რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ
თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
(მარკ. ჱ,ლე)
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თავის უარის-ყოფა, ანუ თავის გამომეტება. აქედან სჩანს, რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე; ესე იგი, რომელსაც სურს ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა, მას არ უნდა ჰქონდეს თავის მოყვარება, მან თავი თვისი უნდა გამოიმეტოს, და ვიდოდეს შემდგომად ქრისტესა, ქრისტეს ნებას აღსრულებდეს, და არა თავის ნებასა.
რა არის თავის უარის-ყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთრის ჭკუით მიიქცევა თავის თავისკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებასა, მერმე თვითანვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითანვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არაოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათსა, - ეს არის თავის უარის-ყოფა, ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე.
ესრეთი თავის უარის-ყოფა, ეს თავის განმტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის.
მას ზედ არის დაფუძნებული წინ-წასვლა, გაუმჯობესობა ყოველს საქმეში, ყოველს შრომაში, არა თუ მხოლოდ კერძო პირისა, არამედ მრთელისა საზოგადოებისა, და მრთელისა ქვეყნისა. ყოველმა ჭკვიანმა და გამოცდილმა კაცმა იცის, რომელ უკეთუ ზოგიერთთა კაცთა და ზოგიერთთა საზოგადოებათა აქვთ წარმატება მათთა შრომათა და საქმეთა შინა, ეს მისთვის, რომელ იგინი მარადის თავის თავს ამტყუნებენ და აწუხებენ. გონიერ და ჭკვიან კაცს ის თვისება აქვს, რომ იგი თითქმის არაოდეს არ არის კმაყოფილი თავის თავისა, არამედ თვითონვე თავის თავს მარადის ამტყუნებს, აფრთხილებს, აღვიძებს; თუ გინდ რომელიმე საქმე კარგად გააკეთოს, მაინც არ დაკმაყოფილდება, არამედ ცდილობს, რომ მერმე უკეთესად გააკეთოს. ხოლო, ვინც კმაყოფილია თავის ხასიათისა, ვისაც მოსწონს თვისი ყოფაქცევა, იგი მალე დაიძინებს; მას აღარ ექნება საშუალობა, რომ წინ წავიდეს, უმჯობესი შეიქმნეს. აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვარება მას მარადის აცთუნებს, უმალავს თვისსა სიცუდესა და არ უმხელს თვისსა სიბოროტესა. უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი, გონიერი კაცი ამასაც არ იქმს, არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს ამას კაცი, გარნა გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ზოგიერთ კაცს სწორედ თვისი უგუნურება მოსწონს. რა სახით უნდა გამოიცვალოს მან თავი თვისი; რა სახით შეუძლია მას გაკეთდეს და გაიმართოს, თუ კი მას უყვარს თვისი ცოდვა და თვისი ნაკლულევანება. ერთი სიტყვით, თავის გამტყუნება, უარის ყოფა, ამ სოფლიურის ცხოვრების წარმატებისათვისაც არის საჭირო და სასარგებლო. გარნა ქრისტიანულის ცხოვრებისათვის კიდევ სხვანაირი თავის უარისყოფა არის საჭირო, უმაღლესი და უწმიდესი.
ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარის ყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის უარის ყოფისაგან. შეიძლება და ხშირად მოხდება რომ სოფლის საქმეში, ამ ქვეყნის ცხოვრებაში კაცმა თავი გამოიმეტოს მხოლოდ სოფლიური ანგარიშისათვის, მოგებისათვის; მაგალითებრ, ვაჭარი კაცი არ ზოგავს თავის თავს სიმდიდრისა და მოგებისათვის. გარნა ქრისტიანე არა სოფლიური ანგარიშით იქმნება თავის უარის მყოფელი. კაცმა, რომელსა სურს შემდგომად ქრისტეს სვლა, ქრისტეს სჯულის აღსრულება, ყოველი თვისი სულიერი ცხოვრება და მოქმედება უნდა დაამყაროს თავის უარის ყოფაზე. მან მოღვაწება და სულიერი შრომა მით უნდა დაიწყოს, რომ გააძოს გულისა თვისისაგან ყოველი თავის მოყვარება, თავი თვისი დაიწუნოს და გაამტყუნოს. ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხლად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა, არამედ ცდილობს, რომ დაუმატოს და გაადიდოს იგი. სწორეთ ამ სახით ექცევა ჭეშმარიტი ქრისტიანე სულსა თვისსა. თუ კეთილი და სათნო რაიმე ჰქნა, ეს მან აღასრულა ღვთის მადლითა და შეწევნითა და არა თვისითა ძალითა. თავის ძალით მას არაფერი კეთილი არ შეუძლია; თავის გულში იგი არაფერს არ ხედავს თვინიერ ცოთვისა და უღირსებისა. რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რამდენ მყრალსა ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არამედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა ცუდთა თვისებათა და მიდრეკილებათა და მეორეს მხრით წარმოდგენა იმ სიწმიდისა და სათნოებისა, რომელსა ღმერთი ითხოვს შენგან. არა არს კურნება ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა. არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა. უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; დავგლახაკდი და დავმდაბლდი ფრიად, თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგვემთაგან. ესრეთ ხმობდა ოდესმე დავით წინასწარმეტყველი. თუ დავით წინასწარმეტყველი ამას იტყოდა თავის თავზე, რაღა უნდა ვსთქვათ ჩვენ, ას-წილ უწმინდურესთა და უცოდვილესთა. ფერხთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, ჰხმობდა ისაია წინასწარმეტყველი ურიათა ზედა: ყოველივე წყლული, ნაგვემი გასივებული, არა არს სალბუნი დასადებად, არცა ზეთი, არცა შესაკერავი. (ისაია. ა, ვ, ზე.). ვინ იცის, თუ ამაზე უარესს არ იტყოდა იგი ჩვენზედ, რომ გაეშინჯა ჩვენი მდგომარეობა!
რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი - იტყვის უფალი იმავე სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარის-ყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შენსა, ხოლო თუ გსურს ცხოვნება - დაიწყე საქმე მით, რომ წარწყმიდო შენ შორის ყოველი, რაიცა არის შენდა სასიამოვნო და მზაკვარი: რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისა, მან აცხოვნოს იგი. ამინ.