ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი მეორე

თავი 23

მტერი უამრავ მზაკვრობას იყენებს შინაგანი სიმშვიდის დასარღვევად, იფხიზლე

ჩვენი მტერი სატანა ხარობს, როდესაც სული აფორიაქებული და გული შეშფოთებულია. ამიტომ ყოველნაირად ცდილობს, სული შეგვიშფოთოს. ასეთი თავდასხმისას ბოროტის უპირველესი იარაღია თავისმოყვარების აღძვრა, რათა მისი მიზეზით განგვაშოროს მადლი, რომელიც ქმნის და იცავს შინაგან სიმშვიდეს. ამ მიზნით ჩაგვაგონებს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩვენშია და კეთილი გვგონია, საკუთარი გულმოდგინებითა და შრომით იყოს მოპოვებული; და განაგდებს რა სიმდაბლესა და უბრალოებას, თვითშეფასებას აღგვიძრავს, რათა თავი მნიშვნელოვან პიროვნებად ვიგრძნოთ და ღვთის მადლის ზემოქმედება დავივიწყოთ, რომლის გარეშეც უფლის სახელის წარმოთქმაც კი არავის ძალუძს, როგორც წმიდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: და ვერც უფლად იტყვის იესოს, თუ არა სული წმიდით (1კორ. 12,3). ეს მადლი კი ყველა მორწმუნეს ეძლევა და მისი მყოფობა იმის ნიშანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა. მადლის მიღების შემდეგ მორწმუნე არ იქმს და მისი დახმარების გარეშე არ შეუძლია რაიმე კეთილის ქმნა. უფლის აღთქმის თანახმად, მადლი ყოველთვის მორწმუნესთანაა და მტერი ვერაფერს დააკლებს ადამიანს, ვიდრე იგი მასშია და იფარავს. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს, სწორედ ეს მადლი ჩამოგვაშოროს და ამ მიზნით, უპირველესად, თვითშეფასებას ჩაგვაგონებს, თითქოს ჩვენ არარაობას კი არა, მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენდეთ. ვინც ასეთ აზრს შეიწყნარებს, მტერი ახალს მიაწვდის, დაარწმუნებს, რომ ის სხვებზე უკეთესი, მოშურნე და ღვაწლმოსილია. ამ აზრის ჩაგონების შემდეგ ბოროტის მანქანებით ასეთი ადამიანი სხვას განიკითხავს, სძულს მოყვასი, რასაც უცილობლად თან სდევს სიამაყე. ეს ყოველივე შეიძლება წამში მოხდეს გულში. მადლი მყისვე წყვეტს მოქმედებას, რის შედეგადაც ჩნდება უყურადღებობა საკუთარი თავისადმი, მოშურნეობა სუსტდება, ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ ვნებიანი გულისსიტყვები, ბოლოს კი თავად ვნებები იწყებენ მოძრაობას, რასაც გულში ქარიშხალი მოჰყვება. შინაგანი სიმშვიდეც დაკარგულია. ეს ერთჯერადი მდგომარეობაა და თუ ადამიანი გამოფხიზლდება და მოინანიებს, გონს მოეგება, გულს შეიმუსრავს და ლოცვით აღიდგენს ჩვეულ შინაგან წყობას, მტერი უკუგდებულია, მაგრამ იმედს არ კარგავს, კვლავ და კვლავ იგივენაირად და იმავე მიზნით გვიტევს, რათა შინაგანი სიმშვიდე დაგვირღვიოს.

