წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ხიბლისათვის

(გაგრძელება)

მოწაფე: ახლა ჩემთვის ცხადია, რომ ამ სახის ლოცვა არასწორია და იგი თავის ცთუნებასა და ხიბლთანაა დაკავშირებული. გთხოვ, განმიმარტო არასწორი ლოცვის სხვა სახეები და მათთან დაკავშირებული ყალბი მდგომარეობები.

ბერი: ხომ ვთქვით, რომ გონებისმიერ არასწორ ლოცვას ხიბლამდე მივყავართ, და გულით არასწორ ლოცვასაც იგივე მოსდევს. როდესაც ვნებებით სავსე სულა წმიდის მადლით განუახლებელი გონებით სულიერი ჩვენებების ხილვას მიველტვით, ეს უკიდურესი ამპარტავნების ნიშანია, და ზუსტად ასეთივე ამპარტავნება და განუსჯელობაა, როდესაც მოუმზადებელი გული ესწრაფვის წმიდა, სულიერ, ღმრთაებრივ განცდებს. არაწმიდა გონება, საღმრთო ხილვებს მოწყურებული, თავის თავში თხზავს ამ ხილვებს, ამით თავს იტყუებს და ხიბლში ვარდება. ასევე გული, რომელსაც ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი განცდების შეგრძნება სურს, თვითონ იგონებს მათ, თავს იტყუებს, იხიბლება და იღუპება, რამეთუ ტყუილის სამფლობელოში შედის: ეშმაკებთან ამყარებს კავშირს, მათ გავლენას ემორჩილება და მათვე ემონება.

ჩვენი დაცემული ბუნების გამო გულის განცდათა შორის ერთადერთი შეიძლება გამოვიყენოთ უხილავი ღმრთისმსახურებისათვის: მწუხარება ჩვენი ცოდვების, დაცემისა და წარწყმედის გამო, მწუხარება, რომელსაც გლოვა, სინანული, გულის შემუსრვილება ეწოდება. ამას საღმრთო წერილიც გვიმოწმებს: „რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკურთხი არა გთნდეს“ (ფსალმ. 50, 18). არც ერთი ეს განცდა, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, არ არის სათნო უფლის წინაშე, როგორც ცოდვით შებილწული და დაცემით შერყვნილი. „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთგან არა შეურაცხყოს“ (ფსალმ. 50, 19). ეს მსხვერპლი თავის უარყოფაა, ამ მსხვერპლის შეწირვით ყველა სხვა მსხვერპლი თავისთავად უქმდება, სინანულის განცდა ახშობს ყველა სხვა განცდას. იმისათვის, რომ სხვა განცდების მსხვერპლი ღმერთს სათნო-ეყოს, ჯერ ღმრთაებრივი ნება უნდა გარდამოვიდეს ჩვენს სიონზე, ჯერ ჩვენი დანგრეული იერუსალიმის კედლები უნდა აღდგეს. ღმერთი მართალია და ყოვლადწმიდა, მისთვის სათნოა მხოლოდ მართალი და წმიდა მსხვერპლი, რომლის შეწირვაც ჩვენს კაცობრივ ბუნებას მხოლოდ განახლების შემდეგ ძალუძს. შებილწული მსხვერპლისა და ყოვლადდასწველის მიღება მას არ ნებავს. ვეცადოთ განვიწმინდოთ სინანულით, „მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი“ (ფსალმ. 50, 21) - ზვარაკი, ანუ სული წმიდის მადლით განახლებული კაცის განცდები.

