განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება ყოველთა პავლე მოციქულის წერილთა.
გარნა პირველ, ვიდრე შეუდგებით დღეინდელ სამოციქულოს განმარტებასა, უმჯობესი იქმნება მოკლედ ვსთქვათ, რა საგანზედ ლაპარაკობს წმინდა პავლე მას შინა. რაკი ამას შევიტყობთ, მაშინ გაგვიადვილდება ცალ-ცალკედ განმარტება თვითოეულისა მუხლისა. მაშასადამე, რა საგანზედ ლაპარაკობს საზოგადოდ დღეს წაკითხული სამოციქულო? იმაზედ, რომელ ებრაელები შემცდარნი იყვნენ, როდესაც ამტკიცებდენ, რომელ კაცი განმართლდება და ცხონდება მათი ძველი აღთქმის სჯულით; წინააღმდეგ ამისა, კაცს შეუძლიან ცხონება მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოებითა. ეს არის უმთავრესი აზრი დღეს წაკითხული სამოციქულოისა. უფრო მოკლედ რომ ვსთქვათ, ყოველი კაცი ცხონდება იესო ქრისტეს სარწმუნოებით და არა ძველი ებრაელების სჯულით, რომელიც მათ მისცა მოსემ. ახლა დავიწყოთ თვითოეული მუხლის განმარტება ცალ-ცალკედ.
ძმანო, ნებაი გულისა ჩემისაი და ვედრებაი ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაელისათვის, არს საცხორებელად (მუხ. 1).
ამ პირველი მუხლის სიტყვებში წმინდა მოციქული არწმუნებს ებრაელთა, რომ მას დიდად ჰსურს მათი ცხონება და ლოცულობს მათი ცხონებისათვის ჩემი გულის ნება, ანუ წადილი ღვთისა მიმართ ვედრება ისრაელისათვის, ანუ ებრაელისათვის არისო, რათა იგინი ცხონდნენო.
ვეწამები მით, რამეთუ შური საღმრთოი აქვს, არამედ არა მეცნიერებით (მუხ. 2).
აქ წმინდა მოციქული ამბობს, რომ მე თვითონ მოწამე ვარო, დარწმუნებული ვარო, რომ მათ, ებრაელთა, საღმრთო შური აქვსთ, გარნა არა მეცნიერებით. რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად სურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შური დიაღ პატიოსანი და მოსაწონი თვისება არის, - გარნა მაშინ, როდესაც ის არის მეცნიერებით, ესე იგი ჭკუით, გონიერად. გარნა ებრაელთა, სამწუხაროდ, ეს შური ჰქონდა არა მეცნიერებით.
გარნა ამას შემდგომ მუხლში წმინდა მოციქული აღგვიხსნის ჩვენ: რამეთუ უმეცარ-იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს (მუხ. 3). აჰა, რასა შინა მდგომარეობდა მათი უმეცრება. მათ, ესე იგი ებრაელთა, კარგად არ გამოიძიეს და არ შეიტყვეს ღვთის სიმართლე, ესე იგი ღვთის ნება, ღვთის განგება, და ნაცვლად ამისა თავიანთს საკუთარს სიმართლეს ეძიებდენ დამტკიცებად და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ერთი იტყვით, ნაცვლად ღვთის ნების და ბრძანების აღსრულებისა, იგინი თავიანთს საკუთარს ნებასა და სურვილს ასრულებდენ. რა იყო და რომელი ნება და განგება ღვთისა, რომელსაც ებრაელნი არ დაემორჩილნენ? ამას წმინდა მოციქული აღგვიხსნის შემდგომსა მუხლსა შინა: რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა (მუხ. 4). აჰა, რაში მდგომარეობდა ნება ღვთისა. ის ძველი სჯული, რომელიც ებრაელთა მისცა ღმერთმა წინასწარმეტყველების პირითა და ხელითა, იყო დროებითი, მოსამზადებლად მათდა ქრისტე იესოს მოსვლისათვის. ძველი აღთქმის სჯულის დასასრული იყო იესო ქრისტე, მოვლინებული მაცხოვარებად ყოვლისა მორწმუნისა. ებრაელთა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მათ არ მიიღეს უფალი იესო ქრისტე. ამისთვისაც იგინი უმეცარნი შეიქმნენ ღვთისა ნებისა, იგინი არ დაემორჩილნენ ღმერთსა.
