ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა
ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა,
რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ-
არს და მე სოფლისა (გალატ. ვ, იდ ).
აჰა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რა გვარი ერთგულება ქონდა პავლე მოციქულსა და უნდა გვქონდეს ჩვენცა ყოველთა ქრისტეს სჯულისათვის! რა კი ერთხელ მიანდო მან თავი თვისი ქრისტეს სიტყვათა, მისი სიქადული და ბედნიერება შეიქმნა ჯვარი ქრისტესი; მისი გული აღივსო ქრისტეს სიყვარულითა და ყველა მისი ცხოვრება დაეფუძნა სახარებასა ზედა. გარნა არ შეეძლო მასცა, მსგავსად სხვათა ქრისტიანეთა, ეპოვნა ამ სოფელში სხვა რომელიმე ბედნიერება და ნუგეში; ისიც კაცი იყო, იმასაც ჩვენი სხეული და კაცობრივი მიდრეკილება ქონდა; გარნა მან აღავსო გული თვისი სიტყვითა სახარებისათა და ყოველი ამ სოფლის საქმე დაუმორჩილა სიტყვასა ღვთისასა. რისთვის? მისთვის, რომელ სახარება ქრისტესი მხოლოდ მაშინ გამოსცვლის და განწმედს კაცსა, ოდეს კაცი სრულიად დაემორჩილება მას; გარნა უკეთუ კაცმან უმთავრეს საქმედ თვისისა ცხოვრებისა გამოირჩია არა აღსრულება სჯულისა ქრისტესისა, არამედ რომელიმე ამ სოფლის ნუგეში, ხოლო სულიერსა მოვალეობასა თვისსა აღასრულებს, ვითარცა ერთსა მცირესა საქმესა სხვათა თვისთა საქმეთა შორის, მაშინ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქმნება გულსა შინა მისსა.
რაც უყვარს, ძმანო, კაცსა უმეტესად ყოვლისა, იმას შესწირავს იგი გულსა თვისსა, ის არის მისი სიქადული და ბედნიერება, ის არის მმართველი მისი ცხოვრებისა; მოკლედ, რაიცა უყვარს კაცს უმეტეს ყოვლისა, ის არის მისი ღმერთი. თუ შენ, ძმაო ჩემო, სრულიად მიუცილებლად არ მიანდე გული შენი ქრისტესა, თუ შენ არ აღიღე ჯვარი ქრისტესი და არ შეუდეგ მას, თუ არ შეგიძლიან პავლეს-თანა ხმობდე: ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა.... თუ იმ ზომამდე არ მიწევნულხარ, რომ არ შეგეძლოს პავლესთან თქმად: ხოლო აწ ცხოველ ვარ არა მე, არამედ ქრისტე ჩემს შორის; თუ ცოდვა კიდევ ცოცხალ არს შენს შორის და გული შენი ტფება არა ქრისტეს მადლითა, არამედ რომლითამე ამ სოფლის სასოებითა და ნუგეშითა, იცოდე, ძმაო ჩემო, რომ ქრისტე არ არის ღმერთი შენი, არამედ სხვა ვინმე. კვალად გეტყვი: ადამიანის ღმერთი ის არის, რაიცა მას უყვარს უმეტეს ყოვლისა.
ჩვენ, ძმანო ჩემნო, ხშირად ვატყუებთ თავსა ჩვენსა. რავდენნი არიან ქრისტიანეთა შორის, რომელთა თავი თვისი მიაჩნიათ ქრისტიანედ მხოლოდ მისთვის, რომელ კვირაში ერთხელ ეკლესიაში შევლენ, დაფანტულითა გონებითა როგორმე ილოცვენ: წელიწადში ანუ ორ წელიწადში ერთხელ როგორმე მოემზადებიან და ეზიარებიან, მარხვაში ხორცს არა სჭამენ: გარნა გული მათი კი განუყოფელად ეკუთვნის ამ სოფელს. სიქადული მათი და საუნჯე არა ჯვარი არს ქრისტესი, არამედ რომელიმე ამ სოფლის ნივთი და საქმე. მიჰხედეთ, მაგალითებრ, ამ ერთს ჩვენსა ძმასა, რომელი ნამეტნავად ანგაარი არის, კარგად გასინჯეთ მისი ცხოვრება, შთახედეთ მისს გულში. ვინ ჰსუფევს იქ, იმის გულში? ვინ არის მისი ღმერთი? მისი ღმერთი არის ვერცხლი, იგი თაყვანსა სცემს ოქროს კერპსა, მოგება და შეძინება სიმდიდრისა ესრედ ანუგეშებს და აბედნიერებს მას, იგი ესოდენად ჰცდილობს ოქროს შეძენას, ესოდენი სიტკბოება და წადილი გულისა მისისა არის ოქრო, რომელ მასა სწორედ იმის მეათედი სიყვარულიც და სასოება არა აქვს ღმერთზედ. ვინ ამბობს, ძმაო ჩემო: კაცი კი უნდა ჰცდილობდეს მოიგოს რამე შრომითა თვისითა; არც ამას ვიტყვი, რომ მეცადინეობა სიმდიდრის მოგებისათვის იყოს ცოდვა; გარნა კაცმან გული თვისი არ უნდა შესწიროს სრულიად სიმდიდრესა: გული შენი, ძმაო, უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა.
მიხედეთ ახლა ამ მეორეს, ჩვენს ძმა-კაცსა, რომელი იმყოფება სახელმწიფო სამსახურსა შინა; წარმოიდგინეთ მთელი მისი ცხოვრება: დილითგან საღამომდე ის იმას ჰფიქრობს და ჰზრუნავს, ვის რა ადგილი მისცესო, ვინ სად გადიყვანესო, ვინ რა ჯილდო მიიღოო, ვისა სწყალობს უმეტესად ნაჩალნიკიო; ეს არის მისი სიცოცხლე და ნუგეში, ამზედ ეწვის მას გული. როდესაც იგი სდგას ეკლესიაში, გული მისი გრილ-არს; უგრძნობელად ისმენს იგი სიტყვასა ღვთისასა; გარნა შეჰხედეთ, როდესაც იგი ლაპარაკობს ჯვრებზედ და ჩინებზედ, როგორ ბრწყინავენ მისნი თვალნი; რაგვარი ბედნიერება გამოიხატება პირისახესა ზედა მისსა, თუ ვინმე მიულოცა მას ახალი ჩინი, ანუ ორდერი. როგორ არ უნდა სთქვას კაცმა, რომელ არა ქრისტე არს მისი ღმერთი, არამედ პატივ და ჯილდო.
გარნა სიმდიდრე და პატივი კიდევ ღირს რამედ; ხოლო რა უნდა ვიფიქროთ და რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა, რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს კარგი ტანისამოსის ჩაცმაში, თავის მოკაზმვაში, რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერ და კმაყოფილ, როდესაც აჯობებენ სხვათა ქალთა სილამაზითა და მორთულობითა, ანუ მთელს სიცოცხლეს ატარებენ მხოლოდ მით, რომელ განიკითხავენ მოყვასთა თვისთა და განიმეორებენ ყოველთა ჭორთა და ცრუთა ამბავთა. ღმერთი მათი არა ქრისტე არს, არამედ ამაოება ამა სოფლისა.
გარნა ესეც კიდევ არაფერია: ზოგიერთთა კაცთა ბედნიერება მდგომარეობს სრულიად ამაოთა და შემარცხვენელთა მოქმედებათა შინა. წარმოვიდგინოთ ერთი მაგალითი: დარწმუნებული ვარ, რომ თვითოეული თქვენგანი იცნობს იმისთანა კაცს, რომლისაც დიდი ნუგეში და ბედნიერება არის ქაღალდის თამაშობა; მოწყენილი და ღრუბლიანი არის იგი, ვიდრემდის ქაღალდი არ მისცეს ხელში; გარნა, დაჯდა თუ არა თამაშობად, მაშინვე გამხიარულდა, იწყო ლაპარაკი, გამოაჩინა მხურვალება და გრძნობა გულისა თვისისა, ახლა წარმოიდგინეთ იგივე კაცი მდგომარე ეკლესიასა შინა, რა გვარად არის იგი, მოუთმენელად ელის, რომ მალე გათავდეს წირვა; მას არ ესმის სიტყვა ღვთისა, მითხარი, ვინ არის მისი ღმერთი? ვგონებ, რომ მისი ღმერთი არა ქრისტე არს, არამედ ის შემარცხვენელი ჩვეულება.
რა ვსთქვათ კიდევ? მოშურნე კაცის ბედნიერება და ნუგეში არის ის, როდესაც ნახავს მოყვასსა თვისსა დავარდნილს და წახდენილსა. ნაყროვანის ანუ გაუმაძღარი კაცის ღმერთი მუცელი არის, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: რომელთა მუცელი ღმერთი მათი არს, ლოთი კაცის ღმერთი რა არის, თუ არა ღვინო, ვინაითგან იგი ზოგჯერ ესოდენ დაემონება ღვინოსა, რომელ ავად გახდება, კვდება ღვინის სმისგან და მაინც ვერ დაუტოვებია ღვინო; ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვის მოქმედი კაცის ბატონი და ღმერთი ის ცოდვა არ არის, რომელსაც იგი იქმს? მაცხოვარმან ერთხელ უთხრა ურიათა, რომელ მხოლოდ მე შემიძლია განთავისუფლება თქვენიო; ურიათა ეწყინათ ეს სიტყვა და უთხრეს მას: ჩვენ შვილნი აბრამისანი ვართ და თავისუფალნი. მაშინმაცხოვარმან უპასუხა: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა (იოან, ჱ, ლდ). თუ არ მოიშალე შენცა, ძმაო, ცოდვის ქმნა, ცოდვა შეიქმნება ბოლოს შენდა ბატონად და ღმერთად: როგორ გაცხოვნოს შენ ქრისტემან, უკეთუ არა ქრისტე არს შენი ღმერთი, არამედ ცოდვა? მე იმას კი არ გეტყვი, რომ ყოველიფერი სოფლიური საქმე დაივიწყო და ყოველს წამს მხოლოდ ღმერთზედ იფიქრო, არამედ გამხილებ, რომ მხოლოდ ქრისტე იყოს შენი ღმერთი და ნივთი რომელიმე, ანუ ჩვეულება ანუ საქმე არ გარდაიქცეს შენდა ბატონად და ღმერთად. რა არის კაცში უმჯობესი და უმთავრესი? კაცის უმჯობესი და უმთავრესი არის გულის გრძნობა და სიტკბოება; ხოლო უკეთუ შენს გრძნობასა და სიტფოებასა ისმინეთ, რას ეტყვის ღმერთი ქრისტიანეთა სარდიის ქალაქისათა: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა გულისა შენისასა შესწირავ რომელსამე ამ სოფლის ნუგეშს, ნივთსა, ანუ ცოდვასა, ღმერთსა რაღას მიართმევ? ტფილი; ჯერ იყო, რათამცა გრილ იყავ ანუ ტფილი, არამედ ესრედ ნელ-ტფილ ხარ და არცა გრილ ხარ და არცა ტფილ, მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა (გამოცხ. გ, იე, ივ). მიჰხედე, ძმაო ჩემო: ღმერთს ის ურჩევნია, რომ სრულიად გრილი გული გქონდეს სჯულზედ, ვიდრე ნელ-ტფილი, გარნა შენ ტფილი ხარ და მხურვალე ცოდვისთვის, ხოლო გრილი ღვთისა და სიტყვისა მისთვის. პავლე მოციქული გვამხილებს ჩვენ: შერაცხენით თავნი თქვენნი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღვთისა ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა. ნუ უკვე ჰსუფევს ცოდვა მოკვდავთა მაგათ ხორცთა ჩვენთა მორჩილებად მისა გულის თქმათა შინა მისთა (რომ. ვ, ი, ია). ქრისტიანე უნდა იყოს მკვდარ ცოდვისათვის და ცოცხალ მადლისათვის; არა ცოდვა უნდა სუფევდეს გვამსა შინა მისსა, არამედ ქრისტე ღმერთი.
აჰა ესერა, გეტყვის შენ, ძმაო, ღმერთი, ვსდგა კარსა ზედა და ვრეკ, უკეთუ ვინმე ისმინოს ხმისა ჩემისა და განაღოს კარი, შევიდე მისთანა და ვსჭამო სერი მისთანა და მან ჩემთანა. (გამოცხ. გ, ით).