მამა არსენი

მესამე ნაწილი

 

შვილები

„ზესთამბრძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა...“

მეგობართან საუბარს ისე შევყევი, ვერც კი გავიგე, როგორ გახდა თერთმეტი საათი. სასწრაფოდ დავემშვიდობე და სადგურისაკენ გავემართე. სადგური შორს არ იყო, – სააგარაკო ნაკვეთების შემდეგ შვიდიოდ წუთში ტყეს გადავივლიდი და უკვე იქ ვიყავი... მილეული მთვარე სუსტად ანათებდა, მე კი გაცილებაზე უარი ვთქვი და გამოვიქეცი, – ახალგაზრდებს ხომ შიში არაფრის გვაქვს... მივდივარ და ვფიქრობ, დედა გაჯავრდება, გვიან რომ ვბრუნდები, ხვალაც ადრე ვარ ასადგომი, ცისკრის ლოცვისთვის და, მერეც უამრავი საქმე მაქვს... ჩქარა გავირბინე ქუჩები და ტყეში შევედი. ბნელა, სიჩუმე და უკაცრიელი გარემო, ცოტა არ იყოს, მაშინებს, მაგრამ არა უშავს, ბილიკი ფართოა, კარგად გაკვალული. შევედი და ვატყობ, თითქოს ადამიანის სიახლოვე იგრძნობა, არადა, კაციშვილი არ ჭაჭანებს. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ ხელი მტაცა და თავზე რაღაც ჩამომაცვა. ვცდილობ, გავთავისუფლდე, დავიყვირო, მაგრამ პირზე ხელს მაფარებენ. ვუძალიანდები, ფეხებით ვიგერიებ, თუმცა თავში ძლიერი დარტყმისგან წამით ვყუჩდები. გადამათრიეს ბილიკიდან და თავზე წამოცმული პიჯაკი მომაშორეს, მერე კი პირში ჩვარს მჩრიან. „ხმის ამოღება არ გაბედო, თორემ აქვე გაგათავებ“ – დამემუქრა ერთ-ერთი და თვალწინ დანა დამიტრიალა. „დაწექი,სულელო და ჩუმად თუ იქნები, არ მოგკლავთ. ორნი არიან: ერთი – დაბალი, მეორე – უფრო მაღალი; ორივეს არყის სუნი ასდის, ხელს მკრავენ, უნდათ წამაქციონ, მე კი ვლუღლუღებ: „გამიშვით, შემიბრალეთ!“ – გავიწიე და გულზე დანა მომაბჯინა, მივხვდი, ვეღარაფერი მიხსნიდა. მაღალმა მეორეს უთხრა: 30 ნაბიჯზე ბილიკისკენ გადი, მე მოვუვლი და დაგიძახებო. დაბალი წავიდა. "

ვდგავარ და მთელი სიცხადით ვგრძნობ, დავიღუპე, საშველი არსაით ჩანს. რა ვქნა, რით დავიცვა თავი?! და მთელი არსებით ღმერთს მივენდე, – „ღმერთო, მიშველე!“ უცებ ვერც ერთი ლოცვა ვერ გავიხსენე და საიდანღაც მხოლოდ ღვთისმშობლის სავედრებელი ამოტივტივდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ღვთისმშობელს შეუძლია ახლა ჩემი შველა და ანგარიშმიუცემლად, თითქმის უგონოდ ვლუღლუღებ: „ზესთამბრძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო“. ამ დროს მაღალმა წამაქცია და ტანსაცმელს მახევს ტანზე, თან დანას მიღერებს, მე კი განუწყვეტლივ ვლოცულობ, ალბათ ხმამაღლა, რადგან ეს კაცი მეკითხება: რას ლუღლუღებო?! მე ლოცვას განვაგრძობ და მხოლოდ ახლაღა მესმის ჩემი ხმა. ამ დროს ბიჭი წელში გაიმართა და სადღაც, ჩემს ზემოთ აიხედა, მერე მე დამხედა, გაბოროტებით ჩამცხო წიხლი და წამომაყენა: „წამო აქედან“ – სადღაც, განზე გავყავარ, ხელში დანა და ჩემი ტანსაცმელი უჭირავს. ისევ მიწაზე დამაგდო, თვითონ კი თავზე დამტრიალებს. მე განუწყვეტლივ ვლოცულობ, ღვთისმშობელს ვუხმობ და ვგრძნობ რომ, რატომღაც აღარ მეშინია. ბიჭი კი ისევ ზევით უყურებს რაღაცას, მერე ტყეში იხედება და ამბობს: „ამ შუაღამისას რა უნდა ამ ქალს ტყეში?“ – ამაყენა, დანა გადააგდო და ტყისკენ წამიყვანა. ჩუმად მიდის, მეც ჩუმად ვლოცულობ და არც არაფერი მიკვირს, არც არაფრისა მეშინია; ვიცი, რომ ღვთისმშობელი ჩემთანაა, კადნიერი აზრია, მაგრამ სწორედ ასე ვფიქრობდი.

დიდხანს არ გვივლია. ხეებს შორის სადგურის სინათლე გამოჩნდა. ბიჭი ტყიდან არ გამოსულა, ისე მომაყარა ტანსაცმელი, – „აჰა! ჩაიცვი, არ გიყურებ“ – მიბრუნდა და, ჩავიცვი. შევედით სადგურში, ბიჭმა მოსკოვამდე ბილეთი ამიღო და სახეზე შემხმარი სისხლი ჩვრით მომწმინდა, –დარტყმისგან გასისხლიანებული მქონდა თავი.

ჩავსხედით მატარებელში. ვაგონი ცარიელია, გვიანია, მარტო ჩვენ ვართ, ხმას არ ვიღებთ. მე გულში განუწყვეტლივ ვლოცულობ, შეუსვენებლივ ვიმეორებ: „ზესთამბრძოლისა ჩვენისათვის და მოღვაწისა უძლეველისა...“

ჩავედით ქალაქში და ჩამოვედით მატარებლიდან. სად ცხოვრობო? – მკითხა. მე ვუპასუხე. ტრამვაით მივედით სმოლენსკის სადგურამდე და ფეხით განვაგრძეთ გზა ჩემს სახლამდე. უხმოდ ვლოცულობ, ის გვერდით მომყვება და ხანდახან შემომხედავს ხოლმე.

მივედით სახლამდე, ავედით კიბეზე, გასაღები ამოვიღე და ახლაღა შემეშინდა: რატომ მადგას თავზე? ვდგავარ და მის წასვლას ველოდები, – კარს არ ვაღებ. შემომხედა და კიბისკენ შებრუნდა. შევვარდი სახლში, დავემხე ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის წინ და სამადლობელი ლოცვა ქვითინით წავიკითხე. ჩემს დას გაეღვიძა და მკითხა: რა გჭირს? მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ვლოცულობდი და ვლოცულობდი...

ორი საათის შემდეგ პირი დავიბანე, მოვწესრიგდი და დილამდე ვილოცე, – მხურვალე მადლობას აღვუვლენდი ღვთისმშობელს, – დილით კი წირვაზე წავედი და მამა ალექსანდრეს მოვუყევი ყველაფერი. მომისმინა და მითხრა: ღვთისა და ღვთისმშობლის დიდი წყალობაა თქვენზე, სამადლობელი შესწირეთ, ავაზაკს კი ღმერთი დასჯისო.

გავიდა ერთი წელი. სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. ოთახში მარტო დედა და მე ვიყავით, ცხელოდა, ფანჯრები ღია გვქონდა. ზარი დარეკეს, დედა გავიდა კარის გასაღებად და ვიღაც შემოიპატიჟა. მარია! შენთან არიანო, – გამომძახა წინკარიდან. რა დროს სტუმრებია? – გავიფიქრე, მაგრამ მობრძანდით-მეთქი, – გავძახე. მეგონა მეგობარი სტუდენტი იქნებოდა, მაგრამ კარი გაიღო და... გავშრი: ის ბიჭი იყო, ტყიდან. წუთის წინ რომ გეკითხათ: ვინ არისო? ვერ გეტყოდით, ახლა კი უცებ ვიცანი.

ვდგავარ გაშეშებული, ის კი შემოვიდა, მაგრამ ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ოთახში მიმოიხედა და კუთხეში, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ფერად ლითოგრაფიას მივარდა. სხვა ხატები პატარა კარადაში გვქონდა, ვლადიმირის ღვთისმშობლისა კი კედელზე, გამოსაჩენ ადგილზე დავკიდეთ სურათივით.

მივიდა, შეხედა და, ის არისო, – თქვა, – ჩემი ნე გეშინიათო, – მომიბრუნდა, – ბოდიშის მოსახდელად მოვედიო. მაპატიეთ, ძალიან დამნაშავე ვარ თქვენს წინაშეო. მე ხმას ვერ ვიღებდი, მომიახლოვდა და კიდევ ერთხელ მითხრა: მაპატიეთო. გაბრუნდა და წავიდა. ამ შეხვედრამ მძიმედ იმოქმედა ჩემზე; რა უნდოდა, რატომ მოვიდა ეს ბანდიტი ჩემთან? თავში გამიელვა: მილიციას უნდა გამოვუძახოთ მეთქი, მაგრამ, ამის ნაცვლად, კარადასთან მივედი და ლოცვა დავიწყე.

თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა: რატომ თქვა ხატზე, ის არისო? მერე სულ ვფიქრობდი, რატომ ითხოვა ასეთმა ავაზაკმა პატიება, რაში უნდა დასჭირვებოდა?.. არც ისეთი მაღალი აღმოჩნდა და არც ავაზაკის თვალები ჰქონია; რაღაცნაირი, დაკვირვებული მზერა ჰქონდა, არაბანდიტური.

...დაიწყო სამამულო ომი, საშინელი შიმშილობა იყო. ჰოსპიტალში მედდად ვმუშაობდი და სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. ჩემი მეშვიდეკლასელი და ავად იყო და იწვა, დედა კი სისუსტისაგან ძლივსღა იდგა ფეხზე.

მძიმე ცხოვრება იყო, მაგრამ ზოგჯერ ვახერხებდი ეკლესიაში შესვლას. მოსკოვის, კავკასიის და სტალინგრადის ბრძოლები დამთავრდა, 43 წლის გაზაფხულზე ზედიზედ ორ-ორი დღე ვმორიგეობდი. ერთ დღესაც, ძალზე დაქანცული დავბრუნდი სახლში, შიმშილისაგან მისუსტებული დედა და დაიკო ლოგინში დამხვდნენ.

გამოვიცვალე და ცეცხლის დანთებას ვაპირებდი, მაგრამ ხელები მიკანკალებდა, მთელ ტანში მტეხავდა. ლოცვა მომწყურდა და ზეპირად ვიხსენებდი ღვთისმშობლის დაუჯდომელს. ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, ვაღებ კარს და ვხედავ, ლეიტენანტი დგას ყავარჯნითა და დიდი ტომრით.

შემოდის, იატაკზე დებს ტომარას, – ეს თქვენო, – ამბობს და უხერხულად ჯდება, მერე კი ტომრის დაცლას იწყებს. ვინ ხართ-მეთქი? – ვეკითხები. – ის ვარ, ის, ანდრეი,– მეუბნება და მიყოლებით აწყობს მაგიდაზე „სგუშჩონკას“, ხორცის კონსერვებს, შაშხის ნაჭერს, შაქარს და კიდევ და კიდევ რაღაც-რაღაცეებს. მერე თავს უკრავს ტომარას და ამბობს: მძიმე ჭრილობა მქონდა, სამი თვე ჰოსპიტალში ვიწექი. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი, ახლა კლინიკებშიმ მკურნალობენ ფეხზე. ვიწექი, თქვენ გიხსენებდით და ღვთისმშობელს ვთხოვდი შველას, როგორც – თქვენ, მაშინ. ექიმები ამბობდნენ: უიმედოა, ვერ გადარჩებაო! მე კი გადავრჩი. ეს პროდუქტები ჩემმა ძმამ მომიტანა; აქვე, მოსკოვის ახლოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, რაღაცაში გადაუცვლია.

წამოდგა და ხატების კარადასთან მივიდა, კარადა ღია იყო, რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა, ხატებს ემთხვია, მომიბრუნდა და ადრინდელივით გაიმეორა: მაპატიეთ, ღვთის გულისათვის მაპატიეთ, წარსული მძიმე ტვირთად მაწევს, ძალიან მიმძიმს. მე კი ჯერ მას შევხედე, ყავარჯნით რომ იდგა მაგიდასთან, მერე – მის პროდუქტებს და დავუყვირე: მოაშორეთ აქედან მოაშორეთ ახლავე, მოშორდით! – და ავქვითინდი. გაოგნებული დედა მიყურებს როგორ ვღრიაღებ, დამ ლოგინიდან წამოყო თავი. ანდრეიმ კი მშვიდად მითხრა: არა, არ ავიღებო, – ცეცხლს შეუკეთა, ცოტა ხანს იდგა, მერე კი თავი დაგვიკრა და წავიდა. მე სულ გაბმით ვქვითინებდი.

დედამ მკითხა: მაშა, რა მოგივიდა ან ვინ იყო ის კაციო? – მაშინ კი ყველაფერი მოვუყევი. ყურადღებით მომისმინა და მითხრა: არ ვიცი, შვილო, როგორ გადარჩი მაშინ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ანდრეი კარგი ადამიანია, ძალიან კარგი. ილოცე მისთვისო.

ანდრეიმ გადაარჩინა ჩვენი ოჯახი იმ თავისი დახმარებით 1943 წელს, შემდეგ ორი კვირა აღარ მოსულა. მერე კი ხუთჯერ მოვიდა დედასთან უჩემოდ. რა აღარ მოჰქონდა, თანაც საათობით ესაუბრებოდა.

მეექვსედ საღამოს მოვიდა, სახლში ვიყავი. მოვიდა, მომესალმა, მომიახლოვდა და ისევ გამიმეორა: მაპატიეთო. თავს ძალა დავატანე და, როგორც იქნა, შევძელი მასთან საუბარი. მან თავის შესახებ ბევრი მიამბო. ისიც დაწვრილებით გაიხსენა, როგორ დამინახეს ტყეში, როგორ ამედევნენ; მერე, როგორ დაინახა ქალი, რომელმაც ხელის მოძრაობით ჩემი გაშვება უბრძანა. მითხრა, როგორ გადამაფარა ხელი იმ ქალმა, თვითონ კი როგორ შეეშინდა და შემდეგ როგორ გამომაცილა, როცა დაინახა, რომ მე თითქმის უგონოდ ვიყავი. მერე მუდმივად ქენჯნიდა სინდისი, სულ მე ვაგონდებოდი და ის ქალი; სულ ფიქრობდა, ვინ იყო, საიდან გაჩნდა, რატომ გადამეფარა. ბოლოს გადაწყვიტა მოსულიყო და ჩემთვის ეკითხა. მეტი აღარ შეეძლო და მოვიდა... ძალიან უჭირდა, ძალიან რცხვენოდა და ეშინოდა, მაგრამ მაინც მოვიდა. შემოვიდა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, ვინც იყო ის ქალი. ჩვენგან რომ წავიდა, ღვთისმშობლის შესახებ ყველაფერი გაიგო თურმე, შეძლებისდაგვარად მორწმუნე გამხდარა და მიმხვდარა, რომ მძიმე ცოდვები ჰქონდა ჩადენილი და დიდი და საშინელი გამოცხადება იხილა. ძლიერ იმოქმედა ამ ყველაფერმა მასზე; დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, დანაშაულისა, რომლის გამოსყიდვაც შეუძლებლად მიაჩნდა.

ბევრს მიამბობდა ანდრეი თავის შესახებ...

დედაჩემი მაღალი სულის, ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. მან ანდრეის მოსვლამდეც მითხრა: მაშა, ღვთისმშობელმა ამ ადამიანს დიადი სასწაული მოუვლინა, ამ ადამიანს და არა – შენ. შენთვის ეს იყო შიში და ძრწოლა, შენ არ იცოდი, რატომ გიხსნა ღმერთმა ძალადობისაგან. შენ გწამდა, რომ ლოცვამ გიხსნა, – დიახ, ის კი თავად ღვთისმშობელმა შეაჩერა. დამიჯერე, ცუდ ადამიანს ასეთი გამოცხადება არ ექნებოდა. ღვთისმშობელი ანდრეის არასოდეს მიატოვებს და შენც უნდა აპატიოო.

ანდრეიმ დედასაც ყველაფერი უამბო.

ჩემს დას, კატერინას, ანდრეი ძალიან მოსწონდა, მე კი ბოლო შეხვედრამდე ზიზღისა და სიძულვილის გრძნობაც კი მქონდა მისადმი და ვცდილობდი, მის მოტანილ პროდუქტებს არ გავკარებოდი. მასთან საუბრის შემდეგ კი სხვა თვალით შევხედე ბევრ რამეს და დავწყნარდი. ანდრეი! თქვენ შეიცვალეთ, სხვა ადამიანი გახდით, მაპატიეთ, რომ თქვენდამი სიძულვილის დასაძლევად დიდი დრო დამჭირდა, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

ჰოსპიტლიდან რომ გამოწერეს, გამოგვეთხოვა – გამოჯანმრთელებული მებრძოლთა ბატალიონს გაჰყვა, რომღებიც შემდეგ ისევ ფრონტზე უნდა დაბრუნებულიყვნენ.

დედამ ღვთისმშობლის პატარა ხატიანი მედალიონი მოიხსნა, მეორე მხარეს რომ „შეგვიწყალე და გვაცხოვნე“ აწერია, დალოცა და რუსული წესისამებრ, სამჯერ გადაკოცნა. ანდრეიმ „გიმნასტურის“ საყელო მოიხსნა, რომელშიც დედამ ხატი ჩაუკერა. კატკა გამომშვიდობებისას გადაეხვია და ლოყაზე აკოცა. მე კი განსაკუთრებული მოკრძალებით მომიახლოვდა, მდაბლად დამიკრა თავი და როგორც ყოველთვის, მითხრა: ღვთის გულისათვის მაპატიეთ და ღვთისმშობლის გულისათვის ილოცეთ ჩემთვის! მივიდა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატთან, რამდენჯერმე ემთხვია, ყველას თავი დაგვიკრა და გავიდა.

კარი მიიხურა. დედა და კატკა ატირდნენ. მე შუქი ჩავაქრე, ფარდა ჩამოვაფარე და მთვარის შუქზე დავინახე, როგორ მობრუნდა სახლიდან გასული ანდრეი, ამოხედა ჩვენს ფანჯრებს, რამდენჯერმე გადაიწერა პირჯვარი და წავიდა.

მეტად აღარ მინახავს. მხოლოდ 1952 წელს, როცა უკვე გათხოვილი ვიყავი, მისი წერილი მივიღე ძველ, მისამართზე. დედამ გადმომცა. მოკლე წერილი იყო, გამომგზავნის მისამართის გარეშე; საფოსტო დამღის მიხედვით, სარატოვის შემოგარენიდან უნდა ყოფილიყო გამოგზავნილი.

„გმადლობთ, გმადლობთ ყველას. ვიცი, საშინელი ვიყავი თქვენთვის, მაგრამ თქვენ ხელი არ მკარით და უმძიმეს დროს მხარში ამომიდექით თქვენი მიმტევებლობით. მხოლოდ ღვთისმშობელი იყო თქვენი და ჩემი შემწე და მფარველი. მას და მხოლოდ მას უნდა უმადლოდეთ სიცოცხლეს თქვენ, მე კი უფრო მეტს – რწმენას, რომელიც ორ სიცოცხლეს გვანიჭებს: ამქვეყნიურსა და ზეციურს. მან მომცა რწმენა და მან დამიფარა ომის ქარ-ცეცხლში. გფარავდეთ და გიძღოდეთ ღვთისმშობელი. როგორც იქნა, ქრისტიანულად ვცხოვრობ. ანდრეი“.

ეს არის ბოლო, რაც მის შესახებ შევიტყვეთ. მამა არსენს მოვუყევი ანდრეის შესახებ. მან მითხრა: უდიდესი წყალობა იყო ამ ადამიანზე, ღმერთმა გაამართლა ის და დიდი და კეთილი საქმეებისათვის გამოარჩიაო.

 

მამა მათე

მამა არსენი ძალზე შეუძლოდ იყო და ჩაწოლა მოუწია, მაგრამ სწორედ ამ დღეებში სრულიად მოულოდნელად ჩამოვიდა ერთი კაცი, ასე, 55 წლისა. მამა არსენი, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, წამოდგა საწოლიდან და დიდი სიხარულით შეეგება ჩამოსულს.

ნადეჟდა პეტროვნა ვახშმის სამზადისს შეუდგა, რომლის შემდეგაც მამა არსენი და ჩამოსული სტუმარი ოთახში განმარტოვდნენ და, როგორც ჩანს, საუბარში გაათენეს, რადგან ლოგინის დაგება იმ ღამეს არ დაგვჭირვებია.

დილით მამა არსენმა და მამა მათემ, – ასე ერქვა ჩამოსულს, წირვა დააყენეს, რომელსაც ნადეჟდა პერტოვნა და მეც ვესწრებოდით. ისინი მთელი დღე საუბრობდნენ და, ნადეჟდა პეტროვნა ძლივსღა ახერხებდა, შეეთავაზებინა სადილი ან ჩაი.

საღამოს მამა არსენი ძალზე კარგი განწყობით მიუჯდა სუფრას, მამა მათესადმი მიპყრობილ მის მზერაში განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა, მამა მათე კი მშვიდად იჯდა, ყურადღებით უსმენდა ყველას და ხალისით პასუხობდა კითხვებს ან საუბრობდა. მამა მათე ჩვენთან ექვსი დღე დარჩა. მეოთხე დღეს ბევრი რამ მიამბო. მისმა მონათხრობმა, თუ როგორ ცხოვრობდა ის ომის შემდეგ, როგორ იპოვა და ისევ დაკარგა ოჯახი, იმდენად შემძრა, რომ მისი ჩაწერის ნებართვა ვითხოვე. აი, ისიც – პირველ პირში დავტოვე.

„1941 წელს მოულოდნელად გამიწვიეს ჯარში. 28 წლისა ვიყავი, ლუდმილა კი – ოცდახუთის, დიდი სიყვარულით დავოჯახდით. უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვეძელო. თავიდან ჯარში ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქმის ყოველდღე წერილებს ვწერდით ერთმანეთს. ლუდმილა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, ვაჟიშვილებსაც კი მერჩია. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, – ძლიერი ნებისყოფის, პრინციპულობის, სამართლიანობის, სიკეთის, გულისხმიერების განსახიერება; ვიცოდი, რომ მასაც ისევე ვუყვარდი, როგორც მე მიყვარდა ის. ჩვენი სიყვარული მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობა კი არა, უფრო ღრმა სულიერი ერთობა და სიახლოვე იყო.

განათლებით ფიზიკოსი ვიყავი. ლუდმილას პედაგოგიური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და საშუალო სკოლის დაბალ კლასებში ასწავლიდა.

ომი, როგორც ყველა სხვა უბედურება, გაუფრთხილებლად გვატყდება თავს. პირველსავე დღეებში მძიმე ბრძოლებში მოვხვდი, უკან ვიხევდით, ალყას ვარღვევდით, ვიბრძოდით. სახლში ხშირად ვწერდი წერილებს, მაგრამ, როგორც შემდეგ შევიტყვე, ჩემს ბარათებს თითქმის არ ღებულობდნენ. ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, – რამდენჯერმე დავიჭერი, ჰოსპიტლებში ვიწექი ურალზე და ციმბირში... ძველებურად ბევრს ვწერდი ლუდას, მისგანაც ვღებულობდი პასუხს, მაგრამ, როგორც კი ფრონტზე მოვხვდებოდი, მიწერ-მოწერა წყდებოდა. 45 წლის თებერვალში მძიმედ დავიჭერი, გამოჯანმრთელების შემდეგ კი, 7 მაისს, ჰოსპიტლიდან პირდაპირ პრაღის ბრძოლებში მოვხვდი, სადაც მომისწრო კიდეც ომის დასასრულმა. მკერდი ყველას ორდენებით გვქონდა დამშვენებული და გული შინისკენ გვეწეოდა. ამაღლებული განწყობილება გვქონდა – ომი დავამთავრეთ, სამშობლო დავიცავით...

თუმცა... გამარჯვებიდან ექვს დღეში დამაპატიმრეს. პირველ ივნისს ტრიბუნალმა დახვრეტა მომისაჯა, რომელიც შემდგომ 12-წლიანი პატიმრობით შემიცვალეს. მეთაურმა დამაბრალა, მტრის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდიო. რამდენი არ ვუმტკიცე ჯერ გამომძიებელს, მერე ტრიბუნალს, რომ ეს მონაჩმახია, რომ თავდადებით ვიბრძოდი და მრავალი ჯილდოც მქონდა მიღებული, მაგრამ არავინ მომისმინა, – მეთაურს დაუჯერეს, რომელმაც ასე ბევრი ჯარისკაცი დაღუპა თურმე, თავისი დაწინაურების მიზნით. მომისაჯეს პატიმრობა და 1957 წლამდე ბანაკებში ვიყავი.

ერთ-ერთ ბანაკში მამა არსენს შევხვდი და დავუახლოვდი, ძალიან შემიყვარდა. მაშინ უკვე მორწმუნე ვიყავი. ამაში ერთი პატიმარი დამეხმარა – კეთილი, პატიოსანი და ღრმადმორწმუნე ადამიანი, – მისი ძალიან მადლიერი ვარ.

ოჯახს დაპატიმრებისა და ბანაკების შესახებ ვერ ვატყობინებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ლუდმილა ახლობლებისგან ან ორგანოებისგან გაიგებდა რამეს. ბოლოს ციმბირის ბანაკში ვიჯექი, საიდანაც საბოლოოდ 57 წელს გამათავისუფლეს. სამი თვე ნორილსკში ვიმუშავე, ქარხანაში, იქიდან მოსკოვში ვაგზავნიდი წერილებს, ოჯახის მოძებნაში დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ – ამაოდ. სამძებრო ბიუროს მივმართე და, კვლავ არავითარი შედეგი!..

ბოლოს, მეტ-ნაკლებად კარგად გამოვეწყვე და ჩემიანების მოსაძებნად გავეშურე, მაგრამ, რატომღაც არა ოფიციალური არხების, არამედ – ნაცნობების დახმარებით. გავიგე, რომ ლუდმილა კოსტრომში წასულიყო ევაკუაციისას და იქვე დარჩენილიყო. ვღელავ, ერთადერთი აზრი მიტრიალებს – როგორ არიან, როგორ გააქვთ თავი?!

აი, კოსტრომშიც ჩავედი. საღამოს შვიდი საათია, სანამ ქუჩა და სახლი ვიპოვე, ცხრაც გახდა. დავაკაკუნე, კაცმა გამიღო. შემომხედა, შეცბა, ნირწამხდარმა უკან დაიხია და უცებ მითხრა: მობრძანდით, ალექსანდრ ივანოვიჩ!

შევედი, გავიხადე. კაცი უსიტყვოდ მიყურებს, მერე რომელიღაც კარისკენ შებრუნდა და დაიძახა: ლუდა, ჩვენთან არიან!

შემოვიდა ლუდმილა, დამინახა და ტირილით მომვარდა: „საშა! საშა! სად იყავი, საშა!“

მეხვევა, მკოცნის... ყველაფერი დამავიწდა, გულში ვიკრავ, ვეხვევი, ვკოცნი სახეზე და ხელებზე, მისი გულისცემას ვგრძნობ. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ, როცა ცოტა გონს მოვედი და იმ კაცს შევხედე, მის სახეზე ისეთი საშინელი ტანჯვა აღბეჭდილიყო, რომ ძნელი გადმოსაცემია. ვეკითხები: „ლუდა, ეს ვინ არის?“

განზე გაიწია, ორივეს შემოგვხედა, ფერი ეცვალა და გმინვით აღმოხდა: ჩემი ქმარი! მხოლოდ ახლაღა გავიაზრე, რომ ჩემი დრო წასულიყო. უცებ ძალა გამომეცალა, დავიბენი, ჩამოვჯექი და ვამბობ: მე რაღა ექნა?!

ორივე დუმს. თავზე ხელები ვიტაცე და მოთქმით ავტირდი. მაკანკალებს და ვქვითინებ... ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მომსვლია, აქ კი ძალებმა მიმტყუნა – წლების წვალებამ და მოლოდინმა თავისი გაიტანა. საშინელმა სასოწარკვეთამ შემიპყრო. ამ დროს ვიღაცამ მხრებში ხელი ჩამავლო და მეუბნება: – „დაწყნარდით, დაწყნარდით, მოგვიყევით, რა გადაგხდათ ამ წლების მანძილზე“.

ავიხედე, ლუდმილას ქმარია. ჩემ წინ ზის. ლუდმილა დგას. ვუყურებ ლუდმილას, ვუყურებ და მომხდარის გააზრება მიჭირს. გონება მემღვრევა, მაგრამ მერე ბრაზი და ბოღმა ქრება და ისევ მხოლოდ ლუდმილას ვხედავ. გამხდარა, სახე გაფითრებია, თვალებადღაა ქცეული და ამ უზარმახარ თვალებში საშინელი ტკივილი ჩასდგომია. ხან მე მიყურებს, ხან ბორისს, – მერე გავიგე, რომ ასე ერქვა.

ძველებურად ლამაზი, ჩემი უსასრულოდ საყვარელი ლუდმილა, ჩემი სული და გული, ახლა სხვისი ცოლია. ლუდა, რომლისკენაც ამდენი წელი მოვისწრაფოდი, რომელზეც ვოცნებობდი, მასზე ფიქრი მაძლევდა ძალას ბანაკებში 12-წლიანი ტყვეობისას – აი, ვიპოვე იგი და მყისვე დავკარგე.

ბორისს შევხედე, მასაც დაბნეული და გაწამებული სახე ჰქონდა: „მოგვიყევითო,“ – მთხოვა.

დავიწყე მოყოლა. როგორც ჩანს, დიდხანს ვლაპარაკობდი, როგორ მოვხვდი არმიაში, როგორ მომიწია პრაღის აღებაში მონაწილეობა, როგორ დამაპატიმრეს, გამასამართლეს, როგორ გავატარე ბანაკებში 12 წელი. მოვყევი და გავჩუმდი. ისინიც ხმას არ იღებდნენ. და აქ, პირველად, ჩემს არეულ გონებაში ღვთის სახელი ამოტივტივდა და გულში შევღაღადე: ღმერთო! შენ ერთმა უწყი ყველაფერი, შენ ერთმა იცი, როგორ განგვსაჯო! გადმოგვხედე და შეგვეწიე!

ლუდმილამ ჩვენს შორის მდგარ მაგიდას შემოუარა, მომიახლოვდა და ვედრებით მითხრა: მაპატიე, საშა, დამნაშავე ვარ შენს წინაშე. შენი წერილები არ მიმიღია, სად აღარ ვიყავი, მაგრამ სამხედრო კომიტეტშიც და სხვაგანაც მხოლოდ ერთი პასუხი მესმოდა: „დაკარგულია უგზო-უკვლოდ“. სამი წელი ყოველდღე გელოდი, მერე კი დავრწმუნდი, რომ დაიღუპე. ჩემამდე მოღწეული ის ბოლო წერილი პრაღიდან იყო. სულ შენზე ვდარდობდი, მაგრამ ასე მოხდა, ბორისი გავიცანი, მივეჩვიე, შემიყვარდა და ჩვენი ნაცნობობის მეოთხე წელს ცოლად გავყევი. ჩვენს ორ ვაჟს ერთი გოგონაც შეემატა – ნინა, ის ახლა შვიდი წლისაა. მაპატიე, მხოლოდ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ბორისი არაფერ შუაშია. ვერ დაგელოდე, მაპატიე! – და აქვითინდა.

რა ვქნა, რა ვიღონო, გამოსავალს ვერ ვხედავ, ისინიც ამ დღეში არიან. კედელს შევხედე და ჩემს ომამდელ ფოტოებს ვხედავ, უცბად ყველაფერი სხვაგვარად წარმომიდგა... განკითხვა და გაღიზიანება რაღაც თბილმა, კეთილმა გრძნობამ შეცვალა. არ დავვიწყებივარ, მართლა ვახსოვდი, დამნაშავე არავინაა. რა უნდა ვქნათ, რა ვქნათ?!.

მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. მტანჯველი, დამთრგუნველი. ბავშვები სად არიან-მეთქი? – ვიკითხე. – სამივე ბებიასთან რჩება დღეს, – მიპასუხა ღუდმილამ და ისევ სიჩუმემ დაისადგურა.

ვუყურებ ცოლს და ვიცი, რომ ვთხოვო, ბორისს მიატოვებს და ბავშვებიანად გამომყვება. მეც დავივიწყებ, რაც მოხდა და ძველებურად მეყვარება, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო?! რვა წელი გავიდა, ისინი ახალ მამას მიეჩვივნენ და შეიყვარეს, აი, გოგონაც გაჩნდა. როგორ აღიქვამენ ისინი მომხდარს, როგორ შემეგუებიან, შეძლებენ ბორისის დავიწყებას?!

ეს უკვე სხვა ოჯახია, აქაც არის სიყვარული და ურთიერთგაგება. მე კი, წარსულის დაბრუნების იქნებ ფუჭი იმედით, უნდა დავანგრიო ის. ან კი რა აქვს საპატიებელი ლუდმილას, რაშია ის დამნაშავე?! მელოდა, ვახსოვდი, მეძებდა, ჩემზე ნაკლები განსაცდელი არ გამოუვლია ორი ბავშვით მარტო დარჩენილს და როცა იმედი გადაეწურა, მერეღა გათხოვდა. ახალ ოჯახშიც არ დაკარგულა ჩემი ხსოვნა, რასაც ჩემი ფოტოები მოწმობს. მე მარტო მაინც ვიყავი, ისინი კი სამნი აღმოჩნდნენ ბედის ანაბარა. რატომ უნდა მქონდეს რაიმე განსაკუთრებული უფლებები?! დამნაშავე არავინაა, არც ლუდმილა და არც მე, მით უმეტესკი, ბორისი. ლუდმილა ძველებურად მიყვარს, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, მხოლოდ ჩემ გამო ოჯახი დავუნგრიო, ღვარძლი დავთესო, ბავშვები წავართვა კაცს, რომელმაც მათ უმძიმეს დროს მამობა გაუწია. ჩემმა შვილებმა შეიყვარეს ბორისი, მაგრამ განა შეძლებენ ჩემს შეყვარებას ამ ყველაფრის მერე?! რა ეშველება გოგონას, რომელსაც ერთადერთი მამა ჰყავს – ბორისი?! და კვლავ ღმერთის სახელი ეწვია ჩემს გონებას. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წამოვდექი და მეორე ოთახში გავედი.

კედელთან სამი საწოლი იდგა, ეს ბავშვების ოთახი იყო. ყველაზე პატარა საწოლის თავთით პატარა ხატი ეკიდა ზონარზე. არ ვიცი, რომელი წმინდანის ხატი იყო, მაგრამ იმ აზრმა, რომ ადრე ურწმუნო ლუდმილას სახლში ხატი გაჩნდა, გული გამითბო, შვება მომგვარა.

ის ადამიანი, რომელმაც ბანაკში რწმენის გზა მიჩვენა, ამბობდა, რომ ღმერთთან მხოლოდ სიკეთე, სხვათა დახმარება და საკუთარ, ადამიანურ „მე“-ზე უარის თქმა მიგვიყვანსო.

ამ აზრებმა მეყვსეულად გამიელვა თავში და ცხადი გახდა, რომ გამოსავალი ერთადერთია: მე უნდა გავქრე ბავშვების, ლუდმილას, ბორისის ცხოვრებიდან.

ლუდმილა დათრგუნული, დაბნეული იჯდა და არ იცოდა, რა ექნა. ისეთი მწუხარება ეწერა სახეზე, რომ შემრცხვა ჩემი დუმილის, იმისი, რომ ამდენ ხანს არ ვაღირსე მას და ბორისს პასუხი მთავარ კითხვაზე: რა ვქნათ? ბორისი თავჩაქინდრული იჯდა, თითქოს უმძიმესი ლოდი ძირს ექაჩებოდა.

ავდექი, ლუდმილას და ბორისს მივუახლოვდი და ვუთხარი: მივდივარ, ეს სამართლიანი იქნება ყველა ჩვენგანისათვის. თქვენ ოჯახი გაქვთ, მე კი წარსული ვარ, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ. თქვენ ვაჟები და ქალიშვილი გყავთ, მე კი – აღარავინ. გიყვარდეთ ერთმანეთი. მე უნდა გაგერიდოთ. ეს მსხვერპლი არ არის, ეს ღვთის ნება და თქვენი უფლებაა! და ჩაცმა დავიწყე. ბორისი მღელვარებით მიყურებდა, ლუდმილა მომვარდა, ჩამეკონა, მაკოცა და – არ წახვიდეო! – მთხოვა, მაგრამ რაღაცნაირი, გაბზარული ხმით. ბორისი მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და მითხრა: ძალიან უმძიმს; ჩვენზე, ორივეზე დარდობს და – ბავშვებზე. გამოვედი. ლუდმილასთან და ბავშვებთან შეხვედრა არ შედგა. დარჩა მხოლოდ წარსული. კვლავ მარტო ვარ. ადამიანი, რომელიც მიყვარს, ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულია!..

მძიმე წლების მტანჯველი ლოდინი ასე დასრულდა. იმედი, რომელიც მასულდგმულებდა, სამუდამოდ გაცამტვერდა!

კოსტრომის ჩაბნელებულ ქუჩებში მივაბიჯებდი მომხდარით განადგურებული და ვიცოდი, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, თან სულ ლუდმილა მედგა თვალწინ.

დაახლოებით ნახევარი წელი ვიავადმყოფე. კეთილი ადამიანების დახმარებით და იმის წყალობით, რომ ამ დროს უფრო დავუახლოვდი ეკლესიას, გადავრჩი და უსამართლო გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისაგან თავი დავიცავი.

სპეციალობით, ფიზიკოსად მოვეწყვე ინსტიტუტში. მთლიანად საქმეში ჩავეფალი და კარგ შედეგებსაც მივაღწიე. ღვთის წყალობით, კარგი სახელიც მქონდა, გამოქვეყნებული შრომები, მაღალი ანაზღაურება და უზრუნველყოფილი ცხოვრება, მაგრამ ლუდმილას სახე, მისი თვალები მოსვენებას არ მაძლევდა.

ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ერთადერთი ეკლესია შემორჩა. სხვები ან დახურეს ან დაანგრიეს. ეს ეკლესია იქცა ჩემ თავშესაფრად, სადაც სულიერ საზრდოსა და ნუგეშს ვპოულობდი. იქ დავუახლოვდი ერთ ექიმს, ღრმად მორწმუნე ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე და არაერთხელ დამეხმარა კიდეც.

მისი სახლი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი, სადაც მსიამოვნებდა ყოფნა და სადაც ბევრს ვიძენდი. ლუდმილას ოჯახს არ ვკითხულობდი, ასე სჯობდა ყველასთვის. მხოლოდ ერთხელ მივწერე ბორისს და ვთხოვე ჩემს დახმარებაზე უარი არ ეთქვა – მთელი ჩემი ფული გავუგზავნე ერთი ნაცნობის ხელით. მიმძიმდა ცხოვრება, – მძიმედ განვიცდიდი ლუდმილას და შვილების დაკარგვას.

ოთხი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ მამა არსენი ცოცხალია, შევეხმიანე, მოვძებნე და ის ჩემს სულიერ მოძღვრად იქცა. შემდეგ კი ბერად აღვიკვეცე. დიდი ხანია მსურდა და ვემზადებოდი, მაგრამ მამა არსენი უფლებას არ მაძლევდა, და აი, შარშანწინ მაკურთხა.

ფიზიკა მივატოვე და ეკლესიის მსახური გავხდი, რითაც ინსტიტუტელი კოლეგები გავაოცე. ამჟამად პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ეკლესიაც პატარაა, მაგრამ ბევრი მორწმუნე დადის, მათ შორის – ბევრი ჭეშმარიტი მორწმუნე.

თანდათან დავმშვიდდი, წარსულის ტკივილიც მიყუჩდა, მაგრამ წელიწადნახევრის წინ ისევ ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც კვლავ შემძრა და ამაღელვა.

წირვის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს დიასახლისმა მითხრა, რომ ორჯერ მიკითხა ვიღაც უცნობმა, ხანშიშესულმა კაცმა და დაიბარა, რომ ოთხ საათზე კიდევ შემოივლიდა. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ ამბისთვის. ოთხ საათზე მართლა დაირეკა ზარი და გავედი კარის გასაღებად. უცნობი, ასე ორმოცდაათი წლის, ავადმყოფური შესახედაობის კაცი აღმოჩნდა. ყვითელი, ნატანჯი სახე და საოცრად მეტყველი ნათელი თვალები ჰქონდა. სახელითა და მამის სახელით მომმართა, ვხვდები, რომ მინახავს, ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ – საიდან. ვერ მიცანითო? – მკითხა და, უცებ მივხვდი, რომ ბორისი იყო – ლუდმილას ქმარი!

მან ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო: „ჩამოვედი, რომ შვილების შესახებ ანგარიში ჩაგაბაროთ. კიბო მაქვს, ორი ოპერაცია გავიკეთე, მერე კი ქიმიოთერაპიით მომიღეს ბოლო. სულ გამაყვითლა, ჯანმრთელობას კი ვერაფერი უშველა. უკეთეს შემთხვევაში, ორი თვე დამრჩენია. ეს – ისე... დახმარებისთვის გმადლობთ, ძალიან შეეშველა ოჯახს, ლუდმილასთვის, როგორც მთხოვეთ, არ მითქვამს, მაგრამ ხვდებოდა, – კარგად გიცნობთ...

თქვენს ვაჟიშვილებს უკვე შვილები ჰყავთ. კარგ ადამიანებად აღზარდა ლუდამ. ორივემ ინსტიტუტი დაამთავრა. ჩვენი ქალიშვილი ნინა პირველ კურსზეა. ღვთის მადლით, შვილები მორწმუნეებად აღვზარდეთ. ლუდმილას ადრე არ სწამდა ღმერთი, მაგრამ, თქვენ რომ მაშინ ჩვენგან წახედით, მას შემდეგ ძალიან შეიცვალა.

გამოგიტყდებით, თვალს ვადევნებდი თქვენს ცხოვრებას. მიმაჩნდა, რომ სხვანაირად დაუშვებელია, იმდენად გადაიკვეთა ჩვენი გზები, მტკივნეულად და მტანჯველად გადაიკვეთა... ვიცი, რომ მძიმედ განიცდიდით მომხდარს, მაგრამ არც ჩემთვის და ლუდმილასთვის ჩაუვლია ამ ყველაფერს უკვალოდ. ლუდმილას უყვარდით და უყვარხართ, თუმცა კი, არ იცის ამჟამად სად იმყოფებით. თქვენმა ნაბიჯმა უფრო მეტად დაგაახლოვათ მასთან. ოჯახისათვის საკუთარი თავის გაწირვით თქვენ მას თქვენი სიყვარულის სიღრმე დაანახეთ.

მე ძალიან მიმძიმდა იმის შეგნება, რომ მას თქვენ უყვარხართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე აღარ ვუყვარდი. რამდენი წელი გავიდა თქვენი ჩამოსვლის შემდეგ და ის არასდროს მომქცევია ცივად ან გულგრილად, არასოდეს გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს. ზოგჯერ გავიღვიძებდი და ვხედავდი, რომ ეღვიძა ან თავს იმძინარებდა; ვიცოდი თქვენზე ფიქრობდა.“ – შემდეგ დაწვრილებით მიამბო ოჯახის და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ბოლოს მითხრა: ჩემი წუთები დათვლილია, ეკლესიაში ალბათ მეორე მოძღვარიც გყავთ, დამეხმარეთ, სთხოვეთ ჩემი აღსარება ჩაიბაროსო.

ვუყურებდი ბორისს და ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოჩენის მერე მასაც დაუმძიმდა ცხოვრება, მაგრამ მაინც მოახერხა, ლუდმილასთან ერთად აღეზარდა ბავშვები, თავად განმტკიცებულიყო რწმენაში და ლუდმილასთვისაც ჩაენერგა ღვთის სასოება. მისი ცხოვრება, ჩემსაზე გაცილებით რთული და მძიმე, ნამდვილი ღვაწლია. ბორისი სამი დღე დარჩა ჩემთან.

ის ჩვენმა წინამძღვარმა, მამა ანდრეიმ აზიარა, რომელმაც, მახსოვს, მითხრა: კარგი ადამიანია თქვენი ნაცნობი, იშვიათი ბუნების.

მამა მათე რომ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბობდა, მამა არსენიც იქ იყო და ყურადღებით უსმენდა, თუმცა ადრეც ჰქონდა მისგან ეს ყველაფერი გაგონილი.

რამდენიმე დღეში მამა მათე წავიდა. და მას მერე აღარ მინახავს. ხუთი თვის შემდეგ მამა არსენმა მითხრა: ხომ გახსოვთ მამა მათე, მისგან წერილი მივიღე. რთული ცხოვრება აქვს, მძიმე, მაგრამ, ღვთის დახმარებით, შეძლო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მამა მათეს ნაამბობმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა...

 

მამა პლატონ სკორინო

...ერთ ძველ პატერიკში წამიკითხავს წმინდა მამათა სიტყვები იმის შესახებ, რომ უფალი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გადახედოს განვლილი ცხოვრების გზას, გაიაზროს იგი და ღმერთისადმი საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს – ან მისი აღიარებისკენ გადადგას ნაბიჯი ან უარყოფისკენ. ცხოვრებაში გამუდმებით ხდება რაღაც ისეთი, რაც გვიბიძგებს შევიგრძნოთ, გარკვეული მოვლენების თანხვედრით შევიცნოთ და დავუახლოვდეთ უფალს. ის გვიქმნის საამისო პირობებს და ჩვენი ბრალია, თუ ჩვენი მშფოთვარე სულის დასაწყნარებლად, ჩვენს გადასარჩენად გამოწვდილ მის ხელს უკუვაგდებთ. ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი გარდატეხის მომენტი იყო, როცა უნდა გადამეწყვიტა, საით წავსულიყავი. ორგზის (როგორც მე მგონია) უარვყავი ჭეშმარიტება, მაგრამ უფალმა შემინდო და ისევ და ისევ გამიყვანა რწმენის გზაზე, მისი დიდი გულმოწყალებით გავხდი მორწმუნე ქრისტიანი, შემდეგ კი – ღვთისმსახური.

რწმენის გზაზე არაერთი შესანიშნავი ადამიანი შეხვედრია, უფლის ჭეშმარიტი მიმდევარი, რომლებიც მრავალგზის დამეხმარნენ, მრავალი რამ მასწავლეს და საკუთარი ცხოვრების მაგალითზე მიჩვენეს, რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი, – მეუბნებოდა მამა პლატონი, დროდადრო შეწყვეტდა თხრობას, ჩაფიქრდებოდა, შემდეგ კი კვლავ განაგრძობდა...

ამ მაღალი, ბრგე აგებულების ადამიანის ღია, ტიპიური რუსული სილამაზის სახეზე, ნაცრისფერ თვალებსა და მჭიდროდ მოკუმულ პირზე ხასიათის სიმტკიცე და ყოველგავრი განსაცდელის გადალახვის უნარი აღბეჭდილიყო. არაჩვეულებრივად კეთილი სახე და საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომლებშიც მყისიერად ირეკლებოდა ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდებოდა. ირეკლებოდა სრულიად უშუალოდ. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც მამა პლატონია, თუ საჭიროა, მეგობრისთვის თავს გაწირავს, მაგრამ მრისხანებაც ისეთივე უსაზღვრო ეცოდინება, როგორიც – თავგანწირვა. ამ აზრმა გამიელვა და მამა პლატონმაც განაგრძო თხრობა: უნდა გითხრათ, რომ მოყოლა საკმაოდ რთულია, ცხოვრებაში კი ყველაფერი უბრალოდ ხდება. ლენინგრადელი ვარ, ბავშვთა სახლიდან. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, თავდაცვით საწარმოში დავიწყე მუშაობა ზეინკლად. ამიტომ მშვიდობიან დროს ჯარში არ წამიყვანეს. ომი რომ დაიწყო, ოცდასამისაც არ ვიყავი, მაგრამ სულ ვაქტივისტობდი – სკოლაში, პიონერობისას, კომკავშირლობისას. ვცდილობდი ყველგან პირველი ვყოფილიყავი: საქმეშიცა და გართობაშიც. რაღა დასამალია და, გოგონებშიც წარმატებით ვსარგებლობდი. იმხანად ანტირელიგიური პროპაგანდა იყო მოდაში, რაღა თქმა უნდა, არც აქ ჩამოვრჩებოდი, – პარტიული კი არ ვიყავი.

ორმოცდაერთში, როგორც კი ომი დაიწყო, მოხალისედ წავედი. ბრგე და ჯანმრთელი ვიყავი და დაზვერვაში გამამწესეს. მთელი წელი ისე ვიბრძოლე, ერთი ნაკაწრი არ მქონია, როგორც მაშინ ვფიქრობდი – მიმართლებდა. მეთაური ჭურვმა იმსხვერპლა და ახალი ლეიტენანტი დაგვინიშნეს. ჩვენი შეფასებით – კოხტაპრუწა, აზიზი ინტელიგენტი. ტანდაბალი, ჩია, კულტურულად, გინებისგარეშე მოსაუბრე. დავალებას მოკლე მონახაზით, ზუსტად, ნათლად და მომთხოვნი ტონით იძლეოდა, მაგრამ ჩვენ, გამოცდილი ჯარისკაცები, აგდებით ვუყურებდით, უსუსურად გვეჩვენებოდა. ბლინდაჟში ადვილია დავალებების გაცემა, აბა, დაზვერვაში რას იზამს?! – ვფიქრობდით, მაგრამ პირველივე გასვლისას გაგვაკვირვა. კარგ ჯარისკაცზე ამბობენ: კი არ იბრძვის, მუშაობსო, ჩვენი ლეიტენანტიც ასეთი იყო, არტისტივით მუშაობდა – უშიშრად, მარჯვედ, ფრთხილად, კატასავით მოქნილად დადიოდა, გველივით უჩუმრად დაცოცავდა, ჯარისკაცებს უფრთხილდებოდა, მათ ზურგსუკან კი არ იმალებოდა, პირიქით, სადაც საჭირო იყო, პირველი მიდიოდა.

სამი კვირის შემდეგ, შორ მანძილზე მოგვიწია მტრის ზურგში დაზვერვაზე წასვლა. სახიფათო გასვლაა, როგორც წესი, ექვსიდან ათ კაცამდე ჯგუფი მიდის და ვერცერთი ვერ ბრუნდება, მხოლოდ რაციით ასწრებენ შეტყობინების გადმოცემას. ჩვენ, ლეიტენანტიანად რვანი ვიყავით, ფრონტის ხაზის გადაკვეთისას ორი კაცი დავკარგეთ. შევაღწიეთ მტრის ზურგში, ტყიან ადგილს შევაფარეთ თავი და დავიწყეთ დაზვერვა. ექვსი დღე ვზვერავდით, მონაცემებს რაციით გადავცემდით, მაგრამ შეტაკებებში კიდევ სამი მებრძოლი დაგვეღუპა. სამნიღა დავრჩით: ლეიტენანტი ალექსანდრ ანდრეევიჩ კამენევი, სერჟანტი სერიოგინი და მე. ბრძანება მივიღეთ, ჩვენიანებთან დავბრუნებულიყავით. ადვილი სათქმელია – დაბრუნდით! – არც გერმანელია ჯაბანი – დაგვეძებენ, კვალში გვიდგანან. როგორღაც მივაღწიეთ წინა ხაზთან, ჩავიმალეთ, ღამეს ველოდებით, ვზვერავთ მიდამოს, როგორ გადავიდეთ. ნეიტრალურ ხაზზე გერმანელებმა შეგვნიშნეს. თხრილს შევაფარეთ თავი, აგვიტეხეს საარტილერიო სროლა, გამნათებელი რაკეტები დაკიდეს და ტყვიამფრქვევებით გვიტევდნენ. მე კონტუზია მივიღე, სერიოგინმა თხრილიდან ჩვენებთან გაღწევა მოახერხა. დავრჩით მე და ლეიტენანტი. მე წარამარა გონებას ვკარგავდი, ლეიტენენტი ფეხში დაიჭრა. წამით გონს მოვედი და გამიელვა: სერიოგინივით თავს უშველის-მეთქი. სხვა გამოსავალი არცა ჰქონდა. ის კი მოსასხამს ძირს აფენს და ზედ როგორღაც მაწვენს, თხრილი ღრმა არ არის, განძრევა ჭირს, ის კი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიმათრევს. დამტოვე-მეთქი – ვეუბნები, ორივე დავიღუპებით, ვერ მზიდავ, სად შენი სიმძიმე და სად ჩემი-მეთქი. – არა უშავს, ღმერთი გვიშველისო, – მპასუხობს. სამშვიდობომდე კი ორასი მეტრი იყო დარჩენილი. გერმანელებმა მოძრაობა შენიშნეს და სროლა გააძლიერეს, ნაღმების ნამსხვრევები მუხუდოსავით ცვივა, მიწა ტყვიამფრქვევის ჯერისაგან პატარა შადრევნებივით იფრქვევა. გონება დავკარგე, დროდადრო აფეთქებების ხმა ჩამესმის და ვგრძნობ, რომ მიწაზე მიმათრევენ. ჩემიანები თუ გერმანელები, – არც ვიცი. მერე მიამბობდნენ, რომ თვალს არ უჯერებდნენ, როგორ მომათრია ამხელა კაცი ჩია ლეიტენანტმა. ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. მე და ლეიტენანტი წითელი დროშის ორდენებით დაგვაჯილდოვეს.

ფეხზე რომ დავდექი, ისევ დაზვერვაზე წავედი. ლეიტენანტს აღფრთოვანებით შევხვდი და მადლობა მოვახსენე, მან კი ღიმილით მითხრა: ხედავ, პლატონ, ღმერთმა გვიშველა! მე ხუმრობა მეგონა ღვთის ხსენება. მალე ისევ მტრის ზურგში გაგვაგზავნეს. გერმანელები ძალიან ფრთხილობდნენ, დაზვერვიდან ცოცხალი ვეღარავინ ბრუნდებოდა. ექვსნი ვიყავით, ვიცოდით, რომ ვერ გადავრჩებოდით, მაგრამ ბრძანება ბრძანებაა. წინასწარ ვიტყვი, რომ ყველანი გადავრჩით. დივიზიაში ამას არავინ ელოდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობები კი ძალზე საჭირო აღმოჩნდა, შევიპყარით გერმანელი ლეიტენანტი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოგვცა. ჩემთვის ეს გასვლა ერთგვარად საკვანძო იყო, – ახალი ცხოვრების დასაწყისი, ამ გადმოსახედიდან უნდა შემეფასებინა თავი და მივმხვდარიყავი, რომ ისე არ ვცხოვრობდი, როგორც საჭირო იყო. ამჯერად, ფრონტის სიღრმეში 30 კილომეტრზე აღმოვჩნდით და რომელიღაც სოფელში ტყისპირა ეკლესიასთან შევჩერდით.

ოთხნი სოფელში წავიდნენ დაზვერვაზე, მე და ლეიტენანტი კი – ეკლესიისკენ. ირგვლივ სიწყნარეა, მთვარე მოლურჯო-მოვერცხლისფრო შუქს ჰფენს ეკლესიის გუმბათს და ჯვრის შემხედვარეს ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ომი არ არსებობს და ადამიანები ერთმანეთს არ იმეტებენ სასიკვდილოდ, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი გაქვს ასხმული და ირგვლივ სიკვდილია ჩასაფრებული. ლეიტენანტი ხეებს ეფარება და ეკლესიისკენ მიიწევს. ვხედავ, შეჩერდა, პირჯვარს იწერს და რაღაცას ჩურჩულებს. გაოცებისგან ენა ჩამივარდა, – ლეიტენანტი განათლებული ადამიანია, უშიშარი მებრძოლი და უცებ – ასეთი სიბნელე და ჩამორჩეჩილობა! ტოტი ხმაურით გადავტეხე, მივედი და ვუთხარი: ამხანაგო ლეიტენანტო, თქვენ, თურმე, ღმერთების არსებობა გჯერათ. შეკრთა, მაგრამ მშვიდად მიპასუხა: ღმერთების კი არა, ღმერთის. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემსა და ლეიტენანტს შორის დაძაბულობა და უნდობლობა გაჩნდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დაზვერვიდან მშვიდობით დავბრუნდით, ყველამ ჩათვალა, რომ გვიმართლებდა, ახლა ვფიქრობ, რომ ღვთის ნება იყო ასეთი. მაშინ კი ერთი აზრი არ მასვენებდა: როგორ შეიძლება, შეგნებულ საბჭოთა ადამიანს ღმერთი სწამდეს, მაშინ, როცა ემელიანე იაროსლავსკის და სკვორცოვ-სტეპანოვის შრომებში ცხადადაა დამტკიცებული, რომ ის არ არსებობს და ვისაც მაინც სჯერა, ის ბურჟუაზიის დამქაში და ჩვენი მტერია. ალბათ ეს ჩვენი ლეიტენანტი, მგელია ცხვრის ტყავში გახვეული. მართალია, მე გადამარჩინა და კარგად იბრძვის, მაგრამ ეს ყველაფერი, ალბათ თვალის ასახვევად უნდა, რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დავალების ფარულად შესასრულებლად სჭირდება და თვალთმაქცობს, – მტერი ხომ ცბიერია! ვერ ვისვენებდი, ბოლოს წავედი განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებაში, უმცროს ლეიტენანტს, წესდების თანახმად, ვუპატაკე და მოვახსენე ჩემი ეჭვების შესახებ. ის გამოცოცხლდა და სიხარულით წამიყვანა თავის უფროსობასთან. ამ განყოფილების უფროსად ერთი მუდამ დაღვრემილი და გამოფიტული სახის ლატვიელი მაიორი გვყავდა. უმცროსმა ლეიტენანტმა მოახსენა, რომ ლეიტენანტი კამენევი შემოპარული მტერია და უნდა გავაუვნებელვყოთო. მაიორმა მოისმინა და გამოჰკითხა, როგორ იქცეოდა ურთიერთობაში, დასვენების დროს, ვისთან საუბრობდა, – ცოტა იფიქრა, უკმაყოფილოდ შემოგვხედა, სადღაც დარეკა, რაღაც იკითხა და გვეუბნება: ამხანაგო უმცროსო ლეიტენანტო, თქვენ დღეს მზვერავთა ჯგუფს დაზვერვაზე წაჰყვებით ფრონტის ხაზს იქით და ლეიტენანტ კამენევსაც იქ გამოცდით, ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ, შენ კი, სკორინო, დარჩი.

უმცროსი ლეიტენანტი გაფითრდა, სახე მოექცა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მაიორმა ხელი აუქნია და, ისიც გავიდა. მაიორმა დაიცადა, სანამ კარი მიიხურებოდადა მერე მითხრა: მომისმინე, სკორინო, დაზვერვის შესახებ ბევრი რამ ვიცი, შენზე და ლეიტენანტზეც მსმენია, მაგრამ ვერ გამიგია, მაგ მხრებზე თავი გაბია თუ ცარიელი გოგრა?! – და თითით შუბლზე მომიკაკუნა – სულელი ხარ?! მერე რა, რომ მორწმუნეა და პირჯვარი გადაიწერა, განა ეს არის არსებითი?! – საქმეში გინახავს, გიმუშავია მასთან, შენ გადაგარჩინა, ცნობები მოიპოვა, უძვირფასესი ცნობები. შენ კიდევ, მტერიაო! – გაიძახი. მე 41-ში საზღვრიდან მოვყვებოდი ჩვენს ჯარებს, უკან დახევისას ყველაფერი ვნახე: ალყა, პანიკა, შიში, სიმამაცე, თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული. აი, სად გაიცნობ ადამიანს. ნეტა, ყველა ისე იბრძოდეს, როგორც ლეიტენანტი კამენევი. იცი, რომ ომის დაწყებისას მან ალყიდან მთელი ურემი დაჭრილები გამოიყვანა, დაჭრილი გენერალი ბრძოლის ველიდან გამოიტანა! – არ იცი და ლაპარაკობ! დღეს დაზვერვაზე წახვალთ, იქ ნახავ უმცროს ლეიტენანტსაც და კამენევსაც. თავიდან ამოიგდე ეგ სისულელე და არავის მოუყვე. წადი და ადამიანების გარჩევა ისწავლე. ახალგაზრდობაში სიფიცხით მეც ბევრი შემშლია და ახლა ვნანობ! – გაოცებული წამოვედი.

ღამით მოენის დასაჭერად დაზვერვაზე წავედით. უმცროსი ლეიტენანტი „საგანგებო განყოფილებიდან“ მეტისმეტად მხდალი აღმოჩნდა, სულ სხვების ზურგს ეფარებოდა, მიწას ვერ ასცილდა. შევიპყარით დამსმენი, მოგეყავს... უკანა გზაზე უმცროსი ლეიტენანტი აჩქარდა, პირველობა მოინდომა, აქ სროლა აგვიტეხეს, შიშისაგან თავგზააბნეული, ორმოს თავს შევაფარებო – ფეხზე წამოდგა, გასაქცევად მოემზადა და ამ დროს ჭურვმა ნახევარი თავი წააცალა.

ერთი კვირის შემდეგ ისევ მტრის ზურგში გაგვაგზავნეს. გზად საარტილერიო ნაწილს გადავაწყდით. დათქმულ ადგილამდე ძლივს მივაღწიეთ. ორად გავიყავით და შეხვედრის ადგილი დავთქვით. მაიორმა მე გამიყოლა. ორი დღე ვიარეთ, უფრო – ღამით. დიდ სატანკო შენაერთს გადავაწყდით, ვცდილობდით ცნობები მოგვეპოვებინა, ბოლოს კი, ჩვენც ძლივს გამოვაღწიეთ. ტყეში ხევი მოვძებნეთ და ხმელ ფოთლებში ჩავიმალეთ. გადავწყვიტეთ, რიგრიგობით დაგვეძინა, მაგრამ არც ერთს არ გვეძინებოდა. რაც არის, არის-მეთქი, – ვიფიქრე, უნდა ვუთხრა ლეიტენანტს, რომ საგანგებო განყოფილებაში ვიყავი და მასზე ვილაპარაკე, იმასაც ვეტყვი-მეთქი, თვითონ რა დამოკიდებულება მაქვს რწმენისადმი. მართლაც, მოვუყევი. ლეიტენანტი მდუმარედ მისმენდა, თითქოს ჩაეძინა. მერე უცებ მკითხა: წარმოდგენა თუ გაქვს, რა არის რწმენა? – ჩემს პასუხს არ დაელოდა და ახსნა დაიწყო. სულ სხვა სამყარო გადამეშალა თვალწინ. თავიდან ყველაფერი საინტერესო, კეთილ ზღაპარს ჰგავდა იესოს ცხოვრების შესახებ. შემდეგ კი, როცა ქრისტიანობის არსს შეეხო, განცვიფრებული დავრჩი. ის საუბრობდა ადამიანის არასრულყოფილებაზე, კეთილსა და ბოროტზე, სიკეთის ქმნის მოთხოვნილებაზე, რომელიც ადამიანს დაცემული ბუნების მიუხედავად, ახასიათებს. და მე დავინახე რელიგია სულ სხვა თვალით, – არა როგორც სიცრუე, სიბნელე და ჩამორჩენილობა, როგორც მანამდე მესახებოდა, არამედ მთელი სისავსით და სიდიადით.

სამი საათი ვუსმენდი, სანამ არ ინათა. ბოლოს ესღა ვკითხე: მღვდლებზე რომ ამბობენ, თაღლითები და არამზადები არიანო, ეს როგორ შევათავსოთ რწმენასთან მეთქი? მან კი მიპასუხა: ბევრი რამ, რასაც მღვდლებზე ამბობენ, ტყუილია, თუმცა ცუდი მათ შორისაც ბევრი გვხვდება. ყოველ კეთილ საქმეს გამორჩენისთვის, არაკეთილსინდისიერი, ცუდი ადამიანები შეიძლება მიეტმასნონ. – თქვენ მღვდლის შვილი ხომ არა ხართ, ამხანაგო ლეიტენანტო? – ვკითხე. – არა, მამა ექიმია, დედა – მასწავლებელი. ორივე მორწმუნეა, მეც რწმენით ვცხოვრობ და ამით მიდგას სული. შენ რომ საგანგებო განყოფილებაში წახვედი, ესეც ღვთის ნება იყო, თავად მოისმინე, რა გითხრა მაიორმა, იქაც არიან ადამიანები! – ეს საუბარი გულში სამუდამოდ ჩამებეჭდა. მივედით შეკრების პუნქტში, – ორი ჩვენზე ადრე მივიდა. რაციით გადავეცით შეტყობინება და ჩვენებისკენ გამოვბრუნდით. ორი დღე მივიწევდით ფრონტის ხაზისკენ, ირგვლივ გერმანელების ნაწილები იყო. ჩვენი ჯგუფი მთლიანად გაანადგურეს. მარტო მე და ლეიტენანტი არ დავჭრილვართ, დანარჩენები დაიღუპნენ. ახლაც არ მესმის, როგორ მივაღწიეთ ჩვენებამდე.

მივეჩვიე ლეიტენანტს, მაგრამ ცოტა ხანში ის დააწინაურეს და სხვა ნაწილში გადაიყვანეს. ლეიტენანტ კამენევთან შეხვედრამ ღრმა კვალი დაამჩნია ჩემს შემდგომ ცხოვრებას, მაიძულა, ბევრ რამეზე დავფიქრებულიყავი და, როგორც ჩანს, რწმენის მისაღებად მომამზადა კიდეც. საოცრად კარგი ადამიანი იყო... მერე ზურგში გამგზავნეს. შემდეგ ჰოსპიტალში მოვხვდი, ვიატკის ახლოს, კიროვში, სადაც ხუთი თვე ვიწექი და მერე ორი თვე სანატორიუმში გავატარე. ჭრილობა დამიჩირქდა, სისხლი მომეწამლა. მკურნალობა არ მშველოდა, უფრო და უფრო უარესად ვხდებოდი, ექიმებს სახეზე ვატყობდი, რომ ჩემი გადარჩენის იმედი აღარ იყო. ცალკე პალატაში როცა გადამიყვანეს, საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ გადადებული ვიყავი და იმასღა ელოდნენ, როდის მოვკვდებოდი. სიცოცხლე, რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ ტკივილმა, მკურნალობამ და რაღაც საშინელის, ამოუცნობის და დამთრგუნველის მოლოდინმა დამტანჯა. სიკვდილის კი არა, სხვა რაღაცის მეშინოდა.

ჰოსპიტალში ერთი მედდა გვყავდა – მარინა – სიფრიფანა, თაფლისფერთვალება გოგონა. მხიარული, კეთილი და ყველა ავადმყოფისადმი საოცრად ყურადღებიანი. ყველას გვიყვარდა გულისხმიერების გამო, ის დასახმარებლად მუდამ მზად იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ, ყველა რიგრიგობით უხსნიდა სიყვარულს, მაგრამ მარინა ყველასთან ერთნაირად თავაზიანი და თავშეკავებული იყო, მოტრფიალეთაგან თავი შორს ეჭირა.

ბოლოს გადამიყვანეს მომაკვდავთა პალატაში. დიდი ხნით ვკარგავდი გონებას და უგრძნობლად ვიწექი, ხანდახან გონს რომ მოვიდოდი მარინას ვხედავდი, – ან ნემსს მიკეთებდა, ან ოფლს მწმენდდა შუბლიდან, ან თეთრეულს მიცვლიდა. ერთხელაც თვალდახუჭული რომ ვიწექი, მთავარ ექიმს სხვა ექიმებთან ერთად შემოვლა ჰქონდა, პალატის ექიმმა ჩემი ავადმყოფობის ისტორია მოახსენა და დააყოლა: უიმედოა, ზოგადი სეფსისი დაეწყოო. მთავარმა ექიმმა გამსინჯა და, მანაც „უიმედოაო, “ – დაადასტურა.

ისევ თითქმის უგონოდ ვწევარ, მაგრამ ყველაფერი მესმის და ვგებულობ. არ ვიცი, დღისით, თუ ღამით, ალბათ – უფრო ღამით, გონს მოვედი და ვხედავ: მარინა სასთუმალთან მიდგას, რაღაცას ჩურჩულით კითხულობს და თან შუბლს წყლით მიგრილებს. დავუკვირდი და ლოცვის სიტყვები გავარჩიე. ჩემს გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. გავახილე თვალები და მარინა მეუბნება: არაფერია, პლატონ, ყველაფერი გაგივლის, და წყალი მომაწოდა. მერე მივხვდი, რომ ნაკურთხი წყალი იყო. ის კი ისევ ლოცულობდა... ასე გაგრძელდა ორი კვირა. ყოველდღე ნაკურთხი წყალი მოჰქონდა, ან სეფისკვერის ნატეხი და გამუდმებით ლოცულობდა. იმ დღეებშიც მოდიოდა, როცა მორიგე არ იყო. ასე მომიარა და გამოითხოვა ჩემი გადარჩენა ღვთისგან.

როცა გამოვკეთდი, რწმენაზე ბევრი მესაუბრა, ლოცვებიც მასწავლა და ჰოსპიტლიდან უკვე ნამდვილი მორწმუნე გამოვედი. მარინამ და ლეიტენანტმა კამენევმა ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალეს.

მარინა მშობელ დედასავით მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკის იყო. გამოწერისას მთავარმა ექიმმა მითხრა: სიკვდილს ხელიდან გამოგგლიჯეთ, მაგრამ მარისას გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, – ის გივლიდათ, მას უნდა უმადლოდეთ გადარჩენასო.

მე კი უკვე ვიცოდი, მარინასთან ერთად ვისთვის უნდა შემეწირა სამდლობელი და პირობა დავდე, რომ თუ გადავრჩებოდი, ომის შემდეგ, მღვდელი გავხდებოდი. ეს მარინასაც ვუთხარი.

დამთავრდა ომი, ბერლინის ახლოს მომიწია დემობილიზაციამ. დავბრუნდი ჩემს ლენინგრადში და პირდაპირ სემინარიას მივაშურე. საბუთები გამომართვეს, გადახედეს და დამიბრუნეს. ასეც ვეცადე და ისეც, მაგრამ რატომღაც არ მიღებდნენ. ბოლოს, სამხედრო კომისარიატში გამომიძახეს, სხვა დაწესებულებებშიც მიხმობდნენ და დამცინოდნენ, მამუნათებდნენ: გაგიჟდი, სკორინო? დიდების ორდენთა სრული კავალერი, სხვა უამრავი ორდენის პატრონი, უფროსი ლეიტენანტი და... უცებ მღვდლობა, არმიას არცხვენ?!

მაინც ჩავაბარე. სწავლა გამიძნელდა, ცოდნა ცოტა მქონდა, განათლება – სულ შვიდი კლასი, ისიც – უხსოვარ დროში. ძალიან გამიჭირდა, ზოგჯერ ვიღაც-ვიღაცეები განგებაც მიშლიდნენ ხელს. დავამთავრე როგორც იქნა, და ბერობა მოვინდომე. სემინარაში სიცილად არ ეყოთ, რას ამბობ, ასეთი ჯანიანი, გამოუცდელი და ბერი? ცოლი შეირთე და მღვდლად ეკურთხეო. მართალიც იყო, – რა საბერო კაცი მე ვიყავი, ან როდის უნდა მოვმზადებულიყავი საამისოდ?

ცოლის შერთვაა საჭირო, მე კი სემინარიაში ვსწავლობ. არსად არ დავდივარ და არცერთ ქალიშვილს არ ვიცნობ. ირკურტსკში გამანაწილეს. მე კი ჯერ ხელდასხმა არ მიმიღია. საცოლე უნდა ვეძებო, მაგრამ – სად? ომამდელი ნაცნობები დავკარგე, ახლები არ შემიძენია, სემინარიაში ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, ვიცოდი, რომ მღვდლობისთვის ოჯახი აუცილებელი იყო. ავდექი და ეკლესიაში შევედი. ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ დამეხმაროს. დიდხანს ვილოცე, ქუჩაში გამოვედი და ვხედავ, ვიღაც ცალფეხა ხეიბარი მოკაკუნობს, დავეწიე, – ჩვენი პოლკის ყოფილი კაპიტანი აღმოჩნდა.

დამავიწყდა მეთქვა, რომ ომი უფროს ლეიტენანტად დავამთავრე, თავიდან კი ჯარისკაცი ვიყავი. მივვარდი კაპიტანს. ორივემ გავიხარეთ. თავისთან დამპატიჟა. ვისაუბრეთ წარსულზე, ამჟამინდელ საქმეებზე. კაპიტანი ხუმარა, მხიარული, კეთილი და გულღია კაცი იყო. მოვუყევი, რომ სემინარია დავამთავრე და მღვდლობას ვაპირებდი, მაგრამ საამისოდ ცოლის შერთვაა საჭირო. მთელი ჩემი საუბრიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ საცოლეს ვეძებდი, სხვა ყველაფერი ხუმრობად ჩათვალა.

– გვყავს ერთი კანდიდატურა, ჩემი ბიძაშვილი ნინკაო, – მითხრა. ორი დღის შემდეგ გამაცნო, მოგვეწონა ერთმანეთი და რამდენიმე დღეში ხელი ვთხოვე. ჩაფიქრდა, თავიდან მღვდლობის ამბავი მასაც ხუმრობა ეგონა, მერე კი თანხმობა განმიცხადა, მაგრამ მორწმუნე რომ არ ვარო? – დააყოლა. მერე, რა ვუყოთ, არც მე ვიყავი რამდენიმე წლის წინ-მეთქი.

სემინარიაში წავედი და ვუამბე, უგულისყუროდ მომისმინეს, მაგრამ მაინც დამლოცეს. ორი კვირის მერე ვიქორწინეთ, ჯერ დიაკვნად მაკურთხეს, მერე – მღვდლად. გამგზავრების დრო დადგა. ნინას კი ინსტიტუტი ჰქონდა დასამთავრებელი. – შენ წადი, პლატონ, მე კი წელიწადნახევარი დამრჩა კვების მრეწველობის ინსტიტუტის დამთავრებამდეო.

რატომღაც სულ დამავიწყდა, არადა ვიცოდი, რომ სწავლობდა. ჩემი გამგზავრების დრო მოვიდა, – შევთანხმდით, როგორც კი დაამთავრებდა, მაშინვე ჩამოვიდოდა ჩემთან. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა მისი დატოვება; შემიყვარდა და მინდოდა მალე ჩამოსულიყო.

ნინაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა: საშუალო სიმაღლის იყო, მხრებამდე მწვდებოდა. სიფრიფანა, კარგი აღნაგობის, ძალიან ლამაზი, დიდი ნაცრისფერი თვალებით, ცქვიტი და ენამოსწრებული.

ჩავედი ირკურტსკში. დიდი სოფელი აღმოჩნდა, ეკლესია მღვდლის გარდაცვალების გამო დაეკეტათ. მიშვებული და ნაწილობრივ დანგრეული იყო. როგორღაც მოვაწესრიგე: ორი მოხუცი ქალი მეხმარებოდა, დავიწყე მსახურება, მრევლი კი სულ სამი კაცი მყავდა. შევშინდი, მაგრამ გადავწყვიტე ყოველდღე დამეყენებინა წირვა. გავიდა კვირა, თვე, სამი თვე, – არავინ მოდიოდა! სასოწარკვეთამ შემიპყრო. მეუფესთან ჩავედი ქალაქში, შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან ყურადღებით მომისმინა და მაკურთხა: განაგრძე მსახურება, ღმერთი მოწყალეა, თავის დროზე ყველაფერი იქნებაო.

მეუფისგან გამოსული, ქალაქის ეკლესიაში შევედი, წირვას დავესწარი და იქაურ, ხანშიშესულ მღვდელს გავანდე ჩემი განცდები. მან სახლში წამიყვანა, დამიყვავა და დამამშვიდა: ნუ გეშინიათ, რაკი ღმერთმა მღვდლად გამოგარჩიათ, არ მიგატოვებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო; ცოლიც ჩამოვა და მრევლიც გეყოლებაო, შენ კი მეტი ილოცეო. დავუმეგობრდი მამა პეტრეს, ხშირად ვესტუმრებოდი ხოლმე ძალიან შემეწია, – დიდი სულის ადამიანი იყო.

გავიდა ნახევარი წელი, მრევლი სულ რვა კაცია, მე კი განვაგრძობ მსახურებას. მატერიალურად ძალზე ხელმოკლედ ვცხოვრობ, თავს ძლივს ვირჩენ. თავისუფალ დროს იძულებული ვარ, დამატებით ვიმუშაო, ზოგს სახურავს შევუკეთებ, ზოგს ქოხს გავუმაგრებ, ზოგს რაღაც საზეინკლო საქმეს გავუკეთებ. მუშაობისას მასპინძელს ვესაუბრები, მათაც აინტერესებთ მღვდელთან დალაპარაკება. თავიდან ისე შემოივლიან ეკლესიაში, მერე კი წირვაზეც დგებიან.

საქმეს გულმოდგინედ ვაკეთებდი, ზოგჯერ თვითონაც გამკვირვებია, ისე შნოიანად გამოდიოდა. ლენინგრადის ქარხანაში მიღებული გამოცდილება გამომადგა. შემკვეთებიც არ მელეოდა.

წლის ბოლოსთვის ტაძარში ოთხმოცი-ოთხმოცდაათი კაცი იდგა, ძირითადად – მოხუცები, მეორე წელს კი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ.

თავიდან ცუდი თვალით მიყურებდნენ, სოფელში რომ გავივლიდი, ბავშვები დამცინოდნენ: მღვდელო, მღვდელო, შუბლხოტორა მღვდელო! (მოფართხუნობს ანაფორა, წვერცანცარა, შუბლხოტორა!) ხშირად კი ლანძღვასაც მომაყოლებდნენ ხოლმე.

ახალგაზრდები აბუჩად მიგდებდნენ, ეკლესიაში შემოდიოდნენ და სიცილ-ხარხარით წირვაში ხელს მიშლიდნენ. თავაზიანად ვთხოვდი, ისინი კი გინებით გადიოდნენ. გადაწყვიტეს, რომ უენო ვიყავი. ერთი წელი იყო, რაც სოფელში ვცხოვრობდი. ერთხელაც, საღამოს, ახალგაზრდა ბიჭები თავს დამესხნენ და გვარიანად მცემეს, მირტყამდნენ, მე ხელს არ ვუბრუნებდი, მხოლოდ ვეხვეწებოდი: არ გინდათ მეთქი. იმათ კი ეხალისებოდათ მღვდლის ცემა.

უსაზღვროდ მიჭირდა, ნინას გარეშე მოვიწყინე, ბოლოს ჩამოვიდა. ძალიან გამიხარდა. მას კი თავიდან შეეშინდა, ვერ წარმოედგინა სოფელში ცხოვრება მღვდელთან. ნინას ინჟინრის დიპლომი ჰქონდა და ოსტატად მოეწყო ჩვენი სოფლის რძის ქარხანაში. სიხარულით მიიღეს, თუმცა აყვედრიდნენ შემდეგ მღვდლის ცოლობას. ცოდნითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, ყველაფერში სამაგალითო იყო.

ერთხელაც, საღამოს, მე და ნინას ოთხი ნასვამი ბიჭი დაგვესხა თავს. ვეხვეწები: თავი დაგვანებეთ-მეთქი, ნინა ყვირის: გვიშველეთო! მე მირტყამენ, ნინა მიწაზე დააგდეს. კიდევ ვიღაც ორი ბიჯი იქით დგას.

„ეხ, პლატონ! ომში მზვერავი არ იყავი?“ – გავიფიქრე. სპეციალურ სკოლაში ნასწავლი საბრძოლო ილეთები მახსოვდა და ძალაც მერჩოდა. ისე დავტრიალდი, რომ სულ ბუღი დავაყენე. მაპატიეთ, მღვდლის სათქმელი არაა, მაგრამ, ერთმანეთზე მივაწვინე, ერთი თავურით მოვისროლე, მეორეს მზის წნულში ვუთავაზე, მესამეს – კისერში და ბოლოს ნინას თავდამსხმელს მივუბრუნდი, ძალიან გავცხარდი, მეოთხე ბიჭი მაგრად მივბეგვე და ბუჩქებში მოვისროლე. ნინა გაოგნებული დგას და ვერაფერი გაუგია. იმ ორმა, იქვე რომ იდგნენ, თავისიანების დახმარება სცადეს, მაგრამ ერთს რომ მოვდე გვარიანად, ორივემ თავს უშველა. გალახულები ერთად მოვაქუჩე და კიდევ კარგად მივბეგვე. არ ელოდნენ ასეთ დახვედრას, ფიქრობდნენ, დონდლო მღვდელმა რა უნდა მოახერხოსო. მე კი ესეც არ ვაკმარე და, გამოგიტყდებით, ორმოცდაათი მეტრი მუხლებზე ვახოხიალე. ჯერ გამიძალიანდნენ, მაგრამ კიდევ ვუთაქე და ვაიძულე. ნინა კისკისებდა: არ ვიცოდი, პლატონ, ასეთი თუ იყავიო. ძალიან გამაბრაზეს და რა მექნა, აბა?!

ამის შემდეგ უკეთ მექცეოდნენ. გალახული ბიჭები ერთხელ მომიახლოვდნენ და მითხრეს: არ ვიცოდით, ამხანაგო პლატონ, რომ სპორტსმენი ყოფილხართ, უკულტურო მღვდელი გვეგონეთო. იმ ბიჭებიდან ერთს ორიოდე წლის მერე ჯვარი დავწერე, მეორეს კი გოგონა მოვუნათლე.

ვიცი, დამძრახავთ ამ ჩხუბის გამო, რა მღვდლის საკადრისიაო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. მარტო რომ ვყოფილივავი, სხვა საქმეა, ნინას გამო კი თავი ვეღარ შევიკავე, მერე მეუფესაც მოვუყევი. ბევრი იცინა და მითხრა: ამ შემთხვევაში სწორად მოქცეულხარ, მაგრამ სხვა დროს ძალას ნუღარ იხმარ, ღმერთმა შეგინდოსო.

რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ სოფელში, 1955 წლის 9 მაისს გერმანიაზე გამარჯვების მეათე წლისთავს აღნიშნავდნენ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე და სოფლსაბჭოს თავმჯდომარე ძველი ჯარისკაცები იყვნენ. გამოაცხადეს, სოფლის კლუბში საზეიმო კრება იქნებაო. ყოფილი მებრძოლები მიიწვიეს, აუცილებლად ორდენებით.

ნინა მეუბნება, უსათუოდ უნდა წახვიდეო. მეც ჩავიცვი საერო სამოსი და ყველა ორდენითა და მედლით გამოვცხადდი კლუბში: სამი ყველა ხარისხის დიდების ორდენი, ჯერ კიდევ ჯარისკაცობისას მქონდა მიღებული, ოთხი – წითელი ვარსკვლავის, ლენინის ორდენი, საბრძოლო წითელი დროშის, სამი მედალი „მამაცობისათვის“ და ორი „თავდადებისათვის“ და სპილენძის მთელი ნაკრები.

გამოვცხადდი კლუბში და მივესალმე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, მან კი ძლივს მიცნო, გაოცებულმა შემომხედა და მკითხა: ორდენები საიდანღა გაქვთო?

როგორ თუ – საიდან?! – ომის დროს დამაჯილდოვეს მეთქი. დაიბნა, აღარ იცოდა, სად დავესვი. ორდენოსნები პრეზიდიუმში ისხდნენ, მე კი ყველაზე მეტი ორდენი მქონდა, მაგრამ მღვდელი ვიყავი. მერე ვიღაცას რჩევა ჰკითხა და მითხრა: ამხანაგო პლატონოვ, გთხოვთ პრეზიდიუმში! –და მეორე რიგში დამსვა. უნდა ითქვას, რომ ბევრი მომმართავდა ასე: – ამხანაგო პლატონოვ, – ჩემი სახელი, პლატონი, გვარი ეგონათ.

ფრონტელები სიტყვით გამოდიოდნენ. ვიფიქრე, ვიფიქრე და მეც გამოვედი. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ ამას შეიძლება უსიამოვნება მოჰყოლოდა ეკლესიის საქმეთა რწმუნებულისა და ეპარქიის ხელმძღვანელობისაგან, მაგრამ მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ მორწმუნეები და მღვდლები ბნელი და სულელი კი არა, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები არიან, რომლებიც ღვთისკენ განსაცდელით სავსე გზით მიდიან ყოველგვარი ქვენა გრძნობებისა და გამორჩენის სურვილის გარეშე.

კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დავუმეგობრდი კიდეც, რომელიც ამ შემთხვევის მერე კარგად განეწყო ჩემდამი. მითხრა, რომ მან და სოფლსაბჭოს თავმჯდომარემ რაიონის ხელმძღვანელობისგან საყვედური მიიღეს მღვდლის მოხსენებით გამოსვლის გამო. (მოგონებებს მოხსენება დაარქვეს).

თორმეტი წელი ვიცხოვრე იმ სოფელში. ღმერთმა წყალობა მოიღო, არ მიგვატოვა მე და ნინა. ბოლო წლებში ტაძარი სულ სავსე იყო მრევლით, ხალხი კარგად მეპყრობოდა. არც ხელმძღვანელობა მავიწროვებდა.

ნინას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდა ეკლესიაში მოსასვლელად, მაგრამ ახლა, მგონი მეც მაჯობა. ჯეშმარიტი რწმენა აქვს, შესანიშნავად იცის წირვა და ყველა საეკლესიო საკითხში ჩემი საიმედო საყრდენი და დამხმარეა.

ახლა ქალაქში გადამიყვანეს და იქ ვმსახურობ. მიჭირს ქალაქელებში, მაგრამ ვეჩვევი.

აი, ეს არის ძირითადად, რაც შემიძლია გითხრათ ჩემი ცხოვრებისა და ღმერთთან მისასვლელი გზების შესახებ.

...თუმცა არა, ახლა გამახსენდა, როდის გავიგო ნეპირველად ღვთის სახელი მორწმუნე ადამიანისაგან, რამაც განმაცვიფრა და ჩამაფიქრა, შემდგომშიც ბევრჯერ მახსენდებოდა ეს შემთხვევა და ვფიქრობ ამან ერთგვარად, გეზი მისცა ჩემს განვითარებას, მაშინ კი 14 წლის ვიყავიდა ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი.

...საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელი გვყავდა ნათან არონოვიჩი, გვარი დამავიწყდა, ძალიან გვიყვარდა. მოხსენებებს, საღამოებს, დისპუტებს აწყობდა ხოლმე, მუზეუმებში დავყავდით, ანტირელიგიური პროპაგანდის წრეს ხელმძღვანელობდა, სულ ჩვენთან იყო.

ერთი ახალმოსული ბიჭი გვყავდა – 14 წლის ვოვკა ბალაშოვი, ეტყობოდა, ინტელიგენტური ოჯახიდან იყო. ჩუმი, გულჩათხრობილი. ნახევარი წელი იცხოვრა ჩვენთან და ვიღაცამ შენიშნა, რომ პირჯვას იწერდა. მასწავლებლებამდე მივიდა ეს ამბავი. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ მაშინ მოდაში იყო სკოლებში ლიტერატურული გმირების გასამართლება, აწყობდნენ ჩაცკის, ონეგინის, ტატიანა ლარინას, ბაზაროვის და სხვების სასამართლოებს. სასამართლო დარბაზში ეწყობოდა, მონაწილეობდნენ თავმჯდომარე, ბრალმდებელი, დამცველი და ბრალდებული– განსასჯელი ლიტერატურული გმირი. მასწავლებელი ყოველთვის მხოლოდ ესწრებოდა პროცესს და არასდროს ერეოდა მსვლელობაში.

ნათან არონოვიჩმა გადაწყვიტა, გაესამართლებინა იესო ქრისტე და ქრისტიანობა. ბრალდებულად ვოვკა ბალაშოვი შეარჩიეს, – ზეწარი შემოვახვიოთ, რომ ქრისტეს დაემსგავსოსო. ჩვენ ნათან არონოვიჩმა წინასწარ მოგვამზადა ქრისტეს და რწმენის ბრალდებისათვის. ბრალმდებლად შურა შკურკინი დააყენეს, დამცველად – ზინა ფომინა, თავმჯდომარედ – კოლია ოსტროვსკი, შვიდი მოწმე გვყავდა და ორი კლასი – მე-7ა და მე-7ბ – პუბლიკა.

ყველას ძალიან გვაინტერესებდა ეს ამბავი. ვოვკასგან ჩუმად ათი დღე ვემზადებოდით და ვოვკას „ისუსიკს“ ვეძახდით. სასამართლომდე ერთი დღით ადრე ვოვკას ვუთხარით, რომ ბრალდებული ქრისტე უნდა განესახიერებინა. ვოვკა უარზე დადგა, – გვეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ყური არ ვათხოვეთ. მერე გავიგეთ, რომ ბევრი მასწავლებელიც წინააღმდეგი იყო, მაგრამ ნათან არონოვიჩმა თავისი გაიტანა. ვოვკა ერთ დღეში ჩამოდნა და დაილია.

შეიკრიბა სასამართლო. თავმჯდომარე კოლია ოსტროვსკიმ გახსნა სხდომა. ბალაშოვმა ზეწარი არ მოიხვია, გაფითრებული იდგა, დანა პირს არ უხსნიდა. გოგონებს ებრალებოდათ, ჩვენც უხერხულად ვიყავით. თავმჯდომარემ ჰკითხა ვოვკას: თავს დამნაშავედ ცნობთო? პასუხი უნდა ყოფილიყო – არ ვცნობ. მერე უნდა გამართულიყო კამათი.

ეს საინტერესო იყო ხოლმე. კამათში და მსჯელობაში ნაწარმოების ციტატებს ვიშველიებდით ლიტერატურული გმირის ხასიათის წარმოსაჩენად და ტექსტიც უკეთ გვამახსოვრდებოდა. სასამართლოს აზრი სწორედ კამათში იყო, ვოვკა კი ადგა და განაცხადა: მე მორწმუნე ვარ, სასამართლოს არ ვცნობ, ყველას თავისი თავისუფალი სინდისი აქვსო! – და დაჯდა.

დაიწყეს დაკითხვა. ვოვკა დუმს. სასამართლო დაიბნა, დადგენილი წესი დაირღვა. ნათან არონოვიჩმა თავმჯდომარეს ანიშნა, რომ პროკურორი გამოსულიყო სიტყვით. იურკა შკურკინმა ჩაარაკრაკა – წარსულის გადმონაშთი, კულაკები, მღვდლები, წმინდა ნაწილები... და ისევ კაპიტალიზმის გადმონაშთებით დაასრულა. კარგად გაართვა თავი, ჩვენ აპლოდისმენტები მივაშველეთ. დამცველი ზინა ფომინაც დიდხანს ლაპარაკობდა. ახსენა გადმონაშთები, ბრალდებულის დაბალი კულტურა, გარემოს გავლენა და და ა.შ. საბოლოოდ, მისი სიტყვა უფრო საბრალმდებლო აღმოჩნდა, ვიდრე – იურკა შკურკინისა. ჩვენ ისევ აპლოდისმენტები დავაყარეთ. შემდეგ მოწმეები მოიწვიეს. თითოეული მათგანი აღჭურვილი იყო ანტირელიგიური ჟურნალ-გაზეთების ციტატებით, ერთმა ქრისტეს კარიკატურაც კი მოიტანა უურნალ „ნიანგიდან“. ყველა ინტერესითა და ხალისით ადევნებდა თვალს. ბოლო სიტყვა ბრალდებულს მისცეს.

ნათან არონოვიჩი ძალზე კმაყოფილი ჩანდა, და როგორც ჩვეოდა, როცა რამე მოსწონდა, ხელებს ისრესდა.

ყველას გვეგონა, რომ ვოვკა უარს იტყოდა ბოლო სიტყვეაზე. ის კი წამოდგა და ალაპარაკდა. თითქოს ტვირთი მოიხსნაო – წელში გაიმართა და თითქოს ამაღლდა კიდეც. დაიწყო ლაპარაკი და ჩვენ, რომ იტყვიან, პირდაღებულნი მივჩერებოდით... ვოვკა კი კეთილსა და ბოროტზე, ქრისტეს სწავლებაზე, თავის რწმენაზე გვიყვებოდა. ამბობდა, რომ ჩვენ, ურწმუნოები, საცოდავები ვართ, რადგან გული და გონება ცარიელი გვაქვს, ის კი არასდროს არის მარტო, მასთან ყოველთვის ღმერთია – თავისი იმედი და ძალა. ნათან არონოვიჩი ანიშნებს თავმჯდომარეს: გააჩუმეო, მაგრამ თავმჯდომარეს არ უნდა, სიტყვა გააწყვეტინოს და ვოვკა ასე ასრულებს: – დიახ, მე მორწმუნე ვარ და ეს ჩემი საქმეა. არავის აქვს ჩემი განსჯის უფლება. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი სინდისი და სხვებმა არ უნდა მოახვიონ თავს თავისი შეხედულებები, მე მწამს ღმერთი და მიხარია, რომ ასეა, – და ჩუმად დგას.

კარგად ილაპარაკა, ყველა მონუსხულივით უსმენდა. ჩვენ ოვაციები მოვუწყეთ. არავინ მოელოდა ჩუმი და მორცხვი ვოვკასგან ასეთ ენაწყლიანობას. პროკურორი, დამცველი და სასამართლო დაიბნა, ბავშვები ხომ პატიოსნები არიან, იგრძნეს, რომ ვოვკა მართალი იყო და არ გვქონდა უფლება, შეხედულებებისთვის დაგვესაჯა ადამიანი, ის ხომ ასე გულწრფელად და უშუალოდ მოგვმართავდა.

ნათან არონოვიჩი წამოხტა და თავმჯდომარეს დაუყვირა – განაჩენი წაიკითხეთო! კოლია კი დაბნეული პასუხობდა: კი მაგრამ ის ხომ უდანაშაულოა? და უცებ წამოიჭრა კითხვა: ვინ არის დამნაშავე – ქრისტე თუ ბალაშოვი? გამოდიოდა, რომ – არც ერთი.

ნათან არონოვიჩს ფერი ეცვალა, ხმა ჩაუწყდა და თითქმის ჩურჩულით თქვა: შეწყვიტეთ ეს კომედია, არავითარი ქრისტე არ არსებობს, ქრისტიანობა დამახინჯებულ იუდაიზმია. ეს სიცრუეა. ღმერთი არ არსებობს. ბალაშოვის სიტყვა მავნე ნაბოდვარია. წაიკითხეთ განაჩენი!

კოლია ოსტროვსკი მოეთათბირა მსაჯულებს და გამოაცხადა: სასამართლომ, გაურკვეველი გარემოებების გამო გადაწყვეტილება ვერ მიიღოო.

მძიმე განწყობით დავიშალეთ. კამათი გაგრძელდა და ყველას რაღაც ჩაგვრჩა გულში. ორიოდ კვირის შემდეგ, ბალაშოვი, ნათან არონოვიჩის მოთხოვნით, ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს და ჩვენმა საყვარელმა მასწავლებელმა დაკარგა ჩვენი ნდობა. მასზე ყველამ ავიცრუეთ გული. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედავ, ნათლად ჩანს, რა გზებით მიხმობდა უფალი. ლეიტენანტი კამენევი, მედდა მარინა, ვოვკა ბალაშოვი, სემინარიში სწავლა, ნინაზე დაქორწინება, სოფლის მღვდლობის სიძნელეები, დაზვერვაში მუშაობა და მრავალი სხვა, რაც არ მიამბია თქვენთვის, ის საფეხურები იყო, რომლებზეც უფალი მიმიძღოდა.

მამა პლატონს ეკითხე, მამა არსენი როგორ გაიცანით-მეთქი?

– იმ ტაძარში, სადაც ამჟამად ვმსახურობ, ერთ-ერთი ჩემი სულიერი შვილის ახლობელია მამა არსენი და მან სთხოვა ჩემი აქ ჩამოსვლის ნებართვა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის, – მთელი ჩემი ცხოვრება ხომ მის ხელთაა, აქედან განახლებული მივდივარ, – რომ ჩავალ სახლში, ნინას გამოვაგზავნი – მამა არსენმა მითხრა: ჩამოვიდესო.

 

დედა მარია

1967 წ.

განვლილი ცხოვრების მრავალი წელი თავისი ლხინითა თუ ჭირით, სიძნელეებით თუ განსაცდელებით, ბოლოს მოგონებებად იქცევა ხოლმე, რომელსაც ადამიანი თავის თავში ინახავს. ნათელი და კეთილი მოგონებები შემდგომ ცხოვრებას აცისკროვნებს, სულის სრულყოფასა და აღმავლობას ეხმარება, ბნელი და უსიამოვნო კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ დავიწყებას ამაოდ ვცდილობთ, თან სდევს და სიცოცხლეს უმწარებს ადამიანს. განვლილი ცხოვრება განუყრელად ჩვენთანაა, მოგონებების სახით.

მინდა მოგითხროთ ადამიანების შესახებ, რომელთაც ხოვრებაც არ გახუნებულა, თუმცა კი მოგონებებით უნდა აღვიდგინოთ. ჭეშმარიტი სიყვარული ამდიდრებს ადამიანს, ბედნიერებას ანიჭებს, მუდმივად ხორცს ისხამს და ვრცელდება სულ ახალ და ახალ ადამიანებში. სხვისთვის თავის უარყოფა, სიკეთის უანგარო ქმნა, ღვთის უსაზღვრო სასოება და მოყვასისათვის ლოცვა ხომ ზეაღმატებული სიყვარულია.

ასეთები იყვნენ მამა არსენი და დედა მარია. მინდა, მოგითხროთ მათზე. თქვენ უნდა იცნობდეთ მათ, ვინც ეხმარებოდა, მოძღვრავდა და ნუგეშს სცემდა გარშემო მყოფთ. დარწმუნებული ვარ, ეს დაგეხმარებათ, ახალი ძალით აღივსოთ, მართალი გზა აირჩიოთ და სხვათა გამხნევება შეძლოთ. ამიტომაც მათი ცხოვრების გახსენებას მოგონებას არ ვუწოდებ; ეს ნამდვილი, ცოცხალი, დაუშრეტელი წყაროა რწმენისა და სიმხნევისა.

ამ მონათხრობში მრავლადაა გამოყენებული ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სუბიექტური, პირადული და მყისიერი განწყობილების გავლენით იწერებოდა. მოგვიანებით შევეცადე, ისინი უფრო დაწმენდილი სახით წარმომედგინა თქვენთვის, თუმცა არ ვიცი, რამდენად გავართვი თავი ამ ამოცანას.

შვებულების დროს მამა არსენთან წავედი. პატარა ქალაქი, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან მიყვარდა. ყოველდღე მოვივლიდი ხოლმე მის ძველ ქუჩებს, სადაც მრავდად იყო ნახევრად დანგრეული მონასტრები და ტაძრები. აქ შემორჩენილი იყო როგორც XIV, ისე XVII და XIX საუკუნეების ნაშთები. მალე დავუმეგობრდი მუზეუმების თანამშრომლებს და სიძველის ისეთ იდუმალ და მშვენიერ ნიმუშებზე მიმიწვდებოდა ხელი, რომლებიც იშვიათად თუ უნახავთ ჩამოსულებსაც და იქაურ მკვიდრთაც.

27 წლის ვიყავი და არ მიჭირდა მრავალი კილომეტრის გავლა შემოგარენში სეირნობისას. საღამოობით კი, როცა მამა არსენი თავისუფლდებოდა, მასთან ერთად ვლოცულობდი, ვესაუბრებოდი ან სხვებთან მის საუბარს ვესწრებოდი, რაც ყოველთვის ახალი სულიერი საზრდოთი მამარაგებდა. მისგან წამოსულს უფრო მეტი მესმოდა ცხოვრების, ადამიანებისა და რწმენის რაობის შესახებ.

იმ დილას XVI საუკუნეში აგებული მონასტერი მოვინახულე. დიდი ნაწილი შემორჩენილი იყო, მაგრამ დანგრევას აღარაფერი აკლდა. განსაკუთრებით მომხიბლა XVII საუკუნის კანკელმა. დაღლილი დავბრუნდი, ორი საათი დავისვენე და მამა არსენს მივაშურე. მასთან მოსკოვიდან უცნობი გოგონა ჩამოვიდა წერილით. მამა არსენმა წაიკითხა და მითხრა: დილით მოსკოვში გავემგზავროთ. ევდოკია ივანოვნა მწერს, მისი ნაცნობი მონაზონი მარია მძიმედ ავად გამხდარა. დილის ხუთ საათზე უნდა გავიდეთ პირველი მატარებლით. გთხოვ, სამი ბილეთი აგვიღო და წამოგვყვე. მოსკოვში ოთხი დღე დავრჩებითო, – და ჩამოსულთან საუბარი განაგრძო.

სტუმრისთვის თვალის შევლება ვერც მოვასწარი, მაშინვე გამოვედი წასაღები ნივთების მოსამზადებლად. ნადეჟდა პეტროვნას დახმარებით, ვის სახლშიც ცხოვრობდა მამა არსენი, ჩანთაში ჩავალაგე ყველა საჭირო ნივთი და ოთახში დავბრუნდი, მაგრამ მამა არსენი იქ აღარ დამხვდა.

სტუმარი წიგნებს, ხატებსა და სხვა ნივთებს ათვალიერებდა. საკმაოდ მოურიდებლი გოგო ჩანდა, – არც ჩემი შესვლისთვის მიუქცევია ყურადღება. შემდეგ სავარძელში მოკალათდა და მომმართა: არ მეგონა, თუ ახლანდელ მღვდელს შეიძლება ხელოვნება, მედიცინა, ფილოსოფია და მარქსიზმი აინტერესებდეს. ძირითადად, ვფიქრობ, მარტო ღვთისმსახურება, სახარება და ბიბლია იციან. მაკვირვებს თქვენი პიოტრ ანდრეევიჩი; – თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა, და დამცინავად დაუმატა: მითხარით, თქვენც მისნაირებიდან ხართ?

მისმა აგდებულმა კილომ გამაბრაზა, უფრო – მამა არსენის გამო და გამომწვევად მივუგე: სანამ ასეთი ტონით მამა არსენზე ისაუბრებთ, მის მიერ დაწერილი წიგნები წაიკითხეთ-მეთქი.

– წიგნები? – გაიკვირვა მან. კარადა გამოვაღე და რამდენიმე წიგნი ვუჩვენე, ერთ-ერთი აიღო და ჩაფიქრებულმა გადაფურცლა, ალაგ-ალაგ ჩერდებოდა და კითხულობდა: „საოცარია, მეცნიერი და მღვდელი?! ცხოვრება წინ მიდის, მატერიალიზმმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მეცნიერება ყოფაში და ცნობიერებაში დამკვიდრდა, ცოდნა უკიდეგანოდ გაფართოვდა, ათასობით რწმენის გამაცამტვერებელი წიგნი დაიწერა, ის კი მაინც ცოცხლობს, სწამთ მეცნიერებს, ცნობილ მწერლებს, მხატვრებს, ექიმებს, პედაგოგებს, ათასობით განათლებულ ადამიანს დასავლეთში, ჩვენში კი ეკლესიებში მხოლოდ ბებიები დადიან, რომლებიც, პატარა რომ ვიყავი, ძალიან მაღიზიანებდნენ ჭკუის დარიგებით და მითითებებით. და თითქოს თავის თავს პასუხობსო, განაგრძო: „ბევრი დაიწერა, მაგრამ ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ღმერთი არ არსებობს. მერე მე მომიბრუნდა: იცით, მე ბევრი ათეისტური წიგნი წავიკითხე და ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ მათში არა იმდენად საკუთარ სიმართლეს ამტკიცებენ, რამდენადაც რელიგიის სიმცდარის დამტკიცებას ცდილობენ და ერთმანეთს უჩიჩინებენ, რომ ღმერთი არ არსებობს. ბებიაჩემი კატია უსაზღვროდ მორწმუნეა და, რომ იცოდეთ, რა ადამიანია! – ყველაზე უკეთესი, დადაჩემზე და მამაჩემზეც კი. ნეტავ ყველა ასეთი მორწმუნე იყოს! და მოულოდნელად მკითხა: თქვენ რა აზრის ხართ ღმერთზე?“

მე პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ კარებში მამა ასენი გამოჩნდა. კეთილი ღიმილით ისე თბილად უყურებდა სტუმარს, რომ გავიფიქრე: პასუხის გაცემა არ ღირს-მეთქი.

– მოემზადე? – მკითხა მამა არსენმა.

– დიახ, ხვალ ოთხი საათისთვის ბილეთებს ავიღებთ. თქვენ კი ხუთზე მობრძანდით-მეთქი.

მგზავრობისას ჩუმად ვიყავით. მამა არსენი ფანჯრიდან იცქირებოდა... ერთმანეთს ენაცვლებოდა ტყეები, მინდვრები, სადგურები, გადასასვლელები, შენობები, გამვლელები, ის კი, ყველაფერს განრიდებული, ლოცულობდა.

ქალიშვილი, რომელსაც ტატიანა ერქვა, სამედიცინო სახელმძღვანელოს კითხულობდა. მე რომელიღაც მოთხრობის წაკითხვას ვცდილობდი. რამდენიმე საათი ვიმგზავრეთ. რამდენჯერმე მამა არსენი ქალიშვილისკენ გადმოიხარა და რაღაც ჰკითხა.

მოსკოვი ხმაურით შემოგვეგება. ჩანდა, რომ წყნარ ქალაქს მიჩვეული მამა არსენი აქ რაღაცნაირად იბნეოდა. ტაქსში კარის დაკეტვა გაუჭირდა, დაბნეული უყურებდა სწრაფად მოძრავ ავტობუსებს, ტროლეიბუსებს, ავტომობილებსა და ადამიანებს. მივადექით მაღალსართულიან თანამედროვე სახლს. ერთმანეთში ირეოდა ბავშვების ჟრიამული, ფანჯრებიდან გამოჭრილი ჰანგები, სადარბაზოს თავისებური ჰაერი, ლიფტის კარის ჯახუნი, ასფალტზე წვრილი ქუსლების კაკუნი, შესასვლელთან ჩამომსხდარი პენსიონერების გამჭოლი მზერა...

ბინაში სიწყნარე იყო, ფანჯრიდან მზე აცხუნებდა. ხელები დავიბანეთ. ტანია ბებოსთან შევიდა, რაღაც უთხრა და შემდეგ ჩაი შემოგვთავაზა. მე უარზე ვიყავი, მამა არსენს არაფერი უთქვამს, მაგრამ მალე სუფრა გააწყვეს და ჩვენც მივუსხედით.

შემდეგ პატარა ოთახში შევედით. ლოგინში მოხუცი ქალი იწვა. ხელები საბანზე ეწყო, მკაცრი და მწუხარე სახე ჰქონდა, მისი დიდი, ნაცრისფერი თვალების შუქი ერთდროულად გამჭოლიც იყო და ალერსიანიც.

– ბები, აი, ევდოკია ივანოვნას ნაცნობები მოგიყვანე, – უთხრა გოგონამ.

– ჰო, დიდი ხანია გელით, – თქვა მოხუცმა.

– დაბრძანდით, მამაო, – მიმართა მამა არსენს, – შენ კი, ყოჩაღო ბიჭო, აქ ჩამოჯექი, ტანია წავა, საქმეს მიხედავს.

ყოჩაღი რატომ მიწოდა? – გავიფიქრე.

დავსხედით, ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მამა არსენი თითქოს რაღაცას ჩაუღრმავდა, ჩაფიქრდა.

– მამაო, თქვენ ახლოს დაბრძანდით, ჯერ ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვებით, შემდეგ კი აღსარება ჩაიბარეთ. ხმა დამისუსტდა და, რომ გაიგონოთ, ახლოს მოიწით. მამა არსენმა სკამი მისწია და თვალს არ აცილებდა მოხუცის სახეს. ჩანდა რომ უკიდურესად მოიკრიბა ყურადღება, თან ტუჩების მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ ლოცულობდა.

ოთახში განსაკუთრებული სიჩუმე იყო. ყველა დუმდა. მომცრო ფანჯრიდან შემოსული მზის შუქი კედელზე ნესტეროვის რამდენიმე ცნობილი ნახატის ლითოგრაფიას ეცემოდა. საწოლთან კუთხეში ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ეკიდა, რომელსაც ძველებური რუსული მაქმანით გაწყობილი ორი თეთრი ტილო ჰქონდა ჩამოფარებული. ტილოები აკეცილი იყო, ეტყობოდა, რომ ზოგჯერ ხატებს ფარავდნენ.

გამაოცა დედა მარიას სახემ, – ოდესღაც ლამაზ, ახლა ნაოჭების ბადით დაღარულს, ისევ შერჩენოდა ძველი ლაზათი, მაგრამ უსაზღვროდ დაღლილი და მწუხარე იყო. დიდი, ნაცრისფერი თვალები მუდარითა და იმედით მიეპყრო მამა არსენისათვის.

ვენებით დაქსელილი, მოგრძო, ვიწრო ხელის მტევნები უძრავად ესვენა საბანზე, მაგრამ მათში ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, თითქოს ახლა ამოძრავდებიან და მოხუცი მათზე დაყრდნობით წამოიწევსო. ფარული ენერგია ამ ხელებს სკულპტურულ იერს ანიჯებდა. დედა მარიას ხელები უნებურად იზიდავდა ჩემს მზერას და მის ხასიათზე მეტყველებდა. მომაგონდა აკადემიკოს პავლოვის ნესტეროვისეული პორტრეტი, რომელზედაც სწორედ ასეთივე მეტყველი ხელებია გამოსახული, ასევე რომ წარმოაჩენს პრაქტიკოსი მეცნიერის ხასიათს.

– დამლოცეთ, მამაო, დედა მარია, ერში ეკატერინე, მოგიყვებით ჩემს შესახებ, რათა იცოდეთ, ვის აღსარებას იბარებთ.

მამა არსენი მიუახლოვდა, მდაბლად დაუკრა თავი და, რაღაცნაირად, სათუთად, დიდი მოწიწებით დალოცა, დედა მარიამ ასეთივე მოწიწებით მიიღო დალოცვა.

– ექვსი წლისა დავობლდი, მამაო. ერთმა მარტოხელა, მოხუცმა ქალმა შემიფარა. სოფელ-სოფელ დავდიოდით და ასე ვაგროვებდით პურის ნატეხებსა და გროშებს. მერე ჩვენმა მემამულემ, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ელენა პეტროვნამ, მოსამსახურედ ამიყვანა; როცა მივეჩვიე იქაურობას, მის ქალიშვილთან, ნატალია სერგეევნასთან დავიწყე თამაში, დავმეგობრდით, შევეთვისეთ ერთმანეთს. ქალბატონი უაღრესად კეთილი და სამართლიანი იყო, მთელ ოჯახს ის მართავდა. საკუთარი შვილისაგან არ მარჩევდა, ნატალია სერგეევნასთან ერთად მზრდიდა და მასწავლიდა. კარგი დრო იყო!..

წამოვიზარდე, 17 წელი შემისრულდა. გარეგნობა კარგი მქონდა. ზოგჯერ სტუმრებს ბატონების ქალიშვილი ვეგონე, მაგრამ ელენა პეტროვნა და ნატაშა არ მიჯავრდებოდნენ ამის გამო. სუფთა გულის ხალხი იყო – იშვიათი ბუნების...

სერგეი პეტროვიჩი, ჩვენი ბატონი, მექალთანე იყო. ძალიან გაამწარა ელენა პეტროვნა თავისი გატაცებებით, სხვა მხრივ კი შესანიშნავი ადამიანი გახლდათ; – ღმერთმა აცხონოს.

წამოვიზარდე და ბატონი უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა, ხან შვილივით ჩამიხუტებდა, ხან მაკოცებდა, მერე კი განმარტოებით ნახვას ლამობდა ხან ბაღში, ხან ოთახში. მივუხვდი და თავს ვარიდებდი. მეშინოდა და ქალბატონის და ბატონიშვილის მრცხვენოდა. ღვიძლი შვილივით და დასავით მიმიღეს, აქ კი ასეთი საშინელება, მძიმე ცოდვა მზადდებოდა.

ბავშვობიდან ღმერთი მწამდა და მონასტერზე ვოცნებობდი, ელენა პეტროვნაც კი, ხუმრობით, მონაზონს მეძახდა. ყოველთვის დიდხანს ვლოცულობდი.

სერგეი პეტროვიჩი ძალიან მაწუხებდა, მე კი ვემუდარებოდი: ხელი არ მახლოთ, არ გინდათ-მეთქი. – სულელო, ბედი კარზე მოგდგომია და ვერ აფასებო? – მეუბნებოდა აგდებით.

