იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანი: ესე კაცი არა არს ღვთისაგან,
რამეთუ შაბათსა არა იმარხავს (იოანნე 9, 16).
მაცხოვარმან განკურნა შობითგან ბრმა კაცი დღესა შაბათსა, გარნა მრავალთა ურიათა არა თუ ირწმუნეს მისი, არამედ იტყოდეს, რომ იგი ღვთისაგან არ არისო, ცოდვილი კაციაო. რისთვის? მისთვის, რომ შაბათი დაარღვიაო, შაბათს კაცი მოსვენებული უნდა იყოსო, არაფერი საქმე არ უნდა ჰქმნასო. იმ ზომით იყო მათი გონება შეპყრობილი ცრუ აზრისაგან და ამაო მორწმუნეობისაგან! მათ სჯულში, ძველის აღთქმის საღმრთო წიგნებში სრულიად არ იყო თქმული, რომ შაბათს კაცი არაფერს საქმეს არ უნდა აკეთებდეს, არამედ იყო ბრძანებული, რომ იმ დღეს დაეტევებინათ ჩვეულებრივი სანიადაგო სოფლიური მუშაობა და შრომა; გარნა კეთილ-საქმეს, მოყვასის მოწყალებას და შემწეობას არაოდეს შაბათი დღე არ დაუშლიდა. ხოლო მათ, ურიათა, და თვით მათთა მოძღვართა და მწიგნობართა მოიგონეს, სხვათა შორის ურიცხვთა ცრუ აზრთა და ცრუ მორწმუნებათა, ისიც, რომ ვითომც შაბათს დღეს არა თუ მარტო მუშაობა იყოს ცოდვა, არამედ სხვაცა, თვით კეთილი საქმე, მოყვასისადმი მოწყალების ქმნა.
გარნა ურიანი რა გასამტყუნებელი არიან მაშინ, როდესაც ჩვენ ქრისტიანეთაცა შორის თითქმის ორი ათასი წელიწადი იქადაგება სახარება, რომელმან კაცობრივი ბუნება გამოიყვანა ყოველი ცრუ მორწმუნეობისაგან, და ცრუნი აზრნი, ამაონი რწმუნებანი ახლაც მრავალნი არიან ჩვენს შორის. ვერც კი წარმოიდგენს კაცის გონება და არც დაიჯერებს არავინ, რომ უთხრან, რა გასაოცარი და კაცის გონების შემარცხვენელი ცრუ აზრნი და მორწმუნებანი არიან ვიდრე დღეინდელამდე მდაბიოთა სოფლის მცხოვრებთა შორის. მაგალითებრ, ვინ არ იცის რა გავლენა აქვს და დაჯერება სოფლის მცხოვრებთა შორის მკითხავთა ანუ მარჩიელთა. რაც გინდა უჭკუო და უგუნური და დაუჯერებელი სიტყვა უთხრას მკითხავმა, უთუოდ დაიჯერებს სოფლის კაცი. რა ზომად უჯერებენ მკითხავს მცხოვრებნი, ამის ერთს მაგალითს მოვიყვან, რომელიც მე თვითონ წარსულ კვირას შევიტყვე. მე მგონი ძლივს დაიჯერებს კაცი იმ ამბავს, თუმცა იგი ნამდვილია. ერთს, მართალია ყრუ და მივარდნილს, მთის სოფელში მკითხავია, ვინც მივა მასთან, უბრძანებს, რომ ჯერეთ მოილოცოს ერთს მახლობელ გორაზე, სადაც ძველი ნასაყდარი ადგილია და მერმე გორის წვერზე დაწოლილი გადმოგორდეს. ეს გორა მე თვითონ მაჩვენეს და მრავალთა პირთ დამარწმუნეს ამის სიმართლეში, როდესაც გარდმოგორდებიან საცოდავნი, უჭკუონი, მათგანი ზოგიერთი, რასაკვირველია, გასისხლიანდება და კიდეც თითქმის მოიტეხს რომელიმე სახსარს, მაგრამ თავს არ იზოგვენ, რადგანაც დარწმუნებულნი არიან, რომ ესიამოვნება ღმერთს. აჰა, რა ზომად დააბნელებს კაცის გონებას და გააფუჭებს ცრუ, ამაოდ მორწმუნება. მაგრამ ამ ყრუ, მთიან სოფელში რა გასამტყუნებელია, როდესაც თვით ამ ჩვენს ქალაქში ყოფილა ერთი თათრის ქალი, რომელთან ყველანი მიდიან საკითხავად. აქაურ მცხოვრებთა დიდი გული აქვთ: ჩვენ განათლებული ვართო, ქალაქის მცხოვრები ვართო, და თვითონ კი სოფლის მცხოვრებზე უარესად იქცევიან, რადგან თათრის ქალთან მიდიან საკითხავად და ყოველ დღე სიცრუეს სმენულობენ და სტყუვდებიან.
სხვათა შორის, ჩვენ ქვეყანაში გადიდდა და ფრიად სამწუხარო შეიქმნა ჩვენთვის ერთი ცრუ აზრი და ამაოდ მორწმუნება, ესე იგი ის, რომ ეკკლესიაში დამარხვა სასარგებლო იყოს მიცვალებულის სულისათვის, შეეწეოდეს მის ცხონებასა. თუმცა დიდი ხანია მოქმედობს ეს ცრუ აზრი, გარნა უკანასკნელ წლებში ნამეტანად გადიდდა და სამწუხაროდ შეიქმნა. ყოველი კაცი, იწყე უკანასკნელი გლეხისაგან ვიდრე პირველ თავადის შვილამდი, ცდილობს, რომ ეკკლესიაში დამარხოს თავისი მიცვალებული. თუ მთავრობისაგან არ იშოვნეს ნება, ძალით დაჰმარხავენ ან მოტყუილებით. შენ მკითხავ, რით არის ცუდი ეკკლესიაში მიცვალებულის მარხვაო, აკი თვით ეკკლესია თხოულობს აქა მდებარეთა, ესე იგი ეკკლესიაში მდებარეთა, ქრისტიანეთათვის ცხონებასა? ამასთანავე ეკკლესია წმიდა ადგილია და განწმენდს მიცვალებულის გვამსა. გარნა ესრეთი ფიქრი უმართლო არის! როდესაც ეკკლესია ლოცულობს აქა მდებარეთათვის, იგი ამით უჩვენებს მათ, რომელნი გარეშემო ეკკლესიასა მდებარეობენ, და არა შიგნით. შენ ამბობ, რომ ეკკლესია წმინდა ადგილიაო? მით უმეტეს არ უნდა ისურვო შიგნით დამარხა მიცვალებულისა, ამისთვის რომ ცოდვილნი ვართ სულ ყველანი და არა ვართ ღირსნი ეკკლესიაში დავიმარხოთ. იქნება შენი მიცვალებული არც კი ჰფიქრობდა და არც ჰსურდა ეკკლესიაში დამარხვა, რადგანაც ჰგრძნობდა თავის უღირსობას, არამედ შენ დაჰმარხე მხოლოდ პატივის მოყვარეობისათვის. კაცნი წმინდანი, მოღვაწენი არაოდეს არ იკადრებენ და არც ისურვებენ შიგნით ეკკლესიაში დამარხვასა. დასამტკიცებლად ამისა მოგიყვან ორთა, მახლობელთა მაგალითთა. გაგიგონია უთუოდ აქაური მიტრიპოლიტი დავით, როგორი მოღვაწე იყო და უყვარდა მონაზონებრივი ცხოვრება. იგი დამარხეს, თანახმად მისისა ანდერძისა, გარეშე ეკკლესიისა. აგრეთვე იქნება გაგონილი გაქვს მინგრელიის ჭყონდიდელის სახელი, რომელსა უწოდებენ, დიდი ანტონი. მან, შემდგომად გრძელ-ჟამიერი სამსახურისა, დასტოვა კათედრა და სცხოვრობდა განშორებულ მოღვაწეობასა შინა. არც მან შეჰრაცხა თავი თვისი ღირსად ეკკლესიაში დამარხვისა და, თანახმად მისისა ანდერძისა, დამარხულია ნახარებოუს მონასტრის ეზოში. ახლა კი ზოგიერთ კაცს, რომელმანც მთელი სიცოცხლე გაატარა ურიგოთ, ორჯერაც არ მიუღია ზიარება, დაჰმარხვენ შუა ეკკლესიაში. ზოგიერთი სოფლის ეკკლესიები აღვსებულია მიცვალებულის საფლავებით. ასე რომ, ადგილი აღარ არის ეკკლესიაში მლოცველების დასადგომად, ვინაიდგან ზოგიერთ სოფელში უშლიან, არ ანებებენ საფლავზე დადგომას. გამოდის, რომ მიცვალებულებმა დაიპყრეს ეკკლესია და გამოდევნეს იქითგან ცოცხლები, მაშინ, როდესაც ეკკლესია აღშენებულია ცოცხლებისათვის და არა მკვდრებისათვის.
დაუშალე, ძმაო, ვინც გინდა იყოს, შენ ჭირისუფლებსა დამარხვა შენი თავისა და სხვისაც ეკკლესიაში, თუ თავხედი არა ხარ, თორემ არა თუ სასრგებლო დარჩება შენთვის, არამედ ცოდვა მოგემატება; აგრეთვე ნუ დაიჯერებ ამაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი. ამინ.