მამა ლავრენტი ხშირად საუბრობდა ჩერნიგოველ მონაზვნებთან უკანასკნელ ჟამზე:
- საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ, რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არცერთი მომდევნოზე! იქნებ იმიტომაც, რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ, როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ. თავდაპირველად იტყვიან, რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნები. უფალი მოითმენს-მოითმენს და მერმე იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა!
როდესაც განკითხვის დღე დადგება, იგი იმდენ ხანს გაგრძელდება, რაც სჭირდება ექვსფსალმუნის გალობას... ახლა ყველას სული სხეულით აქვს დაფარული, სამსჯავროზე კი სხეული იქნება სულით დაფარული.
ერში ყველა როდი წარწყმდება, ისევე როგროც მონასტერში ყველა არ ცხონდება! მონასტრის მონაზვნები და სამონაზვნეები მეშვიდე ცაში იქნებიან, მაგრამ რა ელოდებათ ქალწულებს, რომლებიც ერში იქნებიან? აი, ამ სქემონაზვნებს ეტყვის უფალი, რომ ამ ფარულ ქალწულებს ადგილი დაუთმონ და ეს უკანასკნელნი მათზე ბევრად უფრო წინ წარდგებიან! ეს ფარული ქალწულნი, რომელნიც ერში არიან, ღვთის წინაშე მონასტრისებზე მაღლა დადგებიან!
უკანასკნელ ჟამს ბევრი ადამიანი დაავადდება თავით, მაგრამ თუ ბოლომდე დაითმენენ, ცხონდებიან!
ერთხელ ლავრენტი ჩერნიგოველმა ტირილით თქვა, რომ მღვდელმთავრები ცოტა გვყავსო. დედებმა საეკლესიო კალენდარი გადაშალეს და თავიანთ მოძღვარს უთხრეს:
- აი, მამაო რამდენი მღვდელმთავარი გვყავს.
- არა, - უპასუხა ლავრენტიმ, - მე მხოლოდ ოთხს ვხედავ; იქნება მეხუთეც. დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებს ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე: ექნებათ მანქანები და აგარაკები, ივლიან კურორტებზე, წაერთმევათ იესუს ლოცვა! ისინი სულაც დაივიწყებენ მას! შემდეგ ისინი თვითონ გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც არ უნდა იარებოდნენ და სულმოკლეებსაც აიყოლიებენ! თქვენ კი ბრძენნი და განმსჯელნი იყავით. მათ ლამაზ სიტყვებს უსმინეთ, ხოლო მათსავე საქმეებს ნუ მიჰბაძავთ!
უკანასკნელ ჟამს ცხონება ძნელი არაა, მაგრამ ბრძნული. ვინც ყველა ამ ცდუნებას გადალახავს, ცხონდება! პირველთა შორის იქნება. უწინდელნი იქნებიან ვითარცა მნათობნი, ხოლო უკანასკნელნი - როგორც მზე.
როდესაც ვისმე სასულიერო პირად ხელს ასხამდნენ, ღირსი მამა მწარედ ტიროდა. მონაზვნებს კითხვაზე: ასე რატომ სტირიო, სევდიანად პასუხობდა:
- ამ სამღვდელოთაგან უდიდესი უმეტესობა თავისი უდები და მცონარე ცხოვრების გამო წარწყმდებიან! ისინი უღალატებენ წმ. ეკლესიას და ხალხსაც გაიყოლიებენ. არ იფიქრებენ თავიანთ ცხონებაზე, მეტადრე სხვებისა.
ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრებიც გარემონტდება და არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. მოაოქროვებენ ტაძრებსა და სამრეკლოების გუმბათებს, ხოლო როცა დაასრულებენ მთავარს, ანტიქრისტეც გამეფდება. ილოცეთ, რათა უფალმა ეს დრო გაგვიხანგრძლივოს განსამტკიცებლად: საშინელი დროება გველოდება. ტაძრების რესტავრაცია ანტიქრისტეს გამეფებამდე გაგრძელდება და არნახული ბრწყინვალება იქნება მათში.
- და ხედავთ, მთელი ეს მზაკვრობა როგორ მზადდება? ტაძრებში გარეგანი ბრწყინვალება იქნება, მაგრამ იქ სიარული არ შეიძლება, რამეთუ მათში უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება. ის იქნება არა ეკლესია, არამედ „შესაკრებელი ეშმაკისაი“ (გამოცხადება 2; 9)! ასეთ ტაძრებში სიარული არ შეიძლება: მათში მადლი არ იქნება!
ანტიქრისტე მეფედ იერუსალიმის ბრწყინვალედ აღდგენილ ტაძარში იკურთხება და მის კურთხევაში რუსეთის პატრიარქი და სამღვდელოებაც მიიღებს მონაწილეობას. იმხანად იერუსალიმში მიმოსვლა დაუბრკოლებლად შეიძლება ყველასთვის, მაგრამ თქვენ ეცადეთ, არ გაემგზავროთ, რადგან ყველაფერი იქნება გაკეთებული „ცთუნებამდე“ (მათე, 24; 24), მოსახიბლად! ანტიქრისტე ვითომცდა ქალწულისაგან წარმოსდგება, სინამდვილეში კი იგი მრუში იქნება ებრაელთა დანის ტომიდან. ანტიქრისტე დაუფლებული იქნება სატანის მთელ ეშმაკურ მანქანებას და ცრუ-სასწაულებს მოახდენს. მას მოუსმენს და იხილავს მთელი მსოფლიო. თავისიანებს იგი სატანის ბეჭდით დატვიფრავს. სიძულვილი ექნება მართლმადიდებლური რუსეთის მიმართ.
ღირსმა ლავრენტიმ ერთ დიაკონს, რომელიც ახლა უკვე მოხუცებულია, პირდაპირ უთხრა:
- შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამოჩენას! ნუ შეშინდები, ყველას ამცნე, რომ იგი ანტიქრისტეა! იქნება ომი და სადაც ის გაივლის, იქ ადამიანები აღარ იქნებიან! მანამდე უფალი უძლურებს ავადმყოფობებს გამოუგზავნის და ისინი მოკვდებიან, ხოლო ანტიქრისტეს დროს სიკვდილი არ იქნება. მესამე მსოფლიო ომი იქნება უკვე არა სინანულისათვის, არამედ გასაჟლეტად. ყველაზე ძლიერთ კი უფალი თავის შესახვედრად დატოვებს.
... დადგება დრო, როდესაც იქნება „ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი“ და გაჩაღდება მსოფლიო ომი. შუა ომში იტყვიან: მოდით, ერთი ამოვირჩიოთ და მან მართოს მთელი ქვეყანა. აირჩევენ კიდეც! ანტიქრისტეს როგორც საყოველთაო მმართველს და დედამიწაზე უმთავრეს „მშვიდობისმყოფელს“ ამოირჩევენ. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ფხიზლად ვიყოთ! როგორც კი მთელს ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!
ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან და ისინი არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ, მხოლოდ ერთმანეთის დახოცვა ედებათ გულში. დემონები ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს შეპყრობილი კაცისკვლის ჟინით. თვით სატანა კი ამოვა რა ტარტაროზიდან, თორმეტი წლის ბიჭუნაში შევა, რომელიც შემდგომში ანტიქრისტე იქნება და მთავარი სულთამხუთავი.
რუსები ბოლო ჟამს მოინანიებენ სასიკვდინე ცოდვებს: ებრაელ-მასონთა უსჯულოება რომ დაუშვეს და არ დაიცვეს ღვთის ცხებული მეფე, ეკლესია-მონასტრები და სხვა სიწმინდეები. რომ მოიძაგეს ღვთისმოსაობა და შეიყვარეს საეშმაკო უკეთურება. იქნება სულიერი აფეთქება და რუსეთი ყველა სლავ ხალხებთან და ქვეყნებთან ერთად შეჰქმნის ძლიერ სამეფოს, რომელსაც სათავეში ეყოლება მართლმადიდებელი ღვთივცხებული მეფე (იმეფებს ორი წელი და რვა თვე). მისი დამსახურებით რუსეთში ყველა სექტა და სქიზმა გაქრება. მართლმადიდებელ ეკლესიაზე დევნა არ იქნება. მაცხოვარი რუსეთს შეიწყალებს, რამეთუ მასში ანტიქრისტეს საშინელი წინა პერიოდი უკვე იყო. რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში თვით ანტიქრისტესაც ექნება. ყველა სხვა ქვეყანა კი, გარდა რუსეთისა და სლავური მიწებისა, ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ მოექცევა და ყველა იმ საშინელებათა და სატანჯველის გადატანა მოუწევთ, რაც წმ. წერილშია აღწერილი. რუსეთში კი სარწმუნოების აყვავება იქნება და ზეიმი, თუმცა ხანმოკლე დროით, რამეთუ მოვა საშინელი მსაჯული განსჯად ცოცხალთა და მკვდართა... ღმრთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა, მაგრამ მცირე ხნით, როგორც ასეთი, ანტიქრისტე იქ ვერ გამეფდება, საყდარს ვერ განიმტკიცებს.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ადამიანი, რომელიც არ ისურვებს და არც იხილავს ანტიქრისტეს ღვთივსაძულველ სახეს. ვინც მას უყურებს და მოუსმენს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით), მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში!
- ეს როგორ მოხდება? - დაეკითხნენ ღირს ლავრენტის დედები. მოძღვარი ატირდა და სთქვა:
- წმინდა ადგილას დადგება საძაგელი მოოხრებისა და ამ სოფლის მაცდურნი ღვთისუარმყოფელ ადამიანებს ცრუ ნიშ-სასწუალებით მოხიბლავენ. მათ შემდეგ გამოჩნდება ანტიქრისტე! მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას.
ლავრენტის კვლავ დაეკითხებიან: სად წმინდა ადგილას, ეკლესიაში?
ამაზე უპასუხა:
არა ეკლესიაში, არამედ ჩვენთან სახლში! უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმ. ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს* დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტებისა გზისაგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს მოვუსმინოთ ახალ ამბებს. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას.