სახარების დღევანდელი საკითხავი, ლუკასაგან, ერთ უდიდეს სასწაულზე მოგვითხრობს, რომელიც აღასრულა უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესუ ქრისტემ. ეს გახლავთ ნაინელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგინება.
ამგვარ სასწაულს რამოდენიმეს ვიცნობთ სახარებიდან: აღადგინა მაცხოვარმა სინაგოგის მთავრის, იაიროსის 12 წლის ქალიშვილი (იხ. ლუკ. 8.41-56), ასევე ლაზარე, ოთხ დღე მკვდარყოფილი (იხ. იოან. 11.1-45). იესუს ჯვარცმის ჟამს „საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა“ (მათ. 27.52-53).
მაგრამ ეს აღდგომა არ არის ჯერ კიდევ ის აღდგომა, რომლითაც აღდგა მკვდრეთით თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე; აღსდგა და იძლია მისი სიკვდილით სიკვდილი და შეიფქვნა ბჭენი და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი.
ეს არაა ის აღდგომა, რომლითაც აღდგება ყოველი ჩვენთაგანი ადამიდან მიუკანასკნელ ადამიანამდე; ერთნი აღსდგებიან, - შესვენებულნი, - ხოლო მეორენი, ცოცხალნი, გარდაისახებიან, მთავარანგელოზ მიქაელის საყვირის უკანასკნელ ხმაზე, როგორც მოციქული პავლე გვასწავლის. მანამდე მრავალი აპოკალიფსური მოვლენა და ნიშანი აღესრულება.
მოდით, მივყვეთ კვლავ ერთხელ, ამჯერად არა მხოლოდ სასმენელით და ბაგით, არამედ გულისყურით, სახარების დღევანდელ საკითხავს ლუკასაგან „ამისა შემდგომად წარვიდოდა (იესუ) ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი“. (იხ. ლუკ. 7.11-15).
რა მოხდა მანამდის, რატომ არის ნათქვამი ლუკასაგან: „ამისა შემდგომად წარვიდოდა ქალაქად“?
ნაინი იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. საგულისხმოა რომ უფალი თავისი მოღვაწეობის მეორე პასექის დღესასწაულზე მიიჩქაროდა იერუსალიმისაკენ. მანამდის კი მან ქალაქ კაპერნაუმში, პეტრეს ქალაქში მძიმე სნეულებისაგან განკურნა ცენტურიონის, რომაელი წარმართი ასისთავის, ერთ-ერთი მეგობარი მონა (იხ. ლუკ. 7.2-10). აი, სწორედ ამიტომ ამბობს მახარებელი - „ამისა შემდგომად წარვიდოდა“.
მაგრამ, წმიდათა შორის, მამაი ჩვენი, დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ პალამა რამდენადმე სხვაგვარად განმარტავს: აქ ქრისტემ უნდა აღადგინოს ნაინელი ქვრივის ვაჟი მკვდრეთით, უწინ კი, - ქრისტეს მოსვლამდე, - ილიამა და ელისემ მოახდინეს ასეთი სასწაულები და ამიტომაც ამბობსო მახარებელი „ამისა შემდგომად წარვიდოდა (იესუ)“.
მოვიგონოთ ერთ-ერთი აღდგინება, კერძოდ, ილია თეზბიტელისაგან ცარეფთელი დედაკაცის ვაჟისა:
როდესაც უსჯულოების გამრავლების გამო ისრაელში ილიას ლოცვით, სამწელიწადნახევარი ცვარ-ნამიც კი არ გადმოვარნილა ისრაელის მიწაზე, უბრძანა ღმერთმა ელიას: „წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისაებრ მოიქცა“.
მაგრამ, აი, გამოხდა ხანი და წყალი დაშრა.
იყო ღვთის სიტყვა ელიას მიმართ: „ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს“ (იხ. III მეფ. 17.1-9).
თუ ჩვენ წმიდა წერილის კითხვას გავაგრძელებთ, ვნახავთ, რომ როგორც ასეთი, არსად არ სჩანს მინიშნება, რომ იმ დედაკაცს რაიმე გამოცხადება, თეოფანია ჰქონოდეს ან რაიმე სიზმრეული ჩვენება, მაგრამ მას აღმოაჩნდება რწმენა და მორჩილება, რაც ადამიანში ბადებს გულის-ხმას. მივიდა ილია, მოითხოვა ღვთის სახელით და მიიღო ის, რაც უკანასკნელ ლუკმად გააჩნდა დედაკაცს: „ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისათვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით“ (3 მეფ. 17.12).
მაგრამ, ნახეთ, როგორი რწმენა აღმოჩნდა მასში: უნებურად გვაგონებს სახარების იმ ადგილს, როდესაც ახლოვდება უფლის ვნება, დიდი პარასკევი, იესუ წარგზავნის მოწაფეებს და ეტყვის მათ: „წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შერაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღარა დაჯდომილ არს, აღჴსენით იგი და მომგუარეთ. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე“ (მარკ. 11.2-3). არ განუმარტავს რომელ უფალს (უფალი - ძველი ქართულით პატრონს ნიშნავს) „უჴმს“.
მორჩილებითა და რწმენით მიიღეს მოწაფეებმა უფლის ლოცვა-კურთხევა, ისე რომ გამოკვლევა და გამოკითხვა არც კი დაუწყიათ სწამდათ რა ღვთისა, მივიდნენ და ახსნეს; ახსნეს და შეედავნენ, შეედავნენ და მიუგეს რაც უფალმა ასწავა - „უფალს უჴმს ეგე“. მაშინ აღარავინ არ გაუწია წინააღმდეგობა და - „მიუტევეს მათ“.
