დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

იგავი ბოროტ ვენახის-მოქმედთა შესახებ
(მათე 21.33-41)

გაგრძელება

რა უნდა იყოს ნაყოფი წინასწარმეტყველთა და მხოლოდ შობილი ძის მოვლინებისა?! - შერცხვეთ საკუთარი ცოდვებისა; სვინდისმა უნდა ამხილოს ისინი. მაგრამ მოდით ვნახოთ, ისმინეს სინამდვილეში, თუ არ ისმინეს მხოლოდშობილი ძისა? მათესთან მარტივადაა ნათქვამი რომ „უკანასკნელ მოუვლინა მათ ძე თჳსი“ (მათე 21.37); მაკროზთან კი დაზუსტებულია „ერთი ძე ესუა საყვარელი თჳსი, მიავლინა მათა“ (მარკოზი 12.6). „შეხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ - ეგების შერცხვეთ და მოინანონო.

„ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“. (მათე 21.38).

ნახეთ რა არის ნათქვამი: ერთმანეთში კი არ მოილაპარაკეს, არამედ გულში იფიქრეს. რამდენად მზაკვარნი ივნენ, აღვსილნი ბოროტებით, აღარც კი გახდა საჭირო, ვთქვათ, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, როცა ბოროტება რიცხვობრივად მატულობს, მრავლდება ქვეყანაზე: იტყვის ერთი-ორი, და აიყოლიებენ მერყევი სულის ადამიანებს. აქ კი რა მოხდა: ყველა დაცემული იყო სულიერად და ყველამ ერთი და იგივე გაიფიქრა გულში: თუ მემკვიდრეს მოვკლავთ, ვენახი ჩვენ დაგვრჩება. დაავიწყდათ, რომ მემკვიდრეს მამაც ჰყავს!

„და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა და მოკლეს“ (მათე 21.39). თუ აქამდე წინასწარმეტყველება იყო წარსულსა და აწმყოზე, ამჯერად, წინასწარმეტყველებს, თუ რა იქნება.

და მართლაც, იოანესაგან სახარებაში ვკითხულობთ რა მოხდა სამი დღის შემდეგ, როდესაც უფალმა ეს იგავი მოუთხრო - მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს, ქრისტე მოეკლათ „მთვარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“, როგორც ფსალმუნში იყო დავითთან ნათქვამი (ფს. 2.2).

იზრახეს კი შემდეგი: სამი დღის შემდეგ, როდესაც ამ იგავით ამხილა და მრისხანებაში ჩააგდო, განშორდნენ ქრისტეს, შეკრბეს მღვდელთმოძღვარნი და ფარისეველთა კრებული, და იტოდეს: „რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?“ (იოანე 11.47). შურით აღძრულნი იმის გამო, რომ ისრაელიანები ტოვებდნენ მათ, ანგარებიანებს და უანგარო ქრისტეს მიეწებებოდნენ სიყვარულით. „უკეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდნენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა“ (იოანე 11.48). ყურადღებით მოისმინეთ, რა იზრახეს: მოეკლათ ქრისტე. და, ვინ წამოაყენა ეს აზრი? კაიფამ, რამეთუ იმ წელს, მღვდელმთავარი იყო წილისყრით და ამან, წილხვდომილობამ, ათქმევინა მას. რა ათქმევინა? - წინასწარმეტყველება: „უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისთჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (იოანე 11.50). რა არის ნათქვამი იოანესაგან სახარებაში? და არა მხოლოდ ნათესავთათჳს ისრაელისა მოკვდაო ქრისტე, არამედ „რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად“ (იოანე 11.52), არა მხოლოდ ისრაელიანნი, არამედ ყოველი კაცი, მამისაგან ხმობილი, ქრისტე იესუს მიერ ერთად უნდა შეეკრიბა მამას თავის სასუფეველში.

მოდით, მაშ, რას დაუკვირდით, რატომ განიზრახეს მღვდელთმთავრებმა და მწიგნობრებმა ქრისტეს მოკვლა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ, ვთქვათ, წარმატება ჰქონდა მის ქადაგებას, როგორც ასეთი, არამედ იმისთვის, რომ ასეთმა წარმატებამ შიში ჩაუთესა მათ, საერთოდ არ დავკარგოთო მიწა, არ დავკარგოთ მთლიანად ჩვენი მამულიო. მიწიერ სამშობლოზე ფიქრობდნენ, ზეციური იერსუალიმი კი დაივიწყეს. დღეს ჩვენც მოვთქვამთ მიწიერ საქართველოზე, მხო-ლოდ მიწიერ თავისუფლებაზე. რა არის მიწიერი თავისუფლება? - აკეთე, რაც გსურს - სიძვა-გარყვნილება, ყიდვა-გაყიდვა მამულის, სვინიდისის... თქვენ გინდათ ამგვარი თავისუფლება?! ბევრს ლაპარაკობენ, ორი გზის არსებობაზე ჩვენი ერის სამომავლოდ...

მაგრამ საქართველოს, შევიცნოთ, მხოლოდ ერთადერთი გზა აქვს, - გზა, იესუ ქრისტე რომ ჰქვია სახელად - „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ... მე ვარ კარი სამოთხისა“. სხვა გზა საქართველოსთვის, საერთოდ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, არ არსებობს ამიტომაც არ იყო შემთხვევითი (და ესეც წინასწარმეტყველებაა!) წმიდა რელიქვიები, მაგალითად, უფლის ზეგარდამო ქსოვილი კვართი საქართველოში რომ მოხვდა, რომელიც სიმბოლოა, როგორც კოზმა მაიუმელიდან არაერთხელ გვითქვამს, ჭეშმარიტებისა და განუყოფელი ეკლესიისა. საქართველოს მისია სწორედ ეს არის - შეინარჩუნოს მართლმადიდებლობა - უფალი იესუ ქრისტე. დაიცავით სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე და ღმერთი თვითონ დაგიცავთ ყოველივე ბოროტისაგან, გვასწავლის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე“ - შევიცნოთ და შევიტკბოთ ეს საღმრთო ჭეშმარიტება. და ვიდრე, ქართველი ამას არ გულისხმა-ჰყოფს და ამ გზაზე არ მობრუნდება (მობრუნდება, რადგან ერთ დროს ამ გზაზე სისხლითაც კი ვიდოდა), არ იქნება ჩვენი საშველი! „თავისუფლებას პირდებიან სხვას - ნათქვამია „სოლომონის სიბრძნეში“ ჭკუის მასწავლებლებზე, ამა სოფლის ძლიერებზე და თვითონ მონები არიან ცოდვისა“. როგორ შეიძლება, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მონებმა შესთავაზონ თავისუფლება თანამონებს?! ჭეშმარიტი თავისუფ-ლება - ქრისტესაგან მოდის. აი, როგორ არის იოანესაგან სახარებაში ნათქვამი: „სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ (რომელმაც ხსნა მოუტანა ადამიანებს) ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა“ (იოანე 1.17). შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ!

მაშ, ეს არის წინასწარმეტყველება: როდესაც მხოლოდ შობილი და საყვარელი ძე, - ძე ღმრთისა, - მიუვლინა ვენახის-ბოროტმოქმედთ, ეგებ, მისი მაინც ისმინონო, სწორედ იგი დასაჯეს შურით აღძრულებმა და დასაჯეს ისე, როგორც იშვიათად თუ ვინმე დაუსჯიათ ღვთის რჩეული. თან, ნახეთ, რა არის ნათქვამი მათესაგან, ვენახის გარეთ განიყვანესო და იქ მოჰკლეს; ხოლო აქ, მარკოზთან ჯერ მოკლეს - ვენახში და შემდეგ გარეთ განაგდეს „და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გადმოაგდეს იგი მიერ სავენაჴით“ (მარკოზი 12.8).

ისტორიულად როგორ მოხდა? იერუსალიმში კი არ აცვეს ჯვარს უფალი, არამედ ქალაქიდან გაიყვანეს და გარე უბანში, გოლგოთის თხემზე აცვეს ჯვარს და აქ აღესრულა ჩვენი მხსნელი.

