რომელიც გამოვიდა მამის წიაღიდან და მამის წიაღი არ დაუცარიელებია, რომელიც ტახტზე მამასთან ერთად ზის და ყოველივეს განგებს, ქალწუილს საშოში უთესლოდ დაემკვიდრა და მისგან ხორციელად იშვა, რომელიც ცათა შინა მამასა და სულიწმიდასთან ერთად ანგელოზთა მიერ თაყვანიცემებოდა და იდიდებოდა, ქვეყანაზე გამოჩნდა და კაცთა შორის იარებოდა... მან მდინარე იორდანეზე ნათლისღება ინება და როგორც კაცი, ორმოცი დღე ეშმაკისაგან გამოიცდებოდა. ამ ხნის მანძილზე არც პური უჭამია და არც წყალის უსვამს. მას არად ესაჭიროებოდა მარხვა, მაგრამ რადგან ეშმაკმა სამოთხეში ხორციელი ადამი აცდუნა, ამიტომ შეიმოსა ხორცნი მაცხოვარმა და იმარხულა, რათა ადამის ხორცით სამაგიერო მიეზღო ეშმაკისათვის და მისი ყოველი ძალი დაეთრგუნა. ამისთვის ჩვენც გვასწავლა მარხვა, რათა ლოცვით და მარხვით მოვერიოთ მტრის მიერ მოვლენილ საფრთხეს.
აწ, საყვარელნო, უფლისაკენ გავემართოთ ვიწრო ბჭით, საიდანაც მცირედნი შევლენ და მივბაძოთ მათ. ნურავინ აღმოჩნდება ჩვენს შორის ფართო გზით მავალი, არამედ ვილოცოთ სიწმიდით და ვიმარხულოთ უბიწოებით, რადგან მხოლოდ ეს მოგვანიჭებს სულის ცხონებას.
ვიცი და მწამს, რომ ყოველი ისმენთ უფლის პირით ნათქვამ სიტყვებს: „ეკრძალენით ქველის საქმესა თქუენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა“ („ეკრძალეთ სიმართლის ქველ საქმეს კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახონ“) (მათე VI, 1); თუკი უფლისმიერი მადლი არ გექნებათ, მოერიდეთ ქველ საქმეს, რათა თქვენი გული კაცთა ქებისაკენ არ გადაიხაროს. ხოლო თუ შეიმოსებით, მაშინ გაიგონებთ უფლის სიტყვებს: „რავდენი იგი ჰყავთ ერთსა მცირეთაგანსა ზედა, იგი მე მიყავთ“. ხოლო შენ, როცა გააკეთებ „ქველისსაქმეს“, ნუ განაცხადებ მას კაცთა წინაშე, როგორც ამას ორგულნი და ფარისეველნი აკეთებენ. მართალს გეტყვი, მათგან მიიღებ საზღაურს და რატომ უნდა გაფლანგო ცუდად შენი საქმენი, თუკი სასყიდელი ზეცით არ იქნება? რად თესავ იმას, რაც არ აღმოცენდება? რად რგავ იმას, რასაც ნაყოფი არა აქვს? ხოლო როცა აკეთებ სიკეთეს „ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა“ (მათ. VI, 2).
ერთი გულით ჰქმენით სიკეთე და არა ორგულებით, რადგან უფალი ეძიებს მათ, ვისაც წმიდა გული აქვთ. როცა თაყვანს სცემთ უფალს და ლოცულობთ, ნუ გააკეთებთ ამას ისე, როგორც ორგულნი, „რათა ადამიანთ თავი მოაჩვენონ. „ამენ გეტყვი თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (მათ. VI, 5); „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაი შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მათ. VI, 7); რას ნიშნავს ეს სიტყვები: „შევედ საუნჯესა შენსა და დაჰხაშ კარი შენი“? ეს ნიშნავს, შედი შენს გულში, დაიხშე პირი, დაადუმე ბაგენი და შენს გულში ფარულად ილოცე და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს ცხადად.
ლოცვის დროს „ნუ მრავლისმეტყველებ“, ნუ გგონია, რომ შენი სიტყვამრავლობის გამო შეგისმენს უფალი. კაცო, რად ირჯები, თუ საზღაურს ვერ მიიღებ, ან რად ეძებ იმას, რაც არ მოგეცემა? ნუ ემსგავსებით ამდაგვარებს.
