ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი პირველი

თავი 26

როგორ გამოვასწოროთ წარმოსახვა და მეხსიერება

გარეგანი გრძნობების მართვის გარდა იმაზედაც ვისაუბროთ, თუ როგორ ვმართოთ წარმოსახვა და მეხსიერება. თითქმის ყველა ფილოსოფოსის აზრით, მეხსიერება და წარმოსახვა სხვა არაფერია, თუ არა ანაბეჭდი იმ გრძნობადი საგნებისა, რომლებიც დავინახეთ, მოვისმინეთ, შევეხეთ, ვიგემეთ, ვიყნოსეთ. შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა და მეხიერება არსებითად ერთი შინაგანი საერთო გარძნობაა, რომელიც წარმოისახავს და იხსენებს ყველაფერს, რაც კი ხუთი გარეგანი გრძნობის მეშვეობით შეიგრძნო. გარკევული თვალსაზრისით, გარეგანი გრძნობები და გრძნობადი საგნები მოგვაგონებენ ბეჭედს, ხოლო წარმოსახვა მის ანაბეჭდს.

წარმოსახვა და მეხსიერება იმისათვის მოგვეცა, რომ მათით ვისარგებლოთ მაშინ, როდესაც ჩვენი გარეგანი გრძნობები ისვენებენ და თვალწინ არა გვაქვს ის გრძნობადი საგნები, რომლებმაც ჩვენი გრძნობები გაიარეს და მათი მეშვეობით ჩვენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში აღიბეჭდნენ. რადგან საშუალება არა გვაქვს, მუდამ თვალწინ გვქონდეს დანახული, მოსმენილი, ნაგემი, შეხებული თუ ნაყოსი საგნები, ჩვენ მათ საკუთარ ცნობიერებაში წარმოსახვისა და მეხსიერების მეშვეობით გამოვიძახებთ ხოლმე და ისე განვიხილავთ და განვსჯით, თითქოსდა ეს საგნები გარეგნულადაც ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის.

მაგალითად, ოდესღაც მოხვდი სმირნაში, შემდეგ დატოვე და თვალით მეტად აღარ გინახავს. მაგრამ როდესაც მოისურვებ, შინაგანი გრძნობებით - წარმოსახვითა და მეხსიერებით წარმოიდგენ სმირნას, ხელახლა გადახედავ თუ როგორია სიდიდით, ხედით, მდებარეობით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულმა დაგტოვა და სმირნაში გადავიდა, როგორც ზოგიერთ უვიცს ჰგონია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ხედავ სმირნას ხატებას - შენში აღბეჭდილს.

გრძნობადი საგნების ამგვარი წარმოსახვა სიმშვიდეს ურღვევს და თავს აბეზრებს მას, ვინც მოშურნეა და სურს, მუდამ ღმერთში ჰგიებდეს, რადგან წარმოსახვა ღვთისაგან წარიტაცებს ჩვენს გულისყურს და ყურადღება ამაო, ხანდახან კი ბიწიერ საგნებზე გადააქვს. ამით კი ჩვენი შინაგანი კეთილგანწყობა ირღვევა. ეს ხდება არა მხოლოდ ცხადში, არამედ სიზმარშიც, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილებაც ხშირად რამდენიმე დღე გასტანს ხოლმე.

რადგანაც წარმოსახვა არაგონებისმიერი ძალაა, რომელიც მეტწილად მექანიკურად, სახეთა შეხამების კანონით მოქმედებს, სულიერი ცხოვრება კი აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულებაა, ამიტომ თავისთავად ცხადია, ერთი მეორეს ვერ უთანხმდება და, ამჯერად საჭიროა რამდენიმე სახელმძღვანელო შენიშვნა შემოგთავაზო.

ა) იცოდე, ღმერთი ყოველგვარი გრძნობისა და გრძნობადის მიღმა დგას, ყოველგვარი სახეობრიობის, ფერის ზომისა და ადგილის მიღმა. იგი სრულიად უსახო და უხილავია, და თუმცა ყველგანმყოფია, ყველაფერზე უმაღლესია, ამიტომაც ყოველგვარი წარმოსახვის მიღმაა. „ღმერთთან მიმართებაში არანაირ წარმოსახვას ადგილი არა აქვს, რადგან ღმერთი ნებისმიერ აზრზე მაღლა დგას და ყველაფრზე უმაღლესია“ (ეგნ. და კალ. თავი 65, ფილოკალია). აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ წარმოსახვა სულის ის ძალაა, რომელსაც თავისი ბუნების გამო, არ ძალუძს ღმერთთან მყოფობდეს.

ბ) იცოდე, რომ ლუციფერიც, ანგელოზთაგან პირველი, თავდაპირველად ყოველგვარ არაგონიერ წრამოსახვაზე, სახეზე, ფერსა და გრძნობაზე მაღლა იდგა, როგორც მოაზროვნე გონი, უნივთო, უსახო და უსხეულო. შემდეგ კი ოცნება დაიწყო და გონებით ღვთის თანასწორობა განიზრახა. ამიტომ უსახო, უვნებო და უბრალო გონიდან მრავალსახიერ, რთულ წარმოსახვამდე დაეცა, - როგორც ღვთისმეტყველთა უმეტესობა ვარაუდობს. ასე რომ, უსახო, უსხეულო და უვნებო ანგელოზი სატანად იქცა - თითქოსდა განივთიერდა, მრავალსახეობრივი და ვნებებით სავსე გახდა. და როგორიც თავად გახდა, ისეთივედ გადაიქცნენ მისი მსახურნიც. ამის შესახებ წმიდა გრიგოლ სინელი ასე მსჯელობს: „ოდესღაც ისინიც გონიერნი იყვნენ, მაგრამ დაეცნენ და დაკარგეს რა სიმსუბუქე და უნივთობა, ერთგვარი ნივთიერი სისავსე შეიძინეს. თითოეულმა თავისი წოდების, ხარისხისა და ქმედების შესაბამისად შეისხა ხორცი. შედეგად მათაც ადამიანების მსგავსად, ანგელოსებრივი მშვენიერება დაკარგეს, ღვთაებრივი ნეტარება წაერთვათ, როგორც ჩვენ და, ნივთიერი ვნებების შეჩვევით, თითქოდსდა ნივთიერნი გახდნენ“. (ფილოკალია, თ. 123) ამიტომ წმიდა მამებთან სატანა ფერმწერად, მრავალსახოვან გველად, დედამიწის ვნებებით მასაზრდოებლად, ფანტაზიორად და სხვა მსგავსი სახელწოდებებით მოიხსენება. საღვთო წერილი კი მას ხორცშესხმულ ურჩხულად გამოხატავს - კუდით, ნეკნებით, კისრით, ცხვირით, თვალებით, ყბებით, ბაგეებით, ტყავით და სხეულის სხვა ნაწილებით. ამის შესახებ შეგიძლია იხილო მართალი იობის წიგნის მეორმოცე და ორმოცდამეერთე თავებში. კარგად გაიცნობიერე, ჩემო საყვარელო, რადგან მრავალსახოვანი ფანტაზია სატანის გამოგონება და ნაშობია ჩვენს დასაღუპად, მისთვის ძალზე სასურველი და საჭირო. წმიდა მამები ფანტაზიას სამართლიანად უწოდებენ ხიდს, რომლითაც სულისმკვლელი დემონები შემოდიან სულში, მკვიდრდებიან და უქმ სკად, საშინელი, ბოროტი და ღვთისთვის საძულველი გულისსიტყვების საცხოვრებლად აქცევენ მას. ამ დროს სულში ყველანაირი არაწმინდა სულიერი და ხორციელი ვნება ისადგურებს.

