და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ!
შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათა
დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსა
და განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯები
მე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.ივ, კდ)
ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.
რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად, უსარგებლოდ მცონარეობასა შინა: კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა, და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.
ამის მეტი არაფერი არ არის თქმული მას სახარებასა შინა. არა სჩანს, რომ მას რაიმე სხვა საქმე ეკეთებინოს კეთილი, ანუ ბოროტი. იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. არც ის არის თქმული, რომ იგი ყოფილიყოს ძვირისმოქმედი ანუ კაცის მკვლელი, ანუ ღვთის შეურაცხმყოფელი, ანუ სხვა სულის წარმწყმედი საქმის დამნაშავე. მაშასადამე მიზეზი მისისა ფიცხელისა სასჯელისა იყო, როგორც ვსთქვით, მხოლოდ ის, რომ მან უქმად და უსარგებლოდ განატარა ეს ცხოვრება. სჩანს, ძმანო ჩემნო, რომელ სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყმედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა. რისთვის არის ესრედ? ღირს, რომ ამაზე ვსთქვათ ორიოდე სიტყვა.
უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ, უმეტეს, შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. ამას გვასწავლის საღმრთო წერილი, მასვე ამტკიცებს გასინჯვა კაცის ბუნებისა და მისთა თვისებათა. მაშასადამე კაცი, რომელი თვისსა ცხოვრებასა ატარებს ყოველთვის უქმად, არის წინააღმდეგი ღვთისა და წინააღმდეგი საკუთარისა თვისისა ბუნებისა.
მეორედ, როდესაც კაცი ატარებს უქმად თვისსა ცხოვრებასა, იგი ამით არა თუ მხოლოდ უნაყოფოდ გამოაჩენს მშვენიერთა მათ ნიჭთა და ძალთა, რომელნი მას შრომითა და მეცადინეობითა უნდა დაემუშავებინა და გაევრცელებინა, არამედ კიდეც დაამდაბლებს მათ, გააფუჭებს და დაამახინჯებს. წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის გართული ჭორთა, კაცის განკითხვათა და სხვათა ამის მზგავსთა ჩვეულებათა შინა. ეს მისთვის, რომელ ჭკუა კაცისა ეძიებს რომელსამე საზრდოსა, ყოველთვის უქმი და დაძინებული ვერ გასძლებს და თუ კარგს საქმეში არ არის გართული, უეჭველად გაებმება ცუდთა საქმეთა შინა. მგზავსად ჭკუისა სხვანიცა უქმად მყოფნი კაცის ნიჭნი და ძალნი არიან დამდაბლებულნი და გაფუჭებულნი. გულითა თვისითა კაცმან უნდა შეიყვაროს ყოველი კეთილი საქმე და ქველის-მოქმედება, გარნა ეს შეიძლება მაშინ, როდესაც გული კაცისა არის დამუშაკებული და გაწვრთნილი დაუცხრომელითა მეცადინეობითა და შრომითა. კაცმა თვისი გული თუ არ გაასწორა და არ გააკეთა, იგი უთუოდ იქმნება წარტაცებული ყოვლითა ამაოითა საქმითა და სურვილითა. მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას ეზარება თვისი გულის გასინჯვა და ძალის დატანება. ამისთვის გული მისი არის გაქვავებული და ყრუ ყოვლისა კეთილისა საქმისათვის. გავიხსოვნოთ, როგორ ცხოვრობდა მდიდარი იგი აწინდელისა იგავისა. როდესაც იგი იჯდა გაბრწყინვებული სუფრასა ზედა და იხარებდა დღითი-დღე, გლახაკი ლაზარე ეგდო მისის კარის წინაშე მშიერი და შიშველი. მდიდარი მას ჰხედვიდა, გარნა გაქვავებული გული მისი არ ჰგრძნობდა სიბრალულსა.
რა საჭირო არის კაცმა თავი შეიწუხოს შრომითა, თუ კი იგი არის მდიდარი და შეუძლია თავისი რჩენა და ქველის საქმისაც აღსრულება? არა, ძმანო ჩემნო! სიმდიდრე კაცს დაითხოვს შრომისა და მეცადინეობისაგან. რა არის სიმდიდრე? საითგან გასჩნდება? სიმდიდრე არის ნაყოფი შრომისა. მაშასადამე, კაცი, უქმად დროების გამტარებელი, სხვის ნაშრომს სჭამს, ქვეყანას სიმდიდრეს აკლებს და მაგიერს არაფერს შემატებს. ერთი სიტყვით, იგი არის კაცი მავნებელი საზოგადოებისა.
ყოველი კაცი ხომ ვერ იქმნება ქვეყნის სასარგებლო? კიდევ მეტყვის ვინმე, ქვეყნის სარგებლობისათვის უნდა იფიქრონ მხოლოდ მათ, ვინც არიან დაწინაურებულნი, აქვსთ უფლება, მთავრობა და გავლენა ქვეყანასა ზედა, ხოლო წვრილთა. უღონოთა კაცთა რა სარგებლობა უნდა მისცენ ქვეყანასა? მართალია, ძმანო ჩემნო, დაწინაურებულნი საზოგადოებასა შინა, ანუ სიმდიდრითა, ანუ სწავლითა, ანუ ხარისხითა უდიდესსა სარგებლობასა უნდა აჩვენებდეს ქვეყანასა. ისიც დიდი სარგებლობა იქნება, თუ იგი არის შრომის მოყვარე! ისიც კეთილია, თუ მარტო თავის თავს არჩენს! ფუტკარმა, რომ იფიქროს: ერთი ჩემი თაფლის წვეთი რას იქმსო და თავი დაანებოს თაფლის ძებნას, მაშინ მრთელი სკა დამშივდება. რაც შეგიძლია, ძმაო, ის ჰქმენი. უმთავრესი საქმე და ღირსება აქ ის არის, რომ შრომის მოყვარება გქონდეს, ქვეყნის წარმატება გსურდეს და, რაც შეგიძლია, კიდეც შეეწეოდე მას. გაიხსოვნე გლახაკის ლაზარეს ცხოვრება. არა სჩანს სახარებითგან, რომ მას დიდი რამ სასარგებლო საქმე აღესრულებინოს, ან კი რა შეეძლო მას, იგი იყო მდებარე, წყლული და სნეული. მაშასადამე, რით სცხოვნდა იგი? რისთვის გარდაიყვანეს იგი წიაღსა შინა აბრაამისასა? ლაზარე სცხოვნდა მით, რომელ თუმცაღა იგი იყო გლახაკი და უძრავი, გარნა უთუოდ მაინც არ გაუტარებია დრო. სითგან სჩანს ესე? რა საქმე შეეძლო უძრავსა გლახაკსა? ეს სჩანს, ძმანო, მისგან, რომელ მას ქონდა ხასიათი კეთილი, გული გაწმედილი, აღვსებული ღვთის სასოებითა, იგი სულგრძელად ითმენდა თვისსა უბედურებასა, არ დაჰკარგა ღმერთზე სასოება, არ იყო დრტვინვაში, არ ქონდა შური და სიძულვილი უწყალოისა მდიდრისა. თუ ესრეთ არ ყოფილიყო, სითგან ეღირსებოდა იგი წიაღსა აბრაამისასა? გარნა ესრეთი ხასიათი უშრომელად არ მიეცემა კაცს, თვითონ კაცმა უნდა დაიმუშაკოს თვისი გული და გაიკეთოს კეთილი ხასიათი. სჩანს, რომ გლახაკმა ლაზარემ ისარგებლა თვით თვისითა უბედურებითა; სჩანს, რომ მისმა უბედურებამან გააღვიძა მისი ჭკუა და გული, ჩააგდო იგი ფიქრში, ასწავლა მას სულგრძელება, მოთმინება და სასოება ღმერთზე. ყოველი გლახაკი და უბედური არ იქცევა ამ სახით. სამწუხაროდ, მრავალნი, ლაზარეს მზგავსნი გლახაკნი, დაჰკარგვენ მოთმინებასა და სასოებასა, არამედ სრულიად გაფუჭდებიან. მაშასადამე, არ ითქმის, რომ ლაზარე იყო უქმი. სხეული მისი იყო უძრავი, გარნა სული მისი მარადის იყო ფიქრსა და მოძრაობასა შინა. უთუოდ ამისთვის ეღირსა იგი წიაღსა აბრაამისასა.
შენც, ძმაო, თუ არაფერი შეგიძლია, შენი გული მაინც გაიკეთე, ხასიათი გაისწორე: ესეც დიდი არის ღვთის წინაშე! მარტო ამით იქმნები შენ სასარგებლო ქვეყნისა და ეღირსები წიაღსა აბრაამისასა, რომელიც ნუ მოგვაკლოს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. - ამინ.