ამ წიგნში თავმოყრილია მოგონებები მამა არსენზე, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ოდესმე, თუნდაც სრულიად შემთხვევით, შეხვედრია მოძღვარს. აქ შეხვდებით იმ ადამიანებსაც, რომელთა სახელები თქვენთვის ცნობილია პირველი წიგნიდან – „ბანაკიდან“. გაიცნობთ სრულიად უცნობ პიროვნებებსაც – მამა არსენის სულიერ შვილებს, მათაც, ვისაც ერთხელ უნახავს იგი და სამუდამოდ გასჩენია ღვთის რწმენა, გაუგია, როგორია ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი, რომელიც თან ატარებს სიკეთესა და სიხარულს. მას – მამა არსენს – შეეძლო საკუთარ თავზე აეღო სხვათა ცოდვები და სიძნელეები; ადამიანებს იმგვარ ლოცვას ასწავლიდა, რომ ისინი იოლად პოულობდნენ ღვთისკენ მიმავალ გზას, რწმენას აღვივებდა, ასწავლიდა, როგორ უნდა ეკეთებინათ კეთილი საქმე და როგორ უნდა ყოფილიყვნენ ბედნიერნი.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ადამიანს შეუმსუბუქა ცხოვრების გზა და რამდენი მოაქცია, მაგრამ ვიცით, რომ ასეთები მრავლად იყვნენ.
გაეცნობით რა აქ თავმოყრილ მოგონებებს, მონათხრობებსა და ჩანაწერებს, კიდევ უფრო მეტს შეიტყობთ მამა არსენზე, უფრო ნათლად დაინახავთ მოძღვრისს ცხოვრებისეულ გზას. გაიცნობთ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც ყველა ქრისტიანისთვის სამაგალითოა. ჩვენ მამა არსენის ყველა იმ სულიერი შვილის მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომლებმაც მასზე და საკუთარ ცხოვრებაზეც გვიამბეს და თავიანთი ცხოვრების ის ეპიზოდები გაიხსენეს, რომელიც მოძღვართან იყო დაკავშირებული. მოგონებების, მონათხრობებისას და ჩანაწერების კითხვისას ძალაუნებურად ეზიარები იმ არაჩვეულებრივ წმინდა სიყვარულსა და ღრმა მოწიწებას, რომელიც მამა არსენს დედა ღვთისმშობლისადმი ჰქონდა. მამა არსენი გამუდმებით ლოცულობდა ღვთისმშობლის წინაშე ჩვენთვის – ცოდვილთათვის.
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეავედრე ღმერთს ჩვენი თავი!
მატარებელი გაჩერდა და მამა არსენი ვაგონიდან ჩამოვიდა. 1958 წლის გაზაფხული იდგა: ბობოქარი, სასიხარულო, მხიარული. მზიანი დილა იყო, მიწას ჯერ კიდევ ალაგ-ალაგ თოვლი შერჩენოდა. ბაქნის გავლის და ვაგზლისპირა მოედანზე გასვლის შემდეგ, მამა არსენმა მიმოიხედა, – გამჭვირვალე, კამკამა ჰაერში შორეული სამრეკლოების სილუეტები ირეკლებოდა, ეკლესიების გუმბათებზე ჯვრები მოჩანდა.
მამა არსენი – მომცრო, ჭაღარა წვერით, ჩაცმულობით, ყურებიანი ქუდით, ზურგზე ტომარა მოგდებული, ერთი შეხედვით, ქალაქში პროდუქტებისათვის ჩამოსულ კოლმეურნეს წააგავდა. მაგრამ მისი ნაკვთები და სიარულის მანერა ადამიანს მიახვედრებდა, რომ იგი პატიმრობიდან იყო დაბრუნებული.
ქალაქი ისეთივე დახვდა, როგორიც ორი ათეული წლის წინ დატოვა, თუმცა, უფრო მოძველებული, ჭუჭყიანი და ისეთი მოღუშული გამხდარიყო, რომ გაზაფხულიც კი ვერ ახერხებდა მის გამოცოცხლებას, პირიქით უფრო ხაზგასმით ჩანდა დიდი ხნის შეუკეთებელი სახლების სიღატაკე.
მამი არსენმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, რომელზეც მისამართი ეწერა და ნადეჟდას სახლის ძებნას შეუდგა. ყველაფერი ახლებურად ეჩვენა: ადამიანთა საუბარი, მათი ქმედება და თვით პატარა ქალაქიც, სადაც ადრე ხშირად ჩადიოდა და ხანგრძლივი დროითაც რჩებოდა.
მონასტრის, ზარეჩნის, პოსატკის და სხვა მრავალი ქუჩა ახლა უკვე ენგელსის, მარატის, საბჭოთა, სამოქალაქო და ილიჩოვსკის ქუჩებად და პროსპექტებად ქცეულიყო. მამა არსენმა ბევრი იარა, ბევრიც გამოიკითხა და ბოლოს, როგორ იქნა, მიაგნო მისთვის სასურველ ქუჩას. მოძებნა სახლი და ზარი დარეკა.
მაგრამ, არავინ გამოეხმაურა; უმწეობა იგრძნო, გაუბედავად მიმოიხედა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. აცივდა, გზამ დაღალა. დამქანცველმა გაურკევლობამ შინაგანი სიმშვიდე დააკარგვინა. ჭიშკართან მარტო დარჩენილი დაიბნა. სად უნდა წავიდეს, ან როგორ მოიქცეს? ამ ქალაქში არავის იცნობდა. მეორე მისამართიც ჰქონდა, მაგრამ ახლა ვეღარ იპოვა. საჭირო იყო ადამიანი, რომელიც ოთახის დაქირავებაში დაეხმარებოდა. აუცილებლად უნდა დაესვენა, მარტო უნდა დარჩენილიყო, რომ როგორმე შეჰგუებოდა თავის ახალ მდგომარეობას, მისჩვეოდა თავისუფლებას, რომელსაც ბანაკში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში გადაეჩვია; და როცა გაარკვევდა საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, მხოლოდ ამის შემდეგღა შეხვდებოდა თავის სულიერ შვილებსა და მეგობრებს.
„იქნებ ნადეჟდა სადმე გაემგზავრა?“ – ჭიშკართან პატარა სკამი იდგა, სახელოთი გადაწმინდა და ძალაგამოცლილი ჩამოჯდა.
„მე დავფიქრდი, – გვიამბობდა მამა არსენი, – დავფიქრდი იმაზე, რომ შეუმჩნევლად შემიპყრო მედიდურობამ, ჩავთვალე, რომ ახალ ცხოვრებას მარტო, მეგობრებისა და სულიერი შვილების გარეშეც იოლად შევეჭიდებოდი, მივეჩვეოდი სიახლეებს... ახლა კი უფალმა დამანახა, რომ ვცდებოდი. გარემო მაშინებდა. ყველაფერი უცნობი იყო და უცხო, ერთადერთი იმედი ღმერთი იყო.“
ქუჩაზე იშვიათად თუ გაივლიდა ვინმე, მოხუცი ნახევრად მოხრილი იჯდა სკამზე და თითქოს თვლემდა. ქალაქი, ქუჩა, დაკეტილი სახლი – ყველაფერი შორს დარჩა. მხოლოდ ერთადერთი – ლოცვაღა არსებობდა, ლოცვა უფლისა და ღვთისმშობლისადმი. მამა არსენი შენდობას ითხოვდა სიამაყისთვის და იმისთვისაც, რომ ახლობლების იმედი დაკარგა.
დრო გადიოდა. სამიოდე საათის შემდეგ, მეზობელი სახლიდან ქალი გამოვიდა და იკითხა:
– „ვის ეძებთ, მოქალაქევ?“
მამა არსენმა ახლაღა გააცნობიერა უცნობ ქუჩაში, სკამზე რომ იჯდა, ახლაღა დააკვირდა გვერდით მდგომ ქალს და გაჭირვებით გაიხსენა, სად იმყოფებოდა. ჯიბიდან ჩანაწერი ამოიღო და უპასუხა:
– „მე ნადეჟდას ველოდები“.
ქალი მრავალ კითხვას უსვამდა – „ვინ ხართ? საიდან? რატომ? დიდი ხანია ქალაქში იმყოფებით?“
მამას არსენი შეკითხვებზე მარტივად, მოჭრით პასუხობდა:
– „ნაცნობი ვარ, სტუმრად. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს“.
ცნობისმოყვარე კითხვებს ბოლო არ უჩანდა, მაგრამ ქალი ჭიშკართან რომ მოვიდა, მამა არსენი მიხვდა, რომ იგი ნადეჟდა იყო.
ასე ჩამოვიდა მამა არსენი ქალაქში და ასე შეხვდა ნადეჟდას, რომელთანაც თხუთმეტი წელი გაატარა.
ნადეჟდას ცხოვრება რაღაცით გამორჩეული იყო: პედაგოგის ოჯახში გაზრდილი, თექვსმეტი წლისა პარტიაში შევიდა. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა, გუბერნიის ქალთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მუშაობდა პარტიულ ორგანოებში, შემდეგ წითელი პროფესურის ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრებისთანავე ე.წ. „იდეოლოგიურ ფრონტზე“ სამუშაოდ გადავიდა.
მისი პუბლიკაციები, ბროშურები და წიგნები მალე გახდა ცნობილი. მუშაობდა სკვორცოვ-სტეპანოვთან და ვარგასთან სხვადასხვა ყრილობის დელეგატადაც ირჩევდნენ; მაგრამ 1937 წელს დააპატიმრეს და მხოლოდ 1955 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, მაშინ 55 წლისა იყო. სამი შვილიდან ცოცხალი მხოლოდ უფროსი მარია დახვდა, რომელიც უკვე დიდი ხნის გათხოვილი იყო სამხედრო ექიმზე. ვაჟიშვილი იური, რომელმაც რამდენიმე წელი ბავშვთა სახლში გაატარა, ფრონტზე წაიყვანეს და 19 წლისა ომში დაიღუპა, უმცროსაი – სერგეი – ბავშვთა სახლშივე გარდაიცვალა.
ნადეჟდამ მოსკოვში ცხოვრება აღარ ისურვა და გადაწყვიტა იქ დასახლებულიყო, სადაც მისი უმცროსი შვილი გარდაიცვალა. „იდეური რწმენა“, სიყვარული, ცხოვრებისადმი ინტერესი, რომელიც წარსულში ასე აღელვებდა, – ყველაფერი გაქრა. ბანაკში ცხოვრებამ, ათასგვარმა დამცირებამ, დაკითხვებმა მის პიროვნებას მძიმე დაღი დაასვა, – სულში მხოლოდ გამუდმებული ტკივილი დარჩა. ქალიშვილმა და სიძემ ამ პატარა ქალაქში უყიდეს პატარა სახლი, მყუდრო, პაწაწინა ბაღით.
მამა არსენი ნადეჟდას ქმარს – პავლეს 1952 წელს შეხვდა ბანაკში. ამ დროს პავლე ძლიერ ავად იყო, თუმცა, სიკვდილამდე მაინც უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა. პავლე მამა არსენს მალე დაუმეგობრდა და სთხოვა, თუკი ოდესმე ბანაკიდან გასვლას შესძლებდა, მოეძებნა ნადეჟდა და მოეთხრო მის შესახებ და თუკი ეს შესაძლებელი იქნებოდა, დახმარებოდა კიდეც. 1956 წლის ბოლოს, ჯერ კიდევ ბანაკში ყოფნისას მამა არსენმა მეგობრების დახმარებით ნადეჟდა მოძებნა და გარდაცვლილი მეუღლის შესახებ წერილი მისწერა, – გააცნო მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები. სწორედ ამის შემდეგ მიიწვია ნადეჟდამ მამა არსენი შინ და სთხოვა, გათავისუფლების შემდეგ მასთან ჩამოსულიყო საცხოვრებლად.
ნადეჟდამ მამა არსენი კარგად მიიღო. მოძღვარმა დაწვრილებით უამბო პავლეს ცხოვრების შესახებ, მოუყვა, როგორი შეუპოვარი და უკომპრომისო იყო იგი. რას ფიქრობდა რას ლაპარაკობდა და როგორ იქცეოდა სიკვდილის წინ.
და მაშინ როცა მამა არსენი ამ ყველაფერს უამბობდა, ნადეჟდას ხან ცრემლები სდიოდა, ხანაც, სახეზე მრისხანება ეხატებოდა, თითქოს გაბოროტდაო, ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა:
– აი, როგორი ადამიანი იყო პავლე! შეგნებულად დაღუპეს! ნაძირლები!
მამა არსენმა ნადეჟდასთან რამდენიმე დღე გაატარა და მიხვდა რომ ძალიან უჭირდა, ყველაფერი ეუცხოებოდა. ლოცვისაც კი ერიდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის განკუთვნილ ცალკე ოთახში ცხოვრობდა, თავს მაინც უცხოდ გრძნობდა, ამასობაში მეორე მისამართიც აღმოაჩინა.
ნადეჟდას სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და საცხოვრებლად მოსკოვში მარიასთან, თავის სულიერ შვილთან გადავიდა.
– ათი დღის შემდეგ მამა არსენის მოსანახულებლად მივედი, – გვიამბობს ნადეჟდა, – მაშინ მას მხოლოდ პეტრეს უწოდებდნენ. ვხედავ, ძალიან ძველი სახლის საკუჭნაოში ცხოვრობს, დასაკეც ლოგინზე სძინავს, ძველი ჩითის საბანი ახურავს, ხოლო თვითონ მარია სიბერისგან ძლივს მოძრაობს და არათუ მამა არსენის მოვლა, საკუთარი თავის მიხედვაც კი უჭირს. მაშინ ვთხოვე მამა არსენს კვლავ ჩემთან დაბრუნებულიყო, მან მშვიდად შემომხედა და მითხრა: „განა ეს შესაძლებელია? მე ხომ მღვდელი ვარ, ხანგრძლივად ვლოცულობ, ღვთისადმი მსახურებას სახლში ვასრულებ, თქვენ კი განსხვავებული შეხედულებები გაქვთ, არ გწამთ, ათეისტი ხართ, გარდა ამისა, ჩემთან მეგობრები მოდიან, ასე რომ, თქვენთვის არასასურველი მაცხოვრებელი ვიქნები“.
მივხვდი, რომ არც მარიას ესიამოვნებოდა, მღვდელი ჩემთან რომ გადმოსულიყო, მაგრამ რატომღაც მამა არსენი ძალიან შემეცოდა, მეორე დღეს მივედი და ჩემთან წამოვიყვანე. დიდ ოთახში დავაბინავე, მისი ოთახის ფანჯრები ბაღს გადაჰყურებდა, მშვიდი გარემო იყო. მამაოს კარგად ვუვლიდი. მე ხომ მარტოდმარტო ვცხოვრობდი, მოსკოვში გათხოვილი ქალიშვილი ქმართან ერთად თვეში ერთხელ თუ მესტუმრებოდა, შვილიშვილი მხოლოდ ზამთრობით, არდადეგებზე მაკითხავდა. ასე რომ, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, კითხვასაც მოვუმატე. თანაც მივხვდი, რომ მამა არსენი ძალიან საინტერესო ადამიანია, რაღაცით განსაკუთრებული და გამორჩეული, თუმცა ამ ყველაფერს თავიდან ვერ ვხვდებოდი. პირველ ხანებში გამუდმებით ლოცულობდა – დღე და ღამე. პატარა ხატი მარიას გამოართვა, კუთხეში დაკიდა. კანდელი მუდმივად ანთებული ჰქონდა. თავიდან ყველაფერი ეს ჩემთვის გაუგებარი და უცნაური იყო. ვფიქრობდი, გაუნათლებელია, ფანატიკოსი, ბანაკში გატარებულმა წლებმა იმოქმედა-მეთქი, მაგრამ საუბრისას ინტელექტუალური აღმოჩნდა. საღამოობით ხშირად ვსაუბრობდით და მაშინვე მივხვდი, რომ ჩემ წინაშე უდიდესი კულტურისა და ცოდნის ადამიანი იყო, ამასთან, განსაკუთრებული, სულიერად ამაღლებული და უჩვეულოდ კეთილი. ყველაფერ ამას თვენახევარში მივხვდი. მამა არსენი ჯერ კიდევ შეუჩვეველი იყო თავისუფლებას და ბანაკის მოგონებები მძიმედ მოქმედებდა მასზე. მართალია, თავიდან მითხრა, რომ მეგობრები ივლიდნენ მასთან მაგრამ არავინ გამოჩენილა, წერილებსაც არავინ სწერდა და, როგორც შემდეგ გავიგე, მარიასთვის აუკრძალავს ვინმესთვის გაემხილა, თუ სად ცხოვრობდა.
სამი კვირის განმავლობაში ქუჩაში არ გასულა, შემდეგ გავიდა და სკამზე ჩამოჯდა. მისი მდგომარეობა ჩემთვის გასაგები იყო, რადგან მე და ჩემი მეგობრებიც პატიმრობის შემდეგ ასეთივე მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ზოგიერთი საკუთარ თავში იკეტებოდა, ზოგს კი ნერვოზი და დეპრესია ემართებოდა.
– მამა არსენს ახლა უფრო ხშირად ვესაუბრებოდი, – გვიამბობს ნადეჟდა, – ვთხოვე უფლება მოეცა, მის ოთახში მაშინ შევსულიყავი, როცა ლოცულობდა; იგი ამ დროს გარდაიქმნებოდა ხოლმე ისეთ ადამიანად, რომელიც ჯერ არ მენახა. ეს ყველაფერი მაოცებდა.
მახსოვს, ერთხელ საღამოს, ნაღველი შემომაწვა. შვილები – იური და სერგეი – განუწყვეტლივ თვალწინ მედგნენ, ქმარი მაგონდებოდა, მინდოდა, იატაკზე დავცემულიყავი და თავი მერტყა, მეყვირა და მეგლოვა ყველაფერი ის, რაც დავკარგე. სიცოცხლე უაზრობად მეჩვენებოდა. რისთვის ვიცოცხლო? რისთვის?! აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ლოგინზე ვენარცხებოდი, სიმწრისგან ბალიშს ვკბენდი, ჩუმად ვტიროდი, ცრემლად ვიღვრებოდი. ვინ დამეხმარება, ვინ გამცემს პასუხს იმაზე, რაც ჩემს ცხოვერაბში მოხდა? ვინ?
ისე ცუდად ვიყავი, სიკვდილი მინდოდა. მახსენდებოდა ბავშვთა სახლებში ჩემი შვილების წვალება, დაპატიმრებისასს მათთან განშორების საშინელება, მათი შიშისგან გაფართოებული თვალები, თითქოს რაღაცას მევედრებოდნენ... შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა ბანაკში. ვიხსენებდი დაკითხვებსა და, საერთოდ, მთელ ჩემს ცხოვრებას, ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიმწვავით გამიმძაფრდა. მინდოდა გავქცეულიყავი სადმე და ვინმესთვის მომეთხოვა პასუხი – რატომ მოხდა ეს ყოველივე, რისთვის?
და ამ დროს შინ მარტო ვარ. პეტრეს – დაუძლურებულ, ცხოვრებას მოწყვეტილ ადამიანს, აბა, რით შეუძლია, რომ დამეხმაროს?! მაგრამ რაკი სხვა არავინ იყო ჩემ გვერდით, ატირებული მაინც შევედი მასთან. ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა, – მკრთალად ანათებდა კანდელი, მთელი ხმით ლოცულობდა. ხმაურით შევაღე კარი და ისე შევედი, მაგრამ იგი არ შემობრუნებულა. შევჩერდი და გავიგონე ლოცვა, რომელსაც მკაფიოდ წარმოსთქვამდა:
დედოფალო, ჩემო ნეტარო, ღვთისმშობელო, იმედო ჩემო, ობოლთა და გზააბნეულთა დამცველო, გულნატკენთა მფარველო, დასაღუპად განწირულთა მხსნელო და მწუხარეთა ნუგეშო, ხედავ ჩემს გასაჭირს, მწუხარებასა და სევდას დამეხმარე მე უმწეოს, გამაძლიერე და შემეწიე. შენ იცი ჩემი გასაჭირი და მწუხარება, გამომიწოდე ხელი, რადგან არავისი იმედი არ მაქვს, მხოლოდ შენ ერთი ხარ ჩემი დამცველი და წარმდგენელი ღმერთთან, რადგან უსაზღვროდ შევცოდე და ცოდვილი ვარ შენ და ადამიანთა წინაშე. დედაო ღვთისავ, დამეხმარე და შემეწიე, დამიფარე და გადამარჩინე, განდევნე ჩემგან მწუხარება, ნაღველი და სევდა. შემეწიე, დედაო უფლისა ჩვენისაო!
მამას არსენმა ლოცვა დაამთავრა, პირჯვარი გადაიწერა, წამოდგა. კიდევ წაიკითხა რომელიღაცა ლოცვა, რომელიც ვერ დავიმახსოვრე. ამ დროს მე ვქვითინებდი და მხოლოდ ღვთისმშობლისადმი ლოცვა მესმოდა მკაფიოდ. მინდა ვთქვა, რომ ეს ლოცვა მთელი ცხოვრების მანძილზე მახსოვდა, დამამახსოვრდა მყისიერად, სამუდამოდ; მხოლოდ ერთი რამის თქმა შევძელი:
„დამეხმარეთ, ძალიან ცუდად ვარ!“
არაფერი უკითხავს, მხოლოდ სკამზე დამსვა. თავიდან გაბოროტებული ვლაპარაკობდი, მერე გაღიზიანებული, ბოლოს კი დავმშვიდდი. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვა. ვლაპარაკობდი საკუთარ თავზე, შვილებზე, ქმარზე, გაჭირვებაზე, საკუთარ შეცდომებზე, მისწრაფებებზე, ყოფილ სამსახურზე. გაშიშვლებული წარსული უეცრად სულ სხვაგვარად წარმომიდგა თვალწინ. ვლაპარაკობდი რა საკუთარ თავზე, გამახსენდა ის ადამიანები, რომელთათვისაც ტკივილი, გაჭირვება და შესაძლოა, სიკვდილიც კი მომიტანია. წარსულმა თვალწინ გამიელვა, ამ რამდენიმე წუთის წინ მოსმენილი ლოცვა უხილავად თვალწინ მედგა, ისევ ჩამესმოდა ყურებში და... თითქოს გზას მინათებდა. ვსაუბრობდი დიდხანს, რამდენიმე საათს, ხოლო მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი მამა არსენი ყურადღებით მისმენდა, სიტყვას არ მაწყვეტინებდა და არც არაფერს მისწორებდა.
როდესაც გავჩუმდი, მერე თვითონვე გამიკვირდა, ამდენი რომ ვილაპარაკე.
მამა არსენი ხატთან მივიდა, კანდელი შეასწორა, რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა და ლაპარაკი დაიწყო. ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ რაც თქვა, ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ჩემს ყველა გასაჭირს ახლა უკვე სულ სხვაგვარად შევხედე. ყველაფერი განსხვავებულად აღვიქვი, მე ხომ ყველა იმ საქმისთვის ვიტანჯებოდი, რომელიც წარსულში ჩამედინა. ჩემი საქციელის გამო ხომ თავის დროზე სხვა ადამიანები დაიტანჯნენ, ამაზე კი არასდროს დავფიქრებულვარ, ვითომ, რით ვარ მე მათზე უკეთესი?!
მამა არსენმა მითხრა: „კარგია, რომ თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ მიამბეთ, რადგან სრული გულახდილობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანის სულის განსაწმენდად. თქვენ აუცილებლად იპოვნით საკუთარ თავს.“ – მითხრა და სამგზის დამლოცა.
მორწმუნე ერთბაშად არ გავმხდარვარ, მაგრამ მივხვდი, რომ არსებობს ბევრი ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში გამომეპარა და ეს ყველაფერი ღვთისა და მამა არსენის დახმარებით აღმოვაჩინე.
თავიდან მამა არსენს მივეჩვიე, შემდეგ მასში სრულიად განსაკუთრებული ადამიანი დავინახე, რომელიც საკუთარ თავში ატარებდა ღრმა სულიერებას, რწმენასა და მოყვასის სიყვარულს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გამხდარი, დაღლილი ადამიანი, რომელიც ჩემთან ბანაკის ტანისამოსით მოვიდა, ასეთ გავლენას მოახდენდა ჩემზე და მე მორწმუნე გავხდებოდი, მე, რომელიც ადრე ასე უარვყოფდი უფალს.
ამ საუბარმა საოცრად დამაახლოვა მამა არსენთან. ისიც უკვე ნაკლებად მერიდებოდა. ოთხიოდე დღის შემდეგ მასთან რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ეს ადამიანები თავიდან უცნაურები მეჩვენნენ, მაგრამ შემდეგ მათაც კარგად გავუგე, ისეთივე გავხდი, როგორებიც ისინი იყვნენ, ბევრი მათგანი შემიყვარდა და ბევრსაც დავუმეგობრდი.
ხუთი-ექვსი თვის შემდეგ უკვე მამა არსენის სულიერი შვილი ვიყავი, მაგრამ ერთმა გარემოებამ განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე: მე და ჩემს მეუღლეს ერთი ახლო მეგობარი, ნიკოლოზი, გვყავდა, რომელიც პავლესთან ერთად დააპატიმრეს, შემდეგ 1955 წელს გაათავისუფლეს და მისი რეაბილიტაციაც მოახდინეს, ყველგან აღადგინეს, ხარკოვში მაღალ სამეურნეო თანამდებობაზე მუშაობდა; – მოსკოვში მივლინებით იმყოფებოდა და ჩემი მონახულება გადაწყვიტა. ბანაკის შემდეგ აღარ შეხვედრივართ, მხოლოდ წერილებს ვწერდით ერთმანეთს.
ჰოდა, ჩამოვიდა ნიკოლოზი. მე, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ამბებს ვეკითხებოდი, ჩემი ამბებიც მოვუყევი, ავუხსენი თუ რატომ ვცხოვრობ ამ ქალაქში. ნიკოლოზი საკუთარ ამბებს მიამბობდა: დაპატიმრება, ბანაკი დაკითხვები – ყველაფერი გაიხსენა, ისიც მითხრა, თუ ვინ დაასმინა.
ჩემი ქალიშვილის შესახებ გამომკითხა და უეცრად, სიცილით მითხრა: „ნადეჟდა, ხომ არ გათხოვილხარ? აქ შემოსვლისას დერეფანში მამაკაცის ქუდი და პალტო დავინახე. ვისია ისინი?“
რატომღაც მკაცრად ვუპასუხე, მაგრამ უმალ გონს მოვეგე და დავსძინე, ჩემთან კარგი ნაცნობი ცხოვრობს, რომელიც ჩემს ქმართან ბანაკში იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების წელს“.
ნიკოლოზი მისი ვინაობით დაინტერესდა. მე მივუგე: მღვდელია, პეტრე სტრელცოვი, შენ იგი არ გეცოდინება, შენ და პავლე ხომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბანაკში იმყოფებოდით-მეთქი.
ამის გაგონებაზე ნიკოლოზი ერთბაშად წამოხტა და დაიყვირა. „მამა არსენი?! აქ არის? სად არის?“ გაუფრთხილებლად შევარდა მამა არსენის ოთახში და დაიყვირა: „მამაო არსენ! მამაო არსენ!“
კვალდაკვალ შევყევი ოთახში და დავინახე, როგორ ეხვევოდა ნიკოლოზი მამა არსენს. ამან ძალიან გამაოცა, იგი ტიროდა და უეცრად წამოიძახა: „ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ შეგხვდით. ნაცნობების საშუალებით გეძებდით, მაგრამ ამაოდ. დამლოცეთ, ღვთის გულისათვის“ – უთხრა და კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა.
დასხდნენ, საუბარი გააბეს და ორივეს სავსებით გადავავიწყდი. ჩაის მოსამზადებლად გავედი. სამზარეულოში ვფუსფუსებ და მიკვირს, რა შეემთხვათ ისეთი ჩემს გარდაცვლილ პავლეს და ნიკოლოზს? რით იმოქმედა მათზე მამა არსენმა? ჩაი მივართვი, მაგრამ არცერთს არ დაულევია.
მიკვირდა, ჩემთვის ვფიქრობდი: მამა არსენი გასაგები, კარგი ადამიანია, კეთილი, მაგრამ ნიკოლოზი ხომ კომუნისტია, როგორ მივიდა მასთან კურთხევისთვის?! ეს ჩემთვის უკვე გაუგებარი იყო.
რაზე საუბრობდნენ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოლოზმა მითხრა, რომ აღსარებას ამბობდა. მაშინ ძალიან გამიკვირდა, ამდენი ხანია არ ვუნახივარ და ჩემი არსებობა როგორ გადაავიწყდა-მეთქი? ვუთხარი კიდეც: „თვითონაც ვხედავ, რომ პეტრე კარგი ადამიანია, მაგრამ შენ რატომ ხარ მის მიმართ ასე განწყობილი? აკი, კურთხევისთვის მიხვედი, და მერე სულ მიმატოვე, არადა, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.“
ნიკოლოზმა გაკვირვებულმა შემომხედა და თხრობა დაიწყო. დიდხანს საუბრობდა, ძალიან დიდხანს. მამა არსენი სულ სხვა თვალით დამანახა.
მახსოვს ნიკოლოზის მონათხრობი: „ნადია, ბანაკმა ეს ცხოვრება სხვაგვარად დამანახა, ყველაფერი გადავაფასე საკუთარი წარსული და აწმყოც სულ სხვანაირად დავინახე. თავადაც ხომ იყავი ბანაკში?! როცა თავისუფალია ადამიანი, იგი კეთილიც არის, გულისხმიერიც და თითქოს ერთგულიც, გჯერა მისი და... უეცრად მოხვდება ეს ადამიანი ბანაკში და მაბეზღარა, მოღალატე და უვარგისი ხდება, თუ დასჭირდა, მშობლებსაც კი გაყიდის. ასეთი ადამიანები მე და შენ, ნადია, ბევრი გვინახავს. სწორედ ამგვარი ადამიანების გამო გავატარეთ ამდენი წელი პატიმრობაში, ახლობლებიც დავკარგეთ. ხოლო ამ ადამიანმა არაერთი ასეული ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და ტანჯვას – როგორ გადაარჩინა? კეთილი სიტყვით, დახმარებით, თანადგომით. იცი, რას ნიშნავს ბანაკში სულიერი, მორალური მხარდაჭერა?! ყველაფერს! უფრო მეტს, ვიდრე საკვებია.
ბანაკებში ყველა ცდილობდა მის მსგავსთან ყოფილიყო დაახლოებული: პარტიული პარტიულთან, ინტელიგენტი ინტელიგენტთან, კოლმეურნე კოლმეურნესთან, ქურდი ქურდთან, და თუ ვინმე გეხმარებოდა, ის მხოლოდ შენიანი იყო, თუმცა ეს ძალზე იშვიათად ხდებოდა, უმეტესად, გღალატობდნენ. მამა არსენი კი ყველას ეხმარებოდა. მისთვის არ არსებობდა მისიანი და უცხო. არსებობდა მხოლოდ ადამიანი, რომელსაც თანადგომა სჭირდებოდა. ასე გვიპოვნა მამა არსენმა მე და პავლე. მაშინ ჩვენ სასოწარკვეთის ზღვარზე ვიმყოფებოდით, გაქცევას ვაპირებდით, რაც სიკვდილს ნიშნავდა. არავის არაფერს ვეუბნებოდით, მამა არსენი კი გაქცევის წინ მოვიდა და დაგველაპარაკა.
გაოგნებულები შევყურებდით, გვიკვირდა, საიდან იცოდა ეს ყოველივე, დავიბენით, შევშინდით, გაქცევაზე უარი გვათქმევინა მამა არსენმა, ალერსიანად, დამაჯერებლად გველაპარაკა და ჩვენც დავმშვიდდით.
როცა გავიგეთ, რომ იგი მღვდელი იყო, შემეზიზღა, შესახედავადაც უსიამოვნო მეჩვენებოდა... მაგრამ მერე თანდათან ყველაფერი შეიცვალა. მასთან თითქმის წელი გავატარე და იგი ჩემთვის და პავლესთვის მანათობელ ვარსკვლავად იქცა. დააკვირდი, ნადია, კარგად დააკვირდი და შენც მიხვალ მასთან კურთხევისთვის!“
ნიკოლოზის ნაამბობმა ჩემზე ძლიერ იმოქმედა, მამა არსენს მეც ძალიან შევეჩვიე.
ვაგრძელებ მამა არსენზე საუბარს, კვლავ მოგიყვებით მისი ცხოვრების შესახებ. ოთახი, რომელიც ნადეჟდამ დაუთმო, დიდი იყო, მისი ფანჯრები ბაღს გადაჰყურებდა, რომელშიც ვაშლისა და ალუბლის ხეები იზრდებოდა. მეზობლის ეზო ძალიან შორს იყო და საერთოდაც არ ჩანდა.
გამთენიისას წითური მამალი ღობეზე შემოხტებოდა და რამდენჯერმე დაიყივლებდა, ამ დროს მამა არსენი დგებოდა და დილის ლოცვას იწყებდა, შემდეგ ისევ დაწვებოდა. დილის შვიდი საათიდან ცხრამდე ისევ ლოცულობდა. როდესაც იგი ღვთისმსახურებას ასრულებდა, მასთან იმყოფებოდა ყველა მისი სულიერი შვილი, რომელიც ამ დროს სტუმრად იყო ჩამოსული. მსახურების შემდგომ მომსვლელებს ესაუბრებოდა, ან მუშაობდა, წერილებს წერდა, ან კითხულობდა,“ – კითხულობდა ხელოვნებაზე ან ისევ წერდა.
ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, მათ შორის იყო ვერა დანილოვნაც – მაღალი, ჭაღარა, გარეგნულად მკაცრი და მიუწვდომელი, სინამდვილეში კი – სათნო და უაღრესად კეთილი. იგი მამა არსენის ყველაზე ახლო მეგობარი და სულიერი შვილი იყო. იგი ერთ-ერთი პირველი მივიდა მასთან. ექიმი იყო და თითქმის ყველა ჩვენგანს გვმკურნალობდა. კიდევ ორი ექიმი მოდიოდა – ლიუდმილა და იულია, ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ. ირინა კი ქმართან და შვილებთან ერთად მოდიოდა ხოლმე, ლამაზი ქალი იყო, ასე 40-45 წლისა. ვერასთან ერთად ისიც მკურნალობდა მამა არსენს. ხანდახან მოსკოვში მიჰყავდათ, რათა რომელიმე კლინიკაში დაეწვინათ, მაგრამ მამა არსენი ყოველთვის უარობდა, არ უნდოდა, ეკამათებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდებოდა. ასეთ შემთხვევაში მოკამათეებს ნადეჟდაც უერთდებოდა და მამა არსენს ნივთებს უგროვებდა. ყოველი წასვლის წინ მამა არსენი ერთსა და იმავეს იმეორებდა: „ჯანმრთელი ვარ, ეს ყველაფერი მოგონილია, მოგონილი!“
ირინა მაინც განსაკუთრებული იყო: რბილი, ქალური, არაჩვეულებრივად კეთილი, ვერავინ იფიქრებდა, რომ ძალზე ცნობილი ექიმი იყო – პროფესორი, რომელსაც საკუთარი კათედრა ჰქონდა. ირინას ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ხვდებოდი, რომ მამა არსენი მას განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა.
კარგად მახსოვს ინჟინერ საზიკოვის ჩამოსვლა, ლამაზი და მუდამ ელეგანტურად ჩაცმული იყო, იგი თაყვანსა სცემდა მამა არსენს. გამოზომილი ნაბიჯებით დადიოდნენ ბაღში და საათობით საუბრობდნენ. საზიკოვი მახვილგონიერი იყო, მხიარული, მაგრამ მის დიდ, ყავისფერ თვალებში გამუდმებით ჩანდა ღრმა ნაღველი. ხშირად მოდიოდა და ერთხელაც გამიმხილა, რომ მამა არსენთან ერთად იჯდა ბანაკში და ყოფილი რეციდივისტია.
გაოცებულმა ვუთხარი: ეტყობა, ხუმრობ-მეთქი, მაგრამ საზიკოვმა მომიგო: არა, არ ვხუმრობ, მართლაც რეციდივისტი ვიყავი და იმ სამყაროსგან მამა არსენმა დამიხსნაო.
საზიკოვი მთლიანად თავის სამუშაოსა და ღვთის რწმენაში იყო ჩაფლული. როგორი ადამიანი იყო, არ ვიცი, მაგრამ მამა არსენი გვასწავლიდა – არავის არაფერი გამოჰკითხოთო! ასეთი წესი დაგვიდგინა, მაგრამ ჩვენი გაცნობიდან ოთხი წლის შემდეგ, საზიკოვს მოსკოვში შევხვდი და... ისიც ჩვენი სახლის ხშირ სტუმრად იქცა. სწორედ მაშინ გვიამბო მე და ჩემს მეუღლეს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.
მახსოვს კიდევ, ჩვენს თავყრილობებზე მოდიოდა სრულიად ჭაღარა ადამიანი, გამჭოლი მზერითა და მკაცრი სამხედრო მანერებით, სახეზე ძლიერი ნებისყოფა რომ აღბეჭდოდა. იგი მდუმარედ გვესალმებოდა ყველას, ვინც კი ნადეჟდას ოთახში ვიმყოფებოდით.
მამა არსენი ყველა მომსვლელს სიხარულით ეგებებოდა, მაგრამ ამ ადამიანს განსაკუთრებული სითბოთი და გულისხმიერებით ხვდებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო ეს კაცი, მისი წარსულით არ ვინტერესდებოდით, რადგან, როგორც გითხარით, ეს ჩვენს წრეში მიღებული არ იყო, მაგრამ ერთხელ მამა არსენმა დამიძახა და მითხრა: „გაიცანით! ივანე აბროსიმოვი, როდესაც მე აღარ ვიქნები, მაინც გააგრძელეთ მასთან მეგობრობა, ნუ მიატოვებთ.“
მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მამა არსენმა კვლავ დაბეჯითებით გაიმეორა: „ნუ მიატოვებთ! ნუ მიატოვებთ! თქვენ, ივანე ტანიასთან ნაცნობობა გააგრძელეთ, კარგი, კეთილი ნაცნობობა, იცოდეთ, როცა მე აღარ ვიქნები, სხვა მოძღვარს მონახავთ.“ – ასე გავიცანი ივანე.
ალიოშაც ჩვენი ხშირი სტუმარი იყო, ბანაკში რომ მოხვდა, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ალბათ მასზე ბევრი საუბარი არ ღირს, რადგან ალიოშას თითქმის ყველა იცნობს როგორც მამა ალექსის, რომელმაც მამა არსენის სამწყსოს უპატრონა.
და მაინც არ შემიძლია, ჩვენს მამა ალექსიზე არ დავწერო. კეთილი, გაბრწყინებული, ცისფერთვალება ალიოშა, მამა არსენის სიცოცხლეშივე გახდა საყრდენი და იმედი. რბილი და კეთილი, იგი ადამიანთა სატკივარისადმი ძალზე გულისხმიერი, ალერსიანი იყო, კარგად იცოდა ღვთისმსახურება და შთაგონებით ლოცულობდა. მაშინ ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ ალექსეი მრავალი ჩვენგანის სულიერი მამა გახდებოდა?!
მახსოვს მამა არსენთან საზიკოვისა და აბროსიმოვის შეხვედრა, მახსოვს, მათი შეხვედრა ალექსისთან. ამ შეხვედრას ეტყობოდა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ, ვიდრე მეგობრობაა. ასე მოსიყვარულე ძმებიც კი არ შეხვდებიან ერთმანეთს. ალექსის შვილს – პეტიას საზიკოვი და აბროსიმოვი ძალიან ანებივრებდნენ, უამრავ საჩუქარს ჩუქნიდნენ.
ჩვენთან ჩამოდიოდნენ კოლმეურნეები, აგრონომები, მუშები, ინტელიგენტური გარეგნობის მოხუცი ქალები, ჩვენი ხშირი სტუმარი იყო, აგრეთვე, მოხუცი მეცნიერი მეუღლითურთ. დიდხანს რჩებოდა ჩვენთან მოხუცი მეუფე იონა, რომელიც აღარ მსახურობდა, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად ჰქონდა შემორჩენილი ახალგაზრდული მეხსიერება და მახვილი გონება, რუსული ეკლესიის ისტორიის კარგი მცოდნე იყო.
საერთოდ, ბევრი ხალხი მოდიოდა, ახლა ყველა მათგანის ჩამოთვლა და მათი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ მინდა ნატალია მაინც გავიხსენო. იგი ბევრ ჩვენგანს ეხმარებოდა, ბევრი ადამიანი გადაარჩინა მაშინ, როცა მამა არსენი ბანაკებში იმყოფებოდა.
ნატალიას უსაქმოდ ვერასდროს ნახავდით. ერთხელ მისი და მამა არსენის ერთ-ერთი საუკეთესო შვილის საუბარი მოვისმინე. ამჟამად მიძნელდება ამ საუბრის დაწვრილებით გადმოცემა, მაგრამ მახსოვს, მაშინ რატომღაც ყურადღება მივაქციე მის ხელებს; მისი გამხდარი ხელი რაღაცას ხაზავდა მაგიდაზე, გეგონებოდა, ეს ხელი კი არა, გაშიშვლებული ნერვებია და მისი მოძრაობით ცდილობს მოსაუბრისთვის აზრის გადაცემასო. რაც უფრო ცხარდებოდა საუბარი, ხელებიც უფრო მეტად გამოხატავდა აზრის დაძაბულობას და ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საუბარი არ მესმოდა, თითქოს ნათქვამის აზრს ვიგებდი. ზოგჯერ ხელს ისე მოიქნევდა ჰაერში, თითქოს მოსაუბრეს ანიშნებდა, ახლა შენ ჩემი აზრი არ გესმისო. შემდეგ კი, თანდათანობით, ხელის მოძრაობა ნელდებოდა და ვხვდებოდი, რომ კამათი დასრულებულია და ნატალიამ რაღაც დაამტკიცა.
ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, გვწერდნენ და ვპასუხობდით. ამ ადამიანებს თან მიჰქონდათ სიმშვიდე, რწმენა, იმედი და მამა არსენის სულის ნაწილი. ხშირად ვამჩნევდი, თვითონ მამა არსენიც მოუთმენლად ელოდა თავისი სულიერი შვილების მოსვლას, რადგან მათთან საუბარში ისიც დიდ სულიერ საზრდოს იღებდა.
„ყოველი ადამიანი რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, გამდიდრებს, რადგან შენთან მოაქვს სინათლისა და სიხარულის ნაწილი. თუ ის შენთან თავის გასაჭირის გასაზიარებლად მოვიდა, ამაში ღვთის ნება უნდა დაინახოთ. და მაშინ, როცა იგი შენთან ერთად გაჭირვებას დასძლევს, მასთან ერთადაც გიხარია...
ჩემს სულიერ შვილთა შორისაც არიან ისეთნი, რომლებიც ყოველდღიურად ჩემში განახლებას იწვევენ, ყოველი მათგანი ჩემთვის სინათლე და სიხარულია“ – იტყოდა ხოლმე მამა არსენი.
ბევრჯერ მილოცია მამა არსენთან ერთად. ზოგჯერ ოთახში სანახევროდ ბნელოდა, კანდელები მხოლოდ ხატებსს ანათებდნენ და ამ შუქზე მამა არსენი მსახურებას განაგრძობდა. კითხულობდა მკაფიოდ, გარკვევით. იოლად იგრძნობდი, მთლიანად რომ იყო ჩანთქმული ლოცვაში. ამ დროს შენც, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მიხვედი მასთან, თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად, მიჰყვებოდი მისი ლოცვის რიტმს. ყველაფერი გავიწყდებოდა და მხოლოდ ღვთისმშობლის ხატს ხედავდი და ის უდიდესი საიდუმლო, რომელსაც ღვთისმსახურება ერქვა, მთელ შენს არსებას სიხარულით ავსებდა.
მუხლებზე მდგომი უსმენ, როგორ კითხულობს მამა არსენი სამღვდლო ლოცვას, ირგვლივ სიჩუმე ისადგურებს და ამ სიჩუმეში უფალს წყალობას, ცოდვათა შენდობას, საკუთარი სურვილების ასრულებას შესთხოვ. ამ დროს აღარც ოთახი არსებობს, აღარც სხვა ვინმე შენ გვერდით მდგომი და... ტაძარში იმყოფები. ანათებს კანდელი და ვლადიმირისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატები შემოგყურებენ. მოძღვარს კი მიჰყავხარ ლოცვის გამათბობელ სინათლესთან.
მამა არსენთან ერთად ლოცვა თითოეული ჩვენგანისათვის უდიდესი სიხარული იყო.
ბევრი შეიძლება ითქვას მამა არსენზე, ძალიან ბევრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი მის შესახებ უკვე გითხარით.
მამა არსენმა ქალაქში ჩამოსვლის ამბავი თვითონვე აღწერა. ნადეჟდას შესახებაც მისი ნებართვით დავწერე. სხვა პიროვნებებიც რომ გაგაცანით, ამაზეც მამა არსენმა დამრთო ნება. დანარჩენი ჩემი პირადი შთაბეჭდილებებია. ჰოდა, როცა ჩანაწერები კიდევ ერთხელ გადავიკითხე, მივხვდი, რომ ყველაფერი ისე ვერ აღვწერე, როგორც მამა არსენს ეკადრებოდა. ეტყობა, მისი ღვაწლის გადმოსაცემად, შესაფერი სიტყვები ვერ გამოვნახე. უფალო, შემინდე მე, ცოდვილს, – ტატიანას. ვიცი, ჩემი მოგონებები არ შეიძლება სრულყოფილი იყოს, რადგან მამა არსენთან მხოლოდ 1959 წელს მოვხვდი, მასთან მიმიყვანა იულიამ, რომელთანაც წლების განმავლობაში ვმკურნალობდი. იულია, როგორც პაციენტმა, 1951 წელს გავიცანი. მაღალმა, წარმოსადეგი გარეგნობის ქალმა, პირველივე შეხვედრისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება. იგი ალერსიანი და კეთილი იყო.
ომის დროს დავსნეულდი, შიმშილობამ ძალზე ცუდად იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე. მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. იულიამ კი მომარჩინა, ბევრ რამეში დამეხმარა: ეკლესიაში მიმიყვანა, მამა არსენს შემახვედრა და, როგორც მამა არსენის სულიერი შვილი, იგი თვითონაც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
1964 წელს იულიას მოგონებები წავიკითხე გადასახლებაზე, სადაც მთლიანად ჩანს იულიას ხასიათი და კიდევ ის უდიდესი გავლენა, რომელსაც მამა არსენი ახდენდა თავის სულიერ შვილებზე.
ჩვენ თითქმის თანატოლები ვიყავით. პეტრე ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო.
ერთ გიმნაზიაში ოღონდ სხვადასხვა კლასში ვსწავლობდით, ერთმანეთს ვიცნობდით, დამამთავრებელ კლასში კი დავმეგობრდით, მაგრამ შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. მან სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო, მე – ტექნიკურ სასწავლებელში.
პეტრე ყოველთვის სერიოზული და კეთილი იყო, ბევრს კითხულობდა. უყვარდა ხელოვნება, თეატრი, მხატვრობა და მუსიკა, მაგრამ რელიგიურობისკენ რომ იყო მიდრეკილი, ეს კი არასდროს შემიმჩნევია. რამდენიმე წელი ერთმანეთი არ გვინახავს. როცა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, გავიგე, რომ პეტრეს დროზე ადრე დაუმთავრებია უნივერსიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის წიგნიც დაუწერია. კვლავ გავიდა რამდენიმე წელი და შევიტყვე, რომ ბერად აღკვეცილა და მღვდელიც გამხდარა, ამ ამბავმა ძალიან გამახარა.
დავქორწინდი, როგორც იტყვიან „დიდი სიყვარულით,“ მაგრამ ერთი წლის შემდეგ ცოლი უეცრად ჩემს ამხანაგთან წავიდა. ეს იმდენად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ჩემთვის, რომ სიმწრისგან კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ადგილს ვერ ვპოულობდი, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, სასმელსაც მივეძალე.
ერთხელაც ეკლესიაში მივედი, მღვდელს ვესაუბრე, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ რატომღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა და... უეცრად პეტრე გამახსენდა. გადავწყვიტე, მასთან მივსულიყავი. გავიგე რომელ ტაძარში მსახურობდა და წავედი. მოვნახე ეკლესია, რომელიც საკმაოდ ძველი და პატარა იყო. მახსოვს, შევედი და დავინახე, პეტრე წირავდა. ბევრი მლოცველი იდგა ტაძარში, უმთავრესად ინტელიგენცია.
წირვა დასრულდა. ყველანი კურთხევისთვის მიემართებოდნენ და დავინახე, როგორ უკოცნიდნენ პეტრეს ხელებს, იგი თითქმის ყველას ესაუბრებოდა. ვუყურებდი ამ ქველაფერს და მიკვირდა... ამბიონზე მდგარ მღვდელსა და პეტრეს შორის საერთოს მონახვა ძალიან მიჭირდა. დაასრულა რა ყველას დალოცვა, საკურთხეველში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გამოვიდა და ჩემსკენ ისეთი სახით გამოემართა, თითქოს იცოდა, ტაძარში რომ ვიყავი.
ეკლესიაში ჯერ კიდევ ბევრი ხალხი იყო. ნასვამი ვიყავი და, ალბათ, ღვინის სუნი ამდიოდა. ეტყობა, ამიტომაც მლოცველებმა ჩემგან შორს დაიჭირეს თავი, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო.
– რა მოხდა? – მკითხა პეტრემ ისეთი ინტონაციით, რომ რატომღაც მივხვდი, მან ჩემი გაჭირვების შესახებ ყველაფერი იცოდა. ამან ძალიან გამაღიზიანა, უეცრად გავბოროტდი კიდეც და, – არაფერი, ისე, შემთხვევით. შემოვიარე-მეთქი, – მკვახედ მივუგე.
პეტრემ ერთ-ერთ მლოცველს სთხოვა, მღვდლისთვის ეხმო, და როდესაც იგი მოგვიახლოვდა, სთხოვა:
– მამაო იოანე, გთხოვთ, პარაკლისი გადაიხადოთ, დღეს მე არ შემიძლია.
მერე მე მომმართა – ჩემთან, შინ წავიდეთო!
ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობდა. მდუმარედ მივდიოდით, შინ რომ მივედით, ყველაფერი ვუამბე, თან ვტიროდი.
მამა არსენი – უკვე ვიცოდი, რომ იგი პეტრე აღარ იყო, – მისმენდა, სათქმელს არც მაწყვეტინებდა და არც მანუგეშებდა. ამასობაში ვიღაც კიდევ მოვიდა, მამა არსენისთვის რაღაც რომ ეკითხა, მაგრამ მამაომ უთხრა, რომ არ ეცალა.
როდესაც საუბარი დავამთავრეთ, მითხრა: „შენა ხარ დამნაშავე, განა თვითონ არ უბიძგე საკუთარ ცოლს გაშორებისკენ, როცა მისი სული დაივიწყე, მისი მისწრაფებანი, სურვილები უგულებელყავი?“ დიდხანს არ უსაუბრია, მაგრამ რაც მითხრა, ისეთი ნამდვილი იყო, რომ უეცრად ცუდად გავხდი, თითქოს ფარდა ჩამომხსნეს თვალებიდან, – ბევრ ისეთ რამეს მივხვდი, რაზეც ადრე არც კი მიფიქრია. მამა არსენთან სამი დღე დავრჩი და როცა მისგან წამოვედი, ცხადი გახდა, რომ ჩემს ცხოვრებაში უკვე რაღაცა შეიცვალა, თითქოს ბედს შევურიგდი. ჩემში რწმენამ გაიღვიძა და ეკლესიაში წავედი. ასე გახდა ჩემი ძველი მეგობარი ჩემი სულიერი მამა.
გადიოდა წლები, ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა – ერთი ქალი შემიყვარდა და ცოლად მოვიყვანე. კარიერაშიც თითქმის მოულოდნელ წარმატებებს მივაღწიე, საკმაოდ ცნობილი გავხდი, მაგრამ მამა არსენთან, მიუხედავად იმისა, რომ ძველი მეგობრები ვიყავით, ყოველთვის პირველკურსელად ვგრძნობდი თავს.
მხოლოდ ბანაკმა და გადასახლებამ დაგვაშორა ერთმანეთს და როცა გათავისუფლების შემდეგ მამა არსენი ქალაქმი დასახლდა, მასთან სისტემატიურად დავდიოდი. სწორედ ამ შეხვედრებზე მინდა გიამბოთ.
...დღეს მამა არსენთან წასვლის წინ, როგორც ყოველთვის, ვღელავ, ამ შეხვედრისგან განსაკუთრებულსა და სასიხარულოს ველი. მატარებელი ჯერ მხოლოდ მიუახლოვდა სადგურს, მაგრამ უკვე გასასვლელისკენ მივიჩქარი ქალაქის პატარა სადგური ახმაურდა – ვაგონებიდან ხალხი ჩამოდიოდა, მძიმე ჩემოდნებს, ტომრებს, კალათებს მოათრევედნენ, რომლებიც პროდუქტებით იქ დატვირთული. მხოლოდ მე მეჭირა ხელში პორტფელი, რომელშიც წიგნები ეწყო და ცოტაოდენი კანფეტი, რომლის მოტანასაც ნადეჟდა ყველას გვთხოვდა.
მოწესრიგებული ქალაქი იყო – მყუდრო დ მხიარული. მის ქუჩებს მრავალრიცხოვანი ეკლესია-გუმბათები ამშვენებდა და ზღაპრულ იერს აძლევდა. მამა არსენთან მიმეჩქაროდა. ქარს შორეული ტყეების და მინდვრების სურნელი მოჰქონდა და მხნეობასა და სიხარულს მანიჭებდა. მივდიოდი და რაღაც იდუმალისა და მოულოდნელის განცდა თანდათან მიმძაფრდებოდა, ვგრძნობდი, რომ შეხვედრა რაღაც ახალს მომიტანდა და ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართებოდა.
და, აი, გამოჩნდა ნაცნობი, საყვარელი ქუჩა, ერთსართულიანი სახლი, რომელშიც მამა არსენი ცხოვრობს. ცხოვრობს ის მოძღვარი, რომელიც ჩემს სულს ასე მძაფრად იზიდავს. მოძღვარი, რომლისგანაც ის ცხოველმყოფელი წყალი უნდა ამეღო, რომლის მადლითაც არსებობს რწმენა, იმედი და ადამიანური სიყვარული...
აი, ჭიშკარი, რკინის დიდი რგოლით, რომელიც კბილებით უჭირავს ლომს – ძველი რუსული მჭედლობის ხელოვნების საოცრება. ჭიშკრიდან იწყება გზა, რომელიც მდინარის მსხვილი ქვიშითაა მოფენილი. შევდივარ ეზოში და მაშინვე თავბრუს მახვევს გამხმარი ფოთლებისა და ჯერ კიდევ თბილი მიწის სურნელი. ღობის გასწვრივ დარგული კენკრა წითლად ხასხასებს. გეჩვენება, რომ ქალაქში კი არ იმყოფები და მატარებლიდან ახალი ჩამოსული კი არ ხარ, არამედ სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდი, ისეთ სმყაროშიი რომელიც სიხარულის მოლოდინითაა საესე.
კართან ვჩერდები და ველოდები, როდის გამოვა ნადეჟდა. მესმის ნაბიჯების ხმა, აგერ გამოელეპარაკა კატას, რომელიც, ეტყობა, მის ფეხებთან თამაშობს. კარი იღება და მის მკაცრ სახეს ნათელი ღიმილი ეფინება. ნადეჟდა სიხარულით მეგებება. ტანსაცმელს ვიხდი, სიხარულით ველი მამა არსენთან შეხვედრას, ვღელავ და ვფიქრობ: აჰა, მოვედი უახლოეს ადამიანთან, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში გავუმხელ საკუთარ ცოდვებს, გავანდობ ჩემს ეჭვებსა და აზრს, მოვუყვები იმის შესახებ, რაც მანერვიულებს. მამა არსენზე ახლობელი ხომ არავინ მყავს... მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
თუ ჩემს მოსვლას, მამა არსენის სხვა სულიერი შვილის, ან მისი მეგობრის სტუმრობა ემთხვევა, მაშინ მოძღვარს ველოდები. შეიძლება დიდხანსაც კი ველოდო, მაგრამ როცა მამა არსენი მარტოა, ნადეჟდა კარზე ფრთხილად დაუკაკუნებს და ატყობინებს, რომ მოვედი. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი იღება და იგი, ჩემი მამა არსენი, ჩემსკენ მოემართება.
მე კურთხევის ასაღებად მივდივარ, შემდეგ ერთმანეთს ვეხვევით და რამდენჯერმე ვკოცნით. მამა არსენი მოსკოვის ამბებს მეკითხება, მოიკითხავს ნაცნობებს, მეგობრებს. აინტერესებს ახალი ამბები, განსაკუთრებით საეკლესიო სფეროში მიმდინარე ძვრები და ისიც, თუ რამდენი ახალი წიგნი გამოვიდა. კითხვას კითხვაზე მაყრის, მეც ვეპასუხები, თუ რაიმე სასაცილო წამომცდა, ისე გადამდებად იცინის, რომ აგიყოლიებს.
ვსაუბრობთ და ვაკვირდები – იგივე ოთახი, იგივე აივანი, საწერი მაგიდა, კუთხეში ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. მის ქვემოთ კანდელი ანთია, მაგიდაზე წიგნები აწყვია. კედელზე ნაცნობ პორტრეტებს ვამჩნევ, კარადაშიც წიგნები აწყვია. მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველაფერი ძველებურადა და მაინც ყველაფერს სიახლის ელფერი დაჰკრავს...
ახალი ამბების მოყოლა დავასრულე და გავჩუმდი. თუმცა არა, კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვშიშობ, მამა არსენი არ გადავღალო, არ წავართვა ძვირფასი დრო. თვითონაც ჩუმდება, ჩაფიქრებული მიყურებს, ვგრძნობ, როგორ მიმზერს და უჩვეულო გრძნობა მეუფლება – გონებაში ამოტივტივდება ბოლოდროინდელი ამბები, განსაკუთრებით კი ის, თუ რაიმე ცუდი მაქვს ჩადენილი და ზუსტად ამ მომენტში მამა არსენი მეუბნება: „რატომ,“ რატომ აწყენინეთ ადამიანებს, ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ“. ვღელავდი, ვიცოდი, რომ ამას მეტყოდა, რადგან ისე არ მოვიქეცი, როგორც მამა არსენი მასწავლის და ახლა ვცდილობ თავი ვიმართლო. ვცდილობ, მიზეზი მოვუძებნო საკუთარ საქციელს, მაგრამ თვითონვე ვხვდები, რომ მართალი არა ვარ. ვიცი, ახლა აღსარება უნდა ვთქვა და თანდათან ცუდად ვხდები. ვგრძნობ, მამა არსენსაც მრისხანება ემატება, თვალები უმუქდება და ახლა ისე მამძიმებს საკუთარი ცოდვები, რომ მირჩევნია, მიწამ პირი დააღოს და თან ჩამიტანოს...
შემდეგ დიდხანს ვილოცეთ ერთად, იგი არაბუნებრივად მსუბუქად ლოცულობდა და მასთან ერთად ლოცვით თითქოს ცოდვებისგან ვიწმინდებოდი, შინაგანად ვმაღლდებოდი. იგი გასწავლიდა, როგორ უნდა გევლო რწმენისკენ და თან, ამავე დროს, უახლოეს მეგობრადაც რჩებოდა. იმ მეგობრად, რომელთანაც ყველაფერზე შეიძლებოდა საუბარი და, რა თქმა უნდა, რწმენაზე, იმ გზაზე, რომელიც მორწმუნემ უნდა გაიაროს.
მამა არსენი ხშირად საუბრობდა საკუთარ თავზე, განვლილ ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთაც შეხვედრია და რომელთაგანაც მოყვასის სიყვარული უსწავლია. მას უსაზღვროდ უყვარდა ადამიანები, მათში ღვთის სახებას ხედავდა.
აღსარების შემდეგ ხშირად ვსაუბრობდით, ეს საუბრები რწმენაში მაძლიერებდა და დიდ სულიერ საზრდოს მაძლევდა. მამა არსენისგან ყოველთვის განახლებული მოვდიოდი და მომდევნო შეხვედრამდე ამით ვსულდგმულობდი. რატომღაც გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მხოლოდ ჩემთან იყო ასეთი განსაკუთრებული. არადა, ასეთი განცდა ყოველ მის მეგობარსა და სულიერ შვილს ჰქონდა, ყველას ეგონა, რომ მხოლოდ მასთან იყო მამა არსენი ასეთი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს მოძღვარს ყველა ერთნაირად უყვარდა.
საერთოდ, ბევრს ჰყვებოდნენ იმ სასწაულებზე, რომელიც მამა არსენს გადახდენია. ერთხელ ამის შესახებ ვკითხე კიდეც და მახსოვს, მაშინვე მოიწყინა, ჩაფიქრდა და მითხრა: „სასწაული? არა, ისეთი არაფერი მინახავს, რასაც შეიძლება სასწაული ეწოდოს. ყველა მღვდელს, რომელიც აღსარებას იღებს, ბევრი განსაკუთრებული რამ შეიძლება შეემთხვეს სულიერების თვალსაზრისით. საერთოდ, შეიძლება ბევრი უცნაურობა მოხდეს ყველა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა, სამწუხაროდ, შეიძლება, რომ ხშირად ვერ ვხვდებოდეთ ამ სასწაულს და მასში უფლის ნება ვერ დავინახოთ. ისე კი, ბევრი რამ, რაც თავს გადამხდენია, ხშირად მაშფოთებდა, მასში უფლის ნებაც დამინახავს, ამიტომაც, არასდროს მიკითხავს საკუთარი თავისთვის – ეს უფლის სასწაულია, თუ გარემოებათა უჩვეულო თანხვედრა მეთქი. ყოველთვის მტკიცედ მწამდა და ახლაც მწამს, რომ უფალს მივყავართ უკვე მომხდარ მოვლენასთან. ყველაფერი მისი ნებაა.
როდესაც ადამიანი მხოლოდ ასე გაიგებს მომხდარს, მაშინ ჩაწვდება ღვთის ნებას. ჩემს გარშემო ისეთი ამბები ხდებოდა, ან თვითონ ვიყავი ისეთი უცნაური ამბის მონაწილე, რომელიც ზოგჯერ ჩემს ცხოვრებას სხვანაირს ხდიდა და მაშინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი – ეს სასწაულია. შემდეგ ვხვდებოდი საკუთარ უმწეობას და ვაცნობიერებდი, რომ სასწაულის აღქმა არ ძალმიძს.
ცხოვრებაში ყველაფერი სასწაულია, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ღვთის ნებით არსებობს ადამიანი ამ დედამიწაზე. ამისი გჯეროდეთო!“ – დასძინა მამა არსენმა და მივხვდი: ჩემმა შეკითხვამ ცოტა გაანაწყენა.