თავად უფალი ასე გვასწავლის: „ხოლო თქუენ, რაჟამს ილოცვიდეთ, ესრეთ თქვით: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“... იხილეთ ღვთის კაცთმოყვარება, რამეთუ მამად ვუხმობთ მას. „წმიდა იყავნ სახელი შენი!“ სახელი მისი ყოვლად წმიდაა, ხოლო თუ ჩვენ გულებს განმიწმედთ, მისი დიდებული სუფევა მოვა და ჩვენს შორის დაემკვიდრება. „იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ჭეშმარიტად, თუ მისი ნება იქნება ცაში და ქვეყანაზე, სრულიად აღარ შევცოდავთ მას. „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი“ - ეს დაუცხრომელად უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან, რადგან ჯერ კიდევ შესაძლებელია მოგვეტევოს ჩვენი ცოდვები. მარად ვილოცოთ და ვევედროთ მას: „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან“.
ვინ არ გამოიცდება საყვარლნო, როცა თავად უფალი გამოიცადა უდაბნოში ეშმაკის მიერ. პეტრე, თავი მოწაფეთა გამოიცდებოდა ზღვაზე და როცა ჩაძირვა დაიწყო და გამჟღავნდა მისი ურწმუნოება, მაშინ შეაშველა ხელი უფალმა და არ მისცა ნება დანთქმულიყო. მისდაგვარად, ჩვენც უნდა გვქონდეს შეურყეველი სარწმუნოება, რათა უფალმა განსაცდელში არ შეგვიყვანოს და ბოროტისაგან გვიხსნას, რადგან მისია „სუფევა და ძალი და დიდებაჲ, უკუნისამდე“.
„უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან“ (მათ. VI, 14); საყვარელნო, ამაზე ადვილი და საამო სალბუნი ჩვენი წყლულებისათვის რა უნდა იყოს? თუ მივუტევებთ სხვას შეცოდებებს, ჩვენც მოგვეტევება. რამ უნდა შეგვაჩეროს, საყვარელნო, რომ ძმათ არ შევუნდოთ? მაგრამ თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ისმინეთ უფლის პირისაგან თქმული: „არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“. ჰოი, საყვარლნო, ამაზე საშინელი და შემაძრწუნებელი მოსასმენი რა უნდა იყოს უფლის პირისაგან? ამიტომ, ვისწრაფოთ, მივუტეოთ შეცოდებები ძმათ, რათა ჩვენც მოგვეტეოს.
„სანთელი გუამისაი არს თუალი“ (მათ. VI, 22); ნუ იქნება შენი თვალი ბოროტი, მოარიდე იგი ამაოებას, რათა შენი სხეული ნათლით იყოს მოსილი, „უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“ (მათ. VI, 23).
„ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“ (მათე VI, 24); ჭეშმარიტად ასეა, რადგან კაცმა „ნუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ხელეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მათე VI, 24).
ასევე გვასწავლის: „ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ნურვ თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთ“, რადგან „სული უფრო მეტია, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი“ (მათ. VI, 25). რატომ არ შეხედავთ ცის ფრინველთ? ისინი „არც თესვენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი, ზეციერი არჩენს მათ“ (მათ. VI, 26). განა მათზე უმჯობესნი არა ვართ, ძმანო, ჩვენთვის ხომ მან საკუთარი სისხლი დაღვარა ჯვარზე. როცა ასეთი მზრდელი გვყავს „ცათა შინა“, რა საჭიროა ამაო ზრუნვა?
„ან სამოსლისათვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი. არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი, ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ (მათ. VI, 28, 29, 30).
რად ამბობთ საყვარელნო: „რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებენ წარმართნი“ (მათ. VI, 31, 32). ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ იმას, არ უნდა ვზრუნავდეთ იმისათვის და არ უნდა ვითხოვდეთ იმას, რასაც წარმართები, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ „იცის მამამან თქუენმან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი“ (მათ. VI, 32).
განა რა უნდა შევიძინოთ იმაზე მეტი, ვიდრე არის სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე? გულისხმაყავით, საყვარელნო, რადგან მოახლოებულია დღე საშინელი და შესაძრწუნებელი - ვნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. განვიწმიდოთ ჩვენი თავნი ლოცვით, მარხვით, ვედრებით, რათა ყოველნი მივეახლოთ უფლის დღეს და ყოველნი ერთობით ვადიდებდეთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძველი ქართული ტექსტის მიხედვით
მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
„წმიდა მამათა ქადაგებანი“, თბილისი, 2002 წ.