ჰრქვა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო
და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ,
მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ
სიხარულსა უფლისა შენისასა (მატ. კე. კა).
ესრეთ უთხრა უფალმან მონასა მას, რომელმან, მიიღო რა ორი მხოლოდ ტალანტი, ანუ ნიჭი, კეთილგონიერად იხმარა იგი, განამრავლა და ნაცვლად ორისა წარუდგინა უფალსა თვისსა ოთხი. ამავე სიტყვათა გავიგონებთ ჩვენცა ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, უფლისაგან მეორედ მოსვლასა მისსა, უკეთუ გონიერათ მოვიხმართ და განვამრავლებთ ტალანტთა, ანუ ნიჭთა, რომელთა ღმერთი მისცემს თითოეულსა კაცსა, ანუ თვით შობითგანვე, ანუ განგრძობასა შინა ცხოვრებისა მისისა. მრავალთა მათ ტალანტთაგან რომლითა ღმერთი შეამკობს კაცსა, ჩვენ დღეს ვიფიქროთ მხოლოდ ორთა უმაღლესთა და უძვირფასესთა ნიჭთათვის, რომელნი ზეცადმი აღამაღლებენ ბუნებასა კაცისასა, ესე იგი, სინიდისისა ანუ ნამუსისათვის და მეორედ სარწმუნოებისა ანუ საღმთო სჯულისათვის.
აჰა, ორნი იგი საღმრთონი ტალანტნი, ანუ ქანქარნი, რომელნი მიანიჭა ყოველსა კაცსა უფალმან ღმერთმან, ხოლო კაცმან უნდა ასარგებლოს და ერთი ორად წარუდგინოს ღმერთსა.
ვსთქვათ პირველად სინიდისისათვის. რაი არს სინიდისი? სინიდისი არს იგი უხილავი მსაჯული, მჯდომარე გულსა შინა ყოვლისა კაცისასა, რომელიცა ანუ აქებს და მოუწონებს მას რომელთამე საქმეთა და ყოფაქცევათა, ანუ აძაგებს რომელთამე სხვათა ყოფაქცევათათვის. ესრეთ განსაზღვრებენ სინიდისსა, ხოლო უკეთუ გსურს უცხადესად გაიგო და წარმოიდგინო, რა არის სინდისი. შეგიძლიან გაიხსენო, რასა ჰგრძნობდი გულსა შინა შენსა, ოდესაც ღმერთი შეგეწია და ჰქმენი რომელიმე კეთილი საქმე : ანუ ილოცე გულსმოდგინედ და ცრემლით,ანუ ნუგეშ ეცი და გააბედნიერე ვინმე, ანუ სხვა რომელიმე კეთილი საქმე აღასრულე. ამათ ყოველთა შემთხვევათა შინა არ ჰგრძნობდი შენ რომელსამე გამოუთქმელსა სიტკბოებასა. არა გახარებდა შენ გული შენი? ეს შინაგანი სიყვარული და სიტკბოება იყო შენის სინდისისა, რომელიცა მოგიწონებდა შენ შენთა საქმეთა. ხოლო ოდეს მტერმან გაცთუნა შენ და შთავარდი რომელსამე ბოროტ-მოქმედებასა, რასა ჰგრძნობდი შენ იმ დროს? მაშინ შენ გრძნობდი გულსა შინა შენსა სირცხვილსა და აღრეულობასა, მაშინ შენ გრცხვენოდა ყოვლისა კაცისა; პირი შენი ხშირად გაწითლდებოდა, შენ იმალებოდი ყოვლის კაცისაგან და ვიდრემდის არ მოინანე, არა გქონდა მოსვენება. ეს იყო საქმე სინიდისისა შენისა, რომელი გტანჯვიდა შენ და სდევნიდა სულსა შენსა მონანებისადმი. ცხად-არს, თუ რაისთვისა დანერგა ღმერთმან ბუნებასა შინა კაცისა დიდი ტალანტი ესე? მისთვის, რათა იყოს იგი მოძღვრად და ხელმძღვანელად კეთილ-მოქმედთა და აღვირმსხმელად ბოროტის მომქმედთა.
