არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?
ვერ
იპოვნეს ეგოდენი, რათამცა მოიქცეს
და მისცეს დიდება ღმერთსა? (ლუკ. იზ. იჱ).
მაცხოვარმან, ვითარცა მოგვითხრობს დღეს წარკითხული სახარება, ერთხელ განკურნა ათნი კეთროვანნი კაცნი. მათგან მხოლოდ ერთმან, იხილა რა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა, დავარდა მუხლთა ქვეშე იესოსთა და შესწირა მას მადლობა: სხვათა კი ცხრათა განკურნებულთა არ იფიქრეს მადლობისა მიცემა ღვთისადმი. ერთმან მათგანმან ქცევამ განაკვირვა თვით უფალი იესო ქრისტე: არა ათნივე განიკურნესა? ჰკითხა მან, და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვეს ეგოდენ, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა?
მართლა განსაკვირვებელი იყო, ძმანო, ესრეთი უმადურება ცხრათა მათ განკურნებულთა. კეთროვანება იყო საშინელი და საზიზღარი სნეულება. იგი იყო სიკვდილზე უსაშინელესი, მით, რომელ კეთროვანს არ შეუშვებდენ არც სოფელში, არც სახლში; იგი სცხოვრებდა და დადიოდა მარტო ტყედ და ველად, ვითარცა ერთი მხეცი, და იტანჯებოდა უწყალოდ. ესრედისა საშინელისა სნეულებისაგან განათავისუფლა უფალმან ცხრანი იგი კაცნი; გარნა მათ მადლობაც არ შესწირეს მას; ვიდრე იგინი იყვნენ ჭირში და სალმობაში, გულსმოდგინედ ევედრებოდნენ მას და შეაბრალებდენ თავთა თვისთა, გარნა, მიიღეს რა ლხინება, აღარ გაახსენდათ მოწყალება ღვთისა. საკვირველი არის ესრედი მოქცევა ესრედვე საქმე ყოველთა კაცთა შორის. კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. იქმნება, ძმაო, შენც ხშირად ხარ დამნაშავე ამისთანა საქმეში. თუ ვისგანმე ეძიებ რასამე, თუ საჭირო არის შენთვის რომელიმე კაცი, მაშინ შენ მისი ერთგული მოსამსახურე ხარ, არწმუნებ მას, რომ საფლავამდე არ დაივიწყებ მას და როდესაც კი მან აღასრულა შენი თხოვნა, გიყო მოწყალება, მაშინვე დაივიწყებ და მადლობას აღარ გადიხდი. ზოგიერთს ამაზე უფრო ცუდი ხასიათი აქვს: ას-ჯერ რომ მიიღოს რომელიმე კაცისაგან მოწყალება და ქველის-მოქმედება, თუ კი, მერმე, ერთხელ რომლისამე მიზეზისა გამო უარი გაიგონა მის თხოვნაზე, უწინდელს ყოველს ქველის-მოქმედებას დაივიწყებს და არის უკმაყოფილო იმ კაცზე და ხშირად კიდეც ავად იხსენებს მას.
ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილ-შობილი ხასიათის მექონი, სულ-გრძელი და წრფელი სიხარულით გადიხდის მადლსა ყოველისა კეთილისა და ქველისმოქმედებისათვის. მას არ დაავიწყდება თვით უმცირესი კეთილი, რომელი მან მიიღო მოყვასისა თვისისაგან. გარნა უმაღლესი კეთილის-მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულ-დგმული კაცი ქვეყანასა ზედა. მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა! ეს ორი სიტყვა მარადის უნდა იყოს გულსა შინა და ბაგესა შინა შენთა. არათუ მაშინ, როდესაც შენ ხარ, ძმაო, კმაყოფილი, პატივცემული, აღტაცებული, არამედ მაშინაც, როდისაც შენ ხარ ღარიბი, საწყალი, ავად-მყოფი და გლახაკი. ყოველსა შინა მადლობდით ღმერთსა, რამეთუ ესე არს ნება ღმერთსა ქრისტე იესოს მიერ თქვენდა მიმართ (თეს. ე, იჱ). იტყვის წმინდა მოციქული.
