გულში სულიერი სითბო ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივისადმი გრძნობის ნაყოფია. მისი ჩასახვა ღვთისკენ სინანულით მოქცევის თანადროულია. ის უფრო და უფრო ძლიერდება გულის განმწმენდი სინანულის ღვაწლისას და წყვეტილი და დროებითი გრძნობიდან თანდათანობით მუდმივად გარდაიქმნება, ვიდრე გულის საბოლოო მდგომარეობად იქცეოდეს.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ერთგან გვირჩევს: შეეცადე, მუდმივად შეიგრძნობდე ღმერთსა და ღვთაებრივს, რათა გაითავისო ეს სითბო. ნებისმიერი საგანი, რომელიც გულს აამებს, ათბობს კიდეც მას. ამიტომ გულის სითბო მრავალგვარია. სულიერი სითბო გულზე სულიერი საგნების ზემოქმედებით წარმოიშობა, რაც სულიერი ცხოვრებითაა განპირობებული. მისი განმასხვავებელი ნიშანი ყოველივე მიწიერის მოკვეთა და გულისყურის ღმერთსა და ღვთაებრივზე მიჯაჭვაა. ამით ის ისე განსხვავდება მშვინვიერი და ხორციელი სითბოსაგან, როგორც ცა დედამიწისაგან.
სულიერი სითბოს შეგრძნება გულისყურის მოკრებას ნიშნავს და უბრალო და ერთმნიშვნელოვანია. არსებითად ეს უამრავი სულიერი მოძრაობის თავმოყრაა, როგორც მზის სხივია ცისარტყელას შვიდი ფერის ერთობა, მასშია კეთილკრძალულება, მოწიწება, შემუსვრილება, გულის სილბო, თაყვანისცემა, მოშურნეობა, ღვთისმოყვარება. როგორც ეს გრძნობები ერთბაშად არ მკვიდრდება გულში, ასევე სულიერი სითბო უცებ არ ხდება ჩვენი კუთვნილება.
ვიდრე სულიერი სითბო გულისთვის მუდმივ მდგომარეობად იქცეოდეს, იგი მიდის და მოდის. მოდის ან თავისთავად, როგორც ზეციური სტუმარი, ან სულიერი მეცადინეობის (კითხვა, ფიქრი, განსჯა, ლოცვა, თავგანწირვა და კეთილი საქმის კეთება) შედეგად. მიდის, როდესაც ყურადღება სულიერ საგნებს განეშორება და გული რაიმე არასულიერს იგემებს და მისით ტკბება. ამით ისე ჩაქრება სულიერი სითბო, როგორც ცეცხლი წყლით.
გსურს გულში სულიერი სითბო შეინარჩუნო? შიგნით მიმართე გულისყური და ლოცვით წარდექი ღვთის წინაშე. გონებას ნუ გაგიფანტავს გულისსიტყვები, ნუ შემოუშვებ გულში მშვინვიერისა და ხორციელისადმი თანაგრძნობას, მაშინვე ჩაახშე მრავალმზრუნველობის ჩანასახი, სულის ცხონებისა და ღვთის სათნოყოფის მხურვალე მოშურნეობა შეინარჩუნე, გარეგნულ ქმედებებში გონიერება გამოიჩინე, ყველა მათგანი მთავარი მიზნისაკენ წარმართე და როდესაც ერთს აკეთებ, ბევრზე ზრუნვით ნუ დაიტვირთები. ერთსაც დავძენ: როცა ამ სითბოს შეიცნობ, შეუძლებელია, მის შენარჩუნებას არ შეეცადო. საამისოდ შესაფერის ხერხებს გამოიყენებ და, ამასობაში მიხვდები, როგორ შეიძლება მოუფრთხილდე შენს სითბოს. თუ გონივრულად მოიქცევი, სულიერი სითბო ჭეშმარიტად გასწავლის, როგორ მართო შინაგანი ცხოვრება და როგორ გაუძღვე გარგნულ საქმეებს ისე, რომ სულიერ სითბოსაც მოუფრთხილდე.