აქაც მსგავსი რამ არის: მივიდა ელია და უთხრა უფლის სახელით: „ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს“ (3 მეფ. 17.13-14). ეს მაშინ, როცა მთელს ისრაელში ათასობით იხოცებოდნენ შიმშილისა და წყურვილისაგან. „წავიდა ქალი და ისე გააკეთა როგორც ელიამ უთხრა“.
რატომ ვლაპარაკობ ასე განვრცნობით ბიბლიის ამ ადგილზე?
ილიას რომ აღედგინა ვაჟი, რომელიც მას შემდეგ აღესრულა რაც ილია თეზბიტელი მივიდა მასთან სახლში, საჭირო იყო დედაკაცის უდრტვინველი მორჩილება და სარწმუნოება.
ურწმუნო, ანჩხლი დედაკაცი ილიას მოსვლას მიაწერდა შვილის სიკვდილს, რადგან უკანასკნელი ლუკმა-პური გაუყო წინასწარმეტყველს, რომელმაც აღუთქვა რომ ღვთისწყალობა არ მოაკლდებოდა.
- და რა არის წყალობა ღვთისა? - იკითხავდა ურწმუნო დედაკაცი,
- ის, რომ უკანასკნელი ლუკმა დაგითმე და შვილი მომიკვდა შიმშილით? ქვრივის ვაჟზე ნათქვამია: „ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა“ (იხ. III მეფ. 17.17).
ერთი მრისხანე სიტყვაც კი არ წამოსცდენია დედაკაცს. მაშინაც კი, უდიდეს მგლოვარებასა და ჭირში, ვაებაში, ღვთისკაცად მოიხსენია ილია და შვილის სიკვდილი თავის ცოდვებს მიაწერა და არა უკანასკნელი ლუკმა-პურის მოკლებას. „რა გინდა ჩემგან ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ?“ დედაკაცი სინანულში ჩავარდა და თვალწინ წარმოუდგა მთელი თავისი ცოდვები.
როგორც იოანე ოქროპირიც გვასწავლის - „თუ შენი შვილი დაავადდება ან მოკვდება, მშობელმა მოიგონოს საკუთარი ცოდვები“.
ამის შემდეგ, ილიამ გამოართვა დედას ბავში და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, დააწვინა საწოლზე და ნახეთ რას შეევედრება ღმერთს, თითქოს ერთგვარად ჩივილს გამოთქვამს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?“ ე.ი. როგორც ისრაელში მრავალი ათასი მიეცი სიკვდილს მათი უსჯულოების გამო, ნუთუ იგივეს მოაწევ ამ ოჯახს, რომელმაც შენი წინასწარმეტყველი შეიფარა და უკანასკნელი ლუკმა-პური გაუყო?!
მოგვიანებით, განკაცებით მოსული უფალი იტყვის: „რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“ (მათ. 10.42)
ილია სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში“.
რატომ სამგზის? ამ წინასწარმეტყველური მოქმედებით გამოხატა რომ ყოვლადწმიდა სამება - მამა, ძე და სული წმიდა, აღადგენს ბავშვს მკვდრეთით.
მაშ, სული ამოვიდა გვამიდან, ამ მცირე ტაძრიდან, მაგრამ ღვთის ბრძანებით და ილიას ლოცვით და ვფიქრობ იმ დედაკაცის სინანულისა და სარწმუნოებისა გამო, სული კვლავ მობრუნდა ბავშვის სხეულში.
„აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი“.
ახლაც, როდესაც ქრისტე აღადგენს ბავშვს მკვდრეთით, დედას გადასცემს, იქაც - აღადგინა ილიამ მკვდრეთით და დედას გადასცა ბავშვი. რა მინიშნებაა: როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, მაშინაც და ახლაც ბავშვები დედათა მათთა რწმენის გამო იქმნენ მკვდრეთით აღდგენილნი.
მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ ამ ბავშვის მკვდრეთით აღდგინება ხდება ქალაქ ნაინის კარიბჭესთან. თქვენ იცით, რომ ებრაელებში, კარიბჭე უმთავრესი ადგილი იყო ქალაქისა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო რელიგიური თუ საერო ხასიათის, სინედრიონი და ხუცესები ერისა ხალხთან ერთად სწორედ ქალაქის კარიბჭესთან იკრიბებოდნენ.
აი, როდესაც უფალი ამბობს, რომ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (ეკლესიას)“, ეს სახე და შედარება სწორედ აქედან არის აღებული. ე.ი. ჯოჯოხეთის უმთავრესი, ასე ვთქვათ, უბოროტესი ძალები - დაცემული ანგელოზები ვერ მოერევიან ქრისტეს რწმენაზე დაფუძნებულ ეკლესიასო.
წმ. გრიგოლ პალამა იტყვის: იესუ ქრისტე რომ აღადგენს მკვდარს, ეს მოხდა ისტორიულად, მაგრამ ამავე დროს აქ მინიშნება იყო ჩვენს უმწიფარ, ცოდვებით დაბნელებულ გონებაზე.
იმისათვის რომ აღადგინოს ყრმა, საჭიროა გულის განწმედა, რამეთუ გული გონებისთვის იგივეა რაც კარიბჭე. კერძოდ, რა არის საჭირო რომ გული განიწმიდოს და გონება აღსდგეს მკვდრეთითი? საჭიროა წუხილი ცოდვათა გამო, მაგრამ არა უსაზომო, არა სასოწარმკვეთი, არამედ სასოებასთან შეერთებული.
დღესაც, როგორც არაერთხელ, აქ და მრავალ სხვა ტაძარში, სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირებოდა წმიდა ლიტურგიაზედ, სახარების საკითხავის წინ, ყოველმა მოძღვარმა თუ მღვდელმთავარმა, აღავლინა ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო ლოცვა - სახარების წინედ.
„გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა კაცთმოყვარეო უფალო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ...“
დაუკვირდით, ჯერ რას ევედრება, რომ გონებაში ღვთიური, ხელთუქმნელი ნათელი გამობრწყინვოს და მერმეღა უკვე, როდესაც გამობრწყინდება გულში ღვთიური ნათელი გონებისა ჩუენისა თვალნი აღახვენო. აქ სწავლებაა: თუ არ განიწმიდება გული, არ განათლდება გონება, ანუ არ აღსდგება მკვდრეთით. გონება, გულთან ერთად, არის უმთავრესი ნაწილი ჩვენი არსებისა. ამიტომაც შეჰღაღადებდა მრავალმოწყალე ღმერთს დავით მეფე: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50.10);
ხოლო დავითის ძემან სოლომონმან, რომელსაც უბრძანა ღმერთმა: ითხოვე და ყოველივე მოგეცემა, ითხოვა არა მიწიერი საუნჯე და საფასე, არამედ გული გონიერი ანუ სიბრძნე. და რა უთხრა ღმერთმა?
„იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებს და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი“ (III მეფ. 3. 11-13).
დიახ, გული გონიერი ითხოვა სოლომონმა. კარგი სიტყვაა - „გული გონიერი“: გონება თავისთავად ვერ უხელმძღვანელებს ადამიანს გულის გარეშე, ისევე, როგორც არ შეჰფერის ადამიანს გული გონიერების გარეშე.
„გული გონიერი“ ითხოვა და ამ სათხოვარისთვის ღმერთმა ყველაზე უფრო ძვირფასი - სიბრძნე მიანიჭა მას და ღვთის შიში; შიში ღმრთისა, რომელიც სწორედ ღვთიური სიბრძნის დასაბამია და ღვთიური სიყვარულისა.
იგივე აზრია განვრცობილი ამ საიდუმლო ლოცვაშიც: გამოაბრწყინვე გულში, თაბორისეული ნათელი და ამის კვალობაზედ თვალნი განახუენ ჩემი გონებისა. რისთვის? განცდად სახარებისა შენისა, არა მხოლოდ ზერელედ მოსასმენად, ხორციელი სასმენელით, არამედ რათა გულისყურით მოვისმენ რა შენს საღმრთო სიტყვებს, განვიცადო იგი, დავიმარხო და აღვასრულო.
ამის შემდგომ: „დასდევ ჩვენზედა ნეტართა ამათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი გულისთქმაჲ დავსთრგუნო“.
და მართლაც, თუ ადამიანში გული წმიდა არ იქნება, თუ გონების კარიბჭე არ იქნება გული, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ღვთის მოშიში, როგორ შეიძლება მან დაიმარხოს ღვთიური მცნებები. ამიტომაც არის რომ ყველაზე არსებითი ნაწილები ჩვენი გონიერი არსებისა (ეს ადამიანის ანატომიიდანაც სჩანს) ღმერთმა სწორედ ამ ორგანოებში მოათავსა - გულში და თავში. თავში, რომელიც ტანზე მაღლა დგას, საიდანაც მინიშნებაა რომ გვამი თავისი მდაბიო და მდაბალი, ქვენა გრძნობებითა და ვნებებით კი არ უნდა მართავდეს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ - აბნელებდეს გონებას, არამედ გონება უნდა წარმართავდეს და მეუფებდეს ჩვენს გვამზედ და ჩვენს სიცოცხლეზე.
მაშ, მოგვეცი გულ-გონების განწმედისა და განათლების შემდეგ შენი სახარებისეული მცნებების განცდაჲ მოგვეც ნეტართა შენთა მცნებათა შიში „რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ“.
ნახეთ, რა ლაკონურად და რა ღრმად არის გამოხატული გულის განწმენდის საიდუმლოება: ჯერ სულიერი ნაწილი გაანათლე ჩემი, უფალო, განწმიდე, განამტკიცე, ღვთიური შიში მოჰფინე მას და მერმეღა უკვე მომეც მე დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა, ანუ ბოროტი გულისთქმებისა.
და მართლაც, როგორ შეიძლება, ძმანო და დანო, თუ ჩვენი გული და გონება მადლით არ აღივსება და ღვთიური ნათლით, ასეთმა გონებაგანუწმედელმა, ანუ გონება დაბნელებულმა ადამიანმა დათრგუნოს ბოროტი გულისთქმები, პირიქით, იგი მონაა მათი.
ხოლო როცა განვიწმიდები, განვიბანები, ცოდვათაგან, დავსთრგუნავ გულისთქმებს, ამ გზით „ყოველივე სულიერი მოქალაქეობაჲ მოვიღო (ე.ი. ყოველგვარი სათნოებაჲ ქრისტესმიერ აღვასრულო) და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდე და ვიქმოდე, რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩუენთა ქრისტე ღმერთო ჩვენო�.