უარჰყვეს რა მესია, ღვთის რისხვამ არ დაახანა ისრაელზე ვესპასიანე მხედართმთავრისა და ტიტე იმპერატორის სახით. მათ ქვა ვქაზე არ დატოვეს, როგორც უწინასწარმეტყველა ჯვარცმულმა, ჯვარცმის წინ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა“ (ლუკა 23.28)... „რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენს შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთვის, რამეთუ არა გულისჴმაჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ“ (ლუკა 19.43-44); ახდა უფლის ეს წინასწარმეტყველება და ვინც დარჩა, მცირედი, მესამედი ნაწილი ებრაელთაგან განიბნია მთელს იმდროინდელ მსოფლიოში.

დღესაც, ნახეთ, ებრაელები რას აკეთებენ: მათ მოჰკრიბეს, დაიბრუნეს თავიანთი ძველი სამშობლო; ებრძვიან არაბებს, რომ გამოსტაცონ თავისი ყოფილი „აღთქმის მიწები“, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ავიწყდებათ, როგორც მათ წინაპრებს დაავიწყდათ, რომელთაც იესუ ქრისტემ თავის დროზე, ჯერ კიდევ საკუთარ ჯვარცმამდე უთხრა „ნაშობნი ხართ მკვლელთა წინასწარმეტყველთანი“ (მათე 23.31). ხოლო სხვაგან, ქადაგებაში: „იერსუალჱმ, იერსუალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინასწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა“ (მათე 23.37). რატომ იერსუალიმ? იმიტომ, რომ ცენტრი იყო იერუსალიმი, ყველაზე მაღალი სულიერი წერტილი იუდეველთათვის. პავლე მოციქული თავისი ერის შვილებს ამხილებს და იტყვის: რაიღა-მე ვთქუა წინასწარეტყუელთა? „ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს (ვისგან? - ბოროტი ფარსიევლებისგან); მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; ქვითა განიტვინნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახვილისაჲ თა მოსწყდეს... რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (ებრ. 11.36-38). მთელი სოფელი არ იყოვო ღირსი იმ რამოდენიმე წინასწარმეტყველის, რომელნიც ღმერთისაგან მოვიდნენ და ჭეშმარიტებაზე ეზრახებოდნენ ისრაელიანებს; და უკანასკნელ, უფალიც ჯვარს აცვეს. ყოველივე ამან განსაზღვრა მათი მომავალი ბედი.

უფალი, როდესაც იგავის თხრობა დაასრულა, დაეკითხა ფარისევლებსა და სჯულის მეცნიერებს: „რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქვეყანის-მოქმედთა მათ?“ (მათე 21.40). როგორ, განა მაცხოვარმა თვითონ არ იცოდა, რას უზამდა ვენახის უფალი ასეთ ბოროტ ვენახის-მოქმედებს? როგორც ნეტარი თეოფილაქტე განმარტავს, იმისთვის დაუსვა ეს კითხვა ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რათა თავისი პირით ემხილებინათ მათ თავისივე თავი, რამეთუ უპასუხეს: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (მათე 21.41). ისე გამოდის, თითქოსდა გონებამახვილობაში ავარჯიშებდა და წრთვნიდა მათ ქრისტე. სინამდვილეში კი ეს კითხვა იმიტომ დაუსვა, რომ მიენიშნებინა, რა დაგემართებათო თქვენ, ბოროტ ვენახის-მოქმედთ, რომლებმაც ჩემს წარმოგზავნილთაგან ზოგი მოსწყვიტეთ, ზოგს სცემეთ, ზოგი ჩაქოლეთ, ახლა კი გულში ჩემი მოკვლაც გიდევთ. ბოროტმოქმედებს დაგსჯითო ბოროტებითვე. თუმცა, როგორც იაკობ მოციქული აზუსტებს: „ღმერთი გამოუცდელი არს ბოროტისა“, ანუ ბოროტებით ღმერთი როდი სჯის, არამედ ბოროტი სული ებრძვის რა ადამიანს თუკი ეს უკანასკნელი დაეთანხმება, ეშმა მასში თესავს ბოროტ გულისთქმას, გულისთქმა შობს ცოდვას, ცოდვა კი სიკვდილს (შდრ. იაკ. 1.13-15). მა-შასადამე, ადამიანი თვითონ სჯის თავის თავს. ღმერთი კი ასეთებსაც და, საერთოდ, ყველას გვაძლევს სინანსულის დროს.

