და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი იაკობ ზებედესი
და იოანე ძმა მისი... და უწოდა მათ, ხოლო მათ
მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი
და მისდევდეს მას (მატთ. დ.კა,კბ.).
დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც რყევა რომელიმე ანუ სიყვარული მშობელთა, ანუ სიყვარული მონაგებთა აღარ დააბრკოლებს მათ. გული ეტყვის მათ, რომელ კეთილ არს წოდება ესე, ჭკუა მათი შეაგონებს, რომელ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა, სინიდისი ამხილებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილებიან ხმასა უფლისასა: ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას.
აჰა, ძმაო საყვარელო, კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა! როდესაც ღმერთი გიწოდებს შენ, რა სახითაც გინდა გამოგიჩნდეს წოდება იგი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, არამედ მაშინვე ისმინე ხმა უფლისა და შეუდეგ მას.
როდესაც მაცხოვარი ასწავლიდა ერსა, იგი ხშირად ესრეთ დაასრულებდა ქადაგებასა თვისსა: რომელსა ახსენ ყურნი სმენად, ისმინენ! შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მივაქციო სიტყვა ესე; თუ გაქვს, ძმაო, ყური სმენად ღვთის-წოდებისა, თუ გული გაქვს გამზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის განდრეკილი, აარმედ მსურველი მიღებად ღვთისაგან მოვლინებულისა სწავლისა, - ყური დაუგდე შენცა წოდებასა ღვთისასა, მისთვის, რომელ ღმერთი მრავალ-გზის და მრავალ-ფერად გიხმობს შენცა, - რომელსა ახსენ ყურნი სმენად, ისმინენ. შენთვისაც იყო ეს მაგალითი და სწავლა, რომელი გესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან, - ისმინე იგი და იყავ მობაძავ კეთილ გონიერთა მათ მეთევზეთა. ღვთისაგან არის ყოველი შემთხვევა, როდესაც გული შენი გართული სოფლისა ამის ამაოებასა შინა, უცფათ გაიხსოვნებს ღმერთსა, შეწუხდება რომლისამე მიზეზისა გამო, მოსწყინდება მონება ცოდვისა და ისურვებს მიქცევად ღვთისადმი. ხშირად სინიდისი შენი, ტვირთ მძიმე ცოდვისაგან, სწუხს და იურვის, გაიძულებს და გდევნის მიქცევად ღვთისადმი; გარნა, საუბედუროდ, ნაცვლად მისა, რომ ყური დაუგდო ესრეთსა შენსა შინაგანსა მდგომარეობასა, და მიიღო იგი ვითარცა წოდება ღვთისა, და შეუდგე ხმასა უფლისასა და მისდევ მას, შენ თვითონ დააჩუმებ სინიდისსა შენსა და მისდევ მას, შენ თვითონ გააუქმებ წოდებასა ღვთისასა. ღვთისაგან არის ისიც, როდესაც შეგემთხვევა რომელიმე უბედურება, როდესაც შენ ხარ შეწუხებული ანუ სიკვდილითა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის-მოშიშნი და ღვთის-მოსავნი მიიღებენ, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა წოდებასა, შეიმუსვრიან გულთა თვისთა, დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენესა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებითა გაისორონ ცხოვრება თვისი და შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა; ანუ იქმნება ღმერთმან გიწოდა შენ კიდევ სხვითა სახითა: იქმნება მან მოგცა შენ პატივი და დიდობა შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო ჭკუითა, სწავლითა, ანუ სიმდიდრითა. კაცი გონიერი და ღვთის მოშიში ამათაც მიიღებს, ვითარცა ღვთის წყალობასა და უმეტესად შეიყვარებს მას, გარნა შენ, საუბედუროდ, ნაცვლად ამისა გული გაქვს გაქვავებული, ყოველი ესრეთი შემთხვევა ხშირად უმეტესად განშორებს ღვთისაგან, და არა თუ მიგიახლებს მას. ერთი სიტყვით, რაოდენ გზის გული შენი ჰგრძნობდა წოდებასა ღვთისასა, რაოდენ გზის გეტყოდა იგი შენ: დრო არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამ სოფლის ბოროტებისა და ცოდვისა, რაოდენ გზის სული გიწუხდა, სინიდისი გაიძულებდა, ნეტარ ხარ მაშინ, თუ ისმინე წოდება ღვთისა და მსგავსად მოწაფეთა, შეუდექი მას. გარნა, საუბედუროთ, ვხედავ, რომ შენ მაინც მარადის აუქმებ წოდებასა ღვთისასა და ყოველნი ღვთისაგან მოვლინებულნი სწავლანი დარჩნენ შენთვის უსარგებლო. რისთვის? რა არის მიზეზი საშინელისა ამის შენისი დაუდევნელობისა და უზრუნველობისა? ის, რომ, შენ დიდად არ აფასებ წოდებასა ღვთისასა, ვითარცა დააფასეს მოწაფეთა ქრისტესთა, უბრალოთა ამათ მეთევზეთა ისე დიდად დააფასეს წოდება ქრისტესი, რომელ არა თუ მეყსეულად დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნიცა თვისნი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენსა მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი საქმე და ქონება და შეუდგე ღვთსი მსახურებასა; ესრეთსა მსხვერპლსა ღმერთი მოითხოვდა და მოითხოვს მხოლოდ რომელთამე რჩეულთაგან, რომელთამე საკუთართა შემთხვევათა შინა. შენთვის ისიც საკმაო იქმნება, რომ მხოლოდ წოდებასა ღვთისასა და ღვთის მსახურებასა აფასებდე უდიდესად ყოველთა სხვათა საქმეთა შენთა, არ გავიწყდებოდეს ეს სიტყვა მაცხოვრისა: სული უფროს არს საზრდელისა და გვამი სამოსლისა, ანუ ესე: რა მიუზღოს კაცმა ნაცვლად სულისა მისისა, და სულის ცხოვნების საქმე წინა უვიდოდეს ყოველთა შენთა საქმეთა, და, რადგანაც სულის ცხოვნება შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა და სიმართლითა, ერთი სიტყვით, ყოვლითა სათნოებითა, მაშა-სადამე ზრუნვა და შეძენა ამათი უმეტესად ყოვლისა უნდა გაწუხებდეს შენ და მიგაჩნდეს შენ უდიდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა; ბოლოს ყოველნი სხვანიცა შენნი ამ სოფლის საქმენი, შრომა და ზრუნვა ისე დააწყო, რომ იგინიცა შეგეწეოდენ ერთსა ამას და უმთავრესსა საქმესა, ესე იგი სულის განათლებასა და ცხვნებასა, რომელიმცა მოგცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ.