და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან,
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა:
ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? რქვა მათ იესო:
არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა
გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა (იოან. 9, 1-3).
მოწაფეთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ ის ჩვეულება, რომელ, როდესაც იხილვიდენ რომელსამე განსაკვირვებელსა მოვლენასა, ანუ როდესაც მიუვიდოდათ გულში რომელსამე საგანზედ ეჭვი, მაშინვე ჰკითხვიდენ მოძღვარსა და სთხოვდენ, რათა აუხსნას მან ეჭვი მათი. ახლაც დაინახეს რა კაცი შობითგან ბრმა, მაშინვე იფიქრეს თავის გულში რისგან დაემართა მას ეს დიდი უბედურება, და ჰკითხეს უფალსა: რაბი, ვინ ცოდა - ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმა იშვა? როგორც ამ კითხვიდან სჩანს, მოწაფენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომელ კაცს ყოველი უბედურება და მწუხარება შეემთხვევა თვისი ბრალით და ცოდვით და ყოველი უბედურება და მწუხარება კაცისა არის სასჯელი ცოდვათათვის.
ახლაც არის, ძმანო ჩემნო, მეტადრე დაბალ წოდების ხალხში, ეს აზრი გავრცელებული: ახლაც როდესაც კაცი ჰნახავს, ანუ გაიგონებს თვისი მოყვასის უბედურებასა, მაშინვე იკითხავს და განიზრახავს, რა მიზეზისათვის დაემართა მას ეს უბედურებაო, და უმეტესი ნაწილი გადასწყვეტს თავის გულში, რომელ ყოველი უბედურება დაემართება კაცს თვისი ცოდვისა და ბრალისაგან.
როგორ ახსნა უფალმან იესო ქრისტემან ეჭვი მოწაფეთა თვისთა? რა პასუხი მისცა მათ? მივაქციოთ ახლა ჩვენ ამაზედ ყურადღება და კარგად ავხსნათ პასუხი უფლისა იესო ქრისტესი. რადგანაც ჩვენც ყოველნი ქვეშევრდომნი ვართ ჭირისა და მწუხარებისა, რადგანაც ცხოვრება ყოველი კაცისა ამ ქვეყანაზედ თითქმის ილევა ჭირთა, უბედურებათა და მწუხარებათა შინა. მაშასადამე, ძლიერ საჭირო არს, რომ ჩვენ ქრისტიანეთა, გვქონდეს მართალი და ქრისტიანული შეხედულება ამ საგანზედ.
უფალმან იესო ქრისტემან ესრეთ უპასუხა მოწაფეთა თვისთა: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა მაგას ზედა. აჰა პასუხი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი თუმცა პირ-და-პირ არ გაამტყუნებს მისი მოციქულების აზრსა, მაგრამ მიაქცევს მათ ყურადღებას მასზედ, რომელ ზოგიერთ კაცს უბედურება და მწუხარება არ დაემართება თვისი ცოდვისაგან, არ არის სასჯელი მისი ბრალისა, არამედ დაემართება ღვთის განგებულებით: რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისა მაგას ზედა. რა საქმე ღვთისა უნდა გამოცხადდეს უბედურებითა და მწუხარებითა კაცისათა? ამას შევიტყობთ მაშინ, როდესაც გავიხსოვნებთ რა საქმეს აკეთებს ღმერთი ჩვენს შორის? ღმერთს, ძმანო ჩემნო, ერთი დიდი საქმე აქვს ჩვენს შორის, რომელსა იგი აკეთებს უწინარეს ყოვლისა: ეს საქმე არის ჩვენი სულიერი განათლება და გაკეთება, ეს საქმე არის ჩვენი მოქცევა, მონანება, განწმენდა და ცხოვნება. ამაზედ უდიდესი საქმე ღმერთსა არა აქვს ჩვენს შორის. ამ საქმისათვის მოგვცა ჩვენ ღმერთმან სჯული; ამისთვის მოავლინა ქვეყანაზედ მხოლოდ-შობილი ძე თვისი; ამისთვის მოითმინა უფალმან იესო ქრისტემან ქვეყანაზედ ტანჯვა, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა. სხვათა შორის ღონეთა და საშუალებათა, რომელთა ღმერთი ხმარობს, რათა მოიყვანოს სისრულეში ეს დიდი საქმე, ისიც არის, რომ იგი ზოგიერთ კაცს მიაყენებს მწუხარებასა, მისთვის, რომ ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალსა საკვირველსა მაგალითსა მოგვითხრობს, ვითარცა საღმრთო წერილი, ეგრეთვე სამოქალაქო ისტორია დასამტკიცებლად ამა აზრისა. მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულონი, ღმერთმა მოაქცია და განსწმინდა უბედურებითა და მწუხარებითა, რომელი მიაყენა მათ. შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება არის უმჯობესი მასწავლებელი კაცის ჭკუისა, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გამაღვიძებელი კაცის გონებისა, განმამტკიცებელი მისი ღონისა და ნიჭიერებისა. მაგრამ, ვგონებ, დიდი დამტკიცება არ უნდა ამ აზრს! ვინ არ იცის, რომელ უმეტეს ნაწილად კაცი ბედნიერებასა, მოსვენებასა და ფუფუნებასა შინა მყოფი, ფუჭდება სულით და გულით, გარნა ჭირი და განსაცდელი გამოაფხიზლებს მას და გამოაჩენს უმჯობესთა დაფარულთა მისთა ღონეთა და ნიჭთა. მაშასადამე უბედურება და მწუხარება ზოგჯერ არის საქმე და განგებულება ღვთისა კაცთა ზედა.
თვით დღევანდელი სახარების მოთხრობა, შობითგან ბრმის განკურნებაზედ, ამტკიცებს ამას ყოველსა, რაიცა აქამომდე ვსთქვით, ესე იგი, რომ ხშირად უბედურება კაცს დაემართება ღვთის განგებით, იგი არის საქმე ღვთისა, იგი ხშირად მოაქცევს კაცს, შეეწევა სულის ცხოვნებასა შინა. დიდად და გამოუთქმელად უბედური იყო ბრმა იგი შობიდგან, გარნა ეს უბედურება მისი შეიქმნა სადიდებლად ღვთისა და საცხოვნებელად მისდა. მიიღო რა მან განკურნება - იგი შეიქმნა მორწმუნე იესო ქრისტესი; ამ დიდმა სასწაულმა მოქცია და არწმუნა ქრისტე უფალი მრავალთა სხვათაცა, და მით შეეწია მათსა ცხონებასა. გარნა ამითაც არ გათავდა საქმე ღვთისა ამ მოვლენაში. მოთხრობა შობითგან ბრმის განკურნებისა აღიწერა სახარებაში და ურიცხვნი კაცნი ისმენენ და ამოიკითხვენ მას და ადიდებენ ღმერთსა, მტკიცდებიან სარწმუნოებითა და სასოებითა. აჰა, რაოდენი და რა დიდი საქმე ღვთისა გამოჩნდა ამ კაცის უბედურებასა შინა.
გარნა ჩვენ თავიდგანვე ვსთქვით, რომ უფალმან იესო ქრისტემან თვისი პასუხით პირდაპირ არ გაამტყუნა ის აზრი მოწაფეთა თვისთა, რომელ უბედურება არის ხშირად საგძალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. ახლა ისიც უნდა დავუმატოთ, რომელ თვით უფალი იესო ქრისტე იტყოდა და ასწავლიდა იმ აზრს, რომ კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. ერთხელ უფალმან განჰკურნა ერთი ოც და თვრამეტი წლის უძლური, მდებარე, და შემდეგ უთხრა ეს სიტყვები: აჰა ცოცხალ-იქმენ, ნურღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იოანე 5, 14). მართლა, უმრავლესი ნაწილი კაცთა შთავარდება ჭირთა, უბედურებათა და მწუხარებათა შინა მათი უგუნურობით და ცოდვით. გარნა მე არ შევუდგები ახლა ამ აზრის ვრცლად დამტკიცებას, პირველად მისთვის, რომ არა ერთ გზის მითქვამს თქვენს წინაშე სიტყვა ამ საგანზედ, მეორედ მისთვის, რომ ეს აზრი თავისთავად ცხადია და არ მოითხოვს ვრცელსა დამტკიცებასა. მხოლოდ, დასასრულ სიტყვისა ჩვენისა დავუმატებ: როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირ-მოუფერებლად გამოიკვლიე, რა იყო მაგის მიზეზი? სიდგან მოგევლინა ის მწუხარება? თუ შეატყო და სინდისმა შენმა პირ-მოუთნევლად გითხრას, რომ თვითონ შენ იყავი მიზეზი ამისა, მაშინ ეცადე მოსპო შენ შორის ის მიზეზი, დასტოვო ის ჩვეულება, გაისწორე ის თვისება, განეშორე იმ ვნებას, რომელნი არიან უმთავრესნი მიზეზნი შენთა უბედურებათა. გარნა, თუ ჭკუამან და სვინიდისმან შენმან დაგარწმუნოს, რომ შენ თვითონ არ იყავი პირდაპირ მიზეზი შემთხვეულისა უბედურებისა, მაშინ იგი მიიღე, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებული სწავლა და გაფრთხილება, რომელიც ღმერთს ჰსურს წინ წაგიყვანოს შენ სულიერსა მოქალაქობასა შინა, მოგიმატოს გონიერება, გამოცდილება, სულიერი სისრულე, რათა იყო ძვირფასი, ვითარცა ოქრო, გამოხუვრებული ცეცხლსა შინა.
და ესრეთ, ვევედროთ ღმერთსა, რათა ჭირი და მწუხარება ჩვენ ისევე ღვთის განგებულებით, ჩვენდა განსაწმენდელად შეგვემთხვეოდეს, და არა სასჯელად ჩვენთა ბრალთა და ცოდვათა. ამინ.