ესაიასთან საბაოთი იტყვის: „და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!“ (ეს. 5.3) შემდეგ დასძენს „რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?“ (ეს. 5.4). არა დავაკელიო მე ამ ვენახს, მაგრამ რა გამოიღო ნაყოფად - ტევანი? - ეკალი! „აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა“ - ჯერ კიდევ ვიდრე ძე ღმრთისა განკაცდებოდა, ღმერთმა უწინასწარმეტყველა ვენახსა-ისრაელსა: „მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელი“ რას ნიშნავს „ღობე“?, როგორც სულიერად განვმარტეთ მამებისაგან - სჯულს მოასწავებს. ე.ი. უქმი გახდება სჯული და ძალა და ფასი დაეკარგებაო. გაუქმდება, ესაიას წინასწარმეტყველებით, ძველი ეკლესია და მაცხოვრის მხსნე-ლი ვნებებით დაარსდება ეკლესია ახალი აღთქმისა, რომელშიც რა იქნება „ლოდი თავსაკიდური?“ კითხვას პასუხს აძლევს იგავის დასასრულ თვითონ ქრისტე: „არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა (ფსალმუნი 117.22-23), ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (მათე 21.42) ე.ი. რა იქნებაო ახალი აღთქმის ეკლესიის ლოდი თავსაკიდური: ის, ვინც თქვენ უარჰყავით - ქრისტე იესუ, თქვენგან გოლგოთაზე ჯვარმცული.

„აწ უკვე მიგითხრა თქვენ... მოვძარცო ღობე მისი“ - ე.ი. უქმ-ვჰყო მოსეს სჯული. თუ გახსოვთ, მოციქულთა პირველ კრებაზეც, რომელიც დამოწმებულია, „საქმე წმიდათა მოციქულთაში“ - (თ. 15) მსჯელობდნენ, სავალდებულო ყოფილიყო თუ არა წარმართებისაგან მოქცეულთათვის მოსეს სჯული, პავლე მოციქულმა და ბარნაბამ აღიმაღლეს ხმა, მერმე პეტრე და იაკობი დაეთანხმნენ და მთელმა კრებამ მიიღო, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო წარმართთაგან მოქცეულ ქრისტეანეთათვის სჯული მოსესი. უფალმა სული წმიდის მიერ ამცნო, რომ მოსეს სჯულმა დაასრულა, ასე ვთქვათ, თავისი საქმე და მისია და გზა დაუთმო ახალ აღთქმას, რადგან ძველი სჯული რაზეც წინასწარმეტყველებდა, ქრისტეს სახით და ახდა, გაცხადდა და აშკარა შეიქმნა.

„მოვძარცო ღობე მისი (ანუ გავაუქმო სჯული მოსესი) და იყოს დასატაცებელ“. რას ნიშნავს სჯული დასატაცებელი გახდება? მაგალითად იმას, რაც მუჰამედმა მოიმოქმედა: მრავალი რამ მოიპარა ძველი აღთქმის წიგნებიდან, შეჰრთო მონოფიზიტთა სწავლებას და ჩაოაყალიბა ისლამის რელიგია. ასევე სამარიტელებმა ჯერ კიდევ მაშინ ბევრი რამ წარიტაცეს მოსეს სჯულიდან და კერპთაყვანისმცემლობის ელემენტებს შეუერთეს, რის გამოც ფანატიკუარდ სძულდათ ისინი იუდეველებს.

მაშ, დავარღვევ ღობეს და მისატაცებელი გახდება ღობეც და ისიც, რაც ღობის იქით არის - ვენახი. და მართლაც, ისრაელს რა დაემართა? ვესპასიანემ, აკი გითხა-რით, ქვა-ქვაზე არ დატოვა: ორი მესამდი ერისა მოსწყვიტა, ერთი მესამედი მთელს მსოფლიოში გააბნია. ამაში უნდა დავინახოთ არა ვესპანსიანეს და ტიტეს ძალა, არამედ უფლის დაშვება, ისრაელიანთა უსჯულოების გამო.

„და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ და დაუტევო ვენაჴი ჩემი� - ე.ი. განვაგდო ჩემგან, განვიშორო ებრაელი ერი. წმ. პავლე მოციქულიდან მოვი-გონოთ: „ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ“ (რომ. 11.17) - მიმართავს წარმართებიდან მოქცეულ ქრისტეანებს „ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ! უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს“ (რომ. 11.20-21). ნუ ამაღლდები ველური ზეთისხილის რტოვ, კეთილშობილზე დამყნობილო, რადგან მამამ, რომელმაც დაგამყნო, ძალუძს კვლავ მოგკვეთოს და ცეცხლში დაგდვას.

პავლეს წინასწარმეტყველებით ბოლო ჟამს ებრაელები მოექცევიან, თუმცა არა ყველა, რა თქმა უნდა. უარყვეს ჭეშმარიტი მესია, ჯიუტად ებრძვიან დღესაც და უარყოფენ იესუ ქრისტეს, მიიღებენ მომავალში ცრუ მესიას - ანტიქრისტეს! თუმცა ელიასა და ენუქის მიერ ნაწილი მათგან მოექცევა, ანუ მამების გული შვილების გულისაკენ მოექცევა და შვილებისა - მამებისაკენ, როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი.

„იყოს დასათრგუნველ და დაუტევო ვენაჴი ჩემი“, - აქ ღვთის განგება დაინახეთ, რომ ისრაელი დაეცა და მესია არ მიიღო; რათა ამით, ისინი რომ დაეცემოდნენ, თქვენ აღმდგარიყავით წარმართობიდან და ისინი, თუ გაღარიბდებოდნენ სარწმუნოებისაგან, თქვენ გამდიდრებულიყავით ქრსტე იესუს მიერ. ღვთის განგებით მოხდაო ეს: „მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართთა იქმნა საშურებელად მათდა. ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი“ (რომ. 11.11-12).

„და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდნენ ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წვიმად მის ზედა წვიმაჲ“ (ეს. 5.6). რაოდენი სიღრმეა ამ რამდენიმე სიტყვაში... რას ნიშნავს, - არ მოვთოხნი, არც მოვსხლავ? იმას, რომ სული წმიდის მადლი აღარ იმოქმედებს, რადგან სჯულს ძალა აღარ ექნება. ძველი აღთქმის ეკლესია, ზღუდეს რომ მოვარღვევ, ძალას დაკარგავს, ამიტომ სული წმიდის მადლი იქ არ იმოქმედებს, მხოლოდ ადამიანური რიტუალებიღა ჩატარდება. მაშ, არ მოითოხნება, არც მოისხლება და რაკი სული წმიდა არ იმოქმედებს, მათ შორის ეკალი აღმოცენდება.

რა ეკალი აღმოცენდა? ყველაზე დიდი ეკალი, რაც ვადაგასულმა იუდაიზმმა წარმოქმნა არის - მასონობა, რომელიც ძალუმად ამზადებს ახალ მსოფლიო სახლს, ახალ მსოფლიო წესრიგს, ერთი სიტყვით, ანტიქრისტეს, - ქრისტეს მტრის და წინააღმდგომის, ცრუ მესიის გამეფებას.

