ქრისტიანული პატრიოტიზმი თითოეული ჩვენთაგანისაგან მოითხოვს მამულისათვის შეძლებისდაგვარად სამსახურს, რომელიც უპირველესად ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ სამსახურშია. მამულისთვის სამსახური უფრო მეტად დაფასებულია, როცა იგი უანგაროდ სრულდება, ყოველგვარი მოსაზრებებისა და მატერიალური დაინტერესების გარეშე. მაგრამ, ასე თუ ისე, ადამიანი თავის სახელმწიფოს ემსახურება მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ მონაწილეობს მის ცხოვრებაში, მაგ. მუშაობს, წერს ბეჭდვითი სიტყვის ორგანოებში ან მონაწილეობას საზოგადოებრივ არჩევნებში და ა.შ. სწორედ აქ უნდა ცდილობდეს სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას, ხალხს და არა პირადი ინტერესების დაცვას. მაშინ მას სინდისი დამშვიდებული ექნება. დაე, ნუ მიაღწევს გარეგნულ წარმატებას, სამაგიეროდ პატიოსნად, ქრისტიანულად მოიხდის სამშობლოს პატრიოტის და ერთგული შვილის ვალს.
არსებობს ასეთი ანდაზა: „მეგობარი ჭირში გამოიცნობაო“. ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარულიც თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება საყოველთაო განსაცდელისა და უბედურების ჟამს. ნებისმიერმა იცის, თუ როგორ მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც მძიმედ ჰყავს ახლობელი ადამიანები, მას არავითარი განწყობა არა აქვს არც გართობისა და არც საკუთარი სიამოვნებისათვის. დარდსა და საზრუნავში ჩაფლულს ხანდახან არც ჭამა ახსენდება და აღარც სმა, არ შეუძლია არც დასვენება და არც ძილი. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების ჟამს ის ადამიანი, ვისაც გულწრფელად უყვარს სამშობლო. თუ ჩვენი გული თავიდან ბოლომდე აღვსილია მხოლოდ პირადი განცდებითა და ინტერესებით, თუ ჩვენი საქმე და სიტყვა დაშორებულია, როგორც აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, მაშინ ეს სამშობლოს სიყვარული არ ყოფილა! ჩვენში მამულისთვის სამსახურში ყველაზე თავგანწირულ გმირობად აღიარებულია სიკვდილი სამშობლოსათვის, უმთავრესად ომში. სამშობლოს დამცველი მებრძოლი ქრისტიანი ნამდვილად აღასრულებს ქრისტეს მცნებას: „უფროის ამისა სიყვაურლი არავის აქვს, რათა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოან. 15,13).
ომი, თავისთავად, რა თქმა უნდა, ბოროტება და უაღრესად სამწუხარო მოვლენაა, ღრმად საწინააღმდეგო ქრისტიანული მოძღვრებისა. თქმა არ სჭირდება იმას, რომ თუ რა სასიხარულო იქნებოდა, ადამიანებს რომ შეეწყვიტათ ერთმანეთში ომი, მაშინ ხომ დაისადგურებდა დედამიწაზე მშვიდობა. მაგრამ სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. მხოლოდ სინამდვილეს დაშორებულ მეოცნებეებს და ცალმხრივ მოაზროვნე სექტანტებს შეუძლიათ უარყონ ომი, ასე ვთქვათ, არ დაუშვან ომი რეალურ ცხოვრებაში.
უეჭველია, ვინც მიუთითებს მცნებაზე „არა კაც ჰკლა“, სამართლიანად ამტკიცებს, რომ ომი არის ამ მცნების დარღვევა. არც არავინ ეკამათება მას. მაგრამ წმ. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ძველ აღთქმაში, როდესაც მოგვეცა ეს მცნება, ისრაელი უზენაესის ბრძანებითა და წყალობით ებრძოდა და ამარცხებდა მტერს. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით ძველი აღთქმიდან, რომ მშობლების აუგად მომხსენიებელი ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. მაშასადამე, მცნება, არა კაც ჰკლა, არ ვრცელდებოდა ნებისმიერ შემთხვევაზე. ამ მცნებით აკრძალულია მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მეორის მიმართ საკუთარი გადაწყვეტილების და თვითნებობის საფუძველზე პირადი ანგარიშსწორება. როდესაც მაცხოვარმა ახალ აღთქმაში განმარტა ამ მცნების ღრმა აზრი, მიგვითითა, რომ ამ მცნებით იკრძალება არა მარტო მკვლელობა, არამედ საერთოდ - არაქრისტიანული, ფუჭი მრისხანება. მაგრამ, მოციქულებთან უკანასკნელ დღეებზე საუბრისას თვით მაცხოვარივე ამბობს: „რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ არს ეს ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (მარკ. 13,7). ომის გარდაუვალობაზე უფალი უკუაგდებს ომის უარმყოფელთა ყველა განცხადებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა უდავოდ უარყოფს ომს - მის სრულ არცნობამდე და უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე. დიახ, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ომი - უარყოფითი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ ის იარსებებს - როგორც ზოგ შემთხვევაში, ერთადერთი საშულება სიმართლის, ადამიანის გათელილ უფლებათა და შელახული სიწმინდეების დასაცავად, დაპყრობის, უხეში შეჭრისა და ძალმომრეობისაგან. მხოლოდ ასეთ ომებს მფარველობს ქრისტიანული მოძღვრება სიმართლის, წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენის სახელით, აპოკალიფსშიც ვკითხულობთ, რომ ომი იყო ზეცაშიც (აპოკ. 12,7) - როდესაც მთავარანგელოზმა მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა ღმერთის მოღალატე - ეშმაკი, მის თანამოაზრე, დაცემულ ანგელოზებთან ერთად გადმოაგდეს ციდან.
ღირსი ათანასე ათონელის ცხოვრებიდან ცნობილია ასეთი შემთხვევა. ადრე ცნობილი მხედარმთავარი ქართველი თავადი თორნიკე ბერად აღიკვეცა მის მონასტერში. ქვეყნისთვის მძიმე წუთებში, სპარსეთთან ომის დროს, საბერძნეთის დედოფალმა თორნიკეს სთხოვა ჯარის წინამძღოლობა. თორნიკემ, იმ მიზეზით, რომ ის უკვე ბერი იყო, მტკიცე უარი განაცხადა. ღირმა მამა ათანასემ უთხრა მას: „ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ და ვალდებული ვართ დავიცვათ იგი. ჩვენი ვალია, ლოცვებით დავიფაროთ მამული მტრისაგან. მაგრამ თუ უზენაესი ჩათვლის საჭიროდ საერთო სარგებლობისთვის გამოვიყენოთ ჩვენი ხელებიც და მკერდიც, უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ... თუ არ დაუჯერებ მეფეს, მაშინ პასუხს აგებ თანამემამულეების სისხლისათვის და ღვთის ტაძრების განადგურებისათვის, რომელთა გადარჩენაც შენ არ მოისურვე...“ თორნიკე დამორჩილდა, მტერი დაამარცხა და ქვეყანა იხსნა განსაცდელისაგან.
წმიდა მოციქულთასწორი კირილე მაჰმადიანებთან ომზე საუბრისას ამბობს: „ჩვენ დიდსულოვნად ვითმენთ პირად წყენას, საზოგადოებაში ერთმანეთს ვიცავთ, საკუთარ სულსაც კი მივცემთ მოყვასისათვის. თქვენ, ატყვევებთ რა ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აიძულოთ ისინი უარყონ რწმენა და იმოქმედონ ღმერთის საწინააღმდეგოდ“. და ბოლოს, რომელი რუსი ადამიანისათვის არ არის ცნობილი ღირსი სერგი რადონეჟელის მაგალითი, რომელმაც აკურთხა ომში მიმავალი თავადი დიმიტრი დონელი, ლოცულობდა რუსული იარაღის წარმატებისათვის და მოიხსენიებნდა ბრძოლის ველზე დაღუპულ მეომრებს?
რა თქმა უნდა, ომში ბრძოლის დროს შესაძლოა ადამიანმა შესცოდოს და ძლიერადაც, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა იგი მონაწილეობს ომში პირადი სიძულვილის და შურისძიების ან პატივმოყვარეობისა და ამპარტავენული ზრახვებით. პირიქით - რაც უფრო ნაკლებია ზრუნვა საკუთარ თავზე და მეტია მზადყოფნა სხვებისათვის თავდადებისა - მით უფრო ახლოსაა ასეთი ქრისტიანი მეომარი მოწამეობრივ გვირგვინთან.
თარგმნა მარინე თორთლაძემ
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 1993 წ.