ძმაო, მთელი ძალ-ღონით ეცადე, წმინდად დაიცვა სინდისი აზრითაც, სიტყვითაც და საქმითაც, დაე, მუდამ უმწიკვლო იყოს იგი და არასოდეს გამხელდეს და გქეჯნიდეს. თუ ასე მოიქცევი, სინდისი როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ ქმედებებში გაძლიერდება, ყველაფრის ბატონ-პატრონად იქცევა და შენს ცხოვრებას კეთილად წამართავს. სუფთა სინდისი კი შენს ცხოვრებასაც უმწიკვლობას შესძენს. ის იქნება მგრძნობიარე და მახვილი სიკეთის ქმნისას და ბოროტების საწინააღმდეგოდ. სინდისი ადამიანებში ღვთის მიერ აღბეჭდილი კანონია, მათი გზის ჯეროვნად წარსამართად და მანათობლად, როგორც წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის, რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ (რომ. 2,15). ამასთან დაკავშირებით წმიდა ნილოს მირონმდინარე ამგვარ რჩევას გვაძლევს: „ყველა შენს საქმეში სინდისით იხელმძღვანელე როგორც სანათურით“.
სინდისი უმწიკვლოდ დაიცავი ოთხი მიმართულებით: ღმერთთან, საკუთარ თავთან, მოყვასთან და შენს ხელთ არსებულ ნებისმიერ საგანთან ურთიერთობაში.
შენ ეს ყველაფერი ხელგეწიფება. შეგახსენებ უმთავრესს: ღმერთთან ურთიერთობისას გახსოვდეს ღმერთი და მისი თანდასწრებით იარებოდე. გაიცნობიერე, რომ ღვთის ძალი გიცავს, გატარებს და იმ დასასრულისკენ მიჰყავხარ, რისთვისაც ყოფიერება მოგანიჭა. თავი და ყოველივე საკუთარი ღვთისმსახურებას და მისი სახელის დიდებას მიუძღვენი. მასში იცხოვრე, მას მიენდე და მიანდე შენი ხვედრი - დროებითიც და მარადიულიც.
საკუთარ თავთან ურთიერთობისას - სამართლიანი იყავი და შენი ბუნების ყოველ ნაწილს კუთვნილი მიაგე. სულმა, რომელიც ზეციურ და მარადიულ ღმერთს ეძიებს, დაე, იმეფოს სამშვინველსა და სხეულზე, რომელთა დანიშნულებაც დროებითი ცხოვრების უზრუველყოფაა. საშვინველი სულის შეგონებებსა და გონებას დაემორჩილოს; თაყვანი სცეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებას და მისით გაინათოს თავისი სამყარო - ნება ღვთის მცნებებს დაუქვემდებაროს და საკუთარი ვნებებისკენ გადახრის უფლება არ მისცეს; გული განსწავლოს, რათა მან მხოლოდ ღვთაებრივი საგნები დაიგემოვნოს, ისინი აღიბეჭდოს და მათს გამოხატვას ემსახუროს. ასე წარმართოს ყოფითი და საზოგადოებრივი საქმეები. სხეულსაც საჭიროებისამებრ მიაგე და ზომიერების დაცვა მკაცრად აიძულე. გახსოვდეს, ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14). თუ ასე მოიქცევი, საკუთარ თავს კეთილად მართავ და მისი ჭეშმარიტი სათნომყოფელი იქნები.
მოყვასთან ურთიერთობისას - ყველა ღვთის ხატებად მიღე, სიკეთე უსურვე და შეძლებისამებრ კეთილი უყავი. ყველას წინაშე დამდაბლდი, მხიარულთან იმხიარულე და მწუხარესთან დამწუხრდი. ნურავის განიკითხავ და დაამცირებ, ნურც ფიქრით, ნურც გრძნობით. ვინც რჩევას და დამოძღვრას გთხოვს, ნუ დაუფარავ ჭეშმარიტებას, რაც იცი, მაგრამ ძალად მასწავლებელი ნუ იქნები. ყველასთან სიმშვიდე და თანხმობა დაიცავი. მზად იყავი ნებისმიერი მსხერპლის გასაღებად და ყოველნაირად ერიდე ვინმეს ცდუნებას.