იცოდე ეს, ჩემო ძმაო, და მტრის თავდასხმებს საკუთარი სიმხნევე და სიფხიზლე დაუპირისპირე. უფლის სიტყვების თანახმად: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში (მათ. 26, 41). იფხიზლე და ყურადღებით იყავი, რათა მტერი არ წამოგეპაროს და არ წარგტაცოს უდიდესი საგანძური - შინაგანი სიმშვიდე და სულიერი მდუმარება. მტერი ცდილობს, დაგირღვიოს სულიერი მშვიდობა, რადგან იცის, როდესაც სული მღელვარებს, მისი ცუდისკენ წარმართვა ადვილია. დაიცავი შენი სიმშვიდე. იცოდე, როდესაც სული მშვიდადაა, მტერი ვერ მიეკარება. მაშინ სული ყოველგვარი სიკეთის აღმსრულებელია და ხალისითაც ახერხებს ამას, ზედმეტი შრომის გარეშე. იოლად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას. ამაში რომ წარემატო, შეეცადე, წინასწარ გამოიცნო მტრის ხრიკები. მტრის მისადგომი თავდაჯერებაა. ყოველი გულისსიტყვა, რომლიც შენში ღვთის ყოვლადსახიერების რწმენას ასუსტებს, ასუსტებს რწმენას იმისას, რომ მისი მადლის გარეშე ვერაფერში წარემატები და რომ ამიტომ მხოლოდ მისი იმედი უნდა გქონდეს, - მტრისგან მოდის და მრისხანებით უნდა განაგდო და დევნო, ვიდრე გაქრებოდეს. ეს საკუთარი თავისთვის კანონად აქციე. სულიწმიდა ჩვენში ასე მოქმედებს - ჩვენს სულს ღმერთთან შესაერთებლად აღიყვანს, მასში უფლის უტკბეს სიყვარულს, კეთილმორწმუნეობასა და მტკიცე სასოებას აღანთებს. ყოველივე ამის საპირისპირო კი მტრისგანაა.

ბოროტი ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს სულის ასამღვრევად. ზედმეტ შიშს სთესს გულში, ზრდის სულის უძლურებას, არ აძლევს საშუალებას აღსარების, ზიარების თუ ლოცვის დროს ჯეროვანი განწყობილება შეინარჩუნოს და დატკბეს. ბოროტის მოქმედების შედეგად სული მდაბალი კადნიერებისა და სიყვარულის გარეშე, შიშითა და სირცხვილით მოქმედებს. ამის შემდეგ სული უიმედო მწუხარებით ხვდება რელიგიური გრძნობების დაკნინებას და შინაგანი სიტკბოების დაკარგვას - რაც ხშიად ხდება ლოცვის ან სხვა სულიერი ვარჯიშისას. ბოროტი კი ჩააგონებს, რომ ეს დაკნინება ღვთისგან მის სასიკეთოდ არაა დაშვებული, რომ მისი შრომა და ღვაწლი ამაოა და, სჯობს, ყველაფერი მიატოვოს. ასე მიჰყავს მას სული უდიდეს შეცბუნებამდე და უიმედობამდე. ადამიანიც ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უსარგებლო და უნაყოფოა და რომ ღმერთმა სრულიად დაივიწყა და მიატოვა.

მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. დაე, განიცადოს სულმა რელიგიური გრძნობებისა და სულიერი სიტკბოების სიმშრალე და დაკნინება. მიუხედავად ამისა, მას მაინც ძალუძს კეთილი საქმეების კეთება, რწმენის შენარჩუნება და მოთმინებითა და ერთგულებით განმტკიცება. ეს რომ უკეთ გაიგო და ზიანი არ მიიღო, თუ ღვთისთვის სათნო იქნება და შენივე სიკეთისთვის ინებებს და სულიერი დაკნინებისას ასეთ გრძნობებს განგაცდევინებს, შემდგომ თავში გადმოგცემ, რა სიკეთეს გვძენს სიმდაბლით დათმენა, როდესაც გულის გაცივებისა და სიმშრალისას მას მივმართავთ. ამით ისწავლი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას და მწუხარების გამკლავებას, როდესაც მათი დათმენა მოგიწევს, რაიმე გევნება ან სხვა შემაშფოთებელი გულისსიტყვები თუ ვნებები აღგეძვრება.

 

თავი 24

არ უნდა შევცბუნდეთ სულიერი გრძნობების დაკნინებისა
და სხვა შინაგანი განსაცდელის გამო

მართალია, მეშვიდე თავში უკვე ვისაუბრეთ გულის სიცივის, სიმშრალისა და მათი მიზეზით განცდილი სულიერი იმედგაცრუების შესახებ, მაგრამ ახლა დავასრულებ სათქმელს: ასეთ გულისტკივილსა და სიმშრალეს, ანუ სულიერი სიხარულისა და სიტკბოების დაკნინებას დიდი სარგებელი მოაქვს სულისათვის, როდესაც მათ მოთმინებითა და სიმდაბლით მივიღებთ და გადავიტანთ. ადამიანმა რომ წინასწარ იცოდეს ამ სარგებლის შესახებ, აღარ დანაღვლიანდებოდა და დამძიმდებოდა ასეთი მდგომარეობისას; შინაგანი სულიერი ნუგეშის შესუსტებას ღვთის არაკეთილგანწყობად აღარ ჩათვლიდა. პირიქით, მასში უფლის განსაკუთრებულ სიყვარულს დაინახავდა და სიხარულით მიიღებდა, როგორც უდიდეს მოწყალებას.

