კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და
იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ (ლუკა 16, 19).
ყოველი გონიერი კაცი, ძმანო ქრისტიანენო, ჰფიქრობს მომავალისათვის და სცდილობს, რომ წინადვე მოიმზადოს ყოველი, რაც შეეწევა მისს ცხოვრებასა და ბედნიერებასა. არა ესრედ იქცეოდა მდიდარი იგი დღეს წაკითხულისა იგავისა; იგი არ ჰფიქრობდა ხვალისათვის, არამედ სცხოვრებდა დღითი-დღე, ბრწყინვალედ იმოსებოდა, ტკბილად სვამდა და სჭამდა, ლხინობდა და იხარებდა ყოველ დღე, ერთი სიტყვით, იგი იყო დაუდევნელი, წინდაუხედავი. საუბედუროდ, ყოველთვის და ყოველგან ახლაც, აწინდელთა ქრისტიანეთა შორის ურიცხვნი არიან ამ კერძოდ მსგავსნი მდიდრისა ამის, უზრუნველნი. დაუდევნელნი მომავლისა საუკუნოისა და ცხონებისათვის.
რით და რაში გამოჩნდება დაუდევნელობა აწინდელთა ქრისტიანეთა?
პირველად მით და იმაში, რომ მრავალნი მათგანნი არ ჰფიქრობენ, რა მოელის მათ მომავალსა ცხოვრებასა შინა, როდესაც იგინი გაეყრებიან ამ სოფელს. ამას იქმენ ზოგიერთი მათგანნი ურწმუნოებისა გამო თვისისა. არ სწამთ მათ მომავალი ცხოვრება, ამისთვის ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში მიიღონ კეთილი თვისი, როგორადაც უპასუხა აბრაამმა სამოთხიდან მდიდარსა რომელი იტანჯებოდა ჯოჯოხეთსა შინა. რადგანაც მომავალი ცხოვრება არ არისო, ჰფიქრობდა იგი, აქ მაინც აღარ შევაწუხებ ჩემს თავსაო, ვილხენ და ვიხარებო. საიდან შეიტყო მან, რომ არ არის მომავალი ცხოვრება? რით დარწმუნდა იგი, ან ვინ დაარწმუნა ამაში? - თვისმა უმეცრებამ და გარყვნილებამ! ჭამისა და სმისა და ლხინის სიყვარულმან! ახლაც არიან ზოგიერთნი, რომელთა არ სწამთ მომავალი საუკუნო ცხოვრება, და ამისათვის არ ჰფიქრობენ მას ზედა და არ ეძებენ მას. ვინ დაარწმუნა ისინი, რომ არ არის მომავალი საუკუნო ცხოვრება? საიდან შეიტყვეს მათ ესა? მსგავსად მდიდრისა მის, ესენიც წარტაცებული არიან არა მეცნიერებითა და ღრმა მოსაზრებითა მეცნიერებაში და სწავლაში სუსტნი არიან იგინი, - არამედ მათმა გარყვნილებამ, ცოდნის სიყვარულმა წარიტაცა იგინიცა და ჰყო ურწმუნო, მსგავსად მდიდრისა მის. მათაც უყვართ ჭამა, სმა, მთვრალობა და სხვა უძვირესნი ცოდვანი. მაგრამ იგინი არ არიან ისე დასაძრახისნი დაუდევნელობასა შინა მათსა მომავალისა ცხოვრებისათვის, როგორათაც სხვანი მრავალნი აწინდელთა ქრისტიანეთა შორის, რომელთა სწამს და კიდეც ჰსურს ცხონება, მაგრამ მაინც დაუდევნელნი არიან ამ დიდ საქმეში. თუ კი კაცმა ერთხელ თავის გულში გადასწყვიტა, რომ არ არის საუკუნო ცხოვრება, რასაკვირველია, ის აღარ ეძებს მას და სცხოვრობს მხოლოდ ამ ქვეყნისათვის; გარნა რით შეენდობა, რა გასამართლებელი მიზეზი აქვს კაცსა მორწმუნესა, როდესაც იგი შთაფლულია ამაოებასა შინა და არ ფიქრობს მომავლისა ცხოვრებისათვის, ის ცხოვრობს და იქცევა - თითქოს არც კი იყოს მომავალი ცხოვრება.
