ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, ლ)
დღეს წაკითხულითა სახარებითგან გესმათ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, ვითარ ერთმან სჯულის-მეცნიერმან ებრაელმან ჰკითხა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? ძველნი ებრაელნი არა ყოველსა კაცსა რაცხვიდნენ თვისდა მოყვასად, არამედ მხოლოდ მემამულეთა და მონათესავეთა თვისთა; მათ უყვარდათ მხოლოდ მათივე ტომისა და შთამომავლობის ებრაელნი, გარნა ყოველნი სხვანი კაცნი სძულდათ და მიაჩნდათ მტრად.მაცხოვარმან განსანათლებელად მათისა გონებისა, უპასუხა მოძღვარსა მას შემდგომითა იგავითა: კაცი ვინმე მიდიოდა იერიქონითგან იერუსალიმს; მაშასადამე იგი იყო ებრაელი, და დაეცნენ მას ავაზაკნი, განძარცვეს იგი, დასჭრეს და ზლივს ცოცხალი დააგდეს გზასა ზედა. იმ ჟამად გაიარა იმავე გზით ერთმან მღვდელმან, ნახა დაჭრილი იგი, გარნა ყურადღება არ მიაქცია მას ზედა; მერმე გაიარა იქ ერთმან ლევიტელმან, ესე იგი, ტაძრის მსახურმან, გარნა არცა მან მისცა შემწეობა, და დასტოვა უწყალოდ; ბოლოს გაიარა იქ ერთმან სამარიტელმან, ესე იგი, კაცმან უცხოისა ქვეყანისამან და ებრაელთაგან ფრიად შეუძლებელმან, შეეწყალა მას უბედური იგი, მიეახლა მას და შეუხვია წყლულებანი მისნი, დაასხა მას ზეთი და ღვინო, და მერმედ აღსვა იგი კარაულსა ზედა თვისსა და მიიყვანა სასტუმროსა სახლსა შინა. იქ მოუარა მას შეძლებისამებრ და მეორე დღეს ჩააბარა იგი სახლისა უფლისა, რათა იზრუნოს მისთვის, და რასაც წააგებს, აღუთქვა უმეტესისა მიცემა მისდა. ვინ უკვე ამათ სამთაგანი, ჰკითხა უფალმან სჯულის მეცნიერსა, გგონიეს შენ მოყვას მისდა, რომელი იგი შთავარდა ხელთა ავაზაკთა მათ? ხოლო მან ჰსთქვა: რომელმან ჰყო წყალობა მის თანა. ჰრქვა მას იესო: ვიდოდე და ჰყოფდე შენცა ეგრევე (ლუკ. ი. ლვ, ლზ).
ჩვენ ყოველთა, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, გვერგება სწავლა ამა იგავისა და არცა უმცირეს, ვიდრეღა ოდესმე ებრაელთა მათ; ჩვენც ხშირად ვფიქრობთ და ვკითხავთ ჩვენს თავს: ვინ არს მოყვას ჩემდა? ჩვენც გვაქვს ის ჩვეულება, რომელ ყოველთა კაცთა ჩვენს შორის გულში გავყოფთ ორ-ნაწილად: ზოგიერთთა ვრაცხთ და უწოდებთ მოყვარედ, ხოლო სხვათა მტერად. მოყვარეს მოყვრობა აჩვენე და მტერსა მტრობაო, ვიტყვით ჩვენ ხშირად; ან მოყვარე რით გავისტუმროვო, ან მტერიო, დავძინებთ ჩვენ მრავალ-გზის. გარნა ნუ გგონიათ, ძმანო, რომელ ეს იყოს მხოლოდ სიტყვა, და საქმით კი არ იყოს ესრედ. არა! ვითარნიცა არიან ესე სიტყვანი, ეგრეთნივე საქმენი ჩვენნი: ვინ არ იცის და ვინ არ ჰხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა ამით არის შეწუხებული, რომელ არ არის ჩვენს შორის ერთობა, სიყვარული და ერთგულება ქრისტიანული; რომელ ყოველნი მცხოვრებნი ამა ქვეყნისანი ას-წილ იქმნებოდენ უბედნიერესნი ხორციელად და უმჯობესნი სულიერადაც, უკეთუ ჰქონდეთ მათ სიყვარული ურთიერთობრივი,უკეთუ არ იყოს მათ შორის განყოფა მოყვრობისა და მტერობისა. არ გამოაჩენსა ეს ცხადად, რომელ სამწუხაროდ ჩვენდა, ძალი და სული სახარებისა ვიდრე აქამომდე არ შესულა სიღრმესა შინა გულისა ჩვენისასა, არ დაუმორჩილებია ყოველი ბუნება და ჩვეულება ჩვენი? არ არის, ძმანო ჩემნო, ჭეშმარიტი სული ქრისტიანობისა იქ, სადაცა ჰსუფევს განხეთქილება, შური, სიძულვილი; მიჰხედეთ მოწყალესა სამარიტელსა. თუმცა იგი წყლული კაცი იყო მისი მოძულე, მოშურნე, მტერი, გარნა შეიწყალა იგი და მისცა ყოველი შემწეობა; მაშასადამე ყოველი კაცი არის მოყვასი ჩვენი და ძმა ჩვენი.
აქ იქმნება ვინმე იფიქროს: ნუ თუ შესაძლებელი არის, რომ ვისმე ყოველი კაცი ისრე უყვარდეს, ვითარცა მკვიდრი ძმა ანუ დედმამა თვისი? უკეთუ შენ ჭეშმარიტად და გულწრფელად გიყვარს შენი ძმა, დედმამა და მოყვარე, იცოდე, რომ ადვილად შეიყვარებ ყოველთა სხვათა კაცთა; ჭეშმარიტ სიყვარულს ის თვისება აქვს, რომ იგი გულსა კაცისასა გაავრცელებს, სულგრძელ-ჰყოფს და განსდევნის მისგან ყოველსა სიძულვილსა და შურსა. ბოლოს ესეც უნდა გვახსოვდეს, რომელ სულიერი ნათესაობა უდიდესი არს, ვიდრე ხორციელი; ძმა და მოყვასი მხოლოდ ხორციელად არს შენთან შეკავშირებული, ხოლო ღმერთმან სულიერად ყოველი კაცი შეაერთა და ყოველნი გვყო მოყვარედ და ძმად თავსა თვისსა შორის.
გარნა იგავსა ამას აქვს მეორე მნიშვნელობა, უდიდესი პირველისა. მოწყალე იგი სამარიტელი ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა; ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვლისა იყო ნამდვილ მსგავსი იმ კაცისა, რომელი ავაზაკთაგან იქმნა შეპყრობილ და დაწყლულებულ. კაცი იყო ჩავარდნილი ხელსა შინა სულიერთა ავაზაკთა, რომელნი არიან ეშმაკნი და ყოველნი ნაყოფნი ეშმაკისანი: ცოდვა, ვნება, ხრწნილება სულიერი და სიკვდილი. ამა ურიცხვთა მტერთა ესოდენ სტანჯეს, დაჭრეს და ავნეს კაცი, რომელ იგი კნინღა იყო ცოცხალ; ხოლო შემწე და მკურნალი არავინ ჰყავდა მას: არცა მღვდელნი, არცა ლევიტელნი, არცა სხვა ვინმე იყო მისდა მფარველ და შემწე. ისრაელთა ჰყავდათ მღვდელნი მრავალნი და ლევიტელნი, გარნა სულიერი მათი მდგომარეობა დღითი-დღე იქმნებოდა უარესი; წარმართთა ეგრედვე ჰყვანდათ მრავალნი მღვდელნი, ჰქონდათ ურიცხვნი კერპნი, გარნა იგინი უარესად ჰრყვნიდნენ, აფუჭებდნენ მათ; მოკლედ, კაცი იყო სულიერად მომწყდარი, ვნებული, თითქმის მკვდარი, მდებარე გზასა ზედა, და აჰა ესერა მოვიდა ქვეყანად სამარიტელი მოწყალე უფალი იესო; მან იხილა კაცი იგი საშინელსა მდგომარეობასა შინა, მას ესმა ტირილი ოხვრა მისი; არა უკან-წარხდა იგი, ვითარცა მღვდელი და ლევიტელი, თუმცა მან იცოდა, რომ გზა ესე არს საშიში, გზა ესე მიიყვანს მას ვიდრე გოლგოთამდე. იგი მიეახლა დავრდომილსა მას, შეუხვია მისი წყლულებანი, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშის-ცემისა, რათა დაულბოს სიმწარე მისთა წყლულებათა; მან დაასხა მას ღვინო ქადაგებისა და მადლისა თვისისა, რათა განამტკიცოს დაღონებული და დასუსტებული ცოდვათა და სულიერთა სალმობათაგან გული მისი.ესრედ გვიყო ჩვენ მოწყალემან სამარიტელმან: იგი მოვიდა ჩვენდა განსანათლებლად და განსაკურნებლად, თუმცა ჩვენ არ ვიყავით ღირსნი მისისა მოწყალებისა; მან წინადვე იცოდა, რომელ გზა ესე აღიყვანს მას ჯვარსა ზედა; გარნა სიყვარულმან და მოწყალებამან მისმან მოიყვანა იგი მას გზასა ზედა. აჰა, ვითარ არს სიყვარული მისი ჩვენდამი! ჩვენ გამოგვიხსნა მან მაშინ, ოდეს ჩვენ ვიყავით მისი მტერნი და მოძულენი; ხოლო რას გვთხოვს ჩვენ მაცხოვარი ნაცვლად ამა ყოველთა?გვთხოვს მხოლოდ იმას, რათა გვქონდეს ჩვენ ურთიერთ-არს სიყვარული და ერთობა; ამას მოითხოვს ჩვენისა ბედნიერებისათვის და არა თავისა თვისისათვის, ხოლო ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება მისი სწავლა და მცნება, ხშირად ვემტერებით ურთიერთ-არს და ვაწუხებთ ერთი მეორესა; გარნა ვისაც სურს აღსრულება მისისა მცნებისა, იმას ყოველთვის ახსოვს, რომელ ყოველი კაცი არის მისი მოყვასი, ხოლო უმეტესად კაცი გაჭირვებული და უბედური. ამინ.