მერმე რა არის ნათვქამი? როგორც კორდზე, ისე ამოვა ეკალი ამ ცრუ მოძღვრების სახით და „ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წჳმაჲ“. რას ნიშნავს - ღრუბელთა ვამცნებ? რა თქმა უნდა, ღრუბელიც მას ემორჩილება, ქარიც, მთაც, ბორცვიც, ზეცაცა და ქვეყანაც. ღრუბელს ვამცნებ არ უწვიმებს, - ნიშნავს იმას, რომ სული წმიდის მადლს არ ვაწვიმებ მათ. თქვენ იცით ალბათ, რომ სული წმიდა, თვითონ ქრისტემ წყალს შეადარა სულიერი აზრით: „რომელმან სუას წყალისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“ (იოან. 4.14). რა ხდებოდა ძველი აღთქმის ისრაელში: ღრუბლიდან ელაპარაკბოდა ურჩეულესს ისრაელიანთა შორის, მოსე წინასწარმეტყველს. იქ ღრუბლიდან ელაპარაკბოდა, აქ კი - ღრუბლიდან არ უწვიმებს, ე.ი. სული წმიდის მადლს არ მიანიჭებს. ღრუბელი რა სახეა აქ? ჩვენ თავდაპირველად ღრუბლის მხოლოდ იერს აღვიქვამთ და არა შინაარსს. მაგრამ როდესაც წვიმა მოდის, ან ღრუბლიდან ელვა გამოკრთება, მაშინ კი ვხვდებით, რა შინაარსის ყოფილა. ე.ი. „ღრუბლის“ მოქმედებათა მიერ წარმოდგენა გვექმნება ღვთაბერივ ბუნებაზე. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ სავსებით შევიმეცნებთ ღმერთს, არამედ იმ მოქმედებათა მეშვეობით, მაგალითად წინასწარმეტყველნი რომ მოუვლინა, ეკლესია დააფუძნა, მხოლოდშობილი ძე მოსცა და მრავალი სხვა სიკეთე მოიმოქმედა, ვხვდებით, რომ ღმერთი სიყვარულია. მაგრამ როგორც გრიგოლ პალამა გვასწავლის, როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, თვით ეს სიტყვაც კი ვერ გამოხატავს ღმერთის ნამდვილ ბუნებას სისავსით, რადგან იგი ბუნებით გარეშემოუწერელია, მოუწვდომელი, თვალთშეუდგამ ნათელში ჰგიეს უფალი დიდებისა.

ხოლო, ჩვენ, ქრისტეანებს, როდის გვიწვიმა ამ უფალმა ღრუბლიდან? - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს. რატომ ორმოცდამეათე დღეს? გვითქვამს: იუდეველებს ჰქონდათ ჩვეულება, სჯულის მიხედვით ყოველ მეერგასე წელს (ორმოცდამეათე წელს) - განეტევებინათ მონები, მიეტევებინათ ერთთმანეთისთვის ვალები და სხვა. განთავისუფლების სიმბოლო იყო 50-ე წელიწადი. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღე აღმოჩნდა სულთმოფენობის მიერ კაცთა მოდგმის ცოვდისაგან გამოსხნისა და ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე. მაშ, როდესაც ამბობს, რომ „არ უწვიებმს“, ამით ამბობს, რომ ძველი აღთქმის ეკლესიას, ღვთის მსახურებას, სჯულს ძალა აღარ ექნება და მადლს ახალი აღთქმის ეკლესიას მიანიჭებს.

იგავის დასასრულს მაცხოვარი იტყვის: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმერთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფს მისსა“ (მათე 21.43). ვის მიმართავს? მიმართავს სჯულის მეცნიერებს, ფარისევლებს, მწიგნობრებს, სადუკეველებს, ყველას, ვინც არ მიიღო მესსია. ასეთებს მიეღებათ მათგან სასუფეველი, რადგან არა აქვთ ნაყოფი. რა ნაყოფზეა ლაპარაკი? მოგახსენებთ. მიეცემა (სასუფეველი) ნათესავსა სხვას. ნათესავი სხვა - ეს ჩვენ ვართ, ახალი აღთქმის შვილები, ახალი ისრაელი, სულიერი ისრაელი, ქრისტეანები. რა არის ნაყოფი სული წმიდისა, რომელიც უფალმა გვაწვიმა თავისი აღდგომის შემდეგ სულთმოფენობისას, რომლითაც საუკუნო ცხოვრებას დავიმკვიდრებთ? ეკლესია გვასწავლის: ასეთი ნაყოფი არის ცხრა - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, სარმწუნეობა, მყუდროება და მოთმინება.

ჯვარი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

„ქადაგებანი და თარგმანებანი“ თბილისი, 1997 წ.