწყება, ვიწყებ იოანე მახარებლის პირველი თავის კითხვას, ღვთისადმი გონების მიპყრობით და ძილის სურვილი მაშინვე ქრება თითქმის ასევე ვიქცევი აზრებთან ბრძოლისას, როცა მოვა რომელიმე აზრი, მე ვხვდები მას, როგორც ცეცხლი, ცრემლებით და ის ქრება. შენ კი ჯერ არ შეგიძლია შეიარაღდე მათ წინააღმდეგ, არამედ დამიჯერე საიდუმლო სწავლება და გულმოდგინედ შეეცადე შეასრულო წმ. მამების მიერ დადგენილი, როგორც დღიური ლოცვა, ასევე ჟამნები: მე-3, მე-6, მე-9, მწუხრი, და ღამის მსახურებანი და მთელი ძალით შეეცადე არაფერი გააკეთო კაცთმოთნეობისათვის. ერიდე ძმებთან მტრულ დამოკიდებულებას, რათა არ განაშორო თავი შენი ღვთისაგან. შეეცადე ასევე დაიცვა გონება გაფანტვისაგან გულმოდგინე შინაგანი ლოცვითი ყურადღებით. თუ ეკლასიაში ყოფნისას აპირებ წმ. საიდუმლოს ზიარებას, არ გამოხვიდე იქედან, სანამ სრულ სიმშვიდეს არ მიიღებ. ერთ ადგილზე მდგომარემ წარმოიდგინე, რომ ცაში იმყოფები და წმ ანგელოზებთან ერთად ღვთის წინაშე დგახარ. გულში მისდამი სურვილის მქონე მოემზადე შიშითა და ძრწოლით, რათა უღირსად არ ეზიარო. ასეთი სახით კეთილად გაამაგრა ძმა, ღმერთს შეჰვედრა და გაუშვა.
14. კიდევ ყვებოდა მასთან მყოფი ძმა, შევეკითხე მას: თუ განიცადე დემონების თავდასხმა, როცა უდაბნოში იყავი? მან კი თქვა: მომიტევე ძმაო - უფალმა რომ შენზე დაუშვას ის განსაცდელი დემონისა, რაც მე განვიცადე, არა მგონია გადაიტანო მისი სიმწარე. მე სამოცდაათი წლის ვარ და ბევრი თავდასხმა გადამიტანია სხვადასხვა უდაბნოებში ცხოვრებისას სრული დაყუდებისას, რაც მე გამოვცადე და მოვითმინე დემონებისაგან, იმ სიმწარეზე საუბარი არაა სასარგებლო მათთვის, ვისაც ჯერ არ უგემია დაყუდება. ხოლო თავდასხმების დროს ასე ვიქცეოდი: მთელ იმედს ვამყარებდი ღმერთზე და ის მალე გამომიხსნიდა ხოლმე ყოველგვარი ჭირისაგან. ამიტომ მე ძმაო ჩემზე არავითარ აზრებს არ ვქმნიდი, არამედ ვიცი, რიშ ის აღიბეჭდება ჩემში და ძალიან ადვილად გადამაქვს ჩემზე დაშვებული განსაცდელი. შეუწყვეტლად რომ ვლოცულობდე ძალიან მეხმარება სასოება იმაზე, რომ რაც მეტია უბედურებანი, მით უფრო დიდ გვირგვინს უმზადებენ დამთმენთ, რამეთუ მართლმსაჯულ მოსამართლეს ორივენი გათანაბრებულნი ჰყავს ურთიერთ დამოკიდებულად. ამის მნახველი ძმაო ნუ სულმოკლე იქმნები, როცა შუაგულ ბრძოლაში გადაეშვები, რათა იბრძოლო და იბრძოლე გამხნევებულმა იმით, რომ ისინი ვინც ჩვენს მხარეს არიან, ღვთის მტრის წინააღმდეგნი, ძალიან ბევრი არიან, - მეტი, ვიდრე მტერია. და როგორ შევძლებდით გავკადნიერებულიყავით იმ საშინელი მოწინააღმდეგის მიმართ, ღვთის სიტყვის მეუფების საფარველი რომ არ გვფარავდეს, როგორ მოითმენდა ადამიანი მის შემოტევას? როგორც იობი ამბობს: „მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერცხლები ცვივიან, წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში. ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებელის კოჭობად აქცევს“. აი ვის წინააღმდეგ გვაქვს ჩვენ ბრძოლა ძმანო! აი როგორ გამოხატა სიტყვამ ეს ტირანი! ყველაფერ ამაზე გამარჯვება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც წესისამებრ ატარებს განმარტოებულ ცხოვრებას, ვისაც მისგან არაფერი აქვს, იმის გამო, რომ ეს ქვეყანა უარუყვია, იმის გამო რომ დიდ სათნოებებს მიუღწევიათ და კიდევ იმის გამო, რომ გვყავს ჩვენთვის მებრძოლი მეოხი ღმერთთან მისული და მისი შიშის მიმღებელი. ვინ არ განათლდა ჭეშმარიტად ღვთაებრივი კანონებით და საქმენით, ვინ არ აქცია თავისი სული მანათობელად და შემძლებლად იბრწყინვოს ღვთაებრივი გონიერებით და აზროვნებით? უქმად ყოფნას ის არ დაუშვებს თავის თავში ღმერთის მქონებელი, რომელიც განაღვიძებს გონებას სინათლისაკენ დაუკმაყოფილებელი ლტოლვით და სულში, ამ სახით შეუწყვეტლად მოქმედი. არ დაუშვებს ვნებების განებივრებას, არამედ როგორც ვინმე მეფე, მსუნთქავი საშინელი რისხვით, შეუბრალებლად ანადგურებს მას. ასეთი არასდროს დაუბრუნდება უკვე მცონარებას, არამედ პრაქტიკულად, ხელების ზეცად აღპყრობით და გონებრივი ლოცვით იმარჯვებს ბრძოლაში.
15. ყვებოდა იგივე ძმა, რომ სხვა სათნოებებთან ერთად აბბა ფილიმონს ჰქონდა ასეთიც: არ შეეძლო ფუჭი სიტყვების მოსმენა და თუკი ვინმე დავიწყებისაგან ყვებოდა რაიმე ასეთს, რაც სულისთვის სასარგებლო არ იყო, მას საერთოდ არ ეპასუხებოდა. ასევე როდესაც მე მივდიოდი რაიმე საქმეზე, ის არ მეკითხებოდა რისთვის მიდიხარ, ან როდის დაბრუნდებიო და რას და როგორ აკეთებდიო? როგორც ერთხელ გავიგზავნე ალექსანდრიაში აუცილებელ რამეზე, იქედან ერთი საეკლესიო საქმისათვის წავედი სამეფო ქალაქში და ამ ღვთის მონისათვის არ მიცნობებია; შემდეგ იქ საკმაო დროით ყოფნის შემდეგ მოვინახულე მოღვაწე ძმები და ბოლოს დავბრუნდი მასთან სკიტეში. ჩემი დანახვა ბერს ძალიან გაუხარდა და ჩვეული მისალმებისა და ლოცვის შემდეგ დაჯდა და საერთოდ არაფერი უკითხავს ჩემთვის, არამედ იყო დაკავებული თავისი ჩვეული გონებრივი საქმიანობით.
16. ოდესღაც ვისურვე გამომეცადა ის, რამოდენიმე დღე არ ვაძლევდი საზრდოს, ხოლო ის არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს დავეცი მუხლებზე და ვუთხარი: ჰქმენი სიკეთე მამაო და მითხარი: არ გეწყინა პურის მოცემა რომ შეგიწყვიტე? მან თქვა: მომიტევე ძმაო, თუნდაც ოცი დღე არ მომცე პური საჭმელად, მე შენ არ მოგთხოვ მას, რამეთუ რამდენსაც სულით ვითმენ, ასევე ვითმენ ხორცით. ასე იყო დაკავებული ჭეშმარიტი მადლის ჭვრეტით.
17. ამბობდა ის: მას შემდეგ რაც სკიტეში მოვედი, ჩემი აზრი არ გამიშვია სენაკის კედლების გარეთ და არც გონებაში მიმიღია არავითარი სხვაგვარი აზრი, გარდა ღვთის შიშისა და მომავალი საშინელი სამსჯავროსი და ჩაუქრობელი ცეცხლი და უკუნი სიბნელე და ის, თუ როგორ ცხოვრობენ ცოდვილთა და მართალთა სულები, და როგორი სიკეთეებია გამზადებული მართალთათვის, და რომ თვითოეული მიიღებს დამსახურების მიხედეით; ერთნი მოღვაწეობრივი შრომისათვის, მეორენი მოწყალებისათვის და წრფელი სიყვარულისათვის, სხვანი დაყუდებისათვის და სრული მდუმარებისათვის, ვინმე სრული მორჩილებისთვის ან მწირობისთვის. ყოველივე ამის გონებაში მქონებელი, არ ვრთავ ნებას უცხო აზრს მოქმედებდეს ჩემში და არ შემიძლია უკვე ხალხში ყოფნა და ის, რომ მათით იყოს დაკავებული ჩემი გონება, რათა არ დავცილდე ღვთაებრივ აზროვნებას.
