იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა
თქვენი მოწყალე არს ( ლუკ. ვ. ლვ).
ვგონებ, ძმანო ჩემნო, რომელ მქადაგებელსა წინაშე ქრისტიანეთა სიტყვისა ღვთისა არ უნდა დასჭირდეს გრძელი სიტყვა და დამტკიცება მას ზედა, თუ რა დიდი სათნოება არის მოწყალება და რომელ ყოველი ქრისტიანე უნდა იყოს მოწყალე და შემბრალებელი კაცისა. სჯულიცა ჩვენი, სიყვარულსა და მოწყალებასა ზედა დაფუძნებული, რომ არ გვასწავლიდეს ჩვენ მარადის და შეგვაგონებდეს, რომელ მოწყალება არის პირველი ქრისტიანული სათნოება, თვით ბუნება და გული ჩვენი შეგვაგონებს, რა კეთილი და წმიდა გრძნობა არის შებრალება კაცისა უბედურისა და საწყალისა. ვის არ გამოუცდია ის ტკბილი, აღუწერელი შინაგანი კმაყოფილება და სიხარული, რომელსა გრძნობს გული ჩვენი იმ შემთხვევაში, როდესაც, შეწევნითა ღვთისათა ჩვენ რომელიმე მოყვასთაგანი გამოვიყვანეთ მწუხარებითგან, გავახარეთ და გავაბედნიერეთ. ზოგიერთს კაცს ისეთი ხასიათი აქვს, რომელ თუ ვინმე გაახარა და გააბედნიერა, მაშინ თვითონაც თავის თავს ბედნიერად რაცხს, თუ ვინმე ნახა მწუხარე და უბედური, ისე შესწუხდება, ვითომც იგი თვითონ იყოს უბედური. მხოლოდ მახინჯი, გაფუჭებული ხასიათის მქონს კაცს არა აქვს გულში ეს საღმრთო გრძნობა. მაშასადამე, თვით ბუნება ჩვენი გვასწავლის ჩვენ, რომელ არათუ მხოლოდ საღმთო სჯული ჩვენი სათნოებასა ამას რაცხს უმთავრესად ყოველთა სხვათა სათნოებათა შორის, არამედ სხვანიცა ყოველნი სჯულნი, რომელი არა ღვთისგან არიან მიღებულ, არამედ კაცთაგან მოგონებულნი, იგინიცა ასწავლიან და შეაგონებენ აღმსარებელთა თვისთა მოწყალებასა. მაშასადამე, ამაზე აღარ გავაგრძელებთ ჩვენ სიტყვასა. აქ ჩვენ ის უნდა გამოვიკვლიოთ, ძმანო ქრისტიანენო, რა სახით უნდა ვასრულებდეთ ჩვენ ამ სათნოებასა. ნუ ჰგონებ, რომ ეს ადვილი იყოს. დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა. წარმართნიც და კერპთ-მსახურნიც კი აძლევენ გლახაკთა მოწყალებასა, მაჰმადის სჯულიც კი მოითხოვს და ასწავლის ამ სათნოებასა; გარნა ჩვენ, ქრისტიანეთაგან. სახარება მოითხოვს სხვა ხარისხის და სხვა სახის მოწყალებასა: იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. აჰა, რა გასაოცარსა ხარისხსა მოწყალებისასა მოითხოვს ჩვენგან მაცხოვარი! ახლა იფიქრე, რაოდენი გონიერება და განზრახვა უნდა იხმაროს კაცმა შესატყობლად, თუ სიდგან წარმოსდგება ესრეთი მაღალი მოწყალება და მერმე რაოდენი გამოცდილება უნდა ქონდეს, რომ შეიძინოს იგი.
იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. ღმერთი მისთვის არის მოწყალე, რომ თვით ბუნება მისი არის სახიერი და კაცთმოყვარე. ღმერთზე ჩვენ ვერც კი ვიფიქრებთ, რომ იგი იყოს უმოწყალო; მისთვის, რომ თვით მისი ბუნება ანუ არსება არის მოწყალება და სიყვარული. შენც, ძმაო, თუ გსურს, რომ გქონდეს ჭეშმარიტი, ღვთიური მოწყალება, გაისწორე და გაიმართე ბუნება შენი; განიშორე გულისა შენისაგან ყოველი სიძულილი, მრისხანება, შური და შეიძინე კაცთმოყვარება და სიყვარული ესრეთ, რომელ თვით ბუნება შენი გაიძულებდეს კაცის მოწყალებასა და შებრალებასა. ისრეთი გულის გრძნობა და კეთილობა უნდა გქონდეს, რომელ, თუ ნახო კაცი მშიერი, შენც აღარ გიამოს პურის ჭამა, ვიდრემდის არ გააძღო იგი, თუ ნახო შიშველი - შეგრცხვეს და შესწუხდე, რომ შენ კარგად გაცვია და ძმა შენი ტიტველია.
იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. მოწყალება ზეციერისა მამისა არის უსასყიდლო და უანგარო. იგი მოწყალებასა იქმს მისთვის, რომ არის სახიერი, უყვარს ქმნილება თვისი. ეგრედვე შენც ეცადე, რომ მოწყალება შენი არა იქნეს პირმოთმინეობით და ანგარიშით. საუბედუროდ, შენ მოწყალებას იქმ ხშირად მისთვის, რათა გაქონ კაცთა, ანუ მისთვის, რათა მაგიერი მოგაგონ; ანუ მოწყალებასა იქმ მხოლოდ მოყვრობით და ცნობით; არ გახსოვს შენ სიტყვა მაცხოვრისა: უკეთუ კეთილის მყოფელთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. და უკეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კვალად მიღებასა, რომელი მადლი არს თქვენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რათა მოიღონ სწორი. (ლუკ. ვ. ლგ, ლდ).
იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. მამა ჩვენი არის უმაღლესი სიბრძნე და გონება; ამისათვის მოწყალებაცა მისი არის ბრძენი და გონიერი. ათას სახედ გამოსჩნდება მოწყალება ღვთისა კაცთა შორის. ღმერთი ისრეთს მოწყალებას მისცემს კაცს, რომელიც უმეტესად საჭირო არის მისისა ბუნებისათვის. მრავალგზის თვით სასჯელი, მწუხარება და უბედურება არის ნიშანი ღვთის მოწყალებისა, ვინაითგან ღმერთმან უწყის, რომ ესენი უმეტესად სასარგებლოდ დარჩებიან ზოგიერთთა კაცთათვის. შენც უნდა ეცადო, და ბრძნად და გონიერად აღასრულო მოწყალება. შენ გგონია, რომელ საკმაოდ აღასრულე ეს სათნოება, თუ ათასში ერთხელ მთხოვარსა აჩუქე ცოტაოდენი ფული. მოწყალება ორივე კერძოით უნდა იყოს სასარგებლო, შენთვისაც და მისთვისაც, რომელსაც აძლევ: შენთვის ესრეთ, რომელ თუ გონიერად, გულს-მოდგინედ ასრულებ მას, გული გაგიკეთდება და მიეჩვევი სათნოებასა მოყვასისა შენისათვის; მაშინ, როდესაც გამოიკვლევ, რა არის მისთვის უმეტესად საჭირო და სასარგებლო და იმას უყოფ მას.
