აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა
აღსასრულადმდე სოფლისა (მატ. კჱ, კ).
რა მშვენიერი ნუგეში დაუტევა, ძმანო ქრისტიანენო, მოწაფეთა უფალმან ქრისტემან, ამაღლდებოდა რა ზეცად წინაშე მათთა. თუმცა საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი მისნი ამიერითგან მოაკლდებიან ხორციელად ხილვასა მისსა, გარნა მაცხოვარი ეტყვის მათ, რომელ იგი მარადის იქმნება მათ შორის ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. მოციქულთა კარგად გაიგეს, რა დიდი ნუგეში იყო სიტყვათა ამათ შინა, იგინი არა თუ არ შეწუხდენ, ოდეს საუკუნოდ მიეფარა მათგან საყვარელი მათი მოძღვარი, არამედ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა, სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმად და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. საფიქრებელ იყო, რომელ ამაღლება ქრისტესი დიდსა მწუხარებასა გააჩენდა გულთა შინა მოწაფეთა მისთასა, ვინაიდგან იგინი ობლათ იყვნენ დატოვებულნი ქვეყანასა შინა და გარემოცულნი უმრავლესთა მტერთა, ჭირთა და განსაცდელთა მიერ. გარნა არა! იგინი სიხარულითა დიდითა მოიქცენ იერუსალიმად; იგინი გრძნობდენ სიღრმესა შინა გულთასა, რომელ ქრისტე მათ შორის არის და იქნება, თუმცა გრძნობადითა თვალითა თვისითა ვეღარ იხილავენ მას. ესრეთი მტკიცე და დიდი სასოება ჰქონდათ მათ გულში, რომელ ოდეს ქრისტე მიეფარა მათგან, მაშინ უმეტესი სიყვარული და სარწმუნოება მისდამი გაუჩნდა მათ გულში. გული მათი ცხოვლად გრძნობდა, რომელ, ქრისტე მათ შორის უხილავად არის. განმავლობასა შინა მათის სიცოცხლისასა, ყოველნი გარემოებანი მათისა ცხოვრებისანი უმტკიცებდენ მათ, რომელ ქრისტე მათ შორის უხილავად არის, და არა თუ არის მათ შორის, არამედ უფრო მახლობელად არის მათთანა. უწინ, ოდეს უფალი ცხოვრობდა მათ შორის, იგინი მხოლოდ ხორციელითა თვალითა ხედვიდენ მას, გარნა ოდეს იგი ამაღლდა და მიეფარა ხორციელად, მაშინ მათ იგრძნეს, რომელ მაცხოვარმან დაიმკვიდრა უხილავად სამყოფი თვით გულთა და სულთა შინა მათთა მაშასადამე, არა თუ არ განეშორა მათ, არამედ უმეტესად მიეახლა მათ. აჰა საკვირველი მოქმედება სარწმუნოებისა ცხოველისა და სიყვარულისა მხურვალისა! მოწაფენი გრძნობდენ, რომელ, ოდეს მაცხოვარი იყო ხილულად მათ შორის, ისრეთი სიყვარული არ ჰქონდათ მათ, ვითარი გაუჩნდა აწ, ოდეს მაცხოვარი ამაღლდა მათგან. გარნა, ძმანო ჩემნო, ქრისტემ არა თუ მხოლოდ მოწაფეთა აღუთქვა ყოფნა მათ შორის ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, არამედ ჩვენ ყოველთა მორწმუნეთა. რა სახით აღსრულდება ეს აღთქმა ქრისტესი? აღსრულდება ესრეთ:
პირველად ქრისტე არის მუნ, სადაცა არის სიტყვა მისი. სახარება ანუ სიტყვა ქრისტესი არის თვით მისი ჰაზრი და სული. ერთი სიტყვით, ნაწილი მისისა არსებისა. მაშასადამე, სადაცა სუფევს სიტყვა სახარებისა, მუნ იმყოფება თვით უფალი იესო ქრისტე. თუ შენ გულში, ძმაო, შევიდა სიტყვა სახარებისა, თუ მცნება ქრისტესი სუფევს შენ გულში, მოქმედობს, ანათლებს შენსა ჰაზრსა, სცვლის ცოტ-ცოტად შენსა გულსა, ერთი სიტყვით აუმჯობესებს შენსა ხასიათსა, მაშინ შეიძლება ვსთქვათ, რომელ ქრისტე არის შენ გულში. მეორედ ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენ გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შენს გულში; თავის დროზე იგი გაძლევს შენ ნუგეშს, თავის დროზე შეგიყვანს მწუხარებასა და სინანულსა; ზოგჯერ გააჩენს შენს გულში განუზომელსა სიყვარულსა. თუ ჭიდაობა და ბრძოლა შორის ბოროტისა და კეთილისა არის შენს გულში, სჩანს, რომ იქ მუშაობს მადლი ქრისტესი. გარნა თუ ყოველ ცუდ საქმეს და ცოდვას ისრე ადვილად აღასრულებ, რომელ სინიდისი სრულიად არც კი გამხილებს და არც კი შეგაწუხებს, სჩანს, რომელ ამ შემთხვევაში არც ქრისტე და არც მისი მადლი იყო შენს გულში. თუ ოდესმე განსაცდელმა ცოდვისამან მიგიტაცა შენ ესრეთ, რომელ ახლოს იყავ და მზათ იყავ ცოდვისა ქმნად, გარნა უცფათ გაგიჩნდა გულში შიში და ძრწოლა, გული გაიმაგრე და წინააღუდეგი ცოდვასა და განეშორე მას, მაშინ უთუოთ ქრისტე იყო შენს გულში, თორემ შენ შენითა ძალითა ვერ სძლევდი ცოდვასა.
ქრისტე ყოველთვინ ჩვენ შორის არის უხილავად, ძმანო ჩემნო, გარნა მისსა სიახლოვესა და მისა მყოფობასა გრძნობენ მხოლოდ იგინი, რომელთა მსგავსად მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა აქვსთ ცხოველი და განუზომელი სურვილი და გრძნობა მისი. ძალად და იძულებით იგი არავის არ მიეახლოება და არავის არ შეატყობინებს თვისსა მყოფობასა. მას კი შეეძლო, რომ მარადის უკუნისამდე ხილულად ყოფილიყო მოწაფეთა შორის და ეგრეთვე ჩვენ შორის, გარნა ვითარცა მათთვის, ეგრეთვე ჩვენთვის უმჯობესი არის, რომ იგი ხილულად არ არის ჩვენ შორის. რისთვის? მისთვის, რომელ უკეთუ იგი ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არმედ იძულებითი; ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი. გაიხსოვნე, რა უთხრა უფალმან მოციქულსა თომას, როდესაც მან შეახო მას ხელი და იძულებულმან სთქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! რამეთუ მიხილე მე და გრწამს, ნეტარ იყვნენ, რომელთა არ უხილავ და რწმენეს. თუ ახლა შენ, თვალითა შენითა არა მხედველსა, გულწრფელად გრწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხად არს, რომელ თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და დაუმკვიდრია მუნ, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტემან. ამინ.