ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
ძალითა და შეწევნითა ღვთისათა, დღეს იქმნა კურთხევა და განათლება ეკკლესიისა ამის თქვენისა. ახლა პირველად მადლობა შესწირეთ მოწყალესა ღმერთსა, რომელმანცა მოგცა თქვენ სურვილი და შეძლება აღსენებად ამა ეკკლესიისა. თქვენ თვითონ იცით, ძმანო, თუ ვითარი ძველი, ვიწრო და უგვანო იყო უწინდელი თქვენი ეკკლესია; დიდის ხნითგან ფრიად და მიუცილებლად საჭირო იყო თქვენთვის აღშენება ამ ეკკლესიისა, გარნა სიღარიბე და სიმცირე გაშინებდათ თქვენ. ხოლო აწ ღმერთმან მოგცა თქვენ შეძლება და თითქმის კიდეც დაასრულეთ ამ მოკლე ჟამად ეს ფრიად სასარგებლო საქმე: და თუმცა ჯერედ არ არის სრულიად გათავებული ეს ეკკლესია, გარნა ღმერთი მოწყალეა; რაიცა აკლია, იმასაც შეავსებთ მალე.
მეორედ, ძმანო, უნდა ეცადოთ და კეთილად ისარგებლოთ ამ ეკკლესიის მადლითა, მიიღოთ ამისგან სწავლა, განათლება, განწმენდა და ცხოვნება. ეკკლესია მისთვის შენდება, რომ ქრისტიანეთა მიიღონ სულიერი მადლი და სარგებლობა: რა ჭკუა იქმნება, რომ ეკკლესია უმჯობესი აღაშენოთ და თქვენ თვითონ კი არ შეიქმნეთ უმჯობესნი! მარტო ეკკლესიის აღშენება არ გაცხოვნებს თქვენ, უკეთუ ეკკლესიის აღშენებასა-თანა სულიცა და გულიც არ აღიშენეთ ისრე, როგორც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან. რა არის სულის აღშენება და რით, ან რა საშუალობით აღაშენებს კაცი სულსა თვისსა? სულიერი აღშენება ის არის, როდესაც კაცი, პირველად ჭკუითა თვისითა განათლდება, ესე იგი, იცნობს ღმერთსა, თავის თავს, თავის სჯულს, თავის მოვალეობას; მეორედ, გულითა და მოქმედებითა თვისითა შეიყვარებს ღმერთსა და მისს სჯულსა და სცდილობს, რათა აღასრულოს იგი, გარნა ამ სულიერს აღშენებას მიიღებ შენ ეკკლესიისაგან: ეკკლესია არის, პირველად, შენი მასწავლებელი და განმზრდელი. ხორციელად შენ გამოგზარდეს შენთა მშობელთა, სულიერად შენ გამოგზრდის და განგანათლებს ეკკლესია; ყოველი წირვა-ლოცვა, ყოველი წესი და საღმრთო მოქმედება ისრე არის დაწყობილი და დაწესებული ეკკლესიაში, რომ შენ ისწავლო შენი სჯული, ჭკუა განგენათლოს და შეიქმნე კეთილი ქრისტიანე. ოღონდ ეცადე, გულისხმიერად ისმინე, რაც ეკკლესიაში საღმრთო წიგნებს კითხულობენ და უთუოდ შეიტყობ და ისწავლი, რაც საჭირო არის შენთვის. აქ გაიგონებ და შეიტყობ როგორ დაბადა ღმერთმან ცა და ქვეყანა ექვს დღეს; როგორ შექმნა მიწისაგან ღმერთმან პირველნი კაცნი, ჩვენნი წინაპარნი, ადამ და ევა, მისცა მათ სამოთხე, მშვენიერი საცხოვრებელი: როგორ მოხდა ცოდვა ადამ და ევასი; როგორ განაგდო იგინი ღმერთმან ედემითგან; როგორ მას შემდეგ კაცი დაეცა, შეიქმნა ცოდვილ და ღვთის წინააღმდეგ, როგორ სცდილობდა ღმერთი კაცის მოქცევასა, განათლებასა, ცხოვრებასა. ღმერთმან მოუვლინა კაცთა წინასწარმეტყველნი, მისცა სჯული ძველისა აღთქმისა; აღუთქვა მოვლინება ქვეყანაზედ მხსნელისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი. სახარებითგან შევიტყობთ, როგორ მოვიდა ქვეყანაზედ უფალი ჩვენი, ძე ღვთისა, იშვა ქალწულისაგან, მოგვცა ახალი აღთქმა სახარებისა, მოგვცა ქრისტიანობა; შემდგომ თავის თავი შესწირა ჩვენთვის ჯვარცმითა, სისხლითა აღხოცა ჩვენნი ბრალნი, შეგვარიგა ღმერთთან, შეგვაერთა მასთან; - მოკლედ, ამას ყოველსა და სხვასაცა, რაიცა საჭირო არს, შეიტყობ და გაიგებ, თუ კარგად ისმენ წირვა-ლოცვასა.
მეორედ, ეკკლესია არის შენი განმწმენდელი, მაცხოვნებელი. რანაირად? ჩვენ ყოველნი ცოდვილნი ვართ, ცოდვასა შინა განვატარებთ დღეთა ჩვენთა; გარნა რანაირად, ანუ რა სახით მოგვცემს ეკკლესია მოტევებასა ცოდვათასა? იმ სახით, რომელ კაცმან ცოდვილმან უნდა მოინანოს ცოდვა თვისი, ღმერთს უნდა მოსთხოვოს შენდობა; ხოლო უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ჩვენთა ცოდვათა განსაწმენდელად, მისცა წმიდასა ეკკლესიასა შვიდნი საიდუმლონი: ნათელ-ღებითა შენ შეიქმენ ქრისტიანე; უკეთუ ნათელ-ღებული კაცი შთავარდა ცოდვაში, განიწმინდა წინაშე ღვთისა მონანებითა და აღსარების თქმითა; აღსარება მისთვის დააწესა ღმერთმან, რომელ კაცი ცოდვილი შევა მონანებაში, აღუთქვამს ღმერთსა, რომელ ამიერითგან აღარა იქმს იმ ცოდვას და მიიღებს განტევებასა და შენდობასა თვისთა ცოდვათა. გარნა აღსარება ყოველ კვირას არ შეგიძლიან სთქვა, ხოლო ვედრება, მონანება შეგიძლიან ყოველ წირვაზედ შესწირო ღმერთსა. ბოლოს, ისიც დიდი საქმე და სულიერი სარგებლობა არის, რომელ ეკკლესია თქვენი შემაერთებელია. სოფელში ყოველი კაცი თავისთვის ცხოვრებს და სცდილობს, ყოველს კაცს აქვს თვისი საკუთარი საქმე, ყოველი კაცი ეძიებს თავის საკუთარს სარგებლობასა, ყოველს კაცს თავისი საკუთარი სახლი აქვს, საკუთარი ყანა, საკუთარი საქონელი. ერთი სიტყვით, სოფელი და სოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირადაც გადაამტერებს, ხოლო ეკკლესია არა თუ განყოფს, არამედ შეაერთებს, დაახლოვებს, შეაყვარებს კაცს კაცთან. რანაირად მოგვცემს ამას ეკკლესია და რა სახით გვასწავლის? იმ სახით, რომელ ეკკლეიაში ყოველნი ერთნი ხართ, ეკკლესია ყოველთათავის ერთს წირვას, ერთს ლოცვას და ერთს მოქმედებას აღასრულებს. ერთი ემბაზისაგან გცემს ყოველთა ნათელს, ერთი ბარძიმისაგან გაჭმევს ხორცსა და გასმევს სისხლსა ქრისტესსა. წარმოიდგინე, როგორ დაშორებული არის სოფელში მდიდარი ღარიბისაგან, შემძლებელი უღონოსაგან, და დიდი მცირისაგან, გარნა აქ, ეკკლესიაში, ყოველნი ერთ-ხართ და ერთად-ერთი ლოცვა გესმისთ, ერთ წესს და საიდუმლოს მიიღებთ ყოველნი. აჰა, რა სახიერი და კეთილის-მოქმედი არის ჩვენთვის ეკკლესია, გარნა, თუ გსურს, ესე ყოველი მიიღო მისგან, იყავ ერთგულ და მორჩილ მისი. ამინ.