ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენს წინაშე მდებარეობს კუბოსა ამას შინა ერთი ჩვენთა მოძმეთაგანი, მართლ-მადიდებელი ქრისტიანე. ვისარგებლოთ ამ შემთხვევით სულიერისა ჩვენისა სწავლისა და აღშენებისათვის. ეს ვყოთ მით უმეტესად, რომელ დღეს არის კვირა, რომელსა შინა, ჩვეულებისამებრ, მაინც უნდა მიგვეღო სულიერი სწავლა და აღშენება: ხოლო რაოდენიმე, ესე იგი, ორი ანუ სამი გარემოება აწ მდებარისა წინაშე ჩვენსა მიცვალებულის ცხოვრებისაგან, ჩვენის ფიქრით, გვაძლევენ ჩვენ არა ცუდსა საგანსა ზნეობითისა სწავლისასა. რომელნი არიან ეს გარემოებანი? პირველად, იციან ყოველთა და ჩვენცა გვესმა, რომელ მიცვალებული იყო შობიდგან ერთი ღარიბი, არა რაის მქონე კაცი. მშობელთა მისთა, ვითარცა გვესმა ჩვენ, არცა მცირედი რაიმე დაუტევებიათ მისთვის, გარნა მან არ მისცა თავი სულმოკლეობასა, არამედ იწყო მან დაუძინებელი შრომა და მუშაობა. გონიერითა ყოფა-ქცევითა, ზომიერითა ცხოვრებითა და მოხერხებულითა ვაჭრობითა მან გააუმჯობესა თვისი მდგომარეობა, შეიძინა, თუმცა არა დიდი, მაგრამ საკმაო ქონება. ეს არის, ძმანო, ერთი ფრიად სასარგებლო მაგალითი ყოველთა მათთვის, რომელთა ჰსურთ თვისი შრომითა და ღვაწლითა შეიძინონ სახმარი ამ სოფლის ცხოვრებისათვის. მაშ, შრომასა და მუშაობასა კი ჰქონია კეთილი ნაყოფი! მაშ, შესაძლებელი ყოფილა, რომ კაცმა ღარიბმა, არა რაის მქონემ, თვისი მხნეობით, შრომით, მეცადინეობით აღაშენოს თავის-თვის კეთილი მდგომარეობა. მაშასადამე, მხნედ იყავით ყოველნი შრომის მოყვარენი და მეცადინენი. გახსოვდეთ კიდევ ისიც, რომელ, როდესაც მიცვალებულმა ამან დაიწყო შრომა და ვაჭრობა, მაშინ უფრო ძნელი იყო და უიმედო ამ საქმის წარმატება, რადგანაც ვაჭრობა მაშინ იყო სუსტი. ხოლო აწ, ჩვენს დროებაში ეს საქმე უფრო გავრცელდა და გაადვილდა. შრომა თქვენი არ დაიკარგება ამაოდ. გარნა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იქნება დაფუძნებული სიმართლესა და პატიოსნებასა ზედა. მე დაწვრილებით არ ვიცი ცხოვრება მიცვალებულისა, გარნა დარწმუნებული ვარ, რომ მან თვით მრავალ-გზის გამოსცადა, რომელ, როდესაც იგი აღებ-მიცემობაში მიდიოდა პირ-და-პირი და პატიოსანი გზით, მაშინ უფრო მოგებული იყო, გარნა როდესაც, ვითარცა კაცი სუსტი და ამასთანავე კაცი, რომელსა არა მიუღია საჭირო და სასარგებლო სწავლა, შესცდებოდა და ბრუნდე გზას შეუდგებოდა და პატიოსნების წინააღმდეგ მოქცევასა, მაშინ იგი არა თუ მოიგებდა რამეს, არამედ დიდ ზარალს ჰნახავდა. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მას, რომელსაც ჰსურს ვაჭრობა, მხოლოდ ის სიმდიდრე არის მკვიდრი და მაგარი, რომელიც კაცმა მიიღო ერთითა პატიოსნითა შრომითა.
ახლა მივიქცეთ მეორე გარემოებისადმი ამის ცხოვრებისაგან, რომელიც გამოაჩენს, რა სამწუხარო და საზარელი ხასიათი გვაქვს ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებთა. როდესაც მიცვალებული თვისითა შრომითა და მეცადინეობითა დაწინაურდა ცოტ-ცოტად, მაშინ, ვითარცა გვესმა ჩვენ, ასტყდნენ მას ზედა მრავალნი მტერნი და მოშურნენი. იყო თურმე ერთი დიდი შფოთი და ცილის-წამება მას ზედა. რომ ყური დაეგდო ვისმე საზოგადოდ მას ზედა ლაპარაკზე, იფიქრებდა, რომ მან შეიძინა ცოტაოდენი რამე არა თვისითა ჭკუითა და შრომითა, არამედ ვითარცა დიდმა, შარა-გზის ავაზაკმა. თუმცა, მართლა რომ სთქვას კაცმა, მისი ქონება არ იყო დიდი და შესანიშნავი, გარნა მოშურნე კაცს მცირედიც დიდად ეჩვენება. ერთობ უბედურ არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი, აქაურ მცხოვრებთა ხასიათი, ძმანო ჩემნო! ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მაჩვენებელსა, ჩვენ ვსწუხვართ და გვეკიდება ალი შურისა. ნაცვლად მისა, რომ ჩვენც გვამხნეოს მისმა მოქცევამ, წაგვახალისოს მისმა მაგალითმა, და ვიწყოთ შრომა და მეცადინეობა, ჩვენ მარტო იმას ვფიქრობთ, რომ როგორმე შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ იგი. ღმერთო! როდის მოვა ის დრო - ჩვენც მივხვდეთ, რომ ერთი მეორეს შური ქვეყანას ვერ გააკეთებს, ბედნიერება ქვეყნისა აშენდება მხოლოდ სწავლითა, შრომითა, პატიოსნებითა. ქვეყანა გაძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მცხოვრებნი ერთი მეორეს არ უშლიან, არამედ ხელს უწყობენ.
დასასრულ, ძმანო, შეგვეწიეთ თქვენცა ლოცვით, რათა ამ მიცვალებულის სულს განუსვენოს მაცხოვარმა სასუფეველსა თვისსა, და ვისაც მასთან ჰქონდა უკმაყოფილება, შეუნდოს მას დღეს. ამინ.