მამა არსენი

პირველი ნაწილი

 

ბანაკი

წინათქმა

ამ ბოლო დროს „პიროვნების კულტის“ დროინდელ პოლიტიკურ პატიმართა ცხოვრების შესახებ ბევრს წერენ.

მათზე საუბრობენ მეცნიერები, სამხედრო პირები, მწერლები, ძველი ბოლშევიკები, სხვადასხვა პროფესიის ინტელიგენტები, მუშები, გლეხები. იგონებენ დაკითხვის დეტალებს, იმ საშინელ ბანაკებსა და ციხეებში გატარებულ წლებს. მაგრამ ჯერ არავის უამბია ამ ბანაკებში გარდაცვლილი უამრავი მორწმუნის შესახებ, არავის უამბია თუ რა გაუგონარ წამებას იტანდნენ ყოველ დაკითხვაზე მართლმადიდებლები.

ისინი თავისი რწმენისათვის ეწამებოდნენ და იხოცებოდნენ, სიკვდილის პირასაც არ უარყოფდნენ ღმერთს, ადიდებდნენ უფალს და უფალიც არ ტოვებდა მათ.

„დადება საცოსი პირთა ზედა“, ნიშნავს დავიწყებას მიეცეს მილიონობით წამებულის ტანჯვა, მათი მოწამებრივი ღვაწლი და გარდაცვალება, ჩვენთვის, დედამიწაზე მცხოვრებთათვის რომ ევნენ ღვთის სახელით.

მათი სახელები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ეს არის ჩვენი ვალი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საუკეთესო ადამიანები დაიღუპნენ იმ მძიმე ჟამს: მღვდლები, მღვდელმთავრები, ბერები, მონაზვნები და უბრალოდ, ღრმადმორწმუნე ადამიანები, რომელთა გულებში პირველმოწამე ქრისტეანთა რწმენის ტოლფასი, უქრობი ცეცხლი გიზგიზებდა.

ამ მოგონებებში ჩვენს წინაშე წარმოჩნდება ერთი, მხოლოდ ერთი იმ მრავალრიცხოვან მოღვაწეთაგანი... არადა, რამდენნი კი იყვნენ ისინი, ჩვენთვის რომ დაიღუპნენ?!

კაცობრიობა ოცი საუკუნის განმავლობაში აგროვებდა სხვადასხვაგვარ ცოდნას, ქრისტეანობამ კი უკვდავებისკენ სავალი გზა დაანახა ხალხს და ჭეშმარიტ ნათელს აზიარა. მეოცე საუკუნეში კი ადამიანებმა ცოდნის მრავალრიცხოვანი არსენალიდან მხოლოდ ბოროტება გამოარჩიეს და მისი მეცნიერებაზე გადამრავლებით მილიონობით ადამიანს უდიდესი და უხანგრძლივესი ტანჯვა და მოწამეობრივი სიკვდილი მიანიჭეს. ღვთის ნებით ჩემი საბანაკო ცხოვრების მცირე მონაკვეთი მამა არსენთან ერთად გავატარე, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა ჩემში რწმენა გაღვიძებულიყო, მის სულიერ შვილად ვქცეულიყავი, მის გზას გავყოლოდი, რათა შემეცნო, თუ რა არის ნამდვილი ქრისტეანი.

წარსული არ უნდა დაიკარგოს. წარსულზე, როგორც ქვითკირზე, ეფუძნება ახალი. ამიტომ ჩემს ვალად მივიჩნიე, მამა არსენის განვლილი ცხოვრების ნაწილი შემეგროვებინა.

მამა არსენის შესახებ ძვირფასი ცნობების მოსაპოვებლად მომიწია მისი სულიერი შვილების გაცნობა, მისი მეგობრებისადმი და სულიერი შვილებისადმი მიწერილი წერილების, მისი ნაცნობების მიერ ჩაწერილი მოგონებების მოძიება.

მამა არსენს მრავალი სულიერი შვილი ჰყავდა. ყველგან, სადაც კი მას, უფლის ნებით, დასახლება უწევდა, მრავლად ჩნდებოდნენ ისინი მის გარშემო. იყო ეს ის ქალაქი, სადაც იგი მოღვაწეობდა, როგორც ხელოვნებათმცოდნე მეცნიერი და სადაც იგი მღვდლად აკურთხეს, თუ გადასახლებაში, სადაც მან ფეხი დაადგა, იყო ეს ნახევრადმივიწყებული სოფელი, ჩრდილოეთის უკიდეგანო ტყეებში მიკარგული პატარა ქალაქი, თუ „განსაკუთრებული რეჟიმის“ საშინელი ბანაკი, მან ყველგან შეძლო მრევლი შემოეკრიბა.

ინტელიგენტები, მუშები, გლეხები, კრიმინალები, პოლიტიკური პატიმრები, ძველი ბოლშევიკები, ორგანოს მუშაკები – მასთან შეხვედრისას ყველანი მისი სულიერი შვილები, მეგობრები, მორწმუნეები და მისი მიმდევრები ხდებოდნენ.

მამა არსენთან შეხვედრებისას ვცდილობდი ბევრი რამ გამეგო მისი ცხოვრების შესახებ. თუმცა მას მრავალჯერ უსაუბრია ჩემთან, საკუთარ თავზე ლაპარაკს ყოველთვის ერიდებოდა. ზოგიერთი რამის ჩაწერა მის სიცოცხლეშივე მოვახერხე. როდესაც ჩემს ჩანაწერებს მივცემდი ხოლმე გადასაკითხად, ვეკითხებოდი: „ეს ასე იყო?“ იგი მუდამ მპასუხობდა: „კი, ასე იყო“. მაგრამ თან აუცილებლად დაუმატებდა: „უფალი ყველა ჩვენგანს სხვადასხვა გზით გვატარებდა და ყოველ ადამიანს, თუ დავაკვირდებით მის ცხოვრებას, მრავალი რამ მოეძებნება ისეთი, რაც ყურადღების და აღწერის ღირსია. ჩემი ცხოვრება, ისევე, როგორც ყველასი, მუდამ სხვა ადამიანთა ცხოვრებასთან იყო გადაჯაჭვული. ბევრი რამ გადამიტანია, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა“.

არაერთგზის შეუსწორებია ჩანაწერში უზუსტობანი. მოგონებების კითხვა უფრო იოლი რომ ყოფილიყო, ზოგიერთი ამბავი დროში გადავაადგილე, შევცვალე ადგილების სახელწოდებები, თითქმის ყველა მონაწილის სახელი, რადგან მრავალი მათგანი ჯერაც ცოცხალია.

მასალის მოძიების პროცესი, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ასეთი ძვირფასი მოგონებებისა და წერილების მოხელთება რად ღირს?! თუმცა ეს ჩანაწერები მაინც მწირი მეჩვენება საიმისოდ, რომ სრულყოფილად დაგვანახოს მამა არსენის პიროვნება და ცხოვრება.

სამუშაოს დაწყებისას არც კი ვიცოდი, რა სახის მასალას შევაგროვებდი და რა მოცულობის წიგნი გამოვიდოდა, ახლა კი ნათლად ვხედავ, რომ მოგონებები და ეს ჩანაწერები სამ ნაწილად უნდა დაიყოს: „ბანაკი“ – ასე ერქმევა პირველ ნაწილს, მეორე ნაწილს – „გზა“, რომელშიც ცალკეული წერილები, მოგონებები, მამა არსენის ნაცნობთა მონათხრობი შევა, მესამე ნაწილს კი ასე ვუწოდებ – „შვილები“.

ამ მასალას ჩემთან ერთად წერდა და აგროვებდა მამა არსენის უამრავი ნაცნობი და მოყვარული ადამიანი, მისი სულიერი შვილები და ეს წიგნიც სწორედ მათ ეკუთვნით. მე მხოლოდ ვცდილობდი, ისევე როგორც ბევრი მისი სულიერი შვილი, ჩემი შრომით მცირეოდენი ღვაწლი გამეღო იმ ადამიანისადმი, რომელმაც გადამარჩინა და ახალი ცხოვრება მომანიჭა.

ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ მოიხსენეთ მონა ღვთისა ალექსანდრე და ეს იქნება ყველაზე დიდი საზღაური ჩემთვის.

 

„ურთიერთარს სიმძმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2)

ბანაკი

უკუნი ღამე იყო და მკაცრი ყინვა უჭერდა, საშინელი ქარბუქი გამძვინვარებული მხეცივით ღმუოდა. ჰაერში ატრიალებდა თოვლის ნამქერს და მის ნაფლეთებს აქეთ-იქით მიმოფანტავდა. ხანაც უეცარი მყუდროება დაისადგურებდა და მაშინ ღამის წყვდიადში, მიწაზე სინათლის გიგანტური ლაქა გამოიკვეთებოდა. შუქის ზოლებში, დაბლობზე გადაშლილი ქალაქი გაწოლილიყო. ბარაკები, ბარაკები, ბარაკები ფარავდა მიწას.

პროჟექტორებითა და გუშაგებით გაშემორტყმული საგუშაგოები, ჰორიზონტს მიღმა იკარგებოდა. ბოძებს შორის რამდენიმე რიგად გაჭიმულიყო მავთულხლართები. ღობეებს შორის პროჟექტორების დამაბრმავებელი შუქის ზოლები გაწოლილიყო.

გუშაგი ძაღლები ეკლიანი მავთულის პირველ და ბოლო რიგებს შორის დაძრწოდნენ. ზოგიერთი საგუშაგოდან ჩამოვარდნილი პროჟექტორის სხივები მიწაზე ეცემოდა, მიწურების სახურავზე ცოცდებოდა, მერე კვლავ ვარდებოდა მიწაზე და კვლავ მიექანებოდა მავთულით გარშემორტყმულ ბანაკის ტერიტორიაზე.

პროჟექტორების ნაწილი ბანაკის გარეთა სივრცეს „აკონტროლებდა“ და გარკვეული სექტორის „შემოვლის“ შემდეგ კვლავ ეკლიანი მავთულის რიგებს უბრუნდებოდა, რათა რამდენიმე წამში იმავე გზაზე „გაევლო“.

საგუშაგოებზე მდგომი ავტომატიანი ჯარისკაცები განუწყვეტლივ ათვალიერებდნენ სივრცეს მავთულხლართების რიგებს შორის. მიყუჩებული ქარი უეცრად კვლავ აიწყვეტდა, ყველაფერი ღმუოდა, გუგუნებდა, ეკალივით ბასრი თოვლის ნამქერი ფარავდა შუქის ლაქას და ველს წყვდიადი ეფინებოდა.

განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკს ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც ბანაკის შესასვლელში უეცრად დარტყმის ხმა გაისმა. ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა და შემდეგ ფოლადის ლიანდაგები ბანაკის სხვადასხვა ადგილში აჟღარუნდა.

საგუშაგოებზე პროჟექტორები შფოთიანად „აფუსფუსდნენ“, ბანაკის ჭიშკარი გაიღო და ზონაში ერთიმეორეს მიყოლებით, „აღმზრდელებით“, ზედამხედველებით, რეჟიმის მუშაკებითა და დაქირავებული მუშებით დატვირთულმა გადახურულმა სატვირთო მანქანებმა დაიწყეს შემოსვლა.

მანქანები ბანაკის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით გაემართენ. ისინი ჩერდებოდნენ ბარაკებთან, სატვირთო მანქანებიდან ოთხ-ოთხი ადამიანი გადმოხტებოდა, მიდიოდა ბარაკთან, შემოუვლიდა ყოველი მხრიდან, ამოწმებდა გისოსებს ფანჯრებზე, კლიტეებს კარებზე, კედლებთან საეჭვო ორმოებს, ან პატიმართა გაქცევის დამადასტურებელ სხვა რაიმე ნიშანს.

შემოწმების შედეგად, იმაში დარწმუნებულნი, რომ არაფერი დაზიანებულა, ზედამხედველები ბარაკების კარებს აღებდნენ. ამ დროს პროჟექტორები უფრო და უფრო განაგრძობდნენ „ფუსფუსს“, გუშაგები კი დაკვირვებით ათვალიერებდნენ სადაზვერვო კოშკებიდან ბანაკს. მავთულხლართების რიგებს შორის ძაღლები კუთვნილი მონაკვეთის შემორბენას აგრძელებდნენ.

განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკი თავის სამუშაო დღეს იწყებდა. ათასობით, ათეული ათასობით პატიმარი იწყებდა მუშაობას. სიბნელე ნელ-ნელა იფანტებოდა, ჩრდილოეთის რუხი ზამთრის განთიადი იწყებოდა, ქარი კი ძველებურად ფლეთდა თოვლს, ღმუოდა და გუგუნებდა, და სულ უფრო შორს მიაქანებდა უხეშ, სუსხიან ნამქერს.

ბანაკის ზონის გარეთ, ცოტა მოშორებით, რამდენიმე კოცონი ენთო, მათი ალი ხან აგიზგიზდებოდა, ხანაც მიინავლებოდა.

კოცონები დღე და ღამე განუწყვეტლივ ენთო და ისინი ათბობდნენ ძმათა სასაფლაოს გათოშილ მიწას. იმ მიწას, რომელიც გარდაცვლილი პატიმრებისათვის იყო განკუთვნილი. ბანაკი ყოველდღიურად იქ ასობით თავის მაცხოვრებელს აგზავნიდა, რითიც ხარკს უხდიდა ბანაკის დადგენილ რეჟიმს.

 

ბარაკი

„განსაკუთრებული რეჟიმის“ ბანაკი გამოცოცხლდა. ბარაკების კარებს აჯახუნებდნენ, პატიმრები ქუჩაშის გამორბოდნენ და მწყობრში დგებოდნენ შესამოწმებლად. ისმოდა ყვირილი, გინება, ვიღაცას ცემდნენ.

სიციქე, გამჭოლი ქარი და სიბნელე უმალ შთანთქავდა ტუსაღებს. ბრიგადების მიხედვით მწკრივში ჩაწყობილები, მიემართებოდნენ ისინი „ულუფის“ მისაღებად, იქიდან კი – სამუშაო ადგილისკენ.

აშმორებული ტანსაცმლის, ოფლის, განავლის, ჭრაქის სუნით გაჟღენთილი ბარაკი დაცარიელდა.

დაცარიელებულ მიწურს თითქოს ექოდ შემორჩენოდა ზედამხედველების ყვირილი, სულის შემძვრელი გინება, ადამიანთა ტანჯვის გამოძახილი, დანაშაულის სიმყრალე და შიშველი სკამებისა და ნარების შემყურეს, დერეფნებს შორის მიმავალს, გულის ამრევი სევდა გიპყრობდა. ბარაკში შემორჩენილი სითბო სიცოცხლეს მოასწავებდა და სიცარიელის გრძნობას აქარწყლებდა.

ოცდაშვიდ გრადუსიანი ყინვა და საშინელი ქარბუქი, არა მხოლოდ სამუშაოდ წასული პიტიმრებისათვის იყო სახიფათო, არამედ მათი გამცილებელი თბილად ჩაცმული მცველებისთვისაც.

ისინი, ვინც რამდენიმე წუთის წინ მიწური დატოვეს, ქუჩაში შიშით გადიოდნენ. მათ ელოდათ სამუშაო, რომელიც ყოველ მათგანს გაუგებარი მოთხოვნებით, უაზრო სისასტიკით, ბანაკის უფროსობის მიერ შექმნილი გადაულახავი სიძნელეებით აშინებდა.

პატიმრების მიერ შესრულებული სამუშაო საჭირო იყო, მაგრამ ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რომ შრომა აუტანელი გამხდარიყო. განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკში ყველაფერი ძნელი, მტანჯველი და საშინელი იყო, ყველა ღონე ხმარდებოდა იმას, რომ ადამიანები ნელი სიკვდილით დაეხოცათ. ბანაკში გზავნიდნენ „ხალხის მტრებს” და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომელთა დანაშაული მხოლოდ სიკვდილით – დახვრეტით ისჯებოდა, რასაც „განსაკუთრებულში“ მოთავსებით უცვლიდნენ, იქედან გამოსვლა კი თითქმის შეუძლებელი იყო.

მამა არსენი, წარსულში პეტრე ანდრიას ძე სტრელცოვი, ამჟამად „ზეკ“-ი – ტუსაღი №18376, ამ ბანაკში ნახევარი წლის წინ მოხვდა და ამ დროის განმავლობაში, ისევე, როგორც ყველა აქ მცხოვრები, მიხვდა, რომ აქედან ვეღარასდროს გავიდოდა.

ზურგზე, ქუდზე და სახელოებზე დაკერებული ჰქონდა ნომერი 18376, რაც მას, ისევე როგორც ყველა პატიმარს, „ადამიან-რეკლამას“ ამსგავსებდა.

ღამე ჯერ ბნელ განთიადად, ხოლო შემდეგ მოკლე, ნახევრად ბნელ დღედ გადაიქცეოდა ხოლმე, მაგრამ ამჟამად ნათურები და პროჟექტორები ჯერ კიდევ ანათებდნენ ბანაკს.

მამა არსენი ბარაკის მუდმივი მორიგე იყო, შეშას აპობდა და იღლიით ეზიდებოდა ბარაკის ღუმელებამდე.

„უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, – გამუდმებით იმეორებდა სამუშაოს შესრულებისას.

შეშა ნესტიანი და გაყინული იყო, ძნელად იჩეხებოდა. ნაჯახს და ცულს ზონაში არ იძლეოდნენ, ამიტომ შეშის ნაფოტებს ჩეხავდნენ ხის სოლით, რომელსაც შეშის მეორე ნაჭრით არჭობდნენ მასში.

მძიმე, გაყინული შეშის ნაჭერი მამა არსენს სუსტი ხელიდან უცურდებოდა, გვერდზე ხტებოდა და ვერა და ვერ ახვედრებდა სოლის თავს, ამიტომაც სამუშაო ჭიანურდებოდა.

უკიდურესი დაღლილობა, გამოფიტვა, საბანაკო ცხოვრების დამქანცველი რეჟიმი მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა – ყველაფერი მძიმე და აუტანელი იყო. პატიმრების მოსვლამდე უზარმაზარი მიწური უნდა გამთბარიყო, დაგვილიყო და დალაგებულიყო. თუ ვერ მოასწრებდა – ზედამხედველი კარცერში გააგზავნიდა, ტუსაღები კი სცემდნენ.

საერთოდ, ბანაკში ძირითადად პოლიტპატიმრებს ცემდნენ, ასეთი საქციელი უფროსობას ბანაკში შიშის დასანერგად სჭირდებოდა. ტუსაღები ამ პატიმრების ცემისას „გულს იოხებდნენ“ და მოზღვავებული სიძულვილისა და სისასტიკისგან თავისუფლდებოდნენ ხოლმე. ყოველდღე ვიღაცას ცემდნენ, ცემდნენ მოხერხებულად, სიამოვნებით და სიხარულით, მათთვის ეს ერთგვარი გართობა იყო.

„უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. შემეწიე, შენდამი აღეიმსთობ. უფალო და დედაო ღვთისა, ნუ მიმატოვებთ, მომეცით ძალა“ – ლოცულობდა მამა არსენი და, დაღლილობით ღონემიხდილი, ღუმელებამდე, თითო–თითო იღლია შეშას ეზიდებოდა.

შეკეთების დრო იყო. ღუმელები სრულიად გამონელდა და სითბოს აღარ გამოსცემდა. მათი გახურება იოლი არ იყო: შეშა ნედლი იყო, მშრალი შესაკეთებელი კი ცოტა. გუშინ მამა არსენმა მოაგროვა მშრალი ფიჩხი; ერთ-ერთ ღუმელთან, კუთხეში დააწყო და გაიფიქრა: „გადავინახავ მშრალ შესაკეთებელს და ხვალ მისი დახმარებით შეშას სწრაფად მოვუკიდებ“. დღეს იმ ფიჩხის მოსატანად წავიდა, ტუსაღთა „შპანამ“ კი აიღო და ჯიბრზე წყალი გადაასხა.

ღუმელების გახურების დრო მოვიდა, თუ დააგვიანებ – პატიმრების მოსვლამდე ბარაკი ვერ გათბება, მამა არსენი გაექანა ბარაკის უკან არყის ხის ქერქის ან მშრალი ფიჩხის მოსაძებნად, თან ლოცულობს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი – თან დასძენს – იყავნ ნება შენი“.

შეშა ბარაკის უკანაა, გადაათვალიერა და ნახა, რომ იქ არც ქერქია და არც ფიჩხი, არ იცის, ღუმელები როგორ გაახუროს.

სანამ მამა არსენი შეშას ათვალიერებდა, მეზობელი ბარაკიდან მორიგე გამოვიდა, ყველაზე მძიმე მუხლით გასამართლებული, უკიდურესი სისასტიკით ცნობილი მოხუცი, ამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ ძველ დროში, მთელ რუსეთში ქუხდა მისი სახელიო. მის სათვალავში იმდენი საქმე ირიცხებოდა, რომ მათ ვეღარც კი იმახსოვრებდა.

თავის საქმეებზე არ საუბრობდა, მაგრამ იმ მცირედისთვისაც კი, რაც მოსამართლემ გაიგო, მიუსაჯეს „უმაღლესი“ – დახვრეტა, შემდეგ შეუცვალეს „განსაკუთრებულით“, რაც ძველი დამნაშავეებისათვის, ხან უარესიც კი იყო. თუ დაგხვრიტეს – უცებ გათავდება შენი წამება, „განსაკუთრებულში“ სიკვდილი კი ნელი და მტანჯველია. ყველა, ვინც შემთხვევით „განსაკუთრებულიდან“ გამოსულა, ინვალიდდებოდა, ამიტომ, იქ მოხვედრილი ადამიანები სასტიკები ხდებოდნენ, რაც იმაში გამოიხასტებოდა, რომ პოლიტიკური და სისხლის სამართლის პატიმრები ცემით სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ.

ამ დამნაშავეს მთელი თავისი ბარაკი მკაცრად ეკავა ხელში, უფროსობასაც კი ეშინოდა მისი. ბიჭებისთვის ერთი თვალის დახამხამება და... უბედური შემთხვევაც სახეზე იყო, მერე მოდექი და იკვლიე.

მოხუცს „სერი“ ერქვა, გარეგნობით სამოც წელს მისცემდი, ერთი შეხედვით გულკეთილი გეგონებოდა, ადამიანებთან საუბარს ალერსიანად იწყებდა, ხუმრობთა, ბოლოს კი გინებით, მასხრად აგდებით და ცემით მთავრებდა.

დაინახა, რომ მამა არსენმა შეშა რამდენჯერმე გადაათვალიერა. შეუძახა: „რას დაეძებ, მღვდელო“? „გუშინ საღამოს შესაკეთებელი მოვამზადე, სახალისოდ წყალი გადაასხეს, აი, დავდივარ, ფიჩხს ვეძებ. შეშა ნედლია. რა ვიღონო, აღარ ვიცი“.

„ჰო, მღვდელო! შესაკეთებლის გარეშე დამთავრებულია შენი საქმე“, – უპასუხა „სერიმ“.

„სამუშაოდან მოსული ხალხი გაიყინება, – აი რა არის ცუდი, მეც მცემენ“, – ჩაილაპარაკა მამა არსენმა.

„წამოდი, მღვდელო, მე მოგცემ შესაკეთებელს“, – მან მამა არსენი თავის შეშასთან წაიყვანა. იქ ფიჩხის მთელი ზვინი იყო.

მამა არსენმა გაიფიქრა: „სერი ალბათ ხუმრობსო“, – იცოდა მისი ხასიათი, მისგან დახმარებას არ ელოდა.

„აიღე, მამაო არსენ, რამდენიც გინდა, აიღე“.

შეუდგა მამა არსენი ფიჩხის შეგროვებას, თან ფიქრობს: „შევაგროვებ, ის კი სხვების გასახალისებლად ცემას დამიწყებს და იყვირებს, „მღვდელი ქურდია“, მაგრამ ამავე დროს გაუკვირდა, რომ „სერიმ“ „მამა არსენი“ უწოდა. გულში ლოცვა თქვა, გონებით პირჯვარი გადაისახა და ფიჩხის მოგროვება განაგრძო.

„მეტი აიღე, მამაო არსენ, მეტი“. „სერი” დაიღუნა, თავად დაიწყო ფიჩხის მოგროვება, ერთი იღლია ფიჩხით ხელში მამა არსენს ბარაკში გაჰყვა. ფიჩხი ღუმელთან დააწყო. მამა არსენმა „სერის” ქედი მოუხარა და უთხრა: „ღმერთმა გაცხონოს“. „სერიმ” არაფერი უპასუხა და ბარაკიდან გავიდა.

მამა არსენმა ღუმლებში ფიჩხი ააკოკოლავა, გარშემო შეშა შემოულაგა და შეუკეთა. პირველი ღუმელი უცებ აალდა, ძლივს ასწრებდა შეშის შეკეთებას, ეზიდებოდა შეშას ღუმლებთან, ბარაკს ალაგებდა, მაგიდებს წმენდდა და კვლავ შეშას ეზიდებოდა.

დღის სამი საათი ახლოვდებოდა, ღუმელები გახურდა, ბარაკში თანდათან სითბო დატრიალდა, ამან მყრალი სუნი კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ სითბომ ბარაკი უფრო ახლობელი და მყუდრო გახადა.

ბარაკში ზედამხედველი რამდენჯერმე მოვიდა და, როგორც ყოველთვის, მისი პირველი სიტყვები დედის გაბოროტებული გინება და მუქარა იყო, ბარაკში შემოვლის ერთ ჯერზე კი იატაკზე ნაფოტი დაინახა, მამა არსენს თავში წამოარტვა, მაგრამ ძლიერად არა.

შეშის ზიდვამ და ღუმელებში განუწყვეტელმა შეკეთებამ სრულიად გამოაცალა ძალა მამა არსენს. სისუსტითა და დაღლილობით თავი უშხუოდა, გულისცემა არეული ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა, დასუსტებულ ფეხებს უძნელდებოდა გამხდარი, გადაღლილი სხეულის ტარება. „ღმერთო, ღმერთო, ნუ მიმატოვებ“, – ჩურჩულებდა შეშის სიმძიმით მოხრილი მამა არსენი და განაგრძობდა ზიდვას.

 

ავადმყოფები

ბარაკში მამა არსენი მარტო არ იყო, კიდევ სამი პატიმარი დარჩენილიყო. ორი მძიმე ავადმყოფი იყო, ხოლო მესამე განგებ რომ დაიზიანა ხელი ნაჯახით, სიმულიანტობდა, გორაობდა, დრო და დრო ჩაეძინებოდა ხოლმე, გამოღვიძებისას წამოიყვირებდა:

„შეუკეთე, ბებრუხანა, ცივა, თორემ გადმოვალ და ყბაში მოგდებ“, – და მაშინვე ჩაეძინებოდა.

ორი დანარჩენი მძიმე მდგომარეობაში მყოფი, იწვა, საავადმყოფოში არ წაიყვანეს, ვინაიდან გადატვირთული იყო. დაახლოებით თორმეტი საათისთვის ბარაკში ექთანი შემოვიდა. ნებით დაქირავებულთაგანი იყო, დახედა ავადმყოფებს, ისე რომ არც კი შეხებია, ხმამაღლა თქვა მამა არსენის მისამართით: „მალე მოგეღებათ ბოლო, ახლა ბევრი იხოცება, სიცივეებია“.

მოურიდებლად ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა,რომ ორ მწოლიარეს ესმოდა მისი. თუმცა რატომაც არ უნდა ელეპარაკა, ადრე თუ გვიან ხომ მაინც უნდა დახოცილიყვნენ „განსაკუთრებულში”.

მესამე ავადმყოფთან მისვლისას, იმასთან, ხელი თავად რომ დაიზიანა და ახლა დემონსტრატიულად გმინავდა, თქვა:

„თავს ნუ ისულელებ, ხვალ სამუშაოდ ხარ გასასვლელი, გადაამლაშებ და თვითდაზიანებისთვის კარცერში დაისვენებ“.

შეშის ჭრის, ღუმელების დანთებისა და მიწურის დალაგებას შორის შუალედებში მამა არსენი ასწრებდა მძიმე ავადმყოფებთან მისვლას და რითიც შეეძლო, ეხმარებოდა.

„უფალო, იესო ქრისტე! შეეწიე მათ, განკურნე. მოუვლინე მათ შენი წყალობა, რათა მოესწრონ გათავისუფლების დღეს, – განუწყვეტლივ ჩურჩულებდა, თან ხან უხეშ ლეიბს გაუსწორებდა, ხან კი გადახდილს დააფარებდა ხოლმე, დროდადრო წყალს და ექთნის მიერ გულგრილად მიგდებულ წამალს აძლევდა. „განსაკუთრებულში“ ძირითად წამლად მიღებული იყო ასპირინი, რომელსაც ყველა დაავადებისგან განსაკურნად ხმარობდნენ. ერთ განსაკუთრებულად მძიმე და ფიზიკურად სუსტ ავადმყოფს მამა არსენმა თავისი ულუფიდან შავი პურის ნატეხი უწილადა. ნაჭერი დღიური ულუფის მეოთხედს შეადგენდა.

პური წყალში დაალბო და დაუწყო ავადმყოფს დანაყრება, მან თვალები გაახილა და გაკვირვებულმა შეხედა მამა არსენს, ხელი ჰკრა, მამა არსენმა კი ჩურჩულით უთხრა:

„მიირთვით, ღვთის მადლით, მიირთვით“.

ავადმყოფი პურს ყლაპავდა და თან ბოღმით ამბობდა:

„წადი, შენც და შენი ღმერთიც. – რა გინდა ჩემგან? რას მოძვრები? გგონია ჩავძაღლდები და რაიმეს გამომრჩები? არაფერი გამაჩნია, ნუ დამტრიალებ“.

მამა არსენმა არაფერი უპასუხა, მზრუნველად გადააფარა და მეორე ავადმყოფთან მივიდა, მოეხმარა გადაბრუნებაში და შეუდგა ბარაკის საქმეებს.

„სერის” მიერ მიცემული ფიჩხი აღარ გადაუნახავს, იქვე ერთ-ერთ ღუმელთან დაალაგა. რაღას გადაენახა, გუშინ გადაინახა და ცუდად გამოვიდა, დღეს კი ღმერთი შეეწია. მეორე დღისთვის შეშის ჩეხვას უნდა შედგომოდა, გამოვიდა ბარაკიდან, მაგრამ გადაიფიქრა, გადაწყვიტა, რომ სხვა ბარაკების მეცეცხლურები ამოძახებამდე მაინც გაზიდავდნენ.

ღუმელები გახურდა და მცხუნვარებას აფრქვევდა, მამა არსენს უხაროდა: ხალხი ყინვიდან შემოვა, გათბებიან და დაისვენებენო. ამ ფიქრებში იყო წასული,ზედამხედველი რომ შემოვიდა, გარეგნულად ოცდაათ წელს მისცემდით, მუდამ მხიარული, მომღიმარი, მოხარული – რისთვისაც ტუსაღებმა „ვესიოლი“ (მხიარული) დაარქვეს.

„შენ, მღვდელო, რა აბანოსავით გაგიხურებია ეს ბარაკი? კარცერში მოგინდა? ფლანგავ შეშას, ხალხის მტრებს ახმარ. მე შენ გასწავლი ჭკუას, შე შამანო“, – სიცილით მოუქნია, სახეში შემოუტყლაშუნა და ღიმილით გავიდა.

მამა არსენმა სისხლი მოიმშრალა, თან ლოცვას იმეორებდა: „უფალო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილს, შემიწყალე“.

სიმულიანტმა ფედკამ თქვა: „მოხერხებულად მოგდო, ნაძირალამ სიფათში, მხიარულად, თავადაც რომ არ იცის რისთვის“.

ერთ საათში „ვესიოლი“ ისევ გამოჩნდა ბარაკში შემოსვლისას დაიყვირა:

„ამოძახება, ადექით!“

საწოლიდან ფედკა გადმოხტა, მამა არსენი კი გაიჯგიმა იმ ცოცხით ხელში, რომლითაც ის-ის იყო ბარაკი დაეგავა. „კიდევ ვინ არის მიწურში?! – გაჰყვიროდა ზედამხედველი, თუმცა დილით უკვე ჩაატარა ამოძახება და იცოდა, ვინც იყო დარჩენილი.

„ორი გათავისუფლებული, მწოლიარე ავადმყოფი და მესამე გასაწერად გამზადებული, ფეხზე მყოფი“.

„ვესიოლი“ საწოლებს შორის დერეფანს დაუყვა, დაინახა ორი მწოლიარე ავადმყოფი, მიხვდა რომ მათ ადგომა არ შეუძლიათ, მაგრამ დასანახად მაინც აყვირდა, ახლოს მისვლა კი შეეშინდა, ვაი თუ რაიმე გადამდები ჰქონდეთო.

„იცოდე, მღვდელო, წესრიგი იყოს, მალე გამოგიძახებენ, სადაც საჭიროა, იქ ამღერდები“, – და ბინძური გინებით გავიდა.

დღე ილეოდა, მალე დაღამდებოდა, პატიმრები სადაცაა სამუშაოდან უნდა მოსულიყვნენ. მოვიდოდნენ გათოშილი, გაბოროტებული, დაღლილ-დაქანცულნი საწოლებამდე ძლივსღა მილასლასდებოდნენ და თითქმის უგონოდ ეცემოდნენ ზედ.

პატიმრების მოსვლა და ბარაკის სიცივით, ნესტით, გაბოროტებული გინებით, შეძახილებით და მუქარით ავსება ერთი იყო.

მოსვლიდან ნახევარ საათში სასადილოდ გაჰყავდათ. სადილობა ბევრი პატიმრისთვის წამებას ნიშნავდა. სისხლის სამართლის პატიმრები, რისი წართმევაც კი შეიძლებოდა, ყველაფერს ართმევდნენ და თანაც უმოწყალოდ ცემდნენ. ვინც სუსტი იყო და თავის დაცვა არ შეეძლო, ხშირად უჭმელი რჩებოდა. პოლიტიკურები, ბარაკში გაცილებით მეტი იყვნენ, ვიდრე სისხლის სამართლის პატიმრები, მაგრამ სისხლის სამართლისანებს მიწურის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით კი პოლიტიკურები, სასტიკ რეჟიმში ჰყავდათ.

ყოველდღიურად, პოლიტიკურების რაღაც ნაწილი ულუფის გარეშე რჩებოდა, რაც აუტანელ წამებას ნიშნავდა. დაღლილი, მშიერი, მუდამ გათოშილი პატიმრები გამუდმებით საჭმელზე ოცნებობდნენ, რადგან მხოლოდ საჭმელიღა იყო მათთვის ერთადერთი სანუგეშო რამ ამ ყოფაში. სადილობისას ადამიანები თბებოდნენ და ნაწილობრივ იკლავდნენ შიმშილის გრძნობას. სადილი მწირი იყო, ულუფები საცოდავი, პროდუქტი ნახევრადდამპალი და რატომღაც, ხშირად ნავთის სუნი ასდიოდა.

ეს ღარიბული სადილი, რომელიც პატიმართა ნელი გამოფიტვისთვის იყო გათვლილი და ვერ აღადგენდა დახარჯულ ძალებს, ბევრ პოლიტპატიმარს ენატრებოდა, რადგან დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ყოველდღე ერგებოდათ მათთვის განკუთვნილი ულუფა.

მამა არსენი „განსაკუთრებულში“ მოხვედრის შემდეგ ხშირად რჩებოდა უსადილოდ, მაგრამ არასდროს დრტვინავდა. დარჩებოდა სადილის გარეშე, მოვიდოდა ბარაკში, დაწვებოდა ნარზე და იწყებდა ლოცვას. თავიდან შიმშილისა და სიცივისაგან თავბრუ ესხმოდა, აციებდა, აზრები ებნეოდა, მაგრამ მაინც ლოცულობდა, ცისკრის და დილის ჟამნების, ღვითსმშობლის, წმ. ნიკოლოზის და წმ. არსების აკათისტოების წაკითხვის შემდეგ მოიხსნიებდა თავის სულიერ შვილებს, ყველა იმ მიცვალებულს, ვინც კი მეხსიერებამ შემოუნახა. ხან ასე, ლოცვაში მთელ ღამეს ატარებდა, დილით კი ადგებოდა და გეგონებოდა, თითქოს ძალა შეემატაო, თითქოს უძინია და უჭამიაო.

სულიერი შვილები მამა არსენს მრავლად ჰყავდა როგორც გარეთ, ასევე ბანაკშიც და მუდამ გულმხურვალედ ზრუნავდა მათზე. ადრე, ჩვეულებრივ ბანაკებში მათგან ხანდახან წერილებსაც იღებდა, მაგრამ „განსაკუთრებულში“ გადაყვანით ყველაფერი დამთავრდა.

„განსაკუთრებულში“ საშიში პატიმრები გადაჰყავდათ. გადაჰყავდათ, რათა არა დახვრეტით, არამედ დადგენილი რეჟიმით მოეღოთ ბოლო.

მამა არსენს მისი სულიერი შვილები გარდაცვლილად მიიჩნევდნენ, მიმართავდნენ ორგანოებს. იქ კი მხოლოდ ერთს პასუხობდნენ: თუ „განსაკუთრებული რეჟიმის“ ბანაკში გადაიყვანეს – „არ აღინიშნება“.

...სიბნელე იყო, ზონაში ერთმანეთის მიყოლებით შემავალი პატიმართა კოლონები ბარაკებში ცალკეულ ნაკადებად მიედინებოდა. ბარაკებში გამოცოცხლება იწყებოდა. დღეს მამა არსენის ბარაკში ცხელოდა. დაღლილ ბიჭებს, ბარაკში შესვლისას გაბოროტება სიხარულოით ეცვლებოდათ, მაგრამ წესრიგისთვის კიდევ უფრო მეტად იგინებოდნენ. მამა არსენი არ უცემიათ და სადილობისას ულუფაც არ წაურთმევიათ, შესაძლოა შემთხვევით ან იქნებ იმის გამო, რომ სხვებთან იფათურეს.

ორ მწოლიარე ავადმყოფს სადილიდან საულუფე პურის მხოლოდ ნახევარი შეხვდა, მაგრამ მამა არსენმა თავისი დამძაღებული ვირთევზას ნატეხი გადაინახა უბეში.

ბარაკში დაბრუნებული მამა არსენი ავადმყოფების კვებას შეუდგა: მოადუღა წიწვებიანი წყალი, დაუმატა ასპირინი და ორივეს დაალევინა. პური და ვირთევზა შუაზე გაყო და ორივეს გაუნაწილა.

ხუთი დღის შემდეგ, ავადმყოფებს გამოკეთება დაეტყო. იმედი იყო, რომ გადარჩებოდნენ, მაგრამ ჯერ უძრავად იწვნენ და ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლოთ. მთელი ამ დროის განმავლობაში მამა არსენი დროდადროდა ღამღამობით უვლიდა მათ და თავის ულუფას უნაწილებდა.

ვინ იყვნენ ეს პატიმრები, მამა არსენმა არ იცოდა. ბარაკში ეტაპიდან მოხვდნენ, ავადმყოფები, თითქმის უგონოდ მყოფები, ამიტომაც წესიერად არავინ იცნობდა. მამა არსენის ზრუნვას ავადმყოფები ცივად ღებულობდნენ, მაგრამ ვერ ელეოდნენ და ის რომ არა – დიდი ხნის ჩაწოლოლები იქნებოდნენ გაყინულ მიწაში. საკუთარ წარსულზე არაფერს ჰყვებოდნენ, მამა არსენსაც არაფერი უკითხავს, ეს ბანაკის წესების მიხედვით არ იყო მიღებული, ან კი რა აზრი ჰქონდა. რამდენი ასეთი ადამიანი უნახავს ბანაკებში, რა დათვლის! რამდენჯერ ყოფილა, რომ ავადმყოფი გამოუკეთებია, დამშვიდობებია და აღარასოდეს შეხვედრია, ყველას როგორ დაიხსომებ!

როგორღაც, ერთი ავადმყოფისგან მამა არსენმა გაიგო, რომ საზიკოვი ივანე ალექსანდრეს ძე ჰქვია. მდუმარედ ეხმარებოდა საზიკოვს მამა არსენი და თან, როგორც ჩვეოდა, ლოცულობდა, ტუჩების უხმო მოძრაობით ჩურჩულებდა ლოცვებს.

ივანე ალექსანდრეს ძემ შეამჩნია ეს და ჩაილაპარაკა:

„ლოცულობ, არა, მამილო! ცოდვებს ინანიებ, ჩვენც ამიტომ გვეხმარები. ღმრთისა გეშინია? გინახავს კი იგი?“

შეხედა მამა არსენმა საზიკოვს და გაკვირვებით წარმოთქვა:

„როგორ თუ არ მინახავს, იგი აქ არის, ჩვენს შორის და ახლა ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს“. „აბა, მღვდელო, რას ლაპარაკობ? ამ ბარაკში – ღმერთი?“ – და გაიცინა.

მამა არსენმა საზიკოვს შეხედა და ჩუმად თქვა: „დიახ! ვხედავ ის აქ არის, ვხედავ, რომ თქვენი სული, თუმცა ცოდვისგან გაშავებულია და ავაზაკობათა ქერქით არის დაფარული, მასში სინათლისთვისაც მოიძებნება ადგილი. მოგეახლება შენ, სერაფიმე, ნათელი და შენი წმიდა სერაფიმე საროველი არ მიგატოვებს“.

საზიკოვს სახე მოებრიცა, მთლიანად კანკალმა აიტანადა სიძულვილით ჩაისისინა:

„მიგაკლავ, მღვდელო, მაინც მიგაკლავ. ბევრი იცი, მაგრამ ვერ გამიგია, საიდან“.

მამა არსენი შეტრიალდა და წავიდა, თან გულში იმეორებდა: „ღმერთო! შემიწყალე მე ცოდვილი“. დრო გადიოდა, შესასრულებელი სამუშაო ბლომად იყო. მისი დამთავრების შემდეგ მამა არსენი იწყებდა აკათისტოების, კანონების გულში, ზეპირად კითხვას, ცისკარს, ჟამნებს, სამღვდლო კანონს.

მეორემ, რეპრესირებელმა ავადმყოფმა, სწრაფად დაიწყო გამოკეთება. მისი ამბავიც სავსებით ჩვეულებრივი იყო, ბანალური, ისეთივე, როგორიც აქ მყოფი ათასობით პატიმრისა.

ოქტომბრის რევოლუციას „აკეთებდა“, ჩვიდმეტი წლიდან პარტიის წევრი, ლენინს იცნობდა, 1920 წელს ჯარს მეთაურობდა, საგანგებო კომიტეტში დიდი თანამდებობა ეკავა, სამეულის განაჩენებს ამტკიცებდა, ბოლო დროს კი შსსკ-ში მუშაობდა კოლეგიის წევრად, მაგრამ ამჟამად, იგი სასიკვდილოდ განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკში გამოაგზავნეს.

ბარაკში სხვადასხვა ტიპის რეპრესირებულები იყვნენ, ზოგი სულელური სიტყვის გამო კვდებოდა, უმრავლესობა ცრუდასმენებით მოხვდა. ზოგი რწმენისათვის, ზოგი – იდეური კომუნისტები – ვიღაცას უნდა ჩამოეშორებინა, რადგან გზაზე ეღობებოდნენ.

ყველა აქ მოხვედრილი, ადრე თუ გვიან „განსაკუთრებულში“ უნდა მომკვდარიყო!

იდეური იყო ალექსანდრე პავლეს ძე ავსეენკოვიც. როგორც კი ეს გვარი დაასახელეს, უმალ გაიხსენა მამა არსენმა ეს ადამიანი. ამ გვარს ხშირად მოიხსენიებდნენ გაზეთებში. მამა არსენის განაჩენიც ალექსანდრე პავლეს ძის დამტკიცებული იყო. როდესაც „კონტრევოლუციური საქმიანობისათვის“ მამა არსენის დახვრეტის და, დახვრეტის „განსაკუთრებული რეჟიმის“ ბანაკში თხუთმეტი წლით შეცვლის დადგენილებას კითხულობდნენ, მაშინ დაახსომდა ეს გვარი.

ავსეენკოვი უკვე ასაკოვანი იყო, გარეგნობით ორმოცი-ორმოცდაათი წლისა, მაგრამ ბანაკში ცხოვრებამ მასზე მძიმე კვალი დატოვა. ბანაკში მას სხვებზე უფრო მეტად უჭირდა.

შიმშილი, დამქანცველი სამუშაო, ცემა, სიკვდილის შიში ფერმკრთალდებოდა იმის შეგნების წინაშე, რომ ჯერ კიდევ გუშინ თავად აგზავნიდა აქ ადამიანებს და იმ დროს, როდესაც „სამეულის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, განაჩენებს ხელს აწერდა, გულწრფელად სწამდა, რომ ბანაკში გაგზავნილი ან დახვრეტამისჯილი ადამიანები, ნამდვილად „ხალხის მტრები“ იყვნენ.

ბანაკში მოხვედრამ და პატიმრებთან ურთიერთობამ მიახვედრა, რომ ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სასიკვდილოდ გაგზავნით საშინელი, საზარელი რამ ჩაიდინა.

მაშინ თანამდებობა ეკავა და ამ თანამდებობის სიმაღლიდან ვერ ხედავდა საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ ვითარებას, უჯერებდა დაკითხვების ოქმებს, ქვეშევრდომების მლიქვნელურ სიტყვებს, მშრალ დირექტივებს, თითქოს ცოცხალ ადამიანებთან და ცხოვრებასთან კავშირიც კი გაეწყვიტა.

უზომოდ წუხდა განვლილი ცხოვრების გამო, განიცდიდა, სულიერი სიცარიელისა და სინანულისგან იტანჯებოდა, იყო მდუმარე კეთილი, პატიმრებს უკანასკნელს უნაწილებდა, სისხლის სამართლის პატიმრებისა და უფროსობის არ ეშინოდა.

მრისხანებისას საშინელი იყო, მაგრამ თავდაჭერას ინარჩუნებდა, დაჩაგრულებს ესარჩლებოდა, რისთვისაც ხშირად კარცერში ხვდებოდა.

ავსეენკოვს კეთილი მამა არსენი შეუყვარდა, ხშირად ეტყოდა ხოლმე: „როგორი გულისხმიერი ხართ, მართლაც სულიერი ადამიანი ხართ, მამა არსენ (ბარაკში პატიმართა უმეტესობა ასე მიმართავდა მამა არსენს), – ვხედავ ამას, მაგრამ მე კომუნისტი ვარ, თქვენ კი კულტის მსახური, მღვდელი. იდეოლოგიურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. წესით, უნდა გებრძოდეთ, მაგრამ... “. მამა არსენი გაიღიმებდა და ეტყოდა:

„ეჰ, მამილო! რა მოინდომეთ, ბრძოლა?! კი ბატონო, იბრძოლეთ, იბრძოლეთ, მაგრამ ხომ ხედავთ, ბანაკმა მაგ თქვენი იდეოლოგიანად გშთანთქათ. ჩემი ქრისტიანული რწმენა კი იქ, თავისუფლებაშიც თან მდევდა და აქაც ჩემთან არის. ღმერთი ყველგან ერთია და ყველა ადამიანს ეხმარება, მწამს, რომ თქვენც დაგეხმარებათ!“

ერთხელ უთხრა: „მე და თქვენ, ალექსანდრე პავლეს ძევ, ძველი ნაცნობები ვართ. უფალმა დიდი ხნის წინათ დაგვაკავშირა და ბანაკში შეხვედრაც მოგვიწყო“.

„კმარა! თქვენ, მამაო არსენ, რაღაცას ურევთ. მე საიდან უნდა გიცნობოდეთ?“

„მიცნობდით, ალექსანდრე პავლეს ძევ. 1933 წელს, როდესაც საეკლესიო საქმეებს მთელი სისასტიკით წყვეტდნენ, ჩვენს ძმებს, მორწმუნეებს, ასი ათასობით ასახლებდნენ, აუარება ეკლესიას ხურავდნენ, მაშინ თქვენი უწყებით პირველად გავდიოდი სასამართლოზე...

პირველი განაჩენი 1939 წელს თქვენ დამიმტკიცეთ. თქვენივე „ეპარქიით“. როგორც კი ერთი შრომა დასაბეჭდად ჩავაბარე, მეორედ ამიყვანეს და მაშინვე დახვრეტა მომისაჯეს! თქვენ უნდა გიმადლოდეთ, რომ დახვრეტა „განსაკუთრებულით“ შემიცვალეს. აი, ასე ვცხოვრობ ბანაკებსა და გადასახლებებში, სულ თქვენ გელოდით და, როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს.

ღვთის გულისათვის, არ იფიქროთ რომ მინდა რაიმე გისაყვედუროთ, ყველაფერი ღვთის ნებაა. და ჩემი ცხოვრებაც სიცოცხლის საერთო ოკეანეში წყლის წვეთია, რომელსაც თქვენ, ბუნებრივია, მსჯავრდებულთა ათასკაციან სიაში, ვერ დაიხსომებდით. ყველაფერი მხოლოდ უფლისათვისაა ცნობილი. ადამიანთა ბედიც მის ხელთაა“.

 

მღვდელუკა

ბანაკში ცხოვრება და მუშაობა საშინელია, არაადამიანური. ყოველი დღე სიკვდილთან გაახლოვებს და ხშირად, თავისუფლებაში ცხოვრების ერთ წელიწადს უდრის, ამიტომაც, პატიმრები სულიერად არ ტყდებონდნენ, ცდილობდნენ შინაგანად ებრძოლათ სიცოცხლისათვის, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდიოდათ.

საუბრობდნენ, კამათობდნენ მეცნიერების, ცხოვრების, რელიგიის შესახებ. ხანაც ხელოვნებაზე, მეცნიერულ აღმოჩენებზე ლექციებს კითხულობდნენ, აწყობდნენ პატარა ლიტერატურულ საღამოებს, კითხულობდნენ ლექსებს.

სისასტიკის, გარდუვალი სიკვდილის მოახლოვების შეგნების, შიმშილის, უკიდურესი გამოფიტვის და სისხლის სამართლის პატიმართა თანხლების საერთო ფონზეეს მართლაც განსაცვიფრებელი იყო.

„განსაკუთრებული“ – შიშით, ძალადობით, შიმშილით ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად პატიმრები ერთმანეთში საყრდენის პოვნას ცდილობდნენ, ეს კი მათ ცხოვრებაში ეხმარებოდა.

ავსეენკოვმა, პატიმართა ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ „განსაკუთრებულში“, საშუალოდ, ორ წელიწადზე მეტს ვერავინ ცოცხლობდა და ახლა იმაზე ფიქრობდა, ნეტავ მე რამდენი დრო დამრჩენიაო. დაპატიმრებათა ტალღების მიხედვით ბარაკში ხვდებოდნენ: ინჟინრები, სამხედრო პირები, ეკლესიის მსახურნი, მეცნიერები, მსახიობები, კოლმეურნეები, მწერლები, აგრონომები, ექიმები და ამიტომაც ბარაკში ამ პროფესიების ადამიანთა სათვისტომოები ყალიბდებოდა.

ყველა დათრგუნული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ დავიწყებოდათ წარსული, თავიანთი პროფესია. ერთმანეთში საუბრისას ყველაფერს იხსენებდნენ.

განსაკუთრებული სიფიცხით კამათობდნენ ხოლმე, საამისოდ უბრალო მიზეზიც კი საკმარისი იყო. ცხარობდნენ, ცდილობდნენ მხოლოდ თავისი დაემტკიცებინათ, ამასთან, ყოველი მათგანი ისე ლაპარაკობდა, თითქოს მის მტკიცებებზე ყოფილიყო დამოკიდებული ნებისმიერი მოვლენისა თუ გადაწყვეტილების ბედი.

მამა არსენი კამათში არ მონაწილეობდა, არავის ემხრობოდა, ყველასთან გულღია და მუდამ მშვიდი იყო. როგორც კი კამათი დაიწყებოდა, მამა არსენი საწოლს მიაშურებდა, ჩამოჯდებოდა და გულში ლოცვას იწყებდა.

ბარაკში ინტელიგენცია მამა არსენს შემწყნარებლობით ექცეოდა. „რა გინდათ – მღვდელუკაა, თანაც საკმაოდ უფერული, კეთილი, მორჩილი, შინაგანი კულტურა თითქმის არ გააჩნია, ამიტომაც სწამს ასე ღმერთი, მეტი ხომ არც არაფერი აბადია”.

ასე ფიქრობდა უმრავლესობა.

როგორღაც, ისე მოხდა, რომ ბარაკში ათი-თორმეტიოდე პატიმარი შეიკრიბა – მხატვრები, მწერლები, ხელოვნებათმცოდნეები, მსახიობები.

მოვიდოდნენ ხოლმე სამუშაოდან, მიირბენდნენ „სასადილოში“, დაისვენებდნენ, ამოძახება ჩაივლიდა თუ არა, ჩაკეტავდნენ ბარაკს და იწყებოდა საუბრები: თეატრზე, ლიტერატურაზე, მედიცინაზე, ხელოვნებაზე. გამოცოცხლდებოდნენ, კამათობდნენ.

ერთხელ ძველ რუსულ ფერწერაზე და ხუროთმოძღვრებაზე ჩამოვარდა საუბარი. ერთი ტანმაღალი პატიმარი, ბანაკშიც კი თავადური იერი და მანერები რომ ჰქონდა შენარჩუნებული, ძალზე რიხიანად და მგზნებარედ მსჯელობდა ამ საგნებზე. შეკრებილები დიდი ინტერესით უგდებდნენ ყურს.

ლაპარაკობდა „მაღალფარდოვნად“, დამაჯერებლად, საქმის ცოდნით და საოცრად დაბეჯითებით. ამ საუბრის დროს შეკრებილებს გვერდით ჩაუარა მამა არსენმა, „მაღალმა“ კი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა. ხელოვნებათმცოდნემ და პროფესორმა, შემწყნარებლურად მიმართამამა არსენს:

„თქვენ, მამაო, ძალზე მორწმუნე და სასულიერო წოდების მქონე ბრძანდებით, მაშ, ხომ ვერ გვეტყოდით, როგორ აფასებთ მართლმადიდებლობის კავშირს ძველრუსულ ფერწერასა და ხუროთმოძღვრებასთან და თუ არსებობს ამგვარი კავშირები?“

თქვა და გაიღიმა. გარშემომყოფებმაც გაიცინეს. ამ საუბრის გაგონებაზე, ცოტა მოშორებით მჯდომ ავსეენკოვსაც, უნებურად გაეღიმა.

ყველას ისეთი უადგილო მოვჩვენა მამა არსენისთვის დასმული ეს შეკითხვა, რომ ზოგს შეებრალა იგი, ზოგს კი დაცინვის წადილი აღეძრა.

ყველას ცხადად ესმოდა, რომ ისეთი მიამიტი მღვდელუკა, როგორიც მამა არსენი იყო, ვერაფერს უპასუხებდა. რადგან არაფერი იცოდა. მამა არსენი სადღაც მიდიოდა, გაჩერდა, კითხვა მოისმინა, შეამჩნია, როგორ დასცინოდნენ და თქვა:

„ახლავე, მე ახლავე, აი საქმეს დავამთავრებ და“... სირბილით განაგრძო გზა.

„მღვდელუკა მთლად სულელიც არ ყოფილა, შერცხვენას გაექცა“.

„დიახ, რუსული სამღვდელოება მუდამ უკულტურო იყო“, – წამოისროლა ვიღაცამ ფრაზა.

დაახლოებით ათ წუთში, ინტელიგენტების ჯგუფთან მამა არსენი მივიდა, „ვისოკის” ლექცია შეაწყვეტინადა თქვა:

„დავამთავრე ჩემი საქმეები, გთხოვთ კითხვა გამიმეოროთ“.

პროფესორმა ისე შეხედა მამა არსენს, როგორც ალბათ უმეცარ, უცოდინარ სტუდენტებს შეათვალიერებდა ხოლმე და ირონიულად წარმოთქვა:

„შეკითხვა, მამაო, საკმაოდ მარტივია, მაგრამ საინტერესო. როგორ აფასებთ თქვენ, რუსული სამღვდელოება, მართლმადიდებლობის გავლენას ძველ რუსულ ფერწერასა და ხუროთმოძღვრებაზე?

სუზდალის, დიდი როსტოვის, პერეასლავლ-ზალესკის, ფერაპონტოვის მონასტრების სიწმინდეების შესახებ, ალბათ, გსმენიათ. ვლადიმერის ღვთისმშობლისა და რუბლიოვის „სამების“ ხატებს ალბათ საეკლესიო ლითოგრაფიების მიხედვით იცნობთ. ჰოდა, გვითხარით, რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?“

კითხვა ძალზედ რთული იყო, ეს ყველას ესმოდა. უმრავლესობამ გაფიქრა, რომ იგი არ უნდა დაესვათ ასეთი კეთილი, მაგრამ პრიმიტიული მღვდელუკასთვის. ცხადია, რომ ვერ უპასუხებს, ამას ერთი შეხედვითაც კი მიხვდებით, ასე ფიქრობდნენ შეკრებილნი.

მამა არსენი როგორღაც წელში გაიმართა, გარეგნულადაც კი შეიცვალა, პროფესორს შეხედა და წარმოთქვა:

„არსებობს სრულიად განსხვავებული შეხედულებები რუსულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაზე მართლმადიდებლობის გავლენის შესახებ. ამის თაობაზე მრავალი განსხვავებული მოსაზრება გამოთქმულა, და, პროფესორო, თქვენც ბევრი დაგიწერიათ და გითქვამთ ამის შესახებ, მაგრამ ზოგიერთი თქვენი დებულება მცდარია და წინააღმდეგობრივია. გულახდილად რომ ვთქვა, კონიუნქტურულია. ის, რასაც თქვენ ახლა ამბობდით, გაცილებით უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ის, რასაც ვრცლად გადმოსცემთ თქვენს წერილებსა და წიგნებში.

თქვენ თვლით, რომ რუსული სახვითი ხელოვნება მხოლოდ ხალხურ ნიადაგზე ვითარდებოდა, თითქმის უარყოფთ მასზე მართლმადიდებლობის გავლენას და, ძირითადად, ემხრობით თვალსაზრისს, თითქოს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები და არა რუსი ხალხის სულერი საწყისი და ქრისტიანობა ზემოქმედებდა ფერწერასა და არქიტექტურაზე. პირადად მე, პროფესორო, განსხვავებული აზრი მაქვს ძველი რუსული ფერწერისა და ხუროთმოძღვრების განვითარების გზებზე, რადგან მიმაჩნია, რომ მეათედან მეთვრამეტე საუკუნემდე მართლმადიდებლობის ზეგავლენა გადამწყვეტ ფაქტორს თამაშობდა რუს ხალხსა და მათ კულტურაზე.

მეათე საუკუნიდან რუსმა სამღვდელოებამ და ბერობამ შეითვისა ბიზანტიური კულტურა და მან გავლენა იქონია მთლიანად რუსულ კულტურაზე, იქნებოდა ეს წიგნები, ფერწერული ტილოები, ხატები, ბერძნების მიერ აგებული ტაძრების პირველი ნიმუშები, ღვთისმსახურება, თუ წმინდანთა ცხოვრების აღწერა, ყოველივე ამან გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა მთელი რუსული კულტურის შემდგომ განვითარებაზე.

თქვენ ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატი ახსენეთ. განა ეს ხატი, ისევე როგორც ბერძნებისგან ჩვენთან მოსული ფერწერის სხვა ნაწარმოებები, არ წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც, შემდგომში ხატწერა და ფერწერა აღმოცენდა და გაიფურჩქნა?

რუსული სახატმწერო სკოლის ნებისმიერი ნიმუში განუყოფელ კავშირშია მხატვარ-ქრისტიანის სულთან, მორწმუნე სულთან, რომელიც ხატს მიმართავს, როგორც უფლის, ღვთისმშობლის ან მისი წმინდანების სულიერ, სიმბოლურ გამოსახულებას.

რუსი კაცი ხატთან მიდიოდა, არა როგორც კერპთან, არამედ როგორც სიმბოლოსთან, რომელშიც ხედაედა ღვთის ხატებას, აღბეჭდილს გამოსახულების სახით. ამ განსხვავებულ სიმბოლოში მართლმადიდებელი ხედავდა იმას, ვისაც მიმართავდა მისი გული სევდით, ან სიხარულით აღვლენილ ლოცვაში.

რუსი ხატმწერი ლოცვით და მარხვით აღბეჭდავდა უფლის, ღვთისმშობლის და წმინდათა ხატებს, ტყუილად კი არ ინახავს რუსი ხალხი მრავალ მშვენიერ, საოცარ გადმოცემას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ხატები და სწამს, რომ მხატვარი – ხატმწერის ხელს უფლის ანგელოზი წარმართავდა და არა თვით ხატმწერი.

რუსი ხატმწერი ძველად არასდროს აწერდა თავის სახელს ხატს, რადგან მიაჩნდა, რომ არა ხელი, არამედ მისი გული ქმნიდა უფლის კურთხევით ხატს, თქვენ კი ყველაფერში სოციალური და ეკონომიკური წინამძღვრების გავლენას ხედავთ.

შეხედეთ ღვთისმშობლის ჩვენს ძველ ხატს და დასავლურ მადონას, უმალ უზარმაზარი განსხვავება გეცემათ თვალში.

ჩვენს ხატებში სულიერი სიმბოლო, რწმენის სულისკვეთება, მართლმადიდებლობის ნიშანია, დასავლურ ხატებში – დიდებული ქალბატონი – ქალი, ზეშთაგონებული ამქვეყნიური სილამაზით აღსავსე; მაგრამ მასში არ იგრძნობა ღვთაებრივი ძალა და მადლი, ის მხოლოდ ქალია და მეტი არაფერი.

ჩახედეთ თვალებში ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს და მათში თქვენ ამოიკითხავთ სულის უდიდეს ძალას, რწმენას ღვთის უსაზღვრო მოწყალებისადმი, ადამიანებისადმი, იმედს ცხოვრებისას“.

მამა არსენი შთაგონებით აღივსო, როგორღაც სულმთლად გარდაიქმნა, წელში გაიმართა და ლაპარაკობდა გასაგებად, მკაფიოდ, არაჩვეულებრივად, ხატოვნად.

ხატების დასახელებით, განმარტებებით, მან ძველი რუსული მხატვრობის სული გახსნა და გამოავლინა, არქიტექტურაზე საუბრისას კი დიდი როსტოვის, ვლადიმირის, უგლიჩის და მოსკოვის მაგალითების მოშველიებით წარმოაჩინა მათი მართლმადიდებლობასთან კავშირი. თავისი პასუხი, მამა არსენმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„ეკლესიების მშენებლობისას რუსი კაცი ქვას აიძულებდა, მოეთხრო ღვთის შესახებ და ეგალობა ღვთის სადიდებელი“.

მამა არსენმა დაახლოებით საათნახევარი ილაპარაკა და მისი მსმენელი ინტელიგენტები გარინდებულნი უსმენდნენ. პროფესორს შეეცვალა ნახევრადდამცინავი თავადური იერი, როგორღაც მთლიანად მოიბუზა და ჰკითხა:

„მაპატიეთ! საიდან იცით ჩემი შრომები და ძველი რუსული მხატვრობა და არქიტექტურა? სად შეისწავლეთ? თქვენ ხომ მღვდელი ხართ?“

„სამშობლო უნდა გიყვარდეს და უნდა იცნობდე მას, იმიტომ რომ, როგორც ბრძანეთ, მღვდელუკას უნდა ესმოდეს რუსული ხელოვნების სულისკვეთება, როგორც ადამიანთა სულების მწყემსს და უჩვენებდეს მათ სიმართლეს და ჭეშმარიტებას შეუბღალავი სახით. ვინაიდან, პროფესორო, ბევრი ადამიანი და, მათ შორის, თქვენც, გამონაგონ საბურველში ახვევენ ყველაზე წმინდას, რაც კი ადამიანს გააჩნია. ეს კეთდება გამორჩენის მიზნით ან პოლიტიკური, დროებით წარმოქმნილ მიზანმიმართულებათა და შეხედულებათა, სოციალური შეკვეთის გამო“.

პროფესორი კიდევ უფრო შეიცვალა და იკითხა:

„ვინ ხართ? თქვენი გვარი?“ „ერში პეტრე ანდრიასძე სტრელცოვი ვიყავი, ახლა კი – მამა არსენი. თქვენსავით „განსაკუთრებულის“ პატიმარი“. პროფესორი წინ წამოიწია და ჩაილაპარაკა:

„პეტრე ანდრიას ძე! მაპატიეთ, მაპატიეთ! არ მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ უაღრესად ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, ძველი რუსული მხატვრობის და არქიტექტურის ისტორიაში მრავალი გამოკვლევისა და მონოგრაფიის ავტორი, მრავალთა და მრავალთა მასწავლებელი შემხვდებოდა აქ ღვთისმსახურის იერით და მე მას სულელურ შეკითხვას დავუსვამდი.

რამდენიმე წელიწადია, არაფერი მსმენია თქვენს შესახებ, მხოლოდ წერილები და წიგნები მოგვითხრობდნენ თქვენს აზრებს და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თავად ჩავები თქვენთან პოლემიკაში ისე, რომ პირადად არ გიცნობდით. როგორ მოხდა რომ თქვენ, უაღრესად ცნობილი მეცნიერი სასულიერო პირი გახდით?“

„იმიტომაც გავხდი მამა არსენი, რომ ყველაფერში ღმერთს ვხედავ და შევიგრძნობ. მამა არსენად ყოფნისას მივხვდი, რომ მღვდელუკამ ბევრი უნდა იცოდეს. და თუკი რუს მღვდლებზეა საუბარი, უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ისინი წარმოადგენდნენ იმ ძალას, რომელმაც მოუყარა თავი ერთიან რუსულ სახელმწიფოს მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში და ეხმარებოდა რუს ხალხს თათრების უღლისაგან გათავისუფლებაში.

მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, მართლაც იწყო რუსულმა სამღვდელოებამ ზნეობრივი დაცემა და მხოლოდ ერთეული მნათობები აცისკროვნებდნენ რუსული ეკლესიის ცის კაბადონს, მანამდე კი იგი რუსეთის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა“.

თქვა და წავიდა. პროფესორი და ყველა იქ მდგომნი, ავსეენკოვის ჩათვლით, იდგნენ უძრავად, გაოცებულნი და გაკვირვებულნი.

„ესეც შენი მღვდელუკა, ამხანაგებო“ - წარმოთქვა მსმენელ ინტელიგენტთაგან ერთ-ერთმა და თანდათან ყველა უსიტყვოდ დაიშალა.

ავსეენკოვმა შეამჩნია, რომ ამ მომენტიდან ბარაკს და ბანაკის ინტელიგენციას უკვე სრულად სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა მამა არსენთან. ისეთმა ცნებებმა, როგორიცაა ღმერთი, მეცნიერება, ინტელიგენტი, ბევრისთვის გახადა ახლობელი.

ავსეენკოვი, რომელიც წარსულში მარქსიზმის იდეებისთვის ფანატიკურად თავდადებული, იდეური კომუნისტი იყო, „განსაკუთრებულში“ ცხოვრების პირველ წელს ცდილობდა ყველა გარშემო მყოფთაგან განმარტოებით ეცხოვრა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანს დაუახლოვდა. მაგრამ როდესაც ნახა, რომ ყოფილ კომუნისტთა ფიქრები, ძირითადად, მხოლოდ განვლილ მყუდრო ცხოვრებასთან დაბრუნების სურვილს წარმოადგენდა და სრულიად არ შეიცავდა იდეას სამართლიანობის მიღწევისა და სტალინის თვითნებობის წინააღმდეგ ბრძოლისას, განეშორა იმ ხალხს.

თავისი განვლილი ცხოვრება ავსეენკოვმა გადააფასა და მიხვდა, რომ დიდი ხანია შემოეფანტა იდეები და მათ ჩაენაცვლა ბრძანებები, სტანდარტული ანბანური ჭეშმარიტებები და ცირკულარები. ცოცხალ ხალხთან, მასებთან კავშირი დაკარგა, მოხსენებებმა და საგაზეთო სტატიებმა – აი, რამ შეუცვალა ცოცხალი ადამიანი. პატიმრებთან შეხებამ კი კვლავ დაანახა ავსეენკოვს ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრება. მამა არსენისკენ ილტვოდა ავსეენკოვი. განურჩევლად ყველა ადამიანისადმი უჩვეულო დამოკიდებულებამ, გულითადობამ, სიკეთემ, გამუდმებით ყველას დახმარებამ და, როგორც ახლა გაარკვია, მისმა ღრმა ინტელიგენტურობამ, განათლებამაც მოხიბლა იგი.

ღვთის უსასრულო რწმენა, გამუდმებული ლოცვა თავიდან რატომღაც აღიზიანებდა, მაგრამ ამავე დროს რაღაც აუხსნელი იზიდავდა მამა არსენისკენ. მამა არსენთან თავს კარგად გრძნობდა. სიძნელეები, ნაღველი, ბანაკის უღელი მსუბუქდებოდა. რატომ? ეს კი არ ესმოდა.

ივანე ალექსანდრეს ძე საზიკოვი ძველი, სისხლის სამართლის ცნობილი პატიმარი აღმოჩნდა. იგი მბრძანებლური ხასიათის, სასტიკი ადამიანი იყო, კარგად იცნობდა დანაშაულებრივ სამყაროს და სწრაფად დაიმორჩილა მთელი ბარაკი და, რა თქმა უნდა, კავშირი დაამყარა ბანაკის სისხლის სამართლის დამნაშავეებთან. მისი სიტყვა კანონი იყო, მაგრამ ბარაკის საქმეებში ნაკლებად ერეოდა.

ავადმყოფობის შემდეგ, პირველ თვეებში, მამა არსენს ჩამოშორდა და თითქოს ვეღარც კი ამჩნევდა, მაგრამ, ერთხელაც ძლიერ დაიზიანა ფეხი, ხუთი დღე ბარაკში იწვა. ჭრილობამ დაჩირქება დაიწყო. შეიძლებოდა ფეხიც კი დაეკარგა. სამუშაოდან გათავისუფლების ვადა გაუგრძელეს, მაგრამ მდგომარეობა მაინც არ გაუმჯობესდა.

და, აი, მეორედ გამოაკეთა მამა არსენმა საზიკოვი.

საზიკოვი შეეცადა ნასუფრალი მიეცა მამა არსენისთვის, მაგრამ მამა არსენმა გაუღიმა და თქვა: „არა გასამრჯელოსთვის გიკეთებთ, არამედ თქვენთვის – ადამიანისთვის, თავად თქვენთვის“.

მოულბა საზიკოვი მამა არსენს, გაკვრით თავის ცხოვრებასაც უყვებოდა, ერთხელ კი უეცრად უთხრა: „არ მჯერა ადამიანების, მღვდლებს კი, ამბობენ, რომ საერთოდ არ უნდა დაუჯეროო. თქვენი კი, პეტრე ანდრიას ძევ, მჯერა. ადამიანს არ გაყიდით. თქვენს ღმერთში ცხოვრობთ, სიკეთეს იქმთ არა პირადული გამორჩენისათვის, არამედ ადამიანისთვის. დედაც ასეთივე მყავდა“. თქვა და წავიდა.

ჩაწერილია ალექსანდრე პავლეს ძე ავსეენკოვის მოგონებების,
ივანე ალექსანდრეს ძე საზიკოვის და იმ დროს ბანაკში
მყოფი სხვა ადამიანების მონათხრობის მხიედვით

 

„შეწყვიტეთ ესე”

საშინელი სიცივეები დაიჭირა, პატიმრები სამუშაოებზე ითოშებოდნენ, იყინებოდნენ, ბარაკში დაბრუნებულები ფეხზე ვეღარ იდგნენ. ბევრი იხოცებოდა. მიწური ახლდებოდა.

ყველას უჭირდა, მაგრამ განსაკუთრებით პოლიტიკურებს. დილით დგებოდნენ, მიდიოდნენ სამუშაოდ და ბრუნდებოდნენ გაბოროტებულნი და გამუდმებით მშივრები. ამასთან, პურის დარიგებისას სისხლის სამართლის დამნაშავეები ორ დღეს ზედიზედ ართმევდნენ პოლიტიკურებს მთელ ულუფას, მეორე დღეს, შეღამებისას, ქურდობის და ბარაკის დაკეტვის შემდეგ, ბარაკში სისხლის სამართლის პატიმრებსა და პოლიტიკოსებს შორის პურის გამო სამკვდრო-სასიცოცხლო ჩხუბი გაიმართა.

პოლიტიკურებს სათავეში ავსეენკოვი, რამდენიმე ყოფილი სამხედრო და ხუთამდე ინტელიგენტი ჩაუდგა, კრიმინალებს კი – ივანე კარი, პირწავარდნილი ბანდიტი, ხულიგანი და მკვლელი. ბანაკში არა ერთი ადამიანი მოეკლა, უყვარდა ადამიანის სიცოცხლეზე კარტის თამაში.

პოლიტიკურები სამართლიანობას და წესრიგს მოითხოვდნენ, სისხლის სამართლისანები კი სიცილით პასუხობდნენ: „ავიღეთ და კვლავაც ავიღებთ“, რადაგან მშვენივრად ესმოდათ, რომ ბანაკის ადმინისტრაცია პოლიტიკურებს მხარს არ დაუჭერდა. პირიქით, მდუმარედ წააქეზებდა კრიმინალებს.

ჯერ მუშტიკრივი გაჩაღდა, შემდეგ ჩხუბში შეშის ნაჭრები მოიშველიეს, ზოგიერთმა სისხლის სამართლის პატიმარმა დანა ამოიღო.

ბანაკში ცივი იარაღი აკრძალული იყო, მათ გამუდმებით ეძებდნენ, განუწყვეტლივ ჩხრეკდნენ პატიმრებს, მაგრამ დანებს თითქმის ვერასოდეს პოულობდნენ.

ერთი სამხედრო დაჭრეს, რამდენიმე პოლიტიკურს მძიმედ დაუზიანეს თავები. სისხლის სამართლისანები ერთობლივად მოქმედებდნენ, პოლიტიკურები მხოლოდ გაჰყვიროდნენ და თავისიანების შველისა ეშინოდათ.

სისხლის სამართლისანები სისასტიკით ცემდნენ, ჯაბნიდნენ პოლიტიკურებს, ყველგან სისხლის ნიაღვარი იდგა. მამა არსენი საზიკოვისკენ გაექანა და ხვეწნა დაუწყო:

„უშველეთ, უშველეთ, ივანე ალექსანდრეს ძევ! ხალხს ხოცავენ. სისხლის ნიაღვარი დგას. უფალი ღმერთის სახელით გთხოვთ, გააჩერეთ! თქვენ დაგიჯერებენ!“

საზიკოვმა. გაიცინა და უპასუხა:

„მე კი დამიჯერებენ, მაგრამ აბა, შენ დაეხმარე შენი ღმერთით! შენს ავსეენკოვს ივან კარი ახლა მიაკლავს. ორი ხომ უკვე მიაწვინა. შენი ღმერთი, მღვდელო, უჰ, რა შორსაა!“

უყურებს მამა არსენი – ხალხი გასისხლიანებულია, ირგვლივ ყვირილი, გინება, გმინვა ისმის. ამის შემხედვარე მამა არსენმა მეტი ვეღარ მოითმინა, ხელები აღმართა, შევიდა ჩოჩქოლის შუაგულში და მკაფიოდ, ხმამაღლა წარმოთქვა:

„უფლის სახელით გიბრძანებთ: შეწყვიტეთ ესე. დაცხრით! – ყველას პირჯვარი გადასახა და ჩუმად თქვა: – დაჭრილებს მიეხმარეთ“, – და გაეშურა თავისი ნარისაკენ. დგას, როგორღაც, მთლიანად გასხივოსნებული, თითქოს არაფერი ესმის და ვერაფერს ხედავს. არ ესმის, როგორ აწყობენ ბარაკის გასასელელთან მიცვალებულებს. ეხმარებიან დაჭრილებს. დგას და საკუთარ თავში ჩაღრმავებული ლოცულობს.

ბარაკში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ნარებზე დაწოლის ხმაღა ისმის და ის, თუ როგორ გმინავს მძიმედ დაჭრილი. საზიკოვი მივიდა მამა არსენთან და უთხრა:

„მაპატიეთ, მამა არსენ, დავეჭვდი ღმერთში, ახლა კი ვხედავ – იგი არსებობს. ღვთის შიშიც კი გამიჩნდა. დიდი ძალა ეძლევა იმას, ვისაც სწამს მისი! მაპატიეთ, რომ დაგცინოდით!“

ორი დღის შემდეგ, სამუშაოდან დაბრუნებული ავსეენკოვი მამა არსენთან მივიდა და უთხრა:

„გმადლობთ! თქვენ მე გადამარჩინეთ, რაკი მისი გწამთ... და თქვენი შემყურე, მეც ვრწმუნდები მის არსებობაში“.

ბარაკში ცხოვრება თანაბრად მიედინებოდა. ბევრი პატიმარი იხოცებოდა, წვებოდნენ გაყინულ მიწაში, მათ მაგივრად სხვანი მოდიოდნენ.

პურის ქურდობა შეწყდა და თუ კიდევ მოხდებოდა ხოლმე, ამის გამო სისხლის სამართლის დამნაშავეები მწარე გაკვეთილს უტარებდნენ თავისიანებს. მამა არსენი ბარაკში საქმიანობდა, ძალიან იღლებოდა, როგორც ყველა პატიმარს, ორგანიზმი უკიდურესად გამოფიტული ჰქონდა, მაგრამ მაინც ფეხზე იდგა, სულიერად არ გატეხილა.

ხასიათით, ცხოვრებისეული გზით, განწყობებით განსხვავებული ხალხით დასახლებულ ბარაკში, სიკვდილმისჯილნი, განაწამებნი და ამის გამო გაბოროტებულნი, სასტიკი ადამიანებიც იყვნენ. მამა არსენმა ძალიან ბევრი პატიმარი დააახლოვა ერთმანეთს, ეს სიახლოვე ამ ადამიანებს ბანაკში ცხოვრებას უმსუბუქებდა.

მამა არსენი თავისი სიკეთით, თბილი, ალერსიანი სიტყვით ათბობდა ბევრის გულს, მორწმუნე იქნებოდა ეს თუ კომუნისტი, კრიმინალი თუ სხვა ნებისმიერი პატიმარი, ყოველი მათგანისთვის მოძებნიდა ხოლმე მხოლოდ იმ ადამიანისთვის საჭირო სიტყვას და მის გულამდე აღწევდა, ეხმარებოდა ცხოვრებაში, უნერგავდა უკეთესის იმედს, უბიძგებდა სიკეთის ქმედებისკენ.

როგორღაც, შეუმჩნევლად, ისე მოხდა, რომ საზიკოვი და ავსეენკოვი დაახლოვდნენ. თითქოს და რა ჰქონდათ საერთო სისხლის სამართლის პატიმარსა და კოლეგიის ყოფილ წევრს? მათ შეუმჩნევლად აკავშირებდა მამა არსენი.

ჩაწერილია ავსეენკოვის, ოფიცერი ზორინის, გლებოვის,
საზიკოვის მონათხრობთა მიხედვით.

 

მაიორთან გამოძახება

ზედამხედველი ვესიოლი დღისით, როცა ბარაკი დაცარიელებული იყო, როცა მამა არსენი ღუმელებს ანთებდა ან ბარაკს ალაგებდა, ხშირად „ბარაკის ამოძახებას“ აწარმოებდა და შარზე იყო. იმ დღეს კი სამჯერ შეიარა, განუწყვეტლივ იგინებოდა, მღვდელს სახეში შემოჰკრა, ემუქრებოდა და აშინებდა, საღამოს კი მამა არსენი განსაკუთრებულ განყოფილებაში გამოიძახეს.

საღამოს გამოძახება ცუდ ნიშნად ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული განყოფილების უფროსად ახალი მაიორი დანიშნეს. პატიმრებს განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკის განსაკუთრებული განყოფილების ეშინოდათ.

განსაკუთრებულ განყოფილებაში გამოძახებებს მუდამ უსიამოვნებები სდევდა თან. რაიმე დამატებით საქმეზე დაკითხვებს აწარმოებდნენ, აიძულებდნენ საიდუმლო თანამშრომელი გამხდარიყო და თუ უარს განაცხადებდა, დაკითხვებზე უმოწყალოდ სცემდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ინდობდნენ, როცა დაპატიმრების ვადის გაგრძელების თაობაზე დადგენილებას კითხულობდნენ.

პატიმრებს განსაკუთრებული განყოფილებისა ეშინოდათ, მასში ოცდახუთამდე თანამშრომელი მუშაობდა, ძირითადად, სადღაც ორგანოებში მსახურებისას დაჯარიმებულნი და შორეულ ბანაკებში სამუშაოდ, ეტყობა, „გამოსწორებისთვის“ გადაყვანილები. მათ შორის ბევრი ისეთიც იყო, სასმელს ძალიან რომ ეტანებოდა. დაკითხვის ჩატარება ეხერხებოდათ, ისე გცემდნენ, რომ „ყველაფერს აღიარებდი“.

მამა არსენს ოცდახუთიოდე წლის ლეიტენანტი „ღებულობდა“. როგორც ყოველთვის, შაბლონური კითხვებით დაიწყო: სახელი, გვარი, რომელი მუხლით არის გასამართლებული. შეძახილები: „ყველაფერი ვიცი“, „მიდი, მოყევი“, მუქარა, რის შემდეგაც წარუდგენდნენ გამოძახების მთავარ მიზანს: მიეცა ჩვენება ბანაკში აგიტაციის ქადაგების შესახებ.

სტანდარტულ შეკითხვებზე პასუხის შემდეგ, მამა არსენმა ლოცვა დაიწყო. ლეიტენანტი საზარლად იგინებოდა, მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებდა, იმუქრებოდა, შემდეგ კი ადგა, თქეა: „ახლა მაიორთან გაგატარებთ და ალაპარაკდები“ – შეიგინა და გავიდა.

ათიოდე წუთში დაბრუნდა და მაიორთან – განსაკუთრებული განყოფილების უფროსთან წაიყვანა. მამა არსენმა, იცოდა რა ბანაკის წესები, მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდად იყო. „დაგვტოვეთ“ – ბრძანა მაიორმა. საქმე და დაკითხვის ოქმი აიღო. ლეიტენანტი გავიდა. მაიორი ადგა, კაბინეტის კარი მჭიდროდ მიხურა, დაბრუნდა, სავარძელში ჩაჯდა და შეუდგა მამა არსენის საქმის კითხვას.

მამა არსენი იდგა და ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

მაიორმა საქმე ნახა და უეცრად, მოულოდნელად, უბრალო, კეთილგანწყობილი ტონით თქვა: „დაბრძანდით, მამაო არსენ! ეს მე ვუბრძანე თქვენი გამოძახება“.

მამა არსენი დაჯდა და თან გულში იმეორებდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი! შენდამი აღვიმსთობ!“ თან გაიფიქრა „ახლა დაიწყება“.

მაიორი დუმდა, საქმე კიდევ რამდენიმე ხანს ფურცლა, მამა არსენს შეხედა, საქმეში ჩაკრული მისი ფოტო შეათვალიერა, შემდეგ კიტელის ზედა ჯიბის ღილი გაიხსნა და ქაღალდის დაკეცილი ფურცელი ამოილო: „აიღეთ, ვერა დანილოვნასაგანაა ბარათი, ცოცხალია და ჯანმრთელი. წაიკითხეთ“.

„ძვირფასო მამაო არსენ! ღვთის მოწყალებას საზღვარი არ გააჩნია. მან თქვენ გადაგარჩინათ. ნურაფერს გაიკვირვებთ.
მიენდეთ. ილოცეთ ჩვენთვის, ცოდვილთათვის. ღმერთმა მრავალი ჩვენთაგანი გადაარჩინა. ევედრეთ ღმერთს ჩვენთვის.“
„ვერა“

ვერა დანილოვნას ხელწერა იყო, და ვერასი, მამა არსენის ერთ-ერთი უახლოესი სულიერი შვილისა. უეჭველი იყო, რომ ეს ბარათი მართლაც ვერას ეკუთვნოდა, რადგან ერთხელ შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებით მნიშენელოვანი ბარათების წერისას, ერთ-ერთი ასო უნდა შეცვლილიყო.

„უფალო! გმადლობ, რომ გამაგებინე ჩემი შვილების ამბავი. გმადლობ, უფალო, წყალობისათვის!

მაიორმა გამოართვა მამა არსენს წერილი და დაწვა. ორივე დუმდა. მამა არსენი – მღელვარებისა და მოულოდნელობისაგან, ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა. მამა არსენის შემყურე მაიორიც აღელვებულიყო. მის წინ გატანჯული მოხუცი იდგა, პირწმინდად გადაპარსული, პატარა წვერით, ძველ, დაკერებულ ქათიბში და დაბამბულ შარვალში ჩაცმული.

წინამდებარე საქმიდან მაიორმა შეიტყო, რომ მოხუცს დიდი წარსული ჰქონდა: წარმოშობით ცნობილი მეცნიერის ოჯახიდან იყო, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, და ცნობილია როგორც ბრწყინვალე ხელოვნებათმცოდნე არა მარტო კავშირში, აგრეთვე საზღვარგარეთაც. არის ძველ რუსულ ფერწერასა და ხუროთმოძღვრებაში ღრმა გამოკვლევების ავტორი, ამავდროულად – მღვდელმონაზონი, დიდი და ძლიერი სამწყსოს ხელმძღვანელი, რომელიც, როგორც „ორგანოები“ ვარაუდობდნენ, მისი დაპატიმრების შემდეგაც კი არ დაშლილა.