მაშასადამე, გრიგოლ პალამას სწავლებას რომ მივუბრუნდეთ, ქალაქის კარიბჭესთან აღადგინა ნიშნავს, რომ ადამიანის გულის განწმედა დაიწყო უფალმა.
რომელ გულზეა, ვის გულზეა ლაპარაკი, იმ ყრმისა რომელიც აღადგინა? არა, ჩემო კეთილო, ყრმის გამო კი არ მოახდინა აღდგინება უფალმა, არამედ დედის გამო აღადგინა ყრმა: გარკვევით არის ნათქვამი მახარებელთან: „იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!“ (ლუკ. 7.13).
რის გამო შეიძლება შეიწყალოს უფალმა? ალბათ იმის გამო რომ დედაკაცი ქვრივი იყო, იმის გამო რომ მომკვდარიყო მხოლოდშობილი ძე მისი, იმის გამო რომ...
მოვიგონოთ ლაზარეს მკვდრეთის აღდგინება: ღმერთმა დაუშვა დიდი სიბრძნით, მისი სიკვდილი, რათა ძლევით აღედგინა იგი მკვდრეთით ერისა მისთვის, რომელთა „იხილეს, რომელი-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენეს მისა მიმართ“ (შდრ. იოან. 11.42-45); და ამის გამო მრავალიცა მოვიდოდნენ არა მარტო უფლის მოსასმენად, არამედ ლაზარეს სანახავადაც, სწორედ ამიტომ, უსჯულო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა გულში დაიდვეს მოეკლათ არა თუ მხოლოდ ქრისტე, არამედ ლაზარე ოთხ დღე მკვდარყოფილიც, როგორც ცოცხალი მოწმე ქრისტეს ღვთიური ძლიერებისა (იხ. იოან. 12.9-11).
აქ, ამ შემთხვევაში, არ სჩანს რომ რწმენის გამო აღადგინა ნაინელი ქვრივის ვაჟი, რადგან უფალმა რწმენაც კი არ ითხოვა დედისაგან.
თქვენ იცით, რომ რაც ძველი აღთქმისთვის არის ათი მცნება, ანუ გული და დვრიტა ძველი სჯულისა, იგივეა ახალი აღთქმის სწავლებისთვის - ცხრა ნეტარება, რომელიც ელეონის ამაღლებულ მწვერვალზე იქადაგა უფალმა (იხ. მათ. 5.3-11). ერთ-ერთი ნეტარება, კერძოდ, მეორე, - ღმერთმა კი სწორედ სულიერი სიმაღლის მიხედვით ჩამოთვალა ეს ნეტარებანი, - გახლავთ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“.
წუხილი კარიბჭესთან, დედაკაცისა, არის მგლოვარება გულისა. გულის მგლოვარების გამო შეეწყალა უფალს და ყველა იმ მიზეზის გამო, რომელიც ჩამოგითვალეთ და აღადგინა მკვდრეთით.
გული განწმიდა, გონება აღადგინა (ანუ ყრმა) და მერმეღა უკვე - ნაინელი მოქალაქენი მოიქცნენ.
ქალაქი განასახიერებს ჩვენს სხეულს, რომელიც ტაძარია სული წმიდისა, და ამ სოფელს, რომელშიც ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით და ვნებებსა და ცოდვებს მივეცემით. თუმცაღა, მცირენი სიწრფეობით და სიწმიდით განვლიან ამ სოფელს.
მოდით, ამჯერად, გავაკეთეთ რა ერთგვარი შესავალი, გამოწვლილვით მივყვეთ და განვმარტოთ სახარების დღევანდელი საკითხავი.
მაშ, „იყო ამისა შემდგომად“ (ილიას და ელისეს შემდგომ), ასისთავის მონა რა განკურნა, მიიჩქარის იესუ იერუსალიმისაკენ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ პასექის დღესასწაულზე; გზად, როგორც ყოვლადბრძენმა, უწყის რომ უნდა აღადგინოს ნაინელი ვაჟი, - რამეთუ დედამისის მგლოვარებამ და წუხილმა მიაღწია უფლის გულის-გულამდე.
„და ვითარ მიეახლა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდშობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ“.
რატომ სჩვევიათ მახარებელთ, რომ ზოგიერთ მხარეზე ამა თუ იმ მოვლენისა, სასწაულისა თუ ქადაგებისა, განსაკუთრებული ყურადღება მიიქციონ ჩვენი: როდესაც გვეუბნება რომ გამოჰქონდათ მკვდარი, რომ მიცვალებული იყო მხოლოდშობილი, რომ დედაჲ მისი დიდად მგლოვარე იყო, ამით უნდა მიგვანიშნოს რისთვის აღადგინა უფალმა შესვენებული. და თუ ჩვენც გვექნება გულის მგლოვარება, უფალი არც ჩვენთან არ დაახანებს და მოვა იგი - ნუგეშინისმცემელი, რათა აღგვადგინოს ჯერ სულიერად და მერმეღა საყოველთაო აღდგომით მარადიული ნეტარებისთვის.
„იგი იყო ქურივ“ - აი, რას ამბობს სახარების ამ ადგილზე ეკლესიის ერთ-ერთი მამა:
„ძნელია უმზერდე ნებისმიერი ადამიანის კუბოს, განსაკუთრებით კი ჭაბუკისა, მაგრამ ჩვენი სარწმუნოება ეუბნება მწუხარეს, თითქოს, ნუ სტირ. ქრისტეანის სიკვდილი მტრის მოულოდნელი თავდასხმა როდია, არამედ მიწიერი მოგზაურობის შემდეგ, ზეციურ მამასთან დაბრუნება; (ის არის ჩვენი სამშობლო). დავფიქრდეთ, ღვთიური სიბრძნე დაუშვებს განა ნაადრევ სიკვდილს (სინამდვილეში არსებობს კი ნაადრევი სიკვდილი, როგორც ჩვენ გვიყვარს დრტვინვა რომ სრულიად ჭაბუკი და ახალგზარდა წაიყვანა ამ სოფლიდან, რამეთუ შემთხვევითი ღვთის წინაშე და ღვთისა მიერ არაფერია). წარტაცებულ იქნა რათა ბოროტებას არ შეერყვნა გონება მისი, ხოლო მზაკვრობას რათა არ ეცდუნებინა სული მისი - როგორც სიბრძნე სოლომონისა გვასწავლის. რამდენად უფრო ნეტარია იგი, ვინც ეს სოფელი იმგვარად დატოვა, რომ არ დაუკარგავს სიწმიდე და უბიწოება“.
ე.ი. ჩვენ ვგლოვობთ, თუმცა კი მათ უბიწოება წარიტანეს ამ სოფლიდან. ადამიანურად ტრაგედიაა, ღვთიურად - გამართლება; რატომ და რისთვის - მოგვიანებით გვეტყვის ეს წმიდა მამა.
„დიახ, შვილი ნუგეშია, ჩვენი სიბერის დასაყრდენი, მაგრამ დედამიწაზე არ არსებობს მარადიული ნუგეში“. მარტივად რომ გითხრათ, ყველაფერი კარგადაც რომ ყოფილიყო, დედამიწაზე რომელი ჩვენთაგანიღა მოიძიებდა ღმერთს, რომელიც არავის არასადა უხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მრავალი ნიში და სასწაული გვაჩვენა გარდასულ საუკუნეებში, მოგვცა ძველი და ახალი სჯული, ათი მცნება და ცხრა ნეტარება, დღეინდელად დღემდის - მირონმდინარე თუ ცრემლმდინარე ხატებიდან, განკურნებით თუ გამოცხადებით, გვეზრახება და გვასწავლის (თუნდაც ამ შემთხვევაში ჩემს ცოდვილის პირით) თავის უხილავ არსებობაზე, მაგრამ რომელი ჩვენთაგანია გულითადი მორწმუნე? მოდით დავფიქრდეთ ამაზეც.
„ზოგჯერ, უფალი ხედავს რა ჩვენს უუნარობას სწორედ აღვზარდოთ შვილები, მიჰყავს ისინი თავისთან და განა მადლობა არ ეთქმის მას ამისთვის?! ლოცვა გარდაცვალებულთათვის, აი, ცოცხალი საუბარი მათთან“. ხოლო უღირსად აღზრდილი შვილი, მიმავალი წარწყმედის გზით, პირველყოვლისა დაღუპავს მშობელს, - როგორც დიდი სჯულის კანონიც გვასწავლის.
მაშ, რა, - ზოგიერთი გულარძნილობით და მრისხანებით იკითხავს, - დაგვეხოცოს შვილები? არა, ჩემო კეთილო, აღვზარდოთ კეთილი სარმწუნოებით. ხოლო თუ ღმერთი, მისი ნებიდან და სიბრძნიდან გამომდინარე, ჩათვლის საჭიროდ, მისი და ჩვენი გადარჩენისათვის, და ამ სოფლიდან გაიყვანს, - იყავ ნება ღვთისა! გვქონდეს ამგვარი რწმენა - უფლისა არს ქვეყანაჲ და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი, დამკვიდრებულნი მას შინა. უფალმა მოავლინა და უფალმა წარიტაცა!
მაშ, „გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდშობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ, და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა“. თქვენ იცით, რომ როგორც დღევანდელ საქართველოში, ისე ძველ ისრაელში, განსაკუთრებული კულტი იყო მიცვალებულისა და უნდა ვიგულისხმოთ, რომ მრავალი ნაინელი დაიძრა უკანასნელ გზაზე, როგორც იტყვიან ხოლმე, მიცვალებულის გასაცილებლად.
„და იხილა დადაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!“
„უფალი უბედურთა მიმართ გულმოწყალების მაგალითებს გვაძლევს. თუ მტრებისადმი სიყვარული ძველი ადამიანის ბუნებაზე მაღლა დგას და იგი მხოლოდ ქრისტეანობაშია შესაძლებელი, უბედურთა მიმართ თანაგრძნობა თვით ცოდვილთათვისაც კი ბუნებრივია. მეტადრე, უნდა გაგვაჩნდეს ეს სარწმუნოება ქრისტეანებს, რამეთუ უფლისაგან მოგვეცა განსაკუთრებული წყალობა - რწმენა ქრისტეში.
რწმენა მიწიერი ცხოვრების გზაზე სხვა მრავალ ნიჭსაც შეიძენს, ხოლო მარადისობაში ცათა სასუფეველს. ეს სიკეთენი კი ძვირად მოგვეცა ჩვენ: მხოლოდშობილი ძე ღვთისა განკაცნა და უდიდესი სატანჯველი დაითმინა, რათა ჩვენი დაცემული ბუნება განეახლებინა და მოენიჭებინა უკვდავება. თანაუგრძნობთ ჩვენც ადამიანებს, ვევედროთ უფალს, რათა მან განწმიდოს ჩვენი ადამიანური, ხშირად კი პირმოთნე მოწყალება და გახადოს იგი ჭეშმარიტი, ქრისტეანული“.
მაგრამ არ უნდა გავიგოთ ეს განმარტება იმგვარად, თითქოს მხოლოდ სიტყვით უნდა ვსცეთ ერთმანეთს ნუგეში. გრიგოლ პალამა განმარტავს: ქრისტე, ვიდრე აღადგენდა მკვდრეთით, შეახო ხელი ყრმას.
რა მოხდა ამის შემდეგ? ვიდრე ეტყოდა საღმრთო სიტყვებს და აღადგენდა, მანამდის შეახო რა ხელი, გაჩერდნენ ვისაც ცხედარი მიჰქონდათ. მეორე მხრივ, ამით იესუ ქრისტემ გამოხატა, რომ არა მარტო სიტყვით უნდა ვანუგეშოთ ერთმანეთი, არამედ საქმითაც.
კიდევ რას გულისხმობდა ხელის შეხება: ეს არა მარტო ერთგვარი ნიშანი იყო მათთვის, ვინც ცხედარს მიასვენებდა, შეჩერებულიყვნენ, არამედ ადამიანური გამოხატულება იყო ამ შემთხვევაში თანაგრძნობისა და სიყვარულისა.
ჩვენც, როცა გვინდა ვინმე ვანუგეშოთ, ხშირად გულში ჩავიკრავთ, მხრებზე ხელებს მოვხვევთ ან თავს გულში ჩავიდებთ და ამგვარად გამოვხატავთ ჩვენს სითბოსა და სიყვარულს, თანაგრძნობას და თანალმობას, იმ გაჭირვებული ადამიანის მიმართ.
„მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყვჳ აღდეგ!“
აქაც სამი სიტყვა იხმარა უფალმა. წმიდა სამების სახელზე თუ ილია სამჯერ გადაემხობა ყრმას, აქაც სამ სიტყვას წარმოთქვამს უფალი და აღადგენს მკვდრეთით ნაინელი ქვრივის ვაჟს.
წმინდა დიმიტრი როსტოველი ამბობს: „იხილა დედაკაცი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას - ნუ სტირ! ნაინელი ქვრივივით რომელ ჩვენთაგანს არ დაუკარგავს ახლობელი. არ უნდა ველოდეთ რომ უფალი ამჟამად აღადგენს ჩვენს მიცვალებულს, სწორედ დღევანდელ დღეს, ეს ღვთიური სიმართლის კანონს შეეწინაამდეგებოდა, რომლის ძალითაც ყოველი ჩვენთაგანი უნდა მოკვდეს. (და რა არის სიკვდილისთვის საწერტელი? ალბათ, იცით რომ ცოდვაა. ცოდვა კლავს ადამიანს და არა უფალი, ხოლო მორჩილება ღვთისა, სამოთხეში უკვდავყოფდა ადამსა და ევას. სული უკვდავია, მაგრამ სიკვდილს რასაც ვუწოდებთ, სულის მიერ ხორცის დატოვება ჰქვია). ყველამ გაიარა ეს გზა. მათ შორის წმიდანებმა და დედა ღმრთისამაც კი. მაგრამ უფალი ნაინელ ქვრივს ეტყვის - ნუ სტირ!
ნუ იტყვი რომ მოულოდნელი იყო სიკვდილი, იგი ყოველთვის მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები, ანუ სიკვდილისაა ყოველი წამი. ჩვენი ცხოვრება კი, დიდია თუ პატარა იგი, ასეთი თუ ისეთი, ერთიანად უმნიშვნელოა მარადისობის წინაშე, რომელიც მოგველის მომავალ ცხოვრებაში. თუმცა მეტყვი - მე ვწუხვარ ჩემი ახლობლების ცოდვების გამო და არა როგორც ესეთი - მისი სიკვდილის გამო. სამართლიანია სწუხდე მათთვის ვინც ჯეროვანი სიყვარული არ აჩვენა, მაგრამ შეუფერებელია არ გქონდეს სასოება ან იმედი ღვთიური გულმოწყალებისა. (დავითთან, წინასწარმეტყველთან ნათქვამია „მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ“).
წმიდა ეკლესიას მინიჭებული აქვს ძალა და უფლება ილოცოს შესვენებულთათვის. შვება და ნუგეში მოაქვს ჩვენი მიცვალებულებისათვის ამ ლოცვას.
სიყვარულისა და სარწმუნოების ლოცვით ზიარებაში მიცვალებულებთან, მდგომარეობს უმაღლესი ნუგეში რასაც მათთან განშორების შემდეგ ვიღებთ“.
მას შემდეგ, რაც მიმართა მაცხოვარმა გარდაცვლილს „ზე წარმოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა“.
თქვენ იცით, რომ დღემდე, იოანე ნათლისმცემელისა, მართალთა სულებიც, მათ შორის, ყრმებისა, ჯოჯოხეთში მიდიოდა. თუმცა უფალმა იგავში „მდიდარსა და გლახაკ ლაზარეზე“, გვასწავლა რომ თვით ჯოჯოხეთშიც (შეოლში) იყო განსაკუთრებული ადგილი, სადაც როგორ ასეთი, ტანჯვას არ განიცდიდნენ, სადაც მართალთა სულები შედიოდნენ და არა ცოდვილები, რომელსაც უფალმა იგავის ენით აბრაამის წიაღი უწოდა (იხ. ლუკ. 16.22). დღიდან იოანე ნათლისმცემელისა კი განიხვნა ცათა სასუფეველი.