ერთხელ ქალბატონი და ნატალია სტუმრად იყვნენ წასელი, მე კი თავი მტკიოდა იმ დღეს და შინ დავრჩი. ვზივარ ოთახში, უცებ ბატონი შემოდის და კარებიდანვე აღელვებით მეუბნება: მიყვარხარ, კატია, წავიდეთ, პეტერბურგში წაგიყვან, პარიზში... მეხვევა, მეძალება, ტანსაცმელს მახევს. გულში ღმერთსა და ღვთისმშობელს ვევედრები გადარჩენას. სერგეი პეტროვიჩი გადაირია, ტანსაცმელი სულ შემომახია, რაღაცეებს ჩამჩიჩინებს. ვუძალიანდები, მერე მუხლებზე დავეცი, ვტირი, ვუყვირი: არაფერი არ მინდა, შემიბრალეთ, ოჯახს ნუ არცხვენთ, ცოდვაა, საშინელი ცოდვა, მონასტერში მინდა! – ის კი უფრო გააფთრდა. ხმამაღლა ვქვითინებ და ვღაღადებ: „ღვთისმშობელო, მიშველე“ – ამ დროს კარი იღება და ელენა პეტროვნა შემოდის, – გაეთრიე სახლიდან! შენი ფეხი აღარ ვნახო აქ!

წამოვხტი და შეშლილივით, როგორც ვიყავი, თმაგაწეწილი, კაბაშემოფლეთილი კარს ვეცი. ელენა პეტროვნა კი მეძახის: კატია! შენ არა, სერგეის ვაგდებ, – გაეთრიე, აქედან! – კიდევ მიაძახა და გააგდო. მთელი წელი სახლში აღარ მოუშვა.

ქალბატონი ჩამეხუტა, დამიყვავა და ატირდა: მაპატიე, კატია, შენში ეჭვი შემეპარა, თვალს გადევნებდი, ახლა კი ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი ნათელია, – მკოცნიდა, მეფერებოდა, მე კი ვქვითინებდი და ვერ ვჩერდებოდი. წმინდა, მართალი ქალი იყო, ღმერთმა აცხონოს!

ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ დავრჩი მათთან, მონასტრისკენ მიმიწევდა გული, ელენა პეტროვნა კი არ მიშვებდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა სტუმრად ერთი ინჟინერი, ელენა პეტროვნას დაქალის შვილი, მე მოვწონდი; ელენა პეტროვნა დაჟინებით მირჩევდა, გავყოლოდი ცოლად, დიდ მზითევს მაძლევდა, მე კი უარზე ვიყავი, – მონასტერი და მონასტერი... წამომყვა ელენა პეტროვნა მონასტერში – იღუმენია მისი შორეული ნათესავი იყო. დაელაპარაკა, შესაწირი შესწირა და მორჩილად მიმიღეს.

განშორება გვიმძიმდა. ელენა პეტროვნა და ნატაშა ცრემლად იღვრებოდნენ. ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ღმერთო, რა ადამიანებს გვიგზავნი, დაილოცოს შენი სახელი და დიდება!

კარგი იყო მონასტერში. ბევრი ვისწავლე და შევიძინე, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდა, ღვთის რწმენა განმიმტკცეს. გუნდში ვგალობდი, წირვა ვისწავლე, კერვა ავითვისე, მერე ყველაფერი გამომადგა. ხუთი წელი დავყავი იქ. 1919-ში ახალგაზრდა მორჩილები გამოგვასახლეს მონასტრებიდან, შემდეგ ერთი წელი კერძო ბინაში ვცხოვრობდი, იქვე სხვა მონაზვნებიც ცხოვრობდნენ, მათ ხშირად ვნახულობდი. მერე კი წამოსვლა მომიწია, რადგან სოფლის საბჭოს თავმჯდომარე გასაქანს არ მაძლევდა.

რიაზანის ახლოს ეკლესიაში დავიწყე მუშაობა დამლაგებლად. კარგი მოძღვარი იყო მამა იოანე – დიდი ადამიანი და დიდი მლოცველი. მონასტრულად მმწყემსავდა, მაგრამ ცოტა ხანს ვიყავი მასთან. ეკლესია დახურეს, მამა იოანე კი ციმბირში გადაასახლეს. მიწერ-მოწერა გვქონდა, სანამ ცოცხალი იყო, – მოხუცებული გახლდათ და დიდხანს ვერ გაუძლო ბანაკს. ბევრი რამ შემძინა მასთან ურთიერთობამ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, – მონასტერზე მეტიც კი.

კოსტრომის მახლობლად ნაცნობი მყავდა და იქ წავედი. ისევ ეკლესიასთან ვცხოვრობდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე მამა გერასიმე, იქაური წინამძღვარი მეტისმეტად ალერსიანი გახდა. ერთხელ კი, საღამოს, ეკლესიას რომ ვალაგებდი, თავს დამესხა, იატაკზე დამაგდო და ძალა უნდოდა ეხმარა. ძლივს მოვიგერიე, მაგრამ ისე მცემა, სულ დამალილავა. გამოვექეცი, მეორე დღეს კი მისი დასმენით მილიციაში მოვხვდი „ანტისაბჭოური აგიტაციისათვის“. სამი თვე ციხეში ვიჯექი. კეთილი ადამიანები დამეხმარნენ, განყოფილების უფროსიც კეთილად მეპყრობოდა.

წამოვედი იქიდან და დიდი გაჭირვებით მოვეწყვე სამკერვალო ფაბრიკაში, მერე – მედდის კურსებზე. რომ დავამთავრე, ფაბრიკიდან საავადმყოფოში გადავედი ქირურგიულ მედდად. მერე მოსკოვში გადმოვედი, ერთ-ერთი მონაზვნის დახმარებით აქაურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა და 24 წლიდან იქ ვმუშაობდი. ახლახან გავედი პენსიაზე.

ელენა პეტროვნასთან და ნატაშასთან მუდმივი მიმოწერა მქონდა. ცხოვრებამ ისინიც დააშორა ერთმანეთს. სერგეი პეტროვიჩი 1919 წელს გარდაიცვალა. ელენა პეტროვნა 1927 წელს დავკრძალეთ. ჩვენს საავადმყოფოში გაიკეთა ოპერაცია და ერთი წელიც ვერ იცოცხლა. ნატაშა ხშირად მნახულობდა მოსკოვში, მეც ჩავდიოდი მასთან. მძიმე ცხოვრება ჰქონდა, 37-ში დახვრიტეს ქმართან ერთად.

საავადმყოფოში ერთ ექიმ ქალს დავუმეგობრდი, ძალიან გულისხმიერი იყო, ვერა ანდრეევნა ერქვა, ქმარმა მიატოვა, ორი შვილი დარჩა: ალექსეი და ვალენტინა – ტატიანას დედა, აქ რომ მოგიყვანათ.

ერთად შევუდექით მე და ვერა ბავშვების აღზრდას. ძნელი იყო... ღვთის შეწევნით ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ 43-ში ალიოშა ომში წავიდა და სამი თვის მერე დაიღუპა.

ვერა ანდრეევნა ფრონტზე ჰოსპიტალში მუშაობდა, მე კი საავადმეოფოში, მედდად. ვალენტინა ფრონტზე მიიწევდა, მაგრამ მერე სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და გათხოვდა. პირველი ქსენია დაიბადა, მერე – ტანია. მე მეორე ბებია გავხდი.

აი, ასეთია ჩემი ცხოვრება, მამაო, ხან – საავადმყოფო, ხან – სახლის საქმე, რაღა მონაზვნობაა, თავადაც ხედავთ, ყველაფერი – ამქვეყნიური, ჩვეულებრივი. ღმერთო, მაპატიე! მთავარი დამავიწყდა! 35 წელს ღმერთმა ინება მონაზვნად აღვკვეცილიყავი, – მარია დამარქვეს. საიდუმლოდ აღვიკვეცე, ჩვენებმაც რამდენიმე წლის შემდეგ გაიგეს. ისევ ერულად ვცხოვრობდი, სახელადღა მერქვა მონაზონი. ვიცი, დიდი ცოდვაა. არ გამოვიდა ჩემგან მონაზონი, არ გამოვიდა! ლოცვა მიყვარდა, ეკლესიაში მიმიწევდა გული! მაგრამ მონაზონი ვერ გამოვედი. ღამით მორიგეობა, გულში ლოცვას დაიწყებ, მაშინვე ზარი დარეკავს – ან პალატაში უნდა გაიქცე ავადმყოფთან, ან მძიმე, ნაოპერაციევ ავადმყოფს სასთუმალთან უნდა გაუთიო. საოპერაციოში თუ ხარ, მთელი გულისყური იქითკენ გაქვს, არაფერი შეგეშლოს, ინსტრუმენტის მიწოდება არ შეგაგვიანდეს, სახლშ კი – სადილი, საუბრები, ბავშვები...

ლოცვამდე ვერც მიხვალ, ერთადერთი, გზაში თუ მოახერხებ. ზოგჯერ დღე ისე გავა, ათიოდეჯერ თუ მოასწრებ იესოს ლოცვის წარმოთქმას, ეგ არის და ეგ. ძილის წინ დააპირებ ილოცო, ძალა აღარ გყოფნის, ეცემი. კარგი საქმეებისთვისაც ვერ იცლი, სულ ყოფით საზრუნავში ხარ ჩაფლული. პენსიაზე რომ გავედი, დრო გამიჩნდა, ბევრს ვლოცულობ და ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ადამიანის დახმარებისთვის ძალა აღარ შემწევს. მოვხუცდი და დავსუსტდი. ვერ გავამართლე მონაზვნობის აღთქმა, გულით მინდოდა და ვერ შევძელი. დიდი ცოდვა მაწევს, დიდი. ჯერ კიდევ მონასტერში ცხოვრებისას, რამდენჯერმე მივედი ერთ განდეგილ ბერთან, მან მითხრა: ადამიანებს სიკეთე გაუკეთე და მეტი ილოცე, მონაზვნის ხსნა ამაშიაო... რთული იქნება შენი სამონაზვნო გზა, ეკატერინე, მაგრამ ღმერთი არ მიგატოვებსო. იმავეს მეუბნებოდა რიაზანელი მამა იოანე. ვერ აღვასრულე მათი კურთხევა. ბევრი ცოდვა მაქვს, ერთხელ კინაღამ გავთხოვდი კიდეც, 1930 წელს, ღმერთმა შემაჩერა.

პატარაობიდან ვოცნებობდი მონაზვნობაზე, მაგრამ მონასტერში მორჩილად ყოფნის მერე ოცი წელი გავიდა, სანამ მონაზონი გავხდებოდი, ისიც – უხეირო მონაზონი. აი, ასეთია ჩემი ცხოვრება, მამაო.

დიდი გაჭირვებით შეგეხმიანეთ. იმედი არ მქონდა, რომ მოხვიდოდით. გუშინწინ ეკლესიაში ვიყავი და ძალაც გამაჩნდა, მაგრამ სახლში რომ მოვედი, სისუსტე ვიგრძენი. მივხვდი, ჩემი დრო მოვიდა უკვე. ვალიასა და ანდრეი ფიოდოროვიჩს ვეუბნები: სამშაბათს მოვკვდები-მეთქი. არ სჯერათ, იცინიან, ნუ იგონებ, ბებო, რა დროსიაო. მე ხომ ვიცი, რომ არაფერი მიშველის. მადლობა ევდოკია ივანოვნას, თქვენს სულიერ შვილს, ტანია რომ გამოაგზავნა თქვენთან წერილით. არ ვცდები, მამაო, ვიცი, რომ ვკვდები. ვალენტინა და ტანია რწმენით აღვზარდე, მაგრამ თავისებურად, ინტილიგენტურად სწამთ. ჩემი ცოდვაა, დიდი ცოდვა, – ვერ მივეცი, რაც მინდოდა, – მომკითხავს ღმერთი!..

ანდრეი ფიოდოროვიჩი უკეთილშობილესი კაცია, ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს. ერთი საწინააღმდეგო სიტყვა არ მახსოვს მისგან, მაგრამ მესამე ათეული წელია ერთად ვცხოვრობთ და ვერ გამიგია, მორწმუნეა თუ არა. თუ არის, – ძალიან ფარული. ჩაიბარეთ, მამაო, აღსარება, შენ კი, ყოჩაღო, ოთახში შედი, ტანიასთან.

მამა არსენი უდიდესი ყურადღებით უსმენდა და, რაღაცნაირი, განსაკუთრებული სხივი ჩასდგომოდა თვალში. როცა გავდიოდი, დედა მარიას უთხრა: ღვთის წყალობა ყოველვის ჩვენთანაა და ყოველივე მისი ნებაა.

გამოვედი და დიდ ოთახში ფანჯარასთან დავჯექი. დედა მარიას მონათხრობს, სიმართლე ითქვას, არ მოუხდენია ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. მისი ცხოვრება ჩვეულებრივი მეჩვენა, ბევრ ადამიანს უფრო რთული გზა გაუვლია და მძიმე ღვაწლი უტვირთავს. მამა არსენის სერიოზულობა და განსაკუთრებული მღელვარება ჩემთვის გაუგებარი იყო. ამაღლებულს ვერაფერს ვხედავდი, ჩვეულებრივი ცხოვრებაა, – ვფიქრობდი.

სამზარეულოში ტატიანა ფუსფუსებდა. ნახევარი საათი ვიჯექი მარტო, მერე მასთან შევედი. წინსაფარი გაეკეთებინა და კარტოფილს ფცქვნიდა. მაცივარზე სახელმძღვანელო ედო, დროდადრო ჩახედავდა ხოლმე.

– ლაპარაკს მორჩით და ახლა ხელი უნდა შემიშალოთ? ხომ ხედავთ, თან ვსაქმიანობ, თან ვმეცადინეობ. – მე გამოვბრუნდი. – გეყოფათ ბუტიაობა, გუშინვე შეგატყვეთ, გეწყინათ, რომ გკითხეთ, თქვენც ამათნაირი ხართ-მეთქი. აიღეთ საფცქვნელი და დამეხმარეთ, ჭამა ხომ გინდათ? გადმომცა წინსაფარი და დამითმო ონკანთან ადგილი. მერე მკითხა, ბებო როგორ არისო? მე მხრები ავიჩეჩე, რომ იცოდეთ, რა ადამიანია! – მომიბრუნდა ტატიანა, რამხელა ამაგი აქვს ბებიაზე, მამაზე, დედაზე, ჩემზე, ქსენიაზე. ფეხზე დაგვაყენა, აღგვზარდა, მთელი ოჯახი წლების განმავლობაში მის კისერზე იყო. კიდევ რამდენ ადამიანს ეხმარებოდა, ვინ მოთვლის.

ღამღამობით ყოველგვარი თხოვნის გარეშე, უსასყიდლოდ მორიგეობდა უცნობ ავადმყოფებთან, ფეხზ დააყენებდა, მერე სხვებს აკითხავდა, სახლში უვლიდა, ეხმარებოდა, და ასე – დაუსრულებლად... არასდროს კითხულობდა, დახმარება ხომ არ გჭირდებათო, უბრალოდ და უსიტყვოდ აკეთებდა საქმეს. ერთი წუთი, ერთი წამი არ უცხოვრია საკუთარი თავისთვის. სულ – სხვებისთვის! მამა გულჩათხრობილი ადამიანია, მაგრამ ვიცი, რომ ბებო ყველას ურჩევნია. დედაზე, ჩემზე და ქსენიაზე მეტად უყვარს. არა იმიტომ, რომ ბებიამ ინფარქტის დროს მოუარა, არა! უყვარს მისი სიკეთისა და გულისხმიერებისათვის, თავდადებისათვის. რამდენს დახმარებია ბებია, სულ თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩემი ამხანაგები ერთხელ რომ დაელაპარაკებოდნენ, მერე სულ აკითხავდნენ რჩევისთვის, დედასავით უყვარდათ. რამეს თუ აჩუქებს ადამიანს, საჩუქარი სწორედ ისეთი აღმოჩნდება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება და გაახარებს. ჩვენ, ახლობლები, მივეჩვიეთ და ამიტომ ვერ ვამჩნევთ იმას, რასაც უცნობები ერთი ნახვისთანავე გრძნობენ. თავს ყველაფერში იზღუდავს, სახლში ხატების დაკიდებასაც კი ერიდება. მამამ რამდენჯერმე უთხრა: დაკიდეთ, ბებო, თქვენს ოთახში არავის შემოვუშვებთო. ის კი მაინც თავს იკავებს – ეკლესიაში ვილოცე, იქ ხომ ბევრი ხატიაო.

ვიცით, დარდობს, მორწმუნეები რომ არ ვართ, მაგრამ ასეც არ არის, ჩვენებურად გვწამს, თუმცა, ისე ვერა, როგორც მას. ტანია ამას რომ ამბობდა, ტიროდა, ჩემიც არ ერიდებოდა. მერე ოთახში გავიდა. მოუთმენლად ელოდა მამა არსენის გამოსვლას. მანამდე კი ისევ დედა მარიაზე მიამბობდა.

სამი საათის შემდეგ დედა მარიას ოთახიდან მამა არსენი გამოვიდა და ტანიას უთხრა: ბებოს შენი ნახვა უნდაო. თვითონ კი ოლარი მოიხსნა, სავარძელში ჩაჯდა და ღრმად ჩაფიქრდა, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. ტანია აქეთ-იქით დადიოდა და ხან სად რეკავდა, ხან – სად. ექიმი მოვიდა, მამა არსენი კი, ჩაფიქრებული, მდუმარედ იჯდა. ვფიქრობ, ლოცულობდა. ხელი რომ არ შემეშალა, სამზარეულოში გავედი. ექიმის წასვლის შემდეგ, ტანიაც იქ შემოვიდა, რა თქვა მამა არსენმაო? – ჩურჩულით მკითხა. – არ ვიცი, არ მიკითხავს-მეთქი, – ჩურჩულითვე მივუგე.

– ექიმმა თქვა, მწვავე გულის უკმარისობა დაეწყოო, დედას და მამას დავურეკე, – ატირდა ტანია და მაგიდის კიდეზე ჩამოდო თავი. სამი საათის წინ დედა მარიას ცხოვრება ძალზე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული მეჩვენა, მაგრამ ტანიას მონათხრობის შემდეგ სრულიად სხვაგვარად აღვიქვი და შევაფასე ყველაფერი.

მამა არსენს უამრავი ადამიანი შეხვედრია, მათი სიმძიმილი უტვირთავს, ცხოვრებასთან შეურიგებია ან მოახლოებულ სიკვდილთან შესახვედრად მოუმზადებია. არასოდეს ივიწყებდა მათ, განიცდიდა მათ სატკივარს, ამხნევებდა ცოცხლებს და მუდმივად იხსენიებდა გარდაცვლილებს. ვიცოდი, რომ ბანაკებში ბევრი გადაიტანა და ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი ნახა. იმდროინდელმა მოვლენებმა წარუშლელი კვალი დატოვა მის არსებაში და მეგონა, რომ ამ მრავლისმნახველ მოძღვარს ვეღარაფერი გააოცებდა. მაშ, რამ შეძრა ის ახლა?!

მოვიდა ტანიას დედა ვალენტინა ივანოვნა, რაღაც უთხრა ტანიას, მოგვესალმა და დედა მარიას ოთახში შევიდა. ანდრეი ფიოდოროვიჩიც მოვიდა, მოგვესალმა და ისიც ოთახში შევიდა. გვესმოდა, როგორ უთხრა დედ ამარიას: ვცოცხლობთ, კატია ბებიაო. სიჩუმე ჩამოვარდა. ათი წუთის შემდეგ ვალენტინა ივანოვნა გამოვიდა და მამა არსენს მიმართა: ბებია ორივეს გთხოვთ, შემოხვიდეთ.

– ყველას მინდა დავემშვიდობო, მამა არსენ, – უთხრა დედა მარიამ. მშვიდი, გაცისკროვნებული სახით იწვა, შავი კაბა ემოსა... შინაურებს ძალიან გაუჭირდათ დამშვიდობება. ის სათითაოდ ლოცავდა ყველას და მათთვის საჭირო სიტყვებს ეუბნებოდა.

ანდრეი ფიოდოროვიჩი ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა და ვერ შორდებოდა სასთუმალს. მე მამა არსენის გვერდით ვიდექი. უცებ დედა მარიამ მომმართა: მოდი, ჩემო კარგო, შენც დამემშვიდობე, ტყუილად ხომ არ მოხვედი, მოდი.

დამლოცა და ხმამაღლა მითხრა: ჩემი ტანია არ დაივიწყო და არ აწყენინოო. მაშინ უცნაურად მეჩვენა ეს სიტყვები.

მამა არსენი მიუახლოვდა დედა მარიას, პირჯვარი სამჯერ გარდასახა, მერე მდაბლად დაუკრა თავი, ისე, რომ თავით თითქმის იატაკს შეეხო. შემდეგ გასწორდა და იქვე დადგა. ამაღლებული და საზეიმო გამომეტყველება ჰქონდა, როგორც რაღაც დიადის შემსწრეს.

...დაკრძალვა დამთავრდა, მაგრამ მაინც თვალწინ მედგა ახლობლების დაბნეული სახეები და მამა არსენის მოზეიმე იერი. მტანჯველი სევდა არ მშორდება. მაგონდება დედა მარიას ცალკეული სიტყვები, საუბარი, გამოთხოვება. მთელი გულით მინდოდა რაღაცით შემემსუბუქებინა ახლობლებისთვის ტკივილი, მაგრამ უძლური ვიყავი. გამოთხოვებისას, რომელიც ძალიან გულისამაჩუყებელიიყო, მამა არსენმა ყველას ასე მიმართა: გმადლობთ, რომ დამიძახეთ და საშუალება მომეცით, შესანიშნავი ადამიანი, ნამდვილი ქრისტიანი მოღვაწე მენახა, ამდენი სიკეთე და სიხარული რომ აჩუქა გარშემომყოფებს. ბევრის მომცემი იყო ეს შეხვედრა ჩემთვის; იშვიათი, დიდებული ადამიანი იყო!

მამა არსენმა ყველას მდაბლად დაუკრა თავი და გამოვიდა. მოსკოვის ქუჩებში ფეხით გავლა მოისურვა. გავიარეთ. შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ, მერე – ისევ ფეხით... კრემლის ივანე დიდის სამრეკლო მოვინახულეთ. მამა არსენს, ვფიქრობ, მარტო დარჩენა ერჩია და ოდნავ ჩამოვრჩი. ის თითოეულ ქვას, თითოეულ ჩუქურთმას ესიყვარულებოდა. შემდეგ მიძინების ტაძარი მოვინახულეთ – რუსეთის წარსულის მატიანე, ფრესკები, ხატები, სამარხები, წმინდა ნთასაწილები...

იმ კედელთან, სადაც მოსკოვის განმანათლებელთა მიტროპოლიტ ალექსისა და პეტრეს ნაწილებია, მამა არსენი სამგზის მეტანიას აკეთებს, პირჯვარს იწერს და დიდხანს ჩერდება. გაისმის ხმა: მოქალაქევ, აქ მუზეუმია და ლოცვა არ შეიძლება! მამა არსენი არ შემობრუნებულა, ფეხი არ მოუცვლია იმ ადგილიდან, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ წმინდანთა ნეშტი დააბრძანეს.

შემდეგ ტაძარს შემოუარა. თითოეულ ხატს თაყვანი სცა, ზოგს რამდენჯერმე მიუბრუნდა. შემდეგ მთავარანგელოზთა ტაძართან გადავინაცვლეთ, იქიდან კი – წითელ მოედანზე ნეტარი ვასილის ტაძართან. შემდეგ ისევ მანქანა გავაჩერეთ, შევუხვიეთ ხან ერთ, ხან მეორე ქუჩაზე, მამა არსენმა ტაძრები მოილოცა, ხანგრძლივად და გულდასმით ათვალიერებდა ყოველივეს... ზოგი მოქმედი იყო, ზოგი – დახურული.

ტაქსისტი მეკითხება: რაო, მოხუცი ტურისტია თუ მეცნიერი? – მეცნიერი-მეთქი, – ვპასუხობ.

სამი სასაფლაო მოვიარეთ: ვაგანკის, ტაძრად მიყვანების და დიდი პარასკევის.

ახალგაზრდა ტაქსისტი ღელავს, მე ვამშვიდებ: სათანათოდ გადაგიხდით, გულს არ დაგწყვეტთ-მეთქი!

ცენტრში ვბრუნდებით. ძველ სახლებთან, პატარა ხის ნაგებობებთან, ეზოების სიღრმეში რომ მიმალულან და ეს-ესაა უნდა ჩამოიშალონ.

სხვაგან უკვე ახალი სახლები გვხვდება, მამა არსენისათვის ნაცნობი, ძველი სახლების ნაცვლად. მეჩვენება, რომ ის ცრემლებს მალავს.

„სამოსკვორეჩიეში“ მივდივართ ევდოკია ივანოვნასთან. საღამოს შვიდი საათია. ევდოკია ივანოვნა სამზადისს იწყებს, სუფრას შლის, მამა არსენი კი უცებ დგება და მიდის, – მალე დავბრუნდებიო. მინდა გავყვე, მაგრამ მაჩერებს. მოსკოვი მისი ბავშვობისა და სიყრმის ქალაქია, აქ ჩამოყალიბდა პიროვნებად. აქ დაწერა პირველი სტატიები, ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტმა, შემდეგ კი გამოსცა წიგნები, გახდა ცნობილი მეცნიერი. აქ, მოსკოვში, აღიკვეცა ბერად, მსახურობდა ეკლესიაში, შემდეგ „პოდმოსკოვიეში“ წავიდა, იქ შეკრიბა თემი, რომელსაც ყოველთვის გულშმატკივრობდა. სწორედ მოსკოვში შემოიკრიბა ხალხი, რომელთათვის ის პირველი მოძღვარი იყო და რომელნიც შემდეგ ახალ ადგილზეც გაჰყვნენ.

მას უყვარდა ახალი ქალაქი, იქ გაიხარდა სულიერად. მაგრამ აქ, მოსკოვში, მისი ბავშვობისა და მოწიფულბის ქალაქში, ჩაეყარა საფუძველი რწმენას. აქ ისწავლა დამიანთა სიყვარული. აი, რატომაა მისთვის მოსკოვი ასე ძვირფასი, აი, რატომ ათვალიერებდა ყველაფერს გასაკუთრებული მღელვარებით. ეს მისი წარსულის აქა-იქ შემორჩენილი კვალი იყო, მაგრამ მაინც, რატომ იყო იგი დღეს განსაკუთრებით სერიოზული? რატომ?..

გარეგნული, მისთვის სრულიად არადამახასიათებელი სიმკაცრის მიღმა სევდა იგრძნობოდა, ალბათ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები ახსენდებოდა. მაგრამ იმათგან, ვინც უყვარდა, კიდევ ბევრი დარჩა მოსკოვში. რატომ არ დაუძახა მათ ევდოკია ივანოვნასთან? რატომ არ წავიდა თავად მათთან, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა, როცა აქ ჩამოდიოდა? ისევ და ისევ – რატომ? მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა?!

საღამოს ცხრა საათზე მამა არსენი გახარებული დაბრუნდა და გვიამბო, როგორ შეხვდა ეკლესიაში, „პოდმოსკოვიეში“ მცხოვრებ თავის ნაცნობებს და მეგობრებს (არასდროს ამბობდა „სულიერი შვილები“ ან „ჩემი სულიერი შვილებიო“).

– რომ დამინახეს, გაუკვირდათ, როგორ აღმოვჩნდი მოსკოვში და თან – ეკლესიაში. მაპატიეთ, ევდოკია ივანოვნა, მაგრამ ვუთხარი, რომ თქვენთან გავჩერდი და ალბათ მოვლენო, – მოუბოდიშა დიასახლისს. მართლაც, მალე ზარის ხმა რამდენჯერმე გაისმა. სულ 16 ადამიანი მოგროვდა. ბევრ მათგანს ვიცნობდი. შუაღამემდე მამა არსენი აღსარებებს იბარებდა და ესაუბრებოდა „მეგობრებს“.

დილით კიდევ რამდენიმე ადამიანი მოვიდა, სამი-ოთხი მამა არსენმა თვითონ მოიწვია ტელეფონით – ესენი ბანაკელები იყვნენ – ასე ვეძახდით მათ, ვინც ბანაკებში იყო მამა არსენთან ერთად. მოსკოვიდან დღის 11 საათზე გამოვემგზავრეთ.

დაღლილი, გამოუძინებელი, მაგრამ უაღრესად გახარებული მოდიოდა მამა არსენი მოსკოვიდან. ბევრი ნაცნობი აცილებდა, ყველა, ვინც შეიტყო მისი ჩამოსვლის შესახებ. სადგურზე ტატიანა დაგვხვდა, – ვიღაცამ შეატყობინა.

სახლში ჩასვლის მერე მამა არსენი ორი დღე ისვენებდა, მარტო ნადეჟდა პეტროვნა შედიოდა მასთან და მერე გვითხრა, რომ სულ წირავდა ან ლოცულობდა თურმე.

ექვსი-შვიდი დღის მერე სასეირნოდ დამიძახა. ქალაქის შემოგარენს გავცდით და მდინარის პირას გავედით, მინდვრებში. სოფლის შარაგზა აბიბინებულ ჭვავის ყანაში იწყებოდა. ჩიტები ირეოდნენ, მსუბუქი ქარი აღელვებდა ჭვავის თავთავების ზღვას, ტანსაცმელს და თმას გვიფრიალებდა... ჩუმად მივდიოდით, გზამ გვერდზე გადაუხვია და ბილიკზე გავედით.

მზე ჰორიზონტს უახლოვდებოდა, ჩრდილები დაგრძელთა, მსუბუქად და ღრმად ვსუნთქავდით.

თავის თავში ჩაღრმავებული ისე მიდიოდა, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, – თითქოს აბიბინებული ჭვავის, ბალახის წაგრძელებული ჩრდილების, ნარინჯისფერი მზის დისკოს და ჩახვეული ბილიკის მიღმა ხედავდა რაღაცას. მიდიოდა მხოლოდ თავისთვის ცნობილ აზრებში და ლოცვებში ჩაფლული. არც მე, არც მინდორი, ბალახი, ჭვავი ან მზე არ ვარსებობდით მისთვის. დროდადრო ნაბიჯს შეანელებდა, თითქოს, რაღაცას აკვირდებაო. ჭვავი დაბალ ადგილებში მხრებამდე გვწვდებოდა, ჰორიზონტს ფარავდა, ხოლო როცა გორაკზე ავედით, ერთი მხრიდან ტყით შემოსაზღვრული მთელი მინდორი თვალწინ გადაგვეშალა. ქარი ჩადგა. მამა არსენი შედგა და მკითხა: გახსოვთ დედა მარიას გარდაცვალება? და პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო: ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია და ყოველი შეხვედრიდან რაღაც ახალი, საჭირო და ჭკუის სასწავლებელი გამომქონდა, ყოველთვის ვგრძნობდი ღვთის ნებას, მის განგებულებას, ღვთაებრივ სიბრძნეს. არ იყო დიდი და პატარა შეხვედრები, ადამიანი ყოველთვის ადამიანად რჩებოდა და როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ღვთის ხატება ცოცხლობდა მასში. ოღონდ ზოგ შემთხვევაში ეს ხატება ცოდვით იყო გახუნებული, ზოგში კი ღვთისა და მოყვასის მსახურების დიადი ღვაწლი აცისკროვნებდა მას და ღვთის ანგელოზის იერს ანიჭებდა. ცხოვრებაში სამჯერ მომმადლა უფალმა დიდ მოღვაწეებთან შეხვედრა. ეს გამოცხადების ტოლფასი სულიერი სიხარული, ბედნიერება და წყალობა იყო. ყოველი ადამიანისგან რაღაცას ვიძენდი, რაღაცას ვსწავლობდი, მაგრამ მამა მიქაელის აღსარება ბანაკში, შორეულ ჩრდილოეთში, უბრალო სოფლის მღვდელთან – მამა იოანესთან და დედა მარიასთან შეხვედრა ჩემთვის სულიერ გარდატეხად იქცა, რამაც ახლებურად შემაფასებინა ადამიანები და განვლილი გზა. შენ გესმოდა დედა მარიას მონათხრობი, მაგრამ მე მივხვდი, რომ თავიდან ვერ ჩასწვდი მის ნამდვილ მნიშვნელობას. მისი ცხოვრება უბრალოდ და ჩვეულებრივად მოგეჩვენა. და არა მარტო შენ, შინაურები და გარშემომყოფნიც ვერ ამჩნევდნენ მას. ახლოდან მხოლოდ ქვას ხედავ და არა მთლიანად მთას, – ასეა ადამიანის ცხოვრებაც...

ჩაუფიქრდი, დაუკვირდი მის ცხოვრებას. ეს ხომ თავის სრული უარყოფაა ღვთისა და მოყვასისათვის. ნათესავებს სამადლოდ შეკედლებული ღარიბი გოგონა, ობოლი ,რომელიც ღვთისკენ მიილტვის, ქალბატონი-მემამულის მდიდრულ სახლში და კვლავ – ღვთისადმი ლტოლვა; მორჩილი მონასტერში, დამლაგებელი ეკლესიაში, სადაც მოძალადე მღვდელია, მოსამსახურე, მედდა; სადაც არუნდა ყოფილიყო, ყველგან ღმერთზე ფიქრი და მოყვასის გულმხურვალე დახმარება იყო მისი ცხოვრება. ღვთისადმი ლტოლვა და უსაზღვრო, უსასრულო თავდადება ადამიანებისთვის, აი, რა ვერ დაინახე, რა დაგრჩა შეუმჩნეველი მის მონათხრობში, ისევე, როგორც გარშემომყოფთ – მის ცხოვრებაში.

მის თავგადასავალს რომ ვისმენდი, განმაცვიფრა, ამაღელვა მისი სულის ძლიერებამ, გასაოცარმა მიდრეკილებამ ღვთის სიახლოვისაკენ, ყველა განსაცდელსა და ზღუდეს რომ ამარცხებდა. დედა მარიას აღსარებამ მისი სულის კეთილშობილება, დიდი თავმდაბლობა, მორჩილება და ადამიანების სიყვარული დამანახა და ეს მსახურება ჩვეულებრივ, ყოვლდღიურ ცხოვრებაში, თანამედროვე ყოფის ამაოებაში აღსრულდა. მისი საქმეების შეუმჩნევლობა, უბრალოება და საკუთარი ნამოქმედარის უმნიშვნელობის გულწრფელი შეგნება კიდევ უფრო დიადს ხდის მის ღვაწლს. დედა მარიას მოთმინება შეეძლო, ეს კი უმთავრესია ქრისტიანის ცხოვრებაში – შეგეძლოს დათმენა და არ გეგონოს, რომ ამით გმირობას სჩადიხარ, და ისე ქმნა სიკეთე, რომ მხოლოდ ადამიანს ხედავდე, მხოლოდ მისი სატკივარი გახსოვდეს და შენგან კი არა, ღვთისგან ანიჭებდე მას შვებას, ღვთისგან და – ღვთის სახელით. დედა მარიას შეეძლო ეს, მას შეეძლო თავის დავიწყება. მისი აღსარების მოსმენამ სიხარული მომანიჭა, ამამაღლა. ცოდვებიც კი, რომლებიც არსებობდა, უფრო ნათლად წარმოაჩენდნენ მის პიროვნებას, მისი სულის ხორცზე, რწმენის ცოდვაზე გამარჯვებას, როცა ის მათ ამარცხებდა. არ მიატოვო ეს ოჯახი. დედა მარიამ ბევრი შესძინა მათ. არ დაივიწყო!

(არც დიმივიწყებია. ტატიანა და მე ერთად ვართ. დაახლოებით ერთი წლის მერე ის ცოლად გამომყვა. მხარში ვუდგავართ ერთმანეთს...)

მამა არსენი გაჩერდა, ფიქრებიდან გამოერკვა და მინდორს გახედა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ახლაღა დაინახა, რომ ჭვავის მინდორში ვდგავართ. მზე ჩადის, ირგვლივ პიტნის სურნელია და ჩვენ ზაფხულის ამ თბილ საღამოს მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს მივუყვებით.

ხელი შეახო თავთავებს, დაიხარა, რომელიღაც ყვავილი მოწყვიტა, ოდნავ გაიღიმა და მითხრა: რამდენიმე დღის სიცოცხლედა დამრჩენია, ამიტომ დედა მარიასთან შეხვედრა აუცილებელი იყო ჩემთვის. ღმერთმა მომივლინა ის, რათა ჩვენი დროის წმინდანი ეჩვენებინა და კიდევ ერთხელ დაენახვებინა ჩემი თავი ჩემთვის. მოვეზღუდე!..

უკან ვბრუნდებოდით, მამა არსენი გახალისდა. აკვირდებოდა ქალაქის შორეულ სილუეტებს, გუმბათებს, ეკლესიებს, სამრეკლოებს. ბევრს მიყვებოდა ადამიანებზე, რომლებსაც ოდესღაც იცნობდა და უყვარდა. ნათელ, ამაღლებულ განწყობაზე იყო, თვალები კი დროდადრო ფიქრიანი და სევდიანი უხდებოდა.

ქალაქს რომ მივუახლოვდით, მომიბრუნდა და მითხრა: მართლაც, რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ღვთის შეწევნით, დედა მარია! დედა მარია! – წარმოთქვა და მერე თითქოს თავისი, მხოლოდ თავისთვის ცნობილი აზრების გაგრძელებად დააყოლა: „ყველაფრის ნახვა, ყოვლის გაგება, ყველაფრის ცოდნა და გადაღება, ყველა ფორმის და ყველა ყვავილის თვალის გუგიდან სულში ჩადება. მთლად დედამიწას შემოუარო, ცხელი ტერფების კვალი დაატყო, სულ ყველაფერი შენში შეკრიბო და ხელმეორედ ისევ ააწყო“ – ეს, ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა დაწერა, შესანიშნავმა პოეტმა მაქსიმილიან ვოლოშინმა. მას უყვარდა ადამიანები, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მხოლოდ მისთვის ცნობილი გზით მიიწევდა სინათლისაკენ. ისიც ისევე, როგორც დედა მარია, ყველაფერს ადამიანისთვის აკეთებდა, მაგრამ ღმერთი მისთვის აბსტრაქცია იყო, პირობითობა, ამიტომაც მისი გზა რთული აღმოჩნდა. გამუდმებით უკან ბრუნდებოდა. გავიდა თუ არა გზის ბოლომდე, მხოლოდ უფალმა უწყის, მაგრამ ნათელი სული და ცხოვრება ჰქონდა.

მე ვიცნობდი მას, მაგრამ 1925 წელი იყო, – სიძნელეების, მერყეობის დრო.

დედა მარია, – უბრალო რუსი ქალი და ცნობილი პოეტი, ორივე ერთი მიზნისკენ მიდიოდა, – მაგრმ რამდენად განსხვავდებოდა მათი გზები!..

ღმერთო, მოგვიტევე!

სახლს ვუახლოვდებოდით...

 

„ღვთისმშობელო, მიშველე!“

ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 23 ივნისს, ჩემი მეუღლე ომში წაიყვანეს და პატარა კატიასთან მარტო დავრჩი.

სიტყვებმა – ომი და ფრონტი – ყველა გრძნობა და განცდა განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. დარჩა მხოლოდ ღამის განგაში, საზენიტო ქვემეხების ზათქი, პროჟექტორების მუქი ზოლებით დასერილი ცა, ჰაერსაწინააღმდეგო წინაღობების სიგარისმაგვარი აეროსტატების ბადე ქალაქის თავზე და ინფორმბიუროს საგანგაშო ცნობები დატოვებულ ქალაქებსა და ოლქებზე...

ასეთი იყო 1941 წლის მოსკოვი.

ყოველი დაბომბვისას მე და კატერინა სახლის სარდაფს ვაფარებდით თავს განგაშის ბოლომდე. მუდმივი შიში და უბედურების მოლოდინი მოსვენებას არ მაძლევდა. ქმრის წერილები იშვიათად მოდიოდა, ჩემს წერილებს კი საერთოდ ვერ ღებულობდა, რადგან მისი ნაწილი მუდმივად იცვლიდა ადგილსამყოფელს, – საველე ფოსტის ნომრებიც იცვლებოდა და ჩემი წერილები დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდა. მეუღლე მეკითხებოდა, რატომ არ ვწერდი, მე კი ხმას ვერ ვაწვდენდი.

ბავშვები მოსკოვიდან გაყავდათ, მაგრამ კატია ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა საბავშვო ბაღს ევაკუაციაში. იძულებული ვიყავი, მემუშავა და ბავშვი ხან ერთი ნაცნობისთვის დამეტოვებინა, ხან მეორისთვის. სექტემბერში ჩემი სამსახურიც ევაკუაციაში წავიდა, მაგრამ კატია ისევ ავად იყო და დავრჩით. ოქტომბრის დასაწყისში კი გამოკეთდა, მაგრამ ვეღარცერთ დაწესებულებას ვერ გავყევით. გერმანელებმა ფრონტი გაარღვიეს და მოსკოვისკენ მოიწევდნენ. ყველანი საფრთხის წინაშე ვიყავით. ქალაქი ცარიელდებოდა, ვისაც როგორ შეეძლო, ისე ტოვებდა მოსკოვს – ზოგი მატარებლით, ზოგი – მანქანით, ზოგი კი – ფეხით. ჩვენც ათასი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ დავიძარით და, კოშმარულად ვიმგზავრეთ. ყველა, ვისაც როგორ შეეძლო, ხელს გვიშლიდა, გვლანძღავდა, გვავიწროვებდა და გვაგდებდა ვაგონიდან. მატარებელი სამჯერ დაბომბეს, ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გამქურდეს. ვაგონებში ჯგლეთა, სივიწროვე და სიცივე იყო, ალბათ ამიტომაც მგზავრებს ერთმანეთი სძულდათ და ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ასეთ შემთხვევაზეა ნათქვამი: „ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო“. კარგი ადამიანები, რატომღაც არ ჩანდნენ. გზაში კატია გაცივდა, გამუდმებით ტიროდა და თავის ტკივილს უჩიოდა. გავიარეთ ურალი, დაიწყო ციმბირი... ფანჯრიდან დათოვლილი სტეპები და აქა-იქ სადგურები მოჩანდა. საშინელი ქარბუქი და ყინვა იყო. ბოლოს და ბოლოს მატარებელმა ჩააღწია ქალაქს, სადაც მივდიოდით. ავიღეთ ბარგის ნარჩენი და ჩავედით, – ციმბირის ძველებური ქალაქი დაგვხვდა – ცივი, უცხო და პირქუში.

სად წავიდეთ, ვის შევეკედლოთ, რით ვირჩინოთ თავი? აქ კი გავისიგრძეგანე ჩემი წამოსვლის მთელი აბსურდულობა, ვინანე მოსკოვიდან გამომგზავრება, სადაც ნაცნობები, ბინა, სამსახური, კვების ტალონები დამრჩა. დილა იჟო, სტეპიდან გამჭოლი ქარი უბერავდა. დაბნეული, თავგზაარეული ვიდექი. არც ფული მაქვს, არც ნივთები, არც სასურსათო ბარათები. სამხედრო კომისარიატს მივაკითხე, რიგებია. აქეთ მივდექი, იქით ვეცი, ჩემთვის არავის სცალია. ძლივს შევაღწიე რომელიღაც მაიორთან. ვეუბნები: ქმარი ფრონტზეა, ოფიცერია, მე მოსკოვიდან მოვდივარ, – ვუჩვენებ საბუთებს, დახმარებას ვთხოვ, მისუსტებულ კატიას ხელით ვექაჩები, რომ არ დაეცეს, პასუხი ასეთია: ქალაქი ჩამოსულებითაა სავსე, ვერ დაგეხმარებით, თავად მოეწყვეთ, – მაგრამ ორი ტალონი მაინც მომცა სადილისთვის. რა ვქნა, წავედით, ვისადილეთ და ბაზარს მივაშურეთ, ზედ რომ მეცვა იმ შალის ზედატანის გასაყიდად. ვდგავართ, მყიდველი არ ჩანს. ჩემნაირი გამყიდველი ბევრია, მყიდველი კი არ ჩანს. კატიას შესცივდა, ტირის, დაღლილია, ეძინება. გადავწყვიტე სადგურზე წავიდე, რაც იქნება, იქნება. ჩავსხედით ტრამვაიში, რომელიც ძლივს მიჩაქჩაქებს უცნობ ქუჩებში. ფანჯრები გაყინულია, არაფერი არ ჩანს, ვიცი მხოლოდ, რომ სადგური ბოლო გაჩერებაა. სუნთქვით პატარა ადგილი გავალღვე ფანჯრის მინაზე და ვიჭვრიტები. გაბოროტებული ვარ ყველასა და ყველაფერზე. ტრამვაი გაჩერდა და კარგა ხანს არ დაიძრა, – ქუჩის სიღრმეში ეკლესია დავინახე. ხალხის ნაკადი მისი შესასვლელისკენ მიიწევს. ბევრი ხალხია. რაღაცამ მაიძულა, ავმდგარიყავი და ეკლესიისკენ წავსულიყავი, ჩავკიდე კატიას ხელი და შევედი.

საღამოს მსახურება იყო. ხალხის რიგები გავარღვი და წინ აღმოვჩნდი, დიდი ხატის პირისპირ. ეკლესიაში თბილოდა. კატიას ქურქი და თავშალი შევუხსენი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: რა წყალში ჩავვარდე, რა ვქნა? მე და კატია მარტოდმარტო, მშივრები და უსახლკარონი ვართ ამ უცხო ქალაქში. დაღლილობის, შიმშილის და მღელვარებისაგან ეკლესია, ხატები და ადამიანები თვალებში მერევა. მარტო რომ ვყოფილიყავი, ასე არ შემეშინდებოდა, მაგრამ ოთხი წლის ბავშვი მახლავს. მინდა ვიყვირო, მოვითხოვო, ვითხოვო, ვიტირო, მაგრამ ვის აქვს ჩვენი ჯავრი?! რამდენ ხანს ვიდექი ასე, არ ვიცი. კატიამ სახელოზე დამქაჩა და მითხრა, დედა, დგომით დავიღალეო. ირგვლივ აჩურჩულდნენ, ხატის ახლოს მდგარმა დედაბერმა კი ხმადაბლა, ჩემს გასაგონად თქვა: უსაქმურობისაგან ბავშვებს დაატარებენ შუაღამისას. ნახა რა დასადგომი ადგილი! – და მომაწვა, რათა ხატს ჩამოვშორებოდი. ეკლესია უკვე სავსე იყო და ვერსად წავიდოდი. „აქედანაც მაგდებენ!“ –გავიფიქრე, – „სიკეთეს კი ქადაგებენ“, და ავხედე ხატს, რომლის წინაც ვიდექი.

ხატიდან ღვთისმშობლის თვალები დამნათოდა, ის ჩვილისკენ დახრილიყო, ყრმა კი ყელზე შემოხვეოდა და ლოყით ლოყაზე მიხუტებოდა. გულისამაჩუყებელი სითბო და ყრმის დაცვის სურვილი, უდიდესი დედობრივი სიყვარული იღვრებოდა ხატიდან. და ეს სიყვარული არამარტო ყრმაზე, ყველაზე ვრცელდებოდა, ყველას იცავდა და იფარავდა, ვინც კი ღვთისმშობლის თვალებიდან გადმოღვრილ ნათელს ხედავდა. სევდით, სიბრალულით, სითბოთი და თანაგრძნობით სავსე ეს მზერა იმედსა და ნუგეშს მგვრიდა. წმენაში ყოველთვის მოვიკოჭლებდი. ბავშვობაში დედა მასწავლიდა ლოცვას მამიკოსთვის, დედიკოსთვის, „მამაო ჩვენოს“, „ღვთისმშობელო ქალწულოს“. შემდეგ ყველაფერი მივივიწყე, მოგონება გაიცრიცა, ეკლესიურობა გულუბრყვილობად მეჩვენებოდა და სევდას მგვრიდა.

როცა გარშემო მყოფნი ეკლესიას და რწმენას დასცინოდნენ, მეც ავყვებოდი ხოლმე, მაგრამ სადღაც, გულისსიღრმეში შემომრჩა ერთი აზრი: „იქნებ ღმერთი მართლაც არსებობს? იქნებ...“

ღვთისმშობლის სახებამ, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი, სული შემიძრა და, უნუგეშო მდგომარეობის მიუხედავად, ცხადად მაგრძნობინა, რომ ერთადერთი ნუგეში ის არის. ლოცვა დავიწყე ლოცვის სიტყვების უცოდინრად, უბრალოდ ვევედრებოდი, დაგვხმარებოდა და მწამდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გადარჩენა. რატომ განვიმსჭვალე მე, ურწმუნო ადამიანი, ამგვარი აზრით, ახლაც არ ვიცი. ვფიქრობ, სასწაულებრივი, ღვთაებრივი სითბოთი აღსავსე ღვთისმშობლის მზერის წყალობით. კატერინას იატაკზე ჩაეძინა. სადღაც დედაბერი სისინებდა და ისევ მავიწროვებდა, მე კი ვლოცულობდი. ახლა ვიხსენებ, რომ მთელი ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა იყო – ასჯერ ერთი და იგივე მუდარა – მიშველე, მიშველე, ღვთისმშობელო! –მთელი არსებით შევღაღადებდი კატიას გადარჩენას. სახეზე ცრემლი ღვარად ჩამომდიოდა, თან აკანკალებული თვალს არ ვაცილებდი ხატს.

მსახურება დამთავრდა. ხალხი დაიშალა. მე კი ვიდექი და ვლოცულობდი. ეკლესია დაიცალა. კატერინას იატაკზე ჩაეძინა. გასასვლელისკენ მღვდელი მიდიოდა, მივუახლოვდი და შველა ვთხოვე. მომისმინა, ხელები გაასავსავა, შეიკრა ქურქი და გავიდა. დედაბერმა, რომელიც მავიწროვებდა, როგორც კი მღვდელი გავიდა, კატერინას საყელოში ჩაავლო ხელი და კარებისკენ გაათრია. აქ ღამის გასათევი თავშესაფარი არ არის და დედაშენი თავხედი და ტუტუციაო. კატიას გაეღვიძა და ატირდა. მე კი ხატთან მივედი, ვემთხვიე და შემწეობა შევევედრე, შემდეგ კი, სრულიად დარწმუნებული, რომ ღვთისმშობელი არ გაგვწირავდა, გასასვლელისკენ გავემართე. უცებ ეკლესიის სიბნელეს ქალის ფიგურა გამოეყო, მომიახლოვდა, ხელი ჩამავლო და „გამომყევითო“ – მკაცრად მითხრა. ვიფიქრე, ისიც მაგდებდა. მან კი ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა. ძალიან ციოდა, ქარი ძვალ-რბილში ატანდა. გამვლელები თითქმის არ ჩანდნენ, აქა-იქ მანქანა თუ გაივლიდა. უხმოდ მივდიოდით პატარა სახლებისა და ღობეების გასწვრივ. მინდოდა მეკითხა, სად მივდივართ-მეთქი, მაგრამ არ მიკითხავს კარგის მოლოდინით. აზრი, რომ ღვთისმშობელი არ გაგვწირავდა, არ მტოვებდა და სულ ვლოცულობდი. ამავე დროს, ათასი საშიში აზრიც გამიელვებდა ხოლმე, მაგრამ ყველაფერს ღვთისმშობლის ღვთაებრივი სახე აქარწყლებდა.

მაღალი ღობის წინ შევჩერდით და შიგნით შევედით. ერთსართულიანი სახლის წინ აღმოვჩნდით. ქალი დიდხანს ეძებდა გასაღებს, ბრაზით ბურტყუნებდა, ბოლოს, როგორც იქნა, გააღო და გვითხრა: ჩქარა შედით და გაიხადეთ. ზედა ტანსაცმელი შემოსასვლელში საკიდზე დატოვეთ, თქვენ კი სკამზე დასხედით, რომ მკბენარები არ გაავრცელოთო. მე ნინა სერგეევნა ვარ, დამელოდეთ და დაგიძახებთო. ოთახში თბილოდა. დავსხედით. იქითა ოთახიდან, როგორც მეჩვენა, გაღიზიანებული ხმა მოისმა – ნინა, ვისთან ერთად ხარ? – ვინც ღმერთმა ინება, იმასთან, – იყო პასუხი. ვედროების ჯახუნი ისმოდა და მოხარშული კარტოფილის სუნი ტრიალებდა. გადატანილი მღელვარებისაგან მაკანკალებდა. კატია მომეკრო და სითბოში ისევ ჩათვლიმა. რა მოგველის? ღამეს გაგვათევინებენ, მერე?.. ამ დროს კარი გაიღო, ნინა სერგეევნა შემოვიდა და მითხრა: რას დამჯდარხარ, ჩემო კარგო, წამოდი, მომეხმარე. ავდექი და სამზარეულოში გავყევი. ღუმელი ენთო, წყალი ცხელდებოდა, იქვე დიდი ტაშტი იდგა; – გაანელეთ წყალი, გოგონას მე დაებან, მისი სახელი უკვე ვიცი, თქვენ რა გქვიათ? – მკითხა მასპინძელმა. ვუთხარი, მეც ნინა მქვია-მეთქი, – ჩემი სეხნია ყოფილხართ, ანგელოზის დღე იცით? – მკითხა. მე არ ვიცოდი. – უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რაკი ეკლესიაში დადიხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ერთხელ არის წელიწადში – ახალი სტილით 27 იანვარს.

არ ვიცოდი, რას მოასწავებდა ეს საუბარი. სამხარეულოში თბილოდა, სასიამოვნო სურნელი იდგა, ტაშტი წყლით ავავსე. მომერიდა, უცხო სახლში უცნობი ადამიანები რომ ავაფორიაქე და მოვუბოდიშე. ნინა სერგეევნამ მკვეთრად შემაწყვეტინა, – არ გინდათ, არ არის საჭირო, ბავშვი მოიყვანეთ, მე დავბან, თორემ თქვენ თავადაც დასაბანი ხართ და გზაში შეიძლება ტილებიც დაგეხვიათო. გავხადე ნამძინარევ კატიას. ბავშვი კისკისით ჭყუმპალაობდა, ნინა სერგეევნას ეპოტინებოდა, რაღაცას ეტიტინებოდა.

ბურანში ვიყავი, თითქოს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა. ახლა თქვენი ჯერია, – ჩამესმა ნინა სერგეევნას ხმა და დავინახე კატია ხელში ატატებული გაიყვანა. მე გახდა დავიწყე და ტაშტში ჩავდექი. ისევ მაკანკალებდა და სისუსტისაგან ღრუბელი ხელიდან მივარდებოდა. ამ დროს სამზარეულოში ნინა სერგეევნა შემოვიდა, ძალიან შემრცხვა და მოვიბუზე, – მან კი დამიყვავა: ნუ გერიდებათ, მე ექიმი ვარ, გამჩნევთ, რომ ავად ხართ, ძალიან კანკალებთ, ჩქარა იბანავეთ, ჩემო კარგო. უცებ ყველაფერი თვალწინ დამიტრიალდა და მხოლოდ დროდადრო ვგრძნობდი, რომ მბანენ, მამშრალებენ, მაცმევენ, სადღაც მივყავარ, გულს მიბრუნებენ, წყალს მასმევენ...

გონზე ოთხი დღის მერე მოვედი ცოტა ხნით. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სანამ უგონოდ ვიყავი, ღვთისმშობლის ხატი მედგა თვალწინ და სულ ვევედრებოდი კატიასთვის, ჩემთვის, ნინა სერგეევნასთვის, რომელმაც შეგვიფარა. ვიღაც ცდილობდა ჩამოვეცილებინე ხატისთვის, მე კი ვუძალიანდებოდი და ხმამაღლა ვღაღადებდი: „ღვთისმშობელო, ნუ მიმატოვებ“. ყოველთვის, როცა ბრძოლით დასუსტებული ხატისკენ გავიწევდი, ვიღაც გაბოროტებით ხელს მკრავდა, მე კი მაინც მივიწევდი მისკენ არაადამიანური ძალისხმევით და როცა მივაღწევდი, ყველაფერი ნათდებოდა, წყნარდებოდა და სიმშვიდე ისადგურებდა, მაგრამ მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. რომ იცოდეთ, რა შიშს და ძრწოლას მგვრიდა ღვთისმშობლის გარეშე დარჩენა... ოღონდ კი მასთან ვყოფილიყავი, ოღონდ მისთვის არ ჩამოვეცილებინე...

მესმოდა, რომ მხოლოდ მე შემეძლო კატიას და ჩემი ხსნა, თუ ღვთისმშობელს შევევედრებოდი, ის შეიწყნარებდა ჩემს ლოცვას და გადავრჩებოდით. შესაძლებელი რომ იყოს იმის გადმოცემა, როგორ ვლოცულობდი, სანამ უგონოდ ვიყავი... ბოლოს, როგორც იქნა, მოვიხედე. ჯერ თვალს ვერ ვახელდი, მაგრამ ხმები მესმოდა. ისე სუსტად ვიყავი, თითებსაც ვერ ვამოძრავებდი. თვალი რომ გავახილე, უცხო ოთახი დავინახე, – ფანჯარაზე ფარდაა ჩამოფარებული, კუთხეში კი... სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა – ადამიანის სიმაღლეზე ხატი ჰკიდია და მის წინ კანდელი ანთია. სწორედ ისეთი, ეკლესიაში რომ ვნახე. მერე გავიგე, ვლადიმირის ღვთისმშობელი ყოფილა.

ვუყურებ ღვთისმშობელს და იმავეს ვიმეორებ, რასაც უგონოდ ყოფნისას – ღვთისმშობელთ, ნუ მიგვატოვებ! – და ვქვითინებ. ვიღაც ჩუმად მიმშრალებს ცრემლებს და პირველად ამ ხნის მანძილზე მშვიდად, შიშებისა და კოშმარების გარეშე ვიძინებ. მეორე დღეს მეღვიძება და იგივე ხმები მესმის. გვერდით ოთახიდან კატიას ტიკტიკი ისმის, – ვიღაც დაბალი ხმით ზღაპარს უკითხავს. ვცდილობ ხმა მივაწვდინო, თვალს ვახელ და ისევ ღვთისმშობელს ვხედავ. ვმშვიდდები, მოკლე ლოცვას ვამბობ, მერე ისევ ვეძახი. შემოდის სათვალიანი, კეთილი, სათნო სახის ქალი და ალერსიანად მეუბნება: კატია აქ არის, ნინა სერგეევნა ახლა საავადმყოფოშია, შეაგვიანდება. კარგია, რომ გონს მოხვედით, ახლა ყველაფერი კარგად იქნება. ღვთისმშობელმა გიშველათ, უგონოდ რომ იყავით, სულ მას უხმობდით. ფილტვების ანთება, გრიპი და მძიმე ნერვული შეტევა ერთად გადაიტანეთ, – ნაზად გადამისვა თავზე ხელი და დასძინა: მე და ნინა სერგეევნა მეგობრები ვართ, ორივე მოსკოველი. 1935 წელს ჩამოვედი აქ საცხოვრებლად, ალექსანდრა ფიოდოროვნა მქვია. სპეციალობით ექიმი სტომატოლოგი ვარ. თქვენს კატიას ძალიან დავუმეგობრდი. მე და ნინამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან იცხოვროთ.

კიდევ ხუთი დღე ვიწექი და მხოლოდ მერე დამრთო ნინა სერგეევნამ ადგომის ნება.

უცნობმა, უცხო ხალხმა შეგვიფარა, ავადმყოფობისას თავს მევლებოდნენ, ჩვენი მოვლა-პარტონობა ითავეს. რატომ მოხდა ასე? როგორ მოხდა რომ ეკლესიაში შევედი? დავდექი ვლადიმირის ღვთიმშობლის ხატის წინ, ვილოცე და სასოებით განვიმსჭვალე? რატომ არ მშორდებოდა ღვთისმშობლის სახება, როცა ავად ვიყავი და პირველი, რაც დავინახე, გონს რომ მოვეგე, სწორედ ვლადიმირის ღვთისმშობელი იყო? რატომ გავხდი მორწმუნე ასე უეცრად, რატომ? და ჯერ კიდევ საწოლში მწოლიარე ვპასუხობდი ჩემს თავს: იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, იყო ჭეშმარიტი და დიადი სასწაული, რომელიც უფალმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მომივლინეს ცოდვით დაცემულს, როგორც წყალობა და ნუგეში. ამის შეგნებამ კიდევ უფრო დიდი მადლიერების და სიყვარულის გრძნობით აღმავსო ღვთისმშობლისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც გადაგვარჩინეს მე და კატია.

ამ ყველაფრის შესახებ, ვუთხარი ნინა სერგეევნას და ალექსანდრა ფიოდოროვნას. ისინი დამეხმარნენ, გავძლიერებულიყავი რწმენაში, მათ მონათლეს კატია და მეც ბევრი რამ მასწავლეს. სამი წელი ვიცხოვრე მათთან, თან ქარხანაში ვმუშაობდი და მოსკოვში მხოლოდ ბინის შესანარჩუნებლად დავბრუნდი, კატია კი მათთან დარჩა, იქვე დაამთავრა სკოლა, ჩააბარა ინსტიტუტში და 1960 წელს ჩამოვიდა ნინა და საშა ბებიებთან ერთად. ზედმეტია ჩემგან იმის მოყოლა, თუ როგორი ადამიანები იყვნენ ისინი. ჩემი ცხოვრების ამ მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის აღწერისას მათზე ყველაფერი ვთქვი, რაც შეიძლება ითქვას ნამდვილ ქრისტიანზე. დავუმატებ მხოლოდ იმას, რომ ორივე მამა არსენის სულიერი შვილი იყო. 1936 წელს ორივეს მოსკოვიდან წასვლა მოუწია, რათა საყოველთაო დაპატიმრებებს გარიდებოდნენ.

1959 წელს მათ მე და კატიას მამა არსენი გაგვაცნეს, რომელიც ბანაკიდან ერთი წლის დაბრუნებული იყო. ასე გავხდით მე და კატია მისი სულიერი შვილები. 1960 წელს ჩვენმა ბებიებმა მოსკოვის შემოგარენში პატარა სახლი იყიდეს, მაგრამ პრაქტიკულად კატიასთან ცხოვრობდნენ.

გმადლთბ, ღმერთო, იმ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩემზე მოიღე. გმადლობ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რწმენასთან, ცხონების წყაროსთან მიახლების სასწაულისათვის. გმადლობ, შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ შემახვედრე შენი ერთგული ასულები და მოგვმადლე სულიერ მოძღვართან, მამა არსენთან, შეხვედრა.

დიდება შენდა, უფალო!

 

სახურავზე

ცხოვრება მძიმე იყო, მოულოდნელი განსაცდელებით აღსავსე, რომლებიც ფიზიკურ თუ სულიერ განადგურებას გვიქადდა, მაგრამ უფალი და ღვთისმშობელი არ გვტოვებდნენ. უმძიმეს წუთებში მათი წყალობა ჩვენთან იყო. ღმერთს თუ დავშორდებოდი, მიგზავნიდა ადამიანს, რომელიც მარიგებდა და შეცდომებისაგან მიხსნიდა, ხოლო თუ საშინელი განსაცდელის ჟამს ლოცვით მივმართავდი, მაშინვე საშველს გამომიჩენდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ დავრწმუნებულვარ ცხოვრებაში, რომ ლოცვა, გულწრფელი ლოცვა სასწაულებს ახდენს, განსაკუთრებით უფლისა და ღვთისმშობლისადმი ლოცვა იფარავს ყველას ყოველგვარი ფიზიკური და სულიერი განსაცდელისაგან.

მოგითხრობთ ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვის ძალაზე და იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა მან ჩვენზე, აქ აღწერილი მოვლენების მონაწილეებზე.

...მაშინ მოსკოვში შიმშილობა იყო. სულზე ერთ ნაჭერ პურს იძლეოდნენ. არც კარტოფილი იყო, არც არავითარი ბურღულეული, არც კომბოსტო, ხორცზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფულს ფასი აღარ ჰქონდა, გლეხები პროდუქტს მარტო ნივთებზე ცვლიდნენ. ქალაქელებს სოფლებში მტრულად გვხვდებოდნენ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ თუ გაგვიცვლიდნენ პურს ან კარტოფილს ქურქში ან ოქროს ძეწკვში. შიშიანობა, უიმედობა და შიმშილობა სუფევდა ყველგან.

საშა, კატია და მე ჩვენს სულიერ მოძღვართან, მამა მიხეილთან მივედით, რათა კურთხევა აგვეღო პურის მოსაპოვებლად გამგაზავრებისათვის. ბევრს მიჰქონდა ნივთები პურზე გადასაცვლელად, რატომ არ შეიძლებოდა, ჩვენც გვეცადა ბედი?! მამა მიხეილმა მოგვისმინა, ჩაფიქრდა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მერე მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და დიდხანს, ძალიან დიდხანს ილოცა. შემდეგ მოგვიბრუნდა, – თქვენს თავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვაბარებ, ყველამ პატარა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გაიყოლეთ და მთელი გზა განუწყვეტლივ ილოცეთ, ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი იყოს თქვენი შემწე, –ძალიან გაგიჭირდებათ, მე კი აქედან ვილოცებ თქვენთვის. შემდეგ წარმოთქვა: „ღვთისმშობელო ქალწულო და ძლევაშემოსილო წმინდაო გიორგი, შეეწიეთ და დაიფარეთ ისინი შიშის, რისხვისა და ხიფათისაგან. შეეწიე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“ – და მდუმარედ გარდაგვსახა პირჯვარი.

შემდეგ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისკენ შებრუნდა და ლოცვა დაიწყო, ჩვენ თითქმის დავავიწყდით.

ასე გავემგზავრეთ მოძღვრის კურთხევით და მთელი გზა ვფიქრობდით, რატომ მოუხმო მამა მიხეილმა წმინდა გიორგის. ახალგაზრდა გოგონები ვიყავით და, ძნელბედობის მიუხედავად, ცხოვრებას მაინც იოლად აღვიქვამდით, სიძნელეები არ გვაფრთხობდა და წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მთელი ცხოვრება ქალაქში გავატარეთ, ინტელიგენტურ ოჯახებში, ხალხისა და სოფლისაგან შორს ვიყავით. უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები ეკლესიამ დაგვამეგობრა. ოჯახები დიდხანს არ გვიშვებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენი გავიტანეთ, – ხან ვაგონის კიბეებზე მოგვიწია მგზავრობამ, ხან გასასვლელში.

ჩვენი ნივთები ორ ფუთამდე ფქვილში, ერთ ფუთამდე ფეტვში და ცოტაოდენ ხახვში გადავცვალეთ. რის ვაივაგლახით მოვათრევდით, მაგრამ სიხარული გვიმსუბუქებდა ტვირთის სიმძიმეს – პროდუქტი მოგვქონდა და წინასწარ ვხარობდით, როგორ გავახარებდით ჩვენებს, მაგრამ... მოსკოვიდან შორს ჩავრჩით, სადაც შეიარაღებული რაზმები პურს ართმევდნენ ყველას. სადგურიდან ჩვენს მატარებელს არ უშვებდნენ. მარტო სამხედრო ეშელონებს და დახურულ სატვირთო ვაგონებს ატარებდნენ რაღაც ტვირთით. ირგვლივ ტიფი, განუკითხაობა და შიმშილი მძვინვარებდა. სამი დღე სადგურში ვისხედით, ხახვითა და უმი ფეტვით ვიკვებებოდით, – დღემდე მახსოვს მისი გემო. ღამით სატვირთო ვაგონების დიდი შემადგენლობა ჩამოდგა. ხმა დაირხა, სამხედრო მატარებელი მოსკოვის მიმართულებით მიდისო. დილით, ადრე, კარი გაიღო და ჯარისკაცები (მაშინ წითელარმიელები ერქვათ), გამოეფინენ ვაგონებიდან და არემარეს მოედვნენ გლეხებისთვის ნივთების საკვებზე გადასაცვლელად. ქალები ამბობდნენ, ჯარისკცებთან ვაგონში ასვლა სახიფათოაო, – საშინელებებს ყვებოდნენ. ხმები დადიოდა, თეთრგვარდიელებმა ფრონტი გაარღვიეს, მწვანეთა ბანდები სადგურთან დათარეშობენ და ყველას აწიოკებენო. სადღაც ქოლერამ იფეთქა. საშველი არსაიდან ჩანდა. აი, მაშინ კი გაგვახსენდა მამა მიხეილის სიტყვები... ეშელონის ვაგონები გადაჭედილი იყო წითელარმიელებით, ცხენებით, ოთხთვალებითა და ტყვიამფრქვევებით. ჯარისკაცები იატაკზე დაგებულ ქვეშაგებზე სხედან, ეწევიან, იცინიან, მზესუმზირის ჩენჩოს იფურთხებიან და ქალებს ეძახიან: დედაკაცებო, ამოდით, ჩქარა წაგიყვანთო. ჩვენ ვფრთხილობთ... რამდენიმე ქალმა გაბედა ასვლა. ჯარისკაცები ხუმრობა-ხუმრობით ხელს აშველებენ, ტომრები და ტომსიკები ააქვთ ვაგონში. ამბობენ, რომ მატარებელი რამდენიმე დღე აღარ იქნება. ჩვენ ვღელავთ, გაცხარებული ვბჭობთ, როგორ მოვიქცეთ. ამასობაში კი ზოგი ვაგონის სახურავზე უკვე გამოჩნდა ტომრიანი ხალხი, მათი რიცხვი უფრო და უფრო მატულობდა. ვაგონებიდან სიცილის და გარმონის ხმა ისმოდა, ამბობდნენ: სერპუხოვამდე მიდისო.

რამდენიმე ქალმა გადავწყვიტეთ ვაგონის სახურავზე ავმძვრალიყავით, – სხვაგვარი მგზავრობის შესაძლებლობა აღარ იყო. გაჭირვებით ავძვერით ვაგონებს შორის კიბით და ავიტანეთ ტომრები. მზე აცხუნებდა, შუაგულ სახურავზე გახურებულ რკინას ვეკვროდით.

გულში ღვთისმშობელს ვევედრებოდი და შეუმჩნევლად პირჯვრის გადაწერას ვცდილობდი. საშა და კატია ლოცულობდნენ. მთელი სახურავები აივსო, ძირითადად, მხოლოდ ქალებით. საშინლად ბოლავდა ორთქლმავალი, საწვავად შეშა ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, მატარებელი შეტორტმანდა და დაიძრა.

...ჩავუარეთ ხალხით გაჭედილ სადგურს, ზოგი ამოხტომას ლამობს. ვარდებიან და ისევ ცდილობენ, მაგრამ ცოტას თუ გამოსდის. მატარებელი უკვე ტრიალ სტეპშია. ირგვლივ არაფერი ჩანს, ლიანდაგი ობლად მიიკვლევს გზას გადატრუსულ ბალახში. ორთქლმავლის მილიდან ამოჭრილი შავი ბოლი ნაპერწკლებს ისვრის და ჭვარტლით გვმურავს სახურავზე მყოფთ. ვიგერიებთ ნაპერწკლებს, ერთმანეთის ტანსაცმელზე ვაქრობთ. გული მშვიდად მაქვს, ერთხანს ლოცვასაც ვწყვეტ და ინტერესით ვათვალიერებ მიდამოს, სტეპს, გზას, ვაგონების შავ, ხალხით სავსე ზედაპირებს. საშა გარინდულა და ტუჩების მსუბუქ მოძრაობაზე ეტყობა, რომ ლოცულობს. ჩვენც მას მივბაძეთ. ღვთისმშობლის სახელის მოხმობა სიმშვიდეს გვანიჭებს. საშა ჩუმად გვთხოვს, ისე დავწვეთ, რომ თავები ერთად გვეწყოსო და ზეპირად გვიკითხავს ვლადიმირის ღვთისმშობლის დაუჯდომელს. გვერდით მყოფთ ვაგონების ხმაურში არ ესმით. დაუჯდომლის ყოველი მუხლის მერე ლოცვას ამბობს, რომელშიც ასეთი სიტყვებია: „ჰოი, ღვთისმშობელო, საფარველსა ქვეშე შენსა დაგვიფარე წყალობითა შენითა და ყოველთაგან ჭირთა გვიხსენ შენზედ მსასოებელნი და მაქებელნი შენნი!!!“

და ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რომ ჩვენ, სამი უსუსური გოგო, მარტო არა ვართ ვაგონის სახურავზე, ღვთისმშობელი ჩვენთანაა და განსაცდელში დაგვიცავს.

ცხელა, ჰაერი დახუთულია, გვიჭირს ნაპერწკლების ჩაქრობა და ზედაპირზე თავის შემაგრება. ვაგონები ძლიერ ირყევა და ტომრები გამუდმებით ცურდება, მათი გასწორებით მკლავები დაგვაწყდა. მატარებელი რამდენჯერმე გაჩერდა, ჯარისკაცებმა შეშა ამოზიდეს, ორთქლმავალი წყლის მარაგს იღებს და გზას ვაგრძელებთ. აქა-იქ ცალკეულ საგზაო ჯიხურებს, სოფლებს, ნაგებობებს ვხედავთ, ირგვლივ კი უკიდეგანო სტეპია. მივდივართ, მივდივართ დაუსრულებლად, სურათი კი არ იცვლება. უცბად მატარებელი მკვეთრად შედგა. ხალხი ხტება, დარბიან, რაღაცას გაჰკივიან. ჩვენ ისევ სახურავზე ვწევართ. მზე თითქმის მიეფარა ჰორიზონტს. აგრილდა. ნაპერწკლები აღარ ცვივა. გვწყურია. ვაგონების კარი იღება, ჯარისკაცები მიდამოს მოეფინნენ, იცინიან, ლაზღანდარობენ, უცებ ერთ-ერთმა ამოიხედა, – ბიჭებო, ნახეთ, სახურავი სავსეა დედაკაცებით, აბა, მომყევითო – და სახურავს შემოესივნენ. ხმაური, გნიასი, ყვირილი და შეკივლებები ერთმანეთში ირევა...

რა ვქნათ? – გამიელვა თავში. ჯარისკაცებით ივსება სახურავი. აქა-იქ მუდარა გაისმის, აქა-იქ – ლანძღვა: უსინდისო! რას სჩადი, დედად გეკუთვნი! ან – ბიჭებო, პური არ დააზიანოთ, სახლში მშიერი წვრილშვილი მელოდება; – შენი პური არ გვჭირდება, ჩვენ უფროსობა გვაჭმევს, –პასუხობენ უდიერად.

ჩექმები შიშისმომგვგრელად ბრახუნობს რკინაზე. ისმის ქალების ტირილი, მუდარა, ზოგი იბრძვის და სახურავიდან ხტება, ხელ-ფეხს იშავებს. მე ვლოცულობ, ღვთისმშობელს ვევედრები, კატია მეკვრის და, ქვითინით, ხმამაღლა ლოცულობს. საშა კუშტად უყურებს მოახლოვებულ ჯარისკაცებს. მე ვიცნობ საშას, – არ გატყდება, არ დანებდება. მტკიცე და უტეხი ხასიათი აქვს, მთელი არსებით ლოცულობს. მეც ისევ ვლოცულობ, ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის მივმართავ. მოძღვრის იმედი მაქვს, საშას ლოცვის ძალისაც მჯერა. ამ დროს ჯარისკაცი გვიახლოვდება, ფართო ყვრიმალები, გაკრეჭილი თავი და ცარიელი თვალები აქვს. ხელი ჩამავლო და მეუბნება: დაწექი, გოგონი, არაფერს დაგიშავებ, – მე ხელს ვკრავ, უკან ვიხევ, თან პირჯვარს ვიწერ. უაზროდ იცინის და მიახლოვდება. სახურავზე ერთი გნიასია, ზოგი ეწინააღმდეგება, ზოგი ნებდება. წინააღმდეგობის გაწევას, რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს, ჯარისკაცი უამრავია და წარმოდგენა არ აქვთ, რას სჩადიან. ეს ყველაფერი მხიარულ თავგადასავლად მიაჩნიათ. პოლკი დასასვენებლად და შესავსებად გამოიყვანეს, ომში (ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, თეთრგვარდიელებსა და წითელარმიელებს შორის მიმდინარე ბრძოლებში) ყოველ წამს სიკვდილს უყურებდნენ თვალებში და ახლა სრული უფლება აქვთ ცოტათი გაერთონ, – ასე ფიქრობენ ისინი. ქალების წინააღმდეგობა მათ მხოლოდ აცინებს და უფრო ახელებს. როგორც ჩანს, სოფლების აღებისას სხვის ცოლებზე ძალადობა მათთვის ჩვეულ საქმედ იქცა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით, მოსკოვში გავიაზრე.

ცარიელთვალება მოდის, მე უკან ვიხევ, კატია ხელს მკიდებს და ცახცახებს, – მოვბრუნდი და ვხედავ, უკან დასახევი აღარ არის. ქვემოდან კი მეზღვაური მოიწევს – მაღალი, მხრებგანიერი, განრისხებულ სახეზე საცრისოდენა თვალები უელავს. მატროსის ენერგიული, გაგულისებული მოძრაობები მაშინებს და მისი სახე გონებაში მებეჭდება!

გამოსავალი არ ჩანს, – წინ ირიბთვალებაა, უკან განრისხებული მატროსი.

ჯარისკაცი ჩერდება, კატია სახურავის კიდესთან დგას, საშა ისევ ცხელ რკინას ეკვრის და ლოცულობს. ვერაფერს ხედავს, მის შეხებას არც არავინ ცდილობს. მატროსი მხრებში ჩამაფრინდა, გვერდზე მიბიძგა და ძლიერი, რისხვით მოკანკალე ხმით მეუბნება: „დავწყნარდეთ, ახლა ყველაფერს გავარკვევთ, სახურავიდან გადახტომას კი ყოველთვის მოასწრებ“. მერე ჯარისკაცთან მიდის, მკერდში მუშტს ჰკრავს და უყვირის: „აბა, არამზადავ, გაეთრიე აქედან!“ ჯარისკაცი მაშინვე უჩინარდება ვაგონებს შორის სივრცეში. მარტო ვრჩებით. მეზღვაური სახურავს მიუყვება, ვიღაც ჯარისკაცს ფეხზე აყენებს და უყვირის: „რას სჩადი, კონტრა! მუშურ-გლეხურ ხელისუფლებას და არმიას არცხვენ?!“

ჯარისკაცი გააფთრებით იგინება, ცდილობს დაარტყას მეზღვაურს, მაგრამ ის ნაგანს იღებს და სახეში ესვრის. ჯარისკაცი სახურავიდან მიწაზე უსულოდ ეცემა. „ამხანაგებო! – ყვირის მეზღვაური, – ჩვენ რევოლუციის ჯარისკაცები ვართ, ჩვენ საბჭოთა ხელისუფლებას ვაშენებთ! ჩვენ ხალხისთვის ვართ და ხალხიდან ვართ. რას სჩადით?! სამარცხვინოა! წითელი არმია მშრომელებს იცავს, ჩვენ კი თავს ვირცხვენთ. მოძალადეები ადგილზე დახვრეტის ღირსნი არიან. გონს მოდით, ამხანაგებო! სადღაც ხომ ჩვენი დები და ცოლები დავტოვეთ! კომუნისტებო, ჩემთან!“ – ჯარისკაცები ჩოჩქოლებენ, სადღაც ჩხუბის ხმა ისმის, სახურავიდან ეშვებიან, ვაგონებიდან გამორბიან. შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი მეზღვაურთან მოგროვდა – ესენი პოლკის კომუნისტები და მეთაურები არიან. იწყება მიტინგი. მეზღვაური გაცხარებით, მარტივად და გასაგებად ლაპარაკობს. თავიდან წითელარმიელები ახმაურდნენ, იარაღზე იტაცეს ხელი, მაგრამ ვაგონის სახურავზე, სადაც მეზღვაური დგას, სიტყვის სათქმელად ადიან მეთაურები, ჯარისკაცები, კომისრები.

სახურავებზე მხოლოდ ქალები და რამდენიმე ტომრიანი კაცი დარჩა. მიტინგი თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, შემდეგ ორთქლმავლის სიგნალი გაისმა, ჯარისკაცები ვაგონებში ავიდნენ, მანამდე კი ჩქარ-ჩქარა დამარხეს დახვრეტილი ჯარისკაცი. მეზღვაური მოგვიახლოვდა და გვითხრა: წამოდით ვაგონებში, გოგონებო, მშვიდად იმგზავრებთო. საშა წამოდგა, წავედითო. მატარებელი ნელი სვლით მიდიოდა ორი დღე-ღამე. კარგად გვეპყრობოდნენ, ფაფით გვიმასპინძლდებოდნენ, გვასმევდნენ მუქი წითელი ფერის ჩაის, დამწვრის გემო რომ დაჰკრავდა, – რომელიღაც დამწვარი ვაგონიდან წამოეღოთ. მეზღვაური გიორგი ივანეს-ძე ტულიკოვი, რომელსაც მატარებელში ყველა ამხანაგ ტულიკოვს ეძახდა, პოლკის კომისარი იყო. მთელი გზა გვესაუბრებოდა, გამოგვკითხა, ვინ ვართ და საიდან. ყველაზე მეტს სხვა დროს სიტყვაძუნწი საშა უყვებოდა უნივერსიტეტის, რწმენის, ჩვენი მეგობრობის და იმის შესახებ, თუ როგორ წამოვედით ამ სახიფათო გზაზე მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის შემწეობის იმედით. ვფიქრობდი, რომ არ ღირდა ამ ყველაფრის უცხო ადამიანისთვის მოყოლა, მაგრამ გიორგი მდუმარედ გვისმენდა და ერთხელაც არ დასტყობია რამე განკითხვის ან დაცინვისმაგვარი. ვაგონის სიღრმეში, ჩვენთვის საგანგებოდ გასუფთავებულ ადგილზე გვეძინა. მთელი გზა საუბარში და კითხვა-პასუხში გავატარეთ. ლოცვით კი ღამით ვლოცულობდით, განსაკუთრებით – საშა.

რამდენჯერმე რაზმები შემოგვხვდნენ, რომლებიც ცდილობდნენ სახურავებიდან ქალები ჩამოესხათ და ვაგონებში შემოეღწიათ, მაგრამ მატარებლის შეიარაღებული დაცვის წინააღმდეგობას აწყდებოდნენ და ლანძღვა-გინებით უკანვე ბრუნდებოდნენ. პოდოლსკამდე ჩაგვიყვანეს, იქით ეშელონი აღარ მიდიოდა. გიორგიმ და სხვებმა საგარეუბნო მატარებელში გადაგვსხეს და მშვიდობით ჩამოვაღწიეთ მოსკოვამდე.

პოდოლსკში, რომ ვემშვიდობებოდით, მადლობა გადავუხადეთ გიორგის და იმ მებრძოლებს, რომლებიც ვაგონში იყვნენ. გამოთხოვებისას გიორგიმ გვითხრა, ვინ იცის, იქნებ შევხვდეთ კიდეც, რა არ ხდება ცხოვრებაშიო.

ჩვენი ჩუმი საშა კი, რომელიც ყოველთვის თავშეკავებისა და ზომიერების განსახიერება იყო, მიუახლოვდა გიორგის, მხრებზე ხელი დაადო და უთხრა: გფარავდეთ ღმერთი კეთილი საქმეებისათვის, იყავით მუდამ კეთილი და გულისხმიერი, მშვიდობით, – და მდაბლად თავი დაუკრა. ეს ძალზე უჩვეულო იყო მორცხვი და მუდამ მლოცველი საშასაგან.

ჩვენების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, საღ-სალამათები რომ დავბრუნდით, ჩვენ კი მაშინვე მამა მიხეილთან წავედით.

სახლის პარმაღზე ეკლესიის ახლოს, სადაც ის ცხოვრობდა, მამა პავლე შემოგვეგება – მამა მიხეილი გელით, შესახვედრად გამომაგზავნა, მთელი ეს დღეები თქვენთვის ლოცულობდაო.

შევედით. მამა მიხეილი წამოდგა, გადაგვეხვია, დაგვლოცა, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისკენ შებრუნდადა ხმამაღლა აღუვლინა სამადლობელი ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. შემდეგ კი ვუამბეთ ყველაფერი, რაც გადაგვხდა. მამა მიხეილი გვისმენდა და ყაზანისა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატებს უყურებდა, ჩანს, ისევ ლოცულობდა. რომ მოვრჩით თხრობას, ხმამაღლა თქვა: გმადლობ, ღმერთო, დიდი წყალობისთვის, რომელიც მოგვივლინე ჩვენ, ცოდვილებს. მეზღვაური გიორგი არ დაივიწყოთ გოგონებო, მასში ღვთის მადლია და ღმერთმა ნუ მოაკლოს ეს მადლი მთელი სიცოცხლე. ილოცეთ მისთვის და თუ ოდესმე შეგხვდებათ, მაშინ კი დაეხმარეთ. აუცილებლად მხარში ამოუდექით.

გავიდა ოცდასამი წელი. 1943 წელი იყო. მამა მიხეილი გადასახლებაში გარდაიცვალა 1934 წელს, იქვე აღესრულა ჩვენი საშა. ჩვენთვის სულიერ მამასთან განშორება მძიმე დანაკლისი იყო, – ყველანი მტკივნეულად, ტრაგიკულად განვიცდიდით. რამდენიმე წლის მანძილზე მისგან გამოგზავნილი მოკლე წერილებით ვსულდგმულობდით. მამა მიხეილი 1928 წელს დააპატიმრეს, მე რამდენჯერმე ვინახულე და თითო თვე დავრჩი მასთან. საშამ კი ყველაფერი მიატოვა და გადასახლებაში გაჰყვა.

რამდენი რამ მოხდა ამ წლებში, რამდენი ხალხი წავიდა! გვიმძიმდა მამა მიხეილის გარეშე, მან ჩვენი თავი თავის სულიერ შვილს, მამა არსენს ჩააბარა, რომელიც მაშინ სხვა ქალაქში ცხოვრობდა მოსკოვთან ახლოს.

კატია დიდი ხნის გათხოვილი იყო, მასთან კავშირი არ გამიწყვეტია. 1943 წელს ქირურგად ვმუშაობდი სამხედრო ჰოსპიტალში, – დღე-ღამეში 18-20 საათი. რამდენიმე კვირა ისე გადიოდა, რომ სახლში ვერ მოვდიოდი, ეკლესიაში ათასში ერთხელ თუ ვახერხებდი შევლას, ჩემიანების სანახავადაც არ მქონდა დრო. იშვიათადღა ვლოცულობდი...

ამ დაძაბულ, ომის წლებში წარსულის მოგონებები გახუნდა, ვაგონის სახურავზე მოგზაურობაც დავიწყებას მიეცა, ახლა მხოლოდ ღმერთი არ უნდა დაგვევიწყებინა.

...ჰოსპიტალი ოფიცრებისთვის იყო, უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ, ოპერაციებს ისე ვაკეთებდით, სახეზე არც დავხედავდით ხოლმე, მხოლოდ ჭრილობას ვხედავდით.

ერთ ღამეს მოიყვანეს დაჭრილი პოლკოვნიკი. უგონოდ იყო. ოთხი საათი გაგრძელდა ოპერაცია, რამდენჯერმე სისხლის გადასხმაც დაგვჭირდა, ისე დავიქანცეთ, რომ ბოლოს, როგორც ვიყავი, ისევე დავვარდი და ჩამეძინა, ექთნებმა გამხადეს თურმე მძინარეს.

ოთხი საათი ვიძინე და ისევ ავადმყოფს მივაკითხე. ნელა უბრუნდებოდა სიცოცხლეს. დღეში სამჯერ ვაკითხავდი, ძალიან მინდოდა მისი გადარჩენა.

ოპერაციიდან მეოცე დღესაც მივაკითხე, – წევს გაცრეცილი, მარტო თვალები უელავს. შემომხედა და მეუბნება: „მაშენკა, რამდენი ხანია დადიხარ ჩემთან და ვერ მცნობ“. აღშფოთებულმა ვუპასუხე: „მე სამხედრო ექიმი ვარ და არა მაშენკა“ – შემოვლაზე ვიყავი ექიმების ჯგუფთან ერთად. მეორედ მის საწოლთან რომ მივედით, ისევ მეუბნება: „ეხ, მაშენკა, მე კი თქვენ, კატია და საშა მთელი ცხოვრება მახსოვხართ!“ მაშინ კი გამინათდა გონება, „გიორგი! – შევძახე და გადავეხვიე, ექიმები და ექთნები ზრდილობის გამო ოთახიდან გავიდნენ. პატარა გოგოსავით ჩავეხუტე და ავქვითინდი. ახლაღა შევნიშნე, რომ მის საწოლზეც, როგორც სხვებთან, ბარათი ჰკიდია და ზედ აწერია: „გიორგი ნიკოლოზის ძე ტულიკოვი“. რატომ აქამდე არ შემიმჩნევია?!

გიორგი გამოცოცხლდა და, შემოვლის მერე მინახულეთო, – მთხოვა.

ორი თვე ვაკითხავდი მორიგეობებისა და შემოვლების შემდეგ. რაზე აღარ ვსაუბრობდით, მაგრამ მისი პირველი კითხვა იყო, ისევ მორწმუნე ვარ თუ არა. საუბრით გული ვიჯერეთ, ხელს არავინ გვიშლიდა, ცალკე პალატაში იწვა. ვუამბობდი მამა მიხეილზე, გარდაცვლილ საშაზე, გათხოვილ კატიაზე, საკუთარ თავზე, გადასახლებულ მამა არსენზე. თავისზეც ბევრი მიამბო. მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ბუნებით სუფთა და კეთილ ადამიანად დარჩა ბოლომდე. საშას მაშინდელი სიტყვები ღრმად ჩაბეჭდია მეხსიერებაში და რწმენის, რელიგიისა და ადამიანებისადმი სხვაგვარად განაწყო თურმე. 1939 წელს, უკვე პოლკოვნიკის წოდებით, გადასახლებულთა ბანაკში მოხვედრილა. იქ უამრავი ადამიანი უნახავს – კარგიც და ცუდიც, მაგრამ ყველაზე მეტად, ერთი ოცდასამი წლის ახალგაზრდა დამახსოვებია, რომელიც ისეთი კეთილი ყოფილა, რომ განურჩევლად ყველას უყვარდა, დამნაშავეებსაც კი. სწორედ მან დააახლოვა ღმერთთან. ორმოცდაერთი წლის დასაწყისში გლები (ასე ერქვა იმ ახალგაზრდას) ბანაკში დაიღუპა. თვითონ კი აგვისტოში გაათავისუფლეს, კაპიტნის წოდებით ფრონტზე გაუშვეს, მერე პოლკოვნიკი გახდა, დივიზიას მეთაურობდა, გამოჯანმრთელების მერე ისევ ფრონტზე უნდოდა წასვლა. რა არ ენახა: გენერალური შტაბი, სამოქალაქო ომი, ხალხინგოლი, ესპანეთი, ფინეთის ომი, ახლა კი – სამამულო...

მე და გიორგი დიდ მეგობრებად დავრჩით. მთელი ომის წლები მიწერ-მოწერა გვქონდა, 1948 წელს ოჯახით მოსკოვში გადმოსახლდა. უფრო ხშირად და რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს. შემდეგ პენსიაზე გავიდა. ახლა, თითქმის მუდმივად, მოსკოვის ახლოს აგარაკზე ცხოვრობს და შვილიშვილებს ზრდის. ისე ხშირად აღარ ვხვდებით. ზაგორსკის სამების ტაძარში ვხედავთ ხოლმე ერთმანეთს. რამდენად მართალი იყო მამა მიხეილი, 1920 წელს რომ მითხრა, შეხვდებითო. დიდია ლოცვის ძალა, მაგრამ რამდენად აღმატებულია სულიერი მამის ლოცვა სულიერი შვილებისათვის და, რაოდენ უსაზღვროა ღვთისმშობლის მოწყალება ჩვენ ცოდვილებისადმი. ღვთისმშობლისადმი ლოცვით გვიხსნა დაღუპვისა და შეურაცხყოფისაგან მამა მიხეილმა ჩვენ და მიიყვანა ჩვენი მეშვეობით გიორგი ღვთის რწმენასთან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დაგვიფარე!

 

აღიარება

მამა არსენის შესახებ თხრობა, საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი ცხოვრების, მოქმედებების, მასთან, როგორც სულიერ მამასთან დაკავშირებული ფაქტების გადმოცემასაც მოიცავს. ჩემი ნაცნობი სამღვდელო პირებისაგან მას განსაკუთრებული მლოცველობა, ადამიანის ბუნების არაჩვეულებრივი წვდომის უნარი, ცხოვრებისა და ადამიანთა ბუნების ღრმა ცოდნა, მჭვრეტელობა და საკუთარი თავის სრული უარყოფა გამოარჩევდა. მთელი მისი ცხოვრება მოყვასის დახმარება იყო. ვერავინ შეძლებდა აღსარებისას მისთვის რაიმე დაემალა, არ გაემხილა. როდესაც მის წინაშე იდექი, პირდაპირ ფიზიკურად გრძნობდი, რომ შენს შინაგან მდგომარეობას ჭვრეტდა და უსიტყვოდ იცოდა, რა უნდა გეთქვა.

ომამდე, როცა ის გადასახლებებში იყო, დედასთან ერთად, ხშირად ჩავდიოდი მასთან და ის ჩემი მოძღვარი გახდა. მაშინ 18 წლის ვიყავი. შემდეგ კი, 1940 წლიდან, მრავალი წელი ვერ ვნახულობდით, არც ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ არა, ან სად იმყოფებოდა. ჩემი ჩანაწერები აქ ნამდვილი სახელის მითითების გარეშე მომყავს. მეტისმეტად ბევრია მათში პირადული.

ორმოციან წლებში მორწმუნე, მშვიდ, კეთილ, მაგრამ ძალზე გულჩათხრობილ და სიტყვაძუნწ კაცს გავყევი ცოლად. ათი წლით იყო ჩემზე უფროსი.

სამამულო ომი დამთავრდა, 1946-52 წლების რეპრესიებს გადავურჩით. ორი ქალიშვილი შეგვეძინა. დედა ჩვენთან ცხოვრობდა. მეუღლეს ვუყვარდი, – თავისებურად, მშვიდად, ჩუმად. დიდ დროს უთმობდა ბავშვების ქრისტიანულად აღზრდას. მატერიალურად არ გვიჭირდა, სახლში ბევრს ვლოცულობდით, შაბათ-კვირას კი ახლომდებარე ეკლესიაში დავდიოდით, სადაც ძალიან კარგი მოძღვარი იყო – მამა გიორგი. ოჯახში, ერთი შეხედვით, ჰარმონია და თანხმობა სუფევდა.

მაგრამ 1952 წლის გაზაფხულზე ისეთი რამ შემემთხვა, რამაც მთელ ჩემ ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა, რაღაც ორმაგი კვალი დაამჩნია – ერთი მხრივ, უმძიმესი ცოდვისა, რომელსაც გულწრფელად ვინანიებ და, მეორე მხრივ, დიდი ბედნიერების, ამქვეყნიური სიხარულის და ნამდვილი გრძნობისა. ეს მეორე კვალი უფრო ღრმად დაილექა მეხსიერების ფსკერზე. მართალია, მონანიებამ დაფარა, მაგრამ სამუდამოდ არ წაშლილა. ჩემი ცოდვის შესახებ მამა გიორგისთან ვთქვი აღსარება და, როგორც მეგონა, ამან ნაწილობრივ მომწმინდა ნამუსი.

1958 წელს მამა არსენი ბანაკიდან გაათავისუფლეს და სულიერი შვილები აუწერელი სიხარულით ვეგებებოდით. მეჩვენებოდა, რომ მასთან სიახლოვით, ჩვენ ყველანი უფრო მივუახლოვდით ღმერთს. ყველაფერი მოვუყევი, გარდა 1952 წელს მომხდარი ამბისა, ეს ვერ შევძელი, მეგონა, ზურგს შემაქცევდა.

რა შემემთხვა ამ 1952-ში? როგორც გითხარით, მეგობრული ოჯახი გვქონდა, მაგრამ უეცრად დიდი, ყოვლისწამლეკავი გრძნობა დამატყდა თავს – სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის, ურწმუნო, მაგრამ კეთილი, გულისხმიერი, ძალიან ჭკვიანი და ნებისყოფიანი ადამიანისადმი. ეს გრძნობა უეცრად შემოიჭრა ჩემში. პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა და ჩემთვის უჩვეულო სინაზის, ყურადღების და მზრუნველობის საბურველში გამხვია, ასე რომ იზიდავს ყველას, განსაკუთრებით კი, ქალებს. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი არასდროს იყო ნაზი და ალერსიანი. ის წესისა და მოვალეობის კაცი იყო.

პირველ დღეებში ფიოდორის (სინამდვილეში სხვა სახელი ერქვა) ყურადღება და სინაზე მაკვირვებდა, ცოტა არ იყოს, მაფრთხობდა კიდეც და, ამავე დროს, მიზიდავდა, – გამიჩნდა სურვილი, უფრო ღრმად ჩამეხედა მის სულში, გამეგო და დავხმარებოდი, სწორედ რომ, დავხმარებოდი, მაგრამ – რაში? მე თავადაც არ მესმოდა, რით შემეძლო, მისი დახმარება. რამდენს ნიშნავს ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქალისთვის, ყურადღება და ნაზი, ალერსიანი მოპყრობა... ცხოვრება მდორედ, ჩვეული რიტმით მიედინება. ზეპირად ვიცით, რას გვეტყვიან, რა იქნება, სახლში რომ მივალთ, და ასე შემდეგ... დიდი ხნის ოჯახში ყვლაფერი უკვე თითქმის უცვლელად მეორდება და წლობით დამკვიდრებულ ჩარჩოებს არ სცილდება.

ენერგიული, მაღალი, არცთუ თვალშისაცემი, მაგრამ მიმზიდველი მამაკაცური გარეგნობის ფიოდორი ენციკლოპედიური, ღრმა ცოდნით და მრავალმხრივი ინტერესებით იპყრობდა გარშემომყოფთა ყურადღებას, მაგრამ უბრალო, გულჩათხრობილი, თავშეკავებული იყო და, რამდენადაც ვიცი, ქალებით გატაცება არ სჩვეოდა. მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარდა – თავისი ცოლი ანა, რომელთანაც მრავალი წელი ვმეგობრობდი. 1952 წელს ანიუტა 43 წლის იყო, ფიოდორი – 46-ის. მათ ჩვენსავით წყნარი, აწყობილი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ანიუტა ხასიათით ჩემს ქმარს ჰგავდა – ისეთივე სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი, პედანტური, მშრალი და საოცრად მეოჯახე იყო.

ფიოდორი სამსახურით ცხოვრობდა. ჩვენ სხვადასხვა სპეციალობა გვაქვს და სხვადასხვა ორგანიზაციებში ვმუშაობდით, მაგრამ ზოგჯერ ვხვდებოდით და ერთობლივ სამუშაოსაც ვასრულებდით. ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად, ისევე, როგორც ჩვენ – მათთან. მე და ფიოდორი უცბად გამოვნახავდით ხოლმე სასაუბროს და ჩემი მეუღლე და ანიუტა გვეუბნებოდნენ: ნუთუ სახლშიც სამსახურზე უნდა ისაუბროთო? მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გააწყობდნენ, სხვა სტუმრებზე გადაჰქონდათ ყურადღება. ჩვეულებრივი ნაცნობობა ალბათ ასეც გაგრძელდებო და, ყოველგვარი გართულების გარეშე, უბედურება რომ არ დამტყდომოდა თავს.

1952 წელს მე და ჩემი მეუღლე გულით დაავადებულთა პატარა სანატორიუმში უნდა წავსულიყავით, სადაც არაერთხელ ვყოფილვართ. ძალიან მოგვწონდა იქაური ბუნება. მეუღლე მოულოდნელად გააგზავნეს მივლინებაში და მისი საგზური იკარგებოდა. გადავწყვიტეთ ფიოდორისთვის შეგვეთავაზებინა, რადგან მას სწორედ შვებულების ერთი თვე ჰქონდა გამოსაყენებელი. შენც მარტო არ იქნები, მაინც ახლობელი გეყოლება გვერდითო, – არხეინად მითხრა ქმარმა.

მაისის დასაწყისი იყო. მზიანი, თბილი ამინდები იდგა, ქორფა ბალახით დაფარული გორაკები, პირველი მინდვრის ყვავილები, ხუჭუჭა ჭალები, პატარა ტბებით სავსე შემოგარენი, განმარტოება და საოცარი სიმყუდროვე ისეთ ლირიკულ განწყობას ქმნიდა, ვასილიევის, ლევიტანის და ნესტეროვის ტილოებს გვაგონებდა. ამ გაზაფხულზე ყველაფერი მშვენიერი მეჩვენებოდა. პირველი ხუთი დღე მე და ფიოდორი გატაცებით ვსაუბრობდით და ვსეირნობდით. ფიოდორის მდუმარება და ჩაკეტილობა სადღაც გაქრა; – ვმსჯელობდით, ვკამათობდით, აღტაცებით ვსაუბრობდით ყველაფერზე: რელიგიაზე, რწმენაზე... ბედნიერი ვიყავი და ყველაფერი მახარებდა. ფიოდორი სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში – განსაკუთრებით თბილი და ყურადღებიანი, მაგრამ მეხუთე დღეს მეექვსე მოჰყვა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა და დაიწყო სულ სხვა, – შეხვედრების სიხარულით, უზარმაზარი, ყოვლისმომცველი სიყვარულით გაცისკროვნებული ცხოვრება.

ოჯახი, ქმარი, შვილები, რწმენა, სულიერი მოძღვრის შეგონებები, ქალური კდემამოსილება, ყველაფერი გაქრა; მიწიერმა სიყვარულმა, რომელიც არასდროს განმიცდია, როგორც სტიქიურმა უბედურებამ, ეს ყველაფერი იმსხვერპლა. მივხვდი, რომ ნამდვილი სიყვარული მეწვია, ცხოვრებაში იშვიათად რომ გვხვდება, რომელზედაც უარის თქმა არც შემეძლო და არც მსურდა. ფიოდორთან გატარებული ყოველი დღე სავსე იყო ბედნიერებით, აღმოჩენებით, აღტაცებით... სამყარო გარდაიქმნა, ყველაფერი, რაც ადრე მოსაწყენი და უსახური მეჩვენებოდა, გაბრწყინდა, აელვარდა და თვალისმომჭრელად მშვენიერი წარმომიდგა. და ამ სიახლის ნაკადს, რომელმაც მთელი წარსული წალეკა, ანგარიშმიუცემლად მივყვებოდი; – მოუთმენლად ველოდი ყოველ ახალ, თავბრუდამხვევ დღეს, საუბრებს, შეხვედრებს, სიახლოვეს... ქმართან ამგვარი რამ არასდროს განმიცდია, – ჩვენი სიყვარული და სულიერი სიახლოვე, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი მორწმუნეები ვიყავით, ვერ შეედრებოდა ჩემს გრძნობას ფიოდორისადმი. ფიოდორისადმი ლტოლვა ყველაფერს მავიწყებდა, ალივით მედებოდა და ვხედავდი, ისიც იმავეს გრძნობდა, მაგრამ ბევრად უფრო აღმატებულ ხარისხში. ის სრულიად გარდაიქმნა...

ვინც ჩემს ჩანაწერებს წაიკითხავს, შეიძლება ვერ დაიჯეროს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის შვიდი თვის მანძილზე ერთხელაც არ მიგრძვნია სინდისის ქენჯნა და სინანული. მე ის უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე მხოლოდ ადამიანი. ეს ჩემთვის მთელი სამყარო იყო, ადრე უცნობი და არნახული. კრიტიკული აღქმა და სულიერი თვალსაზრისით მომხდარის შეფასების უნარი სრულიად გაქრა. ისევე ვწერ, როგორც მაშინ ვგრძნობდი, ვცდილობ, მხოლოდ სიმართლე ვთქვა. ფიოდორი გარდაიქმნა, მისი ნიჭი გაიფურჩქნა. სამსახურში აღმოჩენას აღმოჩენაზე აკეთებდა. კოლეგები გაოცებულნი იყვნენ, რადგან მანამდე ასეთი არ უნახავთ.

მორწმუნე რომ ვიყავი, მაშინ შეიტყო, როცა ჩემი ჯვარი და პატარა ხატი შენიშნა, საკინძეზე რომ მქონდა მიმაგრებული და გაუკვირდა. მისმა სიტყვებმაც კი, „თურმე ,მორწმუნე ყოფილხარო!“ – ვერ გამომაფხიზლა.

სანატორიუმში ყოფნის დრო უცებ ამოიწურა. ჩვენ ქალაქს სულ სხვა ადამიანებად დავუბრუნდით. ჩვენი შეხვედრები არ შეწყვეტილა, პირიქით ურთიერთობა უფრო გაღრმავდა. ჯერ, სადაც მოვახერხებდით, იქ ვხვდებოდით, შემდეგ კი, დიდი გაჭირვებით, ოთახი ვიქირავეთ. ყველაფერს ვუფრთხოდით: ნაცნობებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან შეხვედრას, ყველას ვემალებოდით, ვპარავდით სიყვარულს ოჯახს, ადამიანებს, მე კი – ღმერთსაც. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სხვის სახლში შევიპარე, ლამაზ ნივთებს გამალებით ვიტაცებ და სულ მეშინია, რომ დამიჭერენ, მომისწრებენ დედა ან ქმარი. ჩაფიქრებისა მეშინოდა, რომ წარსული არ წამომდგარიყო და არ გაეთელა ის მოჩვენებითი სიმამაცე, რომელსაც მოპარული ბედნიერება ეფუძნებოდა, მეშინოდა, მტანჯველ განცდებთან პირისპირ არ დავეტოვებინე. გამოაშკარავების შიში მიბიძგებდა ყველაფერი ფარულად გამეგრძელებინა და სინდისისთვის ყური არ მეთხოვებინა. ვატყუებდი ქმარს, დედას, ვტოვებდი შვილებს, ყველანაირად თავს ვიძვრენდი და მაინც ვხვდებოდი ფიოდორს, გაჩერება აღარ შემეძლო. მეგონა, ქმარი ვერაფერს ამჩნევდა, დანამდვილებით არც ახლა ვიცი, ხვდებოდა თუ არა რამეს. მეტისმეტად სიტყვაძუნწი იყო ყოველთვის. ჩემს გამოგონილ დაგვიანებებზე გაღიზიანებით არ რეაგირებდა, უბრალოდ, უფრო ყურადღებიანი გახდა, მეტ დროს უთმობდა ბავშვებს და მეტს ლოცულობდა.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელებულიყო ამგვარი ყოფა, არ ვიცი, მაგრამ მეშვიდე თვეს უფროსი გოგო მძიმედ ავად გაგვიხდა. თავიდან სახლში ვმკურნალობდით. უძილო ღამეები, ექიმების გამოძახება, მიღება, ყველაფერი ეს დედას და ქმარს დააწვა კისერზე. ბავშვი უარესად გახდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. აქაც მთავარი სიმძიმე ქმარმა იტვირთა. მე კი, ცოდვილი, იმ დღეებშიც არ გავჩერებულვარ. მალულად გავრბოდი ფიოდორთან და, როგორც მაშინ მიმაჩნდა, „სრულიად გამართლებულად ვეძლეოდი თავდავიწყებას“, მძიმე სინამდვილისგან თავის დასაღწევად.

სამსახურში დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მე კი ფიოდორთან მქონდა შეხვედრა და მაინც წავედი, შუადღისას კი სახლში შევირბინე, რათა საავადმყოფოში წამეღო დედაჩემის მომზადებული საჭმელი. ქმარი დაჩოქილი დამხვდა – „უფალო,შეგვიწყალე, გადმოხედე და განკურნე ჩვენი შვილი!“ – ევედრებოდა უფალს და ჩემი და ბავშვის სახელს ამბობდა.

ფრთხილად გამოვედი ოთახიდან, სამზარეულოში ავიღე, რაც წასაღები იყო და საავადმყოფოში გავიქეცი. უცბად გავისიგრძეგანე ყველაფერი, თითქოს ახლაღა ამეხილა თვალი და დავინახე ჩემი დაცემის სიღრმე. შვილის ავადმყოფობის განცდამ, მისი სიკვდილის შიშმა გამომაფხიზლა მე – მორწმუნე ქალი, შვილების დედა, მამა არსენის სულიერი შვილი, მამა არსენისა, რომელიც ბანაკებში იტანჯებოდა და რომელიც მიძღოდა რწმენის გზაზე, – მე კი იმ ურწმუნოებზე უარესი გავხდი, რომელთაც გულში თავს ვამეტებდი ჩემი მორწმუნოებით.

მივედი საავადმყოფოში და შვილის სასთუმალთან თავდახრილი მეუღლე დავინახე. მომეჩვენა, რომ ბაგშვი მკვდარი იყო, გამწარებული მივვარდი, მაგრამ მან გამაჩერა, – ნემსის მერე სძინავსო და, ფანჯარასთან მიმიყვანა.

– დილიდან გელოდები, ახლა კრიზისი გავლილია და მადლობა ღმერთს, რომ ორივე დამიბრუნდითო, – ამ სიტყვებმა დამაბნია, რას ნიშნავს ორივე? მე ისევ მომეჩვენა, რომ შვილი მოგვიკვდა და ქმარი არეულად ლაპარაკობს. მივვარდი და ავქვითინდი. ის მომეხვია, მხრებზე ხელი გადამისვა და მითხრა: არაფერია, არაფერი, ყველაფერმა უკვე გაიარა. დავრწმუნდი, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და დავმშვიდდი, მაგრამ ქმრის სიტყვებში სხვა აზრიც მენიშნა, რომელიც მე მიკავშირდებოდა. საოცარი იყო ისიც, რომ ჩემი მეუღლე იმ დღისით დილიდან საავადმყოფოდან არ გასულა, მე კი სახლში ვნახე ხატებთან. მთელი ღამე გოგონას სასთუმალთან გავატარეთ, ორივე ვდუმდით, ათასი აზრი მერეოდა თავში... მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა და მთელი სიცხადით წარმომიდგა ჩემი თავი. ქმრის შეხედვისა მეშინოდა, მისმა სიმშვიდემ და მოთმინებამ უფრო მეტად შემარცხვინა, ვიდრე ნებისმიერი საყვედური იმოქმედებდა.

იმ დღიდან ფიოდორთან ურთიერთობა გავწყვიტე. ჩემთვის ცხადი გახდა, რთმ ცოდვას აყოლილი უნებისყოფო თოჯინა ვიყავი და მრცხვენოდა, რომ ღმერთს ვუღალატე და მამა არსენის შეგონებები დავივიწყე, ცოდვისა და გარყვნილების გზას დავადექი.

ამავე დროს, უნდა ვაღიარო, რომ 1952 წლის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, გულწრფელად ვინანიებ და ვაღიარებ ჩადენილ ცოდვას, ვიცი, რომ ვცოდე, ღმერთს პატიებას ვთხოვ, მაგრამ ვერ ვივიწყებ წარსულს... მეტად გულწრფელი, ნამდვილი და მშვენიერი გრძნობა გვაკავშირებდა მე და ფიოდორს. მე შევცდი, დავეცი, მაგრამ მთელი გულით მიყვარდა, შვიდი თვის ცოდვიანი ცხოვრების მანძილზე. ვაცნობიერებდი ამას და პატიებას ვთხოვდი ღმერთს ისევე, როგორც ახლა ვთხოვ, და მისი მოწყალების იმედი მაქვს.

მეუბნებოდნენ: ასე თუ ამბობ, ესე იგი არ აღიარებ და არ ნანობ შენს დაცემასო. არ არის ასე! ყველაფერს ვაღიარებ, მაგრამ წარსულს ვერ შევაჩვენებ. ჩემი განსჯა ყველანაირად შეიძლება...

ქმართან ცხოვრება ძველებურ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ შინაგანად გადავსხვაფერდი. უხილავი საიდუმლო ჩადგა ჩვენს შორის, რასაც, როგორც მეგონა, ის ვერ გრძნობდა, ისეთივე ჩუმი და თავშეკავებული იყო, როგორც მანამდე. ვიცი, რომ ვუყვარდი, მაგრამ – მეტისმეტად მშვიდად და აღუშფოთრად, ზოგჯერ მეგონა, რომ მისთვის ერთ-ერთი ნივთივით ვიყავი, საჭირო და მნიშვნელოვანი, ალბათ საყვარელიც, მაგრამ მაინც ნივთი, ბავშვების დედა, მაგრამ არა ცოლი და ქალი.

ფიოდორის ცხოვრებიდან სამუდამოდ წავედი. ძველ ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენ ოჯახებით კვლავ ვხვდებოდით, სტუმრად მივდიოდით ერთმანეთთან ნაცნობობის გაწყვეტა არ შეიძლებოდა, ჩემი ქმარი და ფიოდორის ცოლი ამას ვერ გაიგებდნენ. ჩვენმა დაშორებამ ფიოდორზე ძლიერ იმოქმედა, – მოეშვა, ყველაფერი ხელიდან უვარდებოდა, საქმე აღარ ეწყობოდა. რვა წელი დასჭირდა ძალების აღსადგენად. ყველაზე უსიამოვნო კი ის იყო, რომ ანიუტა ძველებურად მეგობრობდა ჩემთან და ყველაფერს მიყვებოდა. ისიც კი მითხრა, რომ 1952 წელს იგრძნო, ფიოდორს სხვა ქალი რომ შეუყვარდა. მე კი ძალიან მიმძიმდა და მრცხვენოდა ამის მოსმენა. აი, რა დღეში ვიყავი მაშინ!

