მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა,
ცხოვრების მომნიჭებელო (საგალობელი დიდი მარხვის)!
ესრედ ადრიდანვე დაიწყობს წმინდა ეკლესია ლოცვასა ღვთისადმი და ევედრება ღმერთსა, რომ მოგვცეს ჩვენ სინანული ცოდვათა ჩვენთა, გაგვიღოს ბჭენი სინანულისანი, განაჩინოს ჩვენს გულში მონანება და მწუხარება. რისთვის ილოცავს ესრედ წმინდა ეკლესია? ნუ თუ ძნელია სინანულში შესვლა კაცისათვის? ნუ თუ არ შეუძლია კაცს თვითონ გაიხსენოს თვისი ცოდვები, წარმოიდგონოს თვისი უღირსება და დაიწყოს მონანება? სწორედ ძნელია და შეუძლებელი, ძმანო ქრისტიანენო! თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვათ, ჭეშმარიტის წმინდა სინანულის მოპოვება არის თითქმის მთელი სჯულის შესრულება. თუ შენ, ძმაო, ჭეშმარიტი სინანული შეიძინე მთელს სჯულს აასრულებ, ცხონებული იქნები. განა ადვილია ამისთანა მადლის მიღება! რასა შინა მდგომარეობს ჩვენი სჯული? რას მოითხოვს ჩვენგან უაღრესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ! მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა! თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სახარებისა. ამას ერთს ითხოვენ ყოველთა კაცთაგან მოციქულნიცა: შევინანოთ! გავხდეთ ღირსი ღვთის სასუფევლისა! ესრედი დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს სინანულს, რომ იგი იპყრობს თვის შორის უმთავრესთა ქრისტიანულთა მცნებათა და არს ნაყოფი მათი. წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის პირველად სარწმუნოებას: თუ არა გწამს სახარება, ძმაო, ან თუ სარწმუნოება შენი ცივია, ან მკვდარია, არც კი იფიქრებ, არც მოინდომებ სინანულსა. წმინდა, ჯეროვანი სინანული იპყრობს თვის შორის კიდევ სასოებასა ღმერთზედ. თუ არ ესავ ღმერთსა, რომ იგი მოწყალეა, შეგირიგდება, ცოდვებს მოგიტევებს და კვალადვე აღგადგენს პირველსავე ხარისხსა ზედა, რაღა მოგანდომებს სინანულსა? ბოლოს და უმეტესად ნამდვილს სინანულში არის და უნდა გამოიხატოს სიყვარული ღვთისა. სიყვარული არის შემყვანებელი კაცისა სინანულში, ის აღძრავს და აიძულებს კაცს შეინანოს, შეურიგდეს ზეციერსა მამასა, იგი შეწუხებს კაცს, რომ განეშორა ზეციერსა მამასა უღირსებითა თვისითა და აიძულებს მიიქცეს კვალად მისდამი. თუ სამნი ესენი: სარწმონოება, სასოება და სიყვარული არ შეაზავებენ სინანულსა, თუ ცხოველი სარწმუნოება, ცხოველი სასოება, ანთებული სიყვარული არ გააჩენენ კაცის გულში სინანულსა, მაშინ სინანული იქნება ყალბი, ცრუ, უნაყოფო. მართლა, რამდენჯერ მოხდება, და იქნება შენც გამოგიცდია, რომელ, თუმცა გულში გრძნობ ცოდვათა შენთა, ცხადად გაიხსენებ და წარმოიდგენ შენთა უსჯულოებათა, გარნა გული ცივი გაქვს, მწუხარებას არ გრძნობ, თითქოს გაქვავებული ხარ. ცხადია აქეთგან, რომ ღმერთს არ გაუღია ჯერედ შენთვის კარი სინანულისა, ცხადია, რომ შენს გულში სარწმუნოებაც დაძინებულია, სასოებაც ცივი, სიყვარული მცირე და უღონო. ისიც მოხდება ხშირად, რომ ზოგიერთი კაცი კი ნანობს, მაგრამ ნანობს მარტო შიშისაგან: ეშინია, რომ ღმერთმა დამსაჯოსო, თუ არ შევინანებო. მართალია, ესეც არ არის ცუდი, კიდეც უნდა ეშინოდეს კაცს ღვთის სასჯელისა. გარნა ამისთანა სინანული იქნება მონებრივი და მას არა აქვს დიდი ფასი. წმინდა მონანება, როგორც ვსთქვით, უნდა იყოს აღძრული და შეზავებული სარწმუნოებითა და მეტადრე სიყვარულითა. არა იმისათვის მხოლოდ უნდა სწუხდე, რომ შენ ღმერთი დაგსჯის, არამედ უმეტესად მისთვის, რომ შენ განამწარე ზეციური მამა, დაკარგე მისი სიყვარული, განეშორე მისსა მამობრივსა მადლსა. მან ეგოდენ შეგიყვარა შენ, რომ თავისი ძე არ დაზოგა შენის ცხონებისათვის, და შენ კი ეგოდენ უდებ ხარ, რომ არისხებ მას ცუდითა შენითა ცხოვრებითა.
აჰა მიზეზი, რომლისათვისაც წმინდა ეკლესია ლოცულობს: მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო! ხშირად განიმეორე ეს ლოცვა შენს გულში, ძმაო. თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ ცოდვა გერევა, გიზიდავს, მომეტებულითა ერთგულებითა ილოცევდი: სინანულისა ბჭე განმიღე, მხსნელო! როგორადაც სხვა ყოველი ნიჭი და მადლი ღვთისაგან არის გარდამომავალი კაცთა ზედა, მზგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ესე ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროისგან არის მომდინარე და მიეცემა კაცს. ამინ.