საგნების მიმართ - პატივით მოეპყარი ყველაფერს, როგორც ღვთის შექმნილს, რომელთაც უფალი გაძლევს. გაუფრთხილდი და ღვთის სადიდებლად გამოიყენე, დაკმაყოფილდი მათით და ჰმადლობდე უზენაესს. ნურაფერს მიეჯაჭვები, ყველაფერი მიიღე, როგორც გარეგნული ხერხი და საშუალება, რათა თავისუფლად განაგო ისინი და კეთილი წამოწყებისას არ დაბრკოლდე. ნუ განისვენებ მათით. საკუთარი ნივთებით თავს ნუ მოიწონებ, სხვისა კი ნუ შეგშურდება. ნუ იძუნწებ და მფლანგველი ნუ იქნები.
ამ ყველაფრის შესრულება თითქმის ყოველ ნაბიჯზე უწევს ნებისმიერს, ოღონდ სხვადასხვაგვარად. თუ სიკეთით იცხოვრებ, წმიდა პავლე მოციქულივით სინდისიც წრფელი გექნება (ებრ. 13,18).
სათნო ცხოვრებისა და ცხონების მოშრუნენი ასედაც იქცევიან. ყოველნაირად ცდილობენ, არ შესცოდონ და სინდისი არ დაიმძიმონ. მიუხედავად ამისა, ხანდახან მაინც შემოგვეპარება არასწორი ფიქრი, გრძნობა, სიტყვა თუ ქმედება და შესამჩნევად თუ შეუმჩნევლად აბინძურებს სინდისს. ისე რომ, დღის ბოლოს სინდისი შარაზე მიმავალ მგზავრს ემსგავსება, მტვრით რომ ევსება თვალები, ცხვირი, პირი, თმა და მთელი სახე მტვრით ეფარება. ამიტომ ცხონების მოსურნემ საღამოს საკუთარი სინდისი უნდა გამოიძიოს და გაარკვიოს, შესცოდა თუ არა აზრით, სიტყვით ან საქმით და, მონანიებით განიწმინდოს. ანუ ისევე მოიქცეს, როგორც მტვიანი მოგზაური, რომელიც იბანს. მოშურნე კი სინანულით, გულშემუსვრილებითა და ცრემლებით განიწმინდება.
ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ: კეთილიც და ბოროტიც, მართალიც და ტყუილიც. დაუკვირდი მას, რაც არსით ჭეშმარიტია, რამდენად ჭეშმარიტია განზრახვისა და გულისწადილის მიხედვით, სწორია თუ არა აღსრულებისას. კარგად განიხილე, თავის გამოსაჩენად, კაცთმოთნეობის ან თავისმოყვარების გამო ხომ არ ჩაგიდენია. იყო კი ამის საჭიროება, ან ხომ არ იოცნებე და იტრაბახე, ღვთისთვის დიდების აღვლენა კი დაგავიწყდა. მართალი საქმე ჭეშარიტად მართალია, თუ ის ღვთის ნებისადმი მორჩილებით და უფლის სადიდებლად კეთდება - სრული თავგანწირვითა და თავდავიწყებით.
როდესაც არასწორ რაიმეს აღმოაჩენ, ამის გამომწვევი შინაგანი თუ გარეგანი მიზეზები განიხილე. გაიაზრე, როგორ სჯობდა მოქცეულიყავი, რათა არ შეგეცოდა და რატომ არ მოიქეცი ასე. შემდეგ კი საკუთარი თავის გარდა სხვა არავინ და არაფერი გასაჯო. გონივრულად განსაზღვრე, როგორ უნდა მოიქცე მომავალში, რათა ასეთ ან მსგავს ვითარებაში აღარ შესცოდო. საკუთარ თავს დაუკანონე ეს და თვითშეღავათისა და კაცთმოთნეობის გარეშე იმოქმედე, რომ შენი გულის წიაღი უწმინდურებით არ გაანოყიერო.
როდესაც გამოძიებას დაასრულებ, მადლობა შესწირე ღმერთს წესიერი საქმისთვის და ნურაფერს მიითვისებ. ჭეშმარიტად ღმერთია, რომელიც შიქმს თქვენში ნდომასაც და ქმდებასაც (ფილ. 2,13) და მის გარეშე არ შეგვიძლია სიკეთის ქმნა. უფლისადმი მადლობის აღვლენის შემდეგ, დაივიწყე, რაც გაგიკეთებია, რათა წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, დიდი გულმოდგინებით ვესწრაფვოდეთ წინას (ფილ. 3,13). ყოველივე უკეთური მოინანიე ღვთის წინაშე, შეაჩვენე საკუთარი თავი, რომ შენს ტრაპეზზე არასოდეს სწირავ უფალს წმინდა პურს, რომ ყველაფერი ნაგვიანი და ბზიანია. მტკიცედ გადაწყვიტე საკუთარი თავისთვის თვალყურის დევნება მეორე დღეს, რათა რაიმე უკეთური არ შემოგეპაროს, არა მარტო საქმითა და სიტყვით, ფიქრითა და გრძნობითაც.
ვინც ყოველივეს ყურად იღებს, ანუ გამოიძიებს სინდისს და თავის ქმედებებს, ამას მთელი დღის განმავლობაში აკეთებს. ასე რომ, საღამოს სინდისის გამოძიება მხოლოდ დღისით მოქმედებულის განმეორებით შესწორება და შევსებაა. ასეთი ქმედება საუკეთესო და ბუნებრივია, სინდისისგან უკეთურებას ვერ დაფარავ, თუ რაიმე უჯეროს შეამჩნევს, მაშინვე შეშფოთდება, განა ბუნებრივი არ იქნება, თუ თვითგანსჯით, გულშემუსვრილებითა და გამოსწორების გადაწყვეტილებით მაშინვე დავამშვიდებთ სინდისს. რატომ გადავდოთ ეს საღამომდე?
ამის შესახებ კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემ.
რაც შეიძლება მკაცრად გაარჩიე საკუთარი საქმეები. ჩაუღრმავდი მათ მიმდინარეობას და შემდეგ შეუბრალებლად განსაჯე საკუთარი თავი. რაც უფრო ღრმად ჩაწვდები შენში არსებულს, შენიდან მომდინარეს, მოიკვეთ არასწორს და სიმართლეში განმტკიცდები, მით უფრო სწრაფად განიწმინდება სინდისი. ჭა რაც ღრმაა, მით წმინდა წყალი დგას მასში.
როდესაც სინდისი ჭეშმარიტსა და მცდარს შეიცნობს, მოინდომებს, მუდმივად პირველის თანახმად იმოქმედო, მეორეს შემთხვევაში კი დაგქეჯნის და გაგასამართლებს. მაგრამ ვიდრე ასეთი უნარის მფლობელი გახდება, ანუ ვიდრე მოიხვეჭს ჩვევას, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლოს (ებრ. 5,14), და ამით საკუთარ თვალთახედვას შეიძენს, მანამდე სინდისი სხვა სულიერ ძალებზე, განსაკუთრებით კი, განსჯაზეა დამოკიდებული. განსჯა კი, ვიდრე გული ვნებებისგან განიწმინდება, ხშირად მოისყიდება ხოლმე ამ უკანასკნელთა მიერ და უამრავი ბოდიშით ცდილობს ფონს გასვლას. ეს სინდისს აბნელებს და აბნევს, რის შედეგადაც ის ხანდახან შავს თეთრად მიიჩნევს. ამიტომ ვიდრე ჯერ ისევ ვნებებს ებრძვი, საკუთარი თავის გამოძიებისას შენი საქმენი ღვთის სიტყვის წინაშე განიხილე და მათი ხარისხისა და ღირსების დასადგენად მისით იხელმძღვანელე. ამასთანავე ნუ დაიზარებ, ნურც დაირცხვენ და სულიერ მოძღვარს მიმართე.
საკუთარი საქმეების გასჯა გულმოდგინე ლოცვით დაიწყე და დაასრულე და უფალი შენს გულში დაფარულის სახილველ თვალს აგიხელს, რადგან: უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას (იერ. 17,19)? მხოლოდ ღმერთი ჩვენს გულზე უმეტესია და იცის ყოველი (1იოან. 3,20); შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული (3 მეფ. 6,39). არსებობს გულში ღრმად დაფარული არასწორი გრძნობები, რომლებიც ხანდახან ოდნავ გაიელვებენ ჩვენს ქმედებებში, ხანდახან კი შეუმჩნევლად გვახვევენ ცოდვის სიმყრალეში. ამიტომ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ილოცე: საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე (ფს. 18,12).
მართალია, დედამიწაზე ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა და ჩვენ ბოლომდე ბრძოლის ველზე ყოფნა მოგვიწევს, უმთავრესი და გადამწყვეტი ბრძოლა სიკვდილის ჟამს გველის. ვინც ამ დროს დაეცემა, ვეღარ ადგება. ნუ გაგიკვირდება. როგორც უფალი ამბობს, მტერმა გაბედა მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში უცოდველი უფლისთვის შეეტია: მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში (იოან. 14,30). მაშ რაღა შეაჩერებს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში თავს დაგვესხას ჩვენ - ცოდვილ ადამიანებს? წმიდა ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას ამბობს: ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა,არცა მაცხოვარ (ფს. 7,2); ყველაზე დაუღალავ მეომრებსაც, მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ წინ რომ აღუდგებოდნენ დემონებს და მამაცურად იგერიებდნენ მტრის თავდასხმებს, სიცოცხლის ბოლოს ამა ქვეყნის მთავრისგან ერთგვარი დათვალიერება-განსჯა ელით, აქვთ თუ არა რაიმე ცოდვა. და ვისაც ცოდვის ლაქა ან ანაბეჭდი აღმოაჩნდება, დემონთა ხელში რჩება. ხოლოს, ვინც ცოდვისგან თავისუფალია, თავისუფლად დაასრულებს გზას და ქრისტეში განისვენებს.
უნდა გვახსოვდეს ეს და წინასწარ მოვემზადოთ, რათა წარმატებით დავძლიოთ უკანასკნელი ბარიერი. საამისოდ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ. სიკვდილის საათისთვის წარმატებით მოემზადები, თუ შენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მამაცურად შეებრძოლები შენი ცხონების მტრებს. თუ სიცოცხლეში მტერზე გამარჯვების სათნო ჩვევას შეიძენ, სიკვდილის ჟამსაც ადვილად მოიპოვებ გამარჯვების გვირგვინს.
სიკვდილზე ხშირად და ყურადღებით იფიქრე და გონებით გაიაზრე ყველაფერი, რაც ამ დროს შეიძლება მოხდეს. თუ ასე მოიქცევი, სიკვდილის წუთი მოულოდნელი არ იქნება შენთვის, ვერ შეგაშინებს და შენი სული შიშისგან დასუსტებული კი არა, განმტკიცებული და ბრძოლისათვის და მტერზე გამარჯვებისათვის მზადმყოფი აღმოჩნდება. ერის ადამიანები სიკვდილის ხსოვნას და მასზე ფიქრს გაურბიან, რათა თავიანთი გრძნობადი სიამოვნებანი და მათით ტკბობა არ შეწყვიტონ, რაც სიკვდილის ხსოვნასთან შეუთავსებელია. ამის გამო სულ უფრო და უფრო მიეჯაჭვებიან ხოლმე ამსოფლიურ სიამეთ. ხოლო როდესაც სიცოცხლესთან და საყვარელ საგნებთან განშორების დრო მოაწევს, უზომოდ შფოთავენ, მწუხარებენ და შიშით ივსებიან.
