მოგილოცავ, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ახალსა ამას წელსა და ვთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა ბედნიერად და მშვიდობით გაატაროთ იგი.
გარნა რა არის ბედნიერება? სითგან მოუვა კაცსა ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველი კაცი ბედნიერებას მოულოცავს მოყვასსა თვისსა და ბედნიერებაზედ ფიქრობს.
ჩვენ, ძმანო ჩემნო, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს ამ საგანზედ. თუ ვინმე კარგად სცხოვრებს ამ ქვეყანაზე, წარმატებაში არის და კეთილ-დღეობაში, ვიტყვით, მას ბედი აქვსო, ის ბედნიერი არისო; და თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თვისი საქმე და მოაკლდა მას კეთილ-დღეობა, მასზე ვიტყვით: რაღაცა ბედი არა აქვსო, უბედური კაცი არისო. აქითგან ნათლად სჩანს, რომ ვინც ესრედ იტყვის, იმას გონია, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალ-ახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება, და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო! თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებასა, შეიტყობ, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა-ქცევაზე. ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურება. როგორადაც კერძო პირის, ეგრედვე მთელის ქვეყნის ანუ მთელის საზოგადოების ბედნიერება სწორედ, ნამდვილად და უეჭველად არის დაფუძნებული დაუცხრომელსა სწავლასა და დაუცხრომელსა მუშაობასა ზედა. ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ გამოცდილება; ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ მაგალითი იმა ქვეყანათა, რომელნიც ჩვენზედ არიან დაწინავებულნი განათლებასა და კეთილ-დღეობასა შინა. აბა კითხე იმ კაცს, რომელიც ყოფილა იმ განათლებულს ქვეყანაში, ანუ წიგნებითგან ამოუკითხავს მათი ცხოვრება და მდგომარეობა, ისინი დაგარწმუნებენ შენ, რომ ყოველი მათი წარმატება და ბედნიერება წარმომდინარეობს მათისა გასაოცრისა მხნეობისა და დაუძინებელის შრომისაგან. იმ განათლებულს ქვეყანაში ანდაზად აქვსთ თქმული: დროება არის სიმდიდრე, და ვინც დროებას მცონარეობით ატარებს, იგი კარგავს ბედსა და სიმდიდრესაო. მართალია, არა ერთ-გზის მომხდარა, რომ ზოგიერთი კერძო პირი გაკეთებულა და გამდიდრებულა არა თვისითა მეცადინეობითა, არამედ ერთითა უბრალო შემთხვევითა; გარნა მთელი ხალხი და ქვეყანა რომ განათლდეს და გაბედნიერდეს თვინიერ შრომისა, მხნეობისა და მოთმინებისა, ეს არ მომხდარა.
გარნა ჩვენ, ძმანო, ახლა საყდარში ვდგევართ, წირვის მომსმენელნი და ღვთის მლოცველნი; აქ თითქმის უადგილო იყო უბნობა სოფლის ბედნიერებასა ზედა, მაგრამ წარგვიტაცა სოფლის ჩვეულებამ. ჩვენ აქ უნდა ვუბნობდეთ სულიერსა წარმატებასა და ბედნიერებასა ზედა, გარნა საკვირველი ის არის, რომ ესეც თითქმის იმაზედვე არის დამოკიდებული, რაზედაც ხორციელი ბედნიერება. რაი არის სულიერი წარმატება და ბედნიერება? ის, როდესაც კაცი სულითა თვისითა გამართლდება ღვთის წინაშე და ეღირსება უხრწნელსა გვირგვინსა საუკუნოისა ცხოვრებისასა. გარნა ვინ გამართლდება ღვთის წინაშე? ის, ვინც არის მხნე, ბეჯითი, შრომის მოყვარე, მომთმენელი სულიერთა მოღვაწებათა შინა. სულიერი წარმატება და ბედნიერება სწორედ იმ კაცს უნდა მივაწეროთ, რომელმან თვისი ხასიათი გაისწორა, გაიკეთა, დაიმუშავა, როგორადაც ბეჯითი მიწის-მუშაკი გასწმენდს და გააკეთებს თვისსა ყანასა. წინააღმდეგ ამისა, რომელიც კაცი ესოდენ არის დაუდევნელი და მცონარე, რომ არ გამოიცვალა ცუდი თვისი ხასიათი, არამედ თავი თვისი დაანება და მიანდო იმ უგუნურთა და მხეცურთა მიდრეკილებათა, რომელნიც ბუნებითგან აქვსთ ზოგიერთთა პირთა, იგი სულიერადაც არის უბედური და წამხდარი.
ახლა, შეხედე, ძმაო, და იხილე: ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი - შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება.
ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, განამტკიცე ჩვენს გულში ეს მხნეობა, განაღვიძე ჩვენს შორის შრომისმოყვარება, გვყავ სულიერადაც და ხორციელადაც წარმატებულნი და გაბედნიერებულნი. ამინ.