ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
ვგონებ, რომელ განმავალობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო, წმინდა, მაღალ, აღსავსე სულიერითა აღშენებითა, სხვადასხვა მაგალითითა, ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა. ამ დღეს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველნი თვისნი სწავლანი უშვენიერესითა მათ უტკბილესითა სიტყვებითა, რომლითა ნუგეში სცა მოციქულთა, გამოეთხოვებოდა საყვარელთა თვისთა ათორმეტთა მეგობართა და მოწაფეთა. რა ზომად ტკბილ არიან და ლმობიერად მომყვანებელ უკანასკნელი სიტყვანი მაცხოვრისა, როდესაც იგი გამოეთხოვებოდა მოციქულთა თვისთა უწინარეს თვისისა ვნებისა და ჯვარცმისა, რა ზომად ამაღლებულ და ვრცელ, როგორც თვით ცაი! უკანასკნელი მისი ლოცვა ზეციერისა მიმართ მამისა მისისა, რომელსა შინა მან თვისნი საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი გადასცა და მიანდო მფარველობასა მამისა თვისისა, და რომელსა შინა იგი ევედრებოდა მამასა არა თუ მხოლოდ წინა-მჯდომარეთა მოწაფეთა თვისთა თვის, არამედ ყოველთა მათთვის, რომელნი მიიღებენ და ირწმუნებენ ქადაგებასა მისსა: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა რწმენენ სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ (იოანე 17, 20). ამას ენა კაცისა ვერ გამოთქვამს, მხოლოდ შეუძლია იგრძნოს გულმა მორწმუნისა კაცისამან. დღეს საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა, მეტყველმან: სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, - ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქმნა მიღებული, გამოსცვლის ბუნებასა კაცისასა, და ისე, როგორადაც ველური ტყის ხეხილი მომცემელი მწარისა ნაყოფისა, როდესაც დაამყნევებ მას შინაურსა ზედა ტკბილსა ნაყოფს. დღეს საიდუმლოსა სერობასა ზედა თვით საქმით მისცა მან მოწაფეთა თვისთა სახე და მაგალითი იმ სიმდაბლისა და სიყვარულისა, რომელსაც მარადის ასწავლიდა სიტყვით, დაბანა რა ფერხნი მოწაფეთა თვისითა საკუთარითა თვისითა ხელითა, ბოლოს, დღეს გევსამანიის გენახში ჰქმნა დასაწყისი ცხოველსმყოფელებისა თვისისა ვნებისა, ვინაითდგან დღეს იქმნა იგი გაცემულ იუდასაგან და წარდგენილ წინაშე მსაჯულთა უსჯულოთა.
ყოველ ზემოთქმულთა სწავლათა, სახეთა, მაგალითთა და მოქმედებათა უფლისათა, დღეს წმინდა ეკლესია გამოხატავს წაკითხვითა, გალობითა, ლოცვებითა, წესებითა საუწყებელად თქვენდა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის უნდა გულის გრძნობით ისმენდეს ეკლესიურთა ლოცვათა და წესის აღსრულებათა, გარნა დღეს მომეტებულითა გრძნობითა და ლმობიერებითა. გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი იმ სახით, რომ აწინდელი დღის ეკლესიასა შინა მოსმენილთა და ნახულთა, წაკითხულთა და აღსრულებულთა გაათბონ გული შენი, მოგიყვანონ ცრემლი, მოგცენ ნუგეში და ლმობიერება, დატოვონ შენს გულში აღმოუხოცელი კვალი, რომელიც და ქმნას ღმერთმან. ამინ.