ამ მოხუცს, ოდესღაც თავისუფლებაზე ცხოვრებისას, შეეძლო ღრმა რწმენის მეცნიერებასთან შეთავსება, თავის წიგნებში სამშობლოს სილამაზეს ადიდებდა და ადამიანებს მისი სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ახლა კი მაიორი ხედავდა, რომ ეს ყოველივე მის წინ მჯდომ ადამიანში ჩამკვდარი იყო, გადაქელილ და მოტეხილ მამაოს, სიკვდილი დიდხანს აღარ დააყოვნებდა და მალე მოაკითხავდა.

მაიორმა ამ სარისკო დავალებას ცოლის თხოვნით მოკიდა ხელი, რადგან თავისი მეუღლე უზომოდ უყვარდა და ანგარიშს უწევდა მის სიტყვს, ამ საქმეში თავისი წვლილი ვერა დანილოვნამაც შეიტანა, რადგან წარსულში დიდად დაეხმარა მის ცოლს და ქალიშვილის.

ვერა დანილოვნა ექიმი იყო და ისე მოხდა, რომ მაიორის ყველაზე ახლობელი ადამიანების სიცოცხლე მისმა თავგანწირულმა უანგარო დახმარებამ გადაარჩინა.

ურთიერთ დაბეზღებებისა და თვალთვალის პირობებში მაიორის მხრიდან მღვდლის მფარველობა უაღრესად სახიფათო იყო, მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მამა არსენთან დააკავშირა.

მამა არსენი ლოცულობდა და, ეტყობოდა, რომ, იმდენად ჩაღრმავდა თავის თავში, რომ ვეღარც მაიორს ხედავდა, ვერც იმ კაბინეტს, რომელშიც იმყოფებოდა, ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ, უეცრად, ამოიხედა და ისე, რომ მაიორისთვის თვალი არ მოუშორებია, მშვიდად წარმოთქვა:

„გმადლობთ ამ კეთილი ცნობისათვის, უფლის სახელით გმადლობთ“. მაიორმა ჩახედა მამა არსენს თვალებში და მიხვდა, რომ მის წინ არა არაქათგამოცლილი მოხუცი, არამედ რაღაც განსაკუთრებული ადამიანია. საკვირველი იყო, რომ ბანაკში ცხოვრების წლებმა არათუ მოდრიკეს, არამედ უფრო მეტად გააძლიერეს. მამა არსენის თვალები ძალას და ნათელს ასხივებდა, ისეთს, მაიორს მანამდე რომ არასოდეს ენახა და ეს ძალა და ნათელი შეიცავდა უკიდეგანო სიკეთეს და ადამიანის სულის უდიდეს ცოდნას.

მაიორი მიხვდა, იგრძნო, რომ მამა არსენს დიდი ძალა ჰქონდა, მას შეეძლო შეეხედა ნებისმიერი ადამიანისთვის და ის ადამიანი ისე მოქცეულიყო, როგორც მამა არსენს სურდა. ბრძანებდა – და ნებისმიერი ჭიშკარი გაიღებოდა და შეიმუსრებდა ნებისმიერი კლიტე. ყველაზე სანუკვარს ხედავენ ეს თვალები ადამიანის სულში და ადამიანის აზრს კითხულობენ. იმასაც მიხვდა მაიორი, რომ მამა არსენი არ მოყვება გამოკითხვას, თუ მან, განსაკუთრებული განყოფილების ახლადდანიშნულმა უფროსმა, რატომ გადასცა მას ვერა დანიელოვნას ბარათი.

მამა არსენი კი, მაიორის მიღმა, სადღაც ზემოთ იყურებოდა. ადგა და განაგრძობდა ცქერას. ადგა, რამდენჯერმე პირჯვარი გადაისახა, ვიღაცას თავი დაუკრა, მისი შემყურე მაიორიც ადგა, ვინაიდან იმ წუთში მის წარდგა არა დახეულ ქურთუკში ჩაცმული მოხუცი, არამედ მღვდელი მთელი მისი საღვთისმსახურო სამოსით, რომელის აღასრულებდა ლოცვის საიდუმლოს ღვთის წინაშე.

მაიორი შეცბა მომხდარის მოულოდნელობითა და იდუმალებით. რაღაც შორეული, მივიწყებული ამოუტივტივა მეხსიერებამ, ის დრო გაახსენდა, მას, პატარა ბიჭუნას, დედა სოფლის ძველ ეკლესიაში დიდ დღესასწაულებაზე სალოცავად ატარებდა ხოლმე. რაღაც თბილმა, კეთილმა მოიცვა მისი გული.

მამა არსენი დაჯდა და მაიორის წინაშე კვლავ არაქათგამოცლილი მოხუცი წარმოდგა, მაგრამ მისი თვალები ისევ ასხივებდა ნათელს.

„პეტრე ანდრიას ძევ! ბანაკში სამუშაოდ გამომაგზავნეს. გავიგე, რომ აქ ხართ. ვიყავი მოსკოვში, ვერა დანილოვნას საქმის ვითარება ავუხსენი და თქვენთვის ბარათის გადმოცემა ვითავე. გარდა ამისა, გთხოვთ ერთ ადამიანს დაეხმაროთ, ბარაკში თქვენთან ერთად ცხოვრობს“. მაიორი შეიშმუშნა.

„გასაგებია, გაგიგეთ! ალექსანდრე პავლეს ძეს დავეხმარები. ყველაფერს გადავცემ. მესმის, რომ გიჭირთ აქ სერგეი პეტრეს ძევ. ახალ სამუშაოს ვერ მიეჩვიეთ. ძნელია ამის მიჩვევა, რეები ხდება აქ! მაგრამ თქვენი შეძლებისამებრ, მოწყალე იყავით და ეს თავის თავად დიდი შეწევნა იქნება პატიმრებისათვის“.

„დიახ, ძნელია! ახლა ყველგან ძალზე ჭირს, – წარმოთქვა მაიორმა – სწორედ ამიტომაც აღმოვჩნდი აქ. გული გტკივა, როდესაც ხედავ, გარშემო რაც ხდება. თვალთვალი, ერთმანეთის დასმენა, ერთი მეორეზე საშინელი საიდუმლო მითითებები. აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი, უმნიშვნელოა და მცირე. ყველაფრის თქმა მრცხვენია, თანაც მეშინია.

ზედამხედველი პუპკოვი გამუდმებით გასმენთ. აშკარად არ უყვარხართ. მოვაშორებთ, სხვას, წესიერს დავაყენებთ. გიმძიმთ, პეტრე ანდრიას ძევ, გიმძიმთ! დახმარება კი, როგორც უკვე ვთქვი, ნაკლებად შემიძლია, მაგრამ ცდას არ მოვაკლებ. გამოძახებას ლეიტენანტი მარკოვის მეშვეობით განვახორციელებ ხოლმე, ეს ის კაცია, რომელმაც დაგკითხათ. მძიმე ადამიანია, ეჭვიანი, მაგრამ სწორედ მის ამ თვისებას გამოვიყენებ, შევთავაზებ, განსაკუთრებული ზედამხედველობა დაგიწესოთ და დაკითხვების შემდეგ ჩემთან გამოგგზავნოთ. ნუ გეშინიათ, განსაკუთრებული ზედამხედველობა თქვენს საქმეებზე არ აისახება და პირად საქმეში შეტანილი არ იქნება.

ალექსანდრე პავლეს ძეს უთხარით, რომ გენერალი სერგეი პეტრეს ძე აბროსიმოვი, ამჟამად მაიორად ჩამოქვეითებული – აქ არის. ა.პ. მაღლა ბევრს ახსოვს, მაგრამ დახმარება ჭირს. ცდილობენ, არაერთხელ შესულან მთავართან, მაგრამ უშედეგოდ. მთავარი პასუხობს: „იჯდეს“, თანაშემწე კი მის განადგურებას ცდილობს. ბევრი იცის ალექსანდრე პავლეს ძემ. იდეურია, პირდაპირი, ასეთები კი არ უყვართ. უნდოდათ საერთოდაც ჩამოეშორებინათ, მაგრამ მთავარმა სანქცია არ მისცა. ახლა ამას შემოვლითი გზებით ცდილობენ. კრიმინალ კარის უბიძგებენ ამაზე.

ალექსანდრე პავლეს ძეს ჩემგან ბარათი გადაეცით. დაეხმარეთ. საოლქო კომიტეტის ყოფილ მდივანს, სავუშკინს მოერიდოს, მასზე დასმენებს ბეჭდავს, ისიც თქვენს ბარაკში ცხოვრობს. ოქმზე ხელი გაქვთ მოსაწერი, წადით, შემდეგი შეხვედრისას დავწერ.

მამა არსენს გაეღიმა, აიღო სუფთა ფურცელი, ხელი მოაწერა: „ჩაწერეთ, რაც გინდათ“.

მაიორი წამოდგა, მამა არსენთან მივიდა, მხრებზე მოკიდა ხელი და რატომღაც, მოულოდნელად, თქვა: „ნუ დამივიწყებთ“.

შთაბეჭდილებებითა და განცდებით აღსავსე, განუწყვეტლივ ღვთის მადიდებელი, ყოველივე განცდილით დაღლილი დაბრუნდა მამა არსენი და დაწვა.

მოუთმენლად ელოდნენ, იქნებ არც კი დაბრუნებულიყო. დაწოლილი კითხულობდა ლოცვებს და ფსალმუნებს, მადლობდა ღმერთს და იმეორებდა: „უფალო! ვადიდებ საქმეთა შენთა, გმადლობ, რომ მიჩვენე უდიდესი წყალობა შენი. შემიწყალე მე, ღმერთო!”

ბანაკებში არსებობდა დადგენილი წესი: თუ პატიმარი განსაკუთრებულ განყოფილებაში გამოიძახეს, იქიდან დაბრუნებულს არაფერს ეკითხებოდნენ და მასთან არ მიდიოდნენ. შიშობდნენ, რომ მასთან მისულზე ეჭვს აიღებდნენ, რომ მასზე ჰკითხესო. მოვა დრო და, თუ საჭიროდ ჩათვლის ადამიანი, თვითონ მოყვება. მამა არსენს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. გულს უჩუყებდა ღვთის განგება, ღმერთს ადიდებდა, ღვთისმშობლისადმი ლოცულობდა, დილით კი ხალასი გულით ადგა და საქმიანობას შეუდგა.

ზედამხედველმა „ვესიოლი“ (პუპკოვმა) მიწურში ერთი-ორჯერ შემოირბინა, ყველაფერი თვალისცეცებით მიმოათვალიერა და ჰკითხა: „ჰა, მღვდელო, არ მიგაკლეს „განსაკუთრებულში?“ მიგაკლავენ“, გაიცინა და გავიდა.

საღამოს, პატიმრების სამუშაოდან მოსვლისა და ულუფის მიღების შემდეგ, მამა არსენმა ავსეენკოვს მიმართა:

„ალექსანდრე პავლეს ძევ! ამოძახებამდე შეშის დაჭრაში მომეხმარეთ. თორემ ვერ მოვასწრებ“.

ახლა მამა არსენს წინასწარ დაჭრილ შეშას აღარს პარავდნენ, ამისათვის ბარაკი ზრუნავდა. ამოძახებამდე საათზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ბანაკის ტერიტორია ნათურებით და პროჟექტორებით იყო გაჩახჩახებული. შეშის დაჭრა საღამოსაც შეიძლებოდა. შეშის მოსატანად გავიდნენ, იქ მამა არსენმა უთხრა:

„შეშის ნაჭერს რომ გადმოგცემთ, ბარათი გამომართვით, წაიკითხეთ და ჩაყლაპეთ, მერე მოგიყვებით ყველაფერს“.

„რა ბარათი? – ჰკითხა შეცბუნებულმა ავსეენკოვმა – რომელი“?

სტაცა ხელი ხის სოლს და შეშის ჩეხვა დაიწყო, მერე ნათურის ქვეშ დადგა და, ვითომ შეშის პალოს ათვალიერებდა, ბარათის კითხვა დაიწყო.

ჩაიკითხა ერთხელ, მეორედ და ცხარედ ატირდა, მამა არსენმა ჩაუჩურჩულა: „ჩაყლაპეთ ბარათი“, და დაურთო: „თავი შეიკავეთ“. ·

სანამ შეშას ჩეხავდნენ და აგროვებდნენ, მოუყვა, რა ილაპარაკა აბროსიმოვმა. მოუყვა, რომ გენერლობიდან მაიორად ჩამოაქვეითეს, რომ მეგობრებს მისი დახმარება უნდათ, მაგრამ უჭირთ და რომ არსებობს მისი, ავსეენკოვის ჩამოშორების მითითება.

„პეტრე ანდრიას ძეე! მამაო არსენ! მე ღმერთი არ მწამს, მაგრამ აქ ვრწმუნდები, რომ ღმერთი უნდა ვიწამო. კატერინასგან – ცოლისგან წერილი მომივიდა, შიგ ჩემი მეგობრის, საკმაოდ გავლენიანი ადამიანის მინაწერია. დახმარებას მპირდება. ეს მინაწერი თუ ვინმემ გაიგო, ნამდვილად მოკლავენ. ძველი მზვერავია, უშიშარი. თურმე, იქ, თავისუფლებაზეც არიან ადამიანები, თურმე ჯერ კიდევ ყველა არ შთანთქმულა უნამუსობაში.

კატერინა იწერება, რომ ღმერთს შესთხოვს ჩემთვის, ეტყობა ნამდვილად, როგორც საჭიროა, ისე შესთხოვს. აქ კი ამ ჯოჯოხეთში თქვენ მეხმარებით, გულს მითბობთ, ჩემს ფიქრებთან მარტო არ მტოვებთ. ჩემსავით სხვებსაც ანუგეშებთ. ნახეთ! როგორი გახდა საზიკოვი! სასტიკი და საშიში – მოლბა, თქვენ ყველაფერს გიჯერებთ. თქვენ თუ ვერ ხედავთ ამას, სამაგიეროდ მე ვხედავ და მწამს, რომ ამ ყველაფერს თქვენი ღმერთი აკეთებს თქვენი მეშვეობით! არ ვიცი, თუ გავხდები ღრმად მორწმუნე, მაგრამ ვიცი და ვხედავ, რომ არსებობს იგი – ღმერთი, არსებობს!

შეშა მიწურში შეიტანეს. საზიკოვი ნარიდან ჩამოვიდა და ისიც მიეხმარა შემოზიდვაში. მამა არსენმა უამბო საზიკოვს, როგორი საუბარი ჰქონდა საგანგებო განყოფილების უფროსთან, რომ სისხლის სამართლის პატიმრების ხელით ავსეენკოვის მოშორება უნდათ და სთხოვა: „დაეხმარეთ, სერაფიმე ალექსანდრეს ძევ“. განმარტოებით საზიკოვს სერაფიმს ეძახდა და არა ივანეს – გამოგონილ სახელს, უყვებოდა და იცოდა მამა არსენმა, რომ საზიკოვი არ გასცემდა და არ უღალატებდა – ძლიერ შეიცვალა.

„იშვიათი შემთხვევაა, – თქვა საზიკოვმა – დავეხმარებით, დავიცავთ ალექსანდრე პავლეს ძეს. იგი კარგი ადამიანია, ღირსეული. დავიფარავთ, ნუ გეშინიათ... ჩვენცა გვაქვს ჩვენი საიდუმლოებები. ბიჭებს ვეტყვი, დავიფარავთ“.

ჩაწერილია ავსეენკოვის, აბროსიმოვის, საზიკოვის მონათხრობისა
და მამა არსენის მოკლე მოგონებების მიხედვით.

 

ცხოვრება მიედინება

დრო მიედინებოდა. ზამთარი გავიდა, დადგა გაზაფხული. სულ უფრო და უფრო მეტი პატიმარი ავადმყოფობდა და იხოცებოდა. თითქმის ყველა პატიმარი ცინგათი დაავადმყოფდა, ბანაკის საავადმყოფო გადაივსო, ხალხი ბანაკებში იწვა.

მამა არსენი სრულიად დასუსტდა, მაგრამ ბანაკში თავის ვალდებულებებს ასრულებდა, ძალიან დათბა, ატალახდა, ნესტის გამო იძულებული იყვნენ ისევე ხშირად გაეთბოთ ბანაკი, როგორც ზამთარში, რათა კედლები და ნარები არ დანესტიანებულიყო.

გამოფიტული, მილასლასებული მამა არსენი ძველებურად ეხმარებოდა ხალხს, ყველას, ვისი დახმარებაც კი შეეძლო. ამ ყურადღებით უჩვეულო შინაგან სითბოს ჰგვრიდა ადამიანებს, ეხმარებოდა უთხოვნელად, მივიდოდა და უსიტყვოდ გაეცლებოდა, მადლობის მოლოდინის გარეშე.

ზედამხედველი „ვესიოლი“ – პუპკოვი, კარგა ხანია გამოცვალეს და სატყეო პუნქტის უფროსად გაგზავნეს. მოვიდა ახალი ზედამხედველი – მდუმარე. მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. პატიმრებმა უმალ შეამჩნიეს ყველაფერი და „სპრავედლივი“ (სამართლიანი) შეარქვეს.

ზედამხედველი მკაცრად მოითხოვდა საბანაკო წესების შესრულებას. განსაკუთრებულად კი სისუფთავეს ამოწმებდა. არავის ცემდა და თითქმის არ იგინებოდა. გავიდა ზაფხული, მოკლე, მაგრამ ცხელი. კოღოებისგან მოსვენება დაეკარგათ, ამ მწერებს პატიმრები გამოფიტვამდე და ნერვულ აშლილობამდე მიჰყავდა.

ბარაკი აღარ თბებოდა. მამა არსენს, ხანდაზმულობისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო, მძიმე სამუშაოზე ვარ გზავნიდნენ, ბარაკის და მის გარშემო ტერიტორიის მოსავლელად, ნაგვის ორმოების დასასუფთავებლად ტოვებდნენ.

საგანგებო განყოფილებაში ორჯერ გამოიძახეს. პირველმა ლეიტენანტმა მარკოვმა დაჰკითხა, მაგრამ განყოფილების უფროსთან არ წაუყვანია, მეორედ, დაკითხვის შემდეგ მაიორთან წაიყვანა, ის ანერვიულებული და შეშფოთებული დახვედრია, აკი, უთქვამს კიდეც:

„ახლა ძნელი დროა. სიმკაცრე გაძლიერდა, ერთმანეთის გაუგონარი თვალთვალი მიდის. ბანაკში ყველაზე გავლენიანი პირი ვარ, ყველას ეშინია ჩემი, ბანაკის უფროსსაც კი, დახმარებით კი ვერავის ვეხმარები, არაფერი შემიძლია. ხალხს ვერ ენდობი, დამაკავშირებელი რგოლი არ არსებობს. კიდევ როდის დაგიძახებთ? არ ვიცი! უბრალოდ თქმისაც კი მეშინია, მაგრამ არც თქვენ და არც ალექსანდრე პავლეს ძეს, ერთი წუთითაც არ გტოვებთ უყურადღებოდ. კვლავ გადაეცით ბარათი ალექსანდრე პავლეს ძეს, უთხარით, რომ მოსკოვში არ დავიწყებიათ, დაკითხვის ოქმებს ხელი მოაწერეთ, წინასწარ დავწერე. გარშემო საშინელი საქმეები ხდება და მეც ვარ მათი ხელშემწყობიო“.

მამა არსენმა ბარათი ავსეენკოეს გადასცა და ისიც კვლავ გამოცოცხლდა.

 

„იჩქარეთ სიკეთის ქმნა“

მამა არსენი, ბოლო დროს, ძალიან იღლებოდა, ძლივსღა ახერხებდა ბარაკის დასუფთავებას, ამის შემყურე პატიმრები ხშირად ეხმარებოდნენ მას,ფეხზე ლოცვის ძალითღა იდგა. იმ ადამიანებს, რომლებიც მას იცნობდნენ, ხანდახან ეჩვენებოდათ, რომ იგი არა ბანაკში, არამედ სადღაც ძალიან შორს, რაღაც განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის ცნობად, ნათელ სამყაროში ცხოვრობდა. მუშაობისას ხშირად დაუნახავთ, ტუჩებით, უხმოდ როგორ ჩურჩულებდა ლოცვებს, შემდეგ კი უეცრად, სიხარულით გაცისკროვნებული ღიმილი მოეფინებოდა სახეზე და უმალ იგრძნობოდა, თუ როგორ ემატებოდა ძალა და სიმხნევე. მაგრამ საკუთარ თავში ჩაღრმავება არასოდეს უშლიდა ხელს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანების გასაჭირი დაენახა და დახმარებოდა მათ.

მორწმუნეები მასთან ურთიერთობისას ხედავდნენ, რომ მამა არსენის სული მუდამ უფლის ტაძარში იმყოფებოდა საღმრთო მსახურებით, მუდამ ცდილობდა, რომ სიკეთე ეკეთებინა.

როცა ადამიანს ეხმარებოდა, მამა არსენი იმაზე არ ფიქრობდა, თუ ვინ იყო ის ადამიანი და როგორ მიიღებდა მის დახმარებას. იმ წუთში ის ხედავდა მხოლოდ ადამიანს, რომელსაც მისი დახმარება ესაჭიროებოდა და ეხმარებოდა კიდეც მას. პატიმრებს ეს ჯერ პირფერობა ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცდებოდნენ. შემდეგ დაცინვით „ნეტარი” შეარქვეს, მაგრამ არც ეს შეესაბამებოდა სინამდვილეს.

უმრავლესობამ გაუგო მას. მამა არსენისადმი ბარაკის განწყობა შეიცვალა. ინტელიგენცია მასში მეცნიერს ხედავდა. მეცნიერს, რომელშიც შერწყმული იყო რწმენა და ცოდნა, მამა არსენის საქციელის შემყურე ყოფილი კომუნისტები, უკვე სხვაგეარად უყურებდნენ რწმენას და მორწმუნეებს, ბევრ მათგანს მორწმუნე, „ბნელეთის მიციქულად“ უკვე აღარ წარმოედგინა.

მორწმუნეები მასში ხედავდნენ მღვდელს ან ბერს, რომელმაც სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და თავის ღვაწლს ბანაკში ეწეოდა. მამა არსენის შემყურე მრავალი, ადამიანი გარკვეულწილად სიმშვიდეს პოულობდა, ეგუებოდა საბანაკო ცხოვრებას.

კრიმინალები ექომაგებოდნენ მამა არსენს და პატივისცემითაც კი ეპყრობოდნენ. თუ რომელიმე ახლადმოსული პატიმარი შეეცდებოდა მის წყენინებას, მაშინვე აგრძნობინებდნენ, რომ ამის გამო შეიძლება, სცემონ კიდეც. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა კრიმინალებს მამა არსენისთვის სულიერი დახმარებისთვის მიუმართავთ. რადგან იცოდნენ მამა არსენი აუცილებლად დაეხმარებოდა მათ. რაც მთავარია, მამა არსენს არავისი ეშინოდა.

 

„სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის“

ერთ ზამთარს, ეტაპით ოცდასამიოდე წლის ჭაბუკი, სტუდენტი მოიყვანეს, რომელსაც 58-ე მუხლით, ოცი წელი ჰქონდა მისჯილი. ბანაკისეულ ყოფით სიბრძნეს ჯერ არ ფლობდა, რადგან განაჩენისთანავე ბუტირკიდან პირდაპირ „საგანგებოში“ მოხვდა. ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ნორჩი, მთლად რომ ვერ გაეგო, რა შეემთხვა. „საგანგებოში“ მოხვედრისთანავე კრიმინალებს შეეჩეხა. ჭაბუკი კარგად იქო ჩაცმული, ეტაპებით მგზავრობისას ჯერ არ „გაცვეთილიყო“. კრიმინალებმა, ივან კარის მეთაურობით, როგორც კი დაინახეს, მაშინვე გადაწყვიტეს, გაეხადათ. ამიტომაც ჭაბუკის ტანსაცმელზე კარტის სათამაშოდ დასხდნენ. ყველა ხედავდა, რომ გახდიდნენ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, საზიკოვმაც კი ვერ დაარღვია საბანაკო ტრადიცია. კანონია: ყმაწვილი ფსონში ჩადეს – ხმა არ ამოიღო, ნუ ჩაერევი, ჩაერევი –მოგკლავენ.

იმ პატიმრებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ, იცოდნენ, რომ თუ მათ ძონძებზე თამაშობდნენ, შეწინააღმდეგება არ შეიძლებოდა, რადგან აუცილებლად მოკლავდნენ. ბიჭის მთელი ტანსაცმელი ივან კარიმ მოიგო, მასთან მივიდა და უთხრა: „გაიხადე, მეგობარო, შენი ძონძები”.

ბიჭს ალექსეი ერქვა, თავიდან ვერაფერს მიხვდა. ეგონა ხუმრობდნენ, ტანსაცმელს არ აძლევდა. ივან კარიმ კი გადაწყვიტა ბარაკისათვის „კომედია“ გაეთამაშებინა. დაცინვით, ალერსიანად მოჰყვა დარწმუნებას, შემდეგ ცემა დაუწყო. ალექსეი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბარაკმა უკვე იცოდა, რომ ბიჭს სიკვდილის პირამდე მიიყვანდნენ, ან სულაც ცემით მოკლავდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო – დიდი „კონცერტი“ ელოდათ.

გაისუსნენ, ყველა დადუმდა, ივან კარი კი ცემდა და თანდათან აზარტში შედიოდა. ალექსეი თავის დაღწევას შეეცადა, მაგრად ვინ დააცადა? სახეზე სისხლი ღვარად წამოუვიდა პატიმრებმა კარგი გასართობი იშოვეს, ორ პარტიად გაიყვნენ, ერთი მათგანი ალექსეის აგულიანებდა.

მამა არსენი ამ „კონცერტის“ დროს ბარაკის მეორე ბოლოში ღუმელებთან შეშას აწყობდა და დასაწყისს არ შესწრებია. განაპირა ღუმელთან მივიდა და ხედავს, როგორ სასიკვდილოდ იმეტებეს კარი ალექსეის. ალექსეი კი იმასღა ცდილობს, ხელები აიფაროს. კარი კი გამხეცებულია, ცემს და ცემს. წასულია ბიჭის საქმე. მამა არსენმა შეშა მდუმარედ დაალაგა ღუმელის წინ, მშვითად მივიდა ჩხუბის ადგილას და, მთელი ბარაკის განსაცეიფრებლად, სტაცა კარის ხელი. იმან გაკვირვებით შემოხედა, მერე კი სიხარულით შეჰღმუვლა კიდეც. მღვდელმა ტრადიცია დაარღვია, ჩხუბში ჩაერთო. ამისთვის ხომ მისიკვდილებას იმსახურებდა! სძულდა კარის მამა არსენი, მაგრამ ხელს ვერ ახლებდა, ბარაკისა ეშინოდა, აქ კი კანონიერი შემთხვევა ამის საშუალებას აძლევდა და გული მიეცა.

კარიმ ალიოშკას ცემა შეწყვიტა და ჩაილაპარაკა: „აბა მღვდელო, ორივეს აღსასრული დადგა, ჯერ სტუდენტისა, მერე შენი“.

პატიმრები დაიბნენ. ჩაერიონ? მაშინ ყველა კრიმინალი, როგორც ერთი, აიშლება. კარიმ საიდანღაც დანა მოიტანა და ალიოშკას მივარდა.

რა მოხდა? წესიერად ვერავის გაეგო, მაგრამ მუდამ ჩუმი, ალერსიანი და სუსტი მამა არსენი გასწორდა, წინ, კარისკენ გადადგა ნაბიჯი და ხელში ჩაარტყა, თან ისეთი ძალით, რომ ხელიდან დანა გაუვარდა, მერე კი ხელი ჰკრა, კარი ალექსეის მოაშორა. კარი წაბარბაცდა, საწოლის კუთხეს დაეცა და ცხვირ-პირი ჩაემტვრა. ამ დროს ყველამ გაიცინა. მამა არსენი კი ალექსეისთან მივიდა და უთხრა: „წადი, ალიოშა, დაიბანე, ხელს აღარავინ გახლებს“ – და, თითქოს, არაფერი მომხდარაო, კვლავ შეშის დასაწყობად წავიდა.

ყველა გაოგნდა. კარი ადგა. კრიმინალები აფუსფუსდნენ, მიხვდნენ, რომ კარიმ მთელი ბანაკის თვალში „პირი წაიხდინა“.

ვიღაცამ იატაკზე ფეხით სისხლი გაგლისა, დანა აიღო. ალიოშკას ცხვირ-პირი დალეწილი ჰქონდა, ყური მოგლეჯილი, ცალი თვალი მთლად დასიებოდა, მეორე – ჩაწითლებოდა. ყველა გაისუსა. ახლა მამა არსენს და ალექსეის აღარაფერი ეშველება. აუცილებლად მიაკლავენ.

მაგრამ, სულ სხვაგვარად მოხდა, სისხლის სამართლისანებმა მამა არსენის საქციელი თავისებურად შეაფასეს, რადგან მასში გამბედავი და, რაც მთავარია, უჩვეულო კაცი დაინახეს. დანიანმა კარიმ, რომელიც მთელ ბანაკს შიშის ზარს სცემდა, ვერ შეაშინა, კრიმინალები გამბედაობას პატივს სცემდნენ, გულადობისათვის თავისებურად უყვარდათ კიდეც. მამა არსენის სიკეთე და უჩვეულობა დიდი ხანია იცოდნენ. კარი თავის საწოლთან გაემართა, ბიჭებს ეჩურჩულება, მაგრამ გრძნობს, რომ მხარს არ დაუჭერენ, რაკი მაშინვე არ უთანაგრძნეს.

გათენდა, დილით სამუშაოდ წავიდნენ, მამა არსენი კი ბარაკის საქმეებს შეუდგა: ღუმელებს ანთებს, ალაგებს, ასუფთავებს.

საღამოს პატიმრები სამუშაოდან დარუნდნენ. უეცრად, სწორედ ბარაკის დაკეტვის წინ, რეჟიმის უფროსი და მასთან ერთად რამდენიმე ზედამხედველი შემოვარდა.

– მწკრივში დაეწყვეთ, – ერთბაშად დაიღრიალა. წამოხტნენ, დგანან, უფროსი კი დაუყვა მწკრივს, მამა არსენამდე მივიდა და ცემა დაუწყო, ალექსეი კი ზედამხედველებმა გამოათრიეს მწკრივიდან.

„საბანაკო რეჟიმის დარღვევისათვის, ჩხუბისათვის, – ნომერ პირველ ცივ კარცერში, ორი დღე-ღამით, უჭმელ-უსმელი“ – იყვირა ზედამხედველმა.

დასმენა კარის მიერ იყო შეთითხნილი, ეს კი კრიმინალებს შორის ყველაზე უკანასკნელ, სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა.

№1 კარცერი – ბანაკის შესასვლელთან მდგარი, მომცრო ზომის ქოხი იყო. ერთი ერთკაციანი და მეორე - ორკაციანი საკნით, რომელშიც ერთი ვიწრო საწოლი, უფრო სწორედ, ორმოციოდე სანტიმეტრის სიგანის ფიცარი დაეგდოთ. იატაკს, კედლებს, საწოლს მთლიანად ფურცლოვანი რკინა ჰქონდა გადაკრული. თვითონ საკანი კი არაუმეტეს სამი მეოთხედი მეტრი სიგანისა და ორი მეტრი სიგრძისა იყო.

ქუჩაში ოცდაორგრადუსიანი ყინვა და ქარი იყო, სუნთქვა ჭირდა. გარეთ გასულს სიცივით გათოშვა არ აგცდებოდა. ბარაკის პატიმრებისათვის ცხადი იყო, რომ ეს უდავოდ სიკვდილს ნიშნავდა, კარცერში ორ საათში გაიყინებოდნენ. უეჭველად გაიყინებოდნენ. ასეთი ყინვების დროს, როგორც წესი, იმ კარცერში არ გზავნიდნენ, ხანდახან ხუთ-ექვს გრადუსიან ყინვაში ერთი დღე-ღამით ათავსებდნენ. ცოცხალი მხოლოდ ის რჩებოდა, ვინც განუწყვეტლივ ერთ ადგილას ხტოდა. მოძრაობის შეწყვეტა და გაყინვა ერთი იყო. ახლა კი მინუს ოცდაათია. მამა არსენი მოხუცია, ალიოშა – ნაცემი, ორივე – გამოფიტული.

ზედამხეღველებმა ორივე გაათრიეს. ავსეენკოვი დასაზიკოვი გავიდნენ და უფროსს მიმართეს: „მოქალაქე უფროსო! გაითოშებიან ასეთ ყინვაში, არ შეიძლება იმ კარცერში მათი გაგზავნა, დაიხოცებიან!” ზედამხედველებმა ისეთი მოსდეს ორივეს, რომ ბარაკის ერთი ბოლოდან მეორემდე უგონოდ იფრინეს...

ივან კარიმ თავი მხრებში ჩამალა, გრძნობდა, რომ ბარაკში სიცოცხლე აღარ ეწერა, დასმენის გამო, თავისიანებივე მოუღებდნენ ბოლოს.

მამა არსენი და ალექსეი კარცერში მიიყვანეს, შიგ შეყარეს. ორივე რაღაცაზე დაეცა და დაიმტვრა. დარჩნენ სიბნელეში, მამა არსენი ადგა და ჩაილაპარაკა: „აჰა! აი, შეგვყარა უფალმა ერთად საცხოვრებლად. ცივა, ცივა, ალიოშა, რკინაა გარშემო“.

კარს იქით ურდულმა დაიხრიგინა, შემდეგ კლიტემ დაიჩხაკუნა და ხმები და ნაბიჯები შეწყდა. ჩამოწოლილ სუჩუმეში ორივე სიცივემ აიტანა, მოიკუნტნენ. ვიწრო, გისოსებიან ფანჯარაში მთვარის რძისფერი შუქი შემოდიოდა და სუსტად ანათებდა კარცერს.

„გავიყინებით, მამაო არსენ, – ამოიგმინა ალექსეიმ, – ჩემს გამო გავიყინებით. ორივენი დავიხოცებით, უნდა ვიმოძრაოთ, ვიხტუნაოთ, გამუდმებით, მთელი ორი დღე-ღამე. არადა, ძალა არ გამაჩნია, არაქათგამოცლილი ვარ, უკვე ისე მცივა, რომ ფეხები გამეთოშა. ისეთი სივიწროვეა, ვერც კი გაინძრევი. დავიხოცებით, მამაო არსენ. ისინი რომ ადამიანები იყვნენ, ასე არ მოგვექცეოდნენ, ამას ხომ დახვრეტა ჯობს?!“

მამა არსენი დუმდა. ალექსეი ცდილობდა ერთ ადგილზე ხტუნვას, მაგრამ მაინც ვერ თბებობდა. ორ-სამ საათში ნამდვილად დაიხოცებოდნენ, სწორედ ამისათვის იყვნენ გამოგზავნილნი აქ.

„რას გაჩუმებულხართ? რას გაჩუმებულხართ, მამაო არსენ?” – თითქმის ყვიროდა ალექსეი და, თითქოს საიდანღაც შორიდან მთვლემარება გამოარღვია პასუხმა: „ვლოცულობ, ღმერთს ვევედრები, ალექსეი!”

„რაღაზე უნდა ილოცო აქ კაცმა, ვიყინებით!“ – ჩაილაპარაკა ალექსეიმ და გაჩუმდა.

„მარტონი ვართ მე და შენ, ალიოშა! ორი დღე-ღამე არავინ მოვა. ვილოცოთ. პირველად დაუშვა უფალმა ბანაკში მთელი ხმით ლოცვა. ვილოცოთ, დანარჩენი კი უფლის ნებაა“.

ალექსეი თითქმის გაიყინა, მისთვის ახლა აშკარა იყო, რომ მამა არსენი ჭკუიდან შეიშალა. ის კი იდგა მთვარის რძისფერ შუქზე, პირჯვარს იწერდა და ხმადაბლა რაღაცას ამბობდა.

ხელ-ფეხი სულ მთლად გაეყინა, მოძრაობის ძალა აღარ შესწევდა. გათოშილი ალექსეისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო.

მამა არსენი გაჩუმდა. უეცრად ალექსეიმ გაიგონა მამა არსენის გარკვევით წარმოთქმული სიტყვები და მიხვდა – ის ლოცულობდა.

ეკლესიაში ალექსეი ერთხელ, ისიც ცნობისმოყარეობის გამო წავიდა. ოდესღაც ბებიამ მონათლია, ოჯახი ურწმუნო, უფრო სწორედ, რელიგიური საკითხებისადმი სრულიად გულგრილი იყო. რწმენა რას ნიშნავდა, არ იცოდნენ. ალექსეი კომკავშირელი სტუდენტი გახლდათ და აბა, რომელ რწმენაზე შეიძლებოდა იქ საუბარი?!

იდუმალებაში, მოახლოებული სიკვდილის განცდაში, ნაცემებისა და სიცივისგან ტკივილში, ჯერ ბუნდოვნად, რამდენიმე წამში კი მკაფიოდ შემოაღწია სიტყვებმა, ალექსეის ესმოდა: „უფალო, ღმერთო! შეგვინდე, ჩვენ ცოდვილებს! მრავალმოწყალეო და ყოვლადმოწყალეო ღმერთო ჩემო, უფალო იესო ქრისტე, რომელი დიდისა კაცთმოყვარეობისათვის გარდამოხვედ და განკაცენ ყოველთა კაცთა ხსნისათვის... შენი გამოუთქმელი წყალობით დაგვიცევ და შეგვიწყალე, განგვარიდე... უეცარი სიკვდილისაგან, რამეთუ გვწამს შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და მაცხოვარი ჩვენი“... ლოცვის სიტყვათა ნაკადმა იწყო დინება და მამა არსენის წარმოთქმულ ყოველ სიტყვაში უღრმესი სიყვარული, ღვთის მოწყალების იმედი და ურყევი რწმენა იყო ჩაღვრილი.

ალექსეიმ ლოცვას მიაყურადა. თავიდან სიტყვების აზრი ბუნდოვნად აღწევდა მასთან, მისთვის თითქმის ყველაფერი გაუგებარი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად ითოშებოდა, უფრო მკაფიოდ ესმოდა სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა. ლოცვა სიმშვიდით აღავსებდა მის სულს, გულის მომნუსხავ შიშს სდევნიდა და მის გვერდით მდგომ მოხუცთან, მამა არსენთან აერთიანებდა.

„უფალო ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე! შენ წარმოთქვი უწმინდესი შენი ბაგეებით, უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“.

ალექსეი იმეორებდა: „ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“. ალექსეი მთლად გაიყინა, ვეღარ აცნობიერებდა იწვა, იდგა თუ იჯდა იატაკზე, ყველაფერი ეთოშებოდა, მაგრამ უცბად დადგა რაღაც წამი, როცა კარცერი, სხეულის მონუსხულობა, ტკივილი, შიში – გაქრა. მამა არსენის ხმა აღავსებდა კარცერს და მართლაც კარცერს თუ?..

„მუნ ვარ მე შორის მათსა...“

„განა ვინ შეიძლება იყოს აქ? ჩვენს შორის? ვინ?“ – ალექსეი მამა არსენისკენ შეტრიალდა და დაინახა. უეცრად ყველაფერი შეიცვალა, გარდაიქმნა. თავში მტანჯველი აზრი მოუვიდა: „ეტყობა, ეს დასასრულია, ვიყინები”.

კარცერი გაიშალა, მთვარის მკრთალი შუქი გაქრა, ყველაფერი განათდა, კაშკაშა შუქი ენთო და მამა არსენი, მოელვარე თეთრ შესამოსელში, ხელაპყრობილი ხმამაღლა ლოცულობდა. მამა არსენის სამოსელი სწორედ ის იყო, ოდესღაც ალექსეის მიერ ნანახ მღვდელს რომ ეცვა ეკლესიაში.

მამა არსენის მიერ წაკითხული ლოცვები ალექსეისთვის ახლა გასაგები, ახლობელი და მშობლიური იყო, სიტყვები პირდაპირ გულამდე აღწევდა.

შფოთი, ტანჯვა, შიში სადღაც გაქრა, სურდა იმ სიტყვებს შერწყმოდა, შეეცნო და სიცოცხლის ბოლომდე დაეხსომებინა.

კარცერი აღარ არსებობდა, იყო ეკლესია. მაგრამ როგორ მოხვდნენ აქ და რატომაა აქ მათ გვერდით, კიდევ ვიღაც? გაკვირვებული ალექსეი ხედავდა, რომ კიდევ ორი ადამიანი ეხმარებოდა და ის ორიც გაბრწეინებული სამოსით იყო შემოსილი. მათ გამოუთქმელი თეთრი ნათელი ადგათ. იმ ადამიანების სახეებს ალექსეი ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მშვენიერნი იყვნენ.

ლოცვამ ალექსეის მთელი არსება აღავსო, წამოდგა, მამა არსენის გვერდით დადგა და ლოცვა დაიწყო. თბილოდა, მსუბუქად სუნთქავდა, სიხარულის გრძნობა ცოცხლობდა მის გულში. ალექსეი იმეორებდა ყველაფერს, რასაც მამა არსენი წარმოსთქვამდა და არამხოლოდ იმეორებდა, არამედ მასთან ერთად ლოცულობდა.

მამა არსენი თითქოს ლოცვად გადაქცეულიყო, მაგრამ ალექსეის ესმოდა, რომ მას იგი არ ავიწყდებოდა, არამედ სულ მასთან იყო, ლოცვაში ეხმარებოდა.

ალექსეის იმის შეგრძნება დაეუფლა, რომ ღმერთი არსებობს და რომ ის ახლა მათთან არის. იგი გრძნობდა, ხედავდა თავისი გულით ღმერთს და ის ორნი მისი მსახურები იყვნენ, მის მიერ მამა არსენის დასახმარებლად გამოგზავნილი.

ხან გაიფიქრებდა, რომ ორივენი უკვე გარდაიცვალნენ ან კვდებიან და ახლა ბოდავენ, მაგრამ მამა არსენის ხმა და მისი არსებობა სინამდვილეში აბრუნებდა.

ალექსეიმ არ იცოდა, რამდენი დრო გავიდა, მამა არსენი შემობრუნდა, და უთხრა: „მოდი, ალიოშა, დაწექი, შენ დაიღალე, მე ვილოცებ – შენ კი მოისმენ“.

ალექსეი რკინაგადაკრულ იატაკზე დაწვა, თვალები დახუჭა, თან კი ლოცვას განაგრძობდა. ლოცვის სიტყვები მთელ მის არსებას აღავსებდა: „შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა.." ათას კილოზე პასუხობდა მისი გული სიტყვებს: „შეკრებულ სახელისა ჩემისათვის...” დიახ, დიახ! ჩვენ მარტონი არ ვართ!“ დროდადრო გაიფიქრებდა ხოლმე ალექსეი, თან ლოცვას განაგრძობდა.

სიმშვიდე იყო, თბილოდა, უეცრად, საიდანღაც დედამისი მოვიდა და, როგორც ერთი წლის წინათ, რაღაც თბილი გადააფარა. ხელები თავზე მოუჭირა და გულში ჩაიკრა. უნდოდა ეთქვა: „დედა, გესმის, როგორ ლოცულობს მამა არსენი? მე გავიგე რომ ღმერთი არსებობს. მე მწამს იგი”.

