შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა
და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და
პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)
სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.
რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს, წმიდა; მაშასადამე, სძულს და უკუნ-ექცევა ყოველსავე, რაიცა არს ბოროტი, ცრუ და არა წმიდა. ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმიდე და უმაღლესი ჭეშმარიტება; მაშასადამე, როდესაც კაცსა აქვს გულში სურვილი და მისწრაფება ამ სამთა თვისებათადმი, მას აქვს სიყვარული ღვთისა.
ვინმემ რომ გითხრას შენ, ძმაო ჩემო: გიყვარსა ღმერთი? უთუოდ უპასუხებ, რომ გიყვარს და შენც თვითცა დარწმუნებული ხარ, რომ მართლა გიყვარს ღმერთი. გარნა, ვითარცა ვსთქვი, ღმერთი შენ არა გიხილავს, მის არსებას შენ ვერ წარმოიდგენ, მაშასადამე, თუ გიყვარს ღმერთი, ეს მაშინ გამოჩნდება, როდესაც შენს გულში წარმოებს ბრძოლა ბოროტისა და კეთილისა შორის, - სიწმიდესა და უწმიდურებასა. უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მაშინ შეიძლება კაცმან სთქვას, რომ შენ გიყვარს ღმერთი.
ეგრეთვე, გარეშე შენსა ამ სოფელში შენ მარადის ხედავ ბრძოლასა კეთილსა და ბოროტსა შორის, ჭეშმარიტებასა და სიცრუესა შორის, მადლსა და ცოდვასა შორის. ღვთის-მოყვარე მაშინ ხარ, როდესაც ბრძოლაში შენ მარადის იჭერ კერძოსა პირველთასა და ემტერები მეორესა.
გარნა უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს. ღვთისა და მოყვასის სიყვარულს შორის, რომელ ერთი მეორესგან არ განიყოფება. ღვთის-მეტყველი იოანე წერს ეპისტოლესა შინა თვისსა: უკეთუ ვინმე სთქვას, ვითარმედ მიყვარს ღმერთი და ძმა თვისი სძულდეს, მტყუარ-არს, რამეთუ რომელსა არა უყვარდეს ძმა თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უძც შეყვარებად? და ესე მცნება მივიღეთ მისგან, რათა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაცა თვისი (იოან.დ.კ,კა) როდესაც მოყვასთა შორის სუფევს სიყვარული და ეთობა, მაშინ ღმერთიც მათ შორის სუფევს: ღმერთი არასადა ვის უხილავს, უკეთუ ვიყვარებოდეთ ურთიერთ-არს, ღმერთი ჩვენს შორის აღსრულებულ-არს.
რისთვის აქვს, ძმაო ჩემო, ესოდენი ფასი ღვთის სიყვარულსა, რომელ ღმერთი მხოლოდ არს იქა, სადაცა ხედავ სიყვარულსა? საღმთო წერილი გვეტყვის, რომელ თვით ღვთის პირველი სახელი სიყვარული არისო და ვისაც სიყვარული არა აქვს, მან ვერ იცნა ღმერთი. რა მიზეზია, რომ ყოველ შემთხვევაში მხოლოდ იმას გვასწავლის და იმას გვამხილებს ჩვენ სჯული, რათა გვიყვარდეს ღმერთი? ეს მისთვის, ძმაო, რომ სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის სასარგებლო: ღმერთს არ მიემატება არა რაიმე ჩვენი სიყვარულისაგან, გარნა ჩვენ განვიწმიდებით, განვნათლდებით ღვთის სიყვარულითა. ეს ყოველმა კაცმა იცის და მრავალ-გზის გამოცდილ არს ამ სოფელში, რომ თუ ვინმე შეიყვარა კარგი, ჭკვიანი და მართალი კაცი, თვითცა მიიღებს დიდსა სარგებლობასა იმ კაცისაგან; ხოლო თუ დაუმეგობრდა ვინმე ბოროტს, გაფუჭებულ კაცსა, მაშინ თვითონაც გაფუჭდება და გაირყვნება. სწორეთ ესრეთ უნდა ვსთქვათ ღვთის სიყვარულზედ. თუ აზრი ღმერთზედ მარადის სუფევს კაცის გულში, მაშინ იგი მიუახლოვდება ღმერთსა, მაშინ იგი ცდილობს, რომ იყოს ღირსი ღვთის სიყვარულისა; ეს ფიქრი, ეს ზრუნვა მას განსწმედს, განამართლებს, აღამაღლებს. რაც უყვარს კაცს, რაზედაც იგი ფიქრობს მარადის, რაც მას ჰსურს და რასაც იგი ეძიებს ყოველთვის, იგი არის მისი ღმერთი; ხოლო ვითარიც ღმერთი გეყოლება შენ, ძმაო, თვით შენცა იმისთანა გახდები:თუ შენი ღმერთი არის ჭეშმარიტი და ზეციერი, მაშინ შენც კარგი და უმჯობესი შეიქმნები. თუ ცოდვა შეიქმნა შენი ღმერთი, თუ ამ სოფელზედ დაემყარა შენი სიყვარული - შენც წარწყმდები, ვინაითგან შენც დაემსგავსები სოფელსა. გარნა, ძმაო ჩემო, სიყვარული ღვთისა უნდა იყოს შენს გულში ცხოველ, მტკიცე. რა სახით შეგეტყობა, რომ ნამდვილად გაქვს ცხოველი სიყვარული ღვთისა? თუ ფრიად გიყვარს ვინმე და დიდი მეგობრობა გაქვს მაშინ ძლიერ გიხარის, ოდესაც გესმის იმაზე ქება და კარგი ხმა; და ძლიერ გეწყინება, თუ შენ მასზედ ვინმე გითხრა ცუდი რაიმე. სწორეთ ესრეთვე გამოჩნდება, თუ გიყვარს ცხოველად ღმერთი. უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის.
გარნა, ძმაო, უმეტეს ყოვლისა მით გამოჩნდება, გაქვს თუ არა სიყვარული ღვთისა, ოდეს შენ აღასრულებ მცნებათა მისთა. ამას უნდა ვცდილობდეთ, ამას უნდა ვეძიებდეთ ყოველდღე, რათა საქმითა და ყოფაქცევითა ჩვენითა დავამტკიცოთ ცხოველი სიყვარული ღვთისა, რომელიცა და მოგვანიჭოს ჩვენ მან. - ამინ.