იყო დრო, როცა ადამიანები რამდენიმე ასეულ წელს ცოცხლობდნენ, ხოლო ახლა „დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი“ (ფსალმ. 89,10). მაგრამ ასეთ სიბერემდეც ათიდან ერთი თუ მიაღწევს: დანარჩენი ცხრა კვდება - ვინ ბავშვობაშივე, ვინც სიყმაწვილეში, ვინ კაცობის ასაკში. დიდი ხნის გარდასულ დროთ, რა თქმა უნდა, უკან ვეღარ დააბრუნებ. მაგრამ მიწიერთაგან რომელს არ გვინდა დიდხანს სიცოცხლე? და ვინ გვეტყოდა, რაში მდგომარეობს დღეგრძელი სიცოცხლის საიდუმლო? ყველაზე უკეთესია, რა თქმა უნდა, ამის შესახებ მას ვკითხოთ, ვინც თავად მიაღწია ღრმა სიბერემდე, და მაშასადამე, ცხოვრების გამოცდილებით ჩასწვდა ამ სანუკვარ საიდუმლოს. მაგრამ სად არიან ეს მოხუცებულნი, ღვთის რჩეულნი, რომლებთან მიახლოება თვით სიკვდილსაც კი ეშინია თავისი ბასრი ცელით, სანამ მხცოვანებს ჭაღარა არ დაუმშვენებთ თავს? - ეს მოხუცნი წმიდა ბერები არიან, მათი საცხოვრისი ვიწრო სენაკები, უკაცრიელი უდაბნოები, ბნელი მღვიმეები და გაუვალი ტევრებია! ძნელი იქნებოდა ამის დაჯერება, რომ არ ყოფილიყო ბევრი უტყუარი თვითმხილველი - მოწმე. გადაშალეთ წმიდა მამათა ცხოვრებანი და წაიკითხეთ: მათი დღისა და ღამის უმეტესი ნაწილი საეკლესიო ღვთისმსახურებაში გადიოდა; შემდეგ - საათობით მუხლმოყრა და ლოცვად დგომა თავის სენაკში; მერმე - ხელსაქმე; ძნელი შრომა სამონასტრო მორჩილებისა და დღე-ღამეში საათი, საათნახევარი დასვენებისთვის; ყოველივე ამასთან, ძალზე მწირი საჭმელი, ხშირად ოდენ პური და წყალი. დიდხანს ყოფნის კაცის ხორციელი ძალა ასეთი შრომა-გარჯისას?
აი, ამ ხუცესთ ოთხმოცი, ოთხმოცდაათი და ასი წელიც კი ჰყოფნიდათ!
პახომი დიდმა 85 წლამდე იცოცხლა, ექვთიმე დიდმა - 97 წელი, თეოდოსიმ - 105 წელი, მაკარი ალექსანდრიელმა - 90 წელი, პაისი დიდმა - 95 წელი, საბა განწმენდილმა და იოანიკე დიდმა - 94-94 წელი.
კიდევ უფრო მძიმეა განმარტოებული მეუდაბნოეს ცხოვრება. ცხოვრობს იგი ღია ცის ქვეშ, ან რომელიმე მღვიმეში, ხის ფუღუროში. სამოსი მისი ერთია წლის ნებისმიერ დროს, ერთი ძონძი მთელი ათწლეულების მანძილზე. თავშიშველი, ფეხშიშველი, იგი უდრტვინველად იტანს მზის მცხუნვარებასაც და საშინელ ყინვებსაც, ქარიშხლებსაც და ავდარსაც. ნახევრადდაობებული პურის ხმელი ქერქი, ანდა ველური ნაყოფი, ფესვები, ფოთლები, რამდენიმე წვეთი წყალი - აი მთელი მისი საკვები, მაგრამ იგი ამ საკვებსაც კი ხშირად იკრძალავდა რამდენიმე დღითა თუ მთელი კვირით. ცხოვრების ამგვარი ნირი მეუდაბნოეთ გარეგნობასაც კი უცვლიდა. ხანდახან მათ გრძელი თმები ჰქონდათ მოშვებული, ტანი მათი მუქ ფერს იღებდა, ადამიანებს შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც კი არ შეხვედროდნენ, და როცა ხვდებოდნენ ეკითხებოდნენ, კიდევ თუ სდგასო ქვეყნიერება, დიდი ხნის წინ ჩვენს მიერ მიტოვებულიო? თითქოსდა ერთ თვესაც ვერ ვიცოცხლებდით ასეთ ვითარებაში. ისინი კი მთელ თავიანთ სიცოცხლეს ატარებდნენ ასე, თანაც რამდენ ხანს ცოცხლობდნენ:
ანტონი დიდმა 105 წელი იცოცხლა, აქედან უდაბნოში - 70 წელი, მაკარი ეგვიპტელმა - 97 წელი, ონუფრი დიდმა მხოლოდ უდაბნოში - 60 წელი, ილარიონ დიდმა - 80 წელი, ილია ეგვიპტელმა - უდაბნოში - 70 წელი, კირიაკმა - 107 წელი, ანინმა - 109 წელი, იოანე მდუმარემ - 100 წელი, პავლე კომელიელმა სულ 112 წელი, აქედან უდაბნოში - 50 წელი, ხოლო მონასტერში - 40 წელი.