ამის თქმა უნდოდა თუ უთხრა კიდეც, დედამ კი უპასუხა: „ალიოშკა! შენ როდესაც აგიყვანეს, მეც ვიპოვე ღმერთი და ამან შემაძლებინა სიცოცხლის გაგრძელება”.

ნეტარება დაეუფლა, ყველაფერი საშინელი გაუჩინარდა. დედა და მამა არსენი გვერდით იყვნენ. ლოცვამ სული განუახლა, გაუთბო, მშვენიერი დაანახა. ყველაფერი უნდა ეღონა, რომ ის სიტყვები არ დავიწყებოდა, სიცოცხლის ბოლომდე დაეხსომებინა. მამა არსენს არ უნდა განეშოროს, სულ მასთან უნდა იყოს.

იატაკზე, მამა არსენის ფეხთით მწოლიარე ალექსეის ლოცვების მშვენიერი სიტყვები ძილბურანში ჩაესმოდა. ეს მართლაც სრული ნეტარება იყო. მამა არსენი ლოცულობდა, ორი ნათლით შემოსილიც ლოცულობდა და მას ემსახურებოდა, და თითქოს აკვირვებდათ ის, თუ როგორ ლოცულობდა ეს ადამიანი.

ახლა ის უკვე აღარაფერს სთხოვდა უფალს, მხოლოდ ადიდებდა და ჰმადლობდა მას. რამდენ ხანს გრძელდებოდა მამა არსენის ლოცვა და რამდენ ხანს იწვა ძილბურანში მყოფი ალექსეი, არც ერთ მათგანს არ ახსოვდა.

ალექსეის მხოლოდ ერთი რამ ჩარჩა მეხსიერებაში – ლოცვის სიტყვები, სითბოს და სიხარულის მომგვრელი ნათელი, მლოცველი მამა არსენი, ორი ნათლითშემოსილი მსახური და უზარმაზარი, შინაგანი, განმაახლებელი სითბო, რომელსაც ქვეყნად ვერაფერი შეედრებოდა.

კარის ურდულზე ბრახუნის ხმა ატყდა, გაყინული კლიტე აჭრაჭუნდა. ხმები გაისმა, მამა არსენი ისევ ლოცულობდა. ორმა ნათლითშემოსილმა აკურთხა ის და ალექსეი და ნელა გავიდნენ. თვალისმომჭრელი ნათელი თანდათან ქრებოდა და ბოლოს კარცერი ძველებურად ბნელი, ცივი და პირქუში გახდა.

„ადექით, ალექსეი! მოვიდნენ“, – უთხრა მამა არსენმა. შემოვიდნენ ბანაკის უფროსი, მთავარი ექიმი, რეჟიმის უფროსი და საგანგებო განყოფილების უფროსი აბროსიმოვი. ერთ-ერთმა საბანაკო ადმინისტრაციიდან, კარს უკან რომ იდგა, ჩაილაპარაკა:

„ეს დაუშვებელია, ვაითუ მოსკოვს შეატყობინონ. ვინ იცის, ამას როგორ შეხედავენ. გაყინული ცხედრები...”

კარცერში იდგნენ: ქათიბში ჩაცმული მოხუცი და ახალგაზრდა, შემოხეული ტანისამოსით, სისხლჩაქცევიანი და დალურჯებული სახით. სახის გამომეტყველება ერთსაც და მეორესაც მშვიდი ჰქონდა, ტანისამოსი თრთვილის სქელი ფენით დაფარვოდათ.

„ცოცხლები ხართ?“ – გაკვირვებით იკითხა ბანაკის უფროსმა. – „როგორ გაძელით აქ ორი დღე-ღამე?“

„ცოცხლები ვართ, მოქალაქე ბანაკის უფროსო“, – უპასუხა მამა არსენმა.

იქ მდგომებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. „გაჩხრიკეთ“, – მიახალა ბანაკის უფროსმა.

„გამოდით“, – დაიძახა ერთ-ერთმა ზედამხედველმა. მამა არსენი და ალექსეი კარცერიდან გამოვიდნენ, გაიძრეს ხელთათმანები და ჩხრეკეა დაუწყეს. ექიმმაც მოიხსნა ხელთათმანი, ხელი მამა არსენს და ალექსეის ტანსაცმლის ქვეშ შეუყო და ჩაფიქრებულმა, ისე რომ არავისთვის მიუმართავს, თქვა: „საკვირველია! ცოცხლები როგორ გადარჩნენ! მართლაც თბილები არიან“.

ექიმი საკანში შევიდა, გულდასმით დაათვალიერა და იკითხა: „რითი თბებოდით?“ მამა არსენმა მიუგო:

„ღმერთის რწმენით და ლოცვით“.

„ფანატიკოსები, ბარაკში, სწრაფად!“ – ვიღაცამ გაღიზიანებულმა წარმოთქვა უფროსობიდან. მიმავალ ალექსეის ესმოდა როგორ კამათობდნენ მოსულები. უკანასკნელი ფრაზა, რომელმაც მის ყურამდე მიაღწია, იყო: „გასაოცარია! უჩვეულო შემთხვევაა. ამგვარ ყინვაში მათ არაუმეტეს ოთხი საათისა უნდა ეცოცხლათ. ეს საოცარია, დაუჯერებელია, ოცდაათგრადუსიან ყინვას თუ გავითვალისწინებთ. თქვენ გაგიმართლათ, ამხანაგო საბანაკო რეჟიმის უფროსო, შეიძლება ამ ყველაფერს დიდი უსიამოვნებები მოჰყოლოდა“.

ბარაკი მამა არსენს და ალექსეის, როგორც მკვდრეთით აღმდგრებს, ისე შეხვდა. მხოლოდ ერთ რამეს ეკითხებოდნენ: „როგორ გადარჩით?“, რაზეც პასუხობდნენ: „ღმერთმა გადაგვარჩინა“.

ივან კარი ერთ კვირაში სხვა ბარაკში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ერთ კვირაში, ქანმა გასრისა.

ხმები დადიოდა, წამებით მოკვდაო, რომ თავისი საძმო დაეხმარა ქანს მის გაჭყლეტაში. ალექსეი კარცერის შემდეგ გარდაიქმნა, მამა არსენს მიეტმასნა და მიწურში მყოფ ყველა მორწმუნეს ეკითხებოდა ღმერთისა და მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის შესახებ.

ჩაწერილია ალექსეისა და მიწურში მყოფ ზოგიერთი
თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით.

 

ზედამხედველი „სპრავედლივი“

ზედამხედველი „ვესიოლი“ შეცვალეს და მის ნაცვლად ახალი დანიშნეს, რომელსაც საბანაკო წესების უყოყმანო დაცვის მოთხოვნისათვის, მაგრამ ამავე დროს პატიმრებისადმი სამართლიანი მოპყრობისათვის „სპრავედლივი” (სამართლიანი) შეარქვეს.

მამა არსენს ახალი ზედამხედველი გულგრილად ეპყრობოდა. თუკი რაიმე უწესრიგობას აღმოაჩენდა, დამცინავად ეტყოდა ხოლმე: „მსახურება, მსახურება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, მამაო ჩემო”.

ეტყოდა და წავიდოდა, ერთ საათში კი ისევ შემოვიდოდა და შეამოწმებდა.

ზაფხულში „სპრავედლივის“ უჩვეულო რამ შეემთხვა. ერთ დღესაც მიწურების და მათ გარშემო ტერიტორიის დათვალიერებას შეუდგა, მამა არსენი კი იმ დროს ბარაკებს შორის ბილიკებს გვიდა.

ბარაკებიდან გამოსული „სპრავედლივი“ ერთ-ერთ ბილიკზე შეყოვნდა, გვერდითა ჯიბიდან რაღაც ამოიღო, საფულე გახსნა, დახედა, ისევ ჩაიდო და გზა განაგრძო.

მამა არსენი, ბილიკების დაგვისას იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ზედამხედველი იდგა და დაინახა, რომ მიწაზე წითელი წიგნაკი ეგდო. აიღო, „სპრავედლივის“ პარტბილეთი აღმოჩნდა. მამა არსენმა ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, დაგვას მორჩა და ბარაკის დასასუფთავებლად გაეშურა. ფანჯრიდან გამუდმებით იცქირებოდა, ზედამხედველი ხომ არ მოდისო. ორიოდე საათის შემდეგ შეამჩნია გამორბის სახეშეშლილი „სპრავედლივი”. მამა არსენი ბარაკიდან გამოვიდა და მისკენ გაემართა, პარტბილეთის დაკარგვა, თანაც ბანაკში, იმ დროს ზედამხედველისთვის სიკვდილს ნიშნავდა. „სპრავედლივის“ ეს კარგად ესმოდა. მორბის „სპრავედლივი“ ბანაკის ბილიკებზე, სახეშეშლილი, მთლად გაშავებული, ფეხებქვეშ იყურება გარშემო ყველაფერს გულდასმით ათვალიერებს, ეტყობა, რომ ბილიკზე ხალხს უკვე ჩაუვლია. მამა არსენი ზედამხედველს მიუახლოვდა და უთხრა: „მოქალაქე ზედამხედველო! ნება მომეცით მოგმართოთ!” „სპრავედლივის“ ბრაზისაგან სახე მოეღრიცა და იყვირა: „ჩამომშორდი, მღვდელო, გზიდან” დასარტყმელადაც მოემართა, მამა არსენმა კი მდუმარედ გადასცა ბილეთი და მიწურისკენ გაემართა. „სპრავედლივიმ“ ბილეთს ხელი სტაცა და იყვირა: „შეჩერდი!“ მივიდა და ჰკითხა: „აბა! ვინ ნახა?” „არავის უნახავს, მოქალაქე ზედამხედველო, ორიოდე საათის წინ ბილიკზე ვიპოვე”.

„სპრავედლივი“ შეტრიალდა და წავიდა. თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ზედამხედველი ამ შემთხვევის შემდეგ მამა არსენის მიმართ უფრო გამკაცრდა, იქნებ სულაც იმიტომ, რომ „სპრავედლივიმ“ მამა არსენის, როგორც არასასურველი მოწმის მოშორება განიზრახა? ბანაკებში ამგვარი რამეები იოლად ხდებოდა, მოკლავს ზედამხედველი პატიმარს და უფროსობას მოახსენებს: „თავს დამესხა”, სიფხიზლისთვის მადლობასაც კი მიიღებს!

ბანაკში პატიმრის მოკვლის ათასი სხვადასხვაგვარი ხერხი არსებობდა და ყველა მათგანი დაუსჯელი რჩებოდა.

დრო გადიოდა.

ჩაწერილია ანდრეი ივანეს ძის, იმ ბარაკის ზედამხედველის
მონათხრობის მიხედვით, რომელშიც მრავალი წელი გაატარა
მამა არსენმა. გამოყენებულია, აგრეთვე, მამა არსენის ცალკეული
მონათხრობები და მოგონებები.

 

„დედაო ღვთისა! ნუ დატოვებ მათ!“

ამ ჩანაწერს თავად მამა არსენის მოგონებები უდევს საფუძვლად. მისი უახლოესი სულიერი შვილებისათვის და, აგრეთვე, ჩემთვის მონაყოლი.

ავსეენკოვს, საზიკოვს და სტუდენტ ალექსეის ბანაკის შემდეგაც შევხვდი, ამ შეხვედრებმაც უდავოდ შეუწყო ხელი, ისევე ზუსტად აღედგინათ ის ყოველივე, როგორც სინამდვილეში მოხდა. სწორედ ეს პირები ესწრებოდნენ ბარაკში მამა არსენის სიკვდილს და, ესენი გახდნენ მისი ამ ქვეყნად მობრუნების მოწმენი.

როცა მათი მონათხრობი ჩავიწერე, შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე ხელნაწერი მამა არსენისთვის მეჩვენებინა. მან ის წაიკითხა, დიდხანს დუმდა და ჩემს კითხვაზე: „რაიმე უზუსტობა ხომ არ არის?“ – მიპასუხა: „უდიდესი წყალობა მომივლინა უფალმა და დედა ღვთისმშობელმა, გამიცხადეს, თუ რა უსანუკვარესი და უდიდესი რწმენით, სიყვარულით და სიკეთითაა აღსავსე ადამიანის სული. მიჩვენეს, რომ რწმენა არასოდეს დაიკარგება და რომ უამრავი ადამიანი ატარებს მას თავის თავში. ერთნი მგზნებარედ, მეორენი – ძრწოლით. ზოგიერთ მათგანში რწმენის ნაპერწკალი ციალებს და საკმარისია მწყემსი გამოჩნდეს, რომ ეს მცირე ნაპერწკალი აგიზგიზდება და რწმენის ჩაუქრობელ ალად გადაიქცეეა. უფალმა მაჩვენა, რომ რწმენის მატარებელი ადამიანები და, მეტადრე ადამიანთა სულიერი მწყემსები, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ძალისხმევას არ უნდა იშურებდნენ ყოველი მოკვდავის სულიერი გადარჩენისთვის. რომ მათი საქციელი მოყვასის დიდ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს და არა საკუთარი თავის გამოჩენის სურვილს, რადგან ასეთ საქციელში ვლინდება მორწმუნის ნამდვილი დანიშნულება. და სწორედ მათი საქციელის, მათი სიტყვების მიხედვით, მსჯელობს ხალხი რწმენისა და ქრისტეს შესახებ. რამეთუ ნათქვამია: „სიტყვათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო” (მთ. 12, 37) და კიდევ ნათქვამია: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრუთეთ სჯული იგი ქრისტესი” (გალ. 6, 2).

ის, რაც გადამხდა, ჩემთვის უდიდესი გაკვეთილი, დამოძღვრა იყო და საკუთარი ადგილი მაპოვნინა. ბანაკებში ძალიან დიდი დრო დავყავი, ღვთის მოწყალებით გადავრჩი და ვფიქრობდი, რომ რწმენაში გაძლიერებული ვიყავი, მაგრამ როდესაც მოვკვდი, უფალმა და ღვთისმშობელმა დამანახეს, რომ პატიმრობაში მყოფი მრავალი ადამიანის სამოსის შეხების ღირსიც კი არ ვყოფილვარ და რომ მათგან ძალიან ბევრი უნდა მესწავლა. უფალმა მორჩილი გამხადა, ჩემი ადგილი მაპოვნინა, დამანახა სიღრმე ჩემი არასრულყოფილებისა და მომცა დრო ჩემი შეცდომებისა და ცთომილებების გამოსასწორებლად, მაგრამ გამოვასწორე კი ისინი, უფალო? შემეწიე“.

ეს თქვა მამა არსენმა, ხელნაწერი აიღო და რამდენიმე დღეში დამიბრუნა. გადათვალიერების შემდეგ, ხელნაწერის კითხვისას, მის მიერ შეტანილი შესწორებები და ჩამატებული ადგილები ვნახე. სწორედ ამ სახით მომაქვს თქვენს წინაშე ეს ტექსტი. ხელნაწერის გადმოცემისას მამა არსენმა მითხრა: „სანამ ცოცხალი ვარ, ნურავის უჩვენებ. მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ წააკითხე სხვებსო...“

 

* * *

ცხელი არაქათგამომცლელი ზაფხული და კოღოების გაუთავებელი ბზუილი წვიმიანი შემოდგომის წუნწუხმა შეცვალა. ხან ყინვა მოუჭერდა, ხანაც გამდნარი ტალახის ნიაღვრები წამოვიდოდა. ბარაკში ნესტი იგრძნობოდა, ძალიან აცივდა, პატიმრები ტანსაცმელს კვირების განმავლოვაში ვერ აშრობდნენ, სველი ფეხები გამუდმებით დაყვლეფილი ჰქონდათ და გაუთავებლად ტკიოდათ, დაიწყო საბანაკო მძიმე გრიპის საყოველთაო ეპიდემია.

ყოველდღიურად ბარაკში სამი-ოთხი კაცი კვდებოდა, ბოლოს მამა არსენის ჯერიც მოვიდა და მოძღვარი ჩაწვა. მაღალი სიცხისგან ლამის იწვოდა, სიცხე, ციება, ხველა, ნახველი, ამ ყველაფერმა სხეული დაუსუსტა და გულიც კი უჩერდებოდა.

„საგანგებო“-ში გრიპის ეპიდემიების დროს საავადმყოფოში არ აწვენდნენ. აი, ხელ-ფეხს თუ მოიტეხდნენ ან თავს გაიტეხავდნენ – დააწვენდნენ განსაკურნებლად, გრიპის ნებისმიერი ფორმის დროს კი – იწექი და ბარაკში იმკურნალე. ბანაკებში ასეთი კანონია, ფეხზე დგახარ – იმუშავე. დაეცი? – დაამტკიცე, რომ სიმულიანტი არა ხარ. დაამტკიცებ – გიმკურნალებენ, თუ, რა თქმა უნდა, უფროსობაც თანახმა იქნა.

ბანაკში ყოველ პატიმარზე დადგენილია გამომუშავების გეგმა, რომლის გადამეტების შემთხვევაში უფროსობა ყოველთვიურად პრემიას ღებულობს. თუმცა, თვითონ პატიმარი ამას ვერ ჰხედავს, მასზე რუბლით კონტროლი მიმდინარეობს. უფროსობა ვალდებულია საბანაკო რეჟიმი დაიცვას და ყოველგვარი ადამიანური დაივიწყოს.

პატიმარი თუ ავად გახდა და მაღალი სიცხე აქვს, სანიტარულ განყოფილებაში მისასვლელად აღმზრდელ-ზედამხედველს უნდა სთხოვოს ნებართვა. იქ სიცხეს გაუზომავენ, თუ ტემპერატურა 39°-ს აღემატება – ბარაკში დაწვება, მაგრამ ყოველდღიურად სანიტარულ ნაწილში გამოცხადდება. როდესაც მიწურში უგონოდ წევხარ, ბარაკის უფროსი ექთანს გამოიძახებს, ექთანი მოვა, სიცხეს გაგიზომავს, წამალს მოგიგდებს, იწექი და იფართხალე, იქნებ გადარჩე კიდეც, მაგრამ სიცხე 38°-მდე რომ დაეცემა, არ უნდა გამოგეპაროს, თორემ...

მოკლედ, კანონია: შეგიძლია სიარული? – უმჯობესია სამუშაოდ წახვიდე, ჯობს ბანაკის ექიმებთან საქმე არ დაიჭირო. „განსაკუთრებულის“ ექიმები – ნებით დაქირავებულები არიან, თავისი საქმე კარგად იციან. უმალ ყვირილს მორთავენ: „სიმულიანტო! აიდა, სამუშაოდ, კარცერში გაგიშვებ!“ ბანაკში, პატიმრებს შორის ბევრი ექიმი იყო, მაგრამ სპეციალობით მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ, მათ საერთო სამუშაოებში იყენებდნენ, თანაც მძიმეში.

როდესაც მამა არსენი ავად გახდა, მესამე დღეს პატიმრებიდან ერთ-ერთმა ექიმმა გასინჯა, კონსულტაციისათვის ფილტვების სპეციალისტ პროფესორს დაუძახა, მანაც მოუსმინა. იდგნენ, იბჭეს და უთხრეს ავსეენკოვს: „ავადმყოფს ფილტვების საერთო ანთება აქვს, სრული გამოფიტვა, ავიტამინოზი, გული გაცვეთილია. ცუდადაა მისი საქმე, არა გვგონია, ორ დღეზე მეტს იცოცხლოს .სჭირდება წამლები, ჟანგბადი, მოვლა, მაგრამ რაკი მთელი ორგანიზმი ასეთი გამოფიტულია, აღარაფერი ეშველება”.

მამა არსენი, თითქმის მოხუცი, „საგანგებოში” არაერთი წელი იმყოფებოდა, ამ დროის განმავლობაში ბარაკი არაერთხელ განახლებულა, ძველი მაცხოვრებლებიდან ათი-თორმეტიოდე კაცი შემორჩა. „ძველების” შემყურე ბანაკის უფროსობას და თავად პატიმრებსაც უკვირდათ, როგორ და რანაირად იყვნენ ეს „პატრიარქები” ჯერ კიდევ ცოცხალნი?!

ზედამხედველის მეშვეობით ექთანს დაუძახეს, მან მამა არსენი შორიდან, ორი მეტრის მანძილიდან გასინჯა, ასპირინი მიუგდო, ავსეენკოვს თერმომეტრი მისცა, მამა არსენს სიცხე გაუზომეო და როცა ნახა, რომ ორმოცზე მეტი ჰქონდა, „გრიპიაო,“ თქვა და წავიდა.

მამა არსენის მდგომარეობა კი უფრო და უფრო უარესდებოდა. მეგობრები ხედავდნენ, რომ მისი გარდაცვალების ჟამმა მოიწია, მის გადარჩენას ცდილობდნენ. შემოვლითი გზით საავადმყოფოში შუამავალი გაგზავნეს. საქმეში ჩაერთნენ მეგობრები კრიმინალებიდან, ელოლიავებიან ზედამხედველებს, სადღაც მშრალი მდოგვი იშოვეს, ჟოლო მოჰქონდათ, რაც კი შეეძლოთ, ყველაფერი იღონეს. სანდო ადამიანების დახმარებით საავადმყოფოში შეღწეული შუამავალი დახმარებას ითხოვდა, უხსნიდა მამა არსენის მდგომარეობას. ექიმმა მოუსმინა შუამავალს და ჰკითხა: „რამდენი წლისაა „ზეკი”და მერამდენე წელია იმყოფება ბანაკში?“ შუამავალი უხსნის, რომ ავადმყოფი ორმოცდაცხრისაა და, რომ იგი სამი წელია, რაც „განსაკუთრებულში” იმყოფება.

ამაზე კი ექიმმა მიუგო: „თქვენ რა, ფიქრობთ, რომ „საგანგებო რეჟიმის ბანაკი სანატორიუმია და „ზეკებმა” იქ ას წლამდე უნდა იცოცხლონ? თქვენი ავადმყოფი რეკორდსმენია, სამი წელი იცოცხლა. სინდისიც კაი საქონელია. წამალი არ არის, ფრონტისთვის გვჭირდება”.

სიცხემ აიწია, სულ უფრო გახშირდა გულყრა. ავსეენკოვი მამა არსენს ასპირინიან ჟოლოს ასმევს. საზიკოვმა მდოგვწასმული ჩვარი დაადო მკერდზე და ბეჭებზე. სამუშაოდან მოსული პატიმარი ექიმებიც, რითაც შეუძლიათ ეხმარებიან, მაგრამ მამა არსენი სულ უფრო და უფრო ცუდადაა, დრო და დრო ირინდება, ეტყობა მართლა კვდება.

ბანაკში სიკვდილი ჩვეულებრივი რამ არის, მას ყველა შეეჩვია, მაგრამ მამა არსენის მდგომარეობას, ყველა, როგორც ერთი, როგორღაც, განსაკუთრებულად განიცდიდა. ბანაკის ერთი ბოლოდან მეორემდე ისმოდა გადაძახილები: „კვდება მამა არსენი, კვდება პეტრე ანდრიას ძე”. ვინაიდან, ყოველი მათგანისათვის გაუკეთებია რაღაც კარგი, კეთილი (უჩვეულო ადამიანი მიდიოდა, ეს პოლიტიკურებსაც ესმოდა და კრიმინალებსაც). (ეს ფრჩხილებში მოთავსებული ფრაზა, რომელიც მოგონებებში მამა არსენის გარდაცვალების შემდეგ ჩავურთე, საზიკოვს და სტუდენტ ალექსეის ეკუთვნის).

ლოცულობს, ლოცულობს მამა არსენი, გრძნობს თავისი მეგობრების თანადგომას, მაგრამ თანდათან მიჩუმდა.

„მიდის” – ჩაილაპარაკა ვიღაცამ. დადუმდა მამა არსენი, თავადაც გრძნობს, რომ კვდება. ბარაკი, საზიკოვი, ავსეენკოვი, ალექსეი, ექიმი ბორის პეტრეს ძე – ყველაფერი სადღაც გაუჩინარდა, ჩაიძირა, გაქრა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა არსენმა იგრძნო რომ უჩვეულო სიმსუბუქე დაეუფლა, გაიგონა, რომ სიჩუმით გარემოცული, დამშვიდდა. ქოშინი, ნახველი, ყელს რომ უვსებდა, სხეულის დამწვავი სიცხე, სისუსტე და უსუსურობა გაქრა. უკვე ჯანმრთელად და მხნედ გრძნობდა თავს.

ახლა მამა არსენი თავის ნართან იდგა. ნარზე გამხდარი, გამოფიტული, გაუპარსავი, თითქმის ჭაღარა კაცი იწვა, მჭიდროდ მოკუმული ტუჩებითა და ნახევრადგახელილი თვალებით. მწოლიარესთან იდგნენ: ავსეენკოვი, საზიკოვი, ალექსეი და კიდევ რამდენიმე პატიმარი, რომლებსაც იცნობდა და რომლებიც უყვარდა მამა არსენს. მამა არსენი დააკვირდა მწოლიარე კაცს, უცბად, გაკვირვებით გააცნობიერა, რომ ეს ხომ თვითონაა, მამა არსენია.

ნარებთან თავშეყრილი მეგობრები, მოზრდილი ბარაკი თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, უზარმაზარი ბანაკი, უეცრად მამა არსენმა როგორღაც სულ სხვა თვალით დაინახა. მიხვდა, რომ ახლა ხედავს ადამიანების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ იერსაც.

და ამ გარემომცველ სიჩუმეს მიღმა იგი ხედავდა პატიმრების მოძრაობას, არ უყურებდა, მაგრამ რატომღაც, გარკვევით ესმოდა, რას ამბობდნენ და რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები, მამა არსენი შიშით მიხვდა, რომ ხედავს და ესმის ყოველი ადამიანის სულიერი მდგომარეობა. მაგრამ ის უკვე აღარ იმყოფებოდა იმ ადამიანებთან, იგი აღარ ცხოვრობდა იმ სამყაროში, რომლიდანაც ეს-ესაა მოვიდა.

უხილავი ზღვარი მკაფიოდ გამოაცალკავებდა იმ სამყაროსგან და ამ უხილავი ზღვარის გადალახვა არ შეეძლო.

აი, საზიკოვმა ტოლჩით წყალი მიუტანა ტუჩებთან და შეეცადა პირში ჩაეღვარა, მაგრამ ვერ შეძლო. წყალი სახეზე დაეღვარა. ავსეენკოვი, ალექსეი და სხვა იქ მდგომი ხალხი რაღაცას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში.

მამა არსენი საკუთარი სხეულის ფეხთით იდგა, როგორც უცხო, შეჰყურებდა თავის თავს და გარშემომყოფ ადამიანებს და უეცრად მიხვდა, რომ მისმა სულმა სხეული დატოვა და ფიზიკურად მკვდარია. დაბნეული მამა არსენი შემოტრიალდა, ბარაკი წყვდიადში ჩაძირულიყო, მაგრამ სიბნელეში, სადღაც ძალიან შორს, თვალისმომჭრელი ნათელი მოჩანდა.

მამა არსენმა ყურადღება მოიკრიბა და ლოცვა დაიწყო. უმალ სიმშვიდე იგრძნო, მიხვდა, რომ სადღაც უნდა წავიდეს და თვალისმომჭრელი შუქისკენ გაემართა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ბარაკში დაბრუნდა, მივიდა თავის ნართან, შეხედა ალექსეის, ალექსანდრე პავლეს ძეს, საზიკოვს, ავსეენკოვს და მრავალ, მრავალ სხვას, ვისთან ერთადაც ბანაკში წამებით აღსავსე ეკლიან გზას გადიოდა და მიხვდა, რომ ამ ხალხს ვერ მიატოვებდა, მათგან ვერ წავიდოდა.

მუხლმოყრილმა, ლოცვა დაიწყო, ღმერთს ევედრებოდა, რომ არ დაეტოვებინა ალექსეი, ავსეენკოვი, ალექსანდრე, თევდორე, საზიკოვი და ყველა ის, ვისთან ერთადაც ბანაკში ცხოვრობდა.

„უფალო! უფალო! ნუ დატოვებ მათ! შეიწყალე და აცხოვნე“ – შეჰღაღადებდა იგი, განსაკუთრებით ღვთისმშობელს ევედრებოდა, ემუდარებოდა, არ დაეტოვებინა, არ მოეკლო წყალობა „განსაკუთრებულის“ პატიმრებისათვის.

ლოცვით, ტირილით, მუდარით, ღაღადით შესთხოვდა უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს მამა არსენი წყალობას, მაგრამ ყოველივე დუმდა. მხოლოდ ბარაკი და მთელი ბანაკი წარმოუდგა როგორღაც განსაკუთრებულად მღვდელი არსენის სულიერ მზერას. მთელი ბანაკის ცხოვრება, ყველა იქ მცხოვრები პატიმრითა და მთელი თავისი დაცვით თითქოს შიგნიდან იხილა. ყოველი ადამიანი, თავის თავში ატარებდა სულს, რომელიც ახლა მთლად ხილული გახდა მამა არსენისთვის.

ერთნი, მათ სულში მოგიზგიზე რწმენის ალით წვავდნენ გარშემომყოფთ, მეორეთა სულში, როგორც საზიკოვისა და ავსეენკოვისაში, იგი მცირე იყო, მაგრამ განუწყვეტლივ განაგრძობდა გაღვივებას, ზოგიერთთან რწმენის ნაპერწკლები ბჟუტავდა და ელოდა მწყემსის მოსვლას, რათა დიდ ცეცხლად აგიზგიზებულიყო. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მუქი, ბნელი სამშვინველი ჰქონდათ, სინათლის ნაპერწკლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებული. აკვირდებოდა მამა არსენი ადამიანთა სამშვინველებს, რომლებიც ღვთის ნებით გამოჩიდა მის წინაშე და უდიდესი მღელვარება დაეუფლა.

„უფალო! უფალო! მე ამ ადამიანებს შორის ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი და ვერ ვხედავდი, თუ როგორ მშვენიერებას ატარებდნენ ისინი თავის თავში, რამდენმა იწამა ჭეშმარიტება. სულიერი წყვდიადითა და გაუსაძლისი ადამიანური ტანჯვით გარემოცულებმა, იპოვეს საკუთარი თავი და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფ ადამიანებსაც უძღვნიან სიცოცხლესა და სიყვარულს, ეხმარებიან ყველას, სიტყვით თუ საქმით.

უფალო! სად ვიყავი, სიამაყით დაბრმავებული, ჩემს მცირე ნამოქმედარს დიდად რომ მივიჩნევდი!“

მამა არსენი ხედავდა, რომ რწმენის ნათელი არა მხოლოდ პატიმრებში ენთო, არამედ დაცვისა და ადმინისტრაციის ზოგიერთ ადამიანშიც. ისინი მათი ძალისა და შეძლებისამებრ იქმოდნენ სიკეთეს და, ეს მათი მხრიდან დიდი გმირობა იყო.

„რა საჭიროა ყოველივე ეს, – გაიფიქრა მამა არსენმა, – რა საჭიროა? ის იდგა, აკვირდებოდა ადამიანების სულიერ სამყაროს, ადამიანებისას, რომლებთანაც გამუდმებით ცხოვრობდა, ურთიერთობდა, ესაუბრებოდა, ხედავდათა სრულიად მოულოდნელად რაგვარად მრავალფეროვანნი და სულიერად მშვენიერნნი წარსდგნენ ისინი მის წინაშე?! ადამიანები, რომლებიც პატიმრების ზოგად მასაში სულიერად დაცარიელებული, უსახურები ჩანდნენ, თურმე რამოდენა რწმენას, გარშემო მყოფებისადმი ამოუწურავ სიყვარულს ატარებდნენ, იქმოდნენ სიკეთეს და უდრტვინველად მიჰქონდათ საკუთარი ცხოვრებისეული ჯვარი, ის კი, არსენი, მათ გვერდით ცხოვრობდა და მხოლოდ თავის თავს ხედავდა და ვერ შეამჩნია, ვერ შეიცნო მათი სულები, ვერ გამონახა ამ ადამიანებთან საერთო.

„უფალო! სად ვიყავი? შემინდე და შემიწყალე, რამეთუ მხოლოდ ჩემს თავს ვხედავდი, საკუთარი თავი მხიბლავდა, ნაკლებად მჯეროდა ადამიანების”.

მოხრილი მამა არსენი დიდხანს ლოცულობდა. მუხლებში გაიმართა, დაინახა, რომ ისევ ბანაკში დგას, მაგრამ, მის წინ გადაშლილი ბანაკის ხილვა გაქრა, საწოლები, ბარაკი გაუჩინარდა. მამა არსენი ბანაკის გამოსასვლელთან იდგა. პროჟექტორების გამჭოლი სხივები მის ტერიტორიაზე მიმორბოდნენ, ჭიშკართან გუშაგები იდგნენ. ღამე იყო. ბანაკს ეძინა.

მამა არსენი ბანაკისკენ შეტრიალდა, აკურთხა და დაიწყო იმათთვის ლოცვა, ვინც იქ რჩებოდა.

„ღმერთო! როგორ დავტოვო ისინი? როგორ უნდა ვიყო მათ გარეშე? ნუ მოაკლებ ყველა აქ მცხოვრებს შენს წყალობას. შეეწიე მათ”, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო.

ციოდა. ქარი თოვლს ფანტავდა, მამა არსენი კი იდგა და ვერაფერს გრძნობდა. დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ ზეზე წამოდგა და ბანაკიდან გავიდა. გაიარა დაცვა და გზას გაუყვა. ბნელ ღამეში სადღაც შორს მანათობელი კაშკაშა შუქი უხმობდა. სწორედ მისკენ გაემართა მამა არსენი. მსუბუქად, მშვიდად მიდიოდა. გაიარა ტყე, სოფელი და უეცრად თავის ქალაქში შევიდა, იქ სადაც მისი, სწორედ მისი ეკლესია იყო. ეკლესია, სადაც მისი მსახურება დაიწყო, ეკლესია – ტაძარი, რომელმაც მისი სულიერი შვილების დიდი ძალისხმევით აღიდგინა თავისი ძველი დიდება. „ეს რა არის უფალო! აქ რატომ ვარ? – ჩაილაპარაკა და ეკლესიაში შევიდა.

პირველი, რაც დაინახა, ღვთისმშობლის ხატი იყო, ის ძველი სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის მწუხარე ხატება გამჭოლი, დაკვირვებული მზერით ხვდებოდა მასთან მიახლებულთ. ეკლესიაში ყველაფერი ისე იყო, როგორც ოდესღაც დატოვა, მაგრამ ახლა იგი ხალხით იყო სავსე და თანაც იქ თავშეყრილთა რაოდენობა უჩვეულოდ დიდი იყო. მლოცველთა გახარებული სახეები ღვთისმშობლის ხატს შეჰყურებდა.

მამა არსენი საკურთხევლისკენ გაემართა, მლოცველებმა გზა დაუთმეს და აღფრთოვანებითა და მოწიწებით ხატების მომზირალი, რაღაც განსაკუთრებული სიმსუბუქით მიიწევდა წინ. საკურთხეველში შევიდა და შეუდგა მსახურებისთვის მზადებას, დაბამბული ქურთუკის გახდა უნდოდა, რათა შესამოსელი ჩაეცვა, მაგრამ ვიღაც გვერდით მდგომმა მბრძანებლურად უთხრა: „არ გაიხადოთ, ეგეც საღვთისმსახურო შესამოსელია”.

მამა არსენმა თავის დალიანდაგებულ ქურთუკზე დაიხედა, მაგრამ ის რაღაც განათებული, თვალისმომჭრელად თეთრი იყო. შეიმოსა ეპიტრაქილი და ღვთისმსახურებას შეუდგა. გაოცდა: საკურთხეველში კაშკაშა შუქი ანათებდა. მთელი ეკლესია გაცისკროვნებული იყო, კედლებზე ხატები რაღაც განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, თითქოს გაცოცხლებულიყვნენ, ბევრი მლოცველი მოსულიყო და ყველა ლოცვაში იყო ჩაღრმავებული. სახეები სიხარულით ჰქონდათ განათებული.

წირვის აღსრულებისას, მამა არსენმა დაინახა, რომ მასთან ერთად მღვდელმონაზონი გერმანე, მღვდელი ამბროსი, დიაკვანი პეტრე და კიდევ რამდენიმე მღვდელი სწირავდა, მამა არსენი ყველა მის თანამწირველს იცნობდა. გვერდით კი, საკურთხეველში, მეუფეები – იონა, ანტონი, მისი სულიერი მამა და მეგობარი. მეუფე თეოფილე იდგნენ მორიდებით. ისინი სიხარულით შესცქეროდნენ მას, მამა არსენს.

„ღმერთო! – გაუელვა მამა არსენს, ესენი ხომ დიდი ხნის გარდაცვლილები არიან, ახლა კი აქ არიან, კარგია, ერთად რომ ვართ”.

წირავს მამა არსენი, გული კი სიხარულით ევსება. ეს ლოცვა სულ მთლად მოიცავს მას, ზეცად აღამაღლებს.

მლოცველთა კურთხევისას, მამა არსენმა დაინახა, რომ იქ მდგომარეებსაც იცნობდა. აი, მისი სულიერი შვილები, ამ ეკლესიის მრევლი, ამათ კი მოგზაურობისას ან ბანაკებში ყოფნისას ხვდებოდა ხოლმე, ოდესღაც უცხოვრია ამ ხალხთან ერთად და... ახლა ყველა ეს ადამიანი ვიღაცისთვის ლოცულობს, ვიღაცისთვის შესთხოვს უფალს. შეხედა ამ ხალხს მამა არსენმა და მისთვის ცხადი გახდა, რომ ისინი ისევე, როგორც მეუფეები და მისი თანამწირველი მღვდლები, გარდაიცვალნენ, ზოგი დიდი ხანია, ზოგიც ცოტა ხნის წინათ.

„დედა ღვთისმშობელო, ეს რა არის? – გაუელვა მამა არსენს, მაგრამ თავისთვის პასუხი არ გაუცია, მთლიანად წირვა-ლოცვას მიეცა. აღასრულებს მამა არსენი წირვას და გრძნობს, რომ სიხარულით და შინაგანი სითბოთი იწვის. მიიღო წმინდა ძღვენი, დაასრულა ღვთისმსახურება და ზეციური დედოფლის ვლადიმერის ხატს მიეახლა: შესთხოვს თავისი ცოდვების შენდობას.

„დედაო ღვთისა, მამა ზეციერმა თავის სამსჯავროზე მომიხმო, რამეთუ აღვესრულე, ნუ დამტოვებ მე ცოდვილს, მეოხ და მცველ ეყავ ჩემს ცოდვილ სულს წინაშე ზეცათა მეუფისა. ნუ მიმატოვებ. შენდამი აღვიმსთობ, რამეთუ ცოდვილ და უნდო ვარ მე.“ თავისი ცოდვების შენდობას შესთხოვდა, თან კი ევედრებოდა, არ დაეტოვებინა თავისი შეწევნის გარეშე ისინი, ვისაც იცნობდა და ვინც ქვეყნად დატოვა. შესთხოვდა თავისი სულიერი შვილებისათვის და მათთვის, ვინც მასთან ერთად ბანაკებში ცხოვრობდა და იქ რჩებოდა. შესთხოვდა სტუდენტი ალექსეის, საზიკოვის, ავსეენკოვის, აბროსიმოვის, ალჩევსკისა და მრავალი, მრავალი ბანაკელისათვის, მთლიანად ლოცვაში ჩაინთქა, დრო გადაავიწყდა და ზეცათა დედოფალს ისე შესთხოვდა, რომ ტაძარში მლოცველთ, თითქოს, ესმოდათ მისი ვედრება. განუწყვეტლივ იმეორებდა – „დედაო ღვთისა! ნუ მიატოვებ მათ, ტანჯულთ”. თან გულამოსკვნით ტიროდა, ცრემლებად იღვრებოდა ამ ადამიანთა გამო.

მამა არსენს გული ეკუმშება ტკივილით, როგორ უნდა იცხოვრონ ბანაკში მისგან მიტოვებულმა მეგობრებმა? იცის, როგორი მძიმე, გაუსაძლისია იქ ყოფნა და, ღვთისმშობლის ხატის მთხვევისას, განუწყვეტლივ შესთხოვს, არ მიატოვოს მისი მეგობრები, შეეწიოს მათ და შეუმსუბუქოს ტანჯვა-წამება, რომლის ატანაც ადამიანის ყოველგვარ შესაძლებლობას აღემატება...

უეცრად, უჩვეულოდ რბილი, მკაფიო, მაგრამ ამავე დროს, მბრძანებლური ხმა მოესმა. „შენი გარდაცვალების ჟამი ჯერ არ დამდგარა, არსენ, ჯერ კიდევ უნდა ემსახურო ადამიანებს. უფალი გაგგზავნის ჩემი შვილების შეწევნად, წადი, იმსახურე, არ მოგაკლებ ჩემს შეწევნას”.

მამა არსენმა თავი ასწია, შეხედა ხატს და დაინახა, რომ ღვთისმშობელი თითქოს გადმობრძანდა ხატიდან და მისი ადგილი დაიკავა. გაოცებული მამა არსენი ღვთისმშობლის ფეხთით დაეცა და მხოლოდ იმეორებდა: „ღვთისმშობელო, ნუ დატოვებ მათ. შემიწყალე, მე ცოდვილი”, – და კვლავ მოესმა ხმა: „თავი ასწიე, არსენ – შემომხედე და მითხარი, რისი თქმაც გსურდა და რასაც ფიქრობდი”.

მამა არსენმა თავი ასწია, ღვთისმშობელს შეხედა და მისი სათნოებითა და დიდებით გაოცებულმა მდაბლად მოუდრიკა ქედი და წარმოთქვა: „დედაო ღვთისა, დედუფალო! დაე, იყოს ნება შენი და ღვთისა, არამედ მოხუც და უძლურ ვარ მე. შევძლებ კი ვემსახურო ადამიანებს ისე, როგორც შენ, დედუფალო, გნებავს?”

ღვთისმშობელი კი განაგრძობდა: „მხოლოდ შენ არ მყავხარ, არსენ, მრავალ სხვა ადამიანთან ერთად მემსახურები, დაგეხმარებიან და, შენც, მათთან ერთად, მრავალს დაეხმარები. უფალმა შენ ახლა გიჩვენა, რომ მას ბევრი დამხმარე ჰყავს, უფალმა შენ დაგანახა იმ ადამიანთა სულები, ბანაკში რომ ცხოვრობენ, ნუ გგონია, რომ მხოლოდ შენ იქმ სიკეთეს, მრავალ ადამიანში ცოცხლობს რწმენა და სიყვარული. წადი და მემსახურე. შეგეწევი!” მამა არსენმა იგრძნო, რომ ღვთისმშობლის ხელი თავზე შეეხო.

წამოდგა მამა არსენი, ისევ და ისევ აღავლენდა ლოცვას, შემდეგ ეპიტრაქილი გაიხადა, ყველა მლოცველს, სამღვდელოებას ქედი მოუდრიკა და კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ტაძარში ყველა მლოცველს იცნობდა, მათი უმეტესობა უკანასკნელ გზაზე გაუცილებია და თავისი ცხოვრება, როგორღაც, იმ ადამიანებს დაუკავშირა.

საკურთხევლის კართან მივიდა, მუხლი მოიყარა, შემდეგ წამოდგა, იქ მყოფთ ლოცვა და შეწევნა სთხოვა და, ხალხის მიერ დალოცვილი ტაძრის გასასვლელისკენ გაემართა, ტაძრიდან გამოსულს, სულს სიხარული უვსებდა. მსუბუქად მოდიოდა ბარაკისაკენ, ბანაკისაკენ. ტყემ, გზამ, სახლებმა – ამ ყველაფერმა გაუელვა და ჩაურბინა თვალწინ. საგუშაგო გაიარა, ბარაკში შევიდა, დაინახა თავისი საწოლი ნარი, მასზე მდებარე თავისი სხეული, გარსშემოვლებული ხალხი, შევიდა, ნარზე დაწვა და მოესმა: „ახლა კი მორჩა! ცივდება, მოკვდა ჩვენი მამა არსენი. უკვე ხუთი საათი გავიდა, მალე ადგომის დრო მოგვიწევს უფროსისთვის თქმა”.

გარშემომყოფთაგან ვიღაცამ წარმოთქვა: „დაობლდა ბარაკი, ბევრს ეხმარებოდა. მე, მთელი ცხოვრება ღმერთს რომ ვებრძოდი, დამანახა უფალი, დამანახა თავისი კეთილი საქმეებით”.

მოულოდნელად მამა არსენმა ღრმად ჩაისუნთქა, ყველა გარშემომყოფი შეაშინა და წარმოთქვა: „ტაძარში ვიყავი და, აი, ღვთისმშობელმა აქ, თქვენთან გამომგზავნა“. იმდენად მოულოდნელი და გასაოცარი იყო მისი ამქვეყნად მობრუნება, რომ ეს სიტყვები აღარავის მოჩვენებია უცნაური და საკვირველი.

ორ კვირაში მამა არსენი ადგა და როგორღაც ყველაფერი ეუცნაურა ბარაკში, სულ სხვა თვალით დაინახა ცხოვრებაც და ხალხიც. ყველა, რითაც შეუძლია, ეხმარება, ზოგი რას მოიკლებდა სადილიდან, ზოგი რას და მასთან მიჰქონდა. ზედამხედველ „სპრავედლივის“კარაქი მოჰქონა ხოლმე საზიკოვთან მამა არსენისთვის.

ადგა, გამოცოცხლდა მამა არსენი. მძიმე სენმა გაუარა.

უფალმა და ღვთისმშობელმა ადამიანების სამსახურში გამოგზავნეს იგი, კვლავ ერში მოავლინეს.

 

მიქაელი

ამოკითხვა დამთავრდა, პატიმრები თვლით შეყარეს ბარაკში. კარი ჩაკეტეს. ძილის წინ შეეძლოთ ერთმანეთთან ცოტა ესაუბრათ, ერთმანეთისთვის ბანაკური შთაბეჭდილებები, დღის ახალი ამბები გაეზიარებინათ, თითო ხელი დომინო ჩაერტყათ ან ნარებზე წამოწოლილებს, წარსულზე ეფიქრათ. ბარაკის ჩაკეტვის შემდეგ ორიოდე საათი კიდევ ისმოდა საუბრები, მაგრამ თანდათან ისინი მიყუჩდა და ბარაკი სიჩუმემ მოიცვა, პატიმრები იძინებდნენ.

ბარაკის ჩაკეტვის შემდეგ მამა არსენი დიდხანს იდგა საწოლ ნარებთან და ლოცულობდა, მერე კი დაწვა, თან ლოცვას განაგრძობდა. ჩაეძინა. როგორც ყოველთვის, ფხიზელი ძილი ჰქონდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე იგრძნო, რომ ვიღაცამ მუჯლუგუნი ჰკრა. წამოხტა და აღელვებული, უცნობი ადამიანი დაინახა, რომელმაც ჩასჩურჩულა:

„მეზობელი კვდება! წამოდით ჩქარა! თქვენ გიხმობთ!”

მომაკვდავი ბარაკის მეორე ბოლოში იყო, ზურგზე იწვა, მძიმედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა, თვალები არაბუნებრივად გაფართოვებოდა.

„მაპატიეთ, მჭირდებით. მივდივარ”, – უთხრა მამა არსენს”, მერე თითქმის ბრძანებით წარმოთქვა: „დაბრძანდით”.

მამა არსენი ნარის კიდეზე ჩამოჯდა. შუქი, რომელიც დერეფნიდან მოდიოდა, სუსტად ანათებდა ოფლის მსხვილი წვეთებით დაფარულ მომაკვდავის სახეს. თმა შეწებებოდა, ტუჩები ტკივილისაგან მოეკუმა. სასიკვდილო სენით შეპყრობილი იტანჯებოდა, მაგრამ თვალები, ფართოდ გახელილი თვალები, ორი ანთებული ლამპარივით უმზერდა მამა არსენს.

ამ თვალებში ახლა ამ ადამიანის მიერ განვლილი მთელი ცხოვრება მოსჩანდა, კვდებოდა, ამ ცხოვრებას ტოვებდა, გაიტანჯა, დაიღალა, მაგრამ უნდოდა საბოლოო ანგარიში ღვთისთვის ჩაებარებინა.

„მიიღეთ ჩემი აღსარება, გამიშვით. საიდუმლოდ აღკვეცილი ბერი ვარ.

მეზობელ ნარებზე მწოლები განერიდნენ და სადღაც სხვაგან დაწვნენ. ყველა ხედავდა, რომ სიკვდილი ეწვია და მომაკვდავისადმი ბანაკის ბარაკშიც კი მოწყალება და შემწყნარებლობა იყო საჭირო. მამა არსენი ბერის თავზე დაიხარა, მოკლე, შეწებებულ თმაზე ხელი გადაუსვა, დახეული საბანი გაუსწორა, თავზე ხელი დაადო, ჩურჩულით წაიკითხა ლოცვები და აღსარების მოსასმენად მოემზადა.

„გულმა მიმტყუნა“, – ჩაილაპარაკა მომაკვდავმა, ბერობაში მიქაელი მიწოდესო, უთხრა და აღსარება დაიწყო.

მწოლიარეს სახეზე დახრილ მამა არსენს ესმოდა ძლივს გასაგონი ჩურჩული და ძალაუნებურად მიქაელს თვალებში უყურებდა. ჩურჩული ხან შეწყდებოდა ხოლმე, მკერდიდან ხრიალი ამოდიოდა და, მაშინ, მიქაელი ხარბად ყლაპავდა ჰაერს. დროდადრო ისე დადუმდებოდა, გეგონებოდა, მოკვდაო, მაგრამ იმ წუთებში თვალები განაგრძობდნენ სიცოცხლეს და მამა არსენი მომაკვდავს თვალებში უმზერდა და კითხულობდა იმას, რისი მოთხრობაც ძლივს გასაგონი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩურჩულით სურდა.

მრავალი მომაკვდავი ადამიანის აღსარება მიუღია მამა არსენს. და ეს აღსარებები მუდამ სულის სიღრმემდე შეძრავდა მას, მაგრამ ახლა, მიქაელის აღსარების მოსმენისას, მამა არსენისათვის ცხადი გახდა, რომ მის წინ უჩვეულო, დიდი სულიერი ცხოვრების მქონე ადამიანი იწვა.

კვდებოდა მართალი კაცი და მლოცველი, რომელმაც ცხოვრება ღმერთსა და ადამიანებს მიუძღვნა და მათ შესწირა. კვდებოდა მართალი და მამა არსენს დაეუფლა შეგნება იმისა, რომ მღვდელი არსენი ღირსი არ არის ბერი მიქაელის ტანსაცმლის კიდეს ემთხვიოს, რომ მასთან შედარებით უმნიშვნელოა და მცირე.

ჩურჩული სულ უფრო ხშირად წყდებოდა, მაგრამ თვალები ენთო, ანათებდა, ცოცხლობდა და ამ თვალებში კვლავინდებურად კითხულობდა მამა არსენი ყველაფერს, რისი თქმაც მომაკვდავს სურდა.

აღსარებისას, მიქაელი თავად სჯიდა თავის თავს, სჯიდა მკაცრად და შეუნდობლად. დროდადრო გეჩვენებოდა, თითქოს გაუუცხოვდა თავის თავს და სხვა, მომაკედაე ადამიანს უმზერს და სწორედ იმ მომაკვდავს განსჯიდა მამა არსენთან ერთად. მამა არსენი ხედავდა, რომ ყოფითი სამყარო, როგორც გემი, დატვირთული წარსულისა და აწმყოს მთელი სიმძიმით, შფოთითა და სიმფარით უკვე განერიდა მიქაელს, და დავიწყების შორეული ქვეყნისკენ გაცურა. ახლა კი ისღა დარჩენილიყო, რაც უნდა განეხილა, ჩამოეშორებინა ყოველივე, რაც მიტმასნილი, დროებითი იყო და ეს მთავარი გადაეცა აქ დამსწრე მღვდელი არსენისათვის და მას, ღვთისგან მონიჭებული ძალაუფლებით უნდა შეენდო და განესაჯა ნამოქმედარი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, ბერ მიქაელს უნდა გაეცნობიერებინა თავისი ცოდვები და, საკუთარი სინდისის სამსჯავროზე განწმენდილი, უფლის სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო.

თითქოს ეს ადამიანიც ისევე კვდებოდა, როგორც სხვა მრავალს დაულევია სული მამა არსენის ხელში, მაგრამ ამ სიკვდილმა მამა არსენი შეძრა. ძრწოლამ შეიპყრო, ესმოდა, რომ უფალმა უდიდესი წყალობის ღირსი გახადა იგი. მისცა რა უფლება, ამ მართლის აღსარება მიეღო, უფალმა ახლა თავისი უდიდესი საგანძური გაუმხილა, უჩვენა, სულიერი სრულყოფილების როგორ საფეხურს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, ღმერთის უსაზღვროდ მოყვარულმა, ქრისტეანობის „უღელი და ტვირთი” რომ აუღია და ბოლომდე უზიდია. ხედავდა და ესმოდა ეს ყოველივე მამა არსენს.

მომაკვდავი მიქაელის აღსარება იმისი დანახვის საშუალებას იძლეოდა, თუ როგორ შეეძლო ღრმა რწმენის მქონე ადამიანს, თანამედროვე ცხოვრების რთულ პირობებში, რევოლუციური რღვევების, პიროვნების კულტის, რთული ადამიანური ურთიერთობების, ოფიციალურად აღიარებული ათეიზმის, რწმენის საყოველთაო შებღალვის, ზნეობრივი დაცემის, გამუდმებული თვალთვალისა და დასმენის, სულიერი ხელმძღვანელობის არარსებობის დროს – გადაელახა ყველა დაბრკოლება და ღმერთთან ყოფილიყო.

არა სავანეში, ანდა მონასტრის განმარტოებულ სენაკში უხდებოდა მიქაელს უფლისკენ სვლა, არამედ იძულებით, ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამში, მის სიბინძურეში. გარშემო გაბატონებული ბოროტების, ათეიზმის, უღმერთობის ეპოქაში, როცა სულიერ ხელმძღვანელობას თითქმის მოკლებული იყო, ჰქონდა შემთხვევითი შეხვედრები სამ-ოთხ მღვდელთან და თითქმის ერთწლიანი, სიხარულით აღსავსე ურთიერთობა მეუფე თეოდორესთან, რომელმაც ბერად აღკვეცა მიქაელი. შემდეგ კი მეუფისგან ორი-სამი მოკლე წერილი მიიღო და განუხრელი და მგზნებარე სურვილი ღვთისკენ სვლისა.

„მივდიოდი კი რწმენის გზით, მივდიოდი კი ღმერთთან, ისე, როგორც საჭიროა, მივდიოდი თუ არა სწორად? არ ვიცი“, – ამბობდა მიქაელი.

მამა არსენი კი ხედავდა, რომ არა თუ გადაუხვევია მიქაელს დასახული გზიდან, რომელზეც იგი მეუფე თეოდორემ დააყენა, არამედ შორს, ძალიან შორსაც კი წასულა.

მიქაელის ცხოვრება წააგავდა ამა დროის ყოფით ცხოვრებაში სულიერი და ზნეობრივი სრულყოფილებისათვის გზაზე ბრძოლას და მამა არსენს ესმოდა, რომ მიქაელმა მოიგო ეს ბრძოლა, ბრძოლა, რომელშიც იგი მის გარემომცველ ბოროტებასთან მარტოდმარტო აღმოჩნდა. ადამიანებს შორის ცხოვრებისას იგი სიკეთეს ღმერთის სახელით იქმოდა და გულით მოციქულის სიტყვის მგზნებარე ალს ატარებდა: „ურთიერთას სიმძიმე იტეირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი".

მამა არსენისთვის ცხადი იყო მიქაელის მთელი სრულყოფილება, თავის უმნიშვნელობას აცნობიერებდა და მგზნებარედ ევედრებოდა ღმერთს, რათა მისთვის, მამა არსენისთვის, მიეცა ძალა, მომაკვდავის უკანასკნელი წუთები შეემსუბუქებინა. დროდადრო მამა არსენი უმწეობას, მაგრამ ამავე დროს აღფრთოვანებას გრძნობდა მიქაელის სიახლოვეს, რომლის სიკვდილისწინა აღსარება უფლისეულ იდუმალ გზებს უცხადებდა, მოძღვრავდა მას და უღრმესი რწმენის გზაზე აყენებდა.

და აი, დადგა წუთი, როდესაც მიქაელმა თავისი გულისნადები მამა არსენის მეშვეობით უფალს გადასცა, შემდეგ კი ინტერესით შეხედა მამა არსენს.

მიიღო რა მომაკვდავის ცოდვები მამა არსენმა, იგი თავის სამღვდელო სულზე აიღო და საშინელმა ძრწოლამ შეიპყრო საკუთარი ადამიანური უმნიშვნელობისა და უსუსურების შეგნების გამო. ღვთის ბერს – მიქაელს განტევების ლოცვა წაუკითხა და ჯერ შინაგანად აქვითინდა, მერე კი თავი ვერ შეიკავა და, მომაკვდავის თვალწინ ატირდა.

მიქაელმა ამოიხედა, თვალები მამა არსენს მიაპყრო და წარმოსთქვა: „ღმერთმა გაცხონოთ! დაწყნარდით! დადგა ჟამი ღვთის ნებისა, ილოცეთ ჩემთვის, სანამ დედამიწაზე ცხოვრობთ. თქვენი ამქვეყნიური გზა კი ჯერ კიდევ გრძელია. გთხოვთ, ჩემი ქუდი აიღეთ, შიგ ბარათია ორ ადამიანთან, მათ დიდი სულიერება და რწმენა გააჩნიათ. ძალიან გრძელი მისამართებია. როდესაც თავისუფლებაზე გახვალთ – გადაეცით, თქვენც გჭირდებათ ისინი, მათ კი – თქვენ. ნომერი ქუდზე გადააკერეთ. ევედრეთ უფალს ბერი მიქაელისათვის”.

მთელი აღსარების განმავლობაში, ბარაკში მარტონი იყვნენ. თითქოს მათ გარშემო არავინ ყოფილიქო, თითქოს ბარაკში მცხოვრები ხალხი სადღაც გაქრა, მამა არსენიცა და ეს ბერიც სადღაც, იმქვექნიურში გადავიდნენ და მხოლოდ ღმერთის სიახლოვის შეგნებამ, ლოცვითმა ჭვრეტამ და შინაგანი ერთიანობის სიმყუდროვემ მოიცვა ორივე და ასე წარუდგნენ უფალს.

ყოველივე მტანჯველი, შფოთიანი, ადამიანური გაქრა – იყო უფალი ღმერთი, რომელთანაც ახლა ერთი მათგანი მიდიოდა, მეორე კი დაშვებულ იქნა დიდის საიდუმალის სახილველად – ხილვად სიკვდილისა, ცხოვრებიდან გასვლისა.

მომაკვდავმა მამა არსენს ხელზე მჭიდროდ მოუჭირა ხელი და ლოცულობდა, ლოცულობდა ისე გულში ჩამწვდომად, რომ ყოველივე გარეგანს განეშორა. მამა არსენი კი ლოცვით ერთობაში, სულიერად მასთან ჩახუტებული, ყველაფერს განერიდა და მოწიწებით და უდრტვინველად დაჰყვა ბერი მიქაელის ლოცვას.

მაგრამ აი, დადგა სიკვდილის წამი, მომაკვდავს თვალები გაუცისკროვნდა, აღტაცების ჩუმი ნათლით აენთო და, მან, ძლივს გასაგონად წარმოთქვა: „ნუ განმაგდებ მე, უფალო!”

ოდნავ წინ წამოიწია, გულაღმა დაეცა და უცბად გასწორდა. მტევანი, რომელსაც მამა არსენის ხელი ეკავა, გაიშალა, სახის ნაკვთებს სიმშვიდე მოეფინა, მაგრამ თვალები კვლავინდებურად განათებული, აღფრთოვანებით მიპყრობილიყო ზევით და მამა არსენს მოეჩვენა, რომ მან თვალნათლივ იხილა, როგორ ტოვებდა მიქაელის სული სხეულს.

მთლიანად შეძრული მამა არსენი მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. ოღონდ არა გარდაცვლილის სულისა და ცხონებისათვის, არამედ იმ უდიდესი წყალობისათვის, მამა არსენს რომ უბოძა უფალმა, ღირს-ჰყო ეხილა უხილავი, გამოუცნობი და ყველა საიდუმლოთაგან ყველაზე იდუმალი – მართალი კაცის გარდაცვალება.

დაჩოქილი მამა არსენი წამოდგა, მიქაელის სხეულზე დაიხარა, მას თვალები კვლავაც ღია და ნათლით გაცისკროვნებული ჰქონდა, მაგრამ ნათელი თანდათან ქრებოდა, გაცისკროვნება უჩინარდებოდა და ოდნავ შესამჩნევმა ნისლის საბურველმა დაფარა ისინი. შემდეგ ქუთუთოები ნელა დაეხუჭა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, მერე მასზე ნეტარი სიმშვიდე და სიხარული გამოეხატა.

სხეულზე დახრილი მამა არსენი ლოცულობდა. თუმცა ის ეს-ესაა ბერი მიქაელის გარდაცვალების მომსწრე შეიქმნა, არ დანაღვლიანებულა, სიმშვიდესა და შინაგან სიხარულს განიცდიდა. ახლა მართალს უმზერდა, ღვთის წყალობა და მისი დიდება შეიგრძნო.

მამა არსენმა მზრუნველად გაუსწორა ტანსაცმელი გარდაცვლილს, მიქაელის სხეულის წინაშე ქედი მოიხარა და, უცბად გააცნობიერა, რომ იგი ბარაკში იმყოფებოდა, „განსაკუთრებული რეჟიმის” ბანაკში. და სწორედაი აქ თავად უფალმა იკადრა მოსვლა, რათა მიქაელის სული მიეღო.

ადგომის დრო მოახლოვებულიყო. მამა არსენმა მიქაელის ქუდი აიღო, მის და თავის ქუდს ნომრები აარღვია და ბარაკის უფროსთან მივიდა მიქაელის გარდაცვალების შესატყობინებლად.

უფროსმა, რომელიც ძველი კრიმინალებიდან იყო, გარდაცვლილის ნომერი ჰკითხა და უთანაგრძნო. ბარაკი გააღეს, პატიმრები ამოკითხვაზე გამორბოდნენ, მწყობრში დგებოდნენ, ბარაკის შესასვლელის წინ ზედამხედველები იდგნენ. ბარაკის უფროსი მათთან მივიდა დაუთხრა: „მკვდარი გვყავს „382“. ერთ-ერთი ზედამხედველი ბარაკში შევიდა, მიცვალებულს დახედა, ჩექმის წვერი წაჰკრა და გავიდა. ორიოდე საათში სანიტარული განყოფილებიდან ციგით მოვიდნენ სხეულის წასაღებად. ნებით დაქირავებულთაგან ერთ-ერთი ექიმი მივიდა, თვალი მიმოავლო მიქაელის სხეულს, სახელოთი ქუთუთო აუწია და მედღეურებს ზიზღით უთხრა: „წაასვენეთ, სწრაფად”.

ციგაში რამდენიმე ცხედარი უკვე ელაგა. მიქაელი გამოასვენეს და სხვა პატიმრების სხეულებზე დადეს. მეჯაგვე ციგის კადონზე მოკალათდა, ფეხებით მიცვალებულების გაშეშებულ ცხედრებს ებჯინებოდა. ყინავდა და ირგვლივ მდუმარება სუფევდა, თოვლის ფანტელები მიცვალებულებს სახეზე ეცემოდა, ნელ-ნელა ლღვებოდა და გეჩვენებოდა, რომ თითქოს მიცვალებულები ტიროდნენ. ბარაკებთან ზედამხედველები იდგნენ და ექიმს ელაპარაკებოდნენ, იდგნენ მედღეურები და მამა არსენი, რომელიც მკერდზე მჭიდროდ ხელებდაკრეფილი, გულში ლოცულობდა.

ციგა დაიძრა. მამა არსენმა მიცვალებულებს მდაბლად მოუხარა ქედი, პირჯვარი გადასახა და ბარაკში შევიდა.

მეჯაგვემ სადავე მოიზიდა, თან ამაზრზენი გინებით მათრახს სცემდა. ციგა, ნელი სვლით, ბარაკს მოშორდა და თვალს მიეფარა.

ჩაწერილია 1960 წელს მამა არსენის მონათხრობის მიხედვით.
1966 წელს, გაფანტული ცნობები მღვდელ მონაზონმა ანდრეიმ სისტემაში მოიყვანა.

 

„შენ ვისკენ ხარ, მღვდელო?“

პატიმრობის დასაწყისში დღეებს ითვლი, შემდეგ კვირებს, ხოლო მეორე წელიწადს დგება ჟამი, როცა მხოლოდ სიკვდილს ელოდები. არაქათგამომცლელი სამუშაო, ნახევრადმშიერი ყოფა, ჩხუბი, ცემა, სიცივე, სახლსმოშორებულებს იოლად გაჩლუნგებდნენ, გაიძულებდნენ საბანაკო ცხოვრების ორი-სამი წლის განმავლობაში სიკვდილის გარდუვალობაზე გეფიქრა: ამიტომ პატიმართა უმრავლესობა მორალურად ეცემოდა და სულიერად იხრწნებოდა.

ჩვენ, პოლიტიკურების უმეტესობა და სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე, ბანაკის ცხოვრების შესაბამისად, ხშირად ვიცვლიდით ხოლმე მოსაზრებებს, ეს ყველაფერი კი დამოკიდებული იყო: ზედამხედველის მოსვლაზე, წართმეულ ულუფაზე, ჩხუბის, ბრიგადისთვის დადგენილი სამუშაოს, კარცერის, მოყინული თითისა თუ ბარაკში მცხოვრები პატიმრის სიკვდილზე.

ეს ყოველივე ჩვენს აზრებს, როგორც თიხას, ისე იოლად ზელდა... და ამიტომაც, პატიმართა ძირითადი მასა ახლა უკვე ერთ რამეზე ოცნებობდა – გასკდომამდე გამძღარიყო, ან როგორც ბანაკში ამბობდნენ, „ფაშვის გახეთქვამდე,“ ორი დღე ზედიზედ გამოეძინა, სადღაც ნახევარი ლიტრი სპირტი ეშოვა, დაელია და ისევ გამძღარიყო. მაგრამ ესეც კი აუხდენელ, განუხორციელებელ ოცნებებად რჩებოდა.

პოლიტიკურ პატიმართა გარკვეული ნაწილი ცდილობდა საკუთარ არსებაში ადამიანის გადარჩენას, განცალკევებას, ურთიერთმხარდაჭერას, ცდილობდნენ არ დაცემულიყვნენ სისხლის სამართლისანების დონემდე, შეენარჩუნებინათ ღირსება, რამდენადაც საბანაკო ცხოვრება ამის საშუალებას იძლეოდა.

ეს პატიმრები ერთი ბარაკის ფარგლებში ერთ ჯგუფად იკრიბებოდნენ, ლექციებს, ლექსებს, მოგონებებს კითხულობდნენ. ხან კი უხეში ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაცას წერდნენ კიდეც. ხშირად, კამათობდნენ სრულიად განსხვავებულ, მძაფრ საკითხებზე, მაგრამ განსაკუთრებული სიფიცხით, პოლიტიკურ თემებზე წამოჭრილი კამათი გამოირჩეოდა. მათში, ხშირად, სისხლის სამართლის დამნაშავეები და პოლიტიკურების დაცემული, უსასური მასის ზოგიერთი პატიმარიც ჩაერთვებოდა ხოლმე. კამათობდნენ ბრაზიანად, ურთიერთსიძულვილით. მამა არსენი ასეთ კამათში არ მონაწილეობდა, მაგრამ ერთხელ ძალით ჩაითრიეს.

ჩვეულებრივ, პატიმრებს აზრის გამოთქმისა ეშინოდათ, მაგრამ კამათი ვნებებს უმძაფრებდათ და მოსალოდნელ შედეგებზე აღარ ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, უეცრად განსაკუთრებულ განყოფილებაში აღმოჩენილიყვნენ. ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი იტყოდა: „რაც მოსასვლელია მაინც მოვა, მაინც ჩავძაღლდები და სიკვდილის წინ გულისნადები რატომ დავმალოო?!”.

ამოკითხეა დასრულდა, ბარაკები ჩაკეტეს. კარს მიღმა ქარი ბობოქრობდა და ფანჯრებს ნამქერს აყრიდა, ჰაერი ჩაიხუთა, დანესტიანდა, მაგრამ მაინც თბილოდა. ნათურები ნახევარი სიმძლავრით ენთო, რაც მოღუშულ, ნაღვლიან განწყობას ქმნიდა და მარტოობის განცდას ამძაფრებდა.

პატიმრები ჯგუფებად იყრიდნენ თავს და იწყებოდა საუბრები, კამათი, მოგონებები. კრიმინალები ფულზე ან ულუფაზე კარტს ან დომინოს თამაშობდნენ. ერთ საწოლთან, მამა არსენის მახლობლად, რამდენიმე ადამიანმა მოიყარა თავი და მალე „ზეკების“ (პატიმრების) ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე ისეთი კამათი ატეხეს, მეტი რომ არ შეიძლებოდა.

თხუთმეტიოდე წუთში, მოკამათეებს კიდევ რამდენიმე შემოუერთდა და ასე ოც კაცამდე მოიყარეს თავი, კამათი ღვივდებოდა. ერთმანეთს სიტყვას აწყვეტინებდნენ, ემუქრებოდნენ. ძირითადად პარტიულები, სხვადასხეა პროფესიის ინტელიგენტები იყვნენ, რამდენიმე ყოფილი ვლასოველი და კიდევ სხვა პატიმრებიც. ისმოდა შეძახილები: „რისთვის ვზივართ? არაფრისთვის! სად არის სამართალი? ყველა უნდა დახვრიტოს კაცმა!“

მოკამათეებს გაბოროტებული, გაღიზიანებული გამომეტყველება ჰქონდათ. მათ მხოლოდ სამი თუ ოთხი პარტიული ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ის, რაც ხდებოდა გრანდიოზული შეცდომა იყო, რომელსაც ადრე თუ გვიან გამოასწორებდნენ და რომ ეს ყოველივე, შესაძლოა სულაც მავნებლობა იყო, რომ სტალინმა დაპატიმრებების შესახებ არაფერი იცოდა, ანდა მას ატყუებდნენ.

„ატყუებენ? ნახევარი რუსეთი კი ჩასვეს, ეს კადრების განადგურების გააზრებული სისტემაა!“ – გაჰკიოდა რომელიღაცა.

„იცის სტალინმა, მისი ბრძანებაა!“ – პასუხობდა მეორე.

ერთ-ერთი პატიმარი, აგიტაციისა და სტალინის სიცოცხლის ხელყოფის მომზადებისთვის გასამართლებული, – განსაკუთრებით იყო გაბოროტებული. სახე შეშლოდა, ხმა უკანკალებდა. რამდენიმე ვლასოველიც გამძვინვარებით ლანძღავდა ყველას და ყველაფერს.

„გასანადგურებლები, ჩამოსახრჩობები, დასახვრეტები არიან ეს პარტიულები!“

ლენინგრადის ერთ-ერთი რაიკომის მდივანი, ჩვიდმეტი წლიდან ბოლშევიკი, პირდაპირ მუშტიკრივზე გადავიდა იმ ტიპთან, გერმანელებთან რომ მსახურობდა.

„მოღალატე, – გაჰყვიროდა მდივანი – დასახვრეტი ხარ, შენ კი კიდევ ცოცხლობ?!“

„მე კი, ათეულობით შენისთანები, ჩამომიხრჩვია და ვნანობ, რომ შენ არ ჩამივარდი ხელში, ნაძირალავ. საქმისთვის ვზივარ, შენ კი ყველას უკანალს ულოკავდი და აქ, ჩემთან ერთად ჩაძაღლდები, როგორც მოღალატე”.

„მე ვარ მოღალატე? მე ვარ მოღალატე? მე საბჭოთა ძალაუფლებას ვამტკიცებდი”.

„მე, მე ვარ ყველაფერიო, გაიძახი და როგორც მოღალატე კი ზიხარ, აი, რაში გამოიხატება შენი ძალაუფლება “

გარშემო ყველა იცინის, მაგრამ კამათი კვლავინდებურად მძაფრად მიმდინარეობს. ერთ-ერთმა პატიმარმა ჩაილაპარაკა: „ეკლესიებს ანადგურებდნენ, რწმენა შებღალეს“. თავშეყრილთაგან ვიღაცამ, თავის საწოლ-თაროზე ჩამომჯდარ მამა არსენს მიმართა:

„აბა, პეტრე ანდრიას ძევ! გვითხარით თქვენი მოსაზრება ხელისუფლებაზე. როგორია მთავრობისადმი ეკლესიის დამოკიდებულება?“

მამა არსენმა არაფერი უპასუხა, მაგრამ იგი, ძალდატანებით შეათრიეს მოკამათეთა წრეში. რაიკომის მდივანმა, რომელიც მამა არსენთან მეგობრობდა, უეცრად ყურები ჩამოყარა. ყველასთვის ცხადი იყო, რა პასუხიც უნდა გაეცა მამა არსენს, მეტისმეტად ბევრი იწვნია ბანაკებში. ვლასოველი ჟიტლოვსკი, ვლასოველთა ჯარში ერთ-ერთი შენაერთის მეთაური, წარსულში ჟურნალისტი და წითელი არმიის მეთაური, სასტიკი, ძალაუფლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც ხელში ეჭირა ბანაკსა და ბარაკში მცხოვრებ ვლასოველ ოფიცერთა ჯგუფი, მოწყალე თვალით უყურებდა მამა არსენს.

ვლასოველებს, ბანაკში, დამოუკიდებლად ეჭირათ თავი, არაფრის ეშინოდათ, რადგან მათ უკვე თავისი წილი იწვნიეს, საკუთარი ბოლო იცოდნენ და მართლაც საქმისთვის ისხდნენ.

„მოდი, მამაო! მიაყარე!“

მამა არსენი რამდენიმე წამს შეყოვნდა და თქვა:

„ცხარედ კამათობთ. ბრაზობთ. მესმის ძნელია, ჭირს ბანაკში გაძლება და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით რაც მოგველის, ამიტომაც გავხდით ასეთი სასტიკები. თქვენი გაგება შეიძლება. აი, მხოლოდ ეგ არის, რომ, არავისი მოსპობა და აჩეხვა არ არის საჭირო.

აქ ყველა მთავრობას ლანძღავდა, არსებულ წესრიგს, აი, მეც, მხოლოდ იმისთვის შემომათრიეთ აქ, რომ ერთ-ერთმა მოკამათე მხარემ გადამიბიროს, მეორისთვის ნიშნის მოსაგებად.

ამბობთ, რომ კომუნისტებმა მორწმუნეებს ციხეებში უკრეს თავი, ეკლესიები დახურეს, რწმენა შებღალესო. დიახ, გარეგნულად ყველაფერი ასე გამოიყურება, მაგრამ, მოდით, ისტორიას გადავხედოთ, წარსულს მივუბრუნდეთ. ხალხში რწმენა განელდა, ადამიანებმა თავისი წარსული დაივიწყეს, ბევრ სათნო და კეთილ რამეს ზურგი აქციეს. ვინ არის ამაში დამნაშავე? მთავრობა? არა, ამ ყველაფერში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, რადგან ჩვენივე დათესილს ვიმკით.

გავიხსენოთ, როგორ მაგალითს აძლევდა ხალხს ინტელიგენცია, თავადობა, ვაჭრები, ჩინოვნიკები, ჩვენ, სამღვდელოება კი ყველაზე უარესნი ვიყავით.

სასულიერო პირების შვილები მებრძოლი ათეისტები ხდებოდნენ, უღმრთოები, რევოლუციონერები, ვინაიდან შინ ურწმუნოებას, სიცრუესა და ტყუილს ხედავდნენ. რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა სამღვდელოებამ უფლება, ყოფილიყო ხალხის მოძღვარი, მათი სინდისი. სამღვდელოება ხელოსანთა კასტად გადაიქცა. ათეიზმი და ურწმუნოება, ლოთობა და გარყვნილება, ზნეობრივი დაცემა ჩვეულებრივ რამედ იქცა მათ გარემოში.

იმ აუარება მონასტერთაგან, რომლებიც ჩვენს მიწას ფარავდა, მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წარმოადგენდა ქრისტიანობის ნამდვილ ლამპარს, მის სინდისს სულს, რწმენის სრულყოფილებას. ესენი იყო ვალაამის მონასტერი, ოპტის უდაბნო თავისი დიადი ბერებით, დივეევოს სავანე, საროვოს მონასტერი. დანარჩენები კი თითქმის რწმენადაცლილ საერთო საცხოვრებლებად გადაიქცა, ხშირად კი მონასტრები, განსაკუთრებით დედათა მონასტრები, მორწმუნეებს თავიანთი ცუდი სახელით განაცვიფრებდა.

რა უნდა გადაეღო ხალხს ასეთი მწყემსობისგან? როგორ მაგალითს ვაძლევდით? ჩვენ თავად ცუდად აღვზარდეთ ჩვენი ხალხი, ვერ გავაღრმავეთ მათი რწმენა. გაიხსენეთ ეს ყველაფერი. გაიხსენეთ! ამიტომაც დაგვივიწყა ასე მალე ხალხმა, მისი მსახურები, რწმენა დაკარგა და ეკლესიების ნგრევას მიჰყო ხელი.

მესმის ეს და ამიტომაც ვერ ვადანაშაულებ ჩვენს მთავრობას, ვინაიდან ურწმუნოების მარცვლები ჩვენს მიერვე უკვე მოხნულ ნიადაგში მოხვდა. სწორედ აქედან მოდის ყოველივე სხვა დანარჩენი უბედურებაც: ჩვენი ბანაკი, ჩვენი ტანჯვა და უდანაშაულო ადამიანთა ამაო მსხვერპლი. ოღონდ, გეტყვით, რომ, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს მამულში, მე მისი მოქალქე ვარ და როგორც მღვდელი, მუდამ ვეუბნებოდი ჩემს სულიერ შვილებს: საჭიროა მისი დაცვა და მხარდაჭერა. ხოლო ის, რაც ახლა სახელმწიფოში ხდება, უნდა დამთავრდეს, ეს უზარმაზარი შეცდომაა, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გამოსწორდეს“.

„ჩვენი მღვდელუკა თურმე წითელი ყოფილა, – თქვა ჟიტლოვსკიმ – უნდა მიგახრჩოს კაცმა ეგეთი მურტალი ქადაგებისთვის. თავი წმინდანად მოგაქვს, ამ დროს აგიტატორობ, განსაკუთრებული განყოფილებისთვის მუშაობ“, – და ძლიერი მოძრაობით გააგდო მამა არსენი მოკამათეთა წრიდან.

კამათი კვლავინდებურად გაგრძელდა, მაგრამ ზოგიერთმა მოკამათემ თავყრილობა დატოვა.

ამ კამათის შემდეგ ზოგიერთმა პატიმარმა მამა არსენის დევნა დაიწყო, განსაკუთრებით კი ჟიტლოვსკის ჯგუფის ხალხმა. ერთი-ორჯერ ღამით ცემეს, ნარი შარდით დაუსველეს, ულუფას ართმევდნენ. ჩვენ, ვინც მასთან ვმეგობრობდით, გადავწყვიტეთ დაგვეცვა მამა არსენი ჟიტლოვსკის ხალხისგან, რადგან ვიცოდით, როგორი თავზეხელაღებულებიც იყვნენ ისინი და შეეძლოთ რასაც კი მოისურვებდნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ.

ერთხელ, საღამოს, ჟიტლოვსკის ახლო მეგობარი, კიეველი ჟორა გრიგორენკო მოვიდა და მამა არსენს თავის შეფთან მიუხმო. მამა არსენი გაყვა. თაროზე წამოსკუპებული ჟიტლოვსკის გარშემო შემოკრებილ ძმაბიჭებს ელაპარაკებოდა. „აბა მღვდელო, ჩვენ გამოგვყვები თუ ბოლშევიკებს, გამყიდველო? განსაკუთრებულ განყოფილებას ემსახურები, ჩვენი ძმის აღსარებას იბარებ, მერე კი ასმენ. მალე მიგასიკვდილებთ, ახლა კი, სამაგალითოდ მიგბეგვავთ. მიდი ჟორა, თუმცა, დააცადე მღვდელს, თავისი სათქმელი თქვას“.

ჟორა გრიგორენკო ყველას სძულდა. ჯმუხი, მხრებგანიერი, გეგონებოდა, პირდაპირ ბეჭებზე ადგას თავიო, ნაიარევი სახე ჰქონდა, მოღრეცილი და გამუდმებით შემზარავად იღიმებოდა. ამბობდნენ, რომ გერმანელებთან განაჩენების აღმსრულებელი იყო, თუმცა გაასამართლეს მხოლოდ ვლასოვის ჯარში რიგითად მსახურებისათვის.

მამა არსენმა მშვიდად შეხედა ჟიტლოვსკის და თქვა:

– ადამიანთა სიცოცხლეს უფალი განაგებს და არა თქვენ. თქვენ არ გამოგყვებით. ჟიტლოვსკის პირდაპირ ნარზე ჩამოჯდა და განაგრძო: – ნუ მაშინებთ, ეს ყველაფერი წარსულში იყო: ყვირილი, ცემა, სიკვდილის მუქარა. ღმერთმა, რომელიც მე მწამს, ყოველ ადამიანს განუწესა თავისი გასავლელი გზა და სატანჯველი. და თუ ჩემი გზა აქ შეწყდება, ეს უფლის ნება იქნება და ვერც მე და ვერც თქვენ ვერ შევცვლით ამას. ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩვენგანი ღმერთის სამსჯავროზე მივა, სადაც თავის საქმეთაებრ მიეზღვება.

მე მწამს ღმერთი, მჯერა ადამიანების და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიწამებ. თქვენ კი? სად არის თქვენი ღმერთი? სად არის თქვენი რწმენა? თქვენ ბევრს ლაპარაკობთ იმაზე, რომ გსურთ დაიცვათ დაჩაგრული და დაბეჩავებული ადამიანები, მაგრამ აქამდე მხოლოდ ხოცავდით ყველას, ვინც კი შეგხებიათ. დახედეთ თქვენს ხელებს, ისინი ხომ სისხლშია ამოსვრილი“.

ჟიტლოვსკიმ ხელები აწია და რაღაც, უცნაურად დახედა მათ, შემდეგ მამა არსენს შეხედა და კი არ დაუშვა, მუხლებზე ჩამოყარა ხელები და ღრიალით მოწყდა ადგილს: „ნუ გადაამლაშეთ, ცოტა მსუბუქად!“ მერე ისევ ჩააშტერდა მამა არსენის სახეს.

ზედა თაროდან გრიგორენკოს ხმა გაისმა: „არკადი სემიონოვიჩ! მღვდელუკა, ვხედავ, სალაპარაკო ტალღამ აიტაცა, აქცია ხომ არ მოგვეწყო?“

„გაჩუმდი, გრიგორენკო! – უპასუხა ჟიტლოვსკიმ – მივცეთ საშუალება, ჩაძაღლების წინ ლაპარაკით გული მოიოხოს, მღვდლები, საბჭოთა პროფკავშირული მუშაკებივით, ბევრს ლაყბობენ“. მამა არსენი კი განაგრძობდა: მე, როგორღაც, მითხრეს, რომ მორწმუნე ხართ, მაგრამ რისი გწამთ? აწამეთ, დახოცეთ ხალხი, რისი გულისთვის? მახსოვს, დოსტოევსკი ახსენეთ, როგორც საყვარელი მწერალი და რუსი ხალხის სული. ზეპირად შეგახსენებთ „ძმები კარამაზოვებიდან“, ხუცესი ზოსიმეს იმ სიტყვებს, რომლებითაც იგი სიკვდილის წინ საძმოს მიმართავს: „ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ბოროტების მოძღვართ, მატერიალისტებს, არა მხოლოდ კეთილებს – ბოროტებსაც კი, რამეთუ მათგან ბევრი კეთილია, მეტადრე ჩვენს დროში. ღვთის ხალხი გიყვარდეთ... გწამდეთ და გეჭიროთ დროშა. მაღლა აიტაცეთ იგი. იქმოდეთ სიკეთეს ადამიანებისთვის და მათი სიმძიმე იტვირთეთ“, თქვენი ცხოვრება კი სიძულვილსა და ბოროტებაში გადის. ყოველ ადამიანს აქვს დრო, რომ გონს მოეგოს და გამოსწორდეს, თქვენც გაქვთ საამისო დრო“ – თქვა მამა არსენმა და ნარიდან წამოდგა. იგი თავისი ბარაკის ბოლოსკენ გაემართა, მაგრამ ზემოდან, ბრაზისგან მოღრეცილი სახით ჩამოხტა გრიგორენკო და ეცა მამა არსენს დასახრჩობად. ამავე დროს იქ თავშეყრილი ჟიტლოვსკის ძმაბიჭები მისწი-მოსწია და გამოჩნდა მაღალი, ძლიერი პატიმარი, რომელსაც ბარაკში მატროსს ეძახდნენ. ის მართლაც მეზღვაური იყო ოდესიდან, „პოლიტიკისთვის“ ჩვენი ბანაკის თხუთმეტი წელი ჰქონდა მისჯილი. უდარდელი, მუდამ მხიარული, კარგი ამხანაგი მატროსი. ბანაკშიც არ კარგავდა ჯანმრთელ იერს, თუმცა ისიც ისევე ცხოვრობდა, როგორც ყველა პატიმარი.

მატროსმა შეკრებილები მისწი-მოსწია, გრიგორენკო ტომარასავით ხელში აიტაცა და ჟიტლოვსკის შეკრებილი ძმაბიჭებისკენ მოისროლა.

„შენ, პატარა, დაგავიწვდა, რომ აქ გერმანელების საპოლიციო განყოფილება კი არა, ჩვენი ბანაკია“, – ჟიტლოვსკის მიუტრიალდა, ხელებში ჩაავლო, სახით თავისკენ შემოატრიალა და ოდესური ჟარგონით უთხრა: „ჩემო კარგო! დააშოშმინე შენი გერმანელი რეგვენები, თორემ ყველას აგკუწავთ, ყველას!“

ჟიტლოვსკის ხალხი დაიბნა, ნარებს შორის გასასვლელში ბევრი პატიმარი გაჩნდა, რომლებიც მზად იყვნენმამა არსენს და მატროსს გამოსარჩლებოდნენ.

მატროსი ფეხზე წამომდგარ გრიგორენკოსთან მივიდადა წარმოთქვა:

„შენ, გერმანელების ჩანჩალავ, პეტრე ანდრიას ძეს ხელი არ ახლო. ღმერთმა ნუ ქნას, რამე რომ მოხდეს, თორემ, შენ და ჟიტლოვსკის საკუთარი ხელით მიგაკლავთ, მანამდე კი კატლეტივით გაგაბრტყელებთ. წავედით, პეტრე ანდრიას ძევ! თორემ, ეტყობა ნერვებს ვუშლით, აბა, კარგად მენახეთ, უკეთეს შეხვედრებამდე“.

სამიოდე კვირის შემდეგ ჟორა გრიგორენკო სხვა ბარაკში გადაიყვანეს. ჟიტლოვსკი იმ ამბის შემდეგ ჩაწყნარდა და ადამიანებთან ურთიერთობაში მოლბა. კამათი მიწურში კვლავაც არ ცხრებოდა. მამა არსენი მათში მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ ერთხელ გამოთქმული მისი აზრი, მთავრობასთან დამოკიდებულების საკითხზე, ბარაკში დიდხანს ცოცხლობდა.

 

საზიკოვი

დრო გადიოდა. საზიკოვი, სულ უფრო ეთვისებოდა მამა არსენს, ზრუნავდა მასზე და თავისი ცხოვრებიდან ბევრ ამბავსაც უამბობდა. ბავშვობას იხსენებდა. როსტოვში, ინტელიგენტთა ოჯახში დაბადებულა, როსტოვის საინდუსტრიო ინსტიტუტი დაუმთავრებია, ინჟინერი გამოსულა, მაგრამ მერე როგორღაც ისე აეწყო მისი ცხოვრება, რომ „მეგობრების“ გარემოცვაში აღმოჩნდა და ყველაფერი აირია, დატრიალდა და აი, მას შემდეგ აგერ თითქმის თორმეტი წელიწადია საზიკოვი კრიმინალურ სამყაროს ვერ ჩამოშორდა. ხანდახან კი დაფიქრდებოდა, ცდილობდა საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, მაგრამ ამაოდ.

საგამოძიებო ორგანოებისთვის და ძმაბიჭებისთვის სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა, მამა არსენს კი მთელი თავისი ცხოვრება პირუთვნელად დაანახა, მისთვის არაფერი დაუმალავს.

ნათლობისას სერაფიმე საროველის სახელზე, სერაფიმე უწოდეს. დედა მორწმუნე ჰყავდა, თოთხმეტ წლამდე ეკლესიებში დაჰყავდა, რწმენას უნერგავდა, მაგრამ... როცა სერაფიმე – სიმა ოცდაორი წლის იყო, დედა გარდაეცვალა, მამამ ოჯახი დიდი ხანით მიატოვა. ყმაწვილი თავის ჭკუაზე ცხოვრობდა და მეგობართა საეჭვო წრემ ჩაითრია. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მცირეთი დაიწყო, შემდეგ კი ძარცვავდა, ღრეობდა, კლავდა კიდეც ხალხს. ასეა, რაკი ასეთ გზას დაადექი, შემდეგ ვეღარ ჩამოშორდები, საკმარისია, ძმაბიჭებმა რაღაც შეგამჩნიონ და... მაშინვე უკან გაბრუნებენ.

ის, რასაც დედა ასწავლიდა, დაივიწყა, ქარს გაატანა, ცხოვრება, თითქოს, სულ სხვას უჩვენებდა. ღმერთზე არც ფიქრობდა, კრიმინალურ სამყაროში აბა, სად უნდა ეპოვნა ღმერთი? ამისთვის ეცალა? ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ არაფერი გამოჰპარვოდა.

სერისთან „მუშაობა“ უხდებოდა. საშინელი ადამიანი იყო, მაგრამ ხანდახან მოულოდნელად, გულიც კი მოულბებოდა, რთული ადამიანი იყო.

საზიკოვი დიდ საქმეებზე „მუშაობდა“, მსხვილ ფულსაც იღებდა. მსხვილ დაწესებულებებში მიდიოდა, დიდ მაღაზიაში, საერთოდ იქ, სადაც ხელფასის გაცემის წინ ან ნავაჭრის შემდეგ მუშაობისას, თავს იყრიდა ბევრი ფული, დაწესებულების გარემოს უკვირდებოდა, ქალები ეხმარებოდნენ, ღვთის მადლით მაღალი, ლამაზი იყო, ინტელიგენტური საუბარი შეეძლო, წარმოსადეგი გახლდათ, მოდაზეც იცვამდა. კარგად მუშაობდა, აფასებდნენ, აღნიშნავდნენ, საბუთები მუდამ სუფთა, ნაღდი ჰქონდა. განათლებული იყო, ჯიბეში ინჟინრის დიპლომი ედო. ეკონომიკაც იცოდა, ამიტომ დიდ უნივერსალურ მაღაზიებში როგორც სპეციალისტს ხშირად იწვევდნენ. და მერე როგორც ხდება ხოლმე – შეისწავლიდა, გაიგებდა, რა და როგორ. მერე კი დიდ თანხას „ხსნიდნენ“.

ბევრჯერ ყველაფერს მშვიდობიანად ჩაუვლია, თუმცა ციხეებსა და ბანაკებში გრძელვადიანი სასჯელით მრავალჯერ იყო ნამყოფი. წვრილ საქმეებზე იჭერდნენ ხოლმე, მსხვილზე არაფერი იცოდნენ. ერთხელაც სულელურად ჩავარდა, „მეგობარმა“ გამოძიების ზეწოლას ვერ გაუძლო და ალაპარაკდა, ერთ მსხვილ საქმეს მიაკვლიეს, მიუსაჯეს „უმაღლესი“ (დახვრეტა), მაგრამ შემდეგ „განსაკუთრებულში“ განაწესეს სასიკვდილოდ.

„შეგხვდით თქვენ, მამაო არსენ, გამაოცეთ, ვხედავ,რომ ყველაფერს სხვებისთვის აკეთებთ. ვიფიქრე, რომ რაიმე მზაკვრული ან გიჟური განზრახვა გამოძრავებთ, მაგრამ შემდეგ გაკვირდებოდით და განსვენებული დედა გამახსენდა. გამაოცეთ, როდესაც სერაფიმე მიწოდეთ. მეგონა, ბოდვისას წამოგცდათ, მაგრამ ვხედავ, რომ არა მხოლოდ ჩემთან მოგსვლიათ ასე.

დიდხანს გაკვირდებოდით და ცხადად დავინახე, რომ თქვენ მხოლოდ ხალხისთვის ცხოვრობთ თქვენი ღმერთის სახელით. საკუთარი ცხოვრების განსჯას შევუდექი და მივხვდი, რომ მცდარი გზით მივლია, რაკი მხოლოდ ერთს ვფიქრობდი: „მთავარია, ყოველ წუთს ჩემი მივიღო და მერე თუნდაც წყალს წაუღია ყველაფერ, ვნანობ, რისთვის ვიცხოვრე ასე? მეგობრები არა მყავს, მყავს ძმაბიჭები, არავის ვჭირდები, თუ რამეს მიკეთებენ, მხოლოდ შიშის გამო. თქვენ კი გული შემიძარით, თქვენი მაგალითით განმაცვიფრეთ. გადავწყვიტე, წარსულთან კავშირი გავწყვიტო. ძნელია ამის მოხერხება, შეიძლება „შენიანებმაც“ კი მოგკლან. სხვათა შორის, სერიც გაკვირდებათ. კრიმინალები თავზე ხელაღებული ხალხია, „განსაკუთრებულში“ კი – მით უმეტეს. ჩვენთვის ყველაფერი სულერთია, მაინც სიკვდილი გველის. მე და სერიმ ჩვენს მიწურებში წესრიგი დავამყარეთ. მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ჭირს. ვიცი, რომ სიცოცხლეს აქ დავამთავრებ, მაგრამ მინდა თქვენი გზით ვიარო, მინდა, რომ ღმერთი მწამდეს“.

 

აღსარება

ერთხელ საზიკოვი მამა არსენთან მივიდა. დადგა და ხან რას მიედმოედებოდა, ხან რას, მერე კი თქვა: „მამაო არსენ, თუ ნებას მომცემთ, მინდა აღსარება ჩაგაბაროთ. ეტყობა, რომ აღსასრული მოახლოვდა. „განსაკუთრებულიდან“ კაცი ცოცხალი ვერ გავა, არადა, რომ იცოდეთ, რამდენი ცოდვა ჩამიდენია...“

ბანაკში ძნელია ერთი-ორი საათით ბარაკიდან თავის დაღწევა, გამუდმებული ზედამხედველობაა, ტყუილად როდია „განსაკუთრებული“. თუმცა საზიკოვმა მოახერხა თავის დაღწევა და მამა არსენთან აღსარების სათქმელად მისვლა. მარტო დარჩნენ, ამოკითხვამდე ორიოდე საათი იყო დარჩენილი. ორს ერთად თუ მიასწრეს, ხუთი დღე-ღამით კარცერი განაღდებული ჰქონდათ.

სერაფიმემ მუხლი მოიყარა, ღელავს, იბნევა. მამა არსენმა სერაფიმეს თავზე ხელი დაადო და ლოცვა დაიწყო. ჩაღრმავდა ლოცვაში. რამდენიმე წუთი გავიდა. სერაფიმე ალაპარაკდა, თავიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ იხსენებდა ყველაფერს, არეულად ლაპარაკობდა, ეტყობოდა, რომ შინაგანად ძალზე დაძაბული იყო.

მამა არსენი დუმდა, არც მიმართულებას აძლევდა, არც კარნახობდა არამედ უსმენდა და თან ლოცულობდა, რადგან თვლიდა, რომ ადამიანმა თავად უნდა იპოვოს საკუთარი თავი. ბევრჯერ მოუწია ბანაკის პირობებში აღსარების მიღება, მაგრამ ძველი, ხავსმოდებული კრიმინალებისგან – იშვიათად.

უმეტესად, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ამქვეყნად ყველაფერი დაკარგული ჰქონდათ, თითზე გადასახვევი კი არაფერი გააჩნდათ. სინდისი, სიყვარული, სიმართლე, ადამიანობა, ნებისმიერი რწმენა, სისხლთან ,სისასტიკესთან, გახრწნილებასთან შეეზავებინათ. წარსული მათ სიხარულს კი არ გვრიდა – აშინებდა. თავისი გარემოცვისგან ვერ თავისუფლდებოდნენ, ამიტომაც იყვნენ ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე სასტიკნი, გაბოროტებულნი. ბანაკებში ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი ცხოვრობდნენ და წინ სიკვდილი ან იღბლიანი გაქცევა ელოდათ.

მათი აღსარებანი ლამის ყველა ერთმანეთს ჰგავდა, ეგ იყო მხოლოდ, ცხოვრების გზის დასაწყისი ჰქონდათ განსხვავებული, დანარჩენი კი მეორდებოდა: ძარცვა, მკვლელობები, აღვირასხნილობა, მრუშობა და დაჭერის გამუდმებული შიში. იმისდა მიხედვით, თუ როგორი სულის ადამიანი იყო, დაცემის ზღვარიც განსხვავდებოდა. ერთნი აცნობიერებდნენ და ესმოდათ, რომ ცუდად ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ჩერდებოდნენ და უფრო მეტად ეშვებოდნენ ფსკერზე, მეორენი კი თავიანთი ნამოქმედარით ტებებოდნენ, ცხოვრობდნენ ძალადობით, სისხლით და ცხოვრების ასეთი წესი მოსწონდათ, სიამოვნებას ღებულობდნენ, თუკი გარშემომყოფთ ტანჯვა-წამებას მიაყენებდნენ, ასეთი საქციელით თავსაც კი იწონებდნენ.

სერაფიმეს ესმოდა, რომ ცოდვილი ადამიანი იყო, მაგრამ კრიმინალურ სამყაროს ვერ წყდებოდა. სიბერეში ბევრი კრიმინალი ჩაუფიქრდებოდა ხოლმე თავის მდგომარეობას, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოიქცეულიყვნენ.

ეს კარგად ესმოდა მამა არსენს.

საზიკოვი ლაპარაკობდა, მაგრამ აღსარებას მაინც ვერ ამბობდა. არადა, წამოსვლის წინ დიდხანს ფიქრობდა – რა და როგორ მოეთხრო, როგორ ეღიარებინა თავისი ცოდვები, მაგრამ ახლა ყველაფერი აურ-დაურია. უნდოდა, გულახდილი ყოფილიყო, მაგრამ გულიდან არ ლაპარაკობდა, სათქმელს თავს ვერ უყრიდა. მისი აღსარება მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო, რომელიც გულიდან არ მოდიოდა.

მამა არსენი ამ ყველაფერს ხედავდა და კარგად ესმოდა ცოდვილის მდგომარეობა, მას უნდოდა, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებული თვითონ საზიკოვი გამოსულიყო. დაეჯაბნა თავისი წარსული და ამით გზა გახსნოდა მომავლისკენ.

ღელავდა, იბნეოდა, ქვითინებდა და ისე ლაპარაკობდა სერაფიმე, მაგრამ გულიდან წამოსული აღსარება მაინც არ გამოდიოდა. წარსული აწმყოს ებრძვის და მამა არსენმა იგრძნო, რომ ახლა სერაფიმეს დახმარება სჭირდება, საჭირო იყო აპოკრიფული მშვილდის ის ციცქნა ფრთა, რომელიც გადაარჩენს მასზე მოჭიდებულ დამხრჩვალს. და მამა არსენმა გაუწოდა ეს „მშვილდის ციცქნა ფრთა“ და თან უთხრა: „გაიხსენე, როგორ გემუდარებოდა ტყეში ქალი შეწყალებას, შენ კი არ შეიწყალე. განა შემდეგ საკუთარი თავის არ გრცხვენოდა?“

და უმალ მიხვდა სერაფიმე, რომ მამა არსენმა ყველაფერი იცოდა და ხედავდა. ამიტომ სიტყვების შერჩევა არც იყო საჭირო. საკმარისი იყო, გაეშიშვლებინა თავისი სული, რომ მამა არსენი ყველაფერს დაინახავდა, გაიგებდა, აწონ-დაწონიდა და ეტყოდა, შეიძლებოდა თუ არა მისი, სერაფიმეს პატიება.

სერაფიმემ აღსარება დაასრულა, თავისი სული და მთელი თავისი არსება მამა არსენს ნათლად დაანახა და ახლა მის წინაშე მუხლმოყრილი და თვალცრემლიანი იდგა. ცხოვრებაში პირველად თქვა აღსარება და.. ახლა განაჩენს, სასჯელს, გაკიცხვას ელოდებოდა.

მამა არსენი მდაბლად ქედმოხრილი ლოცულობდა და ვერ პოულობდა სრულიად მარტივ და საჭირო სიტყვებს, რომლებიც გაწმენდნენ, განაახლებდნენ და ახალი ცხოვრებისკენ წარმართავდნენ ადამიანს.

აღსარების სიწრფელე, ცოდვილობის უღრმესი განცდა და ამავე დროს განხორციელებული უსაშინლესი ბოროტმოქმედებები, ადამიანების წამება, უბედურებები და ტანჯვა, ეს ყველაფერი თითქოს ერთად აირია და საჭირო იყო მათი აწონ-დაწონვა, ერთმანეთისგან გამოცალკევება და წონასწორობის აღდგენა.

მღვდელი არსენი, უფლის სახელით რომ მიუტევებდა და გახსნიდა ადამიანთა ცოდვებს, ახლა ადამიან არსენს ებრძოდა, რომელსაც არ შეეძლო ჯერ ადამიანურად მიეღო, შეეგნო და ეპატიებინა სერაფიმესთვის ნამოქმედარი.

„უფალო, ღმერთო ჩემო! მომეც ძალა, რათა შევიცნო ნება შენი, ვუჩვენო სერაფიმეს თავისი გზა, დავეხმარო საკუთარი თავის პოვნაში. შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილები, მეც და ისიც. შეგვეწიე,უფალო!“

და ლოცვისას მიხვდა, რომ არც იყო საჭირო რაიმეს თქმა, აწონ-დაწონვა, გადაწყვეტა, ვინაიდან სერაფიმეს აღსარება, იმ ადამიანისა, რომელსაც უწინ ღმერთთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, იმდენად ღრმა და წრფელი იყო, მან იმდენად გააშიშვლა თავისი სული და აჩვენა, რომ ახლა ღვთისკენ მიისწრაფოდა, ჰპოვა იგი და ახლა უკვე შეუქცევლად განაგრძობს მისკენ სვლას. თავისი საქმეებისთვის სერაფიმე უფალს გასცემდა პასუხს ღვთის სამსჯავროზე.

მამა არსენი ადგა, მკერდზე მიიკრა სერაფიმე და თქვა: „ღვთის მიერ მონიჭებული ძალაუფლებით, აწ, უღირსი მღვდელი არსენი მოგიტევებ და ვაბათილებ შენს ცოდვებს. სერაფიმე, ადამიანებისთვის სიკეთეს იქმოდე და უფალი მრავალ შენს ცოდვას შეგინდობს. წადი და იცხოვრე მშვიდად და უფალი გიჩვენებს გზას“.

უხილავმა ჯაჭვმა სამუდამოდ დააკავშირა მამა არსენი და სერაფიმე.

აღსარების დამთავრების შემდეგ, მამა არსენი სერაფიმეს მოეხვია და, თითქოს მომავალს განჭვრეტდა, წარმოთქვა: „შენს ცხოვრებაში არ მიგატოვებ, სერაფიმე, ღმერთი შეგვეწევა”.

 

„არ მიგატოვებ“

ერთხელ, მათი ერთ-ერთი საუბრის დროს, საზიკოვმა თქვა: „ვხედავ, მამაო არსენ, რომ ზეპირად ლოცულობთ, რაკი საეკლესიო წიგნები არა გაქვთ, ჩვენ კი გავიგეთ, რომ რაღაც-რაღაცეების შოვნა შეიძლება. სერი ბიჭებს ელაპარაკა, მათ თქვეს, რომ ამის საშუალება არსებობს.

„ღვთის გულისათვის! გთხოვთ, არავის წაართვათ, ცოდვით სულს ნუ დამიმძიმებთ“.

„რას ამბობთ, მამაო არსენ! ყველაფერს პატიოსნად მოვიპოვებთ, არავის დავჩაგრავთ, ზონაში პატარა საწყობია, რასაც კი პატიმრებს ართმევენ, განსაკუთრებით ეტაპით მოსულებს, იქ ინახავენ. სანდო ხალხის დახმარებით გავიგეთ, რომ იქ წიგნებიცაა. დიდი ხანია იქ აწყვია. ბიჭებმა იმ საწყობის აღება გადაწყვიტეს, მე კი ვუთხარი, რომ საეკლესიო წიგნები წამოიღონ. მოვუყევი, რა და როგორი წამოიღონ“.

მამა არსენი მღელვარებამ მოიცვა, ეს როგორ? ღამე ლოცვა დაიწყო და დილისთვის თითქოს ჩათვლიმა, ხედავს, მასთან ხუცესი ბერი შემოვიდა, აკურთხა და უთხრა: „ნუ გეშინია, არსენ! აიღე, რაც გჭირდება და ილოცე მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსისადმი. უფალი არ მიგატოვებს“. მეორედ აკურთხა და გავიდა, მშვიდი დ ადიდებული.

ორიოდე დღის შემდეგ ბარაკში აურზაური, ბარაკების საყოველთაო ჩხრეკა, განსაკუთრებულ განყოფილებაში გამოძახებები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კრიმინალებმა ჩაბარებული ნივთების საწყობი გაძარცვეს.

გავიდა ათი დღე და სერაფიმემ მამა არსენს ორი მცირე ზომის წიგნი გადასცა – სახარება და საღვთისმსახურო წიგნი. მამა არსენმა მოწიწებით გამოართვა ყველაფერი, საწოლ თაროსთან მივიდა, სახარება გადაშალადა ღვთის გამოუთქმელი მოწყალების შეგნებამ ძრწოლა მოჰგვარა. ყდას შიდა მხრიდან ოთხიოდე კვადრატული სანტიმეტრის აბრეშუმი ჰქონდა ჩატანებული, ძველი, გაქვითლებული, მის ქვეშ კი ეწარა: „მოსკოვის მიტროპოლიტის“ მღვდელმთავარი ალექსის წმიდა ნაწილები, 1883 წელი, გვერდით კი ჩატანებული იყო ოცკაპიკიანის ზომის, ოვალური, ვერცხლის ხატი.

მამა არსენი მუხლებზე დაეცა სიწმინდეს ემთხვია. ჰმადლობდა უფალს: „უფალო! ღმერთო ჩემო! შენი წყალობით ვცოცხლობ და მიუწვდომელია საქმენი შენნი“. სიხარულისგან აქვითინდა.

„თქვენ, მამაო არსენ, როგორც კი ღვთისმსახურებას აღავლენთ, მაშინვე მე ან სერის მოგვეცით ხოლმე, ჩვენთან ვერ იპოვნიან, თქვენ კი უცებ წაგართმევენ. არ იდარდოთ, არაფერს შევბღალავთ, ყველაფერი მთელი და უვნებელი იქნება“.

მამა არსენს სიხარულით აღსავსე დღეები დაეწყო. დღე სამუშაოს მოათავებს, ღამე კი მბჟუტავ შუქზე სახარებას კითხულობს და ღვთისმსახურებას აღავლენს, სამუშაოდ ადგომისას საზიკოვს გადასცემდა ხოლმე შესანახად.

ორი თვე გავიდა, ჩხრეკები ჩაცხრა, მამა არსენი ხანდახან სახარებას მთელი დღით იტოვებდა ხოლმე, ოღონდ, ფიცრის ქვეშ კედლის იმ სამალავში ინახავდა, რომელიც საზიკოვმა გააკეთა. გეგმით გათვალისწინებული დღისა და ღამის ჩხრეკები მუდამ ტარდებოდა, მაგრამ სამალავი უსაფრთხო იყო.

ერთხელ, დღისით, როდესაც ყველა სამუშაოდ იყო წასული, მამა არსენი კი ბარაკის საქმეებს აკეთებდა, როცა თითქოს ყველაფრის შესრულებას მორჩა, სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. დაჯდომაც ვერ მოასწრო, რომ ბარაკის კარი გაიღო და ჯგუფი შემოვიდა გასაჩხრეკად. ლეიტენანტი, სამი ჯარისკაცი დაზედამხედველი „სპრავედლივი“. „მამა არსენი დაიბნა და სახარება ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. დგას და ლოცულობს.

ჯარისკაცები დადიან ბარაკში და ყველაფერს ჩეჩავენ, იატაკის მოფამფალებულ ფიცრებს წევენ, გვერდითა ფიცრებს აჯანჯღარებენ, პირადი ნივთების ტომრებს ანჯღრევენ. მამა არსენის ჯერიც დადგა. ლეიტენანტმა, რომელიც განსაკუთრებული განყოფილებიდან იყო, ზედამხედველ „სპრავედლივის“ უბრძანა: „მღვდელი გაჩხრიკეთ, ამხანაგო!“ – და ჯარისკაცებთან წავიდა.

„სპრავედლივიმ“ ხელის ფათურით დაიწყო მამა არსენის ჩხრეკა და უმალ წააწყდა სახარებას, უცებ გაშეშდა, მერე გონს მოეგო და ჯიბიდან სწრაფად ამოიღო ხელი, უმალ თავის ჯიბეში გადაიტანა წმინდა წიგნი და ჩხრეკა განაგრძო. დაამთავრა ჩრხეკა და მოახსენა: „ამხანაგო ლეიტენანტო! არაფერი აღმოაჩნდა”.

„რაღაც ძალიან სწრაფად გაჩხრიკეთ. გაიხადე მღვდელო. ჩვენ თვითონ გაგჩხრეკთ ჩვენებურად“. მამა არსენმა ტანსაცმელი გაიხადა, მთლად დედიშობილა დარჩა, ჯარისკაცებმა ტანისამოსი დაათვალიერეს, ნაკერები ხელით მოსრისეს, ჯიბეებიდან ყველაფერი იატაკზე გადმოყარეს და, რა თქმა უნდა, ვერაფერი იპოვეს. ლეიტენანტი გაბრაზდა, მამა არსენს დედა შეაგინა და გავიდა.

მამა არსენი იცმევს, ლოცულობს და დიდი სიხარულისგან ტირის, ტირის იმის გამო. რომ ადამიანში რწმენა აღმოაჩინა. ჩაიცვა, ნივთები შეკრიბა და ბარაკისკენ გაემართა, რათა ჩხრეკის შემდეგ დაელაგებინა.

საათნახევრის შემდეგ შემოდის ზედამხედველი „სპრავედლივი“ და მამა არსენს ეკითხება:

„არის ვინმე ბარაკში?“

„ყველა სამუშაოდაა“, – პასუხობს მამა არსენი.

„სპრავედლივიმ“ მთელი ბარაკი მოიარა. საწოლების ქვეშ შეიხედა და უცბად ჰკითხა:

„სახარება საწყობიდანაა, ხომ?“

მამა არსენი დუმდა.

„თქვით, თქვით – საიდანაა?“

„დიახ, საწყობიდან“, – უპასუხა მამა არსენმა.

„თქვენ რა, მეგობარო, ორი თავი გაქვთ? აიღეთ სახარება და რაკი აიღეთ, შენახვაც უნდა იცოდეთ. ლეიტენანტს რომ ენახა, ცემით მოგკლავდნენ“, – მერე კი ჩუმად ჩაილაპარაკა – „შემინდეთ, მამაო! აქ, ბანაკში არა მხოლოდ პატიმრებს, არამედ ჩვენც გვიჭირს, თუკი სინდისის ნატამალი შეგვრჩენია. ვიცი, ყველაფერი ვიცი, მამაო არსენ. როგორია თქვენთვის აქ ყოფნა, მესმის, სიმხდალისა და ადამიანური სისუსტის გამო არ გვიწევს ამ ჯოჯოხეთში მუშაობა. რითიც შევძლებ დაგეხმარებით. იქნებ სხვა ამაზე ოდნავ უკეთეს ადგილას გადაგიყვანოთ, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. ნელ-ნელა ამასაც მოვახერხებ, ხალხში კი, განგებ უმოწყალოდ მოგექცევით, შემინდეთ.“ – ჩაილაპარაკა „სპრავედლივიმ“ და ბარაკიდან უკანმოუხედავად გავიდა.

მამა არსენმა „სპრავედლივის“ თვალი გააყოლა და შერცხვა, რომ დაეჭვდა ღვთის უდიდეს განგებულებაში, მისი გზების გამოუცნობლობაში და ისევ და ისევ მიხვდა, თუ როგორი მრავალფეროვანი და სრულია ადამიანის სული და, რომ ყოველ სამშვინველში მოიძებნება ღვთის ნაპერწკალი და სიყვარული. მან ჩუმად დაიწყო ლოცვა, იმეორებდა: „შემიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა უფალო, უფალო! დიდ ხარ შენ და დიდებულ არიან საქმენი შენნი. აი, შენი დამხმარენიც, რომელთა შესახებ ამბობდა მშობელი შენი... განა შემეძლო მეფიქრა, რომ ზედამხედველი აღმოჩნდებოდა დამხმარე შენი? განა შემეძლო?

გაიხსენა „სპრავედლივის“ სახელი ანდრია და დაიწყო მისთვის ლოცვა, ლოცვისას კი იხილა მისი ცხოვრება, მთელი მისი ცხოვრება და მიხვდა, თუ რა ადამიანი იყო იგი. კეთილი და კარგი.

 

ეტაპი

მამა არსენთან მიმავალ ხალხს მისი გამჭრიახობა აოცებდა, ხანაც აშინებდა კიდეც. თავად მას კი არ ესმოდა და ვერცა გრძნობდა, რომ უფალმა მას ადამიანის სულის წვდომის უდიდესი უნარი უბოძა.

მამა არსენთან გამუდმებულმა შეხებამ დამანახა, რომ მას სრულიად გულწრფელად მიაჩნდა, რომ ადამიანის სულის გაგება მღვდლისთვის სრულიად ჩვეულებრივი რამ იყო. იგი თვლიდა, რომ ადამიანის აზრებს თვითონ კი არ კითხულობდა, არამედ თავად მომხდური უყვებოდა საკუთარი თავის შესახებ.

იგი უზარმაზარ და გასაოცარ გავლენას ახდენდა იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო მათ, ვინც გულმოდგინედ უკვირდებოდა მის ცხოვრებას, აკვირვებდა ღვთისმიერ ბოძებული წინასწარ განჭვრეტის უნარი.

ავსეენკოვს მოუყოლია ჩემთვის, რომ გულის სიღრმემდე შეძრა მის თვალწინ მომხდარმა ორმა შემთხვევეამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა არსენის გავლენით ის-ის იყო იწყებდა რწმენაში „შესვლას“.

თითქმის სწორედ ამოკითხვის წინ, ბანაკში პატიმრების დიდი პარტია შემორეკეს. უფროსობამ მათი ბარაკებში თავისუფალ ადგილებზე განაწილება დაიწყო.

ოცდახუთიოდე კაცი ჩვენს ბარაკში მოხვდა, – ყვებოდა ავსეენკოვი. ეტაპი, ეტყობა, მძიმე იყო. მოეტაპეები ბარაკში შემორეკეს. შემოვიდნენ არა ადამიანები, არამედ აჩრდილები. ფეხზე ვერ იდგნენ, სული კბილით ეჭირათ. ქუჩაში ყინავდა, ქარი ქროდა, გზაში მათთვის ორი დღე საკვები არ მიუციათ, სამი დღე და ღამის უძინარნი იყვნენ. როგორ გადარჩნენ ცოცხლები, გაუგებარია. შემადგენლობით კრებითი ხალხი იყო: უმეტესობა ინტელიგენცია, „ხალხის მტრები“, ინჟინრები, აგრონომები, ექიმები და რამდენიმე კაცი – კრიმინალი.

ამოძახების წინ მორეკეს, როცა ბანაკში ყველა საქმე დამთავრებულია: პური გაცემულია, სადილი დასრულებული, უფროსობა წასულია ან წასვლას აპირებს. ჯერ უნდოდათ პური გაეცათ, მაგრამ იფიქრეს – სახლაფორთოა... საკუჭნაოს გაღება, პურის დაჭრა, თან უწყისის შევსება.

სახლაფორთოა, ძალიან სახლაფორთო საქმეა. გადაწყვიტეს: პატიმრები მოიცდიან, ხვალ გავაკეთებთ ყველაფერსო.

რეჟიმის უფროსმა თქვა: „ბატონები კი არ არიან, რომ მივეახლოთ, ხალხის მტრები არიან. გაძლებენ“. ასეც დაადგინეს. რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ბევრი დაიხოცებოდა. მიცვალებულებს დღეების მიხედვით გადაანაწილებდნენ. ეტაპის უფროსობამ ხალხი ჩააბარა, ახლა ბანაკს უნდა ეზრუნა მათზე. დაიხოცებოდნენ და ბანაკს მოეთხოვებოდა პასუხი.

საეტაპოები ბარაკში შემოვიდნენ, ახლებს კი მუდამ და ყველგან ცუდად ხვდებოდნენ, სკოლაში იყო ეს, ბავშვობაში, თუ სამსახურში, ბანაკში კი მით უმეტეს. ვუყურებთ, შემოვიდნენ არა ადამიანები, არამედ „ადამიანყოფილები“, ფეხზე ვერ დგანან. პირდაპირ გასაკვირია, როგორ მოაღწიეს ბანაკამდე. კედლებს ეყრდნობოდნენ, საწოლებს ებღაუჭებოდნენ.

ბარაკის უფროსმა შეათვალიერა ისინი და თქვა: „თავისუფალ საწოლებზე ადით“, თავისუფალი საწოლები კი ღუმელებიდან შორსაა. იქ ცივა, მთელი ღამე ვერ გათბები. ბარაკის მკვიდრი მაცხოვრებლები ამ დროს დასაწოლად ემზადებოდნენ, ზოგი უკვე იწვა, ზოგი კარტის თამაშს ამთავრებდა. კრიმინალებმა შეათვალიერეს ყველა საეტაპო, ნახეს, რომ არაფერი ებადათ და თავისი საქმეები განაგრძეს.

მამა არსენი იწვა და ლოცულობდა, როდესაც საეტაპოები შემოვიდნენ, ადგა, შეათვალიერა ისინი და ბარაკის „თავთან“ მივიდა – ასე ეძახდნენ ბარაკში სერიოზული კრიმინალების ავან-ჩავანებს, ბარაკში მათი სიტყვა კანონი იყო ჯოღლომოღლო ხალხისთვისაც და პოლიტიკურებისთვისაც, რომლებიც მათ რიდით უყურებდნენ, მარტივად რომ ვთქვათ, ეშინოდათ მათი. „თავს“ თუ არ გაუგონებ – ყველაფერი შეიძლება შეგემთხვეს.

მივიდა მამა არსენი „სერიოზულებთან“ და უთხრა: „საეტაპოებს უნდა დავეხმაროთ, მშივრები, გაყინულნი, გამოფიტულები არიან. თუ არ დავეხმარებით, დილამდე ხალხის ნაწილი დაიხოცება“.

„სერიოზულები“ პატივს სცემდნენ მამა არსენს, არაერთი წელი უცხოვრიათ მასთან ერთად, იცოდნენ, რა ადამიანიც იყო, თავისებურად უყვარდათ, ახლა კი ერთ-ერთმა „სერიოზულმა“ გადააფურთხა, შეიგინა და ჩაილაპარაკა: „წავიდნენ მაგათი, დაე ჩაძაღლდნენ. მალე ჩვენ თვითონ დავეცემით, ჩემი ულუფიდან არ ჩავაცეცხლებ. გაიგე მამილო?“

დანარჩენები დუმდნენ, ვინ შეელეოდა თავისას? ბანაკში კანონიც ასეთი იყო – მხოლოდ ძმაკაცებს უნდა დახმარებოდნენ. ბარაკში ყველა მამა არსენს და „თავს“უყურებდა, აინტერესებდათ რითი დამთავრდებოდა საქმე? საეტაპოები, შემოსასვლელში შეჯგუფულები ისმედნენ ამ ყველაფერს.

მამა არსენმა ხალხს შეხედა, პირჯვარი გადაისახა და მშვიდად თქვა: „საეტაპოებს დავაწვენთ საწოლებზე, ღუმელებთან ახლოს, ჩვენ ცივებზე გადავწვებით, ვისაც რა საჭმელი აქვს მაგიდაზე დადეთ, წყალს კი ღუმელებში გავათბობთ, ჯერაც არ განელებულა. აბა, ჩქარა“.

„სერიოზულები“ მდუმარედ ადგნენ და ბარაკი დაიარეს, ხალხი გადააწვინეს, რაც კი საჭმელი ჰქონდათ, პირველებმა ამოიღეს და მაგიდაზე დადეს. ბარაკის დანარჩენმა მაცხოვრებლებმაც დაიწყეს, იმ საჭმელის დაწყობა, რაც მოეპოვებოდათ, ჯოღლომოღლოებიდან ვიღაცამ პურის გადამალვა სცადა. მათ ისე მოსდეს, რომ დიდხანს დაამახსოვრდათ.

ნამცეც-ნამცეც ბევრი საჭმელი მოაგროვეს, ოცდახუთი კაცის დაპურება შეიძლებოდა. წყალი კათხებით ღუმელებში გაათბეს, მოგროვებული გაანაწილეს, ჩამოარიტეს საეტაპოები თბილ საწოლებზე. ყველა ახლადმოსული გადარჩა, სხვა ბარაკებისგან განსხვავებით. მესამე დღეს საეტაპოები გამოცოცხლდნენ, მეოთხე დღეს კი უკვე სამუშაოდაც გაგზავნეს.

გამაოცა მამა არსენის სიმშვიდემ, როდესაც ჩუმად, მაგრამ დამაჯერებლად წარმოსთქვა: „აბა ჩქარა! მიმართა ხალხს, რომელთაც, თითქოს არაფერი ებადათ. თქმა და შესრულება ერთი იყო.

„ხშირად დავფიქრებულვარ, – ამბობდა ალექსანდრე პავლეს ძე ავსეენკოვი, – რაში იყო მამა არსენის ძალა? მას შეეძლო ადამიანების სინდისისთვის მოეწოდებინა, თუ უბრალოდ, ღმრთის სახელით მოეთხოვა მათგან უცილობელი ვალის აღსრულება?“

და ავსეენკოვმა დაასკვნა: მამა არსენი, ყოველივეს ღვთის სახელით მოითხოვდა.

 

„შეჩერდით!”

ავსეენკოვი მეორე შემთხვევამ კიდევ უფრო განაცვიფრა.

ბარაკის კლიტით ჩაკეტვის წინ, ამოკითხვა მიმდინარეობდა. პატიმრებს ბარაკებიდან ქუჩაში ერეკებოდნენ, მწყობრში აყენებდნენ და ამოკითხვას აწარმოებდნენ. ორმოცგრადუსიანი ყინვა იყო თუ თავსხმა წვიმა, ბუზები უტევდნენ უმოწყალოდ თუ კოღოები, მაინც დაუყოვნებლივ უნდა გამოცვენილიყვნენ და მწყობრში თავიანთი ადგილი დაეკავებინათ.

ავადმყოფები, რომლებიც საავადმყოფოს მიერ იყვნენ გათავისუფლებულნი, მიწურში რჩებოდნენ და ნარებზე იწვნენ, მაგრამ, სანამ პატიმრები ამოძახებაზე იდგნენ, ზედამხედველები ბარაკს ათვალიერებდნენ და დარჩენილებს თვლიდნენ.

ამჯერად პატიმრები გამოცვივდნენ, მწყობრში ჩადგნენ. ყინავდა, უკვე მეორედ გადათვალეს, მაგრამ ერთი ადამიანი აკლდებოდათ. ხალხი იყინებოდა, ზედამხედველები ბრაზობდნენ, დაიწყეს მესამე გადათვლა. უეცრად ბარაკიდან ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა გამოვარდა, მწყობრში თავისი ადგილისკენ გაექანა, მაგრამ ჩადგომა ვერ მოასწრო. ზედამხედველებმა წააქციეს და ფეხებით დაუწყეს ცემა, ჭაბუკი ადგომას ცდილობდა, რაღაცას ყვიროდა, მაგრამ უმოწყალოდ ცემდნენ. მწკრივი მდუმარედ, გაუნძრევლად იდგა, ყველას მოღუშული სახე ჰქონდა, აღშფოთებული, გაბრაზებული, მაგრამ ასეთ დროს არაფრის თქმა, მით უფრო, გაკეთება, არ შეიძლებოდა.

მე მამა არსენთან ერთად ვიდექი და უეცრად დავინახე, როგორ გამოვიდა ის ერთი ნაბიჯით მწკრივიდან, პირჯვარი გადაისახა, შემდეგ ზედამხედველებს, ჭაბუკს გადასახა ჯვარი და გარკვევით თქვა: „უფლის სახელით გეუბნებით! შეჩერდით! შეწყვიტეთ! – კიდევ ერთხელ გადასახა ყველას ჯვარი და ისევ მწკრივში ჩადგა. უმალ შეწყვიტეს ჭაბუკის ცემა, ზედამხედველები გადათვლას ეუდგნენ, ჭაბუკი, ბარბაცით მივიდა და თავის ადგილას დადგა.

შემდეგ მწკრივში ჩემს გვერდით მდგომს ვკითხე: „დაინახეთ, რა გააკეთა პეტრე ანდრიას ძემ (მამა არსენმა), როდესაც ჭაბუკს ცემდნენ?“ „რა გააკეთა? ბოძივით დარჭობილი იდგა“. ყოველივე ამან საშინლად განმაცვიფრა, გამაოცა იმ ძალამ, რომელიც ღმერთმა ამ ადამიანს – მამა არსენს მისცა. იქნებ, ეს ჰიპნოზია? – გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე ჩემს თავს ვუპასუხე: „არა, რა თქმა უნდა, არა. არა თავისთვის, არამედ სხვებისთვის იქმს იგი ყველა ამ კეთილ საქმეს“.

მამა არსენის ნამოქმედარი ხშირად უჩვეულო, თითქოს არალოგიკური იყო, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი სრულიად უბრალოდ ხდებოდა.

ბანაკში სრულიად მრავალფეროვანი ხალხი ხვდებოდა, უგუნურობამდე და აბსურდამდე მისული ფანატიკური სექტანტებიც იყვნენ. ხან სიკვდილზეც მიდიოდნენ, რათა მცირედიც კი არ დაეთმოთ. თავიანთ მრწამსში სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, ამიტომ ყველას, როგორც დაკარგულ ცხვრებს, ისე უყურებდნენ.

ხშირად ეს სექტანტები ადამიანებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ისინი ამას არა ადამიანების გამო, არამედ, თავიანთი თავებისთვის აკეთებდნენ.

მამა არსენისადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და ცდილობდნენ დაემტკიცენინათ, რომ მისი სარწმუნოება მცდარი იყო, რაზეც მამა არსენი მუდამ ამბობდა: „განა მე გარწმუნებთ, რომ თქვენი სარწმუნოება ცუდია? გწამდეთ, როგორც თქვენი გული გთხოვთ და მაშინ მოხვალთ ჭეშმარიტებამდე. გახსოვდეთ მოციქული პავლეს სიტყვები: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთს ჯული იგი ქრისტესი“, ბოროტება სიკეთით დაამარცხეთ“.

მამა არსენი სხვათა სიმძიმის მტვირთველი იყო და მეჩვენებოდა, რომ სწორედ ამის საშუალებით სძლია მან მრავალ სირთულეს, ეს იზიდავდა მასთან ადამიანებს, აიძულებდა მის კვალს დადგომოდნენ და სწორედ ეს მძიმე ჯვარი აძლევდა მოძღვარს იმ უჩვეულო ძალას, რომლის გამოც ადამიანები მას ღვთის სახელით ემორჩილებოდნენ. ვფიქრობ, ჩემს მიერ მონათხრობი ეს ორი შემთხვევა, ამის ნათელი მაგალითი იყო.

