რქვა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის,
რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე
კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა (ლუკ. ით; თ, ი).
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული. დღეს წარკითხულითა სახარებითგან გვესმა, ვითარ აღასრულებდა იგი საქმესა ამას. იყო კაცი ვინმე სახელითა ზაქე, მთავარი მეზვერეთა და ფრიად მდიდარი. საგულისხმო არს, რომელ სიმდიდრე მისი არ იყო შეძინებულ სიმართლითა. უკეთუ სხვანიცა მეზვერენი იყვნენ ცოდვილნი და უმართლონი, ცხად არს, რომელ მთავარი მათი იქმნებოდა უუცოდვილეს მათზე; გარნა სჩანს, რომ სინიდისი მისი არა იყო სრულიად დაბნელებულ; სჩანს, რომ მას ამძიმებდა ტვირთი ცოდვათა მისთა და გული ეტყოდა მას, როგორმე განთავისუფლდეს ამ ტვირთისაგან. დიდი ხანია სურდა მას ხილვა უფლისა და სმენა მოძღვრებისა მისისა. ერთ-გზის ოდესცა მაცხოვარი გამოვიდა იერიქოთ და, გარემოცული სიმრავლითა ერისათა, მიდიოდა გზასა ზედა, ზაქემ განიზრახა ხილვა მისი; გარნა ვინაითდან იყო დაბალი ტანითა, ვერ მიეახლა მას სიმრავლისა გამო ერისა; ამისთვის მირბოდა წინა და ავიდა ხესა ზედა, რომელი იდგა მახლობლად გზისა, რათა მუნითგან იხილოს პირი უფლისა. შეხედა რა მას მაცხოვარმან, იცნა სურვილი გულისა მისისა და რქვა მას: ზაქე! ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფა. განკვირვებული ზაქე მიიღებს მაცხოვარსა სახლსა შინა თვისსა. ესე-ვითარი მოწყალება მაცხოვრისა განაღვიძებს გულსა შინა მისსა მონანებასა; ხოლო ფარისეველნი და სადუკეველნი დრტვინვიდენ და იტყოდენ, ვითარმედ ცოდვილისა კაცისა-თანა შევიდა დადგომად, გარნა ზაქე ეტყვის მას: აჰა, უფალო! ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა, და, უეკთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
ახლა, ძმანო, ვიფიქროთ თუ რამ აცხოვნა ზაქე და რამ მიიზიდა მას ზედა ესე-ვითარი მოწყალება მაცხოვრისა, რომ იგი შევიდა სახლსა შინა მისსა. ზაქე სცხოვნდა მისთვის, რომელ, თუმცა იყო იგი ცოდვილ, გარნა მას ყოველთვის ქონდა გრძნობა ცოდვისა თვისისა და უღირსებისა თვისთა. ვიდრემდის კაცს არ დაუკარგავს გრძნობა ცოდვისა თვისისა, ვიდრემდის ახსოვს თვისი უღირსება, ადვილად მოიქცევა და მიიღებს მოწყალებასა ღვთისაგან. მაცხოვარი ერთ-გზის შევიდა სახლსა შინა სვიმონ ფარისევლისასა, გარნა ფარისეველმან არ მიიღო განტევება ცოდვათა, ვინაითგან იგი იყო ამპარტავანი და არა გრძნობდა თვისსა ცოდვასა; ხოლო ზაქე, მგრძნობელი თვისისა ცოდვისა, მიიღებს მისგან მიტევებასა. ყოველი კაცი მას უნდა ცდილობდეს, რომ სინიდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის; არა ძალუძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა სცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ატყუებდეს და არ ამართლებდეს თავსა თვისსა, არ მალავდეს თვისსა ბრალსა, ერთი სიტყვით, ადვილად და სუბუქად არ უყურებდეს ცოდვასა თვისსა. დიდი ბედნიერება და დიდი სულგრძელება არის, ოდეს კაცი, ცოდვაში შთავარდნილი პირდაპირ ეტყვის თავსა თვისსა: მე სწორედ დამნაშავე ვარო. ვინც ამას იქმნს, ის გამოვა ცოდვისაგან; გარნა, საუბედუროდ, კაცი ცოდვილი ამას ძნელად იქმნს. ცოდვა მით არის ძნელი და წარწყმედელი, რომელ იგი დააბნელებს გულსა და გონებასა კაცისასა; ნაცვლად მისა, რომ იცნას ცოდვა თვისი და მოინანოს, კაცი ცოდვილი სცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ცოდვა თვისი სხვას დააბრალოს, სხვანი ჩემზედ უარესნი არიანო, სხვანიც ესრე შვრებიანო და მეც ასრე ვქმენიო; წუთის სოფელი არისო, როგორ შეიძლება რომ კაცი არ შეცდესო. ამას და ამისთანა მრავალს იტყვის კაცი ცოდვილი. ადვილად შეუნდობს იგი ცოდვასა თვისსა სიჭაბუკესა, ხან უმეცრებასა და ხან სხვის შეგონებასა. ესრე არა ქმნა ზაქემ; მან პირდაპირ აღიარა ცოდვა თვისი და მოინდომა მონანება. აჰა, უფალო! ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა, და, უკეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან არა დაიძინა ცოდვათა შინა თვისთა, ადვილად არ უყურებს შეცდომათა თვისთა, არამედ ყოველს წამს სცდილობს თავი გამოისწოროს და უმჯობესი შეიქნეს. ყოველი ცოდვა მზაკვარ არს; ეშმაკი სცდილობს, რომ ცოდვა ჩვენი არა-რად მიგვაჩნდეს; გარნა, იფიქრე, ძმაო ჩემო, ადვილი არისა ცოდვა, უკეთუ იგი დაგაბნელებს შენ შორის ხატსა და მზგავსებასა ღვთისასა, უკეთუ იგი განგაშორებს ღვთისაგან და შთაგაგდებს გეენიასა შინა? როდისაც შენ ნათელს-იღე, მაშინ ღმერთს ის კი აღარ აღუთქვი, სხვაზედ უარესი არ ვიქნებიო, არამედ უარ-ყავ სოფელი და ყოველნი საქმენი მისნი; უარ-ყავ ეშმაკი და ყოველი მსახურება მისი; აღუთქვი ღმერთსა მიღება მცნებათა მისთა და სიწმიდით დამარხვა მათი. მეფე დავით შთავარდა ერთხელ ცოდვასა შინა; გარნა ოდესცა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა მასთან და ამხილა იგი, მან არცა ერთი სიტყვა სთქვა თავის განსამართლებლად, არამედ ღაღად-ყო სიღრმისაგან გულისა: მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა... ოდესცა შენ მიხვალ გზაზედ ფერხით, თუ წარეცი ქვასა და დაეცი მიწასა ზედა, მაშინვე ადგები და სცდილობ, რომ გამაგრდე ფეხებზედ... სწორედ ეგრედვე უნდა ჰყო სულითაცა შენითა: უკეთუ შეგემთხვია რაიმე ცოდვა, მაშინვე უნდა აღსდგე სულითა და განმტკიცდე გზასა ზედა სათნოებისასა. ამინ.