ზოგიერთი კაცი არის მოწყალე და კიდეც აქვს შეძლება, რომ მოწყალება გასცეს, გარნა არა აქვს მოცალება ანუ გამოცდილება და ხშირად მოწყალება მისი იკარგება უსარგებლოდ და ზოგჯერ თითქმის კიდეც ავნებს და ზარალს აძლევს მათ, რომელთა იგი აძლევს მოწყალებასა. განათლებულთა ქვეყანათა შინა ისე გონიერად არის დაწყობილი მოწყალების აღსრულება, რომელ ვისაც სურს მოწყალების გაცემა, ადვილად იპოვის და გამოარჩევს, სად და რანაირად აღასრულოს თვისი მოწყალებითი სურვილი. იქ ამ საგნისთვის გაჩენილ არიან მრავალნი საზოგადოებანი; ზოგნი მათგანნი მიიღებენ ობოლთა, მცირეწლოვანთა ზრდიან და ასწავლიან მათ დიდ-დიდთა სასწავლებელთა შინა ერთითა მხოლოდ კერძოთა პირთაგან მოწყალების მიღებითა. სხვანი აღაშენებენ დიდ-დიდთა სახლთა და მიიღებენ მუნ სნეულთა, ღარიბთა, რომელთა არა აქვთ საშუალება თავის ფასითა იყიდონ წამალი და მოირჩინონ თავი; სხვანი კიდევ შეადგენენ საზოგადოებასა და მიიღებენ კეთილ-მსურველთაგან მოწყალებასა მისთვის, რათა აღაშენონ ტაძარნი, განავრცელონ საღმრთო წერილი და განათლება ყოველთა სოფელთა შინა. ერთი სიტყვით, უცხო ქვეყანათა შინა განათლებულთა ხალხთა შორის მრავალნი არიან საზოგადოებანი, რომელნი კერძო პირთა შეეწევიან მოხმარებასა შინა მათისა მოწყალებისა. სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანასა შინა არ არიან ჯერეთ ესრეთნი საზოგადოებანი, ამისთვის უსარგებლოდ იკარგება კეთილი სურვილი და მნებელობა მრავალთა პირთა მოწყალების გაცემისათვის. გარნა ვისაც სურს კეთილად და ღვთის სათნოდ მოიხმაროს მოწყალება თვისი, ჩვენ შეგვიძლია უჩვენოთ მას ერთი გზა. არ არის დიდი ხანი მას უკან, რაც კავკასიის მხარესა შინა, ესე იგი, ქალაქსა ტფილისს, გაიხსნა ერთი შესანიშნავი და ფრიად გონიერი საზოგადოება, რომელსა ეწოდება საზოგადოება მართლ-მადიდებლობის აღდგენისათვის კავკასიასა შინა.
საგანი საზოგადოებისა ამის შინა არის ის, რათა განავრცელოს მართლ-მადიდებლობა უმრავლესთა ტომთა შორის კავკასიისათა, რომელნი ძველს დროებასა შინა იყვნენ მართლ-მადიდებელნი და ახლა არიან დაბნეულნი მაჰმადიანობითა. არ არის აქ საჭირო დამტკიცება, რა კეთილი და სასარგებლო არის მოქმედება საზოგადოებისა ამის!მიიხედ-მოიხედე, ძმაო, გარემოს შენსა! რაოდენი ჩვენი თემის მონათესავენი და მცხოვრებნი ახალციხეს, აფხაზეთს და სხვათა ადგილთა გარემოს ჩვენსა, რომელთა წინაპარნი ძველ დროებაში იყვნენ მართლ-მადიდებელნი, ჩვენნი მოყვარენი და მეგობარნი, ახლა, მაჰმადიანობით დაბნეულნი, არიან მოძულენი ჩვენნი. თვით ჩვენი ბედნიერება და მშვიდობა მოითხოვს, რომ იგინი კვალად შეიქმნენ მართლ-მადიდებელნი; მაშასადამე, ყოვლითა ღონისძიებითა უნდა შეეწეოდეთ წარმატებასა იმ საზოგადოებისასა, რომელი ცდილობს მათსა განათლებასა. ამაზე უმჯობესი გონიერი მოწყალება არ შეგიძლია შენ. ნამეტანი შეძლებაც რომ არ გქონდეს, შენ თავს უნდა მოაკლო და ამ საზოგადოებას უნდა შეეწიო. დიდი უმეცრება იქნება ჩვენგნით, რომ არ შევეწიოთ ესრეთსა საზოგადოებასა, რომელსა საგნად აუღია მომავალი ჩვენი მშვიდობა და ბედნიერება. ამინ.