რამდენადაც ტკბილია სულიერი სითბოს მყოფობა გულში, იმდენად მწარე, მტანჯველი და საშინელია, როდესაც ის გვტოვებს. როგორც ვთქვით, ის მაშინ მიდის, როდესაც გული და ყურადღება სულიერ საგნებს ჩამოსცილდება და არასულიერს მიემართება. ამაში ცოდვას კი არ ვგულისხმობთ, რადგან ვინც სულიერ სითბოს იგემებს, მას უკვე აღარ სურს სცოდოს, არამედ ყველანაირ მშვინვიერ-ხორციელ, მიწიერ და ამაო სურვილებს. როგორც კი გულისყური აქეთკენ გადაიხრება, სულიერი სითბოც მაშინვე იკლებს. ხოლო თუ გულიც მისკენ გაიწევს, სითბო საერთოდ ტოვებს ადამიანს და სულში რჩება სიცივე ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის მიმართ. ამას თან ახლავს გაგულგრილება ნებისმიერი სულიერი ქმედებისა და ღვაწლისადმი, რომელიც ამ სითბოს დროს შენარჩუნებული იყო. ვინც მალე მოეგება გონს და კვლავ უწინდებურ ცხოვრებას დაუბრუნდება, სითბოც, ადრე თუ გვიან, ეწვევა. ამაგრამ ვინც დაბნეულობის, გართობისა თუ თავდაჯერებულობის გამო შეგნებულად დანებდება გულგრილობასა და სიცივეს, და ამასთანავე, საქმითაც დაიკმაყოფილებს კვლავ აღძრულ არასულიერ მოთხოვნილებებს, მასში სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობაც ჩაქრება ანდა სულაც ჩაკვდება. ეს კი უკვე ძველ ცოდვებთან დაბრუნების მაუწყებელია, ისინი აუცილებლად წამოეწევიან უდარდელ ადამიანს. გონს მოგებულს კი ამ მდგომარეობიდანაც ძალუძს ჩვეულ სულიერ წყობას დაუბრუნდეს.
აი, ყოველთვის ასე ხდება გაგულგრილება. ეს ხდება როგორც ჩვენი ყურადღებისა და სიფხიზლის მოდუნების, ამსოფლიური საცდურის გამო - როდესაც მიწიერი საცდური გონებას აკარგვიებს კაცს და მას თავისი შინაგანი ადამიანიდან გამოიტაცებს, - ასევე ბოროტის მანქანებით. ამ დროს, გარკვეული სულიერი წარმატების მქონე ადამიანს ბოროტი საკუთარი თავიდან გარეთ გამოიტყუებს და მისი ფანტაზიის ბუნებრივ მოძრაობას უფრო მეტ მიმზიდველობას ანიჭებს, რაც ხანდახან სხეულზედაც კი მოქმედებს. მაგრამ რაც უნდა იყოს მიზეზი, გულის გაცივება ადამიანის შინაგანი ყურადღების გარეთ გამოსვლით იწყება და განმტკიცდება გულის მიწებებით ჯერ რაიმე ამაოსა და უბრალოზე, შემდეგ კი ვნებისა და ცოდვის საგანზე. ამაში მუდამ ჩვენა ვართ დამნაშავე, რადგან არც ამა სოფელს, არც სატანას, არ ძალუძთ იძალადონ პიროვნების თავისუფლებაზე. მათ მხოლოდ ცდუნება შეუძლიათ.
