იაკობ მოციქული ბრძანებს: „არა იცით ხვალისა, რამეთუ ვითარ არს ცხოვრება თქუენი“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოციქული ხედავს უგუნურთ, რომლებიც სიცოცხლის ჟამს გახანგრძლივებულად მიიჩნევენ და ამ მიზეზით ცოდვაში რჩებიან და სინანულს აყოვნებენ. საკუთარი ცოდვისაგან უგუნურად ქმნილნი წუთისოფლის სიმოკლესა და მსწრაფლწარმავლობას ვერ ხედავენ.
ასეთი უგუნურნი ერნი ახლა წინ აღდგებიან და იტყვიან: „ასე უცნობო როგორ ვართ, რომ ჩვენი ჟამის წარმავლობა არ ვიცოდეთ, ანდა ღამისა და დღის მსწრაფლწარმავლობას ვერ ვამჩნევდეთ? ვხედავთ, რომ ჩვენი ცხოვრება დღითი-დღე მიილევა და საფლავად მივისწრაფით, მაშ, როგორღა ვართ ასეთი უცნობონი?“
მოციქული ბრძანებს: „იცოდეს ღმერთი და არა ღვთაებრ ადიდებდეს მას“. ასევეა, როცა იცით წარმავლობა ჟამისა და წარმავალისაებრ ვერ ხედავთ; ხედვა რომ შეგეძლოთ, ცოდვისაგან მოიქცეოდით, მაგრამ თქვენ ჟამს შემოკლებულად ვერ ხედავთ; რა დიდი უგუნურებაა ამ წუთისოფელში გრძელი ჟამის მოლოდინი! მოციქულნი სულიწმიდით სავსენი იყვნენ, მათზე ცეცხლის ენით სულიწმიდა მოევლინა, რაზეც ბრძანებს ლუკა მახარებელი: „და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენათა“. ასევე სულიწმიდით აღსავსე იაკობ მოციქული გვეუბნება: „არა თუ იცით ხვალისა, რამეთუ ვითარ არს ცხოვრება თქუენი“. თუ ხვალინდელი დღე არ იცი, ჟამის სიგრძე როგორ უნდა უწყოდე? თუ ერთი დღის უმეცარი ხარ, წლების სიმრავლეს როგორ შეიცნობ?
თუ ამ სიტყვას მოციქულისაგან არ ირწმუნებ, უძლეველი ღვთიხ სიტყვით დაგიმტკიცებ, რომ შენ მომავლის ჟამის ცნობა არა გაქვს, თვით ჟამის შემოქმედი და განმაწესებელი უფალი იესო თავის მოწაფეებს ასე უბრძანებს: „არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა, რომელი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა“. თუ მოციქულები ვერ ცნობენ და მათი არ არის ჟამის ცნობა, შენ როგორ სცნობ? მოციქულებზე აღმატებული ხომ არ ხარ? მათი მსგავსი თუ ხარ, მიჩვენე, როდის მოვიდა შენზე სულიწმიდა? ან როდის გიბრძანა შენ იესო ქრისტემ: „არღარა გიწოდეთ თქუენ მონად“, არამედ „მეგობარნი ჩემნი ხართ?“ არც ის უთქვამს თქვენთვის: „ვითარცა მომავლინა მე მამამან სოფლად, მეცა წარგავლინებ თქუენ“. ან განა თქვენ დაუტევეთ სოფელი და შეუგექით ქრისტეს? დიდი წინასწარმეტყველი დავითის შესახებ უფალი ბრძანებს: „ვჰპოვე დავით, ძე იესესი, კაცი ერთგული გულითადი ჩემი, რომელმან ჰყოს ნება ჩემი“. და ასეთმა კაცმა არ უწყოდა მომავლის ჟამი, ღვთისაგან გამოეძიებდა და იტყოდა: „მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი და რიცხვი დღეთა ჩემთა“. მაშ, შენ საიდან უწყი, რომ ცხოვრების ჟამი ამ წუთისოფელში გამრავლებული გაქვს? დიდმა ისაკმა არ იცოდა აღსასრულის ჟამი და შენ როგორ იტყვი, რომ შენი ცხოვრების მომავალი ჟამი იცი?
