ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წარკითხული მოკლე სახარება იპყრობს თვის შორის ღრმასა და ვრცელსა სწავლასა. მოვისმინოთ მოკლედ განმარტება მისი, მვედრებელნი ღვთისა, რათა მოგვეცეს გულის-ხმის-ყოფა და სულიერი აღშენება. .რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უვარ-ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე (მარკ. 8, 34).
ამ პირველ მუხლში უფალი იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ დიდსა და მაღალსა სწავლასა. თითქმის მთელი სახარების სწავლა მოკლედ გამოთქმული არის სიტყვათა ამათ შინა. ამ სიტყვებში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს ჩვენ, რათა ჩვენსა ცხოვრებასა ადვილად და მსუბუქად არ ვუყურებდეთ, არამედ მძიმედ, ვითარცა ერთსა დიდსა ღვაწლსა და შრომასა; არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქ არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი და მრავალი განსაცდელი, და ესრედ, წინადვე გავამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა, უარს ვჰყოფდეთ თავსა ჩვენსა, ესე იგი დავივიწყებდეთ ყოველსა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა ჩვენსა ბუნებასა, და ვიდოდეთ შემდგომად ქრისტესა, ესე იგი, ვითარცა მან განატარა ცხოვრება თვისი დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწეობასა შინა, ეგრეცა ჩვენც ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწეობითა და მოთმინებითა.
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი. (მარკ. 8, 35). ამ სიტყვებში უფალი იესო ქრისტე ახსნის და განავრცელებს იმავე აზრსა, რომელიც წარმოსთქვა წინამავალსა მუხლსა შინა. აქ უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ, თუ ვინმემ თავი თვისი დაზოგა შრომისა და მოღვაწეობისაგან, თუ ვინმე ამ ქვეყანაზედ დაემალა ყოველსა ღვაწლსა, ჭირსა და განსაცდელსა, და ნაცვლად შრომისა და მოღვაწეობისა, იწყო ძებნა ლხინისა და განცხრომისა, იგი წარსწყმედს სულსა თვისსა. რა სახით? მით, რომელ იგი არა თუ მომავალსა საუკუნესა დაჰკარგავს, არამედ აქაც გააფუჭებს და წარსწყმედს თავის სულსა, ვინაიდან ამ ქვეყანაშიაც შრომა და მოღვაწეობა გაამტკიცებს და გაანათლებს კაცის სულსა, გარნა სიზარმაცე და განცხრომა წაახდენს. კაცი, რომელი არ ზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომასა და მოღვაწეობასა, არ მოეფერება თვის დაცემულ ბუნებასა, არამედ წარწყმედს, ესე იგი დასთრგუნავს, მოსპობს ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა.
რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი, და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა? (8, 36-37). კაცის ბუნებაში სული არის ხორცზედ უმთავრესი, მაშასადამე სულისათვის უმეტესად უნდა იზრუნოს კაცმან. უმჯობესია მოითმინოს მან ყოველი ჭირი, და სული თვისი დაიცვას. რა სარგებელი ექმნება, რომ კაცმა ერთის წუთის ნუგეშისათვის, დაღუპოს თვისი სული. ცოდვილი კაცის თვისება სწორედ ის არის, რომ იგი, ერთი წუთის კმაყოფილებისათვის, თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს. იგი თავის სულს აზღვევს ერთი უბრალო სოფლის გემოვნებისათვის. ამ ცუდი ჩვეულებისაგან გვაფრთხილებს უფალი, როდესაც იტყვის: რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა.
რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ-უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისითა ანგელოზთა თანა წმიდათა (8, 38). ეს სიტყვები, ერთი მხრით, გააკვირვებენ გონებასა კაცისასა. ნუ თუ შესაძლებელია, რომ ისეთი კაცი იყოს ქვეყანაზედ, რომელსა სასირცხოდ უჩნდეს, ესე იგი შერცხვეს იესო ქრისტესი და მისისა სწავლისა? არა ყოფილა ჯერედ ქვეყანაზედ მაზედ უმჯობესი არსება: არ არის და არ შეიძლება, რომ იყოს მის სახარებაზედ უღრმესი, უტკბილესი სწავლა და დარიგება. ამას ესრედ აღიარებენ თვით უპირველესნი ფილოსოფოსნი. ზოგნი მათგანნი თუმცა არ დაემორჩილენ მისსა სახარებასა. გარნა, მაინც აღიარებენ, რომ მაზედ უმჯობესსა სწავლასა კაცი ვერ წარმოიდგენსო, ვერც გამოსთქვამსო. მაშასადამე, როგორღა შეიძლება, რომ ვისმეს შერცხვეს მისი სახელისა და მისი სწავლისა? ეს შესაძლებელია, ძმაო, იმ კაცისათვის, რომელიც ამ სიცოცხლეში ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა, და არა ჰსურს იესო ქრისტეს ჯვარის აღება და შედგომა. მისდა სვლა, ხშირად იტყვის სოფლის მოყვარე და ცოდვის მოყვარე კაცი, წუთი სოფელიაო; გავიხარებ და ვინუგეშებ, მინემ ცოცხალი ვარ, მოვკვდები - რა ვიცი, რა დამემართებაო. ესრეთსა კაცსა სცხვენია იესო ქრისტეს სიმდაბლისა, მისი ჯვარის აღება მას ეზარება.
ასე მძიმედ და ღრმად უნდა უყურებდე შენ, ძმაო ქრისტიანე, შენსა სიცოცხლესა და მოქალაქეობასა. ესრეთითა შრომითა და მოწიწებითა უნდა აღსრულებდე შენსა მოვალეობასა. საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის შექცევაში. იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწასა.
მაგრამ იმასაც ნუ იფიქრებ, ძმაო, რომელ ჭეშმარიტი მოღვაწე ქრისტიანე კაცი ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული უნდა იყოს, და უცხო ყოვლისა ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წინააღმდეგ ამისა წმიდა მოციქული პავლე მისწერს კოლასელთა: გიხაროდენ და კვალად გეტყვი, გიხაროდენ, ესე იგი ქრისტიანე კაცს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა, ჭეშმარიტი, წმინდა, წრფელი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს გულში, რომელიც არის ჭეშმარიტი ქრისტიანე. სოფლის მოყვარე, ცოდვის მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი: ცოდვილი კაცი გამხიარულდება ხან ღვინით, ხან რომელიმე სხვა ცოდვის აღსრულებით. გაიღვიძა მთვრალმან: თავი სტკივა, ცუდ გუნებაზედ არის, სცხვენია; გაათავა სხვა ცოდვა რომელიმე, სინიდისი ჰქენჯნის, სცხვენია. და ესრედ, ჭეშმარიტი, წმინდა და გამაცოცხლებელი სიხარული და მხიარულება არის ნაყოფი შრომისა და მოღვაწეობისა; ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა არის ყალბი და წუთი. პირველი წამომდინარეობს კეთილისა სინიდისისაგან, განწმენდილი აზრისაგან; ხოლო მეორე - რომელიმე ცოდვისაგან, და ცოდვის სიამოვნება კი წუთია, და მერმე გამამწარებელი. ენა კაცისა ვერ წარმოსთქვამს იმ სიხარულსა, ნეტარებასა და ნუგეშს, რომელსა ხშირად ჰგრძნობდენ მრავალნი წმინდანი კაცნი, რომელიც მოგვცეს ჩვენ ყოველი ღმერთმან. ამინ.