ფატალიზმი თუ ღვთის განგება?

უფალი ყოველივეს წინასწარ ჭვრეტს, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს

მართლმადიდებელი სარწმუნოება, უფლის ქმედებათა მიხედვით, განარჩევს ჭვრეტის, წინაგანგებულებისა და განგების ცნებებს.

განჭვრეტა უფლის მიერ მომავლის ხედვას ნიშნავს, ჭვრეტას წინასწარი განსაზღვრის გარეშე. ჭვრეტიდან გამომდინარე, წინაგანგებულება არის კერძო განსაზ- ღვრება იმისა, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ ამით მხოლოდ სიკეთე განისაზღვრება და არა ბოროტება, სხვაგვარად რომ იყოს - ეს უფლის სახიერების საწინააღმდეგო და არაბუნებრივი იქნებოდა.

მოციქული ცხადად გვმოძღვრავს ამის შესახებ: „...რომელნიც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის თანამსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.“ (რომ. 8, 29-30). თუმცა, მოციქულის ეს სიტყვები ეხება არა ყველა ქმნილებას, არამედ მხოლოდ ადამიანს. რადგან ყველა სხვა ქმნილება უცვლელია თავისი მდგომარეობით. როდესაც უფალმა ანგელოზნი შექმნა, მაშინ მიეცათ მათ არჩევანის თავისუფლება, თუ საითკენ მიიდრიკებოდნენ. ის, ვინც უფლის მსახურება აირჩია, ნათლის ანგელოზად დარჩა; ვინც კი უფალს განუდგა, ბოროტ სულად იქცა. ამ არჩევანის შემდეგ ანგელოზთა ბუნება უცვლელია. არც ცხოველებს გააჩნიათ თავისუფალი ნება, რადგან ნებელობა სულიერი კატეგორიაა, ცხოველებს კი მარტო ს?ქვთ. ამდენად, როდესაც საუბარი თავისუფლებას ეხება, - ადამიანი იგულისხმება.

წინაგანგებულება

წინასწარმეტყველების არსი სწორედ უფლის ჭვრეტასა და წინაგანგებულებაზეა აგებული. უფლის წინაგანგებულებით განისაზღვრა სამყაროს შექმნა; წინასწარვე განჭვრიტა უფალმა კაცობრიობის დაცემა და ასევე წინასწარ განსაზღვრა მისი გამოხსნის საშუალება. მსგავსად ამისა, ყოვლადსახიერმა უფალმა თავისი მადლით, წინასწარ განჭვრიტა და მით განსაზღვრა ზოგიერთი ადამიანის ცხონების საკითხიც, მაგრამ ამით, ცხადია, ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება არ დაურღვევია. გამოხსნილი ადამიანები, რომლებმაც მიიღეს კურთხევა ღვთისა, წმიდა წერილში რჩეულებად იწოდებიან.

წმიდა წერილში მრავალ ადგილას არის დამოწმებული უწყება უფლის წინაგანგებულების შესახებ. იესო ქრისტესა და მოციქულების სიტყვებშიც ცხადდება წინასწარი განსაზღვრა უფლისა. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.“ (მათე 24, 34). „...ვინც განწესებული იყო საუკუნო ცხოვრებისათვის.“ (საქმ. 13, 48). „...საუკუნო მკვიდრობისათვის ხმობილთ მიიღონ აღთქმული.“ (ებრ. 9,15). „...და გვიხმო წმიდა ხმობით არა ჩვენთა საქმეთა გამო, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც საუკუნო ჟამთა უწინარეს მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში.“ (2 ტიმ. 1, 9); (ეფეს. 2,10); (ეფეს. 1, 4-5). რჩეულები იწოდებიან კურთხეულებად (მათე 25,34), შობილებად მამის, ძისა და სულიწმიდის მიერ (1 იოანე 2,29, 4,7; 3,8; 17,2), რომლებიც ჩაწერილ არიან სიცოცხლის წიგნში (ფილ. 4,3, აპოკალ. 17, 8; 20,15).

უფლის რჩეულთა რიცხვში არიან ძველაღთქმისეული პატრიარქებიც. მაგალითად, აბრაამი (რომ. IV), ისააკი და იაკობი ( რომ. 9, 8-13), ისრაელის ერი (გამოსვ. 48, 13); უფლის წინაგანგებულების მაგალითად გვევლინებიან წინასწარმეტყველნი: იერემია (იერ. 1,5), იოანე ნათლისმცემელი (ლუკ. 19, 15), და სხვანი, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი.

წინაგანგებულება უფლის საქმეა და იგი ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მის მიერ აღსრულებულ, განზრახულ თუ მომავალში მოსალოდნელ ქმედებათა განჭვრეტას ემყარება. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა კაცობრიობის ხსნისათვის და მას არ სურს, რომ თუნდაც ერთი ადამიანი წარწყმდეს. იესო ქრისტე ყველას მოუწოდებს: „...მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28), იგი ყველას უბოძებს მადლს და საშუალებას ხსნისათვის; და ვინც ამ საშუალებებს კეთილად იყენებს, რჩეულთა შორის დგება. მაშასადამე, მხოლოდ ის რჩება შენდობის მადლის გარეშე, ვინც თავად ამბობს უარს საკუთარი სულის ცხონებაზე.

წმიდა წერილში არის ზოგიერთი ადგილი, რომელთა არასწორი განმარტების საფუძველზე ზოგნი უფალს ადამიანების ბედის წინასწარ განსაზღვრას აბრალებენ. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: „რაკიღა აგვირჩია მის მიერ, უწინარეს ქვეყნის შექმნისა, რათა ვყოფილიყავით წმიდანი და უბიწონი მის წინაშე სიყვარულით.“ (ეფეს. 1,4); „მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ, და არც ექმნათ რაიმე, კეთილი, გინდა ბოროტი, რათა ღმერთის წინასწარი არჩევანი ასრულებულიყო არა საქმეთაგან, არამედ მხმობელის მიერ, რომ ეუწყა ქალს უფროსი დაემონება უმცროსს. როგორც დაიწერა: იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე.“ (რომ. 9,11-13); „... შევიწყალებ მას, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ მას, ვისაც შევიწყნარებ.“ (რომ. 9, 15); „...სწორედ იმისთვის დაგადგინე შენ, რათა ვაჩვენო ჩემი ძალა შენზე, და რათა განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე.“ (რომ. 9, 17). განვიხილოთ, თუ როგორ განმარტავენ წმიდა მამები ბიბლიის ამ ადგილებს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „რატომაა, რომ ერთი (იაკობი) უფალს უყვარს, მეორე (ესავი) კი სძულს? იმიტომ რომ ერთი იყო სათნო, მეორე კი ბილწი; ამიტომ, ვიდრე ისინი იშვებოდნენ ერთი - შეიწყნარა უფალმა, მეორე კი - მოიძულა. მათ დაბადებამდე თქვა უფალმა: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე.“ რატომ თქვა ეს ღმერთმა? იმიტომ რომ მას არ სჭირდება ლოდინი, თუ როდის მოიმოქმედებს ადამიანი ავ თუ კეთილ საქმეს, რომ ყველამ იხილოს, ვინ არის სათნო და ვინ - არა, უფალს განჭვრეტილი აქვს ეს ყოველივე წინასწარ.“

აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები ასე განმარტავენ ამას: „გვწამს, რომ ყოვლადსახიერმა ღმერთმა თავისი წინაგანგებულებით ერთნი ცხონებისათვის აირჩია, მეორენი კი წარსაწყმედელად. მაგრამ არა იმიტომ, რომ უფალმა მოისურვა ერთნი გაამართლოს, მეორენი კი უმიზეზოდ განსაჯოს: ეს წარმოუდგენელია ყოვლადსამართლიანი უფლის ბუნებისათვის, „რომელსაც სურს, რომ ყველა კაცი ცხონდეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.“ (I ტიმ. 2,4). მაგრამ, ვინაიდან უფალმა განჭვრიტა, რომ ერთნი კეთილად გამოიყენებენ თავიანთ თავისუფალ ნებას, მეორენი კი - ბოროტად, ამიტომ ჭვრეტით უწყის მათი ხვედრი.

ღვთისმგმობი მწვალებლები ამბობენ, თითქოს ღმერთი, როგორც თავად ინებებს, ზოგს აცხოვნებს და ზოგსაც წარსწყმედს, მიუხედავად იმისა, თუ როგორნი არიან ისინი თავისი ბუნებით, ბოროტნი, თუ კეთილნი - ეს სიყალბეა, სიცოფე და მკრეხელობა. („აღმოსავლ. პატრიარქთა ეპისტოლე“ 3; „სარწმუნოების დოგმატების შემოკლებული გადმოცემა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით“, 1870 წ. გვ. 146-149).

უფლის წინასწარი განჭვრეტა არანაირად არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას. მოვიყვანთ ფილოსოფიის პროფესორ, დეკანოზ გოლუბინსკის მსჯელობას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ნუთუ შესაძლებელია, ადამიანის თავისუფლებაში შემთხვევითობა დავუშვათ? უფლის მიერ წინასწარაა განჭვრეტილი ყოველივე; მან ზუსტად, თანმიმდევრულად უწყის თუ რა მოხდება. ისმის კითხვა: ხომ არ იზღუდება ამგვარი უცილობლობით ადამიანის თავისუფლება? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი აქვთ ეკლესიის მამებს. ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ჭვრეტა არ ნიშნავს ქმედებათა თუ მოვლენათა განსაზღვრას. ნეტარი ავგუსტინე და წმიდა იოანე დამასკელი ამ საკითხზე ასე მსჯელობენ: „იმიტომ კი არ სრულდება უცილობლად ყველაფერი, რომ უფალმა ეს ყოველივე წინასწარ განჭვრიტა, არამედ ყველაფერი იმიტომ განჭვრიტა, რომ ასეც მოხდებოდა“.

იგივეს ამბობს ნეტარი იერონიმეც: „იმიტომ კი არ იქნება რაღაც, რომ უფალმა უწყის, არამედ იმიტომ უწყის უფალმა, რომ ასე მოხდება: მაშასადამე, უფალმა სრულიად უწყის მომავალი, მათ შორის ჩვენი არჩევანიც.

ეკლესიის მამებს შემდეგი მტკიცებულება მოყავთ: უფალი წინასწარი განჭვრეტით რომ საზღვრავდეს ადამიანის ბოროტ ქმედებებს, - იგი ბოროტებაში დამნაშავე იქნებოდა. ის, რომ უფლისმიერი ჭვრეტა მოვლენათა უეჭველი განსაზღვრება არაა, ეს ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებაშიც ცხადდება. ადამიანი ხედავს მის წინაშე მიმდინარე მოვლენებს, აღიქვამს, როგორც სინამდვილეს, მაგრამ ეს მისი ხედვა როდი განსაზღვრავს იმ ქმედებებსა თუ მოძრაობებს, რასაც იგი უყურებს. ადამიანის თავისუფალ ქმედებათა უფლისმიერი ჭვრეტა მსგავსია ჩვენი ცოდნისა სხვა ადამიანების ქმედებების შესახებ. ადამიანი იმის გამო ხომ არ იქცევა ასე თუ ისე, რომ ჩვენ ვიცით მისი ქმედებების შესახებ; ჩვენი ცოდნისა თუ არცოდნის გამო იმ ადამიანის ქმედება არ იცვლება. ასე მსჯელობს ამაზე ბოეციუსი: „ცოდნა, როგორც ასეთი, თავისთავად არანაირად არ არღვევს თავისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოჰქრის ეტლი, შევნიშნავთ ზუსტად, როგორ მართავს მას მეეტლე. მაგრამ ეტლი იმართება ჩვენი ცოდნით კი არა, მეეტლეს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო არ იქნებოდა მეეტლე“. ისევე, როგორც ჩვენი ხედვა მოვლენებისა არ განსაზღვრავს მათ, რომელთაც თავიანთი მიზეზი აქვთ, - ასევეა ღვთის წინასწარი განჭვრეტაც, - არ განსაზღვრავს ადამიანის თავისუფალი ნების მოქმედებას“.