რა სახით უნდა შესწიროს ღმერთსა მადლობა და დიდება კაცმან უბედურმან, გლახაკმან და მწუხარემან, იფიქრებს ვინმე გულში? საკვირველი არ არის, რომ ბედნიერმან და კმაყოფილმან კაცმან მადლობა შესწიროს ღმერთსა, გარნა უბედურმან და მწუხარემ ვით შესწიროს მადლობა ღმერთსა? იქმნება, კიდეც გაგაკვირვოს. როდესაც კარგად დაუკვირდები კაცის ცხოვრებასა, როდესაც შეხედავ, რა ხასიათი აქვს სხვათა და სხვათა პირთა, იცი რას ნახავ მაშინ და რას გაიგონებ? ნახავ და გაიგონებ, რომელ კაცნი საწყალნი, გლახაკნი და უბედურნი უფრო ხშირად ამბობენ სიღრმისაგან გულისა: მადლობა შენდა, ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო! იყავ ნება შენი! კაცნი ბედნიერნი და მდიდარნი ხშირად სრულიად ივიწყებენ ღმერთსა და მადლობასაც არ შესწირავენ მას. ესრედის საკვირველი თვისება აქვს უბედურსა კაცის ბუნებასა. იგი ღმერთს გაიხსოვნებს ხშირად უბედურებასა შინა, და ბედნიერებასა შინა დაივიწყებს. რა გამოდის აქითგან? ის, ძმაო, რომ მდიდარმა და ბედნიერმა კაცმა რომ დაივიწყოს მარადის მადლობის შეწირვა ღვთისადმი, ხომ უშველებელი ცოდვა იქმნება. იგი დაემგზავსება იმ ცხრათა კეთროვანთა უმადურთა; გარნა თვით საწყალსა, უბედურსა კაცსა, თუ კი კეთილი გული აქვს და ღმერთი ახსოვს, უბედურება და სისაწყლე არ დაუშლის მადლობა შესწიროს ღმერთსა. მაშასადამე ბედსა და უბედურებასა შინა მყოფი მარადის მადლობდე ღმერთსა. ამასთანავე რაც გინდა საწყალი და უბედური იყოს კაცი ამ ქვეყანაზე, მაინც კარგად რომ იფიქროს, მოწყალება ღვთისა მას ზედაც არის ურიცხვი და განუზომელი. უმაღლესი და უდიდესი ღვთის მოწყალება კაცთა ნათესავსა ზედა ის არის, რომ ღმერთს დასაბამითგან ქონდა საკუთარი მზრუნველობა და მხედველობა მის განათლებაზე და სულიერს წარმატებაზე და ცხოვნებაზე. ბოლოს, მხოლოდ-შობილი ძე თვისი მოავლინა ქვეყნად, რათა გამოიხსნას კაცი ცოდვათაგან და მიანიჭოს ცხოვნება. ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშად ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი; ღარიბი ამ მოწყალებაში არ არის დაკლებული მდიდარის წინაშე. მეფე და მონა, მდიდარი და გლახაკი ერთ-ნაირად არიან მოზიარენი ამ მოწყალებაში; ის კი არა, გლახაკი, ზოგჯერ, თუ ეცადა და ეძიებს, მდიდარზე წინ არის. მაშასადამე სულიერსა საქმესა შინა ყოველნი თანასწორნი არიან და ყოველი ადამიანი უნდა მადლობდეს ღმერთსა. რაიცა შეეხება ხორციელსა ცხოვრებასა, ძმანო, ეს ღმერთმან მიანდო შენს მეცადინეობას და გონიერებას. თუ ღარიბი და საწყალი ხარ, ვის აბრალებ ამას? ღმერთი არ არის ამის მიზეზი, არამედ, იქნება, შენვე, შენი ცოდვა, სიზარმაცე, ანუ სხვა რომელიმე სოფლიური გარემოება. ერთი სიტყვით, ყოველთა ადამიანთა გვმართებს მარადის მადლობა ღვთისა: ყოველთა შინა მადლობდეთ ღმერთსა. ამინ.