ერთხელ მამა არსენს ვკითხე: „მამაო, ჩვენ, შენი სულიერი შვილები, ხშირად ვსაუბრობთ სულიერი მამების გულთამხილველობაზე და გვგონია, რომ თქვენ ამას ფლობთ...“
მამა არსენმა მკაცრად შემაწყვეტინა და მითხრა: „ნუ გააგრძელებთ, ეტყობა, თქვენ ცუდად გესმით, რას ნიშნავს გულთამხილავი. მღვდელმა, რომელსაც მუდმივი ურთიერთობა აქვს ადამიანებთან, კარგად იცის მათი ცხოვრებისეული სიძნელეები თუ სიხარული. კარგი მღვდელი უნებურად წვდება ადამიანის სულს და თუ იგი გულწრფელია თავის სულიერი შვილების სიყვარულში, ყურადღებიანია დ მახსოვრობაც კარგი აქვს, ანუ ყველაფერი ახსოვს მის შესახებ, უნებურად იძენს უნარს, დაინახოს და შეიგრძნოს მორწმუნის სულის ნებისმიერი მოძრაობა.
სამაგალითოდ ავიღოთ ბავშვის დედა, იგი ხომ ყველაფერს ხედავს და წინასწარ შეუძლია მისი აზრისა და საქციელის გამოცნობა. იმიტომ რომ, ის მისი შვილია, რომელსაც იცნობს და უყვარს. ასევე, მოძღვარიც ხვდება მასთან მისული ადამიანის ყველა პრობლემას, ავსა თუ კარგს, მაგრამ ეს გულთახილვა და შორსმჭვრეტელობა კი არა, სულიერი დაკვირვების უნარია, რომელიც ძალიან ბევრს გააჩნია. ხოლო სულთამხილავობა – ეს ღვთის საჩუქარია, რომელიც რჩეულთა ხვედრია, ისეთი მოძღვრების, როგორიც, ვთქვათ, მამა იოანე კრონშტადტელია და არა ჩვენისთანა ცოდვილთა. თუმცა, სჯობს, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, ეს საუბარი, აბა, რისი მომცემია?!“ – თქვა მამა არსენმა.
მამა არსენისგან ყოველთვის სულიერად დამშვიდებული მოვდიოდი, თუმცა, მასთან დაშორება გულდასაწყვეტი იყო, რადგან სულ რამდენიმე დღეში ის ქალაქი, ქუჩა, სახლი, ის ოთახი, სადაც მამა არსენი ცხოვრობდა, ჩემთვის მშობლიური ხდებოდა. მამა არსენის ოთახი კი აღთქმული სავანე იყო. როდესაც მამა არსენი დამლოცავდა და მოვდიოდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც დიდს ვკარგავდი, მაგრამ... სამაგიეროდ, მომავალი შეხვედრის იმედი მაცოცხლებდა.
თქვენ მთხოვეთ, გამომეგზავნა მოგონებები მამა არსენის შესახებ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მოგონებებს დავწერდი იმ ადამიანზე, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, არ ვიფიქრებდი იმიტომ, რომ ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი საქციელი, გარეგნობა, მისი აზრები და ყოველივე ის, რაზეც მელაპარაკებოდა ხოლმე, ჩემში ყოველთვის აწმყოში ცოცხლობს და არა წარსულში.
წაიკითხეთ ის, რაც დავწერე! – ეს არის ამბავი რთულ ცხოვრებაზე, უბადრუკზე, დამსხვრეულზე, რომელიც თავიდან ყოვლად უშინაარსო იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს რწმენით გასხივოსნდა, რწმენის იმ სხივით, რომელიც მამა არსენმა მომიტანა.
ციხის საკანში განაჩენს მიკითხავდნენ. მკაცრსა და ოფიციალურ ფრაზებს თითქოს ქვებივით მესროდნენ: დივერსია, აგიტაცია, შპიონაჟი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ. დამნაშავედ მცნეს, ახლა უკვე სიტყვები მონოტონურად ჩამესმოდა და უეცრად რაღაც აფეთქდა – მიესაჯოს დახვრეტა!
...განაჩენი გამოტანილია, მე კი ვდგავარ და ვერ გამიცნობიერებია, ვინ უნდა დახვრიტონ?! ნუთუ მე - სერგი დენისოვი?
შორიდან მესმის მკაცრი ხმა: ხელი მოაწერეთ! ჩემს წინ ქაღალდი დევს, გაოგნებული დავყურებ, ხელს ვკრავ და ვყვირი: ეს სიცრუეა, სიცრუე!
სამნი მშვიდად დგანან, შეჩვეულნი არიან ასეთ ყვირილს. ერთ-ერთი ხაზგასმით ხმამაღლა ამბობს: შეგიძლიათ ხელი არ მოაწეროთ, განაჩენი კანონის ფარგლებშია გამოტანილი. ათ დღეში სისრულეში მოიყვანენ, ამ დროის განმავლობაში კვება გაგიუმჯობესდებათ.
მე ვჯდები, ისინი მიდიან.
ოცდახუთი წლის ვარ. 1913 წელს დავიბადე, ახლა 1938 წელია. ვარ კომკავშირელი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი. მიყვარს სამშობლო, პარტია, ჩემი საქმე, ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ჩემგან პარტია და სტალინი მოითხოვდა. ვიცოდი, რომ ხალხის მტრები განსაკუთრებით 1934-35 წლებში მომრავლდნენ, მაშინ, როცა კიროვი მოკლეს. ყველგან სიტყვით გამოვდიოდი და მათ განადგურებას ვითხოვდი.
მაგრამ რა შუაში ვიყავი მე, რა დავაშავე? ყოველთვის პარტიასთან ერთად ვიყავი. მაშ, რატომ მაწამებდნენ ახლა? რატომ მოითხოვდნენ ჩემგან ცრუ აღიარებას?! თავიდან ვუმტკიცებდი გამომძიებელს, რომ იგი ცდებოდა. შემდეგ კი მივხვდი, რომ გამომძიებელიც ის მტერია, რომელმაც ორგანოებში შეაღწია. ვითხოვ პროკურორს, ვწერ ბარათებს ცენტრალურ კომიტეტში, ეწერ ასევე სტალინს, მაგრამ გამომძიებელი იცინის, ჩემს წერილებს მაჩვენებს და უფრო სასტიკად მცემს.
დაპირისპირების დროს იაშკა ფრაინბერგი – კომკავშირის მეორე მდივანი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, – ამბობს, რომ მე სტალინის მოკვლა მინდოდა და მის ჩათრევასაც ვაპირებდი ჩემს ჯგუფში. იაშკა შეცბუნებულია და როდესაც ვუყვირი: „ცრუობ, არამზადავ“, იგი უაზროდ მიყურებს, მაგრამ ჯიუტად ამტკიცებს: „შენ ჩემი ჩათრევა გინდოდა!“ – და შეშინებული უყურებს გამომძიებელს. მოჰყავთ სხვა მოწმეები და ისინიც იმეორებენ, რომ მე მტერი ვარ.
გადის ერთი დღე, ორი, სამი, ათი, ისევე ცუდად ვიკვებები, როგორც ადრე. ყოველთვის, როდესაც საკნის კარი იღება და ზედამხედველი შემოდის, ველოდები, როდის გამიყვანენ დასახვრეტად.
მეთორმეტე დღეს შემოდის ზედამხედველი და მეუბნება: „სწრაფად, ნივთებით!“
„რომელი ნივთები, მე ხომ არაფერი მაქვს,“ – ვფიქრობ და დახვრეტისთვის ვემზადები, ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია.
მილიციის მანქანა უამრავი ხალხითაა სავსე. მჭიდროდ ჩახუტებულნი ვდგავართ. დიდხანს მივდივართ, მანქანა გვანჯღრევს. ყველანი ვდუმვართ. ორთქლმავლის ხმა ისმის, ვჩერდებით.
„გადმოდით“ – ისმის ყვირილი, ვიღაც ტირის. ჩამოვდივართ. დაცვა კორიდორს აკეთებს, წვრილად წვიმს, სადღაც მივდივართ, კონდახებს გვირტყამენ. სატვირთო ვაგონებთან მიგვყარეს.
„შედით, თქვენი დედაც!..“
ვაგონში ავდივარ. ზურგში კონდახი ჩამარტყეს და ნახევრად სავსე ვაგონში შევვარდი. მოჰყავთ და მოჰყავთ პატიმრები, უკვე ფეხზე დგომაც ჭირს. კარს კეტავენ. ადგილიდან დავიძარით. ორი დღე არაფერი გვიჭამია. გორკთან ახლოს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ჩვენს ვაგონებს ხსნიან და პატიმრები ძირს ჩამოგვყარეს, მოგვცეს წყალი და თევზის აყროლებული ბალანდა.
საეტაპო ბანაკში მიგვიყვანეს. გამოცდილი პატიმრები – „ზეკები“ ამბობენ, რომ დახვრეტა შეგვიცვალეს მძიმე პირობების ბანაკებში მუშაობით: ორ წელი მაგადანში, საბადოებზე, შემდეგ ხე-ტყეზე მუშაობა და განსაკუთრებული რეჟიმის სპეციალური ბანაკები.
ომის დაწყების შესახებ ახლად მოყვანილი პატიმრებისგან შევიტყვეთ, ბევრი ჩვენგანი ომის პირველივე დღეებში დახვრიტეს.
...ომი დამთავრდა, 50-იანი წლები დადგა. უკვე ბევრ რამეს მივხვდი და ბევრი რამე გამოვცადე, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი წერილების წერას პროკურატურაში და ცენტრალურ კომიტეტში. არავინ მპასუხობდა. კარგად ვიცოდი, ასეთი ბანაკებიდან ცოცხალი ვერავინ გავიდოდა.
გული უკვე ძლიერ მაწუხებს. მხოლოდ 38 წლის ვარ, მაგრამ მოხუცს ვგავარ. რომ შემომხედო, 60 წლისა გეგონები. რისთვის ვცოცხლობ, ან კიდევ რამდენი წელი დამრჩენია, ეს გაუგებარია, მაგრამ ვგრძნობ, რომ დასასრული ახლოსაა.
როცა ამ ჩანაწერებს ვწერ, ბანაკიდან უკვე ათი წლის გამოსული ვარ. 1967 წელია, 54 წლის ვარ, მაგრამ 70 წლისას ვგავარ, ტრანსპორტში ადგილსაც მითმობენ (რასაც ახლა იშვიათად შეხვდებით).
რა თქმა უნდა, ვმუშაობ. მართალია, სიცოცხლის საუკეთესო წლები ბანაკში გავატარე, მაგრამ ამ წლებს უქმად არ ჩაუვლია – მორწმუნე გავხდი.
სანაკში უკანასკნელი სამი წელი მამა არსენთან ერთად გავატარე. დიდხანს ვაკვირდებოდი მისი ცხოვრების წესს, საქციელს, მოქმედებებს და დავინახე, როგორი მორწმუნე იყო, როგორ უყვარდა ადამიანები. გამოველაპარაკე და ვიწამე მისი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ დამეხმარებოდა მამა არსენი. ბევრი ხიფათი ამარიდა, მასწავლიდა უსიამოვნებების გადატანას, შემაჩვია იმას, რომ ნუგეში ლოცვაში უნდა მეპოვნა და არა სხვა რამეში.
თვითონ მშიერი და დაავადებული, გაუგებარია, როგორ პოულობდა ძალას სხვების დასახმარებლად. მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა. ეტყობა, სწორედ ადამიანების დახმარებასა და განუწყვეტლივ ლოცვაში პოულობდა ძალას, როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც. ამ ძალას იგი ღვთისგან იღებდა.
ბანაკიდან მამა არსენზე ადრე გამოვედი, მაგრამ მას მხოლოდ 1959 წელს შევხვდი და მას შემდეგ მისი ნახვისა და მასთან ურთიერთობის სურვილი მასულდგმულებს.
ღვთისადმი უდიდესი მლოცველი და ადამიანთა ნუგეში, – ასე მგონია, რომ მამა არსენზე მეტს ვერაფერს იტყვი, – მან ხომ მრავალი ადამიანი გადაარჩინა მამა არსენის ლოცვა დღესაც მაცოცხლებს.
როდესაც იგი საუბრობს, მის მიერ წარმოთქმულ ყველაზე უბრალო სიტყვებიც კი განსაკუთრებულ აზრს იძენს, გაწმენდს ადამიანს, ამშვიდებს და ღმერთთან აახლოებს.
ნაწყვეტი ო.ს. მოგონებიდან
...ხშირად ჩავდიოდი მამა არსენთან, ხანგრძლივად ვრჩებოდი მასთან და ამიტომ კარგად ვიცნობდი მის ცხოვრებას.
მამა არსენთან ბევრი წერილი მოდიოდა. ეს წერილები იტევდა ადამიანთა დიდ სიხარულს, მღელვარებას, ტანჯვას, ნაღველს, დახმარების მხურვალე ვედრებას, გულის ტკივილს, ეჭვს ან დიდ რწმენას. ყოველ წერილში ადამიანი ცხოვრობდა, მის სულის ანარეკლი ჩანდა. ერთნი მთლიანად აშიშვლებდნენ საკუთარ ცხოვრებას და საჭიროდ არ თვლიდნენ, დაენდოთ თავი, მეორენი ნაწყვეტი და დაუსრულებელი ფრაზებით ცდილობდნენ გულის გადაშლას. ზოგიც მხოლოდ საკუთარი არსებობის შეხსენებას ცდილობდა, რადგან ღრმად სწამდათ, რომ მამა არსენმა იცოდა ის, რაც მათ აღელვებდათ.
მამა არსენი ამ წერილებს ფოსტით იშვიათად იღებდა, უმეტესად მოსკოველ ნაცნობებს უგზავნიდნენ და შემდეგ მამა არსენის სულიერ შვილებს მოჰქონდათ მასთან. წერილები სხვადასხვა ქალაქიდან მოდიოდა, რადგან ის ბევრი მეგობარი, რომელიც მამა არსენმა ბანაკებსა და გადასახლებაში შეიძინა, ყველგან იყვნენ მიმოფანტულნი, ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე. მამაო ყველა წერილს ყურადღებით კითხულობდა და ავტორი დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მიიღებდა ისეთ პასუხს, რომელიც ბევრად განსაზღვრავდა მის მომავალ ცხოვრებას.
მამა არსენთან ხანგრძლივად ვცხოვრობდი და უნებურად ვაკვირდებოდი, რომ წერილების კითხვისას მყისიერად, შინაგანი ხედვით ყველაფერს ხვდებოდა, ყველაფერს, რაც კი დაკავშირებული იყო ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებასთან. წერილების წაკითხვის შემდეგ ჩაფიქრებული იჯდა ხოლმე მაგიდასთან, დრო და დრო ეზოში მოქანავე ტოტებს გახედავდა და გეჩვენებოდა, თითქოს იმ უხილავ თანამოსაუბრეს უსმენს, ვინც საკუთარ გასაჭირზე უყვებაო.
მამა არსენი საპასუხო წერილებს წერდა, პირჯვარს იწერდა და ისევ აგრძელებდა წერას. მისთვის არ არსებობდა უმნიშვნელო წერილები, რადგან ამ წერილთა მიღმა ადამიანის აფორიაქებულ სულს ხედავდა.
ხანდახან რამდენჯერმე წყვეტდა წერას, ალბათ, რაღაც აიძულებდა შეშფოთებულიყო და დაეჭვებულიყო. ზოგჯერ დიდხანს იჯდა მდუმარედ სავარძელში. ოთახს სუსტად ანათებდა კანდელი, ამ წუთებში მის სახეს დაღლილობა და ნაღველი ეტყობოდა და მაშინ მისი თვალები იმ ადამიანის გარდა ვერავის ხედავდა, ვინც თავის გასაჭირზე წერდა. იგი მთელი სულით მასთან იყო, მის ტკივილებს გრძნობდა; ლოცულობდა და ფიქრობდა, როგორ გამოეთხოვა წყალობა გზააბნეული ადამიანისთვის. მერე უეცრად დგებოდა მომენტი და მამა არსენს სახე გაუნათდებოდა, ადგებოდა, ხატებთან მივიდოდა, პირჯვარს გადაიწერდა, შეეხებოდა ვლადიმირის და ყაზანის ღვთისმშობლის ხატს, მშვიდად დაჯდებოდა და ამთავრებდა წერილის წერას.
ამ წუთებში ვხვდებოდი, რომ მასში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა სიკეთეს, სიყვარულსა და ბოროტება შორის.
ზობჯერ ხდებოდა ისეც, რომ მამა არსენი რამდენჯერმე დაიწყებდა პასუხის წერას, წყვეტდა, ხელახლა იწყებდა. ალბათ, პასუხი არ გამოსდიოდა. მაშინ იგი ღრმა ტკივილს განიცდიდა, რაღაც აწუხებდა და მეჩვენებოდა, რომ უკმარისობის განცდა ეუფლებოდა. ასეთ შემთხვევაში წერას თავს ანებებდა, დიდხანს ლოცულობდა და ლოცვაში ჰპოვებდა პასუხს.
მამა არსენი საკუთარ თავზე იღებდა სულიერი შვილების ტანჯვას და მათ უფლის სახელით ატარებდა. ჩვენ კი ისე გადავცემდით ხოლმე საკუთარ ცოდვებს, ამაზე არასდროს დავფიქრებულვართ.
ყოველი, ვინც მასთან მიდიოდა, ფიქრობდა, რომ სწორედ ის უყვარს ყველაზე მეტად და სწორედ მის მიმართაა ყველაზე კარგად განწყობილი. აი, ასეთი ამოუწურავი სულიერი ძალა ჰქონდა მამა არსენს, ძალა ადამიანების სიყვარულისა, რომელიც ღვთისგან იყო ნაბოძები.
არა, მის მიმართ, მართლაც, უმოწყალონი ვიყავით. რამდენ ფუჭ რამეზე ველაპარეკებოდით, ვწერდით, ვაიძულებდით, ჩვენს მაგივრად დატანჯულიყო, მაგრამ რამდენი ჩვენგანი გადაარჩინა თავისი ლოცვის ძალით?! რამდენს გაუნაწილა თავისი ცხოვრების ნაწილი, ჯანმრთელობა და სითბო?!
აბა, ვინ დათვლის იმ დღეებსა და ღამეებს, რომელიც ჩვენთვის ლოცვაში გაუტარებია? მერე როგორი გახარებული იყო, თუ თავისი ლოცვით შეგიმსუბუქებდა ცხოვრებას. მამა არსენი სავსე იყო სიყვარულით და ეს სიყვარული ყველასთვის ყოფნიდა. მაგარამ იოლად არ მოუპოვებია მამა არსენს ეს ნიჭი. საამისოდ მრავალი წელი დასჭირდა. იგი ხომ განუწყვეტლივ ლოცულობდა უფლისა და ღვთისმშობლისადმი, ცხოვრების უმძიმესი წლები გამოიარა, ჩვენი ეკლესიის მამებს ბაძავდა და ღვთის წყალობაც არ აკლდა!
...ერთხელ შევესწარი, როგორ წერდა მამა არსენი წერილს, რომლის მიწერაც რამდენჯერმე გადადო, ეტყობოდა, რომ ეს ამბავი ძალიან აღელვებდა. მახსოვს, დამლოცა და მითხრა: „მაპატიეთ, თქვენთან საუბარი არ შემიძლია, ღმერთმა დამსაჯა – წერილის წერას ვერ ვახერხებ. დამელოდეთ!“ ხატებს მიუახლოვდა და ლოცვა დაიწყო. მე სავარძელში ჩავჯექი. დიდხანს ლოცულობდა. შემდეგ წერილის წერა დაიწყო. ერთი გვერდი ჩაამთავრა და დაფიქრდა. მერე მე მომმართა: „თითქოს გაორებული ვარ, ადამიანი და მოძღვარი თითქოს შორდება ერთმანეთს, ეს კი დაუშვებელია. მღვდლის ვალი ერთს მკარნახობს, ადამიანური გრძნობა კი – მეორეს. რთულია ადამიანის ცხოვრება, მთავარი ხომ საკუთარი თავის შეცნობაა, საკუთარი სულიერი ძალების შეფასება. ყველას კი არ შეუძლია ამის გაკეთება, ამიტომაც სულიერმა მამამ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რა შეუძლია თავის სულიერ შვილს, რათა დროულად მიუთითოს და აპოვნინოს მართალი გზა. თუ სულიერი მამა შეცდა, სხვასაც დაღუპავს და თავის სულსაც, ამიტომ სულიერი მამისთვის დამღუპველია საკუთარ აზრებზე დაყრდნობა, პირდაპირ დაუშვებელია. ამიტომ აუცილებელია, ღვთის იმედად ვიყოთ და ლოცვაში ვპოვოთ იგი. იცი, ერთი წერილი მივიღე ძალიან კარგი ადამიანისაგან, რომელმაც რთული, მაგრამ მაინც ლამაზი ცხოვრებით იცხოვრა, ახლა საბოლოოდ გაიმარჯვა საკუთარ თავზე და მთხოვს დავლოცო, რათა მღვდლად ეკურთხოს.
ჭეშმარიტი მოძღვრის გზა მუდამ რთულია, განსაკუთრებით დღეს, რაც მხოლოდ ტაძარში მსახურებას არ გულისხმობს, როგორც ეს რევოლუციამდელ რუსეთში ითვლებოდა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ძნელია და პიროვნებისგან უდიდეს გმირობას მოითხოვს, რადგან სხვა ადამიანის გამო საკუთური თავის უარყოფაა საჭირო.
მიმძიმს იმის მიწერა, რომ ამ ადამიანმა უარი თქვას მღვდლობაზე, რადგან ეს მისი გზა არ არის. მას ამის გარეშეც შეუძლია უფრო დიდი სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს, მაგრამ მისი გარემოცვა ურჩევს, რომ მღვდელი გახდეს, რადგან ხედავენ, როგორი მშვენიერი სულის ადამიანია, – მითხრა მამა არსენმა, ხატებს მიუახლოვდა და წარმოთქვა: „მწამს უფალო, რომ შეეწევი მას, მწამს!“ – თქვა და ამის შემდეგ ლოცვა დაიწყო.
მახსოვს, მოდიოდა წერილები, რომლებიც ახარებდა მამას არსენს და ღმერთს მადლობას სწირავდა. ზოგიერთი წერილის კითხვა პატარა ბავშვივით ახალისებდა, ლოცულობდა, მადლობას სწირავდ უფალსა და ღვთისმშობელს.
მეც ბევრს ვწერდი მამა არსენს და ხშირად ჩემს წერილებში ბევრი რამ იყო უმნიშვნელო და არაფრისმთქმელი. როდესაც დავინახე, თუ როგორ ეპყრობოდა იგი ჩემს წერილებს, მივხვდი, თუ როგორი უმოწყალონი ვიყავით მის მიმართ.
საპასუხო წერილებში მამა არსენი საკუთარ სულს აქსოვდა, საკუთარი სულის ნაწილს იღებდა და ადამიანს გადასცემდა. მისგან მიღებული ყოველი წერილის შემდეგ ბევრ ისეთ რამეს იგებდი საკუთარ თავზე, რაც კარგად არ გქონდა გაცნობიერებული, რის შესახებაც არავისთან გისაუბრია, რასაც, თურმე საკუთარ თავსაც კი უმალავდი. ამ დროს კი მისი რჩევა აღმოჩნდებოდა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
მამა არსენი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ადამიანისგან არასდროს არაფერს ითხოვდა, მხოლოდ რჩევას მოგცემდა და შენ უნდა მიგეღო გადაწყვეტილება. მასთან მისული მორწმუნეები თავისთავად იქცეოდნენ ისე, როგორც ამას მამა არსენი ამბობდა, რადგან ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა თავისი მოთხოვნის შესრულება. გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ასობით სახელი ახსოვდა, ახსოვდა სულიერი შვილების მისამართები, მათი მთელი ცხოვრება, ყველაფერი, რასაც მას საკუთარ თავზე უამბობდნენ ადამიანები. ახსოვდა მათი ნათესავები და თუ ვინმე წერილს არ მოსწერდა, ასეთ შემთხვევაში ღელავდა და თვითონვე შეეხმიანებოდა ხოლმე.
როდესაც საკუთარ ოთახში წირავდა, უეცრად მოიხსენიებდა ახლად აღსრულებულ მონა ღვთისას სერგის, ან ავადმყოფ ანტონინას, ხოლო სამიოდე დღის შემდეგ, წერილებიდან ან მნახველთა მეშვეობით ვიგებდით, რომ გარდაიცვალა სერგი, ან ძლიერ ავად არის ანტონინა, ან ანტონინა თვითონ მოდიოდა და თავის ავადმყოფობაზე გვესაუბრებოდა. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? წინასწარ ჭვრეტას? მომხდარის ცოდნას? მამა არსენს არასდროს ვეკითხებოდით ამის შესახებ. მაგრამ ეს ყველაფერი ასე იყო.
აღსარება ან უბრალო საუბარი დიდხანს ამახსოვრდებოდა ადამიანს. შეიძლებოდა მამა არსენი თვეობით არ გენახა, მაგრამ მასთან აღსარებაზე მისული ადამიანი გრძნობდა, რომ მან ყველაფერი იცოდა მისი შეცდომებისა და ცოდვათა შესახებ.
მომხდარა ისეც, რომ მისალმებისთანავე შემოგხედავდა და გეტყოდა: „არ მოველოდი, დედის გამო ძმასთან თუ იკამათებდი, ნამდვილად არ ველოდი. არადა, დედასთან თქვენ უფრო ახლოს ხართ, ვიდრე ის და უნდა გესმოდეთ, რომ..."
ასე ხშირად ხდებოდა!
ვამჩნევდით, რომ მამა არსენს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, ვისაც ბანაკები ჰქონდა მოვლილი. ერთ-ერთი საუბრის დროს, მამა არსენს ვუთხარი ამის შესახებ, თითქოს ვუსაყვედურე კიდეც. მამა არსენი წუთით ჩაფიქრდა და მითხრა: „მართალი ხართ, ბანაკმა ცხოვრება და ადამიანები სხვაგვარად დამანახა. იმის საშუალება მომცა, რომ სხვაგვარად აღმექვა ადამიანებისადმი ღვთის წყალობა. იქ ყველაფერი გაშიშვლებულია, უკიდურესად გამწვავებული, ადამიანი სასიკვდილოდაა განწირული. ეს ყველასათვის ცხადია. სწორედ ამ დროს, ხანგრძლივი სიკვდილის პირობებში, შესაძლებელია, რომ საკუთარ არსებაში ადამიანიც კი აღმოაჩინო, შეინარჩუნო რწმენა, დაეხმარო სხვას, ბევრი ადამიანი შემხვედრია იქ, რომლებმაც გამაოცეს იმით, რომ უსასტიკეს პირობებშიც კი შეინარჩუნეს უდიდესი სულიერება. სწორედ ამ ადამიანებმა მასწავლეს, როგორ შემენარჩუნებინა ბანაკის პირობებში ღვთის რწმენა, მათ დამანახს სულიერი გმირობის მაგალითები. მათ მიხსნეს სიკვდილისგან, მასწავლეს, თუ როგორ შეიძლება ილოცო, როდესაც ირგვლივ ლანძღვა-გინება, ჩხუბი და ხმაურია. ჩემი ბანაკის მეგობრებიდსადმი უსაზღვრო გრძნობა მაქვს და დიდად ვემადლიერები უფალს და ღვთისმშობელს იმისთვის, რომ მათი თავი გამომიგზავნა. როდესაც მათ ვხედავ, მახსენდება, რამდენი რამე გააკეთეს მოყვასისთვის, ღვთისა და ადამიანის სახელით. მათ წინაშე სამუდამო ვალში ვარ. აი, რატომ მიყვარს ისინი განსაკუთრებით“.
ვიხსენებდი რა მამა არსენის ცხოვრებას ბანაკში, ვფიქრობდი იმაზე, თუ თვითონ მან რამდენ ადამიანს შეუნარჩუნა რწმენა და რამდენი იხსნა სიკვდილისაგან. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მამა არსენი ძლიერ დასუსტდა, მასთან მისულ წერილებს თვითონ ვეღარ კითხულობდა, მე ვუკითხავდი. პასუხებსაც მისი კარნახით მევე ვწერდი. მაოცებდა მისი სულიერი სიბრძნე. თავიდან მიკვირდა, რომ მის მიერ გაცემული პასუხები ხშირად არ ემთხვეოდა კითხვებს, რომლებსაც წერილით უგზავნიდნენ, ვფიქრობდი, რომ მამა არსენი ცდებოდა და რამდენჯერმე ვცადე კიდეც, შენიშვნა მიმეცა. მამა არსენი ამ დროს კარნახს წყვეტდა, შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. მოდიოდა საპასუხო წერილები და მისი ავტორები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ მოძღვრის მიმართ იმ რჩევისთვის, რომელიც მე ასე უადგილო მეჩვენებოდა. მას კი ჰქონდა უნარი პიროვნების განჭვრეტისა და ბრძნულად დარიგებისა. ადამიანებთან ურთიეთობისას საოცრად თბილი იყო, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ მისდევდა არჩეულ გზას. მოყვასისთვის ლოცვა და დახმარება მისი მოღვაწეობის საფუძველს წარმოადგენდა.
ძალა და ჯანმრთელობა თანდათან უბრუნდებოდა. გათავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ იტყოდი, რომ მამა არსენი ოდნავ არის შეცვლილიო. საშუალოზე მაღალი, გამხდარი, მუდამ წელში გამართული, გარეგნულად ჯანმრთელი გეგონებოდათ. მისი ყურადღება და ალერსიანი მოპყრობა თანამოსაუბრისადმი, ავიწყებდა ადამიანს, რომ იგი მძიმედ იყო ავად.
ხშირად ჰქონდა დარდიანი და ნაღვლიანი მზერა. იფიქრებდი, თითქოს მის წინაშე ჩავლილი უამრავი ადამიანის დარდი და წუხილი სულ თვალწინ უდგასო. ვიცოდით, რომ არასოდეს ავიწყდებოდა ისინი, რომელთაც თუნდაც ერთხელ მაინც შეხვედროდა განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკებში. მამა არსენი ვერ ამჩნევდა საკუთარ ავადმყოფობას, რომელსაც სწორედ ახლა ეჩინა თავი. გათავისუფლების შემდეგ ავადმყოფობა გაუმწვავდა: სახსრების რევმატიზმი და მძიმე სტენოკარდია ხშირად აგდებდა ლოგინად. წლები და ავადმყოფობა უმოწყალოდ ანადგურებდა, მაგრამ არ იმჩნევდა. გარშემომყოფთ ავადმყოფობას უმალავდა. მხოლოდ ექიმ ირინას დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა არაფერი. იგი მამა არსენს აიძულებდა, წოლითი რეჟიმი დაეცვა, მაგრამ ეს მამა არსენის ცხოვრების წესს არ ცვლიდა. იგი მწოლიარე ესაუბრებოდა მეგობრებს, წერდა ან კარნახობდა პასუხს წერილებზე. წერილები კი ბევრი მოდიოდა, თანაც ყოველდღე ვიღაც ეწვეოდა ხოლმე. იყო დღეები, განსაკუთრებით, გამოსასვლელი, როდესაც ათამდე ადამიანიც მოსულა. ყველას სჭირდებოდა საუბარი, კითხვაზე პასუხი, რჩევის მიცემა. მამა არსენს ლოცვის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, მაგრამ ხშირად დრო აღარ რჩებოდა და უმთავრესად ღამით ლოცულობდა, მერე კი ძილისთვის აღარ რჩებოდა დრო.
მართალია, მის სულიერ შვილებსა და მეგობრებს ძალიან უყვარდათ იგი, მაგრამ რატომღაც ყველას ეგონა, რომ როდესაც წერილებს უგზავნიდნენ ან რჩევას სთხოვდნენ, მხოლოდ იგი ჰყავდა მამა არსენს გადასარჩენი და ამიტომაც ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვებოდა მძიმე ავადმყოფს; ყველას გვინდოდა, რაღაც კარგი და სასიამოვნო გვეკეთებინა მისთვის, მაგრამ საწინააღმდეგო კი გამოგვდიოდა, სინამდვილეში ენერგიას ვაცლიდით.
ზოგჯერ აუცილებელი იყო მამა არსენის გამგზავრება სხვა ქალაქში, რათა სულიერ შვილებს შეხვედროდა.
1960 წლის ბოლოს მამა არსენმა ლენინგრადში გადაწყვიტა გამგზავრება, რათა მოეძებნა ის ადამიანები, რომელთა სახელები და მისამართები მომაკვდავმა მიქაელმა გადასცა (გაიხსენეთ, მოგონებები მიქაელზე). მამა არსენს თან ვახლდი. ლენინგრადში დილით ადრე ჩავედით. მან ნაცნობების მონახულება არ მოინდომა. გადაწყვიტა, სადგურიდანვე მოცემულ მისამართზე წასულიყო. ვთხოვე, რომ მე წინდაწინ წავსულიყავი, რათა გამეგო, ცხოვრობდნენ თუ არა ეს ადამიანები იმავე მისამართზე, მაგრამ იუარა, მითხრა: არ არის საჭირო, ერთად წავიდეთ, ისინი არსად წასულანო.
გავედით სადგურის მოედანზე, სადაც, როგორც დიდ ქალაქებს სჩვევია, ხმაური იყო. მამა არსენმა ტაქსით გამგზავრება არ ისურვა და იკითხა, თუ რომელი ნომერი ტროლეიბუსი მიდიოდა ნევის პროსპექტისაკენ. განსაკუთრებული ინტერესით ათვალიერებდა სახლებს, ქუჩებს. სადღაც შუა პროსპექტზე ჩამოვედით და მის გვერდით, პარალელურ ქუჩას გავუყევით. დიდი სახლ იყო, ექვსსართულიანი, ნათელი, ორი სადარბაზოთი. ერთ-ერთ მათგანთან რამდენიმე ბრინჯაოსა და გრანიტის დაფა იყო დამაგრებული, რომელიც აღნიშნავდა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი მეცნიერები. ლიფტით მეოთხე სართულზე ავედით. ბინის კარზე სპილენძის აბრა ელვარებდა იმ პიროვნების გვარით, რომელსაც ვეძებდით. ზარი დავრეკე. კარი საკმაოდ სწრაფად გაიღო და ორმოციოდე წლის ქალმა მკითხა: ვინ გნებავთ? მამ არსენმა ბინის პატრონის გვარი, სახელი და მამის სახელი დაუსახელა. ქალმა თავაზიანად შეგვიპატიჟა.
დერეფანში რომ შევედით, მოითმინეთ, ახლავ, დავუძახებო, – გვითხრა ქალმა, ერთ-ერთი ოთახის კარი გააღო და ხმადაბლა თქვა: „სერგეი, თქვენთან სტუმარია“. დერეფანში მაღალი მამაკაცი გამოვიდა მოგრძო, ლამაზი სახით, რომელსაც შავი წვერი უმშვენებდა. მისი შავი თვალები გაგაოცებდათ ცოცხალი გამომეტყველებით და გამჭრიახობით. შეგვათვალიერა და საკმაოდ მკვახედ გვითხრა: „რით შემიძლია გემსახუროთ?“
– თქვენთან დიდი ხნის წინათ მიღებული დავალებით მოვედით, – უპასუხა მამა არსენმა.
– ძალიან სასიამოვნოა, გთხოვთ გაიხადოთ.
პალტოები გავიხადეთ და სერგის ოთახში შევედით.
უზარმაზარი საწერი მაგიდა ოთახის მეოთხედს იკავებდა. ოთახში ძველებური ავეჯი იდგა. ნახატებთან ერთად ძველისძველი ხატებიც ეკიდა. მძიმე მაღალი კარადები წიგნებთ იყო სავსე. მაგიდა და სავარძლებიც სავსე იყო წიგნებით. ოთახის შუაში იდგა ოთკუთხედი მაგიდა, რომელზედაც თეთრი სუფრა იყო გადაფარებული. რატომღაც კარგად დამამახსოვრდა ჩვენი მასპინძელი და ის, თუ როგორ იყო მისი ოთახი მოწყობილი. იქ ყველაფერი ხაზს უსვამდა მის პროფესიას.
– რით შემიძლია გემსახუროთ? – გაგვიმეორა სერგიმ და გვთხოვა დავმსხდარიყავით. ქალი, რომელმაც კარი გაგვიღო, ოთახში შემოვიდა და საწერ მაგიდასთან გაჩერდა.
– 1952 წელს ღვთის ნებით მიქაელ ტერპუგოვს შევხვდი. ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული რეჟიმის საკანში მოხდა, საიდანაც 197 წლის ბოლოს გავთავისუფლდი. აღსარებისას მიქაელმა თქვენი გვარი და მისამართი გადმომცა და მთხოვა, აუცილებლად შეგხვედროდით. თან ისიც დასძინა, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის, ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა. მთხოვა ლოცვებში მომეხსენიებინა ხოლმე და კიდევ, მისი უკანასკნელი წუთების შესახებ მომეთხრო თქვენთვის, – უთხრა მამა არსენმა.
სერგი თითქმის წამოდგა სავარძლიდან, წინ გადამოიწია, თან თითქოს თვალები კიდევ უფრო გაუმუქდა და მათში რაღაც განგაშის მსგავსმა გაუელვა. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად შეჰყურებდა მამა არსენს, შემდეგ ერთბაშად წამოდგა და გარკვევით წარმოთქვა: – უკაცრავად, მაგრამ თქვენ ჩემთან არაფერი გესაქმებათ, როგორც ჩანს, მისამართი შეგეშალათ.
მაგიდასთან მდგარმა ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ცრემლიანი ხმით წარმოთქვა: „სერიოჟა!“
– თავი დაანებე, ლიზა! დიახ, დიახ, შეეშელათ! უკაცრავად, აღარ დაგაკავებთ, ეტყობა, შეცდით, მოწყალეო ხელმწიფენო! – წარმოთქვა აღელვებულმა სერგიმ.
მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებში სიტყვები – მოწყალე ხელმწიფენო – რაღაც დამცინავად ჟღერდა. ჩვენ წამოვდექით და გასასვლელისკენ წავედით. უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. ჩავიცვი და მამა არსენს პალტო მივაწოდე. ქალი ოთახში იდგა, მაგრამ უეცრად ადგილს მოწყდა, ჩვენთან მოირბინა, მამაოს ხელი მოჰკიდა და ჰკითხა:
– მითხარით, ვინ ხართ, თქვენი სახელი, თუ შეიძლება?
– პეტრე სტრელცოვი, მღვდელ-მონაზონი არსენი. საგანგებოდ თქვენს სანახავად ჩამოვედი.
– მოითმინეთ, არ წახვიდეთ, დაბრუნდით, დაბრძანდით. ოცი წუთი დამელოდეთ. არ წახვიდეთ, ნუ ბრაზდები, სერიოჟა!
ქალი ოთახში შებრუნდა, ტელეფონით სადღა დაიწყო რეკვა.
დაბნეულნი ვიდექით დერეფანში. ოთახიდან აღელვებული ხმა მოგვესმა: „ეს მე ვარ, ლიზა, გთხოვ, ახლავე მოდი, გესმის? დაუყოვნებლივ! ყველა საქმე გადადე, ახლავე მოდი, ძალიან საჭირო ხარ, შენ ყველაფერს მიხვდები, დამეხმარები, გესმის?“
სერგი მოღუშული იდგა ჩვენს გვერდით. ქალმა საუბარი დაამთავრა, დერეფანში გამოვიდა და გვითხრა: „გთხოვთ, გაიხადოთ და ოცი წუთი დაელოდოთ, იქნებ რაიმეთი დაგეხმაროთ, სერიოჟა, ნუ ბრაზდები, ახლავე ყველაფერი გაირკვევა“.
ოთახში შევბრუნდით და მაგიდას მივუსხედით, სერგი დაბნეული სახით საწერ მაგიდას მიუჯდა. ქალი სამზარეულოში გავიდა და ხუთი წუთის შემდეგ ჩაი და ნამცხვარი მოიტანა. რამდენიმე ხანს ყველანი ვდუმდით, მძიმე და უხერხული ვითარება შეიქმნა. მდგომარეობა რომ განმემუხტა, კედელზე დაკიდებულ ნახატებზე დავიწყე საუბარი. სერგიმ რამდენიმე პეიზაჟის შესახებ მიამბო. დაასახელა ცნობილი მხატვრის სახელები, ეტყობოდა, რომ ძალდატანებით საუბრობდა, მაგრამ მამა არსენი წამოდგა, ღვთისმშობლის ერთ-ერთ ხატს მიუხლოვდა, ყურადღებით დაათვალიერა და წარმოთქვა: – მშვენიერი ხატია, მსგავს ხატწერას და, ამავე დროს ღვთისმშობლის ასეთ ღვთაებრივად ადამიანურ სახეს იშვიათად ნახავთ ხატებზე.
სერიოჟასაც მოსწონს ეს ხატი, მაგრამ ვერ მოახერხა დაეზუსტებინა, სად და როდის არის დაწერილი. თქვენ ერკევით ხატებში? – თქვა ქალმა
– უნდა ვერკვეოდე, – უპასუხა მამა არსენმა და კვლავ დააკვირდა ხატს. – ნება მომეცით, ხელით შევეხო, – მიმართა სერგის.
სერგი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა, ხატთან მივიდა, კედლიდან ჩამოხსნა და მამა არსენს აჩვენა. მამა არსენმა ხატისკენ ხელი გაიწოდა, სერგიმ უკან დაიხია, როგორც ჩანს, არ უნდოდა, რომ უცხო ადამიანი ხელით შეხებოდა ხატს, მაგრამ შეხედა თუ არა მამა არსენს, მაშინვე სათუთად გაუწოდა ხატი.
ჩვენ, ოთახში მყოფნი, გაოცებით შევყურებდით მამა არსენს. მისი გაწვდილი ხელები, დახრილი თავი და მთელი მისი სხეული ისეთ ღვთისნიერებას და მოწიწებას გამოხატავდა, თითქოს იგი ხელით უნდა შეხებოდა მაცხოვრის სისხლით სავსე წმინდა გრაალს, ალბათ, იგივე იგრძნო სერგიმაც.
მამა არსენი ხატით ხელში ფანჯარას მიუახლოვდა. მკაცრი მზერით დიდხანს აკვირდებოდა ხატს, ნელი მოძრაობით ხატი მეორე მხარეს გადააბრუნა; ჯერ სოგმანს ჭრილს დააკვირდა, შემდეგ ტორსი დაათვალიერა, მაგრამ ხატი სერგის კი არ მიაწოდა, არამედ მაგიდაზე დადო.
ფანჯრიდან შემოსული სინათლე სუფრასა და ხატს ეცემოდა და უეცრად გაოცებისგან კინაღამ წამოვიყვირე – წარმოუდგენლად გასაოცარი იყო ღვთისმშობლის გამოსახულება. როცა ხატი კედელზე ეკიდა, ეს შეუმჩნეველი რჩებოდა. ღვთისმშობლის ხელებზე თავისუფლად იჯდა ყრმა იესო, ხოლო ღვთისმშობელი მას ისე იხუტებდა, ისეთი ნაზი და სიყვარულით სავსე მზერით დაჰყურებდა ყრმას, რომ მის თვალებში იოლად ამოიკითხავდით დაფარულ მწუხარებას პირმშოს გამო. თითქოს ღვთისმშობელი მის მომავალ ჯვარცმას დასტიროდა. გეგონებოდათ, დედობრივი სიყვარული, ღვთაებრივი ცოდნა, პირმშოს ამქვეყნად მოვლინების მიზეზი და ტანჯვა შვილის ხვედრის გამო, ერთდროულად ცოცხლობს მასშიო. ღვთისმშობლის სახე სავსე იყო დედობრივი ბედნიერებითა და ამავე დროს მწუხარებით.
მამა არსენი დუმდა, სერგი ხატს დასცქეროდა და აღტაცებას ვერ ფარავდა, ასეთი რამ ხომ პირველად დაინახა.
ღვთისმშობელს ფაქიზი, მაქმანისებური სამოსი ემოსა, რაც ხაზს უსვამდა და აძლიერებდა მის სილამაზესა და არაამქვეყნიურ დიდებას. ღვთისმშობლის რბილ, ოდნავ შესამჩნევ ღიმილში ჩანდა თანალმობა. იგი მზერით გეუბნებოდა: „მოვიდეს ჩემთან ყოველი გაჭირვებული და მწუხარე, მოვიდეს და ყველას ვანუგეშებ მე.“
ხატს მზერა მოვწყვიტე და სერგის შევხედე: იგი ისე განცვიფრებული შეჰყურებდა მაგიდაზე დადებულ ხატს, თითქოს დღეს პირველად ნახაო. ეტყობოდა, რომ ასეთი ხატი არასდროს ენახა.
მამა არსენმა სიჩუმე დაარღვია და წარმოთქვა: „განა აუცილებელია, ხატის დაწერის დრო, ადგილი და ავტორი მიუთითო?! – ეს ხელოვნებათმცოდნეების საქმეა. შეხედეთ, ყრმისა და ღვთისმშობლის გამომეტყველებას და თუ მორწმუნე ხართ, მიხვდებით, რომ არცერთ ადამიანს, ღვთისმშობლის დახმარების გარემე არ შეუძლია მსგავსი ხატის შექმნა. შეხედეთ!
როდის დაიწერა? XVII საუკუნის დასაწყისში, დიდ უსტიუგში. ავტორი? მხოლოდ ღმერთმა უწყის, რომელმაც შთააგონა ხელოვანი. დაფა ძალზე ძველია და ეტყობა, რომ მასზე ბევრჯერ დაწერილა. ხოლო ეს ნაწერი დიდი ხნის წინათაა რესტავრირებული. აბა, დააკვირდით, როგორი უსაზღვრო სულიერი მშვიდობისმოყვარეობა იგრძნობა ყრმისა და ღვთისმშობლის გამოსახულებიდან! ხატმწერი აღსავსე იყო სიყვარულითა და ქრისტეს რწმენით, თავისი დიდი ტალანტი რწმენითა და სიყვარულით გაამდიდრა. ამიტომაც ხატი ამშვიდებს ყველას, ვინც ნაღვლიანიას და მგლოვიარე, უსახლკარო, ვინც რწმენა დაკარგა ადამიანური სამართლიანობისა. იგი სწორედ ასეთ ადამიანებს ამხნევებს, შეახსენებს, რომ სხვა სიცოცხლეც არსებობს, განწმენდილი უკეთურობისა და შიშისაგან ამა სოფლის ბოროტებისაგან. ღვთისმშობლის სახე თავისკენ გვეძახის, გადარჩენის იმედს გვაძლევს.“
დერეფნიდან ზარის ხმა გაისმა. ელისაბედი – ასე წარგვიდგინა იგი სერგიმ, – თან კარის გასაღებად გაემართა.
ოთახის კარი უეცრად გაიღო, შემოვიდა ელისაბედი და შეხედა თუ არა მამა არსენს, აღფრთოვანებული მაშინვე მისკენ გაემართა: „მამაო არსენ! მამაო არსენ! "თქვენი ჩამოსვლის შესახებ რატომ არ შეგვატყობინეთ? ღმერთო, რა კარგია, რომ ჩამოხვედით. ლიზამ მითხრა რომ სერგის თქვენ ჯაშუში ეგონეთ, ლიზას კი თქვენ შესახებ ვუამბობდი და მიხვდა, ვინც იყავით და ჩემთან დარეკა. ძალიან მინდოდა, სერგი და ლიზა თქვენთან ჩამომეყვანა, მაგრამ აი, თქვენ თვითონ ჩამოხვედით. ღმერთო! რა შესანიშნავია. დაგვლოცეთ!“ – უეცრად ყველაფერი შეიცვალა.
მამა არსენი სერგისთან ოთხი დღით დარჩა. მიქაელის მეორე ნაცნობი მოვნახე და მამა არსენთან მივიწვიე.
როდესაც უკან ვბრუნდებოდით, მამა არსენმა მითხრა: „შეუცნობელია გზანი უფლისანი, რამდენი მშვენიერი და საჭირო რამ შემძინა ამ შეხვედრამ“.
შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ვხვდებოდი მამა არსენთან სერგის, ლიზასა და მიქაელ ბერის მესამე, ლენინგრადელ მეგობარს.
მახსოვს და სულ მეხსომება! ვერასდროს შევძლებ „განსაკუთრებული რეჟიმის“ დავიწყებას, ახლაც, მრავალი წლის შემდეგ, ბანაკის მთელი ყოფა და იქაური ცხოვრება თვალწინ მიდგას. თითოეული წვრილმანი მაგონდება, ღამით კი ეს ყველაფერ კოშმარად მექცევა ხოლმე.
დაპატიმრება, განუწყვეტელი დაკითხვები, ფიზიკური დამცირება, ცემა-შეურაცხყოფა და მისი ზემოქმედებით „სიმართლის აღიარება“.
ციხის საკანი, ავტომატიანი ბადრაგის თანხლებით ხანგრძლივი სვლა კოლონიებში, შემოდგომის წვიმა, ყოველი ფეხის გადადგმაზე დაცვის ყვირილი: „საკმარისია, გვერდით გადადგათ ორი ნაბიჯიც და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გესვრით!“ საშინელება იყო ეს ყოველივე, მაგრამ ამ კოშმარულ ყოფაშიც ცოცხლობდა უკეთესი მომავლის იმედი. და ბოლოს ... განსაკუთრებით გაძლიერებული რეჟიმის ბანაკში მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ამას წინ სეედა, თურმე ყველაზე საშინელი არ ყოფილა, „განსაკუთრებულში“ გატარებული რვა წელი უდიდესი გამოცდა გამოდგა ჩემთვის.
... ღამეა, ბარაკი დაკეტილია, დერეფნის გასწვრივ ნათურა ბჟუტავს, სანახევროდ ბნელა, მხოლოდ ყინულით ან თოვლით დაფარულ ფანჯრებში გაიელვებს პროჟექტორის შუქი, გაანათებს კედლების მონაკვეთს და ისევ მიიმალება. ბარაკის მიღმა ოცდაათ გრადუსიანი ყინვაა, ქარი ფანჯრებს ასკდება, თითქოს კვნესის და ტირის. ბარაკში ბევრი ადამიანია, მაგრამ მაინც მარტო ხარ, სრულიად მარტო, ყველასთვის უცხო. შენთვისაც ყველა უცხოა. გარეთ კი გაუთავებელი, უსასრულო ღამე ჩამოწოლილა, მერე ხმაური თანდათან კლებულობს, გრძნობ, როგორ გიახლოვდება ყოვლისმომცველი სიჩუმე, როგორ ისადგურებს იგი შენშიც. უსუსურობის, უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ლამის გაგიჟდე. ამ სიჩუმეში თვალწინ წარსული გიცოცხლდება, გამოუვალი, უნუგეშო აწყმო და... მომავალი.
ცალკეულ პატიმართა ბოდვა-წამოძახილი ვერ იღვევს სიჩუმეს, პირიქით, თითქოს უფრო ნათლად შეიგრძნობ, თუ როგორ უარგყო, როგორ გაგთელა ცხოვრებამ.
ზოგჯერ ისეთი ცხადი ხდებოდა სიმარტოვე და ღამის წყვდიადი, რომ გეჩვენებოდა, ცოტაც და ფიზიკურადაც კი შეეხებოდი მას. ბანაკი დუმდა, განვლილი დღე კოშმარად გახსენდებოდა, განუწყეტლივ თან გდევდა სიკვდილი – გცემდნენ, გამცირებდნენ, გაშიმშილებდნენ, რათა შენში ყოველგვარი ადამიანური ჩაეკლათ, სულიერება წაერთმიათ.
„სწრაფად კარცერში, არამზადავ! დაგხვრეტთ!“ – გაბოროტებული, შეშლილი ხმით ყვიროდა ბანაკის უფროსობა.
„მოგკლავ! გაგანადგურებ!“ – ყოველ წუთს ღრიალებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და ცარიელი მუქარა როდი იყო. ასეთი რამ, ყველას თვალწინ, ხშირად ხდებოდა.
მთელი დღის გადაღლილი, ღამითაც ვერ ისვენებდი და, ამდენად, ძალებსაც ვერ აღიდგენდი. პირიქით, უარესად იღლებოდი და უფრო მეტად იტანჯებოდი სულიერად. „განსაკუთრებულის პატიმარი“ პატიმრობის ვადის გარეშე ცხოვრობდა, ერთი ვადა დაგიმთავრდებოდა, ისევ დაგიმატებდნენ, მაგრამ რისთვის? ეს კი გაურკვეველი იყო. და ასე, ბანაკში გტოვებდნენ მანამ, სანამ სული არ ამოგხდებოდა. ასეთ ყოფაში აღარაფრის იმედი არ გქონდა. ასე გადიოდა წლები, თვეები, დღეები და ყოველი დღე სიკვდილის ზღვარზე დგომას ნიშნავდა.
ახალ ბანაკში გადამიყვანეს. მეოთხე დღეს ვამჩნევ ადამიანს, რომელიც მუდმივად საკუთარ საწოლთან დგას. ვუყურებ და მიკვირს, რას აკეთებს ღამ-ღამობი ასე ფეხზე მდგომი? ან როდის სძინავს? მერე შემთხვევით გავიგე, რომ ეს პატიმარი ლოცულობს. ზოგიერთი დამნაშავე გვერდით თუ გაუვლიდა, ჩაულაპარაკებდა: „ჯადოქრობ, მღვდელო?“
აქ ყველას ამოგვხდება სული, ყველას, ეს კი ლოცულობს, რისთვის? რა საჭიროა ლოცვა? როდესაც თავისუფალი ვიყავი, მესმოდა, რომ არსებობენ მორწმუნეები და მათ ყველას აპატიმრებენ, რადგან ისინი ხელისუფლებას ებრძვიან. ჩვენს ოჯახში ცრურწმენა და რელიგიურობა ჩამორჩენილობად და უკულტურობად ითვლებოდა.
რა შეიძლება მისცეს ადამიანს რწმენამ და საერთოდ, რისი უნდა გწამდეს აქ, განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკში, სადაც ყველანი აუცილებლად დავიღუპებით?! ხშირად მეუფლებოდა სასოწარკვეთილება, ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი სასიცოცხლო ძალებს. გადავწყვიტე, რომ მოვმკვდარიყავი. შინაურებისთვის, ალბათ, ისედაც დიდი ხნის მკვდარი ვიყავი. მოსკოვში თუ მომიკითხავდნენ, ალბათ ასე უპასუხებდნენ: არ ირიცხება!
მოკლედ, გადაწყვეტილება მიღებულია: სიცოცხლის ასე გაგრძელებას აზრი არა აქვს, უნდა მოვკვდე! და უნდა მოვკვდე არა მაშინ, როდესაც ამას რომელიმე ბადრაგი ან რომელიმე ბანდიტი მოინდომებს ან სულაც შიმშილით, ან თუნდაც სიცივით ამომხდება სული, არამედ ახლა, ამ წუთას, აღარ შემიძლია, უკვე გავწამდი, მორჩა!
რა, განა ეს სიმხდალეა? არა, ეს აუცილებლობაა. სიცოცხლისათვის ბრძოლა მაშინაა შესაძლებელი, როდესაც არსებობს იმედი. „განსკუთრებულში“ კი ეს იმედი არ არსებობს. მხოლოდ წამებით თუ ამოგხდება სული. ღამით ტუალეტისკენ მივდივარ, იქ ხის ძელია, რომელიც უკვე ბევრმა გამოსცადა. თოკი დღისით სამუშაოზე მოვიპარე და ტანზე შემოვიხვიე. მეჩქარება, სწრაფად უნდა დამთავრდეს ყველაფერი, ცოტაც და აღარ ვიარსებებ, ყველაფერი დამთავრდება.
დერეფანში, საწოლებს შორის, მოხუცის გვერდის ავლით მივდივარ. იგი კვლავ დგას და ლოცულობს. ირგვლივ ყველას სძინავს. მოხუცი, როგორც ყოველთვის, ვერაფერს ამჩნევს. მინდა ჩქარა მოვიყვანო სისრულეში ჩემი გადაწყვეტილება. მივდივარ, მაგრამ უეცრად მოხუცი შემობრუნდა. ჩემკენ წამოვიდა, ხელი მომკიდა და მითხრა: „დაჯექით! თქვენ მარტო არ ხართ, ასეთ დღეში აქ ბევრნი ვართ. მაგრამ ღმერთი არ გვტოვებს, ღმერთი ჩვენთანაა!“
ვჯდები, ის კი ლაპარაკს განაგრძობს, ჩუმად, მშვიდად, წყნარი ტონით. ვუსმენ მოხუცს და პასუხის გაცემას ჩურჩულით ვიწყებ: ამ წუთში იგი ძალიან მძულს, რადგან ხელს მიშლის სისრულეში მოვიყვანო ჩემი ჩანაფიქრი. რა მისი საქმეა, თუ როგორ გადავწყვეტ საკუთარ ბედს? ვიცოცხლებ თუ თავს მოვიკლავ. ის კი ჩემს ცხოვრებაზე მესაუბრება, და ჩემდა გასაკვირად, ჩემს შესახებ ბევრი ისეთი რამ იცის, რაც ძალიან მაკვირვებს, საიდან შეიძლებ იცოდეს ამდენი რამ ჩემს ცხოვრებაზე?
ის მშვიდად მესაუბრება. დიახ, მას ესმის, რომ გამოვიფიტე, რომ მიჭირს, ავად ვარ, შეურაცხყოფა, დამცირება, შიმშილი – ეს ყველაფერი მართლა საშინელებაა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მოვერიო და გავიმარჯვო? დიახ, თუ მოვინდომებ, ამას აუცილებლად მოვახერხებ და გამარჯვებაც მე დამრჩება.
გაბოროტებული ვეპასუხები, შეურაცხყოფას ვაყენებ, ვცდილობ გავეცალო, ის კი ხელზე ხელს მიჭერს და მშვიდად მესაუბრება. საუბარს ვაწყვეტინებ, მაგრამ კვლაგ ჯიუტად განაგრძობს და მელაპარაკება სიცოცხლეზე, ცდილობს დამარწმუნოს, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება არა აქვს. პირიქით, უნდა ეცადოს, რომ როგორმე შეინარჩუნოს იგი. მოხუცი დიდხანს მელაპარაკება და უეცრად, ვხვდები, რომ დგება წუთი, როდესაც ვუსმენ, თანდათან ვგრძნობ, რომ მან, უხილავი გზით, ხელი გამომიწოდა, გადამარჩინა და უკვე მარტო აღარ ვარ. თან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგი თავის ღმერთს ძალით თავს არ მახვევს. მხოლოდ ხანდახან ახსენებს საუბარში, მოხუცი უბრალოდ მეხმარება, მაგრამ ვგრძნობ და მესმის, რომ მას რაღაც განსაკუთრებული, ისეთი შინაგანი ძალა გააჩნია, როგორიც მე არ მაქვს. ვგრძნობ, როგორ იღებს საკუთარ თავზე ეს ადამიანი მთელ ჩემს გასაჭირს, იგი მზადაა ჩემთან ერთად ატაროს მთელი ჩემი სიმძიმე და... სამუდამოდ ვრჩები მასთან. შემდეგ ვიგებ, რომ იგი სელაც არაა მოხუცი, არამედ რამდენიმე წელი აქვს გატარებული „განსაკუთრებულში“ და უკვე დაუძლურებულია. ერთნი მას პეტრედ მოიხსენიებენ, მეორენი – მამა არსენს ეძახიან. ამ სახელისა და მისი ცხოვრების დავიწყება შეუძლებელია.
მამა არსენმა ახალი ცხოვრება დამანახა, ღმერთთან მიმიყვანა, ხელახლა გამოძერწა ჩემი შინაგანი „მე“. ამიტომ მინდა გიამბოთ მასზე ყველაზე მთავარი. მამა არსენზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მის ნამოქმედარს საზღვარი არ გააჩნია, მისი სახელია – ღმერთი და სიყვარული. იგი ამ სიყვარულსა და სითბოს, ღვთის სახელით გასცემდა. მახსოვს, ერთხელ თქვა: „ყველა ადამიანმა რაღაც უნდა დატოვოს სიცოცხლეში – საკუთარი ხელით აშენებული სახლი, დარგული ხე, დაწერილი წიგნი – ეს ყველაფერი უნდა გააკეთთს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ადამიანებისათვის. რასაც არ უნდა შეეხოს შენი ხელი, სიკვდილის შემდეგ მასში შენი სულის ნაწილი დაიბუდებს. ადამიანები შეხედავენ შენს მიერ დარგულ ხეს ან რაიმე ნივთს, რომელიც შენ გააკეითე და იმ წუთში შენ კვლავ გაცოცხლდები, გაცოცხლდები, რადგან იმ წუთებში მათ სიხარულს მიანიჭებ. გაგიხსენებენ და ღმერთსაც მადლობას შესწირავენ. არა აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ. მთავარია, რასაც შეეხები, მან ფორმა იცვალოს, გახდეს უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო. უკეთესი იქნება, თუ ამ ახალში შენი ნაწილიც დარჩება. მთავარია, ეს ყველაფერი ადამიანების სიყვარულითა და ღვთის სახელით იყოს ნამოქმედარი, მაგრამ ყველაზე მთავარი: – ამბობდა მამა არსენი, – ნებისმიერი შენი ნაღვაწით დაეხმარო ადამიანებს, შეუმსუბუქო მათ ტანჯვა, ილოცო მათთვის“.
ასე ცხოვრობდა თვითონ მამა არსენი და ასწავლიდა მათ, ვინც მასთან მივიდოდა. უშურველად გვაძლევდა საუკეთესოს, ყველაზე დიდ სითბოს საკუთარი გულისას, გვასწავლიდა ლოცვასა და ადამიანებში ღვთაებრივ ნაპერწკალს აღანთებდა. ვინ დაივიწყებს მის საქმეებს?! რამდენი ადამიანი მივიდა მასთან და რამდენ ადამიანს გაუნაწილა მამა არსენმა თავისი გულის სითბო, რამდენი მოაქცია და აჩვენა გზა ჭეშმარიტი, ჩვენც რამდენჯერ ვეზიარეთ მასთან სიმშვიდეს და სიხარულს?!
ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. ვხედავდი, როგორ იცვლებოდნენ და ხელახლა იქმნებოდნენ ადამიანები. როგორ ხდებოდა მათი სულის განახლება და ისინი მიდიოდნენ რწმენით აღსავსენი, მოძღვრისგან მიღებული სითბოთი.
ბევრი ადამიანი, ვინც მის გვერდით ცხოვრობდა, უკვე ცოცხალი აღარ არის. ისინი იმ ქვეყნად წავიდნენ არა გაბოროტებულნი, არამედ სულიერად განწმენდილნი. განვლილი მტანჯველი ცხოვრება კი აღარ ეჩვენებოდათ საშინელ კოშმარად, არამედ მას აღიქვამდნენ, როგორც აუცილებელ გამოცდას, როგორც ღვთისკენ მიმავალ გზას. ხშირად, სიკვდილის წინ, ეს ადამიანები ახერხებდნენ თავიანთი საქმეებით სხვათათვის გაენათებინათ გზა. თუ ადამიანი მამა არსენს აღსასრულის ჟამს შეხვდებოდა, მაშინაც კი უმსუბუქებდა მას სიკვდილს და ეს ადამიანი ამ ქვეყანას ტოვებდა ნათელი, დამშვიდებული სულით. ის დიდი სულიერება, რომელიც უფალმა მამა არსენს უბოძა, იმდენად უსაზღვრო იყო და იმდენად გამდიდრებული მისი სულიერი საქმეებითა და ცხოვრებით, რომ უხვად გასცემდა რა ყველაფერს, ამით მას არაფერი აკლდებოდა, კი არ ღარიბდებოდა, არამედ პირიქით, უფრო მეტად მდიდრდებოდა სულიერად.