1958 წლის მერე, მამა არსენთან შეხვედრის შემდეგ, ხუთი წელი გავიდა. ყოველ თვე აღსარებაზე დავდიოდი, რჩევასა და ნუგეშს ვიღებდი და დამშვიდებული, განახლებული, სინდისთან შერიგებული ვბრუნდებოდი, მაგრამ წარსული მაინც მამძიმებდა.

1963 წლის ოქტომბრის თვეშიც ვეწვიე მამა არსენს. უჩვეულოდ მხიარული და მხნე მეჩვენა. მის ოთახში დავესწარი წირვა-ლოცვას და მთელი გულით ჩავაბარე აღსარება. ჩუმად მისმენდა, მე დაწვრილებით ვუყვებოდი... რომ მოვრჩი, – სულ ეს არისო? – მკითხა, – დიახ-მეთქი, – მეტი ხომ არაფერიაო? – მკაცრად მითხრა, ამოიხვნეშა, გადამაფარა ოლარი და შენდობის ლოცვა წამიკითხა.

დილით რამდენიმე ჩამოსულთან ერთად ვეზიარე. მზიანი დდე იყო, მაგრამ ქარი ქროდა. მსუბუქად ვგრძნობდი თავს. ზიარების შემდეგ ანიასთან ერთად, სკამზე ჩამოვჯექი.

შემდეგ, ნადეჟდა პეტროვნა ჩაით, ნამცხვრითა და შემწვარი კარტოფილით გაგვიმასპინძლდა, რომელსაც მხოლოდ ის წვავდა ასე გემრიელად. ბევრს ვსაუბრობდით, ვიხსენებდით წარსულს.

შემდეგ მამა არსენმა დაისვენა და ტყეში გასეირნება მოისურვა. ირინა ექიმი, როგორც ჩვენ ვეძახდით, არ უშვებდა, ძლიერი ქარია და ღრუბლები მოგროვდაო, მაგრამ მამა არსენი მაინც წასასვლელად მოემზადა, ნადეჟდა პეტროვნა ჩაერია და აიძულა თბილად ჩაეცვა. ანიამ და ირინამ მამა არსენთან ერთად წასვლა მოისურვეს, ყველას უნდოდა გაყოლა, მაგრამ, რადგან მათ პირველებმა გამოთქვეს სურვილი, სხვები დუმდნენ. ანია და ირინა ჩასაცმელად გავიდნენ, მამა არსენი კი ჯერ თავისთან იყო. რომ გამოვიდა და ჩაცმულები დაინახა, მოულოდნელად ჩემზე მიუთითა: მასთან ერთად გავივლი, მისთვის საჭიროაო. გავედით, ჩავუარეთ ქუჩებს, ბაღჩებს, აგურის ქარხნის ძველ საშრობ ნაგებობებს, გავედით მინდორში. ქარი ბალახს გლეჯდა, რუხი ღრუბლების ნაფლეთებს მიერეკებოდა, გაშიშვლებულ ხის ტოტებს ერთმანეთს ახლიდა, დაცვენილ ფოთლებს ატრიალებდა და ფეხქვეშ გვიფენდა. ქარის სტვენისა და ფოთლების განუწყვეტელი რიალისაგან ისეთი ხმები იდგა, თითქოს რაღაც ცოცხალ სხეულზე მივაბიჯებდით და მისი კვნესა-გოდება გვესმოდა.

ცუდად გავხდი. მამა არსენი კი მშვიდად და მდუმარედ მოაბიჯებდა, დროდადრო კი, ძლივს შესამჩნევად კეთილი ღიმილი გადაურბენდა სახეზე.

ვიწრო ბილიკს ტყისკენ მივყავდით. ტყეში ქარი უფრო მეტად იგრძნობოდა, ხეების სევდისმომგვრელმა ხმამ და ფოთლების მოხეტიალე გროვებმა იმატა. ქარის კვნესამ, შიშველი ხეების წრიალმა, მიწაზე მობორიალე ფოთლებმა და მიმოფანტული ღრუბლის ნაფლეთებმა ამაფორიაქა, გუნება წამიხდინა და დამთრგუნა. „რატომ დამიძახა მაინცდამაინც მე მამა არსენმა? ის ხომ უმიზეზოდ არასდროს არაფერს აკეთებს. მუდმივად სულიერ შვილებზე ზრუნავდა და მათი ხსნის გზების ძიებაში იყო. აშკარაა, რომ შემთხვევით არ მომიხმო. გუშინ აღსარება ვუთხარი, დღეს ვეზიარე და... უცებ ელდასავით დამიარა – 1952 წელი!“

– მამა არსენ! – შევძახე აღელვებულმა, – უნდა მოგიყვეთ, და სუნთქვაშეკრულმა დავიწყე...

მამა არსენი მომიახლოვდა, ყურადღებით და ალერსით მიმზერდა. პირველი ფრაზები რომ მოისმინა, თავი დახარა, პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ნუღარ განაგრძობთ, არ გინდათ. დიდი ცოდვა იტვირთეთ, მაგრამ უფალმა მოგხსნათ მამა გიორგისთან ნათქვამი აღსარებით. ნუღარ გაიმეორებთ!

ვტიროდი, ცრემლად ვიღვრებოდი, შიშისა და სირცხვილისაგან მაცახცახებდა.

– არ გინდათ, ყველაფერი გავიგე. ქმარს რომ არ უთხარით, ცუდიც არის და კარგიც. მას უყვარხართ. თქვენი აღიარება კი დიდ დარტყმას მიაყენებდა და ოჯახში უსიამოვნებას გამოიწვევდა. ყველანი ცოდვილები ვართ, მუდამ გახსოვდეთ თქვენი ცოდვა ღვთისა და ოჯახის წინაშე. ილოცეთ და ილოცეთ, ითხოვეთ პატიება. მეც თქვენთან ერთად ვილოცებ. მთავარია, რომ შესძელით და სულიერ მამას უთხარით. სიმართლე განწმენდს ადამიანს, განსაკუთრებით კი აღსარებისას ნათქვამი. წავიდეთ, – და დამლოცა.

ოდნავ ტყის სიღრმეში შევედით და სახლისკენ გამოვბრუნდით. ტყე ისევ სევდისმომგვრელად კვნესოდა, ირგვლივ ყველაფერი იგივე იყო: ცივი ქარიც, შიშველი ხეებიც, განწირული ფოთლებიც და ტყვიისფერი ღრუბლებიც, მაგრამ მე სიმშვიდე მეწვია, რომელიც 1952 წლიდან დავკარგე, პირქუში გარემო ვეღარაფერს მაკლებდა. მამა არსენი გახარებული მოდიოდა. სინანულსა და მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე მესაუბრებოდა. ყოველი სიტყვა საგანგებოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი და ღრმა აზრი ჰქონდა.

სახლშიც ამაღლებულ განწყობაზე იყო, ბევრს გვიამბობდა ბანაკში გაცნობილი ადამიანების შესახებ, გვიკითხავდა სახარებისა და წმინდა მამათა შრომებიდან ფრაგმენტებს. საუბრობდა მოუნანიებელ ცოდვებსა და ლოცვაზე. განსაკუთრებით ბევრი ისაუბრა ერთად ლოცვის ძალაზე და გაიხსენა, რა სასწაულები მოჰყოლია ასეთ ლოცვას, როცა ის ბანაკში მეგობრების გადარჩენას ევედრებოდა ღმერთს. მამა ალექსიმ, ზურგს უკან რომ „ალექსი სტუდენტს“ ეძახდნენ, გაახსენა: მამაო, ის ამბავი მოგვიყევით, კარცერიდან რომ გვიხსნა ერთად ლოცვამო.

მახსოვს მამა არსენის სიტყვები, რომ ორი ან სამი ადამიანის ერთად ლოცვა, რაიმეს შეერთებით თხოვნა უფლისათვის, თუ ეს ღრმა რწმენითა და სუფთა გულით კეთდება, ძალიან ძლიერია და ყოველთვის შეწყნარებულია ღვთისა და ღვთისმშობლისაგან.

– ცოდვა, – გვეუბნებოდა მამა არსენი, – ადამიანთა უმრავლესობისათვის გარდაუვალია, რადგან ადამიანი მიწაზე ცხოვრობს, მაგრამ მთავარია მისი ღვთისადმი დამოკიდებულება, გულწრფელი და არა მხოლოდ ფორმალური ლოცვა, სინანული, აღსარება, ცოდვიანობის შეგნება და კეთილი საქმეები, ადამიანის, ცხოველების, ბუნების სიყვარული. – მუდმივად უნდა გვახსოვდეს წმინდა წერილის სიტყვები: „ჩემი არს შურისგება და მე მივაგო“ (რომ. 12, 19). შურისძიების სურვილმა არ უნდა შეგიპყროთ, მას ლოცვით უნდა ვებრძოლოთ, წმინდა მამების ცხოვრება გავიხსენოთ ,როგორ ებრძოდნენ და ამარცხებდნენ ამ ვნებას...

მამა არსენი გვირჩევდა, როცა შურისძიების სურვილი გვიპყრობდა, იმ ადამიანის ადგილზე დაგვეყენებინა თავი, რომელზეც გვსურდა შური გვეძია, რათა დაგვენახა ჩვენი სურვილების უაზრობა.

იმ საღამოს მან, ასევე, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ადამიანის მოსმენა, როცა ის თავის გასაჭირზე გვესაუბრება, და კი არ განვიკითხოთ, მაშინაც კი, თუ ჩვენთვის გაუგებარია მისი საქციელი, არამედ მისი თვალით შევხედოთ და ჩავუღრმავდეთ მის ცხოვრებას. ცხოვრება ისეთი რთულია, რომ ადამიანმა, უმრავლეს შემთხვევაში, თავადაც არ იცის, როდის რას ჩაიდენსო..

ამას რომ ამბობდა, მამა არსენი ხშირად და ხანგრძლივად მიყურებდა და აშკარად ვგრძნობდი, რომ ამ დროს ჩემს სულს ხედავდა.

ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვა არ გამქრალა, გულშ დამრჩა, მაგრამ აღსარებითა და სინანულით პატიების გამოთხოვას ვცდილობ და მთელი ცხოვრება უნდა ვეცადო; ის არ გამქრალა და მის გამო პასუხი უნდა ვაგო ღვთის სამსჯავროზე. მოძღვრისათვის ნათქვმი აღსარებით და სინანულით თითქოს სააშკარაოზე გამოვიტანე, შებღალულ სინდისთან ანგარიში გავასწორე და საკუთარი თავის უბადრუკობა დავინახე!

დამშვიდობებისას მამა არსენმა დამლოცა: „გახსოვდეთ და ილოცეთ, ილოცეთ და შენდობა ითხოვეთ. გახსოვდეთ თქვენი დანაშაული ქმრის წინაშე და ბევრი რამ მიუტევეთ მას“.

დამშვიდებული ვბრუნდებოდი უკან. გზაში და სახლში ბევრს ვფიქრობდი და ვცდილობდი გამეგო, საიდან იცოდა მამა არსენმა მამა გიორგისთან ნათქვამი აღსარების შესახებ, მე ხომ ეს არასდროს არავისთვის მითქვამს?! დიდი მჭვრეტელობის უნარი ჰქონდა მამა არსენს. მისთვის ადამიანის შეხედვა საკმარისი იყო სულიერი მდგომარეობისა და იდუმალი ზრახვების დასანახად.

მამა არსენი წავიდა და ობლად დაგვტოვა სულიერი შვილები. გარდაიცვალა ჩემი მეუღლეც, რომლის წინაშეც ასე დამნაშავე ვიყავი, შვილებიც წავიდნენ თავიანთ გზაზე, ბევრი დრო მქონდა მოგონებებისა და ფიქრისათვის. ამიტომაც გადავწყვიტე, მეამბნა იმ დიდი შემწეობისა და ძალის შესახებ, თითოეულ ჩვენგანს რომ უწილადა მამა არსენმა.

 

ბარათი

მამა არსენისთვის ბარათი გადმომცეს. მე კი გზაში დავკარგე. როდის? სად? – ვერ გამეგო. მხოლოდ ჩასვლისას აღმოვაჩინე, რომ დამიკარგავს.

დავიბენი, ავღელდი. პირდაპირ მოვუყევი მამა არსენს. ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წერილი იყო. მისი დამწერი მოუთმენლად ელოდა პასუხს, მაგრამ რას შეეხებოდა, დაახლოებითაც კი არ ვიცოდი და არც შინაარსის გადაცემა შემეძლო.

მამა არსენმა მომისმინა, დაფიქრდა და მითხრა: ესეც ღვთის ნებაა.

მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდი, მამა არსენმა წერილი მომცა და ღიმილით მითხრა, ამას მაინც ნუღარ დაკარგავო.

წამოვედი და ჩასვლისთანავე მივედი იმ ქალთან, რომელმაც ბარათი გამატანა, და, სანამ მამა არსენის წერილს გადავცემდი, ვუთხარი, რომ მისი ბარათი დავკარგ. ძალიან ეწყინა, ატირდა კიდეც, მაგრამ წერილი რომ წაიკითხა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა და ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: ღმერთო, ღმერთო! რა სიხარულია! – წარმოგიდგენია, მამა არსენმა ყველაფრის პასუხი მომწერა, ამომწურავი პასუხი ჩემს ბარათზე, – შენ კი, არ მიმიცია, დავკარგეო, მეხუმრები; აბა, საიდან გაიგო ჩემი გასაჭირის შესახებ?

მეც გავიფიქრე – მართლაც, საიდან?

 

პანაშვიდი

დილით მამა არსენმა წირვა დააყენა. შაბათს სამი ადამიანი ჩამოვიდა, ღამის მატარებლით – კიდევ ოთხი.

ყველა რომ გვაზიარა და წირვა დაასრულა, გვითხრა, თუ გინდათ, ნადეჟდა პეტროვნას ოთახში ჩაი მიირთვით, მე კი ერთი საათის შემდეგ შემოგიერთდებით, პანაშვიდი უნდა გადავიხადოო.

დავრჩით. მამა არსენმა დაიწყო პანაშვიდის გადახდა ახლადშესვენებული კირილისათვის, ლოცულობდა და თან ტიროდა. მთელი პანაშვიდი ნამდვილი დატირება იყო, მეგობართან განშორება. ეს იყო გარდაცვლილი კირილის სულის საოხად აღვლენილი გულმხურვალე ვედრება...

ვინ იყო გარდაცვლილი, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, მაგრამ მივხვდით, რომ მამა არსენის უახლოესი მეგობარი უნდა ყოფილიყო.

ლოცვა რომ დაამთავრა, დამწუხრებულმა გამოიცვალა სამოსი და ჩვენთან ერთად მოუჯდა მაგიდას ჩაის დასალევად. საუბარი ვერ აეწყო. მამა არსენიც დუმდა, ჩვენ ხანდახან ჩურჩულით გადავულაპარაკებდით ერთმანეთს. მალე მამა არსენი ადგა და თავის ოთახში განმარტოვდა.

სამ საათზე მამა არსენის სახელზე დეპეშა მოვიდა – სულიერი შვილი იგორი იტყობინებოდა, რომ 21 მარტს, დილის 7 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა კირილი. დეპეშა იაროსლავლიდან იყო.

ბევრ ჩვენგანს გაახსენდა კირილ სერგეევიჩი – კეთილი, კარგი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ ბანაკში მამა არსენთან ერთად იმყოფებოდა.

ერთმანეთს გადავხედეთ და ყველამ გავიფიქრეთ – როგორი განჭვრეტის (ან იქნებ მეტიც) უნარი უნდა გქონდეს, რომ სასწაულებრივად შეიტყო სულიერი შვილის გარდაცვალება.

დიდია შენი ძალა, უფალო, შენს რჩეულ შვილებში გამოვლენილი!

 

მე წერილებს ვარიგებ

ო...რ-ის ჩანაწერი

მამა არსენთან ორკვირიანი სტუმრობის შემდეგ, ნატაშამ მთელი შეკვრა წერილები ჩამოიტანა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა დაგვერიგებინა.

ნახევრის დარიგება მე დამევალა.

მძიმე დრო იყო, 1936 წელი, ბევრი ჩვენიანი დააპატიმრეს. იგრძნობოდა, რომ დანარჩენებსაც თვალს ადევნებდნენ, ამიტომ წერილების დარიგება უსაფრთხო არ იყო.

ნატაშა ამბობდა, რომ მამა არსენთან როცა იყო, სახლს აშკარად უთვალთვალებდნენ, დიასახლისსა და მეზობლებს კი რაიონულ განყოფილებაში იბარებდნენ და ეკითხებოდნენ, ვინ ჩამოდიოდა მასთან სტუმრად, ვისგან ღებულობდა წერილებს, ვინ რჩებოდა მასთან და წირავდა თუ არა სახლში.

მატარებლით მოსკოვში რომ მოვდიოდი, მუდმივად ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, უკან დამყვებოდა. საერთო ვაგონით ვმგზავრობდი. სადგურზე რამდენიმე ადამიანი ამოვიდა, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა ქალმა მიიპყრო, რომელიც სულ ვაგონის იმ ნაწილში ტრიალებდა, რომელშიც მე ვიყავი.

მთელი გზა ვფიქრობდი, რა მომეხერხებინა წერილებისთვის, თუ ამიყვანდნენ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე და მამა არსენის სიტყვების იმედად ვიყავი, – გამოთხოვებისას რომ დამლოცა: ღმერთი მოწყალეა, ის დაგიფარავთ, ის თქვენთან იქნება, ნურაფრის შეგეშინდებათ, ყველაფერი კეთილად დამთავრდებაო!

მატარებლიდან რომ ჩამოვედი, ვიგრძენი, აღარ მითვალთვალებდნენ. დავმშვიდდი და მხნედ გავემართე სახლისკენ. ნერვული დაძაბულობა მომეხსნა და ვფიქრობდი, ყველაფერი მომეჩვენა-მეთქი, – მიამბობდა ნატაშა, წერილებს რომ მაბარებდა. მაგიდაზე გავშალეთ წერილები და ჩვენთვის ნაცნობი სახელების მიხედვით ვახარისხებდით. იმ საღამოს ნატაშასთან დავრჩი, ნახევარი ღამე მამა არსენზე, მის დავალებაზე, მის ცხოვრებაზე საუბარში გავატარეთ.

დილის შვიდ საათზე გამოვედი სახლიდან. კვირა დღე იყო. ქუჩაში თითქმის არ დადიოდა ხალხი, აქა-იქ თუ შეგხვდებოდათ გამვლელი. გახარებული მსუბუქად მივაბიჯებდი. მამა არსენისგან მიღებულმა წერილმა ძალა შემმატა, გამამხნევა.

სახლს ორმოცდაათიოდე მეტრით რომ დავშორდი, ვიგრძენი, ვიღაც მომყვებოდა. მოვიხედე, ქალია. ნამდვილად მითვალთვალებენ, – გავიფიქრე და გადავწყვიტე, შემემოწმებინა, ფეხს ავუჩქარე და პირველივე შესახვევში შევუხვიე. ფეხის ხმა არ წყდებოდა, შემდეგ შესახვევში ისევ შევუხვიე. ქალი არ ჩამომრჩა. უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო, შევშინდი. გული ამიჩქარდა, ფეხი ამერია, დავიბენი. „წერილები მე მაქვს, თუ დამიჭერენ, ძალიან ბევრ ადამიანს განსაცდელში ჩავაგდებ...“ კვარტლის ბოლომდე მივაღწიე, ისევ შევუხვიე კუთხეში და ქუჩის მეორე მხარეს გადავედი. ქალი მომყვებოდა 50-70 მეტრის მანძილზე. აშკარა იყო, რომ მე მითვალთვალებდა. ვიფიქრე, წერილებს სადმე გადავყრი, მე კი გავიქცევი-მეთქი, მაგრამ წერილებს იპოვნიან, მე კი მიცნობენ, ხომ იციან, რომ ნატაშასგან გამოვედი...

თავს მოვერიე და ლოცვა დავიწყე. ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შემდეგ კი – გამართულად. ნელი ნაბიჯით განვაგრძე გზა და ასე ვლოცულობდი: „დედაო ღვთისავ, შენ გევედრები, შენი კალთა გადამაფარე, შენ გაბარებ ჩემს თავს, შემეწიე და დამიცავი, ჩემი ერთადერთი იმედი და დამხმარე შენ ხარ!“

მივანდე ყველაფერი ღვთისმშობელს, გულში ვლოცულობ და მივდივარ. გამიარა შიშმა და დაძაბულობამ, გაბედულად ვაბიჯებ, მწამს, რომ მარტო არ ვარ, ღვთისმშობელი მიცავს და რაც იქნება, ყველაფერი მისი ნებით აღსრულდება, – რაც უნდა მთხდეს, ყველაფერი შენი ნებაა, ღვთისმშობელო, როგორც ინებებ, ისე იქნება!

აღარაფრის მეშინოდა, მტკიცედ მივაბიჯებდი, ქალის ფეხის ხმაც არ წყდებოდა. უფრო შევანელე ნაბიჯი და რაც უფრო გამოუვალი იყო მდგომარეთბა, მით უფრო დიდი სიმშვიდით ვგრძნობდი სასოებას. მივდივარ და ვლოცულობ, ვერც კი ვამჩნევ, სად მივდივარ. ერთადერთი აზრი მაქვს: მხოლოდ ღვთისმშობელს მივმართავ... მესმის, ნაბიჯები მიახლოვდება. შევუხვიე კუთხეში, პირჯვარი გადავიწერედა ვხედავ... გვერდში მიდგას ჩემი ასაკის ქალი. ზუსტად ჩემსავით აცვია, ყველაფერი იგივე: თავსაფარი, პალტო, პატარა ჩანთა. ჩემს გვერდით მოაბიჯებს. გვერდიდან ვხედავ მის სახეს, საოცრად ნაცნობი, ოღონდ რაღაც უჩვეულო შუქით გაცისკროვნებული სახე აქვს.

ერთხელ რომ შევხედე, მეორედ თვალი ვეღარ გავუსწორე, ისეთი ნათელი და მშვენიერი სახე ჰქონდა. გვერდიგვერდ მივაბიჯებთ, მე ვლოცულობ და ვხარობ, რომ ასეთი თანამგზავრი მყავს, მაგრამ ვინ არის, წარმოდგენა არ მაქვს. ზურგს უკან კი ნაბიჯების ხმა არ წყდება. შემდეგ მოსახვევამდე მივედით და თანამგზავრი მეუბნება მბრძანებლურად და მკაცრად: გაჩერდით და აქ იდექით. მე წინ წავალ! – ხმა მკაცრი ჰქონდა, სახე კი სიკეთით და სინათლით სავსე. გავჩერდი. ის წინ წავიდა. მის ტანსაცმელს, სიმაღლეს და აგებულებას ჩემისგან ვერ გამოარჩევდი. უცნაურად მომეჩვენა ეს ყოველივე, მაგრამ გავჩერდი. ქალი, რომელიც მომდევდა, მომიახლოვდა, დამაკვირდა, ერთხანს დაბნეული იყო, მერე კი წინ მიმავალს გაედევნა, რომელიც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.

ქალს, რომელიც მომდევდა, ბრაზისა და სიძულვილისაგან სახე ჩაშავებოდა, გეგონებოდათ, ყველა სულიერი სძულსო.

ფეხის გადადგმის ძალა აღარ მქონდა, ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მიდიოდა წინ ყველაფრით ჩემი მსგავსი ქალი და როგორ მისდევდა მას აგენტი. გზაჯვარედინთან რომ მივიდნენ, შეუხვიეს და თვალს მიეფარნენ. გონს ძლივს მოვეგე, ლოცვით უკან გამოვბრუნდი და ორი საათისთვის ყველა წერილი უკვე დარიგებული მქონდა.

ვინ გამომიგზავნა ღვთისმშობელმა დასახმარებლად? ეს ხომ მისი ზეციური შემწეობაა?! – სულ ეს მიტრიალებდა თავში.

ერთი წლის შემდეგ დამაპატიმრეს, რამდენჯერმე დამკითხეს. გამომძიებელი დაჟინებით მოითხოვდა, მეთქვა, ვინ იყო ის ქალი, გვერდით რომ მომყვებოდა, სად გაუჩინარდა ან ის ან მე. აგენტი ქალიც გამოიძახეს. ის ყვებოდა: ფეხდაფეხ მივყვები, ამხანაგო ლეიტენანტო. ის კი სულ მოსახვევებში იმალება. ვხედავ, კაზაკოვის კუთხეში ვიღაც დგას. მივედი და თვალი ამიჭრელდა. ორი ერთნაირი ქალია ზუსტად, ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ, ერთნაირი ჩანთები აქვთ მხარზე გადაკიდებული, ერთნაირი მიმოხრა და სიარულის მანერა... ვეღარ გამეგო, რომელს მოვდევდი სახლიდა და რომელი გამოჩნდა კუთხეში. ვხედავ, ერთი გაჩერდა, მეორე წინ მიიჩქარის, დავფიქრდი და რომელიც წავიდა, იმას გავყევი. ათი წუთი მივყვებოდი, ის კი შუა ქუჩაში უცებ გაქრა. მაშინაც და ახლაც, ამხანაგო ლეიტენანტო, სიმართლეს მოგახსენებთ, – პირდაპირ ჩემს თვალწინ გაქრა. ჰკითხეთ, როგორ გააკეთა. პირდაპირ – ცირკივით.

რა უნდა მეთქვა?! გამომძიებელი მიყვირის. ერთ-ერთ დაკითხვაზე მცემა კიდეც. მე კი ჩუმად ვიყავი, ან „არვიცი-მეთქი“ – ვპასუხობდი. თან უწყვეტად ვლოცულობდი, ღვთისმშობელს მივმართავდი. ბოლოს ვეღარ გავუძელი და ვუთხარი, არსად არ დავმალულვარ და არ გავმქრალვარ, ეს ღვთისმშობელი მეხმარებოდა, მთელი გზა მას ვევედრებოდი-მეთქი. გამომძიებელს გაეცინა, მაგრამ აღარ დაურტყამს. კ

განაჩენი იმ წლებში ძალზე სასტიკი გამოჰქონდათ, მაგრამ ღვთისმშობელი აქაც შემეწია. მარტო სამი წლით გადასახლება მომისაჯეს მოსკოვიდან ასი კილომეტრის მოშორებით, რაც ყველაზე მცირე სასჯელი იყო.

ვინ მომივლინა ღვთისმშობელმა დამხმარედ ჩემი ლოცვის პასუხად, – თავად გამომეცხადა თუ რომელიმე წმინდანი ან იქნებ ჩემი მფარველი ანგელოზი გამომიგზავნა, აგენტი ქალისთვის კვალის ასარევად, არ ვიცი, მაგრამ რეალურად ვხედავდი ჩემს სასწაულებრივ შემწეს, მესმოდა მისი ხმა და ეს ყოველივე დაკითხვის ოქმშიც არის დაფიქსირებული.

მამა არსენი მხოლოდ 1958 წელს ვნახე, როცა კატორღიდან დაბრუნდა. მოვუყევი ყველაფერი და ვკითხე, რა იყო ეს. მან მითხრა: თქვენი ლოცვა-ვედრებით დიდი წყალობა მოიღო თქვენზე დედა ღვთისმშობელმა, ჩვენმა მფარველმა და განსაცდელთაგან მხსნელმა. სასწაული და დიდი წყალობა მოგვევლინა თქვენ და მე, რადგან ამ წერილების გადარჩენაზე ძალიან ბევრი ადამიანის ბედი იყო დამოკიდებული, ბევრი გადაურჩა დაპატიმრებას, გადასახლებასა და ბანაკსო.

დიდება შენს სახელს, უფალო! დიდება შენდა! ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დაგვიფარე! – არასოდეს მოიშოროთ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, ხშირად ილოცეთ მის წინაშე!

 

ლენა

მამა არსენთან ჩემი საქმეების შესახებ სასაუბროდ ჩავედი, აღსარების თქმა და ჩემთვის საჭირბოროტო ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევების მიღება მინდოდა, მაგრამ ავად იყო და რამდენიმე დღით სტუმართმოყვარე ნადეჟდა პეტროვნასთან დავრჩი, ვიდრე მამა არსენი უკეთ გახდებოდა და ჩემს მიღებას შესძლებდა.

მეორე დღეს ორნი ჩამოვიდნენ, – როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი. იური ალექსანდროვიჩი ორმოცის იქნებოდა, ელენა სერგეევნა ოცდათხუთმეტის. ორივე მაღალი, ტანადი, სიმპათიური, ოდნავ ხმაურიანი და ენერგიული, – შინაგანად გასაოცრად შეხმატკბილებულნი ყველაფერში, რაც რწმენის, მოწესრიგებული ცხოვრებისა და ადამიანებისადმი მათი დამოკიდებულების შედეგი იყო.

ძალიან მომეწონა ორივე. მეორე დღეს მათთან ერთად ძველი ტაძრების, მონასტრებისა და მუზეუმების დასათვალიერებლად წავედი. დავახლოვდით და უნებურად მოვუყევი, თუ როგორ მივედი ეკლესიაში. ბოლოს კი ფრიად უტაქტოდ მივმართე ახალ ნაცნობებს: თქვენ როგორ გახდით მორწმუნეები-მეთქი? იური ალექსანდროვიჩმა ცოლს გადახედადა – აი, მისი წყალობითო, – სიცილით მომიგო.

– იქნებ მიამბოთ? – ისევ ვთხოვე, მათ კი დაბნეულად გადახედეს ერთმანეთს და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეს.

ნადეჟდა პეტროვნასთან სტუმრობის მესამე დღეს კიდევ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ბოლოს, მამა არსენიც გამოკეთდა და გვესაუბრა. კიდევ ორი დღე დავრჩით მასთან და ნადეჟდა პეტროვნამ გამგზავრების წინ, ჩვეულებისამებრ, გამოსათხოვარი ჩაის სუფრა გაგვიშალა.

მამა არსენი ჩვენს პატივსაცემად საგანგებოდ ლოგინიდან წამოდგა და სუფრას შემოუერთდა. ექიმი ირინა, მისი სულიერი შვილი, რომელიც მამა არსენის მოსავლელად ჩამოვიდა მოსკოვიდან, სულ თვალს ადევნებდა, რომ არ გადაღლილიყო. მამა არსენი ყველას გვეკითხებოდა მოსკოვის ამბებს, სიახლეებს, თავადაც ბევრ საინტერესო და სასარგებლოს გვიამბობდა. განსაკუთრებული სითბოთი კი იურის უყურებდა და ესაუბრებოდა. უცებ მას და ლენას მიმართა: ტყუილად არ უამბეთ, როგორ მოხვედით ეკლესიაში, აუცილებლად უამბეთ ან მისწერეთ ალექსანდრ ალექსანდროვიჩს (ჩემი სახელია), აუცილებლად დაწერეთ და გაუგზავნეთო.

ჩვენ გაგვიკვირდა, საიდან იცოდა მან, ჩემი კითხვისა და იმის შესახებ, რომ იურიმ არ მიპასუხა.

მოსკოვში იურა და ლენა ხშირად მესტუმრებოდნენ ხოლმე, – ჩემმა ძველმა წიგნებმა მათი აღფრთოვანება გამოიწვია. მამა არსენთან შეხვედრის შემდეგ ორი თვე რომ გავიდა, იურიმ მორცხვად გამომიწოდა თავისი ნაწერი, რომელსაც მისი და ლენას ნებართვით წასაკითხად გთავაზობთ. ასე სურდა მამა არსენსაც.

„... ათწლედი დავამთავრე, ინსტიტუტში ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი. სპორტი, თეატრი, წიგნები და ტურიზმი მიტაცებდა. მხიარულად, ზერელედ, უდარდელად ვატარებდი დროს, მაგრამ კარგად ვსწავლობდი. დამთავრების შემდეგ ასპირანტად დამტოვეს. სამი წლის მერე კი საკანდიდატო დავიცავი და, საკუთარი ღირსების შეგრძნებით განმსჭვალული, კვლევით საქმიანობას შევუდექი. გატაცებით ვმუშაობდი. შვებულებებსა და დასვენების დღეებს, როგორც მანამდე – არდადეგებს, ექსკურსიებსა და ტურისტულ ლაშქრობებში ვატარებდი. დიდი ბიბლიოთეკა შევკრიბე და სულ რაღაცისკენ მივისწრაფოდი. სულ რაღაც მაკლდა, მუდამ რაღაც ახლის, მშვენიერის ძიებაში ვიყავი.

ზოგჯერ მთაში ლაშქრობისას მთების საოცარი სამყარო გადაგეშლება თვალწინ, – სხვანაირი ჰაერი, ღრუბლები, ალპური მდელოები, მეწამულად შეფერილი შემოდგომის ტყეები, კლდეების ფანტასტიკური მოყვანილობა. შორეული მთები გამჭვირვალე ბურუსშია ჩაძირული, ყველაფერს იდუმალების ბეჭედი აზის, ყველაფერი ისე ენით აუწერლად დიდებული და ლამაზია, რომ გული გეკუმშება ამ უსაზღვრო სრულყოფილების გრძნობით. გინდა ქედი მოიხარობუნების წინაშე და მადლობა შესწირო იმ სილამაზისთვის, ადამიანებს რომ გვჩუქნის. ჩვენი უღრანი ჩრდილოეთის ტყეები რუსულ ზღაპარს მაგონებდა და თავი გოლიათებში ჩაკარგული პიგმეი [*] მეგონა.

შესვენებებისა ოცდაათიანი წლების სიმღერებს ვმღეროდით. დრო მხიარულად, საინტერესოდ გადიოდა. მაგრამ სახლში ჩამისულს, ისევ შინაგანი სიცარიელის, დაუკმაყოფილებლობის, მოწყენილობის გრძნობა მიპყრობდა.

რამდენიმეჯერ ვიყავი შეყვარებული და, როგორც მგონა, ყოველთვის – გულწრფელად, მაგრამ დრო რომ გავიდოდა, გულს ვიცრუებდი.

ბევრი გავამწარე, თვითონაც ვყოფილვარ სასოწარკვეთილი, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი და სხვათა განცდები არ მაღელვებდა. ზოგჯერ სიყვარული სახადივით, მძიმე დაავადების მწვავე შეტევასავით დამატყდებოდა თავს, დამაბრმავებელი, დამაყრუებელი და ციებ-ცხელებასავით ძალის გამომცლელი, ზოგჯერ კი ისე შემოიპარებოდა, დიდხანს ვეღარ ვიცილებდი, იწელებოდა და იწელებოდა უაზროდ და მოსაბეზრებლად...

ასე გადიოდა ჩემი ცხოვრება – გარეგნულად, საინტერესო და წარმატებული, შინაგანად კი, ცარიელი, – ამას დროდადრო ვგრძნობდი.

ჩვენთან, საკონსტრუქტორო ბიუროში, ერთი ქალიშვილი მუშაობდა, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ოცდახუთი წლისა იქნებოდა, – ნიჭიერი, ნებისყოფიანი და მიზანდასახული. თანამშრომლები ელენა სერგეევნას ეძახდნენ. სამსახურის გამო ხშირად ვხვდებოდი, მაგრამ, როგორც ქალი, არ მაინტერესებდა. გარეგნობით ურიგო არ იყო, მაგრამ, სერიოზულობისა და სიდინჯის გამო არ ვთვლიდი მიმზიდველად. ერთი წელი ისე ვიმუშავეთ, ყურადღება არ მიმიქცევია.

ერთხელაც როსტოვ-სევერნიში წავედით ექსკურსიაზე. ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მაინც წავედი, იმიტომ, რომ ჩემი მუდმივი თანამეინახენი ვიღაცის დაბადების დღეს იხდიდნენ, მე კი იქ მისვლა არ მინდოდა.

დილის შვიდ საათზე გავემგზავრეთ, – საექსკურსიო ავტობუსი ძირითადად ხანშიშესული ხალხით იყო სავსე. ახალგაზრდები ოთხნი ვიყავით და ჩვენ შორის – ლენაც. ჩავედით და როგორც ყოველთვის, ეკლესიებსა და მუზეუმებს მივაშურეთ... გიდი მიგვიძღვის და გვიყვება, მაგრამ ელენა სერგეევნა მარტო დადის და ხატებს, ფრესკებსა და ტაძრებს ყურადღებით აკვირდება. არც მე ვუსმენდი გიდს. მივედი ლენასთან და ვუთხარი: არ მაინტერესებს ამისი ახსნა-განმარტება, ჩემებურად აღვიქვამ ძველ რუსულ ხელოვნებას-მეთქი.

წავედით მუზეუმის დასათვალიერებლად. გიდივით საუბრობდა, მაგრამ სხვა ინტონაცია ჰქონდა და სხვა ელფერი – მის მონათხრობს. ლენას გადმოცემით ხატებსაც, წმინდანთა ცხოვრებასაც, რუსეთის ისტორიის ეპიზოდებსაც სხვა ჟღერადობა მიეცა, – უფრო გულწრფელი, თბილი. წინა პლანზე მორწმუნე ადამიანის დამოკიდებულება წამოვიდა რწმენისა და ღმერთისადმი, და ეს ყველაფერი – მორწმუნე ადამიანისავე თვალთახედვით გადმოცემული, ძალიან შთამბეჭდავი იყო. როცა ეკლესიებში დავდიოდით, ის გამოცოცხლდა და როსტოვის ფრესკები ახლებურად დამანახა.

ფრესკებს, ხატებს და ტაძრების არქიტექტურას დიდებული სულიერების სიმაღლიდან განიხილავდა, ჩვენი ხალხის წარსულს კი, რწმენასა და რეალურ ცხოვრებას უკავშირებდა.

დავინტერესდი ლენას პიროვნებით. სამსახურში ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე. მოვინახულეთ სუზდალი, უგლიჩი და ბევრი ახალი შევიტყვე მისგან. ვკითხე, საიდან იცი ასე კარგად ძველი რუსული ხელოვნება-მეთქი. მაინტერესებს, ვკითხულობო, – მიპასუხა. უფრო და უფრო შევტოპე, დიდი გატაცების გარეშე ვუახლოვდებოდი, მეგონა, ადვილად დავიპყრობდი.

ერთ საღამოსაც, როცა ვაცილებდი, მივიზიდე და უხეშად, ძლიერად ვაკოცე. ხელი მკრა, მომიცილა და წავიდა. ამან გამაღიზიანა. ვცადე სამსახურში მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი. გამირბოდა, ხმას არ იღებდა... სამსახურის მერე წამოვეწიე, დალაპარაკება ვცადე, ის კი ხმას არ მცემდა. მარტო აღარ დადიოდა. ერთი კი მითხრა: არ მეგონა, თუ ასეთი უხეში იყავით. ხელოვნება თქვენი საქმე არ არის, ყველაფერი მოჩვენებითი, თვალთმაქცური გაქვთო.

თანამშრომლები, განსაკუთრებით – ქალები, რომლებსაც ასეთ ამბებს ვერ გამოაპარებ, ლენასადმი ჩემს ინტერესს რომ ხედავდნენ, დაცინვით მეუბნებოდნენ: აი, თქვენც მოგიკაკუნათ ცალმხრივმა სიყვარულმა, იური ალექსანდროვიჩ!

ზაფხული დადგა. სამხრეთში გავემგზავრე შვებულებაში. იქ ერთი ნაცნობი ქალი შემხვდა. ისევ – მთები, ლაშქრობები, კარვები... ამ ყველაფერმა გამიტაცა, ლენა დამავიწყდა, მაგრამ, მოსკოვში რომ დავბრუნდი, ვიგრძენი, ელენა ჰაერივით მჭირდება, მის გარეშე არ შემიძლია. ისევ ვცადე გაცილება, დალაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოდის, – ხმას არ მცემს. მხოლოდ სამსახურში, საქმის თაობაზე თუ გადმომიგდებს ორიოდ სიტყვას. ერთხელ ქუჩაში ვცადე დალაპარაკება. მივყვები, მეტროში შევიდა, ერთ სადგურზე ჩამოვიდა და ქუჩებს დაუყვა, მიადგა ეკლესიას, შევიდა და მლოცველთა შორის მიიკვლევს გზას. რომელიღაც ხატის წინ დადგა, მერე გავიგე, რომ ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა ყოფილა. რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა, გუნდის გალობას აჰყვა. მე შორიახლოს ვდგავარ და თვალს ვადევნებ. სახე შეეცვალა, სხვანაირი გამომეტყველება მიიღო. ასეთი არასდროს მენახა.

ამის შემდებ, მალულად, ყოველ შაბათს დავდიოდი ამ ეკლესიაში. დავდგები მოშორებით და თვალს ვადევნებ. თვენახევრის მერე შემნიშნა. მინდოდა დავლაპარაკებოდი, ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ მიმიშვა. მალე ჩემს გამო სამსახურიდანაც წავიდა. ყველა ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე.

ეკლესიაში სიარულს განვაგრძობდი. მაინტერესებდა, რა უბიძგებდა თანამედროვე ადამიანს რწმენისკენ, მით უმეტეს ისეთს, როგორიც ლენაა. დავდივარ, ვისმენ, ვცდილობ გავერკვე ღვთისმსახურებაში. ვფიქრობდი, შეიძლება გიტაცებდეს ძველი არქიტექტურა, მხატვრობა, ისტორია, გაინტერესებდეს სიძველეები, მაგრამ როგორ უნდა გწამდეს ჩვენს დროში ღმერთი, და თან ლოცულობდე პენსონერების, დედაბრების გვერდით და ისმენდე მღვდლების გაუგებარ, ბუნდოვან სიტყვებს. გალობით კარგად გალობენ, მაგრამ შეგიძლია საკონცერტო დარბაზში უკეთეს მომღერლებს მოუსმინო და თან ბევრად უფრო სასიამოვნო პუბლიკასთან ერთად. აქ კი!..

მომინდა, ჩავწვდომოდი თანამედროვე რწმენის არსს. გამეგო, რა აიძულებს ადამიანს, რომ სწამდეს. ლენა ჩემი დანახვის მერე იმ ეკლესიაში აღარ დადიოდა, მე კი განვაგრძობდი სიარულს და დაკვირვებას. შევნიშნე, რომ მოხუცებთან ერთად, ახალგაზრდებიც დადიან. თანამედროვედ ჩაცმული ბიჭები, ქალიშვილები, ბავშვიანი ახალგაზრდა ქალები, ინტელიგენტური გარეგნობის კაცები. რამ მოიყვანა აქ ეს ხალხი და ლენა, რამ? მინდოდა მივსულიყავი, მეკითხა, გამეგო.

თავიდან ყოველ შაბათს, მერე კი სხვა დღეებშიც დავიწყე სიარული. ვუსმენდი, ჩაწვდომას ვცდილობდი, მაგრამ მხოლოდ ცალკეული სიტყვები და ფრაზები თუ მესმოდა. ვუფიქრდებოდი გაგონილს, ძალიან ძნელი გასაგები იყო. გამიჩნდა აზრი, რომ აგერ, უკვე ორი ათასი წელია, ადამიანები იმიტომ კი არ ლოცულობდნენ უფლისა და ღვთისმშობლის მიმართ და წირავდნენ თავს რწმენისათვის, რომ ცდებოდნენ ან ვიღაც ატყუებდა, არამედ, ალბათ – იმიტომ, რომ ღვთის რწმენა ადამიანის სულის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. იქნებ ეს ერთ-ერთი იმ ფსიქოლოგიურ ან ფსიქიკურ მდგომარეობათაგანია, რომლებიც ჯერ საკმარისად არ არის შესწავლილი.

კითხულობენ და გალობენ ლოცვებს: „აწ განუტევე მონა შენი, უფალო..." „ნათელი მხიარული...“ „აკურთხევს სული ჩემი უფალსა...“ ვიმახსოვრებ სიტყვებს, სახლში ვიწერ, ვუფიქრდები და თანდათან ვშიფრავ, როგორც ძველ ტექსტებს. ბევრი რამ გავარკვიე, მაგრამ თავში მაინც არეულობა მაქვს, ბოლომდე ვერ ჩავწვდი ყველაფერს. როცა ხალხი ტაძარში გალობს, მეც ვაყოლებ ხმას. ეს ამაღლებულ განწყობას ქმნის. ვცდილობ, მეტი შევიტყო ქრისტიანობის შესახებ. ძველი ეკლესიებისა და ხატების შესახებ წიგნებში მოპოვებული ცნობები არასაკმარისია. ვიწყებ ძიებას. ვშოულობ ბიბლიას და სახარებას, რევოლუციამდელ გამოცემებს წმინდანთა ცხოვრების შესახებ, ნაცნობ-მეგობრებსა და ახლობლებში ვთხოულობ.

რაღაცას ვიგებ, მაგრამ ძველი აღთქმა მაბნევს. სახარება უფრო გასაგები, თუმცა ჩვენი დროისათვის მეტისმეტად მიამიტი მეჩვენა. ბიბლიოთეკებში დავდივარ, რელიგიის შესახებ წიგნებს ვეძებ, მაგრამ აქ ყველაფერს აქილიკებენ, აკრიტიკებენ, იგრძნობა ხელოვნური, ზედაპირული მიდგომა რწმენისადმი, მაშინ, როცა არიან ადამიანები, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულებს აღნიშნავენ. ეკლესიაში არავის ვიცნობ და კითხვა მერიდება. შემთხვევით, ნაცნობებთან ვპოულობ ძველ სახელმძღვანელოს – კატეხიზმოს. ხარბად ვკითხულობ, ბევრ საკითხს ნათელი ეფინება. მშრალი, მძიმე, მოუქნელი სტილია, მაგრამ ზოგიერთი ლოცვისა და მსახურების აზრი გასაგები ხდება. უკვე მესმის, რა ხდება ტაძარში ღვთისმსახურებისას, ძირითადად წირვა-ლოცვისას, რადგან მათ ვესწრები. გატაცებით ვსწავლობ, ვგებულობ, ვიაზრებ. აქამდე უცნობი სამყარო აღმოვაჩინე და ახალ ცოდნას დავეწაფე. ეს სამყარო, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე სინამდვილეს კი არ ემიჯნება, არამედ მთლიანად მოიცავს მას.

ძველებურად მიზიდავს მოგზაურობა, ბუნება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოსულმა სიახლემ სულ სხვა აზრი შესძინა, შეავსო, გაამდიდრა ყოველივე... და, მაინც ბევრი რამ ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი, ჩამორჩენილი მეჩვენება. ლენა დიდი ხანია აღარ მინახავს. რამდენჯერმე სხვა ეკლესიებშიც ვიყავი, მაგრამ არც იქ შემხვედრია. წელიწადნახევარზე მეტი დამჭირდა წირვის არსში და სარწმუნოების საფუძვლებში გასარკვევად, მაგრამ ჯერ კიდევ ძალზე ცოტა ვიცოდი.

ბევრი რამ ძველი ინტერესებიდან ახალმა შეცვალა. შვებულებას ზაგორსკში ვატარებდი. ვიქირავე ოთახი და ყოველდღე მონასტერში დავდიოდი. წმინდანის ნაწილებთან რომ ვიდექი, სასულიერო აკადემიის სტუდენტი გავიცანი. ის ბევრ რამეს მიხსნიდა, მეხმარებოდა, კითხვებზე მპასუხობდა. ეს ბედნიერი შეხვედრა იყო. ბოლოს, დადგა დღე, როცა ჩემთვის ნათელი გახდა, რატომ სწამთ ადამიანებს ღმერთი. მე ეკლესიაში მხოლოდ ლენას სანახავად დავიწყე სიარული, ახლა კი იმიტომ დავდივარ, რომ არ შემიძლია, არ ვიარო. მაგრამ სინამდვილეში, მწამს თუ არა, მივეჩვიე თუ არა წირვას? მიძნელდება პასუხის გაცემა. იმ ლოცვებს, რომლებიც ეკლესიაში იკითხება, არა მარტო ვისმენ, მათ აზრსაც ვგებულობ უკვე და ზოგჯერ თავს ვიჭერ იმაში, რომ ვლოცულობ. სახლში რომ ვბრუნდები, გზად კიდევ დიდხანს მიმყვება ლოცვისა და გალობის სიტყვები. თითქმის ორი წელი გავიდა, რაც ლენას გამო ეკლესიაში მივედი. ჯერ მის სანახავად, შემდეგ ინტერესის გამო, ახლა კი დავდიოდი როგორც მორწმუნე.

დიდი მარხვა დამთავრდა. აღდგომა მოვიდა და წირვაზე მდგომ ადამიანებს საზეიმო, ამაღლებული განწყობილება გვაერთიანებს. ისმის გალობა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით ,სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...“ მეც ვგალობ არაჩვეულებრივი აღმაფრენით, სული ზეცისკენ მიილტვის, მზად ვარ ყველას და ყველაფერს გადავეხვიო. გაქრა დაღლილობა და ყოველდღიური საზრუნავი.

წირვის დასასრულს, გასასვლელისკენ მივდივარ. ხალხი ბევრია. მარცხენა გასასვლელს მივაშურე. საფეხურებზ ელენას ვხედავ. არ გამკვირვებია შეხვედრა და ვუთხარი:„ქრისტე აღსდგა!“ ლენამ ამომხედა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები მომანათა: „ქრისტე აღსდგა, ლენა“ – ვუმეთრებ, – „ჭეშმარიტად აღსდგა!“ – მპასუხობს და მოულოდნელად ჩემკენ მოიწევს, სამჯერ გადავკოცნეთ ერთმანეთი. ერთად ვეშვებით ქვემოთ და მივდივართ. საით, რისთვის? არც ერთმა არ ვიცოდით.

ქალაქი წყნარი და მშვიდი, ჰაერი კი სუფთა და გამჭვირვალეა. სახლებს ამომავალი მზის შუქი აფერადებს. ხელს ვკიდებ ლენას და ვეუბნები: ლენა, ორი წელი დავდიოდი ამ ეკლესიაში, ჯერ – თქვენს გამო, შემდეგ – ცნობისმოყვარეობის, ახლა კი უკვე იმიტომ, რომ მწამს. და ვუყვები ყველაფერს. ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ, გულში კი ისევ სააღდგომო წირვის „ქრისტე აღსდგა“ ჟღერს.

ლენა უხმოდ მისმენს, მე კი განვაგრძობ საუბარს... ქუჩებში, მოსახვევებში, ბულვარებზე მივაბიჯებთ, მაგრამ ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევთ. ალბათ, გამგლელებიც გვხვდებიან, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავ. ახლა მთლიანად სააღდგომო წირვისა და, რა დასამალია, ლენასთან შეხვედრის სიხარულში ვარ ჩაფლული. დღეს ყველაფერი გასაოცრად კარგია: აღდგომა, ცხოვრება, განწყობილება და ის, რომ ლენასთან ერთად მივაბიჯებ. მგონია, რომ გარდავიქმენი. ამ ყველაფერზე ვესაუბრები ლენას. ის ჩემს ხელს ეყრდნობა, მისმენს და დუმს, ხანდახან შემომხედავს. მისი დუმილი მაწუხებს და აღელვებული მივმართავ: ლენა, იცით, ლენა, რა უნდა გითხრათ... სამჯერ ვიწყებ და სამჯერვე მიწყდება სიტყვა.

ის არ გამირბის, არც ჩემს ხელს იშორებს თავისი ხელიდან, მხოლოდ მიყურებს დიდი, მუქი თვალებით, შემდეგ ძირს დახარა თვალები და ჩუმად მითხრა: ვიცი!

გამვლელები ალბათ გაოცებულნი უყურებენ, როგორ ეხვევა და კოცნის ამხელა ახმახი ქუჩის კუთხეში ქალიშვილს ან, შესაძლოა, ასე ადრე არც არიან გამვლელები.

– იური, მეუბნება ლენა, – ვიცი, რომ ძველებურად დადიხარ ეკლესიაში, დღეიდან ეს ჩვენი საერთო ეკლესია იქნება.

არ ვპასუხობ, უბრალოდ, ვეხვევი და ისე მივაბიჯებთ, ასე მივადექით ისევ იმ ეკლესიას, რომლიდანაც დილით გამოვედით. ახლა მეორე წირვას ასრულებენ...

შევდივართ, ღვთისმშობლის ხატს ვემთხვევით, ვლოცულობთ და გამოვდივართ.

ლენა მეუბნება: დედაჩემთან წავიდეთ, ის წირვის მერე მელის.

აი, ასე მოვედი ეკლესიში. დანარჩენი ისედაც გასაგებია თქვენთვის.

მამა არსენი ლენას დედის მეშვეობით გავიცანით. პირველად ორი წლის წინ ჩამოვედით მასთან. მას მერე ხშირად ჩამოვდივართ და ყოველთვის რწმენის გაღრმავებისა და განახლების სიხარულით აღვსილნი ვბრუნდებით, – მამა არსენის დარიგებითა და რჩევებით გამდიდრებულნი. ეს ამბავი ერთი გრძელი საღამოს განმავლობაში დაგიწერეთ, ერთბაშად გავიხსენე წარსული, თუმცა არც თუ შორეული, მე და ლენა სულ ოთხი წელია, რაც ერთად ვართ.

იური

 

კორსუნსა და ერშში [**]

1963-1971 წწ.

1932 წელს დაგვაპატიმრეს მე, იულია და სონია. ამ წლებში, ძირითდად, მორწმუნეებს ან, როგორც მაშინ ამბობდნენ, ეკლესიურებს იჭერდნენ.

მამა არსენთან სულ ახალგაზრდები მივედით. დაპატიმრებისას მე 23-ის ვიყავი, იულია და სონია 24-ის. ვმეგობრობდით და ყველგან ერთად დავდიოდით: ეკლესიაში, სტუმრად, თეატრებში, მოგზაურობებში, მუზეუმებში.

ბუტირკის ციხეში ერთ საკანში ჩაგვსხეს. დიდი, ორმოცკაციანი კამერა იყო, თითქმის ყველა ეკლესიური ვიყავით, ძირითადად, – ახალგაზრდები. სამი კვირა გაგვაჩერეს, სამჯერ გამომძიებელთან გამოგვიძახეს, მესამედ განაჩენი წაგვიკითხეს – მოსკოვიდან გასახლება ოთხი წლით. ცოტა უცნაური განაჩენი იყო, ყველას სამ წელს უსჯიდნენ, შემდეგი საფეხური კი ბანაკი იყო. გამოგვიშვეს და არხანგელსკში გამგზავრება შემოგვთავაზეს, საცხოვრებელ ადგილს უკვე იქ მიგიჩენენო. მე სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, იულია ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა, სონია კი – მხაზველად, ერთ-ერთ საკონსტრუქტორო ბიუროში.

სახლში ტირილი და მღელვარებაა. მშობლები ყველანაირად ცდილობენ, დამიხსნან, მაგრამ – უშედეგოდ, დანარჩენებთანაც იგივე მდგომარეობაა. ათი დღის შემდეგ არხანგელსკში გავემგზავრეთ. თავგადასავლების გარეშე ჩავედით. გამოვცხადდით შინსაქკომში, საიდანაც რაიონულ ცენტრში გაგვაგზავნეს, რომლის სახელიც მანამდე არ გვსმენოდა.

სევერნაია დვინას სათავისკენ ავუყევით 200 კილიმეტრზე, ნავსადგურიდან ცხენებით ვიმგზავრეთ. ასე ჩავაღწიეთ რაიონულ ცენტრამდე. გემზევე შევამჩნიეთ, რომ ირგვლივ შიმშილობაა, მაღაზიები ცარიელია, პური არ იყიდება, გზაში იმით ვიკვებებოდით, რაც თან წამოვიღეთ მოსკოვიდან. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ნება დაგვრთეს, რომელიღაცა გლეხის სახლის დერეფანში გაგვეთია ღამე. დილით რაიონულ განყოფილებაში მივედით. ჩურჩული, მითქმა-მოთქმა, ერთიმეორეზე საშინელი ხმები... მივედით რწმუნებულთან, გადასახლებულთა რიგი დგას, ერთი ყვირილი და ლანძღვა-გინებაა, ეს არის, რომ ცემა-ტყეპამდე არ მიდის საქმე. ზოგს ხე-ტყის დამზადებაზე უშვებენ, ზოგს – დაცურებაზე, ზოგს გზების მშენებლობაზე, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. შევშინდით, გულში ვლოცულობთ... მივედით საბუთების ჩასაბარებლად, რაღაცის თქმას ვაპირებთ, რწმუნებულმა კი შემოგვხედა და აღრიალდა: „კონტრა“ [***] პროსტიტუტკებო! – და ყოველ სიტყვაზე გინება...

