ღმერთმა ისრაელის ძეთ წელიწადის მოსავალის მეათედი ნაწილის გლახაკთათვის შეწირვა დაუწესა. ყოველი, ვინც ამას იქმოდა, კურთხეული იყო ღვთისაგან.
ეს კარგად იცოდნენ წმიდა მოციქულებმა და ამიტომ ჩვენი სულის განწმედისათვის და ცოდვათა მისატევებლად წელიწადის დღეთა მეათედი მარხვად დაგვიწესეს: მათ წელიწადი ათ ნაწილად დაყვეს, 365 დღის ათად დაყოფით 7 კვირიაკე გამოვიდა. სინანულის მარხვას წმიდა მამებმა კიდევ ერთი კვირა დაუმატეს. ყველას გვამრთებს პატივი მივაგოთ წმიდა მარხვას იმის მოსაგონებლად, თუ როგორ იმარხა 40 დღე უდაბნოში უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ყველანი შევუდგეთ მარხვის ღვაწლს.
თავდაპირველად მოციქულებმა მარხვის 7 კვირიაკე დააწესეს. 7 კვირა შაბათ-კვირის გარდა 35 დღეს მოიცავს; ამას ემატებოდა მარხვა დიდ შაბათს და აღდგომის ღამე, როგორც ნახევარი დღე. ამგვარად, სულ 36,5 დღე გამოდიოდა ანუ 365 დღის ზუსტად მეათედი ნაწილი.
ნეტარია, ვინც დაიცავს ამ მარხვას, რადგან თუკი ვინმემ შესცოდა მთელი წლის განმავლობაში უძლურებისა გამო ან უდებებით, - ამ წმიდა მარხვით მას შეუძლია განიწმიდოს თავი სინანულით. მარხვით განახლდება მისი სული, იქმნება იგი „ახალ კაცად“ და განწმედილი მიეგებება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მაცხოვრის უხრწნელ სისხლსა და ხორცს ზიარებული. სულიერი სიხარულით აღვსილი მმარხველი აღდგომიდან ზატიკის 50-ე დღეს იდღესასწაულებს. ზატიკი არის „განსვენება და აღდგომა სულისა“, სწორედ ამიტომ არ იდრეკენ ამ დღეებში მუხლს.
ვისაც სურს, მარხვით განიწმიდოს სული თვისი, უწინარეს ყოვლისა, თავი უნდა შეზღუდოს უზომო სმა-ჭამისაგან, რადგან, როგორც წმიდა მამები ამბობენ, „ნაყროვანება ყოველივე ბოროტის დასაბამი არს“. ნუ ვიზრუნებთ, ვიკვებოთ გემრიელი და მრავალფეროვანი კერძებით. ნაყროვანების ორი სახეობა არსებობს: პირველი - გემოთმოყვარებაა, როცა ადამიანს დიდად არ უნდა ჭამა, მისთვის მთავარია გემრიელი საჭმელი მიიღოს, ხოლო თუკი მას უგემურ კერძს შესთავაზებენ, იგი ლუკმას არ ჩაყლაპავს, არამედ უკანვე გამოაგდებს. ამგვარი ადამიანი გემოთმოყვარეა. მეორე სახეობის ნაყროვანება ეწოდება, როდესაც ადამიანისთვის სულერთია, რას შეჭამს, ოღონდ სტომაქი ამოივსოს.
ნაყროვანების ორივე სახეობიდან უნდა მოვიზღუდოთ თავი. თუკი ვინმეს ცოდვებისაგან განწმენდა სურს, უპირველეს ყოვლისა, იგი ამ ორ ცოდვას უნდა განეშოროს.
მსგავსად იმისა, როგორც ცოლთან შეერთება და სიძვა საქმით თითქოს ერთია, მაგრამ განზრახვით განსხვავებული, - ასევე საზრდოს მიღება საქმით ერთია, მაგრამ სხვაა ჭამა ძალის განსამტკიცებლად და სხვაა ჭამა ნაყროვანებით.
საზრდო ზომიერად ასე უნდა მიიღო: შეჭამე მცირედი. თუკი არ გეყო, მცირედიც დაუმატე და ასე, დანაყრებამდე. ისწავლე ზომა, ამგვარად ჭამე ლოცვით და გულში თქვი: „ამის ჭამის ღირსიც არა ვარ!“ ნუ მიბაძავ მათ, ვინც ზედმეტ საზრდოს ხორციელი ნუგეშისთვის ღებულობს.
მამა სერიდიოსთან მონასტერში დიდი მოღვაწე ბერები ვიხილე. ბერების ტრაპეზს შევესწარი. ერთ-ერთი ბერი თავის მორჩილთან ერთად იჯდა. მორჩილმა მითხრა: „იცი, ძმაო, ამ ბერებს რომ ხედავ, ძალიან მცირედ საზრდოს ღებულობენ ხორციელ ნუგეშად. ისინი ემსგავსებიან კაცთა, რომელთაც აავსეს საგანძურები, და კიდევ ათასი დრაჰკანი მოაგროვეს სიბერისა და უძლურების ჟამისათვის. ასევე არიან ბერებიც. მათ სიყრმიდანვე შეკრიბეს განძი სულიერი და ახლა კი აღწვიან სიბერისა და უძლურების ჟამისათვის. ხოლო ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიხვეჭავს და საიდან უნდა გავცეთ?“
ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, მუცლით მარხვა გვმართებს. ამის შემდგომად ვიმარხულოთ ენით: მოვერიდოთ ძვირის თქმას, ტყუილს, ლანძღვას, მრისხანებას და ყოველგვარ ცოდვას, რომელიც ენიდან მომდინარეობს. ვიმარხულოთ თვალით; ნუ შევხედავთ ვინმეს კადნიერად და ურცხვად. ვიმარხულოთ ხელითა და ფეხით, რათა არ ჩა?გვარად აღვასრულოთ მარხვა სინანულისა.
წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მარხვით, სათნოდ ღვთისათვის, მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; განახლებულნი და განწმედილნი ღირს ვიქმნეთ წმიდა ზიარებისა“.
ბზის რტოებით მივეგებოთ წმიდა ქალაქში შემავალ, სახედარზე მჯდომ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. აღსრულდა სიტყვა წინასწარმეტყველისა, სახედარზე ამხედრდა მაცხოვარი, რათა პირუტყვთა მიმსგავსებული ჩვენი ბუნება მოაქციოს და განაღმრთოს სიტყვამ ღვთისა.
რას ნიშანვს ბზითა და ზეთისხილის რტოებით მიგებება უფლისა? უწინ, როდესაც ბრძოლაში გამარჯვებული მეფე ქალაქში შედიოდა, მას ბზის რტოებით ეგებებოდნენ. ხოლო თუკი ვინმეს თავისი მტერი რაიმეს ავნებდა, იგი ზეთისხილის რტოთი მივიდოდა იმასთან, ვისაც მისი დაცვა შეეძლო. ზეთისხილის რტო წყალობას განასახიერებს.
ამიტომ, ჩვენც ბზისა და ზეთისხილის რტოებით მივეგებოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ბზით, როგორც მძლეველს, რომელმაც დაამარხცა მტერი კაცობრიობისა და ზეთისხილის რტოებით, როგორც უფალს, რომლისგანაც წყალობას მოველით. ჩვენც გვმართებს ძლევა მტრისა უფლის მიერ, მისი შემწეობითა და მადლით, რათა ჩვენც ცხადად ვიტვირთოთ ძლევა მისი, ლოცვითა ყოველთა წმიდათა და შეწევნითა ღვთისათა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 12(219), 2003 წ.