განიშორეთ თქვენგან პირველისა სვლისა თქვენისა
ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრ
საცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მით
გონებისა თქვენისათა (ეფესელთა 4;1,22,23).
წმინდა მოციქული პავლე ხშირად განიმეორებს მიწერილთა მისგან წიგნთა შინა იმ დარიგებასა, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. იგი ხშირად არიგებს ქრისტიანეთა, რომ მათ უნდა განიშორონ, განიძარცვონ ძველი, განხრწნილი, გაფუჭებული კაცი და განახლდებოდენ სულითა და გულითა. დიდი ესე მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის დღე ჭეშმარიტისა სულიერისა განახლებისა, ამისათვის ახლა არ იქნება უდროვო და უადგილო ვიფიქროთ: როგორ და რით უნდა განახლდეს კაცი სულიერად? გარნა, რომ უმჯობესად ავასრულოთ ეს საქმე, ცოტა შორითგან უნდა დავიწყოთ უბნობა. იქნება შენ, ძმაო, არ გაგიგონია, რომ კაცი მარად-ჟამს, ყოველ დღე იცვლება, ახლდება, არა თუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. კაცის გვამი, სხეული იზრდება, ესე იგი იცვლება და განახლდება ყოველთვის. ფორმა, ანუ გარეგანი სახე, შენება კაცის გვამისა ერთი და იგივე არის, გარნა, მასალა მისი: ძარღვი, ხორცი, სისხლი, ძვალი, იცვლება და ახლდება. რაც უვარგისი და მოუხმარებელია, იმას კაცის გვამი სხვა და სხვა გზებით და საშუალობით გაიშორებს და ნაცვლად მისა საზრდო, რომელსაც მიიღებს კაცი, სტომაქიდან დაიბნევა ასოებში და განაახლებს მათ. ესრეთ იცვლება და ახლდება კაცის სხეული, ვიდრემდის იგი არის მთელი. სულიერი განახლებაც დაემზგავსება ერთის მხრივ ამ მაგალითს, სულიცა ჩვენი განახლდება ორის საშუალობით: პირველად მით, რომ კაცმა უნდა გაიშოროს ყოველი, რაიცა არის მის გულში და სულში დაძველებული, განხრწნილი, გაფუჭებული. განიშორეთ თქვენგან პირველისა მისებრ სვლასა თქვენისა ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრ საცთურისა.
ახლა უნდა აღვასრულოთ ეს ჩვენ: ამ დიდ მარხვაში უნდა განვიშოროთ ყოველი მავნებელი, რაიცა არის ჩვენს სულში და გულში. როგორც კაცის ტანში, ანუ სხეულში, თუ დარჩა რამე მავნებელი მასალა განუშორებლად, მაშინ კაცი დასნეულდება და კიდეც მოკვდება, ეგრედვე კაცის სულში თუ დარჩა განუშორებლად ვნება, ცოდვა დაასნეულებს სულსა და სულიერს სიკვდილში ჩააგდებს. მრავალსა საშუალებასა გვაძლევს წმინდა ეკლესია ამ საქმის ასრულებისათვის. ამისთვის დაგვინიშნა წმინდა ეკლესიამ მარხვა, ლოცვა, სინანული. თუ კარგად მოიხმარ მათ, გონიერად აღასრულებ, მაშინ განეშორებიან შენგან ყოველნი ბოროტნი სულის განმხრწნელნი მასალანი. გარნა უდიდეს-ყოველთა საშუალებათა არის აღსარების თქმა. თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი.
მეორედ, როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა. რით შეატყობს ექიმი, რომ სნეული კაცი მორჩება, სნეულება მას განშორდება? მით, როდესაც კაცი იგი მოითხოვს საჭმელს და გემოვნებით მიიღებს და ღონე მოემატება. ეგრედვე სულიერად: თუ სულმან შენმან მოინდომა ზეციური საზრდო და მიიღო ზიარება, და უნებლიედ იგრძნა გამოუთქმელი სიმშვიდე და სიხარული, თვითონ შეატყობ შენს თავს, რომ სულიერად გაღონიერებული ხარ, გამოცვლილ ხარ. ეს იქნება შენი სულიერი განახლება. მაგრამ, როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მით, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმელით, სასმელით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულობდეს, საღვთო წიგნებს კითხულობდეს, ეკლესიაში ხშირად დადიოდეს, საღმრთო საგნებზედ უბნობის და ზრახვის ჩვეულ იყოს და სხვანი, და მით განაახლებდეს თვისსა სათნოებასა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა, რომელი მოგვცეს ღმერთმან. ამინ.