ხანდახან შეიძლება ცოდვის ისეთი აღძვრა იგრძნო, რომ გეგონოს, მხურვალე მოშურნეობაც ამოგეწურა და ახლა კი ვეღარ გაუძლებ. ამ დროს, ჩემო ძმაო, იარაღს ნუ დაყრი, გონს მოეგე და განმტკიცდი, ეს მტრის ხრიკებია. იგი ცდილობს, უიმედობის გულისთქმით შეგეწინააღმდეგოს და იარაღის დაყრა და დანებება გაიძულოს. ნათლად გაიაზრე მტრის მზაკვრობა და უკან არ დაიხიო. იცოდე, თუ შენი ნებელობა ვნებიანი ჟინისკენ არ მიდრეკილა, ჯერ კიდევ მტერზე გამარჯვებულ, მის მომგერიებელ მებრძოლთა რიცხვს მიეკუთვნები, თუნდაც შენი თანაგრძნობა უკვე ვნებას ემხრობოდეს, შენი ნებელობის იძულება არავის და არაფერს ძალუძს. რაც უნდა თავგანწირვით გეკვეთოს ცხონების მტერი, ვერ შეძლებს, შენი ნების საწინააღმდეგოდ ხელიდან წარგტაცოს გამარჯვება და ძირს დაგანარცხოს. უფალმა ჩვენს თავისულალ ნებელობას იმხელა ძალა მიანიჭა, რომ არავის შეუძლია მისი დაჯაბვნა, თუნდაც ადამიანის ყველა თვისებრივი გრძნობა, მთელი სამყარო და დემონები შეიარღდნენ მის წინააღმდეგ და შეებრძოლონ. ნება ყოველთვის ფლობს თავისუფლებას - ისურვოს მათ მიერ შემოთავაზებული ან მოთხოვნილი, თუ ინდომებს და, არ ისურვოს, თუ არ ინდომებს. სამაგიეროდ, ის ყველაფრის გამო პასუხს აგებს და განისჯება. კარგად გახსოვდეს, რაც უნდა დასუსუტებულად გრძნობდე თავს, ვნებიანი მიდრეკილებისკენ გადახრა შენი ბრალი იქნება. ამას სინდისიც გაგრძნობინებს. რაც უფრო ძლიერია თავდასხმა, მით უფრო მტკიცე წინააღმდეგობისთვის მოემზადე და არასოდეს გადაუხდვიო ამგვარი გადაწყვეტილებიდან. ნებისმიერ ვითარებაში საკუთარ თავს შეახსენე სიტყვები: მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით (1კორ. 16,13).
როდესაც ცდუნების აღძვრისას საკუთარი ნება შურყეველი იქნება და უმაღლესი ნების მოთხოვნებს დაემორჩილება, ბრძოლაში თანდათან სხვა სულიერი იარაღიც ჩართე: მათგან უმთავრესია ლოცვა, მისით გაიმხნევე თავი და შეაგონე: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშონოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? გან-თუ-ეწყოს ჩემზედა ბანაკი,არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ (ფს. 26,1-3); რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩვენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე (ფს.43, 7-9); ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. ის იქნება საწმიდარად. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი (ის. 8, 13-14, 9-10).
ამგვარად გამხნევებულმა ისე იმოქმედე, როგორადაც ხანდახან ხილულ ბრძოლაში მტერთაგან შევიწროებული მებრძოლი ირჯება: ოდნავ უკან იხევს, რათა უკეთესი ადგილმდებარეობა შეირჩიოს და მტერს გულში დაუმიზნოს. შენ კი შენს შიგნით მოუყარე თავი გულისსიტყვებს, შეიცან და შეიგრძენი საკუთარი არარაობა და უძლურება, რომ თავად არაფრის გაკეთება ძალგიძს, და ყოვლისშემძლე ღმერთს მოუხმე საშველად. ტკბილი სასოებითა და ცრემლებით შესთხოვე ვნებების წინააღმდეგ შემწეობა: აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩვენ და მიხსენ ჩვენ სახელისა შენისათვის (ფს. 43, 27). ჰბრძოდე, იესო ჩემო, მბრძოლთა მათ ჩემთა: აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა, ჰრცხუენოდედ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა (ფს. 34. 1,2,4); ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დაუშვებ ჩემს უკუქცევას და დამარცხებას მტრებთან ბრძოლაში; მფარველო ანგელოზო, შენი ფრთებით დამიფარე მტრის ისართაგან, შენი მახვილით მოსრე და განაშორე ისინი ჩემგან.
მოთმინებით ითხოვე და მსწრაფლშემწეობას მიიღებ. საკუთარ თავს დაუკვირდი: მტერმა უწყის ამგვარი მოწოდების სიძლიერე და ცდილობს, დაასწროს მას ან ღვთისადმი უგუნური დრტვინვით შეასუსტოს. რისთვის დაუშვა ღმერთმა მტრის თავდასხმა და საფრთხე? - ამ განწყობით ცდილობს, ჩაახშოს ჩვენი ღაღადი ღვთისადმი და უფლის შემწეობის უღირსი გაგვხადოს. როგორც კი ღვთის საწინააღმდეგო აზრებს შენიშნავ, შეეცადე, გულწრფელად და ჭეშმარიტად ირწმუნო, რომ ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება (იაკ.1. 13,14). ჩაწვდი იმ გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც წინ უსწრებდნენ შენს ქმედებებს და აღმოაჩენ, რომ სწორედ მათგან წარმოიშვა ის შინაგანი ქარიშხალი, ასეთ სახიფათო მდგომარეობამდე რომ მიგიყვანა. მტერმა ცილი დასწამა შემოქმედს, შენი დაუდევრობა კი მიჩქმალა. რწმენით უნდა განამართლო ღმერთი შენში და განსჯით მოიცილო მტრის ცრუ საფარველი; საკუთარი თავის მიმართ შეღავათებსა და უგულისყურობაში უნდა ამხილო თავი და სინანულით აღიარო ეს შინაგანი ცოდვა უფლის წინაშე; კვლავ მოუწოდო მას, რაც, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოგანიჭებს ღვთის შემწეობას.
მას შემდეგ, რაც შინაგანი ქარიშხალი ჩაცხრება, ორთაბრძოლა გაგრძელდება უხილავი ბრძოლის იმ ზოგადი კანონებით, რომელთა შესახებაც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ.
თუ გსურს, მტერს რაც შეიძლება სწრაფად და იოლად გაუმკლავდე, აუცილებელია, დაუღალავად და მამაცურად ებრძოლო ყველა ვნებას, განსაკუთრებით კი თავისმოყვარებას, ანუ თავმოთნეობას, საკუთარი თავის უგუნურ სიყვარულსა და სიბრალულს. ეს ვნება ყველა დანარჩენის საფუძველი და წყაროა და სხვანაირად ვერ მოარჯულებ, თუ არა ნებელობის მუდმივი დათრგუნვითა და ამსოფლიურ გასაჭირთან, ცილისწამებასა და შევიწროებასთან სიყვარულით შეხვედრით. საკუთარი თავისადმი ამგვარი უმოწყალო დამოკიდებულების გაუთვალისწინებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი სულიერი ბრძოლის უშედეგობის, სიძნელეების, არასრულყოფილებისა და სიმყიფის მიზეზი.
ჩვენი სულიერი ბრძოლა მუდმივი და შეუსვენებელია. ის უნდა წარიმართოს სულიერი სიმხნევითა და სიმამაცით, რასაც ადვილად მოიპოვებ, თუ უფლისგან გამოითხოვ. უყოყმანოდ ჩაები ამ ბრძოლაში. თუ შენი მტრების - დემონების დაუნდობლობის, უსაზღვრო ბოროტებისა და მრავალრიცხოვნების შესახებ მშფოთვარე გულისთქმა შეგაწუხებს, ღვთის უსაზღვრო ძლიერება და შენდამი მისი სიყვარული, ანგელოსთა შეუდარებელი სიმრავლე და წმიდანთა მეოხება გაიხსენე. ისინი ჩვენთან ერთად ფარულად ებრძვიან ჩვენს მტრებს, როგორც დაწერილია ყამალეკის შესახებ: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე (გამ. 17,16). რამდენი სუსტი ქალი თუ უასაკო ბავშვი წააქეზა ამ ბრძოლაში ასეთმა მძლავრმა და მუდმივად მზადმყოფმა შემწეობამ. მათაც გაიმარჯვეს, სძლიეს ამა სოფლისა სიბრძნეს, მტრის ყველა მანქანებას და ჯოჯოხეთის ბოროტებას.
ამიტომ არასოდეს შეშინდე, როდესაც გაგიჩნდება გულისსიტყვა, რომ შენს წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ძალიან ძნელია, დასასრული არ უჩანს და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება; რომ ვერსად გაექცევი მრავალჯერად და მრავლგვარ დაცემას. იცოდე, ჩვენი მტერი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელშია, ვის სადიდებლადაც იბრძვი. უფალს თავად შეჰყავხარ ბრძოლაში, ამიტომ არასოდეს დაუშვებს შენს ძლევას მტერთაგან, თუ თავადვე არ გადახვალ ამ უკანასკნელთა მხარეს. უფალი იბრძოლებს შენთვის და, როდესაც მოისურევბს, შენს ფერხთით დასცემს მოწინააღმდეგეს, როგორც დაწერილია: რადაგნ უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები (2რჯ. 23,14).
თუ უფალი დააყოვნებს, რომ მტერზე სრული გამარჯვება მოგანიჭოს და ამას შენი სიცოცხლის უკანასკელი დღისთვის გადასდებს, იცოდე, შენს საკეთილდღეოდ იქმს. ოღონდ უკან არ დაიხიო და ბრძოლა არ შეწყვიტო. ხანდახან იარებსაც მიიღებ, მაგრამ იარაღს ნუ დაყრი და ნუ უკუიქცევი. მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ მთელი შემართებითა და ვაჟკაცობით იბრძოლო, რადგან ეს გარდუვალია. არ არსებობს ადამიანი, რომ ბრძოლა აეცილებინოს სიცოცხლესა თუ სიკვდილში. და ვინც უხილავ მტრებსა და ვნებებზე გამარჯვებისთვის არ იბრძვის, მას აუცილებლად ტყვეობა მოელის ან აქ, ან იქ - სიკვდილის საუფლოში.
სასარგებლოა, იცოდე, თუ რატომაა სათნო ღვთისთვის ჩვენი საბრძოლო მდგომარეობაში დატოვება. როდესაც ძველად უფალი აღთქმული მიწისკენ მოუძღოდა ისრაელს, უბრძანა, მთლიანად არ გაენადგურებინათ იქ მცხოვრები ხალხები და ებრაელთათვის საძულველი ხუთი უცხო ტომი დაეტოევბინათ. ამით, პირველ რიგში, სურდა გამოეცადა, მტკიცედ სწამდა თუ არა მის რჩეულ ერს ღვთისა, ასრულებდა თუ არა მის აღთქმას. გარდა ამისა, უფალს სურდა, ბრძოლის ხელოვნება ესწავლებინა მისთვის (მსაჯ.2,21; 3.1-2). სწორედ ამიტომ ღმერთი მყისვე არ ანადგურებს ჩვენს ყველა ვნებას და ტოვებს მათ, რათა სიკვდილამდე გვებრძოდნენ. ეს იმ მიზნით ხდება, რათა ღვთისადმი ჩვენი სიყვარული, მისი ნებისადმი მორჩილება გამოიცადოს, რათა სულიერი ბრძოლა გვასწავლოს. ამაზე დაწვრილებით საუბრობს ნეტარი თეოდორე. იგი ამბობს, რომ უფლის დაშვებით, ამ ბრძოლის მიზანია: ა) არ მივეცეთ უზრუნველობას და მცონარებას, მუდამ ფხიზელნი, მოცადნი და ყურადღებიანნი ვიყოთ; ბ) არ დავივიწყოთ, რომ მუდმივად გველის თავდასხმა, მოულოდნელად არ აღმოვჩნდეთ მტრის ალყაში და არ გვძლიონ ვნებებმა: გ) შემწეობას ყოველთვის ღმერთში ვეძიებდეთ და მას ვსასოებდეთ; დ) სიამაყე არ დაგვეუფლოს, არამედ მდაბლად განვსაჯოთ საკუთარი თავი; ე) მთელი გულით გვძულდეს ვნებები და მტერი, რომლებიც განუწყვეტლივ გვესხმიან თავს; ვ) გამოიცადოს, ბოლომდე ვინარჩუნებთ თუ არა ღვთის პატივისცემას, სიყვარულსა და რწმენას; ზ) ღვთის ყველა მცნების ზუსტად აღსასრულებლად აღგვძარს და ყველაზე მცირესაც არ გადავუხვიოთ; თ) ნამდვილად შევიცნოთ სათნოების ფასი, რათა არასოდეს დავთანხმდეთ მის მიტოვებაზე და ცოდვით არ დავეცეთ; ი) შეუსვენებელმა ბრძოლამ შედეგად მეტი და მეტი გვირგვინის მოხვეჭის შესაძლებლობა მოგვცეს; კ)ღმერთი ვადიდოთ, ეშმაკი და ცოდვა კი ჩვენი მოთმინებით საბოლოოდ უარვყოთ; ლ) მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლას ჩვეულნი არ შევდრკეთ სიკვდილის წუთებში, როდესაც მტერი ყველაზე უფრო დაუნდობელია.
ამრიგად, ჩვენი მოძულე მტრებით გარშემორტყმულნი სიმშვიდეს და მოსვენებას, ან ბრძოლის შეწყვეტას და გადადებას არ უნდა ველოდოთ. ყოველ წამს საბრძოლველად უნდა ვემზადოთ და დაწყებისთანავე მამაცურად ჩავებათ მასში. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე კარი არ გაგევღო და ჩვენს არსებაში, სულსა და გულში ვნებები არ შემოგვეშვა, მაგრამ რაკი ერთხელ გზა გაიგნეს, უდარდელობას ვეღარ მივეცემით. საჭიროა შევიარაღდეთ მათს წინააღმდეგ და განვაგდოთ ჩვენგან. ისინი მეტად ურცხვნი და ჯიუტნი არიან და მხოლოდ ბრძოლით თუ განვდევნით.
დილით, როგორც კი გაიღვიძებ და ილოცებ: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე! - მაშინვე საკუთარ გულში შეიკეტე. ამ მდგომარეობაში მყოფმა გაიცნობიერე, რომ მარცხნივ გიდგას მტერი და ის ვნება, რომელსაც ებრძვი. ისინი მზად არიან თავდასხმისათვის. შენც მოემზადე და არ დანებდე, გადაწყვიტე - გამარჯვება ან სიკვდილი. ისიც იცოდე, მარჯვნივ უხილავად გიდგას ძლევამოსილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად და ანგელოსთა დასი მთავარანგელოზ მიქაელთან ერთად. ისინი მზად არიან დახმარებისათვის. ყოველივე ამის შემდეგ იმედით უნდა გამხნევდე.
აი, აღდეგბა შენს წინააღმდეგ ბნელეთის მთავარი, სატანა ეშმაკთა გუნდით და აღაგზნებს ვნებას. ამასთანავე, ეცდება, სხვადასხვა ცრუ დაპირებით ბრძოლა გადაგაფიქრებინოს და დაგიმორჩილოს, დაგარწმუნოს, რომ ასე უკეთესია. სწორედ ამ დროს, მარჯვნივ მდგომი შენი მფარველი ანგელოსის გამაფრთხილებელი და გამამხნევებელი ხმა, ყველა მარჯვნივ მდგომის სახელით განუწყვეტლივ ჩაგძახის: ამიერიდან შენს ვნებებთან და სხვა მტერთან მოგიწევს ბრძოლა. არ შედრკე და არ შეშინდე, არ უკუიქცე ბრძოლის ველიდან. თავად უფალი იესო ქრისტე გიდგას გვერდით, წმიდა და უხორცო ანგელოსთა ურიცხვი კრებულით გარშემორტყული და, როგორც აღგითქვა, არ დაუშვებს მტრისგან შენს ძლევას და გაგამარჯვებინებს მათზე: უფალი იბრძოლებს თქვენთვის (გამოს. 14,14). ამიტომ არ დანებდე, მოთმინებით აღიჭურვე, რათა მოწეულ განსაცდელს გაუძლო და გულის სიღრმიდან შეჰღაღადე: ნუ მიმცემ მე სულთა მაჭიევებელთა ჩემთასა (ფს. 26,12). მოუხმე უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოსებსა და წმიდანებს, შეწევნაც არ დაახანებს და გაიმარჯვებ, რადგან დაწერლია: ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ უკეთური (1იოან. 2,13). თუნდაც შეკრული იყო უძლური და ცუდი ჩვევებით, მტერი კი - მძლავრი და მრავალრიცხოვანი, ნუ შედრკები, უფრო მეტ შემწეობას ელოდე მისგან, ვინც შეგქმნა და გამოგისყიდა, ვინც შუდარებლად ძლიერია. იგი გიცავს ამ ბრძოლაში: უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა (ფს.23,8). უფალს ბევრად უფრო მეტად სურს შენი გადარჩენა, ვიდრე მტერს - შენი დაღუპვა. იბრძოლე და ნუ შეგაკრთობს ამ ბრძოლის სიმძიმე. ღვაწლითა და შრომით, საკუთარი თავის მოძულებითა და მანკიერი ჩვევების მოკვეთით გამარჯვებას და უდიდეს საგანძურს მოიპოვებ. მათ ფასად კი ზეციური სასუფეველი შეიძინება და სული სამუდამოდ შეუერთდება უფალს.
