და მან ღაღად-ჰყო და რქვა: იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე,
ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაითა დადუმნეს;
ხოლო იგი უფროის ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო,
შემიწყალე მე, (ლუკ. 18, 38-39).
ერთხელ უფალი იესო ქრისტე, როგორც თქმული არს დღეს წაკითხულსა სახარებასა შინა,, გარემოცული მრავლითა ერითა, მიდიოდა მახლობლად იერიქონის ქალაქისა. ამ ჟამად იმ გზაზე იჯდა ერთი შობითგან ბრმა კაცი სახელით ტიმეოს, და თხოულობდა წყალობას. მას უთუოდ გაგონილი ჰქონდა, ვინ იყო იესო ქრისტე და რა სასწაულებს იქმოდა იგი. რომ შეიტყო მან იესო ქრისტეს მოახლოება, დაიწყო ხმითა მაღლითა ყვირილი: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე. ერი, რომელი წინაუძღოდა და მისდევდა იესო ქრისტეს, უწყრებოდა და აყენებდა მას; გარნა მან უმეტესად იწყო ღაღადება: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე. მაშინ უფალმან იხმო იგი, დაინახა მისი მხურვალე სასოება და სარწმუნოება, და განჰკურნა იგი. ამ მოკლე მოთხრობისაგან ცხადად სჩანს, რომ ხსენებულმა ბრმამ, თვისითა დაჟინებულითა ვედრებითა, რომ არ დაუჯერა სხვებს. არამედ თავისას იქმოდა, მოიგო, იშოვა, რასაც ეძიებდა. მაშასადამე, არა ყოველთვის უნდა უჯერებდეს კაცი სხვის შეგონებას, რჩევას, არამედ თავისი ჭკუით და გამოცდილებით უნდა იქცეოდეს უმეტეს ნაწილად. როდესაც კაცი ყოველთვის სხვის შეგონებას და რჩევას უჯერებს. ყოველთვის ისე იქცევა, როგორც სხვები აჩვენებენ და ეტყვიან, ამით იგი ამტკიცებს თვის სუსტ, უღონო ხასიათს.
ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, ძმანო ჩემნო, კაცისათვის, როდესაც იგი არის თვით-მდგომარე, ესე იგი მტკიცე, ურყეველი ხასიათისა. იგი დაემსგავსება კლდესა, რომელსა ვერ შეარყევს თვით უსასტიკესი ქარიშხალი. იგი მალე არ დაუჯერებს სხვების შეგონებას და რჩევას, არამედ პირველად, თავისი ჭკუით ასწონის ყოველს საქმეს, გარემოებასა და რჩევასაც სხვებისას, და მერმე, რომელიც უმჯობესია მათგან, მიიღებს, და სხვათა არ შეიწყნარებს. კარგად რომ დაუკვირდეს კაცი თავის ცხოვრებას და გაიხსოვნოს ყოველნი თვისნი საქმენი, შეიტყობს, რომ უმეტესი ნაწილი ცოდვათა, შეცდომათა, სჯულის წინააღმდეგობათა, რომელნი მას შეემთხვივნენ თვისსს სიცოცხლეში - შეემთხვივნენ მას სხვების რჩევით და სიტყვების დაჯერებით, ქვეყანაზე ათასში ერთი არ იპოება ისრეთი მართალი, პირმოუთნელი, უანგარო კაცი, რომელიც თავის მოყვასს აძლევდეს რჩევას. ანუ შეგონებას გულწრფელად და უანგააროდ; მომეტებული ნაწილი რჩევისა, შეგონებისა, დარიგებისა მოხდება: ანუ შურით, ანუ მტერობით, ანუ ანგაარებით, ანუ პირმოთნეობით. ამისთვის გონიერმან კაცმან ყოველივე ნათქვამი კი უნდა მოისმინოს, არამედ არა ყოველივე დაიჯეროს და აღასრულოს. ერთი სიტყვით, სუსტი ხასიათის მექონი კაცი ყოველთვის არის წარტაცებული მოყვასების რჩევით, ვითარცა მტვერი, რომელი აღგავის ქარმან; გარნა გონიერი და თვით-მდგომარე ხასიათის კაცი, ვითარცა კლდე, შეურყეველი თვით უსასტიკესის ქარიშხალისაგან. პირველი ვერც ერთ კეთილს და მადლიანს საქმეს ვერ იქმს ქვეყანაზე, რადგანაც კეთილს საქმეს უნდა ღონე და მოთმინება, მეორე კი, თუ ხასიათის სიმაგრისთანა კეთილი მიმართულება აქვს და ღვთის მოყვარეობა, რასაც კეთილს საქმეს დაიწყებს აღასრულებს და მრავალს ნაყოფს გამოიღებს.