როცა მამა არსენი გელაპარაკებოდა, ხვდებოდი, რომ მან შენს შესახებ გაცილებით უფრო მეტი იცის, ვიდრე შენ თვითონ იცი საკუთარ თავზე. ის წინდაწინ ჭვრეტდა, თუ რა მოგელოდა მომავალში, მისი მზერა გულღია, ყურადღებიანი და ალერსიანი იყო.
მამა არსენი მხნე იყო, სულიერად ძლიერი და გაუტეხელი. ცხოვრებაში არავისი შეშინებია. ღმერთი და მხოლოდ ღმერთი ღმერთი იყო მისი ძლიერების საიდუმლო, მისი თავშესაფარი და სასოება.
ბერობაში მას მამა არსენი უწოდეს, რაც მხნესა და ვაჟკაცურს ნიშნავს, ეს სახელი მისთვის სიმბოლური გამოდგა.
ბანაკიდან მამა არსენზე რამდენიმე წლით ადრე გამოვედი და მას ბევრ წერილს ვწერდი. როცა გაათავისუფლეს, მაშინვე მოვინახულე. ჩვენი შეხვედრა ძველებურ რუსულ ქალაქში მოხდა. პატარა სახლი, სადაც მან გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები, სამუდამოდ მემახსოვრება. ვინ იცის, რამდენი სასიხარულო დღე და საათი გამიტარებია იქ. განა შესაძლებელია ყოველივე ამის დავიწყება?
შევდიოდი მამა არსენის ოთახში და პირველი, რასაც დავინახავდი, ეს ვლადიმირისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატები იყო. ხელთუქმნელი, შემწე ხატი, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა და იოანე ღვთისმეტყველის ხატები. ყველა ეს ხატი ძველი იყო, საოცარი სიფაქიზით შესრულებული. მათ წინ მუდამ ენთო ორი კანდელი: წითელი და მწვანე. იდგა ბროლის ჭიქა, რომელშიც მუდამ ეწყო ცოცხალი ყვავილები. იქვე მაგიდაზე, რომელზედაც თეთრი სუფრა იყი გადაფარებული, იდო სახარება, ფსალმუნები, კონდაკი და მომდევნო გულანი (თვენი), ხოლო ფანჯარასთან მდგარ საწერ მაგიდაზე – საღვთისმეტყველო წიგნები, აგრეთვე, ხელოვნების, ძველი არქიტექტურის შესახებ თანამედროვე და ძველი პოეტების კრებულები, ტექნიკური სახის ნაშრომები და ათეისტური ბროშურები.
ერთ-ერთ კედელთან იდგა წიგნებით სავსე კარადა, მეორესთან დივანი, რომელზედაც მამა არსენი დღისით ისვენებდა, ხოლო ღამით ეძინა. ოთახს ავსებდა სამი ძველებური სავარძელი, კედელზე რამდენიმე ცნობილ მხატვრის ნაჩუქარი ნამუშევარი ეკიდა. ეს მხატვრები მამა არსენთან მეგობრობდნენ. თითქმის ყველა ნახატზე პეიზაჟი იყო, მხოლოდ ერთზე ეხატა ქალი, ბანაკის ბარაკის ფონზე. ლამაზი და მიმზიდველი სახე დაღლოდა და ტანჯვისაგან თითქოს განაცრისფრებოდა, მხოლოდ თვალებში ცოცხლობდა რწმენა, ძალა და უდრეკი ნებისყოფა. პორტრეტზე წელამდე მოჩანდ ქალი, ქალს მონაცრისფრო-მომწვანო კაბა ეცვა და თავზე დაჭმუჭნული, ყავისფერი ყურებიანი ქუდი ეხურა. ეს ყველაფერი უსუსურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ საკმარისი იყო ქალის თვალებისთვის შეგეხედა, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ეს ადამიანი ცოცხლობს და მიუხედავად ტანჯვისა და სიკვდილის მოლოდინისა, სულით არ დაცემულა. უყურებდი პორტრეტს და გწამდა, რომ ეს ქალი არასდროს დანებდებოდა. მერე რა, რომ ამ წუთას იგი მართლაც გათელილია ფიზიკურად, მაგრამ რაც მთავარია, მასში ღვთიური მადლი ცოცხლობს და არასოდეს მოკვდება. ამას პორტრეტიდან მომზირალი თვალები გეუბნებოდნენ. თუ ვინ იყო ამ პორტრეტზე გამოსახული, არ ვიცოდით, მხოლოდ ცნობილი იყო, რომ იგი მეუფე მაკარის სულიერი შვილი იყო და ბანაკში გარდაიცვალა; ეს პორტრეტი იმ დიდი მხატვრის შესრულებული იყო, რომელიც მამა არსენთან მეგობრობდა.
ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ მამა არსენმა აღარ გაააგრძელა ეკლესიაში მსახურება. თავისუფლების პირველი თვეები მარტოობაში გაატარა. შემდეგ კი მისი ცხოვრების ცენტრად იქცა დიდი სულიერი ოჯახი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში იყო გაფანტული. ადამიანები მოდიოდნენ, წერდნენ წერილებს და ყოველდღე ერთი-ორი ადამიანი მაინც ესტუმრებოდა ხოლმე. შაბათ-კვირას კი იმ სახლში, სადაც მამა არსენი ცხოვრობდა, ბევრი ხალხი იყრიდა თავს. სულ ცოტა, რვა-ათი კაცი მაინც მიდიოდა და მახსოვს, ასეთ დღეებში ნადეჟდა ძალზე წუხდა მამა არსენის გამო.
მამა არსენს ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა, ყოველი მათგანი წელიწადში ორჯერ მაინც მიდიოდა მასთან. ნადეჟდას სახლში, ერთ-ერთ ოთახში ორი საწოლი იდგა, რომლებზეც მომსვლელებს ეძინათ, თუ უფრო მეტი მოვიდოდა, მაშინ იატაკზეც კი თავსდებოდნენ.
მამა არსენს ხელოვნებათმცოდნეობა არ დავიწყებოდა და მთელ თავისუფალ დროს მას უთმობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე იშვიათად იყო მოცლილი, რამდენიმე სტატიაც კი დაწერა, მაგრამ მათი გამოქვეყნება ვერ შეძლო, რადგან არ უბეჭდავდნენ. ეგ იყო, ბანაკის ყოფილი წევრები თუ დაეხმარებოდნენ, ზოგიერთი მათგანი ხომ თავის ძველ სამსახურს დაუბრუნდა. ასე იყო თუ ისე, ხელოვნებათმცოდნე პეტრე სტრელცოვის სახელი დავიწყებას არ მისცემია.
მამას არსენი დილის ექვს საათხე იღვიძებდა, დასაძინებლად კი თორმეტ საათზე წვებოდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა, ყოველდღე ღვთისმსახურება ასრულებდა, აღსარებას იღებდა და მომსვლელებს ესაუბრებოდა.
კანდელები ანათებდნენ და ოთახის სიჩუმეში მამა არსენის დაბალი ხმა ისმოდა. მასთან ერთად ლოცვა წარმოუდგენელ ბედნიერებას განიჭებდა. ღვთის წყალობა შენზეც გადმოდიოდა. განსაკუთრებული სითბოთი, სულიერებითა და სიყვარულის განცდით ლოცულობდა ღვთისმშობლის წინაშე.
დაუჯდომელი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ისე იკითხებოდა, რომ დაგავიწყდებოდა, სად იმყოფებოდი და რა ხდებოდა ირგვლივ. როდესაც დამამთავრებელ სიტყვებს წარმოთქვამდა: ,,გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო“, იგი ადიდებდა უკიდეგანო სრულყოფილებას ციური დედოფლისას, ხოლო თუ ვედრებით მიმართავდა მას, საკუთარი სულიერი შვილების სახელებითაც შესთხოვდა წყალობას.
კვირაში ერთხელ მამა არსენი პანაშვიდს იხდიდა. ათასობით გარდაცვლილი სულისთვის შესთხოვდა უფალს. ჩვენ, მლოცველებს, ეს პანაშვიდები სულით ხორცამდე გვძრავდა. ვხედავდით და ვუსმენდით, როგორ ლოცულობდა იგი გარდაცვლილთათვის, ყოველი ჩვენგანი ხვდებოდა, რომ მამა არსენი თითოეულ მოხსენიებულ სულს ხედავდა და შეიგრძნობდა. ხანდახან იგი ტიროდა და მაშინ ვხვდებოდით, რომ ყოველი გარდაცვლილის სული მისთვის საყვარელი და მონათესავე იყო.
მოდიოდნენ და მოდიოდნენ მეგობრები და სულიერი შვილები და თან მიჰქონდათ დიდი საგზალი ძალისა და რწმენისა, სურვილი ერთმანეთის დახმარებისა.
ოდესღაც მამა არსენის მიერ შეგროვებული დიდი სამწყსო მრავალწლიანი გადასახლებებისა და პატიმრობის გამო შემცირდა. ზოგი მათგანი გარდაიცვალა ან ძალიან დაბერდა, სხვები მძიმე ავადმყოფები იყვნენ, მაგრამ უმეტესი ნაწილი მამა არსენის მრევლისა გადარჩა. ახლებიც ბევრი შემოგვიერთდა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დაგვაკლდნენ, მოვიდნენ ისინი, ვინც მამა არსენი გადასახლებაში გაიცნო.
ბევრი მათგანი მახსოვს, ბევრს ვიცნობ, მაგრამ ახლა მხოლოდ იმათ შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ხშირად მოდიოდნენ, ან მათ შესახებ, ვინც ბანაკში გავიცანი და შევიყვარე და რომლებიც შემდეგ მამა არსენის სულიერი შვილები გახდნენ: ექიმი ირინა, მამა ალექსი, რომელსაც ადრე ალექსეი სტუდენტს ვეძახდით, აბროსიმოვი, საზიკოვი, ავსეენკოვი. სახლის დიასახლისი ნადეჟდა და სხვა მრავალი, რომლებიც მახსენდებიან კეთილ ადამიანებად, რომელთა შესახებაც უკვე ბევრი დაწერილა.
მახსენდება მამა არსენთან მეუფე ნ-ის ჩამოსვლა, ეს იყო 1962 წელი. იგი სერიოზული ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი იყო და, როგორც ამბობდნენ, კარგი მოძღვარი. მეუფე აღსარებისთვის ჩამოვიდა, – მამა არსენის ბევრი სულიერი შვილი დადიოდა იმ ეკლესიაში, სადაც მეუფე მსახურობდა.
მეუფე ორი დღე დარჩა მამა არსენთან, აღსარება თქვა და მამა არსენისგანაც მიიღო აღსარება. მახსოვს, ბევრი ილაპარაკა რუსული ეკლესიის იმდროინდელ ბედზე, იმაზეც, თუ რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი მორწმუნისათვის და როდესაც დაინახა, თუ რამდენი წიგნი იყო იმ ოთახში, სადაც მამა არსენი ცხოვრობდა, შენიშნა: მხოლოდ სახარება, ბიბლია და წმინდა მამათა ქმნილებანია საჭირო მორწმუნისათვის, სხვა დანარჩენზე ყურადღების გამახვილება არ ღირსო!
მამა არსენმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ მიუგო: „მართალი ბრძანდებით მეუფეო, მთავარი თქვენს მიერ ჩამოთვლილ წიგნებში წერია, მაგრამ ისე სწრაფად ვითარდება მეოცე საუკუნე და შესაბამისად, თანამედროვე ადამიანიც ისე მკვეთრად განსხვავდება მეოთხე საუკუნის მორწმუნისაგან, ცოდნის ჰორიზონტი ისე უჩვეულოდ გაიზარდა, მეცნიერებამ იმდენი უცნობი რამ აღმოაჩინა, ინფორმაციის სიმრავლემ უამრავ წინააღმდეგობა წარმოშვა, რომ თანამედროვე ღვთისმსახურნი და მორწმუნენი ვალდებულნი არიან, ბევრი რამ იცოდნენ, რათა გაერკვნენ ყოველივე იმაში, რაც გარშემო ხდება. ფარდობითობის თეორია, მებრძოლი ათეიზმის თანამედროვე მდგომარეობა, სწავლებანი ბიოლოგიაში, მედიცინასა და მით უმეტეს თანამედროვე ფილოსოფიური მეცნიერება, საჭიროებს, რომ დღევანდელი ადამიანი ერკვეოდეს ყოველივე ამაში. მოძღვართან მოდის სტუდენტი, ექიმი, ფიზიკოსი, მუშა და თითოეულ მათგანს ისეთი პასუხი უნდა გასცე, რომ ღმერთი და სარწმუნოება მისთვის ანაქრონიზმი და სანახევროდ გაცემული პასუხი არ აღმოჩნდეს“.
მამა არსენი სულ ლოცულობდა, განუწყვეტლივ, ფიქრობდა რაღაცაზე, მიდიოდა სადმე თუ საქმიანობდა, სულერთია, მაინც ლოცულობდა. მისი ტუჩების ოდნავ მოძრაობაში ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი!“
ადამიანთა დახმარება, მოყვასის თანადგომა მისი ცხოვრების საფუძველს წარმთადგენდა. ბანაკის უმძიმეს პირობებშიც კი ავადმყოფი და სიკვდილის პირას მისული, ყველაფერს აძლევდა ადამიანებს, მათ მაგივრად მუშაობდა, ზრუნავდა ავადმყოფებზე, ლუკმას იკლებდა და სხვებს უნაწილებდა.
გათავისუფლების შემდეგ, პირველსავე დაძახილზე მიეშურებოდა მათკენ, ვინც შველას ითხოვდა, გასცემდა მათთვის ყოველივეს, რაც კი გააჩნდა. საერთოდ, მამა არსენი მატერიალურ დახმარებას არ იღებდა, თვლიდა, რომ საკუთარი თავი თვითონვე უნდა ერჩინა, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ნადეჟდას მეშვეობით, შეუმჩნევლად გვეზრუნა მასზე. თუმცა, ალბათ, იგი ყველაფერს ხვდებოდა. მამა არსენი ბევრ ადამიანს დაეხმარა სწორედ ისე, როგორც სახარებაშია ნათქვამი – ატარე ადამიანური სიძნელეები და ამით აღასრულე ქრისტეს რჯული.
აი, ასეთ მამა არსენს ვიცნობ მე. სხვა ადამიანებიც, ალბათ, რომლებიც იცნობენ მას და უყვართ აგრერიგად, კიდევ ბევრ რამეს იტყვიან მასზე, მოგვითხრობენ თუ რამდენი სიკეთე გაუკეთა მათ მოძღვარმა. მე კი ვფიქრობ, რომ მამა არსენმა ჩემთვის ყველაზე მთავარი გააკეთა – ჩემს სულს შთაბერა რწმენა და სიყვარული.
დიდმა მლოცველმა და მოღვაწემ – მამა არსენმა მრავალი ადამიანისს სულიერი გზა განწმინდა და გაანათა.
1956 წლის დეკემბერმა ყინვასა და ქარბუქში ჩაიარა, ბანაკი დაცარიელდა და მამა არსენი გათავისუფლების მოლოდინში იყო. მიმოწერის უფლება უკვე ჰქონდა დ პატიმრობის სიმძიმეს წერილები ამსუბუქებდ, წერილები კი მართლაც ბევრი მოსდიოდა.
ერთ-ერთი წერილი ირინასგან მოვიდა, სასიხარულო და სიკეთით სავსე. ირინას ხასიათი კარგად ჩანდა ამ წერილში...
„პეტრე ანდრიას ძევ!
ბებია ლუბასაგან შევიტყვე, რომ ცოცხალი ხართ. ღმერთმა გადაგარჩინათ, ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ თქვენ ყველა საშინელებას, ტანჯვასა და გაჭირვებას გაუძლებდით, რადგანაც თქვენ ადამიანებს სჭირდები და რომ იცოდეთ... როგორ მჭირდებით მე! მტანჯველი წარსული, კოშმარი თანდათან მშორდება. მწამს უკეთესი მომავლის, ბავშვები გაიზარდნენ. ტანია უკვე დიდი გოგოა, ალექსეი მეხუთე კლასშია. თქვენ იგი არ გინახავთ.
თქვენ შესახებ თხუთმეტი წლის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, ამასობაში ბევრი რამ შეიცვალა, თქვენი რჩევით ექიმი გავხდი. მე და ჩემი მეუღლე უწინდებურად ვცხოვრობთ. მის გულში რწმენის ნაპერწკალი ღვივის და მინდა ცეცხლად გადაიქცეს. მან ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და ყოველთვის მეუბნება: გახსოვდეს მამა არსენი, მისი სიკეთე არ დაივიწყო, იყავი ადამიანებთან ისეთი, როგორიც ის არისო.
მინდა მალე ჩამოხვიდეთ, თუმცა ეს თქვენზე არ არის დამოკიდებული. დაგხვდებით და გაიძულებთ, რომ ჩემთან იცხოვროთ. ღვთისმშობელი მუდამ ჩემთან არის. სწორედ მან მიმიყვანა სარწმუნოებასთან, როცა ტატიანა გადაარჩინა და ახლაც გამუდმებით ეხმარება ჩემს ოჯახს. რამდენი კარგი რამ მომცა თქვენმა ბებია ლუბამ, დედა გარდამეცვალა და მისი მაგივრობა მან გამიწია. ღმერთო! როგორი მადლობელი ვარ, თქვენ რომ შეგხვდით. ანა.“
ამ პატარა წერილმა მამა არსენი მოგონებებით აავსო და საშუალება მისცა წარსული გაეხსენებინა.
...1939 წელი იდგა. რამდენიმე წლის პატიმრობის ეადა დამთავრდა და დაიწყო მონაცვლეობითი გადასახლებები: კოსტრომის, არხანგელსკის, პერმის, ვოლოგდის ოლქები – მოშორებული რაიონები. მხოლოდ ამ წელს მოუწია ეცხოვრა რკინიგზის სიახლოვეს, პატარა დასახლება იყო. იმ სახლის დიასახლისი, სადაც მამა არსენი დასახლდა, მორწმუნე აღმოჩნდა – კეთილი და გულისხმიერი ქალი, რომელიც შემდეგ მისი სულიერი შვილი გახდა.
უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის, ძელი პატიოსნის ხსენების დღეს, ძველი სტილით, 1 აგვისტოს, საიდუმლოდ ჩავიდა მამა არსენი ქალაქში და საცხოვერებლად ნატალია ასტახოვასთან გაჩერდა, თავის უახლოეს სულიერ შვილთან.
მისი ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ შვიდმა ადამიანმა იცოდა, ყველანი ღრმად მორწმუნენი და მისი სულიერი შვილები იყვნენ. ასტახოვების ბინა ქვის დიდი სახლის მესამე სართულზე იყო. ჩამოსვლის შემდეგ მამა არსენი გარეთ არ გადიოდა, ნატალია მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა, მამა არსენი კი შინ მარტო რჩებოდა და კარი არავისთვის არ უნდა გაეღო. შვიდეულის ერთ-ერთ წევრს სასწრაფო მოსვლის შემთხვევაში, წინასწარ დათქმული ნიშნით უნდა დაერეკა ზარი. ამ შემთხვევაში მამა არსენი კარს გააღებდა ისე, რომ არც იკითხავდა, ვინ მოვიდა. საერთოდ, მამა არსენის ქალაქში ყოფნა გასაიდუმლოებული იყო და ყველამ იცოდა, რომ გადასახლებაში, ჩრდილოეთში იმყოფებოდა. მშობლიურ ქალაქში იმიტომ ჩავიდა, რათა ორ მეუფეს და რამდენიმე მღვდელს შეხვედროდა, მათთან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა. შეხვედრა 25 აგვისტოს, ერთ-ერთ აგარაკზე, დასახლება აბრამცევოში იყო დანიშნული. ეს აგარაკი ერთ-ერთ მხატვარს ეკუთვნოდა. ახალი სტილით 19 აგვისტო იყო – უფლის ფერისცვალების დღესასწაული.
ასტახოვებთან გატარებული ექვსი დღე მამა არსენმა სულიერი შვილებისა და მეგობრებისადმი წერილების წერაში გაატარა. წერილები იმათ გადაეცემოდათ, ვინ მამა არსენის ქალაქში ყოფნის ამბავი იცოდა. ხოლო ისინი გადასცემდნენ სანდო ადამიანებს, რათა მათ წერილები ადრესატამდე მიეტანათ, წერილის მიმღები თვლიდა, რომ წერილი გადასახლებიდან იყო გამოგზავნილი.
ქალაქში გატარებულმა ექვსმა დღემ მშვიდა ჩაიარა. საღამოს მამა არსენი წინა სადღესასწაულო მწუხრის ლოცვას ატარებდა, აღსარებებს იღებდა, ხოლო დილით საზეიმო წირვა ჩაატარა, ნატალია მეუღლესთან ერთად აზიარა, აგრეთვე ყველანი, ვინც წინა საღამოს აღსარება ჩააბარა.
შემდეგ ყველანი სამსახურში წავიდნენ. მამა არსენი ბინაში მარტო დარჩა, თითქოს სახიფათო არაფერი იყო, მართას, რომელიც ჩრდილოეთში მამა არსენის დიასახლისი იყო, დეპეშა არ გამოუგზავნია. ესე იგი, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თითქოს არც არავინ ადევნებდა თვალყურს.
დაჩოქილი მამა არსენი დიდხანს ლოცულობდა, მადლობას სწირავდა უფალს წყალობისათვის, იმისთვის, რომ საშუალება მისცა, ენახა სულიერი შვილები და კიდევ იმისთვის, რომ მას – ცოდვილ მღვდელს, უფლება მისცა უფლის ფერისცვალების წირვა აღესრულებინა. ბინაში სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა. მამა არსენი მაგიდას მიუჯდა და წერილების წერა დაიწყო. ვინ იცის, რამდენ მნიშვნელოვან რამეს დაწერდა მოძღვარი თავისი სულიერი შვილებისთვის. წერილები არიგებდნენ, აფრთხილებდნენ, მოითხოვდნენ და ამშვიდებდნენ. სულმოუთქმელად ველოდით ამ წერილებს, რომელთაც ნათელი და სიცოცხლე მოჰქონდა ჩვენთვის.
დროდადრო მამა არსენი დგებოდა და ოთახში დადიოდა, ფანჯარასთანაც მოდიოდა და ფარდის მიღმა უყურებდა ქუჩის მეორე მხარეს მდგარ დიდ სასურსათო მაღაზიას და უეცრად მოეჩვენა, რომ მაღაზიასთან დადიოდა ან იდგა ერთი და იგივე ქალი. ეს ქალი ზედიზედ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთსა და იმავე დღეს მოდიოდა და ყურადღებით აკვირდებოდა იმ სახლის ფანჯრებს, სადაც მამა არსენი ცხოვრობდა.
„მითვალთვალებენ თუ მეჩვენება?“ – ფიქრობდა მამა არსენი. სახლიდან არ გამოდიოდა, გზაში კი საეჭვო არავინ შეუმჩნევია. ხოლო ამ სახლში მისი ყოფნის ამბავი მხოლოდ ერთგულმა ადამიანებმა იცოდნენ.
„ეჭვიანობა“ – უპასუხა მამა არსენმა საკუთარ თავს და ლოცვის შემდეგ, კვლავ წერას შეუდგა. დილის 11 საათი ხდებოდა, მამა არსენმა კანდელი შეასწორა დ ლოცვა დაიწყო, რომელიც უეცრად ზარის მკვეთრმა ხმამ შეაწყვეტინა. დათქმული ნიშნის მიხედვი რეკავდნენ – გრძელი, სამი მოკლე, ხანგრძლივი და კვლავ მოკლე. „ვინ არის? - გაიფიქრა მამა არსენმა, დღეს არავის ელოდა. რა ხდება?“ ზარი განმეორდა. დაჟინებით რეკავდნენ. აღელვებული მამა არსენი კარის გასაღებად გაემართა. მხოლოდ შინაური შეიძლება ყოფილიყო, ესე იგი, რაღაც მოხდა.
„შეიძლება, ჩრდილოეთიდან მართასგან მოვიდა დეპეშა?“ – გაიფიქრა და კარის გასაღებად დერეფანში გავიდა, პირჯვარი გადაიწერა, მიენდო რა დედა ღვთისმშობელს, მამა არსენმა სწრაფად გააღო კარი. მაშინვე კარს ფეხი ჰკრა და ოთახში შემოიჭრა 20-22 წლის ქალი. კარი სწრაფად დაკეტა და შუა ოთახში გაჩერდა.
– მე ორგანოებიდან ვარ, აი, საბუთი, შეხედეთ. თქვენ, სტრელცოვი პეტრე, იგივე მამა არსენი, ექვსი დღეა რაც აქ ცხოვრობთ. თვალყურს გადევნებთ 2 საათის განმავლობაში, სხვები კი მე მითვალთვალებენ.
მამა არსენი დაიბნა – მაგიდაზე წერილები ეწყო, გადასახლებიდან უნებართვოდ ჩამოვიდა, ყველაფერ ძალზედ ცუდად და მთავრდებოდა. „უფალო, ღვთისმშობელო, დამეხმარე“ – გაიფიქრა მან, მაგრამ უკვე გვიანღა იყო, ყველანი დაღუპა. ამ წერილების ადრესატებსა და მის სულიერ შვილებსაც, ალბაი ყველას დააპატიმრებენ.
ახალგაზრდა, ლამაზი, ინტელიგენტური გარეგნობის ქალი, ჩვეულებრივად იყო ჩაცმული. ალბათ, იმიტომ, რომ მასისგან ვერავის გამოერჩია და ყველასათვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
– გამიგეთ, მე ორგანოებიდან ვარ, დავალებული მაქვს, რომ ქუჩიდან გითვალთვალოთ, მაგრამ უბედურება შემემთხვა: გოგონა გამიხდა ავად, შინ დავრეკე და მითხრეს, რომ სიცხემ 40-ს გადააჭარბა. ყელიც გასივებია, ძლივს სუნთქავს. არადა, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა. დილით, შინიდან რომ გამოვედი, სავსებით ჯანმრთელად იყო, ახლა კი დედაჩემი ტელეფონით მირეკავს და მეუბნება, ტანია კვდებაო! განყოფილებაში დავრეკე, ვთხოვე შევეცვალე, მაგრამ უარი მითხრეს, ისეთი არავინ არის, შენ რომ შეგცვალოსო. თქვენ თურმე სხვები ვერ გცნობენ და ამიტომ არ მათავისუფლებენ. მიბრძანეს, არსად წავიდე. რა ვქნა, არ ვიცი, შვილი მიკვდება, აუცილებლად უნდა გამოვიძახო ექიმი. დედაჩემი ისეთი დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს. ტანია კვდება! აუცილებლად უნდა წავიდე, ჩემი შემცვლელი საღამომდე, 5 საათამდე ვერ მოვა. ერთი რამ მინდა გთხოვოთ: არსად წახვიდეთ, სიტყვა მომეცით, რომ არსად წახვალთ, ძალიან გთხოვთ. თუ წახვალთ, დავიღუპები. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს – ჩემს დაბრუნებამდე თუ ვინმემ მოგაკითხათ, აუცილებლად მემატყობინეთ, რადგან მომსვლელს შეიძლება უთვალთვალებენ, მე კი მისი აქ გამოჩენა აუცილებლად უნდა შევატყობინო, რომ აქ ვიღაც მოვიდა. თქვენიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, ამბობენ, რომ თქვენ კეთილი ხართ და ადამიანებს ეხმარებით. არ წახვიდეთ, გემუდარებით, დამპირდით, რომ არსად წახვალთ, შვილი მიკვდება, ტატიანა ცუდადაა, განყოფილება კი არ მიშვებს.
მამა არსენი ყველაფერს მიხვდა. ქალს, რომელიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, შეეძლო აღარაფერი ეთქვა, რადგან მის თვალებში იმაზე მეტი ამოიკითხა, ვიდრე თვითონ შეეძლო ეთქვა საკუთარ თავზე.
– წადით ბავშვთან, მე არსად წავალ, თუ ვინმე მოვიდა, ყველაფერს გეტყვით, წადით! – მადლობელი ვარ, მოქალაქე სტრელცოვ! მხოლოდ დღის სამ საათამდე წავალ, შემდეგ კვლავ დავბრუნდები და გითვალთვალებთ, – და რატომღაც დაამატა: – მე ანა მქვია.
მამას არსენი მარტო დარჩა, კანდელი აანთო, მაგიდაზე გადაშლილი ლოცვანი და წერილები ეწყო.
ყველაფერი ნათელია! НКВД-მ იცის, რომ იგი აქაა, ყველას თვალყურს ადევნებენ. ეტყობა, უნდათ, რომ ყველას ვინაობა დაადგინონ და შემდეგ, ალბათ, ყველას დააპატიმრებენ.
ეს ანა, რომელიც ბინაში შემოიჭრა და რომელმაც იცოდა პირობითი ნიშანი, НКВД -ს ხელმძღვანელობის უარი ანას შეცვლაზე, და ანას ნათქვამი ფრაზები – „თქვენები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ“, მეუფეებთან დანიშნული შეხვედრები, ანას ქალიშვილის მოულოდნელი ავადმყოფობა, – ეს ყველაფერი, მოვლენათა საერთო ჯაჭვი იყო, რომელსაც ღვთის ნება განაგებდა.
მომხდარის მთელი სიმძიმე ტვირთად დააწვა მამა არსენს. ის ხომ ადამიანთა ბედზე პასუხს აგებდა და ეს აშინებდა. არ უნდა ჩამოსულიყო, შეცდომა დაუშვა.
მამს არსენი ლოცვანს დასწვდა, დაიჩოქა და ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვას შეუდგა.
ფრაზები ეკარგებოდა, ნაცნობ და საყვარელ სიტყვებს ვერ იგებდა, აზრი ერეოდა, მაგრამ თანდათან თავს მოერია, ყოველივე ცხოვრებისეული უკუაგდო და მთლიანად ლოცვას მიენდო. თითქმის ოთხი საათი ლოცულობდა, მიხვდა, რომ ის, რაც ახლა მოხდა, ღვთის უდიდესი წყალობა იყო, განგაშის განცდა და მღელვარება გაქრა. სამ საათზე პირობითი ზარი კვლავ გაისმა, მამა არსენმა კარი გააღო. ოთახში ანა შემოვიდა და აღმოხდა: „მადლობა ღმერთს რომ ისევ აქ ხართ!“
– აქ ვარ, არსად წავსულვარ და არც ჩემთან მოსულა ვინმე, წადით თქვენ პოსტზე, ირინა!
ქალი გაწამებული იყო, მაგრამ როდესაც მამა არსენმა ირინა უწოდა, შეკრთა და გაკვირვებულმა შიშნარევი ხმით იკითხა: – რატომ მიწოდეთ ირინა?
– წადით, ირინა, წადით! – უპასუხა მამა არსენმა.
ქალს თვალები ცრემლით აევსო და ჩუმად წარმოთქვა: – მადლობელი ვარ!
მამა არსენმა კარი გადაკეტა და შინ შემობრუნდა: „ღმერთო, ეს შენ მიბრძანე რომ მისთვის ირინა მეწოდებინა, შენთვის ყველაფერი ნათელია, ყოვლისშემძლე უფალო!“
ქუჩის მეორე მხარეს, მაღაზიასთან ირინა იდგა, საღამოს ხუთ საათზე კი იგი მამაკაცმა შეცვალა.
ოჯახის პატრონებს და, საღამოს მოსულ მეგობრებს მომხდარის შესახებ მამა არსენმა არაფერი უთხრა. განი თქმით რაიმე შეიცვლებოდა? მხოლოდ შეშფოთდებოდნენ და მეტი არაფერი. მოძღვარს შინაგანთ ხმა ეუბნებოდა, რომ მეორე დღეს დალოდებოდა – რადგან ყველაფერი ღვთის ხელში იყო.
მამა არსენი ყველაზე უარესისთვის მოემზადა, დაწვა წერილები და ნატალიას სთხოვა, ყველაფერი, რაც ზედმეტი იყო, გაენადგურებინა.
20 აგვისტოს ადრე დილით წირვა აღასრულა და ნატალიასა და მისი მეუღლის წასვლის შემდეგ ლოცეა დაიწყო, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა. განგაშის გრძნობა, სულიერი მღელვარება ხელს უშლიდა. დაახლოებით 11 საათზე ზარის ხმა გაისმა, მამა არსენმა კარი გააღო, ზღრუბლზე ირინა იდგა. ქალი ოთახში მიიპატიჟა. თვითონ მაგიდას მიუჯდა.
– მამაო, თქვენთან მოვედი, ტანია დიდი გაჭირვებით დავაწვინეთ საავადმყოფოში, განვიცდი, ძალიან ვღელავ, ნეტავ რა მოხდება? გუშინდელისთვის დიდი მადლობა, საღამოს განყოფილებაში დავრეკე, მითხრეს, რომ თქვენთან არავინ „მოუცილებიათ“, ესე იგი, მართლაც არავინ მოსულა.
– დაჯექით, ირინა, ძალიან გამიკვირდა, როგორ გაბედეთ ჩემთან ამოსვლა, ადამიანთან რომელსაც უთვალთვალებთ, თქვენ, ალბათ, მტრად მთვლით?!
– თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი, ჩემი ნუ გეშინიათ. დამიჯერეთ, აქ ჩემი სურვილით მოვედი, ბავშვის ავადმყოფობა არ მომიგონებია. მითხარით, ვინ ხართ და როგორი ადამიანები იკრიბებიან თქვენთან? ასე რატომ გებრძვიან? თქვენიანები, რომლებიც ცნობებს გვაწვდიან თქვენ შესახებ, ბევრს გვიამბობენ რაღაც კეთილ საქმეებზე, დახმარებაზე, ურთიერთ ზრუნვაზე, პირადად თქვენზე ბევრ კარგს ჰყვებიან, მაგრამ ჩვენ აგვიხსნეს, რომ თქვენ ფანატიკოსი ხართ, კლასობრივი მტერი, თავს უყრით მტრულ დაჯგუფებას ეკლესიის მსახურთაგან და საერთოდ, ყველა თქვენი სიკეთე მავნებელია, აგიტაციას ეწევით. ახლა სამი საათი თავისუფალი მაქვს. ვიცი, შესამოწმებლად არავინ მოვა. შემოწმებით ძალიან იშვიათად ამოწმებენ, თუ მაინცდამაინც, დღის 2 საათზე იციან ხოლმე შემოწმება. ამ დროში იქნებ მიამბოთ თქვენ შესახებ, დროგამოშვებით, ფანჯარაში გავიხედავ და თუ საჭირო იქნება, წავალ.
მამას არსენმაით ლაპარაკი დაიწყო რწმენაზე, სარწმუნოებაზე, იმაზე, თუ რატომ ებრძვიან სარწმუნოებას, რომ მორწმუნე ადამიანები ხელისუფლებას არ ეწინააღმდეგებიან. მამაომ უშიშრად ილაპარაკა, ან კი რისი უნდა შეშინებოდა, როდესაც ნათელი იყო – ირინამ მასზე და აქ მომსვლელ ადამიანებზე იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე მამა არსენს შეეძლო ეთქვა.
მამა არსენი ისე გაერთო საუბარში, რომ დაავიწყდა ირო, დაავიწყდა ისიც, თუ ვინ იყო ეს ქალი, რომელიც ახლა მის წინ იჯდა. მამა არსენი საკუთარ სარწმუნოებას იცავდა.
ირინა ეჭვით, მაგრამ ყურადღებით ისმენდა მოძღვრის ყოველ სიტყვას. ამ ხალხის შესახებ ბევრი რამ იცოდა, მაგრამ – თავისებურად. იცოდა, რომ ისინი მტრები იყვნენ, მამა არსენი კი ყველაფერს სხვანაირად უხსნიდა. ესე იგი, გამოდის, რომ ორი სიმართლე არსებობს? მაგრამ ვინ არის მართლაც მართალი?!
იქ, НКВД-ში, ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ არ ჩქარობდნენ. უნდოდათ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაეპატიმრებინათ, გაეგზავნათ ბარაკებში, გადასახლებაში, და არა ღვთის რწმენის გამო, არამედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საბაბით. არადა, ვინ იბრძოდა? – არავინ! ამ ადამიანებს მხოლოდ ღვთის რწმენა აერთიანებდათ.
– ორგანოებში ჩვენ სისტემატურ სწავლებას გვიტარებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენ მტერი ხართ, თქვენ კი სულ საპირისპიროს მიმტკიცებთ. მეც კი, რომელიც გითვალთვალებთ, თქვენში მხოლოდ ძველმოდურ ადამიანებს ვხედავ. ჩვენ დაწვრილებით გვიამბობენ თქვენს ორგანიზაციაზე, გვიჩვენებენ თქვენს წერილებს, რომლიდანაც შეიძლება მიხვდე, რომ ვიღაც სხვებზე ზრუნავს. ურთიერთდახმარებაზე წერთ, წერთ ღმერთზე. რა ვიცი, იქნებ ეს შიფრია? რამდენიმე თქვენგანი კარგა ხანია ორგანოებში მუშაობს, მთელი ინფორმაცია მათგან მოდის. შემიძლია მათი გვარები დაგისახელოთ კიდეც:
– არ არის საჭირო, ნუ იტყვით, არ მინდა! – წამოიყვირა მამა არსენმა.
– არა, მაინც დავასახელებ, ვიტყვი ვინც არიან, არ მიყვარს მოღალატეები. ეს ადამიანები ჩვენც ისევე იოლად გვიღალატებენ, როგორც თქვენ გიღალატეს. ერთხელ დაკითხვას ვესწრებოდი. საზიზღარი სანახაობაა. თვალი გაურბით, იკლაკნებიან, ეშინიათ, მაგრამ მაინც წერენ. მოშორებით ვიჯექი და ვუსმენდი. მეგონა, რომ სანახევრო სიმართლეს ამბობდნენ. აი, იმათი გვარები, ვინც ჩემთვის ცნობილია: კრავცოვა, დიაკვანი კამუშკინი, გუსკოვა, პოლიუშკინა.
მამა არსენი შეკრთა, შინაგანად აღშფოთდა და წამოიყვირა: „თქვენ ცრუობთ, მათ ღალატი არ შეეძლოთ!“ მაგრამ შეხედა ირინას და მიხვდა, რომ, სამწუხაროდ, იგი არ ტყუოდა და უეცრად მამა არსენი ატირდა.
– რა გემართებათ, რა მოგდით, მოქალაქე სტრელცოვ? მე სიმართლეს ვამბობ. 16 აგვისტოს კრავცოვა მე თვითონ მივიყვანე განყოფილებაში, ეს სიმართლეა. დამშვიდდით, ისინი უღირსი ადამიანები არიან. არ უნდა მეთქვა თქვენთვის, მაგრამ მეცოდებით. გულს ნუ გაიტეხთ, ახლა წავალ და ხვალ ისევ შემოვივლი. თქვენ ჯერჯერობით არ დაგაპატიმრებენ, ყველა მოკავშირის დადგენა სურთ. ავტომატიდან დედას დავურეკავ, გავიგებ, ბავშვი როგორ არის. მაპატიეთ, გული გატკინეთ.
მამა არსენი შეძრწუნებული იქო, ცრემლი სდიოდა და ერთმანეთზე უარესი ამბები ახსენდებოდა.
– კატია კრავცოვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი, კეთილი სულის ადამიანია, მლოცველი, საეკლესიო მსახურების მცოდნე. მან ხომ ყველაფერი იცოდა ჩვენ შესახებ, რამ უბიძგა ღალატისკენ? კატია, თეთრ ფისუნიას რომ უწოდებენ, სხვა კატერინებისაგან გამოსარჩევად, ლამაზი, ჭკვიანი კატია, რამ აიძულა? შიშმა, წყენამ, თუ მუქარამ?!
ჩემი სულიერი შვილი – დიაკვანი კამუშკინი, ყველა ღვთისმსახურების დროს ჩემი მუდმივი დამხმარე, და კიდევ ორნი – ლიდია გუსკოვა და ზინა პოლიუშკინა, ჩემი ერთგული, მოსიყვარულე, ღრმად მორწმუნე და საყვარელი შვილები... მაგრამ რა მოხდა, რატომ დაეცნენ ასე? მხოლოდ შიშის გამო? ნუთუ მე, მათ სულიერ მამას, გამომრჩა რაიმე? ნუთუ ვერ დავიცავი ჩემი სამწყსო ცოდვისაგან? იქნებ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე? ღმერთო! შემინდე ცოდვილს, მასწავლე გზა! ჩემი ბრალია, შეეწიე მათ, შეაჩერე და შეგვინარჩუნე სხვები.
გაიხსენა რა ამ ადამიანების აღსარებები, საუბრები, მათი წერილები, მამა არსენი ცდილობდა ნაწილ-ნაწილ აღედგინა წარსული და გამოერკვია, როდის დაიწყო მათი დაცემა.
დიახ, მას, მღვდელ-მონაზონ არსენს, დროულად უნდა შეემჩნია მათი შეცდომები და შეეჩერებინა ისინი.
დაჩოქილი, ტირილით ლოცულობდა მამა არსენი, ღმერთსა და ზეციურ დედოფალს ევედრებოდა დახმარებას: „ღმერთო, ღმერთო, ნუ მიმატოვებ! გამომიწოდე დახმარების ხელი, იყავ მოწყალე. ისხენი ჩემი შვილები დაღუპვისაგან!“
21 აგვისტოს ირინა კვლავ მოვიდა, – გოგონა უარესად გამხდარიყო, ჩირქგროვა ყელში მკვეთრად გაზრდილიყო, ფილტვების ანთება ვითარდებოდა. ექიმებს გაეფრთხილებინათ, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმე, თითქმის უიმედო იყო. დედამისს პოსტიდან არ უშვებდნენ. დღისით საავადმყოფოში ბებია მორიგეობდა, ღამით კი – დედა. ოთახში შემოსვლისთანავე ირინა ატირდა.
– დამშვიდდით, დამშვიდდით, ღმერთი მოწყალეა. ტანიას გადარჩება – ამბობდა მამა არსენი და შესცქეროდა უბედურებისგან განადგურებულ ახალგაზრდა ქალს, ძალაგამოცლილს, იმედდაკარგულს.
– ტატიანა უიმედო მდგომარეობაშია, მიკვდება. ერთდროულად ორ დაავადებას ვერ გადაიტანს, დაიღუპებაო. მე კი დღისით მის გვერდით ყოფნას ვერ ვახერხებ, – თქვა ანამ და მაგიდაზე დაემხო.
მამა არსენი ხატებით სავსე კარადასთან მივიდა, გამოაღო კარი, მეორე კანდელი აანთო და წარმოთქვა: „მე ვილოცებ ტანიასთვის, შევევედრები ღმერთს!“
კანდელების ალი, ხან ერთ, ხან მეორე ხატს ანათებდა, მაგრამ უფრო მკაფიოდ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი იკვეთებოდა.
– ირინა, შესთხოვეთ ღვთისმშობელს, ჩვენს მეოხს, ტანიას ჯანმრთელობა, – თქვა მამა არსენმა და მკაფიოდ და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა.
ლოცვისას იგი ვერ ხედავდა ირინას, მისი არსებობაც კი დაავიწყდა, მხოლოდ ბავშვის ტანჯვა და ტკივილი ახსოვდა – ღვთისმშობელს პატარა ტატიანას გამოჯანმრთელებას ევედრებოდა. ლოცვაში მამა არსენმა მთელი თავისი სულიერი ძალა ჩააქსოვა. შემდეგ, როდესაც ამ ლოცვის შესახებ მიამბო, მითხრა: „თქვენ იცით, მე იშვიათად ვტირი, მაგრამ მაშინ ვტიროდი, ვევედრებოდი უფალს და ღვთისმშობელს, ვთხოვდი, როგორც მღვდელი და ახლა ამის თქმაც კი მაშინებს... და მოვითხოვდი, დიახ, სწორედ რომ მოვითხოვდი, ბავშვი გადაერჩინა, რადგან იმდენად ღრმა და უნუგეშო იყო ირინას ტკივილი... მას იმედი სულ მთლად გადაწურული ჰქონდა, არც რწმენა გააჩნდა, მაგრამ მის თვალებში სიკეთესა და სიყვარულს ვხედავდი. და ვთხოვდი უფალს, რომ ტანია გადაერჩინა და რწმენის ნათლით გაენათებინა ირინა. აენთო მასში რწმენა უფლისა, მიეცა მისთვის იმედი“.
გავიდა ორი საათი – ლოცვა დამთავრდა. მამა არსენი შემობრუნდა და დაინახა ირინა, რომელიც მუხლებზე იდგა, ტიროდა და თვალს არ აცილებდა ღვთისმშობლის ხატს. გარშემო ვერაფერს ამჩნევდა და რაღაცს ჩურჩულებდა. მამა არსენის გული ირინასადმი უსაზღვრო სიბრალულმა აავსო. მიუახლოვდა, დახრილ თავზე ხელი დაადო და უთხრა: „წადით, ირინა, უფალი შეგეწევათ, ვთხოვოთ ორივემ – თქვენც და მეც, ღვთისმშობელი ჩვენი შემწეა!“
ირინა წამოდგა, მამა არსენისკენ გადადგა ნაბიჯი, მჭიდროდ ჩაავლო ხელი ხელში და მტირალმა წარმოთქვა: „ძვირფასო პეტრე, მე სამუდამოდ ვიწამე თქვენი და მისი, ისიც ხომ დედა იყო და თუ ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ მითხარით, ის მიშველის. ღვთისმშობელო, დაეხმარე და გადაარჩინე ტანია, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ გადაარჩინე!“
ნატალიას მოსვლამდე მამა არსენი ლოცულობდა. საღამოს, როდესაც შინ იმყოფებოდნენ ნატალია და მისი მეუღლე და კიდევ ორი სხვა იმ ეგრეთწოდებული „შვიდეულიდან”, საღამოს 11 საათზე გაისმა ტელეფონის ზარი, მამა არსენი სწრაფად წამოდგა, ყურმილი აიღო და წარმოთქვა: „ანა, გისმენთ!“
– მადლობა, დიდი მადლობა, ყველაფერი კარგადაა, იგი დაგვეხმარა, მთელი ცხოვრება თქვენი და მისი რწმენა მექნება. მადლობელი ვარ, ავტომატიდან ვრეკავ.
თითოეულმა იქ მქოფმა თითქმის ერთდროულად გაიკვირვა: „რატომ აიღეთ ყურმილი, ხომ იცით, რომ ტელეფონი ისმინება?!“
მამა არსენი ხატებთან მივიდა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „ასეა საჭირო. უდიდესი წყალობა გაიღო უფალმა და ღვთისმშობელმა და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ახლად დაბადებული ადამინისათვის. ვერავინ მიხვდება, ვის ველაპარაკე. ამ ქვეყნად ბევრი ანაა!“ – შემდეგ მივიდა ღვთისმშობლის ხატებთან და ლოცვა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დაკითხვებისას მამა არსენს ბევრჯერ ჰკითხეს, თუ ვინ არის ანა.
ირინას მოულოდნელმა გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ბევრი ფიქრის შემდეგ უფალს დახმარება სთხოვა და გადაწყვიტა, აღარ შეხვედროდა მეუფეებს. და 25 აგვისტოს ქალაქიდან გაემგზავრა, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე სახლიდან არ გასულა.
აუცილებელი იყო, მრევლის გადარჩენა, გამცემთა იზოლირება.
მამა არსენის გამგზავრებამდე ირინა ყოველდღე მოდიოდა მასთან 11 საათზე და 2 საათზე მიდიოდა. მოდიოდა, კითხვებს უსვამდა, ლაპარაკობდა, მაგრამ უმთავრესად მამა არსენს უსმენდა და პირველად თავის ცხოვრებაში აღსარებაც თქვა და ეზიარა – მამა არსენის სულიერი შვილი გახდა. მოილაპარაკეს, რომ ირინა ანას სახელით მოსწერდა წერილებს, მამა არსენმა მისი დეიდაშვილის მისამართი დაიმახსოვრა, რომლის სახელზეც უნდა მიეწერა წერილები. იმისთვის, რომ ირინა ღრმად ჩასწვდომოდა სარწმუნოების საფუძვლებს და გვერდით საიმედო მორწმუნე ადამიანი ჰყოლოდა, მამა არსენმა ბებია ლუბას მისამართი მისცა და ლუბას წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო: „დაეხმარეთ, არასოდეს მიატოვოთ, ილოცეთ ერთად!“
მანამდე, სანამ მამა არსენი „განსაკუთრებულში“ მოხვდებოდა, მოახერხა წელიწადში ორი-სამი წერილი გაეგზავნა ირინასათვის, „განსაკუთრებულიდან“ კი წერილების გაგზავნა უკვე შეუძლებელი იყო.
კომკავშირიდან ორგანოებში გაგზავნილმა ირინამ, მამა არსენის გაცნობის შემდეგ, დიდი გაჭირვებით მოახერხა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დაწყება, შემდეგ ექიმად მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა კლინიკებში.
ამის შესახებ მამა არსენმა ბანაკიდან გამოსვლის შემდეგ, 1957 წელს, შეიტყო. გაიხსენა 1939 წლის აგვისტოს დღეები. მამა არსენს კარგად ახსოვდა ის მტკივნეული ფიქრები, რომლებიც ვასილ კუმშინის დებს ზინაიდას და ლიდას ეხებოდა, ვერც აღსარებაში და ვერც მათთან საუბრისას ან წერილებში ვერ აღმოაჩინა უმცირესი შეგრძნებაც კი იმისა, თუ როგორ დაადგნენ ისინი ღალატის გზას. მამა არსენმა ვერ მოახერხა ამ ადამიანთა შეჩერება.
ახსოვდა კატია კრილცოვას აღსარება, 23 აგვისტოს რომ ჩაიბარა. დაამთავრა აღსარება და მამა არსენი ელოდებოდა, სურდა, კატიას ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ქალი დუმდა. მამა არსენი ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, ახსოვს მისი გაოცებული ფრაზები: „მამაო, დავამთავრე!“
ახსოვს, როგორ წაუკითხა გახსნის ლოცვა. აღსარება დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა საუბარი.
– კატია, რატომ უღალატეთ მრევლს, რატომ უამბეთ ჩვენს საქმიანობაზე გამომძიებელს? რატომ? იცით ახლა რამდენ ადამიანს ღუპავთ? თქვენ ჩემი საყრდენი და ერთ-ერთი უსაყვარლესი სულიერი შვილი ხართ, კატია!
შემინებული, გაფითრებული სახე, გაფართოებული თვალები, სავსე სირცხვილით, ცრემლითა და შიშით.
– როგორ გაიგეთ, ვინ გითხრათ, მამაო არსენ, მათ ჩემ გარეშეც ყველაფერი იციან, ყველაფერი. იციან თქვენი ჩამოსვლის შესახებ. მე სიმართლის ნახევარიც არ მითქვამს, მე... და უეცრად სახე შეეცვალა, გაბედული და მტკიცე გამოხედვა გაუხდა, – მე მინდოდა მრევლი გადამერჩინა, იმათ ვატყუებდი, მაგრამ მათ ბევრი რამ იციან. სრულიად დაბნეული ვარ.
საუბარი დიდხანს გაგრძელდა და გადაწყდა, რომ კატია უნდა ჩამოშორებოდა საქმიანობას. ასეც მოხდა. ერთი წლის შემდეგ კატია გათხოვდა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობას თავი დაანება და მხოლოდ 1958 წელს შეხვდა მამა არსენს.
1942 წელს დამღლელი დაკითხვებისას, გამომძიებლის მასალებიდან, მამა არსენი კიდევ ერთხელ დარწმუნდა ირინას სიმართლეში, რომელმაც მოღალატეთა სახელები დაუსახელა.
ყოფილი დიაკვანი 60-იან წლებში, საპატრიარქოში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
იმ დროს კი გამგზავრება აუცილებელი იყო. მამა არსენი დიდხანს ესაუბრა ნატალიას და ვერას, მაგრამ არ უხსენებია ირინა და არც ის, თუ საიდან იცოდა ეს ყველაფერი. ახსენეს დიაკვანი ვასილი, ლიდა გუსკოვა, ზინაიდა პოლიუშკინა, კატია კრავცოვა, მაგრამ მამა არსენი დუმდა. სჯეროდა კატიასი. მიხვდა, რომ ის დაიბნა, კატია მოღალატე არ ყოფილა.
მამა არსენმა იცოდა, რომ მისი დაპატიმრება უკვე გადაეწყვიტათ, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ ეს აქ კი არა, ქალაქში, არამედ გადასახლებაში მომხდარიყო.
დაე, შემდეგ დაკითხონ, ჩასვან კარცერში, სცემონ, აჩვენონ აგენტების დაბეზღებები, იგი გადასახლებიდან არსად წასულა, ქალაქში არ ყოფილა.
ირინამ 25 აგვისტოს ღამის მატარებელზე აიღო ბილეთი, 24 აგვისტოს კი მამა არსენი წერილებს სწერდა.
1966 წელს კატიამ ეს წერილი ვერას გადასცა და უამბო, როგორ გახდა ორგანოს თანამშრომელი.
აი, ნაწყვეტი ამ წერილიდან:
„უფალს თქვენთვის ვევედრები. გაძლიერდით ლოცვაში, ევედრეთ ღვთისმშობელს. დაეცემით? მონახეთ ძალა, რათა წამოდგეთ. მე ვხვდები თქვენს შეცდომას, არ განგსჯით. ძლიერი ხართ, გაბედული, მტკიცე და როდესაც დაგიძახეს, საკუთარი თავის იმედი გქონდათ, მაგრამ ყველაფერი ღმერთს უნდა მიანდოთ. ამ შემთხვევაში დაგეხმარებოდათ თქვენი გაბედულება და სიმტკიცე ბოროტებასთან ბრძოლაში. თქვენი გმირობა შეცდომად გადაიქცა, ხოლო შემდეგ ბოროტებად.
საქმიანობას თავი დაანებეთ, გაუძელით ბოროტებას და გაიმარჯვეთ მასზე. თუმცა მესმის, ეს ადვილი არ არის. შეეწინააღმდეგეთ ბოროტებას.
სიმშვიდეს ლოცვით მოიპოვებთ. ღვთისმშობელი – ჩვენი დამხმარე და მლოცველია.
გფარავდეთ უფალი.
თქვენი სულიერი მამა, მღვდელ-მონაზონი არსენი.
დადგება დრო და კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. გამუდმებით ვლოცულობ თქვენთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ.“
22 აგვისტოს, ირინას მორიგეობის დროს, მამა არსენი სადგურში წავიდა. იქ დაელოდა დაღამებას. ის ირინას დედამ – ბარბარემ გააცილა, თან პროდუქტები გაატანა. დაემშვიდობა ალერსიანად და კეთილად.
მამა არსენისთვის გამგზავრება მძიმე იყო, მან თავისი სულიერი შვილები სამუდამოდ დაკარგა, მაგრამ კატიასი სჯეროდა.
ირინა მამა არსენს დილით დაემშვიდობა და სთხოვა, ელოცა მისთვის. სარწმუნოებას ეზიარა ახალი ადამიანი და ეს მამა არსენისთვის დიდი სიხარული იყო.
მახსოვს, მამა არსენს ჰკითხეს, როგორ ენდეთ თავიდან ირინასო? და მან უპასუხა: „ვენდე, რადგანაც შეუცნობელია გზანი უფლისანი და უსაზღვროა მისი მოწყალება!“
ჩაწერილია მამა არსენის, ირინას, ვერასა და ნატალიას
მონათხრობის მიხედვით.
გაერთიანებული და დამუშავებულია ამ მოვლენების
ერთ-ერთი მონაწილის მიერ. 1968 - 1975 წ.წ.
იგი ყველაფერს იწერდა. სადღაც უხეში, ნაცრისფერი ქაღალდის ნაგლეჯებს შოულობდა, ერთმანეთს გადააკერებდა და რვეულის მსგავს რაღაცას აკეთებდა.
სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ, უხეშ, გაყინულ პურთან ერთად სწრაფად შეჭამდა ბალანდას და შემდეგ ისევ სანახევროდ მშიერი და დაღლილი საწოლზე ჯდებოდა და ქიმიური ფანქრის ნატეხით იწყებდა წერას.
იფიქრებდით, რომ აქ გაზეთის კორესპონდენტად იყო მოვლინებული, შთაბეჭდილებების დასაგროვებლად, პატიმრების ფსიქოლოგიის შესასწავლად და ბანაკის ადმინისტრაციის შესაცნობად, რათა შემდეგ გამოეცა ნარკვევების სერია სახელწოდებით: „განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკი“.
ასე იფიქრებდით, მაგრამ იგი იყო ჩვეულებრივი ნომერი – K-391, მსჯავრდებული 58-ე მუხლით, პატიმრობის ვადა – 20 წელი. მან აქ მხოლოდ ერთი წელი გაატარა და რამდენიმე რვეულის შევსება მოასწრო, სადაც პატიმრებისა და ბანაკის ცხოვრება, მთელი თავისი სიმართლითა და სიცხადით იყო წარმოდგენილი. წყურვილი იმისა, რომ ყველაფერი აღეწერა და დაეტოვებინა საკუთარი ჩანაწერები მომავალი თაობებისათვის, თითქოს წვავდა. ეს ვნება განსაკუთრებით იგრძნობოდა პირველ პერიოდში, ყოველ ახალ პატიმარს ათასობით კითხვას უსვამდა.
„ვინ ხართ? საიდან? რისთვის? ვინ და როგორ აწარმოებდა გამოძიებას? გეგონებოდა, რომ შემდეგ ასეთ კითხვას დაუსვამდა: „თქვენი შთაბეჭდილებები განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკის შესახებ?“ – მაგრამ ამას არასდროს ეკითხებოდა, ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. იგი ახერხებდა სადღაც გადაემალა თავისი ჩანაწერები, ამისთვის კი იძულებული იყო სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის საკუთარი ულუფა გაეყო.
იშვიათად, ჩხრეკისას ჩანაწერების ნაწყვეტებს პოულობდნენ, ართმევდნენ, კარცერში სვამდნენ, მაგრამ ეს წერის სურვილს მაინც ვერ უქრობდა.
ეს ადამიანი სამყაროს ჟურნალისტის თვალით ხედავდა. შესაძლოა, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი შთაბეჭდილებებიც კი ჩაეწერა, იგი ასე იყო შექმნილი. როდესაც მორიგ „ბანაკის ინტერვიუს“ იღებდა, ცდილობდა მომხდარი გაეაზრებინა. იგი კარგად იცნობდა ბანაკს თავისი მრავალფეროვანი საზოგადოებით, მხოლოდ რამდენიმე პატიმარი არ ჰყავდა გამოკითხული, მათ შორის იყო მამა არსენიც.
ბანაკში მას ჟურნალისტი შეარქვეს. როგორც ჩანს, იგი ამით ამაყობდა, რადგან დაპატიმრებამდეც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი სტატიები იბეჭდებოდა: „იზვესტიაში“, „პრავდასა“ და „ტრუდში“.
სულსწრაფობა, ნერვიულობა, სურვილი – ყველაფერი გამოეკითხა მოსაუბრისათვის, თავიდან პატიმრებს აეჭვიანებდა, მაგრამ საკვირველი თავაზიანობა და გულისხმიერება ძალაუნებურად კეთილად განაწყობდა მის მიმართ, როგორც პოლიტიკურ, ასევე უბრალო დამნაშავეებსაც.
ბანაკში ცხოვრების ნახევარი წლის შემდეგ მან გაცილებით მეტი გაიგო და ისწავლა. „ინტერვიუს“ უფრო იშვიათად იღებდა, როცა რამეს ჩაიწერდა, შემდეგ ხანგრძლივად ჩაფიქრდებოდა, როგორც ჩანს, რაღაცას ახლებურად აფასებდა.
მამა არსენს ბანაკში შეხვდა. გაგონილი ჰქონდა, რომ იგი მღვდელი იყო, უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის კურსი დაამთავრა, იცოდა, რომ ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრს უყვარდა, მაგრამ ის, რომ მამა არსენი ღვთისმსახური იყო, აიძულებდა, მის მიმართ შინაგანი ზიზღი ჰქონოდა. ჟურნალისტს მამა არსენის ბანაკში ყოფნა, გარკვეულწილად, სამართლიანად ეჩვენებოდა, რადგან, მისის აზხრით, მორწმუნეები და განსაკუთრებით ღვთისმსახურები, ასე თუ ისე მტრულად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჟურნალისტი, რატომღაც, თავის ცნობიერებაში პოლიციელებს, რომლებიც გერმანელებთან თანამშრომლობდნენ, და მორწმუნეებს ერთმანეთთან აიგივებდა, მათგან თავი შორს ეჭირა და ინტერვიუს „ჩამორთმევას“ არ აპირებდა. ჟურნალისტი თვლიდა, რომ ბანაკში რაღაც განსაკუთრებული მოვლენის გამო მოხვდა და ამიტომ აღშფოთებული იყო. თითქოს ასეთ პიროვნებებთან ერთად ყოფნა ეთაკილებოდა, რადგან, როგორც თვითონ მიაჩნდა, ჭეშმარიტებისთვის იბრძოდა და ახლა კი იძულებული იყო, ისეთ იდეურ მოწინააღმდეგეებთან ერთად ეცხოვრა, როგორებიც მღვდლები და დივერსანტები იყვნენ.
მაგრამ ინტერვიუ მამა არსენთან ერთხელ მაინც შედგა. ჟურნალისტი ავად გახდა და ბარაკში მამა არსენთან ერთად დატოვეს, რათა ბარაკი დაელაგებინათ და გაეთბოთ. ისინი მდუმარედ საქმიანობდნენ. ჟურნალისტი ხმას არ იღებდა, მოჰქონდა შეშა და ქერქს აძრობდა, რაკი ახალგაზრდა და ძლიერი იყო, საკმოდ სწრაფად მოაგროვა ნაფოტები თავის ღუმელთან, მამა არსენი კი ჯერ კიდევ შეშას ეზიდებოდა. ჟურნალისტი უკვე ღუმელში ცეცხლის დანთებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა,
მთელი კოლოფი ასანთი შეალია, მაგრამ ცეცხლი მაინც ვერ გააჩაღა. მაშინ სხვა ღუმელთან გადაინაცვლა, მაგრამ არც იქ გაუმართლა, არადა, დრო გადის და ბარაკში სითბო უნდა დახვდეს სამუშაოდან დაბრუნებულ პატიმრებს, თორემ...
მამა არსენმა მოაგროვა შეშა, ღუმელში შეალაგა, ფიჩხი შემოუწყო და ასანთის ერთი ღერით გააღვივა ცეცხლი, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ღუმელში ნაფოტების შელაგება. მერე დაინახა, რომ ჟურნალისტმა ვერცერთი ღუმელი ვერ აანთო, მივიდა და დახმარება შესთავაზა. გაღიზიანებულმა და გაბოროტებულმა ჟურნალისტმა, ცივად უპასუხა: „ხელს ნუ მიშლით, არ მჭირდება დახმარება!“
მამა არსენი ხმის ამოუღებლად გაეცალა, მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ მიდიოდა მისი საქმე. ჟურნალისტი გაწვალდა, განერვიულდა, მიხვდა, რომ საღამოს აუცილებლად სცემდნენ პატიმრები და მასთან ერთად მამა არსენსაც მოხვდებოდა, რადგან ბარაკი არ გათბებოდა.
ოციოდე წუთი გავიდა, მამა არსენმა ლოცვა წაიკითხა, მივიდა ჟურნალისტთან, გვერდით გასწია და ღუმელიდან შეშა გამოიღო, არყის ხის ქერქი შეაწყო და ასანთის ერთი ღერით ცეცხლი მოუკიდა, მხოლოდ ამის შემდეგ შემოუწყო გარშემო ნაფოტები. მერე უკვე მეორე ღუმელთან გადაინაცვლა და იგივე გაიმეორა. მესამე ღუმელი კი ჟურნალისტმა თვითონ აანთო, სახე გაემურა, მაგრამ კმაყოფილი ჩანდა.
– მადლობელი ვარ, რომ მასწავლეთ. მეგონა მარტივი იყო, არადა, მთელი მეცნიერება კი ყოფილა.
– მე – უპასუხა მამა არსენმა – არაერთი ასეული ღუმელი გამიღვივებია ბარაკებში და ამ მეცნიერებას დავეუფლე.
ღუმელები გახურდა, მხოლოდ შეშის დამატებაღა იყო საჭირო. ამასობაში ერთმანეთს გაესაუბრნენ კიდეც, ჟურნალისტმა, ჩვეულებისამებრ, „ინტერვიუს“ აღება მოინდომა, მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ათიოდე წუთში, საკუთარ თავზე დაიწყო ლაპარაკი. პატიმრების დაბრუნების დრო მოვიდა, ჟურნალისტი უეცრად მიხვდა, რომ თვითონ კი არ სვამს კითხვებს, არამედ დაწვრილებით უყვება უცნობ ადამიანს მთელ თავის ცხოვრებას და ამის გამო, რატომღაც, სულიერი სიმსუბუქე და სიმშვიდე ეუფლება.
პატიმრები დაბრუნდნენ, ხმაური ატყდა. ჩატარდა პირველი შემოწმება, შემდეგ – მეორე, ბარაკი ჩაკეტეს. ჟურნალისტი დაწვა და გათენებამდე თვალი არ მოუხუჭავს. მომხდარზე ფიქრობდა. ვერ აეხსნა, რატომ გადაუშალა გული უცნობ მოხუცს და ასე უეცრად როგორ გახდა ეს ადამიანი მისთვის ახეთი ახლობელი და მშობლიური.
თავდაპირველად ჟურნალისტი მამა არსენზე ამბობდა: „ძლიერი მოხუცია! მისი სული სამყაროს წააგავს, ყველას და ყველაფერს იტევს“. ერთი თვის შემდეგ კი თქვა: „მამა არსენი უკიდეგანო სულის ადამიანია, უდიდესი სიკეთის მატარებელი. მე მასში დავინახე ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანი“ და ბოლოს... სამუდამოდ დაუმეგობრდა მას.
ჟურნალისტს ლექსები უყვარდა, ბევრი ზეპირად იცოდა და საღაამოობით, როდესაც ბარაკი იკეტებოდა, თავისთვის ან მეგობრების თხოვნით კითხულობდა. გულში ჩამწვდომად კითხულობდა, განსაკუთრებით უყვარდა ბლოკი, ბრიუსოვი, პასტერნაკი, სიმონოვი, გუმილოვი, ლერმონტოვი და ესენინი. ლექსის კითხვისას გარდაიქმნებოდა ხოლმე, ხმა მკაფიო და ხავერდოვანი უხდებოდა, ყოველი სიტყვა და ფრაზა კარგად გასაგები იყო. ყველა ცნობილი ლექსი მისი შესრულებით ახლებურად ჟღერდა და ინტერესით ისმინებოდა. მახსოვს, ბლოკის „უცნობ ქალს“ კითხულობდა ძალხე შთამბეჭდავად – მისი მოსმენისას, დაგავიწყდებოდა ბარაკი, შიმშილი, სიცივე, პატიმრობა და ამ დროს სადღაც, ძველ პეტერბურგში გეგონებოდა თავი:
- ძველებურ წესით ისევ უხდება
მას აბრეშუმის შესამოსელი,
თავზე შლიაპა ყორნისფერ ფრთებით,
ხოლო ბეჭედში - გამხდარი ხელი.როგორც ყოველთვის მხლებელთ გარეშე,
მთვრალებთან ჩავლა მარტო ინება,
და სუნამოს და ნისლის სურნელი
კვამლიან დარბაზს მოეფინება... [*]
ჩვენ, იქ მყოფნი, ვუსმენდით და ვხედავდით იმ ქალს. ბლოკის კითხვისას პოეტის მოხეტიალე, ავადმყოფ სულს გვაჩვენებდა, ღრმა, მაგრამ დახარჯულ სინაზეს, მისი ლირიკის სინაზეს, ნაღველსა და გლოვას მისი გატეხილი და უმიზნოდ განვლილი სიცოცხლის გამო. ჟურნალისტი, საერთოდ, ბევრს კითხულობდა, მაგრამ მახსოვს რომ მაშინ ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სიმონოვის ლექსმა „მელოდე, მე დავბრუნდები“ მოახდინა. ჟურნალისტის გარშემო ხუთი-ექვსი ადამიანი შეიკრიბა, ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, შემდეგ კი ვიღაცამ სთხოვა ლექსები წაეკითხა. ათი წუთის განმავლობაში კითხულობდა. მერე უეცრად შეწყვიტა კითხვა, ჩაფიქრდა, როგორც ჩანს მეხსიერებაში რაღაცას ეძებდა. შემდეგ ისე, რომ არავისთვის არ მიუმართავს, წარმოსთქვა: „სიმიონოვს წავიკითხავ, ოდესღაც, ფრონტზე ყოფნისას მან წამიკითხა ეს ლექსი“. და კითხვა დაიწყო:
მელოდე და მოვალ მე,
სულ, მელოდე, სულ.
თუნდა წყალ-წყალ წვიმები,
აწყალებდნენ სულს.
თუნდაც თოვლი გფარავდეს,
თუნდა გწვავდეს მზე,
როცა სხვებს არ ელიან,
დამელოდე მე.თუნდაც ერთი წერილი,
ვერ მიიღო მანდ!
მაინც უნდა მელოდო,
არ მოგბეზსრდეს ცდა.
მელოდე და მოვალ მე,
ნუ მიუგდებ ყურს!
ვინც არ ელის და ჩვენზე,
ვინც იცრუებს გულს.
ლექსის პირველი სტრიქონები აუდიტორიამ თითქმის გულგრილად მიიღო, მაგრამ შემდეგ თანდათან, თითქოს ატმოსფერო გალღვა, ჟურნალისტი ისე გულმი ჩამწვდომად წარმოსთქვამდა ლექსის სტრიქონებს, თითოეული სიტყვის ძალა, სითბო და ჩვენი ბანაკური ცხოვრების რეალობა, გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება ახლობლებს გვახსენებდა, მოგვაგონდა დავიწყებული, ძვირფასი წარსული:
მელოდე და სიკვდილის
ამოვივჟრი ჟინს.
მელოდე და მოვალ მე,
დავბრუნდები შინ.
ჟურნალისტის ხმა მთელ ბარაკს მოეფინა. მოგონებებით შეპყრობილი პატიმრები გარშემო შემოეხვივნენ, სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ, რათა ერთი სიტყვაც არ გამორჩენოდათ. იდგნენ და იხსენებდნენ ოჯახებს, ნათესავებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფალი იყო. ალბათ, იმ წუთში თითოეული ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, მასაც დალოდებოდა ვინმე, ნეტავ ვინმეს თუ ვახსოვარ? მე ხომ უკვე, ოფიციალური საბუთების მიხედვით, არც კი ვარსებობ, ჩამომწერეს, მოვკვდი. ჟურნალისტი კი აგრძელებდა:
ვისაც არა სწამდა რა,
და ბაძავდა სხვებს,
დაე, სულყველაფერი,
დააბრალოს ბედს.
ის ვერასდროს გაიგებს,
ამ ბრძოლაში, დღეს,
შენი ცდით და ლოდინით,
ვით მიხსენი მე.
ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით,
გავაკვირვებთ ხალხს. [**]
ჟურნალისტმა კითხვა დაამთავრა, თავი ჩაღუნა და ფიქრებში ჩაიძირა. შეკრებილნი წყნარად, უხმაუროდ დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. ორმოციოდე წლის მაღალმა მამაკაცმა მოულოდნელად წარმოსთქვა: „ომი მეც გამოვიარე, ჰოსპიტალში ვიწექი, მერე კვლავ ვიბრძოდი რუსეთისათვის. ვფიქრობდი, ცოტაც და დავბრუნდები-მეთქი, ცოლს წერილებს ვწერდი ფრონტიდან – მელოდე, დავბრუნდები-მეთქი და აი, დავბრუნდი კიდეც! ცოლი ისევ მელოდება, მე კი „განსაკუთრებულში“ ვარ... და – მოულოდნელად დაასრულა: რა ვიცი, იქნებ გავაღწიოთ კიდეც აქედან?!“
ჟურნალისტი ბოლოს გათავისუფლდა და საკუთარი ჩანაწერების გატანაც მოახერხა. მისი გვარი ახლაც ხშირად გვხვდება სქელტანიანი ჟურნალებისა და ცენტრალური გაზეთების ფურცლებზე. გამოვიდა რამდენიმე წიგნი, რომელშიც გადატანილი გაჭირვება და მამა არსენთან შეხვედრის გამოძახილი ამოვიკითხე. ჩვენი ჟურნალისტი მამა არსენთან მთელი ცხოვრება მეგობრობდა. მას ახლაც ხშირად ვხვდები, ვიგონებთ ბანაკში გატარებულ წლებს, მამა არსენს და სხვებსაც, ვინც ბანაკიდან გასვლა მოახერხა. და, რაც ყველაზე მთავარია, – მე და ჟურნალისტს გვჯერა, რომ მამა არსენმა ჩვენ ახალი ცხოვრება გვაჩუქა. მისი ჩანაწერებიდან ბევრი რამ არის გამოყენებული მამა არსენზე მოგონებებში.
ეს ადამიანი ჩვენსავით გაწამებული მოვიდა ბანაკში: მაღალი, გამხდარი, ჩამოძონძილი. სახეზე გადაჭიმული კანი და დიდი, შავი, ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, რომლებიც გულგრილად გაჰყურებდნენ სივრცეს.
სამუშაოზე ნორმას ვერ ასრულებდა, ამიტომაც ულუფის მხოლოდ ნაწილს იღებდა და დღითიდღე სულ უფრო სუსტდებოდა.
სამუშაოდან მოსვლის შემდეგ ნელა ჭამდა ბალანდას საწოლზე ჩამოჯდებოდა და უსიტყვოდ შეჰყურებდა ბარაკის მქრქალ ფანჯარას, რომლის მიღმა ბანაკის მოსაწყენი ხედი იშლებოდა. ხანდახან სახე გამოუცოცხლდებოდა, ხოლო მუხლზე დაწყობილი გრძელი თითები მოძრაობას იწყებდნენ, გეგონებოდათ, როიალზე უკრავსო.
საკუთარ თავზე ცოტას ლაპარაკობდა, უფრო სწორად თითქმის არაფერს, მაგრამ როგორღაც, შემთხვევით ყველაფერი გაირკვა. ბარაკში მისი მოსვლიდან ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა და ყველა შეეჩვია მის მდუმარებასა და გაუცხოებას. ერთ საღამოს ერთგან რამდენიმე პატიმარი შეიკრიბა, მათ შორის იყო მამა არსენიც. თავიდან ბანაკის საქმეებზე საუბრობდნენ, მერე შეუმჩნევლად წარსულზე ალაპარაკდნენ, გაიხსენეს თეატრი, მუსიკა და ამ დროს მათ მდუმარე პატიმარი მიუახლოვდა. მუსიკაზე უფრო მეტად გაღრმავდა საუბარი, ვიღაცა ადამიანის სულზე მუსიკის განსაკუთრებულ გავლენაზე საუბრობდა, მუსიკის „პარტიულობა“ ახსენა. მამა არსენი, როგორც ყოველთვის, კამათში არ მონაწილეობდა, მაგრამ უეცრად საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა, აღნიშნა, რომ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ღრმა შინაარსიანია, დადებითად მოქმედებს ადამიანის სულზე, აკეთილშობილებს მსმენელს, და ამავე დროს რელიგიური ზემოქმედების გარკვეული ელემენტებიც კი გააჩნია.
მუდამ გულჩათხრობილი პატიმარი გამოცოცხლდა, თვალები გაუნათდა, ხმა გაუძლიერდა და მშვიდად, თითქმის მბრძანებლურად ალაპარაკდა. საუბრობდა ძალიან გულისხმიერად, პროფესიონალურად, საფუძვლიანად და დამაჯერებლად. მამა არსენის აზრს ავითარებდა, ადამიანზე მუსიკის ზემოქმედების შესახებ. ერთ-ერთი პატიმარი მას სახეზე დააკვირდა და წამოიძახა:
– ნება მომეცით, მე თქვენ გიცნობთ, თქვენ პიანისტი ხართ!.. და გამოჩენილი მუსიკოსის გვარი დაასახელა. მუსიკოსი შეკრთა, დაიბნა და ჩაილაპარაკა.
– რომ იცოდეთ, როგორ მაკლია მუსიკა, მასთან ერთად არც აქ გამიჭირდებოდა; ვიღაცამ სულელური კითხვა დაუსვა:
– აქ რისთვის მოხვედით?
– მუსიკოსმა კი არაჩვეულებრივი სერიოზულობით უპასუხა:
– მეგობარმა ცილი დამწამა, საერთოდ კი, იმის გამო, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვსხედვართ აქ, – თქვა და სასწრაფოდ იქაურობას გაეცალა, საკუთარ საწოლზე წამოწვა. ამ საუბრის შემდეგ მისი გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდა. ვხედავდით, როგორ დაკარგა ადამიანმა კავშირი სამყაროსთან, ეს კი ბანაკის პირობებში სიკვდილის ტოლფასი იყო.
ერთი თვე გავიდა, მუსიკოსი სავსებით დაუძლურდა, გაჭირვებით ახერხებდა მუშაობას, სულ უფრო ნაკლებად ასრულებდა ნორმას, ამის მიხედვით კი ულუფის რაოდენობაც იკლებდა.
მამა არსენმა რამდენჯერმე სცადა გასაუბრებოდა ან რაღაცით დახმარებოდა, მაგრამ ამაოდ. მუსიკოსი არ უსმენდა. გაურკვევლად პასუხობდა ან მიდიოდა.
ერთხელ მამა არსენმა გვითხრა: „ხომ ხედავთ, ადამიანი იღუპება მუსიკის გარეშე, რა შეიძლება გავაკეთოთ მისთვის ისეთი, რაზედაც დაკვრას შესძლებს?“ სისხლის სამართლის ერთ-ერთმა დამნაშავემ, რომელსაც მამა არსენი უყვარდა, თქვა: „წითელ კუთხეში გაფუჭებული გიტარაა, ვეცდები ბიჭებს შევაკეთებინო“.
„განსაკუთრებულში“ არსებობდა წითელი კუთხე, რომელშიც არანაირი ღონისძიება არ ტარდებოდა, ინახებოდა რამდენიმე ათეული წიგნი, რომლებსაც არავის აძლევდნენ. კარადაში კი გატეხილი გიტარა იდო. წითელი კუთხე მუდმივად დაკეტილი იყო, მაგრამ ბანაკის ხელმძღვანელობის პატაკებში მოიხსენიებოდა, როგორც აუცილებლობა, რომელიც პატიმრების „პოლიტიკური აღზრდისთვის“ იყო საჭირო. გაურკვეველია, როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა წითელი კუთხიდან გიტარის მოპოვება და ბარაკში მოტანა. გიტარა უბადრუკი შესახედი იყო: დახეთქილი თავფიცარი, დარჩენილი ხუთი სიმი და აქა-იქ შემორჩენილი ლაქი. ყველასათვის ნათელი იყო, რომ პირველივე ჩხრეკისთანავე გიტარას წაიდებდნენ, მაგრამ ბარაკში მისმა გამოჩენამ მაინც დიდი მხიარულება გამოიწვია.
ერთმა პატიმარმა გიტარის თავფიცრის შეწებება მოახერხა. ორი დღის განმავლობაში გიტარას სისხლის სამართლის დამნაშავეები მალავდნენ. მესამე დღეს კი, როდესაც თავფიცარი გაშრა, საღამოს შემოწმებისა და ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა მუსიკოსი ბარაკის მეორე ბოლოში იმყოფებოდა, გიტარა მის საწოლზე დადეს. მუსიკოსი მივიდა საწოლთან, ჩამოჯდა და შემთხვევით გიტარის სიმებს შეეხო. სიმებმა საცოდავად გაიჟღარუნეს. მუსიკოსი შეშინებული შემობრუნდა, გიტარა აიღო და დაბნეულმა იქაურობას თვალი მოავლო. გიტარის აწყობას შეუდგა, თავიდან სიმები გაურკვეველ ხმას გამოსცემდნენ, შემდეგ ხმა გაძლიერდა და მუსიკოსმა დაკვრა დაიწყო.
სადღაც ბანაკში, ხუთი-ექვსი მეტრის დაშორებით, კარტს თამაშობდნენ, დომინოს ქვების ხმა ისმოდა, გაბოროტებულნი ილანძღებოდნენ, ლაპარაკობდნენ, ზოგნი ჩუმად იწვნენ საწოლზე. უეცრად ბანაკი მუსიკამ მოიცვა: ლანძღვა შეწყდა, დომინოს ხმა მიყუჩდა, კარტის თამაშსაც თავი ანებეს.
თითქოს რაღაც განუზომლად დიდი, მშობლიური, ოდნავ ნაღვლიანი, თითოეული პატიმრისთვის უჩვეულოდ ახლობელი შემოვიდა ბარაკში და მათ გვერდით დადგა. ბგერებში იკვეთებოდა მშობლიური ადგილები, აბიბინებული მინდვრები, სამუდამოდ დაკარგული ცოლები, დედები, შვილები, საყვარელი ქალების სახეები, მეგობრები – ყველაფერი, ნათელი და კარგი, რაც მიკარგული იყო ადამიანებში, თითქოს გამოცოცხლდა. ბარაკის ცხოვრების უხეშობა და სისასტიკე სადღაც გაქრა. ის, რასაც მუსიკოსი უკრავდა, შეიძლება არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მისი მუსიკა იყო. ახლა თავად გიტარა მღეროდა, მღეროდა და წარსულზე მოგვითხრობდა. ჩვენ ვუსმენდით, მუსიკა კი მოედინებოდა, თითქოს ყინულის ნატეხები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, წყალი მღეროდა. ეს იყო მუსიკის გულის ფეთქვა, თითქოს ჯურღმულში ყველაფერი განათდა, სიხარული და სიცოცხლე დაგვიბრუნდა. ბგერები მოედინებოდნენ, ჩვენ შორის იბადებოდნენ, მაგრამ ის ოცნება რომელიც მათ მოჰქონდათ ჩვენამდე, ახლა განუზომლად შორს იყო. სიმები ნაღვლიანად ჟღერდნენ, ოხრავდნენ, კვნესოდნენ და ჩუმ პროტესტს აცხადებდნენ. მუსიკამ დაავიწყა პატიმრებს დამთრგუნველი აწმყო და დაწყევლილი სინამდვილე.
უეცრად ნაბიჯების ხმა გაისმა, მუსიკოსისკენ მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი მოემართებოდა, შეშლილ სახეს ცრემლები უნამავდა, იგი ბარაკში ცნობილი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო, სასტიკი და დაუნდობელი.
– ახლავე შეწყვიტე დაკვრა, სულს ნუ მიფორიაქებ, შეწყვიტე, თორემ მიგასიკვდილებ! – მან მუსიკოსზე ხელი ასწია, მაგრამ იქვე მდგარმა ერთ-ერთმა კრიმინალმა ხელი სტაცა და დერეფნისკენ მოისროლა. ყველამ გავიგონეთ, როგორი გულამოსკვნილი ტიროდა ბარაკის ბოლოში.
ბგერები მოგვითხრობდნენ ტანჯვაზე, აუტანელ გასაჭირზე, დარდზე და საერთოდ, ბარაკზე. გული გვეწურებოდა, მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც დარდმა და ნაღველმა თანდათან დნობა დაიწყო. ახლა უკვეე მუსიკისგან მოდიოდა სიმშვიდე, თითქოს ადამიანმა გამოსავალი იპოვაო. მუსიკოსი, თითქოს თავის მუსიკაზე მოგვითხრობდა, მაგრამ მსმენელი მასში საკუთარ ცხოვრებას ხედავდა.
მუსიკა შეწყდა და მუსიკოსი რამდენიმე ხანს გაუნძრევლად იჯდა. მერე ერთ-ერთმა ჩვენგანმა სთხოვა, გვიმღერეთო. მუსიკოსმა თავი ასწია და ჩუმი, ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ ძლიერ შთამბეჭდავი ხმით დაიწყო ძველი რუსული სიმღერა:
რატომ მოიბუზეთ, ჩემო პაწია შევარდნებო?
განქარდა სიყვარული?! მერე რა მოხდა?
მერე რა მოხდა, თუ კარგი აღარ ვარ...
მე მაინც მეყვარებით, ჩემო პაწია ჩიტუნებო. [***]
იმ წამსვე ყველა გამოცოცხლდა და სახეზე ღიმილი დაეტყო. მუსიკოსს, მართალია, მომღერლის ხმა არ ჰქონდა, მაგრამ მასში იმდენი სითბო და გულისხმიერება იყო, რომ მთლიანად დაიპყრო მსმენელი. სიმღერის დამთავრების შემდეგ, შენელებულ ტემპში დაუკრა ვალსი „მანჯურიის გორაკებზე“. ამ ვალსის საყოველთაოდ ცნობილმა მელოდიამ განსაკუთრებით გაახარა და დააახლოვა ყველანი...
პატიმრები უჩუმრად დაიშალნენ. მუსიკოსი საწოლზე იჯდა, მშვიდი, გასხივოსნებული მზერით გაჰყურებდა სივრცეს, გიტარა სათუთად ეჭირა ხელში. და თითქოს ყველას მადლობას უხდიდა, ვინც ეს გიტარა დაახვედრა.
მე და მამა არსენი ერთად ვისხედით, მას ჩაფიქრებული და დაძაბული სახე ჰქონდა. იგი მორწმუნეა, ღრმად მორწმუნე, – ჩაილაპარაკა მამა არსენმა – მან დღეს საკუთარ თავზე მუსიკის მეშვეობით მოგვითხრო.
გიტარამ ბარაკში მხოლოდ რამდენიმე დღე „გაძლო.“ ამ დღეების განმავლობაში მუსიკოსი თითქოს ხელახლა დაიბადა: გამხიარულდა, გამოცოცხლდა, გულღია გახდა. სისხლის სამართლის დამნაშავეებმა მას მეტსახელად „არტისტი“ შეარქვეს და თავიანთ მფარველობაში აიყვანეს. ერთხელაც გიტარა დილის შემოწმებაზე წაიღეს, სამალავში მიაგნეს, ვიღაცამ დაგვაბეზღა. მუსიკოსი კარცერში სამი დღით ჩასვეს. რამდენიმე ხანი მხნედ და მხიარულად გამოიყურებოდა, მაგრამ მერე კვლავ მოიწყინა...
სამიოდე კვირის შემდეგ, ღამით, მამა არსენმა იგრძნო, რომ ვიღაც ხელით შეეხო: „ბოდიშს ვიხდი, ახლა ღამეა, მაგრამ აუცილებლად უნდა გელაპარაკოთ. ვიცი, რომ თქვენ მღვდელი ხართ. დიდი ხანია მინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ ვშიშობდი. ახლა კი ვგრძნობ რომ ჩემი დრო დადგა. გიტარისთვის მადლობელი ვარ, გავიგე, რომ ეს თქვენი დამსახურებაა. მომისმინეთ, მოკლედ გეტყვით, მაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ“.
მამა არსენმა ყვრიმალთან მუსიკოსის ცხელი სუნთქვა იგრძნო, მუსიკოსი ჩურჩულით ყვებოდა საკუთარ თავზე: „ღმერთო, ღმერთო, როგორი ცოდვილი ვარ” – იმეორებდა ხშირად და როგორც ჩანს, ყველაფერი, რასაც იგი ლაპარაკობდა, დიდი ხნის ნაფიქრი იყო. შიგადაშიგ მამა არსენს ხელი ცრემლით უსველდებოდა.
– ღმერთო, ღმერთო, როგორი ცოდივილი ვარ, მაგრამ... მუსიკა რატომ წამართვეს?
მამა არსენი მასთან ერთად დიდხანს ლოცულობდა.
ორი კვირის შემდეგ, მუშაობისას, მუსიკოსს მარცხენა ხელის მტევანი დაემსხვრა, ხოლო კიდევ ორი კვირის შემდეგ, ბანაკის საავადმყოფოდან ერთ-ერთმა გამოჯანმრთელებულმა პატიმარმა წერილი მოიტანა. მუსიკოსი მამა არსენს ევედრებოდა:
– ნუ დამივიწყებთ, ღვთის გულისათვის, სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობ. ევედრეთ უფალს ჩემთვის!
ჩაწერილია მამა არსენის მონათხრობისა და იმ პირთა მოგონებების
მიხედვით, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ. 1959 წ.
მამა არსენი ბანაკში დაახლოებით ერთი წლის გაცნობილი მყავდა. მასზე ბევრი რამ მსმენოდა. ერთმანეთს იშვიათად ვხვდებოდით. 1953 წელს მისკენ გამიწია გულმა. ზაფხულის მიწურულს დროებით სამუშაოსე გადავყავდით, დაუსახლებელ ადგილზე ბარაკები უნდა აგვეშენებინ და მაღაროში ჭა გაგვეთხარა.
ორმოცი კილომეტრი ფეხით უნდა გვევლო. არც თუ ისე დიდი გზა იყო, სამი დღის განმავლობაში, ღამითაც თუ ივლიდი, ტვირთითაც კი დაფარავდი ასეთ მანძილს. მაგრამ საშინელი მზე აცხუნებდა, კოღოები გვაწუხებდნენ. ჩაცმულები მივდიოდით და დამძიმებულნი ვიყავით. სახე და ხელები კოღოების ნაკბენების და ოფლისგან საშინლად გვექავებოდა. ზოგჯერ ზაფხულის სიცხე უფრო აუტანელია, ვიდრე ზამთრის ყინვა.
მივდივართ, ფეხები ტყვიასავით დაგვიმძიმდა, ტანსაცმელი სხეულზე გვეწებება და კიდევ უფრო გვიმძიმს გადაადგილება. ყველას ერთი სურვილი გვაქვს – მიწაზე დაეგდო, ჩაეკრა მას და აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ ადგე, მაგრამ რაღაცა ძალა გვაიძულებს განვაგრძოთ სიარული, ფეხებს ძლივს მივათრევთ. ყოველი გავლილი მეტრი წამებაა, მაგრამ მაინც მივდივართ და მივდივართ...
ყველა დაიღალა: დაცვა, პატიმრები, მოდარაჯე ძაღლები. გზის დასასრული აღარ მოჩანს, თუმცა ბევრს იგი არაერთხელ გაუვლია, ყოველი მომდევნო ნაბიჯი ძალას გვაცლის. კოლონა გაიშალა, რიგები აირია, ისმის ბრძანება: „ნუ იშლებით, რიგები შეამჭიდროვეთ“, მაგრამ ამ ბრძანებას თვითონაც დაღლილი ადამიანი იძლეოდა, რომელიც გაწამებულიყო სიცხისგან, იარაღის სიმძიმისა და კოლონის თვალთვალისაგან.
ფეხები ნარინჯისფერ, მოწითალო ფოთლებში ეფლობოდა. არყის ხის ფოთლები ნელ-ნელა ცვიოდა დაბლა, ჰაერში დაფარფატებდნენ და ფეხქვეშ შრიალებდნენ.
მე და მამა არსენი ერთად მივდიოდით, რამდენჯერმე წავიფორხილე და იგი მზრუნველად დამეხმარა. ორჯერ თუ სამჯერ შევხედე და გავიფიქრე: „ნეტავ რა აძლევს სიარულის ძალას? იგი კი მიდიოდა, წელში გამართული, მობილიზებული, თითქოს ირგელიე ყველაფერს ამჩნევდა. მისი ტუჩები შეუმჩნევლად მოძრაობდნენ და მე მივხვდი, იგი ლოცულობდა.
გზა ბორცვებს შორის გადიოდა და ქარისგან მოტანილი ფოთლებით იყო სავსე. ჩვენ წინ თათარი მიდიოდა, მაღალი, გამხდარი, ასკეტური გარეგნობისა. ერთიანად ჩამოძონძილი და ჭუჭქიანი იყო, ზურგზე ცარიელი ზურგჩანთა ეკიდა. ბარაკში იცოდნენ, რომ ყაზანიდან იყო და ბანაკში მოხვედრის შემდეგ ისე გაუჭირდა, ლამის დაიღუპა. ბარაკში იგი ჩემი საწოლიდან სამი ადგილის შედეგ იწვა.
ბევრი შეეცადა მის დახმარებას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თათარი გაჭირვებით აგრძელებდა სიარულს და არაბუნებრივად ირწეოდა.
როდის დაგვასვენებენ? დროდადრო ვიღაც ეცემოდა, წაქცეულს გვერდს უვლიდნენ, დაღლილი ბადრაგი კი, წიხლისკვრით აიძულებდა, ამდგარიყო.
ძაღლები ბადრაგს თასმებზე ჰყავდა გამობმული, ისინიც დაიღალნენ და ვეღარაფერს ამჩნევდნენ.
სიმშვიდემ დაისადგურა. მდუმარედ ვაგრძელებდით სიარულს: დაცვის ბრძანებები აღარ გაისმოდა. მხოლოდ ფეხქვეშ მოშრიალე ფოთლები არღვევდა სიჩუმეს.
ფეხები აგვტკივდა, თავი გვისკდებოდა, წარმოუდგენლად გვტკიოდა სხეული, მხოლოდ შესვენებაზე ვფიქრობდით. დაღლილობისგან თვალთ მიბნელდებოდა. წინ მიმავალთა ფიგურებს გაჭირვებით ვარჩევდი.
მორჩა! ძალა გამომელია, ახლა დავეცემი!
უეცრად ყვირილი გაისმა: „გავრბივარ, გავრბივარ!“
უჩვეულო ფუსფუსი ატყდა, უეცრად გამოვფხიზლდი და ვხედავ, რომ მაღალი თათარი ბორცვისკენ გაიქცა, იგი ნელა გარბოდა, ეტყობოდა, რომ ძალა აღარ ყოფნიდა.
კოლონა ამოძრავდა, გამოფხიზლდა, ბადრაგმა ავტომატი პატიმრისკენ მიმართა. ლეიტენანტი და ერთი ჯარისკაცი გაქცეულისკენ შეტრიალდნენ და ტყვიები დაუშინეს, მაგრამ არც ერთი მოხვედრია თათარს, იგი ნელი ნაბიჯით ადიოდა ფერდობზე.
ასეთ გაქცევას ერქვა „გაქცევა სიკვდილისკენ“. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. ადამიანი უკიდურეს ზღვარს მიაღწევდა, რათა მოეკლათ. და ამ დროს დაცვა ძაღლების დახმარებით ეწეოდა გაქცეულს, სცემდა და კვლავ კოლონაში აბრუნებდა. ზოგჯერ კლავდნენ კიდეც გაქცევის მცდელობისთვის. ყველაფერი ბადრაგის უფროსზე იყო დამოკიდებული.
თათარი გაჭირვებით მიბობღავდა ფერდობზე. ლეიტენანტი და ჯარისკაცი ხედავდნენ, რომ თანდათან ძალა ელეოდა. ბრძანეს, ძაღლები გაეშვათ. შეაჩერებენ, სცემენ ხელმძღვანელობას მოახსენებენ, მაგრამ ცოცხალი მაინც იქნება. კოლონა გაირინდა, დაიძაბა. ხვდება რომ დაცვას თათრის გადარჩენა სურს. უეცრად გვერდიდან ავტომატი აკაკანდა. ზუსტად ისროდა, პირველივე გასროლისთანავეე თათარი დაცხრილეს, წაქცევისას ის თითქოს ცდილობდა მზეს ჩასჭიდებოდა. ცალი ხელი ცისკენ გაიწოდა, პირქვე დაეცა, ავტომატი კი სროლას განაგრძობდა. თათარი ფერდობზე იწვა და ყველა კარგად ხედავდა: სახე დამტვერილი ჰქონდა, ტანსაცმელი გასისხლიანებული, ჯარისკაცი კი სროლას კვლავ აგრძელებდა. შინაგანი დაძაბულობისაგან პატიმართა კოლონამ მსროლელისკენ გაიწია. დაცვის უფროსმა გაფრთხილების მიზნით ავტომატიდან ისროლა და დაიყვირა: „დასხედით მიწაზე!"
პატიმრები ფოთლებით მოფენილ გზაზე დაცვივდნენ. თავზე ავტომატის მეორე ჯერმა გადაგვიარა და უფროსმა იმავე ხმით გვიბრძანა: „თავები დახარეთ, დაწექით!“ და მერე ზედ საშინელი გინებაც დააყოლა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ გაიგონა, როგორ უთხრა ჯარისკაცმა ლეიტენანტს: „ამხანაგო ლეიტენანტო, ეს ნაძირალა ზუსტი გასროლით მოვკალი!“ – ჯარისკაცის ხმაში თათრული აქცენტი იგრძნობოდა. ამ დროს კოლონიდან ვიღაცამ დაიყვირა: „ძაღლო, შენიანი მოკალი. სიკვდილის ღირსი ხარ!“ თათარი ჯარისკაცი მკვეთრად შემობრუნდა და პატიმრებს ავტომატი მიუშვირა, მაგრამ ამ დროს ბადრაგის უფროსმა დაიყვირა: „იბრაგიმოვ, შეჩერდი!“
ყველანი მიწას გავეკარით. მესმის, ჩემ გვერდით ვიღაც ტირის. გავიხედე და ვხედავ: მამა არსენი დაჩოქილა და ტირის, ტუჩებით უხმოდ რაღაცას ჩურჩულებს; ხელი ვკარი და ჩუმად ვუთხარი: „დაწექი, გესვრიან!“ ის კი კვლავ მუხლებზე დგას, სადღაც შორს იყურება, ჩურჩულებს და პირჯვარს იწერს. მეორედაც ვკარი ხელი, მაინც არ დაწვა. რა ვქნა, იდგეს, ოღონდ მე არ მესროლონ. ათი-თხუთმეტი წუთი გავიდა. დაცვა დაღუპულის სხეულს მიათრევს. შემდეგ ბრძანება ისმის: „ადექით, რიგები გაასწორეთ, საკმარისია ერთი ნაბიჯი განზე და გესვრით!“ წამოვდექით, რიგები გავასწორეთ, გზა განვაგრძეთ. ვხედავთ, როგორ მოაცილეს დაღუპული იქაურობას. მხოლოდ ფოთლებს შერჩა სისხლის კვალი. მივდივართ, დაცვა გაბოროტებულია. ვგრძნობთ, რაღაც უნდა მოხდეს, ალბათ, ავტომატის ჯერს დაგვიშენენ. მამა არსენს შევხედე. ნაღვლიანი სახე ჰქონდა მივხვდი რომ ლოცულობდა და რატომღაც მისმა გამომეტყველებამ გამაბოროტა. ნახა რა ამანაც დრო ტირილისა და ლოცვისთვის, – გავიფიქრე ჩემთვის, ხმამაღლა კი ვუთხარი:
– რაო, სტრელცოვ, ასეთ რამეს პირველად ხედავ?
– არაერთხელ მინახავს, მაგრამ საშინელებაა, როცა უდანაშაულო ადამიანს კლავენ, ყველაფერს ხედავ და ვერაფრით ეხმარები.
მე ირონიულად მივუგე:
– თქვენიი ღმერთისთვის გეთხოვათ დახმარება, თათარს დაეხმარებოდა, ან მკვლელი მაინც დაგეწყევლათ, შურს მაინც იძიებდით.
– რას ამბობთ, განა შეიძლება ვინმე დაწყევლო? ღმერთმა მაინც გადაარჩინა ბევრი ჩვენგანი. მე ეს დავინახე. ჯარისკაცს კი ღმერთი დასჯის, ვხედავ, სიკვდილის ანგელოზი ზურგს უკან უდგას. ო, ღმერთო, როგორი ცოდვილები ვართ! – დაასრულა მამა არსენმა.
თქვა და მოწყენილი წავიდა.
თათარი პატიმრის დახვრეტამ დაღლილობა გადაგვავიწყა. კოლონამ სწრაფად განაგრძო სვლა, მაგრამა ყველა დუმდა. ერთი დღის შემდეგ დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, სადაც ერთი თვე უნდა გვეცხოვრა. დღეში თხუთმეტ-თვრამეტ საათს ვმუშაობდით. ყველაზე მცირე ნორმის საკვებს გვაძლევდნენ. ყოველდღე ვმარხავდით გარდაცვლილებს. კოღოებმა და ქინქლებმა შეგვჭამეს. ისე გავწამდით, რომ ბევრი ნიჩბით და ნაჯახით ხელში მუშაობისას ეცემოდა. მცველი მოვიდოდა და სხვა პატიმარს უბრძანებდა, თვითონ აეღო წაქცეულის ნიჩაბი ან ნაჯახი, თვითონ კი ფეხის კვრით გადააგორებდა წაქცეულს. ზოგიერთი გონს მოდიოდა დასვენების შემდეგ, სხვები პირდაპირ ექიმთან მიჰყავდათ. ექიმი შეამოწმებდა, სიკვდილს დააფიქსირებდა, აქტს ხელს მოაწერდა – და დასრულდა შენი პატიმრობის ვადა.
მე სტრელცოვს ვაკვირდებოდი და ეტაპის დროს განმაცვიფრა. მივხვდი, რომ უჩვეულო ადამიანია, განსაკუთრებული. ბანაკში ამდენი წლის განმავლობაში სხვებივით მუშაობს, სრულიად გამოფიტულია, მაგრამ როგორღაც, ცოცხლობს და არ კვდება. მუდამ ლოცულობს. რაღაცის სწამს და ისე სწამს, რთმ ეს რწმენა აცოცხლებს. ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაკვირვა? სხვებივით იღლება, მაგრამ ცდილობს, ყველას დაეხმაროს და ეხმარება კიდეც. ყველას ყურადღებით, გულთბილად ეპყრობა. წარმოიდგინეთ, დაცვასაც კი უყვარდა და თავისებურად ინდობდა.
ერთი თვე ვიმუშავეთ. ექვსასი კაცი ჩავედით და იქედან ორასზე ნაკლები დავბრუნდით. ბანაკამდე ოთხი დღე მივდიოდით. მივდიოდით ნელა. დაცვა არ გვაჩქარებდა. ხვდებოდა, რომ სულის მეტი აღარაფერი დაგვჩენოდა და... „განსაკუთრებულში“ ერთი დღით დაგვასვენეს, სამი დღის განმავლობაში ნორმალურად გვკვებავდნენ. ეტყობა, ადამიანები იქაც იყვნენ. დროებით სამუშაოზე გატარებულმა ერთმა თვემ მამა არსენთან ძლიერ დამაახლოვა. მაშინ ყველაფერი მანცვიფრებდა: უჩვეულო სიკეთე, დახმარების უნარი, ის ხომ ყველა ადამიანს ეხმარებოდა და, რაც მთავარია, ეხმარებოდა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე საჭირო იყო.
გიმძიმს, დარდიანი ხარ, ნაღვლიანი და სიცოცხლე აღარ გინდა. ის კი მოვა შენთან, მხარზე ხელს დაგადებს და ისეთ რაღაცას გეტყვის, რომელიც უეცრად გაგათბობს და შენს ყველა კითხვას, რომელიც ასე გაწუხებდა და გაწვალებდა, უპასუხებს. ჩემნაირებს მამა არსენი ბევრს ეხმარებოდა. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა და მის გარშემო განსაკუთრებული წრე იკვრებოდა.
რატომ დავიწყე მამა არსენზე ფიქრი დროებითი სამუშაოსა და თათარი პატიმრის მკვლელობის შემდეგ? მხოლოდ იმიტომ, რომ მამა არსენის საქციელი ჩვენი მოგზაურობისას რატომღაც არაბუნებრივი მეჩვენა. დაცვასაც კი ანცვიფრებდა მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. მახსოვს, დაცვა მას ზოგჯერ „მამასაც“ კი უწოდებდა.
თათარი ჯარისკაცი იბრაგიმოვი მეორე დღეს ბანაკში მოკლეს. დროებით სამუშაოზე მიყვანის შემდეგ, ბადრაგი კვლავ „განსაკუთრებულში“ დააბრუნეს და იბრაგიმოვი იქ, ყაზარმაში ჯარისკაცებმა მხეცურად აწამეს, ჯერ თვალები დათხარეს და მერე ყელი გამოჭრეს. პატიმრებს ამის ჩადენა არ შეეძლოთ, რადგანაც იგი ზონის გარეთ იყო მოკლული, იქ, სადაც მხოლოდ ხელმძღვანელობა ცხოვრობდა. ეტყობა, რომელიღაც თათარმა ჯარისკაცმა მოკლა. ამის შესახებ ბანაკში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ შევიტყვეთ. ეს ამბავი მამა არსენს მოვუყევი. მახსოვს, მამაო ამის გამო ძლიერ დაღონდა და მითხრა: „ღმერთო, ღმერთო, რა საშინელებაა მთლიანად სიკვდილი საკუთარ სინდისთან შერიგებისა და სინანულის გარეშე!“
მითხრა და წავიდა. მე კი სიხარულით გავიფიქრე: „ძაღლი ძაღლურად ჩაძაღლდა!“
ბანაკიდან მამა არსენზე სამი წლით ადრე გავთავისუფლდი, თუმცა ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული. ამისთვის ყოველთვის ვემადლიერები უფალს, რათა საშუალება მომცა შევხვედროდი ისეთ ადამიანს, როგორიც მამა არსენი იყო.
1958 წელს მეორედ შევხვდი მამა არსენს, ეს უკვე გათავისუფლების შემდეგ მოხდა.
ჩაწერილია იმ ადამიანის მიერ, რომელიც სულიერად
აღზარდა და უყვარდა მამა არსენს. 1966-67 წ.წ.
პეტრე სტრელცოვი? რა თქმა უნდა, მახსოვს, მთელი ცხოვრება მემახსოვრება. შეიძლება ითქვას, რომ მგზავრობისას გავიცანი. ბანაკიდან დილით გამოვედით. ოცდაათგრადუსიანი ყინვა იყო, ძლიერი ქარიც ქროდა, ჩვენ კი თხელი ტანსაცმელი გვეცვა. ათიოდე კილომეტრი უნდა გაგვევლო. ამას 4-5 საათი სჭირდებოდა ბანაკის „სიდორასთან“ ერთად (სიდორა ზურგჩანთას ნიშნავს). ცოტა ხნის შემდეგ სიცივემ ძლიერ შემაწუხა, ხოლო ორი საათის შემდეგ საბოლოოდ გავიყინე.
მიმოვიხედე, ვხედავ, ბიჭებიც იყინებიან. დაცვას ტყაპუჭები აცვია. ძაღლები, რომლებიც კოლონას დარაჯობენ, თრთვილმა დაფარა. ვცდილობთ, ჩქარა ვიაროთ, რათა გავხურდეთ, ვგრძნობ, ხელ-ფეხი საბოლოოდ მომეყინა, კოლონამ მოძრაობა შეანელა. დაცვა ყვირის: „იარეთ, იარეთ! გაინძერით, გაიყინებით!“
ბორძიკი დავიწყე, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, როგორღაც მივლასლასებ. ვიგრძენი, ვიღაცამ ხელი შემაშველა. ვხედავ, გვერდით მოხუცი მომყვება. გამიკვირდა, ნეტავ, რაში ვენაღვლები? მივდივარ, მაგრამ უკვე ძალა გამომელია, მოხუცმა კვლავ ხელი შემაშველა, რომ არ წავქცეულიყავი და მეუბნება: „სულით არ დაეცეთ, მეტი იმოძრავეთ და გათბებით, ღვთის ნებით, ადგილამდე მივაღწევთ“.
კიდევ ნახევარი კილომეტრი გავიარეთ. გზას ვეღარ ვხედავდი, ფეხი დამიცურდა და წავიქეცი. ადგომას კი ვცდილობ, მაგრამ ფეხი აღარ მემორჩილება. წაქცევის შემდეგ გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს დასასრულია. გავიყინე, ვკვდები. ვწევარ და ვხედავ, პატიმრები გვერდს მივლიან, მაგრამ მოხუცი ჩემთან დარჩა. წესი კი ასეთია, უკანასკნელი რიგი ჩაივლის და კოლონის ბოლოს მომავალი ბადრაგი მომიახლოვდება. თუ ვერ ავდგები, დამხვრეტენ და შემდეგ ხელმძღვანელობას შეატყობინებენ: „მოკლულ იქნა გაქცევის მცდელობის დროს“.
მოხუცი რატომღაც ჩემს გვერდით დგას და არ მშორდება. ამასობაში უფროსი ლეიტენანტი, დაცვის უფროსი მომიახლოვდა და ფეხი წამკრა – ადექიო! ყველაფერი მკაფიოდ მესმის, მაგრამ არც ლაპარაკი და, მით უფრო, ადგომა არ შემიძლია. მესმის მოხუცი უფროს ლეიტენანტს ეუბნება: „მოქალაქე უფროსო, დაეხმარეთ, იყინება.“
ამ დროს ავტომატიანი სერჟანტი გვიახლოვდება და ამბობს: „ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, ცოტა სპირტი უშველის, მათარაში მაქვს“.
უფროსმა ლეიტენანტმა კოლონას უბრძანა, სვლა გაეგრძელებინა, თვითონ კი სერჟანტთან დარჩა. მესმის, მოხუცი კვლავ ითხოვს ჩემს დახმარებას, მაგრამ ვინ დაგეხმარება? თითქმის გაყინული ვარ. ჩემს გამო არავინ შეფერხდება. ერთადერთი მარტივი გამოსავალი დახვრეტაა. ერთით ნაკლები პატიმარი იქნება თუ მეტი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მოხუცი კვლავ ეხვეწება, არ ეშინია, მე გაყინული ვაგდივარ. მან კი წესი დაარღვია და კოლონა დატოვა. მას აუცილებლად მოკლავენ. უფროსმა ლეიტენანტმა სერჟანტს შეხედა და ვხედავ, რომ ავტომატს იხსნის მხრიდან. მორჩა, ყველაფერი გათავდა, ის იყო გავიფიქრე და სერჟანტმა ავტომატი უფროს ლეიტენანტს მიაწოდა, ჩემთან მოვიდა და მოხუცს უთხრა: „მოდი, ბაბუ, წამოვაყენოთ!“ ფეხზე დამაყენეს. სერჟანტმა სპირტიანი მათარა პირში ჩამიდო. სპირტი ყელში ჩამეღვარა. ყველაფერი ჩამწვა, მაგრამ მაინც ვყლაპავ. სერჟანტი და მოხუცი ერთმანეთისკენ მიბიძგებენ. ავმოძრავდი და სპირტმა შემათბო. ხუთი-ათი წუთის განმავლობაში, სპეციალურად მაგდებდნენ მიწაზე, შემდეგ წამოდგომას მაიძულებდნენ. გავხურდი, ხელ-ფეხის შეგრძნება დამიბრუნდა, თითქოს ნემსი მიჩხვლიტესო, ისეთი ტკივილი ვიგრძენი. გავმხნევდი, მგონი მეშველა. მცველებს მადლობას ვეუბნები, ისინი კი მპასუხობენ: „მადლობა ამ მოხუცს გადაუხადე, გაგვიკვირდა, შენთან რომ დარჩა“. შემდეგ მამა არსენს მიმართეს: „როგორ არ შეგეშინდათ აქ დარჩენა, ხომ იცით, რა გვაქვს ნაბრძანები?“
მოხუცმა პასუხად თავი დახარა და თქვა: „რატომ უნდა შემშინებოდა, სული ყველა ადამიანს აქვს, ეგრძნობდი, რომ დაეხმარებოდით, ადამიანს გაჭირვებაში არ მიატოვებდით“.
კოლონას დავეწიეთ. ბიჭებს ძალიან გაუკვირდათ, რომ არ დაგვხვრიტეს. არავისთვის მითქვამს, როგორ გადავურჩი სიკვდილს. აი, ასე გავიცანი პეტრე სტრელცოვი. თავიდან ვიცნობდი, როგორც პეტრეს, შემდეგ კი, როგორც მღვდელ-მონაზონ არსენს. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში პეტრე – მამა არსენი, როგორც რაღაც ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი, ნათელი, სასიხარულო; და ახლა არათუ მახსოვს მამა არსენი, არამედ მისი დამსახურებაა, დღესაც რომ ვცოცხლობ. ბევრი რამ მაგონდება წარსულიდან, ვფიქრობ, მართალი იყო მამა არსენი, როცა თქვა: ბევრი ადამიანის სულში ცოცხლობს სიკეთე, ადამიანურობა, მაგრამ სადღაც მიმალულია და მისი პოვნაა საჭიროო. ასე მოხდა სერჟანტისა და უფროსი ლეიტენანტის შემთხვევაშიც.
1966 წელს კალუგაში უფროს ლეიტენანტს შევხვდი. სამოქალაქო ტანისამოსი ეცვა და როგორც გაირკვა, რომელიღაცა ქარხანაში მუშაობდა. მასთან მივედი და ვუთხარი, – გამარჯობა, უფროსო ლეიტენანტო-მეთქი.
თავიდან ვერ მიცნო. შევახსენე, გაუხარდა. წარსული მოვიგონეთ. მან მითხრა: „საშინელი დრო იყო, გასახსენებლადაც მძიმე“. მე კი ჩემი ამბავი გამახსენდა და შევეკითხე: როგორ მოხდა, რომ მაშინ არ გვესროლეთ. სერჟანტმა სპირტიც კი დამალევინა-მეთქი, – მან კი მიპასუხა: „ჩვენც ხომ ადამიანები ვართ. მოხუცმა გაგვაოცა, როცა სიკვდილს არ შეუშინდა და დაგეხმარათ. მართალს გეტყვი. ჩვენთან, დაცვაში, ამ მოხუცზე ხშირად ვსაუბრობდით. იგი განსაკუთრებული იყო, კეთილი. ამბობდნენ მღვდელიაო. თუ იცით, ახლა სად არის? – ვუპასუხე, რომ მამა არსენი ცოცხალი იყო.
შემდეგ ლეიტენანტთან ერთად კაფეში შევედით, ბევრი ვისაუბრეთ, ცოტა დავლიეთ და ბანაკის ცხოვრება გავიხსენეთ.
აი, ასე იქო. მამა არსენთან დიდი ხსნის განმავლობაში, მის გარდაცვალებამდე, მქონდა მიმოწერა. ყველა მისი წერილი შენახული მაქვს.
ერთს გეტყვით მხოლოდ: ის დიდი ადამიანი, იყო!
ეს ამბავი კოლმეურნეობის თავმჯდომარემ მოგვითხრო,
იგი აგრონომი იყო კალუგის ოლქიდან
მეკითხებით, რა მახსოვს? ყველაფერიც მახსოვს. ეს ყველაფერი ათასჯერ მაინც არის ნაამბობი: დაკითხვები, განაჩენი, ბანაკი, შიმშილი, ცემა, სისხლის სამართლის დამნაშავეები, მუდმივი განცდა სიკვდილისა და ახლობლების წარუშლელი ხსოვნა. გახსოვთ?
ახლა შენ ჩემთვის ხარ შორეული,
ერთურთს გვაშორებს თოვლის გუნდები.
ვერ მოვალ შენთან, ძნელია მოსვლა,
და უშენობით დავიღუპები. [****]
სიკვდილი, მართლაც, ახლოს იყო, ყოველთვის გვდარაჯობდა, ზოგჯერ – ახალი განაჩენის, ზოგჯერ ბანდიტის, ლუკმა-პურის გამო, შიმშილისა და კიდევ სხვა ათასი უბედურების სახით.
ზოგადად, ყველაფერი ისე იყო, როგორც ასეულ ათასობით ჩვენნაირთათვის. არც ღირს ყოველივე ამის გახსენება. ეს ყველაფერი მხოლოდ მე არ გადამიტანია და არანაირი გმირობა არ არის ამაში, მაგრამ ბანაკში საკუთარი ადგილის დამკვიდრება კი ყველას არ შეეძლო. მამა არსენმა ეს მოახერხა და არა ერთი, არამედ ასეულობით გმირობა ჩაიდინა.
ვინც ბანაკში არასდროს ყოფილა, იმისთვის ძნელი გასაგებია, რას ნიშნავს გმირობა ბანაკში და რით განსხვავდება იგი ომში ჩადენილი გმირობისაგან. მე შემიძლია აგიხსნათ ეს განსხვავება: ომში ისე მიიწევ წინ, რომ ვერც აცნობიერებ სიკვდილის საფრთხეს: ან გადარჩები და სხვასაც გადაარჩენ, ან დაიღუპები. ბანაკში კი ყოველწამიერად სიკვდილს შეჰყურებ და სხვას თუ დაეხმარები, ორმაგად რისკავ. მამა არსენს ზამთარში დავუახლოვდი. თექის ჩექმებმა დაგვამეგობრა. მანამდე არც ვიცნობდი.
ზამთარში მთავარია, ფეხზე არ შეგცივდეს, ფეხები გქონდეს მშრალად. არადა, სულ სველი ჩექმები მეცვა. ფეხები მეყინებოდა და მტკიოდა. ღამით ღუმელთან ჩექმების გაშრობა შეუძლებელი იყო. დადებდი გასაშრობად და მოგპარავდნენ საღამოობით კი სისხლის სამართლის დამნაშავეები თვითონ აშრობდნენ თავიანთ სველ ჩექმებს.
იმ ზამთარს ფეხები სულ მომეყინა, სამუშაოდ ვეღარ მივდიოდი. ბოლო დღეს ქუსლი ჩექმაზე მიმეყინა, წყალში შემთხვევით ჩავდგი ფეხი და ბარაკამდე ძლივს მივაღწიე. იმის ძალაც აღარ მქონდა, რომ ჩექმები გამეხადა, საწოლზე მივეგდე და ვეღარაფერი ვეღარ ვჭამე. ვწევარ და ვფიქრობ – ხვალ მოვკვდები, ამ დროს ვგრძნობ, ვიღაც ჩექმას მხდის. ვიფიქრე ჰგონიათ, უკვე ვკვდები და ჩექმებსაც კი მხდიან-მეთქი. არადა, ვიღაცამ ჯერ ცალი ჩექმა გამხადა, შემდეგ მეორე. წვივსახვევები მომხსნა და ფეხების ზელეა დამიწყო. მერე რაღაც დამაფარა და წავიდა. ამ ყველაფერს ბუნდოვნად ვგრძნობდი. ვიფიქრე, ეტყობა ვიღაცამ ჩექმები და წვივსახვევები ამაცალია-მეთქი. თუმცა გამიკვირდა, ფეხები რატომ დამიზილა და მოყინვის ადგილებზე მალამო რატომ წამისვა. ფეხები მტკივა, მაგრამ შვებას მაინც ვგრძნობ. შეუმჩნევლად ჩამეძინა.
დილით ბრიგადირი მოვიდა და ყურზე ხელი მომარტყა. „რატომ არ დგები?“ – მომახალა. როგორ ჩანს, ჩამეძინა. წამოვხტი, ფეხშიშველა ვარ. მივიხედე და, რას ვხედავ: მოხუცი მიახლოვდება და ჩემს გამშრალ ჩექმებს და წვივსახვევებსს მაწვდის. ვერაფერს მივხვდი, ხელიდან გამოვტაცე ყველაფერი, ჩავიცვი და სამუშაოდ გავწიე. საღამოს მოხუცმა ისევვ წაიღო ჩემი ჩექმები და გამიშრო. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. სწორედ ამან გადამარჩინა. იცით, ჩექმებს როგორ აშრობდა? დააწყობდა ღუმელთან და მთელი ღამე დარაჯობდა. თანაც დღისით სხვებივით მუშაობდა. ბანაკში ეს გმირობაზე მეტია!
ძალიან განვიცდიდი, ან კი ვინ არ განიცდის იმას, რომ შეიძლება ბანაკში ამოხდეს სული და ახლობლებზე ვერაფერი შეიტყოს. ერთხელ ის მოხუცი, მამა არსენი მომიახლოვდა და მითხრა: „ყველაფერი კარგად იქნება, ბანაკიდან მალე წახვალთ და ოჯახის წევრებსაც შეხვდებით“. თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შემპარვია. მართლაც, ერთი წლის შემდეგ გამათავისუფლეს. 1951 წელს დამაპატიმრეს. ორი წელი ჩვეულებრივ ბანაკში ვიმყოფებოდი, ორი წლის შემდეგ საქმე ხელახლა განიხილეს, პატიმრობის ვადა დამიმატეს და „განსაკუთრებულში“ გადამიყვანეს. 1955 წლის ბოლოს კი მოულოდნელად გამათავისუფლეს. პარტიაში აღმადგინეს, თანამდებობაზეც დამაბრუნეს, ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი დამხვდა.
მამა არსენთან ყოველ ექვს თვეში სულიერად დაძაბული, შინაგანდ დაღლილი ჩავდიოდი. იგი სიყვარულით მხვდებოდა, გამესაუბრებოდა, აღსარებას ჩაიბარებდა, მომისმენდა, სულიერად დამამშვიდებდა და უკვე მოუთმენლად ველოდებოდი შემდეგ შეხვედრას. ვბრუნდებოდი უვან. ნოვოსიბირსკში, და თან მომყვებოდა სითბოსა და რწმენის ის ნაწილი, რომელიც მამა არსენისგან მივიღე და რომელსაც თანდათანობით ვხარჯავდი. ერთდროულად კომუნისტიც ვიყავი და მორწმუნეც. ამას თქვენ გეუბნებით, თორემ „იქ“ ამის შესახებ არაფერი იციან. დიდი თანამდებობის პირი ვარ, მაგრამ ვცდილობ იდეოლოგიურ სამუშაოს თავი ავარიდო. შევეშვი ყველაფერ იმას, რაც ათეიზმსა და ანტირელიგიურ პროპაგანდას უკავშირდება.
აი, ასეთია ჩემი და მამა არსენის მეგობრობის ისტორია. ქვეყნიერება ასეთ ადამიანებზე დგას. ბანაკში მას დიდხანს ვაკვირდებოდი. იგი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ამით ჩვენ დანარჩენ პატიმრებს, ძვირფას მაგალითს გვაძლევდა. მისი მიბაძვით ჩვენც დავიწყეთ ერთმანეთის დახმარება.
ვხედავ, გაინტერესებთ, როგორ გავხდი მორწმუნე, – შევყურებდი მამა არსენს და ვირწმუნე მისი. ამაში სხვებიც დამეხმარნენ. ბევრი რამ ამიხსნეს და თვითონაც, რაც კი მაინტერესებდა, ყველაფერი წავიკითხე და გავიგე. რადგან მეკითხებით, კვლავ დავუბრუნდები გმირობას, რომელსაკ ბანაკში სჩადიოდა იგი.
მაინც რა არის გმირობა?
სამამულო ომში ვმონაწილეობდი, ბევრი ბრძოლა გადამიხდია, ჯარში მოხალისედ წავსულვარ, უბრალო ჯარისკაცი ვიყავი და ომი, როგორც მაიორმა ისე დავასრულე. დიდების ორდენით დამაჯილდოვეს. ლენინის ორი, სამამულო ომის წითელი დროშის ორდენებითა და კიდევ ბევრი სხვა ჯილდოთი. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, პარტიზანულ ჯარებს ვმეთაურობდი, დავალებით გერმანელებთანაც მიმუშავია. ოთხჯერ დავიჭერი. ვიცოდი, რისთვისაც ვაკეთებდი ყველაფერ ამას. მეგობრებიც გვერდით მყავდნენ. თუ დავიღუპებოდი, ვიცოდი, რომ სამშობლოსთვის ვწირავდი სიცოცხლეს. მაგრამ, როდესაც „განსაკუთრებული დანიშნულების“ ბანაკში მოვხვდი, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მივხვდი, რომ თურმე სიკვდილი არ არის ყველაზე საშინელი, სიკვდილზე საშიში თვითონ ბანაკია, სადაც მარტოდმარტო ხარ და სიკვდილს ელი. შენს გვერდითაც გაბოროტებული სიკვდილმისჯილნი არიან. წამებას ბოლო არ უჩანს. გაუგებარია, რისთვის იღუპები. იქნებ გაიქცე კიდეც, მაგრამ საით? მარტო ხარ, ამხანაგი არ გყავს, შენი ყველას ეშინია და ამ დროს, ასეთ პირობებში როცა თვითონ შიმშილისაგან კედები, სხვას უყოფ საკუთარ ლუკმას. თვითონაც დაუძლურებული, სხვის მაგივრად ასრულებ მძიმე სამუშაოს. დამიჯერეთ, აი, ეს არის ნამდვილი გმირობა. არადა, ფრონტზე, შეტევისას, მთელი ბატალიონი მიმყავდა წინ, ომში ამხანაგები გადამირჩენია, სხვასაც გადავურჩენივარ, მაგრამ ვიცოდით, რისთვის ვაკეთებდით ამას. ბანაკში კი რა? რისთვის უნდა დაეხმარო სხვას? რისთვის უნდა გადაარჩინო? სულ ერთია, მაინც ხომ ყველანი დავიღუპებით.
მამა არსენმა კი ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა და ყოველივე ამას ღვთის სახელით და ადამიანების სიყვარულით აკეთებდა. საკუთარი თავი არასდროს დაუნდვია. ასეთ გმირობას მხოლოდ მოყვასის სიყვარული თუ ჩაგადენინებს. ღმერთო, ყველა მამა არსენს რომ ჰგავდეს!
ჩაწერილია ავსეენკოვის მონათხრობის
მიხედვით, 1966 წელს.
[*] - ა. ბლოკის ლექსის თარგმანი სოსო სიგუასი.
[**] - სიმონოვის ლექსის თარგმანი მორის ფოცხიშვილისა.
[***] - თარგმანი ნინო ჩხიკვიშვილისა.
[****] - თარგმანი სოსო სიგუასი.
თარგმნა ალექსანდრე მგალობლიშვილმა