იულია მაღალია, ტანადი, ნამდვილი რუსული სილამაზის განსახიერებაა, მივარდა და კინაღამ გალახა, უყვირის: ნაძირალა, გასუქებულხარ მუქთა სადილებით!

რწმუნებულმა კბილები გააკრაჭუნა, წაგვართვა საბუთები და სადღაც წავიდა. რიგში გვეუბნებიან: ტყეში გაგანაწილებენ, გოგოებო, დასაღუპად, შენ კი, მაღალო, – უფროსის საწოლში.

ღმერთო, რა გადავიტანეთ!.. მოვიდა რწმუნებული, ხელმოწერილი ქაღალდები მოგვაყარა და ისევ აღრიალდა: დღესვე წაეთრევით ქალაქიდან! – და, ისევ გინება...

ავიღეთ ქაღალდები, სამივე სოფელ კორსუნში ვართ გამწესებული. დავიწყეთ ურმის ძებნა. გავიკითხეთ, სად არის სოფელი კორსუნი, გვითხრეს, რაიონული ცენტრიდან ოც ვერსზეო. ვირბინეთ, ვეძებეთ და მხოლოდ შუადღისთვის ვიპოვეთ მზიდავი, არნახული ფასი – სადღაც 30 მანეთი მოგვთხოვა. გამოსავალი არ გვქონდა, დავთანხმდით. მეურმე მთვრალი იყო, იგინებოდა, ხან იულიას ეტორღიალებოდა, ხან – სონიას, მე „ჭირიანი“ მიწოდა და ხელი ჩაიქნია. ორ-სამჯერ ურემი გადაგვიბრუნდა, ვექაჩებოდით, ტალახში ჩავარდნილ ბარგს ვაგროვებდით. მთლად გაყეყეჩებულ მეურმეს ადგილზე ვაბრუნებდით. რის ვაივაგლახით გავიარეთ ათი ვერსი და რომელიღაც სოფელში შემოგვაღამდა. დილით დავიძარით და აღმოვაჩინეთ, რომ იულიას ტანისამოსით სავსე ფუთა დაიკარგა. დიდხანს ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და გზა განვაგრძეთ. პირქუში მეურმე დილით უკვე ფხიზელი იყო, მაგრამ გზაში ისევ შეზარხოშდა, ეტყობა ჩუმჩუმად ყლურწავდა. ერთ-ერთ მოსახვევში ურემი გადაბრუნდა და თივაში საგულდაგულოდ ჩამალული იულიას ბარგი გამოჩნდა.

მეორე საღამოს კორსუნამდე მივაღწიეთ. ერთ სახლში მივედით, მეორეში, მესამეში, პატრონები არ გვღებულობდნენ. მეურმემ ჩვენი ბარგი მოგვიყარა და წავიდა. წვიმდა და ბნელ ღამეში ძაღლების ყეფა ისმოდა. დავსველდით, დაღლილობისა და უმწეობისაგან ტირილი გვინდოდა. ლოცვის თავი აღარ მქონდა. იულია კი მხნეობას არ კარგავდა და გვითხრა: გოგოებო, თქვენ აქ დამელოდეთ და ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს ევედრეთ, მე კი სოფელში გავივლი, იქნებ ვინმემ შეგვიშვასო.

ოცდაათი წუთის შემდეგ იულია გამოჩნდა, – ერთ მოხუც ქალთან ვიპოვეო ღამის გასათევიო.

დიდი ქოხი იყო. უზარმაზარი რუსული ღუმელი, კედლების გაყოლებით გრძელი სკამები, მიწაში ფეხებჩასობილი მაგიდა, კუთხეში ხატის მუქი ფიცარი. ქოხში ცივა, ღუმელი კი ცხელია. გავიხადეთ, ღუმელზე ავძვერით, დავწექით, მაგრამ თვალი არ მოგვიხუჭავს დილამდე. ღამით ყველაფერი გაშრა, ჩვენც გავთბით და გამოვცოცხლდით.

მასპინძელი მაღალ-მაღალი, ხმელი და ჩვენზე, გადმოსახლებულებზე ძალიან გაბოროტებული მოხუცია.

– რაც ეს სალახანები აქ მოგრეკეს, ყველაფერი გაქრა. აბა, მითხარი, გოგო, რა იქნა ნავთი, შაქარი და მარილი, თქვენღა აკლდით აქაურობას, – ჯაჯღანებდა.

დილით აღმოვაჩინეთ, რომ პატარა ფუთა, რომელშიც კაბა იდო, გაქრა, – რა თქმა უნდა, მეურმემ წაიღო. თავშესაფარში დედაბერმაც მეურმესავით ძალიან ძვირი მოგვთხოვა. რაც თან გვქონდა, შევჭამეთ, გამოვიცვალეთ ტანზე და სოფლსაბჭოში წავედით, ჩამოსვლის აღნიშვნის გასაკეთებლად.

სოფლსაბჭო უკიდურესად დაბინძურებულ, ნაგვითა და ფურთხით სავსე შენობაში იყო. თავმჯდომარემ, მაღალმა, წითურმა კაცმა, კუშტად შეგვავლო თვალი, აიღო საბუთები, ჩაიწერა წიგნში გვარები და გამოგვიცხადა: კორსუნში დარჩენის უფლებას არ მოგცემთ, მოუსვით ერშში, სულ სამი ვერსია. ორშაბათობით და ხუთშაბათობით აღნიშვნისთვის ჩემთან ან მიხალიოვთან გამოცხადდებით. მილიციელი მიხალიოვი ჩამოვა ხოლმე. არსად გასვლის უფლება არ გაქვთ. ხალხი არ აიყოლიოთ, აგიტაცია არ გაბედოთ, გატრუნულები იყავით, თორემ რაიცენტრში გიკრავთ თავს, იქ კი ბევრს არ გალაპარაკებენ. თქვენზე პასუხს მე ვაგებ.

ჩუმად ვიკითხე, სად შეიძლება პროდუქტების ყიდვა მეთქი? თავმჯდომარემ გაიცინა და ბოროტად მომიჭრა: – საბჭოთა ხელისუფლება მტრებს არ აჭმევს, ვალდებული არ არის, – ამით დამთავრდა ლაპარაკი.

მივედით ქოხში და ვხედვთ, სულ ქალები და გოგოები შეკრებილან, ჩვენი ნივთები სკამებზე გაუფენიათ, ათვალიერებენ, იზომავენ, ქირქილებენ. განსაკუთრებით – ლიფები და მაქმანიანი პერანგები ამხიარულებთ: ნახე, ნახე, უსირცხვილოებიო, – ისმის აქეთ-იქიდან.

ძლივს შევკრიბეთ მიყრილ-მოყრილი ნივთები და წავედით ერშში. ყველაფერი ვერ წავიღეთ, წიგნები და მძიმე კალათები დავტოვეთ. რამდენიც შეგვეძლო, მოვიკიდეთ.

სამი ვერსი, სინამდვილეში, ხუთი აღმოჩნდა. ისევ ცრიდა, ფეხები ტალახში გვისრიალებდა და გვეფლობოდა, ძლივს მივედით ძალაგამოლეულები.

მარტოხელა მოხუცის – ბებო ალექსანდრას ქოხი ვიქირავეთ. კაფანდარა, მოძრავი მოხუცი იყო. დიდი, გახუნებული ცისფერი თვალებით კეთილად და ალალად უყურებდა ადამიანებს. ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ვაჟები ქალაქში დასახლდნენ და დაივიწყეს დედა, ქალები გათხოვდნენ, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და არც ერთი არ ეხმარებოდა მშობელს, ფულს არავინ უგზავნიდა, მარტო ეწეოდა ცხოვრების ჭაპანს მოხუცი, – რაც ბოსტანში მოჰყავდა, იმით გაჰქონდა თავი.

ჩვენ კარგად მიგვიღო, გაუხარდა კიდეც. სოფლის ახალი ამბები მეორე დღესვე ვიცოდით, მაგრამ დიდად არ გავუხარებივართ; – გადასახლებულებიდან სოფელში არავინ დარჩა; ვინც იყო, ზამთარში შიმშილით დაიხოცა. სამსახურის შოვნა შეუძლებელია, სოფლსაბჭოს თავმჯდომარე ბოროტი კაცია, ვერაფერს იყიდი, სოფლელები თავადაც შიმშილობენო.

ქოხში თბილოდა, ღუმელზე გვეძინა, ირგვლივ მშიერი ტარაკნები ირეოდნენ, ღრიჭოებიდან რწყილები გვიტევდნენ, იატაკზე ბებერ ცხვარს ეძინა – ბებო ლაქსანდრას (ასე უწოდებდა ის თავის თავს) ერთადერთ საქონელს. პირველ ხანებში, რაც ჩამოვიტანეთ, იმით გაგვქონდა თავი, მაგრამ პროდუქტები მალე გაგვითავდა და რაღაც უნდა გვეღონა. მოსკოვში წერილებს ვაგზავნიდით, თუმცა გამოგზავნილ ამანათებსა და ფულად გზავნილებს არ გვაძლევდნენ; –ფოსტა რაიონში იყო, იქ კი თავმჯდომარე არ გვიშვებდა. კოლმეურნეობაში წავედით, სამუშაოდ აყვანა ვითხოვეთ, უარი გვითხრეს, მერე ცეკავშირის დამამზადებლებისთვის ჩასაბარებლად სოკო, ჟოლო და მოცვი შევაგროვეთ, – მათ კი, ჩაიბარეს და არც ფული მოგვცეს, არც პროდუქტი, აბუჩად აგვიგდეს. მივხვდით, რომ შიმშილით სასიკვდილოდ გაგვწირეს. ლაქსანდრა ბებომ გვითხრა: რა ვქნა, მეცოდებით, მაგრამ ვერაფერს გშველით, შარშან იპატიევებთან რომ გადასახლებულების ოჯახი ცხოვრობდა, დაიხოცნენ, ასევე იბრძოდნენ, მაგრამ შიმშილმა ბოლო მოუღოო.

შიმშილობა დაგვიდგა; ვერც იყიდი რამეს, ვერც გაყიდი. ტანსაცმლის გადაცვლა დავიწყეთ, მაგრამ გლეხები ერთ შალის კაბაში ერთ ვედრო კარტოფილს გვაძლევდნენ მხოლოდ, ბოტებში კი – ორ ფუთ ფქვილს.

ნესტიანი ზაფხული იყო, ლაქსანდრა ბებოს ბოსტანში არაფერმა არ იხარა, ისიც ჩვენსავით შიმშილობდა, რაც ჰქონდა, გვინაწილებდა. არანაირი ადამიანური იმედი აღარ არსებობდა, მხოლოდ ნიკოლოზ სასწაულთმოქმედსა და ღვთისმშობელს ვევედრებოდით. დადგა მომენტი, როცა ღვთის შეწევნის შესაძლებლობაში დავეჭვდი. მხოლოდ იულია ინარჩუნებდა ურყევ რწმენას და გვეუბნებოდა: უფალი არ მიგვატოვებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უფლისა ჩვენისა, შეგვეწევა. მამა არსენმა ჩვენი თავი მას შეავედრაო. საყვარელი, ძვირფასი იულია, როგორ მამხნევებდა თავისი ნუგეშით, ლოცვებით. სონია თავის თავში ჩაიკეტა, სულ დუმდა, – თუ მოსკოვში მე და იულიას მისი იმედი გვქონდა, ახლა მხოლოდ იულიაღა დამრჩა საყრდენად.

წვიმიანი ზაფხული იყო, ბოსტნებში ყველაფერი ქინქლამ და ჭიამ გააჩანაგა, კარტოფილი მიწაში ლპებოდა, სამაგიეროდ ტყეში ბევრი სოკო და ჟოლო მოვიდა. გადავწყვიტეთ, მოგვეგროვებინა და ჩირი გაგვეკეთებინა. ორ-ორი დავდიოდით. ერთი ყოველთვის სახლში უნდა ყოფილიყო შემოწმების შემთხვევისთვის, ძირითადად, სონია რჩებოდა ხოლმე.

სოკო და ჟოლო ბევრი იყო, მაგრამ მოგროვება ჭირდა, ბებომ რუსულ ღუმელში სოკოს გამოშრობა გვასწავლა და ოცდაათ კილოგრამზე მეტი დავამზადეთ, ჩვენს ბედად ბებოს რამდენიმე საჟენი შეშა და ფიჩხი ჰქონდა ეზოში. ცივი შემოდგომა დადგა წვიმითა და ყინვებით. დილაობით გუბეები იყინებოდა, პირველი თოვლიც მოვიდა. ტანსაცმლდან მხოლოდ ყველაზე აუცილებელი დავიტოვეთ, დანარჩენი კი კარტოფილზე გადავცვალეთ. ზამთარმა იმძლავრა. ყინვები და ქარბუქი მძვინვარებდა. ბებომ სადღაც, სხვენზე ორი წყვილი შემოკერილი თექის ჩექმა მონახა, რის წყალობითაც შეგვეძლო ქუჩაში გასვლა ფეხების მოყინვის საფრთხის გარეშე.

კვირაში ორჯერ კორსუნის სოფლსაბჭოში მივდიოდით რეგისტრაციისთვის. ეს ჩვენი კორსუნსა და ერშში გადასახლების მანძილზე ყველაზე საშინელი დღეები იყო. თავმჯდომარე ჩვენ დანახვაზე განსაკუთრებული სიამოვნებით იგინებოდა, გვიყვიროდა, ქუჩაში გვალოდინებდა, თვითონ კი სადღაც მიდიოდა ან იქვე, სკამზე ჩამომჯდარი ახალ ამბებს უზიარებდა ნაცნობ გამვლელ-გამომვლელს, ვითომ ვერ გვამჩნევდა. ჩვენ კი ყოველ წუთს ველოდით, რომ ან სადმე გვიკრავდა თავს, ან, ვინ იცის, რის გაკეთებას გვაიძულებდა.

თუ თავმჯდომარე არ იყო, რეგისტრაციას ახალგაზრდა, საოცრად სევდიანთვალებიანი ქალი ატარებდა. სახის მარჯვენა ნახევარი რაღაცით ჰქონდა დამახინჯებული ,ამიტომ მოსაუბრისკენ ყოველთვის მეორე მხარით იყო შემობრუნებული. უხმოდ იღებდა ჩვენს ცნობებს, კალამს გვაძლევდა ჟურნალში ხელის მოსაწერად და სიტყვა არ დასცდებოდა, ისე გამოგვიშვებდა. მხოლოდ ერთხელ, იულიას რომ შეხედა, უთხრა: რა ლამაზი ხარო – და საღი მხარე შეეფაკლა. ხშირად, ორშაბათობითა და ხუთშაბათობით სოფლსაბჭო, რატომღაც, დღისით დაკეტილი იყო, დაბნელებამდე ველოდით ხოლმე თავმჯდომარეს ან მდივანს, მერე კი სიბნელეში ვბრუნდებოდით უკან ტალახსა და თოვლჭყაპში. ყველაზე უარესი ზამთრის ქარბუქში სიარული იყო. საშინლად გვიჭირდა, ირგვლივ საფრთხე გველანდებოდა. ჩვენ კი მაინც მივდიოდით და მივდიოდით...

ორ-სამჯერ ბიჭები აგვეკიდნენ, მაგრამ ღვთის წყალობამ დაგვიფარა.

რამდენჯერმე ერშში ცხენით ჩამოვიდა მილიციელი, დიდხანს იწმენდდა ფეხს ქოხის წინკარში, ჩუმად შემოდიოდა, სკამზე ჯდებოდა, ამოიღებდა რვეულს და ქიმიურ ფანქარს, – ხელს მოგვაწერინებდა, წასვლის წინ ავ მზერას მოავლებდა ქოხს, ჩვენც გადმოგვიბრიალებდა თვალებს და ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებით გადიოდა: აჰა, ასეა საქმე, ადგილზე არიან ესე იგი, გოგოები... კვადრატული სახე ჰქონდა, თვალებზე წარბებჩამოფხატული, ღრმა ნაოჭებით ისე ჰქონდა სახე დაღარული სრულიად მოულოდნელი მიმართულებებით, თითქოს ნაჯახით დაუსერავთო, ხისგან გამოჩორკნილ წარმართულ კერპს ჰგავდა უკეთური გამომეტყველებით.

ბებო აფორიაქდებოდა ხოლმე მის დანახვაზე და ქოხიდან გადიოდა. ჩვენ არ გვიყვარდა მიხალიოვი, შიშის ზარს გვცემდა მისი გამოჩენა, მზერა, რვეული და ცხენიც კი.

მძვინვარე ჩრდილოურმა ზამთარმა შეგვბოჭა, თავს იმითღა ვშველოდით, რომ ღუმელთან ვთბებოდით. სითბო გვასულდგმულებდა, მაგრამ შიმშილთან რას გავაწყობდით? – სოკო, სოკო და სოკო – წვნიანის და ფაფის სახით. თუ სადმე ერთ-ორ კარტოფილს მოვიპოვებდით, ჩავუმატებდით სოკოში და მეფურ კერძად გვეჩვენებოდა.

იულია დასუსტდა, ჯერ კუჭი ასტკივდა, მერე – ხელ-ფეხი და, ბოლოს, ჩაწვა. პირველად ვერ წამოვიდა რეგისტრაციაზე დეკემბრის დასაწყისში. მე და სონია წავედით და შევატყობინეთ, რომ იულია ავად გახდა, მაგრამ თავმჯდომარემ არ დაგვიჯერა. გინების და მუქარის კორიანტელი დააყენა. აქეთობისას, გზაში, სულ ვტიროდით. მეორე დღეს მიხალიოვი ჩამოვიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ იულია არ გაპარულა. რომ დარწმუნდა მის ავადმყოფობაში, ნება დართო, არ წასულიყო სარეგისტრაციოდ.

სონია ოთხჯერ მარტო წავიდა კორსუნში. ერთხელ ღამეც კი დარჩა. ჩემსა და იულიაზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლო დროს ჩაფიქრება და გარინდება დასჩემდა. ან ანგარიშმიუცემლად დაბორიალობდა ქოხში, ან იჯდა და ფანჯარას უშტერებდა თვალს.

ვცადე დავლაპარაკებოდი, გამომეკითხა რა ხდებოდა, მაგრამ ჯიუტად დუმდა. ერთხელაც, ერთ-ერთ ოთხშაბათს დილით კორსუნში წავიდა, ღამე იქ გაათია, ხუთშაბათს კი მისი წერილი მოგვიტანეს, – „შიმშილით სიკვდილი არმინდა, თავს უნდა ვუშველო. როგორც გინდათ, განმსაჯეთ, მაგრამ აღარ დავბრუნდები. მარტო ლოცვით თავს ვერ გაიტან. მშვიდობით. სონია“

მე და იულია ავტირდით. საღამოს კი ბებომ მოგვახსენა, სონია შიმშილისგან თავის დასაღწევად ვასკას გადაჰკიდებია, – კორსუნში კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, ცოლი გაზაფხულზე მოუკვდა. სონია თვალში მოსვლია და, არ ვიცი როგორ, მაგრამ ერთად კი არიან – ახლა დედოფალივით იცხოვრებსო.

იულია ამ ყველაფრის შემდეგ უარესად გახდა. წავედი კორსუნში სონიას საძებრად, მაგრამ ვერსად ვიპოვე. რატომ მოხდა ასე? – ვფიქრობდი. მამა არსენთან ერთად დავდიოდით, სონია საუკეთესო იყო ჩვენს შორის და უცებ... ასეთი რამ, რატომ? – პასუხი არ მქონდა. მე და იულიამ ლოცვა გავაძლიერეთ, ვემუდარებოდით უფალს, ძალა და შემწეობა მოემადლა ჩვენთვის.

ბებომ, შიმშილისაგან თავის გადასარჩენად დასთან წასვლა გადაწყვიტა, შენკურსკში, – ვერ გეხმარებით და ერთი მჭამელი მაინც მოგაკლდებათო. დავრჩით ორნი. კიდევ ერთი თვე გავიტანეთ თავი სოკოთი. ორშაბათს რეგისტრაციზე წავედი, თან იულიას დატოვებაც მეშინოდა, – სულ მთლად დაუძლურებული იყო.

ძლივს ჩავაღწიე კორსუნამდე. წვრილი, ჩხვლეტია თოვლი მოდიოდა, სასტიკი ქარი ქროდა. სოფლსაბჭოს კარი დაკეტილი დამხვდა, ცოტა ხანს დაბნეული ვიდექი და მერე უაზროდ გავუყევი ქუჩას. გამიელვა: მათხოვრობას დავიწყებ-მეთქი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, ვხედავ, ერთ-ერთი სახლის პარმაღზე ათი წლის გოგონა შერბის და მეძახის: დეიდა, დეიდა, აქ შემოდითო. შევედი, დიასახლისმა მაგიდასთან დამსვა და გამიმასპინძლდა.

– დიდი ხანია ვხედავ, როგორ დადიხართ სოფლსაბჭოში და საათობით ელოდებით. როცა მოხვალთ, ჩემთან შემოდით ხოლმე, – დაგაპურებთ, გათბებით.

თქვენი სონია თავმჯდომარეს აეკიდა, ნუ იდარდებთ. ნეხვი ყოველთვის ტივტივებს. ღმერთმა განსაჯოს. პური და კარტოფილი გაიყოლეთ, – მითხრა მასპინძელმა.

დავნაყრდი, გავთბი ადამიანური სიკეთით და სული მოვითქვი, საბჭოს თავმჯდომარე დავინახე ფანჯრიდან და სარეგისტრაციოდ წავედი. ერშში გახარებული დავბრუნდი, იულიას მოვუყევი ყველაფერი და გემრიელად ვასადილე. სამი დღე გვეყო საჭმელი მერე კი ისევ შიმშილობა დაგვეწყო. კორსუნში ვეღარ მივდიოდი, – ძალა აღარ მქონდა. დილით, აღარ მახსოვს კვირის რა დღე იყო, შეშისთვის გარეთ გავედი, ცივა, ირგვლივ თოვლით დაფარული ტყე, ჭალები და მინდვრები ცისფად კიაფობს, გამჭვირვალე ჰაერი და საზეიმო მდუმარება ამ სურათს არაამქვეყნიურ იდუმალებას სძენს. თითქოს პირველად დავინახე ეს მშვენიერება და ხმამაღლა შევღაღადე: ღმერთო! შენ ხომ აქ ხარ, რატომ მიგვატოვე? გვიშველე! – მაგრამ არავინ მიპასუხა და ბარბაცით შევედი შინ. ნაფოტები ხელიდან მიცვიოდა, მე კი გამწარებით ვეზიდებოდი და ვეზიდებოდი. გაბოროტებული და სასოწარკვეთილი ვფიქრობდი: ყველამ მიგვატოვა, არავის ვახსოვართ, ვიხოცებით...

შეშა რომ შემოვზიდე, ზღურბლზე გავჩერდი. ამინდი შეიცვალა, მსხვილი თოვლი წამოვიდა, ზამთრის მზეს მუქი ღრუბლები გადაეფარა, ირგვლივ ჩამობნელდა, თვალწინ თეთრი ფთილები ირეოდა და რიალებდა. სული შემეხუთა, სასტიკად დამცხა, ძლივს შევაღწიე ქოხში და საწოლამდე მივბარბაცდი.

ღუმელზე იულია იწვა, მაგრამ იქამდე მისვლის თავი აღარ მქონდა. გული წამივიდა და, როგორც მერე იულიამ მითხრა, მთელი ღამე მაბოდებდა. დილით გავიღვიძე, წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. იულიას შევეხმიანე, მიპასუხა.. ჯერ გვედგა სული, მაგრამ როდემდე?

მეორე დღეს, გონს რომ მოვედი, იულია წყალს მასმევდა, გაჭირვებით წამოვდექი და იულიას დაწოლა დავაძალე. სახლში ციოდა, ღუმელი ორი დღის ჩამქრალი იყო. დანთების ძალა აღარ გვქონდა. ხველა მახრჩობდა, მაჟრჟოლებდა, ლოცვა დავიწყე... დილით გავიგონე, რომ შემოსასვლელში ვიღაც დიდხანს იფერთხავდა თოვლს, ბოლოს მიხალიოვი შემოვიდა. რომ დაგვინახა, მოგვიახლოვდა და საბანი გადაგვხადა: მაშ, ასეა საქმეო? – თქვა და გავიდა.

მე და იულიას აღარაფერი გვადარდებდა. იყო მიხალიოვი თუ არა, ჩვენთვის სულ ერთი იყო, სულს ვღაფავდით. სიკვდილი ნელა ეუფლებოდა ჩვენს სახლს, ჩვენს სხეულს. ზამთრის მოკლე დღე იწურებოდა. გარეთ ქარი მძვინვარებდა, ქოხში ყინავდა და ბებოს ძველი ჯუბები უკვე ვეღარ გვათბობდა.

სიბნელეში იულიამ ჩუმად მკითხა: ლუდა, ცოცხალი ხარ? მე მალე მოვკვდები. – ღვთისმშობელს, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს და უფალს ვევედრებოდით შენდობას და ჩვენი სულების მიღებას. აღარ ვგრძნობდით მარტოობის, სიკვდილის, სიცივის შიშს, გარდაუვალს შევეგუეთ და ღმერთს მივენდეთ სრული არსებით. „უფალო, შეგვეწიე ჩვენ ცოდვილთ!“ – ჩამესმა იულიას სიტყვები, პირჯვარი გადავიწერე და ბურანში ჩავიძირე.

კარის ჯახუნმა გამომაფხიზლა. ორნი შემოვიდნენ, ხმებით მივხვდი, ერთი კაცი იყო, მეორე ქალი. ასანთმა იელვა და მიხალიოვი დავინახე.

ცოლთან ერთად მოვიდა. ქალმა ღუმელი გაახურა და მოგვიახლოვდა, – როგორ მისუსტებულა! – თქვა იულიაზე, – ძვალი და ტყავიღაა. მე შემომხედა, შუბლზე ხელი დამადო და ქმარს უთხრა: ძალიან გავახუროთ ღუმელი .„ღმერთო ჩემო, ეს რაღაა?“ – გავიფიქრე, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. თავი მუშაობდა და მეხსიერება ყველაფრს ნათლად აღიბეჭდავდა... მიხალიოვი გავიდა, ორი ტომარა შემოიტანა, სანთელი აანთო, სარდაფის ჩასასვლელი მოძებნა და ტომრები ჩაიტანა.

მიხალიოვის ცოლი სიტყვაძუნწი იყო, უხმოდ საქმიანობდა. ღუმელს უკეთებდა, რაღაცას ამზადებდა, რაღაცას აცხელებდა, ასხამდა. ღუმელი გიზგიზებდა, მაგრამ ქოხში ჯერ ისევ ციოდა. მიხალიოვი შეშას ეზიდებოდა და ღუმელთან გროვა-გროვად აწყობდა. რომ მორჩა, ცოლს უთხრა: მე წავედი, თორემ შემამჩნევენ. შენ დილით წამოდიო.

ვერამ, ასე ერქვა მიხალიოვის ცოლს, კარი ჩარაზა. დაჯდა სკამზე და დაელოდა, როდის დაათბობდა ღუმელი ოთახს, მერე გვკითხა: ტილები გყავთ? – რომ გაიგო, არ გვყავდა, კმაყოფილმა თქვა: მაშინ უცებ დაგბანთო.

შვიდ საათზე ქოხში დაცხა. ალბათ გვიანი ღამე იყო, ვერამ რომ გამაღვიძა, – ადექი, ღუმელის მეორე ნაწილში შედი და ნაცრით დაიბანე, ცაცხვის და ჟოლოს ნაყენს დაგალევინებ, სამ დღეში ფეხზე დადგებიო. დამეხმარა გახდაში, ღუმელში უკვე დამხვდა წყლიანი სათლები, სახაპავი და ნაცარი. ღუმელში ბანაობა ბებომ გვასწავლა. მოუხერხებელია, ძალიან ცხელა, მაგრამ სასარგებლოა. უცებ მოვკეთდი. დროდადრო ვერა ღუმელის კარს აღებდა და მეკითხებოდა, ცოცხალი თუ ხარო. დავიბანე, სახსრებში სასიამოვნოდ მტეხდა, ხველა და ნახველი გაქრა, თავის ტკივილმაც გამიარა. – იჯექი, იჯექი, გათბი, – მითხრა ვერამ. მერე გამომიყვანა, თავისი ნაქსოვი პერანგი ჩამაცვა, გამახვია ჯუბაში და ღუმელზე შემაგდო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მცენარეული ნაყენი დამალევინა, მაჭამა და მერე იულიას დაბანას შეუდგა.

დილით ვერამ გამაღვიძა და მითხრა: სანამ ინათებს, უნდა წავიდე, ღამით ისევ მოვალ, ჯუბა მოიცვი და კარი ჩარაზე, მეგობარს ცოტ-ცოტა აჭამე, ოღონდ – ხშირად, იწექით და ჭამეთო.

ჩავეკარი იულიას, ის კი გახარებლი მეუბნება: ხომ ხედავ, მამა არსენის ლოცვით უფალმა და ღვთისმშობელმა შეგვიწყალესო.

ვერა თითქმის ყოველდღე მოდიოდა. გვაჭმევდა, სადილს გვიკეთებდა, ღუმელს ანთებდა. მიხალიოვი ოთხი დღის შემდეგ მოვიდა, კიდევ ერთი ტომარა კარტოფილი და მთელი ვედრო კომბოსტოს მწნილი მოიტანა. მეხუთე დღეს წამოვდექი. იულიას უფრო მეტი დრო დასჭირდა. ყინვა სულ ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. ქარი სევდისმომგვრელად ყმუოდა. ციმბირული ზამთარი მძვინვარებდა.

მთელი გადასახლების მანძილზე პირველად ვიგრძენით ადამიანური სიკეთისა და სითბოს მაცოცხლებელი ძალა სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომელთაგანაც ამის არავითარი მოლოდინი არ გვქონდა. უფალმა და ღვთისმშობელმა ხილულად ანდრეისა (ასე ერქვა მიხალიოვს) და ვერას საშუალებით ხელი გამოგვიწოდეს. ეს ჭეშმარიტი სასწაული იყო, რომელიც უფალმა მამა არსენის ლოცვით მოგვივლინა. მე და იულია განუწყვეტლივ ვმადლობდით ღმერთს და მადლიერებით ვუმზერდით ანდრეისა და ვერას. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!.. იულია მოღონიერდა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, უკვე გვესაუბრებოდა მე და ვერას, ხმამაღლა ლოცულობდა, წარსულს იხსენებდა. ჩვენ გვჯეროდა ღვთის წყალობისა, მაგრამ უნებურად ვფიქრობდით, რა იქნება, როცა ძია ანდრეის მოტანილი პროდუქტები გათავდება და ვერა აღარ მოვა?! ისევ – შიმშილი! მაგრამ ღვთის მოწყალება უსაზღვროა, მეათე დღეს ისე მოვღონიერდი და უკვე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ოდესღაც – მოსკოვში.

იმავე დღეს ვერამ მითხრა: ანდრეი თავის ძმას ელაპარაკა, რომელიც საავადმყოფოში ფერშლად მუშაობს, შენს სანიტრად აყვანას დაგვპირდა. ხელფასი დიდი არაა, მაგრამ თავს გაიტანთ, პროდუქტები ტალონით გექნება, აქაურ ხალხს გაიცნობ, მერე კი, როგორც ღმერთი ინებებს... იულიას მერე მოვაწყობთ სადმე. ანდრეი არ მიგატოვებთო.

ორშაბათს დილით კორსუნში წავედი. მზის დისკო ელვარებდა, თოვლი ბრწყინავდა, ზემოთ ცის და ქვემოთ თოვლით მოსილი არე-მარის სითეთრე ერთმანეთს მოლურჯო ზოლად ერწყმოდა. საოცარი სიმშვიდე და სიმსუბუქე სუფევდა. წარსული განსაცდელი დავიწყებას არ მისცემია, პირიქით, ხაზს უსვამდა ღვთის განგების სიღრმეს და მისი გააზრების, ჩაწვდომის საშუალებას იძლეოდა.

მე და იულია ვეწამეთ, ვიხოცებოდით, მაგრამ ეს წარსულში იყო. ახლა სიცოცხლის სიხარულის განცდამ გადაფარა წარსული ტანჯვა და მხიარული, ნათელი რწმენა ჩაგვინერგა, რომ მარტონი არ ვართ და ირგვლივ მყოფი ადამიანები მზად არიან დასახმარებლად, – ღმერთი ჩვენთანაა!..

შესაძლოა, ახლა ერთადერთი მიზანი სამსახურში მოწყობა იყო, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი – თავშალი, ხელთათმანები და თექის ჩექმები, – ეს სასიცოცხლო აუცილებლობა იყო, მაგრამ არა – უმთავრესი.

მზეზე ცისფრად მოელვარე ქათქათა თოვლი, ჩამუქებული ტყე, ნათელი ცის კაბადონი და აქამდე უცნობი, ყელში ზვირთებად მოწოლილი სიხარული ისეთ გრძნობას მიქმნიდა, თითქოს ღვთის დიდებულ ტაძარში ვიყავი, მაიძულებდა გავჩერებულიყავი და ზეზე მიყრდნობილს ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა მეთქვა: დიდება შენდა, ღმერთო! მივდიოდი და ვფიქრობდი, ჩემი და იულიას თვალსაწიერი შევიწროვდა, უბრალო ყოფითი საგნებითა და ზრუნვით შემოიფარგლა, თითქოს დაპატარავდა, მაგრამ ამავე დროს, სულიერად უსაზღვრო და ყოვლისმომცველი გახდა.

ლოცვანი, სახარება და ფსალმუნები წაგვართვეს, მაგრამ ის, რაც გვახსოვდა, რაც მამა არსენმა გვასწავლა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ღმერთი გვედიდებინა, გველოცა და მარტონი არ ვყოფილიყავით. ჩვენ მდიდრები ვიყავით ამით.

გამოჩნდა კორსუნი. სოფლსაბჭოში გამოვცხადდი და შემდეგ საავადმყოფოს ძებნა დავიწყე. საავადმყოფო აღმოჩნდა საფერშლო პუნქტი, რომელიც ტყის დამამზადებლის დატოვებულ ბარაკში გაემართათ. ორი პალატა იყო, თითოში ექვსი კაცი იწვა. პატარა სათავსოს აფთიაქს ეძახდნენ და მისაღები კაბინეტებიდან ერთ-ერთს საოპერაციო ერქვა.

მივედი ფერშალ ივან სერგეევიჩთან, რომელიც ამ დაწესებულების გამგის და ძია ანდრეის ნათესავი იყო. რა გტკივათო? – მკითხა. შევახსენე, რომ სამსახურის თაობაზე ვიყავი. გაიხსენა, გამომკითხა და მიღებაზე თანხმობა განმიცხადა.

რამდენიმე დღე ვიწვალეთ, თავმჯდომარე უფლებას არ იძლეოდა, ფერშალი სოფლსაბჭოში მივიდა, შინსაქკომის რაიონულ განყოფილებაში დარეკა, ჯანდაცვის განყოფილებას მიმართა და, როგორც იქნა, დამიშვეს.

დილის ხუთ საათზე ვდგებოდი და ერშიდან კორსუნში მივდიოდი. ყინვაში, სიბნელეში, ქარბუქში. თავიდან მეშინოდა, მაგრამ ღვთის ნებას მივენდე და ისე გავივლიდი მთელ გზას ლოცვით, ვერც კი ვიგებდი.

სოფლის მაღაზიაში პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საქონელს ტალონებით გვაძლევდნენ. სოფლელებმა გამიცნეს და ხან მომყიდიდნენ, ხან კი რაღაცაში მიცვლიდნენ კარტოფილსა და კომბოსტოს, მაგრამ მთავარია, რომ ძია ანდრეი გვამარაგებდა კარტოფილით, ლორით და ხორცითაც კი. აპრილისთვის ჩემი იულიაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მოფერიანდა, გამოცოცხლდა და ადრინდელი იულია გახდა. საღამოობით ბევრს ვმეცადინეობდით, როცა გვეცალა. კორსუნის სოფლის მასწავლებლებმა საშუალო სკოლის ყველა წიგნი გვათხოვეს. ვკითხულობდით, ამოცანებს ვხსნიდით...

მაისში საავადმყოფოს კიდევ ერთი ბარაკი მისცეს და შტატი გაზარდეს, კიდევ ერთი ექიმი გამოგზავნეს – ზოია ანდრეევნა – ახალგაზრდა, 28 წლის, შვილიანი ქალი. მე მედდად გადამიყვანეს, იულია კი სანიტრად მიიღეს. აღარ გვიჭირდა, ოღონდ წერილებს ვღებულობდით ცოტას. ამანათები ხომ ერთხელაც არ მიგვიღია, რადგან რაიონულ ცენტრში უნდა ჩავსულიყავით წამოსაღებად, კორსუნიდან გასვლის უფლებას კი არ გვაძლევდნენ და, გარკვეული ვადის შემდეგ, ამანათებს უკან აგზავნიდნენ.

წელიწადი გავიდა ასე. მოვიდა გაზაფხული. ძია ანდრეი ჩამოვიდა „შესამოწმებლად, – ადგილზე ვართ თუ არა“, და ტომარა-ნახევარი კარტოფილი ჩამოგვიტანა დასათესად.

მიწა კარგად დაბარეთ და ნაკელი მოაყარეთო, – ხუთი დღე ვმუშაობდით, ბებოს უამრავი ძველი ნაკელი ჰქონდა სარდაფში. ბოლოს ბებოც დაბრუნდა შენკურსკიდან.

– ცოცხლები ხართ, გოგოებო? არ მეგონა, თუ გნახავდით, ღმერთს უშველია. ნაშიმშილევებსაც არ გავხართ. მე კი ყელში ამომივიდა ჩემი დის ხელში შემყურეობა.

მოეწონა, სახლი რომ წესრიგში დავახვედრეთ. ბოსტანი დაგვამუშავებინა, კომბოსტოს, კიტრის და თალგამის ჩითილები იშოვა სადღაც და ახლა აღარაფერი გაგვიჭირდებაო, უხაროდა.

საავადმყოფოშიც თანდათან აეწყო საქმე. საინტერესო იყო, მე და იულიამ ბევრი ვისწავლეთ. ფერშალი ივან სერგეევიჩი შესანიშნავი პიროვნება და ასეთივე სპეციალისტი აღმოჩნდა. ახალი ექიმი, ზოია ანდრეევნა და მე მოურიდებლად ვეკითხებოდით, რაც გვჭირდებოდა. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და რჩევაც ისე დელიკატურად იცოდა, რომ თავად ჩრდილში რჩებოდა. უმაღლესი განათლება რომ ჰქონოდა, პროფესორი იქნებოდა, ნამდვილი თვითნაბადი რუსი ტალანტი იყო. მეორე წელს უკეთესად ვიცხოვრეთ. მე და იულია კიდევ უფრო დავუახლოვდით და შევეწყვეთ ერთმანეთს. ის წმინდა და ნათელი სულის ადამიანი იყო, – ყოველთვის მხიბლავდა საოცარი სიკეთით, სიმტკიცითა და ურყევი რწმენით. ავადმყოფებს ძალიან უყვარდათ. თუ ვინმეს უჭირდა, მივიდოდა და ტკბილი სიტყვით ანუგეშებდა, შვებას მოჰგვრიდა. ის ავადმყოფები, რომლებიც მასთან ურთიერთობდნენ, მისი მეგობრები ხდებოდნენ და მზად იყვნენ ყველაფერი შეესრულებინათ, რასაც კი ისურვებდა, მაგრამ ის არავის არაფერს სთხოვდა.

მესამე წელს იულიას ძმა ჩამოვიდა, მერე – დედაჩემი. ჩვენ მათ, როგორც სხვა, შორეული სამყაროდან მოსულებს, ისე ვუყურებდით. წიგნები, ტანსაცმელი და პროდუქტები ჩამოგვიტანეს. რამდენი ვისაუბრეთ! ენით უთქმელი სიხარული იყო, მაგრამ უსიამოვნებაც მოჰყვა.

მათი წასვლიდან ორი კვირის შემდეგ რაიონში გამოგვიძახეს და დაგვაყარეს კითხვები: ვინ იყო, რატომ იყო, რა ჩამოიტანეს. როცა რაიცენტრში ვიყავით, ჩვენთან ჩხრეკა მოაწყვეს, მაგრამ არაფერი წაუღიათ. წასვლის წინ წიგნები დავმალეთ. რაიგანყოფილებაში დაგვემუქრნენ, ტყის დამზადებაზე გაგგზავნითო.

ღმერთო, რა რთული იყო ყველაფერი! დათრგუნულები დავბრუნდით და ძია ანდრეის მოვუყევით, რაც თავს გადაგვხდა.

– არაფერია, ვასკა კროხინმა დაგაბეზღათ. აღარავინ არ მოიწვიოთ. ვადა მალე გიმთავრდებათ და გაფრთხილდით, არ დაგიმატონო.

ბებო აღარ მიდიოდა თავის დასთან, მოგვეჩვია, შეგვიყვარა და ჩვენც ასევე სიყვარულით ვპასუხობდით. მეოთხე წლის დასაწყისში ხელი და ფეხი წაერთვა, მაგრამ ლაპარაკი თავისუფლად შეეძლო. ჩრდილოელი გლეხის უხეში სიტყვების და ჩვენთვის უჩვეულო, მკვეთრი გამოთქმების მიღმა, სინამდვილეში, რუსი ქალის კეთილი და სათუთი ბუნება იმალებოდა. საკუთარი შვილებისგან მიტოვებული, კი არ დრტვინავდა, პირიქით, ამას ბუნებრივად მიიჩნევდა, როგორც ჩიტი, რომელმაც ბარტყები დაჩეკა, დაზარდა, დააფრთიანა და იცოდა, რომ ოდესმე უნდა გაფრენილიყვნენ და დაეტოვებინათ ბუდე.

შვილები წერილებს აღარ სწერდნენ, ის კი ვერ წერდა იმიტომ, რომ მათი მისამართები არ იცოდა. რომელიღაც ვაჟი ზეინკალი იყო, ქალი – მასწავლებელი, მესამე – ინჟინერი, მაგრამ – სად?..

ჩვენ შეგვიყვარა და, შენკურსკიდან ჩამოსვლის მერე, შვილებს გვეძახდა. როგორც ამბობდა, ოთხმოცზე მეტის იყო. ქმრის გარდაცვალებამდე კარგად ცხოვრობდა თურმე. რაც საავადმყოფოში დავიწყეთ მუშაობა, დიდი მოწიწებით განიმსჭვალა ჩვენდამი, მე კი – ფერშლის მოვალეობის შემსრულებელს – უკვე სახელითა და მამის სახელით მომმართავდა. ბოლო წლები კარგად ვცხოვრობდით. საჭმელიც გვქონდა, ტანსაცმელიც და სამსახურიც. მძიმე საქმეებს ჩვენ ვაკეთებდით და ბებოს ვუფრთხილდებოდით. როცა ლოგინად ჩავარდა, ყველანაირად ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა ავადმყოფობა. მე და იულია ხმამაღლა ვლოცულობდით, ბებოც მიეჩვია, აგვყვებოდა ხოლმე და ამბობდა: – კარგია, სულს ამშვედებს, – ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი სიბერეში ნუგეშადო. სიკვდილამდე სამი თვით ადრე თავისთან გვიხმო და გვითხრა: შვილებო, მემკვიდრეობა მინდა დაგიტოვოთ, მგონი, გამოგადგებათო.

კარი ჩაგვაკეტინა, ფარდები ჩამოგვაფარებინა და სადრაფში ჩაგვაგზავნა. კოჭობი ამოვთხარეთ და მაგიდაზე გადმოვცალეთ ნიკოლოზის დროინდელი ქაღალდის ფული – ექვსასამდე მანეთი, ოქროს თუმნიანი – ოცი ცალი და რამდენიმე ოქროს საყურე და ბეჭედი.

– რად გვინდა, ბებო, სად უნდა გამოვიყენოთო, – ვეუბნებოდით. – რად და იმად, ღმერთი გადაწყვეტს, როცა დრო მოვაო. ჩემი ქმარი აგროვებდა მთელი სიცოცხლე შვილებისთვის, თქვენ კი მათზე უფრო ახლობლები გახდით ჩემთვისო და გვთხოვა, მათ არ მისცეთო. კოჭობი ჩავიტანეთ ისევ სარდაფში და დავივიწყეთ.

რომ გარდაიცვალა, ორად ორი დედაბერი მოვიდა – მეზობლები. შვილებს ვერც კი შევატყობინეთ, რადგან არც ერთის მისამართი არ გვქონდა.

...საავადმყოფოში გავშინაურდით, კარგად გვექცეოდნენ. ჩვენც მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით. ფერშალი ივან სერგეევიჩი მძიმედ იყო ავად და მე ვცვლიდი. პაციენტები ბევრი გვყავდა. ექიმმა ზოია ალექსანდროვნამ ავადმყოფებთანაც იცოდა მუშაობა და უფროსობასთანაც შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ბევრი ეცადა და ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია საავადმყოფოს ახალი, ქვის შენობის დადგმას და შტატის გაზრდას, ახალი ინვენტარიც იყიდა. გაბედულად აკეთებდა ოპერაციებს, რაც თავიდან ძალიან მაშინებდა. მას კი ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა. მასთან მუშაობამ ბევრი შემძინა, როგორც ექიმს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, მაგრამ მუდამ მახსოვს ზოია ექიმი და ვნახულობ წელიწადში რამდენჯერმე, – პოდოლსკის ახლოს ცხოვრობს.

ოთხი წელი გავიდა, გადასახლების ვადა დამთავრდა. ბევრს კიდევ უმატებდნენ წლებს იქვე, ან ბანაკში გზავნიდნენ. ძია ანდრეის მივაკითხეთ და შევჩივლეთ საფრთხის შესახებ.

– მიფიქრია ამაზე. თქვენ აქ მუშაობა მოითხოვეთ, მერე კი მე რამეს მოვახერხებ, კეთილ ადამიანებს რა დალევს ქვეყნადო?!

რატომ უნდა დავრჩენილიყავით, არ უთქვამს, ჩვენ კი მხოლოდ გამგზავრებაზე ვოცნებობდით. გამოგვიძახეს რაიგანყოფილებაში, ვკანკალებთ, გვეშინია. 1936 წელია, ყველას რეპრესიები აკერია პირზე, გაზეთებში სულ პროცესებზე, დაპატიმრებებზე და დახვრეტაზე წერენ. მიგვიღო რაიგანყოფილების უფროსმა, ფურცლა ჩვენი საქმეები, სად გინდათო? – გვეკითხება. კორსუნი დავასახელეთ. გაუკვირდა, – კიო, აქ კადრები საჭიროაო.

მივიღეთ საბუთები და უკან დავბრუნდით. მივედით სოფლსაბჭოში, ავიღეთ ცნობები ჩაწერისა და პასპორტისთვის, მერე კი ისევ ძია ანდრეის მივაკითხეთ.

– მაშ, ასეა საქმეები? კარგია რომ აქ დარჩით, სუფთა პასპორტები უნდა აიღოთ! არის რაიონის მილიციაში ერთი კაცი, ოქროს ბეჭედს თუ მივცემთ, სუფთა პასპორტს გააკეთებს. სუფთა პასპორტით ყველგან ჩაგწერენ, მთავარია, შინსაქკომის ცნობით არ იყოს გაცემული. მაგრამ ოქრო საიდან მოვიტანოთო?

ახლა კი გაგვახსენდა ბებოს მემკვიდრეობა და მოვუყევით, – მაშ, ასეა საქმე? უნდა ვნახოთ.

მივუტანე და ვაჩვენე. ორი მძიმე ნიშნობის ბეჯედი ამოარჩია, თუმნიანებზე კი გვითხრა: საშიში ოქროა, არავის აჩვენოთ. ერთიც რომ ნახონ, დაგასმენენ და ისევ დაგაპატიმრებენ, ეგონებათ ბევრი აქვთო. წადით პასპორტის ასაღებად, მე გავაფრთხილებო რაიონში.

ჩავედით რაიონში. საპასპორტო განყოფილების უფროსთან რიგი ნელა გადიოდა. პირველი შევედი და გავუწოდე საბუთები.

–კორსუნიდან? მომეცით, – უბრალოდ, ჩვეულებრივად, ღიად აიღო ცნობები და ბეჭედი. მერე იულია შევიდა და ყველაფერი გამეორდა.

ნახევარი წელი დავრჩით კორსუნში. პასპორტები სუფთა გვქონდა შინსაქკომის ცნობის მითითების გარეშე. მერე ამოვეწერეთ და მე ივანოვოში წავედი სამედიცინო ინსტიტუტის დასამთავრებლად, იულია კი ალექსანდროვში – საშუალო სკოლის ექსტერნად დასამთავრებლად და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად.

ერთხელ წასვლამდე სამი თვით ადრე, საავადმყოფოდან მოვდიოდი, მოულოდნელად სონია დავინახე, – გზიდან გადახვევა სცადა, მაგრამ ქუჩას ღობე მიუყვებოდა და იძულებული გახდა, ჩემკენ წამოსულიყო. რომ გავუსწორდი, სონია-მეთქი, – ვეუბნები, მკვეთრად შემაწყვეტინა, – არაფერი მითხრა, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, არაფერს არ ვნანობ. სიკვდილი არ მინდა. მიხარია, რომ გადარჩით. მარტო ლოცვით თავს ვერ გაიტან. მშვიდობით, – და წავიდა.

გაბოროტებული, გაღიზიანებული სახე ჰქონდა, რაღაცას დაესვა მკვეთრი დაღი. მივხვდი, რომ გვერიდებოდა, წარსულის დავიწყება უნდოდა. ადრინდელი ინტელიგენტური უბრალოების ნაცვლად, ჩაცმულობაში მეშჩანური გავლენა იგრძნობოდა. გამჭრიახი, აზრიანი მზერა სადღაც გამქრალიყო და თვალებში ტკივილი და შიში ჩასდგომოდა. მრავალი წლის შემდეგ ისევ შევხვდი სონიას... პირველ წელს ერშში და კორსუნში შიმშილმა, სიცივემ, სასტიკმა გარემომ მოგვტეხა, ყველაფერი განგვიდგა, ადამიანები, ბუნება, გარემო და თვით ჩვენი სონიაც. ჩვენი საყვარელი სონია, რომლის წასვლამაც ჩვენი ცხოვრების უმძიმეს ხანაში, უდიდესი დარტვმა მოგვაყენა. სონიას საქციელმა ცოტა ხნით ღვთის განგების რწმენაც კი შემირყია. მეგონა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული. ვიხოცებოდით, არავის შეეძლო დახმარება და უცებ ადამიანმა, რომელსაც ყველაზე დიდ მტრად ვთვლიდით, დახმარების ხელი გამოგვიწოდა, მთელი სიდიადით გამობრწყინდა ღვთის მოწყალება და ცხადად წარმოგვიდგა მნიშვნელთბა სიტყვებისა: „გამოუცნობ არიან გზანი შენნი, უფალო!“ ეს ნამდვილი სასწაული იყო. ჩვენს წინაშე გაიხსნა ადამიანის აქამდე დაფარული, მშვენიერი, ღვთაებრივი მადლით მოსილი ბუნება და ძია ანდრეის და ვერას შინაგანი სამყარო ვიხილეთ.

სონიასთან კი პირიქით მოხდა. სიძნელეებმა და განსაცდელმა მისი რწმენა გააცამტვერა, – დარჩა მხოლოდ ყოფითი და მიწიერი. ბევრი კარგი ადამიანი შეგვხვდა: ფერშალი ივან სერგეევიჩი, ექიმი ზოია ანდრეევნა, ბებო ალექსანდრა, ლაქსანდრა, როგორც თვითონ უწოდებდა თავის თავს, – კეთილი, სუფთა ადამიანი, რომელმაც შვილებივით შეგვიყვარა, ზრუნავდა ჩვენზე და მემკვიდრეობაც დაგვიტოვა, რომლის წყალობითაც სუფთა პასპორტები ავიღეთ, განათლება მივიღეთ, მოსკოვში დაბრუნება და ჩაწერა მოვახერხეთ.

ძია ანდრეი თავისი აკვიატებული ფრაზით: „მაშ, ასეა საქმე, ხომ?“ – სიტყვაძუნწი და პირქუში ადამიანი, უსიამოვნო, უშნო სახის მილიციელი, სინამდვილეში ნაზი, კეთილშობილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა. არა, ეს არ არის შესაფერისი სიტყვები მის დასახასიათებლად – შესანიშნავი, დიდსულოვანი ადამიანისა, რომელიც მზად იყო გადამწყვეტ მომენტში თავი გაეწირა მოყვასისათვის. მე კი ძალიან დამნაშავე ვარ მის წინაშე, – წამოსვლისას, გამოსამშვიდობებლად რომ მივედით, ძია ანდრეიმ და ვერამ თვალცრემლიანებმა გამოგვაცილეს. ძია ანდრეიმ მითხრა: ასეა საქმე, ბებოს მემკვიდრეობა მე მომეცით, თორემ გზაში მოგპარავენ. ხელსაყრელ დროს პურში ჩადებულს გამოგიგზავნითო.

მე და იულიას საერთოდ არ გვჭირდებოდა ეს ოქროები და მაშინვე მივეცით, მაგრამ გულში რაღაც მდაბალი, უღირსი ეჭვი შემეპარა: – აღარ დაგვიბრუნებს-მეთქი. ორი წლის შემდეგ კი მივიღე ძია ანდრეისგან ამანათი – შინნაქსოვი ტილოებითა და ხმელი პურებით სავსე ტომსიკა. პურები გავტეხე და, ჩემდა სამარცხვინოდ, გადმოცვივდა ბებოს ავლადიდება.

ენით არ ითქმის, როგორ შემრცხვა ჩემი ეჭვებისა, და გულამოსკვნით ავტირდი... ძია ანდრეი და ვერა გაცილებით სჯობდნენ მრავალ ჩვენთაგანს – მორწმუნეებს, მუდამ ღმერთზე და რწმენაზე მოლაპარაკეთ.

არ ვიცი, მორწმუნე იყო თუ არა ძია ანდრეი. მე და იულიამ კითხვა ვერ გავბედეთ, გვერიდებოდა, მაგრამ განა მთავარი მხოლოდ ეს იყო? თავისი საქმეებით მან მრავალი მორწმუნე ადამიანის რწმენა გადაარჩინა, სიკვდილისაგან იხსნა ისინი; – ეს დიდი ხნის შემდეგ შევიტყვე.

1949 წელს ძია ანდრეის და ვერას მოსკოვში შევხვდი, ჩემი მისამართი იცოდნენ, მიწერ-მოწერა გვქონდა. ძია ანდრეიმ მთელი სამამულო ომი სერჟანტის წოდებით გაიარა, შემდეგ კორსუნში დაბრუნდა. შეხვედრისას თავისი „მაშ, ასე, ხომ საქმე, გოგონიკოებოო“, – მითხრა. გოგონიკოები კი ორმოცს მიტანებული ქალები ვიყავით უკვე. დავთხოვდით, შვილები შეგვეძინა. მე ძალიან დამეტყო მძიმე ცხოვრების კვალი, იულიამ კი ძველებური სილამაზე შეინარჩუნა, – დრომ ვერაფერი დააკლო. ძია ანდრეი წელში მოხრილიყო, ვერაც მოტეხილი მეჩვენა.

ძალიან გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ძია ანდრეის ცრემლიც კი შევნიშნე, რომელსაც დამნაშავესავით მალულად იმშრალებდა.

1963 წელს მე და იულია ჩვენს კორსუნს ვეწვიეთ. ძია ანდრეი და ვერა პატარა, კოხტა, სუფთა სახლში ცხოვრობდნენ, პენსიას ღებულობდნენ და თან ქარხანაში მუშაობდნენ. კორსუნის ცნობა აღარ შეიძლებოდა, ისე გაზრდილა და შეცვლილა. გაუფართოვებიათ ტყის დამუშავების ქარხანა, აუშენებიათ ფილების ქარხანა დაკიდევ რაღაც-რაღაცეები.

ჩვენი ერში აღარ არსებობდა, იქაურები კორსუნში გადსახლებულან. ბებოს სახლიდან აგურის და კრამიტის ნამტვრევებიღა დარჩენილა. საავადმყოფო, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით, გაზრდილა, მაგრამ ვერც ერთი ძველი ნაცნობი ვერ ვნახეთ.

კორსუნი დაბად გადაუკეთებიათ და სახელი შეუცვლიათ. ძველს აღარაფერი მოგაგონებდათ. მცხოვრებლები, თითქმის ყველა, ახლომახლო სოფლებიდან და დაბებიდან იყვნენ.

სამი დღე დავრჩით და, მოგონებებით დატვირთულნი, ძია ანდრეისთან და ვერასთან განშორებით დამწუხრებულნი წამოვედით.

 

მანამდე და შემდეგ

(კორსუნსა და ერშში)

1971 წ.

1962 წლის მიწურულს მამა არსენმა მრავალ ჩვენგანს ურჩია, დაგვეწერა იმ დროის მოგონება, როცა ეკლესიაში მოვედით, რა განსაცდელი გამოვიარეთ, როგორ გავძლიერდით რწმენაში, – უნდა დაგვეწერა იმ ადამიანების შესახებაც, რომლებმაც ჩვენს გულს კვალი დააჩნიეს, ასევე უნდა გაგვეხსენებინა გადასახლებასა და ბანაკებში გატარებული წლების შესახებ.

„დაწერეთ, მოყევით თქვენი და თქვენი ნაცნობების ცხოვრების შესახებ, იმ წლებში, – ეს ბევრს დაეხმარება გაიგოს, რა დრო იყო, შეაფასოს და არ დაივიწყოს, როგორი გზით უწევდათ მაშინ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლა“.

1963 წლის დამდეგს თითქმის ორ თვეში დავწერე მოგონებები კორსუნსა და ერშში გადასახლების შესახებ.

მამა არსენმა წაიკითხა და მითხრა: თქვენ მხოლოდ ერთი მონაკვეთი აღგიწერიათ, – შეავსეთ მონათხრობი, გვიამბეთ ოჯახის, იულიას, სონიას შესახებ, ომის წლებზე, იმაზე, თუ რა დაგეხმარათ, რამ გადაგარჩინათ და რამ შეგანარჩუნებინათ რწმენა.

თითქმის რვა წელი ვაპირებდი და მხოლოდ 1971 წელს გავბედე დაწერა, მაგრამ, თუ პირველი მოგონება შედარებით ადვილად იწერებოდა, მეორე ნაწილის დაწერა ძალიან გამიძნელდა. დღიურებსა და ჩანაწერებს არ ვაწარმოებდი, ამიტომ წარსულის აღდგენა გამიჭირდა. უძილო ღამეები გავატარე იმის მცდელობაში, რომ ყველაფერი გამეხსენებინა, სანამ იულია ცოცხალი იყო, მას მივმართავდი დახმარებისთვის, ახლო მეგობრებს ვიშველიებდი, ზოგი რამ კი ძალიან ნათლად მახსოვდა. მოგონებების სიმწყობრითა და ქრონოლოგიურობით ვერ დავიკვეხნი. ვიწერდი, როგორც მახსენდებოდა, ხშირად ოცდაათიანი თუ ორმოციანი წლების აღწერისას ორმოცდაათიან და სამოციან წლებს გადავწვდებოდი ხოლმე, ვცდილობდი შედარება გამეკეთებინა და პარალელი გამევლო.

რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება, რწმენისადმი დამოკიდებულება, ეკლესიისა და წმინდა მამათა სწავლებიდან გამომდინარე, ზნეობრივი კანონები, ლოცვის, როგორც ადამიანის ღმერთთან მიახლების შესახებ სწავლება, წმინდანთა და განსაკუთრებით ღვთისმშობლის თაყვანისცემა, მოყვასის სიყვარული, ამ ყველაფერს მამა არსენის წყალობით ვეზიარეთ.

უმძიმეს განსაცდელში, თითქოს ყოველგვარ სულიერ მხარდაჭერას და სულით მონათესავე ადამიანებთან ურთიერთობას მოკლებულნი, მხოლოდ იმის წყალობით გადავრჩით, რომ ჩვენთვის ბოძებული მაცოცხლებელი წყაროდან ვსაზრდოთობდით და ვიკრებდით ძალას სიძნელეებთან, ეჭვებთან და უიმედობასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ უფალი და ღვთისმშობელი მამა არსენის ლოცვით დაგვიფარავდნენ.

მოგონებების ამ ნაწილის დაწერა ძალიან გამიჭირდა. არაერთხელ გადავწერე, გადავაკეთე და ხელახლა დავიწყე. მეგობრებს ვაკითხებდი, ვასწორებდი, კვლავ ხელახლა ვიწყებდი, მაგრამ ვერა და ვერ მივაღწიე სასურველ შედეგს, – მუდმივად რაღაც არ მომწონდა. ბოლოს კი, ბევრი წვალების შემდეგ გადავწყვიტე დამეტოვებინა ისე, როგორც გამოვიდა. ბევრი გამეორებაა, ბევრი – ზედმეტი სიტყვა, მაგრამ უკეთესად ვერ შევძელი.

 

ჩემს შესახებ

ჩვენს ოჯახში რელიგიას და ეკლესიას სცნობდნენ, მაგრამ – ზედაპირულად, ჩაუღრმავებლად. მამაჩემი სკეპტიკოსი იყო, დასცინდა ეკლესიას, იქაურ რიტუალებს, სასულიერო პირებს „წვერცანცარებს“ ეძახდა. დედა დადიოდა, სწორედ რომ – დადიოდა ეკლესიაში შობას და აღდგომას, ან როცა უსიამოვნება ხდებოდა, ან – ნათესავების და ახლობლების დაკრძალვისას. მე იშვიათად, წესისთვის დავყავდი ტაძარში, – ასე იყო მიღებული. წესი იყო, მაგრამ მხოლოდ: „მამაო ჩვენო, “ „ღვთისმშობელო ქალწულო“და მშობლებისთვის ლოცვა მასწავლეს. ეს იყო ჩემი რელიგიური ცოდნა 15 წლამდე. კლასი, სადაც ვსწავლობდი, ჭრელი იყო – ინტელიგენთა შვილებიც გვყავდა და მუშებისაც. ყველანი სიახლისკენ მიილტვოდნენ, დასცინოდნენ წარსულს, ლანძღავდნენ მღვდლებსა და ბერებს. არც მე გახლდით გამონაკლისი. სკოლაში ერთ საყვარელ, როგორც დედა ამბობდა, კარგი ოჯახის შვილთან ვმეგობრობდი, სონია ერქვა. სულ ერთად ვიყავით.

ერთხელ, არდადეგების დროს, უსაქმურობისაგან ეკლესიაში შევიარეთ მე და სონიამ, ფერიცვალების დღესასწაული იყო, 19 აგვისტო. წინ დავდექით, წირვის არსი არ გვესმოდა, მაგრამ მოგვეწონა, აგვიყოლია, სადღაც, ზემოთ აგვიტაცა, რაღაც მსუბუქ და ნათელ საბურველში გაგვხვია. ბოლომდე დავრჩით.

რომ გამოვედით, სონიამ მითხრა: ლუდა, რა კარგია, არა? რა სიხარულით აივსო გული!

მერე კიდევ და კიდევ მივდიოდით ეკლესიაში. სონია უკვე ბევრს იცნობდა მრევლში და მათი გავლენით აღსარება თქვა; მეც მივბაძე მეგობარს და მოვემზადე ჩემი შეხედულებებისა და განწყობილებების შესახებ სალაპარაკოდ. ამბიონზე ხმელი, საშუალო სიმაღლის მღვდელი იდგა. რომ დავიჩოქე და შევხედე, ახალგაზრდა აღმოჩნდა,რატომღაც შემრცხვა, დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა.ის კი მელოდა, ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთი, შემდეგრბილად მკითხა: რისთვის მოხვედით? დავიწყე ჩემს თავზედა სონიაზე მოყოლა; შემდეგ ვუთხარი, რა მომწონს დარა არ მომწონს ეკლესიაში და დავასრულე იმით, რომღვთისმსახურება ჩემთვის რთული და გაუგებარია.

მღვდელი მისმენდა და არ მაწყვეტინებდა, რისთვისაც მადლიერი ვიყავი. რომ დავამთავრე, კითხვები დამისვა რწმენისა და, ზოგადად სოცოცხლის არსზე, თუ ვდუმდი, თავად პასუხობდა, მესაუბრებოდა ლოცვის, ცოდვის, ადამიანებისადმი გულმოწყალების, სიკეთის შესახებ. მკითხა, განსაკუთრებით რა მაწუხებდა, რა მაწვალებდა. მხრები ავიჩეჩე და მივუგე, რომ არაფერი არ მაწუხებს და არ მაწვალებს.

– მე თქვენ კარგ პიროვნებას გაგაცნობთ, კეთილი და მართლმადიდებლობის მცოდნე ადამიანია, დაუახლოვდით, ბევრ რამეში გაგარკვევთ და მიხვდებით, რომ აღსარება დიდი ქრისტიანული საიდუმლოა, რომელიც სულს ბიწისა და ცოდვისაგან განწმენდს. თქვენ ბევრი რამ უნდა გაიგოთ.

დამლოცა და გამომიშვა, აღსარება არ მიუღია, მაგრძნობინა, რომ მზად არ ვიყავი.

მთელი წირვა ვფიქრობდი, ვინ უნდა გამაცნოს-მეთქი, – ალბათ დედაბერი ან შუახნის ქალი. წასვლა მინდოდა, რომ შეგონებები არ მომესმინა. მღვდელმა – მამა არსენმა, ნატალია პეტროვნა გამაცნო. ღმერთო! რა მადლიერი ვარ მისი, რამდენი დრო და სულიერი ძალები დამითმო, სანამ მართლა მორწმუნე ადამიანად მაქცევდა და დამანახებდა იმას, რაც მანამდე არ ვიცოდი. ნატალია პეტროვნას ვეძახდი მუდამ. ის კი მაშინ 24 წლის იყო. მხოლოდ ათი წლის წინ გავბედე და სახელით მივმართე. ექვსი თვის მერე მამა არსენთან აღსარებაზე უკვე სრული შეგნებით მივედი. მის ქადაგებებს და საუბრებს ვესწრებოდი, წირვებზე დავდიოდი, მისი და ნატალია პეტროვნას ხელმძღვანელობით ბევრს ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას. წლების შემდეგ ჩამომიყალიბდა შეხედულებები, მრწამსი და ქცევა, შევისწავლე წირვა და, როგორც მეგონა, ნამდვილი მორწმუნე გავხდი. პირველ ხანებში მშობლები დამცინოდნენ, ეკლესიაში სიარული სულელურ, მაგრამ უვნებელ ახალგაზრდულ გატაცებად მიაჩნდათ. მამა, როგორც ყოველთვის, ოხუნჯობდა, სასულიერო პირებისა და მონასტრების შესახებ ანეკდოტებს ყვებოდა, ვოლტერის ციტატები მოჰყავდა რელიგიაზე. შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა. ჩემს მარხვებს ვერ ეგუებოდნენ, როცა ვლოცულობდი, ხელს მიშლიდნენ და ცდილობდნენ, სხვა რამეზე გადაეტანათ ჩემი ყურადღება. დაასკვნეს, რომ სექტაში ჩამითრიეს და ერთ შაბათსაც დედა, ისე, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს, მამა არსენთან წავიდა და მთელ წირვას დაესწრო, მაგრამ მხოლოდ მეორე დღეს მოხვდა მასთან.

ეკლესიში რომ დავინახე, ავღელდი სკანდალის მოლოდინში. ნატაშა მამშვიდებდა, უფლის ნებას მიენდეო. მაგრამ სახლში არაფერი უთქვამთ. მამა არსენთან საუბრის შემდეგ დედამ ეკლესიაში სიარული დაიწყო.

აი, ასე გავხდით მე და დედა მამა არსენის სულიერი შვილები. მამა აღარ მახვილსიტყვაობდა, დამშვიდდა. როგორც ჩანს, რაღაცაზე შეთანხმდნენ ის და დედა. მამა უაღრესად კეთილი, გულიანი ადამიანი იყო, ღრმად განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ საკუთარი აზრი არ ჰქონდა, დედა უსაზღვროდ უყვარდა და მისი თვალით უყურებდა ყველაფერს. რამდენჯერმე მამაც იყო ეკლესიაში მამა არსენთან. ამჯერად უკვე საუბარი მე არ მეხებოდა, როგორც დედისგან შევიტყვე. ეკლესიამ და რწმენამ მომცა ცხოვრებაში ყველაფერი. მხოლოდ რწმენის წყალობით მქონდა ნათელი ცხოვრება იმ განსაცდელების მიუხედავად, რომელთა გადალახვაც მერგო წილად.

ვერ ვიტყვი, რომ მამა არსენის საყვარელი შვილი ვიყავი, ან – ნაკლებად საყვარელი; მას ყველა სულიერი შვილი ერთნაირად უყვარდა, ოღონდ ზოგი მეტს აძლევდა ეკლესიას, რადგან გამორჩეული ნიჭი ჰქონდა მიმადლებული, ზოგი კი – ჩემს მსგავსად, დარიგების, ნუგეშის, დაკვალიანებისთვის და მადლის მისაღებად დადიოდა ტაძარში. ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ყოველთვის ვეძებდი საყრდენს, მრჩეველს, სულიერად ძლიერი და გამოცდილი ადამიანის დარიგებას და ღმერთი ყოველთვის მიგზავნიდა ასეთ პიროვნებებს.

ჯერ კიდევ ოციანი წლების ბოლოს მითხრა მამა არსენმა დალოცვისას: ლუდა, თქვენ ბევრი მოგეცათ უფლისგან, წარმატებული ხართ ცხოვრებასა და მეცნიერებაში, მაგრამ რწმენის საკითხებში ხელმძღვანელობას საჭიროებთო.

ასეც იყო ყოველთვის. სწორედ მაშინ დაავალა მამა არსენმა იულიას ჩემი მეურვეობა.

 

იულია

მამა არსენის სიტყვები, რომ რწმენის საკითხებში ხელმძღვანელობა მჭირდებოდა, მაშინ გულზე მომხვდა. „მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, იულიას კი შვიდი კლასის განათლება აქვს, ჩვენ ძირძველი ინტელიგენტური ოჯახი გვაქვს, იულიას კი.. დედ-მამა მუშები ჰყავს, განათლება არ აქვთ“, – მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ცხოვრებამ მიჩვენა, რამდენად მართალი იყო მამა არსენი, რა კარგად იცნობდა ადამიანებს.

მე და იულიამ ეკლესიაში გავიცანით ერთმანეთი. მარჯვენა მხარეს ვიდექით ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას. სადღაც ნახევარი წლის შემდეგ მივესალმეთ ერთმანეთს, მერე კი გაჩერებამდე ერთად მივდიოდით და გზაში ვსაუბრობდით ხოლმე. ასე დავმეგობრდით. სონიაც მე გავაცანი იულიას. იქიდან დაიწყო ჩვენი სამეულის განუყრელი მეგობრობა, რომელიც კორსუნ-ერშში გადასახლებამდე გაგრძელდა (სონიამ კი იქ მიგვატოვა).

სონიას კარგი და სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა, სიმღერას სწავლობდა, საეკლესიო გუნდში გალობდა, ახალგაზრდობის მიუხედავად, ყველა საეკლესიო საქმეში მონაწილეობდა და იმით გამოირჩეოდა, რომ ჩვენზე მეტი იცოდა.

იულია წყნარი და თავმდაბალი იყო. არ უყვარდა თავის გამოჩენა და რაღაც კარგად რომ იცოდა, მაშინაც კი დუმდა. სანამ არ ჰკითხავდნენ, ხმას არ იღებდა. მუშების ოჯახში დაიბადა, მორწმუნეთა, მლოცველთა გარემოში. იულიას დედა – მარია ტიმოფეევნა – გარეგნულად მშვიდი, დინჯი ქალი, ჩუდოს მონასტერში დადიოდა, შვილებს მკაცრად, მართლმადიდებლურად ზრდიდა, ყველაფერს აჩვევდა და თანდათან ყველა შინაურ საქმეში გაწაფულ დამხმარეებად ჩამოაყალიბა.

მამა – სერგეი პეტროვიჩი, სტაროვერების მიმდევარი – მკაცრი, პირქუში, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო. მტკიცე რწმენა ჰქონდა. ხანდახან ცოლს მონასტერში დაჰყვებოდა, მაგრამ უფრო თავის სამრევლო ეკლესიაში დადიოდა. „ღვთის მადლი ყველგან ერთია“, – იცოდა თქმა... როცა სამრევლო ეკლესია დახურეს, საღვთისმსახურო ლოცვებს სახლში კითხულობდა. გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად, შინაგანად რბილი, კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო. ცოლი უზომოდ უყვარდა და ყველაფერს უჯერებდა. ნათესავები ყვებოდნენ, რომ სერგეი პეტროვიჩმა მარია ტიმოფეევნა მაშინ შეიყვარა, როცა თვითონ თხუთმეტი წლის იყო, მარია კი – ცამეტის, მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა ეს სიყვარული და ცოლი ბოლომდე ქვეყნად საუკეთესო ქალად მიაჩნდა.

ვგრძნობდი, რომ იულია და მისი ძმა ამ დიდი სიყვარულის სხივებში გაიზარდნენ და სწორედ ამან განაპირობა ამ ოჯახის მთელი მომავალი. მარია ტიმოფეევნა პირველი გარდაიცვალა 1942 წელს, სერგეი პეტროვიჩმა დანაკლისი მძიმედ განიცადა, მაგრამ კიდევ ცხრა წელი იცოცხლა. კარგად ესმოდა, რომ ვიღაც უნდა წასულიყო პირველი და უხაროდა, რომ განშორების სიმძიმილი მან იტვირთა. სერგეი პეტროვიჩი, როგორც მაშინ ამბობდნენ, მეტალისტად მუშაობდა ანუ კვალიფიციური ზეინკალი იყო, თავისი საქმის დიდოსტატი. მარია ტიმოფეევნა პირველად რომ ვნახე, ორმოცდაათი წლისა იქნებოდა და ამ ასაკშიც კი ძალიან ლამაზი იყო.

მათ სახლში რწმენით გაჯერებული ატმოსფერო სუფევდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისათვის დამახასიათებელი, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. როცა პირველად ვეწვიე, გამაოცა სასულიერო წიგნებისა და ჟურნალ „მომლოცველის“ გამოცემათა სიმრავლემ. საერო ლიტერატურა ცოტა იყო, მაგრამ, რატომღაც, ჰქონდათ დიკენსის სრული კრებული და ვსევოლოდ სოლოვიოვი.

მარია ტიმოფეევნამ კარგად იცოდა წირვა, გალობდა მონასტრულად, – ხმებში და არაჩვეულებრივად, ნათლად და წამღერებით კითხულობდა სლავურ ენაზე დაუჯდომლებს, მსახურებებს, კანონებს და ეს ყველაფერი შვილებსაც შეასწავლა. როგორც უკვე ვთქვი, მართალია, საერო განათლება მაშინ იულიაზე მეტი მქონდა, მაგრამ წმინდა მამების, ეკლესიის ისტორიის და მსახურების ცოდნით მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდი. ამიტომ, როგორც შემეძლო, ვსწავლობდი მისგან. ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია იულიას აღსარებებმა, უფრო სწორად, მათთვის მზადებამ. აღსარება მისთვის დიდი სულიერი მოვლენა იყო. იულია წელიწადში ოთხჯერ ამბობდა აღსარებას. ორი კვირით ადრე იწყებდა მზადებას, იწესრიგებდა აზრებს, უღრმავდებოდა თავის საქციელს, საქმეებს, სიტყვებს, წყენას, გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად კითხულობდა სინანულის ლოცვებს. განსაკუთრებით თავშეკავებული ხდებოდა, მარხულობდა, ნაკლებად ურთიერთობდა ადამიანებთან, ნაკლებს ლაპარაკობდა. თუ საღამოს უნდა ეთქვა აღსარება, ზიარება კი დილით მიეღო, მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ზიარების მერე რამდენიმე დღე გასხივოსნებული, განახლებული და კიდევ უფრო მომხიბლავი იყო ხოლმე, ვიდრე – ჩვეულებრივ.

ჯერ კიდევ ერშში ყოფნისას, ბევრს ვსაუბრობდით აღსარების საიდუმლოზე, მისთვის მზადებაზე და მის გავლენაზე ადამიანის სულზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ის მეუბნებოდა, მთლიანად გამომდინარეობდა წმინდა მამათა სწავლებიდან, მამა არსენის შეგონებებიდან, – სხვაგვარად ვერც იქნებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იულია თავისი მაგალითით გვიჩვენებდა, როგორ უნდა გავხდეთ ისეთი, როგორიც სურს უფალს.

1940 წელს უკვე ექიმი ვიყავი, იულიას რომ ჩავაკითხე იმ ქალაქში, სადაც ის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. ზაფხული იყო, გამოცდები დაუმთავრდა და გადავწყვიტეთ, ისეთ სოფელში წავსულიყავით, სადაც ეკლესიაც იქნებოდა და არც არავინ გვიცნობდა. ჩემს ჩასვლამდე იულიას აღსარებისთვის სამზადისი დაეწყო, მეც შევუდექი მზადებას. იულიას ქალაქის განაპირა უბანში უქირავებია პატარა ოთახი, სადაც თხელი ტიხარის გამო, ხმაურიანი დიასახლისის მკივანა ხმა მოსვენებას არ გვაძლევდა, – ხან ქმარს ლანძღავდა, ხან მეზობლებს.

ხმამაღლა კითხვა ან ლოცვა არ შეგვეძლო, ყოველი სიტყვა და მოძრაობა ისმოდა კედელს იქით. მხოლოდ ჩურჩულით ვლაპარაკობდით და ვლოცულობდით. დიასახლისი ღიზიანდებოდა, ჩვენი საუბარი რომ არ ესმოდა, ბრაზობდა და ცდილობდა მოეყურადებინა ან უეცრად შემოსულიყო. ეს მუდმივი დაძაბულობა გუნებას მიშხამავდა და საშინდად მღლიდა.

– ყურადრებას ნუ მიაქცევო, – მითხრა იულიამ და თავად მაგიდასთან მდგარი ჩურჩულით კითხულობდა ლოცვანს, – არც დიასახლისის ჯაჯღანი ესმოდა და ვერც უბადრუკ ოთახს ხედავდა, – იმდენად იყო ჩაფლული ლოცვაში, რომ სხვას ვერაფერს ამჩნევდა. მე კი თვალებს ვაცეცებდი, კედელს იქით ხმებს ვაყურადებდი. იულიამ თავისკენ მიმიზიდა, თავზე ხელი შემომაჭდო და ყურთან ჩურჩულით მიკითხავდა ლოცვებს, – უნებურად მაიძულა მეც მელოცა. რა თქმა უნდა, მოუხერხებელი ოთახი იყო, მაგრამ სხვას ვერ ვიქირავებდით, რადგან სასწრაფო დახმარების სადგური, სადაც იულია მუშაობდა, ორი კვარტლის დაშორებით იყო.

სოფლის ეკლესიამ განმაცვიფრა – მზის სხივებით სავსე, მარმარილოს სვეტებიანი ვრცელი დარბაზი საკმევლის მსუბუქ საბურველში იყო გახვეული და ლოცვით განწყობას ქმნიდა. ხალხი ცოტა იყო, უმეტესად – მოხუცები. აღსარების რიგში ორი ადამიანი იდგა. ჩვენც დავდექით. აღმსარებლები ამბიონზე ადიოდნენ, მღვდელი სახელს ეკითხებოდა, ოლარს აფარებდა თავზე და აღსარებას ისმენდა, შემდეგ კი შენდობის ლოცვას კითხულობდა.

მივიდა იულია. გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი, ოცი. რიგში მდგომი დედაბრები აღშფოთდნენ და ხმამაღლა ალაპარაკდნენ: „რა დაემართა ჩვენს მამა ფროლს, ამდენხანს რას აკეთებს? ამისთანა რა ცოდვა აქვს ამ გოგოს? ძალიან გაწელა, რა არის ამდენი სალაპარაკო, უცებ წაუკითხე ლოცვა და გაუშვი“.

აღსარება ამბიონის მარცხენა მხარეს ტარდებოდა. იულია რომ მივიდა, მღვდელმა ხმამაღლა ჰკითხა სახელი. იულიამ უპასუხა, მღვდელმა კიდევ რაღაც ჰკითხა და ოლარის გადასაფარებლად ასწია ხელი, მაგრამ მერე იულიასკენ დაიხარა და გაირინდა, დიდხანს იდგა ასე. იულია გამოვიდა და მე შევედი. მღვდელი დაბნეული იყო. მომეჩვენა, თითქოს ცრემლიც ჰქონდა თვალზე.

– თქვენ მისი ამხანაგი ხართ? – მკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო: კარგი ადამიანია, ძალიან კარგი, მე, მღვდელმსახურს, მაგალითი მიჩვენა.

სადილის მერე მამა ფროლმა თავისთან მიგვიწვია, დიდხანს ესაუბრა იულიას, დიდი პატივისცემით და ბოლოს ჰკითხა, მონაზონი ხომ არ ხართო?

გზაში მოვუყევი იულიას, რაც ვნახე, მან კი მითხრა: „ლუდა, შენ ხომ აღსარებაზე მოხვედი და არა აქეთ-იქით საყურებლადო?! მართალიც იყო. იულიას ეს აღსარება სოფლის ეკლესიაში დიდი ხნით დამამახსოვრდა. მას ფენომენალური მეხსიერებისა და თხრობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის წყალობითაც, ექსტერნად დაამთავრა საშუალო სკოლა და ფრიადებზე – სამედიცინო ინსტიტუტი.

მახსენდება 1961 წელს მამა არსენის ნათქვამი – „ღმერთმა მას შინაგანი სულიერების იშვიათი ნიჭი მიმადლა, ღრმა რწმენა და ადამიანთა დახმარების მარადიული სურვილი. შეხედეთ, როგორ ცხოვრობს და უძღვება ოჯახს, როგორ ზრდის შვილებს, როგორ ეპყრობა, როგორ უვლის ავადმყოფებს... ის ხომ მონაზონია ერში!“ შემდეგ ჩემკენ მობრუნდა და დასძინა: „აი, ლუდას ჰკითხეთ, ის მეგობრობდა და მეგობრობს იულიასთან“.

მახსოვს, როგორ გვიყვებოდა ხოლმე იულია სხვადასხვა ამბებს კორსუნსა და ერშში. მის მონათხრობშიცკ ი მისი პიროვნება იკვეთებოდა.

ზამთრის და შემოდგომის გრძელი ღამეები, როცა საავადმყოფოში არ ვმორიგეობდით, უსაშველოდ იწელებოდა. ნავთი არ გვქონდა და თითქმის ბნელში ვცხოვრობდით. მარტო პატარა კანდელი გვენთო ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატთან და მის შუქზე ვკითხულობდით დილა-საღამოს ლოცვებს, ფსალმუნებს და დაუჯდომლებს. პირველ ხანებში, რაც ზეპირად ვიცოდით, იმას ვკითხულობდით, როცა წიგნები ჩამოგვიტანეს, – წიგნებიდან. ბებოც ჩვენთან ერთად ლოცულობდა. რომ დავამთავრებდით, სამივე დიდ რუსულ ღუმელზე ავძვრებოდით, ხამი ტილოს საბანს გადავიფარებდით და ნეტარებით ვთბებოდით. მე იულიას ვეკვროდი, ბებო კი – მე. ქოხში სიჩუმე იყო. ხანდახან იატაკი დაიჭრიალებდა და გარედან ქარის ათას ხმაზე ყმუილი ისმოდა საკვამურში. ამ დროს იულიას ვთხოვდი, რამე ეამბნა წმინდანთა ცხოვრებიდან, ბებოც მხარს ამიბამდა ხოლმე.

იულია ცოტა ხანს დუმდა, აზრებს იკრებდა, შემდეგ კი იწყებდა და სიბნელეში ჩვენს თვალწინ ჩნდებოდა სურათები. აი, მთის კალთაში გამოთხრილი გამოქვაბული, იქვე ეული პალმა ამოსულა, თხის ტყავზე განდეგილი ზის, იქვე ხის ჯვარი ასვენია, ან რომის სილუეტი იკვეთება, ცირკი... ქრისტიანი ქალწული სიკვდილით დასასჯელად მიჰყავთ...

განსაკუთრებით გვიყვარდა სერგი რადონეჟელის, სერაფიმ საროველის, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის, თეოდოსი ტოტემელის და იოდასაფ ბელგოროდელის ცხოვრების მოსმენა... რუსეთი, უღრანი ტყე, ბერი სერგი კელიას იშენებს, მისი მოწაფეები... პირველი რუსული ხის ეკლესია, ახალი მონასტერი და რუსეთში გამობრწყინებული დიდი წმინდანი სერგი რადონეჟელი – მთელი რუსული მართლმადიდებლობის განსახიერება. ღირსი სერგის ცხოვრება, რომელიც მეც არაერთხელ წამიკითხავს, იულიას გადმოცემისას სხვანაირ სიცხადესა და ხატოვანებას იძენდა. განსაკუთრებით მშობლიური კი იქ, გადასახლებაში იყო, ისეთსავე უღრან ტყეში.

მართლმადიდებლური ეკლესიის ძლევამოსილება ერწყმის რუსეთის ისტორიას და განუყოფელია სამშობლოს ცნებისაგან, – ჩვენი პირქუში ბუნების, ეკლესია-მონასტრებისა და რწმენისაგან და ვგრძნობდი, რომ სწორედ ეკლესიაა უაღრესად ახლობელი, ჩვენი არსებისაგან განუყოფელი, ამჟამად დევნილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ ჰაერივით აუცილებელი.

მეოთხე ხმის ტროპარს ვგალობდით: „ვითარცა ღირსმა მოღვაწემ და ჭეშმარიტმა ქრისტეს მხედარმა თავს იდევ ტანჯვა მრავალი დროებითსა ცხოვრებაში...“

შემდეგ კი, „ღირსო მამაო სერგი, წარმავალი სიკეთე და სიამენი ამა სოფლისა მოიძულე რა...“

ჩაბნელებულ ქოხში კანდელის მბჟუტავი შუქი და სიჩუმე ქრებოდა და თვალწინ მედგა ღირსი სერგის ცხოვრება – ტაძარი, სადაც ის ლოცულობდა, და ის სამყარო, ასწლეულები რომ გვაშორებს, როცა მხოლოდ უფლის რწმენით ცხოვრობდნენ.

დიდ სიხარულს მანიჭებდა იულიას მოსმენა. სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გყვარებოდა და გცოდნოდა წმინდანთა ცხოვრება, წირვა, რუსული ეკლესიის ისტორია, რომ ასეთი ძალით გადმოგეცა რწმენის, ღვთისა და ადამინების სიყვარულის არსი – ამისათვის თავად უნდა ყოფილიყავი ამ ამაღლებული გრძნობის მატარებელი. დამამახსოვრდა, როგორ ვკითხულობდით ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის, ღვთისმშობლის, სერგი რადონეჟელის დაუჯდომლებს, კანონებსა და ვგალობდით წირვის საგალობლებს; ცხოვრებაში მხიარული და ცოცხალი, ლოცვისას მკაცრიდა სერიოზული ხდებოდა. საზეიმოდ ჟღერდა მისი ხმა, გამოკვეთილად ისმოდა ძველი სლავური სიტყვები, ცხადად და შთამბეჭდავად.

სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ლოცვები მხოლოდ ძველ სლავურ ენაზე უნდა აღვავლინოთ. სალაპარაკო ენა მეტისმეტად გაუბრალოებული, მდარე და ზოგჯერ ცინიკურიც კია. როცა ვლოცულობდით, განსაცდელი და შიში უკან იხევდა და ვგრძნობდით, რომ უფალი ჩვენთან იყო. რამდენად ძვირფასი გახლდათ ჩემთვის იულიას მოთხრობილი ამბები, როგორ გადამატანინეს მათ გადასახლების სიმძიმილი, გამაძლებინეს სასტიკ, მტრულ გარემოცვაში, მხოლოდ იმას შეუძლია გაიგოს, ვისაც თავად განუცდია იგივე.

მახსენდება პატერიკებში ადრე ამოკითხული, პატარა, ხუთსტრიქონიანი ამბები, რომლებიც იულიას გადმოცემით ცოცხლდებოდა, ახალ ფერებს იძენდა.

...მამა პავლემ დაინახა კაცი, რომელსაც სახედარი შეება გუთანში და უთხრა მოწაფეებს... და ეს უბრალო, კარგად ნაცნობი ამბავი სიცოცხლის აზრის დამტევი ხდებოდა იულიას წყალობით. გინდოდა, ზუსტად ისე გეცხოვრა, როგორც მამა პავლე გვასწავლის. ბებო წამოიძახებდა: რა კარგია, ღმერთო! რა კარგია! ადამიანები კი მაინც სცოდავენ!..

ბებოს განსაკუთრებით პატერიკის ისტორიები მოსწონდადა სულ ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენდა ხოლმე. განუწყვეტლივ შეეძლო ესმინა წმინდა ალექსი ღვთის კაცის, ტრიფონ მოწამის, ანდრიანეს და ნატალიას ცხოვრება, ასევე აპოკრიფული გადმოცემები ღვთისმშობლის შესახებ, რომლებიც იულიას მრავლად ახსოვდა. ხანდახან გვეტყოდა: აბაა, თქვენი მღვდელი რომ არ ყვებოდა ამას, როცა კორსუნში ეკლესია იდგა? თუ აკრძალული იყო მეფის დროს? რა მშვენიერია, ხალხმა კი არ იცის...

ხანდახან, საღამოობით, ლოცვის შემდეგ, ბებო ჩრდილოეთის ზღაპრებს გვიყვებოდა. კარგად, კოლორიტულად ყვებოდა. შეეძლო ცნობილი მთხრობელი ყოფილიყო. ჩახლეჩილი, ბებრული ხმა დაეწმინდებოდა ხოლმე და წამღერებით, გარკვევით გვიამბობდა „კალაბოკის,“ გაიძვერა მელაკუდას, უფლისწულ ივანეს და რუხი მგლის, „ბაბაიაგას“ და „კაშჩეი ბეზსმერტნის“ ამბებს. ამ უკანასკნელთ საზიზღარი მეტსახელებით ამკობდა და ზოგჯერ ძარღვიან რუსულ გამოთქმებსაც მიაყოლებდა, მაგრამ ეს, როცა ძალიან შევიდოდა ეშხში. ოთხი წლის მანძილზე ერთხელაც არ გაუმეორებია ზღაპარი. დასაწყისი ყოველთვის ერთი იყო, სტერეოტიპული. ორი-სამი ნაცნობი ფრაზის მერე კი ძველი ზღაპარი ახალ გმირებს და ახალ შინაარსს იძენდა. მე და იულიას გვიყვარდა ეს ზღაპრები და ზოგი ჩავიწერეთკიდეც. ძალიან საყვარელი იყო ჩვენი კარგი, კეთილი ბებო ლაქსანდრა, – ჩვენი მხრუნველი და მომვლელი, – როგორც თვითონ ამბობდა საკუთარ თავზე.

...რამდენიმე წლით წინ გავუსწრებ მოვლენებს და გიამბობთ, როგორ ვუყვებოდი ერთხელ ბებოს ზღაპრებს ჩემს შვილებს. მე ვყვებოდი, ისინი კი ბზრიალებდნენ, ტრიალებდნენ და არ მისმენდნენ. ძალიან მეწყინა, – მიყვარდაეს ზღაპრები და მეგონა, მათაც მოეწონებოდათ. ამ დროს იულია გვეწვია ქმარ-შვილით და ვთხოვე, შენ მოუყევი, იქნებ შენ მაინც მოგისმინონ-მეთქი. დავლიეთ ჩაი. ვისაუბრეთ და იულიამ მოყოლა დაიწყო. სასწაული მოხდა – ოთახში ბებოს ხმა გაცოცხლდა, მელა შემოცუნცულდა, ცბიერი და ზარმაცი ხვადაგი კატა რომ გაეცურებინა, ტყე აშრიალდა, მამალი აყივლდა... ვუსმენდი იულიას და ბებო ლაქსანდრა მედგა თვალწინ. ჩვენი ქოხი ერშში, ნიკოლოზ სასაწაულთმოქმედის ხატის წინ მბჟუტავი კანდელი, რომლის შუქზეც ოთხი წელი ვლოცულობდით, და უცებ ტირილი ამივარდა. ვერავინ ვერაფერი გაიგო იულიას გარდა და ისიც ატირდა. დარჩა ზღაპარი დაუმთავრებელი...

მაშინ ერშში მეც ვყვებოდი მოთხრობებს და რომანებს, მაგრამ თვითონვე ვგრძნობდი, რომ – უფერულად. იულიას ბევრს ვუყვებოდი ადამიანის აგებულებაზე, სისხლის მიმოქცევაზე, შინაგან ორგანოებზე, – ეს საავადმყოფოში მუშაობისთვის იყო საჭირო.

ბებოს ეს ლექციები არ უყვარდა, მეტყოდა ხოლმე: შვილო, იქნებ ისეთი რამე გვიამბო, გულს რომ გაუხარდება, თორემ ღვიძლის ამბავი რაში მჭირდებაო.

...გამახსენდა, როგორ დავდიოდით ტყეში. მესამე წელი იყო. საავადმყოფოში მუშაობამ ფეხზე დაგვაყენა, ლუკმაპური გამოგვიჩნდა და იმედი, რომ გადასახლების ბოლომდე გავიტანდით თავს. ზაფხულში კვირაობით, როცა არ ვმორიგეობდით, გავიდოდით ტყეში, დავაფენდით ძირს ძველ ჭილოფს და წამოწოლილები წავიდოდით ფიქრებში... ირგვლივ მაღალი, ისარივით სწორი ფიჭვები აღმართულიყო, ძირში ჟანგისფერი და ვარჯისკენ ოქროსფერი: მძიმე, გაბარჯღული ნაძვები, ჩამუქებული წიწვებით. ცისფერ ცაზე თეთრი, მოლურჯო მაქმანიანი ღრუბლები მიცურავდა, ფიჭვები ამღრუბლებისკენ მიიწევდნენ და თითქოს წვდებოდნენ კიდეც ცას. ამ უსაზღვრო ცის ცქერით თავბრუ გვესხმოდადა აზრი ითქვიფებოდა. თითქოს ღრუბლებს მივყვებოდით სადღაც შორს, შორს და აღარაფერი გვაწუხებდა, არც რაიცენტრი და რეგისტრაცია, არც სხვა რამ საფიქრალი.

საათი გავიდოდა. ჩვენ ისევ ფიქრებში ვიყავით წასული. მერე კი იულია გამომიყვანდა ფიქრებიდან, – ხელს მომკიდებდა და მეტყოდა, მოდი ვილოცოთო. პირველად ღვთისმშობლის დაუჯდომელს წავიკითხავდით. მერე ისევ დავწვებოდით და ჩუმად ვიხსენებდით ახლობლებს, ეკლესიას, მეგობრებს. მზე მაღლა მიიწევდა, სევდა შემომაწვებოდა და იულიას ვთხოვდი, რამე მოეყოლა... რამდენი კარგი რამ მოგვცა ამ დღეებმა.

...დავუბრუნდები იულიას გახსენებას, – ინსტიტუტის დამთავრებიდან რამდენიმე წლის მერე გათხოვდა. ამან ბევრი გააოცა, ბევრს გული დაწყვიტა. მე აღარ ვხვდებოდი, განვიკითხავდი, ვლანძღავდი და ვთათხავდი, რადგან სიტყვაძუნწ, კუშტ ადამიანს გაჰყვა, სრულიად ურწმუნოს, რომელიც ორი წელი დაჟინებით ცდილობდა იულიას მონადირებას. იულია თავიდან გაურბოდა, მაგრამ მერე ნება დართო, სახლში მისულიყო ხოლმე სტუმრად. მიხვიდოდი მასთან, იქ კი იგორი დაგხვდებოდა – ზის დაღვრემილი და ყველაფერზე მხოლოდ ან ,ჰოს“ გპასუხობს, ან „არას“. მე ვეუბნებოდი: – მოიშორე, უცხოა, არაა ჩვენიანი-მეთქი. არა, რას ამბობ, კარგი ადამიანიაო, – მიპასუხებდა. იულია ბევრ მორწმუნე ახალგაზრდას მოსწონდა ჩვენი წრიდან, მაგრამ, რატომღაც, მისი გული ვერ მოინადირეს. ერთი წლის მერე იულიამ ცოლობაზე თანხმობა უთხრა თავის რჩეულს, მაგრამ – ნიშნობის პირობით.

ჯვარი მოსკოვიდან შორს, სოფლის ეკლესიაში დაიწერეს. მეც დამპატიჟეს. გაცეცხლებული ვიყავი, პროტესტს ვაცხადებდი, მაგრამ მაინც წავედი.

ჯვრისწერის დროს იულიას სახემ გამაოცა, ცრემლები სდიოდა, მაგრამ ამავე დროს, განსაკუთრებით სხივიანი და აზრიანი თვალები ჰქონდა. ვშიშობდი, რთმ გათხოვება შეცვლიდა, ეკლესიას მოწყვეტდა, უსიამოვნო (ჩემი აზრით) ქმრის გვერდით ყოფნა კი უარყოფით დაღს დაამჩნევდა. როგორ ვნანობდი, რომ მამა არსენი არ იყო ჩვენთან, რომელიც დააკავებდა, არ გადაადგმევინებდა ამ მცდარ ნაბიჯს... მაგრამ იულია არ შეცვლილა, ძველებურად ლოცულობდა სახლში, დადიოდა ეკლესიაში, ხვდებოდა მეგობრებს. ძნელი სათქმელია – როგორ, მაგრამ, ერთი წლის შემდეგ, მისი ქმარი სულ სხვა ადამიანად იქცა. პირქუში და ჩაკეტილი კაცის ნაცვლად, კეთილი და ხალისიანი ადამიანი მივიღეთ, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს და, რაც მთავარია, ღრმად მორწმუნე გახდა.

ბევრი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით – ჩემთვის, იგორი მეგობრად იქცა და სრულიად ახალი, აქადე უცნობი თვისებები გამოავლინა.

მამა არსენმა 1958 წელს გაიცნო იგი და ძალიან თბილად მიიღო.

ორი წლის მერე გოგონა შეეძინათ და იულია გარეგნულად შეიცვალა. ახალი საზრუნავი, სიხარული თუ საწუხარი გაუჩნდა, მაგრამ შინაგანად არ შეცვლილა. თუმცა ეკლესიას, ლოცვას და მეგობრებს იმდენ დროს ვეღარ უთმობდა. ძალიან ბევრი ძალა მიჰქონდა სამსახურსა და ოჯახს.

ჩვენი მეგობრობა არ შეწყვეტილა, – მე ძველებურად მივდიოდი მასთან ჩემი საწუხარის გასაზიარებლად... მიირბენ, შესჩივლებ შენს გასაჭირს, ის მოგისმენს, მერე ხატებთან მივა, ლოცვას დაიწყებს ჯერ მარტო, მერე შენთან ერთად, ორ-სამ სიტყვას გეტყვის, თითქოს – სულ უბრალოს, მოგეხვევა, და დამშვიდებული ბრუნდები მისგან, გჯერა, რომ ღმერთი არ მიგატოვებს და ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს.

იულიას შესახებ თხრობის დასასრულს უნდა აღვნიშნო, რომ მან ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. და არა მარტო ჩემზე... სულიერი ხასიათის ჩამოყალიბება, ძირითადად, მისი უშუალო ზეგავლენით მოხდა ჩემში და მამა არსენსაც არაერთხელ აღუნიშნავს ეს.

 

სამი სიკვდილი

ომის პირველსავე დღეს ჯარში გამიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი მყავდა. ქირურგად გამამწესეს მსუბუქად დაჭრილთა ჰოსპიტალში. მინსკის მიმართულებით გავემგზავრეთ, მაგრამ სმოლენსკთან მოსკოვისკენ მოგვაბრუნეს, ჩამოგვსხეს სმოლენსკის ახლოს, სადაც დავბანაკდით და დავიწყეთ მუშაობა. დაჭრილი ბევრი იყო. განურჩევლად ყველა მოჰყავდათ, ჭრილობის სიმძიმის და ხარისხების გარეშე. ჰოსპიტლის უფროსი ხმაურიანი, მოუწესრიგებელი კაცი აღმოჩნდა, მაგრამ კარგ ქირურგად ითვლებოდა.

...ჯარი უკან იხევდა. ჰოსპიტალი გამუდმებით ადგილს იცვლიდა, მე საველე საევაკუაციო პუნქტში გამანაწილეს. ალყაში მოვექეცით და ტყვიებისა და ჭურვების სეტყვაში მოგვიწია ჯართან ერთად გადაადგილება. დაჭრილები მანქანებით და ცხენშებმული ურმებით გამოჰყავდათ, აღჭურვილობას და ინსტრუმენტებს ზურგით მოვათრევდით. როგორც იქნა, გამოვარღვიეთ ალყა. ჰოსპიტალს ხან შლიდნენ, ხან ისევ აწყობდნენ, მოულოდნელად აღმოსავლეთისკენ დავიწყეთ უკან დახევა.

არა ომისა და საკუთარი თავის შესახებ, არამედ სამი სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალების შესახებ მინდა მოგითხროთ. გარდაცვალებისა, რომელმაც განმაცვიფრა და კიდევ ერთხელ დამანახა, რა ამოუცნობია ღვთის ნება.

მახსენდება დღე, როცა სრულიად ამოვწურე ყველანაირი ადამიანური ძალა და ჩავთვალე, რომ სიცოცხლე დასრულდა. ირგვლივ მხოლოდ კვნესა, ვაება, ტანჯვა, ცრემლი და სიკვდილი იყო. სული გამიხევდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ასეთი გამოფიტული და დაცარიელებული ვიყავი თითქმის ერთი თვე, – წინაც არაფერი ჩანდა შიშისა და წყვდიადის გარდა.

რამდენიმე დღე ან წვიმა მოდიოდა ან სველი თოვლი, მიწა ტალახად იქცა, ძლივს ვაძრობდით ფეხს ამ წებოვანი მასიდან და ზურგისკენ მივყვებოდით დაჭრილებით სავსე ტრანსპორტს. მე სანიტარულ ურმებს მივყვებოდი და მეგონა, ზეცა აღარასდროს გადაიწმინდებოდა და მზესაც ვეღარ ვნახავდი. მოქრუშული ცა თითქოს პირდაპირ თავზე ჩამოგვემხო, სამყარო დაპატარავდა, – გატიტვლებული, გალუმპული ხეები დამოკლდა და დამბალ მიწაში უფრო ღრმად ჩაეფლო; მოკლე დღე ერთ უსასრულო ბნელ საღამოდ იქცა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ჩვენ მარტო დაღლილები და განაწამები არ ვიყავით, ეს არ არის შესაფერი სიტყვები იმ მდგომარეობის გამოსახატავად, როცა ყველანაირი ადამიანური ძალა ამოწურულია და სრულიად დათრგუნული ხარ... მახსოვს, მივდიოდი და მხოლოდ ერთადერთი სიტყვით ვლოცულობდი, – ყოველ ნაბიჯზე: ღმერთო! ღმერთო! ღმერთო!!!

სადღაც ჩვენს უკან ბრძოლების ხმა ისმოდა – ხან ახლოდან, ხან შორიდან. ჩვენ კი მივხოხავდით ტალახში და როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით მივაღწიეთ სოფლამდე, გადარჩენილ სახლებში დაჭრილები განვათავსეთ და საოპერაციო მოვაწყვეთ.

შორეული ბრძოლის ხმა მოგვიახლოვდა, დაჭრილების რიცხვმა იმატა. ჩვენი მთავარი ქირურგი – მაღალი, გამხდარი კაცი, გამომშრალი სახე ასკეტის იერს რომ აძლევდა, – ოპერაციებს აკეთებდა, მე კი თითქმის უგონოდ, ავტომატურად ვეხმარებოდი. დაჭრილი ბევრი იყო. ექიმები, მედდები, სანიტრები – ყველა განაწამები და მისავათებული იყო. საოცარია კიდევ როგორ ვახერხებდით მუშაობას, მაგრამ ვმუშაობდით! მთავარი ქირურგი სიმონ ანდრეევიჩი ქანცის გაწყვეტამდე იდგა ფეხზე და მაგალითს გვაძლევდა.

ბრძოლის ველიდან მოიყვანეს ჭაბუკი ჯარისკაცი, მას თან ახლდა ფეხში მძიმედ დაჭრილი ლეიტენანტი, რომელიც გვთხოვდა, რაც შეიძლება ჩქარა გაგვესინჯა ჯარისკაცი. ჭაბუკს ქალიშვილივით იერი ჰქონდა, ნაზი ღინღლით დაფარული ლოყები და განაწამები, წაწვეტებული სახე, თვალებს ვერ ახელდა. მედდები ტანსაცმლის გახდას შეუდგნენ. მეც მივედი, – მუცელში იყო დაჭრილი, სახვევები მაკრატლით გადავჭერი და მოვაცილე, სისხლი, ტალახი და ტანსაცმლის ნაფლეთები ერთმანეთში აზელილიყო. გონზე ვერ მოგვყავდა, ღრმა შოკში მყოფს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

მთავარი ექიმი მოგვიახლოვდა, დახედა და თქვა, მორჩაო. წასვლას ვაპირებდით, მაგრამ უცებ ჯარისკაცმა თვალი გაახილა, შემომხედა და მითხრა: ვკვდები, ჭრილობა სასიკვდილოა, ამოიღეთ ჯვარი „გიმნასტიორკის“ ზედა ჯიბიდან, დამადეთ ბაგეზე და მერე ჯვარი გამომსახეთ. სახელი – ალექსი, გთხოვთ!

დავიხარე, ამოვუღე პატარა ჯვარი, მივადე ტუჩებზე და სამჯერ წარმოვთქვი: „უფალო, შეიწყნარე სული მომაკვდავისა მონისა შენისა ალექსისი, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ.“

ალექსიმ ღრმად ამოისუნთქა, პირჯვარის გადასაწერად ხელი ასწია, მაგრამ უღონოდ ჩამოუვარდა. მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო: უფალო, მიიღე სული ჩემი, ღმერთმა დაგლოცოთ... ღმერთო! – ორჯერ ამოისუნთქა და მიიცვალა.

მთავარი ქირურგი, მედდები და სანიტრები – ყველანი გარინდებულნი დასცქეროდნენ მომაკვდავს, მისი განსაკუთრებული მადლიანობით და რწმენით შეძრულნი; მასთან ერთად მოსული ლეიტენანტი ქვითინებდა.

სამი დღის მერე, საღამოს, როცა რკინიგზამდე მივაღწიეთ და სანიტარულ მატარებელში ჩავსხედით, მთავარმა ქირურგმა მითხრა: თქვენ კარგი საქმე გააკეთეთ, ეს თხოვნა უნდა შეგვესრულებინა.

ჯარისკაცი, სულ ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა, გრძნობდა, რომ კვდებოდა და ღვთის სახელს უხმობდა; ჩემი ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდში მან რწმენის სიდიადე დამანახა და მრავალი, მრავალი წლით გამინათა სავალი გზა. რა იყო ჩემი ტანჯვა მის ტკივილთან, მოახლოებულ სიკვდილთან შედარებით?! ის კი რწმენას, ღვთის სასოებას არ კარგავდა და უფალს უხმობდა სულის ამოსვლამდე.

გიამბობთ სემიონ ანდრეევიჩის, მთავარი ქირურგის შესახებაც.

ალექსის სიკვდილის შემდეგ ჩვენ შორის უხილავი კავშირი გაიბა. გარეგნულად ეს არაფერში ვლინდებოდა, ძველებურად უხეში და მომთხოვნი იყო და ისევე მიყვროდა ოპერაციებზე, როგორც მანამდე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც გვაკავშირებდა. ოპერაციებზე განმარტებებს, რჩევებს მაძლევდა, ზოგჯერ მძიმე ოპერაციებზე გამომიძახებდა მაშინაც, როცა არ ვმორიგეობდი, მირჩევდა, რა წამეკითხა სპეციალური ლიტერატურიდან, ჩემი თხოვნის გარეშე ესწრებოდა ჩემს ოპერაციებსაც. ზურგის ჰოსპიტალში ორი წლის მუშაობის შემდეგ დავშორდით. ის მოსკოვში გაემგზავრა, როგორც მაშინ ამბობდნენ, დაწინაურებაზე; წასვლის წინ თავისი მოსკოვის მისამართი დამიტოვა და მითხრა, დემობილიზაციის შემდეგ, მოსკოვში რომ ჩავიდოდი, აუცილებლად დამერეკა. დამთავრდა ომი, ჰოსპიტალი დაშალეს, ექიმები თადარიგში გაუშვეს და მე, როგორც იქნა, ოჯახში აღმოვჩნდი, მოსკოვში. ვმუშაობდი პოლიკლინიკაში, სახლთან ახლოს და ეს უმაღლეს წარმატებად მიმაჩნდა. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში გადავედი. იქ შევხვდი სემიონ ანდრეევიჩს. ლექციებს კითხულობდა, მაგრამ მისვლა მომერიდა. მე რიგითი ექიმი ვიყავი, ის კი პროფესორი, კათედრის გამგე. მესამე დღეს თავად მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა: ლუდმილა სერგეევნა, რა მოგდით?

ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მასთან გადავედი კვლევით ინსტიტუტში და სწორედ აქ დავინახე მასში არა მხოლოდ ცნობილი ქირურგი, არამედ – დიდი მეცნიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ქირურგიაზე შეყვარებული და მუდამ ერთი საზრუნავით, ერთი ფიქრით ანთებული მკურნალი – დახმარებოდა ადამიანს, შეემსუბუქებინა ავადმყოფის ტანჯვა, გადაერჩინა იგი.

მალე ოჯახებითაც დავახლოვდით, – შინაურ გარემოში ის უაღრესად გულისხმიერი, უბრალო ადამიანი, სტუმართმოყვარე მასპინძელი აღმოჩნდა. ჩემი, როგორც სპეციალისტის, საბოლოო ჩამოყალიბება მისი უშუალო ხელმძღვნელობითა და გავლენით მოხდა და ყველა ჩემი წარმატება ამ დარგში, ასე თუ ისე, მის სახელს უკავშირდება.

მისი ცოლი ნატაშა და დედა ალექსანდრა ვასილიევნა მამა პეტრეს სულიერი შვილები აღმოჩნდნენ, რომელიც იაროსლავლთან ახლოს ცხოვრობდა და რომელთანაც ხშირად ჩავდიოდი ბოლო წლებში.

ისეთი დრო იყო, ერთმანეთს ბევრ რამეს ვუმალავდით. ეს ამბავიც სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ხან ჩვენი ოჯახი იყო მათთან სტუმრად, ხან მათი – ჩვენთან. 1953 წელს ჩვენთან სტუმრობისას სემიონ ანდრეევიჩმა გაიხსენა ყმაწვილი ჯარისკაცის, – ალექსის სიკვდილი და ჩემი ლოცვა. ნატაშამ შემომხედა და უცებ მკითხა: თქვენ მორწმუნე ხართ თუ ისე გააკეთეთ?

წამიერი შეყოვნების შემდეგ ვუპასუხე: მორწმუნე ვარ-მეთქი. აქედან დაიწყო ჩვენი შემდგომი მეგობრობა, ახლა უკვე სხვა საფუძველზე დამყარებული; – დიდია ქვეყანა და გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი...

სამუდამოდ დამამახსოვრდა და მძიმედ იმოქმედა ჩემზე ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ორმოცდახუთი წლის, მძიმედ დაჭრილი პოდპოლკოვნიკის სიკვდილმაც.

ორივე ფეხსა და მუცლის ქვედა ნაწილში დაჭრილი, სასტიკად იტანჯებოდა, დროდადრო ყვიროდა და მხეცივით ღმუოდა, ვერ ეგუებოდა აზრს, რომ უნდა მომკვდარიყო. სიძულვილს აფრქვევდა, ღმერთს, ღვთისმშობელსა და წმინდანებს აგინებდა და ბნელ ძალებს მოუხმობდა.

არაბუნებრივად გაფართოებულ თვალებში ძრძწოლა ჩასდგომოდა. სადღაც, სივრცეში იყურებოდა და დროდადრო ყვიროდა: „წადი, ნუ მტანჯავ“ ან, თითქოს დაკითხვაზეაო: „მიდი, მიდი მიბეგვე, დაფქვავს, მაგისთანები ამილაპარაკებია?!“

ამ ყველაფერს ახლდა გინება, წყევლა-კრულვა, სულის შემძვრელი ღრიალი. ჯერ გვეგონა, უგონოდ იყო და უაზროდ ყვიროდა, მაგრამ შეკითხვებზე დალაგებულად პასუხობდა. დროდადრო რაღაც ძალა ასწევდა ლოგინიდან და მაღლა შეაგდებდა, გამაყუჩებელი წამლები არ შველოდა და სიმწრით სახვევებს იგლეჯდა. ლოგინზე ვაბამდით, რომ იატაკზე არ გადმოვარდნილიყო, მაგრამ უშედეგოდ.