არ ჩანს სახარების ამ საკითხავში, ყრმის სული საიდან მოაბრუნა, შეოლიდან, როგორც ებრაელები ჯოჯოხეთს უწოდებდნენ, თუ ღვთიური სასუფევლიდან. ერთი რამ კი აშკარადაა ნათქვამი: „წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად“. არ არის ნათქვამი რაზედ ლაპარაკობდა, საფიქრებელია, იმ შთაბეჭდილებებს გადმოსცემდა რაც მისმა სულმა განიცადა სიკვდილის შემდგომ.
„იწყო სიტყუად“ და ამის შემდეგ „მისცა იგი დედასა თჳსსა“. ნახეთ, როგორი თანმიმდევრობაა: არის: გადასცა და შემდეგ კი არ ალაპარაკდა, არამედ, პირიქით, ყრმა რომ აღდგა, იმდენად უჩვეულო იყო ის რაც მან განვლო სულიერად, შესაძლოა ჯერ ვერც გარკვეულიყო სავსებით, არც კი იცოდა რას ლაპარაკობდა თავდავიწყებით, ნეტარებისა და სიხარულისაგან.
„იწყო სიტყუად“ - უფალმა დაახანა. რატომ? იმიტომ რომ სასწაული სასწაულისთვის კი არ მოახდინა, რა თქმა უნდა ქვრივი შეეწყალა და აღადგინა მკვდრეთით მისი ვაჟი, მაგრამ პირველყოვლისა მხედველობაში ჰყავდა ის უამრავი, ზღვა ხალხი, რომელიც თან მოჰყვა მოციქულებთან ერთად და ნაინელი მოქალაქეები, რომელნიც გზად შეხვდნენ, უფალმა დაუშვა, რომ ამ ყრმას თავისი ბაგით ექადაგა ჭეშმარიტება: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ“, როგორც ფსალმუნიც ამბობს. ხოლო მას შემდეგ, რაც დაამოწმა ყრმამ, რაიც იხილა: „მისცა იგი დედასა თჳსსა“.
ამ სასწაულმა სამარისებური სიჩუმე ჩამოაგდო. კარგია ეს სიტყვა რომ ვიხმარეთ, რამეთუ სამარის კართან მიაცილებდნენ ყრმას და სამარის კართან სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
საიდან სჩანს? „და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა“...
დაიზაფრნენ, შეეშინდათ; დიდი შიში კი ადამიანს, ისევე, როგორც დიდი სიხარული, არ აძლევს საშუალებას რაიმე გამოთქვას. მაგრამ შემდეგ, როდესაც ყრმას მოუსმინეს „ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს“.
საინტერესოა რას „იტყოდეს“. აღიარეს იესუ ძე ღმრთისად და ღმერთად? არა, ჩემო კეთილო, იტყოდნენ „წინასწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის, და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა“.
შეიძლება ვიკითხოთ: ამგვარი სასწაულის მოწმე გახდა ათასობით ადამიანი, რატომ არ აღიარეს ძე ღმრთისად და მხოლოდ წინასწარმეტყველად მიიჩნიეს?
ქრისტეს კაცობრივი ბუნება, რომელიც მან შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, როგორც რაღაც უხეში კრეტსაბმელი, არ აძლევდა საშუალებას, მათ ჯერ კიდევ საკმაოდ დაბნელებულ გონებას, ცოდვებისა და გულისთქმების გამო, ამ უხეში კრეტსაბმელის იქით განეჭვრიტათ ღვთიური დიდება. ამას თვით მოციქულებიც ვერ ხედავდნენ ქრისტესთან დამოწაფების პირველხანობას. მხოლოდ პეტრემ, წარმოსთქვა პირველმა, რომ ქრისტეა ძე ღვთისა, მესია, მოსული სოფლად. რა უთხრა ამაზედ უფალმა: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (მათ. 16.17). „ბარ იონა“ - „ტრედის შვილობილი“ უწოდა უფალმა პეტრეს.
და რატომ ხარ „ტრედის ძე“ და „ნეტარი“ პეტრე?
იმის გამო, რომ არა ხორცმა და სისხლმა, არა კაცობრივი გონებითა და გულით, მსჯელობითა და ა.შ. მიხვდი რომ მე ვარ ძე ღვთისა, არამედ, მამის სულმა - სული წმიდამ გამოგიცხადა ეს. ე.ი. სული წმიდის გარეშე შეუძლებელია ღვთიური ჭეშმარიტების და რაღა თქმა უნდა, თვით უხილავი ღმერთის შემეცნება და აქედან გამომდინარე, აღმსარებლობა ჭეშმარიტებისა ანუ ღმერთისა (წმ. გადმოცემით პეტრეს მამას ერქვა არა იონა, არამედ იოანე. „იონა“ მტრედს ნიშნავს „ბარ“ - „ძე“-ს, ტრედი კი სული წმიდის ერთ-ერთი სიმბოლური სახეა (მოიგონეთ სული წმიდის გამოცხადება ქრისტეს ნათლისღებისას „მსგავსად ტრედისა“). მაშასადამე უფალმა პეტრეს სული წმიდის ძე უწოდა, ანუ მადლს ნაშვილევი, დამოწაფებული, რამაც მას ქრისტეში ღმერთი შეამეცნებინა და აღიარებინა).
რამდენადაც, ჯერ კიდევ, ერთგვარ ბურუსში არიან ცოდვების გამო ნაინელები და სჩანს, პეტრესთან შედარებით საკმაოდ განუწმენდელი არიან. მართალია აღმოსთქვეს გულიდან ღვთის ქება-დიდება, მაგრამ იესუში ხედავენ არა ღმერთს, არამედ დიდ წინასწარმეტყველს.
მათ იცოდნენ ძველი სჯულიდან და წინასწარმეტ-ყველთა წიგნებიდან, რომ ასეთი სასწაული სხვებსაც მოუხდენიათ - ილიასა და ელისეს. და რა იცოდნენ, რომ უფალი ილიასა და ელისესიცა, მათთან იყო; ის, ვის ხილვასაც ნატრობდნენ ყოველი წინასწარმეტყველნი და მართალნი.
გახსოვთ, ერთხელაც ილია თეზბიტელმა, ითხოვა რომ ღმერთი გამოცხადებოდა. განუმარტა ღმერთმა ილიას, რომ არავის არ შეუძლია იხილოს ღვთიური დიდება და ცოცხლებში დარჩეს. მაგრამ იმის გამო, რომ უყვარდა ილია, იმის გამო რომ ცოცხალი რწმენა ჰქონდა ილია თეზბიტელს და საღმრთო მოშურნეობა, ჩააყენა კლდის ნაპრალში, ხელი მიაფარა (ნათქვამია ანტროფომორფულად) მაშ, ერთგვარად დაჰფარა მისი გონებიდან ღვთიური დიდება.
მაშ, თითქოს, ხელი მიაფარა, და იხილა ილიამ ნაპერწკალი ღვთიური დიდებისა. ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ აღფრთოვანებაში და თავდავიწყებაში მოსულიყო იგი. შემდგომად ამისა, სასწაულებრივად წარიყვანა იგი უფალმა ანგელოზის მიერ ცეცხლოვანი ეტლით. იქ, სადაც, როგორც ანდრია სალოსი ამბობს - ღმერთისთვის ნაცნობი ადგილებია. არ არის ნათქვამი სასუფეველში, რამეთუ როგორც ვთქვით, მხოლოდ დღიდან იოანე ნათლისმცემელის მოვლინებისა და ქადაგებისა, რომელიც წინამორბედი გახლდათ ქრისტე იესუსი, განიხვნა ცათა სასუფეველი მართალი და მონანული სულებისათვის.
მაშასადამე, იმის გამო, რომ ნაინელთა გონება ჯერ კიდევ დაბნელებულია გულისთქმებისა და ცოდვების გამო, მათ ვერ შესძლეს იესუ ნაზარეველში ძე ღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი შეეცნოთ...
მაგრამ, ღმერთი სულგრძელ არს. სულიერების მათ დონეზე, მათი, ვინც მოჰყვებოდა იესუს და ვინც დახვდა ნაინში, უფალი ჯერ-ჯერობით, საკმარისად თვლის, წინასწარმეტყველად აღიარონ და მერმე და მერმე თანდათანობით, გულის მადლისმიერი განწმენდის კვალობაზე ბოლოს ღვთაებად შეიცნონ.
როგორც დასაწყისში შეგითქვით, მოდით, ამოვიკითხოთ წმიდა გრიგოლ პალამასეული ღმრმა განმარტება სახარების დღევანდელი საკითხავისა და ამით დავასრულოთ ეს საუბარიც:
„ნაინელი ქვრივი დედაკაცის ვაჟის აღდგინება, განასახიერებს ჩვენი გონების განახლებას, რამეთუ ქვრივი იყო ჩვენი სულიც, რომელმაც ცოდვათა გამო დაკარგა თავისი ზეციური სიძე, ანუ უფალი იესუ ქრისტე.
გააჩნდა რა, თავისი ერთადერთი შვილი, ანუ გონება, როელიც მოწყლულ იქნა ცოდვით, მოკვდა, დაკარგა ჭეშმარიტი სიცოცხლე. გამოაქვნდათ ისიც ამიერ, ანუ ჩვენი მკვდარი გონება, გაუცხოვდა რა ღვთისადმი, (მიმოტაცებული ვნებათაგან, მიექანებოდა ჯოჯოხეთისაკენ და წარწყმედის უფსკრულებისაკენ). მაგრამ, უფალი მოვიდა ჩვენთან და აღადგინა იგი (ჩვენი კაცობრივი ბუნება). ამიტომაც ამბობს მახარებელი „წარვიდოდა იესუ“, რათა აღედგინა ნაინელი ქვრივი დედაკაცის ვაჟი და „გლოვაი მისი სიხარულად გარდაექცია“.
„გვედრით ძმანო ჩემნო, შეიტკბეთ სიტყვანი ჩემნი, რამეთუ, თუ თითოეული ჩვენთაგანი შეიგრძნობს რომ თავისთავში ატარებს მკვდარს, ე.ი. ცოდვით დაბნელებულ გონებას და ცრემლით დაიტირებს ქალაქის კარიბჭესთან (ანუ გულში) თავის ცოდვებს და სინანულით წუხილს მიეცემა, მაშინ მასთანაც მოვა ნუგეშინისმცემელი, მომნიჭებელი ცხოვრებისა და საუკუნო ნუგეშისა, როგორც ნათქვამია უფლის მიერვე: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ“.
იყავნ, იყავნ!