სიკვდილზე ფიქრმა რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, გირჩევ, ფიქრში მომაკვდავის ადგილას წარმოიდგინო თავი. წარმოიდგინე სიკვდილისწინა ტანჯვა-წამება, მტრის შესაძლო მაცდუნებელი თავდასხმები. შენში გზა მიეცი იმ ფიქრებსა და გრძნობებს, რომელთაც მტრის მოგერიება ძალუძთ. თუ როგორია ბოროტის მანქანება და როგორ უნდა შეებრძოლო მას, ახლავე მოგახსენებ, რათა სიცოცხლეშივე გონებით შეეჩვიო მათ და როდესაც სიკვდილის ჟამი მოაწევს, საქმითაც გამოიყენო. საჭიროა წარმატებით წარვმართოთ ის ბრძოლა, რომლის გადატანაც მხოლოდ ერთხელ მოგვიწევს, რათა არ დავუშვათ ისეთი შეცდომები და დანაკარგები, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.
ოთხი უმთავრესი და ყველაზე სახიფათო განსაცდელი, რომელსაც სიკვდილის ჟამს შეგვამთხვევენ ჩვენი მტრები - დემონები: 1) რწმენაში მერყეობა, 2) სასოწარკვეთილება; 3) ცუდმედიდობა; 4) სხვადასხვა სახე, რომელსაც იღებს დემონი და ჩვენებით წარმოუდგება მომაკვდავს.
რაც შეეხება პირველს: როდესაც ვერაგი მტერი ცდილობს, ურწმუნობის გულისსიტყვები გაგიღვივოს, ანდა ხილულად წარმოგიდგება და რწმენის საწინააღმდეგოდ ჩაგაგონებს, ნუ შეეკამათები. საკუთარი თავი განაძლიერე რწმენაში და სიძულვილით მიმართე: „განმშორდი სატანავ, სიცრუის მამავ! შენი მოსმენაც არ მსურს. ყოველთვის მთელი გულით მწამდა და მწამს, რაც სწამს წმიდა დედა ეკლესიას და ეს ჩემთვის საკმარისია. ნუ დაუშვებ ურწმუნობის გულისსიტყვებს და მხნედ იდექი: თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ (ეკლ. 10,4). მთელი არსებით შეიგნე, რომ ეს მხოლოდ სატანის მზაკვრობაა, რომელიც თავს გესხმის, რათა უკანასკნელ წამს შეგაშფოთოს. თუ გონებით ვერ განმტკიცდები, სურვილითა და გრძნობით გამხნევდი, თავს დემონური აზრისკენ გადახრის საშუალება არ მისცე, თუნდაც ეს აზრი წმიდა წერილის გამონათქვამებით იყოს შეფერილი, რომელთაც მტერი მაგალითებად მოიხმობს: რაც უნდა შეგახსენოს ბოროტმა საღვთო წერილიდან, ღვთის სიტყვის დამახინჯებისა და არასწორი განმარტების გამო, ეს შენთვის დამღუპველი იქნება. თუ ბოროტი გველი გკითხავს: აბა, რას გვასწავლის ეკლესია? - ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნუ უპასუხებ მის სიტყვებს. იცოდე, ეს საცდური და ტყუილია და მხოლოდ იმ მიზნით გველაპარაკება, რომ სიტყვაში გამოგიჭიროს. გულის სიღრმეში ღვთის რწმენის განჭვრეტას მიეცი. თუ რწმენაში მტკიცე და გულისსიტყვებით ძლიერი ხარ და მტრის შერცხვენა გსურს, უპასუხე, რომ წმიდა ეკლესიას სწამს ის, რომ ჭეშმარიტება ერთია, ხოლო თუ კვლავ გკითხავს, როგორია ეს ჭეშმარიტება, უპასუხე: ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სატანას სწამს - რომ უფალმა იესო ქრისტემ ჯვრით შემუსრა შენი თავი და დაამხო შენი ძალაუფლება. შემდეგ გონების თვალი ჩვენთვის ჯვარცმულ უფალს მიაპყარ და შეევედრე: „ღმერთო ჩემო, შემოქმედო და მხსნელო! ისწრაფე შეწევნად ჩემდა. ნუ დაუშვებ, რომ თუნდაც იოტისოდენად შევბრკოლდე შენი რწმენის ჭეშმარიტებაში. როგორც ინებე, რომ შენი სახიერების წყალობით ჭეშმარიტებაში დავბადებულიყავი, ასევე კეთილინებე, შენი სახელის სადიდებლად ჭეშმარიტებაშივე აღვესრულო.
მეორე განსაცდელი სიკვდილის ჟამს, რომლითაც თავს გვესხმის მტერი, არის შიში ჩვენი უამრავი ცოდვის გახსენებისას. ამ შიშს ვერსად გავექცევით. მაგრამ ის იესო ქრისტეს ჯვარზე ვნებითა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვით წონასწორდება. მტერი ცდილობს, დაბინდოს ეს რწმენა და შიშს ცოდვების გამო იმდენად აძლიერებს, რომ ცხონების ყოველგვარ იმედს გვიხშობს და უსასოობითა და სასოწარკვეთილებით გვებრძვის. ამიტომ, ძმაო, წინასწარ მოემზადე ამ თავდასხმის მოსაგერიებლად. რაც მეტად მიუახლოვდები სიკვდილს, მით უფრო მტკიცედ გეპყრას ხელთ ქრისტეს ძლევამოსილი ჯვარი, შეურყევლად გწამდეს უფლის ჯვარცმის გამომსყიდველი ძალისა, როდესაც სიკვდილის წინ სასოწარკვეთილება შემოგიტევს, უპირველესად, შეეცადე გაიცნობიერო, რომ ეს მტრის მანქანებაა და არა საკუთარი ცოდვების გახსენებით შობილი განწყობა. ცოდვების გახსენება თავმდაბლობას, გულშემუსვრილებას და გულისტკივილს ბადებს, რომ სამართლიანი და ყოვლადმოწყალე ღმერთი შურაცხვყავით. მართალია, ამ დროს შიშიც ჩნდება, მაგრამ ის არ ახშობს ღვთის გულმოწყალების იმედს და, მოიკვეთს რა გარიყულობის გრძნობას, ადგილს უთმობს კადნიერ სასოებას ცხონებისას და ამ იმედით გაიფანტება კიდეც. იცოდე, თუ ცოდვების გახსენება დაგთრგუნავს და სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებს, ცხონების იმედს გადაგიწყვეტს და განწირულობის შიშით აგავსებს, ეს სატანის მძლავრებაა. როდსაც ამას მიხვდები, აღარ გაგიძნელდება სასოების მოპოვება, რაც განდევნის კიდეც ყოველგვარ სასოწარკვეთილებას.
სასოება ღვთის გულმოწყალების ჭვრეტაში გვეხმარება. ღვთის უსასრულო გულმოწყალების შეგრძნების შემდეგ ადამიანი უამრავ ცოდვას ამარცხებს და განმტკიცდბა იმ რწმენით, რომ ღმერთს ჩვენი ცხონება სურს და არა დაღუპვა. ამ რწმენის განმტკიცება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, მაცხოვრის ჯვარზე ვნების უსაზღვრო ძალმოსილების წარმოდგენით. ამიტომ ყოველთვის და, განსაკუთრებით, სიკვდილის ჟამს, მაცხოვრის ჯვარს უნდა შევაფაროთ თავი. აი, როგორ უნდა შეევედრო უფალს სიკვდილის ზღურბლთან მდგარი: „უფალო, უამრავი მიზეზი არსებობს მეშინოდეს, რომ ჩემი ცოდვების გამო სამართლიანად განმსაჯო და უარმყო. მაგრამ მაქვს უფრო დიდი კადნიერება, რომ შენი გამოუთქმელი გულმოწყალებითა და იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრისა და მხსნელის სახელით შემიწყალებ. ამიტომ შევთხოვ შენს უსაზღვრო სახიერებას, შეიბრალოს საკუთარი ცოდვებით განსჯილი, მაგრამ შენი ძისა და ჩვენი უფლის ძვირფასი სისხლით განბანილი საცოდავი ქმნილება, რათა უკუნისამდე გადიდებდე. შენს ხელთ შევვედრებ ჩემს სულს, მეყავნ წყალობისამებს შენისა. შენ ჩემი სიცოცხლის ერთადერთი მეუფე ხარ“.