ეტყოდეს მას ურიანი იგი: შაბათი არს და
არა ჯერ-არს აღებად ცხედარი შენი (იოან.
ე,ი)
ოდეს მაცხოვარმან, დღესა შაბათისასა, განკურნა განრღვეული, მდებარე უძრავად ოც და ათვრამეტ წელ ცხედარსა ზედა, ვითარცა გვესმა ჩვენ დღეს წარკითხულისა სახარებისაგან, და უბრძანა მას აღება ცხედრისა თვისისა და წასვლა, მაშინ ურიათა, იხილეს რა განრღვეული იგი განკურნებული, აყვედრებდენ მას და ეტყოდენ: შაბათი არს და არა ჯერ-არს აღებად ცხედარი შენი. ნაცვლად სიხარულისა და მადლობის შეწირვისა ღვთისადმი ესე ვითარისა დიდისა სასწაულისათვის, ურიანი მხოლოდ მას ხედვიდენ, რომელ მაცხოვარმან, ვითომც დაარღვია დღესასწაული შაბათისა; მათ ეგონათ, რომელ შაბათის დღეს კაცი უნდა იჯდეს ერთს ადგილს, თითქმის უძრავად და არა ჰქმნას არცა ბოროტი, არცა კეთილი რამე საქმე; ხოლო ოდეს მაცხოვარი დღესა შაბათისასა განკურნებდა რომელსამე სნეულსა, მაშინ ურიანი აყვედრებდეს მას, ვითარცა სჯულის დამრღვეველსა: ესრეთ იყო დაბნელებული გონება მათი ცუდისა ამის ჩვეულებისაგან. სჯულსა შინა მათსა არ იყო თქმულ, რომელ დღესა შაბათისასა კაცი უნდა იყოს უძრავი და არცა რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს. ცუდი ესე ჩვეულება მოიგონეს თვით მათ, ურიათა; სხვანიცა მრავალნი ცუდნი ჩვეულებანი ჰქონდათ მათ, რომელნი აბრკოლებდენ სულიერსა მათსა ცხოვრებასა და აფუჭებდნენ კეთილსა ზნეობასა; გარნა რა საჭიროა ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, ვრცლად მოთხრობა მათთა ჩვეულებათა. ჩვენ, ჩვენთვის ვიფიქროთ, ჩვენისა ცხოვრებისათვის და ჩვენთა ჩვეულებათათვის; განვიზრახოთ და განვიკითხოთ, არა გვაქვსა ჩვენ რომელნიმე დამაბრკოლებელნი და კეთილისა ზნეობისა წინააღმდეგნი ჩვეულებანი?
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, რაოდენიმე სიტყვა ერთსა წასრულსა კვირიაკესა შინა, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. პირველი მიზეზი, რომლისათვისცა ჩვეულებასა ამას მე ვხედავ, ვითარცა მავნებელსა და არა შესაწყნარებელსა, არის შემდგომი: აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლის კაცსა ფარისევლობასა და პირ-მოთნეობასა. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდა უცნობელად და უნებრივად უნდა მქონდეს მე გულში; გარნა, უკეთუ მე წინათვე მოვამზადებ თავსა ჩემსა მწუხარებისა და ტირილისათვის, უკეთუ მე ვეტყვი ჩემ თავს: აქ და ამ დროს მე უნდა ვიტირო და ცრემლი ვყარო, რა საკვირველია, რომ ეს არის ფარისევლობა და ვინც ამას ხშირად იქმს, იგი სხვათაცა შინა საქმეთა მიეჩვევა ფარისევლობასა და პირ-მოთნეობასა. ყოველი გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, ოდესცა იგი გამოვა გულისა და სულისაგან, გარნა ოდეს კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა ჰაზრი აქვს, მაშინ ბუნება კაცისა განიპობა ორად და ზნეობა მისი დავარდება. გარნა თქვენ ყოველთა იცით, რომელ უმეტესი ნაწილი მოტირალთა სტირიან არა გულისაგან, არამედ მხოლოდ ცერემონიის აღსასრულებლად. სხვა არის, როდესაც სტირის ჭირისუფალი მიცვალებულსა და მახლობელი მისი ნათესავი, რომელსაც გული ეწვის და რომელიც მართლად მწუხარე არის, გარნა როდესაც სტირის კაცი შორეული მიცვალებულის და თითქმის, უცნობი, მაშინ იგი ფარისევლობს და სტყუის. ვინ იცის, იქმნება, ეს ჩვეულება იყოს ერთი მიზეზთაგანი, რომ საზოგადოდ ამ ქვეყნის მცხოვრებთა აქვსთ მიდრეკილება სიცრუისა და მოტყუებისადმი. აჰა პირველი მიზეზთაგანი, რომლისათვისცა ჩვენ უნდა ვეცადნეთ და მოვსპოთ ეს ჩვეულება. ამის მეტი სხვა მიზეზი რომ არ იყოს, ესეც საკმაო იქმნება, რათა განვეშოროთ ჩვეულებასა ამას; გარნა არის კიდევ სხვა მიზეზი, არა უმცირესი ამაზედ: ჩვეულება ესე ართმევს მათ უქმად დროების განტარებასა. თქვენ ყოველთა იცით, ძმანო, ქრისტიანენო, რომელ, ზოგჯერ მიცვალებული არის დაუმარხავი უმეტეს ორის და სამის კვირისა; განმავლობასა შინა ესოდენის ჟამისა ყოველთა მისთა ჭირისუფალთა არა აქვსთ მოცალება, ხოლო დღესა ტირილისასა ურიცხვი ერი არის უქმად. შორითგან მომავალნი მონათესავნი და მცნობნი მიცვალებულისა, გარე-მოცულნი მრავალთა მხლებელთაგან, უსაქმოდ და ცუდად ჰკარგავენ რაოდენსამე დღესა. გარნა თქვენ თვითონ იცით, თუ რაოდენ ძვირ-ფასი არის შრომის-მოყვარისა კაცისათვის, არა-თუ მრთელი დღე, არამედ ერთიცა წამი. ისიც არის ერთი დიდი უწესოება, რომელ მოტირალი დაიჩოქებს და ესრეთ სტირის წინაშე მიცვალებულისა, მაშინ როდესაც კაცმან მუხლი უნდა მოიდრიკოს მხოლოდ წინაშე ღვთისა, ანუ ხატისა მისისა, ჟამსა ლოცვისასა. ბოლოს, ვითარი შეუსაბამო და წინააღმდეგი არის ისიცა, რომელ ზოგჯერ ტირილი მოხდება შიგ ეკკლესიაში, და ესრეთ ადგილი იგი ლოცვისა, სადაცა დუმილით და შიშით და კრძალულებით უნდა იქცეოდეს კაცი, აივსება საშინელითა ყვირილითა, შფოთითა და აღრეულობითა.
თუმცა ეს ორი მიზეზი ცხადად გვეტყვიან ჩვენ, თუ ვითარ უსარგებლო და უადგილო არის ამ ჩვენ დროებაში ჩვეულება ესე, გარნა მას ერთი მაინც მისი გასამართლებელი მიზეზი ის აქვს, რომელ იგი არის ძველი, წინაპართაგან მოღებული ჩვეულება; ხოლო რით უნდა განვამართლოთ, რომლისა მიზეზისათვის უნდა შევიწყნაროთ მეორე იგი ჩვეულება, რომელიც თვითონ ჩვენ მოვიგონეთ და მიუმატეთ ტირილსა, აწ ამ ჩვენ ახალ დროებაში, ესე იგი მუზიკით გამოსვენება და დამარხვა მიცვალებულთა? მუზიკა წეს-დებულებისამებრ სამხედროისა მთავრობისა უნდა ეახლოს მხოლოდ მას მიცვალებულსა, რომელსა ჰქონდა სამხედრო ხარისხი; ხოლო აწ, მიხედვითა რომელთამე არა გონიერთა დამწყებელთა პირთა, თითქმის ყოველთა მიცვალებულთა ზედა იწყეს მოწოდება მისი, ვითარცა ქალაქსა, ეგრეთვე სოფლებთა შინა. მრავალთა შესაწუხებელთა ჰაზრთა განაღვიძებს გულსა შინა ჩემსა ეს ახლად მოგონებული ჩვეულება. ვიხილავ რა მუზიკასა, მოწოდებულსა გამოსვენებასა ზედა უბრალოისა და სრულიად არა მდიდრისა მიცვალებულისა, მე ვფიქრობ: ვითარი აღუარებელი ამაოება, თავხედობა და თავის-მოწონება სუფევს გულსა შინა ჩვენსა? რისთვის მიიწვევენ მუზიკასა, რა სამკაული არის იგი, ანუ რა სახმარია მიცვალებულისათვის? გარნა ვინ ფიქრობს აქ მიცვალებულისათვის; ეს არის ერთი მხოლოდ თავის გამოჩენა და სხვათა მიბაძვა. თუ იმ ჩემმა მეზობელმა მუზიკით დამარხა თვისი მიცვალებული, მე იმაზედ უარესი ხომ არა ვარო! ჰოი უგუნურებასა და ამაოებასა ჩვენსა! ქვეყნის სასარგებლო და გონიერი რაიმე თუ მოიგონა ვინმე და გვაჩვენა, იმას ძნელად ვისმენთ და მივბაძავთ; ხოლო ფუჭი და ურგები და ამაო თუ ვნახეთ რაიმე, იმას მალე ვისწავლით და მივეჩვევით. ნაცვლად მოწყალების გაცემისა და გლახაკის და ობლის შეწყნარებისა მიცვალებულის სულის საცხოვნებლად, ჩვენ მუზიკას მიუწოდებთ დროსა მისის განსვენებისასა. რაოდენი ღარიბი სოფლები ეკკლესიებს აშენებენ ჩვენ ქვეყანაში; რაოდენი ქვრივნი, ობოლნი, გლახაკნი, დავრდომილნი არიან ყოველთა შინა სოფლებთა; ნაცვლად მათთა შემწეობისა ჩვენ მუზიკით ვიქადით და აღვამაღლებთ ჩვენ თავსა და მასზედ ვხარჯავთ მცირესა, მიცვალებულთაგან დაშთენილსა ქონებასა.
არა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნაცვლად ახალთა ამაო ჩვეულებათა მოგონებისა და მიღებისა, ძველი რაც ვიცით ამაო და ურგები, ისიც უნდა დავივიწყოთ. გევედრები, ძმანო ჩემნო, არა ამაოდ იყოს ჩემი სიტყვა და სწავლა, არა ცუდად ვსცემდე ჰაერსა ენითა ჩემითა, არამედ კარგად იფიქრეთ თქმულზედ და ცოტ-ცოტათი განეშორენით ცუდთა ჩვეულებათა და ესრეთ სასარგებლოდ თქვენდა იყოს სწავლა ჩემი. ამინ.