უქმადმეტყველება და მრავალსიტყვაობა ბოროტისადმი, სიცრუისადმი მსახურებაა, რადგან, ჩვეულებისამებრ, ვინც ბევრს და განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ბევრ სიცრუესაც გამოურევს. მრავალსიტყვაობის მანკიერების წყარო, წმიდა მამათა დაკვირვებით, ღვთის შიშის უქონლობაა, მოუწესრიგებელი, თავშეუკავებელი ცხოვრებაა, აგრეთვე - უსაქმურობა, პატივმოყვარეობა, ნაყროვანება, უვიცობა და არცოდნა იმისა, თუ რა საშიშროებას შეიცავს უქმადმეტყველება სულის ცხონებისათვის. მრავალსიტყვაობა გვიქრობს სინანულის გრძნობას ცოდვების გამო და სულს გვიცარიელებს. ვისაც ღრმა სინანული აქვს საკუთარი ცოდვებისა და ცოდვით მიდრეკილებათა გამო, მას ენაც მოთოკილი აქვს; ვინც შეიცნო საკუთარი ცოდვები, ვისაც სინანულისა და დანაშაულის გრძნობა აქვს საკუთარი ცოდვების გამო ღვთისა და მოყვასის წინაშე, ის აკავებს თავის ენას, ლაგამს ამოსდებს მას, ხოლო ვისაც ჭარბი, „დაუსრულებელი“ ლაპარაკი, ყბედობა და ლაქალაქი უყვარს, ჯერ არ იცნობს თავის თავს ისე, როგორც საჭიროა. მარხვა ანუ თავშეკავება გვმართებს არა მარტო ჭამაში, არამედ ლაპარაკშიც, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: „პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის“ (იგავნი სოლომონისა 13, 2). ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანის ერთ-ერთი თვისება და სათნოებაა მარხვა ლაპარაკში: მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება (13, 5).
წმიდა პავლე მოციქულიც გვირჩევს: მოერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას, რომელსაც უფრო მიჰყავს ხალხი უღმერთობისაკენ... ეცადე თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად (2 ტიმოთელთა მიმართ 2, 16).
თუ ჩვენი პირი ყოველთვის ღიაა სალაპარაკოდ, საღმრთო მადლით ვერასდროს ვერ აღივსება, რადგან ასეთი პირი ჰგავს კარს იმ სახლისას, რომელსაც სულ ათბობენ, მაგრამ ვერ თბება, რადგან კარები მუდამ ღიაა. ამიტომ მრავალმეტყველი ადამიანი ვერასოდეს ვერ იქცევა სამკვიდრებელად და ტაძრად სულიწმიდისა.
ფუჭმეტყველებისა და უქმსიტყვაობის მავნებლობის შესახებ არაერთგზის შეგვაგონებს სოლომონი:
„ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება“ (იგავნი 13, 3)
„ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი დამცველია“ (14, 3)
„ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ“ (14, 7)
„ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცარი პირი კი სისულელეს როშავს“ (20, 19)
„ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები“ (იგავ. 20, 19)
„საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისაგან იცავს“ (იგავ. 21, 23)
თუ რომელიმე ჩვენგანს ჰგონია, რომ ღვთისა და ჭეშმარიტების მსახურია, მაგრამ ენა კი ვერ აულაგმავს, მისი მსახურება ფუჭი და ამაოა, გული კი ცდუნებით აქვს სავსე (იაკობი 1, 26).
თვით ლოცვაც კი, თუ ის უგულისყუროდ და მცონარედ წარმოითქმება, უქმადმეტყველებაა.
ხანგრძლივი ლაპარაკი, ლაქლაქი აუძლურებს, ფიტავს და აცივებს ადამიანის სულს და უნაყოფოს ხდის ღვთისათვის მოსაწონი, მოყვასისათვის სასიკეთო და საკუთარი სულისათვის სასარგებლო საქმეების საკეთებლად. გარდა ამისა, დუმილისმოყვარეობა, მდუმარება მრავლაი ცოდვისაგან დაგვიფარავს, მრავალ განსაცდელს აგვაცილებს თავიდან. ამიტომ წმიდა დავით წინასწარმეტყველის მსგავსად შევეცადოთ, ჩვენი გზა ენის შეცოდებისაგან დავიცვათ, პირზე ალიკაპი ავიკრათ (ფსალმუნნი 38, 1).
არცთუ იშვიათად საუბარს იწყებენ „წმიდა სიტყვებით“ და როცა საუბარი იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე ჯერ არს, ამთავრებენ ხოლმე უგვანი სიტყვებითა და უხამსი ბილწისტყვაობით.
სიტყვისადმი, მეტყველებისადმი ასეთი დამოკიდებულება დაგვეხმარება მივაღწიოთ სრულყოფილებას, რადგან ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია, მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც... ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ, ხომალდებს, როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარმაც არ უნდა აატორტმანოს, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყაროა... იგია მთელი სხეულის წამბილწავი და დაბადების ბორბლის აღმამგზნებელი... დაუკავებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი. გესლითაა სავსე. მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს ჩემო ძმებო, - დაგვმოძღვრავს იაკობ მოციქული (3, 2-18). დიახ, ასე არ უნდა იყოს. ასე რომ არ იყოს, წმიდა დავით წინასწარმეტყველთან ერთად ლოცვებში გულმხურვალედ შევთხოვთ ღმერთს: დაუყენე, უფალო, გუშაგები ჩემს პირს, დაცვა - ჩემს გაბეებს. არ გადაახვევინო ჩემს ბაგეებს ავი სიტყვის მხარეს“ (ფსალმუნნი 140, 3-4).
ღმერთი, თუ არ შევინანებთ და არ შევეშვებით უქმად მეტყველებას, ყოველ ჩვენგანს პასუხს მოგვთხოვს ფუჭად და ამაოდ წარმოთქმული სიტყვებისათვისაც: თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს... ვინაიდან შენივე სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით დაისჯები (მათე 12, 36-37);
შენივე პირით გაგასამართლო ბოროტო მონავ (ლუკა 19, 21).
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 28 (130), 2001 წ.