გ) იცოდე, რომ წმიდა მაქსიმეს, უდიდესი ღვთისმეტყველის აზრით, პირველქმნილი ადამი ღმერთმა წარმოსახვისგან თავისუფალი შექმნა. მისი სუფთა და სახეებისგან თავისუფალი გონება ქმედებისას გრძნობების მეშვეობით ანდა გრძნობადი საგნების სახეობრიობით არ აღიქვამდა გარესამყაროს; არ იყენებდა წარმოსახვის მდაბალ ძალას და არ წარმოისახავდა კონტურებს, სახეს, ზომას, ფერს საგნებისას. მხოლოდ სულის უმაღლესი ძალით ანუ წმინდა გონებით არანივთიერად და სულიერად ჭვრეტდა საგანთა იდეას თუ მათს შინაგან მნიშვნელობას. მაგრამ კაცთმოძულე დემონმა, რომელიც თავად დაეცა ღმერთის თანასწორობაზე ოცნებით, ადამიც აიძულა, გონებით უფლის თანასწორობაზე ეოცნება და დასცა კიდევ ამის წყალობით. და შინაგანი ანგელოზებრივი, წმინდა, გონისმიერი და არასახიერი ცხოვრებიდან ამ გრძნობად, მრავალმხრივ, მრავალსახეობრივ ცხოვრებაში გადმოინაცვლა, სადაც არსებობა ოცნებებითაა დამძიმებული. ასე აღმოჩნდა ადამიანი უგუნური პირუტყვის მდგომარეობაში, რადგან სახეებით დატვირთვა, მათი ზეგავლენით არსებობა და მათით ცხოვრება უგუნური პირუტყვის თვისებაა და არა გონიერი არსებისა.

მას შემდეგ, რაც ადამიანი ასე დაეცა, ვის შეუძლია თქვას, თუ როგორი ვნებები, ბოროტი ზნე და შეცოდებები შეიძინა მან თავისი წარმოსახვითი ოცნებით? ზნეობა უამრავი ცდუნებით აივსო, მეცნიერება - ცრუ სწავლებით, ღმრთისმეტყველება - გარყვნილი და უმეცარი დოგმატებითა და არაკებით. და არა მარტო ძველი, თანამედროვე მოაზროვნეებიც, როდესაც ღმერთსა და ღვთაებრივზე სურთ საუბარი და ბრძნადმეტყველება, ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუეს აღმოაჩენენ ხოლმე. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიისათვის მიუწვდომელია ღვთაებრივი საიდუმლოებების შეცნობა, საამისოდ აუცილებელია სულის უმაღლესი ძალა - გონი; უპირველესად კი, ვნებიანი წარმოდგენებისა და გრძნობადი საგნების წარმოსახვითი სახეებისგან გონების განწმენდაა საჭირო. და რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ამ მოაზროვნეებმა ისე შეისისხლხორცეს მსგავსი სიცრუე, როგორც სინამდვილის ამსახველი ჭეშმარიტება. ასე რომ, თავიანთი გაუწვრთნელი ჭკუა-გონების წყალობით ღმრთისმეტყველების მაგივრად მეზღაპრენი აღმოჩნდნენ, როგორც მოციქულიც ამტკიცებს (რომ. 1,28).

ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, იოლად განთავისუფლდე ასეთი შეცდომილებისა და ვნებებისგან, სატანის ბადესა და მზაკვრობას განერიდო, უფალს შეუერთდე და ღვთაებრივი ნათელი და ჭეშმარიტება იხილო, მამაცურად შეებრძოლე საკუთარ წარმოსახვას. მთელი ძალით ებრძოლე, რათა გონება ნებისმიერი სახის, ფერის, კონტურის და ზოგადად, გრძნობადი საგნების ხსოვნისა და წარმოდგენებისაგან განძარცვო, ავი იქნება ისინი თუ კარგი. რადგან ეს ყველაფერი გონების სიწმინდისა და სინათლის დაბნელება და დასვრაა, მისი უნივთობის განივთებაა და გონებას ვნებიანს ხდის. არც ერთ სულიერ თუ ხორციელ ვნებას არ ძალუძს სხვაგვარად მიუდგეს გონებას, თუ არა შესაბამისი გრძნობადი საგნების წარმოსახვით. იღვაწე, რომ გონება ისეთი სუფთა, უფერო, უსახო და შეურყვნელი შეინარჩუნო, როგორადაც ღმერთმა შექმნა.

მაგრამ ამის მიღწევას სხვაგვარად ვერ შეძლებ, თუ გონებას შიგნით არ დააბრუნებ და გულის სიღრმეში, შინაგან ადაიანში არ ჩაკეტავ. და როდესაც გონებას მუდმივად შიგნით, ფარულ ლოცვაში მყოფობას შეასწავლი, შინაგანი სიტყვებით აღმოთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. განსაჯე და შეიცან საკუთარი თავი, მეტწილად კი ღვთის ჭვრეტას მიეცი და მასში განისვენე. როგორადაც გველი ძველიტყავის გასაძრობად იძულებით ძვრება ვიწრო გასასვლელში, ასევე გონება, გულის ვიწროებისა და შინაგანი ლოცვის მეშვეობით, ნელ-ნელა განიმოსება გრძნობადი წარმოსახვებისა და უკეთური გრძნობადი შთაბეჭდილებებისგან და წმინდა, ნათელი და უფალთან ერთობისთვის მზადმყოფი ხდება, რათა ამ გზით ღმერთს მიემსგავსოს. როგორადაც წყლის დაქანება და დინების სისწრაფე იზრდება ვიწრო გასასვლელებში, ასევე გონება, რაც მეტად განისწავლება ყურადღებითა და გულში დაფარული მოძღვრებით, მით უფრო ძლიერი და ფაქიზი ხდება; უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და ნებისმიერი ვნების, გულისსიტყვის, გრძნობადი თუ აზრობრივი საგნისთვის მიუწვდომელია, რადგან ისინი გარეთ რჩებიან და შიგნით შეღწევა აღარ შეუძლიათ. სხვა, უფრო შესაფერის შედარებასაც მოვიტან: ჰაერში გაფანტული და ერთმანეთს განშორებული მზის სხივები იმდენად ნათელი და თბილი არ არის, მინის მეშვეობით ერთ წერტილში თავმოყრილი კი დამაბრმავებელ სინათლეს და მწველ სითბოს გამოსცემს. ასევე გონება - საკუთარი თავის მიმართ ყურადღებისა და ფარული მოძღვრების საშუალებით გულის გულში მოკრებილი - ნათლის მატარებელი და მწველი ხდება. ასეთი გონება ნივთიერ ვნებიან სიბნელეს ფანტავს და მსგავს სახეებსა და მოძრაობებსაც აცამტვერებს და ანადგურებს.

ეს არის წარმოსახვისა და მეხსიერების მართვის პირველი და უმთავრესი ხერხი, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს. მისით არა მარტო გამოასწორებ სულიერ ძალებს, წარსულში აღბეჭდილი გრძნობადი საგნების, შთაბეჭდილებებისა და სახეების იმ ნაკვალევსა და ნაშთსაც წაშლი, რომელიც ვნებებს აღაგზნებდა და ასაზრდოებდა. ოღონდ, რამდენადაც ქმედითი და ნაყოფიერია ეს ხერხი, იმდენად ძნელია და ამიტომ მისი გამოყენების მსურველიც ნაკლებია. ცოტას თუ სჯერა მისი შედეგიანობისა, არა მარტო მაღალ საზოგადოებაში, მასწავლებელთა და ბრძენკაცთა წრეში, მორწმუნეთა შორისაც კი, რომელთაც არ სურთ ირწმუნონ სულიწმიდისა და წმიდა მამების სწავლება, უძვირფასესი მარგალიტივით რომ ბრწყინავს ფილოკალიის პატიოსან კრებულში. ასეთნი უარს ამბობენ სულის ნაყოფზე, რისი მიღების ღირსიც ბევრი უბირი და უსწავლელი გამხდარა. მაცხოვრის სიტყვის თანახმად, ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუნცხადე ჩვილ ბალღებს (ლუკ. 10,21); რადგან ვისაც ამ გონიერი ქმედების ძალა არ სწამს და არ გამოიყენებს მას, ის ვერც შეიცნობს მის კეთილ ზემოქმედეაბს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ (ეს. 7,9).

როდესაც შეამჩნევ, რომ გონება დაიღალა და მეტად აღარ შეუძლია გულში შინაგან ლოცვაში მყოფობდეს, მაშინ მეორე ხერხი გამოიყენე. უფლება მიეცი, დატოვოს გული, გარეთ გამოვიდეს და ღვთაებრივ და სულიერ ჭვრეტასა თუ შემეცნებას მიეცეს. იფიქროს როგორც წმინდა წერილის სწავლებების, ასევე იმის შესახებ, რასაც ღვთის ქმნილებანი შთააგონებენ. ამგვარი სულიერი განსჯები სასარგებლოა გონებისთვის. თავიანთი სიმსუბუქისა და უნივთობის წყალობით არ იწვევენ მის განივთებას და არ მიმართავენ მხოლოდ გარეგნულისკენ, პირიქით, ზომიერად აკმაყოფილებენ თავისუფალი მოძრაობისადმი მისწრაფებას, ხოლო თავიანთი შინაარსით განაწყობენ, სწრაფად დაბრუნდეს გულის სიღრმეში, სადაც გონება შინაგანად კვლავ ღვთის ხსოვნაში იძირება და ღმერთთან ერთობას აღწევს. ამიტომ ამბობს წმიდა მაქსიმე, რომ „მხოლოდ ღვაწლით გონება უვნებო ვერ გახდება, თუ ამავე დროს სხვადასხვა სულიერ ჭვრეტას არ მიეცა“. ვიდრე ვნებები ჯერ კიდევ შენშია, ერიდე ღვთის ქმნილებების, ნივთიერი საგნებისა თუ ცხოველების მხოლოდ ფიზიკური კუთხით განხილვას. ამ დროს გონება ჯერ კიდევ არაა თავისუფალი გრძნობად საგნებზე ვნებიანი შეხედულებებისგან და იმის მაგივრად, რომ მათში დაფარული და არანივთიერი არსი სულიერად გაიაზროს, შესაძლოა, მხოლოდ მათი გარეგნული სილამაზითა და მოჩვენებითობით გაერთოს. ამით დატკბება და, შესაძლოა, ცრუ სწავლება და მათდამი ვნებიანი განწყობილება შეიძინოს. წმიდა მაქსიმეს აზრით, ასე ბევრზე ბევრი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი დაზიანდა.

გონების დასვენებისა და დამშვიდების მესამე ხერხიც შეგიძლია გამოიყენო, კერძოდ, იფიქრე უფლის ცხოვრებისა და ჯვარზე ვნების საიდუმლოებებზე - გამოქვაბულში მის შობაზე, წინადაცვეთაზე, მირქმაზე, იორდანეში ნათლისღებაზე, უდაბნოში ორმოცდღიან მარხვაზე, სახარების ქადაგებაზე, მის მიერ აღსრულებულ უამრავ სასწაულზე, თაბორზე ფერისხვალებაზე, მოწაფეებისთვის ფეხის დაბანვასა და საიდუმლო სეროაბზე, მის გაცემაზე, ჯვარზე ვნებაზე, საფლავად დადებაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე, ქრისტეს მოწამეთა უამრავ სატანჯველზე და ღირსი მამების ხანგრძლივ და მკაცრ მოსაგრეობაზე.

გულის შესამუსრად და სინანულის გასაღვიძებლად შეგიძლია გაიხსენო სიკვდილის საშინელი საათი, საყოველთაო სამჯავროს დღე, მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სახე: ჩაუქრობელი ცეცხლის ოკეანე, ბნელი უფსკრულები, ტარტაროზები, დაუძინებელი მატლები, დემონებთან თანაცხოვრება. გაიხსენე მართალთა განსვენება და გამოუთქმელი სიხარული, ზეციური სასუფეველი, მარადიული დიდება და მუდმივი ნეტარება, მოზეიმე ხმები. უფალთან სრულყოფილი ერთობა, ანგელოსებთან და ყველა წმინდანთან მარადიული თანაარსებობა და თანამყოფობა.

ჩემო ძმაო, თუ საკუთარ წარმოსახვას ასეთ აზრებსა და წარმოდგენებს დაუთმობ, არა მარტო თავს დაიხსნი გარყვნილი მოგონებებისა და ბოროტი გულისსიტყვებისაგან, განკითხვის დღეს ამ გმირობისთვის დიდ ქებასაც მოიხვეჭ. წმიდა ბასილი დიდი ქალწულობის შესახებ სიტყვაში იმასაც ამბობს, რომ „სხეულში მყოფი ყოველი ადამიანი ჰგავს ფერმწერს, ფარულად რომ ქმნის რაიმეს სახებას. როგორც მხატვარი დასრულების შემდეგ ნამუშევარს გამოფენს და თუ კარგი საგანი შეარჩია და კარგადაც დახატა, მნახველთა ქებას იმსახურებს; ხოლო თუ სულელური საგანი შეარჩია და ცუდადაც დახატა - კიცხვას, ასევე სიკვდილის შემდეგ ყოველი კაცი ღვთის სამსჯავროზე წარდგომისას უფლის, მისი ანგელოსებისა და წმიდანთა მიერ შექებული და ნაამები იქნება, თუ სიცოცხლეში გონებასა და წარმოსახვას ნათელი, ღვთაებრვი და სულიერი სახეებითა და წარმოდგენებით განიმშვენებს. ხოლო თუ წარმოსახვას ბილწი, მდაბალი და ვნებიანი სურათებით აავსებს, შეარცხვენენ და განიკითხავენ“. წმიდა გრიგოლ სოლუნსკი გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, თუ გრძნობადი საგნების ზემოქმედებითა და წარმოსახვის მეშვეობით როგორ გამეფდება ხოლმე სულში ან გონიერი სინათლე - მარადნეტარი ცხოვრების მომნიჭებელი, ანდა შინაგანი უკუნი, რომელსაც ჯოჯოხეთის ბნელში მიჰყავს ადამიანი (ფილოკალია).

იცოდე, იმის თქმა არ მსურს, მუდამ მხოლოდ ასეთი აზრებით იყო დაკავებული. არა, მათ მხოლოდ მაშინ მიმართე, როდესაც გულის სიღრმეში ჩაკეტვით დაღლილი გონება ისვენებს. როდესაც დაისვენებს, კვლავ გულში დააბრუნე და აიძულე, ოცნებებისა და სახეების გარეშე ღვთის გულწრფელ ხსოვნაში მყოფობდეს. როგორც ნიჟარიანი და ბაკნიანი ცხოველები ნიჟარის გართ სიმშვიდეს ვერსად პოულობენ და იქ, როგორც სახლში, ისე აფარებენ თავს, გონებაც ისე ბუნებრივად არსად მშვიდდება, როგორც გულის სიღრმეში, შინაგან ადამიანში. იქ იგი იმგვარად აფარებს თავს,როგორც ციხესიმაგრეში და წარმატებით ებრძვის შიგნითვე მიმალულ გულისსიტყვებს, მტრებსა და ვნებებს, თუმცა ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც უწყის ეს.

ვნებები და გულისთქმები რომ ჩვენს შიგნითაა, გულში, იქიდან გამოდიან და გვებრძვიან, ეს ჩემი აზრი არ გახლავთ. უსმინე, რას გვეუბნება უფალი: ვინაიდან გულიდან გამოდიან უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი (მათ. 15,19) და არც ის გახლავთ ჩემი მოგონილი, რომ ჩვენი მტრები -დემონები გულთან ახლოს არიან ჩასაფრებულნი. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. ამას დაწვრილებით გვიხსნის წმიდა დიადოხი, რომელიც ამბობს, რომ წმიდა ნათლისღებამდე ღვთაებრივი მადლი გარედან უბიძგებს ადამიანს სიკეთისკენ, ხოლო სატანა გულისა და სულის სიღრმეებში იმალება. ნათლობის შემდეგ დემონი გამოიდევნება გულიდან და მადლი სახლდება შიგნით (ფილოკალია, თავი 76). სხვათა შორის, ამბობს იგი (თავი 82), ნათლობის შემდეაგც დაიშვება, რომ მტერი ჩვენი სხეულის სიღრმეში, თითქოსდა გულის ზედაპირზე დამკვიდრდეს - ჩვენი ნების გამოსაცდელად. აქედან ის გამუდმებით ჩაჰკირკიტებს გონებას ხორციელ სიამეთა შესახებ. ამავე აზრს ეთანხმება წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებაც, რომ უფლის ბაგეთაგან ნათქვამი, თუ როგორ ტოვებს ბოროტი სული ადამიანს და შემდეგ გაძლიერებული ბრუნდება მასში (მათ. 12. 43-45), მონათლულთ ეხება, როდესაც მათ ეზარებათ გულში მყოფობა. „ნათლისღებით განგდებულ უწმინდურ სულს არ უყვარს უსახლკარობა, სიმშვიდეს ეძებს და აქეთ-იქეთ დაეხეტება. და თუ სხვა ადგილი ვერ იპოვა, ძველს უბრუნდება, რადან ურცხვია. თუ აღმოაჩენს, რომ სიყვარულისა და ყურადღების შედეგად მონათლულის გულში ქრისტემ დაისადგურა, უკუდგებული და დამარცხებული იქაურობას ტოვებს, მაგრამ თუ ძველ სამყოფელს, ღვთის ხსოვნის არქონისა და უგულისყურობის მიზეზით ცარიელს იხილავს, სასწრაფოდ შედის უწინდელზე უფრო მეტად გაბოროტებული. და ასეთი ადამიანისთვის უკანასკნელი სიმწარე პირველზე უარესია“ (სიტყვა მე-40). მე საგანგებოდ გავამახვილე ყურადღეაბ ყოველივე ამაზე, რომ რაც შეიძლება განიმტკიცო გულში მაცხოვრის ხსოვნა და ლოცვა. სხვაგვარად გულში დაბუდებულ შემაშფოთებელ გულისსიტყვებსა და ვნებიან მოძრაობაზე ვერ გაიმარჯვებ. როდესაც ღმერთთან ხარ, მტერი მოახლობას ვერ გაბედავს.

გამხნევდი და საკუთარ წარმოსახვასა და მეხსიერებას უფლებას ნუ მისცემ, წარსულში ნანახი, მოსმენილი, შეხებული, ნაგემი თუ ნაყნოსი გაიხსენოს; განსაკუთრებით მაშინ, თუ მათში რაიმე ბილწი და გარყვნილი იყო. ესაა ჩვენი ბრძოლის არსი და უფრო ძნელი და გადაულახავია, ვიდრე ბრძოლა გრძნობებთან. ყველა მებრძოლმა ეს საკუთარი გამოცდილებით უწყის. რომელიმე გრძნობის მეშვეობით რომ რაიმე მაცდუნებელი არ აღიქვა, ეს ადვილია, მაგრამ აღქმისას წარმოსახვისა დ მეხსიერების მართვა - ძალზე ძნელი. მაგალითად, ვინმეს სახის დანახვა-არდანახვა, ვნებიანად თუ უვნებოდ შეხედვა, არც ძნელია და არც დიდ ბრძოლას საჭიროებს. ხოლო მას შემდეგ, რაც დაინახავ ან ვნებით შეხედავ, დიდი ბრძოლა და გმირობაა საჭირო, რომ მეხსიერებიდან ამოშალო იქ აღბეჭდილი სახე. მტერს შეუძლია ბურთივით ათამაშოს შენი სული, ყურადღება ერთი მოგონებიდან მეორეზე გადაისროლოს. ამ დროს სურვილები და გრძნობები მოძრაობაშია და შენი განწყობაც ვნებიანია. ამიტომ გეუბნები, გამხნევდი და ყველაზე მეტად წარმოსახვასა და მეხსიერებაზე გაამახვილე ყურადღება.