მოგილოცავ, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, აწინდელსა დღესასწაულსა ამას, რომელი დღეს შეიქმნა თქვენთვის ას-წილ უდიდეს და აღსავსე სიხარულითა ახლისა ამის თქვენისა ტაძრის კურთხევითა. დარწმუნებული ვარ და კიდეც ვხედავ თვალითა ჩემითა, რომელ დღეს თქვენ ყოველთა და უმეტესად ამ სოფლის მცხოვრებთა დიდი სიხარული და მხიარულება გაქვსთ გულთა შინა თქვენთა, რათგანაც ხედავთ, რომელ გრძელ-ჟამიერი თქვენი შრომა ამ საყდრის აშენებაზე დღეს დაგვირგვინდა მით, რომ ეღირსეთ წირვის მოსმენასა მას შინა. მეცა მონაწილე ვარ, საყვარელნო მემამულენო ჩემნო, გულ-წრფელისა ამა თქვენისა სიხარულისა, ვინაითგან ვიყავ მოზიარე მეცა შრომისაცა და მოღვაწებისა თქვენისა აღშენებისა შინა მისსა. ჭეშმარიტად, დიდი სიხარული და მხიარულება გვმართებს ღვთის წინაშე დღეს ჩვენ ყოველთა; აღურაცხელი მადლობა უნდა შევსწიროთ მოწყალესა ზეციურსა მამასა, რომელმან მოგვცა ჩვენ ღონე და ძალა მოყვანებად სისრულესა შინა დიდისა ამის საქმისა. მრავალი წელიწადი გადიოდა, რაც თქვენ თვითონ ხედავდით, რა საჭირო იყო ამ სოფელში ნაცვლად დაძველებულისა და ვიწროისა უწინდელისა ეკკლესიისა აღშენება ახლისა და ვრცელისა, გარნა სიღარიბე და სისაწყლე თქვენი გაშინებდათ და გიშლიდათ თქვენ დაწყებად ამ საქმისა. ბოლოს, არა მიმხედველნი თქვენისა სიღარიბისა და ყოვლითა მხრით შეუწევნელობისა, თქვენ კიდეც დაიწყეთ ერთი მცირე ეკკლესიის შენობა; გარნა იგი უცბად დაირღვა და დაგტოვა თქვენ უმეტესსა მწუხარებასა და სასოწარკვეთილებასა შინა. იქმნება მაშინ ზოგიერთი თქვენ შორის მხედველი სამწუხაროისა საქმისა, კიდეც ფიქრობდა თავის გულში: რისთვის და რა სახით დაგვემართა ეს უბედურება? ნუთუ ღმერთს არ სურს, რომ აღშენდეს აქ ახალი ეკკლესიაო? გარნა ღმერთმან, რომელი ხედავს მომავალსა, ვითარცა აწინდელსა, წინადვე იცოდა, რომელ ჟამთა ცვლილებისაგან გამოსჩნდებიან ახალნი გარემოებანი, რომელნი შეგაძლებინებენ თქვენ აღგებად აქ უმჯობესისა ეკკლესიისას და აჰა ესერა, შეწევნითა ღვთისათა, აღეგო ახალი ესე და უმშვენიერესი ეკკლესია. აწ უკვე გულითადი მადლობა შევსწიროთ მაცხოვარსა ჩვენსა, უფალსა იესო ქრისტესა, და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, რომლისა სახელი წოდებულ არს ტაძარსა ამას ზედა.
გარნა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ღმერთს მადლობას მარტო ენით არ უნდა შევსწირვიდეთ, არამედ საქმითაც: როდის და რა სახით გამოსჩნდება, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ახლა ღვთის მადლობელნი ვართ? ეს გამოსჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ კეთილგონიერად ვისარგებლებთ ამ საყდრითა, როდესაც ეს საყდარი მოგვცემს ჩვენ სულიერსა სარგებლობასა. რისთვის აღაშენეთ თქვენ ეს საყდარი? რისთვის მიიღეთ ესოდენი შრომა და რად გიხაროდათ, როდესაც ხედავდით წარმატებასა და აღსრულებასა მისსა? ნუთუ სასიქადულოდ და თავის საქებლად აღაშენეთ ეს საყდარი? ღმერთმა ნუ ქმნას! მაშასადამე, რისთვის აღაშენეთ იგი? ვგონებ მისთვის, რომ რომელსამე სიკეთესა და სარგებლობასა მოელოდეთ ამ საყდრითგან. რა მადლი, რა სიკეთე მიეცემა კაცს ეკკლესიისაგან, ამაზე ახლა მოკლედ ვიფიქროთ.
პირველად კაცი, რომელი ერთგულად და გულსმოდგინედ ივლის საყდარში და ისმენს წირვა-ლოცვასა, მხურვალითა გულითა და სასოებითა ევედრება ღმერთსა, ყურად-ღებით და გონიერად ისმენს ყოველსა, რასაც საყდარში წაიკითხვენ, რასაც გაიგონებს, სცდილობს, რომ ახსოვდეს და ისე მოიქცეს თავის სახლში, როგორც ეკკლესიაში გაიგონა; ის კაცი ცოტ-ცოტად სრულიად გამოიცვლება და უ,მჯობესი და უკეთესი კაცი შეიქმნება. ჭკუა და გონება მისი განათლდება, რათგანაც ყოველს წირვაზედ ესმის საღმრთო წერილისაგან მრავალი ღვთიური აზრი და მცნება, რომელსა ისეთი ძალა და მადლი აქვსთ, რომ სრულიად შესცვლიან და გააკეთებენ კაცის ბუნებასა. გული და ხასიათი მისი გაკეთდება; რაც ცუდი ჩვეულება და ზნე სჭირს, იმას ცოტ-ცოტად დაივიწყებს და, ნაცვლად ამისა, მიიღებს პატიოსანსა და კეთილსა ხასიათსა. ადამიანს, ძმანო ჩემნო, ისრედი ბუნება აქვს, რომელ თუ ყოველს დღეს თავის თავს თვითონ არ უფრთხილდება, ანუ თუ ერთი ვინმე სხვა ყოველთვის არ აღვიძებს, არ შეაგონებს, არ ასწავლის, მაშინ იგი თან-და-თან ფუჭდება, ბოროტდება და ბოლოს შეიქმნება მონა ცოდვისა. ეკკლესია მისთვის შენდება, მისთვის უნდა ვიაროთ წირვა-ლოცვაზე, რომელ იქ საღმრთო წერილის მოსმენითა, წირვის და ლოცვის წესდებულებითა, ეკკლესიაში წმიდანების და სიწმიდის ხედვითა, გაიღვიძოს ჩვენს გულში ღვთის მადლმა, სიწმიდემან, სათნოებამან და დასუსტდეს და განქარდეს ყოველი ღვარძნილი და წინააღმდეგი ჩვეულება.
მრავალნი ბოროტნი ჩვეულებანი და ქრისტიანობის წინააღმდეგნი ზნეობანი გვაქვს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცირე გურიის მაზრაში მცხოვრებთა. იქმნება კიდეც გაგიკვირდესთ თქვენ და გეწყინოსთ, მაგრამ მაინც ვიტყვი და ვგონებ ნამეტანი არ იქმნება ეს თქმა: ჯერედ არც კი გაჩენილა ჭეშმარიტი ქრისტიანობა გურიაში. ათასი წელიწადი მეტია, რაც ეს ქვეყანა მოინათლა, მაგრამ ქრისტიანობა ჯერეც არ არის აქ დამყარებული. მართალია პირჯვრის დაწერა კი ვიცით, საყდარში კი დავდივართ, მაგრამ ქრისტიანობა არ არის ჩვენში. ფიცხელია ეს სიტყვა, მაგრამ როდესაც დაუკვირდებით საზოგადოდ აქაურსა ზნეობითსა მდგომარეობასა, როდესაც ვიფიქრებთ ერთი მხრით, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანე და მეორე მხრით ვნახავთ, რა სახით ცხოვრებენ აქაურნი ქრისტიანენი, მაშინ თითქმის არ იქმნება ეს ნამეტანი სიტყვა, რით გაირჩევა ჭეშმარიტი ქრისტიანული საზოგადოება სხვათა ურწმუნოთა საზოგადოებისაგან? უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან უბრძანა მოწაფეთა თვისთა: ამით სცნან ყოველთა, რამეთუ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთ-არს. აჰა, ქრისტიანობის ნიშანი! რომელს ქვეყანაშიც, ანუ სოფელშიც არის ქრისტიანობა, იქ უნდა იყოს სიყვარული, ერთობა, ერთგულება, გარნა ნაცვლად ამისა აქ ჩვენ ყველგან ვხედავთ შურსა, სიძულილსა, განხეთქილებასა და შფოთსა. თუმცა ყოველნი მონათლულნი ვართ, ჩვენ ყოველნი ქრისტიანედ უწოდებთ თავთა ჩვენთა, გარნა სული და ბეჭედი ქრისტიანობისა, ესე იგი, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა არ არის ჩვენში. ამასთანავე ერთი საშინელი ცუდი თვისება გვაქვს ჩვენ, საკუთრად გურულებს. გურული კაცი არის საშინლად გულ-ფიცხელი და მოუთმენელი და გულფიცხელობითა თვისითა მრავალ-გზის შთავარდება საშინელთა ცოდვათა შინა. რავდენჯერ მომხდარა ამ ჩვენს მცირე ქვეყანაში, რომელ ერთი უბრალო სიტყვის თქმისათვის კაცს კაცი მოეკლას.
ძმანო ჩემნო! რათგანაც ესრედ დაცემულია ამ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა და კეთილი ზნეობა, ახლა მაინც გავიღვიძოთ მადლითა და შემწეობითა ახლისა ამის ტაძრისათა, და ვითარცა იგი იქმნა დღეს განახლებული, ეგრედვე ჩვენ განვახლდეთ ზნეობითა.
ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო! ვითარცა ცხოველს-მყოფელმან მადლმან შენმან აკურთხა და განაახლა საყდარი ესე, ეგრედვე განაახლე ცხოვრებაცა ჩვენი მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა; ჰყავ, რათა დღეს იქმნეს დასაბამი მოქცევისა ჩვენისა, განახლებისა და სულიერისა წარმატებისა; განსწმინდე ზნეობა ჩვენი უგვანი, რათა აღარა ვიქმნეთ ამიერითგან ბრმანი, არამედ შევიყვაროთ ერთობა, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი ჩვენი; დაამშვიდე და დაალბე ფიცხელი გული ჩვენი, და მოგვეც ჩვენ ნაცვლად მისა სიმდაბლე და შემუსვრილება გულისა, რათა ვიყვნეთ ჩვენ ამიერითგან ჭეშმარიტნი ქრისტიანენი საქმითა და არა მხოლოდ სიტყითა. ამინ.