ყოველ დილით უფლის სახელის მოხმობით დაიწყე მტერთან ბრძოლა. საკუთარი თავის უნდობლობითა და ღვთის შემწეობის იმედით შეიარაღდი. ლოცვითა და დაუღალავი შრომით აიძულე თავს ამგვარი სულიერი ღვაწლი. უპირატესად შინაგანი ლოცვა მოიმარჯვე: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ეს სახელი აშინებს და ორლესული მახვილივით მოწყლავს და განაგდებს დემონებსა და ვნებებს. ამიტომ ამბობს იოანე კიბისაღმწერელი: უფალ იესოს სახელით გაამათრახე მტრები. ამ ლოცვას საგანგებო თავს მივუძღვნით. ვიმეორებ, ასე დაამარცხებ მტერს, ვნებებსა და მანკიერ ჩვევებს. თავდაპირველად ვნებას შეეწინააღმდეგე, შემდეგ შეიძულე იგი და, ბოლოს, საპირისპირო სათნო საქმეები აღასრულე, როგორც მე-13 თავში აღვწერეთ. ეს ყველაფერი ერთგვარ ლოცვით ატმოსფეროში უნდა ხდებოდეს. ამგვარი ქმედებით სათნოეყოფი უფალს, რომელიც ზეციურ მოზეიმე ეკლესიასთან ერთად უხილავად ადევნებს თვალს შენს შერკინებას.
უმძიმესი და დამქანცველია ეს შერკინება. მაგრამ ნუ დაღონდები და იმედს ნუ გადაიწურავ. იფიქრე იმაზე, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ვალია, ვემსახუროთ და სათნოვეყოთ ღმერთს, ხოლო მეორე მხრივ, თუ სიცოცხლე გვსურს, როგორც უკვე ვთქვით, ორთაბრძოლა გარდაუვალია. როგორც კი შევწყვეტთ შერკინებას, მყის სასიკვდილო მარცხი გველის. ნუ ცდუნდები მტრის შეგონებით: მხოლოდ ერთი საათი დათმე! წარმოიდგინე, რად შეიძლება იქცე ღვთისგან განდგომილი, ამსოფლიურ ვნებებსა და ხორციელ სიამოვნებებს დანებებული?! - ღვთისგან განდგომილად! ეს კი არათუ ერთი საათით, ერთი წამითაც საშინელებაა. ანდა განა მხოლოდ ერთ საათს გასტანს ეს? - ღვთის საწინააღმდეგო ყოფაში საათი საათს, წელი წელს დაემატება. შემდეგ კი, თუ უფალი შეგიწყალებს და გამოგაფხიზლებს, გამოგიხსნის სატანის მახისა და ცოდვილი ძილისგან, მაინც უნდა ჩაება იმ შერკინებაში, რომელსაც ახლა შეღავათების სურვილით გაურბიხარ. ოღონდ ეს ბრძოლა შენთვის შეუდარებლად მძიმე, მტკივნეული და, თანაც, ნაკლებად წარმატებული იქნება.
თუ უფალი საკუთარი ნებელობისა და მტრების ხელში დაგტოვებს, მაშინ? - აღარ გაგიმეორებ, მხოლოდ გეტყვი: გაიხსენე, რადგან ეს ვინ არ უწყის? ბოროტი ვნებების ტყვეობაში მომქანცველი ცხოვრების შემდეგ, ზოგჯერ გრძნობიერების მოჭარბებისას, მაგრამ ყოველთვის ჭეშმარიტი სიხარულის გარეშე, მოულოდნელად დგება სიკვდილის წუთი, სულის საშინელი, მტანჯველი მდგომარეობა. ღვთის სიტყვა მას ვერ გამოხატავს, მხოლოდ გვეუბნება: მაშინ შებღავლეს მთებსა და კლდეებს: დაგვემხეთ თავს (გამოცხ. 6,16). სიკვდილის ჟამის ეს ამოძახილი დაუდუმებლად გაგრძელდება სამყაროს აღსასრულამდე და საშინელი სამსჯავროს დადგომისას მოისმენენ, მაგრამ ამაოდ. იმდენად უგუნური ნუ იქნები, რომ მოსაგრის ღვაწლსა და ბრძოლას გაქცეული, საკუთარი ნებით ჩავარდე ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში. გიჯობს, როგორც გონიერმა და ანგარიშიანმა კაცმა, ახლა გასწიო მცირედი შრომა და სულიერი შერკინების სიძნელენი დაძლიო, რათა ღირსეული გვირგვინი მიიღო და ღმერთს შეუერთდე - აქაც და იქაც - ზეციურ სასუფეველში.