სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
როგორ ემთხვევა ერთმანეთს ეს მოწყენილი ამინდი გვიანი ზამთრისა, მდუმარება ტაძარში, სინანულის საგალობლები და სახარების დღევანდელი საკითხავი წმ. ლუკასაგან. ამათგან აღმოვუწოდოთ ქადაგებასაც.
დღევანდელი საკითხავი სახარებისა მოგვითხრობს იგავზედ უძღები შვილის შესახებ, რომელმაც ჩვენში სინანული უნდა გამოიწვიოს, განცდა თვისთა ცოდვათა, ჩაღრმავება საკუთარ თავში, გადარჩენის, ცხონების სურვილი. რა მიზეზის გამო წარმოთქვა უფალმა ეს იგავი? სახარებაში ვკითხულობთ: „და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. და ეტყოდა მათ იგავსა ამას“. (ლუკა 15.1,2,3). ამ დრტვინვას მოაყოლა იგავნი უფალმა დაკარგულ ცხოვარზე, წარწმედულ დრაქმაზე, უძღებ შვილსა და კეთილგონიერ მნეზე, რომელმან განაბნია ყოველნი ნაყოფნი, მაგრამ მიუტევა რა სხვას, მიტევებულ და შენდობილ იქნა თვითონაც უფლისაგან.
ჯერ კიდევ ადრე, ნოვაციანელები ანუ უნიატელები და მოგვიანებით XIX საუკუნის გერმანელი რაციონალისტები, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტეს მხსნელ ვნებებს, ჯვარცმის საიდუმლოებას, ფიქრობდნენ, რომ რამდენადაც ამ იგავში არაფერია ნათქვამი ქრისტეს ჯვარცმაზე, მაშასადამე, ქრისტეს ვნება არც ყოფილა აუცილებელი ჩვენი ცხოვრებისათვის, საკმარისია მხოლოდ ზეციური მამის სიყვარული. ჯერ ერთი, ჩემო კეთილო, ყოველ იგავში (და იგავი არაერთი წარმოსთქვა უფალმა) არ შეიძლება სისავსით იყოს გადმოცემული მთელი ქრისტიანული მოძღვრება. მეორეც, თუ ჩავუღრმავდებით სული წმიდის მადლით, სწორედაც, რომ ამ იგავშია ქრისტეს ჯვარცმისა და ზიარების საიდუმლოზე ლაპარაკი, „ჭამებული ზვარაკი“, როგორც თავის ადგილზე მოგახსენებთ, სწორედ რომ მინიშნებაა ქრისტეს გამომხსნელ მსხვერპლზე.
მაშ, მოდით, მივყვეთ გონების თვალით, თუმცაღა სასმენელით ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ეს იგავი და კიდევ ერთხელ ამოვიკითხოთ იგი. „კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე“ (ლუკა 15.11). ე.ი. იყო ვინმე, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. ნეტარი ავგუსტინე და ზოგიერთი სხვა მამაც ფიქრობს, რომ ამ ორ ძეში შემდეგი ალეგორია, შემდეგი სახეა ჩადებული: უფროსი ძმა განასახიერებს ებრაელ, უადრესად ამორჩეულ ერს, მეორეს მხრივ, განასახიერებს ფარისეველს ანუ მოჩვენებით მართალ ადამიანს, რომელზეც ლაპარაკი გასულ ორ კვირიაკეს გვქონდა, ხოლო უმცროსი ძმა - წარმართ ერებს, რომელთაც უფალმა მოგვიანებით მოუწოდა.
მაშ, მამას ორი შვილი ჰყვავდა. „და ჰრქუა უმრწემესმან (ანუ უმცროსმა) მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხოვრებელი იგი“ (ლუკა 15.12). ებრაული კანონების თანახმად, მემკვიდრეობის ნახევარი უმცროს შვილს ეკუთვნოდა, მაგრამ მამას შეეძლო მიეცა თავის სიცოცხლეში ეს სამკვიდრებელი, ან არ მიეცა სიკვდილამდის. ამ შემთხვევაში, როგორცა ვხედავთ, არც რა უთქვამს მამას, ისე მიანიჭა წილი. „და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხონდებოდა იგი არაწმიდებით“ (ლუკა 15.13). მოგვიანებით, როდესაც ყანიდან დაბრუნებული უფროსი ძმა განიკითხავს უმცროსს, ამ „არაწმინდებას“ სიძვას უწოდებს. როგორც ამბობს ეკლესიის ერთი მამა, უმრწემეს, უმცროს, ძმაში უკვე დიდი ხანია შინაგანი განდგომა დამდგარიყო მამის მიმართ, მაგრამ ნახეთ, ერთგვარი ტაქტი მაინც გამოიჩინა; ერთბაშად კი არ წაიღო თავისი სამკვიდრებელი და განეშორა მამას, არამედ „შემდგომად“, მაგრამ „არა მრავალთა დღეთა“, რამოდენიმე დღის შემდეგ. თუმცა, მას მამის სახლში არ აკლდა არაფერი - არც სითბო, არც სიყვარული და არც საუნჯე. ე.ი ტაქტისთვის რამდენიმე დღე დაჰყო, შემდგომ აიღო თავის სარჩო-საბადებელი და შორეული ქვეყნისაკენ გაუდგა გზას. რატომ შორეული ქვეყნისაკენ? რათა მამის თვალთაგან ყოფილიყო შორს, რამეთუ გული მისი არაწმინდებას დაეპყრა.
„და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად“ (ლუკა 15.14). იმაზე ადრე არ დამდგარა იმ უცხო ქვეყანაში სიყმილი (არა მამის ქვეყანაში, არამედ უცხო ქვეყანაში) ანუ შიმშილი, ვიდრე ყოველი არ განაბნია. აი, ჩვენც ღმერთი მიგვიშვებს ხოლმე ჩვენს ნებაზე და მერმე როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე“. რატომ მიგვიშვებს? პირველ ყოვლისა ჩვენი ამპარტავნების, განმკითხველობის გამო, რათა როცა ცოდვით დავეცემით, საკუთარი არარაობა შევიცნოთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ყოველი კაცი, - ცრუ და ამაოა, - რადგან მოგეხსენებათ ცხოვრებისეული გამოცდილება ხშირად უფრო დიდი მასწავლებელია ადამიანისა, ვიდრე წიგნებიდან ამოკითხული ციტატები და ზერელე ცოდნა.
მაშ, მოაკლდა რა მამის მზრუნველობა და ზედამხედველობა უგუნურმა და უმეცარმა, განაბნია ქონება (ჩვენ აქ მამათა განმარტებით ვნახავთ, რომ აქ სულიერ ნიჭებსა და ტალანტზეა ლაპარაკი და არა იმდენად ნივთიერ სიმდიდრეზე) და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვარდა ღვთის განგებით შიმშილი. შიმშილმა კი მოიყვანა სინანულში. ჩვენც ნუღარ ვდრტვინავთ, ის დროება, რაც დღესაა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენმა ცოდვებმა მოიტანა!
„მივიდა (გაღატაკების შემდეგ) და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა“ (ლუკა 15.15). თქვენ იცით, რომ ყველაზე უფრო დამამცირებელი რამ ებრაელის, იუდეველისთვის მეღორეობა იყო. არა თავისთავად მეღორეობის გამო, არამედ, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ ღორი მოსეს სჯულის მიხედვით არაწმინდა პირუტყვად ითვლებოდა. რამდენად უნდა გასჭირვებოდა, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭა და მეღორედ დადგა. მოქალაქე იმ სოფლისა, სადაც სიყმილი ჩამოვარდა, იგავში ამ სოფლის თავადს, ეშმას განასახიერებს. თქვენ, ალბათ, იცით, თუ წაგიკითხავთ წინასწარმეტყველებანი მამათა - ეფრემ ასურისა, იპოლიტე რომაელისა, იოანე ოქროპირისა, თეოდორიტესი, ნილოს მირონმდინარისა, სხვათა და სხვათა, ბოლო დროს ერთ-ერთი უმთავრესი ვნება, რომელიც დედამიწას ანგარებასთან ერთად მოიცავს, უფრო სწორედ კი ვერცხლისმოყვარეობა-ანგარება შობს - ეს იქნება ვნება სიძვისა ანუ გარყვნილება. იგავში ხსენებული ეს „სოფელი“ არის დედამიწა, ჩვენი დროებითი სამყოფელი, ჩვენი მწირობის წუთისოფელი, ხოლო „მოქალაქე“ ამა სოფლისა, როგორც ვთქვით, არის ეშმა. რას ნიშნავს ეშმასთან მეღორეობა? - ბოროტი გულისთქმების მწყემსად გახადა სატანამ ეს უგუნური ახალგაზრდა. „და გული იტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, არავინ სცის მას“ (ლუკა 15.16). მოჩვენებით საკვებს აწვდიდა ამ მოჩვენებით თავისუფლებაში, რომელიც არის სიამოვნება ხორციელი და ესეც კი ჰქონდა და არც ჰქონდა, რამეთუ წარმავალია ხორციელი სიამე, როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე ეფესელი ამბობდა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, სულ ახალი და ახალი წყლები მოაქვს. საერთოდ, როგორია ეშმაკის ბუნება: ვიდრე ცოდვაში შეგიყვანს, ლამაზად დაგიხატავს ცოდვას (მაცდური ამიტომ ჰქვია), როგორც კი შეგაცოდინებს, ცდილობს სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს.
მაშ, „გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან“. რქა, რომელიც აქაა ნახსენები, სხვანაირად იოანე ნათლისმცემლის პურად იწოდებოდა. ერთგვარი მცენარეა პურის მსგავსი რომელსაც ნათლისმცემელი იოანეც იღებდა, როცა უდაბნოში მოღვაწეობდა. მაშ, უმნიშვნელო საზრდელიც კი ენატრებოდა.
„და მოეგო რა თავსა თჳსსა, თქუა“ (ლუკა 15.17). მაგრამ როდის მოეგო გონს? მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოაკლდა, რაც შიმშილი ჩამოვარდა, იმის შემდეგ, რაც სულიერად გაღატაკდა, თუმცა ხატად და მსგავსად ღვთისა, იყო ისიც შექმნილი. მაშ, თქვა, როცა გონს მოეგო, თავის თავში: „რავდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები“ (ლუკა 15.17). ე.ი. მსახურები უფრო უმოლხინესად არიანო, ვიდრე მე, კანონიერი შვილი. „აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა, მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“ (ლუკა 15.18,19). ღრმა ყოფილა მასში სინანული! არ გთხოვ, რომ მიმიღო, როგორც შვილი, მიმიღე თუნდაც მხოლოდ როგორც მსახურთაგანი, რადგან მე შვილობის მადლი ვერ შევიტკბე. მაგრამ ჩვენ ვნახავთ, როდესაც უმცროსი შვილი მამის მოწყალების მოწმე გახდება, მართალია აღიარებს თავს ცოდვილად, მაგრამ აღარა სთხოვს, რომ მსახურად მიიღოს, რადგან ზედმეტია ამგვარი სათხოვარი, რამეთუ მამამ აღადგინა შვილის ღირსებაში. რა გზით? მაგაზედ ცოტა ხნის შემდეგ იგავიდან მოგახსენებთ. „და აღდგა (ყოველივე ამის შემდეგ) და მოვიდა იგი მამისა თჳსისა“ (ლუკა 15.20). „აღდგა“ - არ უნდა გავიგოთ მხოლოდ, რომ წამოდგა და წავიდა. აღდგა, რადგან მკვდარი იყო, როგორც მამა ეტყვის უფროს შვილს: მკვდარი იყო შენი ძმა და გაცოცხლდა. ცოდვები სიკვდილს უტოლდება. ცოდვებისაგან განწმენდა კი სინანულითა და აღსარებით ხდება, რასაც წმ. იოანე ოქროპირმა ახალი ნათლისღება და სულიერი აღდგომა უწოდა. მაშ, „აღდგა (აღდგა ფეხითაც და აღდგა გულითაც) და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა“ (ლუკა 15.20). შესაძლოა მოგაგონდათ ცნობილი ტილო რემბრანდტისა „უძღები შვილის დაბრუნება“. მამამ შორიდანვე შეიცნო შვილი, განიცადა მისი ამგვარი დაცემა და შეეწყალა. „და მირბიოდა“, კი არ დაელოდა, როდის მოვიდოდა! რაოდენმა სიყვარულმა იფეთქა მის გულში. „და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას“ (ლუკა 15.20). „და ჰრქუა მას ძემან მან“ (ლუკა 15.21). ნახეთ, მამა უმცროს შვილს არ განიკითხავს არც მაშინ, როცა ქონება მოითხოვა, თუმცა მოგახსენეთ შეეძლო სიკვდილამდეც არ მიეცა მისთვის, არც მაშინ, როცა ასეთ საცოდავ დღეში ნახა, სიტყვაც კი არ დასძრა მამამ, არამედ ატირდა. იცით, რომ დიდი სიყვარული როცა მოგაწვება გულზე, სიტყვებსაც ვერ პოულობ გრძნობის გამოსახატავად. მაშ, იხილა რა ყოველივე ეს, ძემან მან უთხრა... მართალია, შეწყალების იმედი მიეცა, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩათვალა, ეღიარებინა თავისი შეცოდება. ზოგიერთი არაეკლესიური იტყვის ხოლმე: მე ვნანობ ცოდვებს, რაღა საჭიროა აღსარება? აუცილებელია სინანულის გამოთქმა. ჯერ ერთი, ქრისტეს მორჩილებისთვის, რამეთუ უფალი გვასწავლის ამას. ამასთან იოანე ღვთისმეტყველიც განგვიმარტავს პირველ ეპისტოლეში (I იაონე 1.9) და მერმე, თუ ჩვენ არ გამოვთქვამთ სინანულს აღსარებაში იგი თითქოს, ერთგვარ „ჩაწოლილ ქანებად“ იქცევა ჩვენს სულში და გვიბლაგვებს ჭეშმარიტების შეცნობის უნარს..
„და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“ (ლუკა 15.21).
„ჰრქუა მამამან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა“ (ლუკა 15.22). მამათა განმარტებით, მონებში ზეციური ძალები, ანგელოსები უნდა ვიგულისხმოთ. მოდით, ვნახოთ, რა სიმბოლური მნიშვნელობებია ჩადებული სამოსელში, ბეჭედში, ხამლში, რატომ უბრძანა მამამ, ასე რომ შეემოსათ მისი უძღები შვილი. „სამოსელი“ ბერძნულ ორიგინალში არის „ტოლე“, რაც ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს გრძელ და ფართო სამოსელს, რომელსაც დიდებულები ატარებდნენ. მაშასადამე, როდესაც მამამ შეჰმოსა ურწემესი შვილი, ამით აჩვენა რომ უკვე დაიწყო მისი აღდგენა შვილის პატივში, დიდებულის პატივში. „ხამლი“ განასახიერებს ღვთიურ მადლს, რომელიც შეგვეწევა ქრისტეს მცნებათა გზაზე სიარულში. ხოლო ბეჭედი შვილის ღირსებაში საბოლოოდ აღდგენას მოასწავებს, რადგან მხოლოდ კანონიერი შვილები და არა, ვთქვათ, გერები და არაკანონიერი გზით გაჩენილი შვილები ატარებდნენ ბეჭედს, მამისაგან ბოძებულს. ამრიგად, როცა ბეჭედი შეაცვა „მარჯვენესა მისსა“, როგორც ქორწინება - გვირგვინობის საიდუმლოებაშია ნათქვამი, ამით საბოლოოდ აღადგინა შვილი თავის ღირსებაში, შვილის პატივში დააბრუნა. მეორეს მხრივ, სულიერი განმარტებით ეს ყველაფერი ნიშნავს შემდეგს: ნათლისღებით წმინდა ემბაზიდან ნათელი ჭეშმარიტი შევიმოსეთ. (ამიტომაც ნათლისღების შემდეგ მოძღვარმა თეთრი სამოსელი უნდა შემოახვიოს ახლად ნათელღებულს ნიშნად იმისა, რომ მოკვდა ძველი ადამიანი, დაეფლა ემბაზში და აღმოშობა ემბაზმა ახალი ადამიანი. პირველი ქრისტიანები, როცა მეტი ღვთისმოსაობა ჰქონდათ, 7 დღე თეთრი სამოსლით იარებოდნენ, რომელსაც შეიმოსავდნენ ნათლობის ჟამს. მეშვიდე დღეს მოჰყავდა კვლავ მიმქმელს ახლადნათელღებული, და მღვდელი ლოცვებით მოჰბანდა მირონს, მოჰკვეცდა ჯვარის სახედ თმას ნიშნად ჯვარცმულისადმი რწმენისა და მხოლოდ ამის შემდეგ განმოსავდა თეთრ სამოსელს).
მაშასადამე, ამ შვილმაც, განიმოსა, განიძარცვა სამოსელი თავისი უკეთური ცხოვრებით, მაგრამ ზეციურმა და მოწყალე მამამ თავისი სიყვარულიდან გამომდინარე კვლავ შემოსა იგი. მამას კაცთათვის რომ მიეტევებინა ცოდვები, აუცილებელი იყო სისხლი ძისა მისისა, უფლისა იესუ ქრისტესი, რომლითაცა პკურებულ ვართ. ამიტომაც მწვალებლების და სხვათა სამხილებლად და საკდემელად ნათქვამია, რომ როცა უკვე გარეგანად აღადგინა უძღები შვილი უწინდელ პატივში, უბრძანა მონებს: „და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ და ვჭამოთ და ვიხარებდეთ“ (ლუკა 15.23). მოიბთ ნიშნავს გამოიბით, გამოუძეხით და წამოიყვანეთ დასაკლავად. ქრისტესაც ხელნი შეუკრეს, ჯვარი მოჰკიდეს ქედზედ და გაუყენეს გოლგოთის ბილიკებს. სწორედ აქ მოხდა დაკვლა (ჯვარცმა) ამ ჭამებული ზვარაკისა ანუ ქრისტე იესუსი... „და ვჭამოთ და ვიხარებდეთ“. სიხარული წარმოუდგენელია ამ დაკლული ზვარაკის გარეშე და, წმ. მამათა განმარტებით, აქ ზიარების საიდუმლოებაზეცაა მინიშნება. დღესაც, ამ ტაძარშიც, ჩემ ცოდვილის ხელით წინასწარმეტყველთა სიტყვებითა და სიმბოლური მოქმედებებით და სულიწმიდის გარდამოსვლით გარდაისახა დაკლული ზვარაკის - ქრისტე იესუს წმიდა და ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად წინადაგების ძღვენი - პური და სისხლისფერი ღვინო. აქ, ხსენებულ ადგილას, მინიშნებაა უკვე ზეციურ სასუფეველზე, სადაც ზეციური ტრაპეზობაა, რაც წარმოუდგენელია, ჭამებული ზვარაკის სისხლის გარეშე. რატომ არის ნათქვამი ზვარაკი ჭამებული და არა უბრალოდ „ზვარაკი“?. ამით ხაზგასმულია ის, რომ ეს ზვარაკი ჩვეულებრივი კი არ არის, არამედ „ჭამებულია“. ქრისტე ძეა მამისა, ჩვენც - „ძენი მაღლისანი“, მაგრამ იგი ძეა ბუნებით, ხოლო ჩვენ „შვილ ღმრთისანი“ ვიქმნებით მადლის მიერ, ამის გამოც იგია ოდენ მხოლოდშობილი ძე მამისა და ჩვენ რომ ღმერთს ვშვილებოდით, აუცილებელი იყო მაცხოვრის მხსნელი ვნებები. მამა მსახურებს ეტყვის: „ძე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“ (ლუკა 15.24). ამით სჩანს, ის, რომ ღვთიური მამა სასუფევლის საიდუმლოებებს, ზოგიერთ საიდუმლოებათაგანს ანგელოსებსაც განუმარტავს. მართლაც, ასე გვასწავლის წმ. დიონისე არეოპაგელი: როდესაც უფლის საყდრიდან გამოდის სიტყვა, ლოცვა-კურთხევა ყოვლადწმიდა სამებისა, იგი უწინარეს ყოველთა პირველი ტრიადის ანგელოსებს და მათ შორის უპირველესთ ექვსფრთიან ცეცხლოვან სერაბინებს გადაეცემათ. სერაბინმა შეიძლება გააჩეროს თავის თავში სიტყვა ღვთისა (ღვთიური სიბრძნით უწყის), შეიძლება გადასცეს შემდეგი დასის ანგელოზს და ა.შ., მაგრამ იცით, რომ არის ისეთი საიდუმლოებანი, როგორც პავლე მოციქული გვამცნობს, რომლებიც ანგელოსთათვის გვერდის ავლით ეკლესიას გაუმჟღავნა ერთბაშად ღმერთმა წმინდანთა სახით.
„და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა მას ხმა სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას“ წმ. ექვთიმე ამაზედ ამბობს: „უფროსი ძმის დრტვინვიდან ჩანს, რომ ღმერთი მონანულ ადამიანს იმგვარ მადლს აძლევს, რომ შეიძლება ამან სხვებში შურიც კი გამოიწვიოს“. ყველაფერს აღემატება ღმერთის სიყვარული, მისი სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს, რაც ზოგიერთ ადამიანში, იწვევს შურს. ხომ გახსოვთ მეათერთმეტე ჟამის მუშაკი? მთელი დღის სიმძიმილი ჩვენ გადავიტანეთ, ეს კი ახლა მოვიდა, ერთი ჟამი წაიმუშავა და იგივე მიიღოო. გახსოვთ პასუხი? - რა გინდა, ჩემო კეთილო, განა რაც აღგითქვი - ერთი დრაკჰანი - არ მოგეცი და რატომ არის თვალი შენი შურიანი, მე თუ მნებავს, მოწყალე ვიყო (მათე 20.13-15)?
იმდენად განრისხდა უფროსი ძე, რომ არც კი შედიოდა სახლში მამისა, „ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას“. რამდენად თავმდაბალია მამა! როცა შვილმა არ ინება შესვლა, მამა თვითონ მოვიდა, მასთან, ანუ, როდესაც ცოდვით ღვთისადმი გაუცხოებულნი არ დავბრუნდით მასთან, ღმერთი თვითონ მოვიდა ჩვენთან, რამეთუ თავმდაბლობა და უბრალოება თვისებაა ზეციური მამისა, მისგან შობილი ძისა და მისგან გამომავალი სული წმიდისა.
„და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა, ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე“ (ლუკა 15.29). „იუდეველი თიკანს მოითხოვს, ქრისტეანი - კრავს; ამიტომაც მათ (იუდეველებს) ბარაბა (ავაზაკი), ჩვენთვის კი ქრისტე ზვარაკი დაიკვლის“ (წმ. ამბროსი მედიოლანელი). რა პოეტურად, ღრმად და ლაკონურადაა გამოთქმული, ერთის მხრივ, ჩვენი გამოხსნის საიდუმლოება და მეორეს მხრივ, იუდეველთა ცუდმედიდობა და უგუნურება. თიკანიც კი არ მოგიციაო, თუმცა უმადურს მთელი მემკვიდრეობა ეკუთვნოდა. „და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო შენ მარადის ჩემთანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს“ (ლუკა 15.30,31). სინამდვილეში უფროს შვილს სიბრძნე რომ ჰქონოდა, მიხვდებოდა, ზვარაკი, პირველ ყოვლისა, მისთვის იყო დაკლული, რადგან მოგეხსენებათ, ქრისტე უპირველესად ისრაელიანთა საცხოვნებლად მოვიდა და მერმეღა სხვათა (წარმართთა). მაგრამ ღვთის განგებით, მოხდა, როგორც პავლე მოციქული განმარტავს, რომ იუდეველებმა - (უფროსმა ძმამ) - არ მიიღეს მაცხოვარი, რათა მათი დაცემით წარმართები გამდიდრებულიყვნენ და თუ მათი დაცემა, ასეთი გამდიდრება იყო ჩვენთვის, წარმართთათვის, რაღა იქნება მათი წამოდგომა? და იგივე პავლე მოციქულიდან გახსოვთ წინასწარმეტყველება, რომ ყველაზე ბოლოს ებრაელები მოიქცევიან, თუმცა არა ყველა და ეს მოხდება ილიასა და ენუქის გამოჩენის ჟამს იერუსალიმში, რომელიც იმხანად ანტიქრისტესეული, ერთიანი მსოფლიო სახლის დედაქალაქი იქნება, ანუ ახალი ბაბილონი.
„ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულება და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“ (ლუკა 15.31,32) აი, რა არის ჩემი სიხარულის მიზეზი. მართალი ისედაც ცხონდება, წადი და ისწავლე, - წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი.
დასასრულ შევაჯამოთ ჩვენგან წარმოთქმული ერთ-ერთი მამის განმარტებით „იგავში უძღები შვილის შესახებ უფალი გვიჩვენებს, რომ ყველაზე უკანასკნელი ცოდვილიც კი შეიძლება წამოდგეს და ღმერთი მონანულ ცოდვილებს სიხარულითა და მამობრივი სიყვარულით იღებს... ჩვენ ზეციური მამის სახლში ანგელოსთა უმცროსი ძმები ვართ... და ჩვენ მისგან გარკვეული მემკვიდრეობა მივიღეთ - სხვადასხვაგვარი ბუნებითი და მადლიანი ნიჭები... (ამიტომაც არ უნდა ვიქოთ თავი, ესა თუ ის ნიჭი როცა გვაქვს, ღმერთი ადიდე - ნამდვილი მიზეზი ამ ნიჭიერებისა). მაგრამ ჩვენ მამისაგან შორეულ ქვეყანაში მივეშურებით, ანუ ცოდვის მხარეში... და განვაბნევთ იქ ქონებას (ანუ) ვკარგავთ (საღვთო) მადლს“... თქვენ იცით, რომ საბოლოოდ მადლს ნათელღებული ადამიანი ამქვეყნად არ კარგავს, თუმცა ცოდვების გამო მადლი და მფარველი ანგელოსი შეიძლება ერთგვარად განშორდეს. სვიმონ მესვეტის ცხოვრებიდან მოგაგონებთ: ჩაუარა ერთმა ადამიანმა, დალოცა სვიმონმა, მეორემ გაიარა და ტიროდა მისთვის და დაეკითხნენ მოწაფეები, ასე უცნაურად რატომ იქცევიო. საქმე ისაა, გონების თვალით დაინახა, რომ ვინც დალოცა, ანგელოსებს თითქოს ხელჩაკიდებული მიჰყავდათ წმინდა ცხოვრების გამო, მეორეს კი შორს მოჰყებოდა მფარველი ანგელოსი, ტიროდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ არ წარეწყმიდა, დრო მიეცა ამ ცოდვილი ადამიანისთვის, რათა მოენანიებინა თავისი ცოდვები. ხოლო ამიტომაც თუ ადამიანი სინანულს აჩვენებს, კვლავ ხდება მისი შემოსვა და შვილის ღირსებაში აღდგენა. მაშ, ჩვენ განვაბნევთ იქ ქონებას, „უცხო ქვეყანაში, - ცოდვის ქვეყანაში - განვეშორებით ღვთის წყალობასა და საფარველს, რის შემდეგაც ვიწყებთ ეშმაკთა სამსახურს (ანუ მეღორეობას), რომელიღაც საცოდავი შვება-განცხრომისათვის, რომლითაც დემონები გვაჯილდოვებენ, - ანუ მოჩვენებითი, წარმავალი, წუთიერი სიამოვნებისათვის უარს ვამბობთ ზეციურ მოქალაქობასა და შვილის ღირსებაზე... მაგრამ სულს, რომელიც ღვთისაგან შთაებერა ადამიანს, არ შეუძლია ასეთ საზრდელს დასჯერდეს და სინანულით ბრუნდება მამასთან“...
სინანულის ამ წმინდა დიდმარხვაში ჩვენც სინანულს დავუდოთ დასაბამი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება, ამინ.