დიდი ბოროტებაა ძვირისთქმა. როგორც ხომალდის პიტარა საჭეს მიჰყავს გემი, საითაც სურს, ასევე ენა უძღვის ადამიანს სიკეთისა ან ბოროტებისაკენ. წმინდა მამები ძალიან განაქიქებენ სხვების ცოდვების, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.
ძმის განკითხვისათვის დიდი ცოდვით დავისჯით საკუთარ თავს. როდესაც ვფარავთ ძმას, ჩვენც დაგვიფარავს ღმერთი დიდი ცოდვებისაგან, როცა ვააშკარავებთ მას, ღვთის მადლს განვდევნით ჩვენგან - უფალი ჩვენს იმავე ცოდვებში ჩავარდნას დაუშვებს, რათა ვისწავლოთ, რომ უძლურები ვართ და ღვთის მადლი გვფარავს. ვინც იცავს ენას, ის თავის სულს დიდი ცოდვებისა და დაცემისაგან იცავს.
განკითხვისა და ძვირისთქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა თავი ყველაზე მცირედ ჩავთვალოთ, რათა ძმა მივიჩნიოთ უკეთესად და ღვთის შეწევნით, შევძლოთ ამ ბოროტებისგან თავის დახსნა.
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო. რადგან ღმერთი მოყვასის განკითხავის დაცემას დაუშვებს, რომ უძლური ძმის თანაგრძნობა ისწავლოს. ყველა ჩვენგანს განამტკიცებს ღვთის მოწყალება და თუ ამპარტავნება მოგვეძალება, ღმერთი აღიღებს მადლს და სხვებზე უარაესები გავხდებით.
სხვა რამეა, განიკითხვიდე და სხვა - გებრძოდეს განკითხვა. განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მისი წინააღდგომა გვირგვინის მონიჭების მიზეზი ხდება.
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან სახარების რჯულს გადადიხართ და „ყოველმან სჯულისა გარადამავლმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალადგებისაი“ (ებრ. 2, 2). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14, 4). არ იცით, რომ ვინც განიკითხავს, ამპარტავნებისგანაა შეცდომილი და რომ „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკა 14, 11) უფლის მიერ, როცა ის განსაცდელში აღმოჩნდება?
ერთმა მეორის უძლურებები უნდა მოითმინოს. ვინ არის სრულყოფილი? ვის შეუძლია დაიქადოს, რომ გული შეუბილწავად აქვს დაცული? მაშასადამე, ყველანი სნეულები ვართ და ვინც ძმას განიკითხავს, ვერ გრძნობს, რომ თავადაც ავადაა, რადგან ავადმყოფი ავადმყოფს არ განიკითხავს.
განკითხვა მნიშვნელოვანი ცოდვაა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია მოყვასის უძლურების მოუთმენლობა.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, თვალი დახუჭეთ სხვის შეცდომებზე, ნუ განრისხდებით, ნუ აენთებით ბრაზით, ერთმანეთს შეუნდეთ, ქრისტეს რომ მიემსგავსოთ და სასუფეველში მის სიახლოვეს ყოფნის ღირსი გახდეთ.
მოერიდეთ, შვილებო, განკითხვას. ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვძულს ადამიანები, ღმერთი ძალიან დამწუხრებულია. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ, ისინი გვტკიოდეს, საკუთარი თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ ღვთის წყალობასა და მადლს.
ერთმანეთი გიყვარდეთ და ეგოიზმის გამო ნუ გამწარდებით. სიმდაბლე დაიმედო მეგზურია. იგი არ აძლევს მდაბალს საშუალებას, შეეჯახოს დაუდევრობის წყალქვეშა ქვებს და დაიმსხვრეს ამ შეჯახებისას, არამედ, როგორც ნათელი მეგზური, შეუცდომლად მიუძღვის უსაფრთხოებისაკენ!
ეგოიზმი ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით იგი ყველა შეცდომას თვალსაჩინოს ხდის. გეშინოდეთ მისი და შეეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან, რაც უფრო დიდხანს რჩება ჩვენში თავის ნებაზე მიშვებული, მით მეტ ჭრილობას გვაყენებს შესაბამისი ტკივილებით.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს სიამაყეა. ძმის მიერ ძმის შეცდომის გამართლება სიმდაბლისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, რომელიც ამას აკეთებს, ღვთისგან დიდ მადლს ჰპოვებს; მან კი, ვინც განიკითხავს და აბრკოლებს მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ არათუ მადლს ვერ ჰპოვებს, არამედ რაც აქვს, იმასაც დაკარგავს, რათა ტანჯვით ისწავლოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ყველაზე მეტად შინაგანი - გულისსიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით, და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ, ვამბობ, შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად მომაკვდინებელ დამნაშავდე გვაქცევს, გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს გვთავაზობს.
განკითხვის შესახებ წმინდა სახარება და მამები ბევრს გვეუბნებიან. უმჯობესია სიმაღლიდან დაცემა, ვიდრე ენისაგან.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ დამნაშავემ ბრალდებისას თავი არ იმართლა, იჩაგრება. როგორც ამბობს წმინდა სახარება: „ნუუკუე სჯული ჩვენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?“ (იოანე 7, 51).
თუ უყურადღებოდ ვიქნებით, ბევრი განკითხვა დაგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ დაულაპარაკია ადამიანს და მოსანანიებლად არ გახდომია ეს? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „რამდენჯერაც დავილაპარაკე, ვინანე, თუკი დავუდმებულვარ, არასოდეს მინანია“.
თუ შეხებითაც ვცდებით, რაოდენ უფრო სიტყვებით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეშმაკი „ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს“ ჩვენს გადასაყლაპად. ქრისტიანი მოვალეა მრავალთვალა ქერუბიმს დაემსგავსოს - ბოროტება ძალიან მომრავლდა, განსაკუთრებით განკითხვის ცოდვა - პური და ყველივით არის. ღმერთმა განგვანათლოს და წმინდა-გვყოს მის სადიდებლად.
ხედავთ იმ ძმას, რომელიც იყო უდები და მცონარე, ეკლესიაში არ დადიოდა და ღამისთევის ლოცვებზე და არც მონაზვნურ მოვალეობებს აღასრულებდა? მას იცნობდნენ ძმები და ზარმაცად მიიჩნევდნენ. როცა იგი დასნეულდა და სიკვდილის დრო მოუახლოვდა, მასთან შეიკრიბნენ ძმები რაიმე სულისათვის სარგოს მოსასმენად, ან მის სანუგეშებლად, ან იქნებ მომაკვდავთან გამოსათხოვებლად. მაგრამ ნახეს, რომ იგი მხიარულია. ერთი ძმა დაბრკოლდა და ამბობს: „ამას რას ვხედავთ, ძმაო? მხიარული ხარ მაშინ, როცა სიკვდილს უახლოვდები. გულისსიტყვა კი გვეუბნება, რომ არ იყავი მოღვაწე ადამიანი, აბა, საიდან გაქვს ეს სიმხნევე და მხიარულება? რა არის ამის მიზეზი?“ „დიახ, ძმებო, - ამბობს იგი, - მართლაც ზარმაცი ვიყავი და არ ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. მაგრამ ღვთის მადლით, ერთი სიკეთე მქონდა - არცერთი ძმა არ განმიკითხავს და არ დამიბრკოლებია. მზის ჩასვლამდე არასოდეს ვაძლევდი გულს უფლებას რაიმე მქონოდა მონასტრის რომელიმე ძმის წინააღმდეგ. და რაკი არ განვიკითხავდი, არც განვიკითხები“ (მათე 7,1). განცვიფრდნენ ძმები და თქვეს: „ძმაო, ძალიან ადვილად გიპოვია ცხონების გზა“. დიდი სიხარულით მიიცვალა ის ძმა.
ხედავთ, როგორ იღწვოდნენ მამები, როგორ პოულობდნენ ცხონების გზას?
მომზადებულია ახალი შუამთის დედათა მონასტერში
ჟურნალი „მოყვასი“, № 7, 2003 წ.