18. ამას მიუმატა კიდევ ნათქვამი ერთ განმარტოებულზე, ამბობდა, რომ მან უკვე მოიპოვა უვნებლობა და ანგელოზის ხელიდან ღებულობდა პურს საჭმელად, მაგრამ გაზარმაცებით დაეცა ასეთი პატივისაგან, რამეთუ, როცა სული შეასუსტებს გონებრივი ყურადღების განმხილველობას და დაძაბულობას, მაშინ სული დაიმკვიდრებს სიბნელეს. სადაც არ ბრწყინავს ღმერთი, იქ ყველაფერი ირევა როგორც ქაოსში, და ვერ შეძლებს სული განჭვრიტოს ღმერთი და ვერ იტყვის ამ სიტყვებს: „განა მარტო ახლოდანა ვარ ღმერთი? განა შორიდან არა ვარ ღმერთი? სამალავშიც რომ დაიმალოს ადამიანი (კაცი) ვერ დავინახავ? ამბობს უფალი“. და სხვა მრავალს იხსენებდა ის. მოჰყავდა სოლომონის დაცემაც, რომელიც ამბობდა: ისეთი სიბრძნე მიიღო და ისეთი დიდება, როგორც მნათობმა დილით ამომავალმა, ისე განანათლებდა ყველას სიბრძნის ნათლით. მცირე სიტკბოებისათვის დაჰკარგა დიდება. ასე საშინელია მოდუნება და საჭიროა გამუდმებით ლოცვა, რათა სხვა რომელიმე აზრი მომავალი არ გვექმნეს ღვთისაგან განშორების მიზეზად. და მის გარეშე სხვა არაფერი მივსცეთ ჩვენს გონებას. მხოლოდ სუფთა გული, სულიწმიდის სადგომად ქცეული, როგორც სარკეში, სუფთად ჭვრეტს ღმერთს.
19. ამის გამგონე მასთან მცხოვრები ძმა ამბობდა მისი საქმეების მნახველი: მე მივხვდი, რომ მასში უკვე საერთოდ აღარ მოქმედებდნენ სხეულებრივი ვნებები და იყო გულმოდგინედ მოყვარული ყოველგვარი სრულყოფილებისა. ისე რომ ყოველთვის იხილვებოდა ღვთაებრივი სულით გარდასახული და გამოუთქმელი სულთქმით აღვსილი, თავისი თავისაკენ მიმართული და თავის დამჭერი, ყოველთვის მზადმყოფი, რათა რაიმე შემოსულს არ დაელაქავებინა მისი გონება. ვერავითარი აღელვება ვერ აღწევდა მასში. მხედველი მისი მოშურნეობისა და კეთილი წესით ცხოვრებისადმი გულმოდგინებისა, მივმართავთ მას თხოვნით: როგორ შეიძლება მოვიგო ისეთი წმიდა გონება, როგორიც შენ გაქვს? მან კი მითხრა: წადი და იშრომე, რამეთუ ასეთი საქმიანობისათვის საჭიროა გულშემატკივრობა. სულიერი სიკეთეები, რომლებიც მოითხოვენ გულმოდგინე ძებნასა და შრომას, ვერ მიიღწევა განცხრომითა და ძილით, მიწიური სიკეთეებიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე. მისთვის, ვისაც უნდა მიაღწიოს სისრულეს, პირველ რიგში საჭიროა ხელი აიღოს თავის სურვილებზე და მოიგოს დაუცხრომელი ცრემლი, არ მოისმინოს სხვისი განკითხვა, არამედ მხოლოდ საკუთარზე იტიროს დღე და ღამე, არ ჰქონდეს ამაო მეგობრობა არავისთან, რამეთუ თავის შესაბრალის მდგომარეობაზე მონანული სული კვდება ქვეყნისათვის, ისევე როგორც ქვეყანა კვდება მისთვის. ე.ი. როცა უმოქმედო ხდებიან სხეულებრივი ვნებები და ადამიანი უგრძნობელია მათ მიმართ. რომელიც განეშორა ქვეყანისაგან და შეუერთდა ქრისტეს, იმყოფება სიმყუდროვეში და უყვარს ღმერთი, ინარჩუნებს მის ხატებას და უფრო და უფრო ემსგავსება, რამეთუ მას შეეწევა სული წმიდა და იქცევა ღვთის სახლად და არა დემონებისა. ასეთი თავის მართალ საქმეებს მიუპყრობს ღმერთს ამგვარი ცხოვრებისაგან განწმედილი სული, ვნებათ ღელვისაგან თავისუფალი ბოლოს ჯილდოვდება სიმართლის გვირგვინით და სათნოებების სილამაზით იბრწყინვებს.
რომელშიც განმარტოების შემდეგ არ დამკვიდრებულა ტირილი და სულიერი ცრემლები, დაუსრულებელი ტანჯვის ხსოვნა ან ჭეშმარიტი მყუდროება და მოუკლებელი ლოცვა, ფსალმუნთ გალობა და წმ. წერილში განსწავლა, ის ჯერ კიდევ მეგობრობს ამ ქვეყანასთან და არ შეუძლია ჰქონდეს სუფთა გონება ლოცვისას, რამეთუ მხოლოდ კეთილი მოღვაწეობა და ღვთის შიში განწმედს სულს ვნებებისაგან და ათავიუფლებს გონებას, ჭეშმარიტ ჭვრეტაში შეჰყავს და აძლევს ღვთისმეტყველების უფლებას, რომელსაც მოიპოვებს ის ნეტარების სახით (ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ). ასეთი მდგომარეობა მათ აქვთ ავანსად და ინარჩუნებენ სულიერ მდგომარეობას შეურყვნელად. ასე, რომ მთელი ძალებით ვისწრაფოთ, პრაქტიკულად განვახორციელოთ ის საქმიანობა და გმირობა, რომლითაც ავმაღლდებით დიდ სიკეთემდე, რომელიც არის გონებრივი სიწმიდე, რომლის ნაყოფია ჭეშმარიტების ღვთისმეტყველური ჭვრეტა. დიდი საქმეა ჭვრეტაში გასვლა, როგორც ამბობს გრიგორი ღვთისმეტყველი რამეთუ, რაც არ უნდა დიდ სათნოებებს მიაღწიოს ვინმემ, მისთვის უფრო მეტი მოღვაწეობაა საჭირო, რათა სხეული დაიმორჩილოს და კიდევ საჭიროა გონების მკაცრი დაცვა. ასეთი სახით ძლივს ვახერხებთ ქრისტეს შემოსახლებას ჩვენში. რადგან რაც უფრო მრავლდება ჩვენი სიმართლე, მით უფრო იმატებს სრულყოფილება, და ბოლოს სრულყოფილებაში მოსული გონება სრულიად მიეკრობა ღმერთს, და გაბრწყინდება ღვთაებრივი ნათელით, მისთვის გაიხსნება გამოუთქმელი საიდუმლოებები. მაშინ ნამდვილად მიხვდება ის, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, წლების სიმრავლე, სადაა თვალთა ნათელი და მშვიდობა, რამეთუ სანამ ის დაკავებულია ვნებებთან ბრძოლით, არა აქვს საშუალება დატკბეს მათით, რადგანაც მანკიერებები აბნელებენ გონებას. ეს იმიტომ, რომ არ დაინახონ სათნოებები, ხოლო სათნოებები იმიტომ, რათა არ დაინახონ ბიწიერებები. ხოლო როცა ბრძოლის შემდეგ მიაღწევს სიწმიდეს, სიმშვიდესა და სულიწმიდის ნიჭებს მიემთხვევა, მაშინ მარადიული მადლის ზემოქმედებით მთლიანად ნათელ მხილველად გარდაიქმნება და იქცევა სულიერი ჭვრეტისაგან გარდაუქცევლად. ასეთი არ არის დამოკიდებული არაფერ მიწიერზე, არამედ მოვიდა სიკვდილისაგან ცხოვრებად.
ვინც იწყებს ასეთ ცხოვრებას და ღმერთთან მიახლოებას ეშურება, სჭირდება უბიწო გული და სუფთა ბაგეები, რათა მათგან გამომავალი სიტყვა იყოს წმიდა და შეეძლოს ღირსებით უგალობდეს უფალს, ისევე როგორც ღმერთთან შეკრული სული, რომელიც გამუდმებით მასთან საუბრობს. მოვინდომოთ ძმანო ასეთი სათნოების მიღწევა და თავი ვანებოთ მიწაზე ხოხვას ვნებებში ჩაფლულნი. ღმერთთან ამაღლებულნი შეუერთდეთ მის ბრწყინვალე შუქს და შევიჭრათ მასთან სიყვარულით, დავტკბეთ სულიერი მხიარულებით და გამოუთქმელი მეუფებით, როგორც ამბობს ფსალმუნთმგალობელი: „იშვებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვნა გულისა შენისა“ - „და გამოაბრწყინვოს ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი ვითარცა დღე შუა“. რომელი სიყვარული შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ვიდრე ის, რომელიც ღვთისაგან მოდის და ყოველგვარ ბოროტებისაგან განწმენდილი გულში ჩაიღვრება. ასეთი სული გულის ჭეშმარიტი განწყობით ამბობს: „დავსნეულდი ამ სიყვარულისაგან“. გამოუთქმელი და აუხსნელია ღვთაებრივი სილამაზის ეს ბრწყინვალება, არ შეიძლება გამოხატოს ის სიტყვამ და ვერც სმენა დაიტევს! როცა ამ ნათელზე ვსაუბრობთ, ძნელია ის შევადაროთ მზეს, ან მთვარეს, ეს იქნებოდა უპატივცემულობა მისი, როგორც სიბნელეა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, უბნელესი, ვიდრე ღამეა შუადღესთან შედარებით ასევე გადმოგვცა ჩვენ ბასილმა თავისი გამოცდილებით, ამის შემცნობელმა.
20. ეს და სხვა მრავალი მოგვითხრო მასთან მცხოვრებმა ძმამ, მაგრამ ვინ არ განკვირდებოდა ასევე მისი დიდი სიმდაბლის მნახველი? დიდი ხნის მღვდლად ხელდასხმული და ისე შემხებელი ზეციურს ცხოვრებითა და გონებით, ის ყოველგვარად ცდილობდა, თავი აერიდებინა ღვთის მსახურებისათვის. ისე, რომ მრავალი წლების განმავლობაში ის იშვიათად თანხმდებოდა წმ. საიდუმლოს შესრულებაზე. ხოლო ვინმესთან შემთხვევით საუბრის შემდეგ თავს იკავებდა ზიარებისაგან (მიუხედავად თავისი ფრთხილი ცხოვრებისა) თუნდაც რომ ამაო საუბარიც არ ჰქონოდათ. ხოლო ზიარებისათვის მზადებისას ჯერ ხანგრძლივად ევედრებოდა ღმერთს ლოცვით, ფსალმუნებითა და აღსარებით. ძლიერ ფრთხებოდა მღვდელმონაზონის სიტყვების გაგონებაზე „წმიდაა წმიდათა!“ რამეთუ ამ დროს, როგორც თვით ამბობდა, მთელი ეკლესია სავსეა ანგელოზებით და პურისა და ღვინოს თავის სხეულად გარდაქცევითა და ზიარებით, უფალი შემოსახლდება ჩვენში. ამიტომ გვევალება, ამბობდა ის, რათა უბიწოდ და წმიდად, როგორც უხორცონი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მივიღოთ წმ. ზიარება ქრისტეს უწმიდეს საიდუმლოთა, რათა მისგან შემომავალ ნათელს სრულად ვეზიაროთ. წმ. მამებიდან ბევრს უხილავს ანგელოზები, რომლებიც იცავდნენ მათ რაიმე შემთხვევისაგან - ამიტომაც ისინი დიდი მდუმარებით იფარავდნენ და არავის ეუბნებოდნენ ამას.
21. აი კიდევ რას ამბობდა ის ძმა: როცა მოუწევდა ბერს თავისი ნაკეთობის გაყიდვა, რომ არ მომხდარიყო უკმაყოფილება ან გაუგებრობა და სხვა რაიმეს სახის ცოდვა საუბრისა და ვაჭრობისაგან, იგონებდა გონებრივ სისუსტეს, ყოველი მყიდველი იღებდა მისგან ნაკეთობას და როგორც უნდოდა ისე უხდიდა ფასს. ხოლო ის ქმნიდა კალათებს და მის საფასურს იღებდა დიდი მადლობით და არაფერს ამბობდა.
შინაგანი ლოცვისა და იესო ტკბილის სახელთან შეერთების მსურველმა ასე დაიწყე წმ. მამების მოძღვრებების შესრულება:
თარგმნა მღვდელმონაზონმა ანდრიამ (ყურაშვილი)
წიგნიდან: „ჩუმი გალობა, სავსე ნათელით“, თბილისი, 2003 წ.