 

სიხარული

ბანაკი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთნი კვდებოდნენ, მათ ადგილს მეორენი იკავებდნენ, რათა ისინიც იქვე დახოცილიყვნენ და თავიანთ „ჟამს“ ელოდებოდნენ. „განსაკუთრებულიდან“ გათავისუფლებული თითქმის არავინ გამოდიოდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სამთავრობო დაწესებულებების ყოფილი პარტიული მუშაკები გაათავისუფლეს, ან ცნობილი მეცნიერები. ამბობდნენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ათი კაცი გაათავისუფლესო, მაგრამ მათგან ერთი იქვე გარდაცვლილა, როდესაც ეს გაუგია.

1952 წელს მამა არსენი ბანაკის საგანგებო განყოფილებაში გამოიძახეს, ჯერ ლეიტენანტთან, შემდეგ მაიორთან. მაიორი გახარებული შეხვდა: „გამარჯობა, მამაო არსენ! გამარჯობა, პეტრე ანდრიას ძევ! დღეს კარგი უწყება მაქვს. ალექსანდრე პავლეს ძე ავსეენკოვს ათავისუფლებენ. ამას მეგობრებმა დიდი წვალებით მიაღწიეს. ხვალ ჩემთან ვიძახებ. მეშინია, ამ ცნობამ თავზარი არ დასცეს, სუსტი გული აქვს. გთხოვთ, ფრთხილად ამცნოთ მომავალი გათავისუფლების შესახებ. ხვალ ბანაკის უფროსის თანდასწრებით გამოვუცხადებ, არ აღელდეს. არა მხოლოდ ათავისუფლებენ, პარტიაშიც აღადგენენ. მთავარმა დართო ნება.

თქვენთან კი ცუდადაა საქმე – სასულიერო ხართ. თქვენს საქმეზე ბეჭედია: „იმყოფებოდეს ბანაკში უვადოდ“ – სიკვდილამდე. მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ არ შემიძლია. ჩვენი „განსაკუთრებულიდან“ თქვენნაირებს მხოლოდ ბერიას და მისი თანაშემწის პირადი ნებართვით ათავისუფლებენ. თქვენი საქმით ვერ მიხვალ, საფუძველი არ არსებობს. მათი ნებართვის გარეშე გაათავისუფლებ და მაშინვე დაგასმენენ და თავად აღმოჩნდები ბანაკში. თუ რამე შეიცვლება, თქვენს გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებ, ახლა კი ალექსანდრე პავლეს ძეც ჩაერთვება ამ საქმეში. მეც მოსკოვში გადავყავარ: „მაპატიეს“, როგორც იტყვიან, გენერლის წოდებაში აღმადგენენ და ისევ დაზვერვაში მიშვებენ. მთელი ცხოვრება სახელმწიფოს ვიცავდი. სამშობლო მიყვარდა და ჩემი საქმით სამამულო ომის დროს არა ერთი ათეული დივიზია გადავარჩინე, მერე, ვიღაცას ხელი შევუშალე, მთავართან დამასმინეს და „გერმანელებთან კავშირის“ გამო კინაღამ დახვრეტაზე გამიშვეს.

მთავარმა ბრძანა შევემოწმებინე და სამუშაოდან აქ, ბანაკში გამოვეგზავნე. აქ მოვხვდი და შევძრწუნდი, დახმარება არაფრით შემიძლია, ყოველ ნაბიჯზე გითვალთვალებენ. იმას, რაც აქ ვნახე, ვერ წარმოვიდგენდი. შენს თვალწინ ცემენ, შენ კი უფლება არა გაქვს, შეაჩერო. ერთხელ შევაჩერე და შეატყობინეს – „ხელს უშლის და აფერხებს გამოძიებას“. უცნაურია! რისთვის კეთდება ეს ყოველივე, ახლა ამის გაგება შეუძლებელია. პეტრე ანდრიას ძევ, აქედან წასვლისას მინდა ვინმეს დავეხმარო. ვის ჭირდება? მითხარით, დავეხმარები. დასანანია, რომ თქვენ ვერ გეხმარებით“.

ჩაფიქრებულმა მამა არსენმა მაიორს შეხედა და უთხრა: „გმადლობ! დიდი მადლობა! ჩემი დახმარება არ შეიძლება, როცა საჭირო იქნება, უფალი დამეხმარება, დაეხმარეთ ამ ბანაკიდან გასვლაში საზიკოვს, ყოფილ სტუდენტ ალექსეი ნიკონოვს, ექიმ დენისოვს და ყოფილ კრიმინალ ტრიფონოვს. უბრალო ბანაკში გადაიყვანეთ, იქ ცხოვრება უფრო იოლია და დახმარებაც შეიძლება“. კრიმინალი სერი მამა არსენმა არ დაასახელა. ყურადღებით ჩააცქერდა მაიორს, უთხრა: „სერგეი პეტრეს ძევ! მოსკოვში რომ ჩახვალთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი სამუშაოდან წახვიდეთ, არ გჭირდებათ ორგანოებში მუშაობა. სხვა რამეზე გადადით, თორემ დაიწვებით. იმის შემხედვარე, რაც აქ ხდება, სულ სხვა ადამიანი გახდით. გადაირჩინეთ სული!“

აბროსიმოვი შესცქეროდა მის წინ მჯდომ მოხუცს და ფიქრობდა, რომ მისთვის ჯერ მთლად ნათელი არ იყო თავისი მომავალი ცხოვრება, მან კი, მამა არსენმა, ალბათ ბევრი რამ იცის მის წარსულზე და მომავალზეც. და კვლავ ბავშვობის მოგონებები ამოტივტივდა მაიორის გონებაში. ისეთი ადამიანი, როგორიც მამა არსენია, ნამდვილი ქრისტეანია, აი, ისეთი, რომლებზეც ოდესღაც წიგნებში ამოუკითხავს.

ღრმა მწუხარებისა და ამავე დროს სიხარულის გრძნობა დაეუფლა სერგეი პეტრეს ძეს. ადგა, მამა არსენთან მივიდა და უთხრა: „კიდევ შეგხვდებით თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, თქვენ ჩემზე წარუშლელი ზეგავლენა მოახდინეთ. ბევრ რამეს სულ სხვაგვარად ვაფასებ. მჯერა თქვენი, მესმის, რატომ გწამთ, მესმის ვერა დანილოვნასი და ჩემი ცოლის. ყველაფერი მესმის. ვიცი, რომ გამუდმებით ლოცულობთ. არ დამივიწყოთ, პეტრე ანდრიას ძევ, მამაო არსენ! არ დამივიწყოთ!“

მამა არსენი სკამიდან ადგა, აბროსიმოვთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელი და უთხრა: „გფარავდეთ ღმერთი, სერგეი პეტრეს ძევ! ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, დაეხმარეთ მათ, სიკეთეს იქმოდეთ, სადაც კი იქნებით. დაეხმარეთ ადამიანებს. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს“. მდაბლად მოუდრიკა თავი და გავიდა.

ისე გავიდა, რომ აბროსიმოვმა იგრძნო, თითქოს მანკი არ გამოიძახა თავისთან მამა არსენი, არამედ თვითონ მამა არსენმა იხმო იგი თავისთან.

მამა არსენთან შეხვედრებს აბროსიმოვი არასოდეს ივიწყებდა. მან იხილა დახეულ დაბამბულ ქურთუკში ჩაცმული მოხუცი, არაქათგამოცლილი, დაღლილი და მოეჩეენა, რომ იგი გატეხილი და დაცარიელებულია, მაგრამ როდესაც თვალებში ჩახედა, მიხვდა, რომ იგი აღსავსეა სიცოცხლით, რწმენით და ადამიანებისადმი უსასრულო სიყვარულით და არც გატეხილია და არც დაცარიელებული, არამედ სავსეა შინაგანი გზნებით, რომელსაც უნაწილებს ხალხს და ამით ტანჯვას უმსუბუქებს მათ, განდევნის სასოწარკვეთილებას, შიშს და რწმენა მიაქვს მათთან.

აბროსიმოვს ესმოდა, რომ ამ მოხუცს რომ მოესურვებინა თავისუფლებაზე გასვლა ან მისთვის საჭირო რამის შეცვლა, ყველაფერი აუცილებლად შესრულდებოდა, იმდენად ძლიერი იყო სულიერად.

აქ, „განსაკუთრებულში“ აღასრულებს იგი თავის ქრისტეანულ ღვაწლს, ადამიანებისთვის ნათელი და შეწევნა მიაქვს ღვთის სახელით, სხვებთან ერთად იტანს ტანჯვასა და გაჭირვებას. საშინელი იყო აბროსიმოვის სამსახური, მძიმე ცხოვრებისეული გზა განვლო, ამიტომ გაეწყვიტა ღმერთთან კავშირი, მაგრამ მამა არსენთან შეხვედრამ შეძრა მისი სული, აიძულა ბევრ რამეზე დაფიქრებულიყო. წარსული გადაეფასებინა. ჯერ კიდევ გრძელი გზა ჰქონდა აბროსიმოვს გასავლელი მანამ, სანამ ღმერთთან მივიდოდა, მაგრამ პირველი ნაბიჯი, ღვთისკენ მიმავალ ბილიკზე, მან მამა არსენთან ერთად, უკვე გადადგა.

მრავალი წლის შემდეგ აბროსიმოვი იგონებდა: „ჩემი მოსკოვში დაბრუნება ძალიან გაჭირდა. ყველაფერი მომეცა – წოდება, თანამდებობაც, მაგრამ რაღაც აღიმართა ჩემს უწინდელ და ახლანდელ ცხოვრებას შორის. ბევრი ვიფიქრე და წავედი იმ სამუშაოდან. გულწრფელად ვიტყვი: უწინ ბევრი მძიმე რამ გამიკეთებია, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი.

ბევრ რამეში ალექსანდრე პავლეს ძე ავსეენკოვიც დამეხმარა. დამეხმარა იმაში, რომ გავრკვეულიყავი. მრავლის გაცნობიერებამ მაფიქრებინა, რომ ჩემი პატიება შეუძლებელი იყო, მაგრამ, ერთხელ, ალექსანდრე პავლეს ძემ მამა არსენისგან ბარათი მომიტანა (მაშინ ის უკვე გათავისუფლებული იყო) რომელშიც ეწერა: „გახსოვდეთ და არ დაეჭვდეთ! უფალს, რომელიც გვსჯის ჩვენი შეცოდებებისთვის, იმის ძალაც შესწევს, რომ შეგვინდოს და არ არსებობს ისეთი მძიმე შეცოდება, ან წყევა, რომელთა გამოსყიდვა არ შეიძლებოდეს ჩვენი საქმით და ლოცვით“.

შემდგომში დიდად დამეხმარა მამა არსენი რწმენის შემეცნებაში. რა თქმა უნდა, ისეთი ვერ გავხდი, როგორიც ბევრი მისი სულიერი შვილი იყო, მაგრამ ვცდილობდი მევლო ღმრთისკენ.

მამა არსენი, რომლისთვისაც ხშირად მიამბნია ჩემი უამრავი ეჭვის, ჭოჭმანის შესახებ რწმენის და ადათ-წესების საკითხებთან დაკავშირებით, მუდამ მეუბნებოდა: „თქვენი ცხოვრებისეული გზიდან გამომდინარე, ხანგრძლივი, იდეასმოკლებული ხეტიალის, შინაგანი დაბნეულობის შემდეგ – ეჭვი და ორჭოფობა ბუნებრივი და უცილობელია, მაგრამ განა ესაა მთავარი? – თქვენ მიხვდით და გრძნობთ, რომ ღმერთი არსებობს, იცით მისკენ სავალი გზა. გწამდეთ – ყოველივე ზედმეტი, მიტმასნილი, წავა“. შესანიშნავი ადამიანია. მამა არსენი, ნამდვილი ქრისტეანი“.

მამა არსენი ბარაკში დაბრუნდა. უხაროდა ალექსანდრე პავლეს ძის, საზიკოვის, ალექსეის, დენისოვის, ტრიფონოვის გამო, ისინი დატოვებდნენ „განსაკუთრებულს“, ბოლოს და ბოლოს თავისუფლებაზე გავიდოდნენ. მაგრამ მეგობრებს, რომ ვეღარ ნახავდა, ამაზე ცოტათი დადარდიანდა კიდეც...

დამხმარე და მეგობარი ნაკლები ეყოლებოდა. სჯეროთა, რომ უფალი არ მიატოვებდა და მივიდოდნენ, მოიძებნებოდა ახალი ადამიანები და წასულებს შეცვლიდნენ. საღამოს შეატყობინა ავსეენკოვს გათავისუფლების შესახებ. ღამე საუბარში გაატარეს, დილით კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. დრომ და საქმეებმა ძლიერ მიაჯაჭვა ავსეენკოვი მამა არსენს, მიაჯაჭვა სამუდამოდ. მამა არსენმა და ბანაკმა მთლიანად შეუცვალა აზროვნება. ბანაკში მოხვედრილს, თვითმკვლელობის განზრახვა გაუჩნდა, უმწეო, უნებისყოფო გახდა, ხოლო იქიდან კი – სულიერად გამდიდრებული და გაძლიერებული მიდიოდა. მან ღმერთი იწამა, ადამიანების გასაჭირი გულთან მიიტანა.

ღამით ორივემ დიდხანს ილოცა. ავსეენკოვი ეხვეოდა მამა არსენს და იმეორებდა: „არ დამივიწვოთ, მამაო არსენ, თქვენებს და ახლა უკვე ჩემებსაც, შევხვდები ხოლმე. ილოცეთ ჩვენთვის“.

ავსეენკოვი საზიკოვს და ალექსეის გამოემშვიდობა, რადგან იცოდა, რომ განთავისუფლების შესახებ უწყების შემდეგ ბარაკში აღარ დააბრუნებდნენ.

ოთხი კვირის შემდეგ, უეცრად, გამოიძახეს საზიკოვი, ალექსეი, დენისოვი და ტრიფონოვი საგანგებო განყოფილებაში, ბარაკში ისინი აღარ დაბრუნებულან. პატიმრები მკითხაობდნენ, თუ რა უნდა მოსვლოდა მათ.

მაიორმა, ახლა უკვე გენერალმა აბროსიმოვმა, შეასრულა თავისი დანაპირები.

 

სიცოცხლე გრძელდება

ბანაკში ცხოვრება გრძელდებოდა. ბანაკის სასაფლაოზე წასულების სანაცვლოდ სისტემატურად მოჰყავდათ ახალი პატიმრები. სიკვდილი თითქმის ყოველდღე სტუმრობდა ბარაკებს და ახალახალი მსხვერპლი მიჰყავდა თან.

ყოველ ახალ დღეს პატიმრებთან მოჰქონდა შიმშილი, დამქანცველი დამცირება და მძიმე სამუშაო, გონებრივი გამოფიტვა, გულგრილობა, იქ მყოფთ სიკვდილი ენატრებოდათ. მამა არსენი კი ბანაკში კვლავინდებურად თავის ჩვეულ ღვაწლს ეწეოდა.

გაუჭირდა სტუდენტი ალექსეის, საზიკოვის, ავსეენკოვის გარეშე. მან ხომ ისინი შეიყვარა, მიეჩვია მათ და ისინიც ბევრ საქმეში ეხმარებოდნენ მოძღვარს. თუმცა, გაჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებსაც დაუახლოვდა, მაგრამ ისინი ერთი ბარაკიდან მეორეში გადაჰყავდათ, იხოცებოდნენ ან ბანაკის შორეულ განყოფილებებში მაღაროებში გადაჰყავდათ.

მამა არსენი ძველებურად ეხმარებოდა გარშემომყოფთ, მათთვის სიკეთე და სულიერი ნუგეში მიჰქონდა, იგი ბევრს ესაჭიროებოდა. შეუმჩნევლად იკავებდა ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს, ეხმარებოდა მათ, ტანჯვას უმსუბუქებდა, ცხოვრებისეულ სიძნელეებს უფერმკრთალებდა. არსებული ვითარებისადმი თავისი დამოკიდებულებით იგი უმტკიცებდა მათ, რომ ცხოვრება „განსაკუთრებულშიც“ კი, არ არის გაუსაძლისი, თუკი ღმერთია შენთან.

კრიმინალი სერი მძიმედ დაავადდა. მუცელს იტკიებდა, ბანაკის ექიმებს მიმართა. ჯერ ასპირინი მისცეს, შემდეგ რევანდი, მაგრამ არაფერი შველოდა, რითიც მოხვდებოდათ, მკურნალობდნენ, გაუსინჯავად, მერე კი ღვიძლის ფესვგადგმული კიბო და მეტასტაზი დაუდგინეს.

სერი კვდებოდა, საავადმყოფოში არ მიჰყავდათ და არ მკურნალობდნენ. საშინელი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ ბარაკში გადაადგილება, პარაშასთან მისვლა და ამოკითხვაზე სიარული უწევდა. მამა არსენი მოთმინებით უვლიდა სერის, რითიც შეეძლო, ეხმარებოდა, ექიმებთან წავიდა, სთხოვა ნარკოზი ტკივილების გასაყუჩებლად, მაგრამ ვერაფერი მიიღო.

სერი ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებული იყო, მაგრამ მამა არსენს თვინიერად ღებულობდა, ელოდებოდა მის მისვლას და გვერდით ჯდომას სთხოვდა. როდესაც მამა არსენი მის გვერდით ჯდებოდა, სერი თავის ცხოვრების შესახებ უყვებოდა და ტკივილები როგორღაც გადაავიწყდებოდა ხოლმე.

სიკვდილამდე ორი დღით ადრე გამოუტყდა: „ცოდვების გამო ვკვდები და ვიტანჯები. ხალხს ბევრი მწუხარება მოვუტანე, ბევრი დავღუპე. შეცდომებით სავსეა ჩემი ცხოვრება. იმდენი ბოროტება ჩამიდენია, რომ ვერც დათვლი. ვიცი, რომ ჩემი პატიება შეუძლებელია და ან რა საჭიროა. მონანიება, ალბათ, არ ეგების. ღმერთი თითქმის არა მწამს, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ უფალი არსებობს, რადგან თქვენ გწამთ მისი და მისით ცოცხლობთ.

მღვდლის ოჯახიდან ვარ. მამა დიაკვანი იყო, ღმერთი არ სწამდა, ანგარებით ცხოვრობდა, სხვა რა გზა ჰქონდა, როგორც პროფესიონალი, ისე მსახურობდა.

როდესაც ვიზრდებოდი, გარშემო ტყუილს და მხოლოდ სიცრუეს ვხედავდი, არაყს სვამდნენ, მრუშობდნენ, ქალებზე ტაციაობა ჰქონდათ, ღმერთს და წეს-ჩვეულებებს შეურაცხჰყოფდნენ და იმავე ღმერთით ინიღბებოდნენ. ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ.

დაბრუნდებოდა მამაჩემი საეკლესიო წირვის შემდეგ შინ და დაიწყებდა შემოსავლის გადათვლას, არაყზე გამგზავნიდა, რწმენას დასცინოდა, დედას იგინებოდა. ყვებოდა, როგორ ააცურა ფული თეფშიდან ან სოფლის დედაკაცი როგორ გააბითურა. არც მე მწამდა ღმერთი, მეჩვენებოდა, რომ ეს ყოველივე ადამიანების მოგონილი სიგიჟეა. სემინარიაში ვსწავლობდი, დავამთავრე და ქურდობას მივყავი ხელი, ხან ერთ ციხეში ამოვყოფდი თავს, ხან მეორეში. მერე კი რევოლუცია დაიწყო, არეულობა, აღვირახსნილობა. ძარცვა, მკვლელობა, უღმერთობა. ადამიანი თურმე თვითონ სჭედავს საკუთარ ბედ-იღბალს. შესაფერის დოსტებსაც გადავეყარე, ჰოდა, დაიწყო: ჯერ წვრილი საქმეები, მერე საშუალო, მერე ადამიანის სისხლიც დავღვარე და მერე როგორღა გავჩერდებოდი? აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი, მამაო არსენ.

ჰო, მართლაც ბევრი სისხლი დამიღვერია, მაგრამ ამაზე არასდროს მიდარდია. ხან ახალ საქმეზე ვფიქრობდი, ხან ქალებს ვეარშიყებოდი, ხან ციხეს გავურბოდი. ღმერთზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა. სიმართლე გითხრათ, არც მსურდა მასზე ფიქრი. მაგრამ აი, ბანაკში თქვენ შეგხვდით. თავიდან ვიფიქრე, რომ სალოსობაში რაიმე სარგებელს ეძებდით. მაგრამ დავინახე, როგორ შეცვალეთ ჩემი მეგობრები – სერაფიმე საზიკოვი და ჩეკისტი ავსეენკოვი და მივხვდი: გულწრფელად გწამთ ღმერთი. დავრწმუნდი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, აბა, ტყუილად ხომ არ აწყდებოდა აუარება ხალხი იმ ეკლესიას, სადაც მამაჩემი დიაკვნად მსახურობდა?! ამას ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, როცა პატარა ბიჭუნა ტაძარში ღვთისმსახურების დროს ვეხმარებოდი.

ახლა ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მისკენ სავალი ყველა გზა გადაკეტილი მაქვს – ჩემი წარსული საქმეები ვერავითარი ლოცვებით ვერ გამოისყიდება და ალბათ არც მომეტევება.

ვკვდები, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ რაღაცის მეშინია, აი, რისი – ვერ გავრკვეულვარ. ერთი პირობ ავიფიქრე თქვენთვის აღსარება მეთქვა, მაგრამ, თქვენ რომ გიცნობთ, მეგონა, არ შემინდობდით ჩემს ცოდვებს, მეტისმეტად ბევრი რამე მაქვს ჩადენილი. მაგრამ არ ვნანობ – რაც იყო, იყო.

მაგრამ ორი შემთხვევა განსაკუთრებით არ მასვენებს, ხშირად თვალწინ მიდგას, ძილშიც თუ ცხადშიც. ისინი ჩემთან მოდიან... ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭუნას „გასაღება“ მომიხდა ოცდაათ წელს, ყველაფერი როგორღაც, სულელურად გამოვიდა. ფეხებში ჩამივარდა, მეხვეწებოდა, ტიროდა, მე კი თავნახადი მქონდა დალეული ,ძმაკაცების დასანახად ვყოყლოჩინობდი, მინდოდა ჩემი ვაჟკაცობა მეჩვენებინა, დავცინოდი და აბუჩად ვიგდებდი. თვალებს დავხუჭავ და ისიც გამომეცხადება. დგას ჩემს წინ სწორედ ისეთი, ატირებული. კიდევ ერთი ქალიც მომიკლავს, მისმა ლანდმა პირდაპირ გამაწამა. კვირაში, ერთი სამჯერ მაინც მოდიოდა, ახლა კი ყოველდღე მოდის. ოციან წლებში ბინას „ვიღებდით“ მოსკოვში, მინიშნებით მივედით, ცარიელი გვეგონა, ყველა სამუშაოზე უნდა ყოფილიყო. მივედით, იქ კი დიასახლისის და აღმოჩნდა, ლამაზი, წარმოსადეგი: ფანჯარას ეცა, ოთახში ჩავკეტეთ. ბინაში ნივთები ბლომად იყო, ოქროც მოიძებნებოდა. დავიწყეთ ფუთებად მოგროვება.

დავალაგეთ, ის-ის იყო წასასვლელად მოვემზადეთ, რომ ქალმა დაგვინახა, აუცილებლად უნდა მოგვეშორებინა, სხვა გამოსავალი არ არსებობდა, შემდეგ ამოგვიცნობდა. ბიჭები ყოყმანობდნენ, ეს უკვე მშრალი საქმე აღარ იყო, თანაც მათთვის არც თუ ჩვეული.

მე წავედი. კარი გავაღე. შემომხედა და მიხვდა რაც მოელოდა. შიშისგან თვალები გაუფართოვდა, ხელი ეტაცე, თვალებში ჩავხედე და გადავწყვიტე მეხმარა. ბიჭებს დავუყვირე, რომ სხვა ოთახში გასულიყვნენ, ჰოდა, წავათრიე. სახეში ჩამარტყა, უცებ დამშვიდდა და ზიზღით მეუბნება: „მხეცი ხარ, ადამიანი კი არა, ნამდვილი მხეცი! მალე მორჩი“. თვალებში სასტიკი სიძულვილი ჩაუდგა, პირდაპირ ულმობელი გახდა, ამან კიდევ უფრო გაალამაზა. ჰოდა, ვიძალავე, დანა ამოვიღე, ის კედელს აეკრა, დარტყმას ელოდა, მერე კუთხეში მყოფ ხატს მიუბრუნდა და თქვა: „დაამთავრე. ჩემთან ღმერთია. დედაო ღვთისა, არ მიმატოვო!“

შემეცოდა, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ხარახურა წამოვიღეთ, მკერდის ქვეშ ჩავარტყი ორჯერ, ის კი კედლიდან ჩამოცურდა, სწრაფად პირჯვარს იწერდა და ჩურჩულებდა: „უფალო, შემიწყალე“. ახლაც ასე მოდის ჩემთან ყოველდღე”.

მამა არსენი სერის უსმენდა, თან გამუდმებით ლოცულობდა, მაგრამ მონათხრობის შემზარავ წვრილმანებზე გააცივა. შეგნებული სისასტიკე, ბრაზი, ცინიზმი, უგულობა, ასეთი რამ ბანაკშიც კი არ იყო ხშირი.

სერი წამებით კვდებოდა, სახე დამახინჯებული ჰქონდა, შესაძლოა ტანჯვით, ან იქნებ, ცოცხალი ადამიანებისადმი სიძულვილით. სიკვდილის შემდებაც ისეთივე გაბოროტებული სახე დარჩა.

პატიმარი სერის მონათხრობი ჩაწერილია 1965 წელს
მამა არსენის მონაყოლის მიხედვით. ბანაკში მამა არსენის ცხოვრება
დაწერა ა. რ.-მ. რომელიც მაშინ მამა არსენთან და
კრიმინალ სერისთან ერთ ბარაკში ცხოვრობდა.

 

დაკითხვა

აბროსიმოვის გამგზავრების შემდეგ საგანგებო განყოფილებაში ორი უფროსი გამოიცვალა, ბოლოს კი ხანშიშესული, პირქუში ვიცეპოლკოვნიკი დანიშნეს. განყოფილებაში ბევრი ახალი თანამშრომელი მივიდა. ბანაკში სიმკაცრემ იმატა, პატიმრების ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი გახდა.

საგანგებო განყოფილებაში დაკითხვაზე ბევრს იძახებდნენ. მუქარა, ცემა, კარცერი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასეთი რამ ერთი შეხედვითაც კი უაზრობა იყო, რისთვის უნდა მიეღწიათ იმ პატიმრებთან, რომლებიც პრაქტიკულად სასიკვდილოდ იყვნენ განწირული, მაგრამ გამომძიებლები აქაც კი რაღაც ახალი საქმეების შეთითხვნას ცდილობდნენ.

საგანგებო განყოფილება ბოლო დროს დიდი დატვირთვით „მუშაობდა“: იქმნებოდა საქმეები, „იხსნებოდა შეთქმულებები“, ტარდებოდა დამატებითი გამოძიებები, სადღაც დამატებითი განაჩენები გამოჰქონდათ, ვიღაცას ხვრეტდნენ.

მარტში მამა არსენი საგანგებო განყოფილებაში დაკითხვაზე გამოიძახეს. დაკითხვას აწარმოებდა მაიორი ოდინცოვი, საშუალო სიმაღლის კაცი, წაგრძელებული ფორმის მელოტი თავით, შეშუპებული სახით, თხელი ტუჩებით და უფერული თვალებით. მუდამ მოწესრიგებული, კარგად დაუთოვებულ კიტელში გამოწყობილი, შეხვედრისას ყოველთვის ზრდილობიანი, მაგრამ დაკითხვების სისასტიკით პატიმრებს შიშის ზარს სცემდა, მიუხედავად ამისა, რატომღაც „ლასკოვი“ (მოალერსე) შეარქვეს. მეორენაირადაც მოიხსენიებდნენ – „აბა, დავიწყოთ“.

მამა არსენი შესასვლელთან დადგა. გამომძიებელი საქმიანად ათვალიერებდა რაღაც ქაღალდებს ისე, რომ მამა არსენისთვის დიდხანს ყურადღება არ მიუქცევია, შემდეგ, სკამზე უკან გადაწვა და თქვა: „სასიხარულოა თქვენი გაცნობა პეტრე ანდრიას ძევ! მოხარული ვარ! ჩემს შესახებ, ალბათ, გსმენიათ, მე – ოდინცოვი ვარ“.

„მსმენია, მოქალაქე გამომძიებელო“, – უპასუხა მამაარსენმა.

„ჰოდა კარგი, მამაო ჩემო! აბა, დავიწყოთ! ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინს კარგი სიტყვები აქვს ნათქვამი, ჩვენს საუბართან დაკავშირებით. ჩემთან საჭიროა ლაპარაკი და აღიარება, თორემ სისხლს შეიხოცავთ. ჩემთან ცნობილი წესებია. დავიწყოთ! აღიარეთ“.

„რა მოვყვე?“

„მოყევი, მღვდელო, ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ბანაკში მოქმედებს და ამხანაგი სტალინის სიცოცხლის ხელყოფას ისახავს მიზნად. ჩვენთვის ისედაც ყველაფერი ცნობილია, შენ გაგცეს. ნუ აჭიანურებ, რახან ჩემს შესახებ გსმენია“.

ნერვებმოშლილი, დაძაბული მამა არსენი ლოცულობდა, ღვთისმშობელს შესთხოვდა შეწევნას, ევედრებოდა, რათა ძალა მიეცა მისთვის, რომ დაკითხვისთვის გაეძლო. „უფალო, ღმერთო ჩვენო! ნუ დამტოვებ მე ცოდვილს, განამტკიცე, ზეცათა დედოფალო, უძლური სული ჩემი“.

„რაიმე ორგანიზაციის შესახებ არაფერი ვიცი და საღიარებელიც არა მაქვს რა“.

„აი, რა, მღვდელო! მე შენ არ გეთამაშები, ისედაც ცოცხალ-მკვდარი ხარ, მაინც უნდა ჩაძაღლდე, მე კი საქმე, უსიკვდილოდ მჭირდება. დაჯექი და წერე, რასაც გიკარნახებ“.

„მოქალაქე გამომძიებელო! შეიძლება კითხვით მოგმართოთ?“

„ჩემთან კითხვებს კი არ სვამენ, არამედ პასუხობენ, შენ კი მიდი, დასვი, მაინც აქ უნდა ჩაძაღლდე.“

„მოქალაქე გამომძიებელო! გთხოვთ, გადახედეთ ჩემს საქმეს და ნახავთ, რამდენ ვინმეს დავუკითხივარ და არასდროს არავინ გამითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სასიკვდილოდაც კი ვუცემივარ“.

ოდინცოვი მძიმედ წამოდგა, მაგიდას შემოუარა, მიუწია მამა არსენს დაკითხვის ოქმი, კალამი და უთხრა:

„ვისაც გინდა დაეკითხე, ჩემთან კი ყველაფერს დაწერ”.

„არა, არაფერს დავწერ, ბანაკში არავითარი ორგანიზაცია არ არის, თქვენ ახალი საქმის შექმნა გინდათ და უდანაშაულო, გაწამებული ადამიანების დახვრეტა. ადამიანებისა, რომლებიც ისედაც სასიკვდილოდ არიან განწირულნი“.

ოდინცოვი უფრო ახლოს მივიდა, ტუჩები აუკანკალდა და მოეღრიცა, უღიმღამო, უფერული გამოხედვა გამოუცოცხლდა და თითქმის ენის ბორძიკით წარმოთქვა: „ჩემო კარგო! შენ არ იცი, ახლა რა მოგივა“.

„უფალო შემიწყალე“ – მხოლოდ ამის წარმოთქმა მოასწრო გულში მამა არსენმა და სახეში საშინელმა დარტყმამ სკამიდან გადმოაგდო. შემაძრწუნებელი ტკივილისგან გონება დაკარგა, მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებულია, ოდინცოვი ცემით მოკლავდა.

წამიერ, მოკლე გაელვებებში, გონზე მოსული გრძნობდა, რომ სახეზე ფეხებით და საოფიცრო ქამრის ბალთით ცემდნენ. იმ წამებში მამა არსენი ღვთისმშობელს ევედრებოდა, მაგრამ, ორი-სამი სიტყვის წარმოთქმასაც ვერ ასწრებდა, რომ ისევ უგონობის წყვდიადში იძირებოდა და ბოლოს, გაყუჩდა.

რამდენიმე წამით ქუჩაში მოვიდა გონზე და მიხვდა, რომ ბარაკში მიათრევდნენ. მეორე ბარაკში, ნარზე გამოფხიზლდა. ვიღაცა სველი ტილოთი უმშრალებდა სახეს და იმეორებდა: „მოკლეს ცემით მოხუცი. დილამდე ვერ გასტანს“. და თან დედის გინებით მოიხსენიებდა გამომძიებელ ოდინცოვს.

მესამედ, როცა მამა არსენი გონს მოვიდა, მოეჩვენა, რომ ისევ ბარაკში იყო. სხეული გაუსაძლისად სტკიოდა, ტკივილი მთელ გონებას უხშობდა. თითქოს ისევ რაღაცას იხსენებდა. მამა არსენს ეგონა, რომ ისევ დაკითხვაზე იყო, რადგან, როგორც მოეჩვენა, ვიღაცა თავს უჭერდა. '

უნდოდა ისევ ელოცა, კვლავ მოეხმო უფალი საშველად, მაგრამ დაიწყებდა თუ არა ლოცვას, მაშინვე გონებას კარგავდა. ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი ყველაფერს სდევნიდა, ცნობიერებას უფლეთდა. ეგონა, რომ კიდევ დაარტყამდნენ, სიკვდილს ელოდა.

ცნობიერება წამიერად თუ დაუბრუნდებოდა, ცდილობდა სულ ელოცა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ეგონა კვლავ დაარტყამდნენ, გაუგონარი ტკივილი ლოცვის საშუალებას არ აძლევდა.

არადა, მამა არსენი მიხვდა,რომ ლოცვისა და შინაგანი მონანიების გარეშე მოკვდებოდა. ვიღაცა თავს უტრიალებდა, რაღაცა აუტანლად წვავდა და ჩხვლეტდა. უცებ მამა არსენმა გაიგონა:

„ჩქარა, ქაფურის ორი ნემსი, იოდთან ფრთხილად, თვალში არ მოგიხვდეთ. ნაკერები დაადეთ. როგორ შეეძლო იმ არამზადას ადამიანის ასე დასახიჩრება? თავი ფრთხილად გაპარსეთ“.

მამა არსენმა იგრძნო, რომ ვიღაცის ხელები ნაზად უბრუნებდნენ თავს, თვითონ კი რაღაც მაგარზე გახდილი იწვა. გონზე დიდხანს ვერ მოვიდა, შემდგომში უყვებოდნენ, რომ სამ დღეზე მეტ ხანს იწვა უგონოდ საავადმყოფოს ნარზე.

ცნობიერება, რომ დაუბრუნდა, ცდილობდა გარკვეულიყო, სად იმყოფებოდა. გამომძიებელთან? ბარაკში? თუ კიდევ სადღაც? ძლივს გააცნობიერა, რომ საავადმყოფოში იყო. დაიწყო ლოცვა, მაგრამ ორი-სამი ფრაზის შემდეგ ტკივილმა ისევ უგონობის წყვდიადში გადააგდო. ლოცვისთვის ეს ბრძოლა რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

მამა არსენს თვალები ახვეული ჰქონდა, მაგრამ გამუდმებით გრძნობდა ვიღაცის ალერსიანი და მზრუნველი ხელების შეხებას, ვიღაცა ალერსიანად ესაუბრებოდა და აჭმევდა.

ხმას ოდნავი ებრაული აქცენტი დაჰკრავდა. „აბა!აბა! არა უშავს, გადავრჩით. არ მეგონა, იმ ხათაბალიდან თუ გამოხვიდოდით. ხვალ სახეს შეგიხსნით. დაკითხვებზე თავადაც ვარ ნამყოფი. ვიცი ის მსუბუქი საუბრები, მაგრამ თქვენ ისე შეგაკეთეთ, თითქმის ახალივით ხართ!“

მალე თვალებიდან და თავიდან სახვევები მოხსნეს. ექიმი, რომელსაც ლევ მიხაილოვიჩი ერქვა, მზრუნველად უვლიდა მამა არსენს, რჩევებს აძლევდა, აწყნარებდა: „ჩუმად, ჩუმად, ახლავე ვნახავთ. აი, კარგია. გახარებული ვარ, ასე რომ გხედავთ“.

მამა არსენს დიდი, ახლომხედველი, სათვალიანი თვალები უყურებდა. თბილი და კეთილი სახე ჰქონდა. აქ კიდევ რამდენ ხანსაც შევძლებ, შეგაყოვნებთ, – ეუბნებოდა ლევ მიხეილის ძე. – შეგაყოვნებთ, მაგრამ, ნეტა იმ მხეცთან მეორედ აღარ მოხვდებოდეთ. ევედრეთ თქვენს ღმერთს, თორემ ის კაცი მოგკლავთ“.

მამა არსენმა საავადმყოფოში ორმოც დღეზე მეტი დაჰყო. მართლაც ცრემლმორეული გამოეთხოვა ლევ მიხეილის ძეს, შესანიშნავ, კეთილ ადამიანს და ბრწყინვალე ექიმს. ლევ მიხეილის ძე მოეხვია მამა არსენს და უთხრა: „ეს შეუძლებელია, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს, არ შეიძლება. უეჭველად დამთავრდება. ჩვენ გავალთ ამ ჯოჯოხეთიდან და ერთმანეთს ისევ შევხვდებით“. მართლაც, 1963 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

საავადმყოფოდან მამა არსენი იმავე ბარაკში დაბრუნდა, მაგრამ მისი ძველი მაცხოვრებლებიდან ძალიან ცოტაღა იყო დარჩენილი, უმეტესობა მაღაროზე წარეკეს. ამბობდნენ, რომ გამომძიებელი ოდინცოვი სადღაც გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დატოვებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, მამა არსენი საგანგებო განყოფილებაში, უფროსთან გამოიძახეს. მძიმე, მოუხეშავმა კაცმა, ტყვიასავით გამჭოლი მზერით, ყურადღებით შეათვალიერა მამა არსენი და უთხრა: „სიცოცხლისუნარიანი ხარ! ოდინცოვიც გადაიტანე, ბანაკსაც შეაბერდი, არა კვდები, ეს უკვე კარგია. მოსკოვიდან მანიშნებდნენ, რომ შენ არ უნდა გამენადგურებინე, მაგრამ რას გაიგებ? – იქნებ სამიზნეზე ავყავარ, მამოწმებენ. აბა–აბა! იცოცხლე, მითითებას მივცემ, რომ მძიმე სამუშაოზე არ გაგაგზავნონ.“

ამ საუბრიდან უშუალოდ მთავრის გარდაცვალებამდე, საგანგებო განყოფილებაში აღარ გამოუმძახებიათ. სხეულზე და თავზე დარჩენილი ნაიარევები დაკითხვების მოგონებად შემორჩა.

ჩაწერილია მამა არსენის რამდენიმე მეგობრისა და
სულიერი შვილებისთვის მონათხრობის საფუძველზე.

 

ყველაფერი იცვლება

მთავრის გარდაცვალების უწყებამ ბანაკის პატიმრებამდე სამი დღის დაგვიანებით მიაღწია. შემთხვევით მოვიდა, დაცვის მეშვეობით. ბანაკის ადმინისტრაცია, უცნობი მიზეზების გამო, ამ უწყებას მალავდა.

მარტი იყო, დიდი ყინვები იდგა, ბანაკის თავზე თოვლის კორიანტელი ტრიალებდა, ნამქერით ფარავდა და ხანდახან გარესამყაროს წყვეტდა. სიკვდილის უწყებასთან ერთად ბანაკში რაღაც მშფოთვარე, გულის შემაღონებელი, გამოუცნობი განცდა შემოვიდა. ყველა ფიქრობდა: „რა მოხდება? ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ადრე იყო, თუ უარესისკენ შეიცვლება და ყველა პატიმარს გაანადგურებენ?“ მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, თუმცა სჯეროდათ, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა.

პირველი ორი თვე, დაახლოებით მაისის ბოლომდე, ბანაკი უწინდელი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მერე მის გამოზომილ სვლაში რაღაც ახალმა, თითქმის მოუხელთებელმა იწყო შემოჭრა, თითქოს კარგად აწყობილ მექანიზმში ვიღაცამ ჩხირის ჩარჭობა ან კენჭების ჩაყრა დაიწყოო.

ისევე ამუშავებდნენ, ისევე ცუდად კვებავდნენ, ისევე იხოცებოდნენ პატიმრები, მაგრამ ახლები აღარ მოჰყავდათ. რატომღაც ტუსაღებთან დამოკიდებულებაში უფროსობაც შეიცვალა, თითქოს რაღაცას უბოდიშებდნენ, შედარებით დამთმობნი გახდნენ.

უმაღლესის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დაიწყო ცვლილებები: გაუმჯობესდა კვება, დედის გინება და კბილებში ჩარტყმა გაქრა, ზედამხედველები და გამომძიებლები პატიმრებს თქვენობით მიმართავდნენ. ჩამოვიდა კომისიები ცენტრალური კომიტეტიდან და პროკურატურიდან. ტანსაცმლიდან ნომრები აარღვიეს და უკვე არა ნომრით, არამედ გვარით მოიხსენიებდნენ.

დაიწყო გამოკითხვები, ამოიღეს საქმეები, დიდი ლაპარაკი გაიმართა, ზოგიერთი პატიმრის საქმე განადგურებული იყო და გამოძიებას ხელახლა ატარებდნენ, ამისთვის პატიმრებს იმ ქალაქებში აგზავნიდნენ, სადაც აიყვანეს. იძახებდნენ მოწმეებს, ვიღაცაზე განაცხადს აგზავნიდნენ. მიმოწერის ნებართვა გასცეს, ამანათებისაც კი. სამუშაოს ანაზღაურებდნენ, აწარმოებდნენ კვებისთვის და ტანსაცმლისთვის დაანგარიშებებს.

პირველი კომისია, რამდენიმე ასეული პატიმრის დაკითხვის შემდეგ წავიდა. ორიოდე თვის შემდეგ კომისიათა მეორე პარტია ჩამოვიდა, ბანაკში დამკვიდრდა და რეპრესირებულთა საქმეების ძირფესვიან გადამოწმებას შეუდგა. პირველ რიგში ყოფილ სამხედროებს, პარტიის ძველ წევრებს, მეცნიერებს, ყოფილ სამეურნეო ხელმძღვანელებს ათავისუფლებდნენ.

კიდევ რამდენიმე დრო გავიდა. გამოცხადდა მასიური ამნისტია კრიმინალებისთვის. ბანაკი „საგანგებოდან“ ჩვეულებრივად გადაიქცა, მაგრამ ისევ დარჩა მკაცრი რეჟიმის ბანაკად. მასში იმყოფებოდნენ ყოფილი პოლიციელები, ვლასოველები, უმძიმესი დანაშაულების ჩადენისთვის ამნისტიის მიღმა დარჩენილი კრიმინალები და ის პოლიტიკურები, რომელთა განთავისუფლებაც, უცნობი მიზეზების გამო, ვიღაცისთვის არასასურველი იყო.

რაღაც წელიწადნახევარ-ორ წელიწადში ბანაკი ცხრა მეათედით დაცარიელდა. ბარაკები უქმად იყო, ადმინისტრაციული შემადგენლობა გაანახევრეს. უფროსობამ ბანაკის ზონის შევიწროვება გადაწყვიტა. გადააადგილეს საგუშაგო კოშკურები, მავთულხლართები. ზონის მიღმა დარჩენილი ბარაკების ნაწილი დაწვეს.ბოლო დროს, მამა არსენი ბარაკიდან ბარაკში გადაჰყავდათ. მეგობრებიდან აღარავინ შემორჩა, მაგრამ მამა არსენი ძველებურად ეხმარებოდა გარშემო მყოფთ, გამუდმებით ლოცულობდა, ყოველდღე წერდა წერილებს და მოუთმენლად ელოდა თავისუფლებიდან მოსულ ბარათებს.

დარჩენილი პატიმრები უკიდურესად გაბოროტებულები იყვნენ და ძნელი იყო ვინმესთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ორი თუ სამი მღვდელი და რამდენიმე მორწმუნე, რომლებსაც მამა არსენი იცნობდა, დევნით გატანჯულნი, დათრგუნულები იყვნენ, გათავისუფლების იმედი დაეკარგათ, მაგრამ ყველგან განცხადებებსა და საჩივრებს აგზავნიდნენ და ამის გამო განცალკევებით და გაუცხოებულად ეჭირათ თავი.

ეს დრო მამა არსენისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. მის ირგვლივ ყველაფერი დაცარიელდა, მაგრამ ლოცვა არ შეუწყვეტია, ლოცვაღა აცოცხლებდა. უჭირდა, უნდოდა ადამიანებს დახმარებოდა, მაგრამ საქმეს ვერ პოულობდა.

1956 წლეს მამა არსენი განაბადრაგეს, ბანაკის გარეთ, დასახლებულ სოფელში გასვლის უფლება მისცეს, მძიმე სამუშაოებისგან გაათავისუფლეს და ინვალიდების გუნდში გადაიყვანეს.

1957 წლის მარტისთვის ბანაკი თითქმის მთლიანად დაიცალა, ზონა რამდენჯერმე შეავიწროვეს, დაცარიელებულ ბარაკებს წვავდნენ. ბანაკის მავთულხლართებს მიღმა შავად მოჩანდა დამწვარი ბარაკების ათეულობით ღუმელის ჩონჩხი. ეყარა დაჟანგული ეკლიანი მავთულის ჩალახები, შუშის ნამსხვრევები ბრჭყვიალებდა, აგურის სასაძირკვლე ბოძების ნარჩენები გროვებად ეყარა.

უკვე ბევრი წერილი მოსდიოდა და ეს განსაკუთრებით ახარებდა. პირველი წერილები ვერა დანილოვნასგან, ალექსეის, ირინას, სერაფიმესა და ალექსანდრე აესეენკოვისგან მიიღო. ეტყობა შემთხვევითობის მეშვეობით მოაღწია ბარათმა აბროსიმოვისგან, ამჟამად გენერალ-ლეიტენანტისგან. აბროსიმოვი წერდა: „მახსოვს, არაფერი დამვიწყებია, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ხელს გვიშლიან. მახსოვხართ და კვლავაც მახსოვხართ. მჯერა, რომ მალე შევხვდებით სხვა გარემოებაში. გაუძელით!“

მამა არსენი წერილებს პასუხობდა, თან ადამიანების ბედს და ცხოვრებას უფიქრდებოდა და ხშირად, მრავალი წლის უნახავი ადამიანის წერილი იმდენად ბევრს მოუთხრობდა, რომ ეჩვენებოდა, თითქოს ის ადამიანი იქ, მის გვერდით იმყოფებოდა.

ზედამხედველი „სპრავედლივი“ უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ბანაკიდან წავიდა და მამა არსენს უმისოდ ყოფნა უჭირდა, რადგან მოაკლდა ეს, გულით უბრალო ადამიანი.

ამნისტირებულ კრიმინალთა რაღაც ნაწილი ბანაკში დაბრუნდა. ისინი ახალი დანაშაულებისთვის გაასამართლეს. კრიმინალები, ბოლო დროს, რაღაც განსაკუთრებულად გათავხედდნენ, თავი გამომწვევად ეჭირათ, დაცვის არ ეშინოდათ. მაგრამ, უეცრად, ბანაკის უფროსი გამოცვალეს და ყველაფერი შეიცვალა. სამუშაოზე გაჩნდა მომთხოვნელობა, გაუმჯობესდა კვება, რეჟიმის დარღვევისთვის მკაცრად ისჯებოდნენ, მაგრამ ტუსაღებს აბუჩად აღარ იგდებდნენ, გაქრა სისასტიკე, უხეშობა.

ცხოვრება გრძელდებოდა, მამა არსენი ღმრთის ნების ჟამს ელოდა.

ეს უკანასკნელი ბარაკი იყო, რომელშიც მამა არსენი ბანაკიდან გათავისუფლების წინ ცხოვრობდა.

ძველი ნაცნობებიდან ბარაკში აღარავინ დარჩა. ზოგი გაათავისუფლეს, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც სხვა ბარაკებში ან ბანაკებში გადაიყვანეს.

 

დამშვიდობება

დადგა 1957 წელი. მე განმაბადრაგეს და ხანდახან შეუვალი ზონიდან გამოსვლის ნება დამრთეს. მუშაობის დამთავრების შემდეგ ბანაკიდან გამოვდიოდი, ნელი ნაბიჯით უახლოეს ტყემდე ან ტაიგის ჭაობიდან მდინარემდე მივდიოდი. ხმელ კუნძზე ვჯდებოდი და ლოცვას ვიწყებდი. ჩემი ხმა მეჩხერ ტყეში შორს ვრცელდებოდა და არყის ხეების ტოტებში, წყლის ზედაპირზე დახრილ ტირიფებში, ნაძვებსა და ბალახში წყდებოდა.

აქ, ტყეში მსუბუქად და მშვიდად შეიძლებოდა ლოცვა: საბანაკო ცხოვრების სიტლანქე ქრებოდა და ღმერთთან ლოცვით შერწყმის საშუალება გეძლეოდა. ასეთ წუთებში თითქოს ჩემს ირგვლივ თავს იყრიდნენ თავისუფლებაზე მცხოვრები სულიერი შვილები და მეგობრები, მახსენდებოდა გარდაცვლილები, რომლებიც მიყვარდა ან ისინი, რომლებიც, ოდესღაც, უკანასკნელ გზაზე გამიცილებია, მას შემდეგ რაც გადასახლებებისა და ბანაკებში მავალ გზებზე გადავყრივარ მათ.

თბილოდა, კოღოები მონოტონურად ბზუოდნენ, მონაცრისფრო ღრუბელივით დამტრიალებდნენ. უეცრად ამოვარდნილი ქარი კოღოებს გაიტაცებდა ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წამში ქარი ცხრებოდა და ისინი ისევ გარს მეხვეოდნენ. ბანაკი, ბარაკი, კრიმინალები, შენზე გამუდმებული თვალთვალი, უმალ გავიწყდებოდა, იყო მხოლოდ უსასრულოდ ლურჯი ცა, ტყე, მობიბინე ბალახი, ჩიტების ხმა და ლოცვა, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა, რომელიც გაერთიანებდა ღმერთთან და მის მიერ შექმნილ ბუნებასთან.

ბანაკიდან გასვლის უფლებას ხშირად არ გვაძლევდნენ. იმ დღეს ვისვენებდი. ზონიდან გავედი, მეჩხერ ტყეში ღრმად შევედი. ტყე ბანაკს მიღმა იყო გადაშლილი. უწინ, როცა „საგანგებო“ პატიმრებით იყო სავსე და მასში საბანაკო ცხოვრება ჩქეფდა, დიდ, მაგრამ არც ისე ღრმა ორმოებისთვის მიწის გასალღობად გამუდმებით ენთო კოცონები რათა ამ ორმოებში გარდაცვლილი ბანაკელები დაგვესაფლავებინა.

უზარმაზარი სასაფლაო, ოდესღაც ბოძებითა და ეკლიანი მავთულხლართებით შემოღობილი, ახლა ღია იყო ალაგ-ალაგ ბოძები წაქცეულიყო, გაწყვეტილი მავრთულები აქეთ-იქით კონწიალობდა. ახლა სასაფლაო მიტოვებულ ბოსტანს წააგავდა, დაფარულს უსწორმასწორო, ადგილ-ადგილ გადასწორებული კვლებით, რომლებზეც ოდესღაც ხის ან თუნუქის წარწერა მიმაგრებული სოლები იყო ჩარჯობილი.

სოლებისა და წარწერების უმეტესობა მიწაზე ეყარა, მათზე დაწერილი, მიცვალებულთა ნომრები წაშლილიყო, მხოლოდ ზოგიერთზეღა შემორჩენილიყო, ასოებისა და ციფრების გაურკვეველი შემოხაზულობები.

მე წინ, შორს წავედი. მიწა ზოგიერთ ადგილას სველი იყო, ფეხი ღრმად ეფლობოდა ნესტიან თიხაში, რომელიც ბალახისა და ფოთლების ნეშომპალასთან იყო აზელილი. ყოველი ნაბიჯის შემდეგ ფეხი ძნელად სცილდებოდა მიწას. წაქცეულ სოლებზე, მცირე ზომის მიწაყრილებზე გადაბიჯებისას, გადამხმარი ხეების ღეროებს ვეჭიდებოდი, ძმათა საფლავებს გვერდს ვუვლიდი და ასე დავდიოდი სასაფლაოზე.

გაზაფხულის თბილი დღე იდგა, მზე თანდათან ეშვებოდა ჰორიზონტზე. გავჩერდი, ყველა მხარეს გავიხედე, პირჯვარი გადავიწერე, სიკვდილის ველზე მწოლიარე ყველა დავლოცე და ლოცვა დავიწყე. გულზე სიმძიმე, მწუხარება, ნაღველი შემომაწვა. ქარი ჩაცხრა – ბალახი, პატარ-პატარა ბუჩქები, სუსტი არყის ხეები და ნაძვები არ იძროდა. ჩუმი და გრილი სიო თითქოს ბუჩქნარსა და ბალახში მიმალულიყო, მიწას გაკვროდა და გაყუჩებული რაღაცას ელოდა.

ნელა მივაბიჯებდი მინდორზე, ვშორდებოდი გარემოს და მხოლოდ მიცვალებულებზე ვლოცულობდი, თვალწინ ცოცხლდებოდნენ ადამიანები, ჩნდებოდა წარსულის მოგონებები, მძიმე და მტანჯველი.

ადამიანები რომლებსაც ოდესღაც ვიცნობდი და რომლებიც მიყვარდა, ან ისინი, ვინც დამირიგებია, უკანასკნელ გზაზე გამიცილებია, ან ის ადამიანები, რომლებსაც აქ, ბანაკში შევხვედრივარ, დამმეგობრებიან და აღსარებაში თავისი ცხოვრება უამბნით, ახლა აქ, ამ სიკვდილის ველზე იწვნენ.

მახსენდებოდა დაღლილი, არაქათდაცლილი სახეები, დაბნეული, სევდიანი, ნაღველით, მუდარითა თუ სიძულვილით აღსავსე მომაკვდავთა თვალები. ყოველ მათგანს თავისი ცხოვრება ჰქონდა, რომელსაც მე შევეხე და, როგორც მღვდელმა, მისი ნაწილი ჩემს თავზე ავიღე აღსარების ჟამს.

მოგონებები ჩნდებოდა და უმალ ქრებოდა, რათა ისინი ახლებით შეცვლილიყო. ხმამაღლა ვლოცულობდი. მიცვალებულთა სულის საოხი ლოცვების მწუხარე სიტყვები სასაფლაოზე გაისმოდა, ეს ყველაფერი გულს მიწურავდა და შიშის შეგრძნებას მიმძაფრებდა.

აქ ათასობით, ათიათასობით, საბანაკო რეჟიმით მოკლული ადამიანი იწვა, სხვა ადამიანთა მიერ ნელი სიკვდილით ამოხოცილები. ჭაბუკები და მოხუცები, ათასობით მორწმუნე, სამშობლოს დამცველი, მისთვის სისხლი რომ დაუღვრია, სრულიად ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები, ბანაკში ცრუდასმენებით მოხვედრილები, იწვნენ აქ, ნახევრადჭაობიან მიწაში. აქვე, ამ სიკვდილის ველზევე, იწვნენ ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს უღალატეს, მასობრივ დასჯაში მონაწილეობა მიიღეს, ჯალათები, მრავალგზის მკვლელი – კრიმინალები.

სადღაც შორს ტრაქტორი თუ ბულდოზერი ხმაურით მუშაობდა საფლავების მიწაყრილებისა და ორმოების გადასასწორებლად, რათა არავის, არასოდეს გაეხსენებინა ისინი, ვინც აქ დარჩა განსასვენებლად.

სადღაც განისვენებდნენ საფლავებში დაუდევრად ჩაყრილი მეუფე პეტრე, არქიმანდრიტი იონა, მართალი ბერი მიქაელი, ოპტის უდაბნოს სქემოსანი თეოდორე, უდიდესი მართლები და მლოცველები: ადამიანთა მეგობარი, ექიმი ლევაშოვი, პროფესორი გლუხოვი, ზეინკალი სტეპინი, რომლებიც ცხოვრების ბოლო წუთამდე სიკეთეს იქმოდნენ და კიდევ მრავალი, ოდესღაც ჩემთვის ნაცნობი ადამიანი.

ვიგონებდი გარდაცვლილებს და თან ვლოცულობდი, მაგრამ, უეცრად, ლოცვა გამიწყდა. მინდორში დაბნეული ვიდექი, მოგონებებითა და ეჭვებით გადათელილი. რა დარჩა დაღუპულთაგან? გადაცვეთილნომრიანი, ჟანგიანი წარწერა? ნაჩქარევად მიწამიყრილი საფლავიდან ამოჩრილი ძვალი? ქსოვილის ნაგლეჯი?

მარხავდნენ ნაჩქარევად, ორმოებს ზერელედ თხრიდნენ. ნიადაგი აქ მუდამ გაყინული იყო და მის გალღობას დიდი დრო ჭირდებოდა, რათა ათეულობით ადამიანის საფლავი გაეთხარათ.

ზამთარში ცხედრებს მიწასა და თოვლს წააყრიდნენ ხოლმე, ზაფხულში კი სპეციალური ბრიგადა ასწორებდა საფლავებს, ამოჩრილ ძვლებს მიწას აყრიდნენ. ახლაც კი მეჩვენებოდა, რომ თითქოს მიწიდან ხრწნის სუნი მოდიოდა.

ჩახუთული ჰაერი, ნესტი და სიჩუმე იყო. მინდორში გამთბარ მიწას მსუბუქი, ძლივს შესამჩნევი ორთქთი ასდიოდა. ჰაერი კრთოდა, ნაირფრად ციმციმებდა, თითქოს რაღაც უჩვეულოდ მსუბუქი და დიდი დაცურავთა სასაფლაოს თავზე.

„ღმერთო! ღმერთო! – აღმომხდა მე. – ეს ხომ მიცვალებულთა სულები ამოვიდა და თავზე ადგას მწუხარების ადგილს“. ნაღველი, უჩვეულო ნაღველი მომაწვა და მომიჭირა გულზე. ყელში ცრემლები ბურთივით მომებჯინა.

გული სულ უფრო და უფრო მეკუმშებოდა, მეგონა გაჩერდებოდა. სრული უიმედობის, მოწყენილობის, მწუხარების შეგრძნება დამეუფლა, დავიბენი, სულით დავეცი, შინაგანად მთლად მოვეშვი. უკიდურესი სულიერი ტკივილით გამოწვეული, განწირული კვნესა აღმომხდა:

„ღმერთო! რატომ დაუშვი ეს?“

უეცრად, ყურთასმენის წამღები, ხანგრძლივი მოთქმა გაისმა და მთელ მინდორს გადაუარა. თავიდან ეს დაბალი, ღმუილივით კვნესა იყო, შემდეგ ხანგრძლივ, მონოტონურ ქვითინში გადაიზარდა, დროდადრო წყდებოდა და ადამიანის გოდებას მოგაგონებდა. გულის შემაღონებელი, ნაღვლიანი და ხანგრძლივი კვნესა მთელ უკიდეგანო მინდორს ფარავდა და სულს უსასრულო სევდით ავსებდა. ტირილი დროდადრო წყდებოდა, რათარამდენიმე წამში იმავე ძალით განახლებულივო.

შინაგანად კიდევ უფრო მეტად დავპატარავდი, ნერვები სიმებივით დამეჭიმა, ტკივილისმომგვრელმა ნაღველმა ამავსო. გარემო ჩამუქდა, გაუფერულდა, მომნუსხავი გახდა, თავი გათელილად, გატეხილად შევიგრძენი. „ღმერთო! ღმერთო! მომივლინე წყალობა შენი! – შევღაღადე და თან პირჯვარი გადავისახე.

უცებ, ბუჩქნარსა და ბალახში შეყუჟულმა ნიავმა თავი გაითავისუფლა, ბალახი ააბიბინა, ხეები შეარხია და დამიბერა. თვალის დახამხამებაში, ყველაფერი გამოცოცხლდა, გამოფხიზლდა, ამოძრავდა. მოულოდნელად მაღლა, ცაში, ჩიტების გალობა გაისმა.

დაბნეულობის, გულის შემაღონებელი სევდისა და უიმედობის განწყობილებამ გაიარა. წელში გავსწორდი, შიში ჩამოვიბერტყე და ქარის ქროლვაში სიცოცხლის ფეთქვა ვიგრძენი. ქარმა სიხასხასე, ბალახის, ტყის სურნელი, შორეული ბავშვობის გამოძახილი, განუმეორებელი სიხარული მოიტანა.

მინდვრის თავზე მგმინავი ტირილი სხვა არაფერი აღმოჩნდა, გარდა ცირკულარული ხერხის ვიბრირებული ხმისა, ბანაკის შორეული სამხერხაოდან რომ მოდიოდა. ქარი ნელ-ნელა ძალას იკრებდა, ტოროლამ მაღლა, ძალიან მაღლა, ცაში შეინავარდა, მისი გალობა ხან წყდებოდა, ხან კი მკაფიოდ მოისმოდა და მივხვდი, რომ ახლა, ამ წუთშიც, სიცოცხლე ისევე მიედინება, როგორც განსვენებულ ადამიანთა დაღუპვამდე და მომავალშიც ასე გაგრძელდებოდა.

ცხოვრება გრძელდებოდა და მუდამ გაგრძელდებოდა, რადგან ასეთი იყო კანონი ღმრთისა და მის მიერ შექმნილი ბუნება მის განაწესს ასრულებდა.

ჩემზე მოძალებული დაბნეულობისა და გამოუვალი სევდის შეგრძნება – მტრის ცდუნება, ჩემი სისუსტე და მცირედმორწმუნეობა იყო.

ჩემთვის აშკარა და გასაგები გახდა, რომ მღვდელი არსენი სევდისა და მოწყენილობის სულს დაჰყვა. ერთ-ერთი საფლავის მიწაყრილზე მუხლმოყრილმა და დაბალი არყის ხის ღეროს მიყრდნობილმა, მთელი დარჩენილი ნებისყოფა მოვიკრიბე, დავიწყე ლოცვა უფლის, ღვთისმშობლისა და ნიკოლოზ სათნომყოფელისადმი.

თანდათან სულის სიმშვიდე დამეუფლა, მაგრამ თავიდან ჭეშმარიტი ლოცვა გამიჭირდა კიდეც.

ჩემს წინ კვლავაც სიკვდილის მწუხარე ველი გადაჭიმულიყო, ნახევრად ჩამოფრქვეული ყრილები, წუმპით სავსე ორმოები, თუთიისა და ხის საწარწერე ფიცრები, ადამიანთა ძვლების ნამტვრევები, გატეხილი ნიჩაბი, რომლითაც როდესღაც მიწას თხრიდნენ.

მიწაში კვლავაც ათიათასობით დაღუპული პატიმარი განისვენებდა, ბევრი მათგანი სამუდამოდ შემოვიდ აჩემს გულში. კვლავაც დაღუპულთა გამო ადამიანური წუხილით აღვივსებოდი, მაგრამ მოწყენილობა და სევდის დამთრგუნველი გრძნობა ლოცვის ძალით განვიდა. ხანგრძლივმა ლოცვამ სული და გონება განმიწმინდა, საშუალება მომცა, გამეგო, რომ ცხოვრების შემოქმედი ღმერთი მოგვიწოდებს არ დავყვეთ სასოწარკვეთილებას, არამედ ვილოცოთ მიცვალებულთათვის, მოითხოვს ვიქმოდეთ სიკეთეს ცოცხალთათვის, უფალი ღმერთის, ღვთისმშობლისა და თვითონ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების სახელით.

ლოცვის დასრულების შემდეგ ნელა გამოვუყევი სასაფლაოდან მიმავალ გზას. ჩრდილოეთის ჩამავალი მზე უღიმღამოდ ეშვებოდა ტყით დაფარულ ჰორიზონტზე. ტყის მუქი მწკრივი დამრეც გორაკებზე ადიოდა და უეცრად ისევ ქემოთ მიექანებოდა, ამიტომაც გეჩვენებოდა, რომ თითქოს ხის კენწეროები უზარმაზარი ხერხით ხერხავდნენ ცას. ქარი ისევ ბუჩქნარსა და ბალახში ჩაიმალა, სასაფლაოზე ისევ სიჩუმე ჩამოწვა. შორს, ძლივს გასაგონად ბუზღუნებდა ტრაქტორი, ცირკულარული ხერხი დადუმდა.

ტყიდან, მიმოკარგული შვილების გამო, გუგულის ნაღვლიანი გუგუს ძახილი ისმოდა. ერთი გუგული დაამთავრებდა, სადღაც შორს მეორე იწყებდა. ვის უთვლიდნენ ისინი სიცოცხლის წლებს? ისინი, ვინც ჩემს უკან გადაშლილ სიკვდილის ველზე განისვენებდა, უკვე მიემთხვივნენ თავის აღსასრულს და დროის დინებას აღარ აღრიცხავდნენ.

თუ მე, ჯერ კიდევ ბანაკში მცხოვრებს?

ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების წლები ხომ მხოლოდ ღმერთმა უწყოდა.

ბანაკისკენ მოგონებებით შეპყრობილი მივდიოდი. დროდადრო ჩემს ფიქრებსაც გუგულის ხმა წყვეტდა და მაშინ ბავშვობა და სიყრმე მაგონდებოდა, თვალწინ ცოცხლდებოდნენ ის წლები: აი, დედასთან ერთად ტყეში მივდივარ, იგი მიამბობს ბალახებზე, ჩიტებზე, ტყეზე, ახლაც გუგუს მეძახის გუგული.

გამახსენდა პირველი აღსარება, დიდი ხნის წასული მეგობრები, ჩემი ეკლესია, რომელშიც მრავალი წელი ვიმსახურე. განა ვიფიქრებდი მაშინ, რომ გუგულის ხმას განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმის ბანაკის სასაფლაოზე გავიგონებდი, სადაც ათეულობით ათასი მიცვალებული განისვენებდა და რომელთა უმრავლესობა უდანაშაულოდ იყო დაღუპული. ვიფიქრებდი, რომ ყოველივე მომხდარის მონაწილე ვიქნებოდი და მათსავით, ტანჯვისა და დამცირების მწუხარე გზას გავივლიდი?

რისთვის მოხდა ეს ყოველივე, ღმერთო? რისთვის ეწამა და დაიღუპა ეს ხალხი: მორწმუნენი და არამორწმუნენი, მართლები და უსაშინლესი ბოროტმოქმედები, რატომ? რისთვის? ამ კითხვას თვითონვე ეუპასუხე.

ეს ერთ-ერთი შენი საიდუმლოთაგანია, ღმერთო, რომლის წვდომაც ადამიანს – ცოდვის მონას არ მიეცემა. ეს შენი საიდუმლოა. გამოუცნობია შენი გზები, ღმერთო. შენ უწყი, შენთვისაა ცნობილი ადამიანის ცხოვრებისეული გზები, ჩვენი ვალი კი, შენი სახელით სიკეთის ქმედებაა, სახარებისეული მცნებებით სვლა და შენდამი ლოცვაა. მაშინ, ბოროტი ძალები უკან დაიხევენ. რამეთუ, სადაც ორი და სამი შეიკრიბება შენი სახელისათვის, იქ შენიც ხარ, ღმერთო. შემიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და შემინდე მოწყინება, სულმოკლეობა და ეჭვიანობა ჩემი.

ოთხივ კიდით შევტრიალდი, ვაკურთხე მინდორზე ყველა განსვენებული, მდაბლად მოვუხარე თავი და ყველას დავემშვიდობე. ღმერთო, განუსვენე გარდაცვლილთა მონათა შენთა. სიცოცხლის ბოლომდე მეხსომება ისინი, ვინც ამ მიწაში რჩება სამუდამოდ.

ჩემთვის ნაცნობ მიცვალებულებს სათითაოდ ვიხსენიებდი მათი სულის საოხად და იმ წუთებში აშკარად ვხედავდი მათ სახეებს“.

19597 წელი იდგა, ბანაკი დღითიდღე იცლებოდა, სადღაც მის მახლობლად სამოქალაქო სოფელი გაშენდა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ ნებით დაქირავებულები, წინათ მომუშავე პატიმრების სანაცვლოდ.

გაჩნდა ქუჩები, სკვერები, სახლების გრძელი მწკრივები, ჩამოდიოდა ხალხი, რომელმაც არაფერი იცოდა „საგანგებოსა“ და ნახევრადჭაობიანი სასაფლაო-მინდვრის შესახებ, რომელზეც ათეულობით ათასი დაღუპული პატიმარი განისვენებდა.

ხალხის მეხსიერებიდან წარსული ქრებოდა.

 

გამგზავრება

1957 წლის ბოლომ მოაწია.

მამა არსენი რამდენჯერმე გამოიძახეს ბანაკის გამგეობაში. ვადის გასვლამდე კიდევ ექვსი წელი რჩებოდა, ვინაიდან 1952 წელს კიდევ ათი დაუმატეს. იძახებდნენ, გამოჰკითხავდნენ, დაჰკითხავდნენ, წერდნენ ოქმებს, ანკეტებს ავსებდნენ, რაღაცას და ვიღაცას გამოითხოვდნენ და, ბოლოს, 1958 წლის გაზაფხულზე შეატყობინეს, რომ ამნისტიით ათავისუფლებდნენ, თუმცა ყველა პატიმრის ძირითადი განთავისუფლება რამდენიმე წლის წინ უკვე მოხდა.

ისე ჩვეულებრივად შეატყობინეს გათავისუფლების ამბავი, თითქოს მამა არსენმა ამანათის მიღების თაობაზე მიიღო უწყება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ბანაკში არა მჯდარიყოს მრავალი წელი, მხოლოდ კომისიის წევრთაგან ვიღაცამ ოდნავ გაკვირვებით თქვა: „აი, ხედავ შენ, გადარჩა მოხუცი! იძულებულები ვართ, გავათავისუფლოთ“.

ჩააცვეს, მისცეს სამგზავრო მოწმობა და ბოლო წლებში გამომუშავებული ფული, ცნობა, საცხოვრებელ ადგილზე ჩასვლისას პასპორტის ასაღებად.

საცხოვრებელი ადგილი?

სად ჰქონდა იგი ახლა მამა არსენს? კომისიაში, ცნობის მიცემისას, ჰკითხეს, სად მიდიოდა. მამა არსენმა იაროსლავლის მახლობლად მდებარე ძველი პატარა ქალაქი დაასახელა, რომელშიც უწინ ხშირად მიემგზავრებოდა ხოლმე, ხოლო, სიძველეების შესწავლისას, იქვე ცხოვრობდა. იგი გადაეჩვია თავისუფლებაზე ყოფნას, ბანაკის მიღმა ცხოვრების წარმოდგენა უჭირდა და ახლა მისთვის თითქმის სულ ერთი იყო, სად წავიდოდა.

დაღლილობა, უსასრულო დაღლილობა მხრებზე დააწვა და წელში მოხარა. „ყველაფერი ღვთის ნებაა, – გადაწყვიტა მან, – ღმერთი წარმართავს“.

საჭირო იყო დასვენება, ძალთა მოკრება, მარტო დარჩენა და ლოცვაში სიმშვიდის მოპოვება. მაშინ, თავის სულიერ შვილებთან შეხვედრასაც შეძლებდა. ახლა კი საამისო ძალა არ გააჩნდა და მხოლოდ ლოცვაღა ასულდგმულებდა.

უეცრად ნაადრევი ჩრდილოეთის გაზაფხული დადგა, თბილმა ქარებმა ბორცვებიდან და გზებიდან თოვლი განდევნა.

მშრალი დღეები დაიჭირა, კოღოები და ბუზები ჯერ არ აბეზრებდნენ თავს, გაზაფხულზე ჩიტები დაბრუნდნენ, ჰაერში სიცოცხლე იგრძნობოდა. ზურგჩანთით, ახალი სამოქალაქო ყელიანი ფეხსაცმლით, შავი შარვლით, ახალი დაბამბული ქურთუკით, სტანდარტული, ყურებიანი ქუდით მამა არსენი ბანაკის ჭიშკარში გამოვიდა. თბილი გაზაფხულის ქარი თმას უჩეჩავდა, სიხალისეს სძენდა დილას, ოდნავ ამტვერებდა გზას.

საკონტროლო პუნქტის გავლის შემდეგ, მამა არსენი პირით ბანაკისკენ შეტრიალდა, მდაბლად მოიხარა ქედი და დამშვიდობებისას ბანაკს ჯვარი გადასახა. დაცვა გაკვირვების გარეშე შესცქეროდა მას: მიდიოდა მოხუცი, რომელმაც აქ მრავალი წელი გაატარა.

ჭიშკარს დაშორდა და მაღლობზე მიმავალ გზას გაუყვა, ისევ შეტრიალდა ბანაკისკენ და მშვიდად შეათვალიერა იგი. ახლა ბანაკი საცოდავად გამოიყურებოდა, კოშკურები და რამდენიმე რიგად გაბმული მავთული თითო-ოროლა ჩამუქებულ ბარაკს შემოვლებოდა გარშემო. ბანაკს მიღმა აგურის გროვები ელაგა, იდგა დამწვარი ბარაკებისგან დარჩენილი ნახევრად გადარჩენილი, მავთულხლართიანი, წაქცეული ბოძები, ქონგურების ნახევრადდამპალი ნარჩენები და მამა არსენს გაახსენდა ოდესღაც უსასრულოდ უზარმაზარი, შემზარავი სიცოცხლით მჩქეფარე „საგანგებო რეჟიმის“ ბანაკი.

გზიდან გადასული, ბანაკის შემყურე მამა არსენი ლოცულობდა და თან იხსენებდა აქ დარჩენილ უამრავ ადამიანს და იმათაც, ვინც უფალმა აქედან წაიყვანა. მამა არსენისთვის აქ ბევრმა ტანჯვით აღსავსე წელმა ჩაიარა.

ბევრმა! მაგრამ უფალს არასდროს მიუტოვებია იგი. მან გადაარჩინა მამა არსენი, მისცა შესაძლებლობა, ამ მწუხარების სამფლობელოში ეპოვა ბევრი რამ სრულყოფილი, მშვენიერი. ეპოვა ადამიანები, რომელთაგან, მამა არსენმა ღვთის დიდი მოწყალებით მიიღო ის, რისკენაც მიილტვოდა და უნდა მიილტვოდეს ყოველი ქრისტიანი.

აქ, ადამიანური მწუხარების გარემოცვაში, მან ისწავლა „ხალხში“ ლოცვა, აქ ბევრი მართლისა და უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების მაგალითმა დაანახა, რომ საჭიროა საკუთარ თავზე აიღო სხვა ადამიანის ცოდვანი, ატარო ის და, რომ სწორედ ამაშია სჯული ქრისტესი. ლოცვისას მამა არსენი ჰმადლობდა უფალს, ღვთისმშობელს და ყველა იმას, ვინც აქ რჩებოდა და თავისი შეუფასებელი შეწევნით ეხმარებოდა და ჰმოძღვრავდა მას.

გზად მიმავალმა საბარგო მანქანამ მამა არსენი სამოქალაქო სოფლამდე მიიყვანა, სადაც ამჟამად ჩვეულებრივ სამუშაოზე მსახურობდა ყოფილი ზედამხედველი „სპრავედლივი“. მისი სახლისა და ბინის პოვნა არ გაძნელებია. უცნაური და უჩვეულო ეჩვენებოდა ბანაკის მიღმა ყოფა – არავინ ყვიროდა, არ იყვნენ კრიმინალები, არ არსებობდა დღის განაწესი, არავინ ილანძღებოდა.

წარსულში „სპრავედლივიმ“, ახლა კი ანდრეი ივანეს ძემ მეუღლესთან ერთად, სადგურზე გააცილეს მამა არსენი. ანდრეი ივანეს ძესთან გატარებულმა ორმა დღემ საშუალება მისცა მამა არსენს, თავისუფლება შეეგრძნო. ანდრეი ივანეს ძემ თანხა დაუმატა სამგზავრო ბარათს და მამა არსენი კუპირებული ვაგონით გაემგზავრა. ქვედა თაროზე მოეწყო, თავქვეშ ზურგჩანთა ამოიდო და თვალები დახუჭა.

პირაპირებზე მატარებელი კრთებოდა, ბორბლები გამოზომილად ხმაურობდა, ფანჯრის მიღმა მიექანებოთა ტაიგა, ციმბირის კლდეები, მდინარეები და ტბები. მამა არსენის წარმოსახვაში წარსული ცოცხლდებოდა, ადამიანები, ადამიანები – უსასრულო ჯაჭვად მიედინებოდა. უმეტესობა დაიღუპა, მაგრამ მაინც ბევრი გადარჩა და მამა არსენი ნახავს მათ. მამა არსენმა ჯერჯერობით არ იცოდა, როგორ უნდა დაეწყო ახალი ცხოვრება, ყველაფერი უცნობი იყო, მაგრამ იყო ღმერთი და მისი შეწევნით უნდა დაწყებულიყო ეს ცხოვრება. მამა არსენმა ლოცვა დაიწყო. უეცრად გაიგონა: „ფრთხილად, აქ ბანაკიდან არიან, არ გაგვქურდონ“, მეორე ხმამ კი ნახევრად ჩურჩულით წარმოთქვა: „მიკვირს, როგორ უშვებენ ასეთებს, ისინი უნდა დახვრიტო!“ მამა არსენმა თვალები გაახილა. მის წინ ახალგაზრდა წყვილი თავსდებოდა. მატარებელი სვლას განაგრძობდა. ციმციმებდნენ სადგურები, მდინარეები, ტყეები, ქალაქები, ბაქნებზე თავისუფლად დადიოდნენ და საუბრობდნენ ადამიანები. ცხოვრება გრძელდებოდა.

მამა არსენი ლოცულობდა ახალი ცხოვრებისათვის და იმ ადამიანთათვის, რომლებიც სამუდამოდ „საგანგებოში“ დარჩნენ.

გაზაფხულს ძალა მოეკრიბა. მატარებლის ფანჯრებს მიღმა, მოსკოვს რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ყველაფერ იხასხასა ფერებით ყვაოდა.

„საგანგებო რეჟიმის“ ბანაკთან დაკავშირებული შემზარავი წარსული სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. გავიდა ჟამი საშინელი განსაცდელისა, რომელიც ბედმა სამშობლოს არგუნა. კიდევ რას გვიქადის მომავალი?

მამა არსენი ფანჯარაში იხედებოდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ლოცულობდა და უფალს, ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს ჰმადლობდა მისდამი უდიდესი წყალობისა და შეწევნისათვის, ლოცულობდა ყველასთვის, ვისაც იცნობდა და ვინც უყვარდა.

...ახლოვდებოდა ქალაქი, რომელშიც მამა არსენს ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო და გაეგრძელებინა ღვთისთვის და ადამიანებისთვის სამსახური.

 

მოკლე ბოლოთქმა

ეს მოგონებები მამა არსენის გრძელი ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდს შეიცავს.

ჩვენ ვხედავთ კეთილ, უბრალო ადამიანს გახსნილი, ნათელი სახით. ადამიანს, რომელსაც არაფერი შეუთვისებია სიცრუით, ანგარებით, პატივმოყვარეობით და სისასტიკით სავსე ცხოვრებიდან, რომელიც თავის ყაიდაზე ჩარხავდა მრავალ ჩვენგანს. მამა არსენი უკომპრომისო, გაბედული და ერთგული იყო იმისი, რაც ჭეშმარიტად და სამართლიანად მიაჩნდა. ის არ გახდა მსხვერპლი სასტიკი, უმოწყალო ძალების, რომლებმაც, ბოლოსდაბოლოს, მძიმე ტანჯვა და ჩაგვრა დაატეხეს თავს, არამედ ის არის ადამიანი, რომელმაც თავისუფლად, უფლის სახელით აირჩია ღვთისაკენ მიმავალი გზა და იშვიათი ღირსებით, თავგანწირვითა და უბრალოებით განვლო იგი.

ნახეთ, როგორი სიბრძნით, სევდით და ამავე დროს, დაკვირვებით უმზერდა ის მის გარშემო მყოფ საშინელ, სასტიკ ადამიანებს თვალებში, როგორ ცდილობდა გამოენახა გზა მათი გულებისკენ, გაეღვივებინა მათში ღვთის ნაპერწკალი, გამოესწორებინა და სიკეთისკენ მიებრუნებინა.

გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან, მხარში ამოუდგა გაჭირვების, ხან კი სოცოცხლის უკანასკნელ ჟამს. მოხუცები და ახალგაზრდები, სამხედროები და მეცნიერები, მუშები, გლეხები, ექიმები, ინჟინრები ჩნდებიან ჩვენს თვალწინ, როგორც ქვისგან გამოკვეთილები, მსხვილად და მკაფიოდ გამოქანდაკებულები. ამ ადამიანების ხასიათი მთლიანად იხსნება და ვგრძნობთ, რომ ის სასტიკი და პირქუში ცხოვრება, რომლითაც გარემოცული იყო მამა არსენი, – ნამდვილია, რაც თავისთავად გვაიძულებს, რომ წაკითხული დიდხანს არ დავივიწყოთ.

მოგონებების წაკითხვის შემდეგ, ძალაუნებურად გახსენდება მრავალი ადამიანი, რწმენისა და ჩვენს გამო დაღუპული და ნაწამები. ეს „მოკლე სიტყვა“ როგორც ჩანს, სხვა ავტორის კალამს ეკუთვნის და წიგნის პირველი ნაწილის ბოლოთქმას წარმოადგენს.

 

მოკლე ცნობები მამა არსენის ცხოვრების შესახებ

მამა არსენი დაიბადა 1894 წელს მოსკოვში. 1911 წელს დაამთავრა გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.

რვა თვეზე მეტ ხანს ენდოკარდიტით იყო ავად. სწორედ ამ დროს დაწერა ძველი რუსული ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილი შრომები ხელოვნებაში.

1917 წლის დასაწყისში, სულიერი ძიების პერიოდის შემდეგ, იგი ოპტის უდაბნოში მიემგზავრება, სადაც ორი წმინდა ბერის – ანატოლისა და ნექტარიუსის მოწაფე ხდება. იქ აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად იქნა ხელდასხმული. 1919 წელს, მამა არსენი ხუცესთა კურთხევით მოსკოვში ბრუნდება და მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში მესამე მღვდლად ინიშნება. რისთვისაც საჭირო შეიქმნა პატრიარქ ტიხონის განსაკუთრებული ნებართვა, რადგან, ჩვეულებრივ, სამრევლო წირვებზე მღვდელმონაზვნები არ დაიშვებოდნენ.

1921 წლის დამდეგს მამა არსენი მეორე მღვდელი გახდა, 1921 წლის დასასრულს კი, როდესაც ტაძრის წინამძღვარი პავლე გადაიყვანეს და შემდეგ კი დააპატიმრეს, მამა არსენი ტაძრის წინამძღვარი გახდა. რვაწლიანი მსახურების განმავლობაში, მან თავის ტაძარში მნიშვნელოვან სამწყსოს მოუყარა თავი. იგი მათთვის საყვარელი სულიერი მწყემსი და მოძღვარი გახდა.

1927 წლის დეკემბერში მამა არსენი პირველად დააპატიმრეს და ორი წლით გადაასახლეს ასტრახანის ოლქში. გადასახლების ვადის გასვლის შემდეგ, მოსკოვის მიმდებარე ტაძარში მსახურობდა (ას კილომეტრიანი ზონის მიღმა).

1931 წელს ისევ დააპატიმრეს და ვოლოგდის ოლქში გადაასახლეს 5 წლით. ამჯერად, მამა არსენს ნება დართეს, ეცხოვრა ვოლოგდის, ასტრახანისა და ვლადიმირის ოლქებში.

ტაძარში მსახურება აკრძალული ჰქონდა და მსახურებას სახლში აღასრულებდა. რამდენჯერმე ფარულად გაემგზავრა მოსკოვში, შეხვდა მეუფე ათანასეს (სახაროვს) და სთხოვა რამდენიმე თავისი სულიერი შვილის მღვდლად კურთხევის ნებართვა, რაზეც მეუფის თანხმობა მიიღო. ფარულად აზიარებდა თავის სულიერ სამწყსოს. შემდეგ მესამედ დააპატიმრეს – 1939 წელს. ჯერ ციმბირში, შემდეგ ურალში გადაასახლეს. არხანგელსკის ოლქის სოფელ ტროიცკოეში მამა არსენმა ერთი წელი დაჰყო.

1940 წლის მაისში კვლავ დააპატიმრეს და ურალის ბანაკში გაამწესეს. 1940 წლის მარტში გაძლიერებული რეჟიმის ბანაკში გადაიყვანეს, სულიერ შვილებს მისი მონახულება და მიმოწერა თითქმის აკრძალული ჰქონდათ.

1942 წელს კვლავ გადაიყვანეს განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკში, სადაც მიმოწერა და ნახვის უფლება საბოლოოდ შეუწყდა. მამა არსენი მხოლოდ 1958 წლის გასაფხულზე გაათავისუფლეს განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკიდან. იგი დიდ როსტოვში გადასახლდა ნადეჟდა პეტროვნასთან.

მამა არსენი 1975 წელს გარდაიცვალა და ქალაქ როსტოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავზე დადეს გრანიტის ქვა წარწერით: მამა არსენი – 1894-1975.

მამა არსენი მის სულიერ შვილებს გარდაცვალების შემდეგაც ეხმარება.

თარგმნა მედეა ბურნაძემ