პირველი მცნება, რომელიც მაცხოვარმა მისცა მთელ კაცობრიობას, სინანულია: „მიერთიგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათე, 4, 17). ეს მცნება თავის თავში იტევს და მოიცავს ყველა სხვა მცნებას. იმათ, ვისაც არ ესმოდა სინანულის ძალა და მნიშვნელობა, მაცხოვარმა არაერთხელ უთხრა: „ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რა არს: წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი“ (მათე, 9,13). ეს ნიშნავს: უფალმა შეიწყალა დაცემული და წარწყმედილი კაცთა მოდგმა და ყველას მიანიჭა სინანული, როგორც ერთადერთი გზა ხსნისა, რამეთუ ყოველი ადამიანი დაცემისა და წარწყმედის კერძია. უფალი არ მოითხოვს, არც კი სურს კაცთაგან მსხვერპლი, რომლის გაღებაც მათ არ ძალუძთ, მას მხოლოდ ის უნდა, რომ ადამიანებმა თვითონ შეიწყალონ საკუთარი თავი, სცნონ თავიანთი უბადრუკება და განთავისუფლდნენ მისგან სინანულის გზით. ზემოთ მოყვანილ ნათქვამს უფალმა საშინელი სიტყვები დაუმატა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“. ვის გულისხმობს მართლებში? ბედკრულებს, რომლებიც, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენით ცთუნებულნი, მიიჩნევენ, რომ სინანული მათთვის აუცილებელი არ არის, და ამიტომ ან საერთოდ უარყოფენ, ან ნაკლებად ზრუნავენ მასზე. რა უბედრებაა! ამიტომაც უარყოფს მათ მაცხოვარი, ამიტომაც კარგავენ ცხოვნების შესაძლებლობას. „ვაი სულს“, ამბობს ღირსი მაკარი დიდი, „რომელიც ვერ გრძნობს თავის წყლულებს, ვისი ბუნებაც უკვე შერყვნილია ბოროტის მიერ და თვითონ კი ჰგონია, რომ მისთვის სრულიად უცხოა ბოროტება. ასეთ სულს უკვე აღარ მოიხილავს და აღარ სწამლობს სახიერი მკურნალი, რამეთუ მან ნებსით დაუტევა ზრუნვა საკუთარ წყლულებზე. და თავისი თავი საღი უნაკლო ჰგონია. „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთაო“ (მათე, 9,12), ამბობს უფალი“ (მაკარი დიდი, სიტყვა მე-6 სიყვარულისათვის, თავი 16). რა სისასტიკეა საკუთარი თავის მიმართ სინანულის უარყოფა! სინანულის არად ჩაგდებაში საკუთარი თავისადმი საშინელი სიცივე და უსიყვარულობა გამოსჭვივის. ხოლო ის, ვინც თავის თავს ექცევა სასტიკად, შეუძლებელია მოყვასის მიმართ იყოს მოწყალე. და პირიქით, ვინც თავის თავს შეიწყალებს და სინანულის გზას დაადგება, მოყვასის მიმართაც შემწყნარებელი ხდება. აქედან ცხადია შეცდომის მთელი სიმძიმე: კაცი ართმევს სულს თვით ღმრთისაგან მონიჭებულ სინანულს, რომელიც არსებითი და აუცილებელია მისთვის და ყოველგვარი წესრიგის საწინააღმდეგოდ, ღმრთაებრივი კანონის საწინააღმდეგოდ, ცდილობს გააღვიძოს გულში ის განცდები, რომლებიც თავისთავად უნდა აღმოცენდნენ სინანულით განწმენდის შემდეგ, და ასეთი განცდები უკვე სულ სხვა ხასიათისანი არიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55). ამის შესახებ ხორციელ კაცს არავითარი წარმოდგენა არა აქვს, რამეთუ სულიერი განცდები სრულიად უცხოა იმ გულისათვის, რომელიც მხოლოდ ხორციელ და მშვინვიერი განცდებით ცხოვრობს.

ყველამ იცის, თუ რა უბედურება ეწიათ იუდეველ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მათი არასწორი სულიერი მიმართულების გამო, ისინი არა მხოლოდ უცხო ექმნენ ღმერთს, არამედ ღმრთის მტრებად და ღმრთის მკვლელებადაც იქცნენ. სწორედ ასეთ უბედურებას იტეხენ თავს მლოცველები, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობისაგან სინანულს გამორიცხავენ. ისინი ცდილობენ გულში ღმრთის სიყვარულის, ტკბობისა და აღტაცების განცდები გააღვიძონ და ამ დროს კი ხელს უწყობენ საკუთარ დაცემას, უცხო-ექმნებიან ღმერთს, სატანასთან ამყარებენ ურთიერთობას და სული წმიდის მტრობით სნეულდებიან. საშინელია ხიბლის ეს სახე: იგი პირველივით დამღუპველია, მაგრამ ნაკლებად თვალსაჩინო: იშვიათად მთავრდება ჭკუიდან შეშლით ან თვითმკვლელობით, მაგრამ სრულიად განხრწნის გულსა და გონებას. ამ მდგომარეობას წმ. მამებმა „წარმოდგენა“ უწოდეს (ღირსი გრიგოლ სინელი, სიტყვა 108,128, ფილოკალია, ტ. I). ამ სახის საცთურს გულისხმობს წმიდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: „ნუვინ თქუენ მძლე გექმნებიან, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაათა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაგებული გონებითა მით ხორცთა მისთაჲთა“ (კოლას. 2, 18). ამ საცთურში ჩავარდნილ კაცს თავის თავზე ექმნება წარმოდგენა, რომ მრავალი ღირსებისა და სათნოების მფლობელია, იმასაც კი ფიქრობს, რომ სული წმიდის ნიჭები აქვს მიმადლებული. წარმოდგენა შედგება ყალბი ცნებებისა და ყალბი განცდებისაგან, და ამ თვისებით მთლიანად ტყუილის მამის - ეშმაკის სფეროს ეკუთვნის.

მლოცველი, რომელიც ცდილობს თავის გულში ახალი კაცის განცდები გააღვიძოს, ისე რომ ამის არავითარი ძალა არ შესწევს, თხზავს საკუთარ, ყალბ განცდებს, რომლებსაც მაშინვე უერთდება დაცემულ სულთა გავლენა. კაცი ამ არასწორ განცდებს ჭეშმარიტად და მადლისმიერად აღიქვამს და მათი შესაბამისი წარმოდგენაც უყალიბდება. ეს განცდები გულს ეთვისება, თანდათან ძლიერდება და კვებავს ყალბ წარმოდგენებს. ცხადია, ასეთი არასწორი მოღვაწეობისაგან ჩნდება თავის მოტყუება და ეშმაკის საცთური - „წარმოდგენა“. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს „წარმოდგენა არ აძლევს საშუალებას კაცს, რომ მართლაც ის იყოს, რადაც თავი წარმოუდგენია. ვისაც თავისი თავი უვნებო ჰგონია, ვერასოდეს განიწმინდება ვნებათაგან, ვინც ფიქრობს, რომ სული წმიდის მადლითაა სავსე, ვერასოდეს მოიხვეჭს მას, ვისაც თავი წმინდანთა შორის შეურაცხავს, ვერასოდეს მოიპოვებს სიწმინდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი, ვინც თავის თავს რაიმე სულიერ მოღვაწეობას, სათნოებას, ღირსების ან თვით მადლის მიერ ნიჭებს მიაწერს, ვინც თავს იტყუებს და ინუგეშებს „წარმოდგენით“, ის კარს უხშობს სულიერ მოღვაწეობასაც, ქრისტიანულ სათნოებებსაც და ღმრთაებრივ მადლსაც, და ფართო გზას უთმობს ცოდვასა და ეშმაკებს. „წარმოდგენით“ შეპყრობილებს არავითარი ძალა არ შესწევთ სულიერი წარმატებისა, მათ მოისპეს ამის საშუალება, რამეთუ ტყუილის სამსხვერპლოზე მიიტანეს ადამიანის მთელი მოღვაწეობისა და ცხოვნებას საწყისი - წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ. საოცარი სილაღე უჩნდებათ ამ სახის ხიბლით შეპყრობილებს: ისინი თითქოს ტკბებიან თავიანთი თავით, თავიანთი მოცთუნებული მდგომარეობით, და ეს მდგომარეობა მადლისმიერი ჰგონიათ, ცუდმედიდობითა და ამპარტავნებით არიან სავსე, შესახედავად კი მდაბალნი ჩანან იმათ თვალში, ვინც მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობს და არა ნაყოფით, როგორც მაცხოვარმა გვიბრძანა (მათე, 7,16; 12,33), ანდა „წურთვნილი გონებით“, როგორც მოციქული იტყვის (ებრ. 5,14). ესაია წინასწარმეტყველმა კარგად აღწერა „წარმოდგენის“ ხიბლის მოქმედება დაცემულ ანგელოზში, მოქმედება, რომელმაც აცთუნა და დაღუპა ეს მთავარანგელოზი: „ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიღე, ზედაჲთ ვარსკვლავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა, მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთახდე და საფუძველთა მიმართ ქუეყანასათა“ (ესაია, 14,13-15).

მოწაფე: თავად თუ შეხვედრიხარ ამ სახის ხიბლით შეპყრობილებს? 

ბერი: ასეთები ბევრნი არიან. ყოეელი კაცი, ვისაც არ გააჩნია შემუსრვილი სული, ვინც თავის თავს რაიმე ღირსებებსა და დამსახურებებს მიაკუთვნებს, ყოველი, ვინც განუხრელად კი არ მისდევს მართლმადიდებელი ეკლესიის წავლებას, არამედ თავისი გონებით, თავისი აზრით ან უცხო სჯულის მოძღვრების მიხედვით განიხილავს ამა თუ იმ  დოგმატს და გადმოცემას, „წარმოდგენითაა“ სნეული. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა კაცი გადახრილი სწორი გზიდან და რამდენად ჯიუტად მისდევს ამ ცთომილებას, შესაძლებელია ხიბლის ხარისხის განსაზღვრა.

უძლურია კაცი, უსათუოდ შემოგვეპარება ხიბლის რაიმე სახე, დაიპყრობს ჩვენს არსებას და განგვაშორებს უფლის მადლს. მაკარი დიდი შენიშნაგს, რომ არ არსებობს კაცი, სრულიად თავისუფალი ამპარტავნებას ვნებისაგან, და არც „წარმოდგების“ ხიბლისაგან თავისუფალი კაცი არსებობს სადმე. იგი თვით პავლე მოციქულს ებრძოდა, და საკურნებლად ღმერთი მძიმე განსაცდელებს მოუვლენდა ხოლმე. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე წერს: „რამეთუ არა მნებავს უმეცრება თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩენისა, რომელი-იგი შეგვემთხვია ჩვენ ასიას შინა. რამეთუ გადარეულად დაგვიმძიმდა ჩვენ უფროს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩვენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინება იგი სიკუდილისა მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩვენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან იგი აღადგინნის მკუდარნი“ (2 კორ. 1,8-9).

ამიტომ უნდა ვიღვიძოთ, რომ არავითარი კეთილი საქმე ან თვისება, ბუნებრივი ნიჭი, თვით მადლისმიერი მდგომარეობა არ მივაკუთვნოთ ჩვენს თავს, მოკლედ, არავითარი ღირსება არ მივიწეროთ. „ანუ რა გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს“ (I კორ. 4,7) ღმრთისაგან? ღმრთისაგანა გაქვს ამქვეყნიური ყოფაცა და მეორედ შობაც, აგრეთვე ყველა ბუნებრივი თვისება, ყველა ნიჭი, სულიერიცა და ხორციელიც. ჩვენ ღმრთის მოვალენი ვართ, და ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდით. სწორედ ამ თვალთახედვიდან აღმოცენდება ჩვენი სულის მდგომარეობა, რომელსაც უფალმა „გულის სიგლახაკე“ უწოდა და რომელიც „წარმოდგენის“ ხიბლის საპირისპიროა, მისი დამარხვა გვამცნო და იგი სათნო-ეყო ღმერთს (მათე, 5,3). დიდი უბედურებაა, როდესაც ადამიანები ეკლესიის დოგმატებიდან და ზნეობრივი სწავლებიდან, სული წმიდის სწავლებიდან უხვევენ თავიანთი მჩხრეკელი გონების კარნახით. ესაა „სიმაღლე, ამაღლებული მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (2 კორ. 10, 5). ასეთი ამაღლებულა გონება უნდა დავამდაბლოთ და ქრისტეს დავუმორჩილოთ.

მოწაფე: არსებობს რაიმე კავშირი ხიბლის ამ ორ სახეს შორის?

ბერი: ცხადია, არსებობს. პირველი სახის ხიბლი მუდამ დაკავშირებულია მეორესთან „წარმოდგენით“. ის, ვინც მაცთურ სურათებს თხზავს წარმოსახვის ბუნებრივი უნარის მეშიეობით, მერე ამ სურათებს ოცნებით ხლართავს და მთელ თავის არსებას გამოგონილი მხატვრობის მომხიბლავ, მძლავრ ზეგავლენას უმორჩილებს, უცილობლად წარმოიდგენს, რომ ეს მხატვრობა ღმრთაებრივი მადლითაა შექმნილი, ხოლო ოცნებით გამოწვეული განცდები მადლისმიერი განცდებია.

მეორე სახის ხიბლი, ანუ „წარმოდგენა“ არ თხზავს მაცთურ სურათებს, იგი იმით კმაყოფილდება, რომ იგონებს ყალბ  მადლისმიერ განცდებსა და მდგომარეობებს, რომელთაგანაც იშვება ყალბი არასწორი წარმოდგენა საერთოდ მთელ სულიერ მოღვაწეობაზე. ამ ხიბლით შეპყრობილს ყალბი წარმოდგენა ექმნება ყველაფერზე, რაც კი გარს აკრავს, იგი მოტყუებულია შიგნიდანაც და გარედანაც. ოცნება „წარმოდგენის“ ხიბლით სნეულშიც ძლიერად მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს მხოლოდ განყენებულ სფეროში. ასეთ დროს კაცი იშვიათად ან საერთოდ არ წარმოიდგენს სამოთხეს, ზეციურ სავანეებსა და სამყოფელებს, არაამქვეყნიურ სინათლესა და ნელსუნნელებას, ქრისტეს, ანგელოზებსა და წმინდანებს, მაგრამ სამაგიეროდ იგონებს ყალბ სულიერ მდგომარეობებს: ახლო კავშირს ქრისტესთან (თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“, წიგნი 2, თავი 8), შინაგან საუბარს მასთან (იქვე, წიგნი 3, თავი I), საიდუმლო გამოცხადებებს, შეძახილებს, ტკბობას, აქედან უჩნდება ყალბი წარმოდგენა საკუთარ თავსა და ქრისტეანულ მოღვაწეობაზე, საერთოდ არასწორი აზროვნება და არასწორი განწყობა, და ხან საკუთარი თავით ტკბობას ეძლევა, ხან განხურვებასა და აღტაცებას. ეს მრავალფეროვანი განცდები დახვეწილი ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარების ნაყოფია, მათი ზემოქმედების შედეგად სისხლში ცოდვა და ხიბლი იბუდებს, კაცს კი ყოველივე ეს მადლისმიერ ტკბობად ეჩვენება. თვით ცუდმედიდობასა და გემოთმოყვარეობას აღვიძებს ამპარტავნება - „წარმოდგენის“ ხიბლის ეს განუყრელი თანამგზავრი. ეშმაკთა სიამაყესთან წილნაყარი საზარელი სიამაყეა ორივე სახის ხიბლით შეპყრობილთა მთავარი თვისება. პირველი სახის ხიბლით სნეულები ამპარტავნებას აშკარა შეშლილობამდე მიჰყავს, მეორე სახის ხიბლით დაავადებულთა მდგომარეობა კი რომელსაც საღმრთო წერილი „გონების განხრწნას“ უწოდებს (2 ტიმ. 3,8), ნაკლებად თვალშისაცემია, გარეგნულად სიმდაბლის, ღმრთისმოსაობისა და სიბრძნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ხიბლი ადვილად იცნობა მწარე ნაყოფით. ვინც თავის თავს დიდ ღირსებებსა და სიწმინდეს მიაწერს და „წარმოდგენის“ ხიბლშია ჩავარდნილი, მზადაა ყოველგვარ მზაკვრობაზე, ორგულობაზე, ტყუილსა და უსჯულრებაზე. ასეთები მტრობით არიან აღვსილნი ჭეშმარიტების მსახურთა მიმართ და საშინელი სიძულვილით ესხმიან თავს, რაკიღა ისინი არ აღიარებენ მოხიბლულებში მდგომარეობას, რომელსაც თვითონ მადლიერად მიიჩნევენ და ასეთადვე წარუდგენენ დაბრმავებულ სოფელს.

მოწაფე: კი მაგრამ, ხომ არსებობს ჭეშმარიტად მადლისმიერი სულიერი მდგომარეობებიც, როდესაც ადამიანი სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდის, სულს ქრისტეანობის საიდუმლოებები ეცხადება, გული გრძნობს სული წმიდის მოქმედებას და ქრისტეს მოღვაწე სულიერ ხილვათა ღირსი ხდება?

ბერი: ცხადია, არსებობს. მაგრამ ეს მდგომარეობები მხოლოდ იმ ქრისტეანებისთვისაა მისაწვდომი, ვინც ქრისტეანულ სრულყოფილებას მიაღწია. ვინც მანამდე სინანულით განიწმინდა და მოემზადა. საერთოდ სინანული, სიმდაბლის ყველა სახით, მეტადრე სულის სიგლახაკით, გლოვით გამოხატული, თანდათან ასუსტებს ადამიანში ცოდვის გავლენას. ასეთი სინანულის მოსაპოვებლად საკმაო დროა საჭირო, და ეძლევა ჭეშმარიტ თავდადებულ მოღვაწეს ღმრთის განგებით, რომელიც ფხიზლად იცავს ასეთ მოღვაწეს. ვნებებთან ბრძოლა ძალიან სასარგებლოა, ყველაზე მეტად სწორედ ამით მოვიპოვებთ სულის სიგლახაკეს. მსაჯული ჩვენი და ღმერთი ჩვენი ზრუნავს უმჯობესისათვის სულისა ჩვენისა, ამიტომაც სულგრძელებს და გვიან ჰყოფს შურისგებას ჩვენი მტრის - ცოდვის წინააღმდეგ (ლუკა 18,7). როდესაც ვნებები ძალიან სუსტდებიან (ეს კი უფრო ცხოვრების დასასრულს ხდება), მაშინ ნელ-ნელა ჩნდება სულიერი მდგომარეობები, რომლებიც სრულიად განსხვავდება „წარმოდგენით“ შეთხზული მდგომარეობებისგან. ჯერ ერთი, მოდის მადლისმიერი გლოვა, განბანს და განასპეტაკებს სულის ტაძარს იმ ნიჭების მისაღებად, რომლებიც, სულიერი კანონის თანახმად, გლოვას მოჰყვება. ხორციელ კაცს არავითარი წარმოდგენა არა აქვს სულიერ მდგომარეობაზე, მან არც კი იცის, რა არის მადლისმიერი გლოვა: ამ მდგომარეობების შეცნობა მხოლოდ გამოცდილებითაა შესაძლებელი (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55).სულიერი ნიჭები ღმრთაებრივი სიბრძნით გაიცემა, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ სიტყვიერმა ჭურჭელმა, რაიმე ნიჭის მისაღებად გათვალისწინებულმა, შეძლოს ამ ნიჭის დატევნა. ახალი ღვინო გახეთქავს ძველ თხიერს (მათე 9,17)! შენიშნულია, რომ ჩვენს დროში სულიერი ნიჭები უდიდესი ზომიერებით გაიცემა, იმ სისუსტის შესაფერისად, რომელიც საერთოდ მთელ ქრისტეანობასა აქვს დაუფლებული, ღმერთი იმდენს მიჰმადლის კაცს ამ ნიჭებს, რაც მხოლოდ მისი სულის საცხოვნებლადაა საკმარისი და პირიქით, „წარმოდგენა“ კი უზომო სიუხვითა და აჩქარებით გასცემს თავის „ნიჭებს“.

სულიერ მდგომარეობათა საერთო დამახასიათებელი ნიშანია ღრმა სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარეობა, ამასთან შეერთებულია საკუთარი თავის ყოველ კაცზე უარესად შერაცხვა, სახარებით ნამცნები სიყვარული მოყვასისადმი, მისწრაფება სოფლისაგან განდგომისაკენ. „წარმოდგენა“ აქ ფეხს ვერ მოიკიდებს, რამეთუ სიმდაბლე ნიშნავს საკუთარ ღირსებათა უარყოფას, მხსნელის აღიარებას, ყოველი სასოების მასზე დაფუძნებას, ხოლო „წარმოდგენა“ - ღმრთისაგან ბოძებულ ღირსებათა საკუთარი თავისთვის მიკუთვნებას და არარსებულ ღირსებათა გამოგონებას. იგი საკუთარ თავზე ამყარებს სასოებას და გულგრილად, სხვათა შორის აღიარებს მაცხოვარს, თავისი თავის განსადიდებლად ადიდებს ღმერთს, როგორც ამას ფარისეველი სჩადიოდა (ლუკა 18,11). „წარმოდგენით“ შეპყრობილნი უფრო ხშირად გემოთმოყვარეობას ეძლევიან, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს ისეთ მაღალ სულიერ მდგომარეობებს მიაკუთვნებენ, რომლის მსგავსი სწორ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არსად ჩანს, ცოტანი ახერხებენ არ დაემონონ გემოთმოყვარეობას, და ისიც იმიტომ, რომ მათში ბატონობს უპირველესი ვნებათა შორის - ამპარტავნება.

მოწაფე: შეიძლება თუ არა, რომ „წარმოდგენად“ სახელდებული ხიბლისაგან გაჩნდეს რაიმე ხელშესახები, თვალსაჩინო უბედურებები?

ბერი: ამ ხიბლისაგან წარმოიშვა დამღუპველი წვალებები, განხეთქილებები, უსჯულოება, ღმრთის გმობა. მისი ყველაზე მძიმე, ხილული შედეგია არასწორი, თვითონ კაცისა და მის გარშემომყოფთათვის მავნე საქმიანობა. ეს ის ბოროტებაა, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ აშკარა და ყოვლისმომცველია, მაინც ნაკლებად თვალშისაცემია და ამდენად, ნაკლებად მისახვედრი. „ხიბლით“ შეპყრობილებს ყველასათვის აშკარა უბედურებებიც ემართებათ, მაგრამ იშვიათად. “წარმოდგენას“ გონება საშინელ შეცდომამდე კი მიჰყავს, მაგრამ შეშლამდე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია - არა. ვალაამის კუნძულზე, შორეულ, განმარტოებულ ქოხში ცხოვრობდა სქემოსანი მონაზონი პორფირი, მას მეც ვიცნობდი. ლოცვის ღვაწლი ჰქონდა აღებული, არ ვიცი კი, კერძოდ როგორი ლოცვისა. არასწორად რომ ჰქონდა წარმართული ეს საქმე, ამის მიხვედრა სქემოსანი მონაზვნის საყვარელი წიგნის მიხედვითაც შეიძლება. ესაა დასავლეთის ეკლესიის მწერლის თომა კემპიელის „იესო ქრისტეს მიბაძვა“, რომლითაც ხელმძღვანელობდა კიდეც. ეს წიგნი „ხიბლის“ მდგომარეობიდანაა დაწერილი. შემოდგომის ერთ საღამოს მისი სენაკის ახლოს მდებარე სკიტეს ბერები მოინახულა. გამომშვიდობებისას მათ გააფრთხილეს, ყინულზე ნუ გადახვალ, ეს-ესაა მოიყინა და ძალიან თხელი ფენააო. პორფირის უდაბნოს და სკიტეს ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა და მისთვის ხმელეთით უნდა შემოევლო. პორფირიმ წყნარად, გარეგნული სიმდაბლით უპასუხა, მე უკვე მსუბუქი ვარ, და წავიდა. ცოტა ხანში განწირული ყვირილი შემოესმათ. სკიტელი ბერები შეშფოთდნენ, გარეთ გაცვივდნენ. უკუნეთი სიბნელე იყო, სანამ იმ ადგილს მიაგნეს, სადაც უბედურება მოხდა, სანამ მოიფიქრეს, როგორ ამოეყვანათ, ხელში უსულო სხეულიღა შერჩათ.

მოწაფე: შენ „ქრისტეს მიბაძვა“ ახსენე და ისიც თქვი, ხიბლის მდგომარეობიდანაა დაწერილიო, მაგრამ მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს თვით მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა შორისაც!

ბერი: სწორედ ეგ თაყვანისმცემლები არიან, ბევრს რომ ლაპარაკობენ წიგნის ღირსებებზე და არც კი ესმით რას სჩადიან. „მიბაძვის“ 1834 წლის რუსული გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ერთი ფრიად განსწავლული კაცი, - რუსი, მარილმადიდებელი, - ამბობდა: „თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, საღმრთო წერილის შემდეგ თამამად მივუჩენდი ადგილს კემპიელის წიგნს იესო ქრისტეს მიბაძვის შესახებ“. ამ შეუვალი მსჯელობის ავტორი სრულ უპირატესობას ანიჭებს უცხო სჯულის მწერალს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების წინაშე, ხოლო საკუთარ აზრს მთელი ეკლესიის აზრზე მაღლა აყენებს, იმ ეკლესიისა, რომელმაც წმიდა საეკლესიო კრებებზე ღმრთივსულიერად შერაცხა წმიდა მამების ნაწერები, და გვამცნო მათი კითხვა არა მხოლოდ ეკლესიის შვილთა სულიერი სწავლებისთვის, არამედ საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის დროსაც ისინი დაგვიდგინა სახელმძღვანელოდ. მამების ნაწერებში უდიდესი სულიერი, ქრისტეანული და საეკლესიო საგანძურია დამარხული - ესაა წმიდა ეკლესიის დოგმატური, ზნეობრივი სწავლება. ჩანს, „მიბაძვამ“ ზემოთხსენებული კაცი იმ მდგომარეობაში ჩააგდო, საიდანაც მან ასეთი განუსჯელი, ასეთი მცდარი ასეთი სავალალო დასკვნა გამოიტანა [1].

ეს გახლავთ სწორედ ხიბლი და საკუთარი თავის ცთუნება. იგი ყალბი წარმოდგენებისგანაა შექმნილი, ყალბი წარმოდგენები კი ამ წიგნიდან მიღებული არასწორი გრძნობებისგან ჩნდება. წიგნში ცხოვრობს და სუნთქავს ბოროტი სული, რომელიც აცთუნებს მკითხველს, ათრობს მომწამვლელი სიცრუით, რომელიც დახვეწილი ამპარტავნებით, ცუდმედიდობითა და გემოთმოყვარეობითაა შეზავებული. წიგნს მკითხველი პირდაპირ ღმერთთან კავშირისკენ მიჰყავს, ისე რომ მანამდე სინანულით განწმენდის აუცილებლობას არ აღიარებს, ამიტომაც იწვევს განსაკუთრებულ თანაგრძნობას იმათ შორის, ვინც ვნებებითაა შეპყრობილი, ვისთვისაც უცნობია სინანულის გზა, ვინც არაა დაცული თავის ცთუნებისა და ხიბლისაგან, ვისი ცხოვრებაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების სწავლებით არაა წარმართული. წიგნი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სისხლსა და ნერვებზე, აღაგზნებს მათ, და ამიტომ განსაკუთრებით მოსწონთ გრძნობებს დამონებულ ადამიანებს: ამ წიგნით შეიძლება ისე დატკბე, რომ თან არც უხეშ, გრძნობისმიერ ტკბობაზე თქვა უარი. ამპარტავნება, დახვეწილი გემოთმოყვარეობა და ცუდმედიდობა წიგნში ღმრთის მადლის მოქმედებადაა წარმოდგენილი. ხორციელი ადამიანები გაფაქიზებულად აღიქვამენ საკუთარი მრუშობის სიმყრალეს და აღტაცებას გრძნობენ ტკბობისაგან, რომელიც ეძლევათ უშრომლად, თავგანწირვის გარეშე, სინანულის გარეშე, ვნებებითა და გულისთქმებით სავსე ხორცის ჯვარზე გაკვრის გარეშე (გალ. 5,24), დაცემის მდგომარეობის მიღებთ. თავიანთ სიბრმავესა ღა ამპარტავნებას აყოლილნი პირუტყვული ვნებების სარეცლიდან ხალისით გადადიან კიდევ უფრო ცოდვიანი სიყვარულის სარეცელზე, რომელიც დაცემულ სულთა საკუთრებაა. ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მაღალ და განათლებულ საზოგადოებას ეკუთვნის და გარეგნულად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, წმინდანს უწოდებს გარდაცვლილ ლუთერანელ ქალს და ასე აფასებს მის ცხოვრებას: „მას ვნებიანად უყვარდა ღმერთი, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა, მხოლოდ ღმერთს ხედავდა, კითხულობდა მხოლოდ სახარებასა და „მიბაძვას“, რომელიც მეორე სახარებაა“. ამ სიტყვებით სწორედ ის მდგომარეობაა გადმოცემული, რომელიც „მიბაძვის“ მკითხველებსა და თაყვანისმცემლებს ეუფლებათ. ფაქტიურად იგივეს ამბობს ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი ქ-ნი სევინიე ცნობილ ფრანგ პოეტზე, უფროს რასინიზე: „მას ისე უყვარდა ღმერთი, როგორც ადრე - თავისი ხარჭები“ - ასეთი კადნიერი ფორმით ჩამოაყალიბა მწერალმა თავისი აზრი. ცნობილი კრიტიკოსი ლა არპი, რომელიც თავიდან ათეისტი იყო, მერე კი არასწორად გაგებულ და დამახინჯებულ ქრისტეანობამდე მივიდა, იწონებს ქ-ნ სევინიეს ამ გამონათქვამს და ამბობს: „გული, რომლითაც დამბადებელი და დაბადებული უყვართ, ერთია, თუმცა ამ ორი სიყვარულის შედეგები იმდენადვე განსხვავებულია, რამდენადაც მათი ობიექტები“. რასინი გარყვნილებიდან „წარმოდგენის“ ხიბლის მდგომარეობაში გადავიდა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს პოეტის ბოლო ორ ტრაგედიაში: „ესთერსა“ და „გოთოლიაში“. რასინის „მაღალმა“ ქრისტეანულმა აზრებმა და განცდებმა ადგილი ჰპოვეს მუზებისა და აპოლონის [2] ტაძარში - თეატრში, თან აღტაცება და ტაშისცემაც გამოიწვიეს. „გოთოლია“ რასინის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარეს და ზედიზედ ორმოცჯერ წარმოადგინეს სცენაზე. ამ ტრაგედიის სული „მიბაძვისას“ ემთხვევა. ჩვენ გვწამს, რომ კაცის გულში არსებობს პირუტყვული გულისთქმა, რომელიც დაცემულ სულთა გულისთქმასთანაა კავშირში. ჩვენ ისიც გვწამს, რომ გულში არსებობს აგრეთვე სულიერი გულისთქმა, რომელიც წმიდა ანგელოზთა გულისთქმას ეთანხმება. იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ღმერთში - მოყვასი, აუცილებელია განვიწმინდოთ პირუტყვული გულისთქმისაგან. მაგრამ სული წმიდა მხოლოდ იმ ადამიანს განწმენდს, ვინც თავისი ცხოვრებით გამოხატავს განწმენდის სურვილს. გული ზნეობრივი მნიშვნელობით სწორედ გულისთქმასა და სხვა სულიერ ძალებს ეწოდება, და არა სხეულის ნაწილს - გულს.

ხორციელ კაცთაგან განსხვავებით სულიერი ადამიანება მყისვე გრძნობენ „მიბაძვიდან“ გამომავალ სიმყრალეს და ზურგს აქცევენ მას. უდაბნოში დაყუდებულ ბერს, ესაიას, შინაგანი ლოცვის დიდ მოღვაწეს, ერთხელ წაუკითხავს ნაწყვეტები „მიბაძვიდან“. ბერი მყისვე ჩასწვდა მის მნიშვნელობას, გაიცინა და თქვა: „ოჰო! ეს წიგნი „წარმოდგენის“ მდგომარეობიდანაა დაწერილი. აქ არაფერია ჭეშმარიტი, ყველაფერი გამოგონილია. როგორადაც წარმოუდგენია თომას სულიერი მდგომარეობები (თუმცა გამოცდილებით არაფერი იცის მათ შესახებ), ისევე აღუწერია ისინი“. ხიბლი, ერთი მხრივ, მძიმე სანახაობაა, რადგან უბედურებაა, და მეორე მხრივ - სასაცილო, რადგან უაზრობაა, კირილო-ნოვოზერსკის მონასტრის არქიმანდრიტი თეოფანე, ცნობილი მკაცრი ცხოვრებით, თავისი უბრალოების გამო მხოლოდ ხორციელ მოღვაწეობას მისდევდა და სულიერზე ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა. იმათ, ვინც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრობდა, თავიდან ურჩევდა „მიბაძვის“ წაკითხვას, მაგრამ აღსასრულამდე რამდენიმე წლით ადრე აკრძალა და მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით ამბობდა: „ადრე „მიბაძეა“ სულისათვის სარგო წიგნი მეგონა, მაგრამ ღმერთმა გამომიცხადა, რომ იგი პირიქით, მავნე ყოფილა“. ასევე ფიქრობდა გამოცდილი ბერი, მღვდელმონაზონი ლეონიდე, რომელმაც ოპტინის უდაბნოს ზნეობრივ წარმართებას ჩაუყარა საფუძველი. ყველა ამ მოღვაწეს მე პირადად ვიცნობდი. ერთმა თავადმა, მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდილმა, რომელიც კარგად იცნობდა ე.წ. მაღალ საზოგადოებას, თავის ქალიშვილს ხელში „მიბაძვა“ რომ დაუნახა, აუკრძალა ამ წიგნის კითხვა და უთხრა: „მე არ მინდა, რომ შენ ღმერთის წინაშე კეკლუცობას დაეჩვიო“. ძალიან ზუსტი შეფასებაა!

მოწაფე: არსებობს თუ არა ხიბლის სხვა სახეები? 

ბერი: თავის ცთუნებისა და ეშმაკის საცთურის ყველა კერძო სახე ხიბლის ამ ორ სახეში შედის და ჩნდება ან გონების, ან გულის არასწორი მიმართულებისაგან. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული „წარმოდგენის“ ხიბლი. თავის ცთუნებისა და ხიბლის მდგომარეობას სრულიად სამართლიანად მიაკუთვნებენ ამ მონაზვნების სულიერ განწყობასაც, რომლებიც უარყოფენ იესოს ლოცვასა და საერთოდ, შინაგან ლოცვას, და მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობით კმაყოფილდებიან, არ აცდენენ საეკლესიო წირვა-ლოცვას და ყოველთვის ასრულებენ სენაკის ლოცვის წესს, რომელიც მარტოდენ ფსალმუნებისა და ზეპირი ლოცვებისაგან შედგება. ასეთები ვერ გაექცევიან „წარმოდგენის“ ხიბლს, როგორც ამას ბერი ბასილი გვიხსნის გრიგოლ სინელის წიგნის წინასიტყვაობაში, თვითონ ბასილი კი ძირითადად ეყრდნობა ღირსი გრიგოლ სინელისა და ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაწერებს. ნიშანი იმისა, რომ „წარმოდგგნა“ შეეპარა, მოღვაწისათვის ეს უნდა იყოს: იწყებს ფიქრს, რომ უკვე მღვიძარე ცხოვრებით ცხოვრობს, ამპარტავნება იპყრობს, და არაფრად აგდებს და აუგად მოიხსენიებს სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს კი სამწყსოს გაძღოლისა და პატრონობის ღირსად მიიჩნევს, იმ ბრმის მსგავსად, სხვა ბრმებს რომ მიუძღვის (ფილოკალია, ტ. I, „ყურადღებისა და ლოცვის მეორე სახისათვის“). ზეპირი  და ხმამაღალი ლოცვა მაშინაა შედეგიანი, როდესაც იგი ყურადღებასთანაა შეერთებული, რაც ერთობ იშვიათად გვხვდება, რამეთუ ყურადღებას ძირითადად იესოს ლოცვის მეშვეობით ვსწავლობთ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

 


[1] - „მიბაძვა“ თავიდან თვით დასავლეთის ეკლესიამ დაგმო, ინკვიზიცია მას სდევნიდა. შემდეგ დევნა შეწყდა და პირიქით, მფარველობად შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ წიგნი პროპაგანდის კარგი იარაღია იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც დაკარგეს ქრისტიანობის ჭეშმარიტი წვდომა და მისადმი ზერელე დამოკიდებულებაღა შერჩათ. პაპის პროპაგანდაში იგულისხმება იმ აზრის გავრცელება, რომელიც პაპს სურს თავს მოახვიოს კაცობრიობას - ესაა დებულება, რომ პაპის ძალაუფლება არის უზენაესი, თვითმპყრობელური და განუსაზღვრელი. პროპაგანდა, ამ დებულების დანერგვას ისახავს მიზნად და ნაკლებ ყურადღებას კი უთმობს თვით სწავლების ხარისხს, მისთვის მისაღებია ყოველივე, რაც მის მიზანს ემსახურება, მისაღებია თვით ქრისტეს რწმენა, კერპთმსახურებასთან შეერთებული.

[2] - მუზები და აპოლონი ძველ წარმართთა ბერძენთა და რომაელთა ღმერთებია. მათ ხელოვნების მფარველობას  მიაწერდნენ.