საღმრთო წერილიდან მრავალი სახით წარმოჩნდა, რომ არავინ უწყის მომავალი ჟამი. მოციქული ბრძანებს: „სიტყვით აღიარებენ, ხოლო საქმით უარ ჰყოფენ“. საქმით ასე უარყოფენ: მოხუცებულობის მომავალს მოელიან ახალგაზრდები და ამიტომ სინანულს აგვიანებენ; ისრაელნი გაპობილ ზღვაში შევიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ წყლის ზღუდე დაირღვეოდა და დაინთქმებოდნენ; ამიტომ წყალში არ დაყოვნდნენ და გავიდნენ. ასევე გონიერი ადამიანი ცოდვის ზღვაში არ აყოვნებს და გამოდის, რათა მასში არ დაინთქნენ. უგუნური კი ცოდვის ზღვაში აყოვნებს და გამოსვლას არ ჩქარობს, რადგან ვერ ხედავს, რომ სიცოცხლის ჟამი მალე დაირღვევა. მზის ჩასვლის ჟამს ბრმა ვერ ხედავს, რომ მალე სიბნელე მოვა; ასევე ცოდვისაგან დაბრმავებული კაცი ვერ დაინახავს, რომ სიკვდილის სიბნელე მსწრაფლ შემოსასვლელია. ცოდვა ისე დააბრმავებს კაცს, რომ როგორც მდიდარი დააბრმავა ცოდვამ და ვერ ხედავდა თავისი ჟამის აღსრულებას და ამბობდა: „დავარღვივნე საუნჯენი ჩემნი და უფროსნი აღვაშენე და შევიკრიბო მრავალი კეთილი და ვსთქუა სულსა ჩემსა; სულო, გაქუს მრავალი საუნჯე დაუნჯებული; სჭამე, სუ და იხარე“. ცოდვისაგან დაბრმავებული ვერ ხედავდა თავის აღსასრულს, ის კი მახლობლად იყო; მაშინ უფალმა უთხრა მას: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, და რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?“ ამის მსგავსად ცოდვა დააბრმავებს კაცს და ჟამის მსწრაფლწარმავალობას ვერ ხედავს, ამიტომ აყოვნებს მისგან გამოსვლას.
ერთი ვიკითხოთ - სიკვდილი რისთვის შემოვიდა? სხვა მიზეზი არ არის, თუ არა ის, რომ ცოდვის გამო, როგორც ბრძანებს მოციქული: „ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი შემოხდა“. ახლა ეს განსაჯე: სიკვდილი ცოდვისაგან არის, შენ კი ცოდვაში რჩები და გრძელ სიცოცხლეს მოელი ამ წუთისოფელში! ეს იმას ჰგავს, ვინმეს რომ მომაკვდინებელი სამსალა პირში ჰქონდეს და ამ სოფელში ხანგრძლივ ცხოვრებას მოელოდეს.
ცდომისა და შეცოდებისათვის უფალმა ადამს უბრძანა: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“. ეს სიტყვა მხოლოდ მოხუცს როდი ეხება, არამედ ახალგაზრდასაც; შენ საიდან იცი, რომ ეს სიტყვა შენამდე არ მოიწიოს და მხცოვანების ჟამამდე საფლავად არ მიეწევი? ამიტომ სინანული არ უნდა დააყოვნო, თორემ საფრთხეში ჩავარდები; ერთს გკითხავ: სიჭაბუკეში სინანული გონიერებაა თუ უმეცრება? თუ თვლი, რომ მეცნიერებაა, რატომ არ აკეთებ? და თუ იტყვი, რომ უმეცრებაა, მაშინ დიდი ნათლისმცემლისა და წინამორბედის, იოანეს უარყოფაში ჩავარდები, რადგან მან სიყრმიდანვე დაიწყო სინანული, როგორც მის შესახებ ანგელოზი ბრძანებს: „ღვინო და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედით მუცლით მისითგან“.
ახლა კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: სინანულის გარეშე სასუფეველში ასვლა თუ შეიძლება? თუ იტყვი, რომ სინანულის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება შეიძლება, წინააღმდეგობაში ჩავარდები: პირველ რიგში, ქრისტეს ურჩობასა და წინააღმდეგობაში ჩავარდები, რადგან უფალი ბრძანებს: „უკეთუ არა შეინანოთ, სახედ ეგრეთუე ყოველნი წარწყმდეთ“. მეორე კიდევ ის, რომ ორიგენეს მწვალებლობაში ჩავარდები: ის კი ამბობდა, ეშმაკნი პირველ პატივში აღიწევიანო. მაშ, თუ შენ ამას აღიარებ, მისი თანამოაზრე ხდები. ხოლო თუ იტყვი, რომ სინანულის გარეშე ცხონება არ შეიძლებაო, მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვა: ძნელია სინანული თუ ადვილი? თუ იტყვი ადვილიაო, უგუნურების საფრთხეში ჩავარდები; თუ ადვილია, რატომ აყოვნებ? ხოლო თუ იტყვი ძნელიაო, უფალი ბრძანებს: „იწრო არს გზაი და საჭირველნი, რომელნი მივლენან ცხოვრებად საუკუნოდ“. ძნელია, მაგრამ თუკი სიჭაბუკეში დააყოვნებ, მოხუცებულობის ჟამს, როდესაც ძალი და ახოვანება მოკლებული იქნება, მაშინ შეძლებ? იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „წარხდა მკა და წარხდა ლეწვა“. ნუ იფიქრებ, რომ მოხუცებულობის ჟამის სინანულს ღმერთი არ შეიწირავს, მაგრამ უდებების გამო შენგან მოხუცებულობის ჟამს ასეთი ნაყოფის გამოღება საეჭვოა; და თუ ვერ ჰპოვა სინანულის მსგავსი ნაყოფი, მაშინ საუკუნო წყევასა და უნაყოფობას მიგცემს, როგორც ლეღვის ხეს, რომელთანაც მან ნაყოფი ვერ ჰპოვა და საუკუნოდ გახმა იგი. თუ ქრისტესთვის სინანულის შეწირვა გნებავს, სიჭაბუკის გამო ლოდინს ნუ დაიწყებ; მოგვებმა რომ მაცხოვრის შობის მიმანიშნებელი ვარსკვლავი იხილეს, მოხუცები არ იყვნენ, მაგრამ მასთან ხლება არ დააყოვნეს და შესწირეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ასევე შენც, თუკი ისეთ მანათობელ ვარსკვლავს, როგორიცაა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მანათობელად იხილავ, სიჭაბუკის გამო სინანულს ნუ დააყოვნებ, არამედ ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად შესწირე სარწმუნოება, სასოება და სიყვარული.
ბრძენი სოლომონი გვასწავლის: „ძალ თუ გედუას კეთილის ყოფად, ნუ დააცადებ“. კეთილი საქმის ცდას ვნება შეუდგება. ძველი აღთქმის მაგალითი გნებავს? ესავმა დააყოვნა და ვერ მოართვა დროზე მამას ნანადირევი, ამიტომაც პირმშოობა დაკარგა; ასევე შენც, თუ აყოვნებ სინანულის შეწირვას ღვთის მიმართ, შენ მადლით ღვთის შვილობისაგან დაემხობი, და ვინც სინანულს მიართმევს, მადლით შვილებასა და კურთხევას მიიღებს. ახლა ახალი აღთქმის მაგალითი გავიხსენოთ: იუდამ სინანული დააყოვნა და ეშმაკის საფრთხეში ჩავარდა, თავი ჩამოიხრჩო და წარწყმდა საუკუნოდ; პეტრემ კი მეყსეულად შეინანა, ამით ეშმაკის საფრთხეს განეშორა და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრა.
დიდად გასაოცარ საქმეებს ვხედავ! სული აღმატებულია ხორცზე, როგორც ბრძანებს მოციქული: „სული უფროს არს ხორცისა!“. ხორციელი და ამსოფლიური სახმარის აღსრულება მალე გვინდა, სულიერ საქმეს კი ვაყოვნებთ და მსწრაფლ არ აღვასრულებთ! უპატიოსნესსა და აღმატებულს - სულს არ ეძიებ და არც პატივს სცემ! განა ეს გასაკვირი არ არის? თუ იტყვი, ხორცს რომ საკვები არ მივცე, სიკვდილს მიეცემაო, განა სულიერი სიკვდილი უფრო საშიში არ არის? ეს ხომ ჯოჯოხეთის ტანჯვაა, უკუნისამდე დაუსრულებელი.
კიდევ ერთი რამ არის საკვირველი: სუფევა გიყვართ, ხოლო სადაც სუფევაა, იქ მცონარებთ! სოფელში მწუხარება და ჭირი გაქვთ, როგორც ბრძანებს უფალი იესო: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“. ამ სოფლის მოყვარე და მოსწრაფე ხარ, ხოლო საუკუნო სუფევისათვის კი სიზარმაცე გძლევს! თუ იტყვი, რომ სოფელი გძლევს, სოფლის მძლეველი ხომ ქრისტეა: „მე მიძლევიეს სოფლისა“. რატომ მას არ მიმართავ შეწევნისათვის? ცხადია - სულიერი საქმისათვის მოსწრაფე არა ხარ! მაცხოვარი კი ბრძანებს: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. რა არის მიზეზი იმისა, რომ კაცი სულიერი საქმის მოსწრაფე არ არის? ისაკმა ესავს ნანადირევის მიტანა სთხოვა, იაკობმა კი მიასწრო მას და მამისაგან პირმშოება მოიპოვა. რა იყო მიზეზი იმისა, რომ იაკობმა ძმას დაასწრო? მას დედა შეეწეოდა. ასევე თუ ღმერთი უბრძანებს კაცს მოღვაწებას და მისთვის მირთმევას, ვისაც თავისი სიბოროტისათვის დედა ღვთისა არ შეეწევა, ის შეყოვნდება და სასუფევლის პირმშოებასაც მოაკლდება; და ვისაც თავისი ზნეკეთილობისათვის დედა ღვთისა შეეწევა, ის არ შეყოვნდება და სხვაზე უსწრაფესად აღასრულებს მამის ბრძანებულს, სასუფევლის მკვიდრობასაც მიიღებს.
მაშ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: „არა იცით ხვალისა, რამეთუ ვითარ არს ცხოვრება თქუენი“. თუ ხვალისა არ იცით, უშორესი ჟამისა სულ არ გეცოდინებათ, და უცნობო ჟამისათვის რომ გადადებ შენს სინანულს, რას მიიღებ ამისათვის? მაშასადამე, დღესვე უნდა დაიწყო სინანული და შეუდგე ქრისტეს უმანკო გულითა და დიდებით, რამეთუ მისი არს დიდება აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 42(250), 2003
წ.