ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე? (მათე, 24, 46).
დღეს თვალნი ყოველთა ქრისტიანეთანი მიქცეულ არიან გოლგოთის მთისკენ და გულნი მორწმუნეთანი აღსავსე მით, რაიცა მოხდა მას ზედა. მივაქციოთ ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, თვალნი იმ მთისკენ, საიდამაც ისმის საშინელი ესე ხმა მწუხარებისა; ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე? რას და ვის დავინახავთ ჩვენ იქა? დავინახავთ უფალსა იესო ქრისტესა; ა) უღრმესსა, საშინელსა დამდაბლებასა და შეურაცხყოფასა შინა. შეხედეთ: უფალი ჩვენი და მაცხოვარი ჩამოკიდებულია ჯვარზე. ვინ იყო უმახლობელესი მიზეზი ამისა? მისი საკუთარი მოწაფე. იუდამ გასცა იგი! მტერიც არ უნდა გამოიმეტოს კაცმა ამ სახით, და აქ საკუთარი მოწაფე და მოციქული, ახალ ნაზიარები ხელისაგან უფლისა ამბორის ყოფით გასცემს მას! ბ) მაცხოვარი ჰკიდია ჯვარზე, დატოვებული, დაგდებული ყოველთა თვისთა უმახლობელესთა მოციქულთა და მოწაფეთაგან. რაც გინდა ღარიბი და საწყალი იყოს ქვეყანაზე კაცი, როდესაც ჩავარდება რაიმე უბედურებაში , იგი ყოველთვის მოიპოვებს ერთს, ან ორს მეგობარსა ანუ მონათესავესა, რომელნი ნუგეშინის სცემენ მას, ეზიარებიან მისსა მწუხარებასა. თვით უკანასკნელი ბოროტის მომქმედი, კაცის მკვლელი, მიიღებს ზოგიერთთა მისთა მოყვარეთაგან ნუგეშინის ცემასა. აქ კი თვით უმახლობელესთა მეგობართა მიატოვეს იგი და გაიქცენ. ერთმა მათგანმა ფიცით აღუთქვა მას, რომ ვიდრე სიკვდილადმდე არ მიგატოვებო მარტო, გარნა ამასაც შეეშინა და გაიქცა და სამ-გზის უარ-ჰყო. მართალია, იესო, ჩამოკიდებული ჯვარზე და მყოფი აღუწერელს ტანჯვაში, ხედვიდა დედასა თვისსა, რომელიც უყურებდა მას მწირითა თვალითა. გარნა ეს არა თუ ნუგეში იყო მისთვის, არამედ ერთიორად გარდააქცევდა მისსა ტანჯვასა. დედამან მისმან მრავალი მწუხარება გამოსცადა უწინაც მასზედ, და უკანასკნელად საყვარელსა თვისსა შვილსა ხედავს ჯვარზედ გატანჯულსა, გასისხლიანებულსა. აწ ასრულდა აქ მასზედ სამწუხარო წინასწარმეტყველება სვიმონ მართლისა: მახვილმან განვლო გულსა მისსა; გარნა მაცხოვარიც უარესად იტანჯებოდა, მხედველი მისისა მწუხარებისა. მაცხოვარი ჯვარს აცვეს მტერთა მისთა; იგინი მოერიენ მას, სძლიეს; დიდი ხანია ეძიებდენ იგინი მისსა სიკვდილსა, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ იგინი მოახერხებდენ ამას; მარტო ხალხი, რომელი ათასობით მისდევდა უფალსა, ყოველდღე, ისმენდა მისსა სწავლასა, მიიღებდა იმისგან ურიცხვსა ქველის მოქმედებასა, თითქოს არ დაანებებდა მათ ამისთანა ბოროტებას. გარდა ამისა მთავრობაც იყო, რომელსაც ისინი თითქო არ უნდა მიეშვა ამისთანა უსამართლო საქმისადმი, გარნა ბოროტთა მტერთა მისთა ყოველივე მოახერხეს, ხალხს თვალი აუხვიეს თავიანთითა მზაკვარი ენითა, მთავრობა მოატყუეს და შეაშინეს; უსამართლოება დღესასწაულობს, მტერობამ და მზაკვარებამ სძლია, მართალი და უბიწო კაცი ჩამოკიდებულია ჯვარზედ. რაბამ მწარეა და ძნელად მოსათმენელი ესრეთი დადაბლება და დასჯა კაცისა! იესო ქრისტეს, ჯვარზედ დაკიდებულსა, წარმოუდგენელად ტანჯულსა, მაყურებელთა და მიმომსვლელთაგან ესმოდა განკიცხვა: სხუანი აცხოვნა, აცხოვნე თავი შენი, ჩამოვედ მაგიერ ჯვარიდგან, უკუეთუ ძე ხარ ღვთისა; აცალეთ, ვიხილოთ, უკეთუ მოვა ელია ცხოვნებად მისსა!
გ) იესო ქრისტე, ლურსმნებით მიკრული ძელზედ, ჩამოკიდებული რკინებზედ, თავი, ეკლის გვირგვინით დასისხლიანებული, გვერდი გაპობილი ისრითა... ვინ წარმოიდგენს მისსა ხორციელსა ტანჯვასა? გარნა სულიერი მისი მწუხარება იყო უმძიმესი და უსაშინელესი. მთელი ქვეყნის მწუხარება, ყოველი კაცის ხედვა, თითოეული ადამიანის კვნესა, კაცთა ნათესაობის ცოდვა, გულში ჰქონდა მას გაწონილი. ბოლოს მისი ტანჯვა და მწუხარება ისე გადიოდა, რომ თითქოს ღმერთმან დასტოვა, მიაგდო იგი: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისთვის დამიტევებ მე? ხმობდა იგი მწარედ, ვიდრემდის კაცს გული აქვს დაიმედებული ღვთის შემწეობით, მას კიდევ არაფერი უშავს, კიდევ მოითმენს, გარნა თუ მან მწუხარებისაგან უნებლივად იფიქრა - ღმერთმა დამიტევა მე და მიმაგდოვო, მაშინ სჩანს, რომ მისი ვნება და ტანჯვა ერთი რამე წარმოუდგენელი და აღუწერელია. ამისთანა მდგომარეობაში იყო მაცხოვარი, როდესაც იგი ხმობდა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე!
გარნა ამას ყოვლის შორის გოლგოთას მთასა ზედა გამობრწყინდა დიდებაცა მისი.
2) მთასა ზედა გოლგოთასა ვხედავთ ჩვენ საშუალ დადაბლებისა იესო ქრისტესისა მისსა უმაღლესსა დიდებასა.
ა) ყოველივე ზემოხსენებული ტანჯვა და მწუხარება მან მიიღო თვისი კეთილი ნებით, მიიღო ვნება და ტანჯვა ჩვენთვის, კაცთათვის, და არა თუ მეგობართა და კეთილთა კაცთათვის, არამედ მტერთაცა თვისთა. მას ადვილად შეეძლო მოშორება თავისა თვისისაგან ამ მწუხარებისა, მაგრამ არ ინება. მაშასადამე, იფიქრე რაოდენი სიმაღლე სულისა გამოიჩინა მთასა ზედა გოლგოთასა ჯვარზედ დაკიდებულმა!
ბ) ჯვარსა ზედა მყოფი აუარებელსა ტანჯვასა შინა იგი თავის თავს ივიწყებს და ზრუნავს თავის დედისათვის. არცა საშინელნი სატკივარნი, აღარცა ჰაზრი ქვეყნის გამოხსნისა არ დააბრკოლებს მას, მიაქციოს ყურადღება მშობელს დედას და ჩააბაროს იგი თავის მეგობარს სამზრუნველოდ. რაბამ გასაოცარი სიმდიდრე სულისა, რა გული, რა შვილებრივი სიყვარული უნდა ჰქონიყო მას, რომ ამისთანა მდგომარეობაში არ დაევიწყა მას დედაცა და მთელი ქვეყანაც!
გ) იგი ჯვარზე დაკიდებული და სიკვდილზე მიახლოებული შეიწყნარებს ავაზაკსა, მასთანავე ჯვარცმულსა. ჩვენ როდესაც რამეზე ვფიქრობთ და დიდს საქმეს ვაკეთებთ, მცირე-მცირე საქმეები სულ დავიწყებული გვაქვს, გარნა მაღალი და ვრცელი სული მისი მცირე საქმეებსაც არ დასტოვებდა. სისხლი თვისი მთელი ქვეყნისათვის დამთხვევული, იგი კერძო პირსაც არ ივიწყებდა, არამედ ანუგეშებდა მას.
დ) მაცხოვარმა ჯვარზე მყოფმა მიუტევა მტერთაცა თვისთა. რა გასაოცარი სიმაღლე და სიმდიდრე გულისა გამოჩნდენ ამ სიტყვებში: მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან.
ე) ბოლოს, მაცხოვარმა ჯვარზე ყოველივე აღასრულა: აასრულა ის საქმე, რომლისათვისაც მოვლინებული იყო ზეცითგან, მიაღწია იმ მიზანს, იმ ადგილს, რომლისკენ მიისწრაფებოდა თვისითა ვნებითა და მწუხარებითა; მან მოსპო, განაქარვა მწუხარება ყოველთა კაცთა, მისთვის რომ ვისაც კი ახსოვს მისი საქმე, ვინც დადგება მისი ჯვარის ქვეშა, მიილტვის მისკენ და ზეცისაკენ, მზგავსად მისსა, გზითა ვნებისა და შრომისათა, იგი თვითონაც საკუთარს თვისსა მწუხარებასა არა რად შერაცხს. მან ჯვარითა თვისითა მოსპო ყოველი ცოდვა და ვნება. წინაშე ჯვარისა მისისა დაგუბდება ყოველი ვნება, შური, სიძულვილი, მტერობა, შურის ძიება, სიხარბე. მან შეისყიდა სისხლითა თვისითა ყოველი ცოდვა და ბრალი კაცთა, შესწირა მსხვერპლი სწორი და უდიდესიცა ყოველთა ჩვენთა ცოდვათა. მან შეგვარიგა ზეციერ მამასთან; გოლგოთას მთაზედ დაარღვია ძალი ჯოჯოხეთისა, მოეფინა ნათელი სოფელსა, სცხონდა ყოველი მეძიებელი ცხონებისა. ამინ.