რამეთუ მოსე დაჰსწერს სიმართლესა მას სჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა (მუხ. 5). აქ წმინდა მოციქული პავლე ცხადად და გონივრად ამტკიცებს, რომელ ძველი სჯულის საშუალებით კაცის ცხონება არ შეიძლება. როგორც თვითონ მოსე სწერს, სჯულის სიმართლე, ანუ განმართლება კაცის სჯულის საშუალებით, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი სჯულს აღასრულებს დაუკლებელად, სრულიად. რომელმან ქმნეს იგი კაცმან, სცხონდეს მას შინა. ვინც იქმს ანუ აღასრულებს სჯულს, ის სცხონდება სჯულით. გარნა, რადგანაც არ შეიძლება, რომ გამოჩნდეს ვინმე კაცი, რომელსა შეეძლოს აღსრულება ყოვლისა სჯულისა, ესე იგი დაუკლებელად, და შეიქმნეს უცოდველი ყოველ კერძოდ, მაშასადამე არც ის შეიძლება, რომ ძველი სჯულის საშუალებით ვინმე სცხონდეს.
ახლა, ძმანო, სამს მუხლს: მეექვსეს, მეშვიდეს და მერვეს ერთად წავიკითხავ და ავხსნი, რადგანაც მათ ერთი აზრი აქვს.
ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესრედ იტყვის: ნუ იტყვი გულსა შენსა, ვინ აღვიდეს ზეცად? - ესე იგი არს, ქრისტესი გარდამოყვანებაი. ანუ ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს, ქრისტესი მკვდრეთით აღმოყვანებაი (მუხ. 6,7,8).
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმინდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულითა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისათვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს.
ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებითაო. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნოებით განმართლება. ნუ იტყვიო, ვინ ავა ზეცად, რომ ქრისტე ჩამოიყვანოსო, ანუ ვინ ჩავა ქვესკნელად, რომ ქრისტე ამოიყვანოსო; სიტყვა სარწმუნოებისა მახლობელ შენდა არსო, პირსა შენსა და გულსა შენსაო, ესე იგი იესო ქრისტეს სარწმუნოება ადვილი არისო. წინააღმდეგ სჯულის შესრულებისა, რომელიც შესაძლებელი არ არის.
ვითარმედ აღვიარო პირითა შენითა უფალი იესო და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკვდრეთით, სცხონდე. (მუხ. 9). რა იქმნება ამაზედ უადვილესი, რომ პირითა შენითა აღიარო და გულითა გწამდეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომილი და მით სცხონდე, რამეთუ გულსა გიწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვრებელად. (მუხ. 10). გულითადი სარწმუნოება გაგამართლებს, პირითა აღსრულება გვაცხოვნებს.
ამ სახით გაგვიადვილა უფალმან იესო ქრისტემან ცხონება. ახლა წარმოიდგინე უგუნურება ებრაელთა, რომელნი დაჟინებით ამტკიცებენ, რომელ კაცი ცხონდება მათი სჯულის დამარხვითა? თვითონვე ჰხედვიდენ, რომ მთელი სჯულის აღსრულება არ შეუძლიან არც ერთს კაცს. მაშასადამე, ქვეყანა უნდა წარწყმედილიყო, თუ არ მიენიჭა უფალსა იესო ქრისტესა ჩვენთვის ცხონება სარწმუნოებითა თვისითა. გარნა იმ ზომად იყვნენ ებრაელნი დაბრმავებულნი, რომ მაინც არ მიიღეს იესო ქრისტეს სარწმუნოება.
ჩვენც უნდა გვეშინოდეს, ძმანო ქრისტიანენო, რომელთამე მხრით არ შეგვერიოს სულიერი სიბრმავე და თავხედობა, მსგავსად ებრაელთა მათ. როდესაც დიდი და საკვირველი მამათა შორის, ზემო ხსენებული ოქროპირი აღხსნის აწინდელსა სამოციქულოსა, ბოლოს გამოიყვანს თვისისა სამწყსოისათვის საკვირველსა ზნეობითსა სწავლასა. ეს სიბრმავე და სიკერპე ებრაელთა დაემართა, იტყვის იგი, ამპარტავნებითა და თავხედობით, და მერმე გააგრძელებს სიტყვასა, თუ როგორ უნდა ეშინოდესთ ქრისტიანეთა ამპარტავნებისა და სულიერისა სიბრმავისა. ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა! რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისი დარიგებითა! მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მისს წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი სოფლიური მწუხარება და ამაოება დაგვავიწყდება, ცხოვრების ტვირთი შეგვიმსუბუქდება, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.