ახლა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოიხმაროს და განამრავლოს კაცმან ეს დიდი და ფრიად საჭირო ტალანტი. პირველად ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფობს, ანათლებს გულსა; თუმცა შენ არ შეგიძლიან სრულიად გააქრო ცეცხლი იგი, გარნა შეგიძლიან ესოდენ აანთო იგი, რომელ ჰქონდეს მას დიდ სინათლე და სიტფოება. და ესრეთ კაცი, რომელი ყოველთვის ჰლესავს თვისსა სინდისსა, ყოველთა საქმეთა შინა გამოიკითხავს მისგან რჩევასა,არაფერს არ იმოქმედებს წინააღმდეგ სინიდისისა თვისისა. ყოველთვის ჰგრძნობს მისგან ანუ ქებასა და კმაყოფილებასა, ანუ მოძაგებასა და საყვედურსა. ესე ვითარმან კაცმან განამრავლა ტალანტი იგი და აქვს სასოება, რათა მიიღოს ოდესმე უფლისაგან ხარება: კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო ... გარნა ვინც დაჰხშა კარი სინდისისა თვისისა, ვინც ესოდენ დაამცირა ღვთაებრივი ესე ცეცხლი, რომელ დროსა ბოროტმოქმედებისასა აღარა ჰქენჯნის მას სინიდისი მისი, აღარ უშლის და არ აყენებს მას ცოდვისაგან, იგი ემსგავსა უბადრუკსა მას მონასა, რომელმან დამალა მიწასა შინა ერთი ღვთისაგან მიღებული ტალანტი და ამისთვის ესმა მისგან საყვედური: ბოროტო მონაო და მედგარო ... ჯერ-იყო შენდა დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა და მივიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. ეს უმეტესად უნდა ახსოვდეს მათ, რომელთა არ მიუღიათ სწავლა და განათლება, ესე იგი, მდაბალსა ერსა. ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ დარჩება მას არც ერთი საშუალება, რომლითა შეეძლოს ცნობა და გარჩევა კეთილისა და ბოროტისა.
ახლა ვსთქვათ მეორისა მის უმაღლესისა ტალანტისათვის, რომელი მოგვცა ჩვენ ღმერთმან, ესე იგი. სარწმუნოებისა და სახარებისათვის.
სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნდ ემსახურა მისთვის. ამას გვიმტკიცებენ ჩვენ კერპთმსახურნი, რომელთა ესოდენ დაუბნელდათ სინიდისი, რომ ნაცვლად ჭეშმარიტისა ღვთისა, პატივ-სცემდენ მრავალთა ცრუთა ღმერთთა. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა. არა ოდეს არ უნდა დავივიწყოთ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ჩვენ მოგვაბარა ღმერთმან დიდი ესე დაუფასებელი ტალანტი.
გახსოვდეს, ძმაო, რომ შენ ქრისტიანე ხარ, ამასთანავე მართლ-მადიდებელი ქრისტიანე. ეს არის შენი სიქადული, ეს არის განმასხვავებელი შენი უცხო თესლთაგან. ჰკითხავდე თავსა შენსა, როგორ ჰხმარობ შენ დაუფასებელსა ამას ტალანტსა; განამრავლე შენ იგი, გამოიღო მან ნაყოფი გულსა შინა შენსა, გაგწმიდა და განგანათლა შენ სჯულმან შენმან? ანუ აქამომდე გულსა შინა შენსა ჰსუფევს ძველი იგი ცომი ცოდვისა და ბოროტებისა?
ძმანო, ჩემნო საყვარელნო! დიდ-არს ტალანტი, რომელი მოგვცა ჩვენ ღმერთმან, ღვთაებრივი საუნჯე არის ქრისტიანობა. ჩვენ უწოდებთ თავსა ჩვენსა მართლმადიდებელად, ესე იგი, აღვიარებთ, რომელ ეკკლესია ჩვენი მიიღებს ნამდვილად თვით მას სწავლასა და წესდებულებასა, რომელი გარდამოგვცეს თვით მოციქულთა: დაუმტკიცოთ უკვე კეთილითა ჩვენითა ცხოვრებითა ჭეშმარიტება ჩვენისა ეკლესიისა წინააღმდეგთა მისთა. ამინ.