ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. კ, კთ)
ესრეთ ჰკითხა უფალსა სჯულის-მეცნიერემან ვინმე,პასუხად ამა კითხვასა ზედა უფალმან უთხრა იგავი მოწყალისა და კაცთ-მოყვარისა სამარიტელისათვის,რომელმან საკვირველითა თვისითა ქველის-მოქმედებითა გვაჩვენა ჩვენ, რა არის მოყვარობა და როგორ უნდა აღასრულებდეს ქრისტიანე მცნებასა მოყვრობისასა. მოწყალება, რომელი მან უყო კაცსა, შთავარდნილსა ხელთა შინა ავაზაკთა, მწყდარსა და ძლივსღა ცოცხალსა, არის მაღალი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა, პირველად მით, რომელ სამარიტელმან ამან უყო მოწყალება კაცსა უცხოსა და უცნობსა, რომელი იყო შთამომავლობით ებრაელი, მაშასადამე, მტერი და მოშურნე მისისა ტომისა, ვინაითგან ებრაელთა სძულდათ სამარიტელნი; მეორედ, მან უყო მოწყალება უანგაროდ: ისრეთს კაცს უყო მოწყალება, რომელსა არ შეეძლო გარდახდა და მაგიერის სიკეთის მიგება; მესამედ, მან ჰქმნა მოწყალება ისრეთ შემთხვევაში, რომელ მის მოწყალებას მიეცა დიდი ფასი, ვინაითგან კაცი იგი, წყლული და დაჭრილი, იყო მიგდებული გზის პირად, საშიშოსა ადგილსა ზედა, სადაც ავაზაკნი მრავალ-გზის დაჰხვდებოდნენ და მოჰკვლიდნენ მოგზაურთა. მღვდელმან და ლევიტელმან, თუმცა გაიარეს იმ ადგილზედ და ნახეს ეს კაცი წყლული, გარნა ვერ გაბედეს იქ დაყოვნება და მიცემა შემწეობისა; ხოლო უბრალო სამარიტელმა აღასრულა მცნება ღვთისა და გამოჩნდა მოყვასად უბედურისა ამა კაცისა: მაშასადამე, მან თვით საქმით აღასრულა მცნება მოყვასობისა. სჯულის-მეცნიერმან, რომელი ჰკითხავდა უფალსა: ვინ არს მოყვას ჩემდა? სიტყვით კი კარგად ახსნა, რა არის მოყვასის სიყვარული, გარნა სჩანს, რომ საქმით კი არ აღასრულებდა იგი მცნებასა ამას: ეგრეთვე მღვდელი იგი და ლევიტელი, რომელთა იხილეს წყლული დაგდებული და შემწეობა არ მისცეს, უთუოდ კარგად აღგიხსნიდენ და განგიმარტებდნენ ენამჭევრულითა სიტყვითა, რაი არს მოყვასის სიყვარული, გარნა, როდესაც მოვიდა ჟამი აღსრულებად მცნებისა ამის, მაშინ მათ გამოაჩინეს, რომ არა აქვსთ გულში სიყვარული მოყვასისა; უბრალო იგი სამარიტელი ვერ აღგიხსნიდა კარგად სიტყვით, რა არს სიყვარული მოყვასისა, გარნა სჩანს, რომ გული ჰქონდა კეთილი და საქმით მან პირველმან აღასრულა მცნება ესე.
ჩვენ ხშირად განვიზრახავთ გულში, ძმანო ქრისტიანენო, და ვიკითხავთ: ვინ არს მოყვას ჩვენდა? ჩვენც ხშირად შემცდარნი ვართ ამ საგანზედ და მოტყუებულნი, ვითარცა წყლული იგი კაცი, შთავარდნილი ხელთა შინა ავაზაკთასა. უეჭველი არის, რომელ იგი არაოდეს არ მოიფიქრებდა და არ დაიჯერებდა, რომ მღვდელი და ლევიტელი, მისის სჯულის მოძღვარნი, მისი დამრიგებელნი და მასწავლებელნი, დასტოვებდნენ მას უწყალოდ და შეუწევნელად, გარნა სამარიტელი უცხო, სხვა ტომის კაცი, აჩვენებდა მას ესოდენსა მოწყალებასა, ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა.
ვინ არს მოყვას შენდა? შენ მოყვასად, ძმაო ჩემო, ის კი ნუ გგონია, რომელ პირში გეფერება და გაქებს, ტკბილად გელაპარაკება, გარწმუნებს ენითა თვისითა. იგი შენთვის თავს გადასდებს, კეთილად და მჭევრმეტყველად აღგიხსნის, რა არს სიყვარული მოყვასისა, მოგაჩვენებს, რომ იგი შენთვის თავგამომეტებული არის: გარნა პირ-იქით სხვას ლაპარაკობს შენზედა, გულში შენი შური აქვს.
ვინ არს მოყვას შენდა? ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა.
ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად გელაპარაკება შენ, თვით პირზედ იგი გამოჰხატავს კეთილობასა, გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა; შენ ჰფიქრობ: რა კეთილი ხასიათი აქვსო, რა კეთილი კაცი არისო, უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო; გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყვრობა, მაშინ გამოსჩნდება, რომ იგი სტყუოდა. სხვა კაცი სხვა ხასიათისა არის: გარეშეობა მისი შენ გეჩვენება სასტიკად; ბევრი ლაპარაკი მას არ უყვარს, პირში არ გაქებს შენ იგი, რაც გინდა ღირსი და კეთილი კაცი იყო, ხშირადაც გაგაჯავრებს ფიცხელითა სიტყვითა, პირდაპირ გეტყვის იგი შენსა სიცუდესა, გარნა პირიქით, იგი შენზედ ცუდს არაფერს იტყვის, არამედ ჰცდილობს, რომ გაგამართლოს და შეგინდოს შენი ნაკლულოვანება; ყელზედ არ გადაგეხვევა იგი, არ გარწმუნებს ენითა თვისითა, რომ მას სურს შენი სიკეთე და თავი გადაგებული აქვს შენთვის; შენ ხშირად გგონია, რომ იგი არის ცუდი ხასიათის კაცი, მას შენ სძულხარ და შენი სიკეთე არ უნდა; გარნა, როდესაც მოვა ჟამი და დრო, მაშინ შეიტყობ, რომ მას უყვარხარ შენ, იგი არის შენი მეგობარი, მას შეუძლიან შემწეობა შენი.
ვინ არს მოყვას შენდა? შენი მოყვასი ის კი არ არის, ძმაო, რომელიც გეფერება და დაგიახლოვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც შენ არ გეჭირვება მისი შემწეობა, არამედ მას სურს შენგან სარგებლობა. რაოდენნი არიან ესრეთნი, რომელ ოდეს შენ ხარ მისთვის საჭირო და სასარგებლო, მაშინ გემონება, გეფერება და გაქებს, სიყვარულსა და ერთგულებასა მოგაჩვენებს, და როდესაც შენ აღარ ხარ მისთვის საჭირო და მეტადრე, უკეთუ თვით იგი არის შენთვის საჭირო, მაშინ იგი შენ აღარ გიცნობს, აღარ შეგხედავს, ზურგს მოგაქცევს. კეთილი და ქრისტიანული მოყვასი გამოგიჩნდება ჟამსა უბედურებისასა: მაშინ მოგიახლოვდება იგი, მაშინ გეფერება, მაშინ განუგეშებს.
ვინ არს მოყვას ჩვენდა? ამას, ძმაო, აღგვიხსნის და გვაჩვენებს ცხოვრება და ქცევა თვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წარმოიდგინე და მოიხსენე, როგორ იქცეოდა იგი ყოველ კაცთან. მისი ლაპარაკი და უბნობა იყო შეზავებული სიყვარულითა და მოწყალებითა; გარნა ამასთანავე იყო იგი პირდაპირი; საწყალს, უბედურ კაცსა იგი ეფერებოდა, ანუგეშებდა; ხოლო ამაყსა, მდიდარსა, უგუნურსა ზარ-დასცემდა ფიცხელითა მხილებითა. უბედურსა, საწყალსა დედაკაცსა ეტყოდა: ნუგეშინინ ასულო! ხოლო ამაყთა ფარისეველთა, რომელთა ჰქონდათ ხელში უფლება და შეეძლოთ მისი გაცემა და დასჯა, ეტყოდა: ორგულნო, ფარისეველნო, ცოფნო და ბრმანო! მოწაფეთა თვისთა, უბრალოთა მეთევზეთა უწოდებდა: ძმანო ჩემნო, შვილნო მეგობარნო: ხოლო უსჯულოსა იროდეს, გალილიას მთავარსა, შეუთვალა ერთხელ: უთხარით მელასა მას!
ესრედ იქცეოდი შენ მაცხოვარო ჩვენო, და ესრედი სახე მოგვეც ჩვენ: გარნა ჩვენ, მარადის უგუნურთა და მარადის დაბნელებულთა, არ გვახსოვს მაგალითი შენი; არა გვაქვს გულსი სახე შენი! ჩვენ ვეფერებით და ვაქებთ მხოლოდ მდიდართა და შემძლებელთა, ხოლო ღარიბსა და საწყალსა კაცსა ვაჯავრებთ და ვაგინებთ; შენზედ, მაცხოვარო ჩვენო, ფარისეველნი და ორგულნი იტყოდნენ: იგი მზაკვარი არისო და იგი ჩვენ დაგვღუპავსო: გარნა შენ-ჯვარცმულ იქმენ ნებსითა ცხოვნებისათვის მათისა. ჩვენ კი ისრე ვფარისევლობთ და ვმზაკვრობთ, რომ ხშირად ვათქმევინებთ ჩვენს თავზედ: რა კეთილი კაცი არისო, იგი ჩვენ გაგვაკეთებსო, გარნა გული კი გვაქვს აღვსებული მტერობითა, შურითა და მზაკვრობითა. შენი სიტყვა და საქმე ერთი იყო: რასაც სიტყვით ასწავებდი, იმას საქმითაც უჩვენებდი; არა ესრეთნი ვართ ჩვენ: ენისა ჩვენისაგან ხშირად წვეთავს თაფლი, გარნა გული ჩვენი აღვსებული არის მწარითა შურითა და მტერობითა. როდის იქმნება, მაცხოვარო ჩვენო, რომელ თვით საქმით დაგემსგავსოთ შენ და არა მხოლოდ სახელი შენი გვეწოდებოდეს ჩვენ! თვით შენ მადლითა შენითა შეგვეწიე, განაცხოველე ჩვენს გულში ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი! - ამინ.