მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!
ამა ქვეყნიერთა კაცთა შორის არსებობს ერთი შესანიშნავი და სასარგებლო ჩვეულება: როგორც რომ გათავდება ძველი წელიწადი და დადგება ახალი, მაშინ ყოველი მოხელე და ყოველი თანამდებობის აღმასრულებელი კაცი შეადგენს თავის საქმის ანუ თანამდებობის წარმოების ანგარიშსა და წარუდგენს თავის უმფროსსა, ანუ თვითონვე მოიხმარს. მაგალითად, კაცი, რომელსაც აბარია სასამართლო, შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი საქმე წარმოებდა მისს სასამართლოში წარსულის წლის განმავლობის დროს, რავდენი მათგანი გათავდა და რავდენი დარჩა გაუთავებელი და რისთვის. ვინც სასწავლებლის უფროსია, მან უნდა შეადგინოს ანგარიში, რაოდენი მოწაფენი სწავლობდნენ მისს სასწავლებელში, როგორ სწავლობდენ და იქცეოდნენ; სახელმწიფო ხაზინადარი შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი ხაზინის ფული შემოვიდა და გავიდა წარსულს წელში; გონიერი ვაჭარი დაჯდება ამ ჟამად და გამოიყვანს ანგარიშსა, როგორ წარმოებდა მისი ვაჭრობა, რა მოიგო მან წლის განმავლობაში; თუ დაინახა რომ ბევრი ვერაფერი მოიგო, ანუ, ვინიცობაა, კიდეც წააგო, მაშინ იგი ცდილობს შეიტყოს, რა იყო მიზეზი ამისი, რამ დააბრკოლა მისი ვაჭრობა.
ცხადია, თუ რისთვის გაჩნდა კაცთა შორის ესრეთი ჩვეულება და რა სარგებლობა წარმოსდგება აქედგან. ესრეთი ანგარიშის შედგენით გონიერი კაცი მოიმატებს გამოცდილებასა. იგი შეიტყობს, რა შეეწევა მის საქმის წარმატებასა და რა დააბრკოლებს მას, და ესრეთ მომავლის წლისათვის საქმეს უმჯობესად დააწყობს. საუბედუროდ ჩვენ ყოველთა გვავიწყდება ერთი ანგარიში, რომელიცა უსაჭიროესია, და უმეტესად სასარგებლო არის თვითეულისათვის; რომელი? ქრისტიანული ზნეობითი ცხოვრების და ყოფაქცევის ანგარიში წარსულის წლის განმავლობაში.
მიეც, ძმაო ქრისტიანე, დღეს ანგარიში შენ სინდისსა და ღმერთსა, და შეიტყე, როგორ განატარე წასრულ წელს ქრისტიანული შენი ცხოვრება - სიწმინდით და კრძალულებით, ანუ დაფანტულად და უზრუნველად? მოუმატე შენ წარსულის წლის განმავლობაში რომელიმე მადლი და სიკეთე, ანუ უწინდელთა ცოდვათა შენ დაუმატე ახალნი ცოდვანი? უმჯობესი შეიქმენი სულიერად, ანუ უარესი? მიუახლოვდი ღმერთსა, ანუ უმეტესად განეშორე მისგან? მოიშალე რომელნიმე ცუდნი ჩვეულებანი, ბოროტნი მიდრეკილებანი, ანუ, სამწუხაროდ, იგინი უმეტესად განძლიერდენ შენს ბუნებაში? ესრეთი ანგარიში უმეტესად სასარგებლო იქნება შენთვის, ვიდრე სხვანი, ვინაიდგან ადამიანის ყოველი საქმის და შრომის წარმატება დამოკიდებულია შინაგანთა მისთა თვისებათა და მიდრეკილებათა ზედა. კეთილ გონიერი ქრისტიანე ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერს მდგომარეობასა. შენ წელიწადში ერთხელ მაინც აღასრულე ეს სასარგებლო საქმე.
და ესრედ: უკეთუ შენ ხარ ვაჭარი, როდესაც იწყებ შენი ვაჭრობის ანგარიშის შედგენას, მაშინ ისიც ჰკითხე შენ თავს: რა სახით აწარმოებდი ვაჭრობასა, სიმართლით, ანუ მოტყუებით? აღებ-მიცემაში გახსოვდა შენ, რომ სჯული შენი ყოველს საქმეში მოითხოვს სიმართლესა და პატიოსნებასა, ანუ, სამწუხაროდ, შენ მხოლოდ იმას ფიქრობდი, რაც შეიძლება და რა სახითაც შეიძლება მომეტებული მოგეგო, ერთი სიტყვით გახსოვდა შენ, რომ კაცი ჯერეთ უნდა იყოს ქრისტიანე და მერმე ვაჭარი?
თუ ხელმწიფის სამსახურში ხარ, როდესაც შეადგენ შენი სამსახურის ანგარიშსა, მაშინ ესეც ჰკითხე შენს თავს: როგორ ასრულებდი სამსახურსა, კეთილ სინდისიერად, ანუ ბრუნდეთ? საქმის წარმოებაში შენ, იქნება, გახსოვდა მარტო ფორმა, ანუ გარეგანი სახე საქმისა და არა შინაგანი მისი მნიშვნელობა? შენ, იქმნება, იმას ცდილობდი, რომ შენთა უფროსთა თავი მოაწონო და ჯილდოები მიიღო, და არა იმას, რომ მოყვასთა შენთა მისცე სარგებლობა და შემწეობა? ერთი სიტყვით, იქნება, შენ დაგავიწყდა, რომ კაცი პირველად უნდა იყოს ქრისტიანე და მერე სამსახურის აღმასრულებელი, ანუ უმჯობეს არს, ქრისტიანობა და სამსახურის აღსრულება ისე განუყოფელად უნდა იყოს შეერთებული შენში, რომ ერთი მეორეს დაამშვენებდეს.
უკეთუ შენ ხარ მასწავლებელი, ესე იგი გყვანან მოწაფენი, რომელთა შენ ასწავლი ანუ წიგნსა, ანუ რომელსამე ხელობასა, მაშინ უფრო ფიცხელი და პირ-მოუთნელი ანგარიში უნდა მისცე შენ სინიდისსა. რა სახით ასრულებდი ამ მოვალეობას წარსულის წლის განმავლობაში? გახსოვდა შენ ყოველთვის, რა დიდი საქმე არის მოწაფის გაზრდა, რა მძიმე პასუხს მოითხოვს ღმერთი მასწავლებლისაგან? მასწავლებელმა მარტო წიგნი, ანუ ხელობა კი არ უნდა ასწავლოს მოწაფესა, არამედ უწინარეს ყოველთა პატიოსნება, შრომის მოყვარეობა, ერთი სიტყვით, ქრისტიანობა.
მოკლედ, ვინც გინდა იყო შენ, რომელსაც გინდა საქმეს ასრულებდე, ამ ახლის წლის პირველს დღეს ანგარიში მიეც შენ თავსა, რა სახით ასრულებდი შენ საქმეს, ქრისტიანულად, ანუ მგზავსად წარმართთა, რომელთა ახსოვდათ მხოლოდ ერთი გარეგანი კერძო საქმისა, ესე იგი მარტო თავის მოყვარეობა და წუთისოფლის სარგებლობა; ქრისტიანე კაცს უნდა ახსოვდეს, რომ ყოველს, თვით უმცირესს საქმეს აქვს ზნეობითი კერძო; ქრისტიანემ, რომელსა ახსოვს ქრისტე იესოს სწავლა, ყოველი თავისი საქმე ისე უნდა წაიყვანოს, რომ იგი შეეწეოდეს ღვთის სასუფევლის გავრცელებასა კაცთა შორის.
ვევედროთ ღმერთსა, რათა მომავალ წელსა ჩვენ ყოველთ მოგვცეს მშვიდობა და წარმატება ყოველთა პატიოსანთა ჩვენთა საქმეთა შინა და რათა უმეტესად ყოველთა შინა საქმეთა ვასრულებდეთ მისსა ღვთიურსა ნებასა. ამინ.