გაცივება მადლის მიზეზითაც ხდება. სულიერი სითბო თავისი ჭეშმარიტი არსით ხომ გულში მადლის მყოფობის ნაყოფია. როდესაც მადლი გვეწვევა, გულში სითბოა, როდესაც გვტოვებს - სიცივე. მადლი მიდის და ადამიანი უკვე თავად გამოდის გარეთ, უჯერო საგნებთან. ამ დროს მადლის წასვლა დამსჯელია და ასევ იწოდება. სხვა დროს მადლი თავად მიდის, რათა დააჩქაროს ღვთის შვილთა სულიერი წარმატება. ეს მადლის გამსწავლელი მოქმედებაა. თუმცა შედეგი ამ შემთხვევაშიც გულის სიცივე და სიცარიელის გრძნობაა, იგი ხომ სტუმარმა და წვეულმა მიატოვა. განსხვავება ისაა, რომ დამსჯელი გაციება სულიერი ცხოვრებისადმი მოშურნეობას ასუსტებს. მადლის განმსწავლელი განშორების შედეგად გამოწვეული გაციება კი უფრო განაღვივებს მოშურნეობას. მადლის განმსწავლელი განშორების მიზეზიც ესაა.
ღვთის განმსწავლელი მადლი თავისით შემდეგი მიზეზით გვტოვებს: რათა გააძლიეროს მოშურნეობა, რომელიც ხანგრძლივი სიმშვიდის გამო ხანდახან სუსტდება; ადამიანი ყურადღებით იყოს და მოიკვეთოს ის საქმიანობა და გრძნობები, რომლებიც სათნო ცხოვრებას არ ეკუთვნიან და არც ღვისკენ მიჰყავთ იგი; სრულად აღიდგინოს შეგნება და შეგრძნება იმისა, რომ ჩვენში ყოველივე კეთილი ღვთის მადლისგანაა; მომავალში მეტად დააფასოს ღვთის განგებულება, მისი საბოძვარი, გააძლიეროს მოშურნეობა და დამდაბლდეს მის შესანარჩუნებლად; გულწრფელად მიენდოს უფალს, სრული თავგანწირვითა და თვითდამდაბლებით; არ მიეჯაჭვოს სულიერ ნუგეშებს და შინაგანად არ გაორდეს, მაშინ, როდესაც უფალს სურს, მხოლოდ მას ეკუთვნოდეს; საღვთო მადლის მოქმედების დროსაც ხელები არ ჩამოუშვას, დაუღალავად იშრომოს ღვთის გზაზე, მთელი ძალისხმევით, რომელსაც სწორედ ამ მიზნით გვანიჭებს უფალი.
ასე რომ, როდესაც გულის სიცივე ღვთის მადლის განმსწავლელი განშორების შედეგია, ამის მიზეზი შენვე ხარ. მადლი კი გშორდება, მაგრამ შენს გამო გშორდება. როდესაც სულიერი საგნებისა და საქმეებისადმი და ყოველივე ღვთაებრივისადმი გულგრილობს იგრძნობ, გამოიძიე შინაგანი სამყარო, თუ რა არის ამის მიზზი. და თუ დანაშაულს აღმოაჩენ, ეცადე, აღკვეთო და გამოასწორო. იზრუნე არა იდენად სულიერი ნუგეშის დაბრუნებაზე, რამდენადაც საკუთარ თავში იმის განადგურებაზე, რაც ღვთისთვის არასათნო და შეუფერებელია. თუ მსგავსს ვერაფერს აღმოაჩენ, ღვთის ნებას დაემორჩილე და თქვი: ასე განსაჯა უფალმა, იყოს ნება შენი, ღმერთო. მე უძლური და არარა ვარ. შემდეგ კი მოთმინებით აღიჭურვე და ეცადე, აღარ გადაუხვიო ჩვეული სულიერი ცხოვრების, საქმიანობისა და მეცადინეობის გზიდან. შეებრძოლე უგემოვნებას, აიძულე თავი, დაძლიოს გულისსიტყვები, რომლებიც ჩაგაგონებენ, რომ შენი შრომა უნაყოფოა. ხალისით გამოსცალე ეს მწარე ფიალა და უფალს მიმართე: იხილე სიმდაბლე და შრომა ჩემი და ნუ განმაშორებ შენს მოწყალებას. საკუთარი თავი აღანთე რწმენით, რომ ეს სასმისი ღვთის შენდამი სიყვარულმა გარგუნა წილად, რომელსაც შენთვის სულიერი სრულყოფილება სურს.
არა მხოლოდ თაბორზე, გოლგოთაზეც სიხარულით გაჰყევი უფალს, ანუ მარტო მაშინ კი ნუ იქნები მის გვერდით, როდესაც შინაგან ღვთაებრივ სხივს, სულიერ ნუგეშსა და სიხარულს გრძნობ, არამედ მაშინაც, როდესაც მწუხარება, გაჭირვება, სიმწარე და მოწყენილობა გტანჯავს. ისინი გარეგანი და შინაგანი დემონური ცდუნებების შედეგად მოევლინებიან ხოლმე სულს. თუდაც გულის სიცივეს თან ახლდეს ისეთი სიბნელე და შფოთი, რომ ადგილს ვერ ჰპოულობდე, მაინც ნუ შეშინდები. მტკიცედ იდექი და მორჩილად იტვირთე ეს ჯვარი. ყოველგვარი მიწიერი ნუგეში განიშორე, რასაც მტრის ჩაგონებით ეს სოფელი და სხეული შემოგთავაზებს. ეცადე, სხვათაგან დაფარო უძლურება და სულიერი მოძღვრის გარდა არავის უთხრა. და ნუ იწუწუნებ მოწეული განსაცდელის გამო. შეეცადე, განისწავლო, რათა მომავალში თავიდან აიცილო ისინი, ახლანდელი კი დიდსულოვნად დაითმინო მანამ, ვიდრე უფალი შენს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ინებებს.
ლოცვა, ზიარება და სხვა სულიერი ვარჯიში ჩვეულებრივ გააგრძელე. არა სულიერი სიამოვნების მისაღებად და ჯვრიდან გარდამოსახსნელად, არამედ იმიტომ, რომ მოგენიჭა ძალა, ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვრის სადიდებლად დიდსულოვნად აიტანო ჯვარზე ვნება, მუდამ ისე იცხოვრო, როგორც მას ნებავს. თუ მოწყინებისა და შინაგანი მღელვარების გამო, ზოგჯერ მაინც ვერ ლოცულობ და კეთილად ვერ განსჯი, ისე ილოცე, როგორაც შეძლებ, ოღონდ საკუთარი თავისადმი შეღავათისა და უდებების გარეშე. ის, რის სრულყოფილად აღსრულებასაც საქმით ვერ შეძლებ, სრულყოფილ სურვილად, ძიებად და ძალისხმევად ჩაგეთვლება. ეს სურვილი, ძიება და ძალისხმევა შეინარჩუნე და მათს საკვირველ ნაყოფსაც იგემებ - სული აღმაფრენითა და მხნეობით აგევსება.
შემოგთავაზებ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მოუხმო უფალს დაღვრემილობის ჟამს: რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა (ფს. 42,5). რად-მე უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა (ფს. 9,20)? ნუ დამადგებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან (ფს. 37,21). გაიხსენე ლოცვა, რომელსაც ღვთის შთაგონებით აღავლენდა მწუხარებისას სარა, ტობიას ცოლი და მხურვალედ მოუწოდე: „ჭეშმარიტად უწყის ყველამ, ვინც შენთვის ირჯება, უფალო, რომ თუ ეს ცხოვრება განსაცდელში ჩაივლის, დაგვირგვინდება და თუ ჭირ-ვარამით იქნება აღსავსე, ხსნას მოიპოვებს. და შენი წყალობის გამო ხრწნილებას არ დამორჩილდება. შენ არ გახარებს ჩვენი დაღუპვა, ქარიშხლიანი ტალღების შემდეგ სიმშვიდეს გვანიჭებ, ტირილისა და ცრემლის შემდეგ სიხარულს გვძენ. კურთხეულ იყოს სახელი შენი უკუნისამდე, ღმერთო ისრაილისაო!“
გაიხსენე უფალი იესო ქრისტეც, რომელიც გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე ვნებისას, უსაზომო ტანჯვა-წამების გამო ზეციური მამისგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. საკუთარი თავი წარმოიდგინე ჯვარზე და უფალს მაცხოვრის სიტყვებით მიმართე: უფალო, იყავნ ნება შენი! არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ (მათ. 26,39)! თუ ასე მოიქცევი, შენი მოთმინება და ლოცვა ღვთის წინაშე მიიწევა, როგორც შენი გულის მსხვერპლის ცეცხლი. ამით დაამოწმებ, რომ მზადა ხარ იტვირთო ჯვარი, მტკიცედ და ურყევი სიყვარულით მისდიო უფალ იესო ქრისტეს, რა ძნელი გზებითაც უნდა მოგიწოდოს. ეს ჭეშმარიტად ღმერთში ცხოვრებაა! ეძიო და გსურდეს უფალი მისთვისვე, მოიპოვო და ეზიარო მას იმ ზომით, როგორც თავად ინებებს. ადამიანები ღვთის გზაზე ასეთი განწყობით რომ იწყებდნენ სვლას, ამ განწყობით რომ ზომავდნენ საკუთარ წარმატებებს და არა სულიერი ნუგეშისა და სიტკბოების მიხედვით, მაშინ საკუთარი თავით არ მოიხიბლებოდნენ, არც ბოროტის მანქანებით დაიტანჯებოდნენ და გულგრილობისას დრტვინვით არ აღივსებოდნენ. პირიქით, მადლიერებით მიიღებდნენ და დაითმენდნენ ყველაფერს, იმ რწმენით, რომ რადგან ასე სურს უფალს, ეს მათთვის სასიკეთოა. ყურადღებას არ მიაქცევდნენ დაბრკოლებებს და უდიდესი მოშურნეობითა და თავგანწირული თვითიძულებით გააგრძლებდნენ ღვთისსათნო ცხოვრებას.
ხანდახან, როდესაც სული ასეთი სიცივით, ყოველივე სულიერისადმი გულგრილობით იტანჯება, მტერი უფრო ძლიერად ესხმის თავს და უჯერო გულისსიტყვებს, ბილწ ვნებებსა და მაცდურ წარმოდგენებს განუღვივებს. მისი მიზანია, ადამიანს უიმედობა მოჰგვაროს, თითქოსდა ღმერთმა მიატოვა იგი, რათა კაცი რაიმე ვნებას დამორჩილდეს, რის შემდეგად უკვე ადვილია მისი კვლავ ცოდვის მორევში ჩათრევა. უწყოდე ეს და მტკიცედ იდექი. დაე, ვნების მღელვარე ტალღები ეხლებოდნენ გულს, მაგრამ ვიდრე ცოდვას არ ნებდები და ღვთის ერთგულების სურვილს ინარჩუნებ, შენი ხომალდი მთელია. ღვთის მადლმა ნუგეში განგაშორა, მაგრამ თავად შენს ახლოსაა, გაკვირდება და ვიდრე შენი ნებელობა სიკეთის მხარესაა, შეწევნის გარეშე არ დაგტოვებს. გამხნევდი, გჯეროდეს, ეს ქარიშხალი მალე ჩაივლის და გულის სიცივეც თან გაჰყვება. გწამდეს, ეს შენს სასიკეთოდ დაიშვა. თუ ამ განსაცდელს დაითმენ, საბოლოოდ შეიცნობ საკუთარ უძლურებას და სიმდაბლესა და ღვთის შემწეობის უდიდეს რწმენას შეიძენ. მტრის ასეთი ქარიშხლიანი თავდასხმების შესახებ უკვე გესაუბრე და ის გაიხსენე.