ფაქტობრივად უკვე მიცვალებულს არაადამიანური ფიზიკური ძალა ჰქონდა. ძალიან მებრალებოდა და მისთვის ლოცვა დავიწყე, – ზეწრის იქით ვიდექი, მის საწოლს სხვა მომაკვდავის საწოლისგან რომ გამოჰყოფდა და შეუმჩნევლად გამოვსახე სამჯერ ჯვარი, რასაც გააფთრებული ღვთის გმობა და ბილწსიტყვაობა მოჰყვა, მომაცილეთო,– ღრიალებდა ჩემზე, – გაეთრიოს, მიშლის, მაწვალებს, მტანჯავსო! არადა, არ დაუნახავს, ჯვარი რომ გამოვსახე. კიდევ გადავწერე პირჯვარი და შეშინებული გავიქეცი, მისი პირით, პირდაპირ ბნელი ძალები ბდღვინავდნენ. თითქოს დასუსტებულმა და ძალაგამოცლილმა, უცებ სახვევები შემოიგლიჯა და ფაიფურის ჭურჭელი ისეთი ძალით გაუქანა კარს, რომ ფიცარი გატეხა. მე გადახვევებზე არ მიშვებდა. თუ იგრძნობდა, სადმე დერეფანში მივდიოდი, მაშინვე გინებას და ღვთის გმობას იწყებდა. ექთნებსა და სანიტრებს ეშინოდათ მისი და ერიდებოდნენ.

ერთხელ ჰოსპიტალში მორიგე ვიყავი. ღამით შეშინებულმა ახალგაზრდა ექიმმა ტატიანა ტიმოფეევნამ მომაკითხა, მოფერებით ყველა ტანეჩკას რომ ეძახდა, – მეორე კორპუსში მორიგეობდა და ჩემთან გამოიქცა, – პოდპოლკოვნიკი, მეხუთე პალატაში რომ წევს, ყველაფერს ლეწავს, ვერაფერი მოვუხერხე, მიშველეთო. გავიქეცი, მეხუთე სართულზე რომ ავედი, წარმოუდგენელი ღრიალი და ლანძღვა-გინება მოისმა. სხვა ავადმყოფები წუხდნენ, ექთნები და სანიტრები დერეფანში გამოფენილიყვნენ.

შევედი, პოდპოლკოვნიკი ეპილეფსიანივით იკრუნჩხებოდა, თითქმის სულ გაეგლიჯა საკვრელები, სახვევი დოლბანდი სისხლით იყო გაჟღენთილი, ჩაწითლებული თვალები არაადამიანური სიძულვილითა და მძვინვარებით უელავდა. რომ დამინახა, მთელი გააფთრება ჩემზე გადმოიტანა და აღრიალდა: ჯვარი უკეთია მაგას, ჯვარი! მე ვერ გამომაპარებთ! და – გინების ნიაღვარი მომაყოლა, – მღვდლებსა და შენისთანებს ჩემი ხელით ვუღებდი ბოლოს, ერთი ადრე ჩამვარდნოდი ხელში!..

ტანია თვალცრემლიანი მეუბნებოდა: მეშინია, ლუდმილა სერგეევნა, რაღაცნაირი, სულ შავი და გაბოროტებულია შინაგანად. ბევრი გიჟი და მომაკვდავი მინახავს, მაგრამ ასეთი მძვინვარე, არასდროს, რით დავეხმაროთ?

მართლაც, რა უნდა გვეშველა?! ექთნები და სანიტრები დერეფნიდან აწყნარებდნენ ავადმყოფებს. მე განკარგულება გავეცი, შეეხვიათ ჭრილობები, ისევ მიებათ საწოლზე, გაეკეთებინათ დამამშვიდებელი წამალი და გადავწყვიტე მასთან დავრჩენილიყავი. თან მეშინოდა, – ისევ მლანძდავდა და გამაყრუებლად ღრიალებდა. საწოლთან სკამზე დავჯექი და გულში ლოცვა დავიწყე, ყოველი ლოცვის ბოლოს ვიმეორებდი – უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო! შენი ცხოველსმყოფელი ჯვრის ძალით დამიცევ და დამიფარე და დაამშვიდე მონა შენი გრიგორი, – ასე ერქვა პოდპოლკოვნიკს.

ძნელი იყო ლოცვა, – დავიძაბე, ძალა მოვიკრიბე, შევეცადე ჩემი ვედრება უფლისთვის მიმეწვდინა. დაჭრილი კი არა თუ წყნარდებოდა, უფრო მძვინვარედ ილანძღებოდა. ოცი წუთის მერე საშინლად დავიქანცე, ოფლი ღვარად ჩამომდიოდა, მაგრამ შიში საერთოდ გაქრა, – ავდექი, მივედი მასთან და სამჯერ დიდი ჯვარი გადავსახე. პირველად მხეცივით აყმუვლდა, მეორედ ჩაწყნარდა, მესამედ კი გაჩუმდა. სახე დაუმშვიდდა, თვალები დახუჭა და თითქოს ჩაეძინა. ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანის სასთუმალთან ოცწუთიანმა ლოცვამ არაქათი გამომაცალა, ძლივს გავედი დერეფანში, ფეხები მეკვეთებოდა. ტატიანა ტიმოფეევნამ მკითხა, რა ამბავიაო? – ხომ ვერ ვეტყოდი, ბოროტმა შეიპყრო მისი სული-მეთქი.

სამი დღის შემდეგ პოდპოლკოვნიკი გარდაიცვალა. მიყვებოდნენ, რომ საშინელი ტანჯვით აღმოხდა სული. როცა ეს ადამიანი ჰოსპიტალში მოიყვანეს, გვეგონა, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მან კი სამი, თითქმის სამი თვე გაძლო. უწესო მიწიერი ცხოვრება და მძიმე ცოდვები სიკვდილის საშუალებას არ აძლევდა. სანიტრები ამბობდნენ, ბოროტი ძალა არ უშვებს, ბევრი ცოდვა აქვს, ბოროტს შეეკრა, ის კი აწვალებსო.

მესამე სიკვდილმაც, რომელსაც ჰოსპიტალში შევესწარი, განმაცვიფრა: 55 წლის მაიორი კვდებოდა, იცოდა, რომ განწირული იყო. ორივე ფეხზე განგრენა ჰქონდა, ამპუტაციას ამპუტაციაზე უკეთებდნენ, ყველა საშუალება ამოიწურა, მაგრამ განგრენა სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევდა. სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ცალკე პალატაში გადაიყვანეს, სიკვდილამდე ორი დღით ადრე კი მე დამიძახა.

– ლუდმილა სერგეევნა, თქვენი დახმარება მჭირდება, დიდი ხანია გაკვირდებით, მორწმუნე ხართ? – მკითხა. მე თავი დავუქნიე. – არ გაგიკვირდეთ, რომ მივხვდი, ბებერი ვარ და ადამიანების ცნობა ვიცი. დიდი ხნის წინ დავდიოდი ეკლესიაში, მერე მივატოვე, დამავიწყდა რაღაცნაირად, ღმერთი კი არსებობს და მინდა პატიება ვთხოვო. რომ მოვკვდები, გთხოვთ, წესი ააგებინეთ, ამ საღამოს კი ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი მიშოვეთ, ან იქნებ ახლაც გაქვთ? – მაქვს – ვუთხარი მე, გავედი და ჩანთიდან ამოვიღე შემორჩენილი სეფისკვერის ნაფხვენები და წამლის შუშა, რომელშიც ყოველთვის მქონდა ნაკურთხი წყალი; – ეს ჩემი საუნჯე იყო, სათუთად ვინახავდი და ომში სულ თან დამქონდა.

– ცოდვების მონანიება მინდა, მაგრამ როგორ? თქვენ მოგიყვებით, თქვენ კი, თუ ღმერთი ინებებს, მღვდელს მოუყვებით ჩემი სახელით, შეიძლება ასე?

არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა, მაგრამ თავი დავუქნიე. მაიორი გაფითრებული, ორივე ფეხმოკვეთილი, განაწამები იწვა ჩემს წინ, ტკივილებისგან ღონემიხდილს წამდაუწუმ გონება ეკარგებოდა, მაგრამ, სანამ ფხიზლობდა, არ დაუკვნესია, მხოლოდ მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებზე ეტყობოდა, რომ ტკივილის მორიგ შეტევას უმკლავდებოდა.

ძლივს გასაგონად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, როგორც ტკივილი აძლევდა საშუალებას, დაიწყო მოყოლა. სამი საათი ლაპარაკობდა დიდი შესვენებებით, თავს არ ინდობდა და არ იმართლებდა. ათი წუთით გაჩუმდა და მითხრა, ყველაფერი გითხარით, არაფერი დამიმალავს, მაწამებდა გაუმხელელი ცოდვები. ახლა ჩემი წარსული თქვენს ხელთაა და გულზე მომეშვა, – მომეცით! – მოწიწებით მიიღო სეფისკვერი, მოსვა კოვზით ნაკურთხი წყალი და სამჯერ ნელა გადაიწერა პირჯვარი.

მადლობა ღმერთს, ადამიანურად მოვკვდები. გთხოვთ, მოიხსენეთ, ასევე, გარდაცვლილი დაშა, ფედია და... გული წაუვიდა. მესამე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

1996 წელს დემობილიზაციის მერე ნიკოლოზის, ასე ერქვა მაიორს, აღსარება მამა პეტრეს მოვუყევი, 1958 წელს კი – მამა არსენს.

მამა არსენმა მომისმინა და მითხრა: – ღრმა, გულში ჩამწვდომი აღსარებაა, დიდი ბუნების ადამიანისა. აცხონოს ღმერთმა და მიიღოს თავის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში ნიკოლოზი, დარია და ფიოდორი, მეც ყოველთვის მოვიხსენებ პროსკომიდიაშიო, – და შენდობის ლოცვა წაუკითხა.

სრულიად განსხვავებული სამი ადამიანის სიკვდილს რომ ვიხსენებ, რომლის მოწმეც ვიყავი, ნათლად ვხედავ ღვთის ძალის მოქმედებას. ეს რწმენაში მამტკიცებს და სიცოცხლისა და ღვთის ნების გაგების საშუალებას მაძლევს.

ჯარისკაცი ალექსის სიკვდილმა ადამიანის უსაზღვრო რწმენა, მისი ძალა, ღვთისადმი მისწრაფება და სიყვარული დამანახა პოდპოლკოვნიკი გრიგორის სიკვდილის დროს ბოროტი ძალების აშკარა მოქმედებამ დამანახა ის, რაც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და რასაც მუდმივად წინ უნდა აღვუდგეთ, ღვთისა და ღვთისმშობლისადმი ლოცვით ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სულიერად ვიფხიზლოთ.

მაიორ ნიკოლოზის სიკვდილი, ბოლო ჟამს უფალთან მისული ადამიანის განსვენება, მისი უშეღავათო აღსარება, მაგალითი იყო ცოდვების სუფთა გულით, რწმენით, სინანულით და სასოებით სრული და გულწრფელი მონანიებისა.

 

კიდევ ერთხელ კორსუნისა და ერშის შესახებ

კიდევ ერთხელ მივუბრუნდები გადასახლებას კორსუნსა და ერშში, რომ გავიხსენო, როგორ გვიფარავდა ღვთისა და ღვთისმშობლის წყალობა.

ზამთარში, თითქმის ორდღიანი მორიგეობის შემდეგ, მე და იულია კორსუნიდან ერშში მივდიოდით. მთვარე ანათებდა, თოვლი ცისფერ ნაპერწკლებად ბრჭყვიალებდა, ნამქერებს შორის გზა ტყისკენ მიიწევდა. უჩვეულო სიჩუმეს მხოლოდ ფეხქვეშ თოვლის ჭრაჭუნი არღვევდა. მუშაობისგან, უძილო ღამეებისგან, მძიმე ავადმყოფების მოვლისგან დაღლილები სიამოვნებით მივუყვებოდით გზას და კორსუნის მოსახვევს რომ გავცდით, როგორც წესად გვქონდა, ლოცვა დავიწყეთ. კანონი და ღვთისმშობლის დაუჯდომელი წავიკითხეთ. იულია იწყებდა, მერე მე ვაგრძელებდი, მერე ისევ იულია მენაცვლებოდა და ასე... სახლამდე. დაახლოებით ერთი ვერსით რომ გავცდით კორსუნს, ჩვენკენ მომავალი ოთხი ნასვამი ბიჭი გადაგვიდგა, – აი, მონაზვნებიც, როგორც იქნა გამოჩნდით, – (ადგილობრივი მაცხოვრებლები ზურგს უკან მონაზვნებს გვეძახდნენ). გზიდან არ გადაგვიხვევია, ისე ვცადეთ გავლა. შესდექით, გოგოებო, ტყუილად კი არ გელოდით, გასიამოვნებთ, – გვებღლარძუნებოდნენ, სიბილწეებს გვეუბნებოდნენ, სახეში არყის ოხშივარს გვაორთქლებდნენ. შევეხვეწე, გაგვიშვით, თავი დაგვანებეთ, სახლში მივდივართ-მეთქი.

იცინიან... ჩვენ კი რა გაგვივა? რომც ვიჩივლოთ, არავინ გამოგვესარჩლება – ჩვენ ხომ გადასახლებულები ვართ... აბა, ზვინისკენ ჩქარა! ვნახოთ ერთი, რა მონაზვნები ხართ, – გვეუბნებიან აგდებით.

მე ვუძალიანდები, ვეხვეწები გამიშვან, ვყვირი. იულია გახევებული დგას გზაზე. ტუჩები მოუკუმავს, ბიჭებს მკაცრი თვალებით მისჩერებია, თითქოს აქ არ არისო, მე ვიბრძვი და თან ვხედავ, იულიამ ხელი აწია და რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა, მერე მე გადამწერა და ისევ უძრავად დგას შუა გზაზე.

ზიზღი, უმწეობა, ყოვლისმომცველი შიში მაჩლუნგებს, ღვთის სახელიც კი მხოლოდ მაშინ მახსენდება, როცა იულიას ვხედავ, პირჯვარს რომ იწერს. ისევ ვეჯაჯგურები და თან ვყვირი: ღვთისმშობელო, მიშველე! – ზვინისკენ მიმათრევენ, ორნი კი იულიას გვერდით დაბნეული ტკეპნიან თოვლს. უცებ უკნიდან მოისმის: – ეი! გზა მოგვეცით! – ვხედავ კორსუნიდაც ცხენიანი ოთხთვალა მოდის. ხელი ვკარი მოძალადეებს, გამოვექეცი, მივვარდი ოთხთვალას და ვევედრები: გვიშველეთ, თავს დაგვესხნენ-მეთქი! – დასხედით გოგოებო, შენ ფერშალი არ ხარ? მაგათ ცულისტარით გავუმასპინძლდები, ვაჩვენებ, როგორ უნდა გოგოების აწიოკება! – დაიქადნა და მუშტი მოუღერა.

ბიჭები ფეხს ვერ იცვლიან, იულია კი ჩუმად მოდის და ჩემს გვერდით ჯდება. მეეტლე გვეუბნება: გოგოებო, თუ რამე დაგიშავეს, პასუხს ვაგებინებ, ახლა ისეთი დროა, ათასი ჯურის არამზადა მომრავლდაო.

ჩავედით ერშში. მე მთელი გზა ვტიროდი. იულია ჩუმად იჯდა. ბებოს მოვუყევი, თან მაკანკალებდა, იულია კი ღვთისმშობლის ხატის წინ დაჩოქილი ლოცულობდა. ღამით ვკითხე: არ შეგეშინდა-მეთქი? – რა თქმა უნდა, შემეშინდა და მესმოდა, რომ ვერანაირი ადამიანური დახმარების იმედი ვერ გვექნებოდა, მხოლოდ ღვთის წყალობა და ღვთისმშობლის მეოხება თუ გვიხსნიდათო, – ასეც მოხდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არ მიგვატოვა და მშველელი გამოგვიგზავნა.

...მახსენდება 1935 წლის ექვსი ნოემბერი, საზეიმო საღამო კლუბში, რომელიც ბარაკში იყო მოწყობილი. რატომღაც, ჩვენც მიგვიწვიეს. აუცილებლად უნდა მივსულიყავით. კლუბი ხალხით იყო სავსე, შემაღლებულზე პრეზიდიუმი მოეწყოთ. საზეიმო ნაწილის მერე კინოსურათის ჩვენებას დაგვპირდნენ. არ გვინდოდა წასვლა, მაგრამ გამგემ გვითხრა, რომ აუცილებელი იყო და ჩვენც ყველაზე უკანა რიგებში დავსხედით. მოხსენება ეხებოდა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ვითარებას, ყოველი ფრაზის მერე გაიგონებდით: დიადი, ბრძენი, გენიალური ბელადი, მშობელი მამა და, რაღა თქმა უნდა, ხალხის მტრები და სიფხიზლე...

დაიწყეს მოწინავე მშრომელთა დასახელება, მაშინ მათ სტახანოველებს ეძახდნენ, – ერთი, მეორე, მესამე, გამოდიან, შრომითი მიღწევების შესახებ გვიყვებიან და უცებ ვეება, ახმახი ტყის მჭრელი, ცოტა ხნის წინ ჩვენთან რომ იწვა საავადმყოფოში, გამოდის და საერთაშორისო მდგომარეობის მერე ხალხის მტრებზე გადადის, შრომით მიღწევებსაც მოგვახსენებს და მერე იულიას სახელს და გვარს ასახელებს, – ამხანაგებო, საავადმყოფოში ვიწექი, მძიმედ ვიყავი, მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ სტახანოველმა სანიტარმა იულიამ გადამარჩინა, ნამდვილი შრომის გმირია,– და მოჰყვა და მოჰყვა, – რატომ პრეზიდიუმში არ არისო, მადლობა რატომ არ გამოუცხადესო!

დარბაზში შეკრებილნი ყვირიან, ორატორს მხარს უჭერენ... პრეზიდიუმში ჩვენი წითური ავიდა, ასე ვეძახდით სოფლსაბჭოს თავმჯდომარეს, და ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო: – მოქალაქენო, აქ გაუგებრობას აქვს ადგილი, სანიტარი, რომელიც შეშის მჭრელმა ფედინმა დაასახელა, შრომის გმირი კი არა, ხალხის მტერია, რომელიც სასჯელს იხდის ჩვენს რაიონში. ახლა მან ამხანაგთან ერთად შემოაღწია ჩვენს კრებაზე. ფედინი მტრის ანკესზე წამოეგო. გავაძევოთ მტრული ელემენტი ჩვენი შრომითი კრებიდან. ვსვამ საკითხს კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე, ვინ – წინააღმდეგი? თავს არავინ იკავებს, – ერთხმად მიღებულია მისი წინადადება.

საერთო სტვენასა და გნიასში გამოვდიოდით უკანა რიგებიდან. გასასვლელში ხელს გვკრავდნენ და გვაფურთხებდნენ კიდეც.

არაერთი ათწლეული გავიდა, მაგრამ დღესაც კი მტკენს გულს იმის გახსენება, როგორ მოგვექცნენ კრებაზე. მაშინ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოჰყოლოდა ამ ამბავს. შინსაქკომიდან გამოძახებას ველოდით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავრჩით.

საავადმყოფოში მუშაობასაც მოჰყვებოდა ხოლმე ზოგჯერ უსიამოვნება. სოფლსაბჭოს თავმჯდომარის, წითურის ცოლს უნდა ემშობიარა. მოიყვანეს, დააწვინეს საავადმყოფოში და მაშინვე ჩხუბი ატყდა ექიმ ზოია ანდრეევნასთან. თავმჯდომარე ყვიროდა, არ დავუშვებ, რომ „კონტრამ“ ამშობიაროს. ვიცნობთ ეგეთებს, ყველგან მავნებლობენ, ბავშვს დამისახიჩრებენ. რაიონში წავალ, მოხსნას მოვითხოვო. ზოია ანდრეევნა ამშვიდებდა, ჰპირდებოდა, მე თვითონ ვამშობიარებო, მაგრამ ქალმა მეოთხ ედღეს, მაინც და მაინც ჩემს მორიგეობაზე იმშობიარა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავმჯდომარის ცოლი თავაზიანი ქალი აღმოჩნდა. ყველაფერს მადლიერებით იღებდა, თუმცა კი თავი კორსუნის პირველ ქალბატონად მიაჩნდა.

რა ამბავი ატყდა, როცა გაიგეს, რომ მე და იულიამ ვამშობიარეთ... მეგონა, ჩვენი კორსუნში ცხოვრება დამთავრდა.

ბავშვი ან დედა ავად რომ გახდნენ, დედაბუდიანად გაგანადგურებთო, – ღრიალებდა წითური, მაგრამ, ღვთის წყალობით, არც საავადმყოფოში და არც სახლში არცერთს მთელი წელიწადნახევარი ფრჩხილიც არ წამოსტკივნია, რაც მართლაც, გასაოცარი იყო. ნამდვილად ღმერთი გვიფარავდა.

ჯერ კიდევ მაშინ, კორსუნში დავინახეთ, როგორია ადამიანის ბუნება, – როგორ სჯეროდათ თავმჯდომარესაც, საავადმყოფოში მომუშავე მედდა პოლინასაც და შინსაქკომის რაიგანყოფილების თანამშრომლებსაც, რომლებიც გვამცირებდნენ და შეურაცხგვყოფდნენ, რომ „ხალხის მტრები“ ვიყავით. ისინი უნდობლად გვექცეოდნენ და სიძულვილსაც ამჟღავნებდნენ. ეს მთელი წინა წლების აგიტაციისა და პროპაგანდის ნაყოფი იყო, და ამიტომ მათი დადანაშაულება შეცდომა იქნებოდა.

გვხვდებოდა სხვა კატეგორიის ხალხიც: სასტიკი და გულქვა, რომელთაც, უბრალოდ, არ გააჩნდათ თანაგრძნობისა და სხვისი გასაჭირის გაზიარების უნარი. ისინი უსულგულოდ აწამებდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ ადამიანებს, რადგან არც გაუგიათ და არც უნდოდათ გაეგოთ სახარებისეული ჭეშმარიტება, ისეთი ცნებები, როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე, გულმოწყალება. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდათ.

მახსენდება კიდევ რამდენიმე მძიმე დღე ერშში:

ბებო გარდაიცვალა და ქოხში მარტო ვცხოვრობდით. იულია საავადმყოფოში მორიგეობდა, მე სახლში ვიყავი. საღამოდან მოყოლებული მსუბუქად ყინავდა. ღამით ამინდი შეიცვალა. დილით მდინარიდან ნაფლეთ-ნაფლეთი რუხი ნისლი წამოვიდა. ხის ტოტებსა და ბუჩქებს ხევებში მიუყვებოდა და მთის კალთებზე მიცოცავდა. თავიდან მიწაზე იყო გართხმული, თითქოს ყველაფერს რუხი რიდე გადაეფარაო, აქა-იქ ჩანდა სახლების სახურავები და ღობის წვეროები, მერე კი ზევით აცურდა და ტყვიისფერ ღრუბლებს შეუერთდა, უძრავად რომ გადმოფარებოდა მიწას.

ველოდები იულიას, დრო ნელა და ზანტად გადის...

საშინაო საქმეები გაკეთებულია – სადილი მომზადებულია, ღუმელი დანთებულია, შეშა დაჩეხილია, ფსალმუნის კანონი რამდენჯერმეა წაკითხული. ქოხში ნახევრად ბნელა, ნავთი არ არის, კანდელს არ ვანთებ – ზეთი ცოტაა. ვცდილობ, დავიძინო, რათა აღარ ვხედავდე ნაცრისფერ დღეს და მღვრიე ნისლის ფარდას, სინათლეს, ტყეს და მზეს რომ მიმალავს... მე კი მინდა, მოძალებულ ცუდ ფიქრებს თავი დავაღწიო. ვერ ვიძინებ, ერთმანეთზე მძიმე აზრები მომდის თავში. სულში სიცივე მეპარება ისევე, როგორც ნისლი დაძვრება მიწაზე და თანდათან ხვევს მას თავის ბადეში.

ვცდილობ, შევებრძოლო, მაგრამ განწირული, უიმედო, სასოწარკვეთილი აზრები მაწვება და სულს მიხუთავს. აქეთ-იქით ვაწყდები, რადაცის გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ვიჩოქებ და ლოცვას ვიწყებ, მშველის, თუმცა მერე ისევ მეძალება შიში და, არეული აზრები ლოცვას ეღობება, – მე ისევ ვძრწივარ... ძალაგამოცლილი ვეცემი ძელსკამზე, საბანს ვიფარებ თავზე და ვქვითინებ ,მაგრამ ტკივილი და შიში არა თუ ქრება, უფრო და უფრო აუტანელი ხდება და მახრჩობს. ღმერთო, მიშველე! – ვდაღადებ, ვიწყებ ლოცვას და, ვეღარ ვაგრძელებ.

რაღაც საზარელი, დამთრგუნველი, საშიში დგას ჩემს ზურგს უკან, შიშით ვბრუნდები, პირჯვარს ვიწერ და კედელს ზურგით ვეკვრი, მაგრამ ესეც არ მშველის.

კარის ჭრიალი ისმის და გული მისკდება. შემოდის იულია, მე მთელი ხმით ვქვითინებ. ის ყვირილით მომვარდა – რა მოგივიდა! – არეულად ვუყვები, ვცახცახებდა ვტირი. ინთება კანდელი, ვუყურებ იულიას სხივიან თვალებს, კეთილ სახეს და ვუყვები შიშის და ზურგს უკან დამალული საშინელების შესახებ.

იულია მამშვიდებს, კარს რაზავს, ხატებთან მიდის და მფარველი ანგელოზის დაუჯდომელს კითხულობს. პირველივე სიტყვებიდან სიმძიმე ქრება, ვმშვიდდები, ლოცვა სულში აღწევს და თანდათან სიცოცხლე მიბრუნდება. ვიცი, იულია ძალიან დაღლილია, მაგრამ ახლა ეგოისტი ვხდები და არ ვუშვებ. არც ის ცდილობს, თავის დანებებას, პირიქით მთელი გულით ცდილობს დამეხმაროს. უკვე გვიანია. ვწვებით, ისევ ვუყვები, რა დამემართა. იულია მისმენს და მფარველი ანგელოზისადმი ლოცვაზე მესაუბრება, – მფარველი ანგელოზისათვის რომ გეთხოვა, ლოცვით განდევნიდი იმ ბნელს, ზურგს უკან რომ გედგა და სულში გიძვრებოდაო.

ორი თვის მერე იგივე დამემართა, მაგრამ დავიწყე თუ არა მფარველი ანგელოზის მიმართ ლოცვა, შიშმა უკან დაიხია. აი, ასეთი ძალა აქვს მფარველი ანგელოზისადმი ლოცვას.

 

წერილები

მეგობრებთან და ნათესავებთან განშორების სიმძიმეს წერილები გვიმსუბუქებდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, სიხარულით ვივსებოდით და ვგრძნობდით, რომ ვახსოვართ და ვუყვარვართ ახლობლებს.

მამა არსენის წერილებს განსაკუთრებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის დატვირთვა ჰქონდა, ისინი ჩვენს სულიერ მიმართულებას განსაზღვრავდა, საჭირბოროტო საკითხებზე პასუხს გვაძლევდა და ჩვენი ცხოვრების შემდგომ გზას განაპირობებდა. მამა არსენის ოცდაათამდე წერილი მქონდა. ომის წინ ისინი მ.ნ.-ს მივაბარე, რომელიც აგარაკზე ცხოვრობდა, მას კი შიშისგან დაუწვია. მხოლოდ ორი წერილი შემომრჩა, რომლებიც კორსუნსა და ერშში მივიღე. აი, მათი ტექსტი:

„ლუდა, გამოუცნობ არიან გზანი უფლისანი. ვიცი თქვენი ცხოვრების შესახებ, მესმის სიძნელეები – ეკლესიისგან, სახლისგან, მეგობრებისგან მოწყვეტილობა; შიში და საფრთხის მუდმივი მოლოდინი გიფორიაქებს სულს. მთლიანად მიენდეთ ღვთის ნებას, გქონდეთ მისი სასოება. ის ყოველთვის ჩვენთანაა!

ღმერთს ვევედრები თქვენთვის; მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

იულიას მეტად დაეყრდენით, ყველაფერში მიენდეთ. ღმერთმა მას ჭეშმარიტი რწმენა, ძლიერი და კეთილშობილი სული მიჰმადლა. ყოველთვის ერთად იყავით. სონიას შესახებ მძიმე ამბავმა გული მატკინა, მაგრამ სონიას ბევრი რამ აქვს კარგი და კეთილი და, ეს არასოდეს ჩაქრება მასში. დადგება დრო, და ის ღმერთს დაუბრუნდება. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა, კიდევ მოგწეროთ. ყველა ღონე იხმარეთ სამედიცინო ინსტიტუტის დასამთავრებლად, დაეხმარეთ იულიას სკოლის ექსტერნად დამთავრებასა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებაში.

ღმერთს ვევედრები, დაგეხმაროთ, სონიას ვავედრებ, თქვენც არ დამივიწყოთ, იმიტომ, რომ მთავარი სიძნელეები კიდევ წინაა. გფარავდეთ უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.“ – ხელმოწერა, რა თქმა უნდა, არ არის,მხოლოდ გულის ტკენამდე ნაცნობი მშობლიური ხელწერა. მეორე წერილი რამდენიმე თვის მერე მოვიდა და სულ სამი სტრიქონისგან შედგებოდა.

„მძიმეა გადასახლებებსა და პატიმრობებში, მაგრამ ღვთის სახელით უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი, სადაც არ უნდა იყოთ, არ დაივიწყოთ ადამიანებისთვის სიკეთის ქმნა. ევედრეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოიხსენეთ ერთმანეთი და მე ცოდვილი. უფალი მუდამ ჩვენთანაა!“

რას წერდა მამა არსენი იულიას, არ ვიცი. ჩვენ წესად გვქონდა, ერთმანეთისთვის წერილები არ გვეჩვენებინა.

ამ ორმა წერილმა განსაზღვრა ჩემი შემდგომი ცხოვრების გზა.

 

სევდიანი აზრები

ოციან, ოცდაათიან და ორმოციან წლებში ჩვენ, ახალგაზრდები, ჯანღონითა და აღმაფრენით სავსენი, ახლის შეცნობის და ერთმანეთის დახმარების სურვილით ანთებულნი ვიყავით. პირველ წლებში მამა არსენი ჩვენთან იყო, გვიძღოდა და გადასახლებებიდანაც კი გვმწყემსავდა. ჩვენი ეკლესია დახურეს, სახლებში ვატარებდით მსახურებას, მრევლის ცხოვრება ფარულად გრძელდებოდა.

დაპატიმრებას დაპატიმრება მოსდევდა, ზოგს ბანაკში აგზავნიდნენ, ზოგს – გადასახლებაში, ზოგი კი მიიმალა ან ჩამოსცილდა ეკლესიას.

ომის დროს ბევრი ჩვენგანი ქვეყნის სხვადასხვა კიდეში აღმოვჩნდით. დაიწყო შიმშილობა, ევაკუაცია, დაუსრულებელი გადასვლები ადგილიდან ადგილზე, მობილიზაცია. მამა არსენზე არაფერი ვიცოდით. ხმები დადიოდა, რომ დახვრიტეს, რომ შიმშილით მოკვდა ბანაკში. ამ სასტიკ დროშიც კი, მამა არსენის სულიერი შვილები კავშირს არ ვკარგავდით.

ომი დამთავრდა, თითქმის ყველამ მოსკოვში მოვიყარეთ თავი, ვხვდებოდით ერთმანეთს, ვცდილობდით გავერთიანებულიყავით, გვეზრუნა ერთმანეთზე, როგორც წარსულში, რაღაც ახალი გვესწავლა, ავადმყოფებისთვის მოგვევლო, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა.

მამა არსენის სულიერი შვილები, რომლებიც ომის შემდეგ მღვდლებად აკურთხეს, მოსკოვიდან წავიდნენ, მათი ხშირად მონახულება შეუძლებელი გახდა.

ორმოციანი წლების მიწურულს და ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ძალია ნდავკნინდით და თითქმის დავბერდით, სულიერად გავუხეშდით, დავკარგეთ გულისხმიერება. ერთმანეთის სიყვარულისა და დახმარებისთვის სიტყვებს ძველებურად არ ვიშურებდით, მაგრამ ყოველ ჩვენგნს უნდოდა, რომ მას დახმარებოდნენ და არა ის სხვას. ჩვენ ძალიან შევიცვალეთ.

ყველას ოჯახები და შვილები გვყავდა, ჩვენი საზრუნავი, ჭირი თუ ლხინი, საქმეები... ამ ყველაფერმა რაღაცნაირად დაჩრდილა რწმენა და კეთილი მისწრაფებები. არ გვყავდა ადამიანი, ვინც გვიხელმძღვანელებდა, თავად კი უუნარონი აღმოვჩნდით.

მამა არსენის მხოლოდ ყველაზე ძლიერი და ერთგული სულიერი შვილების ირგვლივ, ისეთების, როგორებიც იყვნენ: ნატაშა, ვარია, იულია და კიდევ რამდენიმე, შეიკრიბა მცირე ჯგუფები, მაგრამ ზოგიერთი ჩამოგვცილდა ან ახლად გახსნილ ეკლესიებში დადიოდა. იშვიათად, შემთხვევით თუ შევხვდებოდით, უფრო დაკრძალვებსა და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.

და მაშინაც საუბარი ეხებოდა ჯანმრთელობას, – ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ გარდაიცვალა, ვინ ავადმყოფობს, ვიღაცას შვილები და შვილიშვილები შეეძინა, ვიღაცამ ბინა მიიღო, დისერტაცია დაიცვა. ძველი საუბრები, კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ასე რომ გვამდიდრებდა, წმინდა მამათა ნაშრომების ერთობლივი კითხვა, ცოცხალი ურთიერთობა, წარსულს ჩაბარდა.

ძველი შემართება გაქრა, სულიერება ძლივსღა ბჟუტავდა.

შეიძლება ითქვას, ჩვენზე აღსრულდა სახარების სიტყვები: „დავსცე მწემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი“ (მათ. 26,31), მაგრამ 1958 წელს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ მამა არსენი ცოცხალია და გაათავისუფლეს. ენით აუწერელი სიხარული იყო, პირველი შეხვედრები, საუბრები, აღსარებები. მამა არსენისკენ, მის ფრთებქვეშ, მშობლიური კერისკენ მივიწევდით, მაგრამ არა – ყველა.

მწარე იყო ადამიანთა უმადურობის, გულქვაობის, გულგრილობის დანახვა, მამა არსენი ხომ ჩვენს გამო იტანჯა.

ერთი წლის მერე, მოსკოვის ახლოს, პატარა ქალაქის ერთი პატარა სახლის გარშემო თავი მოიყარეს ძველმა თუ ახალმა სულიერმა შვილებმა, მათ, ვისაც მამა არსენიგადასახლებებსა თუ ბანაკებში შეხვდა. მამა არსენის დაბრუნებამ, მასთან საუბრებმა ბევრი ჩვენგანი აიძულა, ჩამოეცილებინა ყოფითი ნალექი და ეკლესიას დაახლოვებოდა. ჩვენ უწინდებურად მოსკოვის სხვადასხვა ეკლესიებში დავდიოდით, მაგრამ ჩვენი სულიერი განცდები მამა არსენთნ მიგვქონდა, იქ ვტოვებდით სატკივარს, ეჭვებს, წყენას, სიმძიმილს, ცოდვებს, იქიდან კი განახლებულნი და გამხნევებულნი ვბრუნდებოდით. მახსოვს მამა არსენის სიტყვები: „ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღვთის მცნებებით იხელმძღვანელეთ, იყავით მოწყალენი ერთმანეთის მიმართ, ეცადეთ საქმითა და ზრახვებით მონაზვნებს მიემსგავსოთ, – მართალია, მათსავით არ განრიდებიხართ ამა სოფლის მღელვარებას, მაგრამ მაინც ეცადეთ, და მაშინ ღვთის წყალობა მუდამ იქნება თქვენზე“ და კიდევ: „ღვთისმშობლისადმი ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესია მორწმუნისათვის. ყოველდღე გადახედეთ თქვენს საქმეებს და, ყოველი ნაბიჯის გამო, საკუთარ თავსა და უფალს ანგარიში ჩააბარეთ“.

მიუხედავად იმისა, რომ მამა არსენის დაბრუნებამ ახალი სული ჩაგვბერა, მაინც აღარ ვიყავით ისეთები, როგორიც უწინ. ახალგაზრდობა გავიდა, ცხოვრებამ დაგვღალა და მოგვტეხა, ჩვენს ლოცვებში სულ უფრო ხშირად თხოვნა ისმოდა და არა – ღვთის სადიდებელი, როგორც ადრე.

ერთხელ მამა არსენს ვკითხე: რატომ მოხდა ასე? მან კი სევდიანად მიპასუხა: ეს, ერთგვარად, ბუნებრივიცაა. ძალიან ბევრი განსაცდელი ხვდა წილად ხალხს. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამინისთვის რწმენა წაერთმიათ, იძულებული გაეხადათ, მხოლოდ თავის გადარჩენასა და მისთვის შექმნილი სიძნელეების გადალახვაზე ეფიქრა. შეხედეთ, როგორაა ცხოვრება მოწყობილი – რადიო, ტელევიზია, გაზეთები, კინო და თეატრი, თავს ახვევენ ადამიანს სტანდარტულ აზროვნებას, ყველასათვის ერთნაირი ცხოვრების წესს. ეს კი იწვევს იმას, რომ ადამიანი ერთი წუთითაც ვერ რჩება თავის აზრებთან, თავის თავთან მარტო, რათა ღმერთი შეიგრძნოს.

თანამედროვე ცხოვრების ტემპი – აჩქარებული, სტანდარტული და გამუდმებით დაძაბული, გიბიძგებს ერთი ვიღაცისათვის სასურველი მიმართულებით იმოძრაო და იაზროვნთ. ადამიანი თავის თავთან მარტო, პრაქტიკულად არ რჩება. მისი დასვენებაც კი სანატორიუმებსა და დასასვენებელ სახლებში საერთო რიტმსა და პროგრამას ექვემდებარება. ადამიანს ჩასჩიჩინებენ, ასწავლიან, უნერგავენ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულსა და ვიღაცის დაგეგმილს. ადამიანთა მასები ერთადაა თავმოყრილი და, ამავე დროს, გათიშულია, – გაერთიანების ნაცვლად. ერთმანეთთან დაპირისპირებულნიც კი არიან არსებობისათვის ბრძოლაში. ეს აისახა მორწმუნეებზეც, ისინიც საერთო სტანდარტულ დონეზე გაიყინნენ, გულგრილნი გახდნენ. სტანდარტული აზროვნება ხელს უშლის ადამიანს მორწმუნე გახდეს, მორწმუნეს კი - შეინარჩუნოს რწმენა. მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის ეკლესია ამ პირობებშიც მარადიულად იცოცხლებს! შეინარჩუნეთ თქვენი რწმენა, იბრძოლეთ ინდივიდუალურობის გადასარჩენად, მეტი ილოცეთ და იკითხეთ წმინდა წერილი და ღმერთი დაგიფარავთ, არ დაგაკარგვინებთ საღი განსჯის უნარს, არ გაგწირავთ უსახური, გულგრილი მასის წევრობისათვის.

 

პაველ სემიონოვიჩი

(ნადეჟდა პეტროვნას მონათხრობი)

1972 წ.

უფალი გვიფარავდა, მისი წყალობა წამით არ გვტოვებდა...

1958 წელს, საბოლოოდ, ჩემთან დასახლდა მამა არსენი. თავიდან არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, შემდეგ კი რამდენიმე წერილი დაწერა, ხალხმა იწყო ჩამოსვლა. დღეში რამდენიმე ადამიანი მოდიოდა, შაბათ-კვირას კი – ათამდეც.

მამა არსენს პირველ ხანებში ვახსენებდი, რომ ძალზე სახიფათო იყო ამდენი ხალხის თავშეყრა, მაგრამ ის ღვთის ნებას იყო მინდობილი. მე კი ძალიან მეშინოდა და მომსვლელთა ერთგვარი რიგიც კი დავაწესე, განსაკუთრებით – კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში. ჩვენს ქუჩაზე კარგებთან ერთად ცუდი ხალხიც ცხოვრობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ცუდებმა გადაწონეს. ძველი დრო აღარ იყო, თუმცა სიფრთხილე მაინც გვესაჭიროებოდა, ორივე რეპრესირებული ვიყავით, ბანაკში ნამყოფები, – მამა არსენი მღვდელი, თანაც, ეკლესიაში არ წირავდა, ასე რომ, ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

მამა არსენის ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩემთან უბნის რწმუნებული – პაველ სემიონოვიჩი მოვიდა, რომელსაც ზურგს უკან „პაშკა-სვავს“ ვეძახდით. ოცდათხუთმეტი წლისას ჰგავდა, საშუალო ტანის, ქერა და ცისფერთვალა იყო, – ღია, ღიმილიანი სახე ჰქონდა. ამ ღიმილის გამო უფრო ვუფრთხოდით. ჯარიმის ქვითარს თავაზიანი გაფრთხილებით და ღიმილით წერდა ხოლმე.

შემოვიდა სახლში, მომესალმა, მომიკითხა, მერე კი მდგმურის შესახებ გამოკითხვა დამიწყო: ვინ არის და საიდანო? გამეცინა და ვუთხარი: პაველ სემიონოვიჩ, მდგმური ჩაწერილია, მილიციამ მის შესახებ ყველაფერი იცის. პირდაპირ მითხარით, რა გაინტერესებთ?

– არაფერი, კაცმა რომ თქვას, არაფერი. მეზობლები ამბობენ, რომ ბევრი ხალხი დადის თქვენთან. მდგმური ხომ მღვდელია, იქნებ სახლშიც წირავს, ეს კი კანონით აკრძალულია, ამისთვის ეკლესიები არსებობს.

ამ ლაპარაკის დროს მამა არსენი გამოვიდა თავისი ოთახიდან, მიესალმა და დაჯდა.

– ჩემზე ეკითხებით?

პაველ სემიონოვიჩი ცოტა შეცბა და უთხრა: დიახ, თქვენზე, მოქალაქე სტრელცოვ, სახლში ხომ არ წირავს მეთქი? – ბანაკებიდან დაბრუნდით, ხომ ასეა?

ჩემდა გასაკვირად მამა არსენმა საუბარი დაუწყო. პაველ სემიონოვიჩმა რაღაცაზე თანაგრძნობა გამოთქვა, სექტანტები ახსენა, ქალაქში გამოჩნდნენო, თავი მოიწონა იეღოველების სექტის შესახებ ცოდნით, ამერიკელებს აყოლიანო, მერე ღმერთზე თქვა რაღაც. დაახლოებით ერთი საათი დარჩა ჩვენთან. ჩაი დალია, მისაყოლებელიც მიირთვა, ფული მივეცი – ძველი ფულით, ასი მანეთი. აიღო, უარი არც უფიქრია. ამიტომ ეძახდნენ „პაშკა-სვავს“. ფულს ხელს არ ჰკიდებდა, შინელის ან კიტელის გვერდითა ჯიბეში უნდა ჩაგედოთ. თვითონ ამ დროს სხვაგან იყურებოდა, ასე ვთქვათ, არ იმჩნევდა.

წასვლისას გვითხრა: თქვენ, ისა, ჩამოსულების ამბავში გაფრთხილდითო, – და წავიდა. ამის მერე ყოველთვე შემოივლიდა, ხან სახლის ნომერს შეამოწმებდა. ხან ღობეს, წესრიგში თუაო, ძაღლი თუ გყავთო, დავთარს ფურცლავდა და სულ მამა არსენთან საუბარს ცდილობდა.

ასეც ხდებოდა, მამა არსენი ხან ზარზე გამოიხედავდა, ხან კი ჩვენს საუბარს რომ გაიგონებდა, გამოვიდოდა და შემოგვიერთდებოდა.

უცნაური საუბრები ჰქონდათ. მამა არსენი, რატომღაც, თავისი ცხოვრების შესახებ უამბობდა, მოსკოვის, ჩვენი ქალაქის, მისი ისტორიის შესახებ, ზოგჯერ კი პაველ სემიონოვიჩი ყვებოდა თავის თავზე. ოჯახზე ან გაგონილის შესახებ მსჯელობას იწყებდა.

არ მიყვარდა მისი ეს სტუმრობები, საუბრები – მით უმეტეს. ერთხელაც მამა არსენს ვკითხე. რატომ ესაუბრებით? დადის აქ, თვალებს აცეცებს, ყოველ ჯერზე ფულს იღებს, ნამდვილი სვავია-მეთქი!

მამა არსენმა ჩაფიქრებულმა შემომხედა და მითხრა: ნედეჟდა პეტროვნა, აბა, დააკვირდით, ნუთუ ვერ ხედავთ მასზე ღვთის ბეჭედს?!

გულში ვიფიქრე: სად – ეს მექრთამე და სად – ღვთის ბეჭედი-მეთქი.

ასე ორი წელი დადიოდა ჩვენთან და, რაღაც სასწაულით, სულ მამა არსენს ხვდებოდა. მოვა, დაჯდება, ჩაის დალევს, რაღაცას მიაყოლებს, ისაუბრებს და წავა. პირველ ხანებში, როგორც ყოველთვის, ჯიბეში ვუდებდით ფულს, მერე აღარ გვართმევდა. არ მიყვარდა მისი სტუმრობა, მეშინოდა, – რაღაცას მოგვიგონებს-მეთქი. მამა არსენი კი გამოცოცხლდებოდა ხოლმე. მგონი, უხაროდა კიდეც მასთან საუბარი.

სამი წლის მერე, უკვე არამარტო ფულს აღარ იღებდა, თვითონ მოდიოდა ხელდამშვენებული – ხან ძვირფას თევზს მოართმევდა მამა არსენს, ხან ხიხილალას რაიმაღაზიიდან. მარტო უფროსობისთვის რომ ჰქონდათ გადანახული, და არასდროს საფასაურს არ გვართმევდა – ეს ჩემი საჩუქარიაო. ორი წლის მერე მამა არსენი უკვე თავის ოთახში ეპატიჟებოდა, ჩვენ, ყველანი, ვეუბნებოდით, რომ ეს ზედმეტი იყო, მაგრამ ის მხოლოდ იღიმებოდა. პაველ სემიონოვიჩმა რამდენჯერმე გამაფრთხილა მეზობლების თაობაზე და იმის შესახებ, რომ შაბათს ან კვირას, უმჯობესი იქნებოდა არავინ მოსულიყო, ან – მხოლოდ ერთი-ორი კაცი, მეც სადგურზე მივდიოდი და ჩამოსულებს ვაფრთხილებდი, არ მოსულიყვნენ. ალბათ ამ დღეებში სახლს უთვალთვალებდნენ. მართლაც, ბაღში ორ-სამჯერ შევნიშნე, ვითომ მთვრალები, „შემთხვევით“ რომ გადმომძვრალიყვნენ საკმაოდ მაღალ ღობეზე.

პაველ სემიონოვიჩი თვეში ორჯერ მოდიოდა. მანამდე კი აუცილებლად მეზობლებთან შეივლიდა ხოლმე. ჩვენს ქუჩაზე ამბობდნენ: სვავი კია პაშკა, მაგრამ უბანში წესრიგი აქვსო.

რაზე საუბრობდნენ ის და მამა არსენი ბოლო წლებში, არ ვიცი, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან შეეთვისა პაშა მამა არსენს.

სამოცდასამი წლის ნოემბერში პაშკა აღელვებული მოვიდა, – დედა უკვდებოდა. დაჯდა და ატირდა. მამა არსენი ამშვიდებდა.

– დედა მორწმუნე იყო. მთელი ცხოვრება ლოცულობდა. მაგრამ ეკლესიაში ვერ დადიოდა, მე ხომ პარტიული ვარ, ისეთი თანამდებობა მაქვს, ყველა მხედავს, – მილიციელი. დედა ძალიან განიცდიდა, რომ უბნის რწმუნებულადვ მუშაობდი. ჩემი მეტსახელიც იცოდა – „პაშკა სვავი“. რა ვქნა, ასე აეწყო ცხოვრება. ძალიან გთხოვთ, მამა არსენ, გვეწვიეთ ნადეჟდა პეტროვნასთან ერთად, აღსარება ჩაიბარეთ და აზიარეთ დედა, თვითონაც გთხოვათ, მე ბევრი მოვუყევი თქვენს შესახებ. საღამოს ჩუმად შემომიარეთ, სახლი ბაღში დგას, მე ჭიშკართან დაგელოდებით.

რვა საათისთვის, როგორც შევთანხმდით, მე და მამა არსენი გავედით. მე რაღაცის შეშინია, მამა არსენს კი რაღაც უხარია. გამოვედით, გარეთ ბნელა, წვიმს. მივედით ჭიშკართან, პაველი დაგვხვდა, სახლში შეგვიყვანა; – მარია კარპოვნა ძლივს სუნთქავს, მარტო თვალები უელავს. მთლად დამდნარია.

გავედით მეორე ოთახში. ვდგავართ, ვსაუბრობთ. პაველის ცოლი ქვითინებს და იმეორებს: ასეთ ადამიანს, როგორიც პაშას დედაა, მეორეს ვერ ნახავთ, ჩემზე ზრუნავდა, შვილიშვილებს ზრდიდა, ეკლესიაში უნდოდა, მაგრამ ჩვენს გამო ვერ დადიოდა. ღვთისმშობლის ხატი სხვენში ჰქონდა და იქ ლოცულობდა ყოველდღე.

ორი საათის მერე, მამა არსენი გამოვიდა და დაგვიძახა. მარია კარპოვნა აღსარების მერე გამოცოცხლებულიყო, ბალიშზე წამომწიეთო, და მამა არსენს სთხოვა: მამაო, პაშას და ზინას ნუ მიმიტოვებთ, – ქრისტეს სახელით გთხოვთ. – კარგები არიან. მერე რა, რომ მილიციაში მუშაობს. კეთილი გული აქვს, ბევრს დახმარებია, როგორც შეეძლო.

მერე მე მომმართა: ჩემო კარგო, ნადეჟდა პეტროვნა, დარჩი და სულთმობრძავის ლოცვები წამიკითხე, დღეს წამიყვანს უფალი, – უარს ნუ მეტყვი! არასოდეს ეს ლოცვა არ წამიკითხავს, დაბნეული ვუყურებ მამა არსენს, არ ვიცი, რა ვუპასუხო. მამა არსენმა მითხრა: დარჩით, მე ფსალმუნი წამოვიდეო. – სლავურად კითხვა ვიცოდი. ფსალმუნი ბევრჯერ წამიკითხავს, მამა არსენმა წირვის თანმიმდევრობაც მასწავლა, რწმენაში ახალფეხადგმული რომ ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ.

რა თქმა უნდა, დავრჩი, თუმცა, მეშინოდა. პაველის ცოლმა მამა არსენი გააცილა. მე და პაველი დავრჩით ოთახში. ავანთეთ სანთელი და კითხვა დავიწყე, მღელვარებისაგან ხმა მიწყდებოდა, ვბორძიკობდი, მერე კი თავი ავიყვანე...

მარია კარპოვნა თვალგახელილი იწვა და იშვიათად, დიდი გაჭირვებით, პირჯვარს იწერდა. პაველი ჩემს გვერდით იდგა. ზინამ ბავშვები დააძინა და შემოვიდა. გვიანი ღამე იყო, უკვე დაღლას ვგრძნობდი, დროდადრო წყალს ვსვამდი და ისევ განვაგრძობდი კითხვას. შევნიშნე, რომ მარია კარპოვნას რაღაცის თქმა სურდა, მივედი.

– ცოტა ხნით მოიცადე, ჩემო კარგო, პაველს და ზინას დავემშვიდობები, მერე შენც მოდიო.

რაღაც გარდაუვალი, ღრმა მწუხარება იყო ამ გამოთხოვებაში. მარია კარპოვნა უაღრესად სერიოზულად, ალერსიანად გამოეთხოვა ოჯახს. შიშის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა სახეზე.

პაველი და ზინა ხელზე ემთხვივნენ და ჩუმად ატირდნენ, მათ თვალებში ღრმა სიყვარული და იმის შეგნება აღბეჭდილიყო, რომ სიკვდილი საშინელება კი არა, გარდაუვალი განშორებაა, რომელიც ღირსეულად უნდა მიიღო და გწამდეს, რომ გარდაცვლილთან კავშირი არ წყდება. – შორ გზაზე აცილებდნენ მარია კარპოვნას.

მეც მივედი, მან კი ჩურჩულით მითხრა: ნუ დატოვებ მათ. ჩემო კარგო, მომიხსენე. მშვიდობით!

კითხვა განვაგრძე... ექვს საათზე შეუმჩნევლად გარდაიცვალა. დილით სახლში წავედი. ღამით კი მამა არსენმა აუგო წესი. მარია კარპოვნას გარდაცვალების მერე, გვიან საღამოს, ზინა მოდიოდა ხოლმე მამა არსენთან და ლოცულობდა სხვებთან ერთად. პაველ სემიონოვიჩი დღისით მოდიოდა, ვითომ – შემოვლაზე, ან – გვიან ღამით, რაზეც წინასწარ გვაფრთხილებდა ხოლმე.

სამოცდაოთხ წელს პაველმა დაუსწრებელ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, სამოცდაცხრაში დაამთავრა და ჩვენი ქალაქიდან სხვა ოლქში გადავიდა. სადაც დღემდე სახალხო მოსამართლედ მუშაობს.

მამა არსენს, გარდაცვალებამდე, ანუ 1975 წლის შემოდგომამდე, ნახულობდა ხოლმე პაველი, გარდაცვალების მერე კი, მამა ვ-ს სულიერი შვილი გახდა, სხვა ქალაქში, სადაც თვითონ მამა არსენმა ურჩია.

მამა არსენი მეუბნებოდა ხოლმე, რომ პაველს ძალინ სუფთა გული აქვს და მილიციელად მუშაობის დროსაც კი ბევრს გაუკეთა სიკეთეო.

ერთი საღამო დამამახსოვრდა ყველაზე უფრო, – მამა არსენთან საუბარი ადამიანის რწმენის ძალაზე: ის დღე ერთი იმ იშვიათ დღეთაგანი იყო, როცა არავინ ჩამოსულა მასთან. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, მამა არსენი თავისი ოთახიდან გამოვიდა საღამოს ჩაის დასალევად. ხალისიანი განწყობა ჰქონდა. თავიდან ბევრი ისაუბრა ერთ ოფიცერზე, რომელიც ბანაკში გაიცნო, ამბობდა, რომ არაჩვეულებრივად კეთილშობილი ბუნების ადამიანს დაცვაც კი პატივს სცემდაო; – ძალიან ხატოვანი ამბავი იყო და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, – ოდესმე ალბათ ჩავიწერ.

შემდეგ საუბარი რწმენის ძალას შეეხო, მამა არსენმა თქვა: ყველა ადამიანს განსხვავებული ძალით სწამს, ამას ღმერთი ადამიანის შინაგანი ძალების, აგებულების და ღვაწლის დატევნის შესაძლებლობის მიხედვით ანაწილებსო.

მონაზონსა და მღვდელმსახურს, რომელმაც მოძღვრობისა და ღვაწლის დიდი გზა განვლო და წმინდა წერილი შეისწავლა, ბევრი მიემადლა და ბევრიც მოეთხოვებაო.

პაველ სემიონოვიჩსა და ზინას კი რა მიეცათ? – თითქმის არაფერი, მაგრამ ღვთის ბეჭედი იყო მათზე და ეს დედის წყალობით მოხდა, რომელიც სულ ლოცულობდა შვილისა და რძლისთვისო.

ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულად გარკვეულნი რწმენაში, ღვთის შესახებ ბევრი არაფერი გაეგებოდათ. მაგრამ მრავალი კეთილი საქმე უქმნიათ, როგორც სხვებისგან შევიტყვეთ მოგვიანებით!

ხოლო როცა რწმენით განათლდნენ, გამობრწყინდა მათი სული, ისევე, როგორც პირველი ჟამის მოსულთა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი სუფთა გულის ადამიანები არაერთხელ შემხვედრია, – დაასრულა მამა არსენმა ამ თემაზე საუბარი.

დაწერილია ნადეჟდა პეტროვნას მიერ,
ტატიანა ნილოვნა კამენევას არქივის მასალების მიხედვით.

თარგმნა: ეკატერინე სალაყაიამ

ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო და მარადის ქალწულო მარიამ
შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.


[*] - პიგმეი - ჯუჯა კაცი.

[**] - სოფლები ციმბირში.

[***] - მოწინააღმდეგე, საწინააღმდეგო.