მეორედ იმაში გამოჩნდება უზრუნველობა აწინდელთა ქრისტიანეთა, რომ იგინი ისე საკმაოდ, ესე იგი ბეჯითად არა სცდილობენ, ანუ არა ჰზრუნვენ მომავალისა ცხოვრებისათვის, როგორც შეეფერება ამ დიდს და მძიმე საგანსა. თუ შენ გრწამს, ძმაო ჩემო, მომავალი საუკუნოის ცხოვრება, ისიც უნდა კარგად გახსოვდეს, რომ ის ცხოვრება, იქნება, ესრედ ვსთქვათ, გაგრძელება, ან შედეგი აქაურისა ცხოვრებისა, სხვითა, უმჯობესითა სახითა, ანუ კიდევ, ნაყოფი აქაურისა ცხოვრებისა, აქ შენ სთესავ, იქ მოიმკი. რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, იტყვის მოციქული პავლე, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილება; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო (გალატ. 6, 8). აქაურნი შენნი საქმენი იქ შენ უკან გამოგიდგებიან. იოანნე მახარებელს და ღვთის-მეტყველს ზეციდან ესმა ხმა და დასწერა: ნეტარ არიან მკვდარნი, იგინი, რომელნი უფლისა მიერ მოკვდენ. ამიერითგან, იტყვის სული, ჰე, რათა განისვენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ (გამოცხ. 14, 13). ანუ, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე: მოიღოს კაცად კაცადმან ხორცთა მათგან, რაიცა იგი ჰქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი (კორინთელთა 5, 11). აქვე უნდა მოამზადო შენ გული და სული მომავლისა შენის ცხოვრებისათვის. აქვე უნდა მიეახლოვო ღმერთსა, განიწმინდო ცოდვათაგან სული შენი. თუ კაცი სადმე შორს ქვეყანაში მიდის, კარგად მოემზადება, საგძალს წაიღებს, სამოსელს და სხვას, რაც საჭირო არის მგზავრობასა შინა. ჩვენ სუყველანი ამ ქვეყნის მოგზაურნი ვართ, უნდა მოვემზადოთ ძლიერ შორს ქვეყანაში წასავალად. ნურაოდეს ნუ იფიქრებ გულში - მოვაწრობო, ჯერეთ მოხუცებული ვარო, რომ შევატყობ ჩემს თავს სასიკვდინედ, მაშინ მოვინანებო. ვაი, თუ მოსტყუვდე, უცბად გეწიოს სიკვდილი, ან კი რა მომზადება შეუძლია სნეულს კაცს, დასუსტებულს, შეშინებულს?
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო! დაუდევნელი, წინ-დაუხედველი კაცი თვით ამ ქვეყანაზე არის ჭირში და განსაცდელში, პირდაპირ ვიტყვი, იგი დაემსგავსება პირუტყვს, პირუტყვმა არ იცის, რა არის მომავალი, და არ ჰფიქრობს ხვალინდელი დღისათვის, ხოლო კაცს როგორ შეენდობა, თუ არ იფიქრა მომავალისათვის, თუ აქ, ამ ქვეყანაზედ ვერ მოიპოვებს მოსვენებას, მით უმეტესად ვერ ეღირსება იგი საუკუნო ცხოვრებას. დაუდევნელობა უშლის, აყენებს კაცს, რომ გაისწოროს თვისი ცხოვრება, გასწმინდოს სინიდისი, გაისწოროს გონება, მოიშალოს ცუდი ზნეობა, შეუდგეს სათნოებასა. უმთავრესი განსხვავება კაცის პირუტყვთაგან ის არის, რომ პირუტყვნი დასაბამიდგან აქამომდე ერთ მდგომარეობაში არიან. თუმცა პირუტყვსა აქვს ცოტაოდენი გაგება, მიხთომა, მაგრამ მათი ჭკუა და მიხთომა არ იზრდება, ერთნაირად არის. თუმცა მათაც აქვს რამე ზნე, მაგრამ მათი ზნე ერთ საზღვარშია, ვერ გაუმჯობესდება, წინ ვერ წავა. კაცი სულ სხვანაირად შეჰქმნა ღმერთმა, კაცი მარადის წინ მიდის ჭკუით, გონებით, ზნეობით, ყოფაქცევით, ერთი სიტყვით, კაცს აქვს დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისადმი. გარნა უზრუნველი, დაუდევნელი კაცი სცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, მომავალი მისთვის არ არსებობს, იგი დაკმაყოფილებულია დღევანდელი დღის მცირე რამე ლხინით და სიხარულით. რა საჭიროა მისთვის მაინცდამაინც გაამდიდროს თვისი ჭკუა და გონება მეცნიერებით და გონების ამაღლებით! მისი ბედნიერება მდგომარეობს დღევანდელს რამე მცირე ნუგეშში, მცირესა რამე კმაყოფილებასა შინა. მაცხოვარმა გვიბრძანა: იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი. აი რა დაუსრულებელი და ამაღლებული მიზანი გვიჩვენა ჩვენ მაცხოვარმან. ათასი წელიწადი რომ იცხოვრო ქვეყანაზე და დღე და ღამე რომ ეცადო, მაშინაც ვერ მიაღწევ ამ მიზანს; და დაუდევნელი კაცი არ ჰფიქრობს, რომ მოკლეა ცხოვრება ჩვენი, ხოლო დიდ არს და საშინელ, და მძიმე მიზანი იგი, რომლისა მიმართ მიმდინარეობს ყოველი გონიერი კაცი წუთსა ამას ცხოვრებასა შინა.განაშორე ჩვენგან, ღმერთო, უზრუნველობა, წინდაუხედველობა, დაუდევნელობა! დანერგე გულთა შინა ჩვენთა შიში, ზრუნვა, ძიება უმჯობესისა, მიმართულება, სრბოლა ზეციერისა მიმართ მამისა ჩვენისა. ამინ.