იყვნენ წმიდა განდეგილნიც, დაყუდებულნიც, შეიძლება ითქვას, ბნელ ქვაბებსა და სენაკებში ცოცხლად დამარხულნიც. ამ სენაკებს არც შესასვლელი ჰქონდა და არც გამოსასვლელი და ისეთი ვიწრო და ბნელი იყო, რომ წმიდა განდეგილნი, მუდამ მოხრილ, თითქმის უმოძრაო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთი ლუკმა პური, ერთი ყლუპი წყალი, და ისიც ყოველდღე არა - აი, რით იკვებებოდნენ ისინი. ადამიანებთან თითქმის არანაირი ურთიერთობა არა ჰქონდათ ხოლმე, გარდა რჩევა-კურთხევის სიტყვისა. განა დიდხანს შეიძლება ამგვარ კუბოებში სიცოცხლე?
ისინი კი, აი რამდენ ხანს ცოცხლობდნენ, და თანაც მხოლოდ სენაკში: ღირსი აბრამი - 47 წელი, პეტრე ათონელი - 52 წელი, ანტონი პეჩორელი - 56 წელი (სულ 90 წელი), იოანე მრავალვნებული - 30 წელი, ღირსი ირანარქი - 38 წელი (სულ 69 წელი) და სხვა.
და ბოლოს - იყვნენ კიდევ მესვეტენი. ძნელია, წარმოსადგენადაც კი ძნელია ეს დიდი ღვაწლი. მთელი სიცოცხლე, დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ, სიცხისა და ყინვების, ქარიშხლისა და ავდრის მიუხედავად იდგა მესვეტე უმოძრაოდ, ვითარცა თავის სვეტს მიჭედილი. ფეხები უსივდებოდა, ულპებოდა, იარებით ეფარებოდა, ჰაერის სხვადასხვა ცვალებადობისგან ტანი უხევდებოდა, და ამასთან კიდევ უმკაცრესი მარხვა, ყველაზე მწირი საჭმელი, ისიც დღე ან ორდღეგამოშვებით, ძილის მაგიერ სვეტის მოაჯირს ან კიდონს ჩამოყრდნობილი მსუბუქი თვლემა. ნუთუ შესაძლებელია თუნდაც რამდენიმე კვირას გაძლო ასე? ისინი კი უძლებდნენ და თანაც რამდენ წელს: სვიმონ მესვეტემ სულ 100 წელი იცოცხლა, სვეტზე კი 80 წელი იყო დაყუდებული; დანიელმა სულ 80 წელი იცოცხლა; სვეტზე კი 33 წელი, ავლიპიმ სულ - 118 წელი, სვეტზე - 53 წელი, თეოდოსიმ სვეტზე - 50 წელი, ლუკამ სვეტზე - 45 წელი და სხვა.
აი, რამდენს ცოცხლობდნენ წმიდა მოღვაწენი. იტყვიან, ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ: მათ თვით ღმერთი ჰფარავდა თავისი მადლით. ჩვენ, ცოდვილებმა, ვითარ ავიღოთ მათგან მაგალითიო? მაგრამ ჯერ ერთი, არც არავინ ამბობს, რომ აუცილებელი იყოს ქვეყნის მიტოვება, უდაბნოში გაქცევა, სენაკში გამომწყვდევა და ხსნის სვეტებზე ძიება; ლაპარაკია დღეგრძელობაზე, და ჩვენ მივუთითებთ დღეგრძელი სიცოცხლის მაგალითებზე, ხოლო ეს მაგალითები ნათლად მეტყველებენ იმაზე, რომ მკაცრი მარხვა, სხეულის გვემა და სხვა ქრისტიანული ღვაწლი სულაც არ ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს, როგორც ამ წუთისოფლის „ბრძენნი“ ფიქრობენ. მართალია, ღმერთი განსაკუთრებით იცავდა და ახანგრძლივებდა თავისი წმიდანების სიცოცხლეს, რათა მათ თავისი სიტყვითა და მაგალითით სხვებისთვისაც ემკურნალათ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი იმისთვის ჰმადლოდა მათ დღეგრძელ სიცოცხლეს, რათა მათ მთელი ცხოვრება მისივე მსახურებისათვის მიეძღვნათ. მაშასადამე: იცხოვრე ღვთისნიერად და ღმერთი დღეგრძელობით დაგლოცავს - იგი მათ იცავდა და შენც დაგიცავს, მათ ეხმარებოდა და შენც დაგეხმარება.
წმიდა სიტყვა მისი უტყუარად ამბობს: „რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინენ შენ წელნი ცხოვრებისა შენისა“ (იგავნი, სოლომ. 9,11).
და ბოლოს, აი, კიდევ რა უნდა ითქვას: ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ საკუთარი თავის პატიებას იმით, რომ ჩვენ წმიდანები არა ვართ, რომ ცოდვილი ადამიანები ვართ. ხოლო იმის გაგებაც კი არ გვინდა, რომ წმიდანებიც ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორც ჩვენ; რომ იმათაც ისეთივე ხორცი და სისხლი ჰქონდათ, როგორც ჩვენ. ანგელოზები ხომ არ იყვნენ, და მაშასადამე შიმშილსაც, წყურვილსაც, სიცივესაც და სიცხესაც - ყველაფერს ისევე გრძნობდნენ, როგორც ჩვენ. მაშასადამე, ჩვენ ტყუილად გვგონია, თითქოს წმიდანები ასე, მხოლოდღა მადლით ცხოვრობდნენ, არა, საქმეც ისაა, რომ თვით მათი ცხოვრების უბრალოება, თვით მათი ღვაწლის სიმკაცრე, მათი მკაცრი მარხვანი, მძიმე შრომა, სწორედ ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, ღვთის მადლის შეწევნით იყო მათი დღეგრძელი სიცოცხლის მიზეზი.
ჩვენს სიცოცხლეს ერთი მტერი ჰყავს - ეს ცოდვაა. მისი ღალაა - ავადობანი და სიკვდილი. და რა სიხარბით ჰკრეფს ეს ბატონი თავის ღალას! ლოთს იგი მბრძანებლურად ეუბნება: შენ დიდხანს ვერ იცოცხლებ - შენ ჩემი ხარ! მრუშს იგივე განაჩენი: შენი გარყვნილი ცხოვრება მალე დაგიშრეტს სულიერსა და ხორციელ ძალებს, სამარეში ჩაგიყვანს - შენ ჩემი ხარ! პატივმოყვარესა და ვერცხლისმოყვარეს ეუბნება: შური ვითარცა მატლი, დახრავს და გაახმობს თქვენს ძვლებს და შეამოკლებს დღეთა თქვენთა - თქვენ ჩემები ხართ.
და აი, ღვთის წმიდანები მთელი სიცოცხლე ებრძოდნენ ცოდვას და თავიანთ გულში სასტიკად ამარცხებდნენ ამ მძვინვარე მტერს. ამიტომაც ვერ ბედავდა იგი მათი სიცოცხლის სიკვდილის ნამგლით მოცელვას მანა, სანამ ისინი, ვითარცა ხორბალი ღვთისა, მწიფდებოდნენ ზეციური ბეღლისათვის.
მაშასადამე, ცოდვა ყოფილა ნამდვილი მტერი ჩვენი სიცოცხლისა. თავშეკავება ყველაფერში - აი, დედა ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისა.
მიტროფანე ვორონეჟელი ასე გვარიგებს - მცირე იქონიე, მცირე ინდომე და ჯანმრთელი იქნებიო.
აი, რაში მდგომარეობს დღეგრძელი სიცოცხლის საიდუმლო. მაშასადამე, ის ვინც ამბობს, ვისაც რამდენი ეგების, ვისაც რამდენი ღმერთმან დაუწესა იმდენს იცოცხლებსო, ტყუილს ამბობს: ღმერთი შენს სიცოცხლეს იმის მიხედვით დაუდებს ზღვარს, თუ როგორ ცხოვრობ შენ: კარგად იცხოვრებ - ღმერთი სოცოცხლეს მოგიმატებს, ცუდად იცხოვრებ - დღეგრძელობის იმედი ნუ გექნება: შენივე ცოდვანი შეგიმოკლებენ და დროზე ადრე წაგართმევენ სიცოცხლეს.
„ვინ არს კაც, რომელსა ჰნებავს ცხოვრებაი და უყუარან დღენი კეთილნი? მოიქეც ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა“ (ფსალმ. 33,13,5), ესე არს გაკვეთილი მრავალგამოცდილისა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავითისი.
გაზეთი „აღსავალი“, №21 2004 წ.