მრავალს სამწუხაროს მაგალითს ჰნახავს ჩვენს ქვეყანაში კაცი, დასამტკიცებელს მისა, რაიცა აქამომდე ვსთქვით! საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთა უმეტეს ნაწილად ისეთი ხასიათი აქვს, რომ ადვილად დაიჯერებენ ყოველსა შეგონებასა, არ შეუძლიანთ ასწონონ თავისი სინიდისითა, რასაც სხვანი ურჩევენ, არა აქვსთ სიმტკიცე ხასიათისა, რომ თავის ჭკუით მძიმედ და დაკვირებით აღასრულონ ყოველი საქმე. გარნა ამაზე უფრო სამწუხარო და სატირალი კიდევ ის არის, რომ აქაურნი მცხოვრებნი ცუდს, ბოროტს, წინააღმდეგს რჩევას უფრო ადვილად დაიჯერებენ და ასრულებენ, ვიდრეღა კეთილსა და სასარგებლოსა. დასამტკიცებლად ამისა მოგიყვან ერთსა ფრიად სამწუხაროსა მაგალითსა, რომელი გახშირდა ახლა ამ ჩვენს ქვეყანაში.
ღვთისა და ხელმწიფის მოწყალებით, ჩვენს ქვეყანაში ორი წელიწადია, რაც დაწესდა ფრიად გონიერი, სასარგებლო ქვეყნისათვის სასამართლო. ვინც კი იცნობს ახალი სასამართლოების სჯულ-დებულებას და წესსა, და ამასთანავე გაიხსოვნებს, როგორი იყვნენ უწინდელნი სასამართლონი, მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს. მაგრამ რა? უმჯობესად სრულდება, თუ არა, ახლა მართლ-მსაჯულება ჩვენს ქვეყანაში? მართალი კაცი ყოველთვის მართლდება, და დამნაშავე კაცი ყოველთვის ისჯება თუ არა? საუბედუროდ უნდა ვსთქვათ, რომელ ეს ასე არ არის? მართლ-მსაჯულება ეხლაც არ სრულდება ისე კარგად, როგორც ჩვენ ველოდით. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ვართ ჩვენ, ჩვენი ხასიათის ნაკლულევანება, სახელდობრ ის სისუსტე და ადვილად აყოლება სხვის რჩევისა და ლაპარაკისა, რომელზედაც ვსთქვით. გაჩნდა ახლა ჩვენს ქვეყანაში ერთი განსხვავებული გროვა კაცთა, რომელთა თვისი ცუდი შეგონებით, რჩევით, დარიგებით გააძნელეს, დააბრკოლეს მართლ-მსაჯულების აღსრულება. ისინი თავის თავს უწოდებენ ადვოკატად, მაგრამ ისე შორს არის ჭეშმარიტი ქვეყნის სასარგებლო ადვოკატთაგან, რომელთა თვით სჯული მოითხოვს და მიუშვებს საქმის გასაკეთებლად. როგორათაც ყორანი შორს არის არწივისაგან. პატიოსანი, გამოცდილი, ჭკუიანი ადვოკატი დიაღ საჭირო და სასარგებლო არის საქმის წაყვანისათვის მართალი გზით.
პატიოსანი ადვოკატი უნდა შეეწეოდეს სიმართლის აღსრულებას; ესენი კი, რომლებზედაც ჩვენ ვამბობთ, სრულიად უშლიან და აფუჭებენ. პატიოსანი და მართალი ადვოკატი, თუ მისი ჭკუა და სინიდისი ჰხედავს, რომელ ვინმე მთხოვნელთაგანი მართლა დამნაშავეა, ქურდი და კაცის მკვლელი, არც კი უნდა მიიღებდეს თავის თავზედ მისს დაფარვას და გამართლებას; ესენი კი ამას არ უყურებენ, ოღონდ ფული იშოვონ მარწმუნებელისაგან, და ვინც გინდა იყოს იგი, ამაზე არ სწუხან. პატიოსანმა ადვოკატმა თვისი მარწმუნებელის დაფარვისათვის უნდა იხმაროს პატიოსანი და კანონიერი ხერხი და საშუალება; ჩვენებური ადვოკატები ამაზედ არ ფიქრობენ, არ ჰზოგავენ და არ შეირცხვენენ არც ერთსა სჯულის წინააღმდეგს საშუალებასა და ხერხის მოპოებასა. ჭეშმარიტი ადვოკატი ხშირად კიდეც უნდა უშლიდეს უცოდინარს კაცს საქმის დაწყებასა, საჩივარსა, შეარიგებდეს მომჩივანთა; ხოლო ახლანდელნი ცრუ ადვოკატები, წინააღმდეგ ამისა, მარტო იმას ეძიებენ, რომ განამრავლონ ერთი მეორის მომჩივანი, თვითონ შეაგონონ და აღძრავენ საქმის დაწყებას, და იმედს მისცემენ, ათამაშებენ, მერმე იშოვიან ცრუ მოწმეებს. ზოგნი კიდევ ამაზე უარესს სჩადიან. ვაი სიავესა მათსა! ვაი არს მათი უსჯულოება! აგონებენ, რომ ჯვარზე და სახარებაზე დაფიცებას არა აქვს ძალაო; ხშირად ურიებსაც წარმოადგენენ ერთ მოწმად და მოფიცრად. დაეცა ზნეობა! წახდა ქვეყანა! განმრავლდა, ცრუ მოწმობა, ფიცის გატეხა! გათამამდნენ ქურდნი და ავაზაკნი! რაოდენი კაცის-მკვლელი დადის ახლა თამამად და შეუპოვრად, ეძებს მარჯვე დროს, კიდევ იტაცოს და მოჰკლას!
შენ იქმნება იფიქრო, ძმაო, რას უყურებს სასამართლო, რათ უჯერებს მათ მსაჯულნიო? ამაზე მე გიპასუხებ: იგინი თვითონვე სწუხან ამაზე. გამიგონია მე მათგან, რომ ცხადად სჩანს დამნაშავეობა ზოგიერთი კაცის სასამართლოში, მაგრამ, თუ კი ოთხს და ხუთს დაფიცებულს კაცს ათქმევინებენ თვისს სიმართლეს, ჩვენ რა უნდა ვქნათო. მაგრამ, მარტო ადვოკატები არ არიან ამაში დამნაშავენი. არა! როგორც ზემოდ ვსთქვით, ჩვენ, საზოგადოება, უფრო ვართ დამნაშავე, ჩვენის ცუდის ხასიათით. თუ ცუდი კაცის რჩევა დაიჯერე და აღასრულე, შენ უფრო დამნაშავე იქმნები, ვიდრეღა შენი მრჩეველი. ის სიტყვით სცოდავს, და შენ თვით საქმით. ამისათვის მე მარტო ადვოკატის მოქმედებაზე არ ვსტირი, არამედ მომეტებულად ჩვენს ცუდს ხასიათზე და სისუსტეზე. ადვოკატებს ოდესმე ღმერთი მოჰკითხავს მათ ცუდს მოქმედებას და ხალხის გარყვნას. თუ სახარებაში არის თქმული, რომ უმჯობესია კაცმა დიდი ქვა მოიკიდოს კისერზე და ზღვაში ჩაიდოს თავი, ვიდრეღა აცთუნოს ერთი მცირეთა ამათგანი, რაოდენად მომეტებული სასჯელის ღირსნი იქმნებიან იგინი, როდესაც არა ერთსა მცირეთგანსა შეაგონებენ ცრუ მოწმობას და ფიცის ტეხასა, არამედ მრავალსა; მაგრამ მე ისინი უფრო მებრალებიან, რომელნი მათის ცრუ შეგონებით იღუპებიან. ვსტირი და ვსწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ მრავალნი იპოებიან ეგოდენ გამოუცდელნი და სუსტნი, რომელნი ფიცსა სტეხენ და ცრუ მოწმობას აღსრულებენ, და იმ სახით, უმეტესად ბრმანი გამოჩნდებიან, ვიდრეღა იგი დღეს სახარებაში მოხსენიებული. უბედურნი და საწყალნი! ადვოკატებს ამდიდრებენ, თვითონ კი საუკუნოდ იღუპებიან. მართალ მხარეს ჰღუპავენ ცრუ მოწმობით, ხოლო დამნაშავე მხარეს და ადვოკატებს ახარებენ, და მათს სასჯელს და ცოდვას თავის თავზედ იღებენ.
ღმერთო! იხსენ ქვეყანა ჩვენი ცრუ ადვოკატებისაგან, და ცრუ მოწმებთაგან! ამინ.