წმიდა მამები წინაგანგებულების შესახებ

I. უფლის წინაგანგებულების შესახებ ეკლესიის ძველი მამების განმარტებათა შორის, განსაკუთრებით საგულისხმოა წმიდა იოანე ოქროპირის საღვთისმეტყველო აზრი, რომლის არსი შემდგომში მდგომარეობს: უფლის განგებით კაცობრიობის გამოხსნა ქრისტეს მიერ, როგორც მოვლენა, არ არის ახალი ან შემთხვევითი; იგია უწინარეს საუკუნეთა წინაგანგებული უფლის საქმე (in epist. ad. Ephes. homil. 1, 2), რომელიც უნდა აღსრულდეს უფლის მიერ, მაგრამ არა ადამიანის მონაწილეობის გარეშე. რადგან თუმცა კი უფალს ყველას გამოხსნა სურს, მაგრამ იგი ჩვენგანაც მოითხოვს მცირეოდენ თანამონაწილეობას ჩვენივე ცხონების საქმეში. და ვინაიდან უფალს არ სჭირდება, ელოდოს, თუ რას მოვიმოქმედებთ, რომ მერე განსაჯოს ჩვენი საქმენი, რადგან ყოველივე წინასწარ უწყის, - ერთნი - წინაგანგებულებით გამორჩეულნი არიან ნეტარებისთვის, მეორენი კი - მარადიული წამებისთვის. და ამას უფალი იქმს არა რაიმე საჭიროების გამო, არამედ უზენაესი სამართალით, რადგან წინასწარ განჭვრიტა ადამიანთა საქმეები, ღირსნი არიან ისინი ჯილდოსი თუ სასჯელისა.

„უფლის რჩეულება შეიძლება მიიღო... უფლის უსაზღვრო სიყვარულისა გამო, მაგრამ მარტო სიყვარულისთვისაც არა, - არამედ ჩვენი სათნოებებისთვის. რადგან ჩვენი ხსნისათვის მარტო უფლის სიყვარული რომ ყოფილიყო საკმარისი, - ყველა ცხონდებოდა, ან მარტო ჩვენი სათნოებანი - მაშინ არ მოევლინებოდა ქვეყნიერებას იესო ქრისტე... ე.ი. კაცობრიობის გამოხსნა ხდება არა მარტოოდენ ჩვენდამი უფლის სიყვარულით, და არც მარტო ჩვენს სათნოებათა გამო, არამედ ერთდროულად ორივე პირობით. ამიტომ, არავის აქვს საფუძველი ბრალი დასდოს უფალს იმისთვის, თუ რატომ ირჩევს იგი ამასა თუ იმ ადამიანს მარადიული ცხოვრებისათვის, ვინაიდან უფალი საუკეთესოებს ირჩევს; და ეს რჩეულება მოწმობს არა მარტო უფლის სიყვარულზე თავის რჩეულებისადმი, არამედ საკუთრივ მათ სათნოებებზეც.

რაც შეეხება უფლის მიერ უარყოფილთ, არც ამ შემთხვევაში მიუძღვის ბრალი უფალს მათ წარწყმედაში; რადგან უფალმა წინასწარ განჭვრიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქნებიან მოწოდებულნი, - ისინი არ დაემორჩილებიან უფალს; და მიუხედავად იმისა, რომ მიეცემათ მადლი, შეეწინააღმდეგებიან და უარყოფენ მას. და ყოველივე ეს ცხადდება ყოველდღიურ ცხოვრებაში“. წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, სიყვარულის გამო, უფალს არ სურს არცერთი ცოდვილის წარწყმედა და ყოველ საშუალებას გვაძლევს, რომ იქნებ, ახლა მაინც მოვექცეთ და ჩვენი ქმედებით ცხონების სურვილი განვუცხადოთ უფალს, რათა გვიხსნას საუკუნო სატანჯველთაგან. მაგრამ ყოვლადსამართლიანი უფალი საუკუნო სატანჯველში უშვებს მათ, ვინც მტკიცედ უარყოფს უფლის ყოველ მაცხოვნებელ მცდელობას და ამგვარად მტკიცდება ბოროტებაში.

II. უფლის წინაგანგებულების დოგმატის შესახებ წმიდა მამების გვიანდელ გადმოცემათა შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წმიდა იოანე დამასკელის სწავლება, რომელიც ზემოაღნიშნული დოგმატის არსს შემდეგი მოკლე დებულებათა სახით გადმოგვცემს. უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ყოველივეს წინასწარ ჭვრეტს, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს. უფალი ჭვრეტს იმასაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მას წინასწარ არ განსაზღვრავს, რათა არ შეზღუდოს ადამიანის თავისუფალი ნება. თუმცა კი უფალს სძაგს ცოდვა და არ სურს, რომ იყოს ბოროტება, მაგრამ უფლის ბუნებაში არაა ძალადობა. იგი არ გვაიძულებს სიკეთის ქმნას. ყოვლადსახიერი უფალი, წინასწარი განჭვრეტით, წინასწარ საზღვრავს მხოლოდ იმას, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. აქ წმიდა იოანე დამასკელი გულისხმობს, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ რას მოგვაგებს უფალი ჩვენს სათნო საქმეთა ან ბიწიერი ცხოვრებისა წილ. ამგვარად, წმიდა იოანე დამასკელის აზრით, უფალი წინაგანგებულებით საზღვრავს ადამიანების იმქვეყნიურ ხვედრს, მაგრამ განსაზღვრავს არა უბრალო გადაწყვეტილებით, არამედ ყოვლადსახიერებითა და სამართლიანობით, ადამიანის დამსახურებათა წინასწარი განჭვრეტით.

რაც შეეხება ადამიანების ცხოვრებას, უფალი მათ არაფერს უსაზღვრავს წინასწარ; არამედ ისინი თავისი კეთილმორწმუნეობითა თუ უზნეობით მოიწევენ უფლისგან შეწყნარებასა თუ სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ უფალს ყველასათვის მხოლოდ სიკეთე და თითოეული ადამიანის ცხონება სურს - უფალი უშვებს ადამიანში ბოროტის წარმოშობასა და მის ბოროტებაში განმტკიცებას, თუმცა ეს უფლის ნების საპირისპიროა და მის მრისხანე განსჯას მოასწავებს. ამიტომ ადამიანების იმქვეყნიური ნეტარება თუ მარადიული სატანჯველი არა უფლის, არამედ თავად ადამიანების ხელთაა. ადამიანები თავიანთი მიწიერი ცხოვრებით იმსახურებენ უფლისგან ჯილდოს ან სასჯელს.

უარყოფა მცდარი შეხედულებისა,
თითქოს უფლის წინასწარი ჭვრეტა
ადამიანების ფატალურ ხვედრს მოასწავებს

არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს უფლის წინასწარი ჭვრეტა ადამიანების ფატალურ ხვედრს მოასწავებს, ანუ ფატალურად განსაზღვრავს ადამიანების დამკვიდრებას სასუფეველსა თუ ჯოჯოხეთში. ამ შეხედულების მცდარობას ამგვარად ამხელს ნეტარი თეოდორიტე: „ნურვინ ამტკიცებს, თითქოს ამის მიზეზი წინასწარი განჭვრეტა იყოს: რადგან ჭვრეტას არ უქცევია ადამიანები ასეთებად, უფალმა მხოლოდ შორიდან განჭვრიტა მათი მომავალი, ვითარცა ღმერთმა. თუკი მე ვუყურებ გაშმაგებულ ცხენს, რომელმაც გადმოაგდო მხედარი და უფსკრულისკენ მიექანება და ვიტყვი - იგი ახლა უფსკრულში გადაიჩეხება მეთქი, - და მერე ასეც მოხდება, - ნუთუ მე ვაგდებ ამით ცხენს უფსკრულში? ასევეა ღმერთი, რომელიც ერთში სიკეთეს ჭვრეტს, მეორეში კი ბოროტებას - მაგრამ ამ ჭვრეტით კი არ აიძულებს ერთს აკეთოს სიკეთე, მეორეს კი - ბოროტება. თავად რომ აიძულებდეს, მაშინ უსამართლობა იქნებოდა ამ ქმედებათა გამო ერთისთვის ჯილდო, მეორესთვის კი სასჯელი განემზადებინა. მაგრამ უფალი სამართლიანია, ამიტომ იგი მოუწოდებს სიკეთისკენ და კრძალავს ბოროტებას. იგი ასევე აქებს სიკეთის მკეთებელს და სჯის მათ, ვინც საკუთარი ნებით შეიყვარა ბოროტება.