უკვე ისიც მანუგეშებელია, რომ ასეთ მდგომარეობას მეტწილად ის პიროვნებები განიცდიან, რომლებიც განსაკუთრებული მოშურნეობით იწყებენ ღვთის სამსახურს და ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაფერს, რაც უფალს შურაცხყოფს. და ამას განიცდიან არა ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისში, არამედ კარგა ხნის ღვაწლის შემდეგ, როდესაც საკმაოდ განიწმენდენ გულს წმიდა ლოცვითა და შემუსვრილებით, როდესაც ერთგვარ სულიერ სიტკბოებას, სითბოსა და სიხარულს იგრძნობენ და გადაწყვეტენ, მთლიანად უძღვნან თავი უფალს და ასეც იქცევიან. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ცოდვილნი და ამსოფლიურ და ცხოვრებისეულ ამაოებათ დამონებულნი მსგავსს ცდუნებებს განიცდიდნენ. აშკარაა, რომ ეს სიმწარე წმინდა და ძვირფასი ტრაპეზია, რომელთანაც უფალი თავის საყვარელ შვილებს იწვევს. მართალია, დაგემოვნებისას ეს ტრაპეზი დიდად სასიამოვნო ვერაა, ფრიადი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ გემოს გასინჯვისას ამას ვერ გვრძნობთ. სული, რომელიც სიმშრალეს განიცდის, სიმწარეს იგემებს და შიშისმომგვრელი განსაცდელებითა და გულისსიტყვებით იტანჯება, რომლებიც თავის მხრივ, გულს უწამლავენ და თითქმის სრულიად მოაკვდინებენ შინაგან ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში სული აღარ ენდობა საკუთარ თავს, საკუთარ კეთილგანწყობას და ჭეშმარიტ სიმდაბლეს იძენს, რაც სურს კიდეც უფალს ჩვენგან. ამავე დროს სული ღვთის მხურვალე სიყვარულით, საკუთარი გულისსიტყვებისადმი გულმოდგინე ყურადღებითა და მსგავსი განსაცდელების მამაცური დათმენით აღინთება. ამ ბრძოლიდან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ადამიანი ისეთი გამოდის, რომლის გრძნობებიც გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ (ებრ. 5,14). თუმცა ვიმეორებ, ის ვერ ხედავს ამ ძვირფას და უხილავ ნაყოფს, შეცბუნებულია და გაურბის სატანჯველს, რადგან არ სურს, თუნდაც მცირე ხნით სულიერი ნუგეშის გარეშე დარჩეს. ამ ნუგეშის გარდა ყველა სხვა სულიერი ვარჯიში მისთვის ტყუილუბრალოდ დაკარგული დრო და უნაყოფო შრომაა.

 

თავი 25

ნებისმიერი განსაცდელი სასიკეთოდ გვეგზავნება

უკეთ რომ შეიგნო, რომ ნებისმიერი განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდ დაიშვება ღვთისგან, ყურად იღე, რასაც გეტყვი. თავისი გახრწნილი ბუნების გამო ადამიანი ამაყი, დიდებისმოყვარეა, უყვარს თავის წარმოჩენა; მტკიცედ სწამს საკუთარი აზრებისა და გადაწყვეტილებებისა, სურს ყველა იმაზე მეტად აფასებდეს, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებს. ასეთი თვითშეფასება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა დამღუპველია სულიერი წარმატების გზაზე. ამ თვისებების მცირე ჩრდილიც საკმარისია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტ სრულყოფილებას ვერ მიაღწიოს. ამიტომ ჩვენი მოყვარული ზეციერი მამა ბრძნულად განსჯის რა ჩვენს შესახებ, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც გულწრფელად უძღვნა თავი მის მსახურებას, დაშვებული განსაცდელით ისეთ განწყობას ბადებს ჩვენში, რომ ადვილად დავიხსნათ თავი სახიფათო სენისგან - თვითშეფასებისგან და თითქმის იძულებით მივიდეთ ჭეშმარიტად მდაბალ თვითშემეცნებამდე. ასე მოექცა უფალი თავის წმიდა მოციქულს - პეტრეს და დაუშვა, რომ მას სამჯერ უარეყო ღმერთი, რათა საკუთარი უძლურება შეეცნო და თავის იმედი არ ჰქონოდა. ასევე წმიდა პავლეზე, მას შემდეგ, რაც ატაცებულ იქნა მესამე ცამდე და გამოუთქმელი ღმრთაებრივი საიდუმლოებანი გაეხსნა, უფალმა მომაბეზრებელი და მტანჯველი განსაცდელები დაუშვა, რათა მას საკუთარი არარაობა შეეგრძნო, დამდაბლებულიყო და მხოლოდ თავისი უძლურებით მოეწონებინა თავი; რომ იმ უდიდეს აღმოჩენას, რისი ღირსიც უფალმა გახადა, მასში განდიდება არ გამოეწვია. ამის შესახებ წმიდა პავლე მოციქული თავადაც ამბობს: და მეტისმეტად რომ არ აღვზევდე გამოცხადების ზეობით, მომეცა მე ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი ჩემდა საწამებლად, რომ არ აღვზევდე (2კორ. 12,7).

ასე რომ, ჩვენი არაბუნებრივი და უკანონო მიდრეკილების - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო - ღმერთი თანაგრძნობით დაუშვებს ჩვენზედ სხვადასხვა განსაცდელს, ხანდახან ძალზე მძიმესაც, რათა საკუთარი უძლურება შევიცნოთ და დავმდაბლდეთ. ამით უფალი ერთდროულად სახიერებასა და სიბრძნეს ავლენს: რაც ყველაზე საზიანო და მავნე გვგონია, მისით უდიდეს სარგებელს გვაძლევს, რადგან გვამდაბლებს. სიმდაბლე კი ყველაზე მეტად საჭირო და კეთილისმყოფელია ჩვენი სულისათვის. თუ ყველანაირი განსაცდელი სიმდაბლეში განსასწავლად გვეძლევა, ბუნებრივია, ღვთის ერთგული მონაც ამიტომ განიცდის გულის სიმშრალეს და სულიერი ნუგეშის დაკნინებას, რომ სიმდაბლე ისწავლოს, იფიქროს, ასე საკუთარი ცოდვების გამო მჭირსო; რომ შეუძლებელია, მასავით კნინი სული ჰქონდეს სხვასაც და მასავით გულგრილად ემსახურებოდეს ღმერთს; რომ ასეთი განწყობა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც უფალმა მიატოვა, მაშასადამე, თვითონაც მიტოვებულია და დამსახურებულადაც. ამგვარი მდაბალი გულისთქმებისგან, აი, როგორი სიკეთე იშვება: ვინც ადრე ფიქრობდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ახლა, ზეცით წარმოგზავნილი მწარე მკურნალობის შედეგად ფიქრობს, რომ ქვეყნად ყველაზე ცოდვილი ადამიანია და ქრისტიანის სახელის ტარების უღირსი. განსაკუთრებული განსაცდელი, უდიდესი გასაჭირი და გულისტკივილი რომ არა, საკუთარ თავზე ამგვარ დამამცრობელ აზრს და ღრმა სიმდაბლეს ვერასოდეს შეიძენდა. ეს ამ ცხოვრებაში სულისთვის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მოწყალებაა, იმ სულისთვის, რომელიც მდაბლად უერთგულებს მას, რათა უფალმა საკუთარი ნებისამებრ განკურნოს, ისე როგორც აუცილებელია ადამიანის სასიკეთოდ.

გარდა ამ ნაყოფისა, რომელსაც სულს განსაცდელის შედეგად სულიერი ნუგეშის დაკნინება მოუტანს, სხვა უამრავი ნაყოფიც არსებობს. ასეთი გარეგანი სიმძიმეებით გულშემუსვრილი ადამიანი იძულებულია სწრაფი შემწეობისთვის ღმერთს მიმართოს. ის ყველაფერს აკეთებს, რაც სულიერი მწუხარებისა და გულისტკივილის განსადევნადაა საჭირო და სამომავლოდ რომ მსგავს სულიერ ტანჯვას თავი აარიდოს, მტკიცედ გადაწყვეტს სულიერი ცხოვრების გზაზე დადგომას; მთელს გულისყურს გულისკენ მიმართავს, გაურბის ცოდვას და სულ მცირე უწესივრობას, რამაც კი შეიძლება ღმერთს დააშოროს. ასე რომ, ჭირი, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის საზიანოდ თვლიდა, მისთვის იქცევა საწერტელად, უდიდესი სითბოთი რომ აღძრავს ღვთის საძიებლად; ყოველივე იმასთან განსაშორებლად, რაც უფლის ნებას არ ეთანხმება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა გასაჭირი და ტანჯვა, რომელსაც სული შინაგანი განსაცდელის დროს, სულიერი ნუგეშისა და სიტკბოების დაკნინებისას განიცდის, სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სიყვარულით განმწმენდელი კურნება. ღმერთი ამით იმ სულს განკურნავს, რომელიც ყველაფერს მდაბლად დაითმენს. რა თქმა უნდა, ასეთი ტანჯვა მოთმინების მქონეთ წამებულთა გვირგვინს განუმზადებს. ეს გვირგვინები მხოლოდ ასე მოიპოვება და მით უფრო დიდებულია, რაც მტკივნეულია გულის ტანჯვანი.

აშკარაა, რომ უზომოდ არ უნდა ვიტანჯოთ ჩვენზედ მოვლენილი გარეგნული თუ შინაგანი განსაცდელის გამო. ასე ის იქცევა, ვისაც მწირი გამოცდილება აქვს და საკუთარი ცოდვებისა და არასრულყოფილების გამო, ღვთისგან დაშვებული სატანის ქმედება ჰგონია, ღვთის სიყვარულის გამოვლინება - მისი განრისხება, ნიჭები და კეთილისყოფა - დარტყმა და გაშოლტვაა, რასაც უფალი უკიდურესი გულისწყრომის გამო დაუშვებს მასზე. ყოველივე, რასაც უნდა იქმოდნენ, წყალში ჩაყრილ შრომად და კურნების გარეშე გაღებულ დანაკარგად მიაჩნიათ. მათ რომ სწამდეთ, რომ ასეთი განსაცდელი სათნოებების მოხვეჭას ოდნავადაც ვერ შეუშლის ხელს და პირიქით, თუკი სულის სიმდაბლითა და მადლიერებით მიიღებენ და დათმენენ ყოველივეს, განამრავლებს კიდეც; რომ სჯეროდეთ, ეს მოყვარული ღმერთის კეთილი ნების გამოვლინებაა მათ მიმართ, მაშინ უკიდურესად არ შეშფოთდებოდნენ და გულის სიმშვიდეს არ დაკარგავდნენ მოწეული განსაცდელის ან იმის გამო, რომ უკადრისი და ბილწი გულისსიტყვები აქვთ და ლოცვისას თუ სხვა სულიერი ვარჯიშისას მშრალნი და გულგრილნი არიან. პირიქით, უფრო დაიმდაბლებდნენ თავს ღვთის წინაშე და გულწრფელად გადაწყვეტდნენ მუდამჟამს მისი ნების აღსრულებას; რადგან უფალს სურს, ამქვეყნად მხოლოდ ასე სათნოვეყოთ მას. ყოველნაირად ეცდებოდნენ, სიმშვიდე და მშვიდობა შეენარჩუნებინათ, მომხდარი ზეციური მამის მიერ მოვლენილად და მის მიერ მოწვდილ მწარე სასმისად მიეღოთ, რომელსაც ახლა სცლიან. თუნდაც განსაცდელის მიზეზი ბოროტის მანქანება, ადამიანები ანდა ცოდვა იყოს, მაინც ყოველივე უფალზეა დამოკიდებული, მის მიერ დაიშვება ჩვენს სასიკეთოდ და სხვა უფრო დიდი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

 

თავი 26

შეცბუნებისგან განკურნვა მსუბუქი შეცოდებებისა და სისუსტეების დროს

თუ სიტყვით ან საქმით მსუბუქად შესცოდავ, რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო აღელდები, განიკითხავ ან სხვათა განკითხვას მოისმენ, იკამათებ ან მოუთმენლობას, ამაო ფაციფუცს, დაეჭვებას, დაუდევრობას გამოამჟღავნებ, არ ღირს უკიდურესი დამწუხრება, შეცბუნება ან სასოწარკვეთა საკუთარი ქმედების გამო. მით უფრო არ შეიძლება ფიქრი, რომ ვერასოდეს შეძლებ ამ სისუსტეებისგან განთავისუფლებას, რომ შენში უფლისადმი მსახურების სურვილი სუსტია, ანდა ისე არ მიდიხარ ღვთის გზაზე, როგორც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში სულს ნუ დაიმძიმებ ათასგვარი შიშით, სულმოკლეობითა და ნაღველით.

რა გამოდის აქედან? - ის, რომ როგორც მოღალატეს, უფლის წინაშე კადნიერებით წარდგომა გერცხვინება. ტყუილუბრალოდ ჰკარგავ დროს იმის განხილვაში, თუ რამდენი ხანი დაჰყავი შეცდომილებაში, დაემორჩილე და ისურვე ის თუ არა, განაგდე ესა თუ ის გულისსიტყვა თუ არა და სხვა. რაც მეტად დაიტანჯავ თავს, მით უფრო გაიზრდება უგუნებობა, სულიერი სიმძიმე და აღსარების არჩაბარების სურვილი. მაგრამ თუ წახვალ და შფოთითა და შიშით იტყვი აღსარებას, მაინც ვერ დამშვიდდები. მოგეჩვენება, რომ ყველაფერი არ გითქვამს. ამ მწარე განცდით აფორიაქებული და უნაყოფო იცხოვრებ, ტყუილად დაკარგავ დროს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ბუნებრივი უძლურება გვავიწყდება; გვავიწყდება, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს სული ღმერთთან. ანუ, როდესაც სული რაიმე საპატიებელი, არასასიკვდილო ცოდვით ეცემა, მან მდაბლად, სასოებითა და სინანულით უნდა მიმართოს ღმერთს და თავი არ დაიტანჯოს ზედმეტი ნაღველით, სიმძიმილითა და წუხილით.

ეს საპატიებელ შეცოდებებს ეხება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება შესცოდოს ადამიანმა, ვინც ჩვენს მიერ აღწერილ მკაცრ ცხოვრებას ეწევა. ჩვენი საუბარი იმათთვისაა, ვინც სულიერად ცხოვრობს, ღვაწლით ცდილობს წარემატოს და ყოველნაირად გაურბის სასიკვდილო ცოდვებს.მათთვის, ვინც მკაცრად არ ცხოვრობს და არ ანაღვლებს, რომ სასიკვდილო ცოდვით უფალს შეურაცხყოფს, სხვაგვარი სიტყვაა საჭირო. ჩვენი რჩევა მათ არ გამოადგებათ. ჩვენი წამალი ვერ განკურნავს. მათ ღრმა მწუხარება და მწარე ცრემლთაღვრა მართებთ, მკაცრად უნდა გამოიძიონ საკუთარი ცოდვები, შეეცადონ უდებების გამო უარი არ თქვან იმ საშუალებებზე, რომლებიც აუცილებელია მათი განკურნებისა და ცხონებისათვის.

სინანული მუდამ ღვთის მტკიცე სასოებით უნდა იყოს გამსჭვალული,როგორც ყოველდღიური მსუბუქი შეცოდებების, მით უფრო, ჩვეულებრივზე უფრო მძიმედ შეცოდებისას, რასაც ხანდახან ღვთის დაშვებით, მისი ერთგული მონაც სჩადის. სინანულით შემუსვრილება, რომელიც ქენჯნის და ტანჯავს გულს, ვერასოდეს განაახლებს და აღადგენს სულში კეთილსაიმედო განწყობილებას, თუ ღვთის გულმოწყალებისა და სახიერების მტკიცე სასოებასთან არ იქნება შერწყმული. ასეთი სასოება განუწყვეტლივ უნდა აღავსებდეს ქრისტიანული სრულყოფილების მოშურნეთა გულებს. სასოება აცოცხლებს და ააქტიურებს სამშვინველისა და სულის ძალებს. მაგრამ სულიერი ცხოვრების გზაზე შედგომისას ბევრი არ ზრუნავს ამაზე. შესუსტებული გულით შეჩერდება ხოლმე, წინ არ მიიწევს და ამიტომ უხმარი ხდება იმ მადლმოსილი ნიჭების მისაღებად, რომლებითაც მიმოფინა უფალმა ეს გზა და, რომელთა ღირსნიც, როგორც წესი, მხოლოდ მოშურნენი ხდებიან, ვინც მუდმივად და მთელი ძალისხმევით მიიწევს წინ.

მან, ვინც გულის მღელვარებას, რაიმე გაურკვევლობას ანდა სინდისის გაორებას განიცდის, სულიერ მოძღვარს ან სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანს უნდა მიმართოს. ამავე დროს, სასოებით უნდა ილოცოს, რათა უფალმა მათი პირით ჭეშმარიტება ამცნოს, ეჭვი და შფოთი განუქარწყლოს და მათი რჩევის შედეგად სრულიად დაამშვიდოს.

 

თავი 27

შეცბუნებულმა მყისვე უნდა აღიდგინოს სულიერი სიმშვიდე

ყოველთვის, როდესაც უმნიშვნელოდ შესცოდავ, თუნდაც ეს დღეში ათასჯერ შეგემთხვეს, ნუ დაიტანჯები და დროს ნუ დაკარგავ. როგორც კი თავს ცდუნებას შეამჩნევ, მყისვე დამდაბლდი, საკუთარი უძლურება შეიცანი, სასოებით მიმართე უფალს და გულის სიღრმიდან ამოთქვი: „უფალო ღმერთო ჩემო! მე ჩავიდინე ეს, რადგან ასეთი ვარ. თუ შენი მადლი არ განმანათლებს და მარტოს დამტოვებს, ჩემგან სხვას არაფერს უნდა ელოდე, მსგავსი ან უარესი შეცოდებების გარდა. ვიურვი ჩადენილის გამო; განსაკუთრებით იმის გამო, რომ საკუთარი ცხოვრების გამოსწორებით არ ვპასუხობ შენს ზრუნვას ჩემდამი და მუდმივად ვეცემი. შემინდე და მომეცი ძალა, რათა მეტად არ შეურაცხგყო და შენს ნებას არ გადავიდე. რადგან გულწრფელად მსურს გემსახურო, სათნოგეყო და ყველაფერში დაგემორჩილო“. ამის შემდეგ თავს ნუ დაიტანჯავ ფიქრით, გაპატია თუ არა ღმერთმა. უფალი ჩვენს გვერდითაა და უწყის თავის მონათა სულთქმა. ამ რწმენით დამშვიდდი და დამშვიდებულმა განაგრძე ჩვეული საქმიანობა, თითქოსდა არც არაფერი მომხდარიყოს.

ასე ხშირად უნდა მოიქცე. თუ საჭირო იქნება, ყოველ წუთს, და უკანასკნელადაც ისეთივე სრული სასოებითა და ღვთისადმი კადნიერებით, როგორც პირველ ჯერზე. თუ ასე იმოქმედებ, ზეიმით უდიდეს პატივს მიაგებ ღვთის გამოუთქმელ სახიერებას, ვისშიც მუდმივად უნდა ჭვრეტდე ჩვენდამი უსაზღვრო სათნოყოფას. შედეგად მუდმივად წარემატები ცხოვრებაში და მუდამ წინ ივლი, ამაოდ არ ჩაივილის შენი შრომა და მცდელობა.

შეცოდებებისაგან შინაგანი სიმშვიდის დაცვა ასე შეგიძლია: შინაგანად გაიცნობიერე საკუთარი დაწყევლილი ბუნება და ღვთისადმი სიმდაბლით გაიხსენე ის უდიდესი მოწყალებანი, რაც უფალს პირადად შენს მიმართ გამოუჩენია. ამით გააცოცხლე საკუთარ თავში ღვთის სიყვარული, მადლიერებით გრძნობით აღივსე და ადიდე მისი სახელი, საქმით შესწირე მადლობა და სულის სიღრმიდან განადიდე იგი. ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა და მისთვის დიდების აღვლენა უფალთან ჩვენი ცოცხალი კავშირის უმაღლესი გამოვლინებაა, ამიტომ თუ გონივრულად განსჯი, უფლის შემწეობით, შენი დაცემის ნაყოფი ღმერთთან შენი ამაღლება და მიახლება იქნება. ეს განსაკუთრებით ყურად უნდა იღონ მათ, ვინც ზედმეტად შფოთავს და იტანჯება უმნიშვნელო შეცოდებისას, რათა დაინახონ, რამდენად ბრმანი არიან ამ დროს და, თავიანთი განუსჯელობის წყალობით, რამხელა ზიანი მოაქვთ საკუთარი თავისთვის. სწორედ მათთვის ვიძლევით უკანასკნელ დარიგებას, რომელიც ჩვენთვის ერთგვარი გასაღები იქნება. ამ გასაღებით სული უდიდეს სულიერ საგანძურს განაღებს და უმოკლეს ხანში შეიძლება გამდიდრდეს მადლით ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოით მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ა მ ი ნ .