განვიხილოთ კიდევ ერთი ადგილი წმიდა წერილიდან, რომლის არასწორი განმარტების საფუძველზეც ზოგიერთს ჰგონია, რომ უფალია მიზეზი ფარაონის გაბოროტებისა. „გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება ფარაონმა,“ (გამოსვლ. 10,27) „მერმე განვე- უფიცხა უფალმან გული ფარაო სი და არავე უნდა გამოტევება მათი“ (იგივე ციტატა მცხეთური ხელნაწერის მიხედვით). ვნახოთ, თუ როგორ განმარტავენ წმიდა მამები ამ ადგილს ბიბლიიდან. წმიდა ეფრემ ასური მიიჩნევს, რომ თუკი უფალი უსასტიკებს გულს, მაშინ ასეთ გულში არ შეიძლება მოხდეს ცვლილება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ფარაონი მერყეობს, ანუ იცვლება მისი მდგომარეობა გარემოებათა მიხედვით. კერძოდ, როდესაც მასზე სასჯელი მოიწევს, ამბობს: „გაგიშვებთ“, ხოლო, როდესაც სასჯელი გადაივლის - აღარ უშვებს ებრაელებს - ეს იმას ნიშნავს, რომ გულის გასასტიკება უფლისგან კი არა, არამედ მისი შინაგანი მდგომარეობით თუ მიდრეკილებითაა განპირობებული. სწორედ ეს შინაგანი მდგომარეობა აიძულებს მას, რომ როცა სასჯელი მოიწევს - შეასრულოს უფლის მცნებები, ხოლო როგორც კი შვებას იგრძნობს, - მაშინვე იწყოს მათი დარღვევა.

მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში „რომაელთა მიმართ“ აცხადებს ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას წინასწარ განსაზღვრაზე ადამიანების ცხონებისათვის: „...რომელნიც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის თანამსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.“ (რომ. 8,29). იესო ქრისტემ გამოიხსნა ცოდვილი კაცობრიობა ჯვარცმით, ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული, რაოდენ დიდ რწმენას გამოვამჟაღვნებთ, რათა ჩვენი რწმენისამებრ გვაცხოვნოს უფალმა. ყოვლადბრძენმა და ყოვლის- შემძლებელმა ღმერთმა ისევე, როგორც უწინარეს ყოველთა საუკუნეთა წინასწარ განაგო, რომ თავისი ძის მიერ გამოიხსნიდა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას, ასევე წინასწარი განჭვრეტით გამოირჩია მან ერთი - საცხოვნებელად, მეორენი კი წარსაწყმედელად. მოციქული ამბობს: არა უბრალოდ „წინასწარვე განუსაზღვრა“, არამედ „წინასწარ იცნო“ და ამიტომაც „წინასწარვე განუსაზღვრა“, ანუ როგორც ამბობს ნეტარი იერონიმე, ვისი დამსახურებაც განჭვრიტა და „ვისზეც იცოდა ღმერთმა, რომ ისინი ემსგავსებიან მის ძეს, მათ განუსაზღვრა ემსგავსონ მას დიდებაშიც“ („დოგმატ. ღვთისმეტყვ. I.4. პარ. 192, გვ. 52). მოციქული გვიცხადებს, რომ უფალმა ყველანი კი არ განამართლა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ღირსი იყო გამართლებისა. რადგან არის მოწოდება გარეგნული - ქადაგებით რწმენაში მოქცევა და არის მოწოდება შინაგანი - ადამიანის სულიერ შესაძლებლობათა გაღვიძება, რაც აიძულებს მას, ეძიოს გამართლება უფლის წინაშე და ისე იცხოვროს, რომ მოიპოვოს ეს გამართლება. ამიტომაცაა ნათქვამი: „ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი რჩეულნი.“ (მთ. 22,14). მოციქული სწორედ ამ მოწოდებას თუ რჩეულებას გულისხმობს, რომელიც უფლის მიერ სრულდება, თუმცა არა უეჭველად, არამედ ჩვენი დამსახურებების შესაბამისად. აი, ამგვარ მოწოდებას მოსდევს გამართლება, ხოლო გამართლებას